პ. უსპენსკი - "მეოთხე გზა"

გიორგი გურჯიევი
5
1

მთარგმნელები: მამუკა გურული და ნინო ტურაბელიძე წინასიტყვაობა როცა პ. უსპენსკის ჰკითხეს, აპირებდა თუ არა თავისი ლექციების გამოქვეყნებას, მან უპასუხა: „რა სარგებელი ექნება ამას? მნიშვნელოვანია არ...

თავი მეოთხე

 თავი მეოთხე

მთარგმნელი: მამუკა გურული

ენა. - სისტემაში გამოყენებული სხვადასხვა დაყოფები. - არსება და პიროვნება. - გავლენები A, B და C. - მაგნეტური ცენტრი. - არასწორი მაგნეტური ცენტრი. - მმართველის მოადგილე. - შემთხვევითობის კანონი. - ბედის კანონი. - ნების კანონი. - მიზეზისა და შედეგის კანონი. - შემთხვევითობის კანონისგან გაქცევა. - სიმძიმის ცენტრი. - რატომაა აუცილებელი სკოლები. - ვისთვისაა აუცილებელი სკოლები. - რისგან შედგება სკოლა. - სკოლების დონეები.

ამ სისტემის მეთოდების შესწავლა, რომელთა მეშვეობითაც ადამიანს შეუძლია უმაღლეს ცნობიერებამდე მივიდეს, იწყება ახალი ენის შესწავლით. ეს ენა დაფუძნებულია სხვადასხვა პრინციპებზე, რომლებსაც თქვენ ჯერ კიდევ არ იცნობთ, მაგრამ შესწავლასთან ერთად ძალიან მალე გაიგებთ მათ.ამ ენით შესაძლებელია ჭეშმარიტებასთან უფრო მიახლოვებაა, უფრო მეტი სიზუსტით საუბარი, ვიდრე ამას ახლა ვაკეთებთ, და ორი ადამიანი, რომლებსაც ესმით ეს ენა, არასოდეს შეცდებიან მარტივ საკითხებში ერთმანეთის გაგებაში. თქვენ უკვე გაიგეთ ამ ენის ზოგიერთი გამოთქმა, მაგალითად, როგორებიცაა: თვითგახსენება, გაიგივება, გათვალისწინება და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია გაიგოთ სისტემაში გამოყენებული და ამ ენის შემადგენელი სხვადასხვა დაყოფები. ადამიანი ძალიან რთული მანქანაა, და მისი შესწავლა ამ დაყოფის თანახმადაა შესაძლებელი. ჩვეულებრივ ენაში როგორც წესი არ ვიყენებთ ასეთ დაყოფებს, და ამიტომ ადამიანებს არ ესმით ერთმანეთის.

ეცადეთ, გაიგოთ ის, რასაც ვამბობ, რადგან ამის გამოხატვა ძალიან რთულია. დავუშვათ, ქალაქი შეიძლება დაიყოს ჩრდილოეთად, სამხრეთად, აღმოსავლეთად და დასავლეთად; იგი შეიძლება დაყოფილ იქნეს რაიონებად და კვარტალებად, და შემდეგ სხვადასხვა ქუჩებად. მისი შესწავლა შესაძლებელია მოსახლეობის მხრივაც, რადგანაც ქალაქში ცხოვრობს მრავალი ნაციონალობის, პროფესიის, კლასის და ა.შ. ადამიანი. არცერთი ეს დაყოფა არ დაემთხვევა მეორეს, ყოველი ცალ-ცალკე უნდა შევისწავლოთ. შეუძლებელია შევქმნათ ისეთი საერთო რუკა, რომელიც ამ ყველა დაყოფას მოიცავს, - საჭიროა სხვადასხვა რუკების სერის შედგენა.

იგივეა ადამიანთანაც. მაგალითად, მე უკვე მოგეცით რამდენიმე დაყოფა. პირველი - ესაა ცენტრების ანუ ფუნქციების დაყოფა: ყოველი ინდივიდი ოთხი ადამიანისგან შედგება, და ყველანი ისინი, თავიანთი ასოციაციებით, სიმპათიებით და ანტიპათიებით, საკუთარი ცხოვრებით ერთი და იგივე ადამიანში ცხოვრობს. შემდეგ გაჩვენეთ სხვადასხვა „მე“-ებად დაყოფა. ეს ძალიან სასარგებლო დაყოფაა. ადამიანი ერთი არაა. იგი ბევრია, იგი ბრბოა, რომელიც ერთმანეთისთვის უცხო ადამიანებისგან შედგება. და თან ეს ადამიანები ხშირად ერთმანეთს ებრძვიან. მრავალ „მე“-დ დაყოფას დაემატა როლები, რომლებსაც ადამიანი სხვადასხვა ვითარებებში თამაშობს. შემდეგ იყო დაყოფა ცოდნად და ყოფიერებად - რა იცის ადამიანმა, და რას წარმოადგენს. მე მოგეცით ასევე დაყოფა შვიდ კატეგორიად: ადამიანი # 1, 2, 3, 4, 5, 6 და 7.

ახლა მივედით სხვა, სრულიად განსაკუთრებულ დაყოფამდე, რომელიც ყველა დანარჩენისგან განსხვავდება. ესაა დაყოფა არსებად და პიროვნებად. არსება - ესაა ის, რითაც დაიბადეთ, პიროვნება - ეს ისაა, რასაც მოიპოვებთ. არსება - თქვენი საკუთარია. პიროვნება - არაა თქვენი საკუთარი. ადამიანის მთელი შინაგანი ცხოვრება, ყველა მისი აღქმა და რეაქცია ამ ორ ნაწილად იყოფა. არის რაღაცეები, რაც თქვენთან ერთად იბადება, როგორებიცაა: გარკვეული ფიზიკური თავისებურებები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, გარკვეული წინასწარგანწყობები, მიდრეკილებები, ტენდენციები და ა.შ. ისინი არსებას ეკუთვნიან. პიროვნება - ესაა ის, რასაც ცხოვრების განმავლობაში მოიპოვებთ: შეხედულებები, აზრები, სიტყვები. სხვაობა არსებასა და პიროვნებას შორის უფრო ადვილად იქნება გასაგები, თუ რამდენიმე მაგალითს იპოვით. თუმც კი ორივე შერეულია ცხოვრებაში, არსების და პიროვნების გარჩევა სხვა ადამიანებში უფრო ადვილია, ვიდრე საკუთარ თავში, რადგანაც პიროვნება ძალიან ხშირად ტრანსფორმირდება პირობების შეცვლასთან ერთად, არსება კი იგივე რჩება. ამ დაყოფების გაგება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ზოგიერთი რამ ადამიანში, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არსებას მიეკუთვნება, ზოგიერთი კი - პიროვნებას.

კითხვა: თუ არსება - ეს ისაა, რითაც დავიბადეთ, შეიძლება თუ არა, რომ მას რაღაც დავამატოთ? შეუძლია თუ არა მს გაზრდა?

პასუხი: დიახ, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა პიროვნება აღიზრდება და აღარ დააწვება არსებას. პიროვნება მეტისმეტად მძიმეა, მეტისმეტად ძლიერია; იგი გარსივით აკრავს არსებას, ამიტომ არავის შეუძლია მიაღწიოს არსებამდე, ყველამ პიროვნება უნდა გაიაროს. ასეთ პირობებში არსებას არ შეუძლია გაიზარდოს, მაგრამ თუ პიროვნება უფრო გამჭვრირვალე ხდება, შთაბეჭდილებები და გარეგანი გავლენები გაივლიან მისი გავლით და მიაღწევენ არსებას, და მაშინ იგი ზრდას დაიწყებს.

კითხვა: ანუ ძლიერი პიროვნება საშუალებას არ აძლევს შთაბეჭდილებებს, რომ არსებამდე მიაღწიონ?

პასუხი: დიახ, მაგრამ რას ნიშნავს ძლიერი პიროვნება? ეს ნიშნავს ძლიერ გავლენას იმისა, რაც არაა თქვენი საკუთარი, იმისა, რაც მოიპოვეთ, - სიტყვები, შეხედულებები და სხვა ადამიანების თეორიები. მათ ისეთი მსხვილი ნაჭუჭის წარმოქმნა შეუძლიათ არსების გარშემო, რომ ვეღარაფერი შეაღწევს მასში, ვერ მოაღწევს თქვენამდე, ვერ მოაღწევს იქამდე, რაც ხართ.

კითხვა: შესაძლებელია ამ ნაჭუჭის გატეხვა ან გარღვევა?

პასუხი: სანამ პიროვნების ამ ნაჭუჭს დაშლით ან გატეხავთ, აუცილებელია დაცვის სხვა სახეები მოამზადოთ. თუ რაღაც მიზეზით ეს ნაჭუჭი მოგძვრებათ, სრულიად დაუცველნი აღმოჩნდებით მრავალი ფრიად რთული მოვლენის წინაშე, რომელსაც ვერ გააკონტროლებთ. პიროვნება გიცავთ გარკვეული შორეული ზეგავლენებისგან. თუ დაასუსტებთ მას, აღმოჩნდებით ბევრი ისეთი ზეგავლენის ქვეშ, რომლებიც მანამდე ვერ აღწევდნენ თქვენამდე, ამიტომ უფრო ნაკლები კონტროლი გექნებათ, ვიდრე ახლა გაქვთ. მაგრამ არსებობს მრავალი რამ, რაც შეგვეძლი გვეკონტროლებინა, მაგრამ არ ვაკონტროლებთ. ასეთი აზროვნება მოცემულ შემთხვევაში სწორია.

კითხვა: შეგიძლიათ თუ არა მსგავსი გავლენების მაგალითების მოყვანა?

პასუხი: მარტივი მაგალითი იქნება ატმოსფერული ცვლილებები ან წელიწადის დროების ცვლილება - ისინი ფრიად ძლიერ ზემოქმედებენ არსებაზე, და თუ ადამიანი პიროვნებითაა გარშემორტყმული, იგი ნაკლებად ექვემდებარება ზემოქმედებას. წელიწადის დროების ცვლილება - ეს ძალიან სერიოზული რამაა ადამიანებისთვის, რომელთა არსებაც უფრო ღიაა ზეგავლენებისთვის. ამას უბრალოდ იმის მაგალითად გეუბნებით, რასაც ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ და რაზეც არანაირი წარმოდგენა არ აქვთ. არსებობს მრავალი სხვა რამეც, მაგალითად, ძველი წიგნები მაგიაზე აფრთხილებენ ადამიანებს, თუ როგორი სახიფათოა ეს, და როგორ უნდა მოვემზადოთ წინასწარ, და ბევრ შემთხვევაში ისინი მართალნი არიან: არსების გახსნა შეიძლება სასიკეთო გახდეს, მაგრამ მას შესაძლოა ბევრი საფრთხეც ახლდეს თან. პიროვნება ბევრ მცდარ საფუძველზე შენდება, მაგრამ იგი ერთგვარ დაცვასაც წარმოადგენს.

კითხვა: შეიძლება თუ არა, მთელი ცხოვრება ისე გავატაროთ, რომ ვერასოდეს შევამჩნიოთ ჩვენი არსება?

პასუხი: ეს იმაზეა დამოკიდებული, ხდება თუ არა ეს მუშაობაში. ჩვეულებრივ ცხოვრებაში ჩვენ არც კი ვიცით ამ ორი პრინციპის შესახებ. თვითშესწავლისას ჩვენ გვიყვებიან ამ დაყოფის შესახებ, მაგრამ არსება და პიროვნება ისე არიან შერეულები, რომ დიდი ხნის განმავლობაში ეს დაყოფა თეორიულად რჩება, რადგანაც შეუძლებელია დაკვირვების საფუძველზე ვთქვათ, რა რა არის, გარდა უკიდურესად იშვიათი შემთხვევებისა. შემდეგ, მუშაობის შესაბამისად, ჩვენ თანდათანობით ვიწყებთ დანახვას, რომ ზოგიერთი რამ უფრო ფესვგადგმულია, უფრო ღრმად ზის ჩვენში, ზოგიერთი კი ნაკლებად. ამგვარად თანნდათანობით შესაძლებელია არსების დანახვა. ყველა მუდმივი ან შედარებით მუდმივი თვისება არსებაზე უნდა იყოს დამოკიდებული. როცა პიროვნება აღზრდილია და ნაკლებად მძიმე ხდება, ბევრი თვისება მოდის არსებაში და მუდმივი ხდება. ასე ვითარდება არსება. პიროვნებაში საგნებს შეუძლიათ გაჩნდნენ და გაქრნენ, მაგრამ ის, რაც არსებაში მოდის, რჩება.

კითხვა: არსება - ეს დაახოებით იგივეა, რაც ყოფიერება?

პასუხი: არა, ასე ვერ იტყვი. ყოფიერება - ეს სიცოცხლეა, ეს პროცესია. არსება კი - ობიექტია.

კითხვა: ბავშვში არსება უფრო მეტადაა განვითარებული, ვიდრე პიროვნება?

პასუხი: ძალიან ადრეულ ასაკში არსება შეიძლება უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე პიროვნება, მაგრამ ისინი ორივენი განუვითარებლები არიან. თუმცა რა თქმა უნდა არსებობენ სხვადასხვანაირი ბავშვები და სხვადასხვანაირი გარემოებები.

კითხვა: როგორ შეგვიძლია ვებრძოლოთ პიროვნებას?

პასუხი: ეს ბრძოლის კი არა, კონტროლისა და აღზრდის საკითხია. პიროვნებას არ უნდა ჰქონდეს მეტისმეტად ბევრი თავისუფლება. იგი გარკვეული სახით უნდა იქნეს აღზრდილი, უნდა მოქმედებდეს გარკვეული პრინციპების შესაბამისად, იმუშაოს გარკვეული მიმართულებით. ახლა ჩვენი პიროვნება მთლიანად არასწორია. მასში მეტისმეტად ბევრი სიცრუე, თვითმოტყუება, წარმოსახვა და უარყოფითი ემოციაა. ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს; მხოლოდ მაშინ შეძლებს მანქანა ისე მუშაობას, როგორც საჭიროა. ჩვენ გვჭირდება პიროვნებაზე გავლით მუშაობა - დიდი ხნის განმავლობაში არსებას არ ექნება პრაქტიკული მნიშვნელობა. თუ ამაზე მუშაობას ცნობიერად დავიწყებთ, გარკვეული საგნები გავლენას მოახდენენ არსებაზე, მაგრამ არა მაშინვე.

კითხვა: შეგვიძლია თუ არა პიროვნებას ის გავუკეთოთ, რაც გვინდა?

პასუხი: თუ მუშაობთ, თუ შეისწავლით, მაშინ თანდათან შეცვლით მას, და თქვენი პიროვნებაზე მუშაობა არსებაზეც აისახება. ან თქვენ აკონტროლებთ პიროვნებას, ან იგი ათასობით სხვადასხვა „მე“-ს მიერ კონტროლდება, რომელთაგანაც ყოველს გააჩნია საკუთარი იდეები, შეხედულებები და სურვილები. უნდა გვესმოდეს, რამხელა სამუშაოა საჭირო იმისთვის, რომ ერთიანობას მივაღწიოთ, თუ ჩვენში, ისეთებში, როგორებიც ვართ, ერთი ნაწილი გადაწყვეტს მუშაობას, მეორეს კი წარმოდგენა არ აქვს ამაზე, ან თანახმა არაა. როცა პიროვნებას ზრდით, როცა იგი თქვენს მიზნებს ემორჩილება და ემსახურება მას, მაშინ იგი სწორი და სასარგებლოა. მაგრამ თუ თქვენს გარკვეულ ნაწილში არის მიზანი, პიროვნება კი მის წინააღმდეგ მუშაობს, მაშინ, ბუნებრივია, იგი არასწორია.

კითხვა: ნათქვამი იყო, რომ პიროვნებას თავისი დადებითი მხარეები, ისევე როგორც არსებას, მაგრამ მე ვერაფერ კარგს ვერ ვპოულობ მასში ჩემი საბოლოო მიზნისთვის.

პასუხი: რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ პიროვნებაში კარგი არაფერია? მაშინაც კი, თუ აკვირდებით და აღმოაჩენთ საკუთარ თავში რაღაცეებს, ეს უკვე კარგია. ესეც პიროვნებაა. ის ნაწილი, რომელსაც სურს იცოდეს, იმუშაოს, შეცვალოს - ესეც პიროვნების ნაწილია. ჩვენს პიროვნებაში შეიძლება ბევრი რამ იყოს, რაც არასწორია, და ეს ყველაფერი შესწავლილი და მოშორებული უნდა იქნეს. პიროვნება ვითარდება შესწავლისა და უსარგებლო უსარგებლო ფუნქციების მოშორების გზით. ამის წყალობით იგი უფრო და უფრო უკეთესი ხდება. სკოლის პირობებში არსება პიროვნებაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს, და თუ პიროვნება მასზე მეტისმეტად დომინირებს, განვითარება შეუძლებელი ხდება, რადგან რეალური განვითარება არსებაშია, მაგრამ თუკი პიროვნება მეტისმეტად ჩამოეკიდა მას, არსება ვეღარ ისუნთქებს. თუმცაღა პიროვნებაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ცვლილების შესაძლებლობა სინამდვილეში ძალიან რთულია, რადგანაც ბევრი რაღაცისგან შედგება. არსებაში უნდა არსებობდეს გარკვეული თვისება, მაგრამ თუ ეს თვისება არაა, მაშინ ყველაფერი შეუძლებელი ხდება. უნდა იყოს გარკვეული მასალა, გარკვეული მონაპოვრები პიროვნებაში, ასევე გარკვეული სახის გარემოებები.

კითხვა: პიროვნებამ თავად უნდა გადაინაცვლოს მეორე ადგილზე? გადაინაცვლებს თუ არა იგი თავისი ნებით?

პასუხი: იგი არ გადაინაცვლებს, არამედ სხვა ხდება. თუ იგი არსებას თრგუნავს, ეს არანორმალურია. ჩვენს დღევანდელ მდგომარეობაში პიროვნება პათოლოგიურია, არაჯანსაღია. მუშაობასთან ერთად იგი უბრალოდ ჯანსაღდება.

კითხვა: მე არ მესმის, როგორ შეუძლია პიროვნებას არსებაზე ზემოქმედება, თუ არსება ისაა, რითაც დავიბადეთ?

პასუხი: ავიღოთ ინტელექტუალური ცენტრი. მისი შემადგენელი მასთან ერთად არ დაბადებულა. აზრები, იდეები, რწმენები, შეხედულებები - ისინი ყველანი მოპოვებულნი არიან. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეუძლია პიროვნებას არსებაზე ზემოქმედება, დავუშვათ, რომ პიროვნებაში თქვენ მიდიხართ ერთგვარ დასკვნამდე, და საკუთარ თავზე დაკვირვებისას დაინახეთ, რომ გაქვთ რაღაც ჩვევა არსებაში, დავუშვათ, რაიმე არასასიამოვნო ემოცია, რომელიც ყოველთვის გარკვეულ გარემოებებში ჩნდება. თქვენ გესმით, რომ იგი არცერთი თვალსაზრისით სასარგებლო არაა, იგი ენერგიას ხარჯავს და ცხოვრებას გირთულებთ. როგორ შეგიძლიათ მას ებრძოლოთ? თქვენ აკვირდებით, რომ ეს უარყოფითი მდგომარეობა საკუთარი თავის გამართლებით იკვებება, რომ თქვენს ჩვეულ მდგომარეობაში თქვენ ყოველთვის ამართლებთ მას და ფიქრობთ, რომ ვიღაც სხვაა დამნაშავე, ან ამბობთ, რომ ამას არ გულისხმობდით, რომ ადამიანებს არ ესმით თქვენი და ა.შ. ეს აძლევს მას არსებობის უფლებას. თუ თვალსაზრისს შეიცვლით, თუ შეწყვეტთ მის გამართლებას და ამის ნაცვლად საკუთარ თავში მუდმივ იდეას შექმნით იმაზე, რომ ასეთი ემოცია არასწორია, რომ მას არ აქვს გამართლება, მაშინ ეს თვალსაზრისი შესაძლოა მუდმივი გახდეს.

კითხვა: აქვს თუ არა მემკვიდრეობითობას რაიმე მნიშვნელობა არსებისთვის?

პასუხი: მემკვიდრეობითობა ადამიანს პრაქტიკულად არ აქვს. ცუდი თვისებები შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი, მაგრამ შეუძლებელია კარგი თვისებები მემკვიდრეობით გადაეცემოდეს. ცხოველები სხვა კანონების ქვეშ იმყოფებიან, ვიდრე ადამიანი: მათ კარგი და ცუდი თვისებები ერთნაირად გადაეცემათ, მაგრამ ადამიანებს, გარდა ფიზიკური თვისებებისა, შეიძლება გადაეცემოდეს მხოლოდ გადაგვარების თვისებები, სხვა არაფერია გადასაცემი. შეიძლება მემკვიდრეობით მიიღოთ ფიზიკური თვისებები, მაგრამ არა ისეთი თვისება, როგორიცაა თვითცნობიერება. არსება ვერ იქნება გადაცემული.

კითხვა: არის თუ არა უარყოფითი ემოციებისადმი მიდრეკილება არსებაში, თუ იგი მთლიანად პიროვნების მიერ მოიპოვება?

პასუხი: მიდრეკილება შეიძება არსებაშც იყოს - როგორც მინიმუმ რაღაც წინასწარგანწყობა მის მიმართ, მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ, რომ ეს ყველაფერი პიროვნებაში იმყოფება, იმიტომ რომ, არსებაში რომ მართლა ძლიერი მიდრეკილება ყოფილიყო უარყოფითი ემოციებისადმი, ეს პრაქტიკულად სიგიჟის ტოლფასი იქნებოდა.

კითხვა: თუ ნაკლოვანებები არსებაშია, შესაძლებელია თუ არა მათი შეცვლა?

პასუხი: დიახ, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, თავდაპირველად პიროვნება უნდა შეიცვალოს; არსება ასე ადვილად არ იცვლება. არსების თვისებების შეცვლა - ძალიან რთული სამუშაოა. იგი მოითხოვს ცოდნას და საკმარის ენერგიას, ჩვენ კი სუსტები ვართ და არც ცოდნა გაგვაჩნია. ეს მხოლოდ მაშინ კეთდება, როცა აუცილებელია, და კეთდება ერთმნიშვნელოვნად სკოლის მეთოდებით. დავუშვათ, ადამიანს ზარმაცი არსება გააჩნია, მაგრამ მას გამოღვიძება სურს. ასეთ შემთხვევაში ამის გაკეთება მხოლოდ თვითშესწავლის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ შეუძლია, მაგრამ მას სკოლის დახმარება დაჭირდება. ასე რომ ეს იღბალია ჩვენთვის, რომ არსებაზე მუშაობა მეორეა, და რომ პიროვნებაზე მუშაობით უნდა დავიწყოთ. მაგრამ პიროვნებაზე მუშაობით, რაღაც დონეზე უკვე ვმუშაობთ არსებაზეც. ძილი, გამოღვიძება, ცნობიერება - ეს ყველაფერი არ ეხება პიროვნებას. ეს არსების მახასიათებლებია. ამიტომ თქვენ ფაქტიურად თავიდანვე არსებაზე მუშაობთ, ხოლო პიროვნება, ცვლილების პროცესში, გარკვეულ ზეწოლას მოახდენს არსებაზე და ასევე ხელს შეუწყობს მის ცვლილებებს.

კითხვა: ადამიანი ყოველთვის არსებით იბადება?

პასუხი: დიახ, მაგრამ ხშირად არსება განუვითარებელი რჩება, პატარა ბავშვის დონეზე.

კითხვა: არსება - ეს ჩვენი ის ნაწილია, რომელსაც შეგვიძლია დავეყრდნოთ?

პასუხი: პიროვნებაშიც კია ისეთი რაღაცეები, რასაც შეგვიძლია დავეყრდნოთ ან არ დავეყრდნოთ. მაგალითად, წარმოსახვას ვერ დავეყრდნობით. წარმოსახვა იმაზე, რომ ცურვა შეგიძლიათ, მაშინ, როცა ეს არ შეგიძლიათ, და გამრავლების ტაბულის ცოდნა - ერთიც და მეორეც პიროვნებაში იმყოფება, მაგრამ მეორეს შეიძლება დაეყრდნოთ, პირველს კი - არა.

კითხვა: დამოკიდებულია თუ არა ყოფიერების დონე არსების განვითარებაზე?

პასუხი: რა თქმა უნდა, და ამაში მდგომარეობს მათ შორის ურთიერთ-კავშირი. მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ ყოფიერების ამ მეთოდით გაზომვა, რადგანაც პიროვნებად და არსებად დაყოფა ამ ეტაპზე თქვენთვის მხოლოდ თეორიულია. მიუხედავად ამისა, სასარგებლოა, თუ გემახსოვრებათ, რომ თქვენში ეს ორი პრინციპია, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, თუკი ამ დაყოფას არ იცნობთ, ეს გაგირთულებთ ზოგიერთი იმ საკითხის გაგებას, რომლებიც შემდეგში უნდა მოისმინოთ.

ერთი საკითხი, რომელიც პიროვნებასთან და არსებასთან დაკავშირებით უნდა გაიგოთ, ისაა, რომ არსება ერთია, მაშინ, როცა პიროვნება „მე“-ების რამდენიმე ჯგუფისგან შედგება. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაგვაჩნია არ აპიროვნება, არამედ პიროვნებები, რადგან ერთ ადამიანშ არის ხუთი, ექვსი, ზოგჯერ ათი პიროვნებაც კი. ნაგნეტური ცენტრი, მაგალითად, ასევე პიროვნებაში იმყოფება. ჩვენ არ ვიბადებით მასთან ერთად - იგი ცხოვრების განმავლობაში იქმნება. ესაა „მე“-ების ჯგუფი, რომელსაც გარკვეულ მცირე დონეზე შეუძლია „მე“-ების სხვა ჯგუფის კონტროლი. ზოგიერთი ამ პიროვნებათაგან სრულიად სწორია, მაგრამ სხვები ყოველთვის გზაზე გადაგეღობებიან ამიტომ ისინი ან უნდა აკონტროლოთ, ან უნდა მოიშოროთ.

კითხვა: როგორ შეგვიძლია პიროვნებაზე მუშაობა?

პასუხი: მისი კონტროლი გონებით შეიძლება. ეს ყველაფერია, რაც შეგვიძლია. გონებაში მიზნის ფორმულირებას ახდენთ, პიროვნებამ კი მის შესაბამისად უნდა იმუშაოს.

კითხვა: როგორ ჩნდება გაღვიძების სურვილი? იმყოფება თუ არა ეს სურვილი არსებაში?

პასუხი: ეს დაკავშირებულია მაგნეტურ ცენტრთან. ალბათ გახსოვდით, როგორ ვსაუბრობდი პირველ ლექციაში მაგნეტურ ცენტრზე და ადამიანზე მოქმედ სხვადასხვა ზეგავლენებზე. ამას მივყავართ იმ კითხვამდე, თუ რატომ ინტერესდება ზოგიერთი ადამიანი მოცემული იდეით, მაშინ, როცა სხვები ამით არ ინტერესდებიან. რა ქმნის ცოდნის ამ სურვილს, ძიების ენერგია? რატომაა, რომ ერთნაირ პირობებში მცხოვრები ადამიანები ასეთი განსხვავებულები არიან: ერთი ადამიანი მზა თეორიებით და კლიშეებით კმაყოფილდება, მაშინ, როცა მეორეს სურს თავად იპოვოს ჭეშმარიტება? რა ხსნის სხვადასხვა დამოკიდებულებებს ახალ იდეებთან? ზოგიერთ ადამიანს ხომ შესაძლებლობა აქვს, მიიღოს ახალი ცოდნა, მაგრამ არ ინტერესდება ამით მაშინ, როცა სხვებისთვის ამან შესაძლოა მთელი ცხოვრების მსვლელობა შეცვალოს?

ადამიანები ამ და მსგავს იდეებთან სხვადასხვა გზებით მიდიან. ერთნი რაღაცას გებულობენ მასში, მეორენი ჩვეულებრივ დონეზე აღიქვამენ მას. ამ განსხვავების მიზეზი იმაშია, რომ ადამიანი მექანიკური ცხოვრებით, ზეგავლენის ორი სახის ქვეშ ცხოვრობს. რას ნიშნავს ეს? ეს დაკავშირებულია დასაწყისში ახსნილ იდეასთან, რომ ადამიანი - ესაა მანქანა, მართული გარეგანი ზეგავლენების მიერ. მას შეუძლია მიმღები იყოს ერთი სახის ზეგავლენების მიმართ და არ იყოს მიმღები მეორეს მიმართ. ასეთი ზეგავლენების უმეტესობა შექმნილია თავად ცხოვრებით, მისნაირი ადამიანების მიერ. მაგრამ ამ ზეგავლენებს შორის არის სხვებიც, რომლებიც არ არიან შექმნილნი ცხოვრებით, არამედ სხვა წყაროდან, უმაღლესი გონის ადამიანებიდან მოდიან. ისინი მოდიან რელიგიის, მეცნიერების, ფილოსოფიური სისტემების, ეზოთერული დოქტრინების, ხელოვნების სხვადასხვა სწავლებების და ა.შ. სახით. გარეგნულად მათ ვერ გამოარჩევთ პირველი სახის გავლენებისგან, ამიტომ ადამიანზეა დამოკიდებული, ამოიცნობს თუ არა მათ. ადამიანს შეუძლია მხოლოდ A ზეგავლენის ქვეშ იყოს, ანუ პირველი სახის ზეგავლენის ქვეშ, და იგნორირება გაუკეთოს B ზეგავლენებს, საერთოდ არ დაინტერესდეს მათით. მაგრამ თუ იგი ინტერესდება მეორე სახის ზეგავლენებით და საკმარისად შეისრუტა ისინი თავის თავში, მასში იწყება ერთგვარი პროცესი. ამ B ზეგავლენების შედეგები, მათ შესახებ მეხსიერება სპეციალურ განყოფილებაში გროვდება და წარმოქმნის იმას, რასაც მაგნეტურ ცენტრს ვუწოდებთ. მაგნეტური ცენტრი - ესაა გარკვეული ინტერესებისა და ემოციური ასოციაციების კომბინაცია, რომლებიც ადამიანს გარკვეული მიმართულებით შებრუნებას აიძულებენ. ესაა გარკვეული იდეებისა და ემოციების წრე. ასეთია მსგავსი სახის იდეებისადმი ინტერესის წარმომავლობა.

კითხვა: თუ ჩვენ მხოლოდ მანქანები ვართ, შეგვიძლია თუ არა დავასკვნათ, რომ თქვენ ცდილობთ გვატაროთ რაღაც სასურველი მიმართულებით, თუ ჩვენ თვითონ შეგვიძლია ჭეშმარიტების ტყუილისგან გარჩევა? თუ ასეა, რის საშუალებით?

პასუხი: მაგნეტური ცენტრის საშუალებით. ადამიანები მანქანები არიან. ეს ფაქტია, მაგრამ ისინი არ არიან სხვა მანქანების (მატარებლის და ა.შ.) ანალოგიურნი. თქვენ უკვე გსმენიათ, რომ ადამიანს ცნობიერების ოთხ მდგომარეობაში შეუძლია ცხოვრება, მაგრამ ჩვეულ ცხოვრებაში იგი მხოლოდ ორში ცხოვრობს. ცნობიერების დანარჩენი ორი მდგომარეობა შესაძლებელია განვითარებულ იქნეს ადამიანში, მაგრამ მათ არ შეუძლიათ თავისთავად განვითარება, ისინი ცოდნისა და ძალისხმევის მეშვეობით უნდა განვითარდნენ. და სწორედ მაგნეტური ცენტრი ეხმარება ადამიანს, რომ გაიგოს და ამოიცნოს.

ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე იქამდე, სანამ იგი სკოლას შეხვდება. იგი ჩვეულებრივ პირობებში ცხოვრობს. ეს პირობები შეიძლება ძალზე განსხვავებული იყოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში იგი ზეგავლენების იმ ორი სახის ქვეშ ცხოვრობს, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრე. რა არის A ზეგავლენა? ცხოვრების ყველა ინტერესი: ბრძოლა გადარჩენისთვის, სურვილები, მღელვარებები, ქონება, სიმდიდრე, გართობა და ა.შ. ისინი იქმნებიან არა განზრახ, არამედ მექანიკურად. მაგრამ ამავდროულად ადამიანი ცხოვრობს გავლენების ქვეშ, რომლებიც პირველსაწყისად სკოლების მიერ შეიქმნა, მაგრამ შემდეგ ცხოვრების წრებრუნვაში იქნა ჩაგდებული. ეს ზეგავლენები - B ზეგავლენები, ცალკე ცხოვრებას წარმოადგენენ. ისინი განკუთვნილნი არიან განსაზღვრული მიზნისთვის - შეასრულონ „შუქურების როლი გზაზე“. დანარჩენი თავად ადამიანზეა დამოკიდებული. შესაძლოა მისი ყველა ინტერესი ცალსახად მხოლოდ A ზეგავლენებზე იყოს კონცენტრირებული, ან მისმა ნაწილმა განაგრძოს A ზეგავლენებით დაინტერესება, მეორე ნაწილი კი B ზეგავლენებით დაინტერესდეს. თუ ადამიანი ამჩნევს და სწავლობს მათ, ისინი შესაძლებელია დაგროვდნენ მასში. მეხსიერება ამ ინტერესების შესახებ შესაძლოა მასში ადრეული ბავშვობიდან დაგროვდეს და წარმოქმნას „მე“-ების გარკვეული ჯგუფი, მასში არსებულ სხვა“მე“-ების ჯგუფს შორის. გარკვეული დროის შემდეგ „მე“-ების მოცემული ჯგუფი, ანუ მაგნეტური ცენტრი, იწყებს ცხოვრების საერთო მიმართულებისა და ინტერესების (როგორც მინიმუმ ზოგიერთი მათგანის) კონტროლს და განსაზღვრას. მაგნეტური ცენტრი ნიშნავს გარკვეული საგნების ძიებას და გარკვეული საგნების დონეზე ყოფიერებას.

მაგრამ თუ ადამიანი ვერ ამჩნევს ამ გავლენებს, ისინი ვერანაირ ზეგავლენას ვერ გამოიწვევენ. აი, რატომ არიან ადამიანები ასე განსხვავებულნი. ადამიანი შეიძლება ინტელექტუალი იყოს, ფილოსოფიას, ხელოვნებას ან სხვა რამეს შეისწავლიდეს, მაგრამ ამასთან არანაირი შანსი არ ექნება, თუ მასში მაგნეტური ცენტრი არაა. თუკი იგი შეხვდა კიდეც სკოლას, ვერ იცნობს მას. ხოლო ვიღაც სხვა შეიძლება არასაკმარისად განათლებული იყოს, არ ჰქონდეს იმდენი წაკითხული, მაგრამ მიუხედავად ამისა, როცა სკოლას შეხვდება, შეუძლია მომენტალურად დაინტერესდეს.

კითხვა: რა ქმნის ჩვენში ამ განსხვავებას?

პასუხი: იმის კომბინაცია, რითაც დავიბადეთ, გარე პირობებთან - აი, რა გვქმნის იმად, რაც ვართ. ეს ყველაფერი მექანიკურია და შემთხვევის კანონის ქვეშაა. უაზრობაა იმის უარყოფა, რომ ადამიანები განსხვავებულები იბადებიან, მაგრამ ამას ვერ შევცვლით, ყოველ შემთხვევაში თავიდან. ჩვენ უნდა დავუშვათ, რომ ადამიანებს სხვადასხვა შესაძლებლობები გააჩნიათ, მაგრამ არა გამოღვიძებისთვის - აი, სად უშვებენ ადამიანები შეცდომას. გამოღვიძება არაა დამოკიდებული იმაზე, რაც იბადება. იგი მაგნეტურ ცენტრზეა დამოკიდებული, მაგნეტური ცენტრი კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რით ინტერესდება ადამიანი. ერთი ადამიანი ერთით ინტერესდება, მეორე კი - მეორით. მაგრამ რაზეა ეს დამოკიდებული, ჩვენ არ ვიცით, და ამ საკითხის კვლევა ვერ დაგვეხმარება, რადგან ეს მხოლოდ თეორია იქნება. ცნობიერების ჩვენს მდგომარეობაშ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ზოგიერთი რაღაც ვიცოდეთ. იმაზე უნდა ვკონცენტრირდეთ, რისი ცოდნაც შეგვიძლია, და დრო არ უნდა დავკარგოთ იმაზე, რისი ცოდნაც არ შეგვიძლია.

კითხვა: არის თუ არა დამოკიდებული მაგნეტური ცენტრი მექანიკურ მიზეზებზე?

პასუხი: მთლად არა. როგორც ვთქვი, ესაა ინტერესების ერთგვარი კომბინაცია, და არა მხოლოდ ინტერესებისა, არამედ მოპოვებული იდეებისა, გარკვეული ცოდნისა და გაგებისა. ეს ყველაფერი მაგნეტურ ცენტრში შედის. იგი მექანიკურია, როგორც ყველაფერი დანარჩენი, მაგრამ B ზეგავლენები განსხვავებულნი არიან თავიანთი ბუნებით, თუმცა თავიდან მექანიკურად მიმდინარეობენ. ეს არაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია - არსებობს თუ არა ინტერესი B ზეგავლენებისადმი. სწორედ ასე, მექანიკურობიდან ჩნდება მექანიკურობასთან ბრძოლა. მაგნეტური ცენტრი ეხმარება ადამიანს - დაინახოს, გაიგოს და განასხვაოს რაღაცეები. მისი დახმარების გარეშე ადამიანს არ შეუძლია სათანადოდ შეაფასოს სხვადასხვა იდეები. მას არ შეუძლია თქვას, რომელია უკეთესი და რომელი - უარესი, რა შეეფერება მას და რა არ შეეფერება. ცოდნის დაგროვება არ გეხმარებათ მაგნეტური ცენტრის წარმოქმნაში; მაგნეტური ცენტრი - ესაა კარგი გემოვნება, რომლითაც ადამიანს შეუძლია ახლებურად შეაფასოს შემხვედრი იდეები. ამოცანა იმაშია, რომ ცხოვრების ნაკადში განასხვაოთ ეს ორი ზეგავლენა, იგრძნოთ სხვაობა მათ შორის. თუ ადამიანი ვერ გრძნობს მას, თუკი იგი B ზეგავლენას ისევე აღიქვამს, როგორც A ზეგავლენას, მაშინ ისინი ერთნაირ ზემოქმედებას ახდენენ და მაგნეტური ცენტრი არ ფორმირდება.

გარდა ამისა, არსებობს მრავალი საფრთხე, რადგანაც ზოგიერთი ამ იდეათაგან, რომლებიც ზეგავლენის მეორე ტიპს შეადგენენ, იმდენად დამახინჯებულია, რომ შეუძლიათ ცრუ მაგნეტური ცენტრი წარმოქმნან. მაგნეტური ცენტრი ერთიანი და ძალიან ჯანსაღი უნდა იყოს იმისთვის, რომ რაიმე მიმართულებით წაგიყვანოთ. სხვა შემთხვევაში ეს იქნება ხეტიალი და მეტი არაფერი.

კითხვა: როგორც შეიძლება გავიგოთ, იმყოფება თუ არა ადამიანი. B ზეგავლენის ქვეშ?

პასუხი: B ზეგავლენა ყოველთვის არსებობს. პირველსაწყისად ისინი ცხოვრების შიგა წრიდან მოდიან, მისი იმ ნაწილიდან, რომელიც თავისუფალი გახდა მექანიკურობის კანონისგან, მაგრამ მათ შეუძლიათ მრავალი საფეხური გაიარონ, სანამ ადამიანს მიაღწევენ. ამასთან, ისინი ისეთი დამახინჯებულები და შენიღბულები ხდებიან, რომ მათი ამოცნობა ძნელი ხდება - ზუსტად ისევე, როგორც ძნელი ხდება ეზოთერული იდეების ამოცნობა, რომლებიც ჩვენთან ლეგენდების, მითების ან ცრურწმენების სახითაც კი მოდიან. ზოგჯერ მათ ეზოთერული წარმოშობა აქვთ, და მაშინ ეს B ზეგავლენაა.

კითხვა: მაგრამ იქნებ ადამიანს მხოლოდ წარმოუდგენია, რომ B ზეგავლენის ქვეშ მუშაობს?

პასუხი: ადამიანმა არ იცის ამის შესახებ და არ „მუშაობს“ B ზეგავლენების ქვეშ. მას შეუძლია დაინტერედეს B ზეგავლენებით მხოლოდ საკუთარი პირადი სარგებელის, პროფესიის, რეპუტაციის და რაღაც ამდაგვარის გამო - მაშინ იგი კარგავს მთელ სარგებელს, რასაც მათგან იღებს. მაგრამ თუკი ადამიანი აფასებს მათ, როგორც ასეთებს, არაეგოისტურად, არა მხოლოდ საკუთარი სარგებელის გამო, თუკი მას აინტერესებს მათი მნიშვნელობა, მაშინ შეუძლია, რომ მათგან რაღაც მიიღოს. განსაზღვრებები ძალიან რთულია და უმეტესწილად მცდარია, რადგანაც ჩვენს ჩვეულებრივ ენას იმდენი სხვადასხვა ასოციაცია აქვს, რომ ზოგჯერ უფრო ზუსტი განსაზღვრება გაგების შესაძლებლობას ზღუდავს.

მაგალითად, შეიძლება ითქვას - თუმცა თავს ვერ დავდებ, რომ ეს ყოველთვის სწორი იქნება, - რომ A ზეგავლენების მთავარი თავისებურება ისაა, რომ ისინი ყოველთვის ეგოისტურნი არიან, მაშინ, როცა B ზეგავლენებები არაეგოისტურია. მაგრამ ადამიანებს ეს სიტყვები იმდენად განსხვავებულად ესმით, რომ ეს ცოტა რამეზე მეტყველებს. შეიძლება ასევე ითქვას, რომ A ზეგავლენა გაიგივებას მოითხოვს, B ზეგავლენას კი შეუძლია მის გარეშე იარსებოს, და რომ თუკი ხდება B ზეგავლენებთან გაიგივება, ეს მათ აფუჭებს. სინამდვილეში, რაც უფრო მეტია გაიგივება B ზეგავლენებთან, მით უფრო მეტად იქცევიან ისინი A ზეგავლენებად. მაგრამ ეს ყველაფერი არაა საკმარისი მათ შორის სხვაობის სახსნელად.

კითხვა: შეიძლება თუ არა ჩაითვალოს სრული ჩაძირვა B ზეგავლენებში და A ზეგავლენების სრული უარყოფა ცხოვრებისადმი სწორ დამოკიდებულებად? შეგვიძლია თუ არა უარი ვთქვათ ყოველგვარ A ზეგავლენაზე?

პასუხი: რატომ უნდა გავაკეთოთ ეს? A ზეგავლენები შესაძლოა სრულიად კანონიერ ინტერესებს წარმოადგენდნენ ცხოვრებაში. თუ თქვენ არ იკარგებით მათში, ისინი სრულიად უვნებელნი არიან. ადამიანმა ყველაფერი უნდა მიიღოს, რაც მოდის, მაგრამ გაიგივების გარეშე. A ზეგავლენები არ არიან თავისთავად სახიფათონი, სახიფათო მხოლოდ გაიგივებაა. ამიტომ საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ თავი ავარიდოთ მათ, არამედ იმაში, რომ გარკვეული ინტერესი გვქონდეს B ზეგავლენებისადმი. იმაში, რომ არ ვიყოთ A ზეგავლენების სრული ძალაუფლების ქვეშ. თუ ადამიანები ინტერესდებიან B ზეგავლენებით, მათ გააჩნიათ გარკვეული მაგნეტური ცენტრი, თუ არ ინტერესდებიან - არანაირი მაგნეტური ცენტრი არ გააჩნიათ.

რაღაც დროის შემდეგ, მაგნეტური ცენტრის მეშვეობით, ადამიანს შეუძლია იპოვოს სკოლა, ან თუ ხვდება მას, შეუძლია, რომ იცნოს იგი. მაგრამ თუკი მას არანაირი მაგნეტური ცენტრი არ გააჩნია, იგი ვერ შეამჩნევს მას და ვერ დაინტერესდება. ხოლო თუკი იგი შეხვდება სკოლას ან ადამიანს, რომელიც სხვა სახის ზეგავლენას - C ზეგავლენას გადასცემენ, მაგნეტური ცენტრი დაეხმარება მას ამ ახალი ზეგავლენის ამოცნობაში და მის ათვისებაში. თუკი მან ჯერ B ზეგავლენა არ აითვისა საკმარისად, და ამიტომ არანაირი მაგნეტური ცენტრი არ გააჩნია; ან თუ მისი მაგნეტური ცენტრი ყალბია ან ძალიან სუსტია, ადამიანი ვერ ამოიცნობს C ზეგავლენას. ან მას შეუძლია შეხვდეს ცრუ სკოლას და მიიღოს ცრუ სწავლება, და იმის ნაცვლად, რომ უკეთესი გახდეს, უარესი გახდება; იმის ნაცვლად, რომ მოიპოვოს, დაკარგავს. C ზეგავლენა იმით განსხვავდება B ზეგავლენისგან, რომ იგი ცნობიერია, და არა მექანიკური (როგორც თავის წარმოშობაში, ასევე მქომედებაში), მაშინ, როცა B ზეგავლენა ცნობიერია თავის წარმოშობაში, მაგრამ მექანიკურია მოქმედებაში. C ზეგავლენები - ესაა სკოლის ზეგავლენები.

კითხვა: საჭიროა თუ არა ვიყოთ ზრდასრული იმისთვის, რომ C ზეგავლენები ამოვიცნოთ?

პასუხი: არ არსებობს ზოგადი წესი ასაკთან დაკავშირებით. მაგრამ საჭიროა გქონდეთ საკმარისი გამოცდილება, საკმარისი ცდუნებები A ზეგავლენებისგან და საკმარისი დრო B ზეგავლენების დასაგროვებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში C ზეგავლენები B ზეგავლენების როლს - სხვა სიტყვებით, უფრო მარტივი ინსტრუმენტის როლს შეასრულებენ, ისე რომ სრული ღირებულება არ ექნებათ. როცა ადამიანებმა უკვე სცადეს რაღაცის გაკეთება და მიხვდნენ, რომ ჩვეულებრივი საშუალებები არ აკმაყოფილებენ, მაშინ ისინი იწყებენ C ზეგავლენის დაფასებას. მაგრამ თუ C ზეგავლენა ასეთ მომენტზე ადრე მოდის, ადამიანები მას იმავე დონეზე აღიქვამენ, რომელზეც სხვა დონეებს, და C ზეგავლენები ძალას კარგავენ. ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაგება.

კითხვა: როცა ამოვიცნობ C ზეგავლენას, აუცილებლად იქნება თუ არა იგი სწორედ ის, რაც კონკრეტულად მე მჭირდება?

პასუხი: არა, არანაირად. თქვენ შეგიძლიათ მართალი იყოთ, ან შეცდეთ, ეს თქვენს მაგნეტურ ცენტრზეა დამოკიდებული. თუ მაგნეტური ცენტრი სწორია, თქვენ ვერ შეძლებთ, რომ სწორი რაღაცეები არ ამოიცნოთ. თუ ის ცრუა, შეიძლება სრულიად ცრუ სკოლა იპოვოთ. ეს ყოვედღიურად ხდება. რატომ არსებობს ამდენი ცრუ სკოლა, რაიმე საფუძვლის ან მასალის გარეშე? იმიტომ, რომ ადამიანებს ცრუ მაგნეტური ცენტრი აქვთ. ეს ხდება მაშინ, როდესაც, მაგალითად ადამიანი არასწორად ფორმირებული მაგნეტური ცენტრით გადაეყრება სკოლას, რომელსაც ეზოთერიასთან კავშირზე აქვს პრეტენზია, მაშინ, როცა სინამდვილეში არანაირი კავშირი არ არსებობს. ამ შემთხვევაში გავლენები, რომლებიც მესამე ტიპის გავლენები უნდა იყვნენ, პირველი ტიპის გავლენებად იქცევიან, და შესაბამისად - არსად მივყავართ.

კითხვა: ნუთუ არ არის არანაირი მეთოდი ამის ამოსაცნობად?

პასუხი: მხოლოდ შედეგების მიხედვით. მაგრამ მაშინაც კი, თუ ადამიანებს ცრუ შედეგები აქვთ, თუ მათ არასწორი მაგნეტური ცენტრი აქვთ, ისინი თავს ირწმუნებენ, რომ შედეგები კარგია. ადამიანს ნებისმიერ რამეში შეუძლია საკუთარი თავის მოტყუება.

ზოგადად თუ ვიტყვით, ძალიან მცირეა ჭეშმარიტი სკოლის პოვნის შანსი და პირიქით, დიდია ცრუ სკოლის პოვნის შანსი, რადგანაც სკოლას C ზეგავლენა უნდა ჰქონდეს, ანუ იდეები, რომლებიც უშუალოდ მაღალი გონიდან მოდიან. რას ნიშნავს - „უშუალოდ“? ეს ნიშნავს არა წიგნების მეშვეობით, არა ჩვეულებრივი სწავლის მეშვეობით, რაც ყველასთვის მისაწვდომია, არამედ ეს იდეები უნდა მოდიოდნენ სხვა სკოლიდან, ამ სკოლაში კი კიდევ სხვა სკოლიდან - და ა.შ. პირველსაწყის წყარომდე. თუ ასეთი იდეები არაა, ეს სკოლის მხოლოდ იმიტაციაა. ეს არ ნიშნავს, რომ სკოლა უშუალოდ უნდა იყოს დაკავშირებული წყაროსთან, მაგრამ მას ოდესღაც ონდა მიეღო ასეთი იდეები, და მაშინ ადამიანები შეძლებენ მათთან მუშაობას. მაგრამ თუ ასეთ სკოლას არ გააჩნია იდეები, რომლებიც ჩვეულებრივისგან განსხვავდება, მაშინ ეს სკოლა არაა. საუკეთესო შემთხვევაში ეს იქნება B გავლენის სკოლა, ანუ ფილოსოფიური ან მეცნიერული. მას შეგვიძლია სკოლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია ვუწოდოთ, თუ მისი მეშვეობით ადამიანს შეუძლია მიმართულება იპოვოს იმისკენ, რომ გახდეს ადამიანი #4 (თუმცა ამის მიღწევის გარანტია არ არსებობს). ანუ სკოლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ სწორი მიმართულება იპოვნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს ჭეშმარიტი სკოლაა. თუ ცრუ სკოლაში მიდიხართ, იმასაც კარგავთ, რისი სწავლაც დამოუკიდებლად შეგიძლიათ.

კითხვა: თქვენ თქვით, რომ მას შემდეგ, რაც მაგნეტურ ცენტრს სისტემასთან კონტაქტში მოვყავართ, იგი მმართველის მოადგილე ხდება. წარმოადგენს თუ არა იგი მუდმივი „მე“-ს თესლს?

პასუხი: ის, რაც მაგნეტური ცენტრი მანამდე იყო, სანამ ამ სამუშაოს შეხვდებოდით, შეიძლება შემდეგ მმართველის მოადგილედ იქცეს, რაც ნიშნავს პიროვნებას, რომელიც სხვა პიროვნებებზე იმარჯვებს და თან მიჰყავს ისინი. მაგრამ ეს უცებნ არ ხდება. მმართველის მოადგილე მნიშვნელოვნად უფრო მაღლაა, ვიდრე მაგნეტური ცენტრი. მაგნეტური ცენტრი B ზეგავლენებისგან ფორმირდება, მაშინ, როცა მმართველის მოადგილე ძალისხმევებისგან იქმნება. მაგნეტური ცენტრი მმართველის მოადგილის თესლია, ჩანასახია.

კითხვა: რა იგულისხმება შემთხვევის კანონში?

პასუხი: ცხოვრებას ადამიანი-მანქანისა, რომელსაც „კეთება“ არ შეუძლია, არ გააჩნია ნება ან არჩევანი, იგი შემთხვევითობით იმართება, რადგან მოვლენები ჩვეულებრივ ცხოვრებაში მექანიკურად მიმდინარეობს; მათში არანაირი აზრი არაა. და ზუსტად ისე, როგორც ადამიანის გარეგნული ცხოვრება იმართება შემთხვევითი გარე ზეგავლენებით, სწორედ ასევე მისი შინაგანი ცხოვრება იმართება როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი ზეგავლენებით, რომლებიც ერთნაირად შემთხვევითნი არიან. თქვენ ამას გაიგებთ, თუკი გააცნობიერებთ, რას ნიშნავს ეს - „ადამიანს ძინავს“. მას არ შეუძლია „კეთება“, მას არ ახსოვს საკუთარი თავი. თქვენ გააცნობიერებთ ამას, თუკი დააკვირდებით აზრების გამუდმებულ გაუცნობიერებელ დინებას ადამიანში, გაიგივებას და გათვალისწინებას, შინაგან საუბრებს, რომლებიც გრძელდება მასში. მის გამუდმებულ გადახრაზე უმცირესი წინააღმდეგობის ხაზისკენ. ადამიანები ფიქრობენ, რომ შემთხვევითობები იშვიათია, მაგრამ სინამდვილეში მოვლენების უმეტესობა, რომლებიც ჩვენს თავს ხდება - შემთხვევითია.

რას ნიშნავს შემთხვევა? ეს ნიშნავს გარემოებათა კომბინაციას, რომლებიც არაა დამოკიდებული არც ადამიანის ნებაზე, არც სხვის ნებაზე, და არც ბედზე (როგორც, მაგალითად, დაბადებისა და აღზრდის პირობებზე). შემთხვევას მაშინ აქვს ადგილი, როცა მოვლენათა ორი ხაზი ერთმანეთთან იკვეთება. მაგალითად, ადამიანი სახლის სახურავის ქვეშ დგას, რათა წვიმას შეეფაროს. უეცრად აგური ვარდება და თავზე ეცემა. ეს შემთხვევა იქნება. აქ შეიძლება დავაკვირდეთ მიზეზისა და შედეგის ორ სხვადასხვა ხაზს. ავიღოთ ადამიანის მოძრაობის ხაზი და ის ფაქტი, რომ მას მოუხდა ამ სახლის სახურავის ქვეშ გაჩერება. ამაში ყოველ წვრილმანს მიუძღვის წვლილი, მაგრამ აგური არ შედიუდა მიზეზთა და შედეგთა ამ ხაზში. დავუშვათ, აგური არ იდო დაუდევრად და წვიმამ მოარყია იგი, და რაღაც მომენტში ჩამოვარდა. არაფერია ისეთი, რაც გააერთიანებდა ამ ადამიანის ცხოვრებას აგურთან. მიზეზისა და შედეგის ორი ხაზი შემთხვევით ხვდება ერთმანეთს.

კითხვა: თუ შემთხვევები ამოძრავებენ ძაფებს, მაშინ რა წარმოშობს თავად შემთხვევებს?

პასუხი: სხვა შემთხვევები. არავინ წარმოშობს შემთხვევებს; აიღეთ ეს მარტივი და ჩვეულებრივი თვალსაზრისით. მოვლენები ადამიანის ცხოვრებაში სამი კანონის შესაბამისად ხდება:

1. შემთხვევის კანონი, როცა რაღაც ხდება ყოველგვარი ხილული მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გარეშე.

2. ბედის კანონი. ბედი განეკუთვნება მხოლოდ იმას, რითაც ადამიანი იბადება: მშობლები, ძმები, დები, ფიზიკური უნარები, ჯანმრთელობა და ა.შ. იგი განეკუთვნება ასევე დაბადებას და სიკვდილსაც. დროდადრო შესაძლოა ჩვენს ცხოვრებაშ რაღაცეები ბედის კანონით ხდებოდეს, და ზოგჯერ რაღაც განსაკუთრებულიც, მაგრამ ასეთი მომენტები ძალიან იშვიათია.

3. ნების კანონი. ნება შეიძლება ორგვარი იყოს - ჩვენი საკუთარი ან სხვების ნება. ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ საკუთარ ნებაზე, რადგანაც ისეთებს, როგორებიც ვართ, ნება არ გაგვაჩნია. რაც შეეხება სხვა ადაიანების ნებას, კლასიფიკაციის მიზნით, ყოველ განზრახულ მოქმედებას შეიძლება ამ ადამიანის ნების შედეგი დავარქვათ.

კითხვა: თქვენ თქვით, რომ ადამიანი - ესაა მანქანა, რომელისაც გარე ზეგავლენები მართავენ. მაშინ სად შეიძლება შემოვიდეს კონტროლი?

პასუხი: კონტროლი არ არის. ჩვენ უნდა შევიცვალოთ იმისთვის, რომ კონტროლი გვქონდეს. მოვლენები გარშემო ყველგან ხდება და ზემოქმედებს ჩვენზე. ყოველ მომენტში ჩვენს ცხოვრებას კვეთენ სხვა ხაზები, ასე რომ შემთხვევა მოვლენათა უმეტესობას მართავს. ერთი მანქანის მოქმედება მეორე მანქანაზე ზემოქმედებს.

ჩვენ უნდა გავიგოთ ჩვენი სიტუაცია. ადამიანებს #1, 2 და 3 არანაირი კონტროლი არ გააჩნიათ. თითქმის ყველაფერი მათ ცხოვრებაში შემთხვევით იმართება. გარკვეული რაღაცეები მათი საკუთარი ქმედებების შედეგია, მაგრამ ეს ყველაფერი ერთსა და იმავე დონეზე იმყოფება. კონტროლი იწყება სხვა დონიდან, და იგი იწყება ჩვენი საკუთარი თავიდან: კონტროლი რექციისა, ცნობიერების მდგომარეობისა, ფუნქციებისა და ა.შ. შემდეგ თანდათანობით შეგვიძლია მივიდეთ კონტროლის გარკვეულ დონემდე ერთი ზეგავლენისგან თავის არიდების და სხვასთან დაახლოების თვალსაზრისით. ეს ძალიან ნელი პროცესია.

კითხვა: როდის ვწვეტთ შემთხვევის კანონის ქვეშ ყოფნას?

პასუხი: როცა ნებას ვანვითარებით. სრული თავისუფლება შემთხვევის კანონისგან ძალიან შორია. მაგრამ სრულ თავისუფლებასა და ჩვენს მდგომარეობას შორის სხვადასხვა საფეხურებია. ჩვეულებრივ პირობებში შემთხვევას გეგმა უპირისპირდება. ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ ქმედებებში გეგმის თანახმად მოქმედებს, ამ მოპმენტებში შემთხვევის კანონისგან თავისუფლდება. მაგრამ გეგმიური მოქმედება შეუძლებელია ჩვეულებრივ ცხოვრებაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემთხვევით მომხდარი მოვლენები გეგმას ემთხვევა.

მიზეზები, თუ რატომაა შეუძლებელი ცხოვრებაში რაიმე გეგმის განხორციელება, ესაა პირველ რიგში ერთიანობის და მუდმივობის არარსებობა თავად ადამიანში, და ასევე ახალი ხაზები, რომლებიც უწყვეტად შემოდიან ადამიანის მოქმედებების ხაზში და კვეთენ მას. ამის შემოწმება იოლად შეიძლება, თუ ადამიანი შეეცდება, რომ მიყვეს გეგმას ისეთ რამეში, რაც შემთხვევით არ ხდება და მის ცხოვრებაში მოქმედ ძალთა საერთო მიმართულებას ეწინააღმდეგება. მაგალითად, თუ ადამიანი ცდილობს გაიხსენოს თავი, ებრძოლოს მავნე ჩვევებს, დააკვირდეს საკუთარ თავს და ა.შ. იგი დაინახავს, რომ მისი გეგმა არ სრულდება, შედეგი კი სრულიად განსხვავებულია ჩაფიქრებულისგან. ან იგი შეამჩნევს, რომ საერთოდ ყველაფერი ჩერდება , და შესრულებული ქმედებების აუცილებლობის პირველსაწყისი იმპულსი და გაგებაც კი ქრება. მაგრამ თუ ადამიანი განაგრძობს საკუთარი თავის შესწავლას, ძალისხმევების ჩადებას, მუშაობას, იგი დაინახავს, რომ მისი დამოკიდებულება შემთხვევის კანონისადმი თანდათან იცვლება. ჩვენი დაქვემდებარება შემთხვევის კანონისადმი - ესაა განსაზღვრული ფაქტი, რომლის სრულად ტრანსფორმირებაც შეუძლებელია. ისეთები, როგორებიც ვართ, ყოველთვის ვიქნებით დაქვემდებარებულნი შემთხვევის გარკვეულ შესაძლებლობას. მიუხედავად ამისა, თანდათანობით ჩვენ შეგვიძლია შემთხვევითი მოვლენები ნაკლებად სავარაუდო გავხადოთ.

შემთხვევების თეორია ძალიან მარტივია. ისინი ხდება მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს ცარიელი ადგილი. თუ ადგილი დაკავებულია, ისინი ვერ მოხდება. რითაა დაკავებული? ცნობიერი მოქმედებებით. თუ თქვენ არ შეგიძლიათ ცნობიერი მოქმედების გაკეთება, ყოველ შემთხვევაში ეს ადგილი განზრახული მოქმედებებით მაინც უნდა იყოს შევსებული. ანუ როცა სამუშაო და ყველაფერი მასთან დაკავშირებული ჭეშმარიტად ხდება ადამიანში სიმძიმის ცენტრი, ასეთი ადამიანი პრაქტიკულად თავისუფლდება შემთხვევის კანონისგან.

კითხვა: რას უწოდებთ სიმძიმის ცენტრს?

პასუხი: სიმძიმის ცენტრის იდეა შეგვიძლია ბევრნაირად განვმარტოთ. ესაა მეტ-ნაკლებად მუდმივი მიზანი და ყველაფერი დანარჩენის მნიშვნელოვნების შედარებთი ფარდობითობის გაცნობიერება. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული ინტერესები ყველაფერ დანარჩენზე მნიშვნელოვანი ხდება. ადამიანი იღებს მუდმივ მიმართულებას, იგი არ მიდის დღეს ერთი მიმართულებით და ხვალ მეორეთი, იგი მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის და ესმის, რასაც აკეთებს.

რაც უფრო ძლიერია თქვენი სიმძიმის ცენტრი, მით უფრო მეტად ხართ თავისუფალი შემთხვევისგან. თუ მიმართულებას ყოველ წუთში იცვლით, ყოველ მომენტში შეიძლება მოხდეს ნებისმიერი რამ, და ყოველ შემთხვევას შეუძლია შემოგაბრუნოთ ამა თუ იმ გზაზე. მაგრამჯ თუ თქვენი განზრახული ქმედება, ისეთი, როგორიცაა მაგალითად თვითგახსენება, იმდენად განსაზღვრული ხდება, იმდენად ინტენსიური და იმდენად უწყვეტი, რომ შემთხვევებისთვის არანაირი ადგილი არ რჩება, მაშინ შემთხვევების ალბათობა გაცილებით უფრო ნაკლები იქნება, რადგანაც შემთხვევებს დრო და სივრცე სჭირდებათ. ამიტომ ჩვენ მეტი მიზეზი უნდა დავამატოთ, რომლებიც შედეგებს მოგვცემენ, და ამგვარად უბრალოდ გამოვრიცხოთ შემთხვევა, რადგანაც რაც უფრო მეტი დრო გვაქვს დაკავებული ცნობიერი მუშაობით, მით უფრო ნაკლები სივრცე რჩება შემთხვევითი მოვლენებისთვის.

კითხვა: თუ ადამიანი თავს არ აიგივებს, არ ითვალისწინებს, არ გააჩნია უარყოფითი ემოციები, წარმოშობს თუ არა იგი ახალ მიზეზებს?

პასუხი: ბუნებრივია. მაგრამ რადგანაც ჩვენ ყოველთვის ვაიგივებთ თავს, ყოველთვის ვითვალისწინებთ და გაგვაჩნია უარყოფითი ემოციები, ჩვენ არ შეგვიძლია ამის განცდა. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ერთი უარყოფითი ემოციით ნაკლების ქონაც კი ახალი მიზეზი იქნება.

კითხვა: როგორ ვქმნით ახალ მიზეზებს? ნიშნავს თუ არა ეს გეგმების შედგენას?

პასუხი: არა, როგორც წესი თქვენ იგივე გეგმებს ადგენთ, რომლებსაც მთელი ცხოვრება ადგენდით, მაგრამ ამავდროულად ახალ მიზეზებს ელოდებით.

კითხვა: მინდა გავიგო, როგორ შევამციროთ შემთხვევის გავლენა მუშაობაზე? როცა დღის გეგმას ვადგენ, იგი ხშირად ირღვევა მოულოდნელად მოსული ადამიანების გამო.

პასუხი: თავი დაანებეთ ასეთ შემთხვევებს. რაც მნიშვნელოვანია, ესაა ადამიანები ანუ „მე“-ები ჩვენში, რომლებიც მოდიან და აფერხებენ ჩვენს მუშაობას. მაგალითად, მოდის უარყოფითი ემოცია და აჩერებს მუშაობას. აი, რას უნდა შევუშალოთ ხელი.

კითხვა: აუცილებელი ხომ არაა, რომ შემთხვევა ცუდი იყოს? იგი კარგიც შეიძლება იყოს, ხომ ასეა?

პასუხი: სრულიად მართალია. მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ განვთავისუფლდეთ შემთხვევისგან და გარკვეული დროის შემდეგ, თუკი ვმუშაობთ, შეგვიძლია თავისუფალი ვიყოთ როგორც კარგი, ასევე ცუდი შემთხვევებისგან. ჰკითხეთ საკუთარ თავს, იქნება თუ არა ასე უკეთესი? ეცადეთ გააცნობიეროთ, რამდენად ბევრს ელით კარგი შემთხვევებისგან, და რა რთული გახდებოდა ცხოვრება, თუ ყველაფრის „კეთება“ მოგვიწევდა და არაფერი არ „მოხდებოდა“.

კითხვა: თავისუფალია თუ არა ნაწილობრივ შემთხვევის კანონისგან ის, ვინც სკოლაშია?

პასუხი: არა. ეს ძალიან მარტივი იქნებოდა. მხოლოდ სკოლაში ყოფნა ვერაფერს მოგიტანთ. ცოტა ხნის წინ ავხსენი, რომ ადამიანი მაშინ გამოდის შემთხვევის კანონის გავლენიდან, როდესაც იმას მოიპოვებს, რასაც ჩვენ სიმძიმის ცენტრს ვუწოდებთ, რაც ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დიდი ადგილი დაიკავოს ადამიანის ცხოვრებაში. ეს გარკვეული სახის წონასწორობას ქმნის და თანდათანობით ათავისუფლებს შემთხვევისგან.

კითხვა: გულისხმობთ, რომ თუ უფრო ცნობიერები ვხდებით, ჩვენზე აღარ მოქმედებს შემთხვევის კანონი?

პასუხი: კვლავაც, ცნობიერად გახდომა არ აკეთებს ამას თავისთავად. როცა ჩვენში წყდება შინაგანი შემთხვევითობები, ეს თავისუფალს გვხდის გარეგანი შემთხვევითობებისგანაც. ჩვენში მეტისმეტად ბევრი შემთხვევითობაა, და როგორც უკვე აღვნიშნე, მათგან განთავისუფლება მხოლოდ სიმძიმის ცენტრის შექმნით შეგვიძლია, ერთგვარი მუდმივი წონის - წონის იმ თვალსაზრისით, რომ იგი წონასწორობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. ამისთვის კი სკოლა გვჭირდება.

კითხვა: რატომ ხართ ასე დარწმუნებული, რომ ადამიანს არ შეუძლია განვითარდეს სკოლის გარეშე?

პასუხი: ძალიან ბევრი სირთულე არსებობს. თუ მათ გაგებას შეეცდებით, დაინახავთ, რომ მეთოდის და დახმარების გარეშე ადამიანს არ შეუძლია მოძრაობა - იგი იმად დარჩება ვინცაა, ან უფრო მეტი ალბათობით დაეშვება, რადგანაც არაფერი რჩება ერთი და იგივე მდგომარეობაში. თუ ადამიანი არ ვითარდება, იგი ქვემოთ ეშვება. ცხოვრებაში, ჩვეულებრივ პირობებში, ყველა ეშვება, ან ერთი უნარი მეორის ხარჯზე ვითარდება. ყველა უნარი ვერ განვითარდება სკოლის დახმარების გარეშე, რადგანაც აუცილებელია სისტემა და მეთოდი.

მაგრამ სანამ იმაზე ვისაუბრებთ, თუ რატომაა სკოლები აუცილებელი, უნდა გავიგოთ, ვისთვისაა ისინი აუცილებელი, რადგანაც ადამიანთა უმეტესობისთვის სკოლები სულაც არ წარმოადგენენ საჭიროებას. ისინი მხოლოდ მათ სჭირდებათ, ვინც უკვე აცნობიერებს იმ ცოდნის უკმარისობას, რომელიც ჩვეული გონების მიერაა შეგროვებული, და გრძნობს, რომ თავისთავად, საკუთარი ძალებით, არც არსებული პრობლემების გადაწყვეტა შეუძლია, და არც სწორი გზის მოძებნა. მხოლოდ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ იმ სირთულეების გადალახვა, რომლებიც სკოლაში მუშაობას უკავშირდება, და მხოლოდ მათთვისაა სკოლა აუცილებელი.

ხოლო იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რატომაა სკოლები აუცილებელი, უნდა გავაცნობიეროთ ასევე, რომ უმაღლესი გონის ადამიანების მიერ მოწოდებული ცოდნა შესაძლებელია გადაეცეს ერთდროულად მხოლოდ ადამიანთა გარკვეულ რიცხვს, და რომ ამისთვის აუცილებელია გარკვეული პირობების მთელი რიგის შესრულება, რომლების გარეშეც ცოდნა სწორად ვერ გადაეცემა.

ცოდნის გადაცემა ძალისხმევას მოითხოვს როგორც მიმღების, ასევე გამცემის მხრიდან. ორგანიზაცია აადვილებს ამ ძალისხმევებს და შესაძლებელს ხდის მათ. ეს პირობები თავისთავად ვერ შეიქმნებოდა. სკოლა ორგანიზებულ უნდა იქნეს გარკვეული გეგმის შესაბამისად, რომელიც გაცილებით უფრო ადრე იყო შემუშავებული. სკოლაში ვერ იქნება ვერაფერი თავის ნებაზე მიშვებული და იმპროვიზირებული. მაგრამ არსებობს სხვადასხვა სახის სკოლები, რომლებიც სხვადასხვა გზებს შეესაბამებიან. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.

კითხვა: რაში მდგომარეობს ეს პირობები?

პასუხი: ისინი დაკავშირებულნი არიან ერთდროულად - ცოდნის და ყოფიერების განვითარების აუცილებლობასთან. როგორც უკვე ვთქვი, ერთის განვითარებას მეორეს გარეშე არასწორ შედეგებამდე მივყავართ. სკოლები იმისთვისაა აუცილებელი, რომ ასეთი ცალმხრივი განვითარება თავიდან ავიცილოთ. სწავლების მეთოდი სკოლაში ისეთია, რომ პირველივე ნაბიჯებიდან მუშაობა ერთდროულად ორი ხაზით ვითარდება - ცოდნის ხაზით და ყოფიერების ხაზით. სკოლაში ყოფნის პირველივე დღეებიდან ადამიანი იწყებს მექანიკურობის შესწავლას და საკუთარ თავში მათი გამოვლინებების, უნებური ქმედებების, არაფრისმომცემი ლაპარაკის, წარმოსახვის, უარყოფითი ემოციების გამოხატვის და ძილის წინააღმდეგ ბრძოლას. როდესაც ერთ ნაბიჯს დგამს ცოდნის ხაზით, ადამიანმა მეორე ნაბიჯი ყოფიერების ხაზით უნდა გადადგას. სკოლაში მუშაობის პრინციპები და მოთხოვნები, რომლებიც მოსწავლეს წაეყენება, - ეს ყველაფერი ეხმარება მას საკუთარი ყოფიერების შესწავლაში და მის შეცვლაზე მუშაობაში.

კითხვა: თუკი არ არსებობს არანაირი იმედი იმისა, რომ სკოლის გარეშე მივაღწევთ ცნობიერების უმაღლეს მდგომარეობებს, ნიშნავს თუ არ ეს, რომ ბევრი ადამიანი, თავის მხრიდან ყოველგვარი დანაშაულის გარეშე, ვერასოდეს შევლენ კონტაქტში ნამდვილ სკოლასთან, მიუხედავად განვითარების ძლიერი სურვილისა?

პასუხი: ამაზე პასუხს ვერავინ აგებს, იმიტომ რომ ადამიანები როგორც წესი შემთხვევის კანონის ქვეშ ცხოვრობენ, და ყოველი ცალკეული ადამიანი ასეთი მცირე და უმნიშვნელოა. ჩვენ თავს ძალიან მნიშვნელოვნებად ვთვლით, მაგრამ სინამდვილეში სულაც არ ვართ მნიშვნელოვნები. ასეთებად რომ ვიქცეთ, ჯერ უნდა გავხდეთ რაღაც, რადგანაც ისეთები, როგორებიც ვართ, თითქმის არაფერს წარმოვადგენთ. ვინ შეიძება იყოს დაინტერესებული ჩვენი განვითარებით გარდა ჩვენივე საკუთარი თავისა? ამიტომ ისეთ სკოლასთან შეხვედრა, რომელიც თქვენს ტიპს შეესაბამება - რამეთუ შესაძლოა შეხვდეთ ისეთ სკოლას, რომელიც თქვენს ტიპს არ შეესაბამება, - ეს მეტწილად გამართლების საკითხია.

კითხვა: შეიძლება თუ არა ეს იყოს არასაკმარისი სურვილის შემთხვევა, რადგანაც ნათქვამია: „ეძიებდე და ჰპოვებდე“?

პასუხი: გარდა იმ რთული გარემოებებისა, როცა ბედი, შემთხვევა, მიზეზ-შედეგობრიობა - ეს ყველაფერი ადამიანის წინააღმდეგაა, თუ ადამიანი მართლა ეძებს, მას შეუძლია იპოვნოს. იგი თავისი მაგნეტური ცენტრის მეშვეობით მოძებნის სკოლას, მაგრამ თუ მაგნეტური ცენტრი ფორმირებული არაა, ძიება ვერც დაიწყება.

კითხვა: საით მივყავართ სკოლებს?

პასუხი: ეს საინტერესო კითხვაა, რადგანაც მასზე პასუხი სხვა კითხვებზე პასუხებსაც მოიცავს - კითხვებზე ადამიანებს შორის განსხვავებების შესახებ. სკოლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველს. მაგრამ თავდაპირველად უნდა მოახდინოთ ფორმულირება იმისა, თუ რა გსურთ. ადრე დასმული იყო კითხვა: მიყავს თუ არა სკოლას მანქანები იქამდე, რაც მათთვის კარგია. თუ ეს ჭეშმარიტი სკოლაა, მანქანებს ის არსად არ წაიყვანს, რადგანაც მათ თავიანთი ბედი გააჩნიათ სამყაროში, და ვერავინ ვერაფერს გააკეთებს მათთვის. მაგრამ სკოლა შეუძლია დაეხმაროს ადამიანებს, რომლებიც დაიღალნენ მანქანებად ყოფნით. მას შეუძლია აჩვენოს გზა, თუ როგორ აღარ იყვნენ მანქანები, და ასწავლოს ამის გაკეთება. ესაა ყველაფერი, რისი გაკეთებაც სკოლას შეუძლია, და სკოლის გარეშე ამიც მიღწევა შეუძლებელია.

კითხვა: რისგან შედგება სკოლა?

პასუხი: ზოგადად, სკოლა ესაა ადგილი, სადაც ადამიანს რაიმეს სწავლა შეუძლია. არსებობს ენების სკოლა, მუსიკის სკოლა, მედიცინის სკოლები და ა.შ. მაგრამ სკოლის ის სახე, რომელზეც მე ვსაუბრობ, საჭიროა არა მხოლოდ სწავლებისთვის, არამედ ტრანსფორმაციისთვისაც. ადრე ავხსენით, რომ არავის შეუძლია დამოუკიდებლად, სკოლის გარეშე მუშაობა. და თქვენთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ცალკე, დამოუკიდებლად მუშაობას წყვეტს, ვერსად ვერ მივა, რადგან ამ ადამიანებმა არ იციან სად წავიდნენ და რა აკეთონ.

ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სკოლა - ესაა ორგანიზაცია ადამიანთა გარკვეული რაოდენობისთვის უმაღლესი გონისგან მოსული ცოდნის გადასაცემად. ეს სკოლის უფრო არსობრივი დახასიათებაა. სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი - ესაა მოსწავლეების შერჩევა. მხოლოდ ადამიანებს გარკვეული მომზადებით და გაგების დონით შეუძლიათ დაშვებულ იყვნენ რეალურ სკოლაში. სკოლა ვერ იქნება გახსნილი ყველასთვის, იგი ვერ იქნება გახსნილი ბევრისთვის. სკოლებს სხვადასხვა დონეები გააჩნიათ იმისდა მიხედვით, თუ რა დონეზეა მოსწავლეების მზაობა და ყოფიერების ხარისხი. რაც უფრო მაღალია სკოლის დონე, მით უფრო მეტი მოთხოვნა წაეყენება მოსწავლეს. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, სკოლები საფეხურებად იყოფა. არის სკოლები, სადაც ადამიანები #1,2 და 3 სწავლობენ იმას, თუ როგორ გახდნენ #4 ადამიანები. შემდეგი საფეხური, ესაა სკოლები, სადაც #4 ადამიანები სწავლობენ, თუ როგორ გახდნენ #5. აზრი არ აქვს შემდგომ საფეხურებზე საუბარს, რადგან ისინი ჩვენგან ძალიან შორსაა. მაგრამ დაბალი საფეხურების სკოლებშიც კი მუშაობის დაწყება უკვე გულისხმობს გარკვეულ მზაობას. არავის შეუძლია უცებ გადახტეს ყოველდღიური ცხოვრების აბსურდიდან სკოლაში. მაშინაც კი, თუ სკოლა ყველაფერს შესაძლებელს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანს რაღაც მისცეს, ის კი არაა მზად და არ იცის, როგორ აიღოს ეს, მაშინ რა თქმა უნდა მისთვის ამის მიცემა შეუძლებელია.

კითხვა: რას ნიშნავს - იყო მომზადებული?

პასუხი: პირველ რიგში, აუცილებელია მზად იყოთ იმ დონისთვის, რომელზეც შეგიძლიათ დაიწყოთ, - არა მხოლოდ ცოდნის თვალსაზრისით, არამედ ყოფიერების თვალსაზრისითაც. აუცილებელია გააცნობიეროთ თქვენი სიტუაცია, იცოდეთ, რას ვერ გააკეთებთ დამოუკიდებლად, გესმოდეთ, რომ დახმარება გჭირდებათ, და სხვა მრავალი. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ სახელდობრ რა სჭირდება ადამიანს სკოლაში. არავის უნდა სკოლა, როგორც ასეთი, მაგრამ თუ ადამიანს რაღაც სჭირდება, მაშინ მას სჭირდება სკოლა, რომ ეს მიიღოს. იყო მომზადებული - ნიშნავს, რომ ადამიანი უკვე იცნობს საკუთარ თავს რაღაც დონეზე, ხედავს თავის მიზანს, ესმის საკუთარი გადაწყვეტილებების ღირებულება. და მასში უკვე უნდა იყოს გარკვეული თავისუფლება საკუთარი თავის მოტყუებისგან - მას უნდა შეეძლოს საკუთარ თავთან გულწრფელობა.

სამწუხაროდ, თუ ადამიანები სკოლაში მოუმზადებლები მოდიან, ძალიან მალე C გავლენა B გავლენად იქცევა. მოგვიანებით, შესაძლოა საკმაოდ დიდი დროის შემდეგ, - ასეთმა ადამიანებმა შესაძლოა მოისმინონ ისეთი რაღაცეები, რაც უკვე მოუსმენიათ, როცა ახალი მოსულები იყვნენ, და ახალი აზრი იპოვონ მათში. მაშინ ეს C ზეგავლენად იქცევა. არსებობს ბევრი იდეა, რომელიც შეიძლება C ზეგავლენად იქცეს, თუკი ისინი სწორად არიან გაგებულნი.

გარდა ამისა, ადამიანი შეიძლება მოხვდეს სკოლაში მხოლოდ მაშინ, როცა მან დაკარგა, ან მზადაა დაკარგოს თუნდაც გარკვეული წილი საკუთარი თვითნებობისა. თვითნებობა - ეს მთავარი დაბრკოლებაა სკოლაში შესვლისთვის, რადგან სკოლა ნიშნავს არა მხოლოდ სწავლებას, არამედ დისციპლინასაც. ზოგიერთი ადამიანი კი დისციპლინას მოსაწყენად და ზედმეტად თვლის.

კითხვა: არის თუ არა რაიმე გამოცდა, რომელიც სკოლაში მოსახვედრად უნდა ჩავაბაროთ?

პასუხი: გამოცდა პრაქტიკულად უწყვეტია. იგი მუდმივად მიმდინარეობს, არა მხოლოდ სკოლაში მოხვედრამდე, არამედ სწავლების დროსაც.

კითხვა: არსებობს თუ არა იმის მიზეზები, რომ ზოგიერთი ადამიანი ხედავს ცვლილების შესაძლებლობას, ზოგიერთი კი არა?

პასუხი: დიახ, მიზეზები არსებობს. ეს გონების ერთგვარი წინასწარი მომზადებაა. ადამიანთა უმეტესობას მსგავსი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ზოგიერთი აგროვებს მასალას და მზადაა ცვლილებებისთვის, სხვები კი არა. მაგრამ მაშინაც კი, თუ ისინი მზად არიან, მათ დახმარება სჭირდებათ, და ასევე მათ ძალისხმევა უნდა ჩადონ.

კითხვა: რა დონემდე შეიძლება განვავითაროთ ყოფიერება სკოლის გარეშე?

პასუხი: ყოფიერების ვერანაირი რეალური განვითარება ვერ მოხდება სკოლის გარეშე, უფრო სწორად, ეს შესაძლებელია რაღაც დონემდე, მაგრამ როგორც წესი არასრულყოფილია. სწორი განვითარება შეუძლებელია სკოლის გარეშე, რადგან ადამიანს არ შეუძლია თავად ადევნოს საკუთარ თავს თვალყური, საკმარისად მკაცრი იყოს საკუთარი თავის მიმართ. და საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ მკაცრი იყოს, - ადამიანი უბრალოდ ვერ შეძლებს, რომ საჭირო მომენტში ახსოვდეს რაღაცეები. დამოუკიდებელი მუშაობა შესაძლებელი რომ ყოფილიყო, სკოლები დროის კარგვა იქნებოდა, სისტემები კი - უსარგებლო. მაგრამ რადგანაც ისინი არსებობენ, ეს ნიშნავს, რომ მათ გარეშე სწავლება შეუძლებელია. ადამიანს თავისთავად ვერ ექნება ვერანაირი გეგმა, ვერანაირი სისტემა. როგორ შეიძლება გეგმის ან სისტემის გარეშე განვითარება? როგორ შეიძება რაიმე სამუშაოს შესრულება? როგორ შეძლებს ადამიანი საჭირო ცოდნის მიღებას, საკუთარი მდგომარეობის გაგებას, იმის გაგებას, თუ რა აკეთოს? მას წინასწარი ცოდნის მიღებაც კი არ შეუძლია, საიდანღაც რომ დაიწყოს.

კითხვა: სკოლებში აუცილებლად უნდა იყვნენ უფრო მაღალი ცნობიერების ადამიანები?

პასუხი: აუცილებელი არაა. ჩვენ ვერ გვექნება ამის იმედი, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, სკოლა ვერ დაიწყება ცოდნის გარეშე, რომელიც უფრო მაღალი გონის ადამიანებიდან მოდის.

კითხვა: დამეხმარება თუ არა სკოლა იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც ჩემს მომავალზე მოახდენენ გავლენას?

პასუხი: ყველაფერი, რაც შემიძლია გითხრათ, ესაა: დღევანდელი დღე ქმნის ხვალინდელს, ამიტომ ხვალინდელი დღე დღევანდელ მოქმედებაზეა დამოკიდებული. თქვენ შეგიძლიათ ახლა შეცვალოთ მომავალი - აი, რისი გაგებაა აუცილებელი. ჩვეულებრივ ცხოვრებაში არაფრის შეცვლა არ შეგიძლიათ, მაგრამ როდესაც მეტის გაგებას იწყებთ, დიდი შესაძლებლობა გიჩნდებათ, რომ შეიცვალოთ.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff