თავი მეათე
თავი მეათე
მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე
ადამიანის, როგორც ქიმიური ფაბრიკის შესწავლა - საკვების დიაგრამა - საკვების სამი ოქტავა და მათი განვითარება - პირველი სტადია ერთი მექანიკური ბიძგით - მეორე სტადია ერთი ცნობიერი ბიძგით - მესამე სტადია მეორე ცნობიერი ბიძგით - საკვების სამი სახეობის შედარებითი ღირებულება - შთაბეჭდილებები - თვითგახსენება - ნახშირბადი 12 - სიცილი - კარგი და ცუდი შთაბეჭდილებები - შთაბეჭდილებები როგორც სხვადასხვა წყალბადები - შთაბეჭდილებების კონტროლი - მუშაობა მი 12-ზე - ცენტრები და მათი სიჩქარე - მაღალი ცენტრები და მათი დახასიათება - მაღალ ცენტრებთან კავშირი - მაღალი ცენტრები და ნარკოტიკები - ტელეპატია - მაღალი მატერიის წარმოების გაზრდის აუცილებლობა - ენერგია და ენერიგიის დაგროვება - აკუმულატორები - დიდ აკუმულატორთან კავშირი - მთქნარება - მთელი მუშაობა ცნობიერებაზე უნდა იყოს კონცენტრირებული
ამას წინათ ადამიანისა და ადამიანის სხეულთან მიმარებაში მატერიის სკალა მოგეცით. ყოველი დონე მატერიის გარკვეულ სიმკვრივეს და ვიბრაციის გარკვეულ სიჩქარეს ანუ, როგორც ამას ნამდვილ სისტემაში უწოდებენ, ვიბრაციის სიმკვრივეს წარმოადგენს. ზედა დო მატერიის უმცირეს შესაძლებელ სიმკვრივეს და ვიბრაციის უსწრაფეს სიჩქარეს წარმოადგენს. სკალაზე დაქვეითებისას ვიბრაცია თანდათან ნელდება და ბოლოში თითქმის ქრება, სადაც მატერიის სიმკვრივე შესაბამისად მატულობს და თავის მაქსიმუმს აღწევს.
ყოველი ამ მატერიათაგანი საკმაოდ დიდ დიაპაზონითაა წარმოდგენილი. ახლა ადამიანი როგორც ქიმიური ფაბრიკა უნდა შევისწავლოთ და ადამიანის სხეულში ამ მატერიების როლს გავეცნოთ. წყალბადებიდან ზოგიერთების შესწავლა ფიზიკურად და ქიმიურად შეგვიძლია, მაშინ, როდესაც ზოგის არსებობას მხოლოდ ფსიქოლოგიურად ვადგენთ. ამრიგად, წყალბადების ეს ცხრილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამოვლინებების, როგორც ერთი და იგივე რიგის, მაგრამ სხვადასხვა ხარისხის მატერიალურობის გამოვლინების შესწავლის შესაძლებლობას გვაძლევს.
ხშირად კითხულობენ: საიდან აქვს ადამიანს ენერგია? ამ თვალთახედვით ადამიანი შეიძლება განვიხილოთ როგორც ქიმიური ფაბრიკა, რომელიც ნედლეულ მასალას გარედან იღებს და მათ სხვა, უფრო ფაქიზი ფაქტურის მატერიად გარდაქმნის.
სამი სახის მასალა, რომელსაც ადამიანი გარედან იღებს, არის საკვები, რომელსაც ჭამს, ჰაერი, რომლითაც სუნთქავს, და შთაბეჭდილებები, რომელსაც იღებს. საკვები - ყოველთვის H 768-ია, ჰაერი - ყოველთვის H192, მაგრამ შთაბეჭდილებები ძალზე მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. ჩვენი შესწავლის სფეროსთვის, პრინციპის გაგებისთვის, სტანდარტად აღებული გვაქვს შთაბეჭდილება H48. H48 ჩვეულებრივი უფერული შთაბეჭდილებებია ყოველგვარი მახასიათებლის გარეშე. როდესაც ამ ფურცელს ვუცქერი, ესაა სწორედ შთაბეჭდილება H 48, მეტი არაფერი. თუმცა, შთაბეჭდილებები ძალზე კარგი და ძალზე ცუდი ხარისხის შეიძლება იყოს - მათ შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ.
ამ სამი სახის მასალიდან მანქანა ცენტრების მუშაობისთვის აუცილებელ ყველა მატერიას აწარმოებს. ჩვეულებრივ მდგომარეობაში ადამიანური მანქანა საკმაოდ კარგად მუშაობს საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად, მაგრამ როგორც ქიმიური ფაბრიკა ის ნაკლოვანია, რადგან ხარჯავს ყველაფერს, რასაც აწარმოებს; მას არც ექსპორტი შეუძლია და არც ნაწილის მარაგად გადანახვა. თუმცა ადამიანის განვითარება მისი მანქანის მიერ წარმოებული მაღალი მატერიის მარაგზეა დამოკიდებული. ამიტომ პროდუქციის გაზრდის შესაძლებლობებზე უნდა ვიფიქროთ. მაგრამ მანამ, ვიდრე პროდუქციის გაზრდაზე ვიფიქრებთ, ფაბრიკა უნდა შევისწავლოთ დანაკარგების კუთხით, რადგან მანქანას მრავალი ნაწილი გააჩნია, საიდანაც ენერგია გაედინება, და თუ ამ გადინებას არ შევაჩერებთ, პროდუქციის გაზრდა გადინებასაც გაზრდის. ჩვენ გადინებებზე უკვე ვისაუბრეთ, ამიტომ, მიუხედვად იმისა, რომ ახლა ფაბრიკის მუშაობას გაგაცნობთ, და იმასაც გეტყვით, როგორ უნდა გაიზარდოს პროდუქცია, გადინებები დიაგრამაზე ნაჩვენები არაა. მაგრამ რაკი ისინი თქვენში არსებობს, უნდა გახსოვდეთ, რომ პროდუქციას ვერ გაზრდით თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობაში, რადგან უპირველეს ყოვლისა ყველა გადინება უნდა შეაჩეროთ. როდესაც ამას მოახერხებთ, შემდეგ ექნება აზრი ფაბრიკის მუშაობის გაუმჯობესების ხერხების პრაქტიკულ შესწავლას. ასეთია პრინციპი.
მსურს ამ ქიმიური ფაბრიკის სამი სტადია ანუ სამი მდგომარეობა გიჩვენოთ: პირველი, როგორ მუშაობს ის №1, 2 და 3 ჩვეულებრივ ადამიანში; შემდეგ, როგორ მუშაობს ერთი განსაზღვრული სახის ძალისხმევით; და ბოლოს, როგორ მუშაობს ის მეორე განსაზღვრული სახის ძალისხმევით.
ადამიანურ მანქანას სამსართულიანი ფაბრიკის სახით განვიხილავთ. სამ სართულს წარმოადგენს თავი, სხეულის შუა ნაწილი და სხეულის ქვედა ნაწილი ზურგის ტვინით.
საკვები ზედა სართულზე შედის და ქვედა სართულს მიეწოდება როგორც ჟანგბადი 768. სხეულში ის გარკვეულ ნახშირბად 192-ს ხვდება და, შეერევა რა ამ ნახშირბადს, აზოტი 384 ხდება. აზოტი 384 სხვა ნახშირბად 96-ს ხვდება, და ამ ნახშირბადის მეშვეობით აზოტი 384-დან აზოტი 192-ად იცვლება. ეს აღმავალი ოქტავაა, ამიტომ ეს სტადიები ნოტებს - დო, რე, მი - წარმოადგენს.
მი-ს შემდეგ არის ინტერვალი, და ოქტავას შემდგომი განვითარება თავისთავად არ შეუძლია. საინტერესოა, რომ ამ პუნქტამდე და ერთი საფეხურის შემდეგ ოქტავის განვითარებას ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური ცოდნით შეგვიძლია დავაკვირდეთ. როდესაც საკვები პირში შედის, ის რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ნერწყვს ხვდება და ღეჭვის პროცესში შეერევა მათ; შემდეგ გადადის კუჭში და გადამუშავდება კუჭის წვენით, რომელიც შლის შაქრებს, პროტეინებს და ცხიმებს. აქედან ის გადადის ნაწლავებში და ხვდება ნაღველს, კუჭქვეშა ჯირკვლის წვენს და ნაწლავის წვენს, რომლებიც მას უმცირეს ელემენტებად გარდაქმნიან. ეს უკანასკნელნი გადიან ნაწლავის კედელში და ხვდებიან ვენურ სისხლში, რომელიც მიეწოდება ღვიძლს, სადაც ხვდება სხვა ნახშირბადებს, რომლებიც მას ქიმიურად ცვლიან, ვენური სისხლი გადადის ასევე გულში, საიდანაც სისხლი უკვე მიეწოდება ფილტვებს. აქ სისხლი ჰაერიდან ჟანგბადით გაჯერდება და გულში არტერიული სისხლის სახით ბრუნდება. ამ დიაგრამაზე სხეულში არსებული ყველა სხვადასხვა მატერია, რომელთაც საკვები ხვდება მი-მდე, დაყოფილია ორ კატეგორიად: ნახშირბადი 192 და ნახშირბადი 96. ვენური სისხლი არის მი 192 და არტერიული სისხლი არის ფა 96.
იმ მომენტში, როდესაც მი 192 შემდგომ განვითარებას წყვეტს, საკვების სხვა სახეობა - ჰაერი -შემოდის. ის ჟანგბადი 192-ის სახით შემოდის, გარკვეულ ნახშირბად 48-ს ხვდება და მისი მეშვეობით რე 96-ად ტრანსფორმირდება, და რე 96-ის ეს წარმოქმნა კვებითი ოქტავის მი 192-სთვის ბიძგს წარმოადგენს, რაც მას ფა 96-თან მისვლის შესაძლებლობას აძლევს. ამის იქით ფიზიოლოგიის ცოდნა აღარ მიდის.
ჰაერის ოქტავის რე 96 ხვდება შესაბამის ნახშირბადს და წარმოქმნის მი 48; და იმავე ნახშირბადის მეშვეობით კვებითი ოქტავის ფა 96 ტრანსფორმირდება სოლ 48-ში. სოლ 48-ს შეუძლია შემდგომი განვითარება, მაგრამ მი 48-ს არ შეუძლია, ამიტომ ჰაერის ოქტავის განვითარება ამ წერტილში ჩერდება. კვებითი ოქტავის სოლ 48 გადადის ლა 24-ში, ხოლო ლა 24 - სი 12-ში და აქ ჩერდება.
შთაბეჭდილებები შემოდიან როგორც დო 48, მაგრამ შემდგომი განვითარება არ შეუძლიათ, რადგან მათი შემოსვლის ადგილას არ არის ნახშირბადი 12, რათა მათ დაეხმაროს. ბუნება ამას არ უზრუნველყოფს ან, უფრო ზუსტად, საკმარისად არ უზრუნველყოფს იმისთვის, რომ რაიმე მნიშვნელოვალი ეფექტი გამოიწვიოს, ამიტომ დო 48 არ ტრანსფორმირდება, და სამი ოქტავა ამაზე ჩერდება.
იფიქრეთ ამ დიაგრამაზე და დააკავშირეთ ადრე ნათქვამთან, - რომ ბუნებას ადამიანი გარკვეულ მდგომარეობამდე მიჰყავს და შემდგომი დამოუკიდებელი განვითარებისთვის ტოვებს. ბუნება ადამიანს შესაძლებლობებს აძლევს, მაგრამ არ ავითარებს მათ. ის მას ცხოვრების საშუალებას აძლევს, უზრუნველყოფს ჟანგბადით, რადგან ამის გარეშე პირველი ოქტავა ვეღარ გაგრძელდებოდა, მაგრამ დანარჩენი თავად უნდა გააკეთოს. მანქანა იმგვარადაა მოწყობილი, რომ ჰაერი საჭირო მომენტში საჭირო შემადგენლობით შედის და ქიმიურ ბიძგს იძლევა.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საკვების დიაგრამა, ანუ კვებითი დიაგრამა, სამი სტადიისგან შედგება (იხ. ქვემოთ).
პირველი სტადია, რომელიც ახლახანს აღვწერე, გვიჩვენებს, როგორ ხდება ეს ყველაფერი ჩვეულებრივ ნორმალურ ადამიანში: კვებითი ოქტავა დო 768-დან სი 12-მდე გრძელდება; ჰაერის ოქტავის სამი ნოტი და შთაბეჭდილებათა ოქტავის ერთი ნოტი არსებობს. თუ შემდგომი განვითარება გვსურს, მაღალი მატერიის წარმოება უნდა გავზარდოთ, ამისთვის კი უნდა გვესმოდეს და ვიცოდეთ, კონკრეტულად როგორ გავაკეთოთ ეს, არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულად, რადგან ამ ცოდნის გამოყენების და სწორი ძალისხმევის გაკეთების სწავლას დიდი დრო ესჭიროება.
თუ ვიცით, როგორ მივიყვანოთ ნახშირბადი 12 სწორ ადგილამდე, და თუ აუცილებელ ძალისხმევას ვაკეთებთ, ჰაერის და შთაბეჭდილების ოქტავების განვითარება წინ მიიწევს. მეორე სტადია აჩვენებს, რა ხდება აუცილებელი ბიძგის განხორციელების შემდეგ. შთაბეჭდილების ოქტავის დო 48 ტრანსფორმირდება რე 24 და მი 12-ში. ჰაერის ოქტავა ბიძგს იღებს შთაბეჭდილების ოქტავისგან, და მი 48 ტრანსფორმირდება ფა 24-ში, სოლ 12-ში და მცირე რაოდენობა - ლა 6-ში. უნდა გახსოვდეთ, რომ ჰაერი მაღალი წყალბადებითაა გაჯერებული, რომლებიც, გარკვეულ შემთხვევებში, შეიძლება ორგანიზმმა შეაკავოს სუნთქვის პროცესში. მაგრამ მაღალი წყალბადების რაოდენობა, რომელიც ჰაერიდან უნდა მივიღოთ, ძალზე მცირეა. ეს სტადია წარმოადგენს ადამიანური მანქანის მუშაობას ერთი მექანიკური და ერთი ცნობიერი ბიძგით.
მესამე სტადია აჩვენებს, რა ხდება, როდესაც მეორე ცნობიერი ბიძგი სწორ ადგილას ხორციელდება. პირველი ცნობიერი ბიძგი დო 48-შია აუცილებელი. მეორე ცნობიერი ბიძგი აუცილებელია იქ, სადაც შთაბეჭდილებების ოქტავის მი 12 და კვებითი ოქტავის სი 12 განვითარება შეაჩერეს და გზის გაგრძელება თავად აღარ შეუძლიათ. თუმცა ორგანიზმში მოიპოვება ნახშირბადები, რომლებსაც ტრანსფორმაციაში მიშველება შეუძლიათ, მაგრამ ისინი შორს იმყოფებიან და მათი გამოყენება არ ხდება, ამიტომ სხვა ძალისხმევაა საჭირო. თუ მისი ბუნება ვიცით და შეგვძილია ეს მეორე ცნობიერი ბიძგი განვახორციელოთ, მი 12 განვითარდება ფა 6-ში, სი 12 კი - დო 6-ში. ძალისხმევა უნდა დაიწყოს მი 12-დან, ამიტომ ფსიქოლოგიურად უნდა გავიგოთ, რას წარმოადგენს მი 12. შეგვიძლია მას ჩვენი ჩვეულებრივი ემოციები ვუწოდოთ, ანუ ნებისმიერი ძლიერი ემოციები, რომლებიც გაგვაჩნია. როდესაც ჩვენი ემოციები ინტენსივობის გარკვეულ ხარისხს აღწევენ, მათში მი 12 ფიქსირდება. მაგრამ ჩვენს ამჟამინდელ მდგომარეობაში მხოლოდ ჩვენი უარყოფითი ემოციები აღწევენ მი 12-ს; ჩვენი ჩვეულებრივი ემოციები რჩება 24-ზე. ეს არ ნიშნავს, რომ ძლიერი უარყოფითი ემოციები სინამდვილეში მი 12-ია, მაგრამ მას ეფუძნებიან და წარმოქმნისთვის მას საჭიროებენ. ამიტომ ამ მეორე ძალისხმევის დასაწყისი და მისთვის სამზადისი - უარყოფით ემოციებზე მუშაობაა.
ასეთია ადამიანის ორგანიზმის მუშაობის და ამ მუშაობის გაუმჯობესების ზოგადი სქემა. მნიშვნელოვანია გაიგოთ, სადაა აუცილებელი ცნობიერი ბიძგები, რადგან, თუ ეს გესმით, ეს საკვების დიაგრამაში ბევრი სხვა სიძნელის დაძლევაში დაგეხმარებათ.
ასევე უნდა გესმოდეთ, რომ ეს სამი ოქტავა თანაბარ ძალებს არ ფლობს. თუ კვებითი ოქტავის ძალას ავიღებთ, ვნახავთ, რომ ის გარკვეულ შედეგებს, გავლენებს იძლევა, რომელთა გაზომვაც შესაძლებელია. თუმცა ჰაერიდან აღებული მატერია ძალზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ჰაერის ოქტავა ძალზე მცირე რაოდენობის წყალბადს წარმოადგენს, მაშინ, როდესაც შთაბეჭდილებების ოქტავა ძალზე მძლავრია და უზარმაზარი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს თვითგახსენებასთან, ცნობიერების მდგომარეობებთან, ემოციებთან და ა.შ. მიმართებით. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამი ოქტავის თანაფარდობა სხვადასხვაგვარია, რადგან ერთს მეტი ნივთიერება გააჩნია, მეორეს კი - ნაკლები.
ეს ჩვენი შინაგანი ალქიმიაა, უმდაბლესი მეტალების ტრანსმუტაცია ძვირფას მეტალებში. მაგრამ მთელი ეს ალქიმია ჩვენშია, შიგნით, და არა გარეთ.
კითხვა: რა იწვევს საკვების ტრანსფორმაციას მაღალ მატერიაში?
პასუხი: ის სხვა, უფრო მაღალ მატერიებს შეერევა, ვიდრე თავადაა, და ამ გზით მაღლდება; შემდეგ კიდევ უფრო მაღალ მატერიებს ერევა და კიდევ უფრო მაღლდება და ა.შ. ამ საკითხს მარტივად შეხედეთ.
კითხვა: ის ვერასოდეს მიაღწევს ყველაზე მაღალი მატერიის დონეს, რომელსაც შეერევა?
პასუხი: ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია ის, რომ ის იზრდება, უფრო მაღალი ხდება. უფრო მაღალი მატერიები მეტ ენერგიას შეიცავენ, უფრო უხეში მატერიები - ნაკლებს. ამიტომ, როდესაც ისინი ერთმანეთს შეერევიან, უფრო მაღალ წყალბადებს თავიანთი ენერგია უფრო უხეშ მატერიაში შეაქვთ.
კითხვა: შეიძლება თუ არა უფრო მაღალი მატერია წარმოიქმნას ლოცვითა და გონებრივი ვარჯიშებით?
პასუხი: ის არაფრისგან არ წარმოიქმნება, არამედ ადამიანის შინაგან ალქიმიაში უფრო მაღალი ნივთიერებები გამოიდევნება უფრო უხეში მატერიიდან, რომელიც წინააღმდეგ შემთხვევაში დარჩებოდა უხეშ მდგომარეობაში.
კითხვა: რატომ ხდება, რომ პირველი ცნობიერი ბიძგი შთაბეჭდილებებიდან მომდინარეობს?
პასუხი: ეს ბიძგი შთაბეჭდილებებიდან არ მომდინარეობს, ეს მთლად სწორი ფორმულირება არაა. შთაბეჭდილებები ძალზე მნიშვნელოვანი საკვებია, ჩვენ კი ჩვენს ჩვეულებრივ მდგომარეობაში შთაბეჭდილებების შიმშილს განვიცდით. შთაბეჭდილებები საკმარისი რაოდენობით გვაქვს, მაგრამ მათი გადახარშვა არ შეგვიძლია.
კითხვა: ნახშირბადი 12 ჩვენ უნდა ვაწარმოოთ თუ ის სხეულში უკვე არსებობს?
პასუხი: ზოგადად, ადამიანს ჩვეულებრივი ნორმალური ცხოვრებისთვის საკმარისი ნახშირბადები გააჩნია, და შესაძლოა ამ ნახშირბადების მარაგიც არსებობდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ნახშირბადი 12 უნდა ვაწარმოოთ; ჩვენ ის მანქანის ერთი ნაწილიდან მეორეში უნდა გადავიტანოთ - ეს კი სპეციალურ ძალისხმევას გულისხმობს. ჩვენ ვერ ვიგრძნობთ, ამას როგორ ვაკეთებთ, მაგრამ ამ სპეციალური ძალისხმევით ნახშირბად 12-ს ერთი ადგილიდან მეორეზე გადავიტანთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, თუ ის არასაკმარისადაა სხეულში, გადატანას ვერ მოვახერხებთ. თუ ფული გაქვთ, შეძლებთ მის ერთ ან მეორე ჯიბეში ჩადებას, მაგრამ თუ არ გაქვთ, ამას ვერ შეძლებთ - ეს ხომ ძალზე ელემენტარულია.
კითხვა: ეს სპეციალური ძალისხმევა ამ სისტემის ძირითად პრაქტიკას წარმოადგენს?
პასუხი: პირველი ცნობიერი ბიძგი - თვითგახსენებაა, ყველაფერთან ერთად, რის გაკეთებასაც გირჩევენ დასაწყისიდანვე, ანუ თვითდაკვირვება, არგაიგივება და ა.შ. ეს ყველაფერი ამ ძალისხმევის ნაწილია.
კითხვა: რომელია მეორე ცნობიერი ბიძგი, რომელიც ფაბრიკის ხასიათს ცვლის?
პასუხი: თუ გსურთ, მოგიყვებით მის შესახებ, მაგრამ ეს ვერ გიშველით, რადგან ეს სწორედ ისაა, რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია. ესაა უარყოფითი ემოციების დადებით ემოციებად ტრანსფორმაცია. ეს მხოლოდ თვითგახსენებაზე ხანგრძლივი მუშაობის შემდეგაა შესაძლებელი, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში შეგიძლიათ ცნობიერი იყოთ და როდესაც მაღალი ემოციური ცენტრი იწყებს მუშაობას. ესაა, რასაც №5 ადამიანის მდგომარეობამდე მივყავართ, ამიტომ ეს საკმაოდ შორსაა იმისგან, სადაც ახლა ვართ. სპეციალურ ძალისხმევასთან გაერთიანებულ მი 12-ს დადებითი ემოციის გამოწვევა შეუძლია.
კითხვა: მეჩვენება, რომ უფრო გამოღვიძებული მდგომარეობის მიმართულებით გარკვეული დადებითი შედეგის მისაღწევად ორივე ცნობიერი ბიძგის განხორციელებაა აუცილებელი.
პასუხი: დიახ, სრული შედეგების მისაღწევად, რა თქმა უნდა, ორივე ბიძგია საჭირო, მაგრამ როდესაც პირველი ბიძგი საკმარისად ძლიერია, ის თავადაც იწვევს პირველ შედეგებს. თუმცა, სინამდვილეში, ისინი ერთად მუშაობენ, რადგან თავიდანვე უნდა მივეჩვიოთ არ გამოვხატოთ უარყოფითი ემოციები, ეს კი თავისთავად უკვე მეორე ბიძგზე მუშაობაა. პირველი ბიძგი თავად თვითგახსენების ბუნებაშია, და ის უარყოფით ემოციებს ებრძვის, ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ ადამიანი ფაქტობრივად ორივეზე მუშაობს. რაც უფრო დიდ შედეგს იღებთ ერთში, მით მეტი უნდა იმუშაოთ მეორეზე. ეს კიდევ ერთ პრინციპს ხსნის, რომელსაც ამ სისტემაში ვხვდებით: რაც უფრო მეტს აკეთებს ადამიანი, მით უფრო მეტს ელოდებიან მისგან. იგივეა კვებით დიაგრამაში: რაც უფრო მეტად მუშაობს ადამიანი თვითგახსენებაზე, მით მეტად უნდა შეეძლოს უარყოფითი ემოციების გაკონტროლება და მომავალში უარყოფითი ემოციების დადებით ემოციებად ტრანსფორმაცია შეძლოს. მაგრამ ეს შორეული მიზანია, რადგან ადამიანს თვითგახსენებისთვის შექმნილი ბევრი მასალა უნდა გააჩნდეს. და მაინც, ეს ორი ბიძგი დაკავშირებულია, და, გარკვეული აზრით, ერთი მეორის გარეშე ვერ იმუშავებს.
კითხვა: ნიშნავს თუ არა ამ შემთხვევაში სიტყვა „ბიძგი“ იგივეს, რასაც ბიძგები ყოფით ცხოვრებაში?
პასუხი: კვებით დიაგრამასთან დაკავშირებული ბიძგები თქვენგან უნდა მოდიოდეს - ეს თქვენი საკუთარი მოქმედებაა. უნდა იცოდეთ მომენტი და ბიძგები გახსოვდეთ. ამასთან ძალზე ყურადღებით უნდა იყოთ ბიძგის გაკეთებისას, რადგან ამ განსაკუთრებულ ოქტავებში მხოლოდ სწორი ბიძგი იქნება ეფექტიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ერთმანეთს დაცილდებიან და ერთმანეთთან კავშირს დაკარგავენ.
კითხვა: პრაქტიკულ მაგალითს ხომ არ მოგვიყვანდით?
პასუხი: პრაქტიკული მაგალითები კვებით დიაგრამაშია. თქვენ უნდა ეცადოთ და ანალოგიები თქვენს საკუთარ მოქმედებებში აღმოაჩინოთ. პირველი ბიძგი ბუნებას განსაზღვრული აქვს იქ, საიდანაც ჰაერი შემოდის. მაგრამ მეორე ინტერვალში ბუნებას არანაირი ბიძგი არ განუსაზღვრავს, და ის თვითგახსენების გზით უნდა შეიქმნას. მესამე ინტერვალშიც არანაირი ბიძგი გათვალისწინებული არაა, და ის სწორედ იმ სახით უნდა მიეცეს, რაზეც ვისაუბრეთ, - უარყოფითი ემოციების დადებით ემოციებში ტრანსფორმაციის გზით, რაც არგაიგივებით წარმოიქმნება. პირველი ცნობიერი ბიძგი მეორეს უმზადებს საფუძველს, მეორე კი პირველს. ეს ყველაფერი ერთდროულად ხდება, და არა ისე, რომ ჯერ ერთს ამთავრებთ და შემდეგ გადადიხართ მეორეზე.
კითხვა: ბიძგები ყოველთვის უსიამოვნოა?
პასუხი: ისინი ძალისხმევას მოითხოვენ, თუმცა არაა აუცილებელი უსიამოვნო იყვნენ. პირიქით, ამ ძალისხმევის მომენტში, ახალი ენერგიის მოსვლით, ადამიანი შესაძლოა სასიამოვნოდ გაოცდეს.
კითხვა: მოქმედებს თუ არა ძალისხმევა ყურადღების კონტროლის მიმართულებით როგორც პირველი ცნობიერი ბიძგი, და მიყავს თუ არა მას ნახშირბადი 12 დო 48-მდე?
პასუხი: არა, ეს საკმარისი არაა. იქ უნდა იყოს თვითგახსენება: სინამდვილეში, თვითგახსენება, თვითდაკვირვებასთან კავშირში, - ორი მოქმედებაა. ესაა ის, რაც შეგნებულობას ქმნის. ადამიანი ცდილობს საკუთარი თავისა და გარემოს მიმართ - ყველაფრისადმი უფრო მეტად ცნობიერი გახდეს.
კითხვა: ხომ ვერ მოგვიყვებით უფრო მეტს ნახშირბადი 12-ის შესახებ? რას წარმოადგენს და საიდან მოდის ის?
პასუხი: ნახშირბად 12-ს ბევრი გამოვლინება შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ მთლიანობაში მასზე შთაბეჭდილებებთან დაკავშირებით ვსაუბრობთ. შესაძლებელია, ის ემოციური ცენტრის გარკვეული ენერგიაა. მაგრამ წყარო არ არის მთავარი. მნიშვნელოვანია - როგორ მოვიყვანოთ ის. მნიშვნელობა არ აქვს, რას წარმოადგენს და საიდან მოდის ის, იმიტომ, რომ მისი დანახვა არ ძალგვიძს, არ ვიცით, სადაა ის ადგილი. ჩვეულებრივ, ნახშირბადი 12 ემოციური ცენტრიდან მოდის, და წყალბადი 12 - ის მატერიაა, რომელთანაც ემოციური ცენტრი უნდა მუშაობდეს. შთაბეჭდილებები შემოდიან როგორც ჟანგბადი 48 და ნახშირბადი 12-ის მეშვეობით შეიძლება ტრანსფორმირდნენ აზოტი 24-ად, მაგრამ ხდება ის, რომ სწორედ იმ ადგილას, სადაც შთაბეჭდილებების ათვისებაა შესაძლებელი, ნახშირბადი 12 არ არის ან ძალზე მცირე რაოდენობითაა. ამიტომ ის იქ სპეციალური ძალისხმევით უნდა გადავიტანოთ, და ეს ძალისხმევა - თვითგახსენება და თვითდაკვირვებაა. ამიტომ მნიშვნელოვანია მეთოდი, და არა წყარო. თვითგახსენებით გამოწვეულ გაძლიერებულ დაკვირვებას ყოველთვის ახლავს ემოციური ელემენტი. როდესაც საკუთარ თავს იხსენებთ, ნახშირბადი 12 საჭირო ადგილას გადაგაქვთ, და მას შთაბეჭდილებების ტრანსფორმაციის საშუალება ეძლევა.
ამ ენაზე იმიტომ გესაუბრებით, რომ თქვენი შეკითხვა სწორედ ამ ენაზე დასვით, თუმცა მისი დაკვირვება ფსიქოლოგიურად შეიძლება. შთაბეჭდილებებს იღებთ და ვერ გრძნობთ მათ, რაც ნიშნავს, რომ ისინი მოდიან და აღარ გრძელდებიან. მაგრამ ძალისხმევით შეგიძლიათ საკუთარი თავი გაიხსენოთ, და ამის შემდეგ საგნების და მოვლენების შემჩნევას დაიწყებთ. ეს ნიშნავს, რომ შთაბეჭდილებები გახდა 24. საჭირო ადგილას ნახშირბადი 12-ის არარსებობა ნიშნავს, რომ არასაკმარისად ემოციურები ვართ. თვითგახსენებით ამ განსაკუთრებულ ადგილს ემოციურ ელემენტს ვანიჭებთ.
კითხვა: ერთნაირია თუ არა ორი სხვა ნახშირბადი მი 48-ში და სოლ 48-ში?
პასუხი: ვფიქრობ, მცირე განსხვავება უნდა იყოს მი 48-ში, თუმცა ემოციური ელემენტი ყველას გააჩნია. სოლ 48-ში იგივე ნახშირბადი მუშაობს, რომელიც დო 48-ში, მაგრამ მი 48-ში ის შეიძლება ინტენსიურ-ემოციური იყოს. სრულიად შესაძლებელია, რომ მი 48 მუშაობს ნახშირბადი 12-ით ინსტინქტური ცენტრიდან, რომელიც იქ ყოველთვისაა.
კითხვა: რას წარმოადგენს მი 48?
პასუხი: ეს არტერიული სისხლიცაა. აღიარებული ფაქტია, რომ სისხლი შეიძლება სხვადასხვა სახის იყოს. ფიზიოლოგიურად შეიძლება დადგინდეს, რომ სხეულის სხვადასხვა ნაწილებში სისხლს სხვადასხვა თვისებები აქვს. ქიმიურად შეიძლება დადგინდეს, რომ მისი მოქმედება სხვადასხვაგვარია, მაგრამ მაინც რა სხვაობაა, მეცნიერება ვერაფერს ამბობს. მაგალითად, კუნთები იკვებება სისხლი 96-ით, მაგრამ ტვინის უჯრედები იკვებება სისხლი 24-ით, ზოგიერთი ნერვული უჯრედები კი სისხლი 12-ით და სისხლი 6-ითაც კი იკვებება.
კითხვა: თქვენი აზრით, კუნთების და ტვინის მკვებავი სისხლი ერთმანეთისგან ქიმიურად განსხვავდება?
პასუხი: დამტკიცება შეუძლებელია, თუმცა ცნობილია, რომ გარკვეული სხვაობა არსებობს. ზოგადად, გარკვეული ნივთიერებების არსებობა მათი მოქმედებით ამოიცნობა, თუმცა მათი ქიმიურად გამოყოფა არ ხერხდება. მეცნიერებამ სისხლის მიმოქცევის ისტორია არ იცის: ყოველ პუნქტში ის რაღაცას გასცემს და რაღაცას იღებს. ამა თუ იმ ორგანომდე მიღწევამდე სისხლი ერთი სახისაა, ხოლო მისი დატოვების შემდეგ - სხვა სახის.
კითხვა: გაცნობიერების მომენტს მოყვება თუ არა სისხლში რაიმენაირი დაუყოვნებელი ცვლილება?
პასუხი: დიახ, მოყვება, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ღრმა და ხანგრძლივია ეს პროცესი. თუ ის ერთი წამი გრძელდება, ცვლილებაც ერთი წამის შესაბამისია; ხოლო თუ ნახევარი საათი გრძელდება, ეს უკვე სულ სხვაა.
კითხვა: ერთი წამის შედეგის შემჩნევა თუ შეგვიძლია?
პასუხი: ზოგჯერ ეს შესაძლებელია, თუ ის საკმარისად ღრმაა. შედეგს იმ აზრით დაინახავთ, რომ მეტს ხედავთ, რომ ჩვეულებრივი შეგრძნებები უფრო ემოციური ხდება. მაგრამ თვითცნობიერების ხანმოკლე მომენტები მხოლოდ და მხოლოდ ზედაპირულია და დიდ ეფექტს არ იწვევს, მაშინ, როდესაც, თუ ისინი საკმაოდ ღრმა და ხანგრძლივია, ისეთ შთაბეჭდილებებს მიიღებთ, რომლებიც არასოდეს დაგავიწყდებათ.
კითხვა: აზროვნება რომელი წყალბადია?
პასუხი: ის შეიძლება ძალზე სხვადასხვაგვარი იყოს, ზუსტად სისხლის ანალოგიურად. ის 48-დან იწყება და შეიძლება 6-მდეც კი მივიდეს.
კითხვა: შეიძლება თუ არა აზროვნების შთაბეჭდილებად მიჩნევა?
პასუხი: დიახ, მაგრამ შიგნიდან მომავალი შთაბეჭდილებების რაოდენობა შეზღუდულია, ხოლო გარედან მომავალი შთაბეჭდილებების რაოდენობა - შეუზღუდავი.
კითხვა: კვებითი დიაგრამის პირველ სტადიაზე ყველაფერი მექანიკურია?
პასუხი: რა თქმა უნდა, მექანიკურია. ეს კოსმოსური მექანიზმია. ადამიანის ორგანიზმი ამ ზოგადი სქემის შესაბამისად მოქმედებს, თუ ის არ მუშაობს საკუთარ თავზე და ცნობიერების შეცვლას არ ცდილობს.
კითხვა: ჩვეულებრივ მდგომარეობაში ადამიანი რამენაირად იყენებს შთაბეჭდილებებს?
პასუხი: ძალზე მცირედით. ამ დიაგრამაზე იმ მცირე რაოდენობის შთაბეჭდილებების ჩვენებაა შესაძლებელი, რომელიც ტრანსფორმირდება, ამიტომ ვამბობთ, რომ შთაბეჭდილებების ოქტავა არ გრძელდება. მაგრამ გარკვეული შთაბეჭდილებები გზას აგრძელებენ, თუმცა განვითარებისთვის ეს საკმარისი არაა.
კითხვა: ჩვენთვის, ისეთებისთვის, როგორებიც ვართ, ყველა შთაბეჭდილება ერთ დონეზე დგას?
პასუხი: არა. შთაბეჭდილებები შეიძლება ძალზე მრავალფეროვანი იყოს. კვებით დიაგრამაში მათ H 48 განვიხილავთ, რადგან ის უმეტესობა შთაბეჭდილებებს წარმოადგენს. ეს, ასე ვთქვათ, ინდიფერენტული შთაბეჭდილებებია - შესაძლოა, ერთი სახის, ან შესაძლოა სხვა სახის, მაგრამ ისინი თავისთავად არავითარ ეფექტს არ იწვევენ. თუმცაღა, იმავდროულად, ის საკვებს წარმოადგენს. ისინი ჩვენამდე აღწევენ როგორც 48, და ჩვენს ჩვეულებრივ მდგომარეობაში აქ ჩერდებიან. ასეთ პირობებში ადამიანი ვერ იარსებებდა. მაგრამ არსებობს შთაბეჭდილება 24 - არც თუ ისე ბევრი, როგორც 48, მაგრამ გარკვეული რაოდენობით; და ძალზე იშვიათად შეიძლება არსებობდეს შთაბეჭდილება 12 და ექვსიც კი, მაგრამ ეს უკვე გამონაკლისია. ისინი ამ დიაგრამაში არ შედიან, რადგან ისინი თავად ტრანსფორმირდებიან. თუ ისინი მოდიან როგორც 24, თავადვე ადვილად ტრანსფორმირდებიან 12-ში, და შესაძლოა მეტადაც კი. მაგრამ მათი რაოდენობა ძალზე მცირეა.
ჩვეულებრივ ადამიანში, რომელიც საკუთარი თავის გახსენებას არ სწავლობს, ამ ჩვეულებრივი შთაბეჭდილებები 48-დან ზოგიერთი ასევე ტრანსფორმირდება, მაგრამ სრულიად სხვაგვარად. მათ ავითარებენ (ანუ ეხმარებიან განვითარებაში) გარკვეული სახის რეაქციები - მაგალითად სიცილი. სიცილი, იუმორის აზრით, ძალზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს შთაბეჭდილებებთან დაკავშირებით - ისევ და ისევ გაიხსენეთ, რას ვამბობდი, - ეს ყველაფერი ჩვეულებრივ ადამიანში ხდება. სიცილის მეშვეობით ბევრი შთაბეჭდილება 48 ტრანსფორმირდება შთაბეჭდილება 24-ში. მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს აუცილებელია სიცოცხლისთვის, რადგან შთაბეჭდილებების გარეშე ვერ ვიცოცხლებდით. გახსოვთ, გეუბნებოდით, რომ ჩვენი ქიმიური ფაბრიკა მხოლოდ საკუთარი თავისთვის მუშაობს? ის ძალზე ძვირფასი მატერიის ყველა სახეობას აწარმოებს, მაგრამ ყველაფერს მხოლოდ საკუთარი არსებობისთვის ხარჯავს. მას არც მარაგი გააჩნია და არც განვითარებისთვის იყენებს. ამიტომ, თუ ადამიანს სურს, რომ შეიცვალოს და სხვად იქცეს, თუ ფარული შესაძლებლობების გამოღვიძება სურს, ის ვერ დაეყრდნობა წარმოების მექანიკურ საშუალებებს - მან ცნობიერი საშუალებები უნდა ეძებოს. ადამიანის ორგანიზმი - საოცარი გამოგონებაა, მასში ყველაფერი გათვალისწინებულია, ყველაფერს თავისი გასაღები გააჩნია. ფუნქცია, რომელიც უსარგებლოდ გამოიყურება (მაგალითად სიცილი), გარკვეული შთაბეჭდილებების ტრანსფორმაციას ეხმარება, რომლებიც სხვა შემთხვევაში დაიკარგებოდნენ. ჩვენს დონეზე სიცილი ან იუმორი რომ არ ყოფილიყო, ეს დონე გაცილებით დაბალი იქნებოდა, ვიდრე ამჟამადაა.
შეიძლება ითქვას, რომ ჩვეულებრივ დონეზე მყოფი ადამიანისთვის, ანუ ისეთი ადამიანისთვის, რომელიც არ ცდილობს გაიგოს, რას წარმოადგენს თვითგახსენება, ან რომელსაც არაფერი გაუგია მის შესახებ, სიცილი ორგანიზმში გარკვეულ ფუნქციას ასრულებს. ის თვითგახსენებას მცირედით, არასაკმარისად ანაცვლებს, რადგან საკმაოდ უღიმღამო, უინტერესო შთაბეჭდილებებს წინსვლაში და გაცოცხლებაში ეხმარება. ესაა სიცილის მთავარი ფუნქცია. რა თქმა უნდა, სიცილის მრავალსახეობა არსებობს, და ზოგი მათგანი სრულიად უსარგებლოა.
ის, რაც ახლახანს გითხარით სიცილსა და იუმორზე, მხოლოდ ჩვეულებრივ ცენტრებს ეხება; მაღალ ცენტრებში ის სასარგებლო აღარაა. სიცილი ნიშნავს, რომ რომელიღაც შთაბეჭდილება ერთდროულად ცენტრის დადებით და უარყოფით ნაწილებში ხვდება, და ეს წარმოქმნის სიმხიარულის გრძნობას. სიცილი მეორე მხარის დანახვაში ეხმარება, საგნების და მოვლენების დანახვის უნარს ზრდის. მაგრამ მაღალ ცენტრებში ამის აუცილებლობა არ არსებობს. მათში საგნებს როგორც წინააღმდეგობებს და დაპირისპირებულებს კი არ ვხედავთ, არამედ ისეთებს, როგორებიც არიან.
კითხვა: სიცილს, როგორც ჩანს, ფიზიოლოგიური ეფექტი აქვს?
პასუხი: დიახ, შესაძლებელია, წინააღმდეგობრივი შთაბეჭდილება, რომლის ჰარმონიზება ვერ ხერხდება, დაძაბულობას წარმოქმნის, სიცილი კი მას ასუსტებს.
შთაბეჭდილებები 48 გამუდმებით მოდიან. როგორც გითხარით, გარკვეული რაოდენობა მექანიკურად იცვლება, მაგრამ უმეტესი ნაწილი უცვლელი რჩება. მათი შეცვლა მხოლოდ საკუთარი თავის გაცნობიერებით ან მისი მცდელობით შეიძლება. თუ მეტად ვართ გამოღვიძებული, ჩვენი შთაბეჭდილებები უფრო ცოცხალი ხდება.
შთაბეჭდილებები, რომლებიც წყალბადი 48-ზეა დაფუძნებული, ანუ მხოლოდ წყალბადი 48 რომ ესაჭიროებათ, ისეთი შთაბეჭდილებებია, რომელთაც თითქმის ვერ ვამჩნევთ ან ძალზე ცოტას ვაფიქსირებთ. შთაბეჭდილებები, რომელთაც ყურადღებას ვაქცევთ და კვალს ტოვებენ, 24-მდე მიდიან. თუ თქვენი წარსულიდან კონკრეტული ეპიზოდის გაანალიზებას და იმ ყველაფრის ჩაწერას შეეცდებით, რაც დანამდვილებით გახსოვთ, აღმოაჩენთ, რომ ძალზე მცირედი გახსოვთ. ეს საუკეთესო მეთოდია შთაბეჭდილებების მასალების შესასწავლად.
კითხვა: წარმოადგენს თუ არა შთაბეჭდილება იმას, რასაც საკუთარი ხუთი გრძნობის მეშვეობით ვიღებ?
პასუხი: შთაბეჭდილება - ესაა აზრის, შეგრძნების ან ემოციის ყველაზე მცირე ერთეული.
კითხვა: ვერ გავიგე, როგორ შეიძლება შთაბეჭდილება საკვები იყოს?
პასუხი: შთაბეჭდილებათა აღქმა ნიშნავს, რომ მათთან ერთად გარკვეული ენერგია შემოდის. მთელი ენერგია, რომელსაც იღებთ, საკვებს წარმოადგენს. საკვები, რომელსაც ჭამთ, უხეში მატერიაა, ჰაერი უფრო ნატიფია, შთაბეჭდილებები ყველაზე ნატიფი და ბევრად უფრო მეტად მნიშვნელოვანი საკვებია. ადამიანს წამიც კი არ შეუძლია შთაბეჭდილებების გარეშე ცხოვრება. ადამიანის უგონო მდგომარეობაშიც კი არსებობენ შთაბეჭდილებები.
კითხვა: არის თუ არა ზოგი შთაბეჭდილება კარგი, ზოგი კი ცუდი თავისთავად, თუ მათ ჩვენ ვხდით ასეთებად?
პასუხი: ზოგიერთი შთაბეჭდილება შეიძლება ცუდი იყოს. არ ვიცი, რანაირად შეიძლება იყოს შთაბეჭდილება კარგი თავისთავად, რადგან, თუ ადამიანს სძინავს, საუკეთესო შთაბეჭდილებებიც კი არაფერს გამოიწვევენ. ამიტომ, თუნდაც შთაბეჭდილებები კარგია თავისთავად, მათგან სარგებლის მისაღებად უფრო გამოღვიძებულ მდგომარეობაში ყოფნაა აუცილებელი. ცუდ შთაბეჭდილებებს ძილის დროსაც შეუძლიათ მოსვლა, მათ ვერაფერი შეაჩერებს.
კითხვა: სინამდვილეში, სასიამოვნო ან უსიამოვნო შთაბეჭდილებები მქონდა მხედველობაში.
პასუხი: ბევრი სასიამოვნო შთაბეჭდილება ცუდია. შეეცადეთ ერთი რამ გაიგოთ: შთაბეჭდილებათა კლასიფიცირება წყალბადის მიხედვითაა შესაძლებელი. ყოველი შთაბეჭდილება - გარკვეული წყალბადია. ჩვენ ვისაუბრეთ შთაბეჭდილება 48-ს შესახებ, მაგრამ გაცილებით მაღალი შთაბეჭდილებების არსებობაც შესაძლებელია. მეორე მხრივ, შთაბეჭდილებები შეიძლება მესამე სკალის გაცილებით დაბალ, უმდაბლეს წყალბადებს შეესაბამებოდნენ. წყალბადების ტაბულაში მატერიის დაყოფისას ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ის გვიჩვენებს, საიდან მოდის თითოეული წყალბადი. დავუშვათ, რომელიმე წყალბადის ბუნება გაქვთ დასადგენი. წყალბადების ტაბულაში დაინახავთ, რომ მას სრულიად გარკვეული ადგილი აქვს: აბსოლუტსა და მზეს შორისაა, ან შესაძლოა მზეზე ოდნავ მაღლა, ან დედამიწის დაბლა, დედამიწასა და მთვარეს შორის და ა.შ. წყალბადების განლაგების ეს შესაძლებლობა - უდიდესი უპირატესობაა. ჯერ სათანადოდ ვერ აფასებთ იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ ყოველ მატერიაში არა მხოლოდ მისი სიმკვრივე ვიცით, არამედ დონეც, საიდანაც ის მოდის, - მისი ადგილი საგანთა ზოგად სქემაში. თანამედროვე მეცნიერება ამ ცოდნას ჯერ ვერ მიუახლოვდა და არ ესმის, რომ მატერიები სწორედ მათი წარმოშობის ადგილის გამო განსხვავდებიან. უნდა გესმოდეთ, რომ H12-ს უზარმაზარი უპირატესობა აქვს, მაგალითად, H1536-ზე, ამიტომ H12-დან მომავალი შთაბეჭდილება - ერთი სახის შთაბეჭდილებაა, ხოლო დედამიწის ქვედა დონიდან, ვთქვათ, მთვარიდან, მომავალი შთაბეჭდილება - სრულიად სხვა სახის შთაბეჭდილებაა. ერთი - სწრაფი ვიბრაციებით სავსე მსუბუქი მატერიაა, მეორე კი ნელი და მავნე ვიბრაციებისგან შედგება. ამიტომ, თუ გრძნობთ, რომ შთაბეჭდილება მძიმე და უსიამოვნოა, - მის აღსაწერად სწორი განსაზღვრების პოვნა რთულია, - სწორედ ამ ფაქტის მიხედვით დაადგენთ, რომ ის ქმნილების სხივის რომელიღაც ქვედა ნაწილიდან მოდის. ის, რაც თქვენში მრისხანებას იწვევს, გაიძულებთ გძულდეთ ადამიანები ან უხეშობისა და ძალადობისკენ გიბიძგებთ - ყველა ეს შთაბეჭდილება დაბალი სამყაროებიდან მოდის.
კითხვა: ნორმალურ გარემოებებში თუ შეგვიძლია აუცილებელი შთაბეჭდილებების მიღება?
პასუხი: ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას უწოდებთ „ნორმალურ გარემოებებს“. არსებობის გაგებით, ნორმალურ გარემოებებში, ისინი საკმარისად გვაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში დავიხოცებოდით. რადგან არ ვკვდებით, ეს მიგვნიშნებს, რომ მათ საკმარისად ვიღებთ. მაგრამ ეს არ გვაკმაყოფილებს. გამოღვიძებასა და განვითარებაზე ვსაუბრობთ, და აქ დამხმარეთ კოსმოსური ფაქტი გვევლინება. ჩვენ საკვების გაუმჯობესება არ შეგვიძლია, რადგან ესაა ერთადერთი, რისი ჭამაც შეგვიძლია. არც ჰაერის გაუმჯობესება ძალგვიძს, რადგან ის ჰაერის ერთადერთი სახეა, რითიც ვსუნთქავთ. თუმცა შთაბეჭდილებების გაუმჯობესება ხელგვეწიფება. ეს ჩვენი ერთადერთი შანსია. როგორ გავაკეთოთ ეს? არც მოგზაურობით, არც თეატრში სიარულით, არც რაიმე მსგავსით, არამედ გამოღვიძებით ან გამოღვიძების მცდელობით.
კითხვა: ჩვენს ამჟამინდელ მდგომარეობაში შესაძლებელია თუ არა უფრო მაღალი წყალბადების მიღება?
პასუხი: ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორია თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა, და იმაზე, რამდენად ბევრი გაქვთ უკვე. ეს ალქიმიასავითაა: ოქროს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებთ, თუ უკვე ფლობთ მცირე რაოდენობას მაინც. მაღალ წყალბადებს მაგნიტის თვისებები აქვთ, ისინი უფრო მაღალ წყალბადებს იზიდავენ. თუ ძალზე მცირე რაოდენობით გვაქვს, ამას მხოლოდ ძალზე მცირე რაოდენობის მოზიდვა შეუძლია, იმის შესაბამისად, რამდენიც უკვე გვაქვს. მაგრამ თუ მეტი გვაქვს, მეტის მიღება შეგვიძლია. გაიხსენეთ გამონათქვამი ახალი აღთქმიდან, რომელიც ამბობს, რომ ვისაც არ აქვს, წაერთმევა, ხოლო ვისაც აქვს, მიეცემა. ეს სწორედ ამას ეხება.
კითხვა: შეიძლება თუ არა შთაბეჭდილებების მიღება ან აცილება ზუსტად ისევე, როგორც საკვების არჩევისას?
პასუხი: თქვენ შეიძლება გამოიყენოთ ერთი სახის შთაბეჭდილებები, მეორე კი არა, თუ გარკვეული კონტროლი გაგაჩნიათ, მაგრამ ეს გარკვეული ხარისხის გამოღვიძებას და ვარჯიშს მოითხოვს. რაც უფრო მეტად გახსოვთ საკუთარი თავი, მით მეტ კონტროლს ფლობთ. თუ საკმარისად გახსოვთ საკუთარი თავი, შეგიძლიათ გარკვეული შთაბეჭდილებების შეჩერება, შეგიძლიათ საკუთარი თავის იზოლირება - ისინი მოვლენ, მაგრამ ვერ შემოაღწევენ. არის სხვა შთაბეჭდილებებიც, რომელთაც გაეხსნებით, და ისინი დაუყოვნებლივ მოვლენ. ეს ყველაფერი თვითგახსენებაზეა დაფუძნებული.
კითხვა: თუ რომელიმე შთაბეჭდილება გარკვეულ რეაქციას იწვევს, და შემდეგ ეს რეაქცია წყდება, ეს საზიანო ხომ არ არის?
პასუხი: ყოველი შთაბეჭდილება გარკვეულ რეაქციას უნდა იწვევდეს, მაგრამ ამ რეაქციებს თქვენი მუშაობის საერთო წონასწორობის, ცხოვრებისეული მიდრეკილებების და ა.შ. თანახმად უნდა აკონტროლებდეთ. ნებისმიერი კონტროლი და გამოცდილება ამ სისტემის შესაბამის მუშაობასთან უნდა იყოს დაკავშირებული, და ამ შემთხვევაში ის საზიანო არ იქნება. თვითგახსენებასთან დაკავშირებული, არაფერი არაა საზიანო.
კითხვა: თავიდან გვეჩვენება, რომ საკუთარი თავის ხსომების მცდელობა შთაბეჭდილებებს ზღუდავს.
პასუხი: მათი შეზღუდვა შეუძლებელია, ისინი მხოლოდ მატულობენ, თუ ნამდვილად თვითგახსენებასთან გვაქვს საქმე. თუ მხოლოდ თვითგახსენების შესახებ ფიქრებია, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს ზოგიერთ შთაბეჭდილებას ზღუდავს.
კითხვა: უფრო მეტს ხომ ვერ გვეტყვით შთაბეჭდილებათა სხვადასხვა სახეობების შესახებ?
პასუხი: ბევრად მეტის გაგებას დაკვირვებით შეძლებთ, ვიდრე კითხვების დასმით, იმიტომ, რომ თავად უკეთ იცით, რა გიზიდავთ უფრო მეტად, რა - ნაკლებად, რა განგიზიდავთ და ა.შ. ბევრი სუბიექტური რამ არსებობს: ერთს რაღაც იზიდავს, მეორეს კი იგივე განიზიდავს. ზოგი შთაბეჭდილება ინტელექტუალურ ცენტრთან მიდის, სხვები - ემოციურთან, კიდევ სხვები - მამოძრავებელთან ან ინსტინქტურთან. ზოგი მეტად მოგვწონს, სხვები - ნაკლებად. ეს ყველაფერი დაკვირვებისთვის მასალას წარმოადგენს. ყოველ ცენტრს საკუთარი აპარატი გააჩნია შთაბეჭდილებათა მისაღებად, მაგრამ ხშირად ისინი ერთმანეთს ერევიან. ხანდახან ინტელექტუალური ან ემოციური ცენტრი სხვა ცენტრისთვის განკუთვნილი შთაბეჭდილებების მიღებას ცდილობს, თუმცა თავად ისინი კონკრეტული სახის შთაბეჭდილებისთვისაა გამიზნული. მაგალითად, სუნის შთაბეჭდილებას არა ინტელექტუალური ცენტრი, არამედ ინსტინქტური ცენტრი აღიქვამს.
შთაბეჭდილებების გაანალიზება უფრო მარტივია, ვიდრე საკვების. ადამიანებს შეუძლიათ დაგარწმუნონ, რომ რომელიმე პროდუქტი საკვებად კარგია და კონსერვის ქილით მოგყიდონ ის, შემდეგ კი აღმოაჩენთ, რომ მისი ჭამა არ შეგიძლიათ; მაგრამ დაკვირვების, შედარების, ხანდახან სხვა ადამიანებთან საუბრის მეშვეობით შეგიძლიათ დაადგინოთ, შთაბეჭდილებათაგან რომელი მიეკუთვნება მაღალ დონეს, და რომელი - დაბალს.
კითხვა: იმ შთაბეჭდილებებს ხომ არ უნდა ვერიდოთ, რომლებიც უარყოფით ემოციებს იწვევენ?
პასუხი: ასეც შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ, მაგრამ ხანდახან შთაბეჭდილებები მყისიერ უარყოფით ემოციებს არ იწვევენ.
კითხვა: შთაბეჭდილებათა სახეობების გარჩევა შესაძლებელიც რომ იყოს, მაინც ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება მათი მიღება ან უარყოფა?
პასუხი: გამოღვიძებულ მდგომარეობაში. თუ გძინავთ, ეს არ შეგიძლიათ. მაგრამ გამოღვიძებულს, - შეიძლება უცებ არა, რადგან ეს გარკვეულ მუშაობას მოითხოვს, - ერთხელ გძლევენ არასწორი შთაბეჭდილებები, მეორედაც გძლევენ, მესამეჯერ კი თქვენ საკუთარი თავის იზოლირებას შეძლებთ. მაგრამ მანამდე უნდა გაარკვიოთ, რომელი არასწორი შთაბეჭდილებები მოქმედებენ თქვენზე, რის შემდეგაც საკუთარი თავის იზოლირებისთვის სპეციალური მეთოდების მოძებნას შეძლებთ.
კითხვა: გულისხმობთ, რომ დაკვირვების შემთხვევაში იმ შთაბეჭდილებების თავიდან აცილებას შევძლებთ, რომლებიც ჩვენ უარყოფითად გვმუხტავენ?
პასუხი: არაფერი მითქვამს იმაზე, თუ რამ გაგახადათ თქვენ უარყოფითი, მე მხოლოდ ცუდ შთაბეჭდილებებზე ვისაუბრე. თქვენ აზრს ცვლით. თავად შთაბეჭდილებებზე ვსაუბრობდი. რაც შეეხება იმას, თუ რა გმუხტავთ უარყოფითად, ეს თქვენს მდგომარეობაზეა დამოკიდებული. გარკვეულ მდგომარეობაში ნებისმიერი, თუნდაც მსოფლიოში საუკეთესო რამ ამდაგვარად იმოქმედებს თქვენზე.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა სურვილის შემთხვევაში შთაბეჭდილებათა აღქმის შეჩერება?
პასუხი: არა, რა თქმა უნდა, არა. შეუძლებელია შთაბეჭდილებათა სრული შეჩერება, მაგრამ, როგორც გითხარით, თქვენ შეგიძლიათ დაამუხრუჭოთ არასასურველი და მიიზიდოთ სხვა შთაბეჭდილებები, რადგან უკვე უნდა გვესმოდეს, რომ ზოგიერთი შთაბეჭდილების დაშვება არ შეიძლება. ბევრი არასწორი შთაბეჭდილება არსებობს, რომელთაც ადამიანის მთელი ცხოვრების არევა შეუძლიათ, თუ ის მათ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უშვებს, ან თუ მას ჩვევად აქვს გადაქცეული გარკვეული ცუდი შთაბეჭდილებების ძებნა. მაგალითად, ადამიანები დგანან ქუჩაში, უყურებენ საგზაო შემთხვევას, და დაუსრულებლად ლაპარაკობენ ამაზე შემდგომ ანალოგიურ შემთხვევამდე. ისინი არასწორ შთაბეჭდილებებს აგროვებენ. სკანდალების მოყვარულები და ყველაფერში ცუდის აღმომჩენებიც არასწორ შთაბეჭდილებებს აგროვებენ. უნდა იფიქროთ არა სწორი შთაბეჭდილებების არჩევაზე, არამედ არასწორი შთაბეჭდილებებისგან იზოლირებაზე. მხოლოდ ამ გზით მოიპოვებთ გარკვეულ კონტროლს. როდესაც სწორი შთაბეჭდილებების არჩევას ცდილობთ, თქვენ უბრალოდ თავს იტყუებთ. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ სასურველი შთაბეჭდილებების მოპოვება არ შეგიძლიათ, სამაგიეროდ, მათ მართვას საკუთარი თავის ზოგიერთი სახის არასწორი შთაბეჭდილებებისგან იზოლირების გზით თავიდანვე შეძლებთ.
ისევ და ისევ, უნდა გახსოვდეთ, რომ შთაბეჭდილებების სამართავად, რაღაც დონეზე გამოღვიძებული უნდა იყოთ. თუ გძინავთ, არაფერს მართავთ. სრულიად უბრალო, საჩინო საგნების სამართავად თქვენ უნდა გამოიღვიძოთ და ივარჯიშოთ, რადგან, თუ თქვენთვის არასწორ, რომელიმე კონკრეტულ შთაბეჭდილებებს ხართ უკვე მიჩვეული, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ერთმა „მე“-მ იცის, რომ საკუთარი თავის იზოლირებაა საჭირო, მაგრამ, შესაძლოა, ათ სხვა „მე“-ს ასეთი შთაბეჭდილებები უყვარდეს.
კითხვა: შთაბეჭდილება, რომელიც ხელოვნების რომელიმე ნიმუშის მიერაა გამოწვეული, - უფრო მაღალი შთაბეჭდილების მაგალითს წარმოადგენს?
პასუხი: ეს მთლიანად თქვენზე და თქვენს მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუ თქვენ ინტელექტუალურ ცენტრში იმყოფებით, მან შესაძლოა არანაირი შთაბეჭდილება არ მოახდინოს; თუ მამოძრავებელ ცენტრში იმყოფებით, კიდევ უფრო ნაკლებ შთაბეჭდილებას გამოიწვევს, მაგრამ თუ ემოციურ ცენტრში ხართ, მას შთაბეჭდილების გამოწვევა შეუძლია.
კითხვა: განსაზღვრავს თუ არა ყოველი წყალბადი იმ საქმიანობის სფეროს, რომელიც ადამიანს ხელეწიფება?
პასუხი: ეს ფორმირებადი მიდგომაა. შეეცადეთ, განსახილველ თემას ჩაწვდეთ. შთაბეჭდილებებზე ვსაუბრობთ. თქვენ ეს არ გესმით, მაგრამ კიდევ უფრო მეტის დამატებას ცდილობთ. ეს ნიშნავს, რომ პირი ლუკმით გაქვთ გამოტენილი, თქვენ კი კიდევ მეტის ჩატენვას ცდილობთ და იხრჩობით. ჯერ გადაყლაპეთ.
კითხვა: ეს სწორედ ისაა, რაც მერთულება, - სინამდვილეში არასდროს ვაკვირდები.
პასუხი: ეს უნდა იყოს რთული; მთელი მუშაობა რთულია. მუშაობაში ადვილი არაფერია, მაგრამ სწორედ იმიტომ იღებთ შედეგს, რომ ის რთულია. მარტივი რომ ყოფილიყო, ვერაფერს მიიღებდით.
კითხვა: რანაირადაა შესაძლებელი, რომ ადამიანს მის მდგომარეობაში შეუძლია აღიქვას ის მაღალი წყალბადები, რომლებიც B ზეგავლენებს შეესაბამება?
პასუხი: ადამიანის ცენტრები ძალზე მაღალ წყალბადებთან სამუშაოდ და ძალზე მაღალი შთაბეჭდილებების მისაღებადაა შექმნილი. მას შეუძლია არ იღებდეს მათ, შეუძლია ბევრად დაბალი შთაბეჭდილებებით იცხოვროს, თუმცა ძალზე ნატიფი შთაბეჭდილებების მიღების უნარი აქვს, და მათ B ზეგავლენებიდან იღებს.
კითხვა: და რატომ იბადება ზოგი ადამიანი ასეთი, სხვები კი - არა?
პასუხი: ადამიანები განსხვავებულები არიან, ყველა ერთნაირი არაა. ამას გარდა, ბევრი დეფექტი არსებობს გადაშენების, ავადმყოფობების, პათოლოგიების შედეგად. ამ შთაბეჭდილებების მიღება ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა შეეძლოს, მაგრამ ამისთვის ისინი ნორმალურები უნდა იყვნენ.
კითხვა: როდესაც წყალბადები მაღალი სამყაროებიდან დაბალ სამყაროებს გადაეცემა, ისინიც ხომ არ დაბლდებიან?
პასუხი: არა, ისინი თავისი სუფთა ფორმით გადაეცემიან. საკითხი დგას ამგვარად: შეგიძლიათ თუ არა მათი აღქმა? მათი აღქმა მხოლოდ ცენტრების გარკვეულ ნაწილებს შეუძლიათ.
კითხვა: შეიძლება თუ არა მათი აღქმა, შემდეგ კი მათი დაზიანება?
პასუხი: თუ თქვენი ერთი ნაწილი მაღალ ზეგავლენას იღებს, მეორე კი დაბალს, ამას აფეთქების გამოწვევა შეუძლია.
კითხვა: დროთა განმავლობაში ვისწავლით თუ არა წყალბადებს შორის განსხვავების დანახვას?
პასუხი: გარკვეულწილად. დაკვირვებიდან გარკვეული დროის შემდეგ მიხვდებით, მაგალითად 24 და 12 ემოციებს შორის ან უგემოვნო ნივთების - 48 შთაბეჭდილებებსა და 24 შთაბეჭდილებებს შორის განსხვავებას. მაგრამ, უნდა გესმოდეთ, რომ ტაბულაში ნაჩვენები ყველა წყალბადი არის დო, და მასსა და შემდეგ წყალბადს შორის მთელი ოქტავაა, ანუ ერთ წყალბადსა და მეორე წყალბადს შორის უზარმაზარი მანძილია. ამ პრინციპის გასაგებად აზროვნებისთვის გარკვეულ ორიენტირებს გამოვყოფთ - მთელი სკალის დეტალური შესწავლით დაწყება არ შეგვიძლია.
კითხვა: რას წარმოადგენს წერტილი, რომელშიც საკვების სამი ოქტავის შემდგომი ტრანსფორმაციის შესაძლებლობა არსებობს?
პასუხი: როგორც უკვე ვთქვი, შემდგომი ტრანსფორმაციის შესაძლებლობა არსებობს წერტილში, სადაც შთაბეჭდილებები შედიან ორგანიზმში როგორც დო 48, მაგრამ როგორც წესი ვერ ვითარდებიან შესვლის ადგილას ნახშირბადი 12-ის ნაკლებობის გამო. მექანიკური ფუნქციონირებისას გრძნობის ორგანოების გავლით შთაბეჭდილებების შესვლა მაშინვე ასოციაციურ აზროვნებას ან წარმოსახვას H48 დონეზე, ან მეტ-ნაკლებად ინსტინქტური ბუნების ემოციურ რეაქციებს იწვევს.
ძალზე იშვიათად - მაგალითად, ემოციური აგზნებისას ან საშიშროებისას - შესაძლებელია შთაბეჭდილებების შესვლის ადგილზე ნახშირბადი 12-ის მიტანა მოხდეს. ამ შემთხვევაში ყველაფერი ამ ემოციურ მდგომარეობას უკავშირდება, და ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი, რასაც ხედავს, უჩვეულოდ ცოცხალი, ახალი და მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანში ასეთი განცდები იშვიათია; მათ არსაით მიყავთ და მალე შთაინთქმებიან წარმოსახვის მიერ. მათი გამომწვევი ემოციური მდგომარეობა გაივლის, ან მას სრულიად აცდენილი მიმართულების რომელიმე იმპულსი ან სურვილი ჩაანაცვლებს. ასეთი განცდები ჩვეულებრივ ადამიანში ერთმანეთთან დაკავშირებული არ არიან და არაფერი აქვთ საერთო ცნობიერების მიზანმიმართულ განვითარებასთან.
საკუთარი თავის გახსენების მცდელობებთან ერთად ადამიანში ბევრი სხვა შეგრძნება იღვიძებს, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც საკუთარ არსებობას და გარემომცველ სამყაროსთან დამოკიდებულებას უკავშირდება. ისინი კი, თავის მხრივ, ადამიანზე მოქმედი სხვადასხვა ზეგავლენის გაცნობიერების და მათ შორის არჩევის შესაძლებლობას გვაძლევენ.
კითხვა: როგორ გავიგოთ, როდის მუშაობს ემოციური ცენტრი H12-თან?
პასუხი: გარკვეული დროის შემდეგ ამას გემოთი მიხვდებით. ეს იგივეა, რაც ჭამაზე ფიქრებსა და
თავად ჭამას შორის განსხვავების ცოდნა. თვითდაკვირვების გარკვეული გამოცდილებისას შეგვიძლია ყოველი ეს გამოვლინება გამოვყოთ და მათ ეტიკეტი დავაკრათ. ჩვეულებრივ, განსხვავებებს ემოციებს შორის ვხედავთ - ზოგი მეტად ემოციურია, ზოგი - ნაკლებად. კონკრეტული მიზნით დაკვირვებისას დავინახავთ, ესა თუ ის ემოცია გარკვეულ სიმკვრივეს როგორ უნდა შეესაბამებოდეს. მაგრამ H12-დან არ უნდა დაიწყოთ, რადგან ის ძალზე უჩვეულოა. როდესაც მის გემოს გავიგებთ, სხვაში აღარასოდეს აგვერევა.
კითხვა: უნდა განვასხვავოთ თუ არა შთაბეჭდილებები და მათი გამომწვევი ნივთები?
პასუხი: დიახ, დოლი განსხვავდება დოლის ხმისგან, ამიტომ ვერ იტყვით, რომ, როდესაც დოლის ხმა გესმით, თქვენს ყოფიერებაში დოლი შემოდის. ანუ თუ თეორიულად გსურთ განიხილოთ, ის უნდა გაყოთ. მაგრამ რა მიზნით? ახლა მნიშვნელოვანია გაიგოთ, რომ, თუ საკუთარი თავი არ გვახსოვს, თავს ვუხსნით შთაბეჭდილებებს, რომლებიც შეიძლება ძალზე დაბალი იყოს წყალბადის სკალაზე.
კითხვა: მაგრამ წყალბადი ხომ იცვლება იმის მიხედვით, თუ რომელ ცენტრში მოხვდება შთაბეჭდილება?
პასუხი: წყალბადი გარკვეულ მატერიას ნიშნავს. როგორ უნდა განსხვავდებოდეს ის სხვადასხვა ოთახში ყოფნისას? უკვე აგიხსენით, რომ ყოველი ცენტრი გარკვეულ წყალბადთან სამუშაოდაა ადაპტირებული. ერთ ცენტრს უფრო დაბალი წყალბადი ესაჭიროება, მეორეს კი უფრო მაღალი. თუ ცენტრი არასწორ წყალბადს იყენებს, ეს ამა თუ იმ აზრით არასწორ მუშაობას იწვევს, იმისდა მიხედვით, რომელი წყალბადი და როგორ იქნა გამოყენებული.
როგორც წესი, ცენტრები უკეთესი ენერგიის მოპარვას ცდილობენ, თუმცა ხანდახან უარეს ენერგიაზეც მუშაობენ, ანუ ზარმაცობენ. ხანდახან, მაგალითად, ინსტინქტური ცენტრი ენერგია 48-სთან მუშაობას ცდილობს; ამას ძალზე ცუდი მუშაობა მოყვება შედეგად, და ადამიანი ავადდება. ხშირად ავადმყოფობა სწორედ ასეთი პროცესის შედეგია.
კითხვა: მისი მართვა შესაძლებელია?
პასუხი: გარკვეულწილად. ეს უარყოფით ემოციებთანაა დაკავშირებული. მათ ენერგიის სწორი ადგილებიდან არასწორ ადგილებში გადატანა შეუძლიათ. ადამიანი, რომელიც უარყოფით ემოციებს ვერ აკონტროლებს, ინსტინქტურ ცენტრთან დაკავშირებულს ვერაფერს გააკონტროლებს. ენერგიის შენახვის მხოლოდ ერთი, დაკარგვის კი - უამრავი გზა არსებობს.
კითხვა: მკვეთრი შთაბეჭდილებები სუსტი შთაბეჭდილებებისგან განსხვავებულ ენერგიას მოიხმარენ?
პასუხი: ისინი კი არ მოიხმარენ, მათ ის მოაქვთ. თუ თქვენ მკვეთრ შთაბეჭდილებებს განიცდით, ეს ნიშნავს, რომ თქვენში გარკვეული წყალბადი შემოდის. შთაბეჭდილებების მიღება ნიშნავს, რომ თქვენში გარკვეული მატერიები შემოდის.
კითხვა: რატომ მოაქვთ მაღალ შთაბეჭდილებებს ასე ხშირად სიცარიელის გრძნობა?
პასუხი: თუ მაღალი შთაბეჭდილება სიცარიელეს ქმნის, ეს ნიშნავს, რომ ძალზე ცუდ მდგომარეობაში ვართ: მანქანა არასწორად მუშაობს, ცენტრები საჭირო წყალბადებს არ მოიხმარენ, ძალზე ღრმად გვძინავს და ძალზე ბევრი ბუფერი გვაქვს. ნორმალურ მანქანაში ის ამგვარად არ მოქმედებს. უფრო მაღალი შთაბეჭდილებები არა სიცარიელეს, არამედ განმანთავისუფლებელ ზემოქმედებას უნდა იწვევდეს.
კითხვა: რა დამოკიდებულებაა სი 12-ს, მი 12-ს და სოლ 12-ს შორის?
პასუხი: ამას მოგვიანებით გაიგებთ. თუ გნებავთ, გეტყვით, რომ მი 12 ემოციურ ცენტრს შეესაბამება, სოლ 12 - ინსტინქტურს, ხოლო სი 12 კი - სექსუალურს. ჩვენ მხოლოდ მი 12-ზე შეგვიძლია მუშაობა. ჩვენში ძალზე მცირე რაოდენობითაა სი 12, ხოლო სოლ 12 მაღლა ძალზე მცირე რაოდენობის H6-ის რაოდენობით აღწევს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ასე მცირე რაოდენობითაა, მაღალ ცენტრებს ცოცხლად ინარჩუნებს.
კითხვა: რა თვისებები აქვს მი 12-ს? როგორ ამოვიცნოთ ის?
პასუხი: როგორც უკვე აგიხსენით, ესაა ენერგია, რომელიც უარყოფითი ემოციების უკან დგას. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა უარყოფითი ემოცია აღწევს H12-ის ინტენსივობას, თუმცა ეს შეუძლიათ, ხოლო ინტენსიური უარყოფითი ემოციები წვავენ მი 12-ს.
კითხვა: რატომაა აუცილებელი კვებითი ფაბრიკის შესწავლა? მას ამ სისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია?
პასუხი: ძალზე მნიშვნელოვანი. მაგრამ, ისევ და ისევ, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა გსურთ თქვენ. თუ საკუთარი თავის გაგება გსურთ მანქანის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით, საკუთარ თავზე ყველაფერი მნიშვნელოვანი უნდა იცოდეთ; ცოდნა იმისა კი, თუ როგორ მუშაობს მანქანა და რომელ მასალას იღებს, ძალზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ, ამ დიაგრამების საშუალებით ჩაწვდებით, რას აკეთებთ; სხვაგვარად, რაიმეს გაკეთებას რომც ცდილობდეთ, ეს არ გეცოდინებათ.
კითხვა: ძნელი დასანახია, კვებით დიაგრამაში სად შემოდის მესამე ძალა. ის მხოლოდ სხვა ორი ძალის შედეგი ხომ არაა?
პასუხი: ძალზე ხშირად ის ასეთ შედეგად გვეჩვენება, მაგრამ წუთით მაინც თუ დაუფიქრდებით, დაინახავთ, რომ ასე არაა. ავიღოთ საჭმლის მონელების პროცესი. ორგანიზმში განუწყვეტლივ მიმდინარეობს ამ პროცესის ყველა სტადია. დავუშვათ, სწორედ ახლა ადამიანი არ ჭამს, მაგრამ საჭმლის მომნელებელი პროცესის მესამე და მეოთხე ტრიადები მოქმედებენ. ეს ნიშნავს, რომ თქვენს მიერ „შედეგად“ მოხსენიებულის გარკვეული რაოდენობა, ანუ მესამე ძალა, უკვე არსებობს, რადგან, ის რომ იქ არ ყოფილიყო, შესაძლოა ის მოვლენები, რომლებიც დიაგრამაზე ნაჩვენებია როგორც ამ სტადიის წინმსწრები, საერთოდ არ მომხდარიყო. აუცილებლად უნდა გესმოდეთ, რომ იქ არა მარტო ნახშირბადი, არამედ აზოტიც უნდა იყოს. ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ კვებითი დიაგრამის დაწყების მომენტს. ის დაბადების მომენტში ან დაბადებიდან მალევე იწყება, შემდეგ კი მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება.
მაგალითად, ნორმალურ ფიზიოლოგიაში კარგადაა ცნობილი, რომ პირის ღრუში მიმდინარე ზოგი პროცესი კუჭში მიმდინარე გარკვეულ პროცესებზეა დამოკიდებული. ეს ყველაფერი დაკავშირებულია, და ის, რაც შედეგად გამოიყურება, ძალზე ხშირად მიზეზს წარმოადგენს.
ამგვარად, როგორც აღვნიშნე, პირველ რიგში მნიშვნელოვანია გავიგოთ: წყალბადების ცხრილი აჩვენებს, წყალბადების რომელი შრიდან მოდის ყოველი მატერია. ამ ცხრილის მეშვეობით დაინახავთ, რომ ყველა წყალბადი ჩვენს სხეულში, წყალბადები, რომელთაც ვჭამთ და ვსვამთ, ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ, ყველა შთაბეჭდილება და სხვა მრავალი - ეს ყველაფერი ქმნილების სხივში მატერიის სხვადასხვა შრეებიდან მომდინარეობს. ამ გზით ვხედავთ ყოველი ქმედების, ყოველი აზრის, ყოველი ფუნქციის მიმართებას სამყაროს გარკვეული ნაწილისადმი, რომელიც საკუთარი კანონებით იმართება. ჩვენ გვგონია, რომ ეს ყველაფერი დედამიწაზე ხდება, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ასეცაა, ხდომილებათა წყარო დედამიწაზე არ იმყოფება - ის შეიძლება მის ზემოთ ან ქვემოთ იყოს. და ეს ისაა, რასაც წყალბადების ცხრილი გვიჩვენებს.
გარე სამყაროში არსებული ენერგიები ან მატერიები ადამიანმა იმდენად შეიძლება გაიგოს ან აითვისოს, რამდენადაც უკვე ფლობს საკუთარ თავში შესაბამის წყალბადებს. ამგვარად, იმისთვის, რომ მგრძნობიარე გახდეს უფრო მაღალი მატერიებისა და ზეგავლენებისთვის, ადამიანი საკუთარ თავში უნდა აწარმოებდეს საკმარისი რაოდენობის შესაბამის წყალბადებს, რომლებიც მაღალ ცენტრებს ააქტიურებენ.
ამ თვალსაზრისით, თვითშესწავლა საკუთარ თავში სხვადასხვა ენერგიების მუშაობის, უსარგებლო და მავნე ფუნქციებში მათი ახლანდელი გადინების, და თვითგანვითარების მიზნით მათი შესაძლო დაგროვების შესწავლად იქცევა.
წყალბადების და მათი ერთმანეთთან დამოკიდებულების შესწავლა სხვადასხვა სიჩქარეების მქონე ცენტრების გაგებაში გვეხმარება. ინტელექტუალური ცენტრი მუშაობს H48-სთან, მამოძრავებელი და ინსტინქტური - H24-თან, ემოციური H12-თან უნდა მუშაობდეს, მაგრამ ის ვერასდროს იღებს საჭირო საწვავს და ამიტომ არ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა. ჩვენ რომ მისი უფრო სწრაფად ამუშავება შეგვეძლოს, ეს აღქმისა და სხვა უნარების ძალზე დიდ ცვლილებებს გამოიწვევდა.
კითხვა: ვერ ჩავწვდი ემოციის სიჩქარის იდეას. როგორ იზომება ის?
პასუხი: უნდა გააცნობიეროთ, რამდენად მრავალ სხვადასხვა გრძნობას შეუძლია თქვენში ერთი აზრის განმავლობაში ან ქანქარას ერთი რხევის პერიოდში შემოსვლა.
კითხვა: ემოციის სიჩქარეში მის მიზეზსა და შედეგს შორის დროს გულისხმობთ?
პასუხი: არა, ეს შთაბეჭდილებათა რაოდენობაა. თქვენ ამას ობიექტურად გამოხატავთ, მაგრამ ეს სუბიექტურია - ეს ნიშნავს, რომ ერთი აზრის განმავლობაში ადამიანს ათასი ემოცია შეიძლება ჰქონდეს.
კითხვა: ეს სიჩქარე ცნობიერების დონის შესაბამისად იცვლება?
პასუხი: თქვენი დაკვირვება ცნობიერების დონის შესაბამისად შეიცვლება, მაგრამ ეს ფაქტი იგივე დარჩება. თუმცა, როგორც გითხარით, ემოციური ცენტრი თავისი ნამდვილი სიჩქარით არ მუშაობს, რადგან უმეტესად მისი მამოძრავებელი ნაწილები მოქმედებენ, ხოლო როდესაც ცენტრი ამგვარად მუშაობს, მისი სიჩქარე გაცილებით დაბალია იმასთან შედარებით, მას რომ ინტელექტუალური ნაწილით ემუშავა.
კითხვა: თუ ემოციურ ცენტრს მისი უმაღლესი სიჩქარით გამოვიყენებთ, გვექნება თუ არა დადებითი ემოციები?
პასუხი: ამ შემთხვევაში ჩვენ მაღალ ცენტრებს ვუკავშირდებით და დადებითი ემოციების განცდა შეგვიძლია. მაგრამ ჯერ ცნობიერნი უნდა ვიყოთ, რადგან ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, როდესაც საკმაოდ სრული კონტროლი გვექნება ცნობიერებაზე.
კითხვა: კვებითი დიაგრამა გვიჩვენებს, რომ ადამიანში, ისეთში, როგორიც არის, ძალზე მაღალი მატერია იმყოფება. როგორ ვლინდება ის?
პასუხი: მაღალი მატერიის გარეშე ადამიანი არ იქნებოდა. სული, რომელიც მაღალი წყალბადებისგან შედგება, უნდა იკვებებოდეს. არსება უნდა იკვებებოდეს. პიროვნებაც კი საჭიროებს კვებას, თუმცა პიროვნება რამდენადმე განსხვავებული საკვებით ცხოვრობს. როგორც ვთქვი, მაღალი წყალბადები ჰაერიდან მოიპოვება, მაგრამ შთაბეჭდილებებს - განსაკუთრებულ, განწმენდილ შთაბეჭდილებებს - გაცილებით მეტის მოცემა შეუძლიათ. ადამიანის ორგანიზმი კოსმოსური პრინციპებითაა აგებული, ამიტომ რაოდენობა ძალზე მნიშვნელოვანია.
კითხვა: ჩემთვის დიაგრამები - მხოლოდ ცოდნაა, თუმცა გაგებას არ მაძლევს, რომელიც ბრძოლაში დამეხმარებოდა.
პასუხი: ისინი ბრძოლაში ვერ გიშველიან, მაგრამ აზროვნებაში დახმარება შეუძლიათ. ახლაც კი, ამ საწყის ფორმაში, დიაგრამები მრავალი სიძნელის და პრობლემის გადაჭრაში გვშველიან. ისინი ფორმულის როლს ასრულებენ, რათა თქვენ ამ პრობლემებთან მიმართებით საკუთარი ადგილი იპოვოთ. ისინი პასუხს არ მოგართმევენ, მაგრამ გასწავლიან, სად და როგორ იპოვოთ ის. სწორედ ესაა დიაგრამების ჭეშმარიტი დედააზრი. ისინი იმ ენაზე საუბრობენ, რომლის სწავლასაც დროზე ადრე შეუდექით. სინამდვილეში ამ ენის გამოყენებას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როდესაც მაღალი ცენტრების გამოყენებას დავიწყებთ. დავუშვათ, მაღალ ემოციურ ცენტრზე კონტროლი მოიპოვეთ. დიაგრამების ცოდნით, თქვენ ბევრი ახალი გრძნობის, შეგრძნების, გონებაში გაჩენილი იდეის ახსნას და ამ განმარტებების ჩვეულებრივი გონებისთვის გადაცემას შეძლებთ. დიაგრამების გარეშე ამას ვერ შეძლებთ. ისინი - ის შუალედური ენაა, რომელიც მაღალ ემოციურ ცენტრს ჩვეულებრივ ცენტრებთან აკავშირებს. იმავდროულად, ეს ენა - კიბის ნაირსახეობაა, რომლითაც ჩვეულებრივი აზროვნებიდან მაღალი ემოციური ცენტრის აზროვნებამდე შეგვიძლია ავიდეთ.
კითხვა: ფუნქციონირებენ თუ არა ჩვენს ახლანდელ მდგომარეობაში მაღალი ცენტრები?
პასუხი: ამ საკითხთან დაკავშირებით სამი თეორია არსებობს. ერთი თეორიის მიხედვით ისინი ფუნქციონირებენ, და ამის გარეშე ვერ ვიცხოვრებდით, თუმცა, ამასთან, სიჩქარეებს შორის უზარმაზარი სხვაობის გამო ისინი ჩვეულებრივ ცენტრებს არ უკავშირდებიან. ეს თეორია ამტკიცებს, რომ ჩვეულებრივი ცენტრებიდან ყველა არასწორი ფუნქცია უნდა აღმოიფხვრას და ისინი უმაღლეს შესაძლებელ სიჩქარემდე უნდა იქნას მიყვანილი, ეს კი მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც ცნობიერების სხვა დონეზე გადავალთ. მეორე ახსნა ასეთია: მაღალი ცენტრები ლატენტურ მდგომარეობაში იმყოფებიან, ისინი სრულად არიან განვითარებულები, მაგრამ ისე არ მუშაობენ, როგორც საჭიროა. მესამე თეორიის მიხედვით, ისინი არ მუშაობენ, რადგან არ აქვთ საწვავი, ხოლო წყალბადები, რომლებიც მათთვის საწვავს წარმოადგენენ, მხოლოდ ცნობიერების სხვა მდგომარეობაში შეიძლება წარმოიქმნან. მათ სძინავთ, მაგრამ როდესაც მათთვის საკმარის მასალას ვაწარმოებთ, იღვიძებენ. ყველა ეს განსაზღვრება სწორია, და ერთი და იმავეზე დაიყვანება. ჩვენ ცნობიერები უნდა გავხდეთ და დაბალი ცენტრები ვაკონტროლოთ იმისთვის, რომ ისინი საუკეთესო მდგომარეობაში გადავიყვანოთ. ამ შემთხვევაში მაღალ ცენტრებთან დაკავშირებას სიძნელე არ შეექმნება, რადგან ჩვენს ჩვეულებრივ მდგომარეობაშიც კი, თუნდაც ძალზე შემთხვევით და ძალიან იშვიათად, მაღალი მდგომარეობების გაელვება ხდება - ყოველ შემთხვევაში, ზოგ ადამიანს ეს ნამდვილად უფიქსირდება. ეს ნიშნავს, ჩვენთვის მთავარია - გავიგოთ, რომ როდესაც გამოღვიძებას დავიწყებთ, მაღალი ცენტრები დაუყოვნებლივ ამუშავდებიან. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომ გამოვიღვიძოთ და ცნობიერების ახალ დონეზე გადავიდეთ. ამ შემთხვევაში მაღალი ემოციური, და მასთან ერთად მაღალი გონებრივი ცენტრი ამოქმედდებიან.
მაღალი ცენტრები რომ ჩვენს დღევანდელ მდგომარეობაში მუშაობდნენ, ძალზე ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით. ჩვენ მხოლოდ ცნობიერი მანქანები ვიქნებოდით შეცვლის შესაძლებლობის გარეშე, რადგან ნება მხოლოდ ძალისხმევით შეიძლება შეიქმნას. ასეთები იმიტომ ვართ, რომ შევიცვალოთ. ჩვენ ძალზე ნაკლოვანები ვართ, მაგრამ სწორედ ამიტომ შეგვიძლია უფრო ძლიერი და ცნობიერი გავხდეთ. ჩვენ რომ დღევანდელ მდგომარეობაში მაღალ ცენტრებს დავუკავშირდეთ, ჭკუიდან შევიშლებით. ასეთი კავშირი დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე უარყოფითი ემოციები გვაქვს. ამ მიზეზით მანქანაში არის ავტომატური მუხრუჭები, რაც ამ კავშირს შეუძლებელს ხდის. თავდაპირველად დაბალი ცენტრები უნდა მოვამზადოთ და ცნობიერების მდგომარეობა შევცვალოთ.
კითხვა: ხომ არ ფლობენ მაღალი ცენტრები ისეთ თვისებებს, რომლებიც ზენორმალურად შეიძლება მივიჩნიოთ?
პასუხი: დიახ. მაგალითად, ის, რასაც მაგიას უწოდებენ, შეიძლება მაღალი დონის სამყაროს დაბალ დონეზე გამოვლინება იყოს. დავუშვათ, მაღალი ემოციური ცენტრი დაბალ დონეზე ამჟღავნებს თავს - ეს სასწაული იქნება.
ძალზე მნიშვნელოვანია მაღალ და დაბალ ცენტრებს შორის დამოკიდებულების გაგება. ჩვენს მდგომარეობაში ინტელექტუალური და ემოციური პრინციპები მკვეთრადაა გაყოფილი, მაგრამ მაღალ ცენტრებში ეს სხვაობა ქრება. შემდეგ, მაღალი ემოციური ცენტრი სიტყვებს არ იყენებს - სიტყვები საკმაოდ უხეში და მოუხერხებელია იმისთვის, რომ მათით ოპერირება იყოს შესაძლებელი, და ამასთანავე, მათი აზრი უკვე ერთ თაობაში იცვლება, ხოლო ათასი წლის შემდეგ მათი აზრი სრულიად იცვლება. აი რატომ არ გვესმის ახალი აღთქმა - ზოგი სიტყვის თავდაპირველი აზრი იმდენად შეცვლილია, რომ წარმოდგენაც არ შეგვიძლია, რას ნიშნავდნენ ისინი იმ დროს.
მაღალი გონებრივი ცენტრი კიდევ უფრო სწრაფია და ალეგორიული ფორმებითაც კი არ სარგებლობს, როგორც ამას მაღალი ემოციური ცენტრი აკეთებს. შეიძლება ითქვას, რომ ის სიმბოლურ ფორმებს ხმარობს. ეს გრძელი აზრების საშუალებას იძლევა. ეს ყველაფერი არის ჩვენში, მაგრამ ვერ ვიყენებთ, რადგან ძალზე ნელი მანქანით ვმუშაობთ. მაღალი ცენტრები ვერ გვიხელთებენ - ძალზე დიდია უფსკრული მათსა და ჩვეულებრივ ცენტრებს შორის. სიჩქარეებს შორის სხვაობა იმდენად დიდია, რომ ჩვეულებრივ ცენტრებს არ ესმით მაღალი ცენტრების. მათ ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვთ, რომელთა შესახებ არაფერი ვიცით, მაგრამ მათ გონებად ვერ გამოვიყენებთ - ისინი ძალზე სწრაფები არიან, ჩვენ კი ღრმად გვძინავს. ამიტომ, თუ ჩვენ წამიერად ვუკავშირდებით მაღალ გონებრივ ცენტრს, ეს მხოლოდ სიცარიელეს ტოვებს მეხსიერებაში.
კითხვა: არის თუ არა მაღალ ემოციურ ცენტრში უარყოფითი ემოციები?
პასუხი: მაღალ ცენტრებში არც დადებითი და უარყოფითი ნაწილები, და როგორც უკვე გითხარით, არც ინტელექტუალურსა და ემოციურს შორის სხვაობა არსებობს. მაღალ ემოციურ ცენტრს ასე მხოლოდ მოიხსენიებენ. მაღალ დონეებზე ის, რაც ემოციურია, იმავდროულად ინტელექტუალურიცაა, ხოლო რაც ინტელექტუალურია - ემოციურიცაა. მაღალი ცენტრების მუშაობა ძალზე განსხვავდება ჩვეულებრივი ცენტრების მუშაობისგან. ხანდახან, თვითცნობიერების მომენტებში, ამ მუშაობის დაკვირვება და მისი განსხვავებული გემოს აღქმა შეგვიძლია, როდესაც მაღალ ემოციურ ცენტრს დროებით ვუკავშირდებით.
კითხვა: გვეხმარება თუ არა ნარკოტიკები მაღალ ცენტრებთან დაკავშირებაში?
პასუხი: ნარკოტიკების იდეა ახალი არაა, მათ ძველ და შუა საუკუნეებშიც მოიხმარდნენ - მისტერიებში, მაგიაში და ა.შ. აღმოჩენილია, რომ ნარკოტიკების გონივრულად გამოყენების შემთხვევაში საინტერესო მდგომარეობები იქმნება. მაგრამ ეს სისტემა ნარკოტიკების წინააღმდეგია. ნარკოტიკების გამოყენება კარგ შედეგებს არ იძლევა, რადგან ნარკოტიკები ცნობიერებაზე არ მოქმედებენ, ისინი მას არ უმატებენ. დაბალი ცენტრების დათრგუნვით მათ შეუძლიათ ჩვენ მაღალ ცენტრებთან დაგვაკავშირონ, მაგრამ ამის გამოყენება შეუძლებელია, რადგან გვახსოვს იმდენად, რამდენადაც ცნობიერებას ვფლობთ. რადგან ცნობიერება არ გვაქვს, მაღალ ცენტრებთან კავშირი მხოლოდ ძილში ან გონების დაკარგვაში გამოვლინდება.
ზოგჯერ წიგნებში აღწერილი, ასეთი ტრანსული მდგომარეობები საკმაოდ საშიშ გზას წარმოადგენს. ტრანსში გადასვლა მაღალ ემოციურ ცენტრში წარმოსახვის შექმნასთანაა დაკავშირებული, ეს კი ჩიხია. თუ იქ მოხვდით, თავს ვეღარ დააღწევთ და გზას ვერ გააგრძელებთ. ჩვენი იდეა წარმოსახვის გაკონტროლებაში მდგომარეობს. თუ ამის მაგივრად გარკვეული მეთოდების მეშვეობით მას მაღალ ემოციურ ცენტრში წარმოსახვად გარდასახავთ, ნეტარების და ბედნიერების განცდას მიაღწევთ, მაგრამ, საბოლოოდ ეს მხოლოდ ძილია გაცილებით მაღალ დონეზე. რეალური განვითარება ორი ხაზით უნდა მიმდინარეობდეს - ცნობიერების განვითარება და ცენტრების განვითარება.
ამას გარდა, მსგავსი ექსპერიმენტები ჩვეულებრივ იმედგაცრუებას იწვევს, იმიტომ რომ, როგორც წესი, ადამიანები პირველივე ექსპერიმენტში მთელ მასალას ხარჯავენ, რომელიც მათ ცნობიერებისთვის გააჩნიათ. იგივეს თქმა შეიძლება ყველა დამთრგუნველ, მექანიკურ, თვითჰიპნოზურ მეთოდებზე; ისინი იგივე შედეგს იწვევენ, რასაც ნარკოტიკები, - ჩვეულებრივ ცენტრებს აძინებენ, და არ ზრდიან ცნობიერებას. მაგრამ ცნობიერების განვითარების შემდეგ მაღალ ცენტრებთან სიძნელეები აღარ წარმოიქმნება. ივარაუდება, რომ მაღალი ემოციური ცენტრი ცნობიერების მესამე მდგომარეობაში მუშაობს, ხოლო მაღალი გონებრივი ცენტრი - მეოთხეში.
კითხვა: რას ფიქრობთ ტელეპატიის იდეის შესახებ?
პასუხი: № 1, 2 და 3 ადამიანებისთვის ის საერთოდ არ არსებობს; ეს წარმოსახვაა. მაგრამ გაცილებით მაღალგანვითარებული ადამიანები აკონტროლებენ ძალებს, რომელთაც ე.წ. ტელეპატიის გამოწვევა შეუძლიათ, რადგან ეს მაღალი ემოციური ცენტრის ფუნქციაა. თუ ადამიანი აკონტროლებს, თუნდაც დროებით, მაღალ ემოციურ ცენტრს, მას ტელეპატიური მოქმედების გამოწვევა შეუძლია. მაგრამ ჩვეულებრივ გონებას და ემოციებს ეს არ ძალუძთ.
კითხვა: საინტერესოა, რომელი პროცესის მეშვეობით განდევნიდა იესო ეშმაკებს, და შეიძლება თუ არა ამ სისტემიდან რაიმეს გამოყენება ამ მიზნით? ხომ არ არის ეს რაიმენაირად მაღალ ცენტრებთან დაკავშირებული?
პასუხი: სავარაუდოდ, იესოს დიდ ეშმაკებთან ჰქონდა საქმე; ჩვენ პატარებიდან უნდა დავიწყოთ - ვივისექციის ნაირსახეობა - ვიდრე დიდებთან შერკინებას შევძლებდეთ.
უკვე გითხარით, რომ მანამდე, ვიდრე ჩვენში გარკვეული უარყოფითი ემოციები არსებობენ, მაღალ ცენტრებს არ შეუძლიათ და არც უნდა მუშაობდნენ, რადგან ეს უბედურება იქნებოდა. თეოსოფიის სტანდარტულ წიგნებში შეიძლება შეგვხვდეს აზრი იმის შესახებ, რომ მრავალი რამ დაფარულია, რადგან ისინი საშიშია. მაგრამ სინამდვილეში საშიშროება არა იდეებში, არამედ მათ გაუკუღმართებაშია. ადამიანები შეიძლება საშიში გახდნენ, თუ მათ რამე ესმით და მის გამოყენებას დამახინჯებული აზრით იწყებენ. ადამიანს შეუძლია მაღალი ცენტრების ძალების გამოყენება საკუთარი უარყოფითი მხარის გასაძლიერებლად.
კითხვა: შეუძლია თუ არა ადამიანს მაღალი ცენტრების დაზიანება?
პასუხი: შეუძლია, თუ დიდ დროს ძილში ატარებს. ვგულისხმობ არა ფიზიკური აზრით, არამედ მუდამ მიძინებულ და უპასუხისმგებლო მდგომარეობას. ასეთ შემთხვევაში, თანდათან, გამოღვიძების შესაძლებლობა ქრება.
თქვენ ხედავთ, რომ გამუდმებით, სხვადასხვა მხრიდან, მივდივართ დასკვნამდე, რომ ადამიანი არც თუ კარგად მუშაობს. ჩვენ გვესმის მაღალი ცენტრების შესახებ, და იმავდროულად გვეუბნებიან, რომ მათთან არ ვართ დაკავშირებული, რომ ისინი ჩვენთვის არ მუშაობენ, ან, თუ მუშაობენ, ამ მუშაობის შესახებ არაფერი ვიცით. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი ჩვეულებრივი გონება არაა საკმარისი იმისთვის, რომ პრობლემებს შეებას, რომელთა გადაწყვეტაც გვსურს. ბევრი რამის ცოდნა გვსურს, მაგრამ ჩვენს გონებას საამისოდ ძალა არ შესწევს. ეს მარტივი დიაგრამა და სხვა დიაგრამები, რომელთაც სისტემაში ვსწავლობთ, გვიჩვენებენ, როგორ შევისწავლოთ და გავაუმჯობესოთ საკუთარი თავი და რა გავაუმჯობესოთ საკუთარ თავში. მაგრამ ვერანაირ გაუმჯობესებას ვერ მივაღწევთ მანამ, ვიდრე გადინებას არ შევაჩერებთ, რადგან ენერგიის წარმოების გაზრდას არავითარი აზრი არ აქვს, თუ ის ყოველმხრივ გაედინება.
კითხვა: როგორ შევძლებთ გადინების შეჩერებას?
პასუხი: თვითგახსენების გზით. აუცილებელია ცნობიერების განვითარება, და ეს აღქმისა და შემეცნების საუკეთესო ორგანოების გამოყენების საშუალებას მოგვცემს. მაღალი ცენტრების გარეშე ბევრს ვერაფერს გავაკეთებთ, და სწორედ ამიტომ ფილოსოფიური მიდგომა არც თუ მთლად სასარგებლოა. ის გარკვეულ თეორიებს შეიმუშავებს, შემდეგ კი ჩერდება. ის მაღალ ცენტრებს არ ავითარებს, რომელთაც ამ იდეების სრულად გაგება შეუძლიათ. ფილოსოფია მაღალ ცენტრებს არ ეხება.
კითხვა: თქვენ ხაზს უსვამთ ენერგიის შენარჩუნების მნიშვნელობას. ყოველ ცენტრს გააჩნია ენერგიის საკუთარი მარაგი?
პასუხი: დიახ. მე გიჩვენებთ, როგორ დაიწყოთ ამ თემაზე ფიქრი. ავიღოთ ადამიანური მანქანა ცენტრების თვალთახედვით. ეს იგივე მანქანაა. ორგანიზმში შექმნილი ენერგია გარკვეულ დიდ აკუმულატორში ინახება, რომელიც ყოველ ცენტრთან ახლოს განლაგებულ ორ პატარა აკუმულატორთანაა დაკავშირებული.
დავუშვათ, ადამიანი ფიქრს, და შესაბამისად ინტელექტუალური ცენტრის ერთ-ერთი პატარა აკუმულატორის ენერგიის გამოყენებას იწყებს. აკუმულატორში ენერგია თანდათან კლებულობს, და როდესაც თითქმის ამოიწურება, ადამიანი იღლება. ამ დროს ის ძალისხმევას მიმართავს, ცოტა ხნით ისვენებს ან ამთქნარებს და მეორე პატარა აკუმულატორს უკავშირდება. ძალზე საინტერესოა, რომ მთქნარება - სპეციალური დახმარებაა, ბუნების მიერ გათვალისწინებული, ერთი აკუმულატორიდან მეორეზე გადასასვლელად. ადამიანი ფიქრს აგრძელებს და ენერგიას მეორე აკუმულატორიდან ხარჯავს, კვლავ იღლება, კვლავ ამთქნარებს ან სიგარეტს უკიდებს, და ისევ პირველ აკუმულატორს უერთდება. მაგრამ იმ დროისთვის ეს აკუმულატორი შეიძლება მხოლოდ სანახევროდ იყოს შევსებული და მალე დაიცლება. ადამიანი კიდევ ერთხელ უერთდება მეორე აკუმულატორს, რომელიც მეოთხედითაა შევსებული, და ასე გრძელდება მანამ, ვიდრე არ დადგება მომენტი, როდესაც ორივე აკუმულატორი დაიცლება. თუ ამ მომენტში ადამიანი სპეციალურ საჭირო ფორმის ძალისხმევას მიმართავს, ის შეიძლება პირდაპირ დიდ აკუმულატორს შეუერთდეს. ეს სასწაულის ერთ-ერთი ახსნაა, რადგან ამ დროს ადამიანი ენერგიის უზარმაზარ მარაგს იღებს. მაგრამ ეს ძალზე დიდ და უჩვეულო ძალისხმევას მოითხოვს. თუ ადამიანი დიდ აკუმულატორს დაცლის, ის კვდება, მაგრამ ჩვეულებრივ ის ბევრად უფრო ადრე იძინებს ან გონებას კარგავს, ამიტომ არავითარი საშიშროება არ არსებობს. ყოფით ცხოვრებაში დიდ აკუმულატორთან მსგავსი შეერთება ხდება განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად უკიდურესი საშიშროების მომენტებში.
აი, რატომ არსებობს პატარა აკუმულატორების სისტემა. ადამიანი ადვილად რომ უკავშირდებოდეს დიდ აკუმულატორს, ის, მაგალითად, შეძლებდა შეუჩერებლად მთელი კვირის განმავლობაში მრისხანებას, შემდეგ კი მოკვდებოდა. ამიტომ ჩვეულებრივ ადამიანი ვერ უკავშირდება დიდ აკუმულატორს მანამ, ვიდრე უარყოფითი ემოციების კონტროლს არ ისწავლის. ემოციები სხვა ფუნქციებზე ძლიერია, ამიტომ, ადამიანი უარყოფით ემოციებში რომ ჩავარდეს და ამ დროს ენერგიის დიდ მარაგს ფლობდეს, ეს საკმაოდ საშიში იქნებოდა.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა პატარა აკუმულატორებში საკმაო რაოდენობის ენერგიის დაგროვება?
პასუხი: ჩვეულებრივი მუშაობისთვის, ყოფითი ცხოვრებისთვის ის საკმარისია, თუმცა ხანდახან ადამიანები, რომლებიც გამუდმებით იღლებიან, მხოლოდ სანახევროდ იყენებენ აკუმულატორს და იმავე დროს ამბობენ, რომ ძალზე გამოფიტულები არიან და არაფრის თავი არ აქვთ. მაგრამ ჩვენ დაღლის უფლება არ გვაქვს მანამ, ვიდრე პატარა აკუმულატორებში თუნდაც მცირეოდენი ენერგია არის დარჩენილი. აი რატომაა ფიზიკური აქტივობა სასარგებლო. ჩვენ დაღლის გვეშინია. ცხადია, გაცილებით მეტი ენერგია გვექნებოდა, ვიდრე ახლა გვაქვს, მას რომ უარყოფით ემოციებზე და უსარგებლოდ არ ვხარჯავდეთ.
კითხვა: საკუთარი თავი რომ გვახსოვდეს, ენერგია გვესაჭიროება?
პასუხი: არა, რადგან თვითგახსენებისთვის ენერგია ყოველთვის გვაქვს. ამ შემთხვევაში არა ენერგიის, არამედ გაგების და ცოდნის ნაკლებობაა, როგორ გავაკეთოთ ეს. ასევე, გარკვეულწილად, სიზარმაცეც გვიშლის ხელს.
კითხვა: დიდ აკუმულატორზე უნდა შეგეკითხოთ. პრაქტიკულად არ მესმის ეს საკითხი.
პასუხი: ძალისხმევა! ძალისხმევა! რაც მეტ ძალისხმევას განახორციელებთ, მით მეტ ენერგიას მიიღებთ. ძალისხმევის გარეშე ენერგიას ვერ მიიღებთ. ენერგიას რომც ფლობდეთ, ის არასწორ ადგილას შეიძლება იყოს. ნუ იფიქრებთ ამ საკითხზე თეორიულად, მხოლოდ იცოდეთ, რომ ენერგია, რომელსაც არასდროს იყენებთ, თქვენში ბევრია. ამიტომ მეტი ძალისხმევა უნდა განახორციელოთ იმისთვის, რომ ის გამოიყენოთ.
კითხვა: მაინტერესებს, რა ხსნის ენერგიას დიდ აკუმულატორში, და თავად როგორ იღებს ამ ენერგიას?
პასუხი: სწორედ ამას გეუბნებით. ნუ ფიქრობთ დიდ აკუმულატორზე, საკუთარ თავზე იფიქრეთ. მცირე ძალისხმევით უნდა დაიწყოთ. მცირე ძალისხმევის გარეშე მეტს ვერასოდეს შეძლებთ. სრული ჭეშმარიტებაა, რომ ენერგია აუცილებელია, თუმცა ენერგია ჩვენში არის. ჩვენ საკმარისი ენერგია გვაქვს - თავიდან მაინც - და თუ მას მუშაობისთვის ვიყენებთ, ის არ იკარგება, კვლავ უკან გვიბრუნდება. თუ ენერგიას უარყოფით ემოციებზე ან მექანიკურ ქმედებებზე, მექანიკურ აზროვნებაზე ხარჯავთ, ამ შემთხვევაში ის იკარგება. მაგრამ თუ ენერგიას მექანიკურობასთან ბრძოლისთვის იყენებთ, თქვენ მას უკან იბრუნებთ. ამ გზით ენერგია გროვდება.
კითხვა: შეგიძლიათ აგვიხსნათ პროცესი, როგორ ხორციელდება ყურადღება, როდესაც ადამიანი მას აკონტროლებს?
პასუხი: ამ შემთხვევაში ყურადღება დამოკიდებულია თავისუფალი ენერგიის მარაგზე: თუ ენერგია მარაგში გაქვთ, ყურადღება იმუშავებს, თუ თავისუფალი ენერგია არ გაქვთ, ის მალე დასუსტდება. ანუ, ეს დამოკიდებულია ენერგიის რაოდენობაზე, ხოლო ენერგიის რეზერვი დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოიხმართ მას თქვენ. თუ მას უსარგებლოდ ფლანგავთ, მომენტში, როდესაც ის დაგჭირდებათ, აღმოაჩენთ, რომ ენერგია არ არის. მაგრამ თუკი მას გაუფრთხილდებით და მხოლოდ აუცილებელ რაოდენობას დახარჯავთ ნებისმიერი სახის სამუშაოსთვის, შედეგებს მიიღებთ. აი რატომ უნდა ვებრძოლოთ თავიდანვე იმას, რაც ენერგიას გვაფლანგვინებს. ასეთი საკითხები თავიდანვე უნდა შევისწავლოთ.
კითხვა: ადამიანი, რომელიც უფრო დაბალანსებულად მუშაობს, ყოველ აკუმულატორს სწორად იყენებს?
პასუხი: დიახ, შესაბამისად მომზადებულ ადამიანს უზარმაზარი სამუშაოს შესრულება შეუძლია, მაგრამ თუ მოუმზადებელი ადამიანი ანალოგიური სამუშაოს შესრულებას იწყებს, ის უბრალო მოქმედებებზე ძალზე ბევრ ენერგიას ხარჯავს და აკუმულატორებს არასწორად იყენებს. თუ მეცნიერული ახსნა გნებავთ, უნდა გესმოდეთ, რომ ვარჯიში, ჩვეულებრივი გაგებით, აკუმულატორებს სწორი მუშაობისთვის ამზადებს. სინამდვილეში, თუმცა კი მე ყოველ ცენტრთან ორი აკუმულატორი დავაყენე, მათი რაოდენობა გაცილებით დიდია. ყოველი ცენტრი აკუმულატორებითაა გარშემორტყმული.
კითხვა: აუცილებელია თუ არა ცნობიერი მომენტი ერთი აკუმულატორიდან მეორეზე გადასართველად?
პასუხი: არა, ეს ავტომატურად ხდება. ინსტინქტურმა ცენტრმა იცის, ეს როგორ გააკეთოს, და ჩვენი ცნობიერების მონაწილეობის გარეშეც მშვენივრად მუშაობს. ცნობიერება საჭირო ხდება სპეციალური მუშაობისთვის დიდ აკუმულატორთან დაკავშირებით. როდესაც რაღაც განსაკუთრებული გვსურს, რისი მიღებაც ჩვეულებრივი გზით შეუძლებელია, ახალი მეთოდების გამოგონებაა საჭირო.
კითხვა: აკუმულატორების პრინციპი ჩვეულებრივ მექანიკურ ენერგიასაც ეხება, რომელსაც გამუდმებით მოვიხმართ?
პასუხი: რა თქმა უნდა. ყველაფერი მექანიკურია. ენერგია - მხოლოდ და მხოლოდ საწვავია.
კითხვა: ეს ნიშნავს, რომ ენერგიის ერთი ტიპი მეორეზე არც მაღლაა და არც დაბლა?
პასუხი: დიახ, წყალბადების აზრით თუ განვიხილავთ, ის შეიძლება ან მაღლა იყოს, ან დაბლა. სხვადასხვა ცენტრები სხვადასხვა ენერგიას მოიხმარენ, მაგრამ საფუძველში ის ერთი და იგივეა. კვებით დიაგრამაში თქვენ ნახეთ, როგორ იქმნება ენერგია. წყალბადების დიდი მრავალსახეობა არსებობს, რომლებიც სხვადასხვა ორგანოსა და აკუმულატორისთვის გამოიყენება.
კითხვა: შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ენერგიის ასეთი გადანაწილება სხეულში ხდება?
პასუხი: დიახ, მაგრამ იმავდროულად ცენტრებს არასწორი ენერგიების გამოყენების ძლიერი ტენდენცია ახასიათებთ. ეს მხედველობაში უნდა იქონიოთ. მაგრამ საკითხი, როგორ შევქმნათ მეტი ენერგია, - ერთია, ხოლო საკითხი, როგორ იქმნება ის თავისით, როგორ „ხდება“, - მეორე. ისინი აუცილებლად უნდა გამოვყოთ ერთმანეთისგან.
კითხვა: თუ ადამიანი დაღლილია და უცებ მრავალ შთაბეჭდილებას იღებს, რის შედეგადაც დაღლილობა ქრება, - ეს იმიტომ ხდება, რომ ის მათგან ენერგიას იღებს?
პასუხი: არა, ეს უფრო რთული საკითხია. ახალი შთაბეჭდილებებით ადამიანი უფრო გამოღვიძებული ხდება, და ამიტომ დიდ აკუმულატორთან კავშირში უკეთ იწყებს მუშაობას. თავისთავად შთაბეჭდილებები გამოსაყენებლად გამზადებულ ენერგიას ჯერ კიდევ არ წარმოადგენენ; ისინი უნდა გაიწმინდოს და რაღაცას უნდა შეერიოს, ენერგია რომ წარმოქმნას. შემომავალი შთაბეჭდილებები - გადაუმუშავებელი საკვებია. საკვების სამივე სახეობა უნდა გადამუშავდეს და სწორი პროპორციებით შეერიოს ერთმანეთს. თუმცა შთაბეჭდილებებს თქვენი გამოღვიძება შეუძლია. როდესაც სხეულში ენერგია გარკვეულ წნევას აღწევს, ის გარემოდან ენერგიის მოზიდვას იწყებს.
კითხვა: ადამიანი მოგზაურობისას მეტ შთაბეჭდილებას იღებს?
პასუხი: შთაბეჭდილებების მიღების უნარი იგივე რჩება.
კითხვა: ადამიანი მთქნარებისას სხვა აკუმულატორს ხომ არ უკავშირდება?
პასუხი: ყოველთვის არა, რადგან ის შეიძლება მიმბაძველობით ამთქნარებდეს. ამას გარდა, მთქნარება - ენერგიის ამოქაჩვაა, არაა აუცილებელი გადართვა განხორციელდეს, თუმცა ნამდვილად კარგმა დამთქნარებამ აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლოა გადართვაც მოახერხოს.
კითხვა: როდესაც ამბობთ, რომ ცოდნა - ტუმბოა, საიდან ამოიქაჩება ენერგია?
პასუხი: ორგანიზმიდან. ისეა მოწყობილი, რომ ყოველ ფუნქციას აუცილებელი ენერგია ყველგან გააჩნია. იმდენად ბევრი აკუმულატორი არსებობს, რომ სრულიად საკმარისია ვიცოდეთ, რომ ისინი არიან. მანქანაში ენერგია ძალზე რთული სახით გადანაწილდება და ერთი აკუმულატორიდან მეორესთან გადადის, განზავდება, კონცენტრირდება და ა.შ.
კითხვა: პატარა აკუმულატორები დიდი აკუმულატორიდან ხომ არ ივსება ძილის დროს?
პასუხი: მათი შევსება მუდმივად ხდება. მაგრამ დიდი აკუმულატორი ძილის დროს ივსება საკვების სამი სახეობიდან გამოყოფილი ენერგიით. ყველა ენერგია დიდ აკუმულატორში ინახება - ან შერეული სახით, ან მაღალი ფორმით. როდესაც მოთხოვნა მოდის, შესაბამისი წყალბადი იგზავნება. თუ ენერგია იწარმოება, ის დიდ აკუმულატორში ინახება. თუ იმაზე მეტი ენერგია იწარმოება, რაც სასიცოცხლოდაა საჭირო, მისი გადანახვა სხვადასხვა ადგილას შეიძლება მოხდეს.
კითხვა: მდუმარების შენარჩუნებით შესაძლებელია თუ არა ენერგიის გადანახვა?
პასუხი: ხანდახან, მაგრამ თუ სულ ჩუმად ხართ, მეტ ენერგიას მდუმარებისას დაკარგავთ, ვიდრე საუბრისას. აი რატომაა ამ სისტემაში პირველი პრინციპი - გვქონდეს გარჩევის უნარი. არანაირი ზოგადი წესები არ არსებობს.
კითხვა: ბოლოს და ბოლოს, შესაძლებელია თუ არა დიდ აკუმულატორთან დაკონტაქტება?
პასუხი: დიახ, ეს რეალურია, მაგრამ ჩვენ ჯერ პირველ საფეხურზეც არ ვართ. ეს შესაძლებელი გახდება, ვთქვათ, ოცდამეორე საფეხურზე, ანუ, ჯერ ოცდაერთი საფეხური უნდა ავიაროთ, ვიდრე ამას შევძლებდეთ. ყველაფერი, რისი გაკეთებაც ახლა შეიძლება, უკვე აგიხსენით, - უნდა ეცადოთ გახსოვდეთ საკუთარი თავი, არ გაიგივდეთ, არ გამოხატოთ უარყოფითი ემოციები და ა.შ. აქედან უნდა დაიწყოთ.
კითხვა: თვითგახსენებისთვის აუცილებელი ენერგია ცენტრების სწორი მუშაობიდან მომდინარეობს?
პასუხი: დიახ, რა თქმა უნდა. როდესაც ყველა ცენტრი არასწორად მუშაობს, ენერგია არ გროვდება. თუმცა ეს საკმარისი არაა. ენერგიის რაოდენობის გაზრდაა აუცილებელი, ეს კი მხოლოდ ძალისხმევის გაზრდითაა შესაძლებელი - მცირე ძალისხმევებით, მაგალითად ჩვევებთან ბრძოლა, თვითდაკვირვება, ყურადღების მართვის მცდელობები და ა.შ. ყველა ადამიანს შეუძლია გარკვეული ძალისხმევა გასწიოს. ერთი ადამიანის ძალისხმევას არავითარი სარგებელი სხვისთვის არ მოაქვს, ისინი ან ძალზე მარტივია, ან შეუძლებელი.
კითხვა: რა არეგულირებს ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც ყოველი ცენტრის აკუმულატორებში შედის?
პასუხი: ჩვეული მუშაობა. ხანდახან აკუმულატორები არ ივსება, ხანდახან თავად ამბობენ ავსებაზე უარს, ხან კი არ საჭიროებენ ამას. ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს, და თქვენ პროცესს არ აკონტროლებთ. მაგრამ ძალისხმევით ან თვითგახსენებით კონტროლის შესაძლებლობას ზრდით.
კითხვა: რამდენად დიდია დიდი აკუმულატორის ტევადობა, და სწრაფად ივსება თუ არა?
პასუხი: სხვადასხვაგვარად. ის შეიძლება სანახევროდ იყოს სავსე, ცუდი ენერგიით იყოს სავსე, სავსე, მაგრამ იმავდროულად გამოუყენებელი იყოს. მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ დიდ აკუმულატორში უზარმაზარი ენერგიის მარაგია, რომლის უმეტეს ნაწილს ჩვენ არასოდეს ვიყენებთ - ის მკვდარ კაპიტალად რჩება.
კითხვა: თუ ადამიანი უფრო მეტად ცნობიერია, შეუძლია თუ არა მეტი ენერგიის მიღება?
პასუხი: დიახ, მაგრამ სპეციალური ვარჯიშიც აუცილებელია. თუ ვიცით, როგორ შევუერთდეთ დიდ აკუმულატორს, სრულიად სხვა შედეგების მიღებას შევძლებთ.
კითხვა: რამდენად სწრაფად შეიძლება ამას დავეუფლოთ?
პასუხი: ვერ გეტყვით. ეს თქვენს სწავლაზე და მუშაობაზეა დამოკიდებული. სისტემასთან ჩვენს დამოკიდებულებაში სრულიად შესაძლებელია ისეთი ელემენტის არსებობა, რომელსაც მუშაობის შედეგების განადგურება შეუძლია. თუ ადამიანს სწორი დამოკიდებულება აქვს საკუთარ თავთან და მუშაობასთან, დამანგრეველი ელემენტის გარეშე, ამ შემთხვევაში ამის მიღწევა შეიძლება.
კითხვა: ეს ყველაფერი ცნობიერებაზეა დამოკიდებული?
პასუხი: მთელი მუშაობა სინამდვილეში ცნობიერებაზეა ფოკუსირებული. ცენტრებზე მუშაობაში ჩვენ მხოლოდ ცხადად არასწორი მუშაობის შეჩერებას ვცდილობთ. ცენტრების მუშაობის გასაძლიერებლად ვარჯიშები არ არსებობს: მთელი მუშაობა ცნობიერებაზე მიმდინარეობს. როდესაც ცნობიერება გაიზრდება, ცენტრები ადაპტირდებიან. მაგრამ ცენტრების არასწორი მუშაობა უნდა შეჩერდეს, რადგან, თუ ჩვენ არანორმალურები დავრჩებით და ცნობიერი გავხდებით, ჩვენი ცენტრები ჭკუიდან შეიშლებიან - ისინი ამას ვერ გაუძლებენ. მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან ადამიანს არ ძალუძს გახდეს ცნობიერი არაცნობიერად. ადამიანები ხშირად კითხულობენ: რას იგებს ადამიანი, როდესაც ცნობიერი ხდება? ეს იმიტომ, რომ მათ არ იციან, რას წარმოადგენს ცნობიერების შედეგი. როდესაც ცნობიერები ვართ, ჩვენ უმაღლეს ცენტრებს ვუკავშირდებით, და მთელი სურათი იცვლება.