პ. უსპენსკი - "მეოთხე გზა"

გიორგი გურჯიევი
5
1

მთარგმნელები: მამუკა გურული და ნინო ტურაბელიძე წინასიტყვაობა როცა პ. უსპენსკის ჰკითხეს, აპირებდა თუ არა თავისი ლექციების გამოქვეყნებას, მან უპასუხა: „რა სარგებელი ექნება ამას? მნიშვნელოვანია არ...

თავი მესამე

 თავი მესამე

მთარგმნელი: მამუკა გურული

თვითშესწავლა და სრულყოფა. - ცნობიერების მდგომარეობები და ფუნქციები. - გაცნობიერებულობის დონეები. - ფუნქციების დაყოფა. - თვითგახსენება. - მექანიკურობა. - ოთხი ცენტრის ფუნქციების შესწავლა. - ცენტრების ქვეგანყოფილებები. - ყურადღება. - მაფორმირებელი აპარატი. - ცენტრების არასწორი მუშაობა. - ენერგიის ოთხი ტიპი. - გადინებების შეჩერება. - უარყოფითი ემოციები. - უარყოფითი ემოციების გამოხატვის შეჩერება. - დამოკიდებულებების შეცვლა.

ამ სისტემაში, რომელიც ადამიანს შეისწავლის, როგორც დაუსრულებელ არსებას, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება თვითშესწავლაზე, და ამ თვალსაზრისით თვითშესწავლის იდეა აუცილებლად უკავშირდება სრულყოფის იდეას. ისეთებს, როგორებიც ახლა ვართ, საკუთარი ძალების ძალზე მცირე ნაწილის გამოყენება შეგვიძლია, მაგრამ თვითშესწავლა ანვითარებს მათ. თვითშესწავლა ცნობიერების მდგომარეობების შესწავლით იწყება. ადამიანს უფლება აქვს, თვითცნობიერი იყოს - ისეთსაც კი, როგორიცაა, რაიმე ცვლილების გარეშე. ობიექტური ცნობიერება მასში ბევრ ცვლილებას მოითხოვს, მაგრამ თვითცნობიერება შეუძლია ახლაც ჰქონდეს. მაგრამ მას არ გააჩნია იგი, თუმცა საპირისპიროს ფიქრობს. როგორ გაჩნდა ეს ილუზია? რატომ იწერს ადამიანი თავის თავზე თვითცნობიერებას? იმიტომ, რომ ეს მისი კანონიერი მდგომარეობაა. თუ თავს ვერ აცნობიერებს, იგი თავის კანონიერ დონეზე დაბლა დგას და თავისი ძალების მხოლოდ მეათედს იყენებს. მაგრამ სანამ იმას იწერს საკუთარ თავზე, რაც მხოლოდ შესაძლებლობას წარმოადგენს, იგი არ დაიწყებს ამ მდგომარეობის მიღწევისთვის მუშაობას.

შემდეგ ჩნდება კითხვა: რატომ არ გააჩნია ადამიანს თვითცნობიერება, თუკი ამისთვის ყველა აუცილებელი მოწყობილობა და ორგანო გააჩნია? ამის მიზეზი - მისი ძილია. გაღვიძება ადვილი არაა, რადგან ძილისთვის ბევრი მიზეზი არსებობს. ხშირად სვამენ კითხვას: ყველა ადამიანს აქვს გამოღვიძების შესაძლებლობა? არა, ყველას არა: ძალიან ცოტას შეუძლია გაიგოს, რომ ძინავს, და გააკეთოს გაღვიძებისთვის საჭირო ძალისხმევები. პირველ რიგში, ადამიანი მომზადებული უნდა იყოს და უნდა ესმოდეს თავისი მდგომარეობა. მეორეც, მას საკმარისი ენერგია და საკმარისად ძლიერი სურვილი უნდა ჰქონდეს, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს.

მთელ ამ უცნაურ კომბინაციაში - სახელწოდებით „ადამიანი“ - შესაძლებელია შეცვლილ იქნეს მხოლოდ ერთი რამ. -ცნობიერება. მაგრამ ადამიანი ჯერ უნდა მიხვდეს, რომ მანქანაა, - და მაშინ შეძლებს, რომ მოუჭიროს ზოგიერთ ჭანჭიკს, ზოგიერთს მოუშვას და ა.შ. მან უნდა შეისწავლოს. სწორედ აქ იწყება ცვლილების შესაძლებლობა. როცა მიხვდება, რომ მანქანაა, და როცა გაიგებს რაღაცას თავისი მანქანის შესახებ, იგი დაინახავს, რომ ამ მანქანას ცნობიერების სხვადასხვა პირობებში შეუძლია მუშაობა, ამიტომ ეცდება, რომ უკეთესი პირობები მისცეს მას.

ამ სისტემაში ჩვენ გვეუბნებიან, რომ ადამიანს შესაძლებლობა აქვს - ცნობიერების ოთხ მდგომარეობაში იცხოვროს, მაგრამ მხოლოდ ორში ცხოვრობს. გარდა ამისა, ჩვენთვის ცნობილია, რომ ჩვენი ფუნქციები ოთხ კატეგორიად იყოფა. ამრიგად, ჩვენ შევისწავლით ფუნქციების ოთხ კატეგორიას ცნობიერების ორ მდგომარეობაში. ამავე დროს ჩვენ გვესმის, რომ ხდება ცნობიერების გამონათებები, ხოლო მათი მეტი რაოდენობა რომ გვქონდეს, ამაში ხელს გვიშლის ის, რომ საკუთარი თავი არგვახსოვს, რამეთუ გვძინავს.

პირველი, რაც საჭიროა გავიგოთ საკუთარი თავის სერიოზული შესწავლისას, ესაა შემდეგი: ცნობიერებას გააჩნია საფეხურები. უნდა გახსოვდეთ, რომ არ გადადიხართ ცნობიერების ერთი მდგომარეობიდან მეორეზე, არამედ ისინი ემატებიან ერთმანეთს. ეს ნიშნავს, რომ თუ ძილის მდგომარეობაში იმყოფებით, მაშინ, როცა იღვიძებთ, შეფარდებითი ცნობიერების მდგომარეობა ანუ „ფხიზელი ძილის“ მდგომარეობა ძილის მდგომარეობას ემატება; თუკი იწყებთ საკუთარი თავის გაცნობიერებას, ეს მდგომარეობა ემატება „ფხიზელ ძილს“; ხოლო თუ ობიექტური ცნობიერების მდგომარეობას აღწევთ, მაშინ ეს თვითცნობიერებას ემატება. არ არსებობს მკვეთრი გადასვლები ერთი მდგომარეობიდან მეორეში. რატომაა ასე? იმიტომ, რომ ყოველი მდგომარეობა სხვადასხვა შრეებისგან შედგება. როგორც ძილში შეგიძლიათ ღრმად ან ნაკლებად ღრმად გეძინოთ, ასევე იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა იმყოფებით, შესაძლოა ან ახლოს იყოთ თვითცნობიერებასთან, ან შორს.

მეორე, რაც სერიოზული თვითშესწავლისთვისაა საჭირო, ესაა ფუნქციების შესწავლა მათზე დაკვირვებით, მათი სწორად დაყოფის და ყოველი მათგანის ამოცნობის უნარი. ყოველ ფუნქციას საკუთარი პროფესია, საკუთარი სპეციალობა გააჩნია. ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ცალ-ცალკე უნდა შეისწავლებოდეს. აუცილებელია, მკაფიოდ გვესმოდეს მათ შორის განსხვავება - იმის გათვალისწინებით, რომ ისინი სხვადასხვა ცენტრების, ანუ გონებების მიერ იმართება. ძალიან სასარგებლოა, ვიფიქროთ ჩვენს სხვადასხვა ფუნქციებზე ანუ ცენტრებზე და გავაცნობიეროთ, რომ ისინი სრულიად დამოუკიდებელნი არიან. ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენში ოთხი დამოუკიდებელი არსება, ოთხი დამოუკიდებელი გონებაა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ყველაფერი ერთ გონებამდე დავიყვანოთ. ინსტინქტურ ცენტრს სხვა ცენტრებისგან სრულიად დამოუკიდებლად შეუძლია მუშაობა, მამოძრავებელ და ემოციურ ცენტრებს ასევე შეუძლიათ ინტელექტუალურის გარეშე მუშაობა. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ოთხი სხვადასხვა ადამიანი, რომლებიც ჩვენში ცხოვრობენ. ის, ვისაც ინსტინქტურს ვუწოდებთ - ფიზიკური ადამიანია. მამოძრავებელი ადამიანი ასევე ფიზიკურია, მაგრამ სხვა მიდრეკილებებით. შემდეგ მოდის სენტიმენტალური, ანუ ემოციური ადამიანი, და ბოლოს - თეორიული, ანუ ინტელექტუალური ადამიანი. თუ ამ თვალსაზრისით შევხედავთ საკუთარ თავს, უფრო ადვილია დავინახოთ, რაშია ჩვენი მთავარი შეცდომა: ჩვენ ერთ ადამიანად აღვიქვამთ თავს - ყოველთვის ერთი და იგივე ადამიანად.

ჩვენ არ შეგვიძლია ცენტრების დანახვა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ ფუნქციებს; რაც უფრო მეტად აკვირდებით, მით უფრო მეტი მასალა გექნებათ. ეს ფუნქციებად დაყოფა ძალიან მნიშვნელოვანია. კონტროლი ნებისმიერ შესაძლებლობაზე მხოლოდ ცოდნით მიიღწევა. ყოველი ფუნქცია შეგვიძლია ვაკონტროლოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი უნარები და სიჩქარე ვიცით.

ფუნქციებზე დაკვირვება დაკავშირებული უნდა იყოს ცნობიერების მდგომარეობებისა და დონეების შესწავლასთან. აუცილებელია კარგად გავიგოთ, რომ ცნობიერება და ფუნქციები - სრულიად სხვადასხვა რამაა. მოძრაობა, აზროვნება, შეგრძნებები - ეს ფუნქციებია; მათ შეუძლიათ იმუშაონ სრულიად დამოუკიდებლად იმისგან, ვართ თუ არა ცნობიერნი; სხვა სიტყვებით, მათ შეუძლიათ მექანიკურად იმუშაონ. ცნობიერად ყოფნა - ეს სრულიად სხვა რამეა. მაგრამ თუ ჩვენ უფრო ცნობიერნი ვართ, ეს დაუყოვნებლივ ზრდის ყველა ფუნქციის სიმძაფრეს.

ფუნქციები შეგვიძლია შევადაროთ მანქანებს, რომლებიც განათების სხვადასხვა პირობებში მუშაობენ. ეს მანქანები სინათლეზე უკეთ მუშაობენ, ვიდრე სიბნელეში: როგორც კი სინათლის დონე იმატებს, მანქანების მუშაობის ხარისხიც იზრდება. ცნობიერება - ესაა სინათლე, ხოლო მანქანები - ფუნქციები.

ფუნქციებზე დაკვირვება ხანგრძლივ მუშაობას მოითხოვს. აუცილებელია ბევრი მაგალითის პოვნა ყოველი მათგანისთვის. შესწავლის პროცესში უცილობლად დავინახავთ, რომ ჩვენი მანქანა არასწორად მუშაობს. ზოგიერთი ფუნქცია სწორია, მაშინ, როცა სხვები მიზნის თვალსაზრისით არასასურველია. ჩვენ მიზანი უნდა გვქონდეს, სხვა შემთხვევაში შესწავლას არანაირი შედეგი არ მოაქვს. თუ ჩვენ გვესმის, რომ გვძინავს, მიზანი გაღვიძება იქნება; თუ გვესმის, რომ მანქანები ვართ, მიზანი იქმება, რომ აღარ ვიყოთ ასეთები. თუ გვინდა, რომ უფრო ცნობიერნი გავხდეთ, უნდა შევისწავლოთ, რა გვიშლის ხელს თვითგახსენებაში. ანუ ჩვენ ფუნქციების გარკვეული შეფასება უნდა შემოვიტანოთ იმ თვალსაზრისით - სასარგებლონი არიან ისინი თვითგახსენებისთვის თუ საზიანონი.

ამგვარად, არის შესწავლის ორი ხაზი: ცენტრების ფუნქციების შესწავლა და არასაჭირო და საზიანო ფუნქციების შესწავლა.

კითხვა: ასეთი შესწავლის მიზანი დაკვირვებაა?

პასუხი: მისი მეშვეობით ბევრი რამის პოვნა შეიძლება, და მას შეუძლია საფუძველი მოამზადოს შემდგომი შემეცნებისთვის, მაგრამ თავისთავად იგი საკმარისი არაა. მხოლოდ თვითდაკვირვებით შეუძლებელია საკუთარ თავში უფრო მნიშვნელოვანი დაყოფების ამოცნობა - როგორც ჰორიზონტალურის, ასევე ვერტიკალურის - რადგანაც არსებობს მრავალი სხვადასხვა დაყოფა. შეუძლებელია ცნობიერების სხვადასხვა მდგომარეობების ამოცნობა და საკუთარი ფუნქციების დაყოფა. მთავარი დაყოფის ცოდნის გარეშე შეცდებით და ვერ გაიგებთ, კონკრეტულად რას აკვირდებით.

ადამიანი - ძალიან რთული მანქანაა. უფრო სწორად, მანქანა კი არა - დიდი ფაბრიკაა, რომელიც მრავალი სხვადასხვა მანქანისგან შედგება, და ეს მანქანები სხვადასხვა სიჩქარეებით, სხვადასხვა საწვავზე და სხვადასხვა პირობებში მუშაობენ. ამიტომ ეს მხოლოდ დაკვირვების კი არა, ცოდნის საკითხიცაა. ადამიანს არ შეუძლია ამ ცოდნის საკუტარი თავისგან აღება, რადგანაც ბუნებას არ შეუქმნია ეს ცოდნა ინსტინქტურად - იგი ინტელექტით უნდა იქნეს მოპოვებული. ინსტინქტურად ადამიანს შეუძლია იცოდეს, თუ რა არის მჟავე, ტკბილი და მსგავსი რაღაცეები, მაგრამ ინსტინქტური ცოდნა ამით მთავრდება. ამიტომ ადამიანმა უნდა ისწავლოს, და უნდა ისწავლოს იმისგან, ვინც მანამდე სწავლობდა.

თუ სერიოზულ ძალისხმევებს ჩადებთ თქვენს ფუნქციებზე დაკვირვებაში, დაინახავთ, რომ როგორც წესი, იმ ყველაფერთან ერთად, რასაც ფიქრობთ, აკეთებთ, გრძნობთ - საკუთარი თავის არ გესმით. თქვენ ვერ აცნობიერებთ, რომ თანმყოფობაში ხართ, აქ ხართ. ამავე დროს, თქვენ აღმოაჩენთ, რომ თუ საკმარის ძალისხმევას დებთ ხანგრძივი დროის განმავლობაში, ამით ზრდით თქვენი თვითგახსენების უნარს. უფრო ხშირად და უფრო ღრმად დაიწყებთ თავის გახსენებას, ასევე დაიწყებთ თავის გახსენებას მრავალ იდეასთან კავშირში - ცნობიერების იდეის, სამუშაოს იდეის, ცენტრების იდეის, თვითშემეცნების იდეის.

მაგრამ კითხვა მდგომარეობს შემდეგში: როგორ გავიხსენოთ თავი? როგორ გავხდეთ უფრო ცნობიერნი? პირველი ნაბიჯია - გაიგოთ, რომ არაცნობიერნი ხართ. როცა ამას გავიგებთ და დავიწყებთ საკუთარ თავზე დაკვირვებას გარკვეული ხნის განმავლობაში, უნდა ვეცადოთ, რომ დავიჭიროთ თავი იმ მომენტებში, როცა არაცნობიერნი ვართ, და ეს თანდათანობით უფრო ცნობიერად გვაქცევს. ეს ძალისხმევა გვაჩვენებს, რა ცოტა გაცნობიერებულობა გვაქვს, რადგანაც ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ პირობებში ძალზე ძნელია საკუთარი თავის გაცნობიერება. ახლა საკუთარ თავს ხელოვნურ პირობებში სვამთ, საკუთარ თავზე ფიქრობთ: „მე აქ ვზივარ“, ან „მე მე ვარ“, მაგრამ ასეც კი ვერ შეძლებ ამის ხანგრძივად გაკეთებას. ხოლო ჩვეულებრივ პირობებში, როცა რაღაცაზე ფიქრობთ, საუბრობთ ან რამეს აკეთებთ, თქვენ ყველაფერი გაცდენთ, და საკუთარი თავის გახსენება უკვე აღარ შეგიძლიათ. ტერმინი - თვითგახსენება განზრახაა აღებული, რადგანაც ჩვეულებრივ საუბარში ხშირად ვიყენებთ ფრაზებს: „მას თავი დაავიწყდა“ ან „მან თავი დროულად გაიხსენა“. ჩვენ ამ გამოთქმებს მხოლოდ უარყოფითი ემოციების უკიდურესი გამოხატულებების დროს ვიყენებთ, მაგრამსინამდვილეში თავს გამუდმებით ვივიწყებთ, და გარდა ძალიან იშვიათი მომენტებისა, არასოდეს გვახსენდება თავი დროულად.

კითხვა: თვითგახსენება - ეს სისტემის ყველაზე საწყისი პრაქტიკაა?

პასუხი: თვითგახსენება - საწყისის არსია, და იგი უნდა გაგრძელდეს, ყველაფერში უნდა შედიოდეს. ეს შეუძლებლად გეჩვენებათ, რადგანაც თქვენ შეგიძლიათ ეცადოთ თავის გახსენებას, შემდეგ კი აღმოაჩენთ, რომ დროის ხანგრძლივი პერიოდების განმავლობაში აღარ გახსენდებათ ეს ყველაფერი. შემდეგ კვლავ იწყებთ გახსენებას. მაგრამ მსგავსი სახის ძალისხმევები არასოდეს იკარგება; რაღაც გროვდება, რა გარკვეულ მომენტში, როცა ჩვეულ მდგომარეობაში ბოლომდე გააიგივებდით თავს და ჩაიძირებოდით მოვლენებში, თქვენ ამჩნევთ, რომ შეგიძლიათ განზე გადგომა და საკუთარი თავის კონტროლი. თქვენ არასოდეს იცით როდის და როგორ მოხდება ეს. მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც შეგიძლიათ, - დააკვირდეთ საკუთარ თავს, შეისწავლოთ, და რაც მთავარია, ეცადოთ თავის გახსენებას, და შედეგად, რაღაც მომენტში დაინახავთ შედეგებს.

კითხვა: როგორ გამოვიყენოთ მეხსიერება თვითგახსენებისთვის?

პასუხი: თვითგახსენება სინამდვილეში კავშირში არაა მეხსიერებასთან, ეს უბრალოდ გამოთქმაა. იგი ნიშნავს თვითგაცნობიერებულობას, ანუ თვითცნობიერებას. აუცილებელია საკუთარი თავის გაცნობიერება. ეს გონებრივი პროცესით იწყება - თვითგახსენების ძალისხმევით. თვითგახსენების უნარი განვითარებული უნდა იქნეს, და ამ პროცესში უნდა ვეცადოთ, რომ ერთმანეთისგან განცალკევებულად შევისწავლოთ ჩვენი ფუნქციები - ინტელექტუალური ემოციურისგან დამოუკიდებლად, ინსტინქტური მამოძრავებლისგან დამოუკიდებლად და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ადვილი არაა.

კითხვა: თქვენ გულისხმობთ, რომ ამ სხვადასხვა ფუნქციებზე დაკვირვება უნდა ვაპრაქტიკოთ?

პასუხი: დიახ, დღის გარკვეულ მომენტებში უნდა ეცადოთ, დაინახოთ საკუთარ თავში - როგორ ფიქრობთ, როგორ გრძნობთ, როგორ მოძრაობთ და ა.შ. ერთ მომენტში შეგიძლიათ ინტელექტუალურ ფუნქციაზე კონცენტრირდეთ, მეორე მომენტში ემოციურზე, შემდეგ ინსტინქტურზე ან მამოძრავებელზე. მაგალითად, სცადეთ გაარკვიოთ, რაზე ფიქრობთ, რატომ და როგორ აკეთებთ ამას. დააკვირდით, რას ხედავთ, რა გესმით, დააკვირდით თქვენს ფიზიკურ შეგრძნებებს (მაგალითად სითბოს და სიცივეს). შემდეგ, ყოველდღე, როცა მოძრაობებს აკეთებთ, შეგიძლიათ დაინახოთ, როგორ მოძრაობთ - დგახართ, სხედხართ, დადიხართ და ა.შ. ინსტინქტური ფუნქციების გამოყოფა ადვილი არაა, რადგანაც ჩვეულებრივ ფსიქოლოგიაში ისინი ემოციურთანაა შერეული. გარკვეული დროა საჭირო იმისთვის, რომ ისინი სწორ ადგილზე დავაყენოთ.

კითხვა: ექნება თუ არა რაიმე აზრი ზოგიერთი ჩვეული მოქმედების დარღვევას, მაგალითად, როგორიცაა განსაზღვრულ დროს დაძინება?

პასუხი: ასეთი მექანიკური ცვლილებები თვითშესწავლის პირველ ეტაპზე შეიძლება იყვნენ სასარგებლო, მაგრამ მათ არ შეუძლიათ რაიმე ხანგძლივი ეფექტის მოხდენა. მათ შეუძლიათ დაგეხმარონ ისეთი რაღაცის დანახვაში, რასაც სხვა გზით ვერ დაინახავდით, მაგრამ თავისთავად არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ. ცვლილება შიგნიდან უნდა იწყებოდეს, ცნობიერების ცვლილებით, იმ მომენტით, როცა თავის გახსენებას იწყებთ, ან უფრო ადრეც, როცა თვითგახსენების შესაძლებლობის გაცნობიერებას იწყებთ, და ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანები კარგად იწყებენ, მაგრამ შემდეგ ძალისხმევების მიმართულებას კარგავენ.

კითხვა: უშლის თუ არა ხელს მექანიკურობას მასზე დაკვირვება? ვგულისხმობ ფიზიკურ სამუშაოს.

პასუხი: ცნობიერებაზე მუშაობის გარეშე ჩვენი ყველა ის მხარე, რომელსაც შეუძლია ცნობიერი იყოს, უფრო და უფრო მექანიკური გახდება. მხოლოდ ძაიან ერთფეროვანი სამუშაო, რაიმე ცვლილებების გარეშე, შეიძლება იყოს სრულიად მექანიკური. თუ სამუშაო ცოტათი უფრო რთულია, მაშინ რაც უფრო მექანიკურია იგი, მით უარესი. მექანიკურობა არცერთ სამუშაოში არაა სასარგებლო - საჭიროა ადაპტირება, მეთოდების შეცვლა, იმისთვის რომ კარგად იმუშავოთ, ამისთვის კი ყველა უნდა აცნობიერებდეს, რას აკეთებს. უნარიანობა ფიზიკურ მუშაობაში არ ნიშნავს მექანიკურობას. ვარჯიში არ გვაქცევს უფრო მექანიკურად. იყო სპეციალისტი - ნიშნავს იყო უფრო გონვრულად წარმართო საკუთარი სამუშაო.

კითხვა: მეჩვენება, რომ ინსტინქტური და მამოძრავებელი ცენტრები უფრო თანაბარზომიერად და ნორმალურად მუშაობენ, ვიდრე ემოციური და ინტელექტუალური. რატომაა ასე?

პასუხი: იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანები მარცხნივ ივლიდნენ იმის ნაცვლად, რომ მარჯვნივ ევლოთ, და ვერასოდეს მივიდოდნენ დანიშნულების ადგილამდე. და ინსტინქტური ცენტრი რომ ისეთი ყოფილიყო, როგორიც ახლა ინტელექტუალური და ემოციური ცენტრებია, ადამიანი მალევე მოიწამლავდა საკუთარ თავს. ნორმალურობის განსაზღვრული დონე აუცილებელია ინსტინქტური და მამოძრავებელი ცენტრებისთვის. სხვა ცენტრები შეიძლება „ჭკუიდან შეიშალონ“ სწრაფი ზიანის გარეშე.

იმისთვის, რომ ადამიანის მექანიკურობა გავაცნობიეროთ, ძალიან სასარგებლოა - ვიფიქროთ მასზე, როგორც მანქანაზე, შევისწავლოთ ამ მანქანის ფუნქციები და გავიგოთ ფუნქციების მთავარი დაყოფა არა მხოლოდ ზოგადად, არა მხოლოდ თეორიულად, არამედ შევისწავლოთ ისინი მათი მუშაობის პროცესში, გავიგოთ მათი მუშაობის მექანიზმები. ეს დაყოფა ოთხ ფუნქციად - მხოლოდ წინარე დაყოფაა, რადგან ყოველი მათგანი კიდევ იყოფა. ეს ყველაფერი დაკვირვების გზით უნდა შეისწავლოთ, რადგანაც მხოლოდ თეორიული შესწავლა ვერ იძლევა სათანადო შედეგს, ვერ მივყავართ სათანადო დასკვნებამდე, ვერ გვაჩვენებს სათანადოდ ჭეშმარიტებას. მაგალითად, ძალიან ბევრი სისტემა აღიარებს ინსტინქტური ცენტრის, ან ინსტინქტური გონების არსებობას, და მე არ მსმენია, რომ რომელიმე სისტემას ეღიარებინა დამოუკიდებელი მამოძრავებელი გონების არსებობა. არადა მამოძრავებელი ცენტრი ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში, ამიტომ ასეთი დაყოფის არარსებობა მნიშვნელოვნად აფუჭებს ადამიანის ჩვეული დაკვირვების შედეგებს, განსაკუთრებით თანამედროვე ფსიქოლოგიაში, რამეთუ რადგან ამ ფაქტის აღიარება არ ხდება, მრავალი საგანის და მოვლენის წარმოშობას ცრუ ახსნა აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია მამოძრავებელი ცენტრის შესწავლა და მასზე დაკვირვება, რადგანაც გარდა სივრცეში მოძრაობისა, მას სხვა ფუნქციებიც გააჩნია, როგორიცაა მაგალითად მიბაძვა, რაც ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს ადამიან #1-ში. გარდა ამისა მამოძრავებელი ცენტრი მართავს სიზმრებსაც, და არა მხოლოდ ღამის სიზმრებს, არამედ სიზმრებს ფხიზელ მდგომარეობაშიც - ე.წ. ოცნებებს. ხოლო რადგანაც ჩვენი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ან რეალურ სიზმრებში გადის, ან ოცნებებში, შესაბამისად მამოძრავებელი ფუნქციის შესწავლა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ინტელექტუალური და ემოციური მხარეები უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ სინამდვილეში თითქმის მთელი ჩვენი ცხოვრება ინსტინქტური და მამოძრავებელი გონებებით იმართება. ასე რომ მამოძრავებელ ცენტრს, როგორც ბევრი სასარგებლო, ასევე ბევრი უსარგებლო ფუნქციაც გააჩნია.

კითხვა: არსებობს თუ არა კავშირი მექანიკურ ქცევასა და მამოძრავებელ ცენტრს შორის?

პასუხი: არა. მამოძრავებელი ცენტრი მხოლოდ გონებას აღნიშნავს, რომლის კანონიერი ფუნქციაც მოძრაობების მართვაა. ამიტომ „მამოძრავებელი“ და „მექანიკური“ - ერთი და იგივე არაა. ყოველი ცენტრი შეიძლება იყოს მექანიკური. ყოველი ფუნქცია შეიძლება იყოს მეტად ან ნაკლებად მექანიკური, მეტად ან ნაკლებად ცნობიერი. რა თქმა უნდა, თქვენში არსებობს გარკვეული მექანიკური პროცესები, რომლებსაც არ ჭირდებათ ცნობიერად იქცნენ, - მაგალითად, ფიზიოლოგიური, რომლებიც ორგანიზდებიან და იმართებიან საკუთარი გონებით. მაგრამ ჩვენი ქმედებები მთლიანობაში, როგორც საკუთარ თავთან, ასევე სხვა ადამიანებთან მიმართებაში, შეიძლება საზიანო იყოს, თუ თავის ნებაზე არიან მიშვებულნი.

კითხვა: ყოველთვის მექანიკურია თუ არა ლაპარაკი? მე ხშირად ვიწყებ ლაპარაკს მანამ, სანამ მის შეჩერებას მოვასწრებ.

პასუხი: უმეტეს შემთხვევებში ეს ერთ-ერთი პირველი რამაა, რასაც უნდა დავაკვირდეთ და ვებრძოლოთ. ამის გაკეთება ძალიან ძნელია.

კითხვა: მე მივეჩვიე ვიფიქრო, რომ ჩემს დაკვირვებებზე ლაპარაკი მათ ფორმულირებაში მეხმარება. მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ არსებობს იმის საფრთხე, რომ დაკვირვება საუბრის დროს ორთქლდება.

პასუხი: საუბრები შეიძლება ძალიან სხვადასხვანაირი იყოს - თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ლაპარაკისთვის ილაპარაკოთ, ან შეგიძლიათ აიძულოთ თავს ლაპარაკი, ძალისხმევით გააკეთოთ ეს. ლაპარაკი შეიძლება გამოღვიძებად იქცეს, მაგრამ ის შეიძლება ძილიც იყოს.

კითხვა: არსებობს თუ არა მეთოდი, რომ მეტი ძალისხმევა ჩავდოთ დაკვირვებაში?

პასუხი: თუ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენებთ თავს, მაგალითად, თუ უჩვეულო პოზას მიიღებთ, მაშინ ვერ შეძლებთ დაკვირვების შეჩერებას. ჩვენ თავს არ ვაკვირდებით იმიტომ, რომ ცხოვრება მეტისმეტად იოლია. თუ მშიერი ხართ, იყინებით, დაღლილი ხართ, ამ დროს დააკვირდებით თავს. მაგრამ ცივილიზაციის პირობებში მძაფრი ფიზიკური შეგრძნებები არ გვაქვს. ჩვენ ყველაფერს მანამ ვარბილებთ, სანამ ეს იმ დონეს მიაღწევს, რომელიც თვითდაკვირვებას გვაიძულებს.

კითხვა: ეს დაკვირვების ის სახეებია, რომლებიც უნდა ვაპრაქტიკოთ? მე ვფიქრობდი, რომ ეს ჩვენს შინაგან მდგომარეობებზე დაკვირვებაა.

პასუხი: ყველაფერი სასარგებლოა. მანქანის შესწავლა ისევე აუცილებელია, როგორც ფსიქოლოგიური მხარის შესწავლა. არ შეიძლება ერთი მხარის შესწავლა მეორეს გარეშე. უნდა იცოდეთ, როგორ მუშაობს მანქანა.

კითხვა: როგორ შეგვიძლია შევამოწმოთ, რამდენი ცენტრი არსებობს?

პასუხი: დაკვირვების გზით. ჩვეულებრივი გზით თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ ოთხ სხვადასხვა ფუნქციას, რომლებიც ცხადია, რომ სხვადასხვა პრინციპებისგან მართული სხვადასხვა წყაროებიდან მოდიან. თვითდაკვირვება სრულიად მკაფიოდ გვაჩვენებს ამას, და გარკვეული დროის შემდეგ ისინი ერთმანეთში აღარ აგერევათ.

კითხვა: რატომ არ მივიდნენ ასეთ დასკვნამდე თანამედროვე ფსიქოლოგები?

პასუხი: იმიტომ, რომ არ იციან ამის შესახებ. ცენტრების ასეთი დაყოფა ძალიან მარტივი ჩანს, თუმცა ის ფაქტი, რომ ეს ცნობილი არაა, აჩვენებს, რომ ჩვეულებრივ გონებას არ შეუძლია მისი აღმოჩენა. ჩვეულებრივი გონება, თუ არსებულ ფსიქოლოგიას აიღებთ, გრძნობს რაღაც განსხვავებას, მაგრამ გარკვეულად ვერ ამბობს, რომ ეს ერთი რაღაცაა, ის კი მეორე. ეს იდეა სკოლებიდან მოდის, ისევე, როგორც იდეა ცნობიერების ოთხი მდგომარეობის შესახებ. თქვენ შეგიძიათ იპოვოთ ეს უკანასკნელი იდეა ლიტერატურაში, მაგრამ მისი აღწერა სრულიად სხვაგვარია, ანუ ისიც სკოლებიდან მოდის და ზეპირად უნდა აიხსნას. არსებობს რაღაცეები, რაც შეიძლება წიგნებში აღიწეროს, მაგრამ ასევე არსებობს რაღაცეები, რაც ვერასოდეს აღიწერება სწორად.

კითხვა: ანუ ცენტრების იდეა - ეს ძველი იდეაა?

პასუხი: იგი ძალიან ძველია, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია გავიგოთ მასზე მანამ, სანამ მის შესახებ არ გვეტყვიან. თუ გვეტყვიან, შეგვიძლია დავაკვირდეთ საკუთარ თავს და ვიპოვოთ, რომ ეს სწორია, მაგრამ ჩვენით მის შესახებ ვერ გავიგებთ. ამას ფაქტები ადასტურებენ, რადგან ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არაა აღმოჩენილი.

კითხვა: სად მდებარეობს ცენტრები?

პასუხი: ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგანაც ყოველი ცენტრი მთელ სხეულს იკავებს. არ არის არცერთი უჯრედი ჩვენს სხეულში, რომელიც ყველა ცენტრით არ იმართება. ეს არ უნდა გავიგოთ ძალიან პირდაპირი მნიშვნელობით. მაგალითად, ვერ ვიტყვით, რომ ინტელექტი მართავს ყოველ უჯრედს, არსებობს შეზღუდვები, მაგრამ ზოგადად თუ ვიტყვით, ყოველი ცენტრი მთელ სხეულს თავისი განსაკუთრებული სახით მართავს. ჩვეულებრივი დაკვირვებები ვერ დაგვეხმარება ფიზიკური მხარის გაგებაში, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ ფუნქციები, ეს კი ყველა საჭირო მასალას გვაძლევს.

კითხვა: ანუ ადამიანს ინტელექტით დაკვირვება შეუძლია?

პასუხი: თქვენ სხვა არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. ეს ჩვენი ერთადერთი ნაწილია, რომელიც გარკვეულ დონემდე კონტროლის ქვეშაა, ამიტომ შეგვიძლია, როპმ გონება გამოვიყენოთ დაკვირვებისთვის. მოგვიანებით, შესაძლოა დაკვირვება სხვა ცენტრებითაც ისწავლოთ, მაგრამ ამას დრო დასჭირდება. რა თქმა უნდა, ამასთაბნ სხვა ცენტრები ხელის შემშლელ ფაქტორს არ უნდა წარმოადგენდნენ. მაგალითად, თუ ემოციურად აიგივებთ ტავს რაღაცასთან, ეს ხელს შეუშლის დაკვირვებას - თქვენ გსურთ, რომ ერთზე იფიქროთ, მაგრამ გაიგივება გამუდმებით მოიტანს სხვა აზრებს და ასოციაციებს. დიდი ხნის განმავლობაში ინტელექტუალური ცენტრიდან უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ამასთან, აუცილებლად უნდა გვესმოდეს მისით ვერ შევძლებთ შორს წასვლას, რადგანაც მას გარკვეული საზღვრები გააჩნია. იგი გარკვეულ პუნქტამდე მიგიყვანთ, რის შემდეგაც გზას ვეღარ განაგრძობთ, თუ ემოციურ ცენტრს არ ჩართავთ. მაგრამ ემოციური ცენტრი ჯერ გამოწვრთნილ უნდა იქნეს. თქვენ უნდა ისწავლოთ, რომ არ გამოხატოთ უარყოფითი ემოციები, და მხოლოდ მაშინ, თუ ამას საკმარისი დროის განმავლობაში აკეთებთ, შესაძლოა თქვენთვის გასაგები გახდეს სხვა საკითხებიც.

კითხვა: არ უნდა მივცეთ ემოციებს საკუთარი თავით ხელმძღვანელობის საშუალება ინტელექტის მონაწილეობის გარეშე?

პასუხი: ჩვენ შეგვეძლებოდა მიგვეცა საშუალება, ნორმალურ მდგომარეობაში რომ ვიმყოფებოდეთ, ასე კი არ ვიცით, საით წაგვიყვანენ ისინი. არ არსებობს გარანტია, რომ იმ გზით წაგვიყვანენ, რომლითაც გვინდა, - ჩვენ შესაძლოა ერთ ადგილას გვინდოდეს მოხვედრა, ემოციებმა კი სხვა ადგილას მოგვახვედრონ.

კითხვა: ანუ ემოციებმა საკუთარი გონება უნდა განივითარონ?

პასუხი: მე სრულიად გეთანხმებით, მაგრამ რას ნიშნავს ეს? ეს პირველ რიგში ნიშნავს, რომ თქვენ უნდა ისწავლოთ ყველა უსიამოვნო ემოციის გამოხატვა, მხოლოდ მაშინ გეცოდინებათ ემოციურად, როგორ მოიქცეთ ამის შემდეგ.

კითხვა: თქვენ ამბობთ, რომ აზროვნებითი და ემოციური ფუნქციები სრულიად განსხვავდება. მაგრამ მეტისმეტად რთული არაა - მათ შორის სხვაობის დანახვა?

პასუხი: არა, ეს სულაც არაა რთული. აუცილებელია მხოლოდ ცოტა მოთმინება და დაკვირვება; გარკვეული დროის შემდეგ სრულიად ცხადად დაინახავთ, რას ნიშნავს აზროვნება და რას ნიშნავს გრძნობა.

კითხვა: ეს სამი ცენტრი ხშირად მუშაობს ერთდროულად?

პასუხი: დიახ, მაგრამ „ერთდროულს“ შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობები ჰქონდეს. ისინი ძალიან იშვიათად მუშაობენ ერთდროულად ერთი და იგივე საგანზე. ყველა ოთხ ფუნქციას შეუძლია ერთდროულად იმუშაოს, მაგრამ როგორც წესი ისინი სხვადასხვა რამეზე მუშაობენ ხოლმე. ერთი და იგივე რამეზე ოთხივე ფუნქციის მუშაობის მაგალითია მხატვრული შემოქმედება.

ერთდროული მუშაობის შედეგად ცენტრები ხშირად შერეულნი ხდებიან, და მაინც, მათი გარჩევა შესაძლებელია. ეს თვითდაკვირვების და თვითშემეცნების დასაწყისია: ჩვენ უნდა გავიგოთ სხვადასხვა ფუნქციები და შემდეგ შევძლოთ მათი განცალკევება.

კითხვა: რატომ შეუძლია მამოძრავებელ ცენტრს წარმოსახვის შეჩერება? მაგალითად, მე ვაკვირდები, რომ ბაღში მუშაობას ან ნებისმიერ ფიზიკურ სამუშაოს შეუძლია შეაჩეროს იგი.

პასუხი: ეს ნიშნავს, რომ ერთი და იგივე ცენტრი დაკავებულია წარმოსახვითაც და ბაღში მუშაობითაც. ეს მხოლოდ ამტიცებს იმას, რომ წარმოსახვა მამოძრავებელი ცენტრის ფუნქციაა.

კითხვა: მე ვერ ვაცნობიერებ ცენტრების იდეისთვის მინიჭებულ მნიშვნელობას.

პასუხი: ძალიან მნიშვნელოვანია ვხედავდეთ, რომ გონება ოთხ გონებად იყოფა, რომ ჩვენში არაა ერთიანობა, რომ ეს ოთხი გონება, ანუ ფუნქცია, სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. მხოლოდ ესეც კი სრულიად სხვა სურათს გვაძლევს საკუთარ თავზე.

კითხვა: როგორ შეიძლება გავარჩიოთ ემოციები და ინსტინქტები?

პასუხი: ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, და იგი გადაწყვეტილ უნდა იქნეს საკუთარი დაკვირვებით და შესწავლით. ინსტინქტური ემოციები ყოველთვის დაკავშირებულია რაღაც ფიზიკურთან. რადგანაც თანამედროვე ფსიქოლოგია არ განასხვავებს ინსტინქტურ ემოციებს სხვა ემოციებისგან, შესაბამისად გარკვეულ სირთულეს ვაწყდებით სხვაობის გაგებაში. მაგრამ როცა იცით, რომ ისინი განსხვავდებიან, მათი ერთმანეთისგან გარჩევა უკვე შესაძლებელია.

კითხვა: არსებობს თუ არა რაღაც, რამაც შეიძლება მართოს დაუმორჩილებელი ორგანოები ან უჯრედები?

პასუხი: დიახ, ინსტინქტურმა ცენტრმა. როგორ ფიქრობთ, ნახევარი საათით მაინც ვიცოცხლებთ, თუ ინსტინქტური ცენტრი არ იმუშავებს? მას იცის ყოველი ორგანოს სწორი და არასწორი მუშაობა. იგი ყოველთვის ცდილობს, გააკეთოს ისე, რომ მათ სწორად იმუშაონ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორგანოები თავისთავად მუშაობენ, - ეს წარმოსახვაა. ისინი ინსტინქტური ცენტრის მიერ იმართებიან. სწორედ ესაა „ინსტინქტი“ ყველაზე რეალური მნიშვნელობით - ადამაინთან მიმართებაში.

კითხვა: აქვს თუ არა ინტელერქტის ხარისხს რაიმე კავშირი ცნობიერების მოპოვებასთან?

პასუხი: დიახ, რადგან სწორედ ინტელექტიდან უნდა დავიწყოთ. ინტელექტუალური ცენტრი უკეთაა განვითარებული, ან უფრო მეტად იმყოფება თავისი საკუთარი კონტროლის ქვეშ. ემოციური ცენტრი უფრო მეტად უპასუხისმგებლოა. ამიტომ, რამდენადაც ჩვენ მეტი ძალაუფლება გვაქვს ინტელექტუალურ ცენტრზე, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იგი მანამ, სანამ ან უფრო ცნობიერნი არ გავხდებით, ან სხვა ფუნქციებს უფრო ეფექტურად არ გამოვიყენებთ და მათ უფრო უკეთ არ ვმართავთ, ვიდრე ახლა. ახლა ჩვენ არანაირი კონტროლი არ გვაქვს ინსტინქტურ და ემოციურ ცენტრებზე - ჩვენ მხოლოდ ნაწილობრივ ვაკონტროლებთ მამოძრავებელ ფუნქციას. მათ გარე ზეგავლენები მართავენ. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ უმიზეზოდ კმაყოფილნი ან გაბრაზებულნი, მიზეზი კი რაღაც გარეგანს ნიშნავს. მოგვიანებით სამუშაო ემოციურ ცენტრზე უნდა ჩატარდეს, რადგან ძირითადი ენერგია სწორედ იქ იმყოფება. ინტელექტუალური ცენტრი მხოლოდ დამხმარეა, მაგრამ მოცემულ მომენტში ეს ყველაფერია, რაც გაგვაჩნია.

***

მინდა, უფრო მეტი მოგიყვეთ ცენტრების შესახებ. ეს სიტუაციის გაგებაში დაგეხმარებათ. ზოგიერთი ცენტრი ორ ნახევრად იყოფა - დადებითად და უარყოფითად. ეს დაყოფა ძალიან მაფიოა ინტელექტუალურ და ინსტინქტურ ცენტრებში. ინტელექტუალურ ცენტრში ესაა - „კი“ და „არა“, თანხმობა და უარყოფა. ინტელექტუალური ცენტრის მთელი სამუშაო შედარებებისგან შედგება. დაყოფა ინსტინქტურ ცენტრში ასევე სრულიად მკაფიოა: სიამოვნება - ტკივილი. მთელი ინსტინქტური ცხოვრება ამით იმართება. ერთი შეხედვით ჩანს, რომ ემოციური ცენტრიც ორი ნახევრისგან შედგება - სასიამოვნო და უსიამოვნო ემოციებისგან, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა. ყველა ჩვენ მთავარ დამთრგუნველ ემოციას (და საერთოდ, გონებრივი ტანჯვის უმეტეს ნაწილს) ერთი და იგივე ხასიათი გააჩნიათ - ისინი არ არიან ბუნებრივნი და ჩვენს ორგანიზმს არ აქვს რეალური ცენტრი ამ უარყოფითი ემოციებისთვის, ისინი ხელოვნური ცენტრის მეშვეობით მუშაობენ. ეს ცენტრი - სიმსივნის მსგავსი - ჩვენში ადრეული ბავშვობიდან ფორმირდება, რადგანაც ბავშვი უარყოფითი ემოციების მქონე ადამიანების გარემოცვაში იზრდება და ბაძავს მათ.

კითხვა: ნუთუ ინსტინქტური ემოციები არ წარმოადგენენ უარყოფითს?

პასუხი: ისინი შეიძლება იყვნენ უარყოფითნი, მაგრამ ისინი კანონიერნი არიან. ისინი ყველანი სასარგებლონი არიან. ინსტინქტური ცენტრის უარყოფითი მხარე - ესაა გუშაგი, რომელიც საფრთხის შესახებ გვამცნობს. ემოციურ ცენტრში უარყოფითი ემოციები ძალზე საზიანოა.

შემდგომ, ცენტრის ყოველი ნახევარი სამ ნაწილად იყოფა: ინტელექტუალურ, ემოციურ და მამოძრავებელ (მექანიკურ) ნაწილებად. ყოველი ცენტრის მამოძრავებელი ნაწილი -ყველაზე მექანიკური და ყველაზე ხშირად გამოყენებადია. ჩვეულებრივ, ჩვენ ცენტრების მხოლოდ მექანიკურ ნაწილებს ვიყენებთ ხოლმე. ემოციური ნაწილებიც კი მხოლოდ იშვიათად გამოიყენება, რომ აღარაფერი ვთქვათ ინტელექტუალურებზე. ეს აჩვენებს, თუ როგორ ვიზღუდავთ თავს, როგორ ვიყენებთ ჩვენი ორგანიზმის მხოლოდ მცირე, ყველაზე სუსტ ნაწილს.

ძალიან ადვილია ამ სამი ნაწილის გარჩევა, როცა საკუთარ თავზე დაკვირვებას ვიწყებთ. მექანიკური ნაწილები არ საჭიროებენ ყურადღებას. ემოციებს ძლიერი ინტერესი ან გაიგივება სჭირდებათ, ყურადღება ძალისხმევისა და განზრახვის გარეშეა, რადგან ყურადღება თავად ობიექტის მიერ მიიზიდება და კავდება. ინტელექტუალურ ცენტრში კი თქვენ თავად უნდა მართოთ ყურადღება.

როცა ყურადღების მართვას ისწავლით, მაშინვე დაინახავთ, თუ რას ვგულისხმობ. თავიდან თავად მოქმედების ხასიათი მოგცემთ იმის გაგებას, თუ რომელ ცენტრში იმყოფებით, შემდეგ კი ყურადღებაზე დაკვირვება გაჩვენებთ ცენტრის კონკრეტულ ნაწილს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემოციურ ნაწილებზე დაკვირვება და იმ საგნების შესწავლა, რომლებიც ყურადღებას იზიდავენ და აკავებენ, რადგან ისინი აძლევენ დასაწყისს წარმოსახვას. ყურადღების შესწავლა - თვითშესწავლის ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილია, და თუ თქვენ იწყებთ დაკვირვებას ცენტრების ნაწილებად ამ დაყოფაზე, თავად ცენტრებად დაყოფასთან ერთად, ეს საშუალებას მოგცემთ, რომ უფრო მცირე დეტალები გაარჩიოთ და დაგეხმარებათ ყურადღების შესწავლაში.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა ჩვენთვის, როგორებიც ვართ, ყურადღება მივაქციოთ რაიმეს გაიგივების გარეშე?

პასუხი: რა თქმა უნდა. ოღონდ უნდა განასხვაოთ ყურადღება გაიგივებისგან. ყურადღება შეგიძლიათ მართოთ, გაიგივება კი - მექანიკურია.

კითხვა: თქვენ თქვით, რომ ჩვენ სამი სახის ყურადღება გაგვაჩნია.

პასუხი: არა. ყურადღება ერთია, არ არსებობს არანაირი სხვა ყურადღება. მაგრამ ზოგჯერ თქვენ შეგიძლიათ იმოქმედოთ ყურადღების გარეშე - თქვენ შეგიძლიათ ბევრი მოქმედება გააკეთოთ, ნორმალური ლოგიკური ქმედებებიც კი - ყოველგვარი ყურადღების გარეშე. სხვა შემთხვევაში ყურადღება მიიზიდება და კავდება სხვადასხვა ობიექტების მიერ, მესამე შემთხვევაში კი თქვენ თავად მართავთ ყურადღებას.

კითხვა: მე აღმოვაჩინე, რომ თუკი ყურადღებას თუნდაც მოკლე ხნის განმავლობაში ვმართავ, ამ შემთხვევაში აღარ შემიძლია წარმოსახვის გაშვება.

პასუხი: სრულიად მართალია, რადგანაც წარმოსახვა ცენტრების მექანიკურ ნაწილებში ხორციელდება, ყოველგვარი ყურადღების გარეშე. თუ ყურადღება რაიმეზეა კონცენტრირებული, წარმოსახვა ჩერდება.

კითხვა: ყურადღების მართვა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა თავი გახსოვს?

პასუხი: მეტ-ნაკლებად, მაგრამ ამასთან ერთად, მართვადი ყურადღება ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც შესაძლებელია. ზოგჯერ ადამიანებს შეუძლიათ ყურადღების მართვა და საინტერესო სამუშაოს შესრულება ყოველგვარი თვითგახსენების გარეშე. თუმცა მართვადი ყურადღება ძალიან ახლოსაა თვითგახსენებასთან, მათ შორის მაინცაა სხვაობა. ყურადღება შეიძება მხოლოდ ერთ ცენტრში იყოს, მაშინ, როცა თვითგახსენება სამი, ან ოთხი ცენტრის მუშაობას მოითხოვს. .

კითხვა: როგორც ჩანს, მართვადი ყურადღება ადვილად შეიძლება იქცეს გაიგივებად.

პასუხი: არა, ისინი განსხვავდებიან. ერთი კონტროლის მაქსიმუმს წარმოადგენს, მეორე კი - მინიმუმს. გაიგივებაშ კონტროლის არანაირი შესაძლებლობა არაა.

კითხვა: შეიძლება თუ არა ვუბიძგოთ ინტელექტუალურ ცენტრს მუშაობისკენ?

პასუხი: განავითარეთ ყურადღება. მაშინ დაინახავთ, რომ ეს სხვადასხვა შედეგებს იძლევა. იფიქრეთ ყურადღებით. არ მისცეთ საკუთარ თავს ნება, რომ მექანიკურად იფიქროთ. მექანიკური აზროვნება წარმოსახვად იქცევა.

კითხვა: რა განსხვავებაა ცნობიერად და განზრახვით კეთებას შორის?

პასუხი: ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ცნობიერ კეთებაზე, რადგანაც არ ვართ ცნობიერნი. რაც შეეხება განზრახვით კეთებას, - თუკი რაიმე სამუშაოს ასრულებთ და მთელი თქვენი ყურადღება უნდა დაუთმოთ მას, მაშინ ისე, რომ ვერც კი შეამჩნევთ ამას, თქვენი ძალისხმევის ნაწილი დაკავშირებული იქნება ყურადღების იმაზე შეჩერებასთან, რასაც იმ მომენტში აკეთებთ. მაგრამ თუ სამუშაო სრულიად მექანიკური ხდება, მაშინ შეგიძლიათ რაღაც სხვაზე იფიქროთ, თქვენი ხელები კი უწინდებურად გააკეთებენ მას. სწორედ ესაა ცენტრის მექანიკური ნაწილი. თუ სამუშაო გამუდმებულ აზროვნებას, გამომგონებლობას, ადაპტირებას მოითხოვს, მაშინ თქვენ ინტელექტუალური ნაწილებით გჭირდებათ მუშაობა.

ინტელექტუალური ცენტრის მექანიკურ ნაწილს განსაკუთრებული დასახელება აქვს. ზოგჯერ მასზე საუბრობენ, როგორც ცალკე ცენტრზე, და ამ დროს მას მაფორმირებელ ცენტრს, ან მაფორმირებელ აპარატს უწოდებენ. ადამიანების უმეტესობა მხოლოდ ამ ნაწილს იყენებს, ისინი არასოდეს იყენებენ ინტელექტუალური ცენტრის საუკეთესო ნაწილებს. მაგრამ სისტემის იდეა და მსგავსი იდეები საერთოდ ვერ იქნება გაგებული მაფორმირებელი აპარატით.მას სრულიად განსაზღვრული საზღვრები გააჩნია. მისი ერთ-ერთი განსაკუთრებულობა ისაა, რომ იგი მხოლოდ ორ საგანს ადარებს ერთმანეთს, თითქოს ნებისმიერ სიტუაციაში მხოლოდ ორი მხარე არსებობდეს. შემდეგ, მაფორმირებელ ცენტრს უკიდურესობებით აზროვნება უყვარს. მაგალითად, ან ყველაფერი იცის, ან არაფერი არ იცის. მისი მეორე განსაკუთრებულობაა - დაუყოვნებლივ ეძებოს საპირისპირო მდგომარეობა. შეგვიძლია მაფორმირებელი აზროვნების ბევრი მაგალითი ვიპოვოთ. მაგალითად, თუ მე ვამბობ, რომ ესა და ეს უნდა გააკეთოთ, ადამიანები ამბობენ: „კი, მაგრამ თქვენ თქვით, რომ კეთება არ შეგვიძლია!“ თუ ვამბობ, რომ ეს ნების ძალას მოითხოვს, ისინი მპასუხობენ: „როგორ, თუკი ნება არ გაგვაჩნია?“ თუ ვამბობ, რომ შეიძლება იყო მეტად ცნობიერი ან ნაკლებად ცნობიერი, ადამიანები აპროტესტებენ: „კი, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ცნობიერება!“ ეს ყველაფერი მაფორმირებელი აზროვნების მაგალითებია.

კითხვა: შეგიძლიათ თუ არა დაგვისახელოთ მაფორმირებელი აზროვნების სწორი გამოყენების მაგალითი?

პასუხი: თუ ინტელექტუალური ცენტრი ნორმალურად მუშაობს, ანუ თუ სხვა ნაწილები თავის სამუშაოს ასრულებენ, მაშინ მაფორმირებელი ცენტრიც სრულიად სწორად ასრულებს თავის სამუშაოს. ეს მარეგისტრირებელი აპარატია. ჩვენ მხოლოდ მისი არასწორი მუშაობა გვაღელვებს. ეს ეხება არა მხოლოდ მაფორმირებელ აპარატს, არამედ ცენტრების ყველა მექანიკურ ნაწილს. ისინი სახიფათონი მხოლოდ მაშინ ხდებიან, როცა არასწორად იწყებენ მუშაობას. ამიტომ აუცილებელი არაა, ვიღელვოთ მათ სწორ მუშაობაზე. პირველ რიგში მისი არასწორი მუშაობა უნდა შევაჩეროთ. ემოციური ცენტრის მექანიკური ნაწილი ცდილობს, რომ უმაღლესი ნაწილის ფუნქცია შეასრულოს, და იგივე ეხება მაფორმირებელ ცენტრსაც - იგი ინტელექტუალური ცენტრის სამუშაოს შესრულებას ცდილობს, და შედეგად ამ ცენტრის მამოძრავებელი ნაწილი ჩვეულებრივი ადამიანის მთელ ინტელექტუალურ ცხოვრებას შეადგენს.

კითხვა: მაშინ როგორ ხსნით იმას, რომ ადამიანები ზოგჯერ ცენტრების უმაღლეს ნაწილებში იმყოფებიან? ადამიანებს ზოგჯერ იდეები უჩნდებათ.

პასუხი: იდეათა ზოგიერთი კომბინაცია შეიძლება „შეგვემთხვას“, მაგრამ ჩვენ კონტროლი გვჭირდება, და არა იმ მოვლენათა ახსნა, რომლებიც თავისთავად ხდება. ერთხელ ან ორჯერ ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამას არანაირი პრაქტიკური ღირებულება ან მნიშვნელობა არ გააჩნია - ზუსტად ასევე, ერთხელ ან ორჯერ შეიძება ფულიც იპოვნოთ ქუჩაში, მაგრამ ამით ვერ იცხოვრებთ.

კითხვა: მე არ მესმის, რას ნიშნავს მექანიკურად მოქმედება, რადგან ადამიანი, თითქოს ნახევარ ცხოვრებას ხარჯავს მექანიკურ პროცესებში (მაგალითად, წერაში). საჭიროა თუ არა ამ ყველაფრის დანგრევა?

პასუხი: ეს მამოძრავებელი ცენტრია, მე კი ამაზე არ ვსაუბრობდი. ბევრი რამ მექანიკურია და უნდა იყოს კიდეც მექანიკური. მაგრამ მექანიკური აზრები, მექანიკური გრძნობები - აი ამის შესწავლაა აუცილებელი, აი, რა უნდა შეიცვალოს. მექანიკური აზროვნება გროშადაც არ ღირს. თქვენ შეგიძლიათ მრავალ საკითხზე იფიქროთ მექანიკურად, მაგრამ ამით ვერაფერს მიიღებთ. მექანიკური გზით ინტელექტუალური ცენტრის მხოლოდ მცირე ნაწილის - მაფორმირებელი აპარატის - გამოყენება შეგიძლიათ, და ამაზე არ ღირს დროის დახარჯვა.

არსებობს ერთი რამ, რაც ცენტრების ნაწილების შესახებ უნდა გაიგოთ. ინტელექტუალური ნაწილები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად უფრო ნაკლებად განსხვავდებიან, ვიდრე სხვა ნაწილები. ეს დაყოფა ინტელექტუალურ, ემოციურ და მამოძრავებელ ნაწილებად ძალიან მკაფიოდ და მკვეთრადაა განსაზღვრული ცენტრების ქვედა ნაწილებში, მაგრამ ეს სხვაობა მნიშვნელოვნად უფრო ნაკლებადაა გამოხატული უმაღლეს ნაწილებში.

კითხვა: უშლიან თუ არა ხელს ერთმანეთის მუშაობას მხოლოდ სხვადასხვა ცენტრები, თუ ერთი ცენტრის ერთმა ნაწილმა შეიძლება ამავე ცენტრის სხვა ნაწილს შეუშალოს ხელი?

პასუხი: ყველა ვარიანტი შესაძლებელია. დავუშვათ, თქვენ მამოძრავებელი ცენტრით მუშაობთ - ამ დროს შეიძლება ინსტინქტური ან ემოციური ცენტრი ჩაერთოს, ან მამოძრავებელი ცენტრის სხვა ნაწილი. ან თუ ერთ ცენტრში გრძობთ თავს, შემდეგ კი ლაპარაკს იწყებთ, თქვენ ამ დროს სხვა ცენტრში გადადიხართ და შეიძლება საერთოდ დაგავიწყდეთ, რისი თქმა გინდოდათ.

კითხვა: წარმოადგენს თუ არა სხვადასხვა ცენტრების ინტელექტუალური ნაწილების ჯამი ინტელექტუალურ ცენტრს, თუ ისინი ყველანი განცალკევებულები არიან?

პასუხი: არა, მათ ყველას შეუძლიათ ცალ-ცალკე მუშაობა, მაგრამ რა თქმა უნდა, ადამიანს რომ შეეძლოს ყველა ცენტრის ინტელექტუალური ნაწილების მართვა და აიძულოს მათ ერთად მუშაობა, ეს იქნებოდა გზა უმაღლეს ცენტრებამდე. ინტელექტუალური ნაწილები ცალკე დამოუკიდებლად არ ქმნიან ერთ ცენტრს, მაგრამ მათი გაერთიანებული მუშაობა გაცილებით უკეთესია იმაზე, რასაც ისინი ცალ-ცალკე აკეთებენ.

კითხვა: ასუსტებს თუ არა საკუტარ თავზე მუშაობა ცენტრების მექანიკური ნაწილების მუშაობას?

პასუხი: იგი მათ იმ თვალსაზრისით დაასუსტებს, შეამცირებს მექანიკურობას იქ, სადაც ყურადღება და ცნობიერებაა საჭირო. მექანიკური ნაწილები იმ სამუშაოს შეასრულებენ, რისთვისაც მოწოდებულნი არიან, და შესაძლოა უკეთაც შეასრულონ, ვიდრე ახლა, რადგანაც ამჟამად ისინი მეტისმეტად არიან დაკავებულნი ისეთი რაღაცეებით, რაც მათ არ ეხება. ეს მუშაობის საშუალებას მისცემს ცენტრების საუკეთესო ნაწილებს.

კითხვა: მექანიკურობა უნდა განვიხილოთ როგორც ფაქტი დაკვირვებისთვის, თუ როგორც ბოროტება, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ?

პასუხი: თქვენ ვერასოდეს გაიგებთ მექანიკურობას, თუ ასე ლაპარაკობთ უმნიშვნელო საგნებზე. მაგრამ როცა ხედავთ ან თქვენს მეხსიერებაში პოულობთ, როგორ სრულიად მექანიკურად შეგიძლიათ ჩაიდინოთ ყველაზე საზიზღარი ქმედებები, რომლებზეც მოგვიანებით ვერ მიხვდებით, როგორ შეგეძლოთ ამის ჩადენა, მაშინ გაიგებთ, თუ რას ნიშნავს მექანიკურობა. მთელი ცხოვრება მექანიკურად ვაკეთებთ იმას, რასაც არასოდეს გავაკეთებდით ცნობიერად. სწორედ ეს უნდა გავიგოთ. თუკი ჩვენს ცხოვრებას წლიდან წლამდე, თვიდან თვემდე გადავხედავთ, ბევრ ისეთ რამეს დავინახავთ, რასაც არასოდეს გავაკეთებდით ცნობიერად. ან დავინახავთ იმ არგაკეთებულს, რასაც უეჭველად გავაკეთებდით, ცნობიერები რომ ვყოფილიყავით. სწორედ ასე უნდა იფიქროთ მექანიკურობაზე.

კითხვა: იქნება თუ არა ფორმულირება ინტელექტუალური ცენტრის სწორი ფუნქცია?

პასუხი: სრულიად მართალია. შეიძლება იყოს სხვადასხვა დონეები, მაგრამ ამჟამად შეგვიძლია ვილაპარაკოთ მხოლოდ ფორმულირებაზე და ფორმირებაზე. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია გავიგოთ სწორი მნიშვნელობა სიტყვისა - „ფორმირება“. არსებობს გონებრივი დასკვნების ორი მეთოდი - ფორმირება და ფორმულირება. ფორმირება, ესაა დასკვნა, რომელიც მიღწეულია უმცირესი წინააღმდეგობის გზით, ნებისმიერი სირთულის თავიდან არიდების გზით. ეს უფრო მარტივია, რადგან თავისთავად კეთდება - მზა ფრაზები, მზა შეხედულებები, შტამპები. ჩვეულებრივ ისინი არ არიან საკმარისნი, გარდა ყველაზე მარტივი შემთხვევებისა. ფორმულირება - ესაა დასკვნა, რომელიც ეფუძნება მთელ მისაწვდომ მასალაზე დაყრდნობით მიღებულ დასკვნას. იგი ძალისხმევებს მოითხოვს და ზოგჯერ ძნელად მიიღწევა, მაგრამ არაფერი უკეთესი ჩვენ არ შეგვიძლია.

კითხვა: ნუთუ ჩვენ შეგვიძლია ფორმულირება? რომელიღაც „მე“-ები ხომ დაამახინჯებენ ფაქტებს?

პასუხი: თუკი ისინი რამეს დაამახინჯებენ, ისინი ფორმულირებას დაამახინჯებენ. მაგრამ აუცილებელია ვისწავლოთ ფორმულირების გარჩევა ფორმირებისგან. ფორმირება - ესაა ერთი უცაბედი შეხედულება, ზოგჯერ სრულიად მცდარი, ხოლო ფორმულირება, როგორც უკვე ვთქვი, - ესაა როდესაც აგროვებთ ყველაფერს, რაც მოცემულ საგანზე იცით, და ცდილობთ რაღაც დასკვნა გააკეთოთ.

კითხვა: რატომაა, რომ ლექციები ზოგჯერ საინტერესოა ჩემთვის, ზოგჯერ კი - არა?

პასუხი: იმიტომ, რომ სხვადასხვა ცენტრებში იმყოფებით. ერთ ცენტრში ეს თქვენთვის საინტერესოა, მეორეში - არა. დავუშვათ, ინსტინქტურ ცენტრში იმყოფებით - მას არ შეუძლია დაინტერესდეს ეზოთერული იდეებით, მას მხოლოდ საჭმელი და მსგავსი რაღაცეები აინტერესებს. მაგრამ თუ ინტელექტუალურ, ან ნაწილობრივ ემოციურ ცენტრში იმყოფებით, ეს თქვენთვის საინტერესო გახდება. თქვენ იცით, რომ ჩვენს სახლში ოთხი ოთახია, და ჩვენი ინტერესი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ოთახში ვიმყოფებით.

კითხვა: მეჩვენება, რომ როცა ადამიანი მანქანაზე მარტივ ტექსტს ბეჭდავს, იგი ამას უფრო სწრაფად აკეთებს, ვიდრე რაიმე ინტელექტუალურ ტექსტზე მუშაობისას.

პასუხი: იმიტომ, რომ მეორე შემთხვევაში ორი ცენტრი მუშაობს. რთული სამუშაო ორ ცენტრს მოითხოვს. მაგრამ მარტივ კოპირებაშიც კი ინტელექტუალური ცენტრი მუშაობს. მამოძრავებელ ცენტრს დიდად ვერ ენდობი - იგი წარმოსახვას და ოცნებებს მართავს. ამიტომ როცა ის მუშაობს, ინტელექტუალური ცენტრი აკვირდება. თუ ადამიანი მხოლოდ მამოძრავებელი ცენტრით მუშაობს, მას ნახევრად სძინავს. ცენტრების ყოველგვარი თანამშრომლობა - ესაა გამოღვიძების გარკვეული დონე. რას ნიშნავს დაძინება? ცენტრებს შორის კავშირის გაწყვეტას.

კითხვა: მეტყველებას ორი ცენტრი მართავს, ასე არაა?

პასუხი: მეტიც. ზოგადად, იგი ნაწილობრივ ინსტინქტურია, ნაწილობრივ მამოძრავებელი, ნაწილობრივ ინტელექტუალური და შესაძლოა ემოციურიც იყოს, ამიტომ მას შეუძლია ოთხივე ფუნქცია მოიცვას.

კითხვა: წარმოადგენს თუ არა ყოველი ცენტრის ინტელექტუალური ნაწილი საუკეთესო ნაწილს, რომელიც უნდა განვავითაროთ, განსხვავებით ცენტრების ემოციური და მამოძრავებელი ნაწილებისგან?

პასუხი: ყველა ნაწილი ერთნაირად აუცილებელია, მაგრამ ყველამ თავისი სამუშაო უნდა შეასრულოს. ნაწილები თავისთავად ვერ იქნებიან არასწორნი. ყოველ მათგანს თავისი ფუნქცია გააჩნია, მაგრამ თუკი ისინი ანაცვლებენ ერთმანეთს, მათი მუშაობა არასწორი ხდება.
იცით, იდეა იმის შესახებ, რომ მთელ ჩვენ ტვინს არ ვიყენებთ, არამედ მხოლოდ მის ნაწილს, ახალი არაა, მაგრამ ფსიქოლოგიური სისტემები ვერ ხსნიან, სახელდობრ რას ვერ ვიყენებთ, რადგანაც ცენტრების ნაწილები არ იმყოფებიან ერთი და იმავე დონეზე - სინამდვილეში ეს სხვადასხვა მანქანებია. ეს სისტემა ტვინის, და ზოგადად მთელი მენტალობის ნამდვილ ანატომიას გვაძლევს. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია, და თუ ადამიანი საკუთარ თავზე დაკვირვებას იწყებს ყურადღების თვალსაზრისით, მას შეუძლია გაიგოს თავისი გონებრივი პროცესების სხვადასხვა ღირებულება. ამაშია გასაღები მოცემული მანქანებისთვის.

კითხვა: რა განსხვავებაა ინტელექტუალური ცენტრის მამოძრავებელ ნაწილსა მამოძრავებელი ცენტრის ინტელექტუალურ ნაწილს შორის?

პასუხი: ისინი სრულიად განსხვავებულნი არიან. მამოძრავებელი ცენტრის ინტელექტუალური ნაწილი შეიძლება მართავდეს როგორც ჩვენს ყველაზე რთულ მოძრაობებს, ასევე იმ სიტუაციებს, როცა ახალი მოძრაობები უნდა გამოვიგონოთ. დავუშვათ, ვიღაცამ მოიგონა ძალიან რთული მანქანა, ან მუშაობს ძალიან რთულ მანქანასთან, ან ხელით ასრულებს ძალიან ჩახლართულ სამუშაოს, რომელიც უწყვეტ ყურადღებას ან გამუდმებულ თვითგახსენებას მოითხოვს, რათა რაიმე ნივთი არ დააზიანოს, - ეს იქნება მამოძრავებელი ცენტრის ინტელექტუალური ნაწილის ფუნქცია.

ხოლო ინტელექტუალური ცენტრის მამოძრავებელი ნაწილი - ესაა მარეგისტრირებელი ან მაფორმირებელი აპარატი, ტვინის კარტოთეკა. იგი ფრიად საჭიროა თავის ადგილზე, მაგრამ ხშირად მცდარი მიზნებისთვის გამოიყენება. დავუშვათ, რომ ვიღაც ამ კარტებს ჰაერში აგდებს და ცდილობს დასკვნები იმის საფუძველზე გააკეთოს, თუ როგორ ლაგდებიან ისინი დაცემისას - ეს იქნება მაფორმირებელი აპარატის მცდარი სამუშაო. და ეს სწორედ ისაა, რასაც ჩვეულებრივ ვაკეთებთ.

კითხვა: როცა გამოსწორებაზე საუბრობდით, გულისხმობდით თუ არა მცდელობას იმისა, რომ ცენტრებს უკეთესად მუშაობა ვაიძულოთ? რას მიჰყავს ისინი ასეთ მუშაობამდე?

პასუხი: მთელი მუშაობა საკუთარ თავზე - თვითშესწავლა, თვითშემეცნება, თვითგახსენება. ჩვენ ჯერ მანქანა უნდა შევისწავლოთ, შემდეგ კი მისი მართვა ვისწავლოთ. ფუნქციები ისე უნდა შევცვალოთ, რომ ყპველი თავის საკუთარ სამუშაოს ასრულებდეს. ჩვენი საქმიანობის უმეტესი ნაწილი იმაში მდგომარეობს, რომ ერთი ცენტრი მეორეს სამუშაოს ასრულებს. ჩვენი უუნარობა - მივაღწიოთ ნორმალურ დონეს, ფესვგადგმულია იმის უუნარობაში, რომ ცენტრებს სწორად მუშაობა ვაიძულოთ. ბევრი აუხსნელი რამ, რასაც ვაკვირდებით, ცენტრების არასწორი მუშაობის შედეგად ხდება.

კითხვა: ნიშნავს თუ არა ცენტრების არასწორი მუშაობა მათ ერთმანეთის მუშაობაშ ჩარევას?

პასუხი: არსებობს ცენტრების არასწორი მუშაობის ორი ფორმა. ისინი ან ერევიან ერთმანეთის მუშაობაში, ანუ ერთი მეორეს ნაცვლად მუშაობს, ან ერთი ცენტრი მეორესგან იღებს ენერგიას. ზოგჯერ ცენტრებს ერთმანეთისთვის უწევთ მუშაობა. თუ რაიმე მიზეზით ერთი ცენტრი მუშაობას წყვეტს, მისი სამუშაო შესაძლოა რაღაც პერიოდი სხვა ცენტრმა შეასრულოს, რათა გადაწვას აარიდოს თავი. ასეა მოწყობილი მანქანა.

ასეთი მოწყობილობის საწყისი იდეა სრულიად სწორია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში იგი გახდა მიზეზი გონებრივი და ფიზიკური აშლილობებისა, რადგანაც ერთ ცენტრს არ შეუძლია სწორად იმუშაოს მეორეს ნაცვლად. გაიგივების მდგომარეობაში კი ცენტრებს უყვართ საკუთარის ნაცვლად სხვისი სამუშაოს შესრულება. ეს ცუდ ჩვევად იქცა. ფუნქციების შერევით ცენტრები ენერგიების შერევასაც იწყებენ, და ცდილობენ მიიღონ უფრო მძლავრი ენერგიები, რომლებზეც შეჩვეულნი არ არიან.

კითხვა: მე მიჭირს დავინახო ცენტრების არასწორი მუშაობის მაგალითები. ჩემი ერთადერთი დაკვირვება ისაა, რომ ხშირად განვიცდი ზედმეტი მღელვარების მდგომარეობას.

პასუხი: შეგიძლიათ ამის მაგალითები იმაში დაინახოთ, როცა ადამიანები მეტისმეტად ემოციურები ხდებიან იმასთან მიმართებაში, რისი გაკეთებაც გაცილებით უკეთ შეეძლოთ ყოველგვარი ემოციების გარეშე.

კითხვა: როგორ შეიძლება მსგავში ჩარევის შეჩერება?

პასუხი: ფუნქციები ცნობიერების მდგომარეობითაა განპირობებული. შესაძლებელია მხოლოდ მცირე გადახრები: ჩვენ შეგვიძლია ცოტათი უფრო ცნობიერნი ვყოთ, ვიდრე ვართ, - ცოტათი მეტად, ან ცოტათი ნაკლებად. ეს ფუნქციებზე ახდენს გავლენას, რადგანაც თუ მეტად გამოღვიძებული ხართ, ფუნქციები უკეთეს შედეგებს იძლევიან, თუ უფრო მეტად გძინავთ - პირიქით, უარეს შედეგებს. ამას შეგვიძლია დავაკვირდეთ, მაგრამ როგორც პრინციპი, უნდა გაიგოთ, რომ ფუნქციები და ცნობიერების მდგომარეობები არ არიან ერთმანეთზე დამოკიდებულნი და თავისთავად არსებობენ. ცნობიერების მდგომარეობა ფუნქციებზე ახდენს გავლენას , და გაზრდილი ცნობიერება ახალ ფუნქციებს შექმნის. სრული, რეალური გამოღვიძება ახალ ფუნქციებს შექმნის, რომლებიც ამჟამად არ გაგვაჩნია.

კითხვა: მიზანი, რომლისკენაც უნდა ვისწრაფვოდეთ, - ეს ოთხივე ცენტრის სრული რეგულირებაა?

პასუხი: დიახ, ეს ამოსავალი წერტილია. ამის შემდეგ ადამიანს შეუძლია იფიქროს ცნობიერების მაღალი მდგომარეობების შექმნაზე - საკუთარი თავის გაცნობიერებაზე, შემდეგ კი გარესამყაროს გაცნობიერებაზე. ეს მაღალი უმაღლესი ცენტრების მუშაობის შესაბამისი იქნება.

ერთი ცენტრი ვერ გამოსწორდება თავისთავად. ყველა ცენტრი უნდა გამოსწორდეს, ისინი ნორმალურ მუშაობამდე უნდა მივიდნენ. იცით, ადამიანური მანქანა ძალიან დახვეწილადაა შექმნილი, და ყველაფერი მასში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ერთი და იგივე მიზნით. მაგრამ ჩვეულებრივ დონეზე ცენტრების მუშაობა არც ისე კოორდინირებულია. ისინი მეტისმეტად დამოუკიდებლად ცხოვრობენ, მაგრამ ამავე დროს ხელს უშლიან ერთმანეთს და ერთმანეთის ენერგიას იყენებენ.

ყოველი ცენტრი შექმნილია გარკვეული სახის ენერგიით მუშაობისთვის და სწორედ იმას იღებს, რაც ჭირდება. მაგრამ ყველა ცენტრი ერთმანეთს პარავს, და ამგვარად ცენტრი, რომელსაც უფრო მაღალი ენერგია ჭირდება, იძულებულია უფრო დაბალ ენერგიაზე იმუშაოს, ხოლო ცენტრი, რომელიც შედარებით ნაკლებად მძლავრი ენერგიით მუშაობს, უფრო მძლავრს იყენებს. სწორედ ასე მუშაობს მანქანა ამჟამად. წარმოიდგინეთ რამდენიმე ღუმელი: ერთი ნავთზე მუშაობს, მეორე შეშაზე, მესამე ბენზინზე. დავუშვათ, რომ იმ ნაწილს, რომელიც შეშისთვისაა შექმნილი, ბენზინი მიეწოდა - ჩვენ არაფერს არ უნდა ველოდოთ გარდა აფეთქებისა. შემდეგ კი წარმოიდგინეთ ღუმელი, რომელიც ბენზინისთვისაა განკუთვნილი, და დაინახავთ, რომ მას არ შეუძლია ნორმალურად იმუშაოს შეშაზე ან ნახშირზე.

ჩვენ უნდა გავარჩიოთ ჩვენში მომუშავე ოთხი ენერგია: ფიზიკური (მექანიკური) ენერგია - იგი გვეხმარება, მაგალითად გადავდგათ ეს მაგიდა; სასიცოცხლო ენერგია, რომელიც საშუალებას აძლევს სხეულს - მოინელოს საჭმელი, აღიდგინოს ქსოვილები და ა.შ. ფსიქიკური (მენტალური) ენერგია, რომლებითაც ცენტრები მუშაობენ, და ყველაზე მნიშვნელოვანი - ცნობიერების ენერგია.

ცნობიერების ენერგია არაა აღიარებული ფსიქოლოგიის და მეცნიერული სკოლების მიერ. ცნობიერება განიხილება, როგორც ფსიქიკური ფუნქციის ნაწილი. სხვა სკოლები ბოლომდე უარყოფენ ცნობიერებას და ყველაფერს განიხილავენ, როგორც მექანიკურს. ზოგიერთი სკოლა სასიცოცხლო ენერგიის არსებობა უარყოფს, მაგრამ სასიცოცხლო ენერგია განსხვავდება მექანიკურისგან, და ცოცხალი მატერია შესაძლებელია მხოლოდ ცოცხალი მატერიისგან შეიქმნას, ყოველგვარი ზრდა სასიცოცხლო ენერგიის მეშვეობით ხორციელდება. ფსიქიკური ენერგია - ესაა ენერგია, რომლითაც ცენტრები მუშაობენ. მათ შეუძლიათ იმუშაონ ცნობიერებით, ან ცნობიერების გარეშე, მაგრამ მათი მუშაობის შედეგები განსხვავებული იქნება, თუმცა არა იმდენად, რომ ადვილად შეამჩნიოთ ეს სხვაობა სხვა ადამიანებში. ცნობიერება შეგვიძლია მხოლოდ საკუთარ თავში ვიცოდეთ.

ყოველი აზრისთვის, გრძნობისთვის ან ქმედებისთვის (ან საკუთარი თავის გაცნობიერებისთვის) ჩვენ შესაბამისი ენერგია უნდა გვქონდეს. თუ იგი არ გაგვაჩნია, დაბლა ვეშვებით და დაბალ ენერგიაზე ვმუშაობთ - მხოლოდ ცხოველური ან მცენარეული ცხოვრებით ვცხოვრობთ. შემდეგ კვლავ ვაგროვდებთ ენერგიას, კვლავ გვებადება აზრები, კვლავ შეგვიძლია მოკლე დროით გავაცნობიეროთ თავი.

ფიზიკური ენერგიის დიდ რაოდენობასაც კი არ შეუძლია წარმოქმნას აზრები. აზრებისთვის განსაკუთრებული, უფრო მძლავრი ენერგიაა საჭირო. ცნობიერება კი კიდევ უფრო სწრაფ, უფრო ფეთქებად ნერგიას მოითხოვს.

კითხვა: თუკი ფსიქიკური ენერგიის ვერანაირი რაოდენობა ვერ წარმოქმნის ცნობიერების ენერგიას, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, რა რაოდენობის ფსიქიკურ ენერგიას მოვიხმარ?

პასუხი: ფსიქიკური ენერგია სრულიად სხვა მიზნებისთვის გჭირდებათ. მაგალიტად, სწორედ ამ ენერგიის საშუალებით აზროვნებთ.

კითხვა: მე ვაკვირდები, რომ ყურადღების უძრავად შენარჩუნების მცდელობები დიდ ენერგიას მართმევენ. ნიშნავს თუ არა ეს, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ?

პასუხი: არა, თქვენ უნდა გამოიყენოთ ენერგია იმისთვის, რომ ყურადღება შეინარჩუნოთ. ეს მუშაობაა, მუშაობა კი ენერგიას მოითხოვს, თუმცა, მეორე მხრივ, იგი ზოგავს კიდეც ენერგიას - იგი გიცავთ ენერგიის სხვა მიმართულებით ხარჯვისგან. თუ რაღაცას ყურადღების გარეშე აკეთებთ, ეს მნიშვნელოვნად მეტ დანაკარგს ნიშნავს.

კითხვა: რატომაა ასეთი რთული ყურადღების მართვა?

პასუხი: ჩვევის უკმარისობა. ჩვენ მეტისმეტად მივეჩვიეთ, რომ საშუალება მივცეთ მოვლენებს - შეგვემთხვეს. როცა ყურადღების ან რაიმე სხვას მართვა გვსურს, გვიჭირს ეს, ისევე როგორც ფიზიკური მუშაობა, თუკი მიჩვეულები არ ვართ.

კითხვა: რატომაა გაცნობიერებულობის მომენტები ასეთი იშვიათი? ეს ენერგიის საკითხია?

პასუხი: არა, საწვავის. თუ ელექტროენერგია არ გაქვთ, თქვენს ჯიბის ფანარში კი სუსტი ბატარეაა, თქვენ მცირე გამონათებას მიიღებთ და მორჩა. ცნობიერება - ეს სინათლეა, ხოლო სინათლე გარკვეული ენერგიის შედეგია; თუ ენერგია არაა, სინათლეც ვერ იქნება.

კითხვა: ცნობიერების განვითარების მთელი საიდუმლო ენერგიის შენახვასა და კონტროლში მდგომარეობს?

პასუხი: არა, მთელი არა, თუმცა ენერგიის შენახვა და გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ენერგია თავისთავად საკმარისი არაა, უნდა იცოდეთ, როგორ მართოთ იგი. ენერგია - ეს ცნობიერების მექანიკური ნაწილია. ჩვენ ვერ დავიწყებთ კონტროლის იდეით. იმისთვის, რომ ერთი პატარა რაღაც ვაკონტროლოთ, მთელი მანქანა უნდა ვიცოდეთ. პირველ რიგში, უნდა შევაჩეროთ ენერგიის კარგვა; მეორე, უნდა მოვკრიბოთ იგი თვითგახსენების გზით; შემდეგ კი ყველაფერი უნდა დავარეგულიროთ. სხვაგვარად ვერანაირად ვერ დავიწყებთ.

კითხვა: შეგვიძლია თუ არა ენერგიის მარაგში შენახვა?

პასუხი: დიახ, შეგიძლიათ, თუ მისი შენახვის უნარი გაქვთ. მაგრამ თავიდან საკითხი დგას არა იმაში, რომ მოიმარაგოთ, არამედ იმაშ, რომ არ დაკარგოთ. ჩვენ საკმარისი ენერგია გვექნებოდა ყველაფრისთვის, რისი კეთებაც გვინდა, არასაჭირო რაღაცეებზე რომ არ ვკარგავდეთ მას. მაგალითად, იმის მიზეზი, რომ ჩვენ ასე ხშირად ვაფორმირებთ, მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მეტისმეტად ჩლუნგები ვართ, არასაკმარისად ვგრძნობთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვგრძნობთ, მაგრამ ეს ილუზიაა. და მიზეზი იმისა, თუ რატომ ვგრძნობთ ასე ცოტას, იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს ემოციურ ცენტრს არასაკმარისი ენერგია აქვს.

ენერგიის გადინებებზე უკვე ითქვა, მაგრამ ყველაზე უარესი უარყოფითი ემოციების გამოხატვაა. თუ შეძლებთ, რომ უარყოფითი ემოციების გამოხატვა შეაჩეროთ, მაშინ შეინარჩუნებთ ენერგიას და არასოდეს იგრძნობთ მის უკმარისობას.

ჩვენ მხოლოდ მაშინ შეგვიძლია გავხდეთ ცნობიერი არსებები, თუ სწორად გამოვიყენებთ იმ ენერგიას, რომელსაც ამჟამად არასწორად იყენებთ. მანქანას შეუძლია საკმარისი ენერგია აწარმოოს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ბრაზის, გაღიზიანების ან რამე ამდაგვარ მდგომარეობაში გახარჯოთ იგი, და მაშინ იგი ძალიან ცოტა რჩება.

ნორმალური ორგანიზმი სრულიად საკმარის ენერგიას გამოიმუშავებს არა მხოლოდ ყველა ცენტრისთვის, არამედ მარაგადაც. წარმოაბა რიგზეა, მაგრამ ხარჯვა არასწორია. ეს დანაკარგები უნდა შევისწავლოთ, რადგან დანაკარგების ზოგიერთ სახესთან ერთად აზრი არ აქვს მუშაობის გაგრძელებას, სანამ ისინი არ შეჩერდებიან. რადგანაც, რაც უფრო მეტ ენერგიას დავაგროვებთ, მით უფრო მეტად გაედინება იგი. ეს საცერში წყლის ჩასხმას ჰგავს. ცალკეული უარყოფითი ემოციები სწორედ ასეთ გადინებებს იწვევენ. გარკვეულ სიტუაციებში ზოგიერთი ადამიანი უარყოფითი ემოციების მთელ კასკადს გადის, რომლებიც იმდენად ჩვეულია მისთვის, რომ ვერც კი ამჩნევს. ამან შეიძლება მხოლოდ ხუთი წუთი ან ხუთი წამი დაიკავოს, მაგრამ ეს შეიძლება საკმარისი იყოს მთელი იმ ენერგიის დასახარჯად, რომელიც ორგანიზმმა ოცდაოთხი საათის განმავლობაში გამოიმუშავა.

მე მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაპყრო უარყოფითი ემოციების ამ იდეას. ეს სინამდვილეში მეორე პუნქტია მნიშვნელობით; პირველი დაკავშირებულია ცნობიერებასთან - რომ ჩვენ არ ვართ ცნობიერნი, მაგრამ შეგვიძლია ასეთები გავხდეთ. აუცილებელია გავიგოთ, რომ არ არსებობს არცერთი სასარგებლო უარყოფითი ემოცია, სასარგებლო - თუნდაც რაღაც თვალსაზრისით. ყველა უარყოფითი ემოცია - სისუსტის ნიშანია. შემდეგ, ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ შეგვიძლია ვებრძოლოთ მათ; შესაძლებელია მათზე გამარჯვება და მათი დაშლა, რადგან მათ რეალური ცენტრი არ გააჩნიათ. მათ რომ რეალური ცენტრი ჰქონოდათ, როგორც მაგალითად ინსტინქტურ ემოციებს აქვთ, მაშინ არ იქნებოდა არანაირი შანსი - ჩვენ სამუდამოდ დავრჩებოდით უარყოფითი ემოციების ძალაუფლების ქვეშ. ამიტომ ეს ჩვენი წარმატებაა, რომ მათ რეალური ცენტრი არ გააჩნიათ; ამ დროს ხელოვნური ცენტრი მუშაობს, და მისი მოშორება შესაძლებელია. როცა ეს მოხდება, ჩვენ გაცილებით უფრო უკეთ ვიგრძნობთ თავს. იმის გაცნობიერებაც კი, რომ ეს შესაძლებელია, - უკვე ძალიან ბევრია, მაგრამ ჩვენ ბევრი წინასწარგანწყობა, რწმენა და „პრინციპებიც“ კი გაგვაჩნია უარყოფით ემოციებთან დაკავშირებით, ამიტომ ძალიან ძნელია იმ იდეისგან განთავისუფლება, რომ ისინი აუცილებელნი არიან. ეცადეთ იფიქროთ ამაზე, და თუ რაიმე კითხვები გაქვთ, ვუპახუსებ მათზე.

კითხვა: თქვენ თქვით, რომ ჩვენ არანაირი დადებითი ემოცია არ გაგვაჩნია?

პასუხი: ჩვენ არ გვაქვს დადებითი ემოციები. დადებითს მხოლოდ იმ ემოციას ვუწოდებთ, რომელიც უარყოფითი ვერ გახდება. ჩვენი ემოციები კი, ყველაზე საუკეთესოებიც კი მათ შორის, რომელთა განცდაც ამჟამინდელ მდგომარეობაში შეგვიძლია, ნებისმიერ მომენტში შეიძება გახდნენ უარყოფითი. გარდა ამისა, თავისი მასშტაბით არსებული ემოციები ძალიან მცირეა იმისთვის, რომ დადებითი იყოს. დადებითი ემოციები ძალიან ბევრს მოიცავენ თავის თავში მაშინ, როცა ჩვენი ემოციები ძალზე ვიწროა. ამიტომ მოცემულ მომენტში არანაირი დადებითი ემოციები არ გვაქვს, არამედ მხოლოდ უარყოფითი გვაქვს.

კითხვა: და თუ უარყოფითი ემოციებისგან განვთავისუფლდებით?

პასუხი: მაშინ შეგვეძლება, რომ დადებითი გვქონდეს. ზოგიერთი უარყოფითი ემოცია შესაძლებელია, უბრალოდ დაიშალოს, მაგრამ სხვებისგან განთავისუფლება მხოლოდ მაი დადებით ემოციებად ტრანსფორმაციით შეგვიძლია. მაგრამ ეს ძალიან შორსაა ჩვენგან. ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება ახლა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ საფუძველი მოვამზადოთ ამისთვის - ძირითადად სწორი დამოკიდებულებების შექმნით, რადგანაც თავდაპირველად გონებრივი მუშაობა მიდის. სწორ გონებრივ დამოკიდებულებებს ვქმნით იმის გაგებით, რომ უარყოფითი ემოციები არ ემსახურებიან არანაირ სასარგებლო მიზანს, ასევე იმის გაცნობიერებით, თუ რამდენს ვკარგავთ, როდესაც მათ ვებღაუჭებით. მაშინ შესაძლოა გვქონდეს საკმარისი ენერგია იმისთვის, რომ რამე მოვუხერხოთ მათ.

კითხვა: რამე მოვუხერხოთ - ანუ გავაჩეროთ?

პასუხი: ჩვენ უნდა დავიწყოთ სწორი გაგებით, სწორი დამოკიდებულებით. სანამ ვფიქრობთ, რომ უარყოფითი ემოციები გარდუვალია ან სასარგებლოცაა თვითგამოხატვისთვის, ვერაფერს ვიზამთ. საჭიროა გარკვეული გონებრივი ბრძოლა, რათა გავიგოთ, რომ მსგავს ემოციებს არანაირი სასარგებლო ფუნქცია არ გააჩნიათ, მაგრამ მთელი ცხოვრება ამავდროულად ნმათ ეფუძნება.

ჩვენში ბევრი უცნაური რამაა. პირველ რიგში არსებობს რაღაცეები, რაც შეიძლება გაცნობიერებული იყოს, მაგრამ არაა გაცნობიერებული. მეორეც, ჩვენ ვაფუჭებთ ჩვენს ცხოვრებას უარყოფითი ემოციებით, რომლებისთვისაც ბუნებამ ცენტრიც კი არ გაითვალისწინა, ამიტომ ხელოვნურად უნდა შევქმნათ იგი. რა არის მექანიკური? ის, რაც არანორმალურია, არაბუნებრივია.

კითხვა: ყოველთვის შეიძლება უარყოფითი ემოციის გარჩევა ნამდვილისგან?

პასუხი: თქვენ შეგიძლიათ გაიგივებით ამოიცნოთ იგი, რადგან ნეგატიურ ემოციებში ყოველთვის არის ორი რაღაც: გაიგივება და უარყოფითი წარმოსახვა. უარყოფითი წარმოსახვისა და გაიგივების გარეშე ასეთ ემოციებს არსებობა არ შეუძლიათ.

კითხვა: როცა უარყოფითი ემოციის შიგნით ხარ, მაგალითად, ისეთის, როგორიცაა ცუდი განწყობა, ნუთუ შესაძლებელია ამის მხოლოდ აზროვნებით შეჩერება?

პასუხი: არა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ ამისთვის საფუძველი. თუ შეგიძლიათ, რომ სწორი დამოკიდებულება შექმნათ, რაღაც დროის შემდეგ ეს დაგეხმარებათ, რომ ეს უარყოფითი ემოცია დასაწყისშივე შეაჩეროთ. როცა ემოციის შიგნით ხართ, მას ვერ შეაჩერებთ - უკვე ძალიან გვიანია. არ უნდა მისცეთ თავს ნება, რომ ცუდ განწყობაში შეხვიდეთ, არ უნდა გაამართლოთ იგი.

კითხვა: რასაც ამბობთ, იქიდან გამომდინარე მეჩვენება, თქვენ ფიქრობთ, რომ არსებობს რაღაც ერთი „მე“, სხვებზე მაღლა, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია.

პასუხი: მაღლა არა, მაგრამ გარკვეული ინტელექტუალური „მე“-ები თავისუფალნი არიან ემოციური ცენტრისგან და შეუძლიათ რომ მიუკერძოებლად დაინახონ მოვლენები. მათ შეუძლიათ თქვან: „მე მთელი ცხოვრება ამ უარყოფითი ემოციით ვიცხოვრე. მივიღე ამისგან რამე სარგებელი? არა. მხოლოდ ვიხდიდი, ვიხდიდი და ვიხდიდი საფასურს. ეს ნიშნავს, რომ იგი უსარგებლოა“.

კითხვა: გვაქვს თუ არა ემოციები, რომლებიც არ არიან უარყოფითი?

პასუხი: რა თქმა უნდა, მაგრამ ეს სულაც არაა დადებითი ემოციები. ისინი ჯერ არ არიან უარყოფითნი, მაგრამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება იქცნენ ასეთებად.

კითხვა: მაგრამ მე მეჩვენება, რომ არსებობენ გარემოებები, რომლებიც იწვევენ ადამიანში უარყოფით ემოციებს!

პასუხი: ეს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე უარესი ილუზიაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უარყოფითი ემოციები გარემოებების გამო იქმნება, მაშინ, როცა ყველა უარყოფითი ემოცია ჩვენს შიგნითაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ, რომ ჩვენი უარყოფითი ემოციების წარმოშობაში სხვა ადამიანები ან გარემოებები არიან დამნაშავენი. ჩვენ ყოველთვის ასე ვფიქრობთ. მაგრამ უარყოფითი ემოციები ჩვენში არიან და ჩვენ მიერვე წარმოიშობიან. არ არსებობს აბსოლუტურად არცერთი გარდუვალი მიზეზი,რომლითაც ვინმეს მოქმედებამ ან რაიმე გარემოებამ ჩემში უარყოფითი ემოცია უნდა გამოიწვიოს. ეს მხოლოდ ჩემი სისუსტეა. ვერცერთი უარყოფითი ემოცია ვერ წარმოიშობა გარე მიზეზებით, თუ ეს ჩვენ არ გვინდა. უარყოფითი ემოციები იმიტომ გვაქვს, რომ ვუშვებთ და ვამართლებთ მათ, გარე მიზეზებით ვხსნით და არ ვებრძვით მათ.

კითხვა: არსებობს თუ არა რაიმე მიზეზი, თუ რატომ გვინდა ასე მათი შენარჩუნება?

პასუხი: ჩვევა. ჩვენ ძალიან შევეჩვიეთ მათ, არ შეგვიძლია მათ გარეშე ცხოვრება. რას იზამდა მრავალი ადამიანი უარყოფითი ემოციების გარეშე? ეს ჩვევა იმდენად ძლიერია, რომ სპეციალური სამუშაოა საჭირო უარყოფითი ემოციებისგან გასანთავისუფლებლად.

მაგრამ თავდაპირველად ამ ემოციებზე მუშაობა ორმაგი იქნება: შესწავლა, და მცდელობა, რომ არ გამოვხატოთ ისინი. ნამდვილი მუშაობა უარყოფით ემოციებზე მოგვიანებიტ დაიწყება. თქვენ ვერ შეისწავლით მათ, თუ გამოხატავთ. მაგრამ თუ ცდილობთ მათი გამოხატვის შეჩერებას, მაშინ შეძლებთ, რომ დაინახოთ და შეისწავლოთ ისინი.

კითხვა: წარმოადგენს თუ არა თვალსაზრისის შეცვლა უარყოფით ემოციებთან ბრძოლის ერთ-ერთ მეთოდს?

პასუხი: სრულიად მართალია, მაგრამ ეს არაა საკმარისი. ნამდვილი ბრძოლა გაიგივებასთან ბრძოლით იწყება. თუ გაიგივებას ანგრევთ, უარყოფითი ემოციები თავისთავად დასუსტდებიან. მაგრამ რა თქმა უნდა თვალსაზრისების შეცვლაც ასევე აუცილებელია.

კითხვა: მე ისე გავიგე, რომ უარყოფით ემოციებთან ბრძოლა უსარგებლოა, მაგრამ ჩვენ უნდა შევისწავლოთ და დავაკვირდეთ მათ. მართალია?

პასუხი: უარყოფით ემოციებთან ბრძოლა ბევრ ძალისხმევას მოითხოვს - ჩვევა ძალიან ძლიერია. თავიდან უბრალოდ უნდა შეისწავლოთ და ეცადოთ, რომ ებრძოლოთ უარყოფით ემოციებს.თუ ახლა ერთ ემოციასთან დაიწყებთ ბრძოლას, სანაცვლოთ შეძლებთ, რომ ორი სხვა შექმნათ. დროთა განმავლობაში, ირიბი გზით, შეგიძლიათ ძალაუფლება მოიპოვოთ ემოციებზე. მაგრამ პირველი ნაბიჯი - შესწავლაა.

კითხვა: შეიძლება თუ არა, ადამიანს ჰქონდეს უარყოფითი ემოციები და ამავდროულად სრულიად ჯანმრთელი იყოს?

პასუხი: ამ სისტემის თვალსაზრისით, სიტყვა „ჯანმრთელობა“ უფრო ფართო მნიშვნელობით უნდა ავიღოთ. ჩვენ არ შეგვიძლია მისი გამოყენება ფიზიკური გამოვლინების ზოგადად მიღებული თვალსაზრისით - ფიზიკური ავადმყოფობის ფაქტობრივი არარსებობით - რადგანაც ჯანმრთელობის ერთ-ერთ პირველ პირობას ცენტრების სწორი მუშაობა წარმოადგენს. ადამიანები, რომელთა ცენტრებიც არასწორად მუშაობენ, არ არიან ჯანმრთელები. ჯანმრთელობის იდეა უნდა გაფართოვდეს, იგი ვიწროდ არ უნდა აღვიქვათ.

კითხვა: ცენტრების სწორად მუშაობასთან დაკავშირებით, - მე ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება შეაკავო ემოციური ცენტრი იმ სამუშაოში ჩარევისგან, რომლის გაკეთებასაც ინტელექტუალური ცდილობს.

პასუხი: იგი გამუდმებით ერევა. ვერც ვერაფერს მოუხერხებთ ამას, სანამ უარყოფით ემოციებს არ დაამარცხებთ და გაიგივებისგან არ განთავისუფლდებით. როცა გაიგივებას შეწყვეტთ, უარყოფითი ემოციები ძალას დაკარგავენ , რადგან ისინი მხოლოდ გაიგივების საფუძველზე მუშაობენ.

კითხვა: როცა უსიამოვნო ემოციას განიცდით, რატომაა აუცილებელი მისი არგამოხატვა?

პასუხი: პრინციპი იგივეა, რაც უსარგებლო საუბართან დაკავშირებით. ჰკითხეთ საკუთარ თავს, სასარგებლოა თუ არა, აუცილებელია თუ არა მათი გამოხატვა? იდეა იმაშია, რომ წინააღმდეგობა შევქმნათ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკვირვებას ვერ შევძლებთ. და ეს წინააღმდეგობის შექმნა - შესავალია ემოციების შესწავლაში. ამის გარეშე ვერ შევძლებთ მათ დანახვას.

კითხვა: რატომაა, რომ თუ მათ შეწინააღმდეგებას ცდილობ, ამას აზრების სრულ გაჩერებამდე მივყავართ?

პასუხი: პრაქტიკის უკმარისობა. თავიდან ყველაფერი ჩერდება.

კითხვა: თუ უარყოფით ემოციებს არ გამოვხატავთ, სასარგებლოა თუ არა მათი ჩვენს შიგნით შეკავება?

პასუხი: სცადეთ. თქვენ არაფერს არ უნდა დაუჯეროთ. თუ დაასკვნით, რომ მათი გამოხატვა კარგია, ჩვენ ვიკამათებთ. მაშინ მე გეტყვით, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ამ გამოხატვის კონტროლი. ხოლო თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ ჯობია არ გამოხატოთ ისინი. საქმე იმაშია, შეძლებთ თუ არა თავის შეკავებას მათი გამოხატვისგან? ბევრი დრო და ბევრი სხვა რამეა საჭირო იმისთვის, რომ რეალურად არ გამოხატოთ უარყოფითი ემოციები.

კითხვა: რატომ გვაძლევს ბრაზის ან გაღიზიანების გამოხატვა შვების შეგრძნებას?

პასუხი: ჩვენში არის ჭია, რომელსაც თავის გამოხატვა სურს. ამიტომ, როცა ის თავს გამოხატავს, თქვენ შვებას გრძნობთ, მაგრამ ამის ხარჯზე ის უფრო ძლიერი ხდება და კიდევ უფრო მეტ ძალაუფლებას მოიპოვებს თქვენზე. როცა მიხვდებით, რომ სხვა არავინაა პასუხისმგებელი თქვენს გაღიზიანებაზე, თანდათანობით სხვაგვარად დაიწყებთ ფიქრს. ჩვენ გაცილებით უფრო მეტი კონტროლი გვაქვს უარყოფითი ემოციების გამოხატვაზე, ვიდრე გვგონია, და შეგვიძლია, რომ ვისწავლოთ მათი არგამოხატვა. ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც კი, ჩვენ ყოველთვის არ გამოვხატავთ უარყოფით ემოციებს: ჩვენ ვიცით, რომ გარკვეულ პირობებში ეს შეიძლება სახიფათო იყოს. და თუ ჩვენ შეგვიძლია მათი გამოხატვის კონტროლი გარკვეულ პირობებში, შესაბამისად, თუკი მოვინდომებთ, ჩვეულებრივ პირობებშიც შევძლებთ მათ კონტროლს.

კითხვა: ხომ არ ექნება უარყოფითი ემოციების გამოხატვისგან, ე.წ. „ორთქლის გამოშვებისგან“ თავის შეკავებას საზიანო შედეგი?

პასუხი: ამაში არაა საფრთხე. ჩვენ არ შეგვიძლია ისეთი ძლიერი თავშეკავება, რომ საკუთარ თავს ვავნოთ. „ორთქლის გამოშვება“ - ეს შვების ილუზიაა. ეს მხოლოდ ენერგიის დაკარგვაა. უარყოფითი ემოციების გამოხატვა ყოველთვის მექანიკურია, ამიტომ იგი ვერასოდეს იქნება სასარგებლო. მაგრამ მისადმი შეწინააღმდეგება - გაცნობიერებულია.

კითხვა: თუ უარყოფითი ემოციები არ უნდა გვქონდეს, ეს მთელ ჩვენს ემოციურ ცხოვრებას გაანადგურებს!

პასუხი: პირიქით. ახლა თქვენ არანაირი ემოციური ცხოვრება არ გაქვთ, არამედ მხოლოდ იმიტაცია. მთელი იდეა იმაშია, რომ ემოციური ცხოვრება გქონდეთ. ცოდნის რეალური შესაძლებლობები ემოციურ ცენტრში იმყოფებიან.

კითხვა: ბრაზის კონტროლი ისევე გვფიტავს, როგორც მისი გამოხატვა. რას მოვიგებ, თუ კონტროლს ვეცდები?

პასუხი: ეს სრულიად მცდარი წარმოდგენაა, რომ ენერგიის რაოდენობა იგივეა, რადგან კონტროლი ენერგიას ზრდის. ალბათ ენერგიის გარკვეული რაოდენობა უნდა დახარჯოთ იმაში, რომ რაღაც ემოცია აკონტროლოთ, მაგრამ შემდეგ მომენტში, რადგან აღარ ხარჯავთ ენერგიას ამ უსარგებლო ემოციაზე, კონტროლი თქვენს ენერგიას გაზრდის. ასეთია კონტროლის ქიმიური მოქმედება.

კითხვა: ჩემი გამოცდილებით, უარყოფითი ემოციის გამოხატვის დათრგუნვა დაღლილობას იწვევს.

პასუხი: თქვენ შეიძლება დაიღალოტ, თუ მხოლოდ თრგუნავთ გამოხატვას. მაგრამ მე არასოდეს მიხსენებია დათრგუნვა, მე ვამბობდი: „არ გამოხატოთ, იპოვე„თ საფუძველი, რომ არ გამოხატოთ“. დათრგუნვა ვერ დაგეხმარებათ, რადგან ადრე თუ გვიან უარყოფითი ემოცია მაინც გამოხტება. თუ უბრალოდ თრგუნავთ, ამ დროს გაიგივებას ინარჩუნებთ და მხოლოდ გარეგან გამოხატვას თიშავთ. აქ მთავარია საფუძვლის პოვნა, სწორი აზროვნება, რადგან უარყოფითი ემოციის გამოხატვა ყოველთვის ეფუძნება მცდარი აზროვნების გარკვეულ სახეს.

კითხვა: მინდა მეტი დახმარება მივიღო უარყოფით ემოციებთან მუშაობასტან დაკავშირებით.

პასუხი: ეს თქვენი საკუთარი ძალისხმევა უნდა იყოს, და პირველ რიგში თავად უნდა შეისწავლოთ თქვენი უარყოფითი ემოციები და მათი კლასიფიკაცია მოახდინოთ. უნდა იპოვოთ მთავარი უარყოფითი ემოციები და განსაზღვროთ, რატომ მოდიან ისინი, რა იწვევს მათ და ა.შ. უნდა გაიგოთ, რომ ემოციის კონტროლი მხოლოდ გონებითაა შესაძლებელი, მაგრამ ეს არ ხდება დაუყოვნებლივ. თუ ექვსი თვის განმავლობაში ფიქრობთ სწორად, ეს უარყოფით ემოციებზე მოახდენს გავლენას. თუ დღეს დაიწყებთ სწორად აზროვნებას, ეს თქვენს ემოციებს ხვალვე არ შეცვლის.

კითხვა: როცა უარყოფით ემოციებზე ვფიქრობ, კარგად მესმის, რომ მათ ჩვენშივე აქვთ ფესვები გადგმული, და მაინც, მალევე ვიწყებ მათ გამოხატვას. ხდება თუ არა ეს უბრალოდ იმიტომ, რომ ერთიანი არ ვარ?

პასუხი: პირველ რიგში, იმიტომ რომ ერთიანი არ ხართ, მეორე, იმიტომ, რომ ამის გაკეთებას სწორად არ ცდილობთ. როგორც უკვე ვთქვი, ეს ხანგრძლივი სამუშაოა - ეს ვერ შეიცვლება უცებ. თუ ადამიანს გამუდმებულად აქვს უარყოფითი ემოციები, ერთი და იგივე სახის უარყოფითი ემოციები, რომლებიც ბრუნდებიან, მაშინ ასეთი ადამიანი ერთი და იმავე ადგილას წამოკრავს ფეხს. ის რომ საკუთარ თავს უკეთ დაკვირვებოდა, მაშინ ეცოდინებოდა, ისინი ახლოვდებიან, ან უკვე აქ არიან; მას რომ ადრევე სწორი მენტალური მიდგომა ჰქონოდა, გარკვეულ წინააღმდეგობას შეძლებდა. მაგრამ თუკი მას არ გააჩნია სწორი დამოკიდებულება, თუკი არასწორად აზროვნებს, მაშინ იგი უმწეოა და უარყოფითი ემოციები კვლავ და კვლავ მოდიან იგივე დროს და იგივე სახით. ეს ემოციების მართვის ერთ-ერთი მეთოდია ინტელექტუალური ცენტრის მეშვეობით. მაგრამ დამოკიდებულებები ემოციური აფეთქების დროს კი არ უნდა შეიქმნას, არამედ ადრევე. მაშინ ემოციური აფეთქებები თანდათანობით გადავლენ ინტელექტის კონტროლქვეშ. აზრებს შეუძლიათ გრძნობებზე მუდმივნი იყვნენ, და ამგვარად აზრებს შეუძლიათ, რომ ზემოქმედება მოახდინონ გრძნობებზე. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მუდმივი აზრები, მუდმივი დამოკიდებულებები, რომლებიც დროთა განმავლობაში გრძნობებზე მოახდენენ ზემოქმედებას. მაგრამ სანამ ეს შესაძლებელი გახდება, აუცილებელია, რომ ემოციებში გარკვეული დისციპლინა შევიტანოთ და საჭიროა, მოვიპოვოთ გარკვეული ცოდნა, რათა ემოციურ გონებაზე ვიმუშაოთ.

კითხვა: მე შევაჩნიე, რომ თითქმის საერთოდ არ გამაჩნია ემოციები ან მკაფიო განცდები. ეს ძილია?

პასუხი: ნაწილობრივ ძილია, ნაწილობრივ კი ცხოვრება მამოძრავებელ და ინსტინქტურ ცენტრებში. ამ შემთხვევაში, სწორედ ისე, როგორც თქვენ აღწერთ, ჩვენს ოდნავ თუ გვაქვს განცდების რაიმე სიმძაფრე.

კითხვა: ზოგ შემთხვევაში შიშის უარყოფითი ემოცია სასარგებლოდ მეჩვენება, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანები ისე გადაკვეთდნენ ქუჩას, რომ გვერდზეც არ გაიხედებოდნენ.

პასუხი: თქვენ ინსტინქტურ შიშზე საუბრობთ. ემოციური შიში სხვაა. იგი დაფუძნებულია წარმოსახვაზე.

კითხვა: ახდენენ თუ არა უარყოფითი ემოციები მავნე გავლენას სხვა ფუნქციებზე?

პასუხი: ეს თქვენ თვითონ უნდა გაიგოთ. მაგალითად, თუ აგზნებული ხართ, გაღიზიანებული ხართ, ან რაღაც ამდაგვარი, ეცადეთ, რომ სხვა რაღაცეები შეამჩნიოთ, კარგად გახსოვთ თუ არა ამ დროს, კარგად ფიქრობთ თუ არა, კარგად მუშაობთ თუ არა? დაინახავთ, რომ ყველა უნარი დაქვეითდა. ეს დაკვირვება თავისთავად გაჩვენებთ სხვა რაღაცეებს დაკვირვებისთვის.

კითხვა: რატომაა, რომ უარყოფითი ემოცია ასეთ დონეზე მოქმედებს ინსტინქტური ცენტრის ფუნქციონირებაზე?

პასუხი: უარყოფითი ემოციები ყველა ცენტრზე ზემოქმედებენ. ცენტრები ისეა დაკავსირებული, რომ არ შეიძლება გქონდეს ძლიერი უარყოფითი ემოცია - გაიგივებისას კი ისინი უფრო ძლიერნი ხდებიან - ყველა ცენტრზე ზემოქმედების გარეშე. თქვენ არ შეგიძლიათ გქონდეთ უარყოფითი ემოცია და ამავე დროს რაღაც სწორად აკეთოთ ან თუნდაც რაღაც სწორად იფიქროთ. ამ დროს არასწორად ჭამთ, არასწორად სუნთქავთ, არასწორად დადიხართ, არასწორად მუშაობთ - ყველაფერს არასწორად აკეთებთ.

კითხვა: წარმოადგენენ თუ არა უარყოფითი ემოციები ინსტინქტური ცენტრის არასწორი გამოყენების შედეგს?

პასუხი: არა, მაგრამ ყველა ემოციას თავისი წარმოშობა ინსტინქტურ ცენტრში აქვს. პატარა ბავშვს ცენტრები არ აქვს დაყოფილი. უარყოფითი ემოციები ინსტინქტური ცენტრიდან აღებული მასალიდანაა შექმნილი. ეს მასალა კანონიერად ინსტინქტურ ცენტრს ეკუთვნის და არასწორადაა მისგან ნასესხები. ჩვენ ძალიან უცნაურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რადგანაც დადებითი ემოციები ეკუთვნიან არა ჩვენს ჩვეულ ემოციურ ცენტრს, არამედ უმაღლეს ემოციურ ცენტრს, ხოლო უარყოფითი ემოციები ეკუთვნიან არა ჩვეულებრივ ემოციურ ცენტრს, არამედ ხელოვნურ ცენტრში არსებობენ. ემოციური ცენტრი მასალას ინსტინქტური ცენტრისგან იღებს, შემდეგ კი ინსტინქტური ცენტრის უარყოფითი ნაწილისგან გაიგივებისა და წარმოსახვის მეშვეობით უარყოფით ემოციებს ქმნის. მათი დანგრევა - ძალზე ძნელი სამუშაოა, მაგრამ თქვენ უნდა გაიგოთ, რომ მანამ, სანამ უარყოფითი ემოციები არსებობენ, ვერანაირი განვითარება ვერ იქნება შესაძლებელი, რადგან განვითარება ნიშნავს ყველაფრის განვითარებას, რაც კი ადამიანშია. უარყოფით ემოციებს არ შეუძლიათ განვითარება. ფრიად დამღუპველი იქნებოდა, მათ რომ ეს შეეძლოთ. ამიტომ, თუ ადამიანი ცდილობს, რომ ცნობიერება განივითაროს, იგი ამავდროულად უარყოფით ემოციებსაც უნდა ებრძოლოს, რადგანაც თქვენ ან შეინარჩუნებთ მათ, ან განვითარდებით - შეუძლებელია გქონდეთ ერთიც და მეორეც ერთდროულად.

კითხვა: იქნება თუ არა უარყოფითი ემოციების კონტროლის ერთ-ერთი მეთოდი იმის გაგების მცდელობა, თუ რატომ ხდება კონკრეტული მოვლენები? მიზეზების და შედეგების გაგების მცდელობა?

პასუხი: ეს შესაძლებელია გარკვეულ კერძო შემთხვევაში, მაგრამ ახლა საკითხი არ დგას დანგრევაზე ან კონტროლზე - საქმე შესწავლაშია. ყველაზე ძლიერი მეთოდი უარყოფით ემოციებზე კონტროლისთვის - ესაა ისწავლოთ მათი არგამოხატვა. ამიტომ პირველ რიგში უნდა ვებრძოლოთ უარყოფითი ემოციების გამოხატვას, შემდეგ კი იმ ემოციებს, რომლებთან ბრძოლაც შეგვიძლია. როცა ვისწავლით მათ არგამოხატვას, შემდეგ უკვე მომდევნო ნაბიჯზე ვისაუბრებთ. შეუძლებელია უარყოფითი ემოციების კონტროლი მანამ, სანამ მათ თავისუფალი გამოხატულება აქვთ.

მინდა, რომ გაიგოთ: უარყოფითი ემოციების გამოხატვის შეჩერება და უარყოფით ემოციებთან ბრძოლა - ეს ორი სრულიად განსხვავებული პრაქტიკაა. თავდაპირველად ვიწყებთ არგამოხატვის ძალისხმევით. თუ უარყოფით ემოციას გამოხატავთ, მისი ძალაუფლების ქვეშ იმყოფებით და ამ მომეტში ვერაფერს იზამთ. როცა ისწავლით მის არგამოხატვას, შემდეგ უკვე შეგიძლიათ შეეცადოთ, რომ თავი არ გააიგივოთ მასთან, სწორი დამოკიდებულება შეიქმნათ და თავი გახსოვდეთ.

კითხვა: ზოგჯერ ვახერხებ, რომ თავიდან არ გამოვხატო უარყოფითი ემოცია, მაგრამ იგი განაგრძობს მცელობას, რომ გამოხატოს თავი.

პასუხი: ეს ნიშნავს, რომ თქვენ მხოლოდ გარეგანი გამოვლინება შეაჩერეთ, თქვენ კი მისი მიზეზის შეჩერებას უნდა ეცადოთ. მე ვგულისხმობ არა თავად ემოციის მიზეზს, არამედ გამოხატვის მიზეზს. აქ განსხვავებაა. ემოცია - ეს ერთია, ხოლო გამოხატვა - მეორე. ეცადეთ იპოვოთ სხვაობა.

კითხვა: უარყოფითი ემოციების კონტროლის ძალისხმევები აქრობენ თუ არა მათ თანდათანობით?

პასუხი: რა თქმა უნდა, რადგან მრავალ მათგანს მხოლოდ მაშინ შეუძლია არსებობა, როცა კონტროლი არაა. როგორც კი კონტროლი იწყება, მრავალი მათგანის მოშორება ადვილად შეიძლება.

კითხვა: თუ ადამიანის აღზრდა ისეთი იყო, რომ მისთვის ბუნებრივია უარყოფითი ემოციების არგამოხატვა, ხომ არ იქნება ეს ასევე მექანიკური?

პასუხი: ეს აკადემიური კითხვაა. უნდა შეამოწმოთ, შეგიძლიათ თუ არა ამის გაკეთება ყველა ვითარებაში? ყველა შეიძლება იყოს აღზრდილი ისე, რომ არ გამოხატოს უარყოფითი ემოციები გარკვეულ სიტუაციებში, მაგრამ სხვა შემთხვევებში ემოციები გამოხატული აღმოჩნდება ხოლმე.

კითხვა: მთელი მიზანი იმაშია, რომ უარყოფითი ემოციები არ ვიგრძნოთ?

პასუხი: ეს მოგვიანებით მოდის, ეს ფრიად განსაკუთრებული კითხვაა. აქამდე არგაიგივების გზით მიდიხართ.

კითხვა: რა საშუალებებით შეგიძლიათ შეამოწმოთ, საიდან მოდიან უარყოფითი ემოციები, როგორია მათი მიზეზები, და როგორ გადავლახოთ საკუთარი თავის მოტყუების მიდრეკილება? ეს მხოლოდ სკოლის მეშვეობითაა შესაძლებელი?

პასუხი: მოცემულ მომენტში არც ისე მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ საიდან მოდიან ისინი, მაგრამ მნიშვნელოვანია - შეაჩეროთ მათი გამოხატვა. ბევრი რამ უარყოფითი ემოციების შესახებ მოგვიანებით შეისწავლება. რაც შეეხება მათ მიზეზებს - გაიგივება ყველა უარყოფითი ემოციის მთავარი მიზეზია. თქვენ არ შეგიძლიათ ებრძოლოთ მათ დახმარების გარეშე - ბევრი ადამიანი ეცადა. რომ იცოდეთ, რა მცირეა თქვენი შესაძლებლობები, მიხვდებოდით, რომ ნებისმიერი შესაძლო დახმარება უნდა გამოვიყენოთ რაიმეს მისაღწევად.

კითხვა: ყოველთვის მექანიკურია უარყოფითი ემოციები?

პასუხი: რა არის მექანიკურის საპირისპირო? ცნობიერი. ვის მოუნდება უარყოფითი ემოციების ქონა ცნობიერად? თუ იცის, რომ მათგან განთავისუფლება შესაძლებელია, არავის მოუნდება მათი ქონა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი მექანიკურნი არიან.

კითხვა: შეიძლება თუ არა მეტი გავიგოთ სწორ დამოკიდებულებაზე, როგორც იარაღზე უარყოფითი ემოციების წინააღმდეგ? ეს რაღაც უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე უბრალოდ არგაიგივება?

პასუხი: რა თქმა უნდა, ეს მეტს ნიშნავს. ეს ნიშნავს სწორ აზროვნებას გარკვეულ თემაზე. მაგალითად, თიტქმის ყველა ჩვენი ზედმეტი უარყოფითი ემოცია ეფუძნება დადანაშაულებებს: ვიღაც სხვაა დამნაშავე. თუკი დაჟინებული ფიქრით მივხვდებით, რომ არავინაა ჩვენს წინაშე დამნაშავე, არამედ თავად წარმოვადგენთ ყველაფრის მიზეზს, რაც გვემართება, ეს ბევრ რამეს შეცვლის. რა თქმა უნდა არა მაშინვე, რადგან ბევრ შემთხვევაში ეს გაგება ძალიან გვიან მოვა. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მსგავსი სწორი აზროვნება, სწორი დამოკიდებულების ან თვალთახედვის შექმნა შესაძლოა მუდმივი პროცესი გახდეს; მაშინ უარყოფითი ემოციები მხოლოდ შემთხვევით გამოვლინდებიან. სწორედ თავისი მუდმივი ხასიათის წყალობით სწორი აზროვნების ამ პროცესს ძალაუფლება აქვს უარყოფით ემოციებზე - იგი თავიდანვე იჭერს მათ.

კითხვა: მე ვაკვირდები, რომ ჩემი დროის უმეტესი ნაწილი ერთგვარ უარყოფით მდგომარეობაში გადის, რომელიც არც ისე განსაზღვრულია, და ამას ვერაფერს ვუხერხებ.

პასუხი: დიახ, მაგრამ თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ ეს ჩვეულებრივ დაკავშირებულია ერთგვარ გაიგივებასთან ან წარმოსახვასთან. როცა თქვენ პოულობთ ამ უარყოფითი მდგომარეობის სხვადასხვა გამოვლინებებს, თქვენ შეგიძლიათ მათ ებრძოლოთ, რამეთუ ეს ბრძოლა გონებაშია. თქვენ შეგიძლიათ გადააგდოთ ზოგიერთი თვალსაზრისი და მიიღოთ სხვები, და ძალიან მალე დაინახავთ სხვაობას.

ეს დაკავშირებულია ძალიან დიდ კითხვასთან, რადგან ერთი თვალსაზრისით ჩვენ იმდენად მექანიკურები ვართ, რომ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, მაგრამ მეორე მხრივ, არსებობს რამდენიმე რამ, რისი კეთების დაწყებაც უკვე შეგვიძლია. ჩვენში ჩადებულია გარკვეული შესაძლებლობები, მაგრამ მათ არ ვიყენებთ. ეს მართალია, რომ ჩვენ არაფრის „კეთება“ არ შეგვიძლია იმ თვალსაზრისით, რომ არ შეგვიძლია შევცვალოთ ის, რასაც ნებისმიერ ცალკე აღებულ მომენტში ვგრძნობთ, მაგრამ შეგვიძლია თავს ვაიძულოთ, რომ გარკვეულ ვიფიქროთ საკითხზე ნებისმიერ ცალკე აღებულ მომენტში. ეს დასაწყისია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა არის ჩვენთვის შესაძლებელი, და აქედან დავიწყოთ, და მაშინ რაღაცის გაკეთების შესაძლებელობა, - იმის ნაცვლად, რომ მოვლენებს ნება მივცეთ - „შეგვემთხვას“, - თანდათანობით გაიზრდება.

ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ იმას, თუ რა უზარმაზარი ძალაუფლება დევს აზროვნებაში. მე არ ვგულისხმობ ძალაუფლების ფილოსოფიურ გაგებას. ძალაუფლება იმ ფაქტში მდგომარეობს, რომ თუ ჩვენ ყოველთვის სწორად ვფიქრობთ გარკვეულ საკითხებზე, ჩვენ შეგვიძლია ეს აზროვნება მუდმივი გავხადოთ - იგი მუდმივ დამოკიდებულებაში გადაიზრდება. თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ თქვენს თავში უარყოფითი ემოციების გარკვეული სახის გამოვლინებები. თავად მომენტში თქვენ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ, ასეთი რეაქციები საკუთარ თავში არასწორი აზროვნების შედეგად აღზარდეთ. მაგრამ თუ სწორი აზროვნებით დაიწყებთ, გარკვეული დროის შემდეგ საკუთარ თავში სხვა რეაქციების უნარს აღზრდით. მაგრამ აუცილებელია გაიგოთ ეს მეთოდი, და ეს გაგება საკმარისად ღრმა უნდა იყოს.

თქვენ შეგიძლიათ ეს მეთოდი ბევრ სხვადასხვა რამესთან გამოიყენოთ. ეს არსობრივად ერთადერთი რამაა, რომლის გაკეთებაც შეგიძლიათ. თქვენ არ შეგიძლიათ სხვა არაფრის „კეთება“. არ არსებობს უარყოფით გამოვლინებებთან პირდაპირი ბრძოლის მეთოდი, რადგანაც შეუძლებელია მათი მოხელთება; და არ არსებობს მათი გაუვნებელყოფის საშუალება, თუკი წინასწარ არ მოვემზადებით მათთან შესახვედრად. მაგრამ მოკლევადიანი გაცნობიერება იმისა, რომ ისინი არასწორნი არიან, ვერ გვიშველის - იგი ძალიან ღრმა უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა გამოვლინების წინააღმდეგ ნიადაგის მომზადების კვლავ მოგიწევთ ზუსტად ასეთივე რთული პროცესის გავლა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენს კარგავთ უარყოფითი ხასიათის ამ თვითნებური გამოვლინებების შედეგად. ისინი ძალიან ბევრ რამეს შეუძლებელს ხდიან.

კითხვა: მე აღმოვაჩინე, რომ მაშინაც კი, თუ სწორად ვიწყებ აზროვნებას, შემიძლია სხვებს მივბაძო - მაგალითად, როცა მესმის, როგორ ბუზღუნებს ვიღაც, მეც იგივეს ვიწყებ.

პასუხი: თავად ფაქტი, რომ სწორად აზროვნებას დაიწყებთ, არაფერს შეცვლის მომენტალურად. აუცილებელია სწორასდ იფიქროთ დიდი ხნის განმავლობაში. მაშინ შედეგები მოვა, მაგრამ არა მაშინვე. სწორი დამოკიდებულებების შექმნის საკითხი - ეს თვეების ან წლების საქმეა. სწორი დამოკიდებულებების შექმნით თქვენ მყარდებით თქვენს გადაწყვეტილებაში - არ მისცეთ გამოვლინების საშუალება უარყოფით ემოციებს. ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, რაოდენ ბევრს ვკარგავთ ამით. ჩვენ სწორედ იმას ვკარგავთ, რისი მიღებაც გვინდა.

მაგრამ პირველ რიგში თქვენ უარყოფითი ემოციების გამოხატვის ჩვევა უნდა შეაჩეროთ. აი, რატომაა, რომ პირველ ლექციებში, როცა თვითდაკვირვების შესახებ ისმენთ, გეუბნებიან, რომ ემოციების არგამოხატვა უნდა ისწავლოთ. ყველამ იცის, როგორ არ აჩვენოს ის, რასაც გრძნობს, - მე ვგულისხმობ არა გამონაკლის, არამჯედ ჩვეულებრივ შემთხვევებს. მთელი უარყოფითობა ეფუძნება გაიგივებას, წარმოსახვას და ერთ განსაკუთრებულ შტრიხს, კერძოდ - საკუთარი თავისთვის მათი გამოხატვის უფლების მიცემას. თქვენ ყოველთვის დარწმუნებული ხართ, რომ არ შეგიძლიათ მათი შეჩერება, და ამიტომ გრძნობთ, რომ სრულიად სწორი იქნება აჩვენოთ, რასაც გრძნობთ. ამიტომ ჯერ ამ ილუზიისგან უნდა განთავისუფლდეთ. თქვენ შეგიძლიათ უარყოფითი ემოციების გამოხატვის შეჩერება. თუკი იტყვით: „მე არ მინდა“, დაგიჯერებთ, მაგრამ არ დაგიჯერებთ, თუ იტყვით: „მე არ შემიძლია“.

მე ბევრი შესაძლებელი მეთოდი მოგეცით ემოციებთან სამუშაოდ, როგორებიცაა შესწავლა, გაიგივებასთან ბრძოლა, უარყოფითი ემოციების გამოხატვასთან ბრძოლა და მათზე სწორად ფიქრი. ოთხი პრაქტიკა. თუ მართლა გამოიყენებთ ამ ყველაფერს, ძალიან მალე დაინახავთ შესამჩნევ შედეგებს. რეალური კონტროლი ემოციურ ცენტრზე მოითხოვს თვითგახსენებას, ცნობიერების ახალ მდგომარეობას, ამიტომ ეს მომავლის საქმეა; ამჟამად კი დამხმარე მეთოდები უნდა გამოვიყენოთ. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი დასაწყისში - ესაა სწორი დამოკიდებულება.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff