თავი მეცხრე
თავი მეცხრე
მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე
ადამიანის ადგილი სამყაროში - ჩვენი აღქმის და აზროვნების შეზღუდულობა - ცოდნა ყველაფრის ცოდნას ნიშნავს - ფარდობითობის და მასშტაბის პრინციპები - სამის კანონი - მატერიის ოთხი მდგომარეობა - მესამე ძალას ვერ ვხედავთ - შვიდის კანონი - აღმავალი და დაღმავალი ოქტავები - დაკვირვების ინტერვალები - ქმნილების სხივი - აბსოლუტის ნება - სხივი. ქმნილება როგორც ინსტრუმენტი ახალი აზროვნებისთვის - სპეციალური ენა - ქმნილების სხივი როგორც ოქტავა - ორგანული სიცოცხლე დედამიწაზე - მთვარის კვება - კოსმოსური ზეგავლენები - მთვარის მექანიკური ზეგავლენები - ზეგავლენები და ყოფიერების მდგომარეობა - პლანეტური ზეგავლენები და არსება - კანონებისგან გათავისუფლება - განვითარების შესაძლებლობა - ადამიანი როგორც ორგანული სიცოცხლის ნაწილი - კანონების შესწავლა - სამართლიანობა და უსამართლობა - ადამიანის კუთვნილი კანონები - ბუნების საწინააღმდეგო მუშაობა - კოსმოლოგიური იდეების შესწავლა როგორც თვითგახსენების დახმარება - სამის კანონი და შექმნა - ძალების გადასვლა - გამოსხივების სამი ოქტავა - წყალბადების ცხრილი - მატერიის სხვადასხვა დონეები - ევოლუციის შესაძლებლობა
სამყაროში ადამიანის ადგილზე საუბარი აუცილებელია, იმიტომ, რომ ამიერიდან ადამიანი ყოველთვის მის ადგილთან კავშირში უნდა შევისწავლოთ, რადგან მისი შესაძლებლობები და შეზღუდულობები სწორედ ამასთანაა დაკავშირებული.
პირველ ლექციაზე გითხარით, რომ ადამიანი და, პარალელურად, სამყარო უნდა შევისწავლოთ, რომელშიც ის ცხოვრობს, რათა შევეცადოთ გავიგოთ, რატომაა ადამიანი ის, რაც არის, და რატომ არ ძალუძს, რომ სხვაგვარი იყოს. ყველა ამ კითხვაზე პასუხს ვერ ვიპოვით, თუ ადამიანს იმ სამყაროსგან ცალკე განვიხილავთ, რომელშიც ცხოვრობს. გარკვეული აზრით ადამიანი სამყაროს ანალოგიურია; მასშიც იგივე კანონები მოქმედებენ, და აღმოჩნდა, რომ ამ კანონთაგან ზოგიერთის გაგება ადამიანის შესწავლის გზით უფრო მარტივდება, ხოლო ზოგ კანონს უკეთ სამყაროს შესწავლის გზით გავიგებთ.
თუმცა, პირველ რიგში საკუთარი აღქმის და ჩვენი აზროვნების ძალის შეზღუდულობა უნდა გავიაზროთ, ამიტომ, ყველაფერთან ერთად, ჩვენი შეზღუდულობებიც უნდა შევისწავლოთ. ნამდვილი სისტემა ჩვენს ცოდნას ძალზე აფართოებს, მაგრამ სასწაულებს ვერ ახდენს. თუ სამყაროზე ფიქრს და მის დანახვას, როგორიც ის არის, ჩვენგან იზოლირებულად ვცდილობთ, ფიზიკური თვალთახედვითაც კი, ტელესკოპის ან მიკროსკოპის მეშვეობით, მივხვდებით, რამდენად შეზღუდულია ჩვენი აღქმის უნარები, რადგან ისინი ზომით არიან შემოსაზღვრული. გონებრივი ხედვის ჩვენი უნარი კი განუზომლად უფრო შეზღუდულია. სრული ცოდნის წყაროსთან კონტაქტის შემთხვევაშიც კი, ისეთები, როგორებიც ვართ, ვერც მის აღქმას და ვერც გამოყენებას მოვახერხებდით, თუმცა მეტი გვეცოდინებოდა, ვიდრე ჩვეულებრივ ვიცით; ჩვენში, ჩვენს გონებაში გარკვეული ზღვარი არსებობს. ამიტომ, ყველა ჩვენი შეზღუდულობა უნდა ვიცოდეთ, და ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი ინსტრუმენტის ძალა ვიცით, გვეცოდინება, რისი მიღება შეგვიძლია. ამ სისტემის პირველი იდეა არის ის, რომ ცოდნის მისაღებად ამ ინსტრუმენტის გარკვეულწილად გაუმჯობესება შეგვიძლია - ესაა თვითგაუმჯობესების იდეა.
თუ გახსოვთ, გითხარით, რომ ნამდვილი სისტემის თვალთახედვით მხოლოდ მთელის ცოდნა შეიძლება იყოს ცოდნად მოაზრებული, რადგან ნაწილის ცოდნა მისი მთელთან მიმართების გარეშე - ცოდნა კი არა, უმეცრებაა. ჩვენ შეიძლება ვფლობდეთ ცოდნას, მაგრამ ვერ ვიაზრებთ და არ გვესმის, ყველაფერთან მიმართებაში ცოდნა მთელის ცოდნით იწყება. ავიღოთ, მაგალითად, ეს ასანთის კოლოფი. თუ მას ვიწრო ნაპრალიდან შევხედავ, მის მხოლოდ მცირე ნაწილს დავინახავ და ასანთის კოლოფზე მთლიანობაში წარმოდგენას ვერასოდეს შევიქმნი. დანარჩენზეც იგივე ითქმის. თითქმის ყველაფერი, რასაც ცოდნას ვუწოდებთ, სინამდვილეში ცოდნა არაა, რადგან ეს მხოლოდ მცირე ნაწილის ცოდნაა, მთელში ამ ნაწილის ადგილის ცოდნის გარეშე.
ასეთი აფორიზმი არსებობს: „ცოდნა - ყველაფრის ცოდნას ნიშნავს. ნაწილის ცოდნა კი - არცოდნას. ყველაფრის ცოდნა რთული არაა, რადგან იმისთვის, რომ ყველაფერი იცოდეს, ადამიანისთვის მცირეოდენის ცოდნაც საკმარისია. მაგრამ, ამ მცირეოდენის ცოდნისთვის, მან საკმაოდ ბევრი უნდა იცოდეს“. ამიტომ „საკმაოდ ბევრიდან“ უნდა დავიწყოთ, რათა ამ „მცირეოდენს“ მივუახლოვდეთ, რომელიც ყველაფრის ცოდნისთვისაა აუცილებელი.
ყველაფრის ცოდნა ორი პრინციპის გამოყენებითაა შესაძლებელი: ფარდობითობის პრინციპით და მასშტაბის პრინციპით. თუ სამყაროზე ვსაუბრობთ, მის შესახებ ყველაფრის ცოდნაა აუცილებელი, რასაც სხვადასხვა სკალის გამოყენებით მოვახერხებთ კიდეც. გაცილებით მეტი გვეცოდინება, ვიდრე ჩვეულებრივ ვიცით, თუ ჩვენს თანაფარდ საკითხებს, რომელიც ჩვენ გვეხება, ერთი სკალით ვსწავლობთ, ხოლო დაცილებულ და ჩვენთან გარკვეული დამოკიდებულების არმქონე საკითხებს კი სხვა, მცირე სკალით, და უფრო აბსტრაქტულად. ამ გზით შეგვიძლია საკმარისი რაოდენობის ცოდნა მივიღოთ, ისე რომ ძალზე ბევრი არ შევისწავლოთ, და ეს ცოდნა უსარგებლო ცოდნისგან თითქმის თავისუფალი იქნება, რადგან თუ განურჩევლად ყველაფერს ვსწავლობთ, აუცილებელი არ გვეცოდინება.
მაგალითად, თქვენი საკუთარი სახლი თქვენი სხეულის პროპორციული მასშტაბით იცით, მაგრამ ქალაქს, რომელშიც ცხოვრობთ, გაცილებით ნაკლები მასშტაბით იცნობთ. ზოგ ნაწილს უკეთ იცნობთ, ზოგს უარესად, მაგრამ არცერთ ნაწილს ისე კარგად, როგორც საკუთარ სახლს. ინგლისს კი კიდევ უფრო ნაკლები მასშტაბით იცნობთ და ა.შ.
ახლა კი შეგახსენებთ, რა გითხარით პირველ ლექციაზე სამყაროს შესწავლის და ორი ძირითადი კანონის შესახებ, რომლებიც მას მართავს. მე მიგითითებთ, რა უნდა გახსოვდეთ, და აგიხსნით, როგორ უნდა გახსოვდეთ. ეს უნივერსალური კანონები ნამდვილად ჩვენი გონების შესაძლებლობის მიღმა იმყოფებიან, ამიტომ მათი შესწავლის დიდი სურვილის მიუხედავად, სიტყვების მეტს ვერაფერს გაიგებთ. მაგრამ ესეც კი სასარგებლოა. ამ სიტყვების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ სამყაროზე თქვენი შეხედულებები გადააწყოთ და ადამიანი სწორ ადგილას დააყენოთ სხვადასხვა სამყაროებთან მიმართებით.
პირველი, რაც უნდა გახსოვდეთ, ესაა სამის კანონი: რომ სამყაროში ყველაფერი - გარემომცველ სამყაროში თუ ადამიანის შინაგან თუ გარეგან ცხოველქმედებაში - ენერგიის ყველა გამოვლინება, ქმედებათა ყველა სახეობა, ყოველთვის ბუნებაში არსებული სამი ძალის გამოვლინებას წარმოადგენს. ამ ძალებს როგორც აქტიურ, პასიურ და გამანეიტრალებელ, ანუ პირველ, მეორე და მესამე ძალებად მოიხსენიებენ. უნდა გესმოდეთ, რომ ისინი ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან იმგვარად, როგორც აქტიურობა და პასიურობა განსხვავდება ერთმანეთისგან ამ ტერმინთა ჩვენეული ჩვეულებრივი გაგებით. აქტიური და პასიური ძალები - ორივე აქტიურია, რადგან ძალა არ შეიძლება პასიური იყოს. მაგრამ მათ აქტიურობას შორის გარკვეული სხვაობა არსებობს, და სწორედ ეს განსხვავება ქმნის სამყაროში არსებული მოვლენების მთელ მრავალფეროვნებას. სამი ძალა ერთობლივად მოქმედებს, მაგრამ ყოველ კომბინაციაში ერთერთი ჭარბობს. ამავე დროს, ყოველი ძალა, რომელიც ამჟამადაა აქტიური, შემდეგ მომენტში შეიძლება პასიური ან გამანეიტრალებელი გახდეს სხვა ტრიადაში. როდესაც სამი ძალა ერთმანეთს ხვდება, ხდება მოვლენა. თუ ისინი არ გადაიკვეთებიან, არაფერი მოხდება.
ამ თვალთახედვით, მატერიასაც - ორგანულია ის თუ არაორგანული, ქიმიური ელემენტი თუ ნარევი - გარკვეული დასახელება უნდა ჰქონდეს, იმისდა მიხედვით, რომელი ძალა მოქმედებს მასში. როდესაც აქტიური ძალა რომელიმე სახის მატერიაში გადის, მას ნახშირბადს უწოდებენ. როდესაც მატერიაში პასიური ძალა გადის, მას ჟანგბადს უწოდებენ. როდესაც გამანეიტრალებელი ძალა მუშაობს, მას აზოტს უწოდებენ. ხოლო თუ მატერია მასში მოქმედი ძალისგან დამოუკიდებლად განიხილება, მას წყალბადს უწოდებენ. თავიდან ეს დასახელებები მხოლოდ იარლიყებად უნდა აღიქმებოდეს. ამრიგად, სამის კანონს მატერიის ჩვენს განსაზღვრებაში ფარდობითობა შემოაქვს, რადგან ერთი რკინის მაგივრად ოთხ რკინას, ერთი სპილენძის მაგივრად ოთხ სპილენძს ვიღებთ და ა.შ. მამა, დედა, ვაჟიშვილი - ნახშირბადი, ჟანგბადი, აზოტი. მთელი ოჯახი - წყალბადია. ახალი ოჯახის სათავეს ვაჟიშვილი წარმოადგენს.
ჩვეულებრივი აზროვნებისას ორ ძალას ვაცნობიერებთ - ქმედებას და უკუქმედებას, დადებით და უარყოფით მუხტს და ა.შ. მაგრამ ცნობიერების ამ მდგომარეობაში ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ყოველ მოვლენაში, ყოველ ხდომილებაში ყოველთვის სამი ძალა მოქმედებს და რომ მხოლოდ ამ სამი ძალის შეერთება განაპირობებს მოვლენის ხდომილებას. ორ ძალას არაფრის შექმნა არ შეუძლია - ისინი ერთმანეთის გარშემო სრულიად უშედეგოდ იტრიალებენ. იმისთვის, რომ სამი ძალის დანახვა ვისწავლოთ, დიდი დროა საჭირო - რაღაც მიზეზით მესამე ძალის მიმართ ბრმები ვართ, თუმცა მისი დაკვირვება მრავალ ქიმიურ რეაქციასა თუ ბიოლოგიურ მოვლენაში შეგვიძლია. მაშინაც კი, როდესაც კარგად გვესმის, რომ სამივე ელემენტის გარეშე ვერაფერი მოხდება, საკუთარი თავის მიმართ ეს გვავიწყდება ან უგულებელვყოფთ მას. ბოლომდე ორ ძალასაც კი არ ვაკვირდებით და როგორც წესი, ველოდებით, რომ მოვლენა მხოლოდ ერთი ძალის მოქმედების შედეგად მოხდება. მოგვიანებით ნახავთ, რომ თუ გარკვეული შედეგის მიღწევა ან რაიმე მოქმედების შესრულება გსურთ, და ერთი ძალა აკლია, ვერაფერს მიიღებთ. ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს პასიური ძალა, და ამ შემთხვევაში არაფერი ხდება, იმიტომ, რომ თუ პასიური ძალა არაა, არც მასალაა. სხვა შემთხვევაში შეიძლება აკლდეს აქტიური ან გამანეიტრალებელი ძალები, და ამ შემთხვევებშიც ვერაფერს მოიმოქმედებთ.
თუ ცდილობთ პირველი და მეორე ძალების გამოვლინებას მიაკვლიოთ, ხანდახან შესაძლოა მესამეს გამოვლინებასაც წააწყდეთ. ეს დაკვირვებას მოითხოვს და თქვენს გარდა ამას ვერავინ დაამტკიცებს. ფსიქოლოგიაში ბევრი რამის ახსნა შეიძლება მესამე ძალის აუცილებლობით. ეს ასევე ხსნის, რატომ არ ძალგვიძს „კეთება“ - მესამე ძალის მოძებნა არ შეგვიძლია. მესამე ძალის გარეშე კი არანაირი მოქმედება არ განხორციელდება ან სხვაგვარად განხორციელდება, არა ისე, როგორც ვფიქრობთ, რომ ის უნდა მომხდარიყო.
ხანდახან გამანეიტრალებელ ძალას ვხედავთ, მაგრამ მის ხასიათთან დაკავშირებით ვცდებით. მაგალითად, ხშირად ის შედეგი გვგონია, სინამდვილეში კი ის პირველზე და მეორეზე ადრე არსებობდა. ჩვენ ბევრ შეცდომას ვუშვებთ სამ ძალასთან დაკავშირებით, და ამის შესახებ ფიქრი ძალზე სასარგებლოა.
კითხვა: არის თუ არა ეს სამი ძალა გარეგანი - ადამიანის გარეთ მყოფი?
პასუხი: ისინი ჩვენშია და ჩვენს გარეთაა, ჩვენს სკალაზეა, პლანეტურ სკალაზეა, სამყაროს სკალაზეა, ყველა სკალაზეა.
კითხვა: მაგალითს ხომ ვერ მოგვიყვანთ, როგორ მუშაობენ ისინი?
პასუხი: ვთქვათ, რაიმეს შესწავლა გსურთ. თქვენ გარკვეული მასალა, ახალი იდეები და ა.შ. გაქვთ, მაგრამ იმავდროულად თქვენში ამ შესწავლისადმი წინააღმდეგობა ბობოქრობს, რადგან ზოგ „მე“-ს ეს სურს, ზოგ სხვა „მე“-ს კი არ სურს. ისინი აქტიურ და პასიურ ძალებს წარმოადგენენ. დავუშვათ, რომ ეს შესწავლა თქვენში გარკვეული სახის ემოციას იწვევს; ეს ემოცია გამანეიტრალებელი ძალის სახით მუშაობს, და ამ შემთხვევაში თქვენ შესწავლა შეგიძლიათ. თუ ემოცია არ გაჩნდა, სწავლის მსურველი და სწავლის მოწინააღმდეგე „მე“-ები კამათს აგრძელებენ და არაფერი ხდება.
სამის კანონი მრავალ საკითხს ხსნის, რომელთა ახსნაც ჩვეულებრივი გზით შეუძლებელია, რადგან, როგორც წესი, ჩვენ მხოლოდ ერთ ძალაზე ვფიქრობთ. ძალზე იშვიათად მეორე ძალასაც განვიხილავთ - წინააღმდეგობას, და არასოდეს - მესამე ძალას. თუმცა მოქმედებათა ნებისმიერ გათვლაში სამი ძალის გათვალისწინებაა აუცილებელი.
კითხვა: შეიძლება თუ არა მესამე ძალა აუცილებლობა იყოს? მრავალი გადაწყვეტილება ხომ სწორედ მის შექმნილს გავს.
პასუხი: ბევრი სხვა კი სწორედ რომ არააუცილებლის მიერაა შექმნილი. ადამიანები ყოველთვის იოლად გადიან საჭირო ნივთების გარეშე, მაგრამ არასაჭიროს გარეშე გაცილებით რთულია ფონს გასვლა. ამიტომ, ასე ვერ ვიტყვით. მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ მესამე ძალაზე ვერ ისაუბრებთ, თუ პირველს და მეორეს ადგილს არ მიუჩენთ.
კითხვა: შეგვიძლია თუ არა სამის კანონი შევისწავლოთ იმისთვის, რომ დავინახოთ, რატომ არის ჩვენი ძალისხმევა წარუმატებელი?
პასუხი: ეს ხანდახან ძალზე სასარგებლოა. ზოგჯერ ვხედავთ, რომ სამის კანონის არცოდნისა და დაუცველობის გამო ადამიანები მათი ძალისხმევის ყველა შედეგს კარგავენ. ისინი ან წინააღმდეგობას არ ითვალისწინებენ, ან საკუთარ აქტიურ ძალას - ამჯერად ტრიადაზე გესაუბრებით, სადაც მესამე ძალაცაა წარმოდგენილი. ძალზე უცნაური მოვლენები ხდება მაშინ, როდესაც ძალებს შორის განსხვავება ძალიან დიდია - შედეგი მოსალოდნელისგან სრულიად განსხვავებულია. წარმოიდგინეთ, რომ რაღაცის გაკეთება გსურთ, მაგრამ არ გაითვალისწინეთ წინააღმდეგობა. თქვენი განზრახვა ძალზე დიდ წინააღმდეგობას აწყდება, და სასურველისგან აბსოლუტურად განსხვავებული შედეგი დგება.
მუშაობაში ორ ძალას დაინახავთ: სისტემის იდეებს და საკუთარ წინააღმდეგობას, საკუთარ ძილს. ყოველ კერძო შემთხვევაში გარკვეული მესამე ძალა შედის და ან ერთ მხარეს ეხმარება, ან მეორეს.
კითხვა: როგორია ძალების შესწავლის პრაქტიკული ღირებულება?
პასუხი: ყველა მოვლენის უკან კოსმოსური კანონები დგას. ამ კანონებზე გარკვეული წარმოდგენის გარეშე შეუძლებელია გაგება, რატომ ხდება ამა თუ იმ გზით ესა თუ ის მოვლენა.
კითხვა: თუ მატერიის მაგივრად მოვლენას განვიხილავთ, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ მათ ის ძალა განასხვავებს, რომელიც მათში მოქმედებს?
პასუხი: მათ მათში მოქმედი ტრიადა განასხვავებს. მაგალითად, ყველამ ვიცით, რომ მთქმელიდან გამომდინარე, შეიძლება ერთი და იგივე გამონათქვამს, ერთი და იგივე სიტყვებს სრულიად განსხვავებული აზრი ჰქონდეს. ერთი და იგივე ადამიანსაც კი შეუძლია სხვადასხვა მომენტში ერთი და იგივე სიტყვები თქვას, და მათ განსხვავებული აზრი ექნებათ.
სწავლება სამ ძალაზე ანუ სამ გუნაზე* *(გუნა - სანსკრიტული ტერმინია, რაც პირდაპირი თარგმანით „თოკს“ ნიშნავს, ხოლო უფრო ფართო მნიშვნელობით - „თვისებას“. ინდური ფილოსოფიის, სანკჰიას კატეგორიებიდან ერთერთია, სადაც აღწერილია მატერიალური ბუნების სამი გუნა (სათნოების გუნა, ვნების გუნა და უმეცრების გუნა). სანკჰიაში გუნების ქვეშ მოიაზრება მატერიალური ბუნების სამი ძირითადი საწყისი, მაიას ილუზორული ენერგიის სამი „აქტივობის რეჟიმი“, რასაც ცოცხალი არსებები (ჯივები) განაპირობებენ. გუნები ცხოვრების ტიპს, აზროვნებას და სულის მოქმედებას განსაზღვრავენ, რომელსაც ისინი განაპირობებენ) სანკჰიას ფილოსოფიაში შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, მაგრამ არსებულ ლიტერატურაში ის ძალზე დამახინჯებულია, რადგან იქ საუბარია ყოველ გუნაზე, ანუ ძალაზე, როგორც ყოველთვის უცვლელ სიდიდეზე, მაშინ, როდესაც სისტემის თვალთახედვით, როგორც გითხარით, ყოველი ძალის აქტიური, პასიური ან გამანეიტრალებელი მოქმედება მხოლოდ დანარჩენ ორ ძალასთან მიმართებით ვლინდება.
ძალთა შვიდი კომბინაციაა შესაძლებელი, რომელთაგან ერთერთი ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია, იმიტომ, რომ ამ ტრიადაში ყოველი ძალა ყოველ ადგილს იკავებს.
ტრიადები მოვლენებს შეესაბამება, ამიტომ, თუკი ყოველ ცალკე აღებულ, დიდსა თუ მცირე, მოვლენაზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, ის რომელ ტრიადას შეესატყვისება. მაგრამ მოვლენათა თანმიმდევრობა შვიდის კანონის ანუ ოქტავების კანონის შესაბამისად ხორციელდება. შვიდის კანონი ინტერვალების თვალთახედვით უნდა გვესმოდეს და გვახსოვდეს. შვიდის კანონის ზოგადი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ არანაირი ძალა არ მუშაობს გამუდმებით ერთი და იგივე მიმართულებით: ის გარკვეული დროით მუშაობს, შემდეგ ინტენსივობას კარგავს და, ან მიმართულებას იცვლის, ან შინაგან ცვლილებას განიცდის. ყოველ ოქტავაში - ანუ ვიბრაციის გარკვეულ რაოდენობასა, და ან გაორმაგებულ რაოდენობას, ან ამ რაოდენობის ნახევარს შორის პერიოდში - ორი ადგილი არსებობს, სადაც ვიბრაციები ან, უფრო ზუსტად რომ ითქვას, ენერგიის გამოვლინებები, რომლებიც სივრცეში ან დროში ხდება, ან როგორც ერთში, ისე მეორეში, გარკვეულ ცვლილებებს ექვემდებარებიან, ნელდებიან და შემდეგ თავიდან იწყებიან. თუ ამ ადგილებში დამატებითი ბიძგი არ განხორციელდა, ოქტავა მიმართულებას შეიცვლის. ვიბრაციის სიჩქარის ეს რეგულარული რხევები გამოთვლილია და კონკრეტული ფორმულითაა გამოხატული. კოსმოსური კანონის გამომხატველი ეს მოცემული ფორმულა მოგვიანებით მაჟორული გამის სახით მუსიკაში გამოიყენეს. შვიდის კანონი აჩვენებს, რომ არცერთ ძალას ერთი მიმართულებით განვითარება არ შეუძლია, და აჩვენებს იმ ადგილებს, სადაც ეს ცვლილება ან შენელება ხდება.
კითხვა: ეს ინტერვალებში წინააღმდეგობის შედეგად ხომ არ ხდება?
პასუხი: ეს ინტერვალების შედეგად ხდება. წინააღმდეგობები სრულიად ნორმალურია, ნებისმიერი ენერგია წინააღმდეგობებში ვითარდება.
კითხვა: ეს ხაზი ყოველთვის ერთი მიმართულებით იცვლება?
პასუხი: არა, ნებისმიერი მიმართულებით. როდესაც რაღაც „ხდება“, მიმართულებაში დარწმუნებული ვერასოდეს ვიქნებით. №1, 2 და 3 ადამიანები იქ ვერასოდეს მიდიან, სადაც სურდათ მისვლა; ეს მხოლოდ შემთხვევით თუ მოხდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამონაკლისია, როდესაც სასურველ ადგილას ვერ მივედით; ვერ ვხვდებით, რომ ეს კანონია. ჩვენ არ შეგვიძლია დავეყრდნოთ იმას, რომ საჭირო ბიძგები საჭირო მომენტებში შემთხვევით მოხდება.
კითხვა: ეს პროცესი უსასრულოა?
პასუხი: წარმოუდგენელია ძალა, რომელიც უსასრულოდ მოქმედებს. ის არსებული ენერგიის რაოდენობის შესაბამისად მოქმედებს. თუმცა, ისევ და ისევ, ოქტავები სხვადასხვაგვარია - დაღმავალი ან აღმავალი. აღმავალი ოქტავა - ვიბრაციის გარკვეულ რაოდენობასა და გაორმაგებულ რაოდენობას შორისაა. დაღმავალი ოქტავა - ვიბრაციის გარკვეულ რაოდენობასა და ამ რაოდენობის ნახევარს შორისაა. ამიტომ, მოვლენათა თანმიმდევრობის შესახებ საუბრისას, აღმავალი და დაღმავალი ოქტავები უნდა ვიცოდეთ. თუ არ ვიცით, ოქტავა აღმავალია თუ დაღმავალი, მისი გაგება შეუძლებელია, და სწორედ ეს ხდება ჩვეულებრივ აზროვნებაში, ადამიანები სწავლობენ აღმავალ ოქტავას და დაღმავალად მიაჩნიათ, და პირიქით.
კითხვა: მაგალითს ხომ ვერ მოიყვანდით, როდესაც ადამიანი დაღმავალ ოქტავას აღმავალად მიიჩნევს?
პასუხი: დავუშვათ, ველურებს შევხვდით; როგორც წესი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისინი პრიმიტიულები არიან, ხოლო პრიმიტიული ადამიანებიდან ცივილიზაცია და კულტურა ყალიბდება. მაგრამ ჩვენ არ გვესმის, რომ უმეტეს შემთხვევებში ისინი კულტურული ერების შთამომავლები არიან. ძალზე ხშირად დეგრადაცია ევოლუციაში გვერევა.
შვიდის კანონის დაკვირვება ყველაზე იოლი ადამიანის მოქმედებებშია. ვხედავთ, რომ ადამიანები რაიმე საქმეს იწყებენ - შესწავლას, მუშაობას, - რამდენიმე ხნის შემდეგ კი, სრულიად უმიზეზოდ, მათი მცდელობა მცირდება, მუშაობა ნელდება, და თუ საჭირო მომენტში გარკვეული სპეციალური ძალისხმევა არ განხორციელდა, წრფე თავის მიმართულებას იცვლის. შინაგანი ძალის მცირე, მაგრამ რეალური ცვლილება ხორციელდება. შემდეგ, გარკვეული დროის გასვლისას, ის კვლავ შესუსტდება და კვლავ, სპეციალური ძალისხმევის არარსებობის შემთხვევაში, მიმართულება შეიცვლება. ის შეიძლება სრულად შეიცვალოს და დიამეტრულად საპირისპირო მიმართულებით წავიდეს, თუმცა ამასთან ძველებურად აღიქმებოდეს. ადამიანური საქმიანობის მრავალი ფაზა არსებობს, რომლებიც ამ აღწერას შეესაბამება. ისინი ერთი სახით იწყებენ, შემდეგ კი მიმართულებას შეუმჩნევლად სრულიად საპირისპირო სახით ცვლიან. თუ ეს ინტერვალები ცნობილია, და თუ მათში რომელიმე სპეციალური ძალისხმევის ან მექანიზმის შექმნის მეთოდი გამოიყენება, ოქტავის გაწყვეტის თავიდან აცილებაა შესაძლებელი. ყველაფერი ოქტავებით მიმდინარეობს; ვერანაირი ვიბრაცია, ვერანაირი მოძრაობა, ვერანაირი საქმიანობა სხვა გზით ვერ განხორციელდება. მასშტაბები იცვლება, ამიტომ ჩვენ არ ძალგვიძს მათ მივყვეთ, მაგრამ მათი შედეგების, შვიდის კანონის შედეგების დანახვა შეგვიძლია. ორგანიზმის შინაგანი ფიზიკური მუშაობაც კი ამ კანონის ზემოქმედებას განიცდის.
ამ ნაკლული ნახევარტონების შექმნა, ინტერვალების შევსება და ამ გზით ჩვენი მანქანის მუშაობის შეცვლა გარკვეული ძალისხმევით შეგვიძლია. მაგალითად, მოგვიანებით ნახავთ, რაოდენ დიდ ცვლილებებს იწვევს ორგანიზმის ქიმიურ პროცესებში საკუთარი თავის ხსომების მცდელობა.
კითხვა: მეორდებიან თუ არა ამა თუ იმ მოქმედებაში აღმოჩენილი ინტერვალები?
პასუხი: მაგალითის მოყვანა რომ შეგეძლოთ, საუბარი უფრო გაგვიადვილდებოდა. ზოგადად კი, თუ არაფერს ვაკეთებთ, ყოველ შემდეგ ოქტავაში, იმავე ადგილზე, ინტერვალი გაიზრდება.
კითხვა: თქვენ თვითგახსენების ოქტავებზე საუბრობდით...
პასუხი: ბოლომდე ასე არაა. მე გითხარით, რომ თუ მუშაობთ, თქვენს მუშაობას ოქტავების ფორმის მიღება შეუძლია და ინტერვალებიც ექნება. თუ ინტერვალების ადგილმდებარეობა არ იცით, მუშაობა შეიცვლება. მაგრამ თვითგახსენებასთან დაკავშირებით ოქტავებზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან ის იწყება და მაშინვე წყდება. ისიც კარგია, ორი ან სამი ნოტით წინ თუ წავიწევთ. ჩვენ საწყისი ენერგია გვაკლია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მუდამ თავიდან უნდა დავიწყოთ, მანამ, სანამ ოქტავას არ დავასრულებთ. ყოველდღიურად ასე უნდა ვიწყებდეთ: დო, რე; დო, რე, მი. და დიდი ხნის განმავლობაში მის ვერ გავცდებით.
კითხვა: მის თუ მივაღწევთ, რა მოხდება?
პასუხი: თქვენ გაჩერდებით და უკან დაბრუნდებით. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ინტერვალს ვერ გაივლით. მაგრამ სწავლის დაწყებიდან გარკვეული ხნის შემდეგ თქვენ ინტერვალის აღმოჩენას შეძლებთ. გეცოდინებათ, რომ მუშაობის წრფეზე გარკვეულ ნაწილში ინტერვალი გიახლოვდებათ.
კითხვა: ოქტავების დასანახად, საჭიროა თუ არა საკუთარ თავში მოვლენათა გარკვეული თანმიმდევრობის დაკვირვება ვცადოთ?
პასუხი: არა მოვლენათა თანმიმდევრობის, არამედ ინტერვალების დანახვას შეძლებთ, თუ მუშაობას, სწავლას შეუდგებით. თქვენ დაინახავთ, რომ საქმიანობა ერთხანს გარკვეული მიმართულებით მიდის, შემდეგ კი თავდაპირველი კურსიდან გადაუხვევს.
* * *
დავიმახსოვროთ აქამდე მოსმენილი და სამყაროს შესწავლას შევუდგეთ, რათა გავარკვიოთ, რას წარმოადგენს ქვეყნიერება ადამიანისთვის.
ადამიანი დედამიწაზე ცხოვრობს, მაგრამ დედამიწა - მზის სისტემის ერთ-ერთი პლანეტაა, ამიტომ ადამიანი პლანეტურ სამყაროსაც მიეკუთვნება. დედამიწას მზის სისტემაში განსაზღვრული ადგილი უჭირავს, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მზესაც ვეკუთვნით. მზე ირმის ნახტომის ერთერთი ვარსკვლავია, ამიტომ, გარკვეული აზრით, ჩვენ ირმის ნახტომსაც ვეკუთვნით. ჩვეულებრივ მეცნიერებას ესმის და უშვებს ჩვენი მსგავსის და ჩვენგან განსხვავებული სხვა გალაქტიკების არსებობას, ამიტომ ჩვენ ერთად აღებული გალაქტიკების სამყაროსაც მივეკუთვნებით. ასტრონომიულად წინ მეტად ვეღარ წავალთ, მაგრამ ფილოსოფიურად შეგვიძლია ერთი მთლიანობა წარმოვიდგინოთ, სადაც ყველაფერი ერთიანია, როგორც ვაშლია ერთი. ამ მდგომარეობას აბსოლუტს ვუწოდებთ. ამგვარად, ყველა გალაქტიკა, ჩვენი გალაქტიკა, ჩვენი მზის სისტემა, პლანეტები, დედამიწა და მთვარე, რომელიც დედამიწის გავლენის სფეროშია მოქცეული, - ეს ყველაფერი აბსოლუტში იმყოფება.
აბსოლუტი ფაქტობრივად მხოლოდ ამ წესრიგის სამყაროს წარმოშობს, და აბსოლუტის ნება სამყარო 3-ის იქით აღარ ვლინდება. რამდენადაც კანონების რაოდენობა იზრდება, ისინი თანდათან უფრო და უფრო მექანიკურდებიან და რთულდებიან, და აბსოლუტის ნება ვეღარ აღწევს მექანიკურობის შრეებს შორის და დაბალ სამყაროებში ვერ ვლინდება. მაგრამ ის, ასე ვთქვათ, საწყის ბიძგს იძლევა. შეეცადეთ, იფიქროთ ამაზე - ეს ძალზე მნიშვნელოვანია.
კითხვა: აბსოლუტის ნება ყველაფერს რატომ არ ავსებს?
პასუხი: აბსოლუტისთვისაც კი არ არის ყველაფერი შესაძლებელი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაკი აბსოლუტი ყველაფრის წარმოშობის საწყისი და წყაროა, ამიტომ აბსოლუტის ნებას ყველაფერი ძალუძს. თუმცა ასე არაა, რადგან ის გარკვეულ კანონებს ქმნის; ეს კანონები თავის მხრივ სხვა კანონებს ქმნიან და ა.შ. აბსოლუტი მხოლოდ პირველი რიგის კანონებს ქმნის. მან რომ საკუთარი ნების გამოვლენა ჩვენს დონეზე მოისურვოს, ამისთვის მას ყველა კანონის გაუქმება მოუწევს. ჩვენ უამრავი მექანიკური კანონის გარემოცვასა და ზემოქმედების ქვეშ ვართ; როდესაც ამას დავინახავთ, გვესმის, რომ აბსოლუტის ნებისთვის ჩვენს დონეზე შემოსვლა შეუძლებელია. ეს რომ მოახერხოს, მას ყველა შუალედური სამყაროს განადგურება მოუწევდა, რადგან ყველაფერი იმ კანონებზეა დამოკიდებული, რომლებიც მათ განაგებს. მცირეოდენი ცვლილებაც კი მთელი ქმნილების სხივის განადგურების ტოლფასი იქნებოდა.
გარკვეულწილად ამის გაგება ანალოგიის გზით შეგვიძლია. თუ ჩავთვლით, რომ აბსოლუტი ადამიანია და საბოლოო ზღვარის დადგენას შევეცდებით, რომლის მიღწევაც მას საკუთარი ნებით საკუთარ თავში შეუძლია, ადამიანის ფიზიოლოგიის ყველაზე ზედაპირული ცოდნაც კი ამ კითხვაზე პასუხს გაგვცემს. ადამიანის ნებას (მისი პირობითი გაგებით) შეუძლია განაგოს მთელი სხეულის მოძრაობა, სხეულის ცალკეული ნაწილების მოძრაობა, ზოგიერთი ორგანო და სუნთქვა. თუ ადამიანი ყურადღების კონცენტრაციას ცხვირის წვერზე გააკეთებს, მის შეგრძნებას შეძლებს. ყურადღების ასეთი კონცენტრირებით მას ზოგიერთ ქსოვილში მსუბუქი შეგრძნების გამოწვევაც კი შეუძლია. მაგრამ მას არავითარ შემთხვევაში არ შეუძლია საკუთარი ნების გამოვლენა რომელიმე ცალკე აღებული უჯრედის მიმართ; უჯრედები ძალზე პატარები არიან ამისთვის. ადამიანის ნება მხოლოდ ქსოვილების მიმართ ვლინდება; უჯრედების მიმართ მას გამოვლენა არ შეუძლია.
თუ ადამიანს აბსოლუტის ანალოგად განვიხილავთ, ქსოვილები - სამყარო 3-ს, ხოლო უჯრედები სამყარო 6-ის შესატყვისი იქნება.
ან, სხვა ანალოგიის მიხედვით, თუ არქიტექტორმა სახლის პროექტი შეადგინა და მშენებლებს და მუშებს გადასცა, შემდგომში ის ვერც ქვის მთლელების მუშაობაში და ვერც იმ ხალხის ცხოვრებაში ჩაერევა, ვინც იქ დასახლდება, თუნდ მათი ქცევა არ მოსწონდეს.
შეეცადეთ გაიგოთ, რომ ყოველ დონეს მეტი და მეტი რაოდენობის კანონები შემოაქვს, სხვა დონეებისგან დამოუკიდებლად. არქიტექტორმა პროექტი დახაზა და საქმე მოითავა. ამ პროექტს ბევრი რამ აკლია: დეკორატორების საქმე, ადამიანები, რომლებიც აქ იცხოვრებენ, კატები, ძაღლები, თაგვები და ა.შ. პრინციპის გაგებაა მნიშვნელოვანი. თავდაპირველი პროექტისგან დამოუკიდებლად ყოველ ახალ დონეს სიახლეები ემატება.
ქმნილების სხივის იდეაში ახალი არაფერია, არაფერია ისეთი, რაც არ გსმენიათ, მაგრამ ფაქტები სხვაგვარადაა განლაგებული. გარკვეული მეთოდით მასალის განლაგება აუცილებელია ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტისას, და მეთოდი, რომლითაც ეს ხორციელდება, საკუთარ თავში მოიცავს იმის გაგებას, როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა. სწორედ ასევე ქმნილების სხივი პრობლემის - როგორ განისაზღვროს ადამიანის ადგილი სამყაროში - ფორმულირების ერთერთი მეთოდია. ეს არა მხოლოდ ადამიანის ზუსტ ადგილს ნიშნავს, არამედ ასევე ამ ადგილის დამოკიდებულებას შესაძლო ორიენტირების უმეტეს რაოდენობასთან.
ქმნილების სხივი ახალი აზროვნების სახელმძღვანელოს, ინსტრუმენტს ან მეთოდს წარმოადგენს. ჩვენ ვიცით ადამიანის შვიდ კატეგორიად დაყოფის შესახებ, და ყველაფერი დანარჩენიც ამ სახით უნდა დაიყოს. ჩვეულებრივი აზროვნება №1, 2 და 3 აზროვნებად იყოფა. აზროვნება №1 ძირითადად მიმბაძველობითია; აზროვნება №2 უფრო ემოციურია და სიმპატიებზე და ანტიპატიებზეა დაფუძნებული; აზროვნება №3 თეორიული, ლოგიკური აზროვნებაა, რომელიც ძალიან კარგია თავის ადგილას, მაგრამ როდესაც მას უადგილოდ იყენებენ, მთლიანობაში მცდარი ხდება. სულ ესაა, რაც ყოფით ცხოვრებაში ვიცით. ქმნილების სხივიდან იწყება აზროვნება №4, და სწორედ ამის გაგება უნდა სცადოთ.
ქმნილების სხივი არ წარმოადგენს კიდევ ერთ თეორიას, სხვა თეორიების მსგავსად, რომლებიც თქვენ იცით; ის უკვე არსებული მასალის გარკვეული გადანაწილებაა. და აზროვნება №4 ისეთი აზროვნებაა, რომელიც თანდათან ყველა წინააღმდეგობრიობას აღმოფხვრის. №3 აზროვნებისას, რა მიმართულებაც არ უნდა მიიღოს მან, ადამიანი აუცილებლად დაუყოვნებლივ იპოვის პირველი თეორიის საწინააღმდეგო ნებისმიერ სხვა თეორიას. №4 აზროვნებაში, მართალია უცებ არა, მაგრამ თანდათან ადამიანი მიდის იმ ფაქტის გარკვეულ გაგებამდე, რომ წინააღმდეგობრიობების გარეშე აზროვნება შესაძლებელია, და რომ სინამდვილეში წინააღმდეგობრიობები სულაც არ არიან წინააღმდეგობრიობები.
ჩვეულებრივ აზროვნებაში ბევრი წინააღმდეგობრიობაა. მაგალითად, ავიღოთ სამყარო, ჩვენ ან ვფიქრობთ, რომ გარკვეული ღვთაებრივი ნება ქმნის და ასულდგმულებს ყველაფერს, ან მიგვაჩნია, რომ ყველაფერი თავისთავად ხდება. ჩვეულებრივი აზროვნების მეორე მაგალითს ნებისა და მექანიკურობის, ანუ წინასწარგანსაზღვრულობისა და შემთხვევითობის იდეა წარმოადგენს. როდესაც ქმნილების სხივს სწავლობთ, ხედავთ, რომ ის ამ ყველაფერს მოიცავს. არსებობს თეორია, რომ ჩვენთვის ცნობილ ადამიანის გონს აბსოლუტური ტყუილის მოგონება არ შეუძლია. მას არაფრის გამოგონება არ შეუძლია, რასაც ჭეშმარიტებასთან კავშირი არ აქვს. ადამიანის გონს მხოლოდ ჭეშმარიტების ნაწილობრივი მსგავსების გამოგონება შეუძლია. მაგალითად, თუ ადამიანს ახალი ცხოველის გამოყვანა სურს, მან უკვე ნაცნობი ცხოველების ნაწილები უნდა აიღოს, ანუ მან უნდა გამოიყენოს მასალა, რომელიც სინამდვილეში ცხოვრების დაკვირვების შედეგადაა მოპოვებული. ქმნილების სხივი გიჩვენებთ, თუ როგორაა შესაძლებელი წინასწარგანსაზღვრულობისა თუ თავისუფლების, თავისუფალი არჩევანის, ღვთაებრივი ნების, მექანიკურობის და ა.შ. შესახებ ყველა წინააღმდეგობრივი თეორიის ერთ სისტემაში გაერთიანება, როგორ არ ეწინააღმდეგებიან ერთიმეორეს ერთობლიობაში ეს შეხედულებები, რომელთაგან ყოველი მათგანი ჭეშმარიტების ერთ წახნაგს ამჟღავნებს. ერთ ადგილას ერთია სწორი, სხვაგან - მეორე, მაგრამ ყოველი, მთელთან მიმართებით, მცდარია. მოგვიანებით ნახავთ, რომ ზოგი რამ მთელთან მიმართებაში არ გამოიყენება, რადგან მთელი ერთი არაა - ის ძალზე მრავალფეროვანია, ძალზე მრავალწახნაგაა. ქმნილების სხივი ამასაც წარმოაჩენს.
ამ ეტაპზე ქმნილების სხივის და ზოგადი კანონების შესწავლა ჯერ კიდევ არ წარმოადგენს ცოდნას - ეს მხოლოდ ენაა; მაგრამ ამ ენის დახმარებით ჩვენ მრავალ ისეთ საკითხზე საუბარს შევძლებთ, რომლისთვისაც ჩვეულებრივ ენაში სიტყვები და გამოთქმები, მათ შორის კავშირები არ გვყოფნის. ამ ახალი ენის შესწავლით თქვენ მათ ერთმანეთთან მიმართებას გაიგებთ, რადგან ის ყველაფერს აკავშირებს - ყველაფერს, რაც ვიცით, ან უნდა ვიცოდეთ, ან რაც შეიძლება გვაინტერესებდეს. ამ ენის ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ მისი რომელიმე ტერმინის გამოყენებისას თქვენ არა მარტო იმას განმარტავთ, თუ რას წარმოადგენს მოცემული საგნი და რა ადგილი უჭირავს მის უშუალო გარემოში, არამედ მთელ სამყაროში მის ადგილსაც მიუთითებთ.
ქმნილების სხივი, როგორც რიგი მოვლენების თანმიმდევრობა, შეგვიძლია ოქტავად განვიხილოთ. ესაა დაღმავალი ოქტავა ზრდისა და დიფერენციაციის აზრით. ამ ოქტავაში პირველი ინტერვალი აბსოლუტის ნებითაა შევსებული. პლანეტებსა და დედამიწას შორის, მეორე ინტერვალის შესავსებად, კოსმოსურად შეიქმნა სპეციალური ინსტრუმენტი. ეს ინსტრუმენტია - დედამიწაზე ორგანული სიცოცხლე. ის ქმნილების სხივში ძალზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან ენერგიის გადაცემის გარანტიას წარმოადგენს და სხივის ზრდის შესაძლებლობას იძლევა. სხივის ზრდის წერტილს მთვარე წარმოადგენს. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დროთა განმავლობაში მთვარე დედამიწის მსგავსი გახდება, დედამიწა კი მზეს დაემსგავსება; შემდეგ სხვა მთვარე გაჩნდება, და ამგვარად ზრდა გარკვეულ პუნქტამდე გაგრძელდება. თუმცა ამ ყველაფერს ჩვენ არ შევისწავლით.
ორგანული სიცოცხლე მზის სისტემის პლანეტებიდან მომდინარე ზემოქმედების მოსაგროვებლად და გადასაცემად მიმღები აპარატის ერთგვარ სახეობას წარმოადგენს. არის რა დედამიწასა და პლანეტებს შორის კავშირის საშუალება, იმავდროულად ორგანული სიცოცხლე მთვარეს კვებავს. ის, რაც ცოცხალია, დედამიწის მიზნებს ემსახურება, ის, რაც კვდება, მთვარეს კვებავს. თავდაპირველად ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ როდესაც ორგანული სიცოცხლის კანონებს გავიგებთ, გავიაზრებთ, რომ ეს ძალზე სასტიკ კანონზეა დაფუძნებული, კანონზე, რომლის მიხედვითაც ცოცხალი არსებების ერთი კლასი მეორე კლასს ჭამს. ეს არა მხოლოდ დამოუკიდებლობას ანიჭებს ორგანულ სიცოცხლეს, არამედ მთვარის კვების და ენერგიის გადამტანის ფუნქციის შესრულების საშუალებასაც აძლევს. ამრიგად, ორგანული სიცოცხლე მრავალ მიზანს - დიდი სამყაროების, პლანეტების, დედამიწის და მთვარის მიზნებს ემსახურება.
საკითხავია, ეს როგორ დავამტკიცოთ? გარკვეულ მტკიცებულებებს მოგვიანებით ვიპოვით ადამიანთან ანალოგიის მეშვეობით, რადგან ადამიანი ქმნილების სხივის პრინციპითაა აგებული. მრავალი რამ არსებობს, რისი დამტკიცებაც ობიექტური გზით არ ძალგვიძს, მაგრამ, შესაძლოა, მტკიცებულებები საკუთარი თავის შესწავლის გზით მოვძებნოთ.
კითხვა: რატომ მიდის სული სიკვდილის შემდეგ მთვარეზე?
პასუხი: მთვარე მშიერია.
კითხვა: განა დედამიწას არ შია?
პასუხი: დედამიწის მთელი ზედაპირი, მისი შემადგენლობა და სტრუქტურა ორგანულ სიცოცხლეზეა დამოკიდებული. დედამიწა სხეულს იღებს, რადგან სწორედ ეს სურს მას. ეს გემოვნებასა და მადაზეა დამოკიდებული. დედამიწას ერთი რამ სურს, მთვარეს - მეორე. ეს ძალზე საინტერესო იდეაა. მოგვიანებით უკეთ დაინახავთ, როგორ არიან მოვლენები და საგნები ერთმანეთთან დაკავშირებული, როგორ იწვევს ერთი მეორის ზრდას. ამ გზით გადადიან მთვარეზე გარკვეული ნივთიერებები, რომლებიც სხვაგვარად იქ ვერ მოხვდებოდნენ. და იქ ისინი უკვე გადამუშავებული ფორმით მიდიან.
კითხვა: რა არის დედამიწა? ცოცხალი არსებაა? სად მთავრდება ორგანული სიცოცხლე და სად იწყება დედამიწა?
პასუხი: ორგანული სიცოცხლე - სრულიად განსაზღვრული რამაა: ცხოველები, მცენარეები, ადამიანები და ყველა მიკროორგანიზმი. რაც შეეხება დედამიწას, ის, ეჭვგარეშეა, ცოცხალი არსებაა, მხოლოდ სულ სხვა სკალაზე. ბუნებაში არაფერია მკვდარი. მხოლოდ ზოგიერთი ადამიანია მკვდარი.
კითხვა: როგორია კავშირის ფორმა ორგანულ სიცოცხლესა და დედამიწას შორის?
პასუხი: კავშირის მრავალი ფორმა არსებობს. როდესაც ჰაერს ჩაისუნთქავთ, ესეც კავშირია.
დედამიწაზე ჩვენ ორგანული სიცოცხლის ნაწილს წარმოვადგენთ. ორგანული სიცოცხლე ყველა პლანეტიდან მომავალ გარკვეულ ზემოქმედებას განიცდის, და რადგან ჩვენ მისი ნაწილი ვართ, ეს ზემოქმედება ჩვენზეც ვრცელდება. ჩვენ განვიცდით მზისგან, ირმის ნახტომისგან და შესაძლოა, ყველა სამყაროსგან მომავალ გარკვეულ ზემოქმედებას, თუმცა, ბუნებრივია, ყველა სამყაროს ზემოქმედება ცალკეულ ადამიანზე ძალზე მცირეა. ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით მთვარიდან მომავალ ზეგავლენაზე, თუმცა ვიცით, რომ ის ძალზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანულ სიცოცხლეში, და თუ არ გვესმის, როგორაა ყველაფერი დაკავშირებული და რა ფორმით უკავშირდება დედამიწაზე ადამიანის სიცოცხლე პლანეტებსა და მზეს, ვერ გავიგებთ ადამიანის მდგომარეობას და მის დღევანდელ ცხოვრებას ისეთს, როგორებიც ისინი არიან. მაგალითად, ამ დიაგრამის გარეშე შეუძლებელია გაგება, რომ ადამიანი სამყაროს ძალზე ცუდ ნაწილში ცხოვრობს და რომ ბევრი რამ, რასაც უსამართლობად მივიჩნევთ და რომლის წინააღმდეგაც ვიბრძვით, სინამდვილეში დედამიწაზე ორგანული სიცოცხლის ამ მდებარეობის შედეგს წარმოადგენს. მთვარეზე რომ გვეცხოვრა, უფრო უარესი იქნებოდა - განვითარების არავითარი შესაძლებლობა არ გვექნებოდა. დედამიწაზე განვითარების შესაძლებლობა არსებობს - ჩვენ საკუთარ თავში ზოგიერთი ნაწილის განვითარება შეგვიძლია.
ჩვენთან, როგორც ინდივიდუუმებთან, პლანეტური ზემოქმედების ძალზე მცირე ნაწილი აღწევს. როგორც წესი, პლანეტური ზემოქმედება მხოლოდ ხალხის მასების მიერ აღიქმება; ამიტომ ისინი ომებსა და რევოლუციებზე არიან პასუხისმგებელნი. ცალკეული ადამიანი პლანეტურ ზეგავლენას ძალზე უმნიშვნელოდ განიცდის, ვინაიდან ის ნაწილი, რომელზეც პლანეტებს შეუძლიათ ზემოქმედება, განუვითარებელია. ამ განუვითარებელ ნაწილს არსება წარმოადგენს.
გარკვეული ხარისხით ადამიანი მზის გავლენის ქვეშაცა, და შეიძლება უფრო მაღალ ზეგავლენასაც განიცდიდეს, თუ უმაღლეს ცენტრებს განავითარებს და მათთან დაკავშირებული გახდება. ამიტომ განვითარება ერთი სახის ზემოქმედებიდან მეორეში გადასვლას ნიშნავს. ამჟამად ჩვენ ძირითადად მთვარის ზეგავლენის ქვეშ ვიმყოფებით. ჩვენ უფრო და უფრო ცნობიერნი უნდა გავხდეთ იმისთვის, რომ გაცილებით მაღალი ზემოქმედების ქვეშ მოვექცეთ.
კითხვა: მთვარის გავლენის ქვეშ რა სახით ვიმყოფებით?
პასუხი: მთვარე ჩვენს ცხოვრებაში, უფრო ზუსტად, დედამიწაზე ორგანული სიცოცხლის არსებობაში ძალზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მთვარე ყველა ჩვენს მოძრაობას განაგებს. თუ ხელს ვამოძრავებ, ამას მთვარე აკეთებს, რადგან მთვარის ზემოქმედების გარეშე ეს არ მოხდებოდა. მთვარე ძველ საათზე საწონს ჰგავს, ხოლო ორგანული სიცოცხლე - საათის მექანიზმს, რომელიც საათის მუშაობას ამ საწონის მეშვეობით ინარჩუნებს. ჩვენს ცხოვრებაზე მთვარის ზემოქმედება წმინდად მექანიკურია. ის მხოლოდ საწონის საშუალებით მოქმედებს, და უფრო მაღალ ენერგიებს იღებს, რაც მას თანდათან აცოცხლებს. თუ ოთხი სახის ენერგიას გავიხსენებთ: მექანიკურ ენერგიას, სასიცოცხლო ენერგიას, ფსიქიკურ ენერგიას და ცნობიერების ენერგიას, აქედან მთვარე მექანიკური ენერგიით მოქმედებს, უზარმაზარი ელექტრომაგნიტის მსგავსად, რომელიც სულის მატერიას იზიდავს. როდესაც ის ამ მატერიას იღებს, მისი ტემპერატურა იცვლება. მთვარე ძალზე დაბალ, დედამიწასთან შედარებით გაცილებით დაბალ მდგომარეობაში იმყოფება.
მთელი ჩვენი მექანიკურობა მთვარეზეა დამოკიდებული. ჩვენ ძაფებით მოძრავ მარიონეტებს ვემსგავსებით, თუმცა შეგვიძლია მეტად ან ნაკლებად ვიყოთ მთვარეზე დამოკიდებული. როდესაც ამას გავიგებთ, იმასაც მივხვდებით, რომ მეტი თავისუფლებისკენ გზა არგაიგივებაზე, გათვალისწინების არარსებობაზე, უარყოფით ემოციებთან ბრძოლაზე და ა.შ. გადის. ამჟამად ნაბიჯსაც ვერ გადავდგამთ მთვარის ენერგიის გარეშე; ძაფებს უცებ ვერ გადავჭრით, რადგან ამ შემთხვევაში მარიონეტები უბრალოდ დაცვივდებიან. თავდაპირველად მოძრაობის სწავლაა აუცილებელი. ყველა მძინარე ადამიანი მთვარის ზეგავლენის ქვეშაა. მათ არავითარი წინააღმდეგობა არ გააჩნიათ, მაგრამ თუ ადამიანი ვითარდება, მას შეუძლია თანდათან გადაჭრას მისთვის არასასურველი ზოგიერთი ძაფი, და საკუთარი თავი უფრო მაღალ ზეგავლენებს გაუხსნას. ამ გზით მას შეუძლია მთვარის ზემოქმედებისგან გათავისუფლდეს, თუ სრულად არა, სულ მცირე, იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ახლაა.
კითხვა: მთვარიდან უფრო დაბალი ზეგავლენები მოდის?
პასუხი: უფრო მექანიკური ზემოქმედება. თუ ადამიანი მთლიანად მთვარის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება, ის მანქანაა.
კითხვა: როგორ ფიქრობთ, მთვარე ჩვენზე ფიზიკურადაც ზემოქმედებს და ფსიქოლოგიურადაც?
პასუხი: ფიზიკური ზემოქმედება სხვა რამაა. ეს ნორმალურია. როდესაც მთვარე ჩვენს გონებაზე და ემოციებზე იწყებს ზეგავლენას, ეს ცუდია. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი უფრო მაღალი ზეგავლენებისგან მოწყვეტილია; თუმცა ამის გაკეთება თავად მის გარდა არავის შეუძლია.
კითხვა: მთვარის კვების იდეის შესახებ მეტს ხომ ვერ მოგვიყვებით?
პასუხი: ჯერ კითხვას დაგისვამთ: თქვენთვის რას ნიშნავს ეს იდეა? რომელ მთავარ პრინციპს ხედავთ მასში?
კითხვა: მისი ძირითადი პრინციპი არ მესმის.
პასუხი: საქმე იმაშია, რომ პირველად მოსმენის შემთხვევაშიც კი, შეიძლება ამ იდეას სხვადასხვა თვალსაზრისით შეხედოთ. როდესაც სწორ პრინციპს ხედავთ, ყველაფერი ნათელი ხდება. როდესაც პირველად გავიგე ამ იდეის შესახებ, ის უცნაურად მომეჩვენა, მაგრამ იმავდროულად ვხედავდი, რომ მის უკან მდგარი პრინციპი იმაში მდგომარეობდა, რომ ყველაფერი ურთიერთკავშირშია, რომ არაფერი არსებობს დამოუკიდებლად, ცალკე აღებული, რომ ორგანული სიცოცხლე გარკვეული სახით დაკავშირებულია დედამიწასთან და მთვარესთან.
კითხვა: წარმოადგენს თუ არაა მთვარე ადამიანური კატასტროფების მიზეზს, იმის გამო, რომ მას გარკვეული საკვები ესჭიროება თავისი არსებობისთვის?
პასუხი: მთვარე არ არის კატასტროფების მიზეზი; ჩვენ თავად ვართ დამნაშავეები - უაზრობაა მთვარის დადანაშაულება. დავუშვათ, რომ ჩვენ არ ვზრუნავთ კედლის გარემონტებაზე და კედელი ინგრევა. ვისი ბრალია? ის ფიზიკური კანონებით ინგრევა, მაგრამ ეს ხომ ფიზიკური კანონების ბრალი არაა. თუ კოსმოსური გავლენები საჭირო ნიადაგში ხვდება, კატასტროფები არ ხდება, ისევე როგორც არც კედელი დაინგრევა, თუ მას გავარემონტებთ. თუმცა, დიდი კატასტროფებიც შეიძლება მოხდეს, რომლებზეც არ მოქმედებს ჩვენი მათდამი დამოკიდებულება.
კითხვა: რატომ მოქმედებენ პლანეტები ადამიანთა მასაზე და არ მოქმედებენ ინდივიდუალობაზე?
პასუხი: იმიტომ, რომ ადამიანის ის ნაწილი, რომელზეც ზემოქმედებაა შესაძლებელი, ან ძალზე განუვითარებელია, ან პიროვნებითაა ძლიერად გადაფარული. პიროვნება ირეკლავს ყველა ამ ზეგავლენას და ადამიანზე შემთხვევითობის კანონი ზემოქმედებს. ადამიანი რომ თავისი არსებით ცხოვრობდეს, ის პლანეტების ზეგავლენის ქვეშ იქნებოდა, ანუ, სხვა სიტყვებით, ბედის კანონის ქვეშ. ეს მისი უპირატესობა იქნებოდა თუ არა - სხვა საკითხია; ერთ შემთხვევაში ეს შეიძლება უკეთესი იყოს, სხვა შემთხვევაში - უარესი, თუმცა, როგორც წესი, უკეთესია. პლანეტის სხივებს პიროვნების განმსჭვალვა არ შეუძლია.
მასაში ადამიანები პლანეტურ ზეგავლენებს ექვემდებარებიან სხეულის იმ ნაწილების მეშვეობით, რომლებიც ადამიანში ყოველთვის არსებობენ. ბრბოში ადამიანთა უმეტესობა №1 ადამიანები არიან, რომლებიც ინსტინქტური და მამოძრავებელი ცენტრებით ცხოვრობენ. №1 ადამიანის მთავარ მამოძრავებელ ძალას მიმბაძველობა და წარმოსახვა წარმოადგენს. როდესაც ადამიანებზე მიმბაძველობა და წარმოსახვა მბრძანებლობს, ისინი ძალზე ადვილად ექცევიან მექანიკური გავლენის ქვეშ; ისინი ერთმანეთს ბაძავენ, და ეს დიდ ეფექტს ქმნის.
როდესაც ადამიანები ცხოვრობენ როგორც მასის ნაწილი, მათ ვერავინ დაეხმარება; ისინი იმდენად გათქვეფილი არიან ერთმანეთში, რომ ვერაფრით შეძლებთ მათ გამოცალცაკავებას. მასის დონეზე ისინი ერთნაირები არიან. ადამიანებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ კეთილსასურველ გავლენებთან შეხვედრა, როდესაც მასას გამოეყოფიან, მაგრამ არა უადრეს. გავლენები, რომლებიც მასაზე მოქმედებენ - მხოლოდ არაკეთილსასურველი გავლენებია; ეს გავლენები მხოლოდ თრგუნავს ადამიანს. არსებობენ კეთილსასურველი გავლენები, რომლებიც ინდივიდუუმს გათავისუფლებაში ეხმარება, მაგრამ ისინი მხოლოდ იმ ადამიანებს ეხმარებიან, ვინც მასაზე ოდნავ მაღლა დგას. დახმარება შესაძლებელია, მხოლოდ გარკვეულ დონეზე; რა ფასი ექნებოდა ჩვენს ძალისხმევას, ვინმეს რომ ზევით ჩვენი ყურით გადათრევა შეეძლოს? თუ ცნობიერები ვხდებით, ნიშნავს, რომ უფრო მაღალ საფეხურზე ასვლის ნებას ვამჟღავნებთ; და თუ „კეთება“ შეგვიძლია, ე.ი. ბევრი პლანეტური ზემოქმედებისგან იზოლირებაც ძალგვიძს, რომლებიც მასაზე ზემოქმედებენ.
კითხვა: არის თუ არა ჩვენი მიზანი საკუთარი თავის იმგვარად განვითარება, რომ პლანეტური ზემოქმედების ინდივიდუალურად მიღების უნარი გვქონდეს?
პასუხი: ეს ინდივიდუალური ზემოქმედება არ იქნება, ის თქვენი ტიპაჟიდან გამომდინარე განხორციელდება. ადამიანები არსებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. არსება ანუ ადამიანის ტიპი - პლანეტური ზემოქმედების შედეგია. პლანეტების დამსახურებით ვართ ის, რაც ვართ. პლანეტური ზემოქმედების სხვადასხვა კომბინაცია განსხვავებულ არსებებს ქმნიან.
კითხვა: თქვენ თქვით, რომ ჩვენ იმდენად ვართ კოსმოსური კანონების ზემოქმედების ქვეშ, რომ ომები პლანეტური ზემოქმედების შედეგია. ეს ბედია?
პასუხი: როდესაც ბედს განვსაზღვრავ, მხოლოდ იმას მოვიაზრებ, რაც სინამდვილეში შეიძლება ბედი იყოს, მაგრამ უმრავლესობისთვის ბედი გაცილებით ფართო ცნებაა. როდესაც მათ რაიმე დიდი მოძრაობა გაიტაცებთ, მაგალითად პოლიტიკური მოძრაობები, ომები, რევოლუციები, მათთვის ეს ბედი ხდება.
უნდა გავიგოთ, რატომ ვსაუბრობდით პლანეტურ ზემოქმედებაზე, რატომ ვახსენებთ და რასთან დაკავშირებით. მთავარ იდეას წარმოადგენს ის, რომ პლანეტური ზემოქმედებები ძალზე განსხვავებულები შეიძლება იყოს. ჩვენი მდგომარეობა იზიდავს და განიზიდავს პლანეტურ ზემოქმედებას. ჩვენ არ ვიცით, ისინი რას წარმოადგენენ, ჩვენ მხოლოდ საკუთარი მდგომარეობა ვიცით. თუ საკუთარი თავი გახსოვთ, კარგი პლანეტური ზემოქმედების მოზიდვა შეგიძლიათ; თუ მექანიკური ხართ, ცუდ ზემოქმედებას იზიდავთ.
კითხვა: ეს კანონები, რომლებიც ჩვენზე ზემოქმედებენ, სხვადასხვა „მე“-ს ხომ არ წარმოშობენ?
პასუხი: დიახ, ძალიან ბევრს. ძალები ადამიანს განმსჭვალავენ, და ის მათ საკუთარ სურვილებად, სიმპატიებად, გატაცებად ღებულობს. მაგრამ ეს მხოლოდ ძალებია, რომლებიც მას ყოველი მიმართულებით განმსჭვალავს. 3 სამყაროდან დაწყებული, ძალები ადამიანთან აღწევენ და ქმნიან ქმედებებს, ურთიერთობებს, ან ისინი შეიძლება უარყოფილ იქნენ. ჩვენ მხოლოდ მათ მიერ გამოწვეული შედეგების შესწავლა ხელგვეწიფება. ჩვენ მხოლოდ საკუთარი სარგებლის პოზიციიდან გვაინტერესებს ყველაფერი, დანარჩენი არ გვაინტერესებს. უმაღლესი ძალები ანუ უმაღლესი ზემოქმედებები - ბუნებრივი კოსმოსური ზემოქმედებებია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავეხსნათ მათ მისაღებად, ან ჩავიკეტოთ მათთვის. თუ გვძინავს, მათთვის უფრო დახურულები ვართ, და რაც უფრო დიდხანს გვძინავს, მით უფრო ვიხურებით. თუკი გამოვიღვიძებთ, ჩვენ უმაღლესი ზემოქმედებისთვის გავიხსნებით.
კითხვა: თქვენ თქვით, რომ შემთხვევითობის კანონით ვიმართებით. ზემოქმედების რომელი წყაროდან მოდის ეს კანონი? შეგვიძლია თუ არა მისგან განთავისუფლება?
პასუხი: შემთხვევითობას მრავალი გამოვლინება აქვს. შემთხვევითობის უმარტივესი ფორმები ძალიან მალე ქრება, თუ მეტად გამოვიღვიძებთ. მაგრამ ეს პირდაპირ არ უნდა გაიგოთ: ეს კანონი ძალზე დიდი და მრავალმხრივია. ეს ხარისხის საკითხია. მხოლოდ აბსოლუტშია ყველაფერი აბსოლუტური. ჩვენთვის ეს გრძელი კიბეა და ყოველ შემდეგ საფეხურზე ადამიანი უფრო მეტად თავისუფალი ხდება. თუ ქვევით იმყოფებით, ვერ იტყვით რა მოხდება, როდესაც მის მწვერვალს მიაღწევთ. თქვენ მხოლოდ კითხვის დასმა შეგიძლიათ: „თუ მუშაობას დავიწყებ იმ მიზნით, რომ შემთხვევითობის კანონს თავი დავაღწიო, გახდება თუ არა ჩემი ცხოვრება ნაკლებ ქაოტური?“ რა თქმა უნდა, თუ თქვენ მუდმივი მიზანი გაქვთ, შემთხვევითი მიზნებისგან თავისუფალი იქნებით. დაივიწყეთ სასწაულები. ძალისხმევის ყოველი ხაზი შედეგს ამავე ხაზზე მოიტანს, თუმცა მათ შორის კავშირები არსებობს.
კითხვა: ცუდ ზემოქმედებას თავი როგორ დავაღწიოთ?
პასუხი: მანამ, სანამ „კეთებაზე“ ფიქრს დავიწყებთ, უნდა შევეცადოთ გავიგოთ, რას წარმოადგენს ეს ზემოქმედება. ესაა გამუდმებული შეცდომა, რომელსაც ყველა უშვებს: ფიქრობენ, რომ მათ „კეთება“ შეუძლიათ. ჩვენ არ შეგვიძლია „კეთება“, მაგრამ თუ ეს გვესმის, შევძლებთ რაიმეს შეცვლას.
კითხვა: თუკი ჯერჯერობით უმაღლესი ცენტრები არ გვაქვს განვითარებული, როგორ განვიცდით უმაღლესი სამყაროების ზემოქმედებას?
პასუხი: ჩვენი ჩვეულებრივი მდგომარეობა შეფარდებითია; ჩვენს საუკეთესო მომენტებში უმაღლეს ზემოქმედებას აღვიქვამთ. მათ ცენტრების გავლით ვიღებთ. თუმცა უმაღლეს ცენტრებთან კავშირი მუდმივი არაა, ისინი მაინც ზემოქმედებენ ჩვენზე, თუ ძალზე დახურული არ არიან, და მცირეოდენი მაინც აღწევს ჩვენამდე მათი გზით.
კითხვა: რაში მდგომარეობს ადამიანის არსებობის მიზანი?
პასუხი: ადამიანი და კაცობრიობაც კი ცალკე აღებული არ არსებობს, არამედ მთლიანად ორგანული სიცოცხლის ნაწილს წარმოადგენს. დედამიწა ორგანულ სიცოცხლეს მთლიანობაში საჭიროებს - ადამიანებს, ცხოველებს, მცენარეებს. ქმნილების სხივი მზარდი ტოტია, და ეს კავშირი აუცილებელია, რათა ტოტმა ზრდა შეძლოს. ყველაფერი ურთიერთკავშირშია, ცალკე არაფერი დგას, და უფრო მცირენი, თუ ისინი არსებობენ, უფრო დიდს ემსახურებიან. ორგანული სიცოცხლე ემსახურება პლანეტურ მიზნებს, ის საკუთარი თავისთვის არ არსებობს. ცალკეული ადამიანი მაღალი სპეციალიზაციის უჯრედს წარმოადგენს მასში, მაგრამ ამ სკალაზე ცალკეული უჯრედი არ არსებობს - ის ძალზე მცირეა. ჩვენი ჩვეულებრივი თვალსაზრისები ძალზე გულუბრყვილო და ეგოცენტრულია: ყველაფერი ადამიანის ირგვლივ ტრიალებს. მაგრამ ადამიანი ძალზე უმნიშვნელოა, ის მხოლოდ ძალზე დიდი მანქანის ნაწილს წარმოადგენს. ორგანული სიცოცხლე განსაკუთრებულ კოსმოსურ ერთეულს წარმოადგენს, ადამიანი კი ერთეულია ორგანული სიცოცხლის ამ უზარმაზარ მასაში. მას შემდგომი განვითარების შესაძლებლობა გააჩნია, მაგრამ ეს განვითარება მის საკუთარ ძალისხმევასა და გაგებაზეა დამოკიდებული. კოსმოსური გეგმა ადამიანთა გარკვეული რაოდენობის განვითარებას ითვალისწინებს, მაგრამ არა ყველასას, რადგან ეს სხვა კოსმოსურ მიზანთან მოვიდოდა წინააღმდეგობაში. აშკარაა, რომ კაცობრიობა დედამიწაზე უნდა ცხოვრობდეს და იტანჯებოდეს. თუმცა გარკვეული რაოდენობის ადამიანებს გაქცევა შეუძლიათ, ესეც კოსმოსური გეგმის ნაწილია.
ამრიგად, ინდივიდუალურად ჩვენ სამყაროსთვის ინტერესს არ წარმოვადგენთ. კაცობრიობაზეც კი ვერ ვისაუბრებთ სამყაროსთან მიმართებაში - მხოლოდ ორგანულ სიცოცხლეზე შეგვიძლია ვისაუბროთ. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ ორგანული სიცოცხლის ნაწილს წარმოვადგენთ, ის კი გარკვეულ როლს თამაშობს მზის სისტემაში, რომელიც ძალზე დიდია ჩვენთან შედარებით. ჩვენ მივეჩვიეთ საკუთარ თავზე ინდივიდუალურად ფიქრს, მაგრამ მალე დავკარგავთ ამ ილუზიას. სასარგებლოა სხვადასხვა სკალაზე ფიქრი; მაგრამ თუ არასწორ სკალას გამოიყენებთ, მაშინვე გზა დაგებნევათ.
კითხვა: თქვენ თქვით, რომ ზოგიერთი ჩვენთაგანის განვითარება წინასწარ განსაზღვრულია?
პასუხი: როგორც ჩანს, აქ იგივე კანონი მოქმედებს, რაც საგზაო შემთხვევები. კარგადაა ცნობილი, რომ ყოველ დიდ ქალაქში გარკვეული რაოდენობის ადამიანებს ტრანსპორტი შეიწირავს. ვინ დაიღუპება, არაა განსაზღვრული, ვინაობის განსაზღვრა აუცილებლობას არ წარმოადგენს, განსაზღვრულია გარკვეული რაოდენობა. ზუსტად ასევე, ადამიანების რაღაც რაოდენობას გაქცევა შეუძლია, თუმცა ამ შემთხვევაში არ გამოიყენება სიტყვა „უნდა“. ამაშია სხვაობა.
კითხვა: ეს შესაძლებლობა გვეძლევა, თუ ის ჩვენ უნდა შევქმნათ მიუხედავად გარემოებებისა?
პასუხი: შესაძლებლობა მოცემულია. ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს ეს შესაძლებლობა აქვს. დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული. ინდივიდუალურად ადამიანები მხოლოდ საკუთარი თავისთვის არსებობენ. მაგრამ საკუთარი თავისთვისაც კი არავითარ სასარგებლო მიზანს არ ემსახურებიან. თუ ადამიანი იზრდება და იცვლება, ის შეიძლება გარკვეული ხარისხით მნიშვნელოვანი გახდეს ინდივიდუალურად, თუმცა ზუსტად ამის ცოდნა არ შეგვიძლია. თუმცა ეს უფრო მაღალგანვითარებულ ადამიანს ეხება და არა მექანიკურ ადამიანს.
კითხვა: რატომ ესაჭიროებათ მზეს, პლანეტებს და მთვარეს ურთიერთობა?
პასუხი: ეს ყველაფერი ერთია; ჩვენ გვეჩვენება ცალკეულად, სინამდვილეში კი ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული სხეულის სხვადასხვა ნაწილებივით. შეგვიძლია ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას შევადაროთ ან მზარდ ტოტში სითხის ცირკულირებას. აი რატომაა ურთიერთობა აუცილებელი.
კითხვა: რამდენ კანონს ემორჩილება ადამიანი?
პასუხი: არ ვიცით. ჩვენ მხოლოდ დედამიწაზე შეგვიძლია საუბარი, რომელიც 48 კანონს ემორჩილება, მაგრამ იგივე სკალის გამოყენება ადამიანთან დაკავშირებით არ შეგვიძლია. მხოლოდ მიახლოებით შეიძლება ითქვას, რომ ორგანული სიცოცხლე ისეთივე დამოკიდებულებაშია დედამიწასთან, როგორც მთვარე, და შესაბამისად 96 კანონს ემორჩილება. მაგრამ ეს მხოლოდ პრინციპია. ადამიანი გაცილებით მეტ კანონს ემორჩილება.
კითხვა: შეგიძლიათ თუ არა 48 კანონის მაგალითი მოგვიყვანოთ?
პასუხი: კანონების კატალოგის შედგენა არ არის მთავარი, მნიშვნელოვანია, იდეის არსი გვესმოდეს. ადამიანი არა ერთი ტიპის კანონს, არამედ მრავალ სხვადასხვა ტიპის კანონს ემორჩილება. პირველ ყოვლისა, ადამიანი, ისევე როგორც დედამიწის სხვა ბინადრები, ფიზიკურ კანონებს ემორჩილება, რაც გულისხმობს, რომ მას მხოლოდ განსაზღვრული ტემპერატურის დიაპაზონში შეუძლია არსებობა. შემდეგ, ჰაერში განსაზღვრული ტენიანობა უნდა იყოს, და ჰაერს სპეციალური ქიმიური შემადგენლობა უნდა ჰქონდეს, რათა ადამიანმა ისუნთქოს. ადამიანი ასევე გარკვეულ საკვებს ინელებს. ეს ყველაფერი ადამიანისთვის კანონს წარმოადგენს. შემდეგ, ყველაზე მარტივ კანონებზე თუ გადავალთ, ერთერთია მაგალითად ჩვენი უმეცრება. ჩვენ საკუთარ თავს არ ვიცნობთ - ეს კანონია. თუ საკუთარ თავს გავიცნობთ, ამ კანონისგან ვთავისუფლდებით. როგორც გითხარით, კანონების კატალოგს ვერ შევადგენთ, რადგან ზოგიერთს დასახელებაც არ აქვს, ზოგი კი ვიცით. მაგალითად, ვიცით, რომ ყველა ადამიანი გაიგივების კანონს ემორჩილება - ეს სხვა კანონია. ის, ვინც საკუთარი თავის გახსენებას იწყებს, გაიგივების კანონისგან თავისუფლდება. ამგვარად, კანონებისგან გასათავისუფლებლად, ადამიანმა ჯერ უნდა იპოვოს კანონი, რომლისგანაც უნდა გათავისუფლდეს, და შემდეგ გათავისუფლდეს მისგან. შემდეგ, როდესაც ამ კანონისგან დააღწევს თავს, მოძებნოს სხვა და ა.შ. ესაა კანონების შესწავლის პრაქტიკული გზა.
კითხვა: ბევრი კანონი არსებობს, რომელთა დამორჩილება აუცილებლობას წარმოადგენს, მაგალითად ყოველ ღამე რამდენიმე საათი უნდა გვეძინოს. ეს ხომ არ მიგვანიშნებს, რომ ადამიანი მანქანას წარმოადგენს?
პასუხი: არა, რადგან ძილის კანონი კოსმოსური კანონია. ადამიანი ამ სახითაა შექმნილი; ბევრი კოსმოსური კანონი ამ მექანიზმს ინარჩუნებს. მაგრამ არის კანონები, რომლებიც გვზღუდავენ ყველა მიმართულებით ან მათზე დამოკიდებულს გვხდიან, თუმცა ამ დროს სულაც არ არიან სავალდებულო - არც სასარგებლო მხარე გააჩნიათ და არც კოსმოსური კანონზომიერება. ჩვენ მრავალრიცხოვან უსარგებლო კანონებს და ძირითადად კი ჩვენს მექანიკურობის კანონს ვემორჩილებით. სწორედ ესაა, რაც განსაკუთრებით გვთრგუნავს. მაგალითად, უარყოფითი ემოციების კანონს ვემორჩილებით - ეს სრულიად ფუჭი კანონია; ჩვენ ამ ემოციების გარეშე გაცილებით ბედნიერად ვიცხოვრებდით, მაგრამ ადამიანებს ამის არ სჯერავთ.
კითხვა: თქვენ გულისხმობთ, რომ ყველა ამ კანონს უნდა დავემორჩილოთ?
პასუხი: ჩვენ ვერც დავემორჩილებით და ვერც არ დავემორჩილებით, ისინი არ გვეკითხებიან - ჩვენ შებოჭილები ვართ. ისინი გვმართავენ, გვაკონტროლებენ და გვხელმძღვანელობენ.
კითხვა: განთავისუფლება თუ შეგვიძლია?
პასუხი: შეგვიძლია - გარკვეულ პირობებში. გზები აქაა. ოთხი გზა - ფუჭი კანონებისგან განთავისუფლების გზებია. სკოლების გარეშე ადამიანს ვერ ეცოდინება, რომელი კანონებისგან შეუძლია გათავისუფლება ან გათავისუფლების გზები როგორ იპოვოს. იდეა ისაა, რომ ძალზე მრავალრიცხოვან მექანიკურ კანონებს ვემორჩილებით. ბოლოს და ბოლოს, ზოგიერთი მათგანისგან თავის დაღწევა შეგვიძლია სხვა კანონებზე დამორჩილების გზით. ერთი კანონის ზეგავლენისგან გათავისუფლების ერთადერთ გზას სხვა კანონის მორჩილება წარმოადგენს. მაგრამ ეს მხოლოდ ზოგადი იდეაა. გზა შეიძლება გიჩვენონ, მაგრამ თავად უნდა იმუშაოთ.
კითხვა: ახალი კანონების მორჩილებას სკოლაში მორიგ სიტყვებამდე და თეორიულ მსჯელობამდე ხომ არ მივყავართ?
პასუხი: საკუთარ თავზე მუშაობის შედეგები - არა ახალი კანონების შექმნას, არამედ ფუჭისგან განთავისუფლებას წარმოადგენს. სწავლის პერიოდში აუცილებელი დისციპლინა მხოლოდ და მხოლოდ საშუალებაა, და არა მიზანი. საკუთარი თავის შესწავლისას გაგება და ცნობიერებაა აუცილებელი. თქვენ ვერ გაიქცევით მხოლოდ სიტყვების გამოყენებით. ეს შეუძლებელია.
კითხვა: დამოკიდებულია თუ არა მუდმივი „მე“-ს მიღწევის შესაძლებლობა კანონების რაოდენობაზე, რომლებსაც ადამიანი ემორჩილება?
პასუხი: დიახ. შეეცადეთ, ანალოგია იპოვოთ, თუ რას ნიშნავს მრავალი თუ მცირე რაოდენობის კანონების მორჩილების ქვეშ ყოფნა. წარმოიდგინეთ ყოფითი ცხოვრებით მცხოვრები ადამიანი; რომ სამხედრო ვალდებულება არსებობს და ეს ადამიანი ჯარში გაიწვიეს. ვიდრე ის ჯარში მსახურობს, ის მრავალ კანონს ემორჩილება; როდესაც დაასრულებს ჯარში სამსახურს, ის ნაკლები რაოდენობის კანონის მორჩილებაში აღმოჩნდება. შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ ჯარში მსახურებისას მან დანაშაული ჩაიდინა და დააპატიმრეს. ახლა ის ციხის კანონების მორჩილებაშია, რომელიც ემატება ჯარის, ქვეყნის, ფიზიკურ და ბიოლოგიურ კანონებს და ა.შ. უნდა მოვძებნოთ მსგავსი ანალოგიები, რათა ამ იდეის გაგება გაგვიადვილდეს. მაგალითად, თუ ადამიანი ჯანმრთელია, ის განსაზღვრული რაოდენობის კანონების ქვეშაა, ხოლო თუ დაავადდა - გაცილებით მეტ კანონს ემორჩილება.
კითხვა: ნამდვილად ასეა?
პასუხი: დიახ, რა თქმა უნდა. ის ექიმს უნდა დაემორჩილოს, ან საავადმყოფოში დაწვეს, სადაც დამატებით საავადმყოფოს კანონები ბატონობენ.
კითხვა: რა მიზანი აქვს ჩემს კბილის ტკივილს?
პასუხი: ვერანაირ მიზანს ვერ ვხედავ.
კითხვა: ეს კოსმოსური გეგმის ნაწილია?
პასუხი: არა, არავითარი გეგმა არაა. მასშტაბისა და ფარდობითობის გარეშე მიზანზე ვერ ისაუბრებთ. შეუძლებელია, ერთი და იგივე მიზანი დიდ და პატარა სკალას ერგებოდეს. მიზეზი ყველაფერს აქვს, მაგრამ ყველაფერს მიზანი ან განზრახვა არ გააჩნია; მასშტაბის იდეა არ უნდა დაივიწყოთ.
კითხვა: როგორც ჩანს, ბუნება ძალზე უსამართლო და სასტიკია ადამიანის მიმართ.
პასუხი: რას უწოდებთ ბუნებას? მიწისძვრაც - ბუნებაა. თუმცა ახლა სიტყვას „ბუნება“ ორგანულ სიცოცხლეს ვუწოდებთ. ცხადია, ორგანული სიცოცხლე ისეთი, როგორიც არის, იმიტომ შეიქმნა, რომ სხვა საშუალებები არ არსებობდა. თუ ჩვენ ის არ მოგვწონს, შეგვიძლია გაქცევის მეთოდები შევისწავლოთ. ჩვენი ინდივიდუალური სიმცირის გამო ნებისმიერი უმაღლესი ძალისთვის შეუმჩნეველები ვართ. ჰოდა, ვინაა სამართლიანი ან უსამართლო? ჩვენ წარმოსახვით იდეებს ვიყენებთ. მცირე, შემოსაზღვრულ წრეში, განსაზღვრულ ორგანულ პირობებში, სამართლიანობა და უსამართლობა შეიძლება არსებობდეს. მაგრამ დიდ მასშტაბში ეს იდეა მნიშვნელობას ჰკარგავს. ბევრია ისეთი იდეა, რომელსაც გარკვეული მნიშვნელობა აქვს მცირე სკალაზე, დიდზე კი მნიშვნელობას კარგავს. ამასთან, სამართლიანობის იდეა საინტერესოა, რადგან ადამიანები უზარმაზარ ენერგიას კარგავენ ამ საკითხზე. ჩვენ შეგვიძლია ეს კარგვა შევაჩეროთ, მაგრამ სამყაროს გამოსწორება არ შეგვიძლია. მთელი ცხოვრება, თავიდან ბოლომდე, უსამართლობაა. მაგალითად, ჩვენ უნდა მოვკვდეთ, ეს განსაკუთრებით უსამართლობაა. ჩვენ მოვლენებს სამართლიანად და უსამართლოდ ვყოფთ, მაგრამ განა ამის უფლება გაგვაჩნია? მთელი ორგანული სიცოცხლე უსამართლობაზეა დაფუძნებული; ესაა კატების და ვირთხების გამამრავლებელი დამოუკიდებელი მეურნეობა. კატები ჭამენ ვირთხებს, ვირთხები კი კატებს. რას წარმოადგნს სამართლიანობა კატებისთვის ან ვირთხებისთვის? სიცოცხლე. არაფერი მშვენიერი. ჩვენი მიზანი - განთავისუფლებაა; აღშფოთება ჩვენი საქმე არაა, ეს მხოლოდ ენერგიის კარგვაა. თუმცა, თავი არ უნდა მოვიკატუნოთ, თითქოს სინამდვილე ისეთი არაა, როგორიც არის სინამდვილეში.
კითხვა: თქვენ ადამიანს მთელი ორგანული ცხოვრების გვერდით, იმავე ადგილას აყენებთ?
პასუხი: არავითარი განსხვავება არაა, სხვა ფორმები უბრალოდ ბოლომდეა განვითარებული, ადამიანი კი მხოლოდ სანახევროდაა განვითარებული.
კითხვა: რატომ აქვს შემდგომი განვითარების შანსი მინიჭებული მხოლოდ ადამიანს, როგორც ორგანული სიცოცხლის ერთ-ერთ გამოვლინებას?
პასუხი: ვფიქრობ, არჩევანში არაა საქმე. მიმაჩნია, რომ ამ კითხვას სრულიად განსხვავებული მიდგომა სჭირდება. ამ თვალსაზრისით, მთელი ორგანული სიცოცხლე შეიძლება განვიხილოთ, როგორც ხანგრძლივი ექსპერიმენტული მუშაობა თვითგანვითარებადი არსების შექმნის იდეით. თუ ადამიანს უმაღლესი მდგომარეობის მიღწევა ძალუძს, მხოლოდ იმის შედეგად, რომ ადამიანი ამ სახით შეიქმნა: ის თვითგანვითარებისთვის შეიქმნა. სხვა არსებები მხოლოდ და მხოლოდ სხვადასხვა თავისებურების განსავითარებლად ჩატარებული ექსპერიმენტია, მათ ადამიანისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება არ გააჩნიათ.
ადამიანი - მანქანაა, მაგრამ მანქანები განსხვავებულია, და მანქანა სპეციალური მიზნითაც შეიძლება შეიქმნას. თუ მანქანა მისი შესაფერისი მიზნით გამოიყენება, ის სწორ ადგილზეა, მაგრამ თუ მანქანა ერთი მიზნით შეიქმნა და მეორე მიზნით გამოიყენება, ის არასწორ ადგილზეა. ადამიანი - განსაზღვრული მიზნით შექმნილი განსაკუთრებული მანქანაა; ის შექმნილია როგორც ზოგიერთი 3, 6 და 12 სამყაროებიდან მომავალი უმაღლესი ზეგავლენის მიმღები აპარატი, ის შეიძლება გარშემომყოფი სამყაროსგან დამოუკიდებელი გახდეს.
კითხვა: როგორ შეუძლია ადამიანს საკუთარი სიტუაციიდან გაქცევა?
პასუხი: მას შეუძლია გაექცეს ზოგიერთ კანონს. სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა კანონები მოქმედებენ.
კითხვა: უმაღლეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ჩვენთან შედარებით ნაკლებ კანონს ემორჩილება?
პასუხი: რა თქმა უნდა, რადგან კანონთა უმეტესობა, რომელსაც უნდა ვემორჩილებოდეთ, ჩვენივე ძილის და ჩვენი გაუცნობიერებლობის შედეგია. გაცნობიერებისკენ ჩვენს მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი მეტ თავისუფლებას გვანიჭებს. დავუშვათ, ადამიანი საკუთარი მექანიკური ცხოვრებით კმაყოფილია; ამ შემთხვევაში უმაღლესი ზეგავლენებისგან ის თავად იზოლირდება და მხოლოდ 24-ე სამყაროდან დაწყებულ ზეგავლენებს ექვემდებარება. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ის უფრო უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე ადამიანი, რომელიც ზეგავლენას უმაღლესი სამყაროებიდან იღებს. მესამე და მეექვსე სამყაროებიდან კანონები ან ზეგავლენები მხოლოდ უმაღლესი აზროვნების ცენტრის მეშვეობით შეიძლება მოვიდეს, ხოლო მეთორმეტე სამყაროს ზეგავლენა - უმაღლესი ემოციური ცენტრის მეშვეობით.
ამას გარდა, უნდა გაიგოთ, რომ ბევრი ზეგავლენის მიღება მექანიკურად შეიძლება, მაგრამ ბევრი სხვა ძალისხმევას მოითხოვს. მეტიც, ზეგავლენები ადამიანში უცვლელი სახით არ რჩება - ისინი ტრანსფორმირდება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ტრანსფორმირდება.
კითხვა: აქვთ თუ არა პასუხისმგებლობა თავიანთ ქმედებებზე ადამიანებს ცხოველებისგან განსხვავებით?
პასუხი: №1, 2 და 3 ადამიანებს ნაკლები პასუხისმგებლობა აკისრიათ; №4 და ა.შ. ადამიანები მეტად პასუხისმგებლები არიან; პასუხისმგებლობა იზრდება. ცხოველს დასაკარგი არაფერი აქვს, ადმიანს კი აქვს. მას შემდეგ, რაც ადამიანმა ზრდა დაიწყო, მან ყოველი მის მიერ ჩადენილი შეცდომისთვის უნდა გადაიხადოს საფასური. თუ ადამიანს არავითარი კონტროლი არ გააჩნია, როგორც ძილში, მას არც პასუხისმგებლობა გააჩნია, მაგრამ თუ მცირეოდენი კონტროლის საშუალება აქვს, შესაძლებლობა აქვს იყოს მეტად თუ ნაკლებად გამოღვიძებული, როგორც ჩვენს შემთხვევაში, ის უკვე პასუხისმგებელია.
კითხვა: ეს სამართლიანია.
პასუხი: არა, არავინ ჩათვლიდა სამართლიანად საკუთარი შეცდომებისთვის საფასურის გადახდას. ადამიანთა უმეტესობა თვლის, რომ სამართლიანობა ჩვენთვის სასურველის, და არა დამსახურებულის, მიღებაა. სამართლიანობა გარკვეულ შეფარდებას უნდა აღნიშნავდეს მოქმედებებსა და მოქმედებათა შედეგებს შორის. ეს, რა თქმა უნდა, არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს შემთხვევითობის კანონის შემთხვევაში - ჩვენ კი სწორედ შემთხვევითობის კანონით ვცხოვრობთ. როდესაც ძირითად კანონებს ვიცნობთ, ჩვენ გვესმის, რომ ცუდ ადგილას, ნამდვილად ცუდ ადგილას ვცხოვრობთ. მაგრამ სადმე სხვაგან ცხოვრება არ ხელგვეწიფება, ამიტომ უნდა გავიგოთ, აქ რისი გაკეთება შეგვიძლია. თუმცა არაფერი იმაზე უკეთესად არ უნდა წარმოვისახოთ, ვიდრე ის სინამდვილეშია.
კითხვა სამართლიანობასა და უსამართლობაზე განსჯისთვის კარგი საკითხია, რადგან ადამიანები ბევრ ენერგიას ხარჯავენ ამ პრობლემაზე. ისინი იყენებენ სიტყვებს, მაგრამ არ იაზრებენ, რატომ უწოდებენ ერთ მოვლენას სამართლიანს, მეორეს კი უსამართლოს. მაგრამ ერთი მოვლენა ყოველთვის მეორესთანაა დაკავშირებული, ერთი აუცილებლად მეორეს მოყვება. ეს ჩვენი დაშვებაა, რომ ყველა სკალაზე სამართლიანობა უნდა იყოს. შეეცადეთ ახსნათ, რა არის სამართლიანი და რა - უსამართლო. საიდან იცით? ადამიანები მანქანებია. როგორ შეუძლიათ მანქანებს სამართლიანები იყვნენ? ეს თვისება მანქანებს არ ახასიათებს. თუ ისინი ადამიანი №5-ის მსგავსად ბუნებრივები არიან, ამ შემთხვევაში შესაძლებელია სამართლიანობაზე და უსამართლობაზე საუბარი; მაგრამ თუ მათი ქმედებები პირობებითა და გარემოებებით არის იძულებული, რას ელოდებით? საკმაოდ ხშირად ჩვენი წარმოდგენა უსამართლობაზე ძალზე შეზღუდულ შეხედულებას ეფუძნება. ჩვენ მოვლენებს არ ვადარებთ ერთმანეთს და მათ ბუნებრივ წესრიგს ვერ ვხედავთ. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ უსამართლობაზე, ვიდრე მას გამონაკლისად მივიჩნევთ. როდესაც მას ვამჩნევთ, როგორც წესი, შეგვიძლია დავფიქრდეთ, მას როგორ გავექცეთ. ჩვენს ახლანდელ მდგომარეობაში სამართლიანობას ადგილი არ აქვს, შეუძლებელია ციხეში სამართლიანობა სუფევდეს. ერთადერთი, რაზეც ადამიანს სერიოზულად ფიქრი შეუძლია, როდესაც აცნობიერებს, რომ ციხეში იმყოფება, გაქცევაა, და არა ციხეში ჯდომა და უსამართლობაზე ღაღადი. ადამიანები - მანქანებია, მათ გარკვეულ გზაზე უბიძგეს, და ისინიც მიგორავენ, ხოლო როდესაც კედელს შეეჯახებიან, გაჩერდებიან, შემდეგ კი უკან გაგორდებიან. სამართლიანობა, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, ადგილზეა დამოკიდებული. მოდით, მისი ადგილი სისტემის თვალთახედვით განვსაზღვროთ. ჩვენ კაცობრიობის სხვადასხვა წრეებად დაყოფით ვიწყებთ. ახლა ვხედავთ, სად აღმოცენდება სამართლიანობის არასწორი გაგება. სამართლიანობა რეალურად მეორე წრეში იწყება, სადაც ადამიანებს ერთმანეთის უკეთ ესმით; და უფრო მეტი სამართლიანობა ამ წრის შიგნით არსებულ წრეშია, და კიდევ უფრო მეტი - ყველაზე შიდა წრეში. გარეთა წრეში სამართლიანობა მხოლოდ შემთხვევითი შეიძლება იყოს, ისევე როგორც სხვა დანარჩენი. სამართლიანობა, ისევე როგორც სხვა მრავალი, რეალური და წარმოსახვითი: დადებითი ემოციები, მომავალი ცხოვრების ცოდნა, ადამიანთა ურთიერთგაგება და ა.შ., რომელთა პოვნა აქ გვსურს, არსებობს, თუკი საერთოდ არსებობს, მხოლოდ შიდა წრეებში, და მათი აქ ყოფნა შეუძლებელია.
კითხვა: ყველაფერი უცვლელად დარჩება, ვიდრე ადამიანები უფრო ცნობიერები არ გახდებიან?
პასუხი: სამყარო არ შეიცვლება, მაგრამ ჩვენ გაქცევა შეგვიძლია. ბევრი რამ უნდა შევისწავლოთ, რათა გავარკვიოთ, რისგან გაქცევაა შესაძლებელი და რისგან - არა. მაგრამ პირველი გაკვეთილი, რომელიც უნდა შევისწავლოთ, პირველი, რაც გაქცევაში გვიშლის ხელს - ისაა, რომ ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ ჩვენი მდგომარეობის ცოდნის აუცილებლობას. ყოველი, ვინც ეს იცის, უკვე უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება.
კითხვა: თუ ადამიანი სამყაროების ანალოგიურია, შეგვიძლია გავიგოთ, როგორია ადამიანის სამი კანონი?
პასუხი: დიახ, შეგვიძლია. თუ განვიხილავთ მეექვსე სამყაროს, ვნახავთ, რომ კანონთა ექვსი რიგი არსებობს, სამი ზედა სამყაროდან და სამი მისი საკუთარი. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ მეექვსე სამყაროს კანონები სანახევროდ იმ კანონებისგან შედგება, რომელსაც თავად ემორჩილება. ახლა განვიხილოთ მეთორმეტე სამყარო. მისი სამი საკუთარი კანონი შეადგენს ერთ ნახევარს, რომელიც მეორე ნახევრის ტოლია სხვა ცხრა კანონით, და ა.შ. სანამ ადამიანთან მივალთ. ადამიანის სამი საკუთარი კანონი შეადგენს კანონთა სრული რიცხვის ნახევარს, რომლის ქვეშაც ადამიანი ცხოვრობს. აქედან ჩანს, რომ რაც უფრო მაღალია ძალა, მით უფრო ნაკლებად აღწევს ადამიანამდე.
კითხვა: რატომ შეადგენენ ისინი ნახევარს?
პასუხი: იმიტომ, რომ ნახევარი ადგილი უკავიათ და მთელი ადგილის დაკავებაც შეუძლიათ, სხვა ძალებმა კი შეიძლება საერთოდ არ იმუშაონ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ზეგავლენებს ვეხსნებით - უმაღლესს თუ უმდაბლესს.
კითხვა: თქვენ აღნიშნეთ, რომ ორგანულ სიცოცხლეს 96 კანონი წარმართავს, ისევე, როგორც მთვარეს.
პასუხი: რაოდენობა იგივეა, მაგრამ გამოვლინება სხვაგვარია. ორგანული სიცოცხლე მთვარის მსგავსი არაა. მთვარე კოსმოსური სხეულია, ორგანული სიცოცხლე კი აპკია დედამიწის ზედაპირზე. კანონთა რაოდენობა მხოლოდ მოცემული ერთეულის დანარჩენთან მიმართებას გამოხატავს, მაგრამ არა მის ყოფიერებას და შემადგენლობას.
კითხვა: თქვენ თქვით, რომ პლანეტები სიტუაციაზე ზემოქმედებენ - ომები და ა.შ.
პასუხი: დიახ. მათ შეუძლიათ ომების გამოწვევა. მთელი მზის სისტემა ერთი მთლიანობაა, ამიტომ მასში ყველაფერი კოსმოსურ მიზეზებს უკავშირდება, რაც დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეზე ზემოქმედებს. მოვლენათა მიზეზები, რომლებიც დედამიწაზე ხდება, ხშირად დედამიწის მიღმაა. მაგრამ როდესაც მიზეზები არსებობს, რომლებსაც ომების გამოწვევა შეუძლია, ამ შემთხვევაში ყველაფერი მოცემულ ადგილას და მოცემულ დროს კაცობრიობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ადამიანებს მეტად ან ნაკლებად შეწინააღმდეგება შეუძლიათ. თუ ადამიანები კონკრეტულ დროს და კონკრეტულ ქვეყანაში უკეთეს მდგომარეობაში არიან, მათი მხრიდან წინააღმდეგობა მეტია.
კითხვა: ზემოქმედებს თუ არა დედამიწა მთვარეზე და სხვა პლანეტებზე?
პასუხი: დიახ, მაგრამ ჩვენთვის მხოლოდ ისაა საინტერესო, რა ზემოქმედებს ორგანულ სიცოცხლეზე და ორგანული სიცოცხლით უშუალოდ ჩვენზე.
კითხვა: როგორ შევძლებთ დაუსაბუთებელი მტკიცებების შემოწმებას ორგანული სიცოცხლის როლის და მთვარის შესახებ, რომელიც ყველაზე ახალგაზრდაა მთვარეში?
პასუხი: არავითარი დაუსაბუთებელი მტკიცებები არ არსებობს - ეს ყველაფერი სისტემიდან გამომდინარეობს. ეს ჩემი სისტემა არაა, ის მე არ გამომიგონებია. მხოლოდ როგორც თეორია ის საინტერესო არაა; ის მხოლოდ მაშინაა საინტერესო, თუ ვაცნობიერებთ, რომ ის უმაღლესი გონისგან მომდინარეობს. ფსიქოლოგიური კუთხით დავიწყე, რათა თქვენთვის ამ იდეების შეფასების საშუალება მომეცა. თუ ეს გაიგეთ, მოთმინებას გამოავლენთ.
კითხვა: ბუნების წინააღმდეგ ხომ არ ვმუშაობთ? ხშირად მიფიქრია, რომ ასეა.
პასუხი: ბუნების წინააღმდეგ ვმუშაობთ, მაგრამ ბუნება ფარდობითი ტერმინია. სამყაროების შიგნით სამყაროების ამ კონცენტრულ წრეებში, თუ ბუნების წინააღმდეგ მუშაობთ, თქვენ ერთი კონცენტრული წრის წინააღმდეგ მუშაობთ, მაგრამ ეს შეიძლება სხვა წრის საწინააღმდეგო მუშაობა არ იყოს. ეს ერთი და იგივე ბუნება არაა; ბუნების გარეთ თუ ხართ, ბუნების წინააღმდეგ ვერ იმუშავებთ; თუ ერთი ბუნებიდან გამოდიხართ, მეორე ბუნების წიაღში ხვდებით.
კითხვა: რა მონაცემებს ეფუძნება დაშვება, რომ ადამიანს შეუძლია სამყაროში საკუთარი ადგილის წინააღმდეგ გაილაშქროს, და ეს კიდევ ერთი ილუზია ხომ არაა?
პასუხი: მაგრამ ეს ადამიანს არ შეუძლია. ადამიანს დედამიწის დატოვება არ ძალუძს, მაგრამ შეუძლია სხვადასხვა კანონს ემორჩილებოდნენ, მანამ, სანამ იმავე მდგომარეობაში და იმავე დედამიწაზე არიან. მას შეუძლია ერთი ან მეორე რიგის კანონს დაემორჩილოს, და მისი დაკვირვება შესაძლებელია, თუ ვიცით, ეს რას ნიშნავს. ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ ადამიანებს, რომლებიც ყოფით ცხოვრებაში სხვადასხვა რიგის კანონებს ემორჩილებიან, და თუ ამაში თუნდაც მცირედით დავრწმუნდებით, ადვილად მივხვდებით, რომ განვითარება შეიძლება გაგრძელდეს. უნდა დაფიქრდეთ, რას ნიშნავს სხვადასხვა კანონების მორჩილება. ისეთებსაც კი, როგორებიც ვართ, გარკვეული, შესაძლოა არასრული, არჩევანის საშუალება გვაქვს, მაგრამ ბევრი რამის შეცვლა სწორედ სწორი არჩევანის წყალობით შეგვიძლია.
კითხვა: აუცილებელია თუ არა ცოდნის დიდი მარაგი, რათა გავლენებს შორის არჩევანი გავაკეთოთ?
პასუხი: მნიშვნელოვანი კითხვაა, რადგან ეს არა ცოდნის, არამედ ყოფიერების საკითხია. ადამიანი სამყაროს სხვადასხვა ნაწილიდან მომავალი ზეგავლენებით ცხოვრობს. ერთ მდგომარეობაში ერთი რიგის ზეგავლენა იმარჯვებს, მეორე მდგომარეობაში - სხვა. ერთი ცხოვრების განმავლობაში ადამიანი ერთ დღეს შეიძლება ერთი რიგის ზეგავლენას განიცდიდეს, მეორე დღეს - სხვას.
კითხვა: უფრო მეტ კანონს ხომ არ ვემონებით ჩვენი ცრუ პიროვნების წყალობით?
პასუხი: დიახ, ასეა, ბევრ, სრულიად უსარგებლო, მექანიკურ კანონს ვემორჩილებით.
კითხვა: რა ღირებულება გააჩნია ცხრილებისა და დიაგრამების შესწავლას?
პასუხი: როდესაც სისტემის შესწავლას შეუდექით, ბევრი კითხვა და აზრი გექნებოდათ სამყაროს, საგანთა ერთთმანეთთან მიმართების და სამყაროში საკუთარი თავის შესახებ. დიაგრამებისა და კანონთა შესწავლით ახალი თვალთახედვა გიჩნდებათ: გარკვეული წარმოდგენა გქონდათ სამყაროზე, ახლა კი, ამ დიაგრამების და პრინციპების წყალობით სხვაგვარ აზროვნებას იწყებთ.
კითხვა: შეუწყობს თუ არა ხელს კოსმოლოგიის თეორიული ცოდნა გაგების ზრდას?
პასუხი: ეს არაა თეორიული ცოდნა, ის საკმაოდ პრაქტიკულია, და, რა თქმა უნდა, ის ხელს შეუწყობს გაგების ზრდას, რადგან ის ამისთვის მყარ ფუნდამენტს შექმნის. ქმნილების სხივი - გამორიცხვის, გამარტივების სისტემაა - ის გამორიცხავს ყველა არაპრაქტიკულ ცოდნას. ქმნილების სხივის მეშვეობით ჩვენ სამყაროდან გამოვრიცხავთ ყველაფერს, რასაც არავითარი პიროვნული კავშირი არ აქვს ჩვენთან, ყველაფერს, რისი გაგებაც პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც აღვნიშნე, ქმნილების სხივის შესწავლისას სკალის პრინციპს ვიყენებთ. ეს ეხება საგანთა თუ მოვლენათა ჩვენეულ აღქმას; და მაინც, სხვა თვალთახედვით, ეს აგრეთვე თითოეულ ნივთს ეხება. აი, რა უნდა იყოს გასაგები: ეს მხოლოდ სუბიექტური არაა, რადგან სხვადასხვა სკალაზე განსხვავებული კანონები მოქმედებენ.
ამას გარდა, ქმნილების სხივის და სამყაროს ძირითადი კანონების მსგავსი ყველა მსხვილი იდეა აუცილებლობას წარმოადგენს, რადგან ისინი ჩვენ აზრებს სწორ მიმართულებას ანიჭებს. ისინი აზრებს უშედეგოდ გავრცელების საშუალებას არ აძლევენ, ამდენად თვითგახსენებასაც უწყობენ ხელს. თუ ამ იდეებს უარყოფთ, თუ მხოლოდ საკუთარი თავის გახსენებას ცდილობთ და სხვა იდეებს გამორიცხავთ, თვითგახსენება არ გამოგივათ.
* * *
ახლა უნდა ვისაუბროთ მატერიებზე, რომლისგანაც სამყაროა შექმნილი. ჩვენს ირგვლივ მყოფი სამყაროს ყველა მატერია, საკვები, რომელსაც ვჭამთ, წყალი, რომელსაც ვსვამთ, ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ, ჩვენი სახლების ქვები, ჩვენივე სხეულები - ყველაფერი სამყაროში არსებული მატერიებისგან შედგება. მზის მატერიის საპოვნელად მზის შესწავლა ან გაანალიზება არაა აუცილებელი; ეს მატერია თავად ჩვენშია, ის ჩვენი ატომების დაყოფის შედეგია. ამგვარადვე ყველა სხვა სამყაროების მატერიასაც შევიცავთ. ამ აზრით ადამიანი მინიატურული სამყაროა; ის სამყაროს შემადგენელ ყველა მატერიას შეიცავს; იგივე ძალები, იგივე მთელი სამყაროს სიცოცხლის წარმმართველი კანონები მოქმედებს მასში. აქედან გამომდინარე, როგორც უკვე აღვნიშნე, ადამიანის შესწავლით სამყაროს ვსწავლობთ, და პირიქით.
მაგრამ სრული პარალელის გავლება ადამიანსა და სამყაროს შორის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ადამიანს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ანუ როგორც განვითარებული ძალებისა და შესაძლებლობების ადამიანს, განვიხილავთ. ნაკლებად განვითარებული ადამიანი, ადამიანი, რომელსაც საკუთარი ევოლუცია არ დაუსრულებია, ვერ მიიღება სამყაროს სრულყოფილ სახედ - ის დაუმთავრებელი სამყაროა.
როგორც ადრე ითქვა, კანონები ყველა დონეზე ერთი და იგივეა. სხვადასხვა სამყაროში, ანუ განსხვავებულ პირობებში გამოვლენილი ეს კანონები სხვადასხვა მოვლენებს იწვევს. მათი გამოვლენის დონეებთან კანონების მიმართების შესწავლას ფარდობითობის შესწავლამდე მივყავართ.
თუ ქმნილების სხივს ავიღებთ, უნდა გვახსოვდეს, რომ სამყაროები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან და სამის კანონის შესაბამისად ურთიერთქმედებენ. სხვა სიტყვებით, ერთად აღებული პირველი სამი სამყარო იწვევს მოვლენებს, რომლებიც შემდგომ სამყაროებზე ზემოქმედებს და ა.შ. პირველ სამ სამყაროში აბსოლუტი წარმოადგენს აქტიური ძალის გამტარს, სამყარო 3 - პასიური ძალის გამტარს და სამყარო 6 - გამანეიტრალებელი ძალის გამტარს. სხვაგვარად, აბსოლუტი ნახშირბადია, სამყარო 3 - ჟანგბადი, და სამყარო 6 - აზოტი.
თუ სამ ძალას თანმიმდევრობით განვალაგებთ, მათი გაერთიანების რიგის მიხედვით, მივიღებთ რიგებს 1, 2 და 3; მაგრამ ამ ძალების გამტარი მატერია, მათი სიმკვრივის თანახმად, შემდეგი თანმიმდევრობით განლაგდება: ნახშირბადი, აზოტი, ჟანგბადი. ამგვარად, როდესაც ტრიადა ჩამოყალიბებას იწყებს, შემდეგი თანმიმდევრობით ლაგდება: 1, 3, 2. როდესაც მატერიები ამ თანმიმდევრობითაა განლაგებული, მოვლენები წარმოიქმნება. მაგრამ შემდგომი ქმნილებისთვის, შემდეგი ტრიადის ფორმირებისთვის, აზოტი, ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ მესამე ადგილს, 1, 2, 3 რიგს უნდა დაუბრუნდეს და, ამგვარად, შემდეგი ტრიადის ნახშირბადი გახდეს, რადგან მეორე ტრიადა პირველი ტრიადის აქტიურად ქცეული გამანეიტრალებელი ძალიდან გამომდინარეობს. ტრიადაში მატერიის ეს ადგილის ცვლილება კოსმოსური ცეკვის სახეობაა, რომელიც ქმედებას შობს.
ახლა შევეცადოთ დავინახოთ, სამყარო 3-ში საკუთარი თავის გამოსავლენად, როგორ უნდა გაიაროს თავდაპირველად სამყარო 6 აბსოლუტიდან გამომავალმა ძალებმა. ანალოგია სრულიად ნათლად გვაჩვენებს ძალის ამ მიმართულების აუცილებლობას. როგორც ვთქვი, ადამიანის ნებას ქსოვილის უბანზე ზემოქმედება შეუძლია მისი სხეულის ზოგიერთ ნაწილებში. მაგრამ ქსოვილი უჯრედებისგან შედგება. ქსოვილზე ზემოქმედებისთვის, ადამიანის ნებამ ჯერ უჯრედებზე უნდა იმოქმედოს, რომლებიც ამ უბანს ქმნიან. ქსოვილი - სამყაროა, რომელიც უჯრედებისგან განსხვავდება, მაგრამ იმავე დროს, არ არსებობს უჯრედების გარეშე, რადგან უჯრედებისგან შედგება.
სამყარო 3 - სამყარო 6-ისგან გამოყოფილი სამყაროა, და იმავდროულად ის 6 სამყაროებისგან, ანუ ჩვენი ირმის ნახტომის მსგავსი სამყაროებისგან შედგება. ამიტომ, იმისთვის რომ იმოქმედოს 3 სამყაროს ნაწილზე (ყველა სამყარო), აბსოლუტმა ჯერ უნდა იმოქმედოს 6 სამყაროების გარკვეულ რაოდენობაზე (ყველა მზე), რომელთაგანაც შედგება სამყარო 3.
ამგვარად, ძალების გავლისას, სამყაროების 1, 3, 6 თანმიმდევრობა თავიდან არის 1, 3, 6, შემდეგ 1, 6, 3, ძალების შემდგომი გავლისას კი, ისინი კვლავ 1, 3, 6 თანმიმდევრობას უნდა დაუბრუნდნენ. შემდეგ ტრიადაში ირმის ნახტომი ნახშირბადს წარმოადგენს, მზე - ჟანგბადს და პლანეტები - აზოტს. რადგან აზოტი ნახშირბადსა და ჟანგბადს შორის დგას, ირმის ნახტომიდან, ანუ ვარსკვლავებიდან გამომავალმა ძალამ ჯერ პლანეტები უნდა გაიაროს, რათა მზეს მიაღწიოს.
ერთი შეხედვით ეს შეიძლება უცნაურად ჩანდეს, მაგრამ თუ მზის სისტემის აგებულებას ნათლად წარმოვიდგენთ, ცხადად დავინახავთ, რომ სხვაგვარად ვერ იქნება. აქ არავითარი ანალოგია არაა საჭირო. წარმოიდგინეთ მის გარშემო მოძრავი პლანეტებით გარშემორტყმული მზე; მოშორებით - ვარსკვლავთა გარკვეული ჯგუფი, რომელთაგან მომავალი ზეგავლენა მზისკენ მიემართება. მაგრამ მზე ერთ ადგილას არ დგას; ჩვენ ვიცით, რომ ის მოძრაობს; მის გარშემო მოძრავი პლანეტები, მასთან ერთად მოძრაობენ სივრცეში, და ყოველი მათგანი თავისი მოძრაობით მზის ცენტრალური ღერძის ირგვლივ სპირალს წარმოქმნის, იმგვარად, რომ ეს ცენტრალური ღერძი მთლიანად მოქცეულია პლანეტების სპირალში, და მასთან ვერანაირი ზეგავლენა ვერ მიაღწევს თავდაპირველად ამ პლანეტების სამყაროს გავლის გარეშე, ანუ სპირალის რკალების განმსჭვალვის გარეშე.
შემდეგ, რაც მესამე ტრიადის ნახშირბადი გახდებიან, პლანეტებმა შესაბამისი ჟანგბადი და აზოტი უნდა იპოვონ. ჩვენს ქმნილების სხივში ჟანგბადი - დედამიწაა. მაგრამ ასტრონომიულ ქმნილების სხივში არანაირი აზოტი არაა. შესაბამისად, პლანეტებს თავისი ზეგავლენის უშუალოდ დედამიწაზე გადაცემა არ შეუძლიათ, და პლანეტებსა და დედამიწას შორის ძალების გადასასვლელად სპეციალური მექანიზმი - დედამიწის მგრძნობიარე ორგანო - დედამიწაზე ორგანული სიცოცხლე შეიქმნა.
ორგანული სიცოცხლე დედამიწაზე - მესამე ტრიადის აზოტია. პლანეტებიდან მომავალი ძალები თავიდან ორგანულ სიცოცხლეზე ხვდებიან, რომელიც მათ აღიქვამს და დედამიწაზე ავრცელებს.
თუ გავიხსენებთ ჩვენს საკუთარ ორგანიზმში მგრძნობიარე ნერვების დაბოლოებების მეტად რთულ ორგანიზაციას, მაგალითად გემოს და სუნის ნერვების დაბოლოებებს, აღარ მოგვეჩვენება უცნაურად, რომ ადამიანი დედამიწაზე ნერვის მგრძნობიარე დაბოლოებად მოიაზრება.
რა თქმა უნდა, ბალახით დაფარული მინდორი მრავალი თვალსაზრისით განსხვავდება ადამიანისგან - ის მხოლოდ ზოგ და საკმაოდ ცოტა პლანეტურ ზემოქმედებას იღებს. ადამიანი გაცილებით რთულ ზემოქმედებას იღებს. მაგრამ ადამიანები ამ თვალსაზრისით ძალზე განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ადამიანთა უმეტესობას მნიშვნელობა მხოლოდ მასაში გააჩნია, და მხოლოდ მასა ღებულობს ამა თუ იმ ზეგავლენას. სხვებს ზემოქმედების მიღება ინდივიდუალურად შეუძლიათ - იმ ზემოქმედების, რომლის მიღება მასებს არ ძალუძთ, რადგან მასები მხოლოდ უხეშ ზემოქმედებას აღიქვამენ.
ორგანული სიცოცხლე დედამიწაზე, რაკიღა მესამე ტრიადის აზოტის როლს თამაშობს, ამ ფაქტის გამო მთვარის მეოთხე ტრიადაში ნახშირბადს წარმოადგენს. სხვაგვარად, ის აქტიურ ძალას ატარებს, რომელიც შესაბამის ჟანგბადს და აზოტს ხვდება. დედამიწა - ჟანგბადია, მთვარე კი - აზოტი, რომლის გავლითაც ორგანული სიცოცხლის ზეგავლენები დედამიწაზე გადადიან.
ახლა, თუ ოთხ ტრიადად დაყოფილ ქმნილების სხივს ავიღებთ, და გვახსოვს, რომ ყოველი ტრიადის სრული ჯამი - განსაზღვრული წყალბადია, ოთხ წყალბადს ანუ მატერიის ოთხ განსაზღვრულ სიმკვრივეს მივიღებთ. ეს ოთხი წყალბადი სამყაროს ოთხი ძირითადი წერტილის შესაბამისად შეგვიძლია განვიხილოთ. პირველი აბსოლუტს შეესაბამება, მეორე - მზეს, მესამე - დედამიწას, მეოთხე - მთვარეს.
როგორც აღვნიშნე, ქმნილების სხივი შეიძლება ოქტავად მივიჩნიოთ. რე-ს შემდეგ, რომელსაც მთვარე წარმოადგენს, ოქტავას თავისი დო გააჩნია, რომელიც ასევე აბსოლუტია. ამგვარად, არსებობს, ასე ვთქვათ, ორი აბსოლუტი: ერთი სხივს იწყებს, მეორე კი ასრულებს მას. ერთი აბსოლუტი ყველაფერია, მეორე - არაფერი. მაგრამ შეუძლებელია ორი აბსოლუტის არსებობა, რადგან თავისი ბუნებით აბსოლუტი ერთია. ამიტომ ყველაფერი მოიცავს არაფერს, და არაფერი - ყველაფერს. ჩვენი დუალურად მოწყობილ გონებას ურთიერთსაწინააღმდეგოთა ერთობის აღქმა არ ძალუძს. ჩვენ ვყოფთ ყველაფერს, აბსოლუტსაც კი. სინამდვილეში, იმას, რასაც წინააღმდეგობათა ანტითეზას ვუწოდებთ, მხოლოდ ჩვენს წარმოდგენაში, სამყაროს ჩვენეულ სუბიექტურ აღქმაში არსებობს. მაგრამ მაშინაც კი, როდესაც ეს გვესმის, ამ გაგების სიტყვებით გადმოცემა არ ძალგვიძს; ჩვენს ენას სიტყვები არ გააჩნია, რომლებსაც ერთდროულად თეზისის და ანტითეზისის მოცვა შეუძლიათ. ჩვენი გონება მათ ერთ გაგებად ვერ აღიქვამს, ზუსტად ისევე, როგორც ვერ იაზრებს ზოგიერთი ინდური ღმერთის სახეს, რომლებიც თავის თავში სრულ წინააღმდეგობებს აერთიანებს.
ახლა კოსმოსური ოქტავის ოთხ ძირითად წერტილს შორის გამოსხივების გადასვლა გამოვიკვლიოთ. ავიღოთ ყოველ ორ წერტილს შორის გამოსხივება ოქტავის ფორმით და ამგვარად, სამ ოქტავას მივიღებთ: აბსოლუტი - მზე; მზე - დედამიწა; დედამიწა - მთვარე.
უნდა აღინიშნოს, რომ თუმცა ექვსი ინტერვალი არსებობს, მხოლოდ სამ მათგანს ესაჭიროება გარედან შევსება. დო-დან სი-მდე ინტერვალები აბსოლუტის ნებით, მზის მასის მასში გამავალ გამოსხივებაზე ზემოქმედებით, და დედამიწის მასის მასში გამავალ გამოსხივებაზე ზემოქმედებით ივსება.
ამ ტაბულაში ყველა წყალბადი მატერიას წარმოადგენს, რომელთანაც საქმე გვექნება ადამიანის შესწავლის დროს. ტაბულა სკალაზე ორჯერაა შემცირებული, რათა მხოლოდ ის წყალბადები მოეცვა, რომელთაც ადამიანთან აქვთ შეხება - როგორც მის გარეგან, ასევე მისი ორგანიზმის შინაგან ცხოვრებასთან.
კითხვა: რა სახითაა ეს წყალბადები ადამიანთან დაკავშირებული?
პასუხი: მაგალითად, წყალბადი 768 წარმოადგენს მთელ საკვებს, რომელსაც ვჭამთ; ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ, ჟანგბადი 192-ია, ხოლო ჩვენი შთაბეჭდილებები შეიძლება იყოს 48, 24, 12 ან 6-ც კი. ჩვენ უზარმაზარი რაოდენობის შთაბეჭდილებები გაგვაჩნია, მაგრამ საკვების ან ჰაერის არჩევანი არ გვაქვს. არ შეგვიძლია, მაგალითად, წყალბადი 96-ის ჩასუნთქვა, რადგან ესაა ცეცხლი, გავარვარებული აირი. ჩვენ ვერ შევჭამთ H 384, ეს წყალია, ჩვენ კი წყალზე ცხოვრება არ შეგვიძლია. თქვენ ნახავთ, რომ ეს ტაბულა ყველა ჩვენს მოთხოვნას პასუხობს; ის საშუალებას გვაძლევს ყველა მატერიაზე ვისაუბროთ ადამიანის მანქანაში და მათი ურთიერთქმედება დავინახოთ; ის ასევე შესაძლებელს ხდის ადამიანი სამყაროსთან დავაკავშიროთ, რადგან ვიცით, ყოველი მატერია რომელი დონიდან მოდის.
წყალბადების ეს ცხრილი არა მხოლოდ ყოველი წყალბადის სიმკვრივეს გვიჩვენებს, არამედ ასევე მატერიის ამ სხვადასხვა ფენების წარმოშობის ადგილს, რომლებიც სხვადასხვა კანონებს ემორჩილებიან, როგორც უკვე ითქვა. აბსოლუტის სიახლოვეს, ძალზე მცირე რაოდენობის კანონის ქვეშ მყოფი დონეებიდან მომავალი წყალბადები უზარმაზარ ძალას და უზარმაზარ პოტენციურ ენერგიას ფლობენ.
ამგვარად, თორმეტი სიბრტყის სკალა გაგვაჩნია, რომელზეც შეიძლება ადამიანისთვის ცნობილი ან მის მიერ წარმოდგენილი მთელი მატერია მოთავსდეს.
უფრო დაბალი სიმკვრივეებისთვის მაგალითების მოძიება როგორც ადამიანში, ასევე მის გარშემო სამყაროში შეგვიძლია. H 96 ან 48-ზეც კი მათი შესწავლა ფიზიკური ქიმიით, ბიოლოგიით და სხვა მეცნიერებებითაც შეიძლება. H 48-ზე მაღლა ჩვენ მხოლოდ მათი არსებობის ან არარსებობის ფსიქოლოგიური შედეგების შესწავლა შეგვიძლია - წყალბადების დონეების ცოდნა, რომლებთანაც სხვადასხვა ცენტრები მუშაობენ.
უფრო მაღალი წყალბადები ადამიანში მხოლოდ პოტენციურია ან იმდენად მცირე რაოდენობითაა, რომ მათი შესწავლა შეუძლებელია. უფრო მაღალი წყალბადების შესწავლა გარშემომყოფ სამყაროში №1, 2 და 3 ადამიანის აღქმის ძალებს აღემატება.
კითხვა: გამოსხივების სამ ოქტავაში სამი ინტერვალი როგორაა შევსებული?
პასუხი: ეს კოსმოსური მექანიზმია, წინაამღდეგ შემთხვევაში სხივი ვერ იარსებებდა. ისინი ივსებიან ბუნების ძალებით, ზუსტად ისევე, როგორც საკუთარ ორგანიზმში ხედავთ: ადამიანის ორგანიზმში ზოგიერთი ინტერვალი ბუნებით ივსება, სხვაგვარად ვერ ვიარსებებდით.
კითხვა: ყოველი წყალბადი სამი ელემენტისგან შედგება, ისევე როგორც სამი ძალისგან?
პასუხი: ის სამი ძალისგან შედგება, რომლებიც სამ ელემენტზე მუშაობენ. ამ სამ ძალას სამი ელემენტის გარეშე მუშაობა არ შეუძლია. წყალბადი - სრული ჯამია.
კითხვა: შთაბეჭდილებები ენერგიას შობს?
პასუხი: ისინი თავად არიან ენერგია. ყოველთვის, როდესაც შთაბეჭდილებას ვიძენთ, გარკვეული სახის მატერიასაც ვიღებთ. მატერია ენერგიისგან გამოყოფილი არაა: სადაც მატერიაა - იქ ენერგიაცაა, სადაც ენერგიაა - იქ მატერიაცაა.
* * *
კიდევ ერთ დიაგრამას მოგცემთ, რომელიც გაგებაში დაგეხმარებათ. როგორც გითხარით, ორგანული სიცოცხლე - სპეციალური მექანიზმია, რომელიც პლანეტებსა და დედამიწას შორის ინტერვალს ავსებს. ის გვერდითი ანუ დამატებითი ოქტავის ფორმითაა შექმნილი, რომელიც მზეში - სოლ - იწყება. სოლ ხდება დო და წარმოქმნის სი-ს პლანეტების დონეზე, შემდეგ კი სამ ნოტას - ლა, სოლ, ფა, რომლებიც დედამიწაზე ორგანულ სიცოცხლეს წარმოადგენენ. შემდეგ ამ გვერდითი ოქტავის მი შემოდის დედამიწაზე, რე კი მთვარეში. ამგვარად, ორგანული სიცოცხლე მიეკუთვნება არა მთავარ ოქტავას, არამედ ამ სპეციალურ ოქტავას, რომელიც მზეში იქმნება. ჩვენ არ ვიცით, რას ნიშნავს დო და სი ოქტავები. მთელი ამ ოქტავიდან ვიცით მხოლოდ ლა, სოლ, ფა და მი. რე-ს შესახებაც კი, რაც ვიცით, არის ის, რომ როდესაც ვინმე კვდება, ადამიანი იქნება ეს თუ ტარაკანა, მისი სული მთვარეზე მიდის.
კითხვა: როდესაც ამბობთ, რომ ვიცით, რას წარმოადგენს მი, დედამიწას ხომ არ გულისხმობთ?
პასუხი: არა, იმ ყველაფერს, რაც დედამიწაში მიდის - ფიზიკურ სხეულს; ნებისმიერი ფიზიკური მატერია სიკვდილის შემდეგ მიწაში მიდის.
კითხვა: ყველა ორგანიზმისთვისაა სული შექმნილი?
პასუხი: სხეული იბადება, სწორედ ამ დროს სულიც იბადება; ის მხოლოდ სხეულის ნაწილია, რომელიც მედიცინისთვის, ფიზიკითვის და ქიმიისთვის უცნობია. მაგრამ მის გარეშე სხეულს არსებობა არ შეუძლია. როდესაც სხეული კვდება, სული თავისუფლდება და ამ უზარმაზარი „ელექტრომაგნიტით“ - მთვარით მიიზიდება.
კითხვა: ჯერ კიდევ არ მესმის ორგანული სიცოცხლის ზეგავლენა პლანეტებსა და დედანიწას შორის. ის ორივე მიმართულებით მოქმედებს?
პასუხი: შეეცადეთ დაიწყოთ იქიდან, რისი გაგებაც შეგიძლიათ, მოგვიანებით კი თქვენი გაგება გაიზრდება. არავის ძალუძს ყველაფრის ერთად გაგება. გაგება დაკავშირებას ნიშნავს. ორგანული სიცოცხლე პლანეტურ ზემოქმედებას დედამიწას გადასცემს. ფაქტობრივად პროცესი ორივე მიმართულებით მიდის, მაგრამ ჩვენ ვერცერთს ვერ ვხედავთ. შეგვიძლია თეორიად განვიხილოთ, თუმცა ანალოგიების პოვნა შესაძლებელია. ჩვენ ვხედავთ, როგორ ახდენს ორგანული სიცოცხლე მზისგან მომდინარე ზემოქმედების ტრანსფორმაციას, და რამდენად დიდ როლს თამაშობს დედამიწის ქერქის სტრუქტურაში. მაგალითად ნეშომპალა - მიწის ჭიაყელების ცხოველქმედების შედეგია; ნავთობი - თევზებისა და ზღვის ორგანიზმების დაგროვების შედეგია; ნახშირი - ტყეების შედეგია; ცარცი, მარჯნის კუნძულები - ყველაფერი ორგანული სიცოცხლის შედეგია, რაც მიწაში რჩება. ეს აჩვენებს, როგორ შედის მი დედამიწაში. ეს ყველაფერი გვერდითი ოქტავის მი-ა, რომელშიც ლა-სოლ-ფა - ორგანული სიცოცხლეა, მისი სიცოცხლის ჟამს. ეს აჩვენებს, როგორ ახდენს ორგანული სიცოცხლე მზის ზეგავლენის ტრანსფორმაციას. ჩვენ ვერ ვხედავთ, როგორ ახდენს პლანეტური ზემოქმედების ტრანსფორმაციას, მაგრამ შეგვიძლია მზის ზემოქმედების ანალოგია მივიღოთ. ეს მიუთითებს, რომ ორგანული სიცოცხლე დაკავშირებულია როგორც პლანეტებთან, ასევე მზესთან, და პლანეტურ ზემოქმედებას ზუსტად ისე გარდაქმნის, როგორც მზის ზემოქმედებას.
კითხვა: მექანიკურია თუ არა ქმნილების სხივი?
პასუხი: მთლიანად არა, როდესაც ჩვენამდე მოაღწევს, ამის შემდეგ დიახ, რადგან ჩვენს დონეზე ყველა კანონი მექანიკურია.
კითხვა: როგორ შეუძლია მექანიკურ სხივს შექმნას მანქანა, რომელსაც მუდმივი ნების მიღწევა შეუძლია?
პასუხი: უნდა გახსოვდეთ, რომ ქმნილების სხივი ცნობიერად იწყება, და აშკარაა, საწყის წერტილში ყველაფრის გეგმა არსებობს, ან ზოგიერთი გეგმა შესაძლოა თანდათან განვითარდეს. მაგრამ დედამიწაზე მოქმედ 48 კანონში არის სამყარო 3-ის სამი კანონი, რომლებიც უშუალოდ აბსოლუტის ნებას ემორჩილებიან. სხვადასხვა დონეებიდან მომავალი კანონები ერთნაირად მექანიკური არაა; ზოგი მეტად მექანიკურია, ზოგი - ნაკლებად. თუ დიდ ოქტავას განვიხილავთ, რომელიც მზიდან იწყება - ორგანული სიცოცხლის ოქტავას, ვნახავთ, რომ მზე დედამიწაზე გაცილებით მაღლაა, და ცხადია, ამ ოქტავაში განვითარების შესაძლებლობების შექმნა შეიძლება. ამგვარად, თუ ადამიანს განვიხილავთ როგორც თესლს, მას ზრდის შესაძლებლობა აქვს. ის მხოლოდ მისი გარეგნული მხარე არაა, მასში არის რაღაც, რაც არ ჩანს - ესაა ევოლუციის ფარული შესაძლებლობა. უფრო მექანიკურსა და ნაკლებად მექანიკურს შორის ამ კავშირის გაგება მხოლოდ საკუთარ თავში შეგვიძლია. ჩვენ ვიცით, რამდენად მექანიკურები ვართ და რომ, თუ ვიმუშავებთ, ნაკლებ მექანიკური შეგვიძლია გავხდეთ. ესაა მექანიკურობის შესწავლის ერთადერთი გზა.
კითხვა: თუ ადამიანი როგორც ორგანული სიცოცხლის ნაწილი სამყაროს სქემაში გარკვეულ მიზანს ემსახურება, რა დამატებითი მიზანი შეიძლება ჰქონდეს მის მიერ ცნობიერების მოპოვებას?
პასუხი: ეს დამოკიდებულია იმაზე, რა გვსურს. თქვენ შესაძლოა გაკმაყოფილებდეთ ბუნების გარკვეული მიზნები ან საკუთარი იდეები გაგაჩნდეთ. ცნობიერების შეძენით შეძლებთ თქვენს საკუთარ მიზანს ემსახუროთ, მაგრამ თუ არაცნობიერი ხართ, მხოლოდ ბუნების მიზნების მსახურებას შეძლებთ. ბუნებას სურს, ადამიანი ისეთი იყოს, როგორიც არის ამ ადგილას. სწორედ ესაა მიზეზი, რომ მხოლოდ მცირე რაოდენობას შეუძლია გაქცევა, და იმიტომ შეუძლიათ გაქცევა, რომ ადამიანი ძალზე პატარაა.
კითხვა: იმის თქმა ხომ არ გსურთ, რომ ასი ადამიანიდან ოთხმოცდაცხრამეტი მარცხისთვისაა განწირული?
პასუხი: ამ საკითხზე გარკვეული სტატისტიკა არ არსებობს. მხოლოდ მცირე რაოდენობას აქვს განვითარების საშუალება.
კითხვა: მივხვდი, რომ აბსოლუტმა შესაძლოა არაფერი იცოდეს ადამიანის შესახებ. აბსურდული ხომ არ არის, მივიჩნიოთ, რომ არსებობს შემცვლელი ძალები, რომლებსაც ადამიანი დააინტერესებთ?
პასუხი: არა აუცილებლად შემცვლელი ძალები, არამედ, შესაძლოა, სპეციალური ძალები იყოს. უეჭველად, არსებობს ძალები, რომლებიც ადამიანით ინტერესდებიან, მაგრამ ჩვენ უშუალო კონტაქტი ამ ძალებთან არ გვაქვს. მათ არც ინტელექტუალურად ვიცნობთ და არც მიდგომა გვაქვს მათთან. ისინი ჩნდებიან ამ მცირე ოქტავაში, რომელიც მზეში იქმნება. მზე წარმოშობს დო-ს თავის საკუთარ დონეზე, სი-ს კი პლანეტების დონეზე. ეს ორი ნოტი ორგანული სიცოცხლის წყაროს, და სავარაუდოდ, მის მაკონტროლებელ პრინციპს წარმოადგენს. ამგვარად, როდესაც ვიგებთ, რას წარმოადგენს დო და სი, ამ ძალების შესახებ ვიგებთ. ორი რამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ამ მცირე ოქტავის შესახებ. პირველი, რომ ის ქმნილების სხივთან მიმართებით არაპროპორციულია, რადგან ის სრულიად სხვა სკალაზე იმყოფება, მეორე, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ არ ვიცით, რას წარმოადგენს ამ ოქტავის დო და სი. როდესაც ვფიქრობთ, რომ სიცოცხლე აქ, დედამიწაზე იწყება, ამა თუ იმ პროცესის მეშვეობით, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ვიცით, ის რას წარმოადგენს, მაგრამ როდესაც გვესმის, რომ ის დედამიწაზე არ იწყება, ვაღიარებთ, რომ მის შესახებ არაფერი ვიცით.