პ. უსპენსკი - "მეოთხე გზა"

გიორგი გურჯიევი
5
1

მთარგმნელები: მამუკა გურული და ნინო ტურაბელიძე წინასიტყვაობა როცა პ. უსპენსკის ჰკითხეს, აპირებდა თუ არა თავისი ლექციების გამოქვეყნებას, მან უპასუხა: „რა სარგებელი ექნება ამას? მნიშვნელოვანია არ...

თავი მეორე

 თავი მეორე

მთარგმნელი: მამუკა გურული

ადამიანი - დაუსრულებელი არსება. - იგი თავის კანონიერ დონეზე დაბლა ცხოვრობს. - ძველი ღირებულებების გადაფასება. – „სასარგებლო“ და „მავნე“. - ილუზიები. - ადამიანს სძინავს. - საკუთარი თავის პრაქტიკული შესწავლა. - დაბრკოლებების შესწავლა. - ტყუილის ფსიქოლოგია. - ადამიანი - ეს მანქანაა. - მუდმივი „მე“-ს შექმნა. - მოუწესრიგებელი სახლის ალეგორია. - როლები. - ბუფერები. - თვითგახსენება. - რატომ ვერ იქნება ეს სისტემა პოპულარული. - ციხე. - მიზნის ფორმულირება. - თავისუფლად ყოფნა. - ცოდვა. - მონანიება. - კაცობრიობისადმი დახმარება. - მიზიდულობა და განზიდულობა. - თვითდაკვირვება. - შვიდ კატეგორიად დაყოფა იმ ყველაფრისა, რაც ადამიანს ეხება. - ცოდნა და ყოფიერება. - მათი ურთიერთ-მიმართება. - ჩვენ შეგვიძლია მეტი ცოდნა გვქონდეს. - ყოფიერების შეცვლის აუცილებლობა. - გაგება. - მავნე ფუნქციები. - უარყოფითი ემოციების გამოხატვა. - უსარგებლო საუბრები. - ამ სისტემის განსხვავება სხვა სისტემებისგან. - ყოფიერების დონეები. - აზროვნება სხვა კატეგორიებში. - ამჟამინდელი მდგომარეობის საფრთხე.

მინდა, რომ გადახედოთ იმას, რაც წინაზე ვილაპარაკე, რადგანაც ბევრი რამ კარგად არ იყო დამუშავებული. მე მხოლოდ მინიშნებები მოგეცით, იმ საგანთა საერთო იდეები, რომლებიც უნდა შევისწავლოთ, ამიტომ აუცილებელია გავიხსენოთ მათი თანმიმდევრობა და შეფარდებითი მნიშვნელობა. ზოგიერთი ცნება, რომელზეც მე ვისაუბრე, აუცილებელია შემდგომი იდეების გასაგებად, ზოგიერთი რამ კი უბრალოდ სხვა მაგალითების ილუსტრაციებად მოვიყვანე.

მაგრამ დასაწყისისთვის, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ერთ ძალიან მნიშვნელოვან პუნქტს. ეს სისტემა მიეკუთვნება სისტემათა იმ კლასს, რომლებიც ადამიანს განიხილავენ, როგორც დაუსრულებელ არსებას და შეისწავლიან მას განვითარების შესაძლებლობის თვალსაზრისით. ჩვეულებრივი ფსიქოლოგია ფრიად შორსაა რეალობისგან. ადამიანი, რომელსაც ის შეისწავლის - წარმოსახვითი ერთეულია. ადამიანი არაა ის, ვინც უნდა იყოს. ჩვენ ბევრ ისეთ თვისებას მივიწერთ, რომლებსაც სინამდვილეში არ ვფლობთ. ჩვენ არ ვართ ცნობიერნი. თუ ცნობიერნი არ ვართ, ვერ გვექნება ერთიანობა, ვერ გვექნება ინდივიდუალურობა, ვერ გვექნება ეგო, ანუ „მე“. ყველა ეს ცნება შექმნილია ადამიანის მიერ იმისთვის, რომ გაცნობიერებულობის ილუზია შეინარჩუნოს. ადამიანს შეუძლია იყოს ცნობიერი, მაგრამ თავის ამჟამინდელ მდგომარეობაში იგი ასეთი არაა. აუცილებელია ვაღიაროთ, რომ ადამიანი თავისი კანონიერი დონის ქვემოთ ცხოვრობს. არსებობს ასევე სხვა მრავალი რამ, რომლის მოპოვებაც ადამიანს შეუძლია, მაგრამ ახლა იმაზე ვსაუბრობ, რაც მას კანონიერად ეკუთვნის, მაგრამ არ გააჩნია.

ეს სისტემა უკუღმა აყირავებს ყველაფერს, რაც ვიცით ან რაზეც ოდესმე გვიფიქრია. შეუძლებელია მისი შეთავსება ჩვეულებრივ ფსიქოლოგიურ იდეებთან. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ განვიხილავთ ადამიანს - როგორც კვერცხს თუ როგორც ფრინველს. და თუ ჩვენ მას განვიხილავთ, როგორც კვერცხს, მაშინ არ უნდა მივაწეროთ ფრინველის თვისებები. თუ მას განვიხილავთ როგორც კვერცს, მაშინ მთელი ფსიქოლოგია სხვაგვარი ხდება: მთელი ადამიანური ცხოვრება ემბრიონების, ჩანასახების, დაუსრულებელი არსებების ცხოვრებად იქცევა. და ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრების საზრისი ერთი მდგომარეობიდან მეორეზე გადასვლის შესაძლებლობა ხდება.

ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, თუ რას ნიშნავს დასრულებული და დაუსრულებელი არსება, რადგანაც თუკი ამას თავიდანვე ვერ გავიგებთ, უფრო შორს წასვლა გართულდება. მეტი სიმარტივისთვის მაგალითს მოვიყვან. შევადაროთ ურიკა აეროპლანს. აეროპლანს მრავალი ისეთი შესაძლებლობა გააჩნია, რომელიც ჩვეულებრივ ურიკას არ აქვს, მაგრამ ამავდროულად აეროპლანი შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც ჩვეულებრივი ურიკა. ძალიან მოუხერხებელი და ძვირი იქნება, მაგრამ შეგიძლიათ აეროპლანს ორი ცხენი გამოაბათ და მისი საშუალებით გადაადგილდეთ. დავუშვათ, რომ ადამიანმა, რომელსაც ეს აეროპლანი ეკუთვნის, არ იცის, რომ მას ძრავი გააჩნია და რომ შეუძლია თავისით იმოძრაოს. დავუშვათ, რომ მან გაიგო ძრავის შესახებ - ახლა შეუძლია აღარ დაჭირდეს ცხენები და ავტომობილივით გამოიყენოს აეროპლანი. მაგრამ ეს მაინც მეტისმეტად შეუსაბამო გამოყენებაა. დავუშვათ, ადამიანმა შეისწავლა ეს მანქანა და აღმოაჩინა, რომ ფრენა შეუძლია. რა თქმა უნდა, მას მეტი უპირატესობა ექნება, რომლებიც ვერ გათვალა, როდესაც ურიკად იყენებდა მას. ესაა ის, რასაც საკუთარ თავს ვუკეთებთ: ჩვენ ვიყენებთ საკუთარ თავს, როგორც ურიკას მაშინ, როცა შეგვეძლო გვეფრინა. მაგრამ მაგალითები ერთია, ფაქტი კი - მეორე. არ არის ალეგორიების და ანალოგიების საჭიროება, რადგან როდესაც სათანადოდ ვიწყებთ ცნობიერების შესწავლას, ჩვენ შეგვიძლია რეალურ ფაქტებზე ვილაპარაკოთ.

თუკი ცოტა ხნით აეროპლანის მაგალითს დავუბრუნდებით - რა არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენს აეროპლანს ფრენა არ შეუძლია? ბუნებრივია, პირველი მიზეზი იმაშია, რომ ჩვენ არ ვიცნობთ მანქანას, ჩვენ აზრზე არ ვართ, როგორ მოვეპყროთ მას და როგორ მოვიყვანოთ მოქმედებაში. და მეორე მიზეზი - ამ არცოდნის შედეგად მანქანა ძალიან მცირე სიჩქარით მოძრაობს. და ამ დაბალი სიჩქარის ეფექტი კიდევ უფრო სერიოზულია, ვიდრე აეროპლანის ურიკად გამოყენება.

იმისთვის, რომ ბოლომდე მივყვეთ სისტემის იდეებსა და მეთოდებს, აუცილებელია ვაღიაროთ ორი რამ: ცნობიერების დაბალი დონე და ადამიანში ნებისა და ინდივიდუალობის პრაქტიკულად არარსებობა. როცა ეს მიღებულია, აუცილებელია და ძალიან სასარგებლოა ორი ცნების სწორი გამოყენების სწავლა. ეს ცნებებია - „სასარგებლო“ და „მავნე“, - რადგანაც ძნელია ამ ცნებების გამოყენება ფსიქოლოგიურ მდგომარეობებთან მიმართებაში და იმის გაგება, თუ რა არის სასარგებლო ადამიანის ფსიქოლოგიურ სტრუქტურაში და რა - საზიანო. მაგრამ თუკი ადამიანს მისი შესაძლო განვითარების თვალსაზრისით განვიხილავთ, მაშინ ცხადი ხდება, რომ ის, რაც მის განვითარებას ეხმარება, - სასარგებლოა, ხოლო რაც ხელს უშლის - საზიანო. უცნაურიც კია, რომ ამის ახსნა აუცილებელია, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი ჩვეული აზროვნება (განსაკუთრებით მაშინ, როცა სერიოზულ პრობლემებს ხვდება) ამ იდეას არ იყენებს. ჩვენ როგორღაც ვკარგავთ იმის გაგებას, თუ რა არის სასარგებლო და რა - საზიანო. ჩვენმა აზროვნებამ მრავალი ცუდი ჩვევა შეიძინა, და ერთ-ერთი მათგანი - მიზნის არქონაა. აზროვნება ავტომატური გახდა. ჩვენ სრულიად დაკმაყოფილებულები ვართ, როცა ყველა შესაძლო თანმდევ საკითხზე ვფიქრობთ და ვანვითარებთ მათ ისე, რომ წარმოდგენაც არ გვაქვს, რატომ ვაკეთებთ ამას. ამ სისტემის თვალსაზრისით ასეთი აზროვნება უსარგებლოა. ყოველგვარ შესწავლას, ყოველგვარ აზროვნებას და კვლევას ერთი მიზანი, ერთი განზრახვა უნდა ჰქონდეს, და ამ მიზანს უნდა წარმოადგენდეს ცნობიერების მიღწევა. უსარგებლოა ამ მიზნის გარეშე საკუთარი თავის კვლევა. საკუთარი თავის შესწავლას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, როცა ადამიანი ხვდება, რომ ცნობიერება არ აქვს და მისი მოპოვება სურს. სხვაგვარად ეს ზედაპირული და არასერიოზული ხდება. ცნობიერების მიღწევა დაკავშირებულია მექანიკურობისგან თანდათანობით განთავისუფლებასთან, რამეთუ ადამიანი, ისეთი, როგორიცაა, მთლიანად იმყოფება მექანიკური კანონების ქვეშ. რაც უფრო მეტ ცნობიერებას მოიპოვებს ადამიანი, მით უფრო მეტად თავისუფლდება მექანიკურობისგან, რაც ნიშნავს, რომ იგი უფრო თავისუფალი ხდება შემთხვევითი მექანიკური კანონებისგან.

პირველი ნაბიჯი ცნობიერების მისაღწევად - ესაა იმის გაგება, რომ ჩვენ არაცნობიერნი ვართ. მაგრამ ამ ილუზიის შეცვლა სწრაფად შეუძლებელია, რადგან არსებობს სხვა მრავალი. როგორც ადრე აღვნიშნე, ყველაზე უარესი მათგან - ესაა ილუზია იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია „ვაკეთოთ“. მთელი ჩვენი ცხოვრება ამ ილუზიას ეფუძნება. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ, რომ ვაკეთებთ, როცა სინამდვილეში ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. - ყველაფერი უბრალოდ ხდება.

მეორე ილუზია - ესაა ის, რომ გამოღვიძებულები ვართ. როცა მივხვდებით, რომ გვძინავს, მაშინ დავინახავთ, რომ მთელი ისტორია მძინარე ადამიანების მიერ იქმნება. ისინი ომობენ და ქმნიან კანონებს, სხვა მძინარე ადამიანები კი ემორჩილებიან ან არ ემორჩილებიან მათ. ყველაზე უარესი ჩვენი ილუზიებიდან, - ეს ის ცრუ იდეებია, რომელთა შორისაც ვცხოვრობთ და რომლებიც ჩვენს ცხოვრებას მართავენ. ჩვენ რომ შეგვეძლოს ამ ცრუ იდეებისადმი ჩვენი დამოკიდებულების შეცვლა და გაგება იმისა, თუ რას წარმოადგენენ ისინი, ეს თავისთავად დიდი ცვლილება გახდებოდა და უცებ შეცვლიდა ბევრ რამეს.

კითხვა: თუ ჩვენ არაცნობიერნი ვართ, შეგვიძლია თუ არა ვიმსჯელოთ იმაზე, რა არის ჩვენთვის სასარგებლო და რა - საზიანო?

პასუხი: მე უკვე ვისაუბრე იმაზე, რომ თვითდაკვირვება ვერ იქნება უპიროვნო, რადგანაც ჩვენ თვითონ ვართ დაინტერესებულნი ჩვენი მანქანის სწორ მუშაობაში. ორგანიზმის სწორი მუშაობა სასარგებლოა ჩვენთვის, არასწორი კი - საზიანო. ჩვენ მარტივი კომერციული დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ჩვენი ცხოვრებისა და შინაგანი ფუნქციების მიმართ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რაშია სარგებელი და რაში დანაკარგი, ამიტომ არ შეგვიძლია დავაკვირდეთ საკუთარ თავს სრულიად მიუკერძოებლად, როგორც რაიმე ისტორიულ მოვლენას, რომელიც ათასი წლის წინ მოხდა. როცა ადამიანმა გაითავისა საკუთარი თავისადმი ასეთი დამოკიდებულება, იგი მზადაა იმისთვის, რომ პრაქტიკული თვითშესწავლა დაიწყოს, რამეთუ პრაქტიკული თვითშესწავლა ნიშნავს უფრო მეტად მექანიკური მოვლენების შესწავლას. ზოგიერთი ფუნქცია ჩვენში შესაძლოა ცნობიერი გახდეს, სხვები ვერასოდეს გახდებიან ასეთები. ინსტინქტურ ფუნქციებს, მაგალითად, არ სჭირდებათ, რომ ცნობიერნი გახდნენ, მაგრამ არსებობს სხვა მრავალი, - ჩვენი ცხოვრება სავსეა მათით - რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცნობიერნი გავხადოთ, ან თუ ვერ ვხდით მათ ცნობიერს, შევაჩეროთ ისინი, ან განვთავისუფლდეთ მათგან, რადგანაც ისინი ნამდვილად საზიანონი არიან. ისინი არ არიან უბრალოდ მექანიკურები იმ თვალსაზრისით, რომ ავტომატურები არიან - ისინი წარმოადგენენ მანქანის ხანგრძლივი არასწორი მუშაობის შედეგს, ანუ მათ უკვე გამოიწვიეს გარკვეული ზიანი: რაღაც გაფუჭდა, გაიღუნა, დეფორმირდა.

კითხვა: ვცდილობ რა შევისწავლო საკუთარი თავი, მე ვერ ვპოულობ ვერაფერს რეალურს, ხელშესახებს.

პასუხი: შეისწავლეთ ის, რაც არის - იქნება ეს რეალური თუ არარეალური. თქვენ არ შეგიძლიათ შეისწავლოთ მხოლოდ ის, რაც რეალურია, თქვენ უნდა შეისწავლოთ ყველაფერი, რაც არის. ეს არაა დაბრკოლება თვითშესწავლისთვის. თუ ვერ პოულობთ ვერაფერ რეალურს, - ის უნდა შეისწავლოთ, რასაც პოულობთ. სინამდვილეში სრულიად მართალი ხართ, როცა ამბობთ, რომ რეალური არაფერია, მაგრამ ყველამ უნდა შეისწავლოს საკუთარი თავი და დაბრკოლებები.

მთავარი დაბრკოლება თვითცნობიერების მისაღწევად, - ესაა ჩვენი აზრი იმის შესახებ, რომ ჩვენ უკვე ვფლობთ მას. ადამიანი ვერასოდეს მოიპოვებს თვითცნობიერებას, სანამ სჯერა, რომ გააჩნია იგი. არსებობს მრავალი სხვა რამ, რაზეც ვფიქრობთ, რომ გაგვაჩნია ისინი, და შედეგად ვერ ვაღწევთ მათ. მათ შორისაა ინდივიდუალურობა - ანუ ერთიანობა: ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთი და განუყოფელი ვართ. ვფიქრობთ, რომ გაგვაჩნია ნება, ან თუ ყოველთვის არ გაგვაჩნია, ვვიქრობთ, რომ შეგვიძლია გაგვაჩნდეს იგი, და მრავალი სხვა რამეც. ამის მრავალი ასპექტი არსებობს, რადგან როდესაც ერთი არ გვაქვს, მეორეც ვერ გვექნება. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გაგვაჩნია ეს, და ასე ხდება იმიტომ, რომ არ გვესმის იმ სიტყვების მნიშვნელობა, რომლებსაც ვიყენებთ.

არსებობს ერთი კონკრეტული დაბრკოლება, კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ არ შეგვიძლია გვქონდეს ცნობიერება ჩვენს მიმდინარე მდგომარეობაში. მთავარი წინააღმდეგობა განვითარების გზაზე - ესაა სიცრუე. მე უკვე ვისაუბრე სიცრუეზე, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ მასზე, რადგანაც არ ვიცით, რა არის სიცრუე, და არასოდეს შეგვისწავლია ეს საკითხი სერიოზულად. სინამდვილეში სიცრუის ფსიქოლოგია - ესაა ადამიანის შესწავლის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. რომ შეგვძლებოდა ადამიანის, როგორც ზოოლოგიური ტიპის განსაზღვრება, მას მატყუარა ცხოველს ვუწოდებდით.

მე გვერდზე გადავდებ მთელ გარეგან სიცრუეს და ვისაუბრებ მხოლოდ ადამიანის ტყუილზე საკუთარი თავის მიმართ და საკუთარი თავის შესახებ. ესაა მიზეზი, თუ რატომ ვიმყოფებით ცნობიერების ამ მდგომარეობაში და არ შეგვიძლია მივუახლოვდეთ უკეთესს, უფრო მაღალს, უფრო ძლიერსა და ეფექტურს. იმ სისტემის თანახმად, რომელსაც ახლა შევისწავლით, ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ ჭეშმარიტება, რადგანაც ჭეშმარიტება მიღწევადია მხოლოდ ობიექტურ ცნობიერებაში. ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა არის ჭეშმარიტება, მაგრამ თუ მივიღებთ, რომ სიცრუე მისი საწინააღმდეგოა, მაშინ შევძლებთ სიცრუის განსაზღვრებას.

ყველაზე სერიოზული ტყუილია, როდესაც მშვენივრად გვესმის, რომ არ ვიცით და არ შეგვიძლია ვიცოდეთ ჭეშმარიტება საგნებსა და მოვლენებზე, და მიუხედავად ამისა ამ გაგების შესაბამისად არ ვიქცევით. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ და ვმოქმედებთ ისე, თითქოს ჭეშმარიტება ჩვენთვის ცნობილია. სწორედ ესაა ტყუილი. როცა მე ვიცი, რომ არ ვიცი რაღაც, და ამავდროულად ვლაპარაკობ ან ვიქცევი ისე, თითქოს ვიცი - სწორედ ესაა ტყუილი. მაგალითად, ჩვენ არაფერი ვიცით საკუთარ თავზე, და ნამდვილად ვიცით, რომ არაფერი ვიცით, მაგრამ მაინც არასოდეს ვუშვებთ ამას. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ამას საკუთარ თავთან: ჩვენ ვმოქმედებთ, ვფიქრობთ, ვლაპარაკობთ ისე, თითქოს ვიცოდეთ, ვინ ვართ. სწორედ ესაა სიცრუის წყარო, მისი დასაწყისი.

როდესაც გავიგებთ ამას და აზრის მოცემულ დინებას გავყვებით, როცა ვეცდებით დავაკავშიროთ ეს იდეა ყველაფერთან, რასაც ვფიქრობთ, რასაც ვლაპარაკობთ და რასაც ვაკეთებთ, მაშინ დავიწყებთ იმ დაბრკოლებების გადალახვას, რომლებიც გაცნობიერებულობის გზაზე გვეღობებიან. მაგრამ ტყუილის ფსიქოლოგია იმაზე მნიშვნელოვნად რთულია, ვიდრე გვგონია, რადგანაც არსებობს ტყულის მრავალი სხვადასხვა სახე და მისი მრავალი ნატიფი ფორმა, რომლებიც საკუთარ თავში აღმოსაჩენად რთულია. სხვებში მას შედარებით ადვილად ვხედავთ, მაგრამ არა საკუთარ თავში.

კითხვა: თუკი არ ვიცით, რა არის ჭეშმარიტება, როგორ გავიგებთ, რომ ვიტყუებით?

პასუხი: თქვენ იცით, რომ არ შეგიძლიათ იცოდეთ ჭეშმარიტება, და თუ ამბობთ, რომ იცით, ან შეგიძლიათ იცოდეთ იგი, ეს ტყუილი იქნება, რადგან ვერავის ვერ ეცოდინება ჭეშმარიტება იმ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. არ იფიქროთ ამაზე ფილოსოფიურად, განიხილეთ ეს ფაქტებთან მიმართებაში. ადამიანები ყველაფერზე ისე საუბრობენ, თითქოს იციან. ჰკითხეთ ადამიანს, არიან თუ არა ადამიანები მთვარეზე, და მას თავისი მოსაზრება ექნება ამაზე. და ასეა ყველაფერ დანარჩენშიც. ჩვენ ყველაფერზე გვაქვს მოსაზრება, და ყველა ეს მოსაზრება ტყუილია, განსაკუთრებით საკუთარ თავზე. ჩვენ არ ვიცით ცნობიერების მდგომარეობების შესახებ, ან სხვადასხვა ფუნქციების შესახებ, ან ფუნქციის სიჩქარის შესახებ, ან მათი ერთმანეთთან დამოკიდებულებების შესახებ. ჩვენ არ ვიცით ფუნქციის შიგნით დანაყოფების შესახებ. ჩვენ არაფერი ვიცით, და მაინც ვფიქრობთ, რომ ვიცნობთ საკუთარ თავს. ყველაფერი რაც გვაქვს - ესაა მოსაზრებები, და ყველა სიცრუეა.

კითხვა: თუ ყველა მოსაზრება სიცრუეა, უნდა ავარიდოთ თუ არა თავი მოსაზრებებს?

პასუხი: თქვენ მათი ფასი უნდა იცოდეთ. პირველი ტყუილი, რომელსაც ვამბობთ - ესაა როცა ვამბობთ „მე“. ეს ტყუილია იმიტომ, რომ „მე“-ს თქმისას ჩვენ გარკვეულ რაღაცეებს ვგულისხმობთ: ჩვენ ვგულისხმობთ გარკვეულ ერთიანობას და ძალაუფლებას საკუთარ თავზე. და თუ ვამბობ „მე“-ს დღეს და ვამბობ „მე“-ს ხვალ, იგულისხმება, რომ ეს ერთი და იგივე „მე“-ა, მაშინ, როცა სინამდვილეში მათ შორის არანაირი კავშირი არაა. დღევანდელ მდგომარეობაში გარკვეული დაბრკოლებებისა და ჩვენში გარკვეული ფაქტების შედეგად ვიმყოფებით, და ყველაზე მთავარი ფაქტი, რომელიც არ გვესმის, ესაა ის, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ვთქვათ „მე“, რადგანაც ეს ტყუილი იქნება. როცა საკუთარ თავზე დაკვირვებას დაიწყებთ, თქვენ დაინახავთ, რომ ეს მართლაც ასეა: თქვენ გაქვთ „მე“-ები, რომლებიც არ იცნობენ და არასოდეს ხვდებიან ერთმანეთს. მაგალითად, დაიწყეთ თქვენი სიმპათიების და ანტიპათიების შესწავლა, და დაინახავთ, რომ შეგიძლიათ გიყვარდეთ რაღაც ერთ მომენტში და გძულდეთ მეორე მომენტში. და ორივე ეს საგანი იმდენად ურთიერთწინააღმდეგობრივია, თქვენ მაშინვე მიხვდებით, რომ თქვენი „მე“-ები არასოდეს ხვდებიან. თუ საკუთარ გადაწყვეტილებებს დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ერთი „მე“ წყვეტს, მეორემ კი გადაწყვეტილება უნდა შეასრულოს, და ამ „მე“-ს ან არ უნდა ამის გაკეთება, ან არასოდეს გაუგია ამის შესახებ. თუკი აღმოაჩენთ, რომ რომელიმე ადამიანი საკუთარ თავს არ ატყუებს თუნდაც ერთ საკითხთან მიმართებაში, ეს გამონაკლისი იქნება. ასეთი სიცრუით გარშემორტყმულებს, ამ სიცრუეში დაბადებულებს და გაზრდილებს, ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ ვინმე სხვა განსხვავებულნი იმისგან, რაც ვართ, - ჩვენ უბრალოდ შედეგი ვართ ამ ტყუილისა.

კითხვა: თუკი მე ვცდილობ, რომ ჭეშმარიტების ძიებას და ვხვდები, რომ ეს შეუძლებელია, ხომ არ ჯობია, რომ გავერიყო ყოველდღიურ ცხოვრებას?

პასუხი: მაშინ თქვენ ხელოვნურ ყოფიერებას შეისწავლით, და არა რეალურს. თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ საკუთარი თავი მხოლოდ იმ პირობებში, რომელშიც იმყოფებით, რამეთუ ამ პირობების შედეგი ხართ. თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი თავის შესწავლა მათგან განცალკევებით.

კითხვა: აქვს თუ არა რაღაც საერთო ყველა „მე“-ს?

პასუხი: მხოლოდ ერთი - ისინი მექანიკურები არიან. იყო მექანიკური, ნიშნავს - დამოკიდებული იყო გარე გარემოებებზე.

კითხვა: რაც გვითხარით იქიდან გამომდინარე ძალიან ძნელად მეჩვენება საკუთარი თავის შესწავლა საკუთარი თავის მოტყუების გარეშე.

პასუხი: არა, ტყუილი უნდა შეაჩეროთ. უნდა გახსოვდეთ პრინციპი: სიცრუეს შეუძლია მხოლოდ სიცრუე წარმოშოს.

როდესაც ტყუილის მთავარ სახეებს შეისწავლით, შეგეძლებათ - ვერ ვიტყვი, რომ ებრძოლოთ მათ - მაგრამ დააკვირდეთ მათ. ბრძოლა მოგვიანებით იწყება. ძალიან ბევრია საჭირო იმისთვის, რომ ჩვენში რაიმეს ვებრძოლოთ. დიდი ხნის განმავლობაში შეგვიძლია მხოლოდ შევისწავლოთ. როდესაც ვიცნობთ საერთო მოწყობას და საგანთა კლასიფიკაციას ჩვენში, მხოლოდ მაშინ მოდის შესაძლებლობა, რომ რაიმეს ვებრძოლოთ. ისეთებს, როგორებიც ვართ, არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია, რადგან ადამიანი - ძალიან კარგად დაბალანსებული მანქანაა, დაბალანსებული იმ თვალსაზრისით, რომ ერთი განაპირობებს მეორეს. საგნები ერთმანეთთან დაუკავშირებლად გვეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში ისინი დაკავშირებულნი არიან, რამეთუ ყოველი საგანი სხვა მრავალი საგნითაა გაწონასწორებული.

კითხვა: შეგიძლიათ თუ არა აგვიხსნათ, რას გულისხმობთ მანქანაში? მანქანებს არ შეუძლიათ ჰქონდეთ შესაძლებლობათა პოტენციალი, მათ არ გააჩნიათ ცნობიერების მოპოვების იმედი.

პასუხი: არ არსებობს ზუსტი და სრული ანალოგიები, რადგანაც შეუძლებელია მათი უსასრულოდ გაგრძელება. ეს ასევე ჩვენი გონების ერთ-ერთი შეზღუდვაა, ან, თუ გნებავთ, ცნობიერების შეზღუდვა. ამიტომ მანქანასთან შედარება ვერ გაგრძელდება თვითნებური მიმართულებით. მაგრამ ადამიანი მანქანას წარმოადგენს სრულიად რეალური, სრულიად განსაზღვრული თვალსაზრისით: მას არ შეუძლია არანაირი ქმედების შესრულება საკუთარი თავიდან, იგი მხოლოდ გადამცემი მექანიზმია, მეტი არაფერი, და რადგან ასეთია, იგი მანქანას წარმოადგენს. ადამიანს რომ ჰქონდეს რაიმე იდეა ან შეეძლოს რაიმეს გაკეთება მასზე მოქმედი გარეგანი მიზეზების გარეშე, იგი არ იქნებოდა მანქანა, ან ბოლომდე მანქანა მაინც არ იქნებოდა. ისეთი, როგორიცაა, იგი ბოლომდე მანქანაა, განსაკუთრებით ცნობიერების იმ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. და ის ფაქტი, რომ ჩვენ ვთვლით, რომ სრულიად სხვა მდგომარეობაში ვიმყოფებით, კიდევ უფრო მექანიკურს გვხდის.

ჩვენი მანქანა მუშაობითაც კი არასწორად მუშაობს, ამიტომ, თუკი ადამიანს სურს, რომ სასიკეთო პირობები შეიქმნას შინაგანი ზრდის შესაძლებლობისთვის, რომელიც მას გააჩნია, იგი თავდაპირველად ნორმალური მანქანა უნდა გახდეს, რადგანაც ისეთი, როგორიცაა, ასეთად ვერ ჩაითვლება. როცა მექანიკურობის შესახებ გვესმის, ხშირად ვფიქრობთ, რომ თუმცა ადამიანი მანქანას წარმოადგენს, მისი ყველა ფუნქცია ერთნაირად მექანიკური არაა, ისევე როგორც მთელი ადამიანური საქმიანობა არაა ერთნაირად მექანიკური. ყოველი ადამიანი პოულობს რაღაცას, რაც, როგორც ის ფიქრობს, ნაკლებად მექანიკურია, თავისი შეხედულებებისა და გემოვნებების შესაბამისად. სინამდვილეში მთელი ადამიანური საქმიანობა ერთნაირად მექანიკურია, ამ თვალსაზრისით განსხვავება არაა იატაკის ხეხვასა და ლექსების შეთხზვას შორის.

ზოგადად თუ ვიტყვით, უნდა გავიგოთ, რომ აუცილებელია ყველა ღირებულების სრული გადაფასება მათი სარგებლობის საფუძველზე. ამის გარეშე ვერასოდეს დავიძვრებით იმ წერტილიდან, სადაც ვიმყოფებით. ჩვენ მრავალი ცრუ ფასეულობა გვაქვს - ჩვენ მამაცები უნდა ვიყოთ და ეს გადაფასება უნდა დავიწყოთ.

კითხვა: როგორც მივხვდი, არაფრისგან უნდა შევქმნათ „მე“. რა ქმნის „მე“-ს?

პასუხი: პირველ რიგში, საკუთარი თავის ცოდნა. არსებობს ძალიან კარგი აღმოსავლური ალეგორია, რომელიც საუბარია „მე“-ს შექმნის შესახებ. ადამიანი შედარებულია მსახურებით სავსე სახლთან, რომელსაც პატრონი და მმართველი არ ჰყავს. ამიტომ მსახურები იმას აკეთებენ, რაც სურთ, არცერთი მათგანი არ ასრულებს თავის ნამდვილ სამუშაოს. სახლი სრული ქაოსის მდგომარეობაში იმყოფება, რადგანაც ყველა მსახური ცდილობს, რომ სხვისი სამუშაო შეასრულოს, რომლის გაკეთებაც არ იციან. მზარეული საჯინიბოში მუშაობს, მეჯინიბე სამზარეულოში, და ა.შ.

სიტუაციის გამოსწორების ერთადერთი შესაძლებლობა - ესაა, თუკი მსახურთა გარკვეული რაოდენობა გადაწყვეტს, რომ ვინმე ერთი აირჩიოს მმართველის მოადგილედ და ამგვარად გადასცემენ მას პერსონალზე კონტროლს. არჩეულმა მოადგილემ შეიძლება მხოლოდ ერთი რამ გააკეთოს: იგი ყოველ მსახურს თავის ნამდვილ ადგილზე დააყენებს, და ამგვარად ისინი იმ სამუშაოს კეთებას დაიწყებენ, რომლისთვისაც მოწოდებულნი არიან. როცა ეს გაკეთებულია, ჩნდება შესაძლებლობა, რომ ნამდვილ მმართველამდე მივიდნენ, რათა მმართველის მოადგილე შეცვალონ და სახლი ბატონისთვის მოამზადონ. ჩვენ არ ვიცით რას ნიშნავს „ნამდვილი მმართველი“ ან „ბატონი“, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, რომ მსახურებით სავსე სახლი, და მმართველის მოადგილის გამოჩენის შესაძლებლობა არსებულ სიტუაციას აღწერს. ეს ალეგორია გვეხმარება, რომ მუდმივი „მე“-ს შექმნის შესაძლებლობის დასაწყისი გავიგოთ.

თვითშესწავლისა და ერთიანი „მე“-ს მისაღწევად მუშაობის მიზნით ჩვენ უნდა გავიგოთ პროცესი, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია გადავიდეთ არსებული მრავლობითობიდან ერთიანობამდე. ეს რთული პროცესია, და მას მრავალი სტადია გააჩნია. „მე“-ს მრავლობითობის არსებულ მდგომარეობასა და ერთ მმართველ „მე“-ს, შორის, რომლის შექმნაც გვინდა, არსებობს განვითარების გარკვეული სტადიები, რომლებიც აუცილებელია, რომ შევისწავლოთ. მაგრამ პირველ რიგში ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ჩვენში არის გარკვეული განათლება, რომლის ცოდნის გარეშეც ვერ გავიგებთ, საბოლოო ჯამში როგორ გადავდივართ დღევანდელი მდგომარეობიდან ერთი „მე“-ს მდგომარეობამდე, თუკი ეს ჩვენთვის საერთოდ შესაძლებელია.

საქმე იმაშია, რომ თუმცა ჩვენი „მე“-ების უზარმაზარი რაოდენობა დაცალკევებულია და არც კი იცნობენ ერთმანეთს, ისინი გარკვეულ ჯგუფებად იყოფიან. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ცნობიერად არიან დაყოფილნი, - ისინი ცხოვრებისეული გარემოებების მიხედვით იყოფიან. „მე“-ების ეს ჯგუფები თავს ავლენენ, როგორც როლები, რომლებსაც ადამიანი თავის ცხოვრებაში თამაშობს. ყოველ ადამიანს როლების გარკვეული რაოდენობა აქვს: ერთი პირობების ერთ რიგს შეესაბამება, ხოლო მეორე - მეორეს. თავად ადამიანი იშვიათად ამჩნევს ამ განსხვავებებს. მაგალითად, ერთი როლი სამსახურში აქვს, მეორე სახლში, მესამე მეგობრებთან, კიდევ ერთი - თუ სპორტითაა დაინტერესებული, და ა.შ.

ამ როლების დანახვა სხვა ადამიანებში უფრო ადვილია, ვიდრე საკუთარ თავში. ადამიანები ზოგჯერ იმდენად განსხვავებულნი არიან სხვადასხვა სიტუაციებში, რომ ეს როლები სრულიად ცხადნი და გარკვეულნი ხდებიან, მაგრამ ზოგჯერ ისინი უკეთესად არიან დამალულნი და მხოლოდ შიგნით თამაშდებიან, რაიმე გარე გამოვლინების გარეშე. ყველა ადამიანს, იცის თუ არა ამის შესახებ, სურს თუ არა ეს, გააჩნია გარკვეული როლები, რომლებსაც თამაშობს. ეს თამაში გაუცნობიერებელია. ის რომ ცნობიერი ყოფილიყო, სრულიად სხვაგვარი იქნებოდა, მაგრამ ადამიანი ვერასოდეს ამჩნევს, როგორ გადადის ერთი როლიდან მეორეზე. ხოლო თუ ამჩნევს ამას, იგი არწმუნებს საკუთარ თავს, რომ ამას გარკვეული მიზნით აკეთებს, და რომ ეს ცნობიერი მოქმედებაა. სინამდვილეში ეს ცვლილება ყოველთვის გარემოებებითაა განპირობებული, იგი ვერ იქნება მართული თავად ადამიანის მიერ, რადგან თავად იგი ჯერ არ არსებობს. ზოგჯერ არსებობს მკაფიო წინააღმდეგობა ერთსა და მეორე როლს შორის. ერთ როლში ადამიანი ერთს ამბობს, გარკვეული შეხედულებები და რწმენები გააჩნია, შემდეგ კი სხვა როლში გადადის და სრულიად სხვა წარმოდგენები აქვს და სრულიად სხვა რაღაცეებს ამბობს ისე, რომ ვერ ამჩნევს ამას ან ფიქრობს, რომ განზრახ აკეთებს ამას.

არსებობს სრულიად განსაზღვრული პრინციპები, რომლებიც არ აძლევენ ადამიანს საშუალებას, რომ სხვაობა დაინახოს ერთ როლს, ანუ ნიღაბსა და მეორე როლს შორის. ამის მიზეზია ერთგვარი ხელოვნური წარმონაქმნები, რომლებსაც ბუფერები ეწოდებათ. ბუფერი - ძალიან კარგი დასახელებაა ასეთი წარმონაქმნებისთვის. ბუფერები რკინიგზის ვაგონებს შორის ხელს უშლიან და არბილებენ მათ შეჯახებას. იგივე ხდება სხვადასხვა როლებსა და „მე“-ების სხვადასხვა ჯგუფებს, ანუ პიროვნებებს შორის არსებული ბუფერების შემთხვევაშიც. ადამიანებს შეუძლიათ ისე იცხოვრონ სხვადასხვა პიროვნებებით, რომ ისინი არც კი შეეჯახონ ერთმანეთს. მაგრამ თუ ამ პიროვნებებს გარე გამოვლინებები არ აქვთ, ისინი მაინც არსებობენ შიგნით.

ძალიან სასარგებლოა ეცადოთ იმის გაგებას, თუ რა არის ბუფერი. სცადეთ დაინახოთ, როგორ ატყუებს ადამიანი საკუთარ თავს ბუფერების მეშვეობით. დავუშვათ, ვიღაც ამბობს: „მე არასოდეს ვკამათობ“. შემდეგ, თუ ეს ადამიანი მართლა დარწმუნებულია, რომ არასოდეს კამათობს, მას შეუძლია იკამათოს რამდენიც უნდა, და ვერასოდეს შეამჩნევს ამას. ეს ბუფერის შედეგია. თუკი ადამიანს კარგი ბუფერების გარკვეული რაოდენობა გააჩნია, მაშინ იგი სრულიად დაცულია უსიამოვნო წინააღმდეგობებისგან. ბუფერები ბოლომდე მექანიკურები არიან. ბუფერი ხის საგანს ჰგავს: იგი არ ადაპტირდება, მაგრამ თავის როლს ძალიან კარგად ასრულებს - იგი საშუალებას არ აძლევს ადამიანს, რომ წინააღმდეგობები დაინახოს.

კითხვა: როგორ იქმნება როლები?

პასუხი: როლები არ იქმნება, ისინი არ არიან ცნობიერნი. ისინი გარემოებებთან ადაპტაციის შედეგია.

კითხვა: რთულია გათამაშებული როლების გაჩერება?

პასუხი: ეს გაჩერების საკითხი არაა. ეს არგაიგივების საკითხია.

კითხვა: შეიძლება თუ არა, რომ ზოგიერთი როლი კარგი იყოს?

პასუხი: ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ გაცნობიერებულობაზე და მექანიკურობაზე. თუ როლი მექანიკურია, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მას და თავი არ გავაიგივოთ მასთან. ყველაზე რთული რამაა - ითამაშო საკუთარი თავი ცნობიერად. ჩვენ ვიწყებთ ცნობიერად, მაგრამ შემდეგ როგორც წესი თავს ვაიგივებთ ხოლმე.

კითხვა: თქვენ თქვით, რომ ადამიანი ვერ შეცვლის ვერცერთ თავის „მე“-ს, რადგან იგი იმდენად კარგად დაბალანსებული მანქანაა, რომ ამ წონასწორობის დარღვევა ზიანს მოუტანს.

პასუხი: დიახ. მაგრამ მე ისინი ვიგულისხმე, ვინც დამოუკიდებლად, მარტო ცდილობს შეცვლას, ცოდნის, გეგმის და სისტემის გარეშე. მაგრამ თუ თქვენ გეგმით მუშაობთ, ისეთით, როგორიც ეს სისტემაა, მაშინ ეს სულ სხვაა. აი, რატომ გირჩევენ, რომ გააკეთოთ ისეთი რაღაცეები, რაც ზიანს ვერ მოგიტანთ. ეს სისტემა - გამოცდილების შედეგია. გარდა ამისა, უარყოფითი ემოციების გამოხატვის, წარმოსახვის და ა.შ. რეალურად გასაჩერებლად, თავიდან ძალიან ცოტა რამ შეიძლება გაკეთდეს. ეს უფრო თვითდაკვირვებისთვის ხდება. თქვენ ფიქრობთ, რომ თუ გადაწყვეტთ რაღაცის გაკეთებას, მიაღწევთ ამას, მაგრამ ეს ასე არაა. მოვლენები ამის შემდეგაც ავტომატურად ხდება, და თქვენ ამას ვერ ამჩნევთ. მაგრამ თუკი დაიწყებთ მათდამი შეწინააღმდეგებას, მაშინ მათ შემჩნევასაც დაიწყებთ. ამიტომ ეს უფრო თვითდაკვირვებისთვისაა საჭირო, ვიდრე რაიმე შედეგებისთვის. ასე ადვილი არაა შედეგების მიღება.

კითხვა: თუკი გვინდა, რომ წარმოსახვა გავაჩეროთ, არ უნდა გვქონდეს რაიმე პუნქტი, რომელზეც გონების ფოკუსირებას მოვახდენთ?

პასუხი: პუნქტები, რომლებზეც გონების ფოკუსირება შეიძლება, ყოველთვის საკმარისია, საქმე იმაშია, შეგვიძლია თუ არა ამის გაკეთება? ჩვენ გაგვაჩნია დაკვირვების უნარი, მაგრამ არ შეგვიძლია შევაჩეროთ გონება იმაზე, რაზეც გვსურს. სიტუაცია ასეთია: ჩვენ თვითშესწავლას სხვადასხვა მხრიდან ვუდგებით. თუკი ცოტას ერთ ადგილას გავაკეთებთ, ცოტას მეორე ადგილას, ცოტას მესამე ადგილას, ეს ყველაფერი ჯამში გარკვეულ ეფექტს გამოიწვევს და საშუალებას მოგვცემს, რომ რაღაც უფრო ადვილად გავაკეთოთ მეოთხე ადგილას. ჩვენ არ შეგვიძლია, ჯერ ერთი რაღაც ვაკეთოთ, შემდეგ კი მეორე - აუცილებელია ყოველი მხრიდან დავიწყოთ.

რაც შეეხება წარმოსახვასთან ბრძოლას, იგი შემოთავაზებულია, სწორედ როგორც ბრძოლა: ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია მისი გაჩერება. წარმოსახვის გასაჩერებლად ბევრად მეტი ენერგიაა საჭირო, ვიდრე ჩვენ გაგვაჩნია, და ამიტომ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვეცადოთ მის გაჩერებას. ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ, რომ ვეცადოთ. შეგვიძლია მხოლოდ დავიწყოთ, და თუ ერთდროულად დავიწყებთ ბევრ რამეს, გარკვეულ შედეგებს მივიღებთ. ამ სისტემით ბევრი მხრიდან შეიძლება დაწყება, და მაშინ შედეგებიც მოვა.

კითხვა: როცა თავის გახსენებას ვცდილობ, მე არ შემიძლია რაღაც სხვაზე ვიფიქრო, ან რამე სხვა ვაკეთო.

პასუხი: დიახ, ეს აჩვენებს, როგორი რთულია ეს. თავიდან, საკუთარი თავის გაცნობიერების პირველი მცდელობებისას, თქვენ უნდა გამოიყენოთ ყველა თქვენი გონებრივი ძალა, და ამიტომაც მარაგში აღარაფერი რჩება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ასე იქნება. ეს არაა ნამდვილი თვითგახსენება, ეს მხოლოდ შესწავლაა იმისა, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. მოგვიანებით თქვენ მიხვდებით, რომ ცნობიერებას აზრის გარეშეც შეუძლია არსებობა, რომ ცნობიერება აზრისგან რაღაც განსხვავებულია. თქვენ მხოლოდ იმისთვის იყენებთ აზრს, რომ ბიძგი მისცეთ, შემდეგ კი ყველაფერი ამ მიმართულებით მიდის, და თქვენ ცნობიერები ხდებით აზრის გარეშე. მაშინ შეძლებთ, რომ იფიქროთ ყველაფერზე, რაზეც გაგიხარდებათ. მაგრამ თავიდან, რა თქმა უნდა საჭიროა, რომ გამოიყენოთ გონებრივი ენერგია, რადგანეს ერთადერთი მართვადი ენერგიაა, რომელიც გაგაჩნიათ (გარდა მოძრაობისა). მაგრამ თქვენ ვერ გახდებით ცნობიერნი ბორბლის ტრიალით ან სირბილით, ამიტომ ჯერ აზრობრივი ენერგია უნდა გამოიყენოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ასე უნდა აკეთოთ - თქვენ ამით კარს აღებთ.

კითხვა: რატომ არაა ეს სისტემა ფართოდ გავრცელებული და პოპულარული?

პასუხი: იგი ვერ იქნება პოპულარული მისი უარყოფითი ხასიათის გამო. ჩვენ ვსწავლობთ არა მოპოვებების გზას, არამედ დანაკარგების გზას. შესაძლებელი რომ იყოს რაღაცის სწრაფად მიღწევა, ეს სისტემა პოპულარული იქნებოდა. მაგრამ აქ რაიმეს დაპირება შეუძლებელია. ძნელია მოლოდინი გქონდეს, რომ ადამიანებს ეს მოეწონებათ, რადგანაც არავის არ მოწონს ილუზიების დაკარგვა. ადამიანებს განსაზღვრულობა უნდათ, მაშინ, როცა არ ესმით, თუ რა არის შესაძლებელი. მათ მაშინვე სურთ იცოდნენ, რისი მიღწევა შეუძლიათ. მაგრამ თავიდან ბევრი რამ უნდა დაკარგონ. ამ სისტემის იდეები ვერასოდეს გახდება პოპულარული, თუ ისინი დამახინჯებულნი არ იქნებიან, რადგანაც ადამიანები არ დაეთანხმებიან იმას, რომ ძინავთ, რომ მანქანები არიან, - ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად თვლიან თავს, ყოველთვის შეეწინააღმდეგებიან ამ იდეას.

სისტემას არ სურს მისცეს იდეები ადამიანებს, რომლებსაც ისინი არ სჭირდებათ. თუ ადამიანებმა გამოსცადეს სხვა მეთოდები და მიხვდნენ მათ ამაოებას, მაშინ შესაძლოა მოუნდეთ ამ სისტემის გამოცდა. ეს სისტემა მხოლოდ მათთვისაა, ვისაც იგი სჭირდება. აუცილებელია გავიგოთ ადამიანის მდგომარეობა, ასევე მისი შესაძლებლობები. როგორც უკვე ვთქვი, ადამიანი ციხეში იმყოფება. თუ მას ესმის, რომ ციხეშია, შესაძლოა მოუნდეს გაქცევა. მაგრამ მას შესაძლოა შეეშინდეს, რომ თუ გაიქცევა, კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვიდრე მანამდე, და ამიტომ შეიძლება შეეგუოს ციხეში ყოფნას. ხოლო თუ გაქცევას გადაწყვეტს, უნდა გააცნობიეროს, რომ ორი პირობაა საჭირო: იგი ერთ-ერთი უნდა იყოს იმ ადამიანებიდან, ვისაც გაქცევა სურს, იმიტომ, რომ გვირაბის გათხრაა საჭირო, ერთი ადამიანი კი ამას ვერ შეძლებს. და მეორეც, მათ დასჭირდებათ იმათი დახმარება, ვინც მანამდე გაიქცა. ანუ პირველ რიგში იგი უნდა მიხვდეს, რომ ციხეშია; მეორე, გაქცევა უნდა მოუნდეს; მესამე - მეგობრები უნდა ჰყავდეს, რომლებსაც ასევე სურთ გაქცევა; მეოთხე - გარედან უნდა მიიღოს დახმარება; მეხუთე - უნდა იმუშაოს, რომ გვირაბი გათხაროს. რწმენის ან ლოცვების ვერანაირი რაოდენობა ვერ დაეხმარება გვირაბის გათხრაში. და მან არ იცის, რა ელოდება გარეთ. ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ გაიქცევა ციხიდან. მაგრამ ოც ადამიანს შეუძლია. ყოველი მათგანისთვის სასარგებლოა დანარჩენების სამუშაო. ის, რასაც ერთი მოიგებს, ოცივე მოიგებს.

კითხვა: ჩვენ ვპროგრესირებთ უფრო მოშორების პროცესში, ვიდრე აშენების?

პასუხი: არის ორი პროცესი. თავდაპირველად მიდის მოშორების პროცესი - მრავალი უსარგებლო მექანიკური ფუნქცია მოშორებულ უნდა იქნეს. და შემდეგ იწყება შენების პროცესი.

კითხვა: თქვენ თქვით, რომ მიზანი თვითცნობიერების მოპოვება უნდა იყოს. მაგრამ ეს მიზანი მეტისმეტად დიდად მეჩვენება ჩემთვის, რადგანაც არ ვიცი, რას ნიშნავს თვითცნობიერება. როგორ შემიძლია უკეთ გავიგო მიზნის იდეა?

პასუხი: თქვენ უნდა შეგეძლოთ, რომ სწორად გაიგოთ მიზნის საკითხი - აუცილებელი არაა მასზე პასუხი შეგეძლოთ. ზოგადად, მიზანი ერთია, დიდი ან პატარა. ეცადეთ რა საკუთარი თავის შესწავლას, თქვენ ალბათ რაღაც გაგებამდე მიხვედით და ამ გაგების საფუძველზე ალბათ უკვე შეგიძლიათ მიზნის ფორმულირება. დავსვათ კითხვა ასეთი ფორმით: შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ჩვენს მიზანს თავისუფლება წარმოადგენს, რომ ჩვენ გვინდა - თავისუფლები ვიყოთ? და შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ახლა თავისუფლები არ ვართ? დასაწყისისთვის ეს საკმარისია. თუ ამ ფორმულირებით დავიწყებთ, ყოველთვის შევძლებთ დავინახოთ, სად ვიმყოფებით: შევძლებთ დავინახოთ, რა შორს ვართ თავისუფლებისგან და რაში ვხდებით უფრო თავისუფალნი. თავისუფლების არარსებობის ეს იდეა ყველან ინდივიდუალურად უნდა შეისწავლოს. სხვა სიტყვებით, ყველას უნდა შეეძლოს იმის დანახვა, თუ რა სახით არაა თავისუფალი. საკმარისი არაა გახსოვდეთ ფრაზა: „მე არ ვარ თავისუფალი:“, აუცილებელია ზუსტად ვიცოდეთ ეს. უნდა გავიგოთ, რომ ჩვენი ცხოვრების ყოველ მომენტში თქვენ წყვეტთ ერთი რაღაცის გაკეთებას, ხოლო აკეთებთ მეორეს, ერთ ადგილზე გინდათ წასვლა, და მეორეზე მიდიხართ, და ა.შ. კვლავაც, ეს არ უნდა გაიგოთ სიტყვა-სიტყვით, თავისუფლების უკმარისობის თქვენი საკუთარი ფორმა უნდა იპოვნოთ, რომელიც თქვენთვისაა დამახასიათებელი. როცა ყოველიო თქვენგანი მიხვდება ამას, ამაზე საუბარი უფრო ადვილი გახდება. მაშინ ყველა გააცნობიერებს, რომ მონაა, და დაინახავს, რა უფლობს მასზე და რა მართავს მას. მაშინ უფრო ადვილი იქნება იმის გაგება, რომ მიზანი - თავისუფლებაა. მაგრამ სანამ თეორიულ ცოდნად რჩება, ამას ამას არანაირი სარგებელი არ მოაქვს. მხოლოდ მაშინ, თუკი ამ მონობას ინდივიდუალურად გავაცნობიერებთ, ჩვენს საკუთარ ცხოვრებაში, ჩვენი საკუთარი პრაქტიკული გამოცდილებით, სწორედ ამ შემთხვევაში დაგვეხმარება ეს იმის გაგებაში, თუ რა გვინდა.

ყოველმა ჩვენგანმა უნდა იპოვოს, თუ რაში არ არის თავისუფალი. ადამიანს სურს იცოდეს - და არ შეუძლია იცოდეს; მას ან დრო არ აქვს, ან შესაძლოა მოსამზადებელი ცოდნა არ აქვს. მას სურს, რომ „იყოს“, მას სურს, რომ თავი ახსოვდეს, მას სურს, რომ გარკვეული სახით „აკეთოს“, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად მიმდინარეობს, ისე არა, როგორც მას სურს. როცა იგი მიხვდება ამას, მაშინ დაინახავს, რომ მისი მიზანი - თავისუფლებაა, ხოლო იმისთვის, რომ თავისუფალი იყოთ, საჭიროა, რომ ცნობიერი იყოთ.

კითხვა: მაგრამ თავისუფლება მხოლოდ ცოტასთვისაა შესაძლებელი, და არა მთელი მსოფლიოსთვის?

პასუხი: თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქროთ. თქვენ არ შეგიძლიათ მე მომცეთ თავისუფლება, ამიტომ - რა აზრი აქვს ჩემზე ფიქრს? მაგრამ შესაძლოა დაეხმაროთ სხვა ადამიანს - იპოვოს რაღაც, რაც დაეხმარება, რომ თავისუფალი გახდეს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა თქვენ თვითონ მიიღებთ რაღაცას, როცა თვითონ გახდებით უფრო თავისუფალი.

კითხვა: როგორ შეუძლია ადამიანს, რომ თავისუფალი იყოს? იგი ისეთი სუსტია, და იმდენი ძალა ეწინააღმდეგება!

პასუხი: მას შეუძლია უფრო თავისუფალი გახდეს, ვიდრე ახლაა, - უფრო თავისუფალი ამჟამინდელ მდგომარეობასთან შეფარდებით. შეხედეთ ამას პირადი თვალთახედვით, და არა ფილოსოფიურად, და მაშინ დაინახავთ, რომ შესაძლებელია იყოთ უფრო მეტად თავისუფალი ან უფრო ნაკლებად თავისუფალი, რადგანაც თქვენს ცხოვრებაში არსებობს სხვადასხვა მომენტები, და რომელიღაცაში უფრო ნაკლებად თავისუფალი ხართ, ხოლო რომელიღაცაში - მეტად. როცა ღამით გძინავთ, თქვენ ნაკლებად თავისუფალი ხართ, ვიდრე დღისით, და თუ ხანძარი მაშინ მოხდება, როცა გძინავთ, თქვენ დაიღუპებით, რადგანაც გაქცევას ვერ შეძლებთ. ამიტომ დღისით უფრო თავისუფალი ხართ. ყველაფერს მარტივად უნდა შეხედოთ, და არა ფილოსოფიურად. რა თქმა უნდა, თუ ფილოსოფიურად დავიწყებთ ფიქრს, რომ არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა თავისუფლება, მაშინ აღარაფერი დაგვრჩება გარდა იმისა, რომ მოვკვდეთ.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა ცხოვრებაში იმ გავლენების განსაზღვრა, რომლებიც ჩვენს თავისუფლებას ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებიან?

პასუხი: გავლენები, რომლებიც ჩვენი მონობის ხარისხს ზრდიან, ესაა ჩვენი ილუზიები, და განსაკუთრებით ის ილუზია, რომ ჩვენ თავისუფლები ვართ. ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ თავისუფლები ვართ, და ეს ათჯერ უფრო მეტად გვაქცევს მონებად. სწორედ ესაა ის მთავარი გავლენა, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ. არსებობს მრავალი სხვა გავლენაც, რომლებთან ბრძოლაც აუცილებელია, მაგრამ ეს დასაწყისია, ეს ყველაზე პირველია - ჩვენი ილუზიები ჩვენი მდგომარეობის, ჩვენი თავისუფლების შესახებ. ამიტომ პირველ რიგში საჭიროა მსხვერპლად გავიღოთ თავისუფლების ეს ილუზია, რომელიც, როგორც ვფიქრობთ, გაგვაჩნია. თუკი შევეცდებით, რომ მსხვერპლად გავიღოთ ეს ილუზია, მაშინ, შესაძლოა, მივალთ შესაძლებლობასთან, რომ რეალურად გავხდეთ უფრო თავისუფალნი.

კითხვა: რა მნიშვნელობა აქვთ ჩვეულებრივ ფასეულობებს, როგორებიცაა სიმამაცე, უანგარობა და სიცოცხლის სიყვარული - სისტემის თვალსაზრისით?

პასუხი: ზოგჯერ მათ ძალიან დიდი მნიშვნელოა აქვთ, ზოგჯერ - საერთოდ არანაირი. ამ ფასეულობების მუდმივი მნიშვნელობის იმედი არ უნდა გვქონდეს. ჩვეულებრივი შეხედულებები ყოველთვის რაღაც მუდმივ მნიშვნელობას ანიჭებენ სიტყვებს, მაშინ, როცა მათ შესაძლოა ეს მნიშვნელობები არ გააჩნდეთ.

კითხვა: ამბობს თუ არა ეს სისტემა რამეს ცოდვის იდეაზე?

პასუხი: ცოდვა, საყოველთაოდ მიღებული განსაზღვრებით, ესაა „ყველაფერი, რაც ზედმეტია“, მაგრამ ჩვენ ცოტათი უნდა შევცვალოთ ეს განსაზღვრება. ცოდვა - ყოველთვის სისუსტის შედეგია. თუ სადღაც ვარ წასასვლელი, და პირობა მაქვს მიცემული, რომ ადგილზე თორმეტ საათსა და ოცდაათ წუთზე ვიქნები, და ვიცი, რომ თუ ჩქარა ვივლი, ადგილზე დროულად მივალ, მაგრამ ამის ნაცვლად გზაში ვჩერდები და მაღაზიების ვიტრინებს ვათვალიერებ, ეს იქნება ცოდვა ჩემი პირობის წინააღმდეგ. იმის შესაბამისად, თუ რის გაკეთებას აპირებთ მოცემულ მომენტში, ყველაფერი უნდა განიხილოთ მიზნის ან გადაწყვეტილების თვალსაზრისით. თუკი მიზანი სამუშაოს„ტან დაკავშირებით გაქვთ, მაშინ ყველაფერი, რასაც თქვენი სამუშაოს წინააღმდეგ აკეთებთ, ცოდვას წარმოადგენს. მაგრამ ეს არ იქნება ცოდვა, თუ მიზანი არ გაქვთ. მაღაზიის ვიტრინებთან გაჩერება - ცოდვა არაა, მაგრამ თუ სადღაც გაგვიანდებათ ამის გამო, მაშინ ეს უკვე ცოდვაა. ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ცოდვა და დანაშაული მაშინ, როცა მათ სამუშაოსთან მიმართებაში გავიგებთ. მაშინ ჩვენ უფრო ფართო ხედვა გვექნება და შევძლებთ ვიფიქროთ ადამიანებზე, რომლებიც ეს-ესაა იწყებენ მუშაობას, შემდეგ მათზე, ვისაც შეუძლია მოვიდეს, და ა.შ. როდესაც ამ პრობლემას ვაკვირდებით, იგი კონცენტრირებული წრეების სახით უნდა წარმოვიდგინოთ. და იმ ადამიანებით უნდა დავიწყოთ, რომლებიც მუშაობის პროცესში არიან. მაშინ ყველაფერი, რასაც თავიანთი სამუშაოს საწინააღმდეგოდ აკეთებენ, უეჭველად ცოდვა იქნება, რადგანაც ამით საკუთარ თავს ატყუებენ. და ყველაფერი, რასაც სხვა ადამიანების საწინააღმდეგოდ აკეთებენ მუშაობისას - პირდაპირი რჩევების ან მაგალითის სახით - ეს ცოდვაა, რადგან მათი მიზანი დახმარება უნდა იყოს და არა ხელის შეშლა. ამიტომ დასაწყისისთვის ცოდვა მხოლოდ მუშაობასთან მიმართებაში შეგვიძლია გავიგოთ, შემდეგ კი, მოგვიანებით, სამუშაოს გარეთაც შევძლებთ მის დანახვას.

კითხვა: რა იგულისხმეთ, როცა თქვით, რომ ცოდვა სისუსტის შედეგია?

პასუხი: ამ მუშაობაში მოთხოვნები იზრდება, ბევრი რამ თანდათანობით უფრო რთულდება. ადამიანი გადაწყვეტილებებს იღებს, და ერთ-ერთი პირველი - ესაა ძალისხმევების კეთება, ჩვეული დინების წინააღმდეგ წასვლა, ჩვეული დინება კი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი თავს არიდებს ძალისხმევებს ყველაფერს რაც შეიძლება მარტივი მეთოდით აკეთებს. თუ ადამიანი მუშაობას ცდილობს, იგი გადაწყვეტილებას იღებს, რომ ამ ტენდენციის წინააღმდეგ წავიდეს და ყველაფერი უფრო რთული მეთოდით აკეთოს. კვლავაც, თუკი ეს მხოლოდ გონებრივ გადაწყვეტილებად რჩება, და არ მივყავართ რაიმე მოქმედებისკენ, მაშინ ეს უაზრობაა, და რა თქმა უნდა ცოდვაა საკუთარი თავის წინააღმდეგ.

კითხვა: შეგიძლიათ გადახვიდეთ სიტყვა „ცოდვიდან“ სიტყვა „მონანიებაზე“? წესით, მონანიება მასზე გავრცელებული შეხედულებისგან სრულიად განსხვავებულ მნიშვნელობას უნდა ატარებდეს, ასე არაა?

პასუხი: ამ სამუშაოში ცუდი ბევრ კარგს შლის, მაგრამ კარგი ვერ შლის ცუდს. ეს უკანასკნელი მხოლოდ მონანიების მეშვეობით შეიძლება იქნეს წაშლილი. ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ ადამიანი აკეთებს რაღაცას, შემდეგ კი ინანიებს და ეუბნება საკუთარ თავს: „მე აღარ გავაკეთებ ამას“, რადგან სინამდვილეში - გააკეთებს. თუ ადამიანმა რაღაც გააკეთა, ამისგან კვალი რჩება, ამიტომ ადვილია უკვე გაკეთებულის განმეორება, და ეს ინერციას ქმნის. ზოგჯერ ადამიანს შეუძლია, რომ მონანიებით შეაჩეროს ეს ინერცია, რაც ნიშნავს ტანჯვას.

კითხვა: ეს მონანიება იმდენადაა ჭეშმარიტი, რამდენადაც ინერციას აჩერებს?

პასუხი: მონანიება შეიძლება ჭეშმარიტი იყოს, მაგრამ არასაკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ ინერცია შეაჩეროს. მაგრამ თუ იგი აჩერებს მას, მაშინ ეს ნამდვილი „სინანულია“. გულწრფელი მონანიება - დიდი ძალაა ამ სამუშაოში. ჩვენი ჩვევები ყოველთვის გვაიძულებენ ვაკეთოთ რაღაცეები, რომლებიც სამუშაოს წინააღმდეგ მიდიან. ისინი ყოველთვის ერთი და იმავე ფორმას არ იღებენ, რაც ძნელად მოსახელთებელს ხდის მათ. მე შეიძლება რაღაც ერთი ფორმით ვაკეთო, მაგრამ შემდეგ სხვა ფორმით გავაგრძელო - იგივე მიმართულებით. მაგრამ თუკი როგორც საჭიროა ისე მოვინანიებ, და როცა საჭიროა მაშინ მოვინანიებ, მაშინ შემიძლია შევაჩერო ეს ტენდენცია.

კითხვა: მაშინ გამოდის, რომ ჭეშმარიტი მონანიება აუცილებლად ნიშნავს ყოფიერების შეცვლას?

პასუხი: მე არ დავარქმევდი ამას ყოფიერების შეცვლას. ესა უბრალოდ ტენდენციების მიტოვება.

კითხვა: ნუთუ არ არსებობს საშუალება, რომლითაც შეგვიძლია კაცობრიობას დავეხმაროთ?

პასუხი: ჩვენ ყოველთვის ვიწყებთ იდეით იმის შესახებ, რომ გამოსწორებაა საჭირო. მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ ვიღაცამ მიიღო ძალაუფლება და ყველაფრის გამოსწორება დაიწყო. მას ისე შეუძლია ყველაფერი გააფუჭოს, რომ რაღაც მაღალი ძალა უნდა ჩაერიოს, რათა ყველაფერი ისევ გამოასწოროს, ეს კი შეიძლება დედამიწის განადგურებას ნიშნავდეს. ეს სხვა რამეს ხსნის - იმის მოპოვების სიძნელეს, რასაც შეგვიძლია მაღალი ძალები ვუწოდოთ. ეს ისეა, თითქოს ერთგვარი ცნობიერი გონი არ აძლევდეს საშუალებას ადამიანს, რომ მაღალი ძალები მოიპოვოს, რადგანაც იგი დაუყოვნებლივ მოინდომებდა მათ ბოროტად გამოყენებას. თითქოს მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ამ ძალების მიღება, როცა ეს მაღალი გონებები ან ცნობიერი არსებები დარწმუნდებიან, რომ ჩვენ არ ჩავერევით. მაგრამ არ არსებობს არანაირი ცნობიერი დამკვირვებელი - არსებობენ კანონები, და ისინი ჩვენში ვე იმყოფებიან. ისინი ავტომატურ მუხრუჭებს ჰგვანან, რომლებიც ჩვენს ჩარევას ხელს უშლიან.

კითხვა: რა აზრი აქვს ამ ძალების ქონას, თუ მათი გამოყენება არ შეიძლება?

პასუხი: როგორც ჩანს, მოცემულ მომენტში ძალებმა მსოფლიოში თავისთავად უნდა მიიყვანონ ბრძოლა ბოლომდე, და მაღალ ძალებს არ სურთ ჩარევა, ცხადია, რაღაც განსაზღვრული მიზეზით. თუკი დადებითი მხარე - ის, რომელიც ქაოსს ეწინააღმდეგება, - საკმარისად ძლიერია, მაშინ ის გაიმარჯვებს. თუ იგი სუსტია, მაშინ უნდა დაიშალოს, შემდეგ კი, შესაძლოა, გაჩნდება რაღაც ახალი. ამ იდეის შესახებ ბევრი მინიშნებაა ბიბლიაში - ან იქნებ, ეს მხოლოდ ალეგორიაა. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ბრძოლა რაღაც დონეზე ბოლომდე უნდა იქნეს მიყვანილი, - ამიტომ ჩარევა ვერ მოხდება.

კითხვა: თქვენ თქვით, რომ ადამიანს ნება არ გააჩნია. მაშ, რას უწოდებთ იმას, როდესაც ადამიანი ფრიად რეალურ ძალისხმევას დებს ჩვევის გადალახვაში, ან იმის არ-გაკეთებაში, რისი გაკეთებაც სურს?

პასუხი: ეს ან რაიმესადმი მიზიდულობაა, ან განზიდულობა. მას ან ეშინია რაღაცის, ან არ მოსწონს რაღაც, და ეს განზიდულობას ქმნის, ან ვინმემ უთხრა, რომ რაღაცას მიიღებს, და ეს მიზიდულობას წარმოშობს. ეს მასში არაა, ეს ნივთებშია. ნივთები ან იზიდავენ, ან განიზიდავენ მას, მაგრამ იგი ამას თავის ნებას უწოდებს.

კითხვა: ე.ი. თქვენ თვლით, რომ ასეთი ნება არაფრად ღირს?

პასუხი: იგი მექანიკურია და არანაირი ღირებულება არ გააჩნია. მას შეიძლება გააჩნდეს ობიექტური ღირებულება იმ თვალსაზრისით, რომ მისგან რაიმეს მიღება შეიძლება მატერიალური თვალსაზრისით. მაგრამ ეს ის ძალისხმევა არაა, რომელზეც მე ვსაუბრობ. ძალისხმევა იწყება მხოლოდ ერთი რაღაციდან - გამოღვიძების ძალისხმევიდან.

კითხვა: შეუძლია თუ არა ადამიანს ცნობიერების განვითარება საკუთარი ძალისხმევით?

პასუხი: არა, მას არ შეუძლია ამის გაკეთება მხოლოდ საკუთარი ძალისხმევებით. პირველ რიგში, მას უნდა ჰქონდეს მეთოდების გარკვეული ცოდნა და გარკვეული ახსნა, და არსებობს მრავალი სირთულე ამის გარდა. ადამიანი - ესაა მანქანა. მანქანა, რომელიც გარეგანი ზეგავლენების ქვეშ მუშაობს. #1, 2 და 3 ადამიანის მანქანა არ იცნობს საკუთარ თავს, მაგრამ როცა ადამიანი იწყებს საკუთარი თავის გაგებას, იგი უკვე სხვა მანქანა ხდება, -ასე იწყება განვითარება. მაგრამ ადამიანს არ შეუძლია აუცილებელი ცოდნის თავისთავად შეძენა.

კითხვა: თქვენ ამბობთ, რომ თვითდაკვირვება - ესაა გზა თვითცნობიერებისკენ. ნიშნავს თუ არა ეს, რომ საკუთარ თავს გარკვეული გამოცდილების განცდასთან ერთად უნდა დავაკვირდეთ?

პასუხი: იმდენად, რამდენადაც გამოგივათ. თავიდან ეს შესაძლოა რთული იყოს, მაგრამ მალე აღმოაჩენთ, რომ ეს რეალურია. როცა მიხვდებით, რომ შეგიძლიათ გონების ერთი ნაწილით იფიქროთ, მეორეთი კი დააკვირდეთ, მაშინ უკვე აღარ იქნება გაურკვევლობა.

კითხვა: იქნება თუ არა პირველი ნაბიჯი იმის გაცნობიერება, რომ ჩვენ საერთოდ არაფერი არ ვიცით?

პასუხი: ძალიან სასარგებლოა, თუ ამას მიხვდებით, მაგრამ ჩვენ ეს არ შეგვიძლია - ჩვენ ძალიან ვართ დარწმუნებულნი ბევრ რამეში.

კითხვა: შეიძლება თუ არა, რომ ეს ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყოს?

პასუხი: ჩვენ შეგვიძლია რამდენჯერაც გაგვიხარდება იმდენჯერ დავისახოთ ეს მიზნად, მაგრამ ჩვეული გზით ამას ვერასოდეს მივაღწევთ. თუკი გავიგებთ ახალ რაღაცეებს ჩვენს შესახებ, რაღაცეებს, რაც ადრე არ ვიცოდით, მაშინ ჩვენ შევლებთ შევადაროთ ის, რაც ადრე ვიცოდით იმასთან, რაც ახლა გავიგეთ. შედარების გარეშე ვერაფერს მივაღწევთ.

***

წინა ჯერზე მე მოგიყევით ადამიანის შვიდ კატეგორიად დაყოფის შესახებ. ეს დაყოფა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის შესაძლო ევოლუციის იდეასთან, ძალიან კარგ მეთოდს იძლევა მრავალ საგანსა და მოვლენას შორის განსხვავების დასანახად და მათი კლასიფიკაციისთვის. მაგალითად, დასაწყისისთვის ავიღოთ ადამიანის გამოვლინება საქმიანობის სხვადასხვა სფეროში - რელიგიაში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში და ა.შ. - და ვცადოთ, რომ მათ ამ შვიდ კატეგორიად დაყოფის თვალსაზრისით შევხედოთ. თქვენ მაშინვე დაინახავთ, რომ თუ არსებობს დამიანთა შვიდი კატეგორია, უნდა იყოს შესაბამისად იმ ყველაფრის შვიდი კატეგორიაც, რაც მას ეკუთვნის. ჩვენ არ ვიცით ადამიანზე # 5, 6 და 7, მაგრამ ჩვენ ვიცით განსხვავება # 1, 2 და 3 ადამიანებს შორის, ამიტომ იოლად შეგვიძლია გავიგოთ, რომ #1 ადამიანის რელიგია, როგორიც არ უნდა იყოს იგი, იქნება პრიმიტიული რელიგია, გამარტივებული ყველა თვალსაზრისით. ღმერთები მარტივები არიან, სათნოებები მარტივები არიან, ცოდვები მარტივები არიან - ყველაფერი მარტივია, რადგანაც ადამიან #1-ს არ უყვარს ბევრი ფიქრი. სენტიმენტალური, ემოციური რელიგია, რომელიც სავსეა ილუზიებით და წარმოსახვებით, იქნება #2 ადამიანის რელიგია. ხოლო რელიგია, რომელიც შედგენილია თეორიებისგან, სიტყვებისგან და განსაზღვრებებისგან, იქნება #3 ადამიანის რელიგია. ეს რელიგიის ის სახეებია, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ, თუმცა, თუკი არსებობენ უფრო მაღალი დონის ადამიანები, უნდა იყოს ასევე #5 ადამიანის რელიგია, #6 ადამიანის რელიგია და #7 ადამიანის რელიგიაც.

იგივე ეხება ხელოვნებასაც - არსებობს ხელოვნება #1, ხელოვნება #2 და ხეოვნება #3, და ამის გარდა ჩვენ არაფერი არ ვიცით. მაგრამ არსებობს ხელოვნების ზოგიერთი ნაწარმოები, რომლებიც ძალიან ძველი დროიდან შემორჩა, და სავარაუდოდ უფრო მაღალი ცნობიერების ადამიანებს განეკუთვნება. თუ ასეთ ხელოვნების ნიმუშებს შევხვდებით, დავინახავთ, რომ არ გვესმის ისინი, ისინი ჩვენი დონის მიღმა არიან. ამ თვალსაზრისით მთელი თანამედროვე ხელოვნება, ესაა #1, #2 და #3 ადამიანის ხელოვნება, და იგი იწოდება სუბიექტურ ხელოვნებად, რადგან ცალსახად სუბიექტურ გაგებას და შეგრძნებას ეფუძნება.

მეცნიერებაში ამ სხვაობის დანახვა უფრო ადვილია. რა თქმა უნდა ადამიანი #1, 2 და 3-ის მეცნიერება ეს ყველაფერია, რასაც ვიცნობთ. იგი ცნობიერების ჩვეულ მდგომარეობებს და ჩვეულ ფუნქციებს იყენებს, როგორც ინსტრუმენტებს გარკვეული შედეგების მისაღებად. #4 ადამიანის მეცნიერება ინსტრუმენტების გაუმჯობესებით იწყება. თუ მეცნიერების ამა თუ იმ სფეროსთან მუშაობთ, თქვენ გარკვეული ინსტრუმენტი გაქვთ ამ მუშაობისთვის, და გარკვეულ შედეგებსაც ღებულობთ. მაგრამ დავუშვათ, რომ უკეთესი ინსტრუმენტი გაქვთ - თქვენ დაუყოვნებლივ მიიღებთ უკეთეს შედეგებს. ამიტომ #4 ადამიანის მეცნიერება დაკავშირებულია შემეცნების ინსტრუმენტის გაუმჯობესებასთან, ცნობიერების ფუნქციისა და მდგომარეობის გაუმჯობესებასთან.

კითხვა: შეგიძლიათ, მეტი გვითხრათ იმაზე, თუ რას ნიშნავს ადამიანი #1, #2 და #3?

პასუხი: ეს განეკუთვნება სიმძიმის ცენტრს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების მომენტებში. ადამიანი #3 თეორიიდან გამომდინარე იმოქმედებს, ადამიანი #2 - ემოციური სიმპათიებისა და ანტიპათიების საფუძველზე, ადამიანი #1 - ფიზიკური სიმპათიებისა და ანტიპათიების საფუძველზე.

კითხვა: იმისთვის, რომ ცნობიერი ხელოვნების მაგალითები გვქონდეს, უნდა გვქონდეს თუ არა ცოდნა, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანს არ გააჩნია?

პასუხი: არა მხოლოდ ცოდნა, არამედ ცოდნა და ყოფიერება. ჩვენ ორი მხარე გვაქვს, და ორივე უნდა განვითარდეს.

როცა ცოდნაზე და ყოფიერებაზე ვსაუბრობთ, სულ თავიდან უნდა დავიწყოთ. ეცადეთ დაფიქრდეთ იმაზე, თავად როგორ გესმით ეს, როგორი დამოკიდებულება გქონდათ ამ ორი იდეის მიმართ მანამ, სანამ ამ სისტემას შეხვდებოდით. ჩვენ ყველანი ერთნაირ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ჩვენ ცოდნა გვინდა, მაგრამ არ გვესმის, რომ თავად ჩვენშია წინააღმდეგობები, რომლებიც ამ ცოდნის მოპოვებაში გვიშლიან ხელს.

საკუთარი თავით დავიწყებ. სანამ ამ სისტემას გავიცნობდი, ბევრს ვკითხულობდი და ექსპერიმენტებს ვატარებდი. ექსპერიმენტების შედეგად საინტერესო მდგომარეობები მივიღე, გავიგე რამდენიმე კანონი, და ბუნებრივია, მინდოდა ამ მდგომარეობების განგრძობა. მაგრამ დავინახე, რომ ამისთვის მეტი ცოდნის მიღება მჭირდებოდა. შემდეგ ამ სისტემას შევხვდი. მასში განსაკუთრებული აქცენტი ყოფიერებაზე კეთდებოდა. ამ სისტემის თანახმად, ვერანაირ დიდ ცოდნას ვერ მივიღებთ, სანამ ჩვენს ყოფიერებას არ შევცვლით.

მალე მას შემდეგ, რაც ცოდნისა და ყოფიერების შესახებ მოვისმინეთ, ჩვენი ჯგუფები ორ ბანაკად დაიყო. პირველი ფიქრობდა, რომ მთელი საქმე ყოფიერების შეცვლაში იყო, რომ ყოფიერების შეცვლასთან ერთად უფრო მეტს მივიღებთ იმ ცოდნისგან, რაც უკვე გაგვაჩნია. მეორე ბანაკი (რომელსაც, როგორც მგონია, მხოლოდ მე მივეკუთვნებოდი) ამბობდა, რომ ჩვენს ყოფიერების ამჟამინდელ მდგომარეობაშიც კი ჩვენ შეგვიძლია გაცილებით მეტი ცოდნა მივიღოთ, ვიდრე ახლა გაგვაჩნია, რომ არ ვართ საკმარისად დატვირთული ცოდნით იმდენად, რომ მეტი ვეღარ შევისრუტოთ.

მოგვიანებით მე მივხვდი, რომ ერთიც აუცილებელია და მეორეც. ავიღოთ, მაგალითად, ორი ადამიანი. ერთმა იცის არითმეტიკის ოთხი წესი, მეორემ კი არ იცის. ბუნებრივია, რომ პირველი უკეთეს მდგომარეობაში იქნება, თუმც კი მათი ყოფიერების დონე ერთნაირია. რაც უფრო უკეთ ერკვევა ადამიანი მათემატიკაში, მით უფრო უკეთესია მისი მდგომარეობა გარკვეულ პროფესიაში. ანუ ცოდნა შესაძლებელია გაიზარდოს ყოფიერების ერთი და იგივე დონეშიც კი. და მან შეიძლება მეტი იცოდეს არა მხოლოდ მათემატიკაში, არამედ იცოდეს ბევრი სხვა რამეც, ჰქონდეს მეტი ფსიქოლოგიური ცოდნა.

მეორე მხრივ, თქვენ შეამჩნევთ, რომ ცოდნას აძლევთ ორ ადამიანს (საუბარი მაქვს ფსიქოლოგიურ ცოდნაზე), და ერთი იღებს ამ ცოდნას, მეორეს კი ეს არ შეუძლია. ცხადია, რომ მისი ყოფიერება მომზადებული არაა. ანუ ამ მიმართებით ადამიანები ერთნაირ მდგომარეობაში არ არიან.

ცოდნისა და ყოფიერების დამოკიდებულება - ძალიან დიდი საკითხია. მინდა, რომ იფიქროთ ამაზე იმასთან დაკავშირებით, რაც ახლა ვთქვი. ეცადეთ იპოვნოთ თქვენი საკუთარი მაგალითები. ცოდნამ შეიძლება ძალიან შორს წაგვიყვანოს. საქმე იმაშია, შეუძლია თუ არა ადამიანს მისი აღქმა? შეუძლია თუ არა მისი ათვისება? ცოდნის ერთი სახე შეგვიძლია მივიღოთ, მეორე კი - არა, ამიტომ ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ცოდნაზე ზოგადად. მაგალითად, ავიღოთ ფსიქოლოგიური ცოდნა: ისეთებს, როგორებიც ახლა ვართ, ბევრი რამის გაგება შეგვიძლია, და გარკვეული საკითხები ამით გაცილებით უფრო მკაფიო გახდება. მაგრამ ცოდნის ყოველ მომენტში ადამიანის ცოდნა მის ყოფიერებაზეა დამოკიდებული. ეს სწორედ ისაა, რაც არ გვესმის. ადამიანს შეუძლია იმდენი ცოდნა მიიღოს, რამდენის საშუალებასაც მისი ყოფიერება აძლევს. სხვაგვარად მისი ცოდნა უბრალოდ სიტყვებად დარჩება. თუ ცოდნა რამდენიმე ადამიანს ეძლევა, ერთი მათგანი მიიღებს მას, მეორე კი - ვერ მიიღებს. რატომ? იმიტომ, რომ მათი ყოფიერება განსხვავებულია.

კითხვა: მე კარგად არ მესმის, რას ნიშნავს „ყოფიერება“.

პასუხი: ეს თავად თქვენ ხართ, ის, რასაც წარმოადგენთ. რაც უფრო კარგად იცნობთ საკუთარ თავს, მით უფრო კარგად იცნობთ საკუთარ ყოფიერებას. თუ არასოდეს განგიცდიათ საკუთარი ყოფიერება, მაშინ თქვენთვის ყოველი ადამიანის ყოფიერება ერთნაირი იქნება. თუ ჰკითხავთ ადამიანს, რომელსაც არასოდეს სმენია თვითგახსენების შესახებ, შეუძლია თუ არა ახსოვდეს თავი, იგი გეტყვით, რომ შეუძლია. ეს ერთი ყოფიერებაა. მეორემ იცის, რომ არ ახსოვს თავი - ეს მეორე ყოფიერებაა. მესამე იწყებს საკუთარი თავის გახსენებას - ეს მესამე ყოფიერებაა. სწორედ ასე უნდა მივუდგეთ ამ საკითხს.

ჩვენ გვესმის განსხვავება საგნებს შორის, მაგრამ ჩვეულებრივი აზროვებისას არ გვესმის განსხვავება ყოფიერებებს შორის. რას გავიგებთ ამ სისტემით? პირველი - რომ არ ვართ ერთიანი, და რომ ბევრი „მე“ გვაქვს, და არ არსებობს ერთიანი ცენტრალური მმართველი „მე“. ეს ჩვენი ყოფიერების მდგომარეობაა. შედეგად ვიღებთ მექანიკურობას - ჩვენ მანქანები ვართ. თუკი შევძლებთ, რომ ნაკლებად მექანიკურები ვიყოთ, ნაკლებად დაყოფილები ვიყოთ საკუთარ თავში, თუ შევძლებთ, რომ უფრო მეტად ვაკონტროლოთ თავი, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ ჩვენი ყოფიერება შეიცვალა.

როცა ამ სისტემას შევხვდი, მან მაჩვენა, რომ აუცილებელია ყოფიერების შეცვლა, რადგან ისინი არ ვართ, ვინადაც თავი მიგვაჩნია. ჩვენ რომ ის ვიყოთ, ვინც თავი გვგონია, - რომ გვქონდეს ცნობიერება, ნება, რომ შეგვეძლოს „კეთება“, მაშინ მხოლოდ ცოდნა იქნებოდა აუცილებელი. მაგრამ ყველას ის გვგონია თავი, რაც სინამდვილეში არ ვართ. და სწორედ ეს სხვაობა მას შორის, რაც ვართ, და მას შორის, რადაც თავი მიგვაჩნია, გვაჩვენებს, თუ რა გვაკლია ყოფიერებაში. ამგვარად, საჭიროა ორი რამ: ცოდნის შეცვლა და ყოფიერების შეცვლა.

კითხვა: კი, მაგრამ ჩვენ ხომ გამუდმებით ვიცვლებით!

პასუხი: არა, ჩვენ გამუდმებით ერთ ოთახში ვართ, ერთი კუთხიდან მეორეში დავრბივართ ისე, რომ არ ვიცვლებით. ერთ კუთხეში გვგონია, რომ რაღაც ერთი ვართ, მეორეში - რომ რაღაც სხვა ვართ. ჩვენ არ შეგვიძლია შევიცვალოთ სწორედ იმიტომ, რომ ერთი კუთხიდან მეორისკენ დავდივართ. ის, რაც ცვლილებად გვეჩვენება, ესაა ცვლილება მიბაძვით, ცვლილება პირობების შეცვლით, სიმპათიებით და ანტიპათიებით.

ცნობიერების ეს მდგომარეობა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ყოველთვის მაღლა-დაბლა მოძრაობს. „დაბლა“ ნიშნავს, რომ ძილთან ახლოს ვართ, ხოლო „მაღლა“ ნიშნავს, რომ გაღვიძების შესაძლებლობასთან ახლოს ვართ. ჩვენ არასოდეს ვიმყოფებით ზუსტად ერთ მდგომარეობაში, მაგრამ ეს მცირე ცვლილებები აღნიშნავენ მხოლოდ დროის მონაკვეთებს ერთი და იმავე ადგილზე.

ამგვარად, თქვენ ხედავთ, რომ ადამიანის ევოლუცია სრულიად შესაძლებელია. მაგრამ იგი შესაძლებელია მხოლოდ ცოდნის შეცვლის გზით და ყოფიერების შეცვლის გზით, ყოფიერების შეცვლა კი ცნობიერების მიღწევას ნიშნავს. იგი ვერ მოვა თავისთავად, ეს ვერ „მოხდება“.

კითხვა: მოიპოვებს თუ არა ადამიანი საკუთარი თავის ცოდნას თვითდაკვირვების მეშვეობით?

პასუხი: თვითდაკვირვება დაკავშირებულია გარკვეულ პრაქტიკებთან. თუ თქვენ მხოლოდ იწყებთ იმის დაკვირვებას, თუ როგორ ხდება ყველაფერი, თქვენ მრავალ რამეს გამოტოვებთ, მაგრამ თუ ეცდებით, რომ ებრძოლოთ ზოგიერთ რამეს, რაც თქვენშია, მაგალითად, მცირე ჩვევებს, მაშინ მალევე დაინახავთ ყველაფერს იქიდან, რასაც ჩვეულებრივ ვერ ამჩნევდით. ყველას აქვს მცირე ჩვევების დიდი რაოდენობა: სიარულის ჩვევა, ხელების მოძრაობის ჩვევა, ჯდომის ჩვევა, დგომის ჩვევა, გარკვეული სახით საუბრის ჩვევა. ეს ბრძოლა რაიმე განსაკუთრებული შედეგისთვის არაა, არამედ უბრალოდ თვითდაკვირვებისთვის. შესაძლოა, მოგვიანებით აღმოაჩინოთ, რომ უნდა განთავისუფლდეთ გარკვეული ჩვევებისგან, თავიდან ეს ბრძოლა უბრალოდ თვითშესწავლისთვის უნდა ხდებოდეს.

ამასთან, თუკი გვსურს, რომ განვივითაროთ ცნობიერება და გავაუმჯობესოთ ჩვენი ფუნქციები, თვითდაკვირვების დასაწყისიდანვე გვეძლევა რჩევა, რომ გავაჩეროთ ჩვენი ზოგიერთი ფუნქცია, რომლებიც არა მხოლოდ უსარგებლოა, არამედ საზიანოცაა. მაგალითად, საკუთარ თავზე დაკვირვებისას, განსაკუთრებით, საკუთარ ემოციურ ფუნქციაზე დაკვირვებისას, ეცადეთ, როგორც შეგიძლიათ მაქსიმალურად შეაჩეროთ უარყოფითი ემოციების ყოვეგვარი გამოხატვა. ბევრი ადამიანის ცხოვრება პრაქტიკულად ამისგან შედგება, ისინი გამოხატავენ უარყოფით ემოციებს ყოველ შესაძლო მომენტში, ნებისმიერ შემთხვევაზე - შესაფერისზე ან შეუფერებელზე, მათ შეუძლიათ ყველგან და ყოველთვის იპოვნონ რაღაც არასწორი. #1, 2 და 3 ადაიანების ძირითადი ტენდენციაა - დაუყოვნებლივ გამოხატონ ყველა თავისი უარყოფითი ემოცია. თუკი იგი აკეთებს ძალისხმევას, რომ გააჩეროს ეს გამოხატვა, ეს მასალას მისცემს მას დაკვირვებისთვის, და იგი საკუთარ თავს სრულიად სხვა მხრიდან დაინახავს. თუ ის ამ მიმართულებით აკეთებს ძალისხმევებს, მაშინ მალე დარწმუნდება, რომ არ გააჩნია ნება, რადგან ეს ყველაზე რთული რამაა - უარყოფითი ემოციების გამოხატვის შეჩერება. მაგრამ ეს აუცილებელია.

სხვა უსარგებლო ფუნქცია - ესაა საუბრები. ჩვენ მეტისმეტად ბევრს ვლაპარაკობთ. ჩვენ ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ და ვერასოდეს ვამჩნევთ ამას. ჩვეულებრივ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან ცოტას ვლაპარაკობთ, მაგრამ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტს ლაპარაკობენ, ფიქრობენ, რომ ისინი არასოდეს არ ლაპარაკობენ. ეს ძალზე სასარგებლო საგანია დაკვირვებისთვის. თქვენ დაინახავთ, როგორ გადის თქვენი დღე, რამდენ მექანიკურ რაღაცას ამბობთ ერთ პირობებში და რამდენ სხვა მექანიკურ რაღაცას ამბობთ სხვა პირობებში. ან შეამჩნევთ, რომ უბრალოდ ლაპარაკობთ და ლაპარაკობთ იმიტომ, რომ ეს სიამოვნებას განიჭებთ ან თქვენს დროს ავსებს. აუცილებელია, დააკვირდეთ ამას, და შეაჩეროთ თუნდაც ზოგიერთი უსარგებლო ლაპარაკი. ლაპარაკი, წარმოსახვა, ტყუილი და უარყოფითი ემოციების გამოხატვა - სინამდვილეში ეს ჩვენი მთავარი ფუნქციებია.

ახლა, თუკი რაიმეს კითხვა გსურთ ჩემთვის, ვეცდები აგიხსნათ. ჩვენ არა მხოლოდ იმ ფორმით უნდა შევისწავლოთ ეს იდეები, რომლითაც მოგვეწოდება, არამედ გამოვიყენოთ ისინი სხვადასხვა პრობლემებთან დაკავშირებით. ისინი კარგ გასაღებებს იძლევიან მრავალი მათგანის გადასაწყვეტად.

კითხვა: როცა ტყუილზე საუბრობთ, მხოლოდ სიტყვებს გულისხმობთ, თუ აზრებსაც?

პასუხი: დასაწყისისთვის სრულიად საკმარისია მხოლოდ წარმოთქმული სიტყვების აღება. მოგვიანებით აზრებსაც შევისწავლით - ანუ ტყუილს საკუთარი თავის მიმართ. მაგრამ ჩვენ იმით უნდა დავიწყოთ, რასაც ვლაპარაკობთ, და თავიდან გარკვეული ძალისხმევა მოგვეთხოვება, რათა სიცრუე აღმოვაჩინოთ. ესაა ყოველთვის საუბარი იმ საკითხებზე, რომლებიც არ ვიცით. ჩვენ არ ვუწოდებთ ამას სიცრუეს - ამაშია მთელი ხაფანგი, ჩვენ მას რაღაც კარგ დასახელებას ვარქმევთ, და შემდეგ შეგვიძლია მივიღოთ იგი.

კითხვა: მინდა უფრო ზუსტად ვიცოდე, რა იგულისხმება ყოფიერების ქვეშ. მე გავიგე, რომ ეს რაღაც უფრო მუდმივია, განსხვავებით „მე“-ების ერთგვარი ნაკრებისგან, რომლებიც ერთმანეთს ცვლიან.

პასუხი: არაა საჭირო მეტისმეტად გართულება. ყველაფერი, რაც მთელია თქვენში - ეს თქვენი ყოფიერებაა. ცოდნა ცალკეა ამისგან. თქვენ შეგიძლიათ მკაფიოდ წარმოიდგინოთ ცალკე ყველაფერი, რაც იცით, მაგრამ ყველაფერი, რაც თქვენ ხართ, ცალკეა იმისგან, რაც იცით, - ეს თქვენი ყოფიერებაა. ამ გაყოფაში თქვენ ორი რაღაცისგან შედგებით: ის, რაც იცით, და ის, რასაც წარმოადგენთ. განვითარების თვალსაზრისით, იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ცოდნაზე მუშაობა ყოფიერებაზე მუშაობის გარეშე არასაკმარისია. ცოდნა შემოსაზღვრულია ყოფიერებით. თუ თქვენ მეტ ცოდნას იღებთ იმ მდგომარეობაში, რომელშიც იმყოფებით, თქვენ ვერ შეძლებთ მის გამოყენებას, გაგებას, შეთანხმებას. ცოდნის განვითარება არასაკმარისია, რადგან გარკვეულ მომენტში იგი გაჩერდება, და იმის ნაცვლად, რომ წინ წაგიყვანოთ, უკან წაგიყვანთ. რადგან თუ თქვენს მიერ მიღებულ ცოდნას თან არ ახლავს ყოფიერების ცვლილება, მთელი მიღებული ცოდნა დამახინჯდება თქვენში. მაშინ, რაც უფრო მეტ ცოდნას მიიღებთ, მით უარესი იქნება თქვენთვის.

კითხვა: რა როლს თამაშობს ყოფიერება ცოდნის მოპოვებაში?

პასუხი: ყოფიერება - ეს თქვენი მდგომარეობაა. ერთ მდგომარეობაში თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ გარკვეული ცოდნა, მაგრამ თუ სხვა მდგომარეობა განვითარდება, თქვენ შეგიძლიათ მეტი ცოდნა მოიპოვოთ. თუ სხვადასხვა „მე“-ებად ხართ დაყოფილნი, რომლებიც მუდმივად ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, მაშინ ძალიან რთული იქნება ცოდნის მოპოვება, რადგან ყოველი ნაწილი თავისთვის და თავისებურად მოიპოვებს და გაიგებს მას, ამიტომ რეალური გაგება ნაკლები გექნებათ. თუ თქვენ ერთიანი ხდებით, მაშინ, რა თქმა უნდა, უფრო ადვილი იქნება ცოდნის მოპოვება, მისი გახსენება და გაგება. ყოფიერება ნიშნავს მდგომარეობას, შინაგან მოცემულობებს, ყველაფერს ერთად, და არა ცალ-ცალკე.

კითხვა: ნუთუ ჩვენი ყოფიერება ცოდნასთან ერთად არ იზრდება?

პასუხი: არა, ყოფიერება ვერ გაიზრდება თავისთავად. ცოდნა, თუნდაც ყველაზე კარგი, ვერ აიძულებს ყოფიერებას, რომ გაიზარდოს. თქვენ ცალ-ცალკე უნდა იმუშაოთ ცოდნაზე და ყოფიერებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გაიგებთ იმ ცოდნას, რომელსაც მოიპოვებთ. ყოფიერებაზე მუშაობა სხვაა - საჭიროა სრულიად სხვა ძალისხმევა.

ზოგადად, ჩვენ უფრო მეტი ვიცით ჩვენს ცოდნაზე, ვიდრე ჩვენს ყოფიერებაზე. ჩვენ ვიცით, თუ რა ცოტა ვიცით საკუთარ თავზე; ვიცით, როგორ ვუშვებთ შეცდომებს ყოველ მომენტში; ვიცით, როგორ არ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ რაღაცეები, ვერ გავუგოთ ადამიანებს, ვერ გავუგოთ მოვლენებს. ჩვენ ვიცით ეს ყველაფერი და გვესმის, რომ ყველაფერი ეს - არასაკმარისი ცოდნის შედეგია. მაგრამ ჩვენ არ გვესმის სხვაობა ადამიანთა ყოფიერებებს შორის.

კარგი იქნება, თუ აიღებთ ფურცელს და ჩამოწერთ, რა შეადგენს ჩვენს ყოფიერებას. მაშინ თქვენ დაინახავთ, რომ იგი თავისით ვერ გაიზრდება. მაგალითად, ჩვენი ყოფიერების ერთი შტრიხი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ მანქანები ვართ; მეორე - იმაში, რომ ჩვენი მანქანის მხოლოდ მცირე ნაწილში ვცხოვრობთ; მესამე - ის მრავლობითობაა, რომელზეც პირველ ლექციაში ვისაუბრეთ. ჩვენ ვამბობთ „მე“, მაგრამ ეს „მე“ ყოველ მომენტში განსხვავებულია. ჩვენ მრავალი „მე“ გვაქვს, ყველანი ისინი ერთი და იგივე დონეზე არიან, მაგრამ არ არსებობს არანაირი ცენტრალური მმართველი „მე“. ეს ჩვენი ყოფიერების მდგომარეობაა. ჩვენ არასოდეს ვართ ერთიანნი, და არასოდეს ვართ ერთი და იგივე. თუკი ყველა ამ თვისებას ჩაიწერთ, თქვენ დაინახავთ, რაში შეიძლება მდგომარეობდეს ყოფიერების ცვლილება, და რისი შეცვლა შეიძლება. ყოველ ცალკეულ თვისებაში არის რაღაც, რაც შეიძლება შეიცვალოს, და მცირე ცვლილება რაღაც თვისებაში, ნიშნავს ასევე ცვლილებას სხვაშიც.

რაც უფრო მეტად იცნობთ საკუთარ თავს, მით უფრო მეტად იცით საკუთარი ყოფიერება. თუ საკუთარ თავს არ იცნობთ, მაშინ არც საკუთარ ყოფიერებას იცნობთ. და თუ ყოფიერების ერთი და იმავე დონეზე იმყოფებით, თქვენ არ შეგიძლიათ უფრო მეტი ცოდნის მიღება.

კითხვა: იმისთვის, რომ ყოფიერებაზე ვიმუშაოთ, აუცილებელია თუ არა, რომ მთელი ჩვენი დრო ამას დავუთმოთ?

პასუხი: თქვენ შეუძლებლით გინდათ დაწყება. დაიწყეთ შესაძლებლით, დაიწყეთ ერთი ნაბიჯით. ეცადეთ გააკეთოთ ცოტა, და შედეგები გაჩვენებენ. ყოველთვის არსებობს რაღაც ზღვარი, თქვენ არ შეგიძლიათ გააკეთოთ უფრო მეტი, ვიდრე ძალგიძთ. თუ მეტისმეტად ბევრის გაკეთებას ეცდებით, საბოლოოდ ვერაფერს გააკეთებთ. მაგრამ თანდათანობით თქვენ დაინახავთ, რომ აუცილებელია სწორი აზროვნება, სწორი დამოკიდებულებები. ეს დროს მოითხოვს, რადგან ადამიანები ამდენი ხნის განმავლობაში იყვნენ უარყოფითი ემოციების, უარყოფითი წარმოსახვის, ტყუილის, გაიგივების და მსგავსი რაღაცეების გავლენის ქვეშ. მაგრამ თანდათანობით ისინი გაქრებიან. თქვენ არ შეგიძლიათ ერთდროულად შეცვალოთ ყველაფერი.

თქვენ ყოველთვის შემდეგ ნაბიჯზე უნდა იფიქროთ - მხოლოდ ერთ ნაბიჯზე. ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ შემდეგი ნაბიჯი, როგორც ცოტათი უფრო შეკრული ყოფიერება, ვიდრე ახლა გვაქვს. როცა ეს გავიგეთ, ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ მასზე, როგორც კიდევ უფრო შეკრულ ყოფიერებაზე - მაგრამ არა სრულიად, არა საბოლოოდ.

კითხვა: შეგვეძლება თუ არა ვიმსჯელოთ ჩვენი ყოფიერების ცვლილებაზე ისე, რომ საკუთარი თავი არ მოვატყუოთ?

პასუხი: დიახ, მაგრამ სანამ სანამ შეგეძლებათ, რომ ცვლილებებზე იფიქროთ, თქვენ პირდაპირ ახლა უნდა იცოდეთ თქვენი ყოფიერება. როცა თქვენი ყოფიერების თვისებათა უმეტესობას გაიცნობთ, შეძლებთ, რომ ცვლილებები დაინახოთ. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ჩვენი ყოფიერების დონეზე ჩვენი „მე“-ს არამუდმივობით - იმით, რასაც „მე“-ს ვუწოდებთ, რადგან ერთ მომენტში ჩვენი ერთი ნაწილი ამბობს „მე“-ს, მეორე მომენტში კი - სხვა ნაწილი. თუ კარგად აკვირდებით, მაშინ დაინახავთ, რამდენად სხვადასხვანაირი ხართ ერთი დღის განმავლობაშიც კი. ერთ მომენტში ერთის გაკეთებას წყვეტთ, მეორე მომენტში - მეორის. სწორედ ეს გამუდმებული ცვლილება ოცდაოთხი საათის განმავლობაშიც კი აჩვენებს ჩვენი ყოფიერების დონეს.

კითხვა: რაში მდგომარეობს დონეებს შორის განსხვავება ჩვეულებრივ მძინარე ადამიანებში?

პასუხი: საიმედოობაში. არიან მეტად საიმედო ადამიანები, და ნაკლებად საიმედო ადამიანები. ეს ეხება სამუშაოსაც. არასაიმედო ადამიანებს არ შეუძლიათ ბევრის მიღება.

კითხვა: ვიწყებთ თუ არა ყველანი ერთი დონიდან?

პასუხი: მეტ-ნაკლებად, მაგრამ არსებობს სხვაობა. ძირითადი რამ - ესაა საიმედოობა.

კითხვა: როგორ შეიძლება საკუთარი ყოფიერების განვითარება?

პასუხი: ყველაფერი, რაც გაიგეთ, ყველაფერი, რაც მოისმინეთ განვითარების შესაძლებლობის შესახებ - ეს ყველაფერი ყოფიერებას ეხება. უპირველეს ყოვლისა, ყოფიერების განვითარება ნიშნავს გამოღვიძებას, რადგანაც ჩვენი ყოფიერების მთავარი თვისება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გვძინავს. როდესაც გამოღვიძების ძალისხმევას ვაკეთებთ, ამით ჩვენს ყოფიერებას ვცვლით - ეს პირველი პუნქტია. შემდეგ ბევრი სხვა რაღაც მოდის: ერთიანობის შექმნა, უარყოფითი ემოციების არ-გამოხატვა, დაკვირვება, უარყოფითი ემოციების შესწავლა, მცდელობები - არ გავაიგივოთ თავი, მცდელობები - თავი ავარიდოთ უსარგებლო ლაპარაკს - ეს ყველაფერი ყოფიერებაზე მუშაობს. ეს მართალია, რომ ამგვარად თქვენ იძენთ გარკვეულ ცოდნას, მაგრამ თუ ეს მხოლოდ ინტელექტუალური ცოდნაა, მაშინ იგი ცალკე მყოფად დარჩება. ყოფიერება ძალაა, „კეთების“ ძალა, ხოლო „კეთების“ ძალა - ეს ტრანსფორმაციის ძალაა.

კითხვა: მე ვერ ვხვდები ამ განსხვავებას ცოდნასა და ყოფიერებას შორის მათ ურთიერთკავშირში. ალბათ თვითშესწავლისას ისინი იმდენად შერეულნი არიან ერთმანეთში, რომ ძნელია დანახვა, რა რა არის.

პასუხი: დიახ, მაგრამ ამავდროულად ეს შესაძლებელია. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ცოდნა. ჩვენ ვიცით, რომ ცოდნა ფარდობითია და ჩვენს უნარებზეა დამოკიდებული. სინამდვილეში, ჩვენ შეგვიძლია საკმარისი ცოდნა მივიღოთ იმისთვის, რომ უკვე ახლავე დავიწყოთ, მაგრამ ძალიან მალე ვნახავთ, რომ უფრო მეტი, უფრო ღრმა და ფართო ცოდნის მისაღებად ჩვენი ყოფიერება უნდა შევცვალოთ, რადგანაც ჩვენი ამჟამინდელი უნარები ცოდნის მისაღებად - ფრიად შეზღუდულია. ამიტომ ცოდნის შეძენის თვალსაზრისითაც კი, ჩვენ მივდივართ ყოფიერების შეცვლის აუცილებლობამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება მხოლოდ სიტყვები, და არ გვეცოდინება, რას აღნიშნავენ ისინი.

კითხვა: გააჩნიათ თუ არა სისტემის იდეებს რაიმე ღირებულება ყოფიერების შეცვლის თვალსაზრისით?

პასუხი: თავისთავად იდეებს არ შეუძლიათ ყოფიერების შეცვლა; თქვენი ძალისხმევები სწორი მიმართულებით უნდა იქნეს წარმართული, და ერთი რაღაც მეორეს უნდა შეესაბამებოდეს. თქვენ აკეთებთ მცდელობას ერთ ხაზზე - და უნდა გააკეთოთ მცდელობა მეორეზე. თქვენ არაფრის შეცვლა არ შეგიძლიათ გარკვეული სისტემის გარეშე, სისტემის მეშვეობითაც კი რთულია ეს.

კითხვა: რა იგულისხმება „სამუშაოში“?

პასუხი: „სამუშაო“ სისტემის თვალსაზრისით ნიშნავს მუშაობას ცოდნის მოსაპოვებლად და ყოფიერების შეცვლის შესასწავლად. თქვენ უნდა გქონდეთ ერთგვარი მკაფიო მიზანი და იმუშაოთ ამ მიზნისთვის, ამიტომ „სამუშაო“ მდგომარეობს ცოდნის შეძენასა და მიზნის მისაღწევად თვითკონტროლის გამომუშავებაში.

კითხვა: რატომ შექმნა ბუნებამ ადამიანი არასრულყოფილი, და მიატოვა შუა გზაზე?

პასუხი: ეს კარგი კითხვაა მხოლოდ მანამდე, სანამ არ გაიგებთ, თუ რისი მიღწევა შეუძლია ადამიანს. როცა ამას მიხვდებით, დაინახავთ, რომ ეს უნარები შეიძლება მოპოვებულ იქნეს მხოლოდ საკუთარი ძალისხმევებით. რაც შეიძლება განვითარებულ იქნეს ადამიანში - ესაა ცნობიერება და ნება, და ისინი შეიძლება განვითარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანმა გააცნობიერა, რომ არ გააჩნია ისინი. როცა იგი ამას გააცნობიერებს, დაინახავს, რომ ისინი შეიძლება მხოლოდ მოპოვებულ იქნეს, და მათ ვერავინ მოგცემს. ადამიანი იმ ერთადერთი სახითაა შექმნილი, როგორადაც შესაძლებელი იყო მისი შექმნა. ყველაფერი ის, რისი მოცემაც შეიძლებოდა, უკვე მოგვეცა, ამის მეტს უკვე ვეღარაფერს მივიღებთ. სხვა შემთხვევაში ეს იგივე იქნებოდა, რომ აგვეყვანა ადამიანი ქუჩიდან და გენერალად დაგვესვა, - მას არ ეცოდინება რა გააკეთოს. ეს არაა დისკუსიის თემა, ამ თვისებებს ვერავინ მოგვცემს, ჩვენ უნდა დავიმსახუროთ, ან ვიყიდოთ ისინი. ეს მათი მიღების ერთადერთი საშუალებაა.

***

რეალური ცოდნა, ობიექტური ცოდნა - ესაა ცოდნა, რომელიც უმაღლესი გონისგან მოდის. იგი გვიჩვენებს, როგორ შევისწავლოთ ადამიანი, როგორ შევისწავლოთ სამყარო, და გარდა ამისა, როგორ შევისწავლოთ ერთი მეორესთან მიმართებაში. ობიექტური ცოდნის მეშვეობით შესაძლებელია, რომ გავიგოთ რეალური სამყარო ფარდობითობისა და მასშტაბის პრინციპების გამოყენებით, ასევე სამყაროს ორი ძირითადი კანონის - სამის კანონის და შვიდის კანონის ცოდნით.

გზა ობიექტური ცოდნისკენ ობიექტური ენის შესწავლაზე გადის. ალბათ გახსოვთ, მე ვამბობდი, რომ ამ სისტემის შესწავლა ახალი ენის შესწავლით იწყება, და მე რამდენიმე მაგალითი მოგეცით: ცენტრები, ადამიანის დაყოფა #1, 2, 3, 4, 5 და ა.შ. ადამიანებად, გაიგივება, გათვალისწინება, თვითგახსენება. ეს ყველაფერი მსგავსი ენის გამოხატულებას წარმოადგენს.

შემდეგი საფეხური - ესაა საკუთარი თავის შესწავლა, ადამიანური მანქანის შესწავლა და სამყაროში ადამიანის ადგილის გაგება. საკუთარი თავის მსგავსი ცოდნა, ერთდროულად - მიზანიცაა და საშუალებაც.

მაგრამ როგორც ვთქვი, თუ ადამიანს განვითარება სურს, მხოლოდ ცოდნა საკმარისი არაა - საჭიროა საკუთარი ყოფიერების შეცვლაზე მუშაობაც. ეს პროცესი იმდენად რთულია, რომ თითქმის შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ არსებობდეს ცოდნა, რომელიც მას დაეხმარება. ამიტომ ცოდნა და ყოფიერება ერთად უნდა მიდიოდნენ, თუმც კი ერთი სრულიად ცალკე დგას მეორესგან. ვერც ცოდნა და ვერც ყოფიერება ვერ მოგვცემენ სწორ გაგებას ცალ-ცალკე, რადგანაც გაგება - ესაა მათი ერთდროული ზრდის შედეგი.

ცოდნის ზრდა ნიშნავს კერძოდან საერთოსკენ, დეტალებიდან მთლიანისკენ, ილუზორულისგან რეალურისკენ გადასვლას. ჩვეულებრივი ცოდნა - ესაა ყოველთვის დეტალების ცოდნა მთლიანის ცოდნის გარეშე, ფოთლების ცოდნა ხის ცოდნის გარეშე. რეალური ცოდნა არა მხოლოდ აჩვენებს დეტალს, არამედ აჩვენებს ამ დეტალის ადგილს, ფუნქციას და მნიშვნელობას მთლიანთან მიმართებაში.

კითხვა: თუ ცოდნა სხვადასხვა დონეებზე არსებობს, მართალია თუ არა, რომ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ის გვქონდეს, რაც ჩვენს დონეს შეესაბამება?

პასუხი: სრულიად მართალია, მაგრამ ჩვენ რომ მთელი ის ცოდნა გვქონდეს, რომლის მიღებაც ამ დონეზეა შესაძლებელი, იგი შეიცვლებოდა. მაგრამ ეს არ ხდება, რადგან ცოდნა მეტისმეტად ცოტა გვაქვს.

კითხვა: მოდის თუ არა ცოდნა, როგორც ამ მუშაობის შედეგი?

პასუხი: თავიდანვე თქვენ გაძლევენ გარკვეულ იდეებს და გეუბნებიან გარკვეულ აღწერებს ადამიანური მანქანის შესახებ. მაგალითად, ოთხ ფუნქციაზე, ცნობიერების სხვადასხვა მდგომარეობებზე, იმ ფაქტზე, რომ ჩვენი მდგომარეობა ქანქარას ჰგავს: ზოგჯერ თვითცნობიერებასთან ვართ ახლოს, ზოგჯერ კი - ძილთან. როცა ამას გეუბნებიან, გირჩევენ, რომ საკუთარ თავზე შეამოწმოთ ეს. თუკი მხოლოდ ისმენთ ამ ყველაფერს და კითხულობთ მათ შესახებ, ისინი უბრალოდ სიტყვებად რჩებიან. მაგრამ როცა საკუთარ თავზე იწყებთ მათ შემოწმებას, როცა გესმით ყოველი ფუნქცია საკუთარ თავში და პოულობთ მაგალითებს ყოველ მათგანთან დაკავშირებული საკუთარი გრძნობებიდან და შეგრძნებებიდან, მაშინ ეს ცოდნად იქცევა.

ყოფიერება სრულიად ცალკეა. თქვენ შეგიძლიათ ყველა შესაძლო ძალისხმევა ჩადოთ ამჟამინდელ მდგომარეობაში, მაგრამ მაინც იგრძნობთ, რომ თქვენი ცოდნისგან მეტის მიღებაა შესაძლებელი, მაგრამ თქვენი ყოფიერება ამისთვის საკმარისი არაა. ამიტომაა საჭირო ყოფიერებაზე მუშაობა და მისი უფრო ძლიერად, უფრო განსაზღვრულად ქცევა. მაშინ იგივე სიტყვებიდან თქვენ შეძლებთ, რომ უფრო მეტი ცოდნა აითვისოთ.

კითხვა: თუ გაგება ცოდნისა და ყოფიერების შედეგია, მე არ მესმის, როგორ უერთდებიან ისინი ერთმანეთს.

პასუხი: ყოველ ჯერზე, როცა რაღაცას ხვდებით, თქვენი გაგება - ესაა თქვენი ცოდნისა და ყოფიერების კომბინაცია. გაგება გამოცდილების შედეგია: გარკვეული გამოცდილების ყოფიერებაში, და გარკვეულის - ცოდნაში.

კითხვა: მე ჯერ კიდევ არ მესმის, რას გულისხმობთ ყოფიერებაში და ყოფიერების მდგომარეობაში.

პასუხი: ნაცვლად იმისა, რომ განსაზღვრებები ეძებოთ, ეცადეთ, რომ ილუსტრაციები მოძებნოთ. ადამიანის ყოფიერება - ესაა ის ყველაფერი, რასაც იგი წარმოადგენს. ყოფიერებაში ბევრი რამ შედის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ უფრო ცნობიერი ან უფრო მძინარე, უფრო დაყოფილი ან უფრო მთლიანი, უფრო დაინტერესებული რაღაც საკითხებში, და ნაკლებად დაინტერესებული სხვა საკითხებში; თქვენ შეგიძლიათ მეტად ცრუობდეთ ან ნაკლებად ცრუობდეთ, არ გიყვარდეთ ტყუილი, ან ცრუობდეთ ყოველგვარი უხერხულობის გარეშე, იყოთ მეტად ან ნაკლებად თანმიმდევრული, გქონდეთ მექანიკურობის გრძნობა, ან არ გქონდეთ; თქვენ შეგიძლიათ არ გქონდეთ არანაირი დიდი წინააღმდეგობა საკუთარ თავში, ან პირიქით, მხოლოდ წინააღმდეგობებისგან შედგებოდეთ; გქონდეთ შედარებით ნაკლები უარყოფითი ემოცია, ან ჩაძირულნი იყოთ მათში. მთლიანობაში, ყოფიერების მდგომარეობა ნიშნავს მოქმედებების დიდ ან მცირე თანმიმდევრულობას. როცა ერთი რაღაც მეორეს მეტისმეტად ეწინააღმდეგება, ეს სუსტ ყოფიერებას აღნიშნავს. ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, რომ თუ ადამიანი თანმიმდევრულია, ეს მის ცოდნას არასაიმედოდ აქცევს. მხოლოდ ერთი ხაზის განვითარება - თუნდ ცოდნის, თუნდ ყოფიერების - ძალიან ცუდ შედეგებს იძლევა.

ყოფიერება გამორიცხავს საკუთარ თავში მთელი თქვენი „კეთების“ ძალას. ცოდნა დამხმარე საშუალებაა. მას შეუძლია დაგეხმაროთ. მაგრამ იმისთვის, რომ ყოფიერება შევცვალოთ - და ეს ისაა, სადაც ცოდნა შედის, - ჩვენ ჯერ უნდა გავაცნობიეროთ და გავიგოთ ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა. როდესაც ვიწყებთ ჩვენი ყოფიერების მდგომარეობის გაგებას, ამ დროს უკვე ვხედავთ, თუ რა მოვუხერხოთ საკუთარ თავს.

კითხვა: რას გულისხმობდით, როცა თქვით, რომ მხოლოდ ცოდნის, ან მხოლოდ ყოფიერების განვითარება ცუდ შედეგებს იძლევა?

პასუხი: შესაძლოა, დაგეხმარებათ, თუ მოგიყვებით, თუ როგორ გავიგე პირველად ამის შესახებ. თუ ცოდნა ყოფიერებაზე მაღლა ვითარდება, შედეგი იქნება - „სუსტი იოგი“ - ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის, მაგრამ არაფრის კეთება არ შეუძლია. თუ ყოფიერება ცოდნაზე მაღლა ვითარდება, შედეგი იქნება - „სულელი წმინდანი“ - ადამიანი, რომელსაც ყველაფრის კეთება შეუძლია, მაგრამ არ იცის რის გაკეთებაა საჭირო.

თუ ამ სისტემას სხვებს შეადარებთ, მაშინ გაიგებთ, რომ სწორედ ყოფიერების იდეისთვის მნიშვნელობის მინიჭებით განსხვავდება იგი სხვა - ფილოსოფიური ან სხვაგვარი - სისტემებისგან. სხვა სისტემები ცოდნის ან ქცევის შესწავლით არიან დაკავებულნი. ისინი ფიქრობენ, რომ ისეთებს, როგორებიც ახლა ვართ, ჩვენ შეგვიძლია მეტი ვიცოდეთ, ან სხვაგვარად მოვიქცეთ. რელიგიურ სისტემებში, როგორც წესი, ითვლება, რომ „რწმენა“ და „ქცევა“ თავად ადამიანზეა დამოკიდებული. ადამიანი შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი - თავისი არჩევანის შესაბამისად. მაგრამ ეს სისტემა იძლევა ყოფიერების სხვადასხვა დონეების იდეას. ჩვენს ამჟამინდელ დონეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი ცოდნა, ერთი ქცევა, ერთი რწმენა - ეს ყველაფერი ყოფიერებით განისაზღვრება. მაგრამ თავიდან ცოდნა მოდის - ის, თუ რა ცოტა ვიცით. თქვენ იწყებთ საკუთარი თავის შესწავლას და ხვდებით, რომ მანქანები ხართ, მაგრამ შეგიძლიათ ცნობიერნი გახდეთ. მანქანა ყოფიერების გარკვეულ დონეზე იწყებს. ყველაფერი, რისი კეთებაც შეუძლია ან არ შეუძლია, ამ დონეზეა დამოკიდებული. ეცადეთ გააცნობიეროთ, თუ რა იგულისხმება ყოფიერების, მისი დონეების და ცვლილების ქვეშ. სისტემა ამბობს, რომ ყველაფერი: ძალები, ენერგიები, საქმიანობის გარკვეული სახეები - დამოიდებულია ყოფიერების დონეზე. ჩვენ არ შეგვიძლია მეტი ვიცოდეთ, რადგან ამ დონით ვართ შეზღუდულნი. ამავდროულად, თუნდაც მცირე განსხვავება ყოფიერების დონეში ახალ შესაძლებლობებს ხსნის ცოდნისა და „კეთებისთვის“. ყველა ჩვენი ძალა სწორედ ყოფიერების დონით განისაზღვრება.

კითხვა: როგორც მე მივხვდი, ჩვენ ყველანი ერთი და იმავე დონეზე ვიმყოფებით.

პასუხი: დიახ, #4 ადამიანთან შედარებით. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც #4 ადამიანისგან შორს არიან, და სხვები, რომლებიც მასთან უფრო ახლოს არიან. ისევე როგორც სხვა ყველაფერში, აქაც არსებობს საფეხურები. ამ ორ დონეს შორის დიდი მანძილია, მაგრამ არსებობს შუალედური მდგომარეობებიც. იგივე გვეხება ჩვენც: ყველას შეუძლია სხვადასხვა იყოს სხვადასხვა მომენტებში.

ადამიანებს შორის არსებობს მცირე განსხვავება, მაგრამ ეს საკმარისი არაა ყოფიერების გასაზომად. ყველა ნორმალური ადამიანი ერთსა და იმავე დონეზე იბადება და სხვადასხვა შესაძლებლობები აქვს. ვერავინ დაიბადება ჩვეულებრივ დონეზე მაღლა. ჩვენ ვერ მივაღწევს რაიმეს სპეციალური ვარჯიშის გარეშე. მცირე სხვაობა ადამიანებს შორის - ესაა სხვაობა ფუნქციებში, მაგრამ რეალური სხვაობა ყოფიერებაშია - სხვაობა ცნობიერების მდგომარეობებში. სხვაობა ფუნქციებში - ეს სხვაობების ერთი მხარეა.

კითხვა: შეგიძლიათ თუ არა, რომ უფრო დეტალურად ახსნათ ის საფეხურები, რომლებიც ჩვენსა და #4 ადამიანს შორის არსებობს?

პასუხი: ეს სწორი კითხვაა. თქვენ შეგიძლიათ ამის გაგება საკუთარ თავზე და სხვებზე დაკვირვებით. არსებობენ ადამიანები #1, #2 და #3, რომლებიც საერთოდ არ ინტერესდებიან არც განვითარების შესაძლებლობით, არც ცოდნის მოპოვებით, და არც რაიმე სხვა მსგავსით. შემდეგ მოდიან ისინი, რომლებსაც გაგების გარკვეული შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ მათი ინტერესი მიმართული არაა, არამედ მხოლოდ ერთიდან მეორე საგნისკენ მოძრაობს. შემდეგ მოდის მიმართული ინტერესი, მაგნეტური ცენტრის დასაწყისი, C გავლენასთან შეხვედრა და ა.შ. ამიტომ ადამიანებს #1, #2 და #3 შეუძლიათ ძალიან განსხვავებულნი იყვნენ - მათ შეუძლიათ ახლოს იყვნენ განვითარების შესაძლებლობასთან, ან შორს იყვნენ მისგან, ან საერთოდ არ ჰქონდეთ ასეთი შესაძლებლობა.

კითხვა: როგორ შეიძლება სხვა ადამიანთა ცოდნის გაგება, თუკი თავად სხვა დონეზე იმყოფები?

პასუხი: თქვენ გულისხმობთ, ვის შეუძლია ასწავლოს, ვის შეიძლება ენდოთ? იმ დონეზე, რომელზეც ჩვენ ვიმყოფებით, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ადამიანთა ცოდნაზე, მაგრამ არა მათ ყოფიერებაზე. ჩვენ შეგვიძლია შეუცდომლად განვსაზღვროთ ისინი, ვიცნ მეტი იცის, მაგრამ ყოფიერების მხრივ შეიძლება ადვილად შევცდეთ. დავუშვათ, ხვდებით ვიღაცას, ვინც მეტი იცის, ვიდრე თქვენ, მაგრამ ეჭვობთ, რომ მისი ყოფიერება უფრო დაბლაა. თქვენ შეცდებით, რადგანაც თქვენი საქმე არაა მისი ყოფიერების განსჯა. თავი დაანებეთ მის ყოფიერებას და ეცადეთ, რომ ისწავლოთ ასეთი ადამიანისგან. ჩვენ არ შეგვიძლია დავინახოთ ყოფიერების უფრო მაღალი დონეები. ჩვენ შეგვიძლია ყოფიერების დონეზე მხოლოდ ჩვენი საკუთარი დონის პოზიციიდან ვიმსჯელოთ, ან უფრო ქვემოთ მყოფი დონის პოზიციიდან. მნიშვნელოვანია, რომ გახსოვდეთ ეს პრინციპი.

კითხვა: ეს სისტემა ცოდნის სისტემას წარმოადგენს?

პასუხი: არა იმდენად ცოდნის, რამდენადაც აზროვნების. იგი გვაჩვენებს, როგორ ვიაზროვნოთ სხვანაირად, რას ნიშნავს სხვანაირად აზროვნება, რატომ ჯობია ასე აზროვნება. ეს კი ნიშნავს - სხვა კატეგორიებში აზროვნებას.

ერთ-ერთი დაბრკოლება, რომელიც ჩვენს გზაზეა, - ესაა ის, რომ ჩვენ არ ვიცით, რას ნიშნავს „იცოდე“. უნდა ვეცადოთ, გავიგოთ, რას ნიშნავს ეს, - და მაშინ ეს დაგვეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ როგორ ვიფიქროთ ახალი კატეგორიებით.

კითხვა: როგორია სისტემის წარმომავლობა?

პასუხი: მე ვისაუბრებ არა დეტალებზე, არამედ პრინციპზე - იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მისი წარმომავლობა პრინციპში. იმისთვის, რომ სასარგებლო მიზანს ემსახუროს, რაიმე წონა გააჩნდეს, სწავლება უფრო მაღალი გონის ადამიანებიდან უნდა მოდიოდეს, ვიდრე ჩვენია. სხვა შემთხვევაში იგი ვერ დაგვეხმარება, და ჩვენ იმავე დონეზე დავრჩებით. თუ სწავლება უფრო მაღალი დონიდან მოდის, ჩვენ შეგვიძლია რაღაცას ველოდოთ. თუ ის იგივე დონიდან მოდის, რაც ჩვენია, ვერაფრის მოლოდინი ვერ გვექნება. ჩვენ საკმარისი მასალა გვაქვს შეფასებისთვის. ჩვენ შეგვიძლია ვკითხოთ საკუთარ თავს: იყო თუ არა იგი გამოგონებული იგივე დონეზე, რაც ჩვენია, თუ სხვაზე? თუ ჩვენს ხელთ არსებული მასალის რაოდენობა ამაზე მსჯელობის საშუალებას არ იძლევა, მაშინ უნდა დაველოდოთ. მაგრამ მხოლოდ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამაზე. თუ მე გეტყვით ჩემს შეხედულებას, თქვენ ვერ შეძლებთ მის შემოწმებას. სასარგებლოა ამაზე დაფიქრება. თქვენ თქვენი საკუთარი პასუხები უნდა იპოვნოთ.

კითხვა: გადაეცემოდა თუ არა ეს სისტემა თაობებით მრავალი საუკუნის განმავლობაში?

პასუხი: როგორ შეგიძლიათ ამის შემოწმება?

კითხვა: მე თქვენს სიტყვას დავუჯერებ.

პასუხი: თქვენ არაფერს არ უნდა დაუჯეროთ.

კითხვა: შეგიძლიათ, გვითხრათ, სად უნდა ვეძებოთ მისი წარმომავლობა და კვალი?

პასუხი: საკუთარ თავში. მოგცათ თუ არა მან რაღაც, რაც ადრე არ გქონდათ?

კითხვა: სავარაუდოდ, შეუძლებელია ამ სისტემის გაგება, სანამ იმ დონეს არ მიაღწევ, რომელზეც იგი შეიქმნა.

პასუხი: გაგება ფარდობითია. ჩვენ ბევრი რამის გაგება შეგვიძლია ჩვენს დონეზე, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია გზის გაგრძელება. ჩვენ არ შეგვიძლია დონეებზე გადახტომა. უეჭველად, ამ სისტემის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გავუგოთ საკუთარ თავს და უკეთესად ვიცხოვროთ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ჩემთვის ცნობილი სისტემით. თუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისგან ის მივიღეთ, რისი მიღებაც არცერთ სხვა გზაზე არ შეგვეძლო, მაშინ უნდა განვაგრძოთ მისი შესწავლა. ჩვენ უნდა შეგვეძლოს შეფასება. უკვე ძალიან მოკლე დროის შემდეგ შეგვიძლია შეფასება. პირადად მე მოკლე დროში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამ სისტემით და მისი მეშვეობით ისეთი რაღაცეების გაგებაც დავიწყე, რომლებსაც სხვა სისტემებში ვხვდებოდი და არ მესმოდა. მაგალითად, აიღეთ „ძილი“ ახალ აღთქმაში. ადამიანები ვერ ამჩნევენ, რომ იქ გამუდმებით ამის შესახებაა საუბარი: იმის შესახებ, რომ ადამიანებს ძინავთ, და შეუძლიათ გაიღვიძონ, მაგრამ ამის გაკეთება შეუძლებელია ძალისხმევის გარეშე. ეს სისტემა არა მხოლოდ საკუთარ თავს ხსნის, არამედ იმასაც, რაც სხვა სისტემებშია ჭეშმარიტი. იგი ხსნის, რომ თუ ადამიანებს სურთ, ერთმანეთს გაუგონ, ეს შესაძლებელია მხოლოდ გამოღვიძებულ ადამიანებს შორის. ჩვეულებრივ ცხოვრებაში ყველაფერი უიმედოდაა ჩახლართული, ადამიანები ისე არ არიან შექმნილნი, რომ ერთმანეთს გაუგონ. გაგება რომ აუცილებელი ყოფილიყო, ადამიანები სხვაგვარად იქმნებოდნენ შექმნილნი. ადამიანმა თავისი განვითარება საკუთარი ძალისხმევებით უნდა დაასრულოს. ამის გაცნობიერება მაშინ შეგვიძლია, თუკი ცნობიერებისა და ნების ბუნებას გავიგებთ. ამასთანაა დაკავშირებული გაგების უნარიც. თუ ადამიანები ცნობიერებისა და ნების მოსაპოვებლად მუშაობენ, ისინი ერთმანეთის გაგებასაც იწყებენ. ცხოვრებაში, თუნდაც საუკეთესო ზრახვების დროსაც კი, ჩვენ უხეშ შეცდომებს ვუშვებთ. ადამიანები - მანქანები არიან, ისინი არ შექმნილან იმისთვის, რომ ერთმანეთს გაუგონ.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა ამ გაუგებრობის მიზეზის გარკვევა? რა მიზნითაა ყველაფერი ასე მოწყობილი?

პასუხი: იმისთვის, რომ დავინახოთ საფრთხე და ვეცადოთ არსებულ სიტუაციაში გარკვევას. ადამიანებს არასოდეს ესმოდათ ერთმანეთის, მაგრამ ჩვენს დროში სიტუაცია კიდევ უფრო რთული და სახიფათო ხდება. ამავდროულად, ადამიანები, როგორებიც არიან, მთვარისა და დედამიწის მიზნებს ემსახურებიან. მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.

შეცდომა იქნებოდა, რომ ჩვენი დრო ნებისმიერი სხვა დროის მსგავსად ჩაგვეთვალა. ამჟამად არსებობს განსაკუთრებული სირთულეები და განსაკუთრებულად სასიკეთო პირობებიც.

კითხვა: სირთულეები ალბათ დროთა განმავლობაში გაიზრდება?

პასუხი: დიახ, მაგრამ გარკვეულ ზღვარს არ გასცდება - რადგან სხვა შემთხვევაში ნებისმიერი შესაძლებლობა იკარგება. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ არა თეორიულად, არამედ ფაქტების დანახვით, რომ ადამიანებს არ ესმით ერთმანეთის, სიტუაცია კი უფრო და უფრო რთულდება. თუ ადამიანებს ტყვიამფრქვევები აქვთ, ეს კიდევ უფრო სახიფათოა. მათ კი აქვთ ტყვიამფრქვევები, მრავალი თვალსაზრისით. ამიტომ ყოველი არასწორი გაგება უფრო ღრმა და რთული ხდება.

კითხვა: და როგორია დასასრული?

პასუხი: ეს უცნობია, რადგან ნებისმიერი ვარაუდი მკითხაობა იქნება, რა თქმა უნდა, აქედან კარგს არაფერს არ უნდა ველოდოთ.

თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი ჩვეული ხედვები მოვლენებზე ჩირადაც არ ღირს, მათ არსად არ მივყავართ. აუცილებელია სხვანაირად აზროვნება, ეს კი ნიშნავს იმის დანახვას, რასაც ახლა ვერ ვხედავთ, და იმის არ-დანახვას, რასაც ახლა ვხედავთ. და ეს უკანასკნელი, ალბათ ყველაზე რთულია, რადგან ჩვენ მივეჩვიეთ გარკვეული საგნების დანახვას. ეს დიდი მსხვერპლია - არ დავინახოთ ის, რის დანახვასაც მივეჩვიეთ. ჩვენ მივეჩვიოთ ვიფიქროთ, რომ მეტ-ნაკლებად მოსახერხებელ სამყაროში ვცხოვრობთ. რა თქმა უნდა, არსებობენ ნეგატიური მოვლენები, როგორებიცაა ომები და რევოლუციები, მაგრამ მთლიანობაში ეს მოსახერხებელი და სამართლიანი სამყაროა. ყველაზე ძნელი ამ იდეისგან განთავისუფლებაა - სამართლიანი სამყაროს იდეისგან. შემდეგ კი უნდა გავიგოთ, რომ საერთოდ ვერ ვაცნობიერებთ საქმეთა ვითარებას. ჩვენ ვხედავთ, როგორც პლატონის ალეგორიაში გამოქვაბულის შესახებ, მხოლოდ საგანთა ჩრდილებს, ამიტომ ის, რასაც ვხედავთ, სრულიად არარეაურია. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, როგორ ხშირად გვიპყრობენ და გვმართავენ არა თავად საგნები, არამედ ჩვენი იდეები, შეხედულებები და წარმოდგენები მათ შესახებ. სწორედ ესაა ყველაზე საინტერესო. ეცადეთ, იფიქროთ ამ თემაზე.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff