პ. უსპენსკი - "მეოთხე გზა"

გიორგი გურჯიევი
5
1

მთარგმნელები: მამუკა გურული და ნინო ტურაბელიძე წინასიტყვაობა როცა პ. უსპენსკის ჰკითხეს, აპირებდა თუ არა თავისი ლექციების გამოქვეყნებას, მან უპასუხა: „რა სარგებელი ექნება ამას? მნიშვნელოვანია არ...

თავი მეხუთე 

 

თავი მეხუთე 

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

ფაკირის გზა, ბერის გზა და იოგის გზა. - მეოთხე გზა. - განსხვავება მეოთხე გზასა და ტრადიციულ გზებს შორის. - ყველა გზას ერთ მიზნამდე მივყავართ. - სკოლის დონე დამოკიდებულია მოსწავლეების დონეზე. - კაცობრიობის შინაგანი წრეები.

სკოლები სხვადასხვაგვარია. ერთი ტიპის ადამიანს თუ ერთი სახის სკოლა ესაჭიროება, სხვა ტიპისას - განსხვავებული სკოლა შეესაბამება. არ არსებობს უნივერსალური სკოლა - ყველანაირი ადამიანებისთვის. აქედან გამომდინარეობს შეკითხვა განსხვავებული გზების შესახებ. მაგრამ, ვიდრე გზებზე ვისაუბრებდეთ, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ათასობით წლის წინ ადამიანებს გაუჩნდათ იდეა, რომ ადამიანი შეიძლება შეიცვალოს, რომ მან შეიძლება იმას მიაღწიოს, რაც არ მიუღია. ის, რისი მიღწევაც მას შეუძლია, სხვადასხვა თვალთახედვით განსხვავებულად გამოიხატებოდა, მაგრამ საერთო იდეა ყოველთვის ერთი და იგივე იყო: ადამიანს განვითარება შეუძლია, მას რაღაც ახლის მიღწევა ძალუძს. ამგვარად ჩამოყალიბდა სამი გზა, რაც ადამიანთა №1, №2 და №3 ადამიანად დაყოფას შეესაბამება.

პირველი გზა - ფაკირის გზაა. ესაა ხანგრძლივი, ძნელი და არასანდო გზა. ფაკირი ფიზიკურ სხეულზე, ფიზიკური ტანჯვის დასათრგუნად მუშაობს.

მეორე გზა - ბერის გზაა. ეს შედარებით მოკლე გზაა, უფრო საიმედოა და მეტად განსაზღვრული. ის გარკვეულ პირობებს, და განსაკუთრებით კი რწმენას მოითხოვს, რადგან რწმენის გარეშე ადამიანი ნამდვილი ბერი ვერ იქნება.

მესამე გზა - იოგის გზაა, ცოდნისა და ცნობიერების გზა.

სამ გზაზე საუბრისას, ჩვენ მათ პრინციპებზე ვლაპარაკობთ. სინამდვილეში, ცხოვრებაში მათ სუფთა ფორმით იშვიათად, უმეტესწილად კი შერეული სახით ვხვდებით. მაგრამ თუ პრინციპს იცნობთ, ეს ნიშნავს, რომ სკოლის პრაქტიკის გავლისას, შეძლებთ გაარჩიოთ, რომელი პრაქტიკა რომელ გზას ეკუთვნის. როდესაც იოგაზე ვსაუბრობთ, სინამდვილეში მხოლოდ ჯნანა-იოგას და რაჯა-იოგას ვგულისხმობთ. ჯნანა-იოგა ცოდნის, აზროვნების ახალი გზის იოგაა. ის სხვადასხვა კატეგორიებში, ოღონდ არა სივრცის, დროის და მიზეზ-შედეგობრიობის კატეგორიებში, აზროვნებას ასწავლის. რაჯა-იოგა კი ყოფიერებაზე, ცნობიერებაზე მუშაობაა.

თუმცაღა მრავალი თვალსაზრისით ეს გზები საკმაოდ ეფექტიანია, მათ ახასიათებთ ის, რომ ყველაზე ძნელი პირველი ნაბიჯის გადადგმაა. დასაწყისშივე ყველაფერზე უარი უნდა თქვათ და მხოლოდ ის აკეთოთ, რასაც გავალებენ. ერთ მცირე ნივთსაც თუ შეინახავთ, ვერც ერთ ამ გზას ვერ გაყვებით. ამიტომ, თუმცაღა სამივე გზა მრავალი თვალსაზრისით კარგია, მაგრამ არასაკმარისად მოქნილია. მაგალითად, ჩვენი თანამედროვე ცხოვრების წესისთვის სამივე გამოუსადეგარია.

ფაკირი - ესაა №1 ადამიანის უკიდურესი ფორმა, რომელშიც ინსტინქტურ-მამოძრავებელი ცენტრი ჭარბობს.

ბერი - ესაა №2 ადამიანის უკიდურესი ფორმა, რომელსაც ემოციური ცენტრი აქვს განვითარებული, მაგრამ სხვა ცენტრები - არასაკმარისად განვითარებული.

იოგი - ესაა №3 ადამიანის უკიდურესი ფორმა, რომელსაც ინტელექტუალური ცენტრი განვითარებული და სხვა ცენტრები არასაკმარისად განვითარებული აქვს.

მხოლოდ ეს სამი გზა რომ არსებობდეს, ჩვენ აღარაფერი დაგვრჩებოდა, რადგან ამ გზათათვის ფრიად უუნაროებად ვიქეცით. მაგრამ მეოთხე გზაც არსებობს, განსაკუთრებული გზა, და ის იმ სამი გზის კომბინაციას არ წარმოადგენს. სხვა გზათაგან ის იმით გამოირჩევა, რომ გარეგნულად არაფერზე გვიწევს უარის თქმა, მთელი მუშაობა შინაგანად წარიმართება. მასთან შეხვედრისას ადამიანმა მუშაობა იმ პირობებში უნდა დაიწყოს, რომელშიც იმყოფება, რადგან ეს პირობები მისთვის საუკეთესოა. თუ ის მუშაობას და სწავლას ამ პირობებში იწყებს, მას გარკვეული წარმატების მიღწევა ძალუძს, მოგვიანებით კი, აუცილებელობის შემთხვევაში, მის შეცვლასაც შეძლებს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის. ამრიგად, თავიდან ადამიანი იგივე გარემოებებში ძველებურად ცხოვრებას აგრძელებს. მრავალი თვალსაზრისით ეს გზა უფრო რთულია, ვიდრე სხვები, რადგან არაფერია გარეგნული შეცვლის გარეშე საკუთარი თავის შინაგანად შეცვლაზე ძნელი.

შემდეგ, მეოთხე გზის პირველ პრინციპს წარმოადგენს ის, რომ ადამიანს არაფრის უნდა სწამდეს; მან უნდა ისწავლოს; ამიტომ რწმენა მეოთხე გზას არ ეკუთვნის. ადამიანს არ უნდა სჯეროდეს იმის, რაც ესმის ან რასაც ურჩევენ, მან ყველაფრის მტკიცებულება უნდა იპოვოს. მხოლოდ თუ ადამიანი დარწმუნებულია რაიმეს ჭეშმარიტებაში, მას შეუძლია სწამდეს ის, მაგრამ არა უადრეს.

ესაა ოთხ გზას შორის განსხვავებების მოკლე აღწერა.

კითხვა: რატომაა რწმენა შეცდომა?

პასუხი: ადამიანებს სწამთ ან არ სწამთ მაშინ, როდესაც საკმაოდ ზარმაცები არიან, რათა იაზროვნონ. თქვენ უნდა აარჩიოთ, თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ. თქვენ გეუბნებიან, რომ საკუთარი თავი უნდა გახსოვდეთ, მაგრამ თქვენთვის არასწორი იქნება გაიხსენოთ თავი ისე, როგორც გეუბნებიან.

თავდაპირველად უნდა გაიგოთ, რომ თქვენ არ იხსენებთ საკუთარ თავს, და რას ნიშნავს ეს, შემდეგ კი, თუ ნამდვილად გესმით, რომ ეს გჭირდებათ და გსურთ საკუთარი თავის გახსენება, თქვენ ამას სწორად გააკეთებთ. თუ ამას უბრალოდ სხვების მიბაძვით აკეთებთ, ე.ი. არასწორად აკეთებთ. თქვენ უნდა ჩაწვდეთ, რომ ამას საკუთარი თავისთვის აკეთებთ, და არა იმიტომ, რომ ვიღაცამ გითხრათ.

კითხვა: მეოთხე გზა განსაკუთრებული ტიპის ადამიანისთვისაა განკუთვნილი?

პასუხი: დიახ, თუ ასე გსურთ, ადამიანის ტიპისთვის, რომელსაც სხვა გზით სიარული არ ძალუძს.

კითხვა: ამ გზას უფრო მეტი დრო ხომ არ ესაჭიროება?

პასუხი: ის ყველაზე მოკლე შეიძლება იყოს, რადგან მეტ ცოდნას მოიცავს. ხანდახან მეოთხე გზას „ცბიერი ადამიანის გზასაც“ უწოდებენ.

ცბიერი ადამიანი სამივე ტრადიციულ გზას იცნობს, მაგრამ მან ასევე მათზე მეტი იცის. დავუშვათ, რომ ყველა გზაზე ადამიანები გარკვეულ მდგომარეობაში გადასვლაზე მუშაობენ, რაც მათ მიერ შესასრულებელი განსაკუთრებული მუშაობისთვისაა აუცილებელი. ცბიერი ადამიანი ამ მდგომარეობას უმოკლეს დროში შექმნის; მან უნდა იცოდეს, ეს როგორ გააკეთოს, მან გასაღები, ხერხი უნდა იცოდეს.

კითხვა: რა სპეციფიური მნიშვნელობა მიეწერება სიტყვებს „ცბიერი ადამიანი“?

პასუხი: თქვენ როგორ გესმით ცბიერება?

კითხვა: არაპირდაპირობა.

პასუხი: დიახ, ბევრი რამ პირდაპირი გზით არ მოიპოვება. ეს იდეა ფართოდ გამოიყენება ახალ აღთქმაში, თუმცა იქ სიტყვა „ცბიერი“ არ იხმარება.

არის უაღრესად რთული სიტუაციები, როდესაც ადამიანს პირდაპირ სვლა არ ძალუძს და აუცილებელია იყოს „ცბიერი“.

კითხვა: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მეოთხე გზით სვლა?

პასუხი: არა, რადგან ის გაგებას და ძალისხმევას მოითხოვს. ადამიანი მომზადებული უნდა იყოს ძალისხმევისთვის.

კითხვა: როგორ უნდა დავადგინოთ, რამდენად სწორი გზა ავარჩიეთ?

პასუხი: შედეგების მიხედვით. თქვენ სისტემას ხვდებით და მუშაობას იწყებთ. გარკვეული დროის შემდეგ თქვენ უნდა შეგეძლოთ დადგენა, მისგან რაიმე მიიღეთ თუ არა. ეს რთული სულაც არაა. რა თქმა უნდა, თავდაპირველად უმეტესწილად ესაა ინტელექტუალური შენაძენი, რადგან თქვენ ახალ იდეებს, ახალ ცოდნას იძენთ. მაგრამ ისეა მოწყობილი, რომ ნამდვილ სისტემაში ახალი იდეების შეძენა დაკავშირებულია გარკვეულ ცვლილებებთან გაგებაში, ყურადღებაში, ნებაში და ა.შ. შეუძლებელია ახალი იდეების სწორი გზით მიღება გარკვეული ცვლილებების გარეშე.

კითხვა: თუ ოთხივე გზას ერთი და იგივე მიზნისკენ მივყავართ, რომელია მათთვის საერთო ფაქტორი ან მთავარი თვისება?

პასუხი: ყველა გზას ყოფიერების შეცვლის შესაძლებლობა აერთიანებს. თუ ყველაფერზე, რაც ყოფიერებას შეადგენს, იფიქრებთ როგორც ცენტრების არასწორ მუშაობაზე, გაიგივებაზე, გათვალისწინებაზე, უარყოფით ემოციებზე, ერთიანობის არარსებობაზე და ა.შ., მიხვდებით, რომ ამ ყველაფრის შეცვლა ოთხივე გზით შეიძლება: ფაკირის გზაზე - ფიზიკური ტკივილის დაძლევით, ბერის გზაზე - რელიგიური ემოციის შექმნით, იოგის გზაზე - ცოდნის შეძენით და ცნობიერებაზე მუშაობით. გზები ერთნაირია, ადამიანები კი განსხვავებულები; ადამიანი, რომელსაც ერთი გზით შეუძლია სვლა, სხვა გზით სიარული არ ძალუძს. ჩვენს დროში ადამიანთა ოთხი გარკვეული კატეგორია არსებობს, რომელთა შესაბამისადაც იყოფა გზები. არ ვამბობ, რომ ყოველთვის ასე იყო, მაგრამ ახლა ნამდვილად ასეა. ეს დაყოფა იმდენად ძლიერად არაა დაკავშირებული №1, 2 ან 3 ადამიანების ყოფიერებასთან, რამდენადაც ერთი ცენტრის მქონე ადამიანთა, ორი ცენტრის მქონე ადამიანთა, სამი ცენტრის მქონე ადამიანთა, ოთხი ცენტრის მქონე ადამიანთა ყოფიერებასთან.

ეს აღნიშნავს ადამიანებს, რომელთაც ერთი ცენტრი სრულად აქვთ განვითარებული, იმავდროულად კი დანარჩენი ცენტრები არაა განვითარებული, ან სამი ცენტრი აქვთ განვითარებული, მეოთხე კი დაბალგანვითარებული, ან ოთხივე ცენტრი დაახლოებით ერთნაირადაა განვითარებული. სწორედ ეს განაპირობებს ოთხ გზად დაყოფას.

კითხვა: ნამდვილი სისტემა მეოთხე გზას წარმოადგენს?

პასუხი: ეს არასწორი ფორმულირებაა. შეგიძლიათ საკუთარ თავს ჰკითხოთ: „მიეკუთვნება თუ არა ნამდვილი სისტემა ფაკირის გზას, ბერის გზას ან იოგის გზას? არა, მაგრამ ის შეიძლება ეკუთვნოდეს მეოთხე გზას“. თქვენ არ შეგიძლიათ თქვათ, რომ ნამდვილი სისტემა მეოთხე გზას წარმოადგენს; მეოთხე გზა საკმაოდ ფართო, ეს სისტემა კი შედარებით მეტად მცირეა.

კითხვა: მაგნეტური ცენტრი მხოლოდ სკოლებთან მიმართებით მოქმედებს?

პასუხი: რელიგიურ გზაზე განსაკუთრებული მაგნეტური ცენტრია აუცილებელი. იოგის სკოლის ან მონასტრისკენ მიმავალი მაგნეტური ცენტრი განსხვავდება იმ მაგნეტური ცენტრისგან, რომელიც მიდის ჯგუფში, რამაც შესაძლოა მეოთხე გზის სკოლასთან მიგვიყვანოს. რელიგიური გზის მაგნეტური ცენტრით ადამიანი აქ ვერ იმუშავებს, მას არ ექნება სათანადო ინიციატივა. რელიგიურ გზაზე მას მორჩილება მართებს. ნამდვილ გზაზე ადამიანს ფართო გონება სჭირდება, მას უნდა ესმოდეს. იოგის სკოლებში და რელიგიურ გზაზე დიდხანს შეიძლება გაგების გარეშე სვლა და მხოლოდ დავალებების შესრულება. აქ კი შედეგები გაგების პირდაპირპროპორციულია.

კითხვა: სხვადასხვა ადამიანების მაგნეტურ ცენტრებს განსხვავებული იდეები იზიდავენ? საწყისი წერტილი ამასთან ხომ არ არის დაკავშირებული?

პასუხი: დიახ, ისინი ძალზე განსხვავებულები შეიძლება იყვნენ, მაგრამ ნამდვილ სისტემასთან მიმართებაში მაგნეტური ცენტრის გარკვეული მსგავსება უნდა არსებობდეს, რათა ადამიანებმა ერთად მუშაობა შეძლონ; რადგან გარკვეულ პერიოდში, კლასში და სწავლებაში ადამიანებს ასე თუ ისე ერთნაირი მასალა აქვთ.

კითხვა: მეოთხე გზა მოიცავს თუ არა სამ დანარჩენ გზას?

პასუხი: არა, ეს მცდარი აღწერაა, რადგან მეოთხე გზა ბევრ რამეს არ მოიცავს, რაც პირველ სამ გზაში შედის, და ბევრ სხვას შეიცავს, რაც იქ არ მოიპოვება. მეოთხე გზის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ის სამი გზიდან მათში არსებულ ყველაფერ ზედმეტს იშორებს, რადგან, აუცილებელის გარდა, სამი გზა მხოლოდ ტრადიციის, მიბაძვის და ა.შ. შედეგად გაჩენილ სხვა მრავალ რამესაც შეიცავს.

მეოთხე გზაზე ყველა მხარე, რომელთაც განვითარება შეუძლიათ, ერთსა და იმავე დროს ვითარდებიან, და ეს განასხვავებს მას სხვა გზებისგან, სადაც თქვენ ჯერ ერთ მხარეს ავითარებთ, შემდეგ უკან ბრუნდებით და მეორე მხარეს ავითარებთ, შემდეგ კი კვლავ უკან ბრუნდებით და მესამე მხარეს ავითარებთ. მეოთხე გზაზე ოთხივე ცენტრი ასე თუ ისე ცოცხალი, ზედაპირზე, შთაბეჭდილების მისაღებად გახსნილი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გასახსნელად ხანგრძლივი წინასწარი მუშაობაა საჭირო, ვიდრე ადამიანი გზას შეუდგება.

კითხვა: მეოთხე გზა ყველაზე ძნელი ხომ არ არის განუწყვეტელი არჩევანის გამო, რაც აუცილებელია მაქსიმალური გარეგანი ხელისშემშლელი ფაქტორების პირობებში?

პასუხი: ეს იმაზეა დამოკიდებული, რას უწოდებთ თქვენ უფრო რთულს. დანარჩენი სამი გზა ძალზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას სწორედ დასაწყისში საჭიროებს, როდესაც თქვენ ჯერ ნამდვილად არაფერი იცით. თქვენ აბსოლუტურად ყველაფერზე უარი უნდა თქვათ.

თუ ამის გაკეთება ძალგიძთ და სხვა აუცილებელი თვისებებიც გაგაჩნიათ, შეგიძლიათ ბერის ან იოგის გზას გაჰყვეთ, თუ იპოვით ბერების სკოლას ან იოგების სკოლას. მაგრამ თუ არც ასეთი სკოლები იცით და უმცირესის დათმობაც არ ძალგიძთ, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მეოთხე გზა ერთადერთი შესაძლო გზაა თქვენთვის. ეს არაა მეტად ან ნაკლებად ძნელის შესახებ საკითხი; ეს მეტად შესაძლებლის შესახებ საკითხია. ამ შემთხვევაში, თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ მხოლოდ ერთი გზა არსებობს.

კითხვა: მეოთხე გზის სკოლებში თუ არის რამე, რაც ლოცვით მდგომარეობას შეესაბამება, და თუ არსებობს, ხომ არ დგება ის თვითგახსენებისას?

პასუხი: დიახ, ყველა გზაზე ყველამ ერთნაირი გამოცდილება უნდა მიიღოს, მხოლოდ განსხვავებული თანმიმდევრობით. უდავოდ, თვითგახსენება, არგაიგივება და ზოგიერთი სხვა პრაქტიკა ზუსტად ერთი და იგივე პირად შეგრძნებებს გამოიწვევს, ისეთს, როგორიცაა რელიგიური ან ინტელექტუალური რიგის ამაღლებული ემოციები. თქვენ გახსოვთ, რომ ადამიანი ოთხოთახიან სახლს შევადარეთ. რას ნიშნავს განვითარება? ეს ნიშნავს ოთხ ოთახში მუშაობას, ოღონდ ოთახების თანმიმდევრობა, რომლებშიც ადამიანი მუშაობს, სხვადსხვა გზებისთვის განსხვავებულია. მეოთხე გზაზე ადამიანი ოთხივე ოთახში ერთდროულად მუშაობს.

კითხვა: წარმოადგენს თუ არა მოცემული ორგანიზაცია სკოლას?

პასუხი: საინტერესო შეკითხვაა: შეგვიძლია კი საკუთარ თავს სკოლა ვუწოდოთ? გარკვეულწილად შეგვიძლია, რადგან განსაზღვრულ ცოდნას ვიძენთ, და იმავდროულად ვსწავლობთ, როგორ შევცვალოთ ჩვენი ყოფიერება. მაგრამ ამ საკთხთან დაკავშირებით უნდა ვთქვა, რომ 1916 წელს პეტერბურგში ჩვენი მუშაობის დასაწყისში მიგვახვედრეს, რომ სკოლა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ორი საფეხურისგან უნდა შედგებოდეს, ანუ ორ დონეს მოიცავდეს: პირველი დონე, სადაც №1, 2 და 3 ადამიანები სწავლობენ, როგორ გახდნენ №4 ადამიანები, და მეორე დონე, სადაც №4 ადამიანები სწავლობენ, როგორ გახდნენ ადამიანი №5. თუ სკოლას ორი დონე გააჩნია, მას მეტი შესაძლებლობები აქვს, რადგან ამგვარ ორმაგ ორგანიზაციას მეტი მრავალფეროვანი გამოცდილების მოცემა შეუძლია და ხელეწიფება მუშაობა უფრო სწრაფი და საიმედო გახადოს. ამრიგად, თუმცა გარკვეულწილად საკუთარ თავს შეგვიძლია სკოლა ვუწოდოთ, უმჯობესია ამ ტერმინის უფრო დიდ ორგანიზაციასთან მიმართებაში გამოყენება.

კითხვა: თქვენი ნათქვამი თუ სწორად გავიგე, ზუსტი გაგებით ეს სკოლა არ არის?

პასუხი: ზოგისთვის ის შეიძლება იყოს სკოლა, სხვებისთვის - არა. ეს ყოველთვის ასეა. ის არ შეიძლება განისაზღვროს და არ შეიძლება ყველასთვის ერთნაირი იყოს.

კითხვა: თუ ეს ჯერ კიდევ არაა სკოლა, მაშ რას შეუძლია ის სკოლად აქციოს?

პასუხი: მხოლოდ მისი მოსწავლეების მუშაობას საკუთარ ყოფიერებაზე, სასკოლო მუშაობის პრინციპების გაგებას და გარკვეული მკვეთრად განსაზღვრული სახის დისციპლინას.

თუ სკოლის შექმნა გვსურს, რადგან დავასკვენით, რომ საკუთარ თავს ვერ შევცვლით მის გარეშე, ჩვენ სკოლის შექმნაში მონაწილეობა უნდა მივიღოთ. ესაა მეოთხე გზის მეთოდი. რელიგიურ გზაზე სკოლები უკვე არსებობს, მაგრამ აქ, თუ სკოლა გვსურს, მის შექმნაში მონაწილეობა უნდა მივიღოთ. მაგრამ თავდაპირველად უნდა ისწავლოთ. როდესაც საკმარისად ისწავლით, გეცოდინებათ, რა უნდა გააკეთოთ.

კითხვა: თქვენ თქვით, რომ გაქცევის სწავლა მხოლოდ მათგან შეიძლება, ვინც ადრე გაქცეულა?

პასუხი: სწორია - საპყრობილის ალეგორიაში. და ეს ნიშნავს, რომ სკოლა მხოლოდ სხვა სკოლიდან შეიძლება დაიწყოს. ნამდვილ სისტემას ღირებულება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდეს, თუ ის უმაღლესი გონიდან მომდინარეობს. თუ მიზეზი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ის მხოლოდ ჩვენივე მსგავსი ჩვეულებრივი გონების ნაყოფია, მას განსაკუთრებული ღირებულება არ ექნება და მისგან არაფერს უნდა ველოდეთ. ამ შემთხვევაში უმჯობესია დავსხდეთ და საკუთარი სისტემა დავწეროთ.

კითხვა: სკოლაში №4-დან №5-სკენ წინსვლა ყველასთვის იქნება შესაძლებელი, თუ ეს მხოლოდ ერთეულებს ხელეწიფებათ?

პასუხი: პრინციპში შეზღუდვა არ არსებობს. მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ №4 ადამიანსა და №5 ადამიანს შორის უზარმაზარი სხვაობაა. №4 ადამიანი ის ადამიანია, რომელმაც სიმძიმის მუდმივი ცენტრი მოიპოვა, მაგრამ ყველაფერი დანარჩენით ის ჩვეულებრივი ადამიანია. ადამიანი №5 მისგან ძალზე განსხვავდება. ის ერთიანობას, მუდმივ „მე“-ს, ცნობიერების მესამე მდგომარეობას ფლობს. ეს ნიშნავს, რომ ის გამოღვიძებულია, მას შეუძლია ყოველთვის ახსოვდეს საკუთარი თავი, როდესაც ამის საჭიროება აქვს, და მასში უმაღლესი ემოციური ცენტრი მუშაობს, რომელიც მას ბევრ სხვადასხვა ძალას აძლევს.

კითხვა: რომელია უარესი: არ შეგეძლოს ნამდვილი სისტემით სვლის გაგრძელება თუ არ დაიწყო ის საერთოდ?

პასუხი: თუ დაიწყეთ, არავის ძალუძს თქვენი გაჩერება, თქვენივე თავის გარდა.

კითხვა: რამდენად ეთანხმება ეს აზრი თქვენს მიერ ნათქვამს, რომ ყოფიერება გარანტირებული არ არის?

პასუხი: ეს თქვენს მუშაობაზეა დამოკიდებული. როგორ შემიძლია მე თქვენი სამუშაოს გარანტირება? ის, რისი მიღებაც შეგვიძლია, ჩვენს საკუთარ ძალისხმევაზეა დამოკიდებული, და ყველამ საკუთარი რისკის ფასად უნდა იმუშაოს. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ადამიანი დაინახავს, რომ მიიღო ის, რაც ადრე არასდროს ჰქონია. ამრიგად, თანდათან ის უფრო თავდაჯერებული გახდება.

კითხვა: რას შეისწავლის სკოლა?

პასუხი: ის შეისწავლის ადამიანში შინაგანი თვისებების განვითარების შესაძლებლობას. ის იწყებს იდეით, რომ ყველა თვისება თანაბარზომიერად არ ვითარდება.

იმისთვის, რომ ეს განსაზღვრული თვისებები განვითარდეს, სხვა თვისებები უნდა დაითრგუნოს, ზოგი კი საერთოდ გაქრეს. დავუშვათ, ას თვისებას ფლობთ. დავუშვათ მათგან ოცდაათს განვითარება შეუძლია, სამოცდაათს კი არ შეუძლია. ამიტომ თქვენ ეს სამოცდაათი უნდა ალაგმოთ, რათა იმ ოცდაათმა განვითარება შეძლოს. სკოლებში კი ადამიანები გარკვეულ ცოდნას იძენენ იმის შესახებ, რომელ თვისებებს შეუძლიათ და რომლებს არ შეუძლიათ განვითარება, რომელი პირობებია ხელსაყრელი, როგორ ავლაგმოთ ზოგი თვისება, როგორ განვავითაროთ სხვა თვისებები. სხვადასხვა სკოლები განსხვავებული გზებით ასწავლიან. მაგალითად, მოცემული ტიპის სკოლა უბრალოდ ამბობს: განავითარეთ მხოლოდ ცნობიერება და სხვა ყველაფერი თქვენ დაგემატებათ; ამისთვის კი უნდა ებრძოლოთ უარყოფით ემოციებს, ტყუილს, გაიგივებას, გათვალისწინებას, წარმოსახვას და ა.შ.

კითხვა: თქვენ თქვით, რომ ყველაფერი უნდა შევამოწმოთ, მაგრამ თუ ჩვენ მხოლოდ იმის ცოდნა შეგვიძლია, რაც თავად განვიცადეთ, ხომ არ გვზღუდავს ეს ჩვენ ამ პატარა სამყაროში?

პასუხი: ჩვენ ვიცით არა მარტო ის, რასაც თავად განვიცდით: ვიცით აგრეთვე ის, რაც სხვებმა განიცადეს. სკოლის სრულ იდეას სხვა ადამიანების, არა მხოლოდ ჩვენნაირი, არამედ უმაღლესი გონის ადამიანების, გამოცდილების საფუძველზე სწავლა წარმოადგენს, წინააღმდეგ შემთხვევაში არავითარი სკოლა არ იქნება. თუ სკოლა მხოლოდ იმითაა შემოფარგლული, რაც ჩვენ ვიცით, მაშინ ეს სკოლა არაა.

კითხვა: სკოლას იმიტომ ხომ არ ვეძებთ, რომ იქ მეტი გვეგულება, ვიდრე თავად ვიცით?

პასუხი: ამის გარდა ბევრი რამ არის, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი შემეცნების უნარი, ჭეშმარიტი შემეცნების უნარი, საკმაოდ შეზღუდულია ამ პირობებში. ჩვენ შეგვიძლია ამოცანების ფორმულირება, თეორიების შექმნა, მაგრამ მათზე პასუხების გაცემა არ ძალგვიძს, ან მხოლოდ თეორიულ პასუხებს ვპოულობთ, ამასთან ერთი პასუხიც ისეთივე კარგია, როგორც მეორე. მაგრამ შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ და ველოდოთ, რომ თუ ჩვენი ცნობიერების მდგომარეობას შევცვლით და ჩვენს შინაგან მექანიზმს დავხვეწავთ, შესაძლოა, მეტიც ვიცოდეთ.

კითხვა: ღირს კი სკოლისთვის თავის მიძღვნა?

პასუხი: რას ნიშნავს თავის მიძღვნა? ეს მხოლოდ სიტყვებია. რას ნიშნავს, ჩინურ ენას მიუძღვნათ თავი? ეს მის შესწავლას ნიშნავს, რომ იყოთ განსწავლული. თქვენ ვერ ეზიარებით ჩინურ ენას ხელდასხმის გზით.

მიძღვნა, ზიარება არის მუშაობა. ორი ადამიანიდან, რომლებიც ერთსა და იმავე სკოლაში სწავლობენ, ერთისთვის ერთი დონის სკოლა იქნება, მეორესთვის კი - სხვა დონის სკოლა.
მესამე კი შესაძლოა სკოლადაც არ თვლიდეს. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ღრმადაა მასში შესული. უმაღლესი სკოლა შეიძლება უმდაბლეს დონეზე, და ერთი და იგივე სკოლა სხვადასხვა დონეზე იყოს, მასში მყოფი ადამიანებისგან გამომდინარე. ეს მუშაობას და მიზნის მუდამ ხსომებას მოითხოვს.

კითხვა: თუ სკოლები ამდენად მნიშვნელოვანია, რატომ არ აქვთ მათ დიდი გავლენა მსოფლიოში?

პასუხი: სკოლებს მოქმედება მხოლოდ მათით დაინტერესებული ადამიანების მეშვეობით შეუძლია. მათ არაფერი ძალუძთ, თუ გულგრილი ადამიანების გარემოცვაში იმყოფებიან.

ცხოვრებაზე ზემოქმედების სკოლების შესაძლებლობა სკოლების მიმართ ზოგადი მიმართებითაა განპირობებული. გავლენის მოსახდენად სკოლებს ხალხი უნდა ყავდეს, რომლებიც დაინტერესებული არიან და რომლებიც მათ დაემორჩილებიან. მაგრამ ეს ქვემოდან უნდა მოდიოდეს, ამას სკოლები ვერ შექმნიან. სკოლებს შეუძლიათ სამყაროში B-ზეგავლენა ჩაუშვან, მაგრამ თუ ადამიანები არ დაინტერესდებიან, სკოლები ვერაფერს იღონებენ. მათ ძალადობა არ შეუძიათ.

კითხვა: საკუთარი ცოდნის გამხელის შედეგად სკოლა რამეს კარგავს?

პასუხი: სკოლას ბევრი სხვადასხვა გზით შეუძლია დაკარგოს. ამ კითხვას მოგვიანებით დავუბრუნდებით. ეს იმაზეა დამოკიდებული, ვის აძლევს ცოდნას სკოლა. თუ ის მხოლოდ გასცემს და უკან არაფერს იღებს, ის, რაღა თქმა უნდა, კარგავს. თუ ფულიანი ადამიანი დაიწყებს ფულის დარიგებას ყველასთვის, განურჩევლად იმისა, ეკუთვნით მათ ის თუ არა, ის ფულს დაკარგავს.

კითხვა: თქვენ თქვით, რომ თუ ჩვენ სკოლა გვჭირდება, მის შექმნაში უნდა მივიღოთ მონაწილეობა. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს?

პასუხი: უნდა გვახსოვდეს, რომ სკოლის დონე მასში შემავალი ადამიანების ყოფიერების დონეზეა დამოკიდებული. თუ არ არის საკმარისი რაოდენობა ადამიანებისა მაგნეტური ცენტრებით, ამ შემთხვევაში სკოლაზე საუბარიც ზედმეტია. მაგრამ ლექციებზე სიარული და იქ მოსმენილის აღქმა მაგნეტური ცენტრის არსებობას არ ამჟღავნებს.

კითხვა: სკოლის იდეების და სკოლის ენის სხვა ადამიანებს შორის გავრცელება წარმოადგენს თუ არა რაიმე სახის დახმარებას სკოლის თვალსაზრისით?

პასუხი: იდეების სწორი ფორმით გავრცელება შეუძლებელია - მნიშვნელოვანია ამის გაგება. კარგი კი იქნებოდა, შესაძლებელი რომ იყოს, მაგრამ ეს შეუძლებელია. სიტყვები კი დარჩება, მაგრამ თავად იდეები შეიცვლებიან. მხოლოდ მათი გავრცელება რომ საკმარისი ყოფილიყო, სკოლები რაღა საჭირო იქნებოდა? ენა თავად გავრცელდება, შესაძლოა, ჩვენს სიცოცხლეშიც კი, მაგრამ იდეები ზოგად გამოყენებაში მცდარი ფორმით შევლენ. მაგალითად, არ იქნება განსხვავება „კეთებასა“ და „შემთხვევას“ შორის.

კითხვა: ჩვენ სკოლებისა და სხვადასხვა დონეების შესახებ ვსაუბრობთ. ძალზე ჩახლართული ხომ არ არის? რას ნიშნავს უფრო მაღალი დონეები?

პასუხი: რატომ გეჩვენებათ უფრო მაღალი დონეების შესახებ იდეა რთულად? მაგალითად, დონეების შესახებ ამ იდეის გაგებას საკუთარ თავთან მიმართებაში ძალზე მარტივად შევძლებთ: ჩვენი ყველა გონებრივი შესაძლებლობების გამოყენებით ჩვენ მხოლოდ გარკვეულ დონეზე ფიქრი ძალგვიძს, მაგრამ რომ შეგვეძლოს უმაღლესი ცენტრების, მაგალითად უმაღლესი ემოციური ცენტრის, გამოყენება, რომელიც უკვე მეტ-ნაკლებად სრულ თვითგახსენებას მოითხოვს, მაშინ, რა თქმა უნდა, იგივე საგანზე სრულიად სხვაგვარად ფიქრსა და საგნებს შორის გაცილებით მეტი კავშირების პოვნას შევძლებდით, რომლებსაც ახლა ვერ ვამჩნევთ. ეს გვიჩვენებს აზროვნების განსხვავებულ დონეებს, და ხანდახან მართლაც გვაქვს უფრო მაღალი დონის აზროვნების გამონათებები, ისე რომ განსაზღვრული მასალა დაკვირვებისთვის გვაქვს კიდეც, რადგან ახლაც კი შეგვიძლია სხვადასხვაგვარად ვიფიქროთ ერთსა და იმავე საკითხზე.
რაც შეეხება ადამიანთა სხვადასხვა დონეებს, ჩვენ ვხვდებით იმ ადამიანთა მუშაობის შედეგებს, რომლებიც უფრო მაღალ დონეებს მიეკუთვნებიან; ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი ჩვეულებრივი ცხოვრების გამოცდილება მხოლოდ ჩვენივე მსგავსი ადამიანების მუშაობის შედეგებით შემოიფარგლება. ავიღოთ ახალი აღთქმა, ასევე ხელოვნების დარგის შრომები, ეზოთერული ხელნაწერები, ქრისტიანული ლიტერატურა და ა.შ., რომლებიც, ცხადია, ჩვეულებრივ ადამიანებს არ მიეკუთვნება. უფრო მაღალი განვითარების ადამიანების არსებობა - არც წარმოსახვაა და არც ჰიპოთეზა, არამედ რეალური ფაქტია. ამიტომ არ მესმის, რატომ გაცბუნებთ ეს თქვენ; ვერ ვხვდები, როგორ უნდა იფიქროთ ამ ფაქტის გააზრების გარეშე. ეს განსაზღვრული ფაქტია, რომ ადამიანები მხოლოდ იმ დონეზე კი არ ცხოვრობენ, რომელზეც ჩვენ ვიმყოფებით, არამედ შეუძლიათ სხვადასხვა დონეზე არსებობდნენ.

ამ თვალთახედვით კაცობრიობა შეიძლება ოთხ კონცენტრულ წრედ დაყოფილი განვიხილოთ. სამ შიდა წრეს ეწოდება ეზოთერული, მეზოთერული და ეგზოთერული. მეოთხე არის გარეთა წრე, სადაც ცხოვრობენ №1, 2 და 3 ადამიანები. სკოლები ჭიშკრის მსგავსად მუშაობენ, რომლის გავლითაც გარეთა და ეგზოთერულ წრეებს შორის მყოფ №4 ადამიანს გასვლა შეუძლია. №5 ადამიანი ეგზოთერულ წრეს ეკუთვნის, №6 ადამიანი - მეზოთერულს, და №7 ადამიანი - ეზოთერულს, ანუ იდუმალ, ფარულ წრეს. გარეთა წრეს ასევე ენათა აღრევის წრეს უწოდებენ, რადგან ამ წრეში ადამიანებს ერთმანეთის გაგება არ ძალუძთ. გაგება მხოლოდ შიდა წრეებშია შესაძლებელი.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ხარისხები არსებობს. გარეთა წრეში მცხოვრები ადამიანი შემთხვევის კანონის ზემოქმედების ქვეშაა ან, თუ მას ძლიერად გამოხატული არსი აქვს, მისი ცხოვრება მეტად იმართება მისი ტიპის კანონებით ან ბედის კანონებით. მაგრამ როდესაც ადამიანი მუშაობას იწყებს ცნობიერებაზე, ის მიმართულებას იძენს. ეს ცვლილებას ნიშნავს, შესაძლოა, შეუმჩნეველს, მაგრამ მიუხედავად ამისა, კოსმიურ ცვლილებას. მხოლოდ ინდივიდუალურ ძალისხმევას შეუძლია ადამიანს გარეთა წრიდან ეგზოთერულ წრეში გადასვლაში დაეხმაროს. ის, რაც ეხება გარეთა წრის ადამიანს, არ ეხება ადამიანს, რომელმაც მუშაობა დაიწყო. ის სხვა კანონების ზემოქმედებას განიცდის, ან უფრო ზუსტად, სხვა კანონები ეხება ადამიანს, რომელმაც მუშაობა დაიწყო. ყოველი წრე სხვადასხვა კანონის ზემოქმედების ქვეშაა.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff