პ. უსპენსკი - "მეოთხე გზა"

გიორგი გურჯიევი
5
1

მთარგმნელები: მამუკა გურული და ნინო ტურაბელიძე წინასიტყვაობა როცა პ. უსპენსკის ჰკითხეს, აპირებდა თუ არა თავისი ლექციების გამოქვეყნებას, მან უპასუხა: „რა სარგებელი ექნება ამას? მნიშვნელოვანია არ...

თავი მეექვსე

თავი მეექვსე

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

ადამიანის შემდგომი განვითარების შესაძლებლობა - ცნობიერების არარსებობა - ჭეშმარიტების შეცნობა - ცნობიერების დონეების შესწავლა - თვითგახსენება და თვითდაკვირვება - თვითგახსენების განსაზღვრის შეუძლებლობა - თვითგახსენება გაღვიძების მეთოდია - ინტელექტუალური ცენტრის მეშვეობით თვითგახსენებასთან მიახლოება - აზრების გადაწყობა - აზრების შეჩერება როგორც თვითგახსენების მოპოვების მეთოდი - საკუთარი თავის გახსენება ემოციურ მომენტებში - უმეცრება და სისუსტე - გაიგივება და მასთან ბრძოლა - გარეგანი და შინაგანი გათვალისწინება - უარყოფითი ემოციები - მშვიდი ადგილი საკუთარ თავში

კარგი იქნებოდა, აქამდე მოსმენილი გონებაში დროდადრო რომ შეგეჯამებინათ; რადგან ლექციის და საუბრების მოსმენიდან გარკვეული დროის შემდგომ ადამიანს იდეების ქრონოლოგია ავიწყდება, მოწოდებული თანმიმდევრობის დამახსოვრება კი მნიშვნელოვანია.
გაგონილიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იდეაა ის, რომ გარკვეული ცოდნითა და ძალისხმევით ადამიანს განვითარება შეუძლია, მას საკუთარი თავის სრულყოფა ხელეწიფება. ადამიანის განვითარება, თუკი ეს პროცესია (სულაც არაა აუცილებელი), გარკვეულ სტადიებს და საფეხურებს გადის. დასაწყისში, თუ გახსოვთ, ადამიანში ცნობიერების არარსებობის შესახებ იყო საუბარი, და თუ ადამიანი ჩაწვდა ამას, ეს ცოდნა მას ცნობიერების შეძენის შესაძლებლობას აძლევს, და თქვენ დაინახავთ, რომ სწორედ ამ მიმართულებით შეუძლია ადამიანს განვითარება. ვიდრე ის არ მიხვდება, რომ მხოლოდ მანქანაა და მასში მიმდინარე ყველა პროცესი მექანიკურია, საკუთარი თავის შესწავლას ვერ დაიწყებს, რადგან თვითშესწავლის საწყის წერტილს სწორედ ეს გაგება წარმოადგენს. შესწავლა მას შემდეგ იწყება, როდესაც მივხვდებით, რომ თვითცნობიერებას არ ვფლობთ, რომ მოქმედების ან აზროვნების დროს საკუთარი თავის გაცნობიერება არ ძალგვიძს. ეს პირველი ნაბიჯია. მეორე ნაბიჯისას ვიგებთ, რომ საკუთარ თავს, ჩვენს მანქანას არ ვიცნობთ და არც ის ვიცით, როგორ მუშაობს ის. შემდეგ ნაბიჯით კი ვაცნობიერებთ, რომ თვითშესწავლის მეთოდებს უნდა დავეუფლოთ.

ჩვენ საკუთარ თავს მთელი ცხოვრების განმავლობაში ვაკვირდებით, მაგრამ არ ვიცით, რას ნიშნავს თვითდაკვირვება. ნამდვილი თვითდაკვირვება ფაქტებზე უნდა იყოს დაფუძნებული.

ამრიგად, ერთერთი პირველი კითხვაა: როგორ გვახსოვდეს საკუთარი თავი, როგორ გავხდეთ მეტად ცნობიერი? საკმარისი არაა საკუთარ თავში ცნობიერების ამ არარსებობის დაშვება; მისი ფაქტებში დანახვა, პირადი დაკვირვებით გადამოწმებაა საჭირო.

ჩვენ არ ვიცით, რა არის ცნობიერება და რას მოიცავს ის თავის თავში. თუნდაც მხოლოდ ნახევარი საათი რომ ცნობიერად ყოფნა შევძლოთ, მრავალ საოცრებას დავინახავდით და წარმოუდგენლად ბევრს ვისწავლიდით. ამრიგად, ცნობიერება, მისი უნარის წყალობით, თავისთავად მიზანს წარმოადგენს, და აგრეთვე ის ობიექტური ცნობიერებისკენ გადადგმული ნაბიჯიცაა.

აუცილებლად უნდა ითქვას, თუ რა იგულისხმება ცნობიერების ოთხი დონის ქვეშ, რომლის ფლობაც ადამიანს შეუძლია. თუ ჭეშმარიტების შემეცნების კუთხით შევხედავთ, ძილში ვერ დავადგენთ, რა არის ჭეშმარიტი და რა - არა. ყველაფერი, რასაც სიზმრად ვხედავთ, ერთმანეთს გავს. მღვიძარებისას მეტი შანსი გვაქვს საგნებს შორის განსხვავება გავარჩიოთ: საგნების ფორმას მხედველობა ადგენს, ზედაპირისას - შეხება, და, გარკვეული ხარისხით, ორიენტირება ჩვენი გრძნობათა ორგანოების აღქმის მეშვეობით შეგვიძლია. ამრიგად, ობიექტური ელემენტი არსებობს, მაგრამ თავად ჩვენ საკუთარი თავის მიმართ სუბიექტურები ვრჩებით. როდესაც თვითშემმეცნებლები ვხდებით, ჩვენ საკუთარი თავის მიმართ ობიექტურები ვხდებით, ობიექტურ ცნობიერებაში კი ყველაფრის შესახებ ობიექტური ჭეშმარიტების ცოდნა შეგვიძლია. ასეთია ცნობიერების დონეები.

კითხვა: უნდა შევცვალოთ ჩვენი ცოდნა, რათა საგნები მათი ნამდვილი სახით დავინახოთ და ჭეშმარიტება შევიცნოთ?

პასუხი: არა, ცნობიერების ამჟამინდელი მდგომარეობით საგნებს მათი ჭეშმარიტი სახით ვერ დავინახავთ; ჩვენ ცნობიერების მდგომარეობა უნდა შევცვალოთ. თუმცა სიყალბის გარკვეული ფენა შეგვიძლია გავანადგუროთ. საგნები სიყალბითაა გარშემორტყმული. შეგვიძლია ერთი, ორი ან სამი ფენა გადავაძროთ და რეალობას მივუახლოვდეთ.

კითხვა: ვერ გავიგე, რას ნიშნავს უმაღლესი ცნობიერება. როგორ ვიფიქრო ამის შესახებ?

პასუხი: უმაღლესი ცნობიერების შესაძლებლობას მაშინ გავიგებთ, როდესაც ჩავწვდებით, რომ საერთოდ არ ვართ ცნობიერნი. ჩვენ ცნობიერები მხოლოდ იშვიათ მომენტებში ვართ, რასაც ვერ ვაკონტროლებთ. ამჟამად ორ - ძილში და ნახევრადმღვიძარე - მდგომარეობაში ვიმყოფებით.

ცნობიერების მდგომარეობების თეორიული შედარებები და სიტყვიერი აღწერები ვერ დაგვეხმარება; მაგრამ როდესაც გამოღვიძებას დავიწყებთ, ჩვენ გავიგებთ იმ მდგომარეობას, რომელშიც ვიმყოფებით ამჟამად. აუცილებელია თვითგახსენების მომენტების დაჭერა, და შემდეგ, ამ მომენტებში, განსხვავებას დაინახავთ. საკუთარი თავის შესწავლისას დაინახავთ, რომ შესაძლოა ძალზე ახლოს იყოთ ძილთან ან ახლოს იყოთ თვითცნობიერებასთან.

ამგვარად, შესწავლა საკუთარ თავში ამ სხვადასხვა მდგომარეობების შესწავლით იწყება. მაგალითად, როდესაც თავს ვინმედ აღვიქვამთ ან არ ვფიქრობთ ამაზე, - ძალიან ვუახლოვდებით ძილს. მაგრამ როცა საკუთარი თავის დანაწევრებას ვიწყებთ და ვგებულობთ, რომ ყოველ ჯერზე მხოლოდ ერთი „მე“ ან „მე“-ს ერთი ჯგუფი მეტყველებს, მაშინ ჩვენ ახლოს ვართ თვითცნობიერებასთან, ობიექტურ ფაქტებს ვუახლოვდებით.

საკუთარ თავში ცნობიერების შესწავლის სხვადასხვა გზები არსებობს. თავდაპირველად ადამიანი იგებს იმას, რომ ადამიანს არ შეუძლია ცნობიერი იყოს, როდესაც მას ეს სურს. საუკეთესო დრო ამის გასაგებად არის დრო მას შემდეგ, რაც რაღაც თქვით ან გააკეთეთ. ვთქვათ, რომ გარკვეულ მნიშვნელოვან საქმეზე საუბრობდით ან წერილს წერდით, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ვიყავი ცნობიერი იმ მომენტში?“ ამას გარდა, თავდაპირველად იგებთ იმას, რომ თქვენ არა ერთ „მე“-ს, არამედ მრავალ სხვადასხვა „მე“-ს ფლობთ.

კითხვა: როგორ დავადგინოთ, ვართ თუ არა თვითცნობიერნი?

პასუხი: თქვენ გეცოდინებათ; ეს სრულიად განსაკუთრებული შეგრძნებაა. როდესაც შეეცდებით იყოთ ცნობიერი ერთ მომენტში, და შემდეგ სხვა მომენტს შეადარებთ, როდესაც არ ცდილობდით ცნობიერი ყოფილიყავით, თქვენ განსხვავებას დაინახავთ. მისი აღწერა შეუძლებელია. ერთ მომენტში აცნობიერებთ თავს, მეორე მომენტში არ აცნობიერებთ თავს: რაღაცას საქმიანობთ, საუბრობთ, წერთ - და თქვენ არ ხართ ცნობიერი.

მხოლოდ უნდა გახსოვდეთ, რა ითქვა დასაწყისში, - ჩვენ არა მხოლოდ ცნობიერების მდგომარეობები, არამედ ცნობიერების მოპოვების გზაზე წინაღობებიც უნდა შევისწავლოთ. ამრიგად, ჩვენ უნდა შევისწავლოთ და შემდეგ გავანადგუროთ ისინი. ყველა ეს წინაღობა თავად ჩვენშია. გარე გარემოებების შეცვლა არ ძალგვიძს, ისინი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არიან, და შინაგანად შევიცვალოთ ამ გარემოებებში.

კითხვა: თუ საკუთარ თავს აკვირდებით ერთ მომენტში, ხართ თუ არა ცნობიერი ამ დროს?

პასუხი: არაა აუცილებელი; ეს შეიძლება სრულიად მექანიკურად მოხდეს. მაგრამ თუ თქვენ ცნობიერი ხართ იმ დროს, როდესაც აკვირდებით, თქვენი ყურადღების ღერძი ორი ისრის მსგავსი იქნება: ერთი მიანიშნებს ყურადღებას, რომელიც თქვენი დაკვირვების ქვეშ მყოფი საგნისკენაა მიმართული, და მეორე კი - საკუთარ თავს.

კითხვა: თვითდაკვირვებასა და თვითგახსენებას შორის კავშირს ვერ ვიგებ. როგორ დავიწყო, რა მოვიმოქმედო?

პასუხი: თვითგახსენება საკუთარი თავის გაცნობიერების მცდელობაა. თვითდაკვირვება ყოველთვის რომელიმე გარკვეული ფუნქციისკენაა მიმართული: თქვენ აკვირდებით თქვენს ან აზრებს, ან მოძრაობებს, ან ემოციებს, ან შეგრძნებებს. აუცილებელია გარკვეული ობიექტის არსებობა, რასაც დააკვირდებით საკუთარ თავში. თვითგახსენება თქვენ არ გყოფთ, მთელი უნდა გახსოვდეთ, ესაა უბრალოდ „მე“-ს, საკუთარი თავის აღქმა. ისინი ერთად მოვლენ, განსაკუთრებით კი ბოლო სტადიებზე, და მაშინ შეძლებთ ერთდროულად მათ განხორციელებას - რაიმე კონკრეტულის დაკვირვებას, ან საკუთარ თავში გამოვლინების ამოცნობას, და რომ საკუთარი თავი გახსოვდეთ; მაგრამ დასაწყისში ეს ორი სხვადასხვა რამაა. თქვენ თვითდაკვირვებით იწყებთ - ეს ნორმალური გზაა - და თვითდაკვირვების გზით გაიგებთ, რომ არ გახსოვთ საკუთარი თავი.

როდესაც ამას მიხვდებით და აგრეთვე იმასაც, რომ მხოლოდ იშვიათ მომენტებში გახსენდებათ საკუთარი თავი, მაშინ ნებისმიერი ადამიანი, თუ ის მიკერძოებული არაა, შეძლებს გაიგოს, რომ თვითგახსენების ამ მომენტების გაზრდა შესაძლებელია. და თქვენ შეეცდებით ეს გააკეთოთ.

კითხვა: ვერ გადამიწყვეტია, ნამდვილად საკუთარ თავს ვაკვირდები, თუ მხოლოდ შემდეგ ვიხსენებ.

პასუხი: თავიდან არ ღირს იმის შესახებ ნერვიულობა, თვითდაკვირვებაა ეს თუ თვითგახსენება; ის აკეთეთ, რაც შეგიძლიათ: ან დააკვირდით გარკვეულ მომენტში, ან გაიხსენეთ მაშინვე, ან გაიხსენეთ გარკვეული დროის შემდეგ. მოგვიანებით კი განსაკუთრებულ მომენტებს დაიჭერთ, როდესაც საკუთარი თავის გაცნობიერებას შეძლებთ ზუსტად იმ მომენტში, როდესაც რაღაც ხდება. ეს იქნება თვითგახსენება.

კითხვა: საიდან იცით საოცარი შედეგების შესახებ, რომლებიც თვითგახსენებას მოყვება?

პასუხი: როგორც ხედავთ, ეს განვითარების მთლიან იდეასთან, ყოფიერების შეცვლის შესაძლებლობასთანაა დაკავშირებული. ეს ერთერთი პირველია, რაც უნდა გავიგოთ: რომ ადამიანი არ არის შეზღუდული, ისეთი დარჩეს, როგორიც არის; მას შეუძლია შეიცვალოს. ადამიანის სხვადასხვა კატეგორიები არსებობს, რისი მიღწევაც ხანგრძლივი და შეუპოვარი მუშაობის შედეგად შეიძლება. თუ მეტად ცნობიერები ვიქნებით, უმაღლესი ცენტრები ამუშავდება. უმაღლესი ცენტრების ფუნქციონირება მრავალმხრივ საოცარი იქნება. თვითგახსენების იდეა სკოლების მრავალ სწავლებასა და სისტემებში შედის, მაგრამ იქ არ იმყოფება, სადაც საჭიროა, პირველ ადგილას არასდროს დგება. მაგრამ ნამდვილი სისტემა ამბობს, რომ თქვენ საკუთარი თავი არ გახსოვთ და თუ შეიგნებთ, რომ არ გახსოვთ თავი, შემდეგ შეძლებთ გარკვეულ წარმატებას მიაღწიოთ. თვითცნობიერება უმაღლეს შესაძლო ცვლილებას წარმოადგენს, რადგან ცხოვრების ჩვეულებრივ პირობებში ვერავინ აცნობიერებს თავს, და მაინც ადამიანებს არ ესმით ეს. გულწრფელად თუ უპასუხებს კითხვას: აცნობიერებს თუ არა საკუთარ თავს, ყველა აქ მყოფის პასუხი უარყოფითი უნდა იყოს. არავინ აცნობიერებს თავს. მთელი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარი თავი ამ ადგილას, ამ მოცემულ წამს გავაცნობიეროთ. ეს დასაწყისია, რადგან ყველამ საიდანღაც უნდა დაიწყოს. მოგვიანებით შესაძლოა ამან სხვადასხვა ფორმა მიიღოს, მრავალი სხვა კომპონენტი ჩაერთოს მასში.

მისი აღწერა შეუძლებელია: ეს დაკვირვებისა და შესწავლისთვის განკუთვნილი მასალაა.

აღწერები უშედეგოა, ყველამ უნდა ივარჯიშოს. როგორც წესი, არავინ იხსენებს საკუთარ თავს, არავინ აცნობიერებს თავს. ესაა ადამიანი-მანქანის, ადამიანური ყოფიერების ჩვეულებრივი მდგომარეობა. მაგრამ თუ მან ამის შესახებ იცის, ესმის ეს და ფიქრობს ამაზე, თვითგახსენება შესაძლებელი ხდება. თუმცა დასაწყისში თვითგახსენება ძალზე ნელა მოდის, და ის მეტად მცირეა, თვითგახსენების არარსებობის ხანგრძლივი შუალედებით.

კითხვა: არის თუ არა გონების სიფრთხილის ჩვეული მდგომარეობა თვითგახსენების ძირითადი თვისება?

პასუხი: არა, ამ საკითხს ამგვარად ვერ განვიხილავთ. ეს ძალიან ვიწრო ხედვაა.

ეს განსაკუთრებული მდგომარეობაა, იგი ფრიად განსხვავდება ჩვენი ჩვეული ცნობიერებისგან. სხვაობა გაცილებით დიდია, ვიდრე ჩვეულებრივ ცნობიერებასა და ფიზიკურ ძილს შორის. მაგრამ ძილის ასეთი შედარებაც კი ჩვეულებრივ მდგომარეობასთან თქვენ სხვაობის დანახვის საშუალებას გაძლევთ. როცა გძინავთ, თქვენი სამყარო გრძნობების მხრივ შეზღუდულია, მაგრამ როცა იღვიძებთ და ობიექტურ სამყაროში იმყოფებით (თუმცა მას სუბიექტური კატეგორიებით აღიქვამთ), ეს სამყარო ნაკლებადაა შეზღუდული. ხოლო როცა გაიგებთ, რომ ეს სრული გაღვიძება არაა, რომ მხოლოდ ნახევრად გაგიღვიძიათ, მიხვდებით, რომ სრული გამოღვიძებით თავს გაცილებით მდიდარ სამყაროში ამოყოფთ, მის ბევრ მახასიათებელს დაინახავთ და გაიგებთ, რომელთა უმეტესობასაც ახლა ვერ ამჩნევთ.

კითხვა: მაინტერესებს, თვითგახსენება, მინიმუმ ადრეულ სტადიაზე, საკუთარი თავის ნაცვლად სხვა რამეზე ყურადღების უნაყოფო შეჩერებას ხომ არ წარმოადგენს?

პასუხი: ადრეულ სტადიაზე მხოლოდ იმას იგებთ, რომ საკუთარი თავი არ გახსოვთ. თუ მივხვდებით, რა მცირედ ვიცნობიერებთ თავს და რამდენად ხანმოკლე მომენტებში ვართ ცნობიერნი, როდესაც გვესმის, ვგრძნობთ და ვაცნობიერებთ, თუ რას ნიშნავს ეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ თვითგახსენების რაობის გაგებას. თუ ამ ფაქტის მნიშვნელოვნებას მთელი სისრულით ჩაწვდებით, ის უნაყოფო არ იქნება. მაგრამ თუ ვერ გაიგებთ, მაშინ მართალი ხართ, ის უნაყოფო იქნება. ამ შემთხევაში ეს მხოლოდ უცნაური ვარჯიში იქნება, რომელსაც არსაით მივყავართ.

კითხვა: თვითგახსენება ავტომატურად ხომ არ მოდის, როდესაც გესმით, რომ საკუთარი თავი არ გახსოვთ?

პასუხი: სწორედ ესაა თვითგახსენება. შემდეგ ნაბიჯს ვერ გადადგამთ, თუ არ გესმით, სად იმყოფებით. ეს ერთი და იგივე პროცესია, ერთი და იგივე რამაა. რაც მეტად გესმით, როგორი უსიამოვნო და საშიშია მანქანად ყოფნა, მით მეტი შესაძლებლობა გაქვთ შეიცვალოთ.

კითხვა: როგორ?

პასუხი: ყოველთვის არსებობს რაღაც, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ზოგიერთ მომენტში. თქვენ უნდა იცოდეთ ეს მომენტები, გაიგოთ, რა უნდა გააკეთოთ და როგორ. ჩვენ შევისწავლით კარებს. თვითგახსენება არის კარი. თუ ცოდნა იმისა, რომ საკუთარი თავი არ გვახსოვს, უწყვეტი ხდება, მაშინ თავის გახსენება შეგვიძლია. ყოველდღიურად შეგიძლიათ მონახოთ დრო და გაიაზროთ, რომ თავი არ გახსოვთ; ეს თანდათან მიგიყვანთ თვითგახსენებასთან. მე ვგულისხმობ გაიგოთ, და არა გახსოვდეთ, რომ საკუთარ თავს არ იხსენებთ.

ვიმეორებ, აზრი არ აქვს განსაზღვრებებზე ყურადღების გამახვილებას, ისინი გაგებას კიდევ უფრო ართულებენ. გაგებისთვის მართლაც სასარგებლოა ჩვენი ჩვეულებრივი მდგომარეობის შიგნით სხვადასხვა დონეების შედარება, რადგან ჩვენს ჩვეულებრივ მდგომარეობაშიც კი ცნობიერებასთან მიმართებით სხვადასხვა დონეები არსებობს: ჩვენ შეიძლება ახლოს ან შორს ვიყოთ გამოღვიძებასთან. ჩვენ შესაძლოა ძალზე დიდი განსხვავებები დავინახოთ ჩვენში, როდესაც ნამდვილად ვისწავლით დაკვირვებას, ეს გვიჩვენებს შესაძლებლობებს, რომლებსაც ვფლობთ. ეს ერთადერთია, რაც უეჭველია. ჩვენ ყოველთვის ორ ნაპირს შორის ვმოძრაობთ - ძილსა და სიფხიზლეს შორის. ერთ ან მეორე ნაპირთან სიახლოვეს მოძრაობა ორ სხვადასხვა შესაძლებლობას აჩენს: ერთია განვითარება, მეორე - დეგრადირება.

კითხვა: თქვენ გვთხოვეთ არაფერი დავიჯეროთ. დანამდვილებით იცით, რომ ცნობიერების უფრო მაღალი მდგომარეობები უკვე მიღწეულია?

პასუხი: დიახ. პირველ რიგში ლიტერატურაში შეგიძლიათ მრავალი მაგალითის მოძიება იმის შესახებ, თუ როგორ მივიდნენ მისტიკოსები და რელიგიური ადამიანები მსგავს გამოცდილებასთან. ამ გამოცდილებათა მსგავსება საუკეთესო მტკიცებულებას წარმოადგენს. განსხვავებულ პირობებში, ქვეყნებსა და დროში მცხოვრები სხვადასხვა ტიპის ადამიანები მსგავს გამოცდილებამდე სხვადასხვა გზებით მივიდნენ. ასევე მრავალ ადამიანს იპოვნით, რომელთაც ამდაგვარი პირადი გამოცდილება აქვთ, რაც ამტკიცებს, რომ აღქმის სრულიად განსხვავებული მდგომარეობები და რეაქციები არსებობს. ამგვარად, ეს ჰიპოთეზა არაა.

კითხვა: ამასწინათ უცნაური რამ შემემთხვა. ვიღაცას ვესაუბრებოდი და საკუთარი თავის გაცნობიერებას ვცდილობდი. მოულოდნელად ჩემი მეგობარი ძალზე ცხადად დავინახე და მივხვდი, რომ აქამდე მას საერთოდ ვერ ვხედავდი.

პასუხი: ეს ძალზე კარგი დაკვირვებაა; ეს მართლაც ასე ხდება. როდესაც საკუთარი თავის გაცნობიერებას შეეცადეთ, წამიერად ცნობიერი გახდით და ის დაინახეთ, რაც მანამდე არ გინახავთ. რომ შეგძლებოდათ ამ ცნობიერების მაგალითად 10 წუთის განმავლობაში შენარჩუნება, კიდევ მრავალ გასაოცარს დაინახავდით. ჩვენ თვალებით ვიხედებით და ვერ ვხედავთ; მაგრამ თუ ცნობიერნი ვხდებით, იმას ვხედავთ, რაზეც წარმოდგენაც არ გვაქვს. ეს სავსებით ნორმალურია, თუ წარმოსახვას არ აქვს ადგილი.

კითხვა: ნამდვილ სისტემაში ცნობიერებასთან მუშაობისას ხდება თუ არა უეცარი ცვლილებები ან გასხივოსნება?

პასუხი: უეცარი? არა. რას ნიშნავს უეცარი? საქმე იმაშია, რომ ერთიანობის ზრდის პროცესში, როდესაც ეს პროცესი დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, შესაძლოა რომელიმე რთულ მომენტში სხვაგვარად იგრძნოთ. ეს შესაძლოა უეცარი მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა. ეს გაწეული ძალისხმევის შედეგია.

კითხვა: თუ ადამიანისთვის ობიექტური ცნობიერების პოტენციურობა ნორმალურ მდგომარეობას წარმოადგენს, განვითარება მხოლოდ მცირე რაოდენობას რატომ შეუძლია?

პასუხი: როდესაც პირველი ნაბიჯის გადადგმას ცდილობთ ობიექტური ცნობიერებისკენ, რომელსაც თვითცნობიერება აღწევს, და ხედავთ, როგორი რთული გასაკეთებელია ეს და რამდენად ბევრი ძალები ეწინააღმდეგება ამას თქვენში, რამდენი წინაღობებია, ეჭვი აღარ შეგეპარებათ, რომ მხოლოდ მცირეოდენი შეძლებს ამას, რომ ეს შესაძლებლობაა, მაგრამ ძალზე შორეული შესაძლებლობა. ძალზე ბევრი წინაღობა არსებობს - სიზარმაცე, სიყალბე, ინერტულობა. ჩვენ ძილი გვიყვარს.

კითხვა: როგორ და რატომ მივიდა ადამიანი იქამდე, რომ იყოს ყალბი ღირებულებების არსება?

პასუხი: რას გულისხმობთ ყალბ ღირებულებებში? ეს ფარდობითი გაგებაა: ერთი მხრივ ისინი შესაძლოა ყალბი იყოს, მეორე მხრივ კი ჭეშმარიტი. მხოლოდ საკუთარი თავისთვის შეძლებთ გაგებას, ადამიანის განვითარება აბსტრაქტული იდეაა თუ ჭეშმარიტი. თქვენ თავად უნდა მიხვიდეთ ამათუიმ თვალსაზრისამდე. თუ აცნობიერებთ, რომ ცვლილება მხოლოდ გამოღვიძებითაა შესაძლებელი, მაშინ ის ფაქტი ხდება, რადგან საკუთარ თავში მცირე ხარისხის გამოღვიძების დანახვას შეძლებთ.

კითხვა: თუ ადამიანი საკუთარ თავს არ იხსენებს, ეს ნიშნავს, რომ მას ცნობიერება არ გააჩნია?

პასუხი: თქვენ არ იხსენებთ საკუთარ თავს; არა ადამიანი, არამედ თქვენ. თუ თქვენ ცდილობთ და ვერ აღწევთ, ეს არ ნიშნავს, რომ ცნობიერება არ გაქვთ, არამედ იმას, რომ ის არასაკმარისად გაქვთ. მხოლოდ თქვენს საკუთარ, თუმცა შეზღუდულ გამოცდილებას შეუძლია ცნობიერების დონის ჩვენება.

როდესაც სიტყვას „თვითცნობიერება“ ვიყენებთ, გარკვეულ დონეს ვგულისხმობთ, რომელიც ჩვენი ცნობიერების ჩვეულებრივ რაოდენობაზე მეტია. ჩვენ ცნობიერების გარკვეული რაოდენობა გაგვაჩნია, მაგრამ ეს საკმარისი არაა ჩვენი მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ჩვენ რომ ცნობიერება არ გვიქვეითდებოდეს, ისეთივე დავრჩებოდით, როგორებიც ვართ.

კითხვა: როგორ ამოვიცნოთ თვითგახსენება, თუკი ოდესმე მივაღწევთ მას?

პასუხი: თავიდან გონებით უნდა ჩაწვდეთ, რას ნიშნავს და რას შეიძლება ნიშნავდეს მისი ქონა; შემდეგ კი მიხვდეთ, რომ მისგან ყველა სხვადასხვა დაშორებით იმყოფება. დაუშვით, რომ ადამიანი დარწმუნებული არ არის, მაგრამ მანძილი თვითგახსენების მდგომარეობასა და თქვენს მდგომარეობას შორის იცვლება, და გარკვეული დროის შემდეგ ხვდებით, რომ ერთ დღეს ის ზუსტად ხუთი ათასი მილის ტოლია, მეორე დღეს კი - მხოლოდ სამი ათასი მილისა. განსხვავება არსებობს. ერთსა და იმავე დროს რამდენიმე დონეზე ვერ ვისაუბრებთ, არამედ მხოლოდ უახლოეს დონეზე, რომლის შექმნაც შეგვიძლია.

კითხვა: შემდეგი დონის შესახებ მსურს გაგება.

პასუხი: ეს მასალა დაკვირვებისთვისაა. თქვენ მათზე ეტიკეტის დაკვრა გინდათ, მაგრამ არ შეგიძლიათ, ისინი მუდმივად იცვლებიან. ერთ მომენტში რომ თითქმის თვითცნობიერებაა, შემდეგ მომენტში გძინავთ. უნდა დააკვირდეთ და შედეგები დაინახოთ. ერთ მდგომარეობაში რაღაცის გაგება შეგიძლიათ, შემდეგში - არ შეგიძლიათ. ერთ მდგომარეობაში თქვენ იგივდებით, მეორეში - კონტროლს ფლობთ; რაც მეტია კონტროლი, მით უფრო ახლოს ხართ თვითცნობიერებასთან. საუბრით საქმე არ გაკეთდება, ის ფორმალური იქნება. აუცილებელია ემოციურ ცენტრთან შეხება, და ეს მხოლოდ სხვადასხვა ცდით შეგიძლიათ გააკეთოთ.

სამუშაო ადვილი არ არის: თავიდანვე შეუძლებელის გაკეთებას უნდა ეცადოთ - შეუძლებელის იმ აზრით, რომ ისინი თავისთავად არ ხდება. ვერ იარსებებს სახელმძღვანელო, რომელიც მიგითითებთ, რა და როდის უნდა გააკეთოთ.

ამავე დროს, თვითგახსენების შესახებ კითხვები მუდამ უნდა დაისვას, რადგან შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაში ბევრი შეცდომა დაგროვდა მასთან დაკავშირებით.

ამგვარად, ეს კითხვები არ უნდა უგულებელვყოთ, რადგან ისინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კითხვა: არსებობს კავშირი თვითგახსენებასა და გამოღვიძებას შორის?

პასუხი: თვითგახსენება გამოღვიძების მეთოდია. ის, რასაც ამჟამად აკეთებთ, მხოლოდ მზადებაა, მხოლოდ მეთოდის შესწავლაა. თქვენ იმდენი უნდა აკეთოთ, რამდენიც თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობაში შეგიძლიათ; შემდეგ, როდესაც თქვენი შინაგანი მდგომარეობა შეიცვლება, მთელი გამოცდილების გამოყენებას შეძლებთ, რომელსაც ახლა აგროვებთ. მაგრამ თვითგახსენების რეალური დონის მიღწევა მხოლოდ ძალზე ემოციურ მდგომარეობებშია შესაძლებელი. რადგან თქვენ არ ძალგიძთ ამ ემოციური მდგომარეობების შექმნა, არც ის იცით, რა არის თვითგახსენება, მაგრამ შეგიძლიათ ამ ეტაპისთვის მზადება დაიწყოთ; შემდეგ, როდესაც ის მოვა, გეცოდინებათ, როგორ მოექცეთ მას. თვითგახსენებას ძალზე მაღალი ემოციური ენერგია ესაჭიროება. ამჟამად თქვენ მხოლოდ ვარჯიშობთ, მაგრამ ამ პრაქტიკის გარეშე რეალურ მდგომარეობას ვერასოდეს მიაღწევთ.

კითხვა: როდესაც თქვენ ამბობთ „მძინარე“ და „მღვიძარე“, მათ შორის გარკვეული ზღვარი არსებობს?

პასუხი: არა, ეს გარდამავალი მდგომარეობებია. ამავდროულად არსებობს ზღვარი, რომელსაც არასდროს ვარღვევთ.

კითხვა: საქმე ვარჯიშს ხომ არ ეხება?

პასუხი: ეს უფრო გონების ვარჯიშია. ჩვენ სხვაგვარად აზროვნება უნდა ვისწავლოთ და უმთავრესად, უფრო პრაქტიკულად ვიაზროვნოთ. როგორც წესი, ჩვენ არ ვფიქრობთ პრაქტიკულად - რომ არ გვეხება, უმეტესწილად ისეთ საკითხებზე ვფიქრობთ.

კითხვა: თვითგახსენება ინტელექტუალური ცენტრის ფუნქციას ხომ არ წარმოადგენს? ის ხომ ინტელექტუალური ძალისხმევით გამოვლინდება.

პასუხი: თვითგახსენება ნამდვილი სისტემის საწყისი და ცენტრია, და გაგებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მას ვერ აღწერთ როგორც ინტელექტუალურ ქმედებას ან ინტელექტუალურ იდეას. თქვენ უნდა შეისწავლოთ რას ნიშნავს თვითგახსენება ინტელექტუალურად, თუმცა სინამდვილეში ის არაა ინტელექტუალური, რადგან ნების აქტს წარმოადგენს.

საკუთარი თავი უნდა გახსოვდეთ არა მშვიდ მომენტებში, როდესაც არაფერი ხდება, არამედ როდესაც იცით, რომ რაიმეს არასწორად აკეთებთ - და არ გააკეთოთ ეს.

მაგალითად, როდესაც თავს აიგივებთ, ჯერ უნდა იგრძნოთ და შემდეგ აღკვეთოთ ეს, და იმავდროულად თავი გაიხსენოთ, გაიცნობიეროთ, რომ აკეთებთ ამას, რომ მექანიკურობა გაიძულებთ გაიგივებას და რომ წყვეტთ ამას. ეს იქნება თვითგახსენება.

კითხვა: როგორ უნდა შევუდგეთ თვითგახსენების პრაქტიკას?

პასუხი: თუ გახსოვთ, ოთახში, სადაც საბეჭდი მანქანა დგას, სინათლის ხარისხის ცვლილების მაგალითი მოგიყვანეთ. მბეჭდავი შეიძლება ინტელექტუალურ ცენტრად მივიჩნიოთ, სინათლე კი ცნობიერებად. მხოლოდ ცნობიერებისას არსებობს გარკვეული კავშირი ყველა ცენტრს შორის, რადგან მაქსიმალურ სინათლეზე არა მხოლოდ ერთი, არამედ ყველა ცენტრი განსხვავებულად მუშაობს. ნამდვილ თვითგახსენებას ემოციები ესაჭიროება, მაგრამ ჩვენ ემოციურ ცენტრზე კონტროლი არ გაგვაჩნია. ამგვარად, გარკვეული ცოდნის მეშვეობით შეგვიძლია ვაიძულოთ ინტელექტუალური ცენტრი, რომელზეც გარკვეულ კონტროლს ვფლობთ, სიბნელეში იმუშაოს ისე, როგორც დღის შუქზე, და ამ დროს გამომუშავდება თვითგახსენება. თვითგახსენება ნიშნავს აზროვნების ან ინტელექტუალური მუშაობის ფორმას, რომელიც გამოღვიძებას შეესაბამება, და ამგვარად, გაღვიძების მომენტი შემოყავს.

შემდეგ, როდესაც ადამიანი წამიერად იღვიძებს, ის ხვდება, რომ ჩვეულებრივ მას სძინავს, რომ ის არ არის ცნობიერი და რამდენად საშიშია ეს. რაც მეტ ძალისხმევას დებთ გამოღვიძებაში, რაც მეტად გესმით ის, მით უკეთესი იქნება შედეგები. თუ თქვენ ჩაწვდებით, რას კარგავთ იმის შედეგად, რომ თავს არ იხსენებთ, და რას იძენთ თვითგახსენების მეშვეობით, დიდი სტიმული გექნებათ რომ ძალისხმევას მიმართოთ. თქვენ დაინახავთ, რომ თვითგახსენების არარსებობა დედამიწიდან ძალზე მაღლა, თვითმფრინავში ღრმა ძილს წააგავს. სწორედ ესაა ჩვენი მდგომარეობა, მაგრამ ამის გაგება არ გვსურს. თუ ადამიანმა ეს შეიგნო, ბუნებრივია, ის გამოღვიძებას შეეცდება. მაგრამ თუ ფიქრობს, რომ მხოლოდ სავარძელში ზის მშვიდად და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ის ძილში ცუდს ვერაფერს დაინახავს.

კითხვა: რას ნიშნავს აზრებისთვის გამოღვიძების შესაბამისი ფორმის მიცემა?

პასუხი: როგორც ვთქვი, აზრები ერთადერთია, რისი გაკონტროლებაც ძალგვიძს. გარკვეულწილად მოძრაობების კონტროლიც შეგვიძლია, მაგრამ ჩვეულ პირობებში, სპეციალური განსწავლის გარეშე, მოძრაობებთან ვერაფერს გავაწყობთ. რაც შეეხება აზრებს, უპირველეს ყოვლისა გაიგივებასთან დაკავშირებული ყველა აზრი უნდა განვაგდოთ, და ნამდვილი სისტემის იდეებზე ვიფიქროთ. ეს არის თვითგახსენებისთვის მზადება, რადგან სისტემის ყოველ პუნქტში საკუთარი თავის გახსენების აუცილებლობის წინაშე ვდგებით. თუ თქვენ არ შეგიძლიათ გახსოვდეთ საკუთარი თავი, შეეცადეთ გონებაში ნამდვილი სისტემის იდეები გააცოცხლოთ. მთელი სისტემა მთლიანობაში, ადამიანის და სამყაროს შესწავლა - თვითგახსენებას ეხმარება. ასეთი მსჯელობა თავისთავად შეგახსენებთ და შინაგან ატმოსფეროს შეგიქმნით თვითგახსენებისთვის. მანამდე კი ყველა აზრი, რომელიც გზაზე გეღობებათ, უნდა განიდევნოს.

თუ ამ სტადიაზე თქვენი აზრების კონტროლირება არ ძალგიძთ, შემდგომში ვერაფერს შეძლებთ. თქვენ შეიძლება ვერ აკონტროლოთ თქვენი გუნება-განწყობილება, ან თქვენი წარმოსახვა, ან თქვენი სიყალბე, მაგრამ თქვენი აზრები უნდა აკონტროლოთ.

მშვიდ მდგომარეობაში უნდა შეგეძლოთ დანახვა, როდის ცდებით. თუ ამის გაკეთება არ ძალგიძთ, ეს ნიშნავს რომ ჯერ არ დაგიწყიათ; მაგრამ ადრე თუ გვიან ადამიანმა უნდა დაიწყოს.

კითხვა: ჩვენ ყველას გვეცოდინება, რა გველოდება გზაზე?

პასუხი: დიახ, რა თქმა უნდა, უნდა იცოდეთ. ეს შეიძლება იყოს უარყოფის, სიზარმაცის ან შიშის გარკვეული ფორმები.

კითხვა: ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, რას ნიშნავს ცდილობდე და ფიქრობდე ისე, როგორც ვიფიქრებდით მეტად ცნობიერნი რომ ვყოფილიყავით.

პასუხი: შეეცადეთ, ცნობიერად წარმოიდგინოთ თავი - ეს იქნებოდა წარმოსახვის სწორი გამოყენება. ჩვენ წარმოსახვის ძალას აბსოლუტურად არასწორად და უსარგებლოდ ვავითარებთ, რომელიც ყოველთვის სირთულეებს გვიქმნის. ახლა კი, გამონაკლისის სახით, შეეცადეთ გამოიყენოთ ის და ცნობიერად წარმოიდგინეთ თავი. შეეცადეთ იფიქროთ, როგორ იმოქმედებდით, იფიქრებდით, ილაპარაკებდით და ა.შ.

თავიდან თვითგახსენება ფუნქციებთან დაკავშირებით ძალისხმევას წარმოადგენს. თქვენ საკუთარი თავის გახსენებას იწყებთ უბრალოდ თქვენი გონებრივი პროცესების გარკვეული სახით ფორმირების გზით, და ეს ცნობიერების მომენტებს იწვევს. თვით ცნობიერებაზე მუშაობა არ ძალგიძთ: მხოლოდ ერთი-ორ კონვულსიურ, მაგრამ არა თანმიმდევრულ მცდელობას თუ მოახერხებთ. მაგრამ აზრებზე ზეგავლენა შეგიძლიათ იქონიოთ და ამგვარად შემოვლითი გზით იმუშაოთ ცნობიერებაზე. ეს მეთოდის მნიშვნელოვანი ნაწილია. შეეცადეთ, ამ სახით თავის გახსენებასა და ცნობიერების მდგომარეობას შორის განსხვავებას ჩაწვდეთ.

ეს ის გონებრივი პროცესია, რომელსაც ყველაფერში იყენებთ, კითხვისას, წერისას და ნებისმიერი საქმიანობისას, ამიტომ მასზე გარკვეულ კონტროლს ფლობთ. თვითგახსენებას იმდენივე ენერგიას თუ მოვახმართ, რასაც უცხო ენის შესწავლისას ვხარჯავთ, ცნობიერების გარკვეულ დონეს მივაღწევთ. სამწუხაროდ, ამ მცირე ენერგიის გაღებაც კი არ გვსურს თვითგახსენებისთვის; მიგვაჩნია, რომ ის თავისთავად უნდა გვეწვიოს, რომ საკმარისია ერთხელ ვეცადოთ - და ის აუცილებლად მოვა. თვითგახსენება ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ, თუ თქვენ მცდელობას გააგრძელებთ, ცნობიერების მომენტები უფრო და უფრო ხშირად და ხანგრძლივად გეწვევათ. მოგვიანებით, თანდათან, თვითგახსენება წმინდად ინტელექტუალურ ხასიათს დაკარგავს და გამომაფხიზლებელ ძალას შეიძენს.

კითხვა: ამ დროს თვითგახსენება ემოციაა თუ შეგრძნება?

პასუხი: ემოციაც და შეგრძნებაც ფუნქციაა, თვითგახსენება კი - არა. ეს ფუნქციებისგან დამოუკიდებლად საკუთარ თავში ცნობიერების მდგომარეობის შექმნის მცდელობაა. თავიდანვე უნდა გავიგოთ, რომ ფუნქცია ერთია, ხოლო ცნობიერების მდგომარეობა - მეორე. თქვენ ახლა ცნობიერების გარკვეულ მდგომარეობაში იმყოფებით, და საკუთარი თავის გახსენების მცდელობით, ცნობიერების მესამე მდგომარეობასთან მიახლოებას ცდილობთ. ამას ერთგვარი გადაწყობის გზით აკეთებთ. თქვენი აზროვნების ფორმა გადაგყავთ ისეთ ფორმაში, რომელიც ცნობიერების უმაღლეს მდგომარეობებში გაქვთ. ცნობიერების შენარჩუნება მანამ არ შეგიძლიათ, ვიდრე თქვენი აზრები გარკვეულ ფორმას არ მიიღებს. ეს ძალზე მარტივია: გახსოვთ ყურადღების წრფეების მაგალითი ორი ისრით? ყურადღება მიმართულია როგორც ჩემკენ, ასევე ობიექტისკენ, რომელსაც ვხედავ. ეს ორმაგი ყურადღება აზროვნების ფორმას წარმოადგენს, რაც ცნობიერების სხვა მდგომარეობას შეესაბამება.

კითხვა: თავად გახსენება თუ წარმოადგენს ცნობიერების მდგომარეობას?

პასუხი: ამგვარადაც შეიძლება განვიხილოთ. ამავე დროს ის თვითგახსენების გამოწვევის მეთოდადაც შეიძლება მივიჩნიოთ.

კითხვა: რა მიმართება აქვს აზრს ცნობიერებასთან?

პასუხი: რთულია მოკლედ გიპასუხოთ. აზრი მექანიკური პროცესია, ის შეიძლება მუშაობდეს ცნობიერების გარეშე ან სულ მცირე ცნობიერებით. და ცნობიერებაც შეიძლება არსებობდეს აზრის გარეშე.

კითხვა: გამომდინარე იქიდან, რომ თვითგახსენება ცნობიერების მდგომარეობად ან მის გამომწვევ მეთოდად შეიძლება მივიჩნიოთ, ხომ არ არსებობს თვითგახსენების სხვადასხვა სახეობები? აზრების სხვადასხვა ხარისხზე ხომ არაა ეს დამოკიდებული?

პასუხი: აზროვნების გარდა ძალისხმევაა აუცილებელი.

ეს მხოლოდ აზროვნება არაა. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ თავიდან ძალზე მცირეოდენის გაკეთება შეგვიძლია. იქიდან უნდა დავიწყოთ, სადაც ვიმყოფებით. შემდეგ, თუ გავაგრძელებთ, თვითგახსენება თანდათან უფრო ემოციური გახდება. განსხვავებას არა აზრების სხვადასხვა ხარისხი, არამედ ძალისხმევის სხვადასხვა ხარისხი და საფუძველში არსებული გაგება ქმნის. თვითგახსენება ეფექტიანი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, როდესაც გესმით, რომ არ იხსენებთ თავს, მაგრამ თავის გახსენება შეგიძლიათ.

კითხვა: ყურადღების მიმართვის აქტი ცნობიერების მდგომარეობის შეცვლის მეთოდს ხომ არ წარმოადგენს?

პასუხი: ყურადღების გარკვეული კონტროლი ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც აუცილებელია. მაგრამ შეიძლება ყურადღება გაიფანტოს, ან პირიქით, მისი გაკონტროლებაა შესაძლებელი, ამას კი სრულიად სხვა მნიშვნელობა აქვს.

კითხვა: როგორც მივხვდი, აზრებს ვაკონტროლებთ გარკვეული სახის აზროვნების შეჩერების თვალსაზრისით. მაგრამ აქამდე არასდროს მსმენია ჩვენი აზრების კონსტრუირების შესახებ.
პასუხი: ჩვენ ძალგვიძს არა მარტო არ ვიფიქროთ, არამედ ვიფიქროთ რაზეც გვსურს.

ამგვარად, შეგვიძლია ორივე გავაკეთოთ: შეგვიძლია უსარგებლო აზრები მოვიცილოთ და ჩვენი აზროვნების ცენტრში დავაყენოთ გაგება „მე“ – „მე აქ ვარ“, „მე ვფიქრობ“.

კითხვა: შემთხვევას და ღრმა კრიზისულ მდგომარეობას რატომ მივყავართ თვითგახსენებამდე?
პასუხი: ნებისმიერი ემოციური მომენტი, ემოციური შემთხვევა გაიძულებთ, გაიაზროთ „მე ვარ“. ამას აცნობიერებთ ყოველგვარი თეორიების გარეშე: მოულოდნელ ადგილას აღმოჩენისას, ჩნდება გრძნობა „მე“ და „აქ“.

როდესაც უჩვეულო გარემოებებში იმყოფებით, ეს ყოველთვის გახსენებთ თქვენს არსებობას. მაგრამ ჩვეულ პირობებში ეს ყოველთვის გვავიწყდება.

კითხვა: არის თუ არა თვითგახსენება ერთადერთი ძალა, რომელსაც ნამდვილი სისტემა გვთავაზობს?

პასუხი: ეს ერთადერთი გზაა ყველა დანარჩენის მისაღწევად, პირველ რიგში კი სწორედ ეს გვაკლია. ჩვენ ყოველთვის გვავიწყდება თავი ერთი მომენტიდან მეორემდე, და ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. ყველამ უნდა გაიხსენოს თავი - ესაა ყველაფრის დასაწყისი და დასასრული, რადგან თუ ადამიანს ეს აქვს, ის ყველაფერს ფლობს.

კითხვა: რა განსხვავებაა ყურადღების და ცნობიერების მნიშვნელობებს შორის?

პასუხი: ყურადღება შეიძლება განვიხილოთ, როგორც ცნობიერების ელემენტარული დასაწყისი - პირველი საფეხური. ეს არაა სრული ცოდნა, რადგან მხოლოდ ერთი მიმართულება აქვს. როგორც უკვე აღვნიშნე, ცნობიერებას ორმაგი ყურადღება სჭირდება.

კითხვა: რა მიზანი აქვს უმაღლესი ცნობიერების მიღწევას? მეტი სისავსით ცხოვრება?

პასუხი: ერთი მეორეზეა დამოკიდებული. თუ გვსურს ნებას ვფლობდეთ, მარიონეტების ნაცვლად თავისუფლები ვიყოთ, თუ გამოღვიძება გვსურს, ცნობიერება უნდა განვავითაროთ. თუ ვაცნობიერებთ, რომ გვძინავს, რომ ყველა ადამიანს სძინავს და რას ნიშნავს ეს, ცხოვრების ყველა აბსურდულობა გასაგები ხდება. სრულიად ცხადია, რომ მძინარე ადამიანები ახლანდელი ქმედებით არიან შეზღუდულები და სხვაგვარად მოქმედება მათ არ ძალუძთ.

კითხვა: ისეთებს, როგორებიც ვართ, შეგვიძლია ცნობიერი ვიყოთ, როცა ეს გვსურს, თუ ეს ყოველთვის შემთხვევით მოხდება?

პასუხი: სრულყოფილი სახით წამში არაფერი მოდის. პირველი ნაბიჯია, გახდეთ უფრო ცნობიერი. თუ ახლა, ძალისხმევით, თქვენ შეგიძლიათ იყოთ ცნობიერი ერთი წუთის განმავლობაში, თუ თავდაუზოგავად იმუშავებთ შედეგის გასაუმჯობესებლად, შესაძლოა, რომ გარკვეული დროის შემდეგ, თქვენ მოახერხებთ და ცნობიერი იქნებით ხუთი წუთის განმავლობაში.

კითხვა: შემთხვევით თუ მოხდა, არასწორია?

პასუხი: ამას ვერ დაეყრდნობით. ჩვენში, ისეთებში როგორებიც ვართ, უმაღლესი მდგომარეობები არ ნარჩუნდება; ისინი მხოლოდ გაიელვებენ, ხოლო თუ ნარჩუნდებიან, ეს წარმოსახვაა. ეს განსაზღვრული ფაქტია, რადგან არავითარ ენერგიას არ ვფლობთ უმაღლესი მდგომარეობების გასახანგრძლივებლად. გაელვებები შესაძლებელია, მაგრამ, ისევ და ისევ, თქვენ უნდა განიხილოთ და დაახარისხოთ იმის მიხედვით, რა მასალა მოაქვთ მათ.

კითხვა: ისინი არც მეხსიერებაში ნარჩუნდებიან?

პასუხი: ის მეხსიერება, რომლის გაკონტროლებაც და გამოყენებაც ძალგვიძს, რომელზეც ვმბრძანებლობთ, ინტელექტუალურ მეხსიერებას წარმოადგენს, ინტელექტუალურ მეხსიერებას კი მათი შენახვა არ შეუძლია.

კითხვა: ასე მგონია, სრულიად შეუძლებელია საკუთარი თავის გახსენება სურვილისამებრ, თუმცა, როგორც ჩანს, არც თუ ისე რთულია საკუთარი თავის დაკვირვება.

პასუხი: თქვენ უნდა მოსინჯოთ მეთოდები, რომლებიც ამ მდგომარეობას შექმნიან. სცადეთ აზრების შეჩერების მეთოდი, რათა დაინახოთ, რამდენ ხანს შეძლებთ აზრების დამორჩილებას, არაფერზე ფიქრს - თუკი იცით თვითგახსენების შესახებ. მაგრამ დავუშვათ, თუ ამის გაკეთებას ცდილობს ადამიანი, რომელმაც არაფერი იცის თვითგახსენების შესახებ, ამ გზით ის თვითგახსენების იდეამდე ვერ მივა.

თუ უკვე იცით, ეს თვითგახსენების მომენტს შექმნის; რამდენად ხანგრძლივად - ეს თქვენს ძალისხმევაზეა დამოკიდებული. ეს ძალზე კარგი გზაა. ეს მეთოდი აღწერილია, მაგალითად, იოგას შესახებ ზოგიერთ წიგნში, მაგრამ ადამიანებმა, ვინც ამ მეთოდს იყენებს, არ იცის რატომ აკეთებს ამას, ამიტომ ვერ იღებენ კარგ შედეგებს. სრულიად საპირისპიროდ, ამას გარკვეული ტრანსის გამოწვევა შეუძლია.

კითხვა: როდესაც თქვით: „ის, ვინც იცის თვითგახსენების შესახებ“, რა იგულისხმეთ, რომ მიზნად გაქვთ დასახული თუ უკვე გამოსცადეთ ის?

პასუხი: სხვადასხვა ხარისხი არსებობს. თქვენ ხედავთ, მთელი ეს დრო თვითგახსენებაზე ვსაუბრობთ; გამუდმებით მას ვუბრუნდებით; ამგვარად, ვერ იტყვით, რომ არ იცით თვითგახსენების შესახებ. მაგრამ ადამიანმა, რომელიც ფსიქოლოგიას ან ფილოსოფიას სწავლობდა, არაფერი იცის მის შესახებ.

კითხვა: ნამდვილ სისტემასთან შეხვედრამდე თუ არის შესაძლებელი თვითგახსენების სწავლა? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ვცდილობდი თავის გახსენებას, და შედეგები, როგორც ჩანს, შეესაბამება იმას, რასად ჩვეულებრივ ადრე ვაკეთებდი, თუმცა არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი.

პასუხი: სწორედ ამაშია საქმე. თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ და შემდეგი პრინციპი გაიგოთ: თუ რამეს აკეთებთ და იცით, ეს რა არის, ეს ერთ შედეგს იძლევა, მაგრამ თუ იგივეს აკეთებთ ისე, რომ არ იცით რას აკეთებთ, ეს სულ სხვა შედეგს მოიტანს. ბევრი ადამიანი თვითგახსენებას პრაქტიკით, სხვები კი თეორიულად, მაგრამ პრაქტიკის გარეშე ძალზე უახლოვდებიან; არც თეორია პრაქტიკის გარეშე და არც პრაქტიკა თეორიის გარეშე - რეალურ ჭეშმარიტებასთან არ მიგიყვანთ. მაგალითად, იოგას შესახებ ლიტერატურაში ბევრი თვითგახსენებასთან მიახლოებული აღწერაა. მაგალითად საუბარია ცნობიერებაზე „მე ვარ“, მაგრამ ეს იმდენად თეორიულია, რომ მისგან რაიმეს სწავლა შეუძლებელია.

თვითგახსენება არანაირ ლიტერატურაში არ არის ზუსტად, კონკრეტული ფორმით აღწერილი, თუმცა შენიღბული ფორმით მასზე საუბარია ახალ აღთქმაში და ბუდისტურ ტექსტებში. მაგალითად, როდესაც საუბარია „იღვიძე, ნუ გძინავს“, ეს არის თვითგახსენება. მაგრამ ადამიანები სხვადასხვაგვარად ხსნიან ამას.

კითხვა: არის თუ არა ემოციური ცენტრი მთავარი ცენტრი, რომელიც თვითგახსენებისას მუშაობს?

პასუხი: თქვენ ემოციების გაკონტროლება არ შეგიძლიათ. თქვენ უბრალოდ გადაწყვეტთ, თავი გაიხსენოთ. მე ძალზე უბრალო, პრაქტიკული მეთოდი გაგაცანით. შეეცადეთ გააჩეროთ აზრები, მაგრამ იმავდროულად არ დაივიწყოთ თქვენი მიზანი - რომ ამას აკეთებთ იმისთვის, რომ საკუთარი თავი გაიხსენოთ. ეს დაგეხმარებათ. რა უშლის ხელს თვითგახსენებას? აზრთა გამუდმებული ცვლილება. შეაჩერეთ ეს ცვლილება და შესაძლოა, თქვენ განიცადოთ ის.

კითხვა: რომელი ცენტრები მუშაობენ თვითგახსენების დროს?

პასუხი: თვითგახსენება მოითხოვს საუკეთესო მუშაობას, რომლის შესრულებაც შეგიძლიათ, ამიტომ, რაც მეტი ცენტრი მონაწილეობს ამ პროცესში, მით უკეთესია შედეგი. თვითგახსენება ნელი, სუსტი მუშაობით - ერთი ან ორი ცენტრის მუშაობით არ იქმნება. თქვენ შეგიძლიათ ორი ცენტრით დაიწყოთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რადგან სხვა ცენტრებს შეუძლიათ ხელი შეუშალონ თქვენს თვითგახსენებას და გააჩერონ ის. მაგრამ თუ მუშაობაში ყველა ცენტრს ჩართავთ, მას ვეღარაფერი შეაჩერებს. მუდამ უნდა გახსოვდეთ, რომ თვითგახსენება თქვენგან საუკეთესო მუშაობას მოითხოვს, რისი უნარიც გაგაჩნიათ.

კითხვა: თქვენ თქვით, რომ რეალური თვითგახსენება ემოციებს მოითხოვს, მაგრამ როდესაც ამ საკითხზე ვფიქრობ, მე არავითარ ემოციას არ განვიცდი. შესაძლებელია საკუთარი თავის გახსენება ისე, რომ ემოციას არ განიცდიდე?

პასუხი: იდეა მდგომარეობს საკუთარი თავის გახსენებაში, საკუთარი თავის გაცნობიერებაში. და რაც ამას მოყვება, მაშინვე შეამჩნევთ და ამასთან არავითარი განსაზღვრული მოთხოვნები არ უნდა წამოაყენოთ. თუ თქვენ ეცდებით და რეგულარულ პრაქტიკად აქცევთ საკუთარი თავის გახსენებას სამჯერ ან ოთხჯერ დღეში, თვითგახსენება თავისით გეწვევათ იმ დროს, როდესაც მისი საჭიროება გექნებათ. მაგრამ ამას მოგვიანებით შეამჩნევთ. თქვენ ეს რეგულარულ პრაქტიკად უნდა აქციოთ: ეცადოთ და გაიხსენოთ თავი, თუ შესაძლებელია, დღის ერთსა და იმავე დროს. და, როგორც უკვე გითხარით, აზრის გაჩერების პრაქტიკა იგივე ეფექტს შექმნის. ამიტომ, თუ თავის გახსენებას ვერ ახერხებთ, შეეცადოთ გააჩეროთ აზრები. თქვენ შეგიძლიათ აზრების გაჩერება, მაგრამ იმედი არ უნდა გაგიცრუვდეთ, თუ დასაწყისში არაფერი გამოგივათ. აზრების გაჩერება ძალზე რთულია. არ შეგვიძლია ვთქვათ: „მე ვაჩერებ აზრებს“, და ისინი გაჩერდებიან. თქვენ მუდამ ძალისხმევა დაგჭირდებათ. ამიტომ ხანგრძლივად არ უნდა გააკეთოთ ეს. რამდენიმე წუთი პრაქტიკისთვის სრულიად საკმარისია, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ თავს დაარწმუნებთ, რომ ამას აკეთებთ, მაშინ, როდესაც მშვიდად იჯდებით და იფიქრებთ, და ბედნიერი იქნებით. რამდენადაც შესაძლებელია, მხოლოდ ერთი აზრი უნდა გქონდეთ გონებაში: „არაფერზე არ მსურს ფიქრი“ და ყველა სხვა აზრი განაგდოთ. ეს კარგი სავარჯიშოა, მაგრამ ეს მხოლოდ სავარჯიშოა.

კითხვა: აზრების გაჩერების დროს სუნთქვის გაჩერება ცუდია?

პასუხი: ეს კითხვა ერთხელ ჩვენს ძველ ჯგუფშიც დასვეს და გურჯიევმა იკითხა: „რამდენ ხანს?“ კაცმა თქვა, რომ ათი წუთის განმავლობაში. გურჯიევმა უპასუხა: „თუ თქვენ ათი წუთით სუნთქვის შეჩერებას შეძლებთ, ეს ძალიან კარგია, რადგან ოთხი წუთის შემდეგ თქვენ მოკვდებით!“

კითხვა: თვითგახსენება და აზრების შეჩერება ერთი და იგივეა?

პასუხი: მთლად ასეც არაა; ეს ორი სხვადასხვა მეთოდია. თავიდან შემოდის განსაზღვრული აზრი - გაცნობიერება იმისა, რომ თავი არ გახსოვთ. ყოველთვის აქედან უნდა დაიწყოთ. აზრების გაჩერება კი თვითგახსენებისთვის სწორი ატმოსფეროს, სწორი გარემოს შექმნაა. ამიტომ არაა ერთი და იგივე, მაგრამ ორივე მეთოდს ერთნაირი შედეგები მოაქვს.

კითხვა: ის უფრო სწორად მუშაობს, ვინც თავსაც იხსენებს და სამუშაოსაც, რომელსაც ასრულებს?

პასუხი: დიახ, გამოღვიძებულს, თქვენ ყველაფრის გაცილებით უკეთ კეთება შეგიძლიათ, მაგრამ ამას დიდი დრო ესაჭიროება. როდესაც თვითგახსენების ჩვევა გამოგიმუშავდებათ, თქვენთვის გაუგებარი გახდება, მის გარეშე როგორ მუშაობდით. მაგრამ დასაწყისში რთულია, მუშაობდე და საკუთარი თავი გახსოვდეს ერთსა და იმავე დროს. და მაინც, ეჭვგარეშეა, ამ მიმართულებით ძალისხმევა ძალზე საინტერესო შედეგებს იძლევა. ყველა დროის მთელი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს ძალისხმევა ყოველთვის ჯილდოვდება. ამას გარდა, თუ ძალისხმევას მიმართავთ, გაიგებთ, რომ ადამიანს გარკვეული ქმედებების განხორციელება მხოლოდ ძილში შეუძლია და გამოღვიძებულს არ შეუძლია, რადგან ზოგიერთი ქმედება მხოლოდ მექანიკურია. მაგალითად, ვთქვათ, დაგავიწყდათ ან დაკარგეთ რამე; თქვენ არაფრის დაკარგვა არ შეგიძლიათ სპეციალურად, დაკარგვა მხოლოდ მექანიკურად ხდება.

კითხვა: როდესაც პიანინოზე დაკვრისას ვფიქრობდი „მე აქ ვარ“, არ ვიცოდი რას ვაკეთებდი.

პასუხი: ვინაიდან ეს არ არის ცნობიერების მდგომარეობა, არამედ თვითგახსენების შესახებ დაფიქრებაა. შემდეგ ის ხვდება იმას, რასაც აკეთებთ; ზუსტად ისე, როგორც მაშინ, როდესაც წერისას უცებ იფიქრებთ: „როგორ იწერება ეს სიტყვა?“ - და ვერ იხსენებთ. ეს ერთი ფუნქცია მეორეს ხვდება. მაგრამ ნამდვილი თვითგახსენება ცენტრებში არაა, ის ცენტრებს ზემოთაა. მას არ შეუძლია ცენტრების მუშაობასთან შეხვედრა, ადამიანი მეტს დაინახავს, ის თავის შეცდომებს დაინახავს.

უნდა გვესმოდეს, რომ თვითგახსენების უნარი ჩვენი უფლებაა. ჩვენ არ გაგვაჩნია თვითგახსენება, მაგრამ შეგვიძლია ვფლობდეთ მას; ჩვენ, ასე ვთქვათ, ამისთვის ყველა აუცილებელი ორგანო გვაქვს, მაგრამ არ ვართ გავარჯიშებულები, მათ გამოყენებას ნაჩვევი არ ვართ. აუცილებელია გარკვეული განსაკუთრებული ენერგიის ან თვისების შექმნა, ეს კი მხოლოდ სერიოზული ემოციური სტრესის დროსაა შესაძლებელი. აქამომდე ყველაფერი - მხოლოდ მეთოდის მზადებაა. მაგრამ თუ ძლიერი ემოციური სტრესის პირობებში იმყოფებით და ცდილობთ საკუთარი თავი გახსოვდეთ, ეს დარჩება სტრესის გავლის შემდეგ, და თქვენ შეგეძლებათ თავის გახსენება. ამგვარად, მხოლოდ ძალზე ინტენსიური ემოციითაა შესაძლებელი თვითგახსენებისთვის საფუძვლის შექმნა. მაგრამ ამას ვერ შეძლებთ, თუ წინასწარ არ ხართ მომზადებული. ასეთი მომენტები შეიძლება გადაიტანოთ, მაგრამ მათგან ვერაფერს მიიღებთ. დროდადრო განცდილ ემოციურ სტრესებს ვერ ვიყენებთ, რადგან არ ვიცით, როგორ გავაკეთოთ ეს. თუ საკმარისად გულმოდგინედ ცდილობთ ინტენსიური ემოციური სტრესის დროს თავი გახსოვდეთ, და ეს ემოციური სტრესი საკმაოდ ძლიერია, ეს დატოვებს გარკვეულ კვალს და დაგეხმარებათ, გახსოვდეთ საკუთარი თავი მომავალში.

კითხვა: ის, რასაც ახლა ვაკეთებთ, არის თუ არა გარკვეულწილად პრაქტიკა?

პასუხი: ამჟამად თქვენ საკუთარ თავს სწავლობთ, მეტს ვერაფერს გააკეთებთ.

კითხვა: რას წარმოადგენს ის მზადება, რაზეც საუბრობდით?

პასუხი: თვითშესწავლა, თვითდაკვირვება, თვითგაგება. ჩვენს ვერაფერს შევცვლით, ერთ საგანს მეორედ ვერ ვაქცევთ. ყველაფერი ისევ ისე ხდება, როგორც ადრე. მაგრამ განსხვავება უკვე არსებობს, რადგან ბევრ რამეს ხედავთ, რასაც ადრე ვერ ხედავდით, და ბევრი რამ სხვაგვარად „ხდება“. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ რამე შეცვალეთ: ისინი ხდებიან სხვაგვარად.

კითხვა: ჩვენი ცხოვრების ხანგრძლივობა საკმარისია შედეგების მისაღწევად?

პასუხი: ამ კითხვაზე პასუხს თვითგახსენებით მიიღებთ. როდესაც თვითგახსენებაში გარკვეულ შედეგებს მიაღწევთ, თუ ის ხშირად დგება - სარკეში საკუთარი თავის დანახვის მსგავსად - შემდეგ თვითგახსენების სხვა ფორმა დგება, საკუთარი ცხოვრების, სხეულის, დროის მოგონებები. ეს შესაძლებლობებს ზრდის. სხვა ნაბიჯებიც არსებობს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ წინგადადგმულ ერთ ნაბიჯზე შეგვიძლია საუბარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს წარმოსახვა იქნებოდა. უნდა გვესმოდეს, რომ ზოგიერთ საკითხს თვითგახსენების გარეშე არ უნდა შევეხოთ. ესაა ჩვენი ინსტრუმენტის - ცნობიერების სრულყოფის საკითხი. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ თუ ჩვენი ცნობიერების მდგომარეობა შეიცვლება, მეტის გაგებას შევძლებთ.

კითხვა: თვითცნობიერებას ცოდნის მოცემა შეუძლია?

პასუხი: არა, ცნობიერება, თავისთავად, ცოდნას არ იძლევა. ცოდნა უნდა მოიპოვო. ვერც ცნობიერება მოგცემთ ცოდნას და ვერც ცოდნა - ცნობიერებას. ისინი პარალელური არ არიან და ერთმანეთს ვერ ცვლიან, მაგრამ როდესაც ცნობიერი ხდებით, ხედავთ იმას, რასაც ადრე ვერ ხედავდით. თუ ამ გაცნობიერებულობას საკმაო ხანს შეინარჩუნებთ, ეს უზარმაზარ ეფექტს გამოიწვევს. მთელი სამყარო შეიცვლებოდა, თქვენ რომ მისი შენარჩუნება, ვთქვათ, თხუთმეტი წუთი შეგეძლოთ. მაგრამ ადამიანს არ ძალუძს საკუთარი თავის შეცნობა თხუთმეტი წუთის განმავლობაში ძალზე ძლიერი ემოციური სტრესის გარეშე. უნდა შექმნათ რაღაც, რაც ემოციურს გაგხდით; ამას ემოციური ცენტრის გარეშე ვერ გააკეთებთ.

კითხვა: ეს თავისთავად ხომ არ მოდის?

პასუხი: ეს წინააღმდეგობების დაძლევის საკითხია. ჩვენ არ ვართ საკმირისად ემოციურები, რადგან ჩვენს ენერგიას გაიგივებაზე, უარყოფით ემოციებზე, კრიტიკულ დამოკიდებულებაზე, ეჭვზე, ტყუილზე და სხვა ამათ მსგავსებზე ვხარჯავთ. თუ ამ გაფლანგვის შეჩერებას შევძლებთ, უფრო ემოციურები გავხდებით.

კითხვა: როგორც მივხვდი, საკუთარი თავის გახსენების მცდელობისას დიდ ძალისხმევას უნდა ვერიდო. ასე მგონია, რომ ზედმეტ ძალისხმევას ეფექტის განადგურება შეუძლია.

პასუხი: ის, რასაც თქვენ გულისხმობთ, დიდ ძალისხმევას არ წარმოადგენს, არამედ ესაა მცდარი სახის ძალისხმევა. კუნთური ძალისხმევა საკუთარი თავის გახსენებაში არ დაგეხმარებათ. ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იპოვოს თავისთვის ისეთი მომენტი, როდესაც ამ დიდ ძალისხმევას მიმართავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველა ინსტინქტური და ემოციური სწრაფვა ამის წინააღმდეგაა მიმართული. სწორედ ესაა მცდელობის მომენტი. თუ ამ დროს შეძლებთ თავის გახსენებას, გეცოდინებათ, როგორ გააკეთოთ ეს.

კითხვა: რეგულარული მცდელობის ფორმალურობა როგორ ავიცილოთ თავიდან? როგორ შევინარჩუნოთ მათი მოუხელთებელი აზრი?

პასუხი: თვითგახსენება ფორმალური ვერ გახდება; თუ ის ასეთი ხდება, ეს ღრმა ძილს ნიშნავს. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად რაღაც უნდა მოიმოქმედოთ, რათა თავი გამოიღვიძოთ. თუმცა ყოველთვის მექანიკურობის და მექანიკურობის შედეგების შესახებ იდეიდან უნდა დაიწყოთ.

აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. ყველაფერი სხლტის, ქრება, და ხელთ არაფერი გრჩებათ. კვლავ შეგნებული ძალისხმევით იწყებთ, და ის კვლავ გისხლტებათ. საკითხავია, როგორ შევუშალოთ ხელი გაქრობას. ჩვენი აზროვნების და გრძნობის ჩვეულებრივ მეთოდებში ბევრი მექანიკური მისწრაფებაა, რომლებიც მუდამ ჩვეულ გზაზე გვაბრუნებენ. ჩვენ გვსურს სხვაგვარად ფიქრი, გვსურს ვიყოთ სხვანაირი, ვიმუშაოთ სხვაგვარად, ვგრძნობდეთ განსხვავებულად, მაგრამ ეს არ ხდება, რადგან ძველი მისწრაფებები უკან გვაბრუნებს. ჩვენ უნდა შევისწავლოთ ეს მისწრაფებები და შევეცადოთ ავხსნათ ისინი. პირველ რიგში გონების ინერცია უნდა დავძლიოთ; თუ ამას შევძლებთ, შემდეგ დღეში ოცდაოთხი საათი არ გვეყოფა და ცხოვრება სავსე გახდება. დაწყება რთულია - და მაინც არც თუ ისე რთული.

კითხვა: როგორც უნდა დავძლიოთ ეს ინერცია?

პასუხი: ძალისხმევით: თვითგახსენების, დაკვირვების, არგაიგივების მცდელობით.
ცნობიერება ძალაა, და ძალა შეიძლება განვითარდეს მხოლოდ წინააღმდეგობების დაძლევის გზით. ადამიანში ორი რამ შეიძლება განვითარდეს - ცნობიერება და ნება. ორივე ძალას წარმოადგენს. თუ ადამიანი არაცნობიერებას დაძლევს, ის ცნობიერების მფლობელი გახდება; თუ მექანიკურობას დაძლევს, მას ნება ექნება. თუ ის ჩაწვდება იმ ძალების ბუნებას, რისი მიღწევაც შეუძლია, მისთვის ცხადი გახდება, ეს ძალები მას არ მიეცემა; ისინი ძალისხმევის შედეგად უნდა განვითარდნენ. უფრო ცნობიერები რომ ვიყოთ, ჩვენ ცნობიერ მანქანებად დავრჩებოდით. გურჯიევი მიყვებოდა, რომ გარკვეული სპეციალური მეთოდების გამოყენებით ზოგიერთ სკოლაში მათ შეძლეს და ცხვარი ცნობიერად აქციეს. მაგრამ ის ცნობიერ ცხვრად დარჩა. მე ვკითხე, თუ რა ბედი ეწია ცხვარს, და მან მიპასუხა, რომ ის მათ შეჭამეს. ცნობიერი ცხვრის იდეა შემდეგში მდგომარეობს: თუ ადამიანი ცნობიერი ხდება ვინმეს დახმარებით, ის სხვათა ხელში ინსტრუმენტად იქცევა.

საკუთარი ძალისხმევა აუცილებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი თუნდაც ცნობიერი გახდეს, მას ცნობიერების გამოყენების უნარი არ ექნება. ეს არის ბუნებრივი მოცემულობა, რომ ცნობიერება და ნება არ შეიძლება იყოს მოცემული. ვინმეს მოცემაც რომ შეეძლოს, ეს სარგებელს არ მოგიტანდათ. ესაა მიზეზი, რატომაც ადამიანს ყველაფრის ყიდვა უწევს, უფასო არაფერია.

ყველაზე ძნელი გადახდის სწავლაა. მაგრამ ამის სწავლება რომ ორი სიტყვით შეიძლებოდეს, სკოლაში სიარული საჭირო არ იქნებოდა. ადამიანმა არა მარტო ცნობიერებისთვის უნდა გადაიხადოს, არამედ ყველაფრისთვის. ერთი უმცირესი იდეაც კი ვერავის საკუთრება ვერ გახდება, ვიდრე მის საფასურს არ გადაიხდის.

კითხვა: როგორც ჩანს, თვითგახსენება საკმაოდ მძიმე და შავბნელ განცდას წარმოადგენს. ეს მძიმე სისტემაა?

პასუხი: რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არ არსებობს მძიმე სისტემები, არსებობენ მძიმე ადამიანები და მძიმე ურთიერთობები, მძიმე გაგება. და არ მესმის, რატომ უნდა იყოს თვითგახსენება პირქუში და მძიმე. ესაა იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ გვძინავს. თუ ადამიანი გაიცნობიერებს, რომ სძინავს და მას გაღვიძების საშუალება არ აქვს, მაშინ ნამდვილად, ეს შავბნელი გაცნობიერებაა, სრულიად გეთანხმებით. მაგრამ ნამდვილი სისტემა არ ამბობს, რომ ამაზე უნდა გაჩერდეთ; ის ამბობს, რომ თქვენ გაღვიძება უნდა სცადოთ. ეს კი სულ სხვა რამაა. მახსენდება, პირველად რომ მოვისმინე ეს იდეა, ბევრი სრულიად ახალი რამ დავინახე, რადგან ეს იყო პასუხი ფსიქოლოგიის შესწავლისას გაჩენილ ჩემს მრავალრიცხოვან კითხვებზე. ამგვარად, ერთბაშად გავიცნობიერე, რომ ფსიქოლოგია ამ საკითხიდან იწყება. მე მივხვდი, რომ ადამიანს არ ახსოვს თავი, მაგრამ გახსენება შეუძლია, თუკი საკმარის ძალისხმევას განახორციელებს. თვითგახსენების გარეშე არც სწავლება, არც ფსიქოლოგია არ იქნება. მაგრამ თუ ადამიანი აცნობიერებს და გონებაში ინარჩუნებს, რომ მას არ ახსოვს თავი, და რომ არავის ახსოვს, და მაინც თვითგახსენების შესაძლებლობა არსებობს, მაშინ იწყება შესწავლა. აი, როგორ უნდა გავიგოთ ეს.

რა თქმა უნდა, სულაც არაა სასიხარულო იმის გაცნობიერება, რომ ადამიანი მანქანაა და სძინავს. მაგრამ ჩვენ არა სიხარულსა ან სევდაზე, არამედ კონტროლზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მანქანები ვართ, და არ გვსურს, რომ მანქანები ვიყოთ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გვძინავს, და გამოღვიძება გვსურს. ჭეშმარიტი სიხარული მხოლოდ გამოღვიძებასთან ან იმასთან, რაც გამოღვიძებაში გვეხმარება, შეიძლება იყოს დაკავშირებული.

კითხვა: მაგრამ ამგვარად ბევრი ადამიანი აღიქვამს თავს ამ სიტყვის ცუდი აზრით. ესეც თვითგახსენების ფორმა ხომ არ არის?

პასუხი: არანაირად. ის, რაც თვითგახსენებას ინგლისურ ენაზე ქვია, არის შეცბუნების ან მორცხვობის ფორმა; ამას არავითარი საერთო არ აქვს თვითგახსენებასთან.

როგორც უკვე აგიხსენით, თუ არ გამოიღვიძებთ, გაღვიძებული ვერ გახდებით; მაგრამ აზრებზე გარკვეული კონტროლი გაგაჩნიათ და ისინი იმგვარად უნდა ააწყოთ, რომ გამოღვიძებამდე მიხვიდეთ.

კითხვა: ბავშვი უფრო ახლოს ხომ არ არის თვითგახსენებასთან, ვიდრე ზრდასრული ადამიანი? ადამიანს ხომ ბავშვობის ბევრი მკვეთრი მოგონებები აქვს.

პასუხი: არა, მთლად ასე არაა; ეს თვითგახსენება არაა. თვითგახსენება ცნობიერ მუშაობას ნიშნავს, ანუ განზრახულ მუშაობას. ბავშვობის მკვეთრი მოგონებები ემოციური ცენტრის მოქმედების შედეგია. ბავშვში ის უფრო აქტიურია, ხოლო ცნობიერების მომენტები თავისთავად მოდიან. მაგრამ თვითგახსენება არის ცნობიერების მომენტი, რომელიც თქვენი საკუთარი ძალისხმევის წყალობით დგება. დავუშვათ, ბავშვს აქვს ცნობიერების გაელვებები ამ მომენტების გამოყენების შესაძლებლობის გარეშე. ეს სრულებით არ უშველის.

კითხვა: გვიშველის თუ არა იმ მდგომარეობებთან დაბრუნების მცდელობა, რომლებიც ბავშვობაში გვქონდა?

პასუხი: როგორ? საკითხავი აი ეს არის. გაიგივების შეჩერება რომ შეგვეძლოს, მსგავსი ბევრი მომენტი გვექნებოდა, მაგრამ არ ვიცით, როგორ გავაჩეროთ გაიგივება. უარყოფითი ემოციების განადგურება რომ შეგვეძლოს, საკუთარი თავის დამახსოვრება რომ შეგვეძლოს, მაშინ ეს ჩვენს ხელთ იქნებოდა, ჩვენი კონტროლის ქვეშ იქნებოდა, ეს არ იქნებოდა შემთხვევითი.

კითხვა: როდესაც სუფთა ვარ და საგულდაგულოდ ჩაცმული, ვგრძნობ, რომ გაცილებით მეიოლება საკუთარი თავის გახსენება.

პასუხი: ეს აკრძალული არაა. ეს ფაკირის გზაა.

კითხვა: როგორი დამოკიდებულებაა თვითგახსენებასა და უარყოფით ემოციებს შორის?

პასუხი: როდესაც უარყოფითი ემოცია ჩნდება, თვითგახსენება შეუძლებელი ხდება. ამიტომ, თავი რომ გაიხსენოს, ადამიანს გარკვეული კონტროლი უნდა გააჩნდეს უარყოფით ემოციებზე. ადამიანები სხვადასხვანაირები არიან ამ მიმართებით: ზოგს მეტი კონტროლი გააჩნია, ზოგს ნაკლები ამ ემოციების გამოხატვის მხრივაც კი. და არა მარტო გამოხატვაში, ზოგი ადამიანი უკეთ აკონტროლებს ემოციებს, სხვები მხოლოდ გარკვეულ ემოციებს აკონტროლებენ. და არა მხოლოდ მათ, ვინც უარყოფით ემოციებზე გარკვეულ კონტროლს ფლობს, შეუძლიათ თვითგახსენებაზე მუშაობა და კარგი შედეგების მიღება. ამავე დროს ეს კონტროლი შეიძლება მიღწეულ იქნას: სხვადასხვა მხრიდან შეიძლება დაწყება, და თუ თვითგახსენება შეიქმნა, ეს დაუყოვნებლივ ეხმარება უარყოფით ემოციებთან ბრძოლაში; ხოლო უარყოფით ემოციებთან ბრძოლა თვითგახსენებას ეხმარება.

კითხვა: გამოღვიძებას ყოველთვის დიდი დრო სჭირდება?

პასუხი: მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რამდენი დრო დასჭირდება ნამდვილი სისტემის შესწავლას, მაგრამ ვერ გეტყვით, გამოღვიძებას რამდენი ხანი დასჭირდება. გამოღვიძება პირადი მუშაობის შედეგს წარმოადგენს, ამიტომ მისი წინასწარ განსაზღვრა ძნელია. ის თანდათანობით მოდის. სრული გამოღვიძება ძალიან დიდ ცვლილებას ნიშნავს, ეს კი დროს მოითხოვს, რადგან ეს ახალი ფსიქიური თვისებების შეძენას ნიშნავს. ამიტომ ჩვენ მხოლოდ დონეების და საფეხურების შესწავლა შეგვიძლია, რომელიც ადამიანმა უნდა გაიაროს. ადამიანს შეიძლება აჩვენო გზა, მაგრამ საკუთარი თავისთვის თავად უნდა იმუშაოს. შესწავლა თავისთავად დიდ საქმეს არ წარმოადგენს, რადგან ადამიანს საკუთარი თავის შეცვლა მხოლოდ მიღებული ცოდნის გამოყენებით შეუძლია. ადამიანს შეუძლია გახდეს საკუთარი თავის შემცნობი მოცემულ მომენტში. საკუთარი თავის გაცნობიერება არის გამოღვიძება - ცნობიერების სხვა მდგომარეობის ერთერთი ატრიბუტი.

კითხვა: შესაძლებელია, რომ ადამიანს გამოღვიძება სურდეს და მარცხი განიცადოს?

პასუხი: შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაში წარმატებას ვერ მიაღწიოს, მაგრამ თუ მას აქვს გაღვიძების უნარი, მას შეუძლია გამოღვიძება; ეს ხანგრძლივი პროცესია. მაგრამ, რა თქმა უნდა, მარცხიც შეიძლება განიცადოს. ჩვენ ერთი კარგი თვისება გაგვაჩნია ჩვენს მდგომარეობაში - არაფერი გვაქვს დასაკარგი. ამიტომ, თუ მარცხს განვიცდით, იმავე მდგომარეობაში დავრჩებით, როგორშიც ადრე ვიყავით, მაგრამ თუ წარმატებას მივაღწევთ, სრულიად ახალს მივიღებთ.
კითხვა: ნებისმიერ დიდ ძალისხმევას შეუძლია ადამიანი უფრო ცნობიერი გახადოს?
პასუხი: ეს ძალისხმევაზეა დამოკიდებული, რადგან თუ ძალისხმევა გაიგივების მდგომარეობაში კეთდება, ეს ადამიანს უფრო ცნობიერს არ გახდის.

კითხვა: თვითგახსენება ავტომატურად აჩერებს გაიგივებას?

პასუხი: თვითგახსენებაში არაფერია ავტომატური - ყოველი წამი ძალისხმევას წარმოადგენს. თუ ის საკმაოდ ღრმაა და საკმაოდ ხანგრძლივი, ეს ერთი შემთხვევაა, მაგრამ თუ მხოლოდ გაელვებაა - საკმარისი არაა.

ასევე, თუ იხსენებთ თავს და სხვას არაფერს, ეს ერთია, და თუ იხსენებთ თავს და იმავდროულად იხსენებთ თქვენს მიზანს და იმას, რასაც აკეთებთ, ეს სხვა შემთხვევაა. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ღრმად შედიხართ თვითგახსენებაში.

კითხვა: თვითცნობიერებას ხომ არ დაარქმევდით ამას?

პასუხი: თვითცნობიერება მუდმივი მდგომარეობაა. თვითგახსენება - ექსპერიმენტი; ერთ დღეს ის წარმატებული შეიძლება იყოს, მეორე დღეს - წარუმატებელი. ის შეიძლება მეტად ღრმა ან ნაკლებად ღრმა იყოს.

კითხვა: გთხოვთ მოგვიყვეთ, რა გვაყოვნებს?

პასუხი: სწორედ ამ საკითხებზე ვსაუბრობთ. ორი რამ გვაყოვნებს - უცოდინრობა და სისუსტე: საკმარისად არ ვიცით, და საკმარისად ძლიერები არ ვართ. საკითხავია, როგორ გავიგოთ მეტი. თვითშესწავლის გზით - და ეს ერთადერთი მეთოდია. შემდეგ იწყება სისუსტის მთავარ მიზეზებთან - გაიგივებასთან და წარმოსახვასთან ბრძოლა. მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში იძენენ ისინი განსხვავებულ ელფერს. ერთი ადამიანისთვის თუ ერთი ტონისაა, მეორესთვის სხვაგვარად გამოიყურება, მაგრამ ის, რაც გვაყოვნებს, მეტნაკლებად ერთნაირია.

კითხვა: ნუთუ არაფერი აქვთ საერთო თვითცნობიერებასა და გაიგივებას?

პასუხი: ისინი სხვადასხვა დონეებზე იმყოფებიან, მათი შედარება არ შეიძლება. თქვენ არ შეგიძლიათ გაიგივდებოდეთ და თავს შეიცნობდეთ: ერთის არსებობა მეორეს გამორიცხავს. ყველაფერი კავშირშია, არც ერთი გამოვლინება დამოუკიდებელი არ არის; ყველაფერი გარკვეული წესრიგითაა ერთმანეთთან დაკავშირებული.

კითხვა: მიმაჩნია, რომ გაიგივების შესახებ სწორი განსაზღვრება არ მიმიღია. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ნივთები გვაკონტროლებენ, და არა ჩვენ - მათ?

პასუხი: გაიგივების აღწერა ძალზე რთულია, რადგან მისი განსაზღვრება შეუძლებელია. ისეთები, როგორებიც ვართ, გაიგივებისგან თავისუფალი არასდროს ვართ. თუ მიგვაჩნია, რომ არაფერთან ვაიგივებთ თავს, ამ შემთხვევაში გაიგივებული ვართ იდეასთან, რომ ჩვენ არ ვართ გაიგივებული. თქვენ ვერ შეძლებთ გაიგივების აღწერას ლოგიკურად. თქვენ გაიგივების მომენტი უნდა იპოვოთ, დაიჭიროთ ის და შემდეგ ყველაფერი ამ მომენტს შეადაროთ. გაიგივება ყველგანაა, ჩვეულებრივი ცხოვრების ყოველ მომენტში. როდესაც თვითდაკვირვებას იწყებთ, გაიგივების ზოგიერთო ფორმები შეუძლებელი ხდება. მაგრამ ჩვეულებრივ ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი გაიგივებას წარმოადგენს. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური თავისებურებაა, რომელიც მთელ ჩვენს ცხოვრებას განმსჭვალავს: მას ვერ ვამჩნევთ, რადგან მასში ვიმყოფებით.

მისი გაგების საუკეთესო გზა რამდენიმე მაგალითის მოძიებაა. მაგალითად თუ კატას ხედავთ კურდღელთან ან თაგვთან ერთად - ეს გაიგივებაა. შემდეგ ამ სურათის ანალოგია საკუთარ თავში მოძებნეთ. ერთადერთი, უნდა გაიგოთ, რომ ეს ყოველ მომენტში ხდება, და არა გამონაკლის შემთხვევებში.

გაიგივება - ჩვენში თითქმის მუდმივი მდგომარეობაა. თქვენ საკუთარ თავში ამ მდგომარეობის გარედან დანახვა, თქვენგან გამოცალკევება უნდა შეძლოთ, რომლის მიღწევა მხოლოდ იმითაა შესაძლებელი, რომ ეცადოთ და გახდეთ უფრო ცნობიერი, საკუთარი თავი გაიხსენოთ და გაიცნობიეროთ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეტად გაიცნობიერებთ თავს, შეძლებთ გაიგივების მსგავს გამოვლინებებთან ბრძოლას.

კითხვა: ასე მგონია, როდესაც გაიგივებული ვარ, ეს ჩემში არსებულ მდგომარეობასთან უფრო ახლოსაა.

პასუხი: შესაძლოა, მართალი ხართ, და შესაძლოა, არა. თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ ერთ საგანთან ხართ გაიგივებული, მაშინ როდესაც სულ სხვა საგანთან იყოთ გაიგივებული. ამას საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს; მნიშვნელობა მხოლოდ გაიგივებას გააჩნია. გაიგივების მდგომარეობაში თქვენ სწორად გრძნობა, სწორად ხედვა, სწორად მსჯელობა არ ძალგიძთ. მაგრამ გაიგივების საგანს მნიშვნელობა არ აქვს: შედეგები იგივეა.

კითხვა: მაშ ასე, რომელია გაიგივების დაძლევის გზა?

პასუხი: ეს სხვა საკითხია. სხვადასხვა შემთხვევაში ის განსხვავებულია. ჯერ ერთი, ის უნდა დაინახოთ; მეორე, მას რამე უნდა დაუპირისპიროთ.

კითხვა: რას გულისხმობთ „დაპირისპირებაში“?

პასუხი: მხოლოდ თქვენი ყურადღების მიქცევას რამე უფრო მნიშვნელოვანზე. თქვენ უნდა ისწავლოთ უფრო მნიშვნელოვანის ნაკლებად მნიშვნელოვნისგან განსხვავება. თქვენ უნდა გაიცნობიეროთ, რომ გაიგივება ვერასოდეს დაგეხმარებათ; ის ყოველთვის ყველაფერს ართულებს და აძნელებს. თუ მხოლოდ ამას აცნობიერებთ, ესეც კი დაგეხმარებათ გარკვეულ შემთხვევებში. ადამიანებს ჰგონიათ, რო გაიგივება მათ ეხმარება, და ვერ ხედავენ, რომ ეს პირიქით ყველაფერს ართულებს. გაიგივებას არა სასარგებლო ენერგია, არამედ მხოლოდ დამანგრეველი ენერგია გააჩნია.

კითხვა: გაიგივება ძირითადად ემოციას წარმოადგენს?

პასუხი: მას ყოველთვის აქვს ემოციური ელემენტი - ემოციური აღელვების ტიპი, მაგრამ ხანდახან ის ჩვევად იქცევა, ისე რომ ადამიანი ვეღარც ამჩნევს ემოციებს.

კითხვა: მესმის, რომ მნიშვნელოვანია სწორი ფორმით ვიყო ემოციური, მაგრამ როგორც კი მუშაობისას რაიმე ემოციურს ვიგრძნობ, ყველაფერს უცებ ვანადგურებ.

პასუხი: მხოლოდ გაიგივებაა დამანგრეველი. ემოციას მხოლოდ ახალი ენერგიის, ახალი გაგების მოცემა შეუძლია. თქვენ გაიგივება ემოცია გგონიათ. თქვენ ემოციებს გაიგივების გარეშე არ იცნობთ, ამიტომ, დასაწყისში, გაიგივებისგან თავისუფალი ემოციის წარმოდგენა არ შეგიძლიათ. ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ ისინი ემოციურ ფუნქციაზე საუბრობენ, სინამდვილეში კი გაიგივებაზე საუბარობენ.

კითხვა: შეგვიძლია კი ჩვენ, ისეთებს, როგორებიც ვართ ახლა, რაიმე გრძნობა გაგვაჩნდეს გაიგივების გარეშე?

პასუხი: ძალზე რთულია, თუ ჩვენ საკუთარი თავის დაკვირვებას არ ვიწყებთ. ამ შემთხვევაში გაიგივების მარტივი ფორმები (ვგულისხმობ, მარტივი ინდივიდუალურად) მკურნალობის შესაბამისი იქნება. მაგრამ გაიგივებაში ყველას საკუთარი თავისებურებები ახასიათებს. მაგალითად, ჩემთვის მარტივია არ გავაიგივო თავი მუსიკასთან, სხვისთვის კი ეს შეიძლება ძალზე ძნელი იყოს.

კითხვა: შესაძლებელია სიყვარული გაიგივების გარეშე?

პასუხი: ვიტყოდი, რომ სიყვარული გაიგივებასთან ერთად შეუძლებელია. გაიგივება კლავს ყველა ემოციას, გარდა უარყოფითი ემოციებისა. გაიგივებასთან მხოლოდ უარყოფითი მხარე რჩება.

კითხვა: ხომ არ ნიშნავს არგაიგივება გაუცხოებას?

პასუხი: პირიქით, გაუცხოება გაიგივებას მოითხოვს. არგაიგივება სრულიად სხვა რამაა.

კითხვა: თუ თქვენ იდეასთან ხართ გაიგივებული, როგორ უნდა შეაჩეროთ ეს?

პასუხი: თავიდან გაგების გზით, თუ რას ნიშნავს გაიგივება, შემდეგ კი საკუთარი თავის გახსენების მცდელობის გზით. მარტივი შემთხვევებით უნდა დაიწყოთ, შემდეგ კი შეძლებთ უფრო რთულებზეც გადახვიდეთ.

კითხვა: როდესაც თვითგახსენებას ავითარებთ, იძენთ თუ არა გაიგივებისგან უფრო თავისუფალ, გარკვეული სახის მიუკერძოებელ დამოკიდებულებას?

პასუხი: მიუკერძოებელი დამოკიდებულება იმ აზრით, რომ თქვენს დამოკიდებულებებს უკეთ იცნობთ; თქვენ იცით, რა არის სასარგებლო თქვენთვის და რა - არა. თუ საკუთარი თავი არ გახსოვთ, მაშინ ადვილად შეცდებით. მაგალითად, შეიძლება რაღაც სრულიად უსარგებლოს შესწავლა დაიწყოთ. თვითგახსენება ეხმარება გაგებას, გაგება კი ყოველთვის ნიშნავს ყველაფრის რომელიმე ცენტრში თავმოყრას. თქვენ ნებისმიერ სამუშაოში, ყველა ურთიერთობაში ცენტრალური წერტილი უნდა გაგაჩნდეთ, თვითგახსენება კი ამისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

მეტი უნდა ვისაუბროთ გაიგივების შესახებ, თუ ეს გაუგებარია. ის უფრო ცხადი გახდება, როდესაც ორ ან სამ კარგ მაგალითს იპოვით. ესაა გარკვეულ, რაიმეზე დამონებულ მდგომარეობაში ყოფნა.

კითხვა: თუ ყურადღებით ვაკვირდები და ღრმად ვარ ჩაფიქრებული, ეს ჩემს გაიგივებაზე მიანიშნებს?

პასუხი: არა, გაიგივება განსაკუთრებული მდგომარეობაა, ის საკუთარი თავის დაკარგვას ნიშნავს. როგორც უკვე ვთქვი, რასთან იგივდებით, ნაკლებად მნიშვნელოვანია. გაიგივება არის მდგომარეობა. თქვენ უნდა გაიაზროთ, რომ ბევრი რამ, რასაც ჩვენს გარეთ არსებულად მივიჩნევთ, სინამდვილეში ჩვენშია. ავიღოთ, მაგალითად, შიში. შიში ობიექტზე არაა დამოკიდებული. თუ შიშის მდგომარეობაში იმყოფებით, შეიძლება საფერფლის შეგეშინდეთ. ეს ხშირად ხდება პათოლოგიურ მდგომარეობებში, პათოლოგიური მდგომარეობა კი - უბრალოდ გაძლიერებული ჩვეულებრივი მდგომარეობაა. თქვენ შეშინებული ხართ, და ირჩევთ, რისი უნდა გეშინოდეთ. ეს ფაქტი მსგავს მოცემულობებთან ბრძოლას შესაძლებელს ხდის, რადგან ისინი ჩვენში არიან.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა გაიგივებასთან ერთად გაგების არსებობა?

პასუხი: ღრმა ძილის დროს ხომ ვერაფერს იგებთ? ღრმა ძილი სწორედ გაიგივების ტოლფასია. თუ თქვენი მიზანი გახსოვთ, თქვენს მდგომარეობას აცნობიერებთ და ძილის საშიშროებას ხედავთ, ეს დაგეხმარებათ, ნაკლებად იძინოთ.

კითხვა: რა განსხვავებაა სიმპატიასა და გაიგივებას შორის?

პასუხი: ეს სულ სხვა რამაა; ეს ნორმალური და კანონიერი ემოციაა, რომელსაც გაიგივების გარეშე არსებობა შეუძლია. სიმპატია გაიგივების გარეშეც შეიძლება არსებობდეს და გაიგივებასთან ერთადაც. გაიგივებასთან შერეული სიმპატია ხშირად მრისხანებით ან სხვა უარყოფითი ემოციით მთავრდება.

კითხვა: გაიგივების დროს საკუთარი თავის დაკარგვა ახსენეთ. რომელი საკუთარი თავის?

პასუხი: მთლიანად, სრულად. გაიგივება - ძალზე საინტერესო იდეაა. გაიგივების პროცესში ორი საფეხური არსებობს. პირველი საფეხური გაიგივების დადგომის პროცესს წარმოადგენს, მეორე - მდგომარეობას, როდესაც გაიგივება დასრულებულია.

კითხვა: პირველი საფეხური სრულიად უწყინარია?

პასუხი: თუ ის ბევრ ყურადღებას იპყრობს და დიდ დროს იკავებს, მას მეორე საფეხური მოსდევს.

კითხვა: შეიძლება თუ არა გაიგივების გარეშე გსურდეთ რამე?

პასუხი: გაიგივება აუცილებელი არაა. მაგრამ თუ გსურთ ადამიანს დაარტყათ, ამას გაიგივების გარეშე ვერ გააკეთებთ; თუ გაიგივება ქრება, ამას მეტად აღარ მოისურვებთ. შესაძლებელია არ დაკარგოთ თავი; თავის დაკარგვა აუცილებელი ელემენტი სულაც არაა.

კითხვა: შესაძლებელია ერთდროულად ორ რამესთან გაიგივება?

პასუხი: ათი ათასთანაც! აუცილებელია დაკვირვება და დაკვირვება. ერთი თვალსაზრისით გაიგივებასთან ბრძოლა არც ისე რთულია, რადგან, თუ ვხედავთ მას, ის იმდენად სასაცილო ხდება, რომ აღარ ძალგვიძს გაიგივებულები დავრჩეთ. სხვათა გაიგივება ყოველთვის სასაცილოდ გვეჩვენება, და ჩვენიც შეიძლება ასეთი გახდეს. სიცილი ამ მიმართებით შეიძლება სასარგებლო გახდეს, თუ მის ჩვენსკენ მობრუნებას შევძლებთ.

კითხვა: ვერ ვხდები, რატომაა გაიგივება ასეთი ცუდი?

პასუხი: გაიგივება ცუდია, თუ გაღვიძება გსურთ, მაგრამ თუ ძილი გწადიათ, მაშინ ის კარგია.

კითხვა: როდესაც გონების მღვიძარე მდგომარეობაში შენარჩუნებისკენ ვისწრაფვით ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება საქმიანობაზე გავამახვილოთ, ამით საქმეს ხომ არ ვაზარალებთ?

პასუხი: უკვე აგიხსენით, რომ ყველაფერი პირიქითაა. ჩვენი საქმიანობა ხარისხიანი მხოლოდ მღვიძარების დროსაა. რაც უფრო ღრმად გვძინავს, მით უფრო უხარისხოა ჩვენი საქმიანობა, - გამონაკლისების გარეშე. თქვენთვის ეს უბრალოდ სიტყვებია, მაგრამ ღრმა ძილსა და სრულ გამოღვიძებას შორის სხვადასხვა საფეხურებია, და თქვენ ერთი საფეხურიდან მეორეზე გადადიხართ.

კითხვა: თუ თავს უფრო გაღვიძებულად ვგრძნობთ, ასეთი მომენტები ბოროტად არ უნდა გამოვიყენოთ, ასე არაა?

პასუხი: როგორ შევძლებთ მათ ბოროტად გამოყენებას? ეს მომენტები ძალზე ხანმოკლეა, გაელვებებია. ჩვენ მხოლოდ მათი დამახსოვრება უნდა ვცადოთ და ამ მომენტების შესაბამისად ვიმოქმედოთ. სულ ესაა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია.

კითხვა: როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის გაიგივება შეპყრობილი გონების მდგომარეობა, როდესაც კონკრეტული იდეისგან თავის დაღწევას ვერ ახერხებთ?

პასუხი: შეპყრობილი მდგომარეობა უკიდურეს შემთხვევას წარმოადგენს. არსებობს მრავალი მცირე გაიგივება, რომელთა დაკვირვებაც ძალზე რთულია, ისინი კი უფრო მნიშვნელოვანნი არიან, რადგან ჩვენს მექანიკურობას ინარჩუნებენ. უნდა გავიაზროთ, რომ ერთ გაიგივებას მეორემდე ყოველთვის არ მივყავართ. თუ ადამიანი კედელს უყურებს, ის კედელთანაა გაიგივებული.

კითხვა: რითი განსხვავდება გაიგივება ასოციაციისგან?

პასუხი: ასოციაციები სრულიად სხვა რამაა; ისინი შეიძლება მეტად ან ნაკლებად კონტროლირებადი იყოს, მაგრამ მათ არაფერი აქვთ საერთო გაიგივებასთან.

სხვადასხვა ასოციაციები აზროვნების აუცილებელ ნაწილს წარმოადგენენ; ჩვენ საგნებს ასოციაციებით განვსაზღვრავთ და ყველაფერს ასოციაციების დახმარებით ვაკეთებთ.

კითხვა: არ მესმის, რატომ იცვლებიან „მე“-ები. შეიძლება ამის მიზეზი გაიგივებაში იყოს?

პასუხი: ეს ყოველთვის ასოციაციების მეშვეობით ხდება. „მე“-თა გარკვეულ რაოდენობას საკუთარი თავის წინა პლანზე წამოწევა სურს, ამიტომ, როგორც კი ადამიანი რომელიმე მათგანში თავს კარგავს, მას სხვა ცვლის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ „მე“-ები უბრალოდ პასიურები, გულგრილები არიან, მაგრამ ემოციები, ასოციაციები, მოგონებები ყოველთვის მუშაობენ. აი რატომაა აზროვნების შეჩერება სასარგებლო შემთხვევითაც კი, ვარჯიშის სახით. თქვენ დაინახავთ, რაოდენ რთული გასაკეთებელია ეს. თქვენი კითხვით გასაგები ხდება, რომ არასოდეს გიცდიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში გეცოდინებოდათ ეს.

კითხვა: კონცენტრაცია გაიგივებას ხომ არ წარმოადგენს?

პასუხი: კონცენტრაცია - კონტროლირებადი მოქმედებაა; გაიგივება თქვენ გაკონტროლებთ.

კითხვა: კონცენტრაცია ჩვენთვის შესაძლებელია?

პასუხი: მას სხვადასხვა საფეხური გააჩნია. გამიზნული კონცენტრაცია ნახევარი საათის განმავლობაში შეუძლებელია. ჩვენ რომ კონცენტრირება შეგვეძლოს გარე დახმარების გარეშე, ცნობიერნი ვიქნებოდით. მაგრამ ყველაფერს საფეხურები გააჩნია.

კითხვა: ახალი დაკვირვების დაწყება წარმოადგენს თუ არა გაიგივებას იმ საგანთან, რომელსაც ვაკვირდებით?

პასუხი: გაიგივება ხდება, როდესაც რაიმესგან განვიზიდებით ან რაიმესთან მივიზიდებით. შესწავლა ან დაკვირვება არ იწვევს აუცილებლად გაიგივებას, მაგრამ მიზიდვა და განზიდვა ყოველთვის იწვევს მას. ჩვენ ასევე ბევრს ვლაპარაკობთ, და ეს ავტომატურად ქმნის გაიგივებას. ჩვენ ამ ტიპის მრავალი ავტომატური პროგრამა გვაქვს.

კითხვა: რისი გაკეთება შემიძლია გაიგივებასთან დაკავშირებით? ვგრძნობ, რომ ყოველთვის, ნებისმიერ საქმიანობაში ვკარგავ თავს. როგორც ჩანს, შეუძლებელია სხვაგვარი ვიყო.

პასუხი: არა, შესაძლებელია. თუ რაიმე გაქვთ გასაკეთებელი, უნდა გააკეთოთ ეს, მაგრამ შეიძლება მეტად ან ნაკლებად გაიგივდეთ. უიმედო არაფერია, ვიდრე გახსოვთ ეს. შეეცადეთ დააკვირდეთ; ყოველთვის ერთნაირად არ იგივდებით; ხანდახან იმგვარად იგივდებით, რომ სხვას ვერაფერს ხედავთ, სხვა შემთხვევაში კი რაღაცის დანახვა შეგიძლიათ. არაფერი რომ არ იცვლებოდეს, შანსიც არ გვექნებოდა, მაგრამ ინტენსივობის ხარისხით ყველაფერი იცვლება, რაც ცვლილებების შესაძლებლობას გვაძლევს. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ჯერ უნდა შევისწავლოთ. თუ ავტომობილის მართვა გსურთ, ის წინასწარ უნდა შეისწავლოთ. თუ მუშაობთ ამჟამად, დროთა განმავლობაში მეტ კონტროლს მოიპოვებთ.

კითხვა: მუშაობაში ჩაფლობა რატომაა შეცდომა?

პასუხი: ეს ცუდი მუშაობა იქნება. თუ გაიგივებული ხართ, კარგ შედეგებს ვერასდროს მიიღებთ. ეს ერთერთი ჩვენი ილუზიაა - ვიფიქროთ, რომ თავის დაკარგვაა საჭირო კარგი შედეგების მისაღებად, და ამგვარად მხოლოდ ცუდ შედეგებს ვიღებთ. როდესაც ადამიანი გაიგივებულია, ის არ არსებობს; არსებობს მხოლოდ საგანი, რომელთანაც გაიგივებულია.

კითხვა: არგაიგივების მიზანს გონების ობიექტისგან განთავისუფლება წარმოადგენს?

პასუხი: მიზანი გამოღვიძებაა. გაიგივება ძილის ნიშანია; გაიგივებულ გონებას სძინავს. გამოღვიძების ერთერთ მხარეს გაიგივებისგან თავისუფლება წარმოადგენს. მდგომარეობა, სადაც გაიგივება არ არსებობს, სავსებით შესაძლებელია, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში არ გვხვდება და ვერ ვამჩნევთ, რომ გამუდმებით გაიგივებულები ვართ. გაიგევება თავისით ვერ გაქრება; ბრძოლაა საჭირო.

კითხვა: როგორ უნდა გავიღვიძოთ, თუ გაიგივება საყოველთაო მოვლენაა?

პასუხი: ადამიანს გაღვიძება მხოლოდ ძალისხმევის შედეგად, მის წინააღმდეგ ბრძოლით შეუძლია. მაგრამ თავდაპირველად უნდა გავიგოთ, რას ნიშნავს გაიგივება. როგორც ყველაფერ სხვას, გაიგივებასაც აქვს საფეხურები. საკუთარ თავზე დაკვირვებისას ადამიანს შეუძლია გაიგოს, როდისაა ის უფრო მეტად გაიგივებული ან საერთოდ არგაიგივებული. თუ ადამიანს გაღვიძება სურს, ის ვალდებულია და ძალუძს გაიგივებისგან გათავისუფლება. ჩვენი ცხოვრების ყოველ მომენტში დაკარგულები ვართ, არ ვართ თავისუფლები, რადგან გაიგივებულები ვართ.

კითხვა: შეგიძლიათ გაიგივების მაგალითი გვითხრათ?

პასუხი: ჩვენ გამუდმებით გაიგივებულები ვართ, ამიტომ მაგალითის მოყვანა რთულია. ავიღოთ, მაგალითად, სიმპატიები და ანტიპატიები; ისინი გაიგივებას წარმოადგენენ, განსაკუთრებით ანტიპატიები. მათ გაიგივების გარეშე არსებობა არ შეუძლიათ, და საერთოდ, ისინი სხვა არაფერია, თუ არა გაიგივება. როგორც წესი, ადამიანებს წარმოუდგენიათ, რომ გაცილებით მეტი ანტიპატია აქვთ, ვიდრე სინამდვილეში აქვთ. თუ ისინი გამოიკვლევენ და გააანალიზებენ მათ, სავარაუდოდ, აღმოაჩენენ, რომ არ უყვართ მხოლოდ ერთი ან ორი რამ. როდესაც მე ვიკვლევდი ამ საკითხს, საკუთარ თავში მხოლოდ ერთი რეალური ანტიპატია აღმოვაჩინე. მაგრამ თქვენ თავად უნდა იპოვოთ საკუთარი მაგალითები, ეს პირადი გამოცდილებით უნდა იყოს შემოწმებული. თუ ძლიერი გაიგივების მომენტში მის შეჩერებას შეეცდებით, თქვენ ამ იდეას ჩაწვდებით.

კითხვა: ჯერ მაინც ვერ მივხვდი, რას წარმოადგენს ის.

პასუხი: ვცადოთ, ავხსნათ ინტელექტუალური მხრიდან. აღიარებთ, რომ თავს არ იხსენებთ? შეეცადეთ დაინახოთ, რატომ არ შეგიძლიათ, და აღმოაჩენთ, რომ ხელს გაიგივება გიშლით. და თქვენ დაინახავთ, რას წარმოადგენს ის. ყველაფერი ურთიერთკავშირშია.

კითხვა: არგაიგივება ერთადერთ გზას წარმოადგენს გაიგივების გასაგებად?

პასუხი: არა, როგორც აგიხსენით, მისი დაკვირვებით, რადგან ის ყოველთვის ერთნაირი არაა. ჩვენ საკუთარი სხეულის ტემპერატურას ვერ ვამჩნევთ, თუ ის ნორმაზე მაღალი ან დაბალი არ გახდა. ამგვარადვე შეგვიძლია გაიგივების შემჩნევა, როცა ის ჩვეულებრივზე მეტად ძლიერდება ან სუსტდება. ამ დონეების შედარებით დავინახავთ, რა არის ეს.

კითხვა: გაიგივებასთან ბრძოლისას აუცილებელია თუ არა ვიცოდეთ, რატომ ვართ გაიგივებული?

პასუხი: ადამიანი გაიგივებული ხდება არა რაიმე განსაკუთრებული მიზეზის ან მიზნის გამო, არამედ ყველა შემთხვევაში იმიტომ, რომ მისი თავიდან აცილება არ შეუძლია.
როგორ შეიძლება იცოდეთ, რატომ ხდებით გაიგივებული? მაგრამ უნდა იცოდეთ, რატომ ბრძოლობთ. ამაშია საქმე. თუ ეს მიზეზი არ გავიწყდებათ, ათჯერ უფრო მეტად დაკმაყოფილდებით. ხშირად ჩვენ ბრძოლას ვიწყებთ, შემდეგ კი გვავიწყდება, რატომ ვაკეთებთ ამას.

გაიგივების მრავალი ფორმა არსებობს, მაგრამ პირველი ნაბიჯი - მისი დანახვაა; მეორე ნაბიჯი მასთან ბრძოლას წარმოადგენს, რათა მისგან გავთავისუფლდეთ. როგორც აღვნიშნე, ეს პროცესია, და არა მომენტი; მასში გამუდმებით ვიმყოფებით. ენერგიას მცდარად ვხარჯავთ გაიგივებაზე და უარყოფით ემოციებზე; ისინი მოშვებული ონკანის მსგავსია, საიდანაც ჩვენი ენერგია გაედინება.

კითხვა: შეიძლება თუ არა მრისხანების ენერგია უცებ გადავაკეთოთ? ასეთ მომენტებში ხომ უზარმაზარ ენერგიას ვფლობთ.

პასუხი: ჩვენ უზარმაზარ ენერგიას ვფლობთ, ის კონტროლის გარეშე, თავისთავად მუშაობს, და გარკვეული სახით მოქმედებას გვაიძულებს. რატომ? რომელია დამაკავშირებელი რგოლი? რგოლს გაიგივება წარმოადგენს. შეაჩერეთ გაიგივება და ენერგია თქვენს განკარგულებაში გადმოვა. როგორ უნდა გააკეთოთ ეს? უცებ არა - ეს ყველაზე იოლ მომენტებში პრაქტიკას საჭიროებს. როდესაც ემოცია ძალიან ძლიერია, ამას ვერ გააკეთებთ. მეტის ცოდნაა აუცილებელი, მომზადებული უნდა იყოთ. თუ თქვენ იცით, როგორ არგაიგივდეთ სწორ მომენტში, თქვენს განკარგულებაში უზარმაზარი ენერგია გადმოვა. მას რას უზამთ, სხვა საკითხია; შეგიძლიათ მისი ისევ რაიმე უსარგებლოზე დახარჯვა. მაგრამ ეს პრაქტიკას მოითხოვს. თქვენ ცურვას ვერ ისწავლით, თუ ზღვაში შტორმის დროს ჩავარდებით, წყნარ წყალში უნდა ისწავლოთ. შემდეგ თუ ჩავარდებით, შესაძლოა მოახერხოთ ცურვა.

ისევ გიმეორებთ: შეუძლებელია იყოთ ცნობიერი, თუ გაიგივებული ხართ.

ეს ერთერთი სირთულეა, რომელიც მოგვიანებით ვლინდება, რადგან ადამიანებს საყვარელი გაიგივებები აქვთ, რომლებიც არ ეთმობათ, და იმავდროულად ამბობენ, რომ სურთ იყვნენ ცნობიერნი. ეს ორი რამ შეუთავსებელია. ბევრი შეუთავსებელი წვილები არსებობს ცხოვრებაში, გაიგივება და ცნობიერება კი უკიდურესად შეუთავსებელი წყვილია.

კითხვა: როგორ ავიცილოთ თავიდან რეაქცია, რომელიც დიდი ენთუზიაზმის გრძნობას სდევს თან? გაიგივების შედეგი ხომ არ არის ეს?

პასუხი: დიახ, ეს რეაქცია სწორედ გაიგივების შედეგია. გაიგივებასთან ბრძოლა თავიდან აგვაცილებს ამას. ამ რეაქციას არა ენთუზიაზმი (როგორც თქვენ უწოდეთ), არამედ გაიგივება იწვევს. გაიგივებას ყოველთვის ეს რეაქცია ახლავს თან.

კითხვა: წარმოადგენს თუ არა მოწყენილი ადამიანი არაფერთან გაიგივებულს?

პასუხი: მოწყენილობაც ერთერთი მსხვილი გაიგივებაა. ეს საკუთარ თავთან, საკუთარ თავში რაიმესთან გაიგივებაა.

კითხვა: ვფიქრობ, რომ არ შემიძლია ადამიანის შესწავლა ისე, რომ მასში ჩემი თავი არ დავკარგო, და მაინც მესმის, რომ ეს მცდარია.

პასუხი: მცდარია იდეა, რომლის მიხედვითაც ადამიანს სხვა ადამიანის ან კიდევ სხვა რამის შესწავლა საკუთარი თავის დაკარგვის გარეშე არ შეუძლია. თუ თქვენ თავს კარგავთ რამეში, ე.ი. მისი შესწავლა არ ძალგიძთ. გაიგივება ყოველთვის შემასუსტებელ ელემენტს წარმოადგენს: რაც მეტად გაიგივებული ხდებით, მით უარესია შესწავლის პროცესი და ნაკლებია შედეგები.

გახსოვთ, პირველ ლექციაზე გითხარით, რომ ადამიანებთან გაიგივება გათვალისწინების ფორმას იღებს. არსებობს გათვალისწინების ორი სახე: შინაგანი და გარეგანი. შინაგანი გათვალისწინება - იგივეა, რაც გაიგივება. გარეგანი გათვალისწინება თვითგახსენების გარკვეულ წილს მოითხოვს; ეს სხვა ადამიანების სისუსტეების გათვალისწინებას ნიშნავს, თავის მათ ადგილზე დაყენებას მოითხოვს. ცხოვრებაში ეს სიტყვით „ტაქტი“ აღიწერება, მაგრამ ტაქტი შეიძლება იყოს გამოზრდილი ან შემთხვევითი. შინაგანი გათვალისწინება კონტროლს ნიშნავს. თუ მის გააზრებულად გამოყენებას ვისწავლით, ეს კონტროლის შესაძლებლობას მოგვცემს.

შინაგანი გათვალისწინება - ესაა გრძნობა იმისა, რომ ადამიანები საკმარისად არ გვაძლევენ, არ გვაფასებენ საკმარისად. შინაგანი გათვალისწინება გამორიცხავს გარეგანს. გარეგანი უნდა განვითარდეს, შინაგანი - გამოირიცხოს. მაგრამ ჯერ დააკვირდით და შეხედეთ, რამდენად ხშირად გრჩებათ ყურადღების მიღმა გარეგანი გათვალისწინების მომენტები და ცხოვრებაში რა დიდ როლს თამაშობს შინაგანი გათვალისწინება.

შინაგანი გათვალისწინების, მექანიკურობის, სიყალბის, წარმოსახვის, გაიგივების შესწავლა გვიჩვენებს, რომ ყველანი ჩვენ გვეკუთვნიან, რომ გამუდმებით ამ მდგომარეობებში ვიმყოფებით. როდესაც ამას დაინახავთ, საკუთარ თავზე მუშაობის სირთულეს გაიცნობიერებთ. ისეთს, როგორიც ხართ, ახლის მიღება არ შეგიძლიათ; თქვენთვის გასაგები გახდება, რომ ჯერ მანქანა უნდა გაწმინდოთ; ის ძალზე დაჟანგებულია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმას წარმოვადგენთ, რაც ვართ. სამწუხაროდ, ის არ ვართ, ვინც ჩვენ ვართ, არამედ ის, რაც გავხდით; ჩვენ არ ვართ ბუნებრივები. ჩვენ ძალზე მიძინებულები, ძალზე ყალბები ვართ, წარმოსახვებში ვცხოვრობთ, ხშირად ვართ გაიგივებულები. ვფიქრობთ, რომ საქმე რეალურ არსებებთან, სინამდვილეში კი წარმოსახვით არსებებთან გვაქვს. თითქმის ყველაფერი, რაც საკუთარ თავზე ვიცით, წარმოსახვაა. მთელი ამ გროვის ქვეშ სრულიად განსხვავებული ადამიანი იმალება. ჩვენ მრავალი რამ გვაქვს წარმოსახვითი, რომლებიც უნდა მოვიცილოთ, რომ რეალურთან მისვლა შევძლოთ. სანამ წარმოსახვით სამყაროში ვცხოვრობთ, რეალურის ფასეულობას ვერ ვხედავთ; და მხოლოდ მაშინ, როდესაც საკუთარ თავში რეალურ სამყაროს აღმოვაჩენთ, ჩვენს მიღმა არსებული რეალურის დანახვასაც შევძლებთ. ჩვენში ძალზე ბევრი შემთხვევეთი დაგროვდა.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა გაიგივებისგან და უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლება განდეგილობით?

პასუხი: ამ კითხვას ხშირად სვამენ; მაგრამ ამაში დარწმუნებული ვერ ვიქნებით. ამასთან, ლიტერატურაში მრავლადაა აღწერილი, როგორ აღწევდნენ განმარტოებული ადამიანები განვითარების მაღალ საფეხურს, მაგრამ როგორც კი სხვა ადამიანებს შეხვდებოდნენ, მიღწეულს მყისიერად კარგავდნენ. მეოთხე გზის სკოლებში აღმოაჩინეს, რომ სწავლის და საკუთარ თავზე მუშაობის საუკეთესო პირობებს ადამიანის ჩვეულებრივი ცხოვრების ჩვეულებრივი პირობები წარმოადგენს, რადგან ერთი თვალსაზრისით ეს პირობები შედარებით მსუბუქია, ხოლო მეორე მხრივ უფრო რთულია. ამიტომ, თუ ადამიანი ასეთ პირობებში შეიძენს რამეს, მას ყველა პირობებში შეინარჩუნებს, მაშინ როდესაც სპეციალურ პირობებში შეძენილი სხვა პირობებში იკარგება.

კითხვა: გთხოვთ, კიდევ ერთხელ გვითხრათ, რა არის შინაგანი და გარეგანი გათვალისწინება?

პასუხი: გარეგანი გათვალისწინება თვითგახსენების ფორმას წარმოადგენს ადამიანებთან მიმართებით. თქვენ სხვა ადამიანებს ითვალისწინებთ და აკეთებთ არა იმას, რაც თქვენ გსიამოვნებთ, არამედ იმას, რაც მათ სიამოვნებთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ მსხვერპლად უნდა შეეწიროთ, მაგრამ ეს თავგანწირვას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას დაფიქრების გარეშე არ უნდა მოქმედებდეთ. თქვენ ჯერ უნდა დაფიქრდეთ, და შემდეგ იმოქმედოთ.

თქვენი მსჯელობა მიგახვედრებთ, რომ თუ ადამიანს სურს, მოიქცეთ გარკვეული სახით, ამასთან, თქვენთვის სულერთია, ამიტომ, რატომ არ უნდა გააკეთოთ ის, რაც მას მოსწონს? ამდენად, მსხვერპლის იდეა აქ უადგილოა.

მაგრამ თუ თქვენთვის სულერთი არ არის, მაშინ სიტუაცია განსხვავებულია. რა არის თქვენთვის უკეთესი, რა არის მათთვის უკეთესი, ვინ არიან ეს ადამიანები, რა გნებავთ მათგან, რისი გაკეთება გსურთ მათთვის, - ეს ყველაფერი მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. მაგრამ იდეა არის ის, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას მექანიკურად, დაფიქრების გარეშე არაფერი უნდა ხდებოდეს. თქვენ უნდა ირჩევდეთ თქვენი მოქმედებების სახეს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს არ უნდა ჩაუაროთ ისე, რომ ვერ შეამჩნიოთ ისინი. შინაგანი გათვალისწინება კი ნიშნავს იმას, რომ თქვენ მათ გვერდს აუვლით, ვერ შეამჩნევთ მათ. ჩვენ ძალზე ბევრი შინაგანი და არასაკმარისი გარეგანი გათვალისწინება გვაქვს. გარეგანი გათვალისწინება ძალზე მნიშვნელოვანია თვითგახსენებისთვის. თუ ის არასაკმარისია, ჩვენ ვერ შევძლებთ გვახსოვდეს საკუთარი თავი.

კითხვა: ეს იგივეა, რაც ადამიანთა გაგება?

პასუხი: არა, თქვენ ადამიანების გაგება შეგიძლიათ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც საკუთარი თავის გესმით. ესაა მათი სიძნელეების გაგება, გაგება იმისა, თუ რა სურთ მათ, ადამიანებზე თქვენს მიერ გამოწვეული შთაბეჭდილებების დაკვირვება, და მცდელობა, არ შექმნათ მცდარი შთაბეჭდილება.

კითხვა: იმის თქმა გსურთ, რომ სიკეთე გარეგანი გათვალისწინებაა?

პასუხი: ის, რასაც ცხოვრებიდან იცნობთ, გარეგანი გათვალისწინება არაა. პრინციპს უნდა ჩაწვდეთ და თქვენთვის სტანდარტები შექმნათ. გარეგანი გათვალისწინების მეშვეობით თქვენ აკონტროლებთ შთაბეჭდილებას, რომლის შექმნაც გსურთ. შინაგანი გათვალისწინებით თქვენ ერთი შთაბეჭდილების შექმნას ცდილობთ, მაგრამ გამოგდით სხვანაირი.

კითხვა: გარეგანი გათვალისწინება ძალზე შორეულად მეჩვენება.

პასუხი: ის დღეს აქ უნდა იყოს. თუ ის შორეულია, თქვენ საკუთარი თავისგან რჩებით შორს.

კითხვა: მოიცავს თუ არა გარეგანი გათვალისწინება ცნობიერი როლის შესრულების უნარს?

პასუხი: დიახ, მაგრამ სხვადასხვა დონე არსებობს. გარეგანი გათვალისწინება მხოლოდ დასაწყისია; ცნობიერი როლის შესრულება გაცილებით მეტს ნიშნავს.

კითხვა: შინაგანი გათვალისწინება რაღას წარმოადგენს?

პასუხი: შეგრძნება, რომ ადამიანები არასაკმარისად გიხდიან; შინაგანი ანგარიშები, როდესაც თავს გამუდმებით მოტყუებულად, დაბალანაზღაურებადად გრძნობთ.

კითხვა: ვფიქრობ, ძალზე რთული იქნება შინაგანი გათვალისწინების შეჩერება. გვითხარით, არსებობს კი მის საწინააღმდეგოდ გამოსაყენებელი სპეციალური ტექნიკები?

პასუხი: არა, სპეციალური ტექნიკა არ არსებობს, მხოლოდ გაგება და სწორი თვალსაზრისი. მეტი დაკვირვება. შესაძლოა, რომ იპოვით გათვალისწინებისგან თავისუფალ მომენტებს, და მიხვდებით, როგორ დაიწყოთ მასთან ბრძოლა და მისი შესწავლა. ის მექანიკურია, მექანიკური დამოკიდებულებაა, ისეთივე, როგორიცა გაიგივებაა.

კითხვა: თავის მართლება ყოველთვის შინაგანი გათვალისწინების გამოვლინებას წარმოადგენს?

პასუხი: ისინი კავშირში არიან, მაგრამ ეს სხვა რამაა. შინაგანი გათვალისწინება არანაირ გამართლებას არ მოითხოვს. როგორც წესი, გამართლებისთვის ყოველთვის მიზეზია საჭირო, მაგრამ თუ შინაგანი გათვალისწინების მდგომარეობაში ვიმყოფებით, ჩვენ ყოველთვის ვამართლებთ ამას. შინაგანი გათვალისწინება გაიგივებას, ხოლო გარეგანი გათვალისწინება გაიგივებასთან ბრძოლას ნიშნავს. შინაგანი გათვალისწინება მექანიკურია; გარეგანი გათვალისწინება მინიმუმ ყურადღებაა. ამიტომ, არგაიგივების პრაქტიკისას, ყურადღების კონტროლის მცდელობისას, თქვენ მრავალ შესაძლებლობას იპოვით შინაგანი გათვალისწინების შესასწავლად, და თუ მაგალითებს მოძებნით, შესაძლოა, შინაგან გათვალისწინებასთან ბრძოლის და მისი გარეგანი გათვალისწინების პრაქტიკაში ტრანსფორმაციის მეთოდებსაც იპოვით. მაგალითად, ესაუბრებით ადამიანს, ვისგანაც რაღაცის მიღება გსურთ. ვთქვათ, მან რაღაც იცის და თქვენ კი მისგან ამ ინფორმაციის მიღება გსურთ. ამ შემთხვევაში ისე უნდა ელაპარაკოთ მას, რომ მოეწონოს, არ უნდა ეკამათოთ, არ უნდა შეეწინააღმდეგოთ. გარეგანი შეფასება ყოველთვის პრაქტიკულია.

კითხვა: შინაგანი გათვალისწინება საკუთარი თავისთვის მაღალი შეფასების მიცემას ნიშნავს?

პასუხი: ის ყოველთვის შინაგანი ვაჭრობის ფორმას იღებს, თვლის, რომ სხვები არასაკმარისად აფასებენ. ძალზე მნიშვნელოვანია შინაგანი გათვალისწინების გაგება. მას ძალზე ნატიფი ფორმები გააჩნია, რომელთაც ვერ ვამჩნევთ და მაინც, ჩვენი ცხოვრება შინაგანი გათვალისწინებითაა სავსე.

კითხვა: არის თუ არა გათვალისწინება სურვილი იმისა, რომ შეგვამჩნიონ?

პასუხი: გათვალისწინება არის როგორც შემჩნევის სურვილი, ასევე შეუმჩნევლად დარჩენის სურვილი. არსებობს მრავალი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომლის აღწერა ან ახსნა ჩვეულებრივ ფსიქოლოგიას არ ხელეწიფება, და რომლებიც გაიგივებაზე და გათვალისწინებაზე არიან დამოკიდებულნი.

კითხვა: შინაგან გათვალისწინებაზე როგორ უნდა ვიფიქროთ ყველაზე ეფექტიანად?

პასუხი: უნდა შეეცადოთ, თავისუფალ დროს მასზე სწორი წარმოდგენა შეიქმნათ. როდესაც ითვალისწინებთ, უკვე გვიანაა. თქვენ უნდა იფიქროთ გათვალისწინების ტიპიურ შემთხვევებზე, იმაზე, რა ქმნის მას, და შემდეგ მასზე სწორი თვალსაზრისი შეიქმნათ, გააცნობიეროთ, რამდენად უსარგებლო და სასაცილოა ის. შემდეგ შინაგან გათვალისწინებას შეადარეთ და შეეცადეთ, არ დაივიწყოთ ეს.

თუ ამას გააკეთებთ, გათვალისწინების ჟამის დადგომისას მის გახსენებას შეძლებთ, და, შესაძლოა, შინაგანი გათვალისწინება თავიდან აიცილოთ. მნიშვნელოვანია სწორედ გათვალისწინებაზე ფიქრი მისგან თავისუფალ დროს, და არა მისი გამართლება და საკუთარი თავისგან დამალვა.

კითხვა: რაც უფრო მეტს ვმუშაობ, მით მეტად, როგორც ჩანს, ვითვალისწინებ შინაგანად. ეს ყველაზე რთულად მეჩვენება იმათ შორის, რასთანაც აქამდე მქონია საქმე.

პასუხი: თუ მუშაობთ, გათვალისწინება ვერ გაიზრდება, ის მხოლოდ უფრო ხილვადი ხდება. ეს კი მის შემცირებაზე მიანიშნებს, რადგან ხილვადი მხოლოდ შემცირებისას ხდება. ის ფაქტი, რომ მას ამჩნევთ, ამტკიცებს, რომ ის სუსტდება. ეს ბუნებრივ ილუზიას წარმოადგენს, ისეთივეს, როდესაც გეჩვენებათ, რომ ისე ვეღარ იგებთ, როგორც ადრე. ეს გაგების დასაწყისს ნიშნავს. გაგებაში პირველი დაეჭვება უკვე ნიშნავს გარკვეულ გაგებას.

კითხვა: შეიძლება თუ არა გაიგივებაზე ვიფიქროთ როგორც უარყოფით მდგომარეობაზე, რომელსაც მხოლოდ უარყოფითი ემოციები იწვევენ?

პასუხი: არა, მთლად ასე არ არის. გაიგივება აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს ყოველ უარყოფით ემოციაში; ვერ გექნებათ უარყოფითი ემოცია გაიგივების გარეშე. ამიტომ გაიგივების შესწავლა და მის წინააღმდეგ ბრძოლა უარყოფითი ემოციების წინააღმდეგ ბრძოლაში ძალზე მძლავრ იარაღს წარმოადგენს.

ხანდახან თქვენ არ შეგიძლიათ უშუალოდ უარყოფით ემოციასთან ბრძოლა, მაგრამ არგაიგივების მცდელობით მის ძალას ამცირებთ, რადგან უარყოფითი ემოციების მთელი ძალა გაიგივებასა და წარმოსახვაში მდგომარეობს. ამიტომ, როდესაც გაიგივებას და წარმოსახვას განაცალკევებთ, უარყოფითი ემოცია პრაქტიკულად გაქრება ან შეიცვლება.

კითხვა: ამგვარად, თავად უარყოფით ემოციებთან საბრძოლველად ემოციასთან ძლიერ გაიგივებას უნდა დავაკვირდეთ და მის წინააღმდეგ ვიმუშაოთ?

პასუხი: დიახ. მოგვიანებით თავად უარყოფით ემოციებთან ბრძოლის მეთოდებზეც ვისაუბრებთ, რადგან მრავალი, სხვადასხვა ემოციისთვის განსხვავებული, საკმაოდ კონკრეტული მეთოდი არსებობს; მაგრამ ჯერ უარყოფით წარმოსახვას და გაიგივებას უნდა ებრძოლოთ. ეს სრულიად საკმარისია, რათა ბევრი ჩვეულებრივი უარყოფითი ემოცია გააქარწყლოთ, ან შეასუსტოთ მაინც. სწორედ აქედან უნდა დაიწყოთ, რადგან უფრო ძლიერი მეთოდების გამოყენება მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როდესაც გაიგივებასთან გარკვეული ხარისხით ბრძოლას და უარყოფითი წარმოსახვის შეჩერებას მოახერხებთ. ის ბოლომდე უნდა შეჩერდეს. ვიდრე ამას არ გააკეთებთ, შემდგომი მეთოდების შესწავლა აზრს მოკლებულია. უარყოფითი წარმოსახვის შეჩერება შეგიძლიათ; გაიგივების შესწავლაც კი მის შემცირებას გამოიწვევს. თქვენ მაქსიმალურად უნდა ერიდოთ გაიგივებას, არა მარტო უარყოფითი ემოციების, არამედ სხვა დანარჩენის მიმართაც.

თუ არგაიგივების უნარს გამოზრდით თქვენში, ეს იმოქმედებს ამ ემოციებზე, და შეამჩნევთ, რომ ისინი მილევას დაიწყებენ. გაიგივება ატმოსფეროა, სადაც უარყოფითი ემოციები ცხოვრობენ, და მის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ.

 

კითხვა: არსებობს წესები ან მითითებები, რომლითაც ცხოვრების ნორმალურ პირობებში უნდა ვიხელმძღვანელოთ?

პასუხი: შეეცადეთ გახსოვდეთ საკუთარი თავი, შეეცადეთ არ გაიგივდეთ. ამას მყისიერი ეფექტი ექნება ჩვეულებრივ ცხოვრებაში. რისგან შედგება ცხოვრება? უარყოფითი ემოციებისგან, გაიგივებისგან, გათვალისწინებისგან, სიყალბისგან, ძილისგან. პირველი საკითხი: როგორ გავიხსენოთ თავი, როგორ გავხდეთ მეტად ცნობიერი? და თქვენ მიხვდებით, რომ უარყოფითი ემოციები წარმოადგენენ ერთერთ მთავარ ფაქტორს, რომლებიც საკუთარი თავის გახსენებას არ გვანებებენ. ამიტომ ერთს მეორის გარეშე განვითარდება არ შეუძლია. თქვენ უარყოფით ემოციებთან ბრძოლა არ შეგიძლიათ საკუთარი თავის მეტად და მეტად გახსენების გარეშე, და ასევე არ შეგიძლიათ მეტად და მეტად გაიხსენოთ საკუთარი თავი უარყოფით ემოციებთან ბრძოლის გარეშე. თუ გახსოვთ ეს ორი რამ, ყველაფერს უკეთ გაიგებთ. შეეცადეთ გონებაში გქონდეთ ეს ერთმანეთთან დაკავშირებული ორი იდეა.

კითხვა: ერთხელ გარკვეული სირთულე წარმომექმნა, რის გამო ძალზე ვღელავდი. ვცდილობდი, თავი მხსომებოდა და მოკლე დროში მივაღწიე მდგომარეობას, რომელშიც შფოთვას აღარ ჰქონდა ადგილი, და იმავდროულად შეიცვალა ჩემი ღირებულებათა სისტემა. ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ მის მერეც ამ სირთულემ პირვანდელი მნიშვნელობა დაკარგა. ამ მდგომარეობის კვლავ დაბრუნება ძალზე მიჭირს.

პასუხი: აბსოლუტურად სწორია. გააგრძელეთ დაკვირვება, და საკუთარ თავში აღმოაჩენთ ადგილს, სადაც მშვიდი, წყნარი ხართ და არაფერს შეუძლია ხელის შეშლა; მხოლოდ გზა ძნელი საპოვნელია. მაგრამ თუ ამას რამდენჯერმე გააკეთებთ, თქვენ შეძლებთ ზოგიერთი საფეხურის გახსენებას და ამ საფეხურებით კიდევ შეძლებთ იქ მისვლას. მხოლოდ ერთი გამოცდილებით ეს შეუძლებელია, რადგან გზას ვერ გაიხსენებთ. ეს მშვიდი ადგილი მეტაფორა არაა - ის სრულიად რეალურია.

კითხვა: ხომ არ არის ეს თვითგახსენების მდგომარეობა, რადგან ყველაფერი მშვიდობიანი გვეჩვენება და ერთადერთ რეალობას, როგორც ჩანს, სკუთარი თავის გაცნობიერება წარმოადგენს?

პასუხი: დიახ, ასეც შეიძლება ითქვას.

კითხვა: ვცდილობდი, კვლავ მიმეღწია იგივე მდგომარეობისთვის, მაგრამ ვერ შევძელი.

პასუხი: თუ კვლავ აღმოჩნდებით იქ, შეეცადეთ გაიხსენოთ, როგორ მიხვედით იქამდე, რადგან ხდება ხოლმე, რომ ადამიანი იპოვის ამ ადგილს, მაგრამ იქ მისასვლელ გზას კარგავს; შემდეგ კვლავ პოულობს ადგილს და გზას ისევ კარგავს. ძალზე რთულია ამ ადგილთან მისასვლელი გზის გახსენება.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff