თავი მეცამეტე
თავი მეცამეტე
მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე
სისტემის უფრო მნიშვნელოვანი იდეების ნაკლებად მნიშვნელოვანი იდეებისგან გარჩევის აუცილებლობა. - ყოფიერების შეზღუდულობები. - ყოფიერების შეცვლის შესაძლებლობები. -მამასახლისი, მაწანწალა და მთვარეული. - უნამუსო. - ძილი და გამოღვიძების შესაძლებლობა. - გაცნობიერებები და სიტყვები. - როგორ გავზარდოთ ემოციური დამოკიდებულებები. - პროპორციის გრძნობა. - თვითგახსენება. - იცნობდე და ხედავდე საკუთარ თავს. - იყო სერიოზული. - ჩვევებთან ბრძოლა. - მექანიკურობის გაგება. - ძალისხმევები. - თვითშესწავლა. - თვითდაკვირვება. - ბიძგები. - როგორ ვიყოთ უფრო ემოციურები? - მეტი დაძაბულობით მუშაობა. - ემოციური ცენტრის განვითარება. - დადებითი ემოციები. - სასიანოვნო და უსიამოვნო ემოციები. - შეფასების ამაღლება. - როგორ მოდის სიახლეები. - გაგების სიზანტე. - საკუთარი სტანდარტის ამაღლება.
ახლა კი დროა, აქამდე მოსმენილი მნიშვნელოვნების თვალსაზრისით შეაფასოთ, ანუ ყველა შესწავლილ იდეაში სიმძიმის ცენტრი მოძებნოთ, და მთავარი პუნქტების პოვნა სცადოთ, რადგან, როგორც სხვა ყველაფერი, სისტემა სხვადასხვა მნიშვნელოვნების ინფორმაციას შეიცავს: დამხმარე ცნობებს, რომლებიც მთავარი პუნქტების გაგებაში გვეხმარება, და მთავარ პუნქტებს, რომლებიც მთელს განსაზღვრავს. დროა, ისინი ერთმანეთისგან გაარჩიოთ.
სწორი კითხვები, სწორი პრობლემები - ესაა, რაც ყოფიერებას და მის შეცვლას ეხება, იმას, თუ როგორ ვიპოვოთ ყოფიერების სუსტი მხარეები და როგორ ვებრძოლოთ მათ. უნდა გავიგოთ, რომ ვიდრე ახალ ცოდნას შევიძენდეთ, საკუთარი შეზღუდული შესაძლებლობები უნდა გავაცნობიეროთ, ასევე ის ფაქტი, რომ ეს შეზღუდული შესაძლებლობები სინამდვილეში ყოფიერების შეზღუდულობებს წარმოადგენს. ჩვენი ცოდნა იგივე დონეზე რჩება. ის გარკვეული მიმართულებით იზრდება, მაგრამ ეს ზრდაც საკმაოდ შეზღუდულია. უნდა დავინახოთ, რამდენად შეზღუდულ ველზე ვცხოვრობთ, მუდამ თავს ვიტყუებთ, ჩვენს წარმოსახვაში ყველაფერი სხვაგვარადაა, ვიდრე სინამდვილეში. მიგვაჩნია, რომ ყველაფერს იოლად შევცვლით, მაგრამ როდესაც გულწრფელად ვცდილობთ, ვაცნობიერებთ, რაოდენ ძნელი, პრაქტიკულად შეუძლებელიც კი არის ეს. ყოფიერების შეცვლის იდეა - ყველაზე მნიშვნელოვანია. თეორიები, სისტემები, დიაგრამები - მხოლოდ დახმარებაა; ისინი კონცენტრაციაში და სწორ აზროვნებაში გვეხმარება, მაგრამ რეალური მიზანი მხოლოდ ერთია - ყოფიერების შეცვლა, რადგან, თუ სამყაროს ჩვენეულ გაგებაში რაიმეს შეცვლა გვწადია, საკუთარ თავში რაღაც უნდა შევცვალოთ.
საინტერესოა, და ამ საკითხზე მსურს გესაუბროთ, ადამიანთა დაყოფა ყოფიერების შეცვლის შესაძლებლობის თვალთახედვით. ასეთი დაყოფა არსებობს.
კერძოდ, ის გზის იდეასთანაა დაკავშირებული. თქვენ გახსოვთ, ითქვა, რომ მომენტიდან, როდესაც ადამიანი C გავლენებს უკავშირდება, იწყება კიბე, და მხოლოდ კიბის თავზე ასვლის შემდეგ აღმოჩნდება ის გზაზე. დაისვა კითხვა, თუ ვის ხელეწიფება კიბესთან მისვლა, მასზე ასვლა და გზამდე მიღწევა. გურჯიევმა უპასუხა და გამოიყენა რუსული სიტყვა „обыватель“ - უბრალო ადამიანი. ინდურ და ბუდისტურ ლიტერატურაში ეს ადამიანის და ცხოვრების სავსებით განსაზღვრული ტიპია, რომელსაც ყოფიერების შეცვლასთან ადამიანის მიყვანა შეუძლია. „სნატაკა“ ანუ „ობივატელი“ ნიშნავს ადამიანს, რომელიც ყოფით ცხოვრებას ეწევა. ასეთ ადამიანს ეეჭვება ჩვეულებრივი საგნების ღირებულება, განვითარების შესაძლებლობაზე ოცნებობს. ის სკოლაში მოდის ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ ან მის დასაწყისში, და მას იქ მუშაობა შეუძლია. მხოლოდ ამ ადამიანთა რიგებიდან გამოდიან ისინი, რომელთაც კიბეზე ასვლა და გზამდე მიღწევა ხელეწიფებათ.
სხვა ადამიანებს გურჯიევი ორ კატეგორიად ყოფდა - „მაწანწალად“ და „მთვარეულად“. მაწანწალა აუცილებლად ღარიბი არ არის, ის შეიძლება მდიდარიც იყოს და მაინც ცხოვრებასთან მიმართებით ის მაწანწალაა. არც მთვარეული ნიშნავს გონდაკარგულ ადამიანს, ის შეიძლება სახელმწიფო მოხელე ან პროფესორი იყოს.
ეს ორი კატეგორია სკოლას არ შეესაბამება და არც ინტერესდებიან მისით; მაწანწალებს სინამდვილეში არაფერი აინტერესებთ; მთვარეულებს კი ცრუ ღირებულებები გააჩნიათ. ამიტომ, თუ ისინი კიბეზე ასვლას ცდილობენ, ძირს ვარდებიან და კისერს იტეხენ.
თავდაპირველად ყოფიერების ცვლილების, სკოლაში მუშაობის შესაძლებლობის თვალსაზრისით ამ სამი კატეგორიის გაგებაა აუცილებელი. ეს დაყოფა მხოლოდ ერთს ნიშნავს: ადამიანები მუშაობის შესაძლებლობებთან მიმართებით სხვადასხვა მდგომარეობაში იმყოფებიან. არიან ადამიანები, რომელთათვისაც ყოფიერების შეცვლის შესაძლებლობები არსებობს, სხვა მრავალთათვის კი ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან მათ თავიანთი ყოფიერება ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ იქ არანაირი საწყისი წერტილი არაა. სხვა, მეოთხე კეტეგორიაც არსებობს, რომლებმაც სხვადასხვა მეთოდებით საკუთარი ყოფიერების შეცვლის ყოველგვარი შესაძლებლობა უკვე გაანადგურეს. ეს დაყოფა სხვა რომელიმეს არ შეესაბამება. პირველი სამი კატეგორიის კუთვნილება მუდმივი არაა და ცვლილებას ექვემდებარება, თუმცა მუშაობის დაწყება მხოლოდ პირველი კატეგორიის ადამიანს შეუძლია, მეორე და მესამე კატეგორიის ადამიანს კი არა; ხოლო მეოთხე კატეგორია ყოველგვარ შესაძლებლობას გამორიცხავს. ამგვარად, თუმცა, არსობრივად, ადამიანები თანაბარი უფლებებით იბადებიან, ისინი თავიანთ უფლებებს მარტივად კარგავენ.
როდესაც ამ კატეგორიებს გაიაზრებთ და მათ შესატყვისებს საკუთარ გამოცდილებაში, ნაცნობებს შორის, ცხოვრებაში, ლიტერატურაში იპოვით, მეოთხე კატეგორიასაც გაიგებთ. ჩვეულებრივ პირობებში, ჩვეულებრივ დროებაში, ეს მხოლოდ დამნაშავეები ან სულით ავადმყოფები არიან - მეტი არაფერი. მაგრამ ისტორიის გარკვეულ პერიოდებში ასეთი ადამიანები ხშირად წამყვან როლს თამაშობენ - მათ ძალაუფლების მოპოვება და ფრიად მნიშვნელოვან ფიგურად ქცევა შეუძლიათ. მაგრამ ახლა მათ თავი უნდა დავანებოთ და პირველ სამ კატეგორიას მივაპყროთ ყურადღება.
კითხვა: დაკავშირებულია თუ არა ყოფიერების ზრდა გარკვეული კანონების და პრინციპების მორჩილებისადმი მზაობასთან?
პასუხი: არაა სავალდებულო. სხვადასხვა გზა არსებობს. ბერის გზაზე, მაგალითად, მორჩილებით დაწყებაა აუცილებელი. სხვა გზები კი არა მორჩილებით, არამედ შესწავლით და გაგებით იწყება. ზოგადი კანონების დაუმორჩილებლობა არ ძალგიძთ - სწორედ ისინი გაიძულებენ ასე მოიქცეთ. ზოგიერთ მათგანს მხოლოდ ყოფიერების ზრდით თუ გაექცევით, სხვაგვარად ვერა.
კითხვა: გამომდინარეობს თუ არა აქედან ის, რომ სკოლასთან თუნდაც ყველაზე უმნიშვნელოდ დაკავშირებულ ადამიანებს საკუთარი ყოფიერების შეცვლა შეუძლიათ?
პასუხი: დიახ, თუ მათ სკოლა აინტერესებთ და მასთან გულწრფელი კავშირი აქვთ, ეს მიანიშნებს, რომ მათ შეუძლიათ. მაგრამ, უნდა ითქვას, ყველა ჩვენგანში არის მაწანწალას და მთვარეულის ნიშნები. სკოლასთან კავშირი არ ნიშნავს, რომ ეს ნიშნები არ გვახასიათებს. ისინი ჩვენში გარკვეულ როლს თამაშობენ, და ყოფიერების შესწავლისას ისინი უნდა აღმოვაჩინოთ. უნდა გავიგოთ, რა გზით უშლიან ისინი ხელს მუშაობას, და ვებრძოლოთ მათ. სკოლის გარეშე ეს შეუძლებელია. როგორც უკვე გითხარით, მაწანწალები ყოველთვის ღარიბები არ არიან, ხშირად მათ ცხოვრება მშვენივრად აქვთ მოწყობილი და მაინც, მაწანწალები არიან. მთვარეულები ძალზე განათლებული ადამიანები არიან და ცხოვრებაში მაღალი მდგომარეობა უჭირავთ და, მიუხედავად ამისა, მთვარეულები არიან.
კითხვა: მთვარეულის ერთ-ერთ თვისებას წარმოადგენს თუ არა ის, რომ მას რაიმეს არაპროპორციულად მიღება სურს დანარჩენთან შედარებით, რაც მთლიანობაში მისთვის საზიანო ხდება?
პასუხი: მთვარეული - ესაა ადამიანი, რომელიც ყოველთვის ყალბ ღირებულებებს ესწრაფვის და ვერ არჩევს მათ. ის ყოველთვის აფორმირებს. მაფორმირებელი აზროვნება არასოდეს არაა სწორი, მთვარეულები კი განსაკუთრებით ერთგულებენ მას - ეს მათი მთავარი დამოკიდებულებაა. იყო მაფორმირებელი - მრავალი სხვადასხვა მეთოდითაა შესაძლებელი.
კითხვა: ადამიანში მაწანწალას თვისებების გამოვლინებას წარმოადგენს თუ არა გარკვეული უპასუხისმგებლობა, ყველაფრის უკუგდებისთვის მზადყოფნა?
პასუხი: სავსებით სწორია. ხანდახან ეს ძალზე პოეტურ ფორმებს იძენს: „მსოფლიოში ღირებულებები არ არსებობს“, „ყველაფერი გაუფასურდა“, „ყველაფერი ფარდობითია“ - ასეთია მაწანწალას საყვარელი ფრაზები. მაგრამ სინამდვილეში მაწანწალა არცთუ ისე საშიშია. მთვარეული გაცილებით საშიშია, რადგან ყალბი ღირებულებების და მაფორმირებელი აზროვნების ერთგულია.
კითხვა: რით განისაზღვრება ადამიანის ამა თუ იმ კატეგორიისადმი კუთვნილება?
პასუხი: ცხოვრებისა და ადამიანებისადმი განსაზღვრული დამოკიდებულებით, განსაზღვრული შესაძლებლობებით. ეს სამივე კატეგორიისთვის საერთოა. მეოთხე კატეგორია განსაკუთრებულია.
რაც შეეხება ამ მეოთხე კატეგორიას, რამდენიმე განსაზღვრებას მოგცემთ. სისტემაში ამ კატეგორიას განსაკუთრებული დასახელება აქვს, რომელიც ორი თურქული სიტყვისგან შედგება - „უნამუსო“. უნამუსოს თაობაზე პირველი, რაც შეიძლება ითქვას - არის ის, რომ ის უყოყმანოდ გასწირავს ან მიანიჭებს განუზომელ ტანჯვას ადამიანებს საკუთარი პატივმოყვარე მიზნების გამო. როგორ იქმნება უნამუსო - ეს სხვა საკითხია. ეს იწყება მაფორმირებელი აზროვნებით, მაწანწალას და მთვარეულის ყოფიერებით ერთდროულად. უნამუსოს სხვა განსაზღვრება ასეთია: ის არასწორ წყალბადებშია კრისტალიზებული. თქვენ ამ კატეგორიით პრაქტიკულად ვერ დაინტერესდებით, რადგან ასეთ ადამიანებთან საერთო არაფერი გაქვთ. მაგრამ მათი არსებობის შედეგებს ხვდებით.
როგორც გითხარით, თქვენთვის მნიშვნელოვანია მეორე და მესამე კატეგორიების გაგება, რადგან საკუთარ თავში ორივეს ნიშნების აღმოჩენა შეგვიძლია, განსაკუთრებით მესამესი. მეორეს, ანუ მაწანწალას, წინააღმდეგ საბრძოლველად როგორც სკოლის, ასევე ზოგადი შინაგანი დისციპლინაა აუცილებელი, რადგან მაწანწალაში არავითარი დისციპლინა არაა. მთვარეულში საკმაოდ ბევრი, მაგრამ არასწორი - მთლიანად მაფორმირებელი - დისციპლინა შეიძლება იყოს. ამიტომ მაფორმირებელ აზროვნებასთან ბრძოლა - ესაა მთვარეულობის წინააღმდეგ ბრძოლა, ხოლო დისციპლინის და თვითდისციპლინის შექმნა - მაწანწალას წინააღმდეგ ბრძოლაა.
რაც შეეხება პირველი კატეგორიის ადამიანის, ანუ ობივატელის დამახასიათებელ ნიშნებს, პირველ რიგში ეს პრაქტიკული ადამიანია. მაფორმირებელი აზროვნება მას არ ახასიათებს. მას გარკვეული რაოდენობის დისციპლინა უნდა გააჩნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ იქნებოდა, ვინც არის. ანუ პრაქტიკული აზროვნება და თვითდისციპლინა - პირველი კატეგორიის ადამიანებისთვის დამახასიათებელი ნიშნებია. ასეთ ადამიანს ისინი ყოფითი ცხოვრებისთვის საკმარისი რაოდენობით აქვს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მუშაობისთვის, ამიტომ მუშაობაში ეს ორი თვისება უნდა ძლიერდებოდეს და იზრდებოდეს. ობივატელი - ნორმალური ადამიანია, ნორმალურ ადამიანს კი ხელსაყრელ პირობებში განვითარება შეუძლია.
კითხვა: ობივატელი ყოველ ადამიანში შეიძლება არსებობდეს?
პასუხი: არა. უკვე გითხარით, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც დაკარგული აქვთ პრაქტიკული აზროვნების უნარი ანუ განვითარების შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში ისინი მთლიანად მთვარეულები ან მაწანწალები არიან, იმისდა მიხედვით, რა დაკარგეს.
კითხვა: გულისხმობთ - დაბადებიდან?
პასუხი: არ ვიცით. არაფერი ვიცით ამის შესახებ, მხოლოდ შედეგებზე შეგვიძლია საუბარი. ჩვენთვის ცნობილია, რომ ადამიანს მუშაობაში პრაქტიკული აზროვნების და პრაქტიკული მიმართების უნარი უნდა გააჩნდეს, და საკმარისი თვითდისციპლინა ესაჭიროება, რათა სკოლის დისციპლინა მიიღოს.
კითხვა: რას გულისხმობთ პრაქტიკულ აზროვნებაში?
პასუხი: მხოლოდ იმას, რასაც პრაქტიკულ აზროვნებას უწოდებენ ჩვეულებრივ ენაზე, კერძოდ კი - სხვადასხვა გარემოებებში განსაზღვრის უნარი. ეს უნარი მუშაობის იდეებთან, სკოლის პრინციპებთან, წესებთან, ყველაფერთან მიმართებით გამოიყენება.
კითხვა: მთვარეულები და მაწანწალები ჭეშმარიტების გაგებისგან უფრო შორს არიან, ვიდრე ობივატელები?
პასუხი: ასეთი გარანტია არ არსებობს. სინამდვილეში, ამასთან დაკავშირებით ისინი იმავე დონეზე შეიძლება იყვნენ, მაგრამ მათი პოტენციურობა განსხვავებულია. როგორც ბევრ სხვაში, აქაც ადამიანები არ განსხვავდებიან გარეგან გამოვლინებებში; ისინი ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან მექანიკურ ადამიანებს შორის. მაგრამ შესაძლებლობები სხვადასხვაა. ერთი შეიძლება შეიცვალოს, მეორეს ეს არ ძალუძს; ერთი შეიძლება მხოლოდ სასწაულმა შეცვალოს, მეორეს კი საკუთარი ძალისხმევით და მცირე დახმარებით შეუძლია შეცვლა.
კითხვა: თქვენ გვეუბნებით, რომ ყოველ ჩვენგანში არის მაწანწალას, მთვარეულის და ობივატელის ნაწილები?
პასუხი: შეეცადეთ ამ საკითხზე ასეთი ტერმინებით არ იფიქროთ. თქვენი სიტყვები მოძებნეთ - რა იგულისხმება სიტყვებით „ობივატელი“, „მთვარეული“, „მაწანწალა“. ეს სიტყვები არ აღწერს, არამედ მხოლოდ მიანიშნებს გარკვეულ შესაძლებლობებზე.
კითხვა: თუ ადამიანს თვითდისციპლინა არ უყვარს, ეს აღწერაა?
პასუხი: არა აღწერა, არამედ ერთი თვისებაა. პირველ რიგში, მაწანწალას არავითარი ღირებულება არ გააჩნია, მისთვის ყველაფერი ერთია. კარგი და ცუდი მისთვის არ არსებობს, და ამის შედეგად, ან ამასთან დაკავშირებით, მას არანაირი დისციპლინა არ გააჩნია. მთვარეული აფასებს იმას, რასაც არავითარი ღირებულება არ გააჩნია, და არ აფასებს რეალურად ღირებულს. ესაა მთავარი დამახასიათებელი თავისებურებები და არა აღწერა. ობივატელს ზოგიერთი ღირებულება მაინც გააჩნია, საიდანაც დაწყება შეუძლია, და საგნებთან და მოვლენებთან პრაქტიკული დამოკიდებულება აქვს. მან იცის, რომ თუ შია, უნდა იმუშაოს.
კითხვა: რაც შეეხება მეოთხე კატეგორიის ადამიანს, რომელმაც განვითარების ყოველგვარი შანსი გაანადგურა, - მასში ეს სიტუაცია უჩვეულო ეგოიზმის გარკვეული ფორმის შედეგად იქმნება?
პასუხი: დიახ, უმრავლეს შემთხვევებში. ამ კატეგორიის შესახებ ცოდნა იმიტომაა სასარგებლო, რომ ეს ადამიანები ზოგჯერ ჩვენს ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობენ. მაგრამ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში არსებობენ: ჩვენ მათი არც დახმარება, და არც განადგურება შეგვიძლია. ჩვენ საკუთარ თავზე, საკუთარ დამოკიდებულებაზე, და რაც მთავარია, საკუთარ გაგებაზე უნდა ვიფიქროთ. რადგან, თუ გვესმის, უკვე კარგია: უფრო ადვილად ვიღებთ ამ ადამიანებს და ვიცით მათი ჩვევები.
კითხვა: განსაზღვრულია თუ არა №1, 2, 3 და 4 ადამიანებს შორის განსხვავებები, თუ მაწანწალას, მთვარეულის და ობივატელის მსგავსად, ჩვენში არის ყოველი მათგანის ნაწილი?
პასუხი: იცით რა, ასე ერთმანეთში არევით თქვენ სრულიად ამახინჯებთ იდეებს. ეს ძალზე მნიშვნელოვანი იდეებია. ჯერ ერთი უნდა განიხილოთ, ცალკე, და შეეცადოთ გაიგოთ ის. შემდეგ მეორე განიხილეთ და ახლა მისი გაგება სცადეთ. ადამიანების დაყოფა № 1, 2, 3 და ა.შ. - ეს ერთი მდგომარეობაა, და ის რაიმეს პარალელურად არაა მოწოდებული. ისე უნდა შეისწავლოთ, როგორცაა მოწოდებული - რა იგულისხმება №1, №2, №3 ადამიანში, როგორია მათი განმასხვავებელი კომბინაციები, როგორაა შერეული და ა.შ.
შემდეგ მეორე იდეა განიხილეთ. იმისთვის, რომ გაიგოთ, რა იგულისხმება ობივატელის, მაწანწალას, მთვარეულის და ა.შ., მაგალითად, დეგრადაციების ქვეშ, ყოველი მათგანი ცალკე უნდა განიხილოთ. ყველას ერთად განხილვა და მათზე ერთდროულად საუბარი შეუძლებელია. ეს დაყოფა განვითარების შესაძლებლობასთან კავშირშია მოცემული. თქვენ ადამიანთა უზარმაზარი რაოდენობა უნდა წარმოიდგინოთ, რომელთაც, თავიანთი ყოფიერების მდგომარეობის გამო, არანაირი რეალური იდეის აღქმა არ ძალუძთ.
კითხვა: შეუძლია თუ არა მაწანწალას, გარეგნულად წარმატებას მიაღწიოს ცხოვრებაში?
პასუხი: ეს სიტყვა იმ ადამიანთა აღწერისთვის გამოიყენება, რომელთა შესახებაც ხშირად ივარაუდება, რომ ახლოს არიან განვითარების შესაძლებლობასთან, თუმცა, არსობრივად, ისინი საკმაოდ შორს არიან ამისგან - უფრო შორს, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები. ადამიანებმა შესაძლოა ბევრი მშვენიერი სიტყვა იცოდნენ, ძალდაუტანებლად საუბრობდნენ და მაინც ძალზე შორს იყვნენ განვითარების შესაძლებლობისგან.
კითხვა: რაში მდგომარეობს იდეა, რომელიც ამ სამი კატეგორიითაა წარმოდგენილი?
პასუხი: მასში მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა ჩვენგანში (მაშინაც კი, თუ ვთვლით, რომ გარკვეული პრაქტიკული ურთიერთობები და ღირებულებები გაგვაჩნია) მნიშვნელოვან ნაწილს არავითარი ღირებულება არ გააჩნია ან ყალბი ღირებულებები აქვს - როგორც მაწანწალას და მთვარეულს.
კითხვა: რა გვეხმარება გარჩევის უკეთესი უნარის შეძენაში?
პასუხი: საკუთარ თავში მექანიკური ცნობიერისგან გამოაცალკევეთ, შეხედეთ, რა მცირეა ცნობიერი, რამდენად იშვიათად მუშაობს, და რამდენად ძლიერია მექანიკური - მექანიკური ურთიერთობები, მექანიკური განზრახვები, მექანიკური აზრები, მექანიკური სურვილები.
კითხვა: რომელია საუკეთესო გზა თვითშემეცნებაზე სამუშაოდ?
პასუხი: ალბათ გახსოვთ, დასაწყისში გითხარით, რომ არსებობს ორი ხაზი, რომლითაც შეუძლია და უნდა მიდიოდეს ჩვენი განვითარება. პირველი - ცოდნის ხაზია. ეს გასაგებია: ჩვენი ცოდნა უნდა გავზარდოთ, რადგან არც საკუთარი თავის და არც სამყაროს შესახებ საკმარის ცოდნას არ ვფლობთ. მეორე - ყოფიერების ხაზია, რადგან ჩვენი ყოფიერება ის არაა, რაც უნდა იყოს; არა მარტო იმ აზრით, რომ ჩვენ მხოლოდ ნახევრადგანვითარებული არსებები ვართ და ჩვენი დონე შეიძლება გაიზარდოს, არამედ იმ აზრითაც, რომ ჩვენში რაღაც ახლანდელი მდგომარეობის შესაბამისადაც კი არ არის განვითარებული. მე გითხარით, რომ ყოფიერების მთავარი თვისებებია - ის, რომ არ ვართ ერთიანი, რომ ვართ სიმრავლე, რომ არ ვართ ცნობიერნი. ეს გარდაუვალია, მაგრამ თავად ფაქტი, რომ ამას ვერ ვაცნობიერებთ, შეიძლება შეიცვალოს: ჩვენ შეგვიძლია ამის ცოდნა. მაგალითად, შეგვიძლია ვიცოდეთ, რომ ყოველ მომენტში არც ერთი მოქმედება, არც ერთი აზრი არ მომდინარეობს მთელიდან - არამედ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პატარა ნაწილიდან. ჩვენ შეგვიძლია ამ ფაქტის გააზრება დავიწყოთ. ყოფიერების ცვლილება უმეტეს შემთხვევებში ისეთი რამის გააზრებით იწყება, რასაც ადრე ვერ ვაცნობიერებდით. მაგრამ თავად ყოფიერება შეიძლება იზრდებოდეს და ვითარდებოდეს; ყოფიერების დონე შეიძლება იცვლებოდეს, და მის პარალელურად ცოდნაც იზრდება. ჭეშმარიტი მუშაობა - ესაა ყოფიერებაზე მუშაობა, მაგრამ ცოდნა ეხმარება. იმავე დროს, ცოდნაზე მუშაობა ასევე მნიშვნელოვანია, და ამ დროს უკვე ყოფიერება ეხმარება, რადგან ჩვენს ახლანდელ მდგომარეობაში ბევრი ცოდნის შეძენაც კი არ ძალგვიძს - მისი დანაწევრება და გადანაწილება ხდება სხვადასხვა „მე“-ებს შორის. ხანდახან ადამიანები რამოდენიმე წელი მუშაობენ, ინფორმაციას აგროვებენ, მაგრამ თავიანთ ყოფიერებაზე არ მუშაობენ, შემდეგ მიდიან, მაგრამ შეძენილ ცოდნას ვერ ივიწყებენ, და ის მათში მუშაობს; მაგრამ რაკი მათი ყოფიერება მას არ შეესაბამება, ამიტომ ცოდნა მახინჯდება.
რაც შეეხება ცოდნას, ისიც უნდა გესმოდეთ, რომ ყოველ ჩვენგანში არის სამი ადამიანი - №1 ადამიანი, №2 ადამიანი და №3 ადამიანი. ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა სჭარბობდეს, მაგრამ თითოეულში არის სამივე. ანუ თავად ჩვენში სამი კატეგორიის ცოდნა გვაქვს. ჩვენი ცოდნის ნაწილი - არის №1 ადამიანის ცოდნა, ნაწილი - №2 ადამიანის ცოდნა და ნაწილი - №3 ადამიანის ცოდნა. როდესაც განაცალკევებთ იმას, რაც სამივემ ცალ-ცალკე იცის, ნახავთ, როგორ მართავს ადამიანს ერთ-ერთი გაბატონებული ნაწილი.
ზოგი სკოლა თავიდანვე არასწორად იწყებს და წარმოსახვით თვისებებს ავითარებს, ისეთებს, როგორიცაა ხილვა და სხვა ამდაგვარი, რადგან მუშაობა ყოფიერებაზე მოითხოვს გამუდმებულ ზედამხედველობას და ცოდნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი რამ არასწორად მიდის: ადამიანი წარმოსახვას რეალობად მიიჩნევს, და, თუ ის ყოფიერებაზე სწორად არ მუშაობს, მისი მუშაობა არასწორ მიმართულებას იძენს. ძალზე მნიშვნელოვანია ამის გაგება: ყოველთვის უნდა არსებობდეს ერთმანეთის დამხმარე ეს ორი ხაზი.
კითხვა: თქვენ თქვით, რომ ჩვენი ყოფიერების ერთ-ერთი თვისებაა, რომ არასდროს ვართ ერთიანი. თუმცა გაიგივების შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ერთიანი ვართ - არ ვართ სიმრავლე. მაგრამ ალბათ ეს არასწორად ხდება?
პასუხი: დიახ, მაგრამ ეს მხოლოდ „მე“-თა ერთ-ერთი ჯგუფია, ეს მთელი არაა. და გაიგივება პრაქტიკულად გამორიცხავს ყველა სხვა „მე“-ს. ჩვეულებრივ მომენტებშიც კი, თუ თქვენ შედარებით არ ხართ გაიგივებული, ერთი „მე“ რაღაცას აკეთებს, სხვები კი იმავე მიმართულებით იყურებიან - სულ მცირე, მათი ნაწილი მაინც. მაგრამ გაიგივების მდგომარეობაში ისინი სრულიად გამოთიშულები არიან: ერთ მცირე „მე“-ს მთელი არეალი უკავია. ეს ჩვენი ყოფიერების დამახასიათებელი თავისებურებაა, რომ ერთი მცირე „მე“ საკუთარ თავს „მე“-ს უწოდებს და მთელს გულისხმობს. აი, რატომ ვამბობ, რომ ყოველთვის ვიტყუებით საკუთარი თავის და სხვების წინაშე, როდესაც ვამბობთ „მე“, რადგან ეს არაა მთლიანი „მე“, არამედ მცირე ნაწილი, რომელიც მთელად აჩვენებს თავს.
კითხვა: ჩვენში ძალისხმევას რა ახორციელებს?
პასუხი: ისევ და ისევ ერთ-ერთი „მე“ ან „მე“-თა მცირე ჯგუფი. ჩვენი მიზანია - „მე“-თა უფრო დიდი ჯგუფით თვითშესწავლისა და თვითგანვითარებისთვის სწორი ძალისხმევის განხორციელება შეგვეძლოს, ისე რომ „მე“-თა ეს მცირე ჯგუფი, რომელმაც თვითშესწავლა დაიწყო, გაიზარდოს, გარკვეული ხნის შემდეგ კი საკმაოდ დიდი და ძლიერი გახდეს, რათა მთელი აკონტროლოს და მიმართულება შეინარჩუნოს. მაგრამ დასაწყისში გარკვეული სავარჯიშოების მეშვეობით მან ყველაფერი უნდა შეისწავლოს, რასაც ჩვენ სკოლაში მუშაობას ვუწოდებთ. თუ „მე“-თა ეს მცირე ჯგუფი, რომლითაც იწყებთ, არ იზრდება, თქვენ გასაგრძელებლად ძალა არ გეყოფათ. ბევრი ადამიანი იწყებს მუშაობას, შემდეგ კი ტოვებს მას. ამასთან ვერაფერს გავაწყობთ, და ვერც ვერაფერს გამოვიცნობთ წინასწარ. რამოდენიმე ხნის შემდეგ თავად მიხვდებით, გაქვთ თუ არა საკმარისი ენერგია და ინტერესი, რადგან მუშაობა ენერგიასა და ძალისხმევას მოითხოვს. თქვენ ვერც ცოდნას მიიღებთ და ვერც ყოფიერებას, თუ პასიური იქნებით. მუშაობასთან დაკავშირებით აქტიური უნდა იყოთ.
მთავარი, რაც უნდა გვახსოვდეს და ვფიქრობდეთ ყოფიერების შეცვლასთან დაკავშირებით, ძილი და შესაძლო გამოღვიძებაა. საკუთარ თავში განსაზღვრულ იდეებს, გარკვეულ აზრებს უნდა პოულობდეთ, რომლებიც გამოგაღვიძებთ.
კითხვა: არსებობს თუ არა კონკრეტული იდეები, რომლებიც ყოველთვის გამოღვიძებას იწვევს? ეს საკითხი მაინტერესებს, რადგან ვამჩნევ, რომ ზოგი იდეა ერთ დღეს მეხმარება, მეორე დღეს კი - არა.
პასუხი: დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენ ის უნდა ეძებოთ, რაც უფრო ხშირად გეხმარებათ, გარკვეული გაცნობიერებები. დიდი განსხვავებაა გაცნობიერებებსა და სიტყვებს შორის. როდესაც რაღაც გააცნობიერეთ, თქვენ იცით, რომ ეს სწორია. ამ შემთხვევაში ეს არ უნდა დაგავიწყდეთ. მთავარი კითხვა ეს უნდა იყოს: როგორ გამოიღვიძოთ. გააცნობიერეთ, რომ გძინავთ, რომ ყველას სძინავს. შემდეგ გააცნობიერეთ, რომ ერთადერთი გამოსავალი - გამოღვიძებაა. აუცილებელია ერთ ფაქტზე ყურადღების კონცენტრირება - ძილი და გამოღვიძების შესაძლებლობა. თუ ამ საკითხზე ფიქრობთ და გრძნობთ მას, შანსიც ჩნდება. ამ საკითხის გაცნობიერებამდე კი რეალური შანსი არ არსებობს. თქვენ შეიძლება საუბრობდეთ ამ სისტემაზე, სამყაროებზე, წყალბადებზე, კოსმოსზე და ყველაფერზე ისევე, როგორც სხვა დანარჩენზე საუბრობთ, და არაფერი მოხდება.
კითხვა: თუ ადამიანი აცნობიერებს, რომ მას სძინავს...
პასუხი: „თუ“ - უკვე ძილია. ყველა სიზმარი „თუ“-თი იწყება. შეეცადეთ „თუ“-ს გარეშე იფიქროთ. დიახ, გაცნობიერებაშია საქმე. გამოღვიძების გზების პოვნაა აუცილებელი, მანამ კი უნდა გააცნობიეროთ, რას წარმოადგენს ძილი.
კითხვა: როგორ გავაძლიეროთ სისტემის იდეებთან ემოციური დამოკიდებულება?
პასუხი: შეადარეთ ძილი და გამოღვიძება. მუშაობის ყველა იდეა ძილის და გამოღვიძების შესაძლებლობის იდეით იწყება. ყველა სხვა იდეა, ცხოვრებისეული იდეები, შეიძლება იყოს ჭკვიანური, კარგად დამუშავებული, მაგრამ ეს მძინარე ადამიანების იდეებია. ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ ამ წარმოსახვით იდეებს, რომ გარკვეული დროის შემდეგ სისტემის იდეებს სხვა იდეების დონეზე განვიხილავთ, რომლებსაც არსაით მივყავართ. სასარგებლოა იფიქროთ, რომ ყოველი დღე, როდესაც აქ მოდიხართ, შეიძლება ბოლო აღმოჩნდეს. ჩვენ არ ვიცით, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე, მაგრამ როგორც წესი, ეს გვავიწყდება. თუ ამას აცნობიერებთ, თქვენი ემოციური დამოკიდებულება თავისთავად გაძლიერდება, და შეძლებთ იმის შესახებ იფიქროთ, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.
შეეცადეთ საგნების და მოვლენების შედარებით მნიშვნელოვნებაზე იფიქროთ. აუცილებლად უნდა გესმოდეთ, როგორ მიუდგეთ ამ პრობლემას. როგორ შეძლებთ რაიმეს მნიშვნელოვნებაზე ფიქრს, თუ შესადარებლად მასალას არ ფლობთ? რომ შეადაროთ, სხვადასხვა ფაქტებს უნდა ფლობდეთ. შეეცადეთ, მუშაობის იდეები და პრინციპები რაიმე ცხოვრებისეულს შეადაროთ.
კითხვა: მგონია, რომ ისინი სრულიად განსხვავებულია.
პასუხი: ფრაზა „ისინი სრულიად განსხვავებულია“ ვერაფერში დაგეხმარებათ. აკადემიური მიზნებისთვის კი არა, ჩვენთვისაა აუცილებელი, გავარკვიოთ, რა არის უფრო მნიშვნელოვანი და რა - ნაკლებღირებული, ამიტომ ასე არ უნდა დაიწყოთ. თქვენ ვერასდროს მიიღებთ სწორ პროპორციას, სწორ მასალას შესადარებლად, თუ ასე დაიწყებთ. დაფიქრდით, და მიხვდებით.
კითხვა: ჩემთვის პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ინტელექტუალურად მნიშვნელოვანსა და სასარგებლოს უმნიშვნელო და უსარგებლოსგან ვარჩევ, მაგრამ ვერ ვგრძნობ.
პასუხი: გაცნობიერება ემოციურ გრძნობას მოიტანს. ეს რაც შეიძლება ხშირად უნდა გააცნობიეროთ და მეტ საგანსა თუ მოვლენას დაუკავშიროთ. უბრალოდ შეეცადეთ, მოსმენილი იდეები თქვენს გონებაში მეტ-ნაკლებად გაატაროთ. იპოვეთ ისინი, რომლებიც უფრო გიზიდავთ. ზოგი თქვენთვის უბრალო სიტყვებად რჩება, სხვებთან დაკავშირებით კი პრაქტიკული დაკვირვება ან გამოცდილება გაგაჩნიათ. ეს დაგეხმარებათ.
კითხვა: ითქვა, რომ წინსვლისთვის ყველაფერი არასაჭირო უნდა მოვიკვეთოთ. ეს საკმაოდ ძნელი მგონია.
პასუხი: ვფიქრობ, მიზანი ყოველთვის ესაა. თუ რაიმეს აკეთებთ განსაზღვრული მიზნით, რაც უფრო ნაკლებ არასაჭიროს აკეთებთ, მით უფრო უახლოვდებით მიზანს. მაგალითად, თუ მატარებელზე გაგვიანდებათ და თან გაზეთს კითხულობთ, თქვენ მატარებელიც გაგასწრებთ და ვერც გაზეთს წაიკითხავთ. უმჯობესი იქნება, თუ გაზეთს გაიყოლებთ და მატარებელში წაიკითხავთ. მაგრამ ყველაფერს ვერ მოიკვეთავთ, შეუძლებელს კი თქვენგან არავინ ითხოვს. და მაინც, პრინციპი იგივე რჩება: ჩვენ იმდენი არასაჭირო რამ გვაქვს, რომლებიც აუცილებლად მიგვაჩნია, რომ შეგვიძლია მათი რაოდენობა ცოტათი მაინც შევამციროთ.
კითხვა: ჩვეულებრივი მოვლენაა თუ არა ის, რომ ადამიანს ცხოვრება ნაკლებად აინტერესებს, როდესაც მეტად ცნობიერი ხდება?
პასუხი: ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ესმის მას ცხოვრება, რადგან ამ სიტყვას ბევრი სხვადასხვა განმარტება გააჩნია. ადამიანს შეიძლება ცხოვრების ისეთი მხარე აინტერესებდეს, რომელიც აბსოლუტურად შეუთავსებელია სხვა ინტერესებთან, ან აინტერესებდეს ის მხარე, რომელიც ამ სხვა ინტერესებთან დაკავშირებულია.
კითხვა: ადამიანი ცნობიერი რომ გახდეს, აუცილებლად ამის სურვილი უნდა გააჩნდეს, მაგრამ რამდენად შესაძლებელია სურვილი ცნობიერების დაბრკოლებად იქცეს?
პასუხი: სურვილი - რთული რამაა, სინამდვილეში ის მთელი რიგი აზრების, გრძნობების და აგრეთვე შიშების ნაერთია. სურვილი, იყო ცნობიერი, მოდის, როდესაც გეშინიათ მექანიკურობის. თავიდან ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ის მანქანაა, შემდეგ კი ამის შეეშინდეს. ამის შემდეგ გაჩნდება სურვილი.
კითხვა: ახლახან დამთრგუნა გრძნობამ, რომ, მიუხედავად მუშაობისა, ჯერ კიდევ საშინლად მექანიკური ვარ.
პასუხი: რა თქმა უნდა, მექანიკურები ვართ და ვერაფერს გავაწყობთ, ვიდრე უკეთ არ გავიცნობთ საკუთარ თავს, არა მხოლოდ ზოგადად, არამედ პირადად, ინდივიდუალურად, რადგან ჩვენ არა მარტო ზოგადი, არამედ ინდივიდუალური თვისებებიც გვახასიათებს. თავიდან ვსწავლობთ ზოგადს, შემდეგ ინდივიდუალურს; ხოლო როდესაც საკუთარ თავს ვიცნობთ, ვხვდებით, საიდან დავიწყოთ. ახლა ელემენტარულის კეთებას ვცდილობთ, უფრო თვითშესწავლისთვის, ვიდრე რეალური შედეგებისთვის.
კითხვა: როგორ დავძლიოთ გულგრილობის პერიოდები, როდესაც სისტემის იდეები ყოველგვარ ძალას კარგავს?
პასუხი: ყველაფერი ტალღისებურად მიედინება - ზევით და ქვევით. აუცილებელია საკმარისი მახსოვრობის და სიმაღლის დაგროვება, ხატოვნად თუ ვიტყვით, დეპრესიის მომენტში რომ ძაფის წვერი არ დავკარგოთ, არ დაგვავიწყდეს, რაც იყო.
კითხვა: მაგრამ რითი შევცვალოთ დეპრესიის გრძნობა, რომელიც მოდის, როდესაც ილუზიები ქრება?
პასუხი: დეპრესიას სხვა ილუზიები ქმნის, რომლებიც გამქრალის ადგილს იკავებს. პირველი ილუზიები თუ იმედიანი იყო, სხვები, შესაძლოა, სასოწარკვეთილებით იყოს სავსე, სულ ესაა.
კითხვა: როგორ გავაძლიეროთ და დავაფიქსიროთ მომენტები, როდესაც ემოციებს ვგრძნობთ და მუშაობა გვსურს, რათა ისინი გამოვიყენოთ, როდესაც მუშაობა არ გვენდომება?
პასუხი: ამ მომენტების დაკავშირების მცდელობით. როდესაც მუშაობის სურვილის მსგავს მდგომარეობაში იმყოფებით, გაიხსენეთ სხვა მომენტები ანალოგიური მდგომარეობით და აზრობრივად დააკავშირეთ ერთმანეთთან.
კითხვა: ეს მუშაობის სურვილს აღძრავს?
პასუხი: ამ სისტემაში სურვილი ნამდვილი სიტუაციის და ცვლილების შესაძლებლობის გაცნობიერებიდან უნდა წამოვიდეს. ან უფრო მარტივადაც შეიძლება იყოს. მუშაობის სურვილი შეიძლება იმის გაცნობიერებამ გამოიწვიოს, რომ შესაძლებელია იცოდეთ უფრო მეტი, ვიდრე ამჟამად იცით. მეორე ცოდნას ეხება, პირველი კი - ყოფიერებას. სინამდვილეში თქვენ ერთიც უნდა გქონდეთ და მეორეც, და ეს ყველაფერი შემოწმებული უნდა იყოს. მუშაობის დაწყებიდან ძალიან მალე გააცნობიერებთ, რომ გარკვეული ცოდნის შეძენას იწყებთ, რომელიც გაგების ახალ შესაძლებლობებს ხსნის. ამას ვერავინ ასცდება, თუ ის ნამდვილად ცდილობს მუშაობას. და გარკვეული დროის შემდეგ ადამიანი საკუთარ თავში ცვლილებებს შეამჩნევს, რომლის აღწერასაც ვერ შეძლებს, მაგრამ ისინი სრულიად ახალ დამოკიდებულებებს შექმნის. ეს გარდაუვალია, ამიტომაც აძლევს ადამიანს სრულიად განსაზღვრულ შეფასებას და სრულიად განსაზღვრულ გაგებას, რომ ის რაღაცას იღებს და გარკვეული მიმართულებით მოძრაობს, და არ დგას ადგილზე.
კითხვა: როგორაა შესაძლებელი გადაწყვეტილებების გაძლიერება?
პასუხი: ეს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. პირველი - ესაა იცოდეთ, რა არის უფრო მნიშვნელოვანი და რა - ნაკლებღირებული. თუ ამის გარჩევას ისწავლით, გადაწყვეტილებები რთული არ იქნება. თქვენ მექანიკურობის და ცნობიერების თქვენს დონეზე გარჩევა უნდა ისწავლოთ. ის, რაც მუშაობასთანაა დაკავშირებული, შესაძლოა ცნობიერი იყოს. ის, რაც კომფორტთან, სარგებელთან, სიამოვნებასთან, მოგებასთანაა დაკავშირებული - მექანიკურია. აქ სხვა მხარეცაა. თუ გადაწყვეტილების შედეგი ნამდვილად მნიშვნელოვანია და დაკავშირებულია თქვენს მუშაობასთან, თქვენ გაქვთ უფლება, რჩევა ითხოვოთ. ასეთ შემთხვევაში მით უფრო არ უნდა ეცადოთ, მარტომ მიიღოთ გადაწყვეტილება.
კითხვა: ვგრძნობ, რომ ჩემი დამოკიდებულება მუშაობისადმი სრულ გადახედვას საჭიროებს. სისტემას მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ერთი „მე“-სთვის - სხვებს სწავლა ან შეცვლა არ სურთ. არსებობს თუ არა რაიმე მეთოდი, ჩემი მუშაობის სურვილის გაძლიერებაში რომ დამეხმაროს?
პასუხი: მაგრამ ვინ გააკეთებს ამას, თუ მხოლოდ ერთ „მე“-ა დაინტერესებული, სხვები კი -არა? ისე ლაპარაკობთ, თითქოს თქვენ - ამ „მე“-ებისგან რამით განსხვავდებით. ერთი „მე“ გადაწყვეტს, მაგრამ მოვა მეორე, რომელმაც ამის შესახებ არაფერი იცის. სიტუაცია ასეთია, და თქვენ ყველაფერი უნდა სცადოთ, რაც შეგიძლიათ. რაც არ ძალგიძთ, ნუ იოცნებებთ, და შეუძლებელს ნუ წაეპოტინებით. ვერავინ დაგეხმარებათ მუშაობის სურვილში, თავად უნდა გინდოდეთ, მაგრამ თუ იმას არ აკეთებთ, რაც შეგიძლიათ, ამასაც დაკარგავთ, და სულ უფრო ნაკლებად იმუშავებთ. დღეში სამჯერ ან ოთხჯერ საკუთარი თავის გახსენების ან აზრების გაჩერების მცდელობა ძალიან მალე ენერგიას მოგცემთ, მაგრამ ასეთი მუშაობა რეგულარული უნდა იყოს. როგორ შევძლებთ მუშაობის ძალის გაზრდას? მხოლოდ მუშაობით, არავითარი სხვა ხერხი არ არსებობს. თუ მცირე ძალისხმევის გაღებას სწავლობთ, მცირე შედეგებს მიიღებთ, ხოლო თუ უფრო მეტ ძალისხმევას განახორციელებთ, შედეგსაც მეტს მიიღებთ.
კითხვა: როგორ დავრწმუნდეთ უკეთესად, რომ გარკვეულ საგრძნობ სარგებელს მივიღებთ, თუ მეტად ცნობიერნი და ნაკლებად მექანიკურნი გავხდებით?
პასუხი: ეს თავად უნდა გადაწყვიტოთ, მის სასარგებლოდ არგუმენტები მოიძიოთ. თავიდან შეეცადეთ გაიგოთ, რას ნიშნავს იყოთ მეტად ცნობიერი და ნაკლებად მექანიკური, შემდეგ გადაწყვიტეთ. მხოლოდ ამის შემდეგ ექნება გადაწყვეტილებას რეალური წონა. მე თუ გიპასუხებთ, ეს ჩემი აზრი იქნება. არის საკითხები, რომლებიც ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რაც მხოლოდ ამის შემდეგ შეიძენს რეალურ მნიშვნელობას და რეალური გაგების გამომხატველი გახდება.
ჩვენ არ ვიცით, რას ნიშნავს „გავხდეთ ცნობიერი“. მაგრამ ჩვენ არც ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა ვიცით, რადგან ილუზიებში ვცხოვრობთ. ჩვენ რომ ილუზიებისგან თავისუფალი ვიყოთ, ამ მდგომარეობიდან გამოსვლისა და შეცვლისთვის ძლიერი იმპულსი შესაძლებელი გახდებოდა. შეუძლებელია სრულად აღიწეროს, რას ნიშნავს ეს ცვლილებები, და უმჯობესია არც კი ვეცადოთ, რადგან წარმოსახვა სამუშაოდ და ჩვენს მოსატყუებლად მუდამ მზადაა. აჯობებს, ამჟამინდელი მდგომარეობა შეისწავლოთ. თუ ამას აკეთებთ, არაფერს კარგავთ, რადგან დასაკარგიც არაფერია.
კითხვა: ხანდახან ვგრძნობ, რომ პროპორციის გრძნობა არ გამაჩნია. როგორ გამოვასწორო ეს?
პასუხი: მაგრამ სწორედ ამაშია საქმე! მუშაობის მიზანიც ხომ სწორედ ესაა. ყველაფრის, რასაც ვაკეთებთ, მიზანი ისაა, რომ პროპორციის რეალური გრძნობა შევიძინოთ. მაგრამ მას ვერ შეიძენთ, სანამ მუშაობას არ შეუდგებით, ამიტომ უნდა იმუშაოთ, და მუშაობის შედეგად, პროპორციის უკეთეს გრძნობას მიიღებთ.
კითხვა: ვფიქრობ, ყველაზე დიდი სიძნელე - ყოფით ცხოვრებასა და სისტემაში სერიოზულ მუშაობას შორის ხიდის პოვნაა. რაში მდგომარეობს ის?
პასუხი: ხიდის ძებნის არავითარი აუცილებლობა არ არსებობს, რადგან ეს სისტემა საშუალებას გაძლევთ, მუშაობა უმალ დაიწყოთ ისეთებმა, როგორებიც ხართ. იმავდროულად, ხედავთ, რომ მუშაობის შესაძლო შედეგები და ის, რაც ყოველგვარი მუშაობის გარეშე ხდება, სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. ერთ შემთხვევაში ყველაფერი ხდება, მეორეში კი თქვენ ცნობიერი უნდა იყოთ, თქვენი ცოდნის შესაბამისად რომ იმოქმედოთ. მათ შორის არავითარი ხიდი არაა - რა ხიდი შეიძლება იყოს სიშლეგესა და ნორმალურობას შორის?
კითხვა: გვათავისუფლებს თუ არა ყოფიერების ცვლილება გარე მოვლენებისგან?
პასუხი: ეს საკუთარი გამოცდილებით უნდა გაიგოთ. რაც მეტად გაერთიანებული ხდებით საკუთარ თავში და რაც უფრო მეტად ცნობიერი ხართ, მით უფრო ნაკლებად იქნებით გარემოებებზე დამოკიდებული. თქვენ მათ უკეთ გაიგებთ, საკუთარ გზას უკეთ იპოვით და ამის ხარჯზე უფრო თავისუფალი გახდებით. რაც შეეხება იმას, შემდეგ რა მოხდება, ეს შემდეგ სტადიებზე უნდა განიცხოვროთ. უსარგებლოა ამ თემაზე თეორიული მსჯელობა. ახლა უკვე ხედავთ, რომ ვცდილობ პრაქტიკულ საკითხებამდე მიგიყვანოთ.
კითხვა: თვითგახსენება გაცილებით რთულია გარკვეულ ცხოვრებისეულ გარემოებებში. უნდა ვერიდოთ თუ არა ამ გარემოებებს?
პასუხი: შეცდომაა ფიქრი, რომ ცხოვრებისეული გარემოებები, ანუ გარე გარემოებები, რამეს ცვლიან ან რაიმეზე ზემოქმედებენ. ეს ილუზიაა. რაც შეეხება იმას, უნდა ვერიდოთ თუ არა მათ - შეეცადეთ ერიდოთ ან შეეცადეთ მიიღოთ როგორც როლი, რომელიც უნდა ითამაშოთ. მაგრამ თუ მოახერხებთ მათ თავიდან არიდებას, აღმოაჩენთ, რომ არაფერი შეცვლილა. გამონაკლისები დასაშვებია, მაგრამ ზოგადი წონასწორობა ჩვეულებრივ ერთი და იგივე რჩება.
კითხვა: თუ მხოლოდ სუსტები ვართ და არავითარ ძალას არ ვფლობთ, მაშ რომელი წყაროდან ვიღებთ ძალას, რომელიც თუნდაც საკუთარ თავზე მუშაობის დასაწყებადაა საჭირო?
პასუხი: გარკვეულ ძალას ვფლობთ. ჩვენ რომ მხოლოდ სუსტები ვყოფილიყავით, ვერაფერს გავაკეთებდით; ძალა საერთოდ რომ არ გვქონოდა, მუშაობა არც კი დაგვაინტერესებდა. თუ საკუთარ სიტუაციას ვაცნობიერებთ, უკვე გვაქვს გარკვეული ძალა, და ახალი ცოდნა მას აძლიერებს. ანუ, დასაწყებად სრულიად საკმარის ძალას ვფლობთ. მოგვიანებით ძალა ახალი ცოდნიდან, ახალი ძალისხმევიდან მოდის.
კითხვა: სწორი მუშაობა ძალზე ძნელი მგონია, რადგან ვერ ვხვდები, ძალისხმევის რომელი სახეა ერთ მომენტში სწორი და მეორეში არასწორი.
პასუხი: საკუთარი თავის გახსენების ძალისხმევა - ყოველთვის სწორი ძალისხმევაა, თუ აიძულებთ საკუთარ თავს ამის გაკეთებას. რითიც არ უნდა იყოთ დაკავებული, უბრალოდ ეცადეთ გააცნობიეროთ, რომ თქვენ აკეთებთ ან არ აკეთებთ იმას, რაც უნდა გააკეთოთ. თუ დაჟინებით ცდილობთ ამის გაკეთებას, ის შედეგს მოიტანს. საკუთარი თავის გახსენების ძალისხმევა - მთავარია, რადგან მის გარეშე სხვა დანარჩენს ფასი არ აქვს, ის ყველაფრის საფუძველი უნდა იყოს. მხოლოდ ამ გზით შეძლებთ მექანიკურიდან უფრო ცნობიერ მდგომარეობაში გადასვლას.
კითხვა: ჩემთვის კვლავ გაუგებარია, რით განსხვავდება თვითგახსენება საკუთარ თავზე ფიქრისგან?
პასუხი: საკუთარ თავზე ფიქრი - სრულიად სხვა რამაა. თუ საკუთარი თავის გახსენება გსურთ, უკეთესია, თუ არ იფიქრებთ საკუთარ თავზე. მანამ, სანამ საკუთარ თავზე ფიქრობთ, თქვენ საკუთარ თავს ვერ გაიხსენებთ. განსხვავების სიტყვებით ახსნა რთულია. ეს იგივეა, საკუთარ თავზე ერთი რეალობიდან ფიქრობდეთ, ხოლო საკუთარი თავის გახსენებას სხვა რეალობიდან ცდილობდეთ. თქვენ იცნობიერებთ, რომ ვერ იხსენებთ საკუთარ თავს, რომ არ ხართ ცნობიერი, და ცნობიერების არქონის ამ გახსენებით იწყებთ საკუთარი თავის გახსენებას. უკეთესად ახსნა არ შემიძლია. თავიდან სწორ მეთოდს ვერ პოულობთ, მაგრამ თუ გარკვეული დროის განმავლობაში ამის გაკეთებას ცდილობთ, აზრთა კონკრეტულ ხაზს იპოვით, რომელიც დაგეხმარებათ. ამ შემთხვევაში აღმოაჩენთ, რომ, თუ რაიმეზე გარკვეული სახით ფიქრობთ, ეს გაიძულებთ საკუთარი თავი გაიხსენოთ, რაც გაცნობიერებულობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
კითხვა: არ ვიცი, ზოგიერთ მომენტში საკუთარ თავს ვიხსენებ თუ ვერ ვიხსენებ.
პასუხი: საკმარისია იცოდეთ, რომ ვერ იხსენებთ. დაიჭირეთ მომენტი, როდესაც განსაკუთრებით შორს ხართ თვითგახსენებისგან - ამ მომენტში საკუთარ თავს გაიხსენებთ.
კითხვა: თუ საკუთარ თავს ვეუბნები: „მე საკუთარ თავს გავიხსენებ...“?
პასუხი: არაფერი მოხდება. ამგვარად ვერ დაიწყებთ. ან ფიქრობთ რამეზე, რაც აქამდე მიგიყვანთ, ან აცნობიერებთ, რომ საკუთარ თავს ვერ იხსენებთ.
კითხვა: ახლა, მოცემულ მომენტში ვხედავ, რომ ვერ ვიხსენებ თავს, მაგრამ ამის იქით აღარ მიდის.
პასუხი: ღრმად ჩადით. მეტი არაფერი მოგეთხოვებათ. გააცნობიერეთ მეტი და მეტი, უფრო და უფრო ღრმად, რომ არც თქვენ, არც სხვა ადამიანები ვერ იხსენებთ, რომ ვერავინ იხსენებს საკუთარ თავს. ეს თვითგახსენებასთან უფრო უკეთ მიგიყვანთ, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ. თვითგახსენებაში ჩვენი სირთულე ძირითადად ისაა, რომ საკმარისად ვერ ვაცნობიერებთ იმას, რომ საკუთარი თავი არ გვახსოვს. მოგვიანებით ამას ბევრი სხვა რამაც ემატება, მაგრამ თუ ყველაფრის ერთად მიღებას მოინდომებთ, ვერაფერს მიიღებთ. შეეცადეთ დააკვირდეთ, როგორ გადის თქვენი დრო. ვთქვათ, თეატრში ხართ, ან აქ ხართ, ან მეგობრებთან შესახვედრად მიეშურებით, შემდეგ, სახლში დაბრუნებულმა საკუთარ თავს ჰკითხეთ, აცნობიერებდით თუ არა საკუთარ თავს, და აღმოაჩენთ, რომ არა. ან თუ ავტობუსში ხართ, ჩამოსვლის შემდეგ დაუსვით შეკითხვა საკუთარ თავს, რა ხდებოდა გზაში. თქვენ ნახავთ, რომ საკუთარ თავს ბუნებრივად ვერასდროს იხსენებთ, თქვენ უნდა აიძულოთ საკუთარ თავს ამის გაკეთება.
კითხვა: მაშ საიდან ჩნდება თვითგახსენების შემთხვევითი გაელვებები?
პასუხი: ეს შეიძლება ცენტრების ინტენსიური მუშაობა იყოს, განსაკუთრებით თუ ერთი ფუნქცია მეორეს უყურებს. როდესაც ერთი ცენტრი მეორეს აკვირდება, შთაბეჭდილებები შეიძლება საკმაოდ ძლიერი, წინააღმდეგობრივი ან ხელშემწყობი იყოს, რათა თვითგახსენება გამოიწვიოს. მსგავსი შემთხვევები შეგიძლიათ გამიზნულად შექმნათ, რადგან იმის იმედად ვერ იქნებით, რომ თვითცნობიერი შემთხვევით გახდებით.
კითხვა: ვგრძნობ, არასაკმარისია დარწმუნებული ვიყო, რომ თვითგახსენების მდგომარეობას მისი განსაკუთრებული გემოთი ამოვიცნობ, და მსურს ვიცოდე, როგორ ამოვიცნოთ ის ინტელექტუალურად, ემოციების ან სუბიექტური აზრების ჩარევის რისკის გარეშე?
პასუხი: ემოციები ჩარევას არ ნიშნავს. ინტელექტუალურ ფუნქციას თქვენი მიყვანა მხოლოდ გარკვეულ სტადიამდე შეუძლია, გზა თქვენით უნდა გააგრძელოთ ემოციებით. თვითცნობიერების შესახებ, რომელიც ცნობიერების მაღალი მდგომარეობებიდან ერთ-ერთია, ვერავინ იტყვის, რომ ის უეჭველად შესაძლებელია, რომ ეს იოლი გამოცდილებაა, რადგან ის ყოფიერების ცვლილებას ნიშნავს; ამიტომ რთულია მექანიკურ ადამიანს უთხრა, როგორ იგრძნობს თავს და შეხედავს საგნებსა თუ მოვლენებს, როდესაც ის უფრო ცნობიერი გახდება. მას სძინავს. როგორ უნდა ითქვას, რას იგრძნობს ან გააკეთებს ის გამოღვიძების შემდეგ?
ჩვენ არ ძალგვიძს პირველი ნაბიჯის გადადგმა მაღალი მდგომარეობებისკენ, რადგან ბევრი რამაა, რაზეც უარის თქმა არ გვსურს. ყოველმა ჩვენგანმა კარგად იცის, რაზე უნდა თქვას უარი, მაგრამ არავის სურს ამის გაკეთება. მაგრამ თვითგახსენებასთან დაკავშირებით ეს გაცილებით მარტივია: თუ ადამიანი ნამდვილად ცდილობს ყველა შესაძლო საშუალებით, ის შეამჩნევს განსხვავებას საკუთარ მდგომარეობასა და ისეთი ადამიანის მდგომარეობას შორის, რომელიც საკუთარი თავის გახსენებას არ ცდილობს.
კითხვა: როდესაც საკუთარი თავის გახსენებას ვცდილობ, ხანდახან ჩემი დროის შეგრძნება იცვლება. ეს ილუზიაა?
პასუხი: ეს სრულიად შესაძლებელია, მაგრამ დამატებით შედეგებზე, თვითგახსენების გვერდით შედეგებზე არ უნდა ვიფიქროთ. მხოლოდ იმ გარკვეულ ფაქტზე უნდა ვიფიქროთ, რომ საკუთარი თავი არ გვახსოვს, რაც ნიშნავს, რომ გვძინავს, და რომ გვსურს გვახსოვდეს საკუთარი თავი, რაც ნიშნავს იყო გამოღვიძებული. შესაძლოა, დროის სუბიექტური შეგრძნება და მრავალი სხვა რამ ბევრჯერ შეიცვალოს, მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გვძინავს, და მნიშვნელოვანია გამოღვიძების ძალისხმევა.
კითხვა: როგორ დავსახო რეალური მიმართულება, უფრო მტკიცე მიზანი?
პასუხი: ისევ იგივე - საკუთარი თავის აგებით. შეგიძლიათ უფრო გაძლიერდეთ, ვიდრე ამჟამად ხართ.
კითხვა: მაგრამ ჩვენ ხომ მხოლოდ სხვადასხვა „მე“-ების ჯამი ვართ. როგორ დავადგინოთ, რომელ მათგანს უნდა ვენდოთ?
პასუხი: ეს არ ვიცით, რადგან ასეთია ჩვენი მდგომარეობა. საქმე იმასთან გვაქვს, ვინც ახლა ვართ, მანამ, სანამ არ შევიცვლებით, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ შესაძლო ცვლილების იდეით, და რაც მეტად ვაცნობიერებთ იმ უიმედო მდგომარეობას, რომელშიც ვიმყოფებით, მით მეტი ენერგია გვექნება ცვლილებისთვის ძალისხმევის განსახორციელებლად.
კითხვა: ჩემთვის ადვილი გასაგებია, რამდენად მექანიკური ვარ დროის უმეტეს ნაწილში, მაგრამ, იმავდროულად, მიჭირს ამ იდეასთან ჩემი არამდგრადობის დაკავშირება. ეს მათი კავშირის არასრულყოფილი გაგების შედეგი ხომ არაა?
პასუხი: არა. მექანიკურობის გაგება გონებით ადვილია. მაგრამ მუდამ გახსოვდეთ ის, ფაქტებში, საგნებში ამჩნევდეთ მას, ხედავდეთ, რომ ყველაფერი ხდება, ეს ყოველთვის ძალზე ძნელია. ამისთვის დროა საჭირო.
კითხვა: რატომ ხდება, რომ ზოგ განმეორებად შეცდომას ხედავ, მაგრამ შეჩერება არ შეგიძლია, ვიდრე ვინმე არ მიგითითებს მათზე?
პასუხი: არც ეს უშველის. თქვენ გააგრძელებთ მათ კეთებას ყოველდღიურად მანამ, ვიდრე მიზეზს არ იპოვით. შესაძლოა, ეს დამოკიდებულია რაიმე სხვა მიზეზზე, ის კიდევ სხვაზე და ა.შ. იმ ყველაფრისთვის, რისი შეცვლაც გსურთ, სათავე უნდა იპოვოთ. მაგრამ ახლა არა ცვლილებებზე, არამედ შესწავლაზე ვსაუბრობთ. ცვლილება მოგვიანებით მოდის. რა თქმა უნდა, თუ თქვენ რაიმეს სრულიად ცხადად მიიჩნევთ, უნდა ეცადოთ ეს შეცვალოთ, მაგრამ ეს უფრო თვითდაკვირვებისთვისაა საჭირო, რადგან თუ რამე მუდამ მექანიკურად ხდება, თქვენ მისი დაკვირვებაც არ ძალგიძთ.
კითხვა: სისტემის განსაკუთრებით ფუნდამენტური იდეა - საკუთარი თავის შეცვლაა, ასე არაა?
პასუხი: პირველ რიგში ის უნდა იცოდეთ, რა არის შესაცვლელი. განსაკუთრებით ფუნდამენტურია - საკუთარი თავის ცოდნა, თუმცა, როგორც დასაწყისში მოისმინეთ, თუკი რაღაც არ იცვლება, საკუთარი თავის ცოდნა არ ძალგიძთ, რადგან ჩვენს ჩვეულებრივ მდგომარეობაში ჩვენში ნებისმიერი ცვლილების ან მუშაობის ფორმის მიმართ ძალზე მძლავრი წინააღმდეგობა არსებობს. ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ ცოდნა სურთ და ცვლილებებზე არ თანხმდებიან, ვერასდროს ისწავლიან საკუთარი თავის ცოდნას, ზუსტად ისევე, როგორც ისინი, რომელთაც სისტემის შესწავლა მხოლოდ ინტელექტუალურად სურთ, ვერაფერს იღებენ და უმეტეს შემთხვევებში ძალზე სწრაფად მიდიან. მაგრამ საკუთარი თავის ცოდნა - ხანგრძლივი პროცესია. პირველ რიგში სწავლაა აუცილებელი.
კითხვა: განა ჩვენი მუშაობის შედეგებს არ უნდა მოველოდეთ?
პასუხი: რა აზრი აქვს უშედეგო მუშაობას? მაგრამ მათ ძალზე უცებ არ უნდა ელოდოთ, დაუყოვნებელ შედეგებს თქვენ ვერ მიიღებთ. როდესაც ნერგს რგავთ, მისგან არ მოელით, რომ ერთ წელიწადში დიდ ხედ იქცევა. ზრდა - პროცესია.
კითხვა: ამასწინათ თქვით, რომ მანამ, სანამ ადამიანი საკუთარი თავის ცოდნას შეძლებს, ის საკუთარ თავს უნდა ხედავდეს. ნიშნავს თუ არა საკუთარი თავის ხედვა თვითდაკვირვების და თვითგახსენების გარკვეულ კომბინაციას?
პასუხი: არა, ეს ნიშნავს გქონდეთ საკუთარი თავის სწორი სურათი. სანამ ის არ გაქვთ, სერიოზულ მუშაობას ვერ შეუდგებით, მხოლოდ სწავლა შეგიძლიათ, მაგრამ ესეც ფრაგმენტული იქნება.
კითხვა: ძალზე ძნელია დარწმუნებული იყო, რომ საკუთარ თავს სიმართლეს ეუბნები.
პასუხი: დიახ, აი, რატომ გითხარით - თავდაპირველად აუცილებელია საკუთარი თავის ხედვა, და არა ცოდნა. საკუთარი თავის მრავალი სურათი გაგვაჩნია; ჩვენ ისინი ერთიმეორის მიყოლებით უნდა დავინახოთ, შემდეგ კი ერთმანეთს შევადაროთ. მაგრამ პირველი შეხედვით ვერ დავადგენთ, რომელია მათგან სწორი. ამის გადამოწმება მხოლოდ რამდენიმე განმეორებადი განცდის საშუალებითაა შესაძლებელი. სანკტ-პეტერბურგში, პირველ ჯგუფში ამას საკუთარი თავის ხედვის მოსამზადებელ პროცესში მისთვის აზრობრივი მომენტალური სურათების გადაღება უწოდეს.
კითხვა: შეიძლება თუ არა, რომ განმეორებითი განცდაც მცდარი იყოს?
პასუხი: დიახ, ჩვენ აქაც კი შეგვიძლია თავის მოტყუება. მაგრამ როდესაც ემოციური ელემენტი - სინდისი შემოდის - ეს შემოწმებას წარმოადგენს.
კითხვა: როგორ კეთდება ასეთი აზრობრივი მომენტალური სურათები?
პასუხი: კამერის გარეშე. შეხედეთ, როგორ გამოიყურებით, ადამიანები როგორ გხედავენ სხვადასხვა გარემოებებში. თავად უნდა გააკეთოთ ეს, თუმცა ხანდახან სხვებსაც შეგიძლიათ ჰკითხოთ, თქვენზე რა აზრის არიან, რადგან საკუთარ თავზე ყველას მცდარი წარმოდგენა აქვს. ყოველი მათგანი სარკის წინ დგას, და საკუთარი თავის ნაცვლად ვიღაც სხვას ხედავს. თუ ამას აკეთებთ, თქვენი როლების შესახებ წარმოდგენა შეგექმნებათ. როლები ხშირად ბუფერებითაა გამოყოფილი, ამიტომ ერთი როლიდან მეორეს ვერ ვხედავთ.
კითხვა: ნიშნავს თუ არა საკუთარი თავის ხედვა იმას, რომ შენ როგორც საკუთარ ნაკლს, ასევე მათი აღმოფხვრის გზას ხედავ?
პასუხი: ხანდახან ასეც ხდება. მაგრამ თქვენ კვლავ განსაზღვრების ან ახსნის მიღებას ცდილობთ, მე კი პრაქტიკაზე გესაუბრებით, და არა განსაზღვრებაზე ან ამ ცნების სიტყვებით გადმოცემაზე. სინამდვილეში ხედვა მაქვს მხედველობაში. დავუშვათ, რომელიღაც სურათზე საუბრობთ, რომელიც არასდროს გინახავთ და რომლის შესახებაც მხოლოდ გსმენიათ. თქვენ ყველაფერი იცით ამ სურათის შესახებ, მაგრამ რაკი არ გინახავთ, ჯერ თავად უნდა ნახოთ ის და შეამოწმოთ ყველაფერი, რაც მის შესახებ გაგიგიათ. ხედავდე საკუთარ თავს არ ნიშნავს, რომ ხედავ ყოველთვის. საკუთარ თავს ხედავთ გარკვეული დროის განმავლობაში, შემდეგ კი ვეღარ ხედავთ.
ადამიანთან სერიოზული ლაპარაკი შეუძლებელია, სანამ ის საკუთარ თავს არ დაინახავს, ან, მინიმუმ, არ გააცნობიერებს, რომ ვერ ხედავს თავს, და ეს აუცილებლად უნდა შეცვალოს.
კითხვა: ერთხელ გვითხარით, რომ მუშაობის მიმართ სერიოზულები უნდა ვიყოთ. რას ნიშნავს იყო სერიოზული?
პასუხი: თავდაპირველად აუცილებელია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ შემდეგი: ვიყოთ სერიოზული და საკითხებს სერიოზულად მივუდგეთ. ამ საკითხზე განსჯისას, ადამიანები, როგორც წესი, ფიქრობენ იმაზე, როგორ მიიღონ საკითხები სერიოზულად, და რა საკითხები, მაგრამ არასდროს იმაზე, რას ნიშნავს იყო სერიოზული. მე გეტყვით, რას ნიშნავს ეს. იყო სერიოზული ნიშნავს, არაფერი მიიღო სერიოზულად - იმის გარდა, რის შესახებაც ზუსტად იცით, რომ ის მნიშვნელოვანია იმასთან დაკავშირებით, რაც თქვენ გსურთ. ეს უმნიშვნელო გეჩვენებათ, მაგრამ როდესაც პრაქტიკაში იყენებთ, ხედავთ, რომ ეს ერთადერთი აუცილებელი გადაწყვეტილებაა.
საქმე იმაშია, რომ ადამიანები, რომლებიც არ არიან, ამ თვალთახედვით სერიოზულად ვერ აღიქმებიან. ერთ მომენტში ისინი სერიოზულები არიან, მეორეში ყველაფერი ავიწყდებათ, მესამეში კვლავ რაღაცის პოვნას ცდილობენ, შემდეგ მომენტში კი სავსებით აკმაყოფილებთ ის, რაც აქვთ. ეს ნიშნავს, რომ ისინი არ არიან - ისინი არ არსებობენ. პირველ რიგში ისინი უნდა არსებობდნენ.
კითხვა: თქვენ თქვით, რომ ზოგიერთი უარყოფითი ემოცია სერიოზულ მუშაობას შეუძლებელს ხდის. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ მუშაობის დაწყებამდე მათი აბსოლუტურად აღმოფხვრაა საჭირო? და რას გულისხმობთ სერიოზულ მუშაობაში?
პასუხი: სერიოზულ მუშაობაში ვგულისხმობ არა მხოლოდ შესწავლას, არამედ ცვლილებასაც. თავდაპირველად განსაზღვრული საკითხები უნდა შეისწავლოთ, შემდეგ მუშაობთ, რათა ისინი შეცვალოთ. მაგრამ რადგანაც გარკვეული ცვლილების გარეშე არც შესწავლა მიმდინარეობს, რადგან ეს ორი პროცესი ბოლომდე გაყოფილი არაა, ამიტომ უფრო სერიოზულ შესწავლას, ვიდრე დასაწყისში იყო, უკვე შეიძლება სერიოზული მუშაობა ეწოდოს. ზოგი უარყოფითი ემოციით სერიოზული მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ის შედეგებს დააზიანებს: თქვენი ერთი მხარე იმუშავებს, მეორე კი მხოლოდ გაკეთებულს დააზიანებს. ამიტომ, თუ ამ მუშაობის დაწყებას აპირებთ და მის დაწყებამდე კონკრეტულ უარყოფით ემოციებს არ დაამარცხებთ, ამ შემთხვევაში გარკვეული დროის შემდეგ წინანდელზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებით. რამდენჯერმე დავაკვირდი, როგორ ხდიდნენ ადამიანები შემდგომ მუშაობას შეუძლებელს, რაკიღა უარყოფითი ემოციები არ ეთმობოდათ. იყო მომენტები, როდესაც ამას აცნობიერებდნენ, მაგრამ ასეთ წამებში ისინი საკმარის ძალისხმევას არ მიმართავდნენ, მოგვიანებით კი უარყოფითი ემოციები ძლიერდებოდნენ.
კითხვა: რა აღძრავს ადამიანებს ძალისხმევის განსახორციელებლად?
პასუხი: ორი რამ განაწყობს ადამიანებს ამისთვის: როდესაც რაიმეს მიღება ან რაიმესგან გათავისუფლება სურთ. მაგრამ ჩვეულებრივ პირობებში, ცოდნის გარეშე, მათ არ იციან, რისგან გათავისუფლება ან რისი მიღება შეუძლიათ.
კითხვა: აუცილებელია თუ არა ხანგრძლივი პრაქტიკა?
პასუხი: ყველაფერს აქვს ცხოვრების ვადა, დიდხნიანი ლოდინით კი უსარგებლოს ვხდით მას და ცუდ შედეგებს მივიღებთ. დროდადრო გზის შემოკლების შესაძლებლობები ჩნდება, მაგრამ მათი ხელიდან გაშვების შემთხვევაში გარკვეული დროის შემდეგ ხელმეორედ შანსი აღარ გვეძლევა. აუცილებელია ყველაფერი გვახსოვდეს, რაც ძალისხმევის შესახებ სხვადასხვა დროს ითქვა, რადგან მუშაობის საფუძველს სწორედ ძალისხმევა წარმოადგენს. ყველაფერი, რასაც ვიძენთ, ძალისხმევის პროპორციულია - რაც მეტ ძალისხმევას გავიღებთ, მით მეტს უნდა ველოდოთ. ჩვენი სურვილები ძალზე დიდია, თავადაც ვერ ვაცნობიერებთ, რამდენად დიდი სურვილები გვაქვს. თავიდან ძალისხმევა მცირეა მხოლოდ იმიტომ, რომ ყოფით ცხოვრებაში ჩვენ მას არ მივმართავთ. ცხოვრებაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მუშაობა ავირიდოთ თავიდან, ამიტომ რთულია ძალისხმევის აუცილებლობის გაცნობიერება და მიღება. აზროვნების და მოქმედების ყველა არსებულ მეთოდს მათი ნებისმიერ ფასად თავიდან აცილების ტენდენცია გააჩნია.
კითხვა: ყოფიერების ცვლილების თაობაზე - ეს, როგორც ჩანს, მხოლოდ სხვა რამის კეთების ძალისხმევითაა შესაძლებელი. ანუ ეს რაღაც მანკიერი წრეა, რადგან შენ სხვა რამის გაკეთება არ შეგიძლია, თუ შენი ყოფიერება არ შეცვლილა.
პასუხი: არა, ასე ცხოვრებაში ხდება, მაგრამ არა სკოლაში. ნებისმიერ სისტემაში ან სკოლაში ყველაფერი სრულიად სხვაგვარადაა. ყოფით ცხოვრებაში ადამიანს არაფრის შეცვლა არ ძალუძს - ჩვენ ერთ ნაბიჯს მარჯვნივ ვდგამთ და მეორეს მარცხნივ, და სიტუაცია არ იცვლება. მაგრამ თუ ადამიანი სკოლის პირობებში მუშაობს, ეს იგივე არაა. თუ ადამიანი სწრაფად მუშაობს, ცვლილებაც სწრაფად მოხდება; თუ ადამიანი ცოტას მუშაობს, ცვლილება მისი პროპორციული აღმოჩნდება. ვერ იყიდით დიდ სახლს რამდენიმე გროშად - იმდენი უნდა გადაიხადოთ, რამდენიც ღირს. უბრალოდ ამგვარად იფიქრეთ: რამდენს იხდით და რამდენ ცვლილებას ელით? საკმაოდ ვისაუბრეთ და გაგებაც საკმარისად შეგვიძლია. უნდა დავინახოთ, რამდენს ვიხდით, და დავინახავთ, რამდენს მივიღებთ. უფრო მეტის მოლოდინი ვერ გვექნება. გასაგებია? რამდენ რეალურ ძალისხმევას ვახორციელებთ? თუ საკუთარ თავს ვიტყუებთ, არ ვიცით, მაგრამ თუ არ ვიტყუებთ, შეგვიძლია დავინახოთ, რამდენს უნდა ველოდოთ.
თავისთავად ძალისხმევა არ გვეხმარება, რადგან არ იცით, საით უნდა მიმართოთ ის. აი რატომაა სკოლა აუცილებელი. ადამიანი, როგორიც არის ის, შეიძლება ბევრ რამეს დაეუფლოს, თუ ამას აჩვენებენ და აუხსნიან, მაგრამ თუ ამ ყველაფერს თავისთავად მიიღებს, მათ არასწორად აითვისებს და შეცდომებს დაუშვებს, ან უბრალოდ მათ ვერ მიიღებს. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, სკოლა საჭირო არ იქნებოდა - ყოველ შემთხვევაში, ზოგი ადამიანი ამის მიღებას თავად შეძლებდა. მაგრამ ეს არავის ძალუძს.
კითხვა: რაკი ასეა, ადამიანი წიგნებიდანაც ბევრს ვერაფერს მიიღებს?
პასუხი: ის გარკვეული იდეების მიღებას შეძლებს, მაგრამ ერთს მიიღებს და ათს ხელიდან გაუშვებს. სინამდვილეში, არის სიღრმისეული საიდუმლოებებით სავსე წიგნები, რომელთაც ადამიანები კითხულობენ და ვერასოდეს იგებენ იქ გადმოცემულ სიბრძნეს. ეს ზუსტად ასეა. ამას გარდა, ეს დაკავშირებულია ძირითად იდეასთან, რომ გაგება დამოკიდებულია არა მხოლოდ ცოდნაზე, არამედ ყოფიერებაზეც. აი რატომაა აუცილებელი სკოლა. სკოლაში საკუთარ თავს ვერ მოიტყუებთ, და აქ გიხსნიან, რატომ ვერ იგებთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენში არის რაღაც, რაც უნდა დაძლიოთ, რომ მეტი გაიგოთ. საკუთარ თავს ვერ ვხედავთ, მაგრამ შესწავლის გზით ბევრის დანახვა შეგვიძლია. ხედვის სხვადასხვა ხარისხები არსებობს.
კითხვა: რა თქმა უნდა, თუ ადამიანი გადაწყვეტილებას იღებს...?
პასუხი: ეს მხოლოდ სიტყვაა. თქვენ რომ უფრო ძლიერი ყოფილიყავით, შეძლებდით გადაწყვეტილების მიღებას. ისეთს, როგორიც ხართ, იმდენი გადაწყვეტილების მიღება შეგიძლიათ, რამდენიც გნებავთ, და ისაუბრებთ და ისაუბრებთ გადაწყვეტილებებზე. მთავარი - ჩვენი სისუსტეა ყველაფერში. ჩვენ შეიძლება მშვენიერი გეგმები გვქონდეს; შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიცით, რა გვსურს; შეიძლება მიზანიც კი გვქონდეს, მაგრამ უნარი არ გვაქვს რამე „ვაკეთოთ“. აი რატომ უნდა ვისწავლოთ. უნდა ვისწავლოთ, როგორ გადავდგათ ნაბიჯ-ნაბიჯ პატარა ნაბიჯები. მცირე ძალისხმევით უნდა დავიწყოთ. თუ მცირე ძალისხმევებს არ ვახორციელებთ, იგივენი ვრჩებით - ერთ მომენტში აქ ვართ, მეორე მომენტში აქ არ ვართ. მაგრამ თუ მცირე ძალისხმევებს ვახორციელებთ და გვახსოვს ისინი, ეს ქმნის ხაზს, მიმართულებას.
კითხვა: როგორია ძალისხმევის განხორციელების საუკეთესო მეთოდი იმ მომენტებში, როდესაც შეცვლის სურვილს გრძნობ?
პასუხი: აუცილებელია ვიცოდე, ცვლილებაში რას გულისხმობთ. ამას გარდა, ძალისხმევის აღწერა შეუძლებელია. როდესაც ადამიანს საკუთარი სიტუაცია ესმის, შინაგანი წინააღმდეგობა და კიდევ ბევრი სხვა რამ მას ძალისხმევის განსახორციელებლად საკმარის იმპულსს ანიჭებს. ანუ თავად ძილის, შინაგანი დაყოფის, ბუფერების, უარყოფითობის გაცნობიერება მისცემს მას იმპულსს.
კითხვა: თუ მეჩვენება, რომ ცოტათი შევიცვალე იქიდან მოყოლებული, რაც ამ ლექციების მოსმენა დავიწყე, ეს წარმოსახვაა?
პასუხი: არა. რა თქმა უნდა, შეიცვალეთ, რადგან გარკვეული საკითხების გაგებას იწყებთ, რომლებიც ადრე არ გესმოდათ. მაგრამ, შესაძლოა, ამან არ იკმაროს. შესწავლილი მცირეოდენიც კი, რაღაცას ცვლის, მაგრამ, შესაძლოა, უფრო დიდი ცვლილებაა საჭირო. მართალია, ცვლილება ყოველთვის დიდია ცვლილებამდე არსებულთან შედარებით, მაგრამ ცვლილება შეიძლება არასაკმარისად დიდი იყოს კიდევ უფრო დიდი ცვლილების ან კიდევ რაღაცის მიღების თვალსაზრისით, რადგან ცვლილება თავისთავად არ მოდის. ის მოდის როგორც გარკვეული მიმართულებით განხორციელებული გარკვეული ძალისხმევის შედეგი. ძალისხმევის აუცილებლობა ყოველთვის რჩება. შესწავლა შეუძლებელია გარკვეული ბრძოლის გარეშე, რადგან ჩვენში ბევრი რამაა მექანიკური, რომელთა გამოყენება კონტროლის მოპოვების პროცესში შეუძლებელია.
კითხვა: რა შეიძლება იყოს მაჩვენებელი, შევიცვალეთ თუ არა?
პასუხი: ამ საკითხზე შეიძლება ბევრი რამ ითქვას, მაგრამ კონკრეტული მაჩვენებლის დასახელება რთულია. მაგრამ რომ შეგეძლოთ საკუთარი თავის წარმოდგენა მას შემდეგ, რაც მუშაობას შეუდგებით და შეიცვლებით, ეს იქნებოდა სწორედ პასუხი. თქვენ რომ შეგედარებინათ საკუთარი თავი მუშაობამდე და მუშაობის შემდეგ ერთმანეთისთვის.
კითხვა: ცვლილებისთვის ბრძოლაში ადამიანი უფრო და უფრო მეტ „მე“-ს ხომ არ ავითარებს?
პასუხი: თქვენ კვლავ ბევრი „მე“ გეყოლებათ, ისინი არ გაქრებიან, მაგრამ მათ კონტროლირებას და მათ გარკვეული სახით ორგანიზებას შეძლებთ.
კითხვა: ჩვენ გვითხრეს, რომ სასარგებლოა მექანიკურ ჩვევებთან ბრძოლა, მაგრამ ამასთან ისიც გვირჩიეს, რომ არაგონივრულია რაიმეს შეცვლის მცდელობა. ამ საკითხს უკეთ ხომ ვერ აგვიხსნიდით?
პასუხი: რაიმეს შეცვლა ეხებოდა ადამიანებს ყოფით ცხოვრებაში, სკოლის, დისციპლინის, მუშაობის მეთოდების გარეშე. გითხარით, რომ ყოფით ცხოვრებაში ადამიანებს საკუთარ თავში არაფრის შეცვლა არ ძლუძთ, რადგან ერთის ცვლილებით მეორეს გაუცნობიერებლად ცვლიან. თუ არ იცით, როგორ გააკეთოთ, ეს სრულებით უსარგებლოა. მაგრამ მუშაობაში, განსაკუთრებით გარკვეული ხნის შემდეგ, ეს საშიშროება ქრება, რადგან თუ ის ყველაფერს აკეთებს, რასაც უჩევენ, ადამიანი თავიდან იცილებს არასწორი ცვლილების შესაძლებლობას, რადგან არასწორი ცვლილება ყოველთვის ერთ-ერთ უსარგებლო ფუნქციაში ხორციელდება. თუ ადამიანი რაიმეს ჩვეულებრივი გზით ცვლის, შედეგად ის ან ტყუილის თქმას უმატებს, ან მეტად იგივდება, ან უარყოფით ემოციებს მეტად გამოხატავს, რადგან ისინი ზემოქმედებას ადვილად ემორჩილება. მაგრამ მუშაობაში ბევრი დამცავი ბარიერია, და პირველ რიგში თვითგახსენება, რომელიც ერთ მექანიკურ ჩვევას მეორე, განადგურებული მექანიკური ჩვევის ჩანაცვლების საშუალებას არ მისცემს. ამას გარდა, უნდა გაიგოთ, რომ რაიმეს შესაცვლელად უნდა იცოდეთ, როგორაა ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული და როგორ უნდა გააკეთოთ ეს. ადამიანს კი ეს არ ძალუძს, თუ წინასწარ არ აუხსნიან, როგორ დაიწყოს. გარკვეული პუნქტები არსებობს, სადაც დაწყებაა შესაძლებელი, და რეალურად რაიმეს შესაცვლელად მითითებულ გზას უნდა გაყვეთ. მაგალითად, აუცილებელია აზროვნების მცდარი მეთოდის შეცვლა, აზროვნება ნაკლებად მაფორმირებელი უნდა გახადოთ. თუმცა თავდაპირველად ასეთი აზროვნების მაგალითები უნდა ვიპოვოთ. შემდეგ შეგვიძლია ვებრძოლოთ უარყოფითი ემოციების გამოვლინებას, გათვალისწინებას, წარმოსახვას - ეს ყველაფერი ჩვევებთან ბრძოლის მეთოდებია. იმავდროულად სხვა ჩვევებთან ბრძოლაც შეგიძლიათ, მაგრამ ბრძოლა მხოლოდ თვითდაკვირვებას მოემსახურება, რადგან თქვენ არაფრის შეცვლა არ ძალგიძთ. მათი შეცვლა მხოლოდ მითითებული გზებით შეგიძლიათ. ჩვევებთან პირდაპირ საბრძოლველად და სწორი შედეგების მისაღებად მეტი ცოდნაა აუცილებელი - თქვენ კი ჯერ არასაკმარისი ცოდნა გაქვთ. მაგრამ ეს ზიანს არ მოგაყენებთ, რადგან ასეთი ძალისხმევა თვითგახსენებით იქნება გაწონასწორებული.
კითხვა: თავად რატომ ვერავინ პოულობს პუნქტებს, საიდანაც უნდა დაიწყოს?
პასუხი: რადგან ერთი „მე“ რომ რაღაცას პოულობს, მეორე „მე“ სხვა რამით ინტერესდება და მთელი ენერგია მიაქვს; შემდეგ, ვიდრე მეორე „მე“ მუშაობს, მესამე „მე“ მოდის და ა.შ. ადამიანი ყოველთვის რამდენიმე მიმართულებით გარბის. ვერც კი ვაცნობიერებთ, ეს რამდენად მნიშვნელოვანია.
კითხვა: გაუგებარია, როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა რამეს, თუ ის ჩვევების წინააღმდეგ არ მიდის, არ ცდილობს ყოველდღიური ცხოვრების შეცვლას.
პასუხი: დიახ, ამ მხრივ რაღაც ნამდვილად უნდა გაკეთდეს. კითხვა იმაში მდგომარეობს, კონკრეტულად რა უნდა შეიცვალოს. ადამიანები ყოველთვის უმნიშვნელოს შეცვლას ცდილობენ, მნიშვნელოვანი კი შეუმჩნეველი და შემდეგისთვის გადადებული რჩება.
კითხვა: კარგი ჩვევები თუ არსებობს?
პასუხი: მამოძრავებელი და ინსტინქტური ცენტრების ჩვევები შეიძლება კარგი იყოს. ინტელექტუალური და ემოციური ცენტრების ჩვევები არასდროსაა სასარგებლო.
კითხვა: ყველა ჩვევა - გაიგივების ფორმებია?
პასუხი: ზოგიერთი სრულიად ჩვეულებრივი და უვნებელია, მაგრამ თუ მათ წინაღობას დაუხვედრებთ გზაზე, კარგი მასალა მოგეცემათ თვითდაკვირვებისთვის, და გაიგივების ამოცნობას მისი შემოსვლისთანავე შეძლებთ. ამ ბრძოლას დაძაბულობა შემოაქვს, დაძაბულობის გარეშე კი თქვენ საკუთარ თავს ვერ ამჩნევთ. მის გარეშე დაბურულ ნისლში იცხოვრებდით და ამას ვერ შეამჩნევდით. მაგრამ მეორე ნაბიჯი თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული - ეს დაძაბულობა ან მხოლოდ გაგაღიზიანებთ ან გამოიყენებთ მას.
კითხვა: ცნობიერების ჩვენს დღევანდელ მდგომარეობაში რაც შეიძლება ნაკლებს არ უნდა ვაკეთებდეთ?
პასუხი: ჩვენ საკუთარი თავი უნდა შევისწავლოთ. ვერაფერს გავაკეთებთ, ვიდრე არ ვიცით - უნდა ვიცოდეთ, ვინ ვართ და რა ვაკეთოთ. თუმცა ამ ლექციებში ჩემს მიერ მოწოდებული გარკვეული ცოდნით კონკრეტული სამუშაოს შესრულება უკვე შეგიძლიათ.
საკუთარი თავის შესწავლა ახლაც შეგიძლიათ, ისეთებს, როგორებიც ხართ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პირველივე ნაბიჯებიდან უნდა ცდილობდეთ გარკვეული ცვლილებების განხორციელებას, რადგან ამჟამინდელი ქაოსის მდგომარეობაში საკუთარი თავის შესწავლაც კი არ ძალგვიძს. გარკვეული წესრიგი უნდა დავამყაროთ. ჩვენ საკუთარი სახლის ინვენტარიზაციის განხორციელება გვსურს და ყველაფრის აღწერას ვიწყებთ, რაც იქაა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ იმ დროს, როდესაც ამ საქმით ვართ დაკავებულნი, სახლში ავეჯს სხვა ადამიანებიც უცვლიან ადგილს, ან ავეჯი თავისთავად გაადგილდება. ეს ისაა, რაც სინამდვილეში ხდება - ავეჯი თავად მოძრაობს, ამიტომ თქვენ ის გარკვეულ ადგილებზე უნდა დაამაგროთ.
სკოლის ცოდნა - ცოდნაა, რომლის შეძენაც მაღალი ცენტრებით ხდება. ანუ ეს სრულიად სხვა მეთოდია. ჩვენ მოგვცეს გარკვეული პრინციპები და დაყოფები, რომლებიც, როგორც წესი, ცნობილი არაა, და თუ საკუთარი თავის შესწავლას ამ თვალთახედვით შევუდგებით, ბევრ ახალს აღმოვაჩენთ. როდესაც სავსებით დარწმუნებული ხართ ამ დაყოფების და პრინციპების არსებობაში, ამ საფუძველზე საკუთარი თავის დაკვირვებისას აღმოაჩენთ იმას, რასაც ვერ შეძლებდით ამ ცოდნის გარეშე. ჩვეულებრივი გონებით ყველაფერს ბუნდოვნად, ახლართულად ვხედავთ - ერთს მეორესგან ვერ ვარჩევთ, ამიტომ ყველაფერს ერთმანეთში ვურევთ. მაგრამ თუ გვეტყვიან, როგორ გავაკეთოთ, ერთის მეორისგან გამოყოფას ჩვეულებრივი გონებითაც კი შევძლებთ.
კითხვა: ე.ი. №1, 2 და 3 ადამიანის დაკვირვება უფრო არეული და ირიბია, მაგრამ აუცილებლად მცდარი არაა?
პასუხი: დაკვირვება შეიძლება სრულიად სწორი იყოს, მაგრამ თუ ადამიანმა არ იცის, როგორ გაყოს საკუთარი დაკვირვებები, ის სწორ შედეგებამდე ვერ მივა. ძალზე ბევრია დამოკიდებული სწორ დაყოფაზე.
კითხვა: სწორია თუ არა მხოლოდ ერთი დაყოფის დაკვირვებით დაწყება?
პასუხი: არა, ასე ვერ მოიქცევით, რადგან არ იცით, მოცემულ მომენტში ყველაზე უკეთ რას გააკეთებდით. ამიტომ აკეთეთ ის, რასაც, თქვენი აზრით, საუკეთესოდ აკეთებთ. მაგალითად, გადაწყვიტეთ დააკვირდეთ ინტელექტუალურ ფუნქციას, მაგრამ ამის მაგივრად აღმოაჩინეთ, რომ ემოციურ მდგომარეობაში ხართ. თქვენ არ შეგიძლიათ ჯერ ერთი აკეთოთ, შემდეგ მეორე, შემდეგ მესამე, სანამ კონტროლს არ ფლობთ. კონტროლი კი ბოლოს მოდის.
კითხვა: მივიღებთ თუ არა ისეთივე სარგებელს სხვებზე დაკვირვებით, როგორსაც საკუთარ თავზე დაკვირვებით ვიღებთ?
პასუხი: დიახ, თუმცა აქ საშიში მომენტებია. თუ ადამიანს შეუძლია საკუთარ თავთან მიმართებით გამოიყენოს ის, რაც სხვებში დაინახა, ამ შემთხვევაში ეს სასარგებლო იქნება, მაგრამ როგორც წესი, ადამიანი თვლის, რომ სხვა ადამიანები - ერთია, თავად კი - სრულიად სხვაა. ასეთ შემთხვევაში ადამიანი სხვებში ხედავს რაღაცას, მაგრამ საკუთარ თავთან მიმართებით ამას არასდროს იყენებს.
კითხვა: მგონია, რომ თვითდაკვირვება და თვითგახსენება უფრო რთული ხდება ფიზიკური დაღლილობის ან ავადმყოფობის დროს. როგორ დავძლიოთ ეს დამოკიდებულება?
პასუხი: ჩვენი სხეულის მდგომარეობა - პირობებია, რომელშიც ვცხოვრობთ, ამიტომ უნდა დავაკვირდეთ და გავიხსენოთ ან არ გავიხსენოთ საკუთარი თავი ამ პირობებში, თუ ვაპირებთ ამის გაკეთებას. ჩვენ არ შეგვიძლია პირობების ცვლილებით დავიწყოთ.
კითხვა: სავარაუდოდ, დაკვირვება ინტროსპექციის მსგავსია, ის ყველაფერს შიგნით აბრუნებს?
პასუხი: არა, ინტროსპექცია - წარმოსახვის ანალოგია, ის არ კონტროლდება. ინტროსპექცია უსარგებლოა და არაფერს იძლევა. დაკვირვებისას კი იცით, რატომ და რისთვის აკეთებთ, რისი ცოდნა გსურთ. ეს არაა ინტროსპექცია, ესაა ძალიან რთული მანქანის შესწავლა. ეს ნამდვილად მექანიკაა, და არა ფსიქოლოგია. ფსიქოლოგია მოგვიანებით მოდის.
კითხვა: როგორ შეუძლია ადამიანს საკუთარ თავს აკვირდებოდეს და იმავდროულად სულელურ მანჭვა-გრეხვას აგრძელებდეს?
პასუხი: იმიტომ, რომ ის ერთი ადამიანი კი არა, ბევრია. ერთი ადამიანი აკვირდება, მეორე კი იმანჭება. თუ თქვენ საკუთარ თავში სხვადასხვა ადამიანს ხედავთ ერთჯერადად, ეს კარგია. თუ სხვადასხვა შემთხვევებში ხედავთ, ეს თანდათან უხერხული ხდება. თუ გამუდმებით ხედავთ, ეს უკვე მუშაობის დასაწყისია.
კითხვა: მივხვდი, ეს ძალზე არაბუნებრივია. გარკვეული გამოღვიძება ნიშნავს თუ არა მეტ ბუნებრიობას?
პასუხი: არაა აუცილებელი, რადგან ადამიანები, როგორებიც არიან ყოფით ცხოვრებაში, ძალზე ცუდ მდგომარეობაში იმყოფებიან, ამიტომ, ბუნებრივი რომ გახდნენ, ჯერ არაბუნებრივი უნდა გახდნენ. თავიდანვე ბუნებრიობის იმედი ვერ გექნებათ. ეს შესაძლებელი იქნებოდა, სწორი დონიდან რომ ვიწყებდეთ, მაგრამ ჩვენ უფრო დაბალი დონიდან ვიწყებთ.
კითხვა: რატომ ხდება, რომ თუ ადამიანი სისტემასთან კავშირს წყვეტს, დაბრკოლებები ყველაზე ცუდი ფორმით კვლავ იჩენს თავს? ხდები უფრო უარყოფითი, მეტ დროს ატარებ უსარგებლო საუბრებში და ა.შ.?
პასუხი: მუშაობის შედეგად ადამიანი კონტროლის გარკვეულ ახალ ფორმას ეუფლება და იმავდროულად მექანიკურ კონტროლს კარგავს. ამიტომ, თუ ადამიანი მუშაობასთან კავშირს წყვეტს, ის ამ პატარა გაცნობიერებულ კონტროლსაც კარგავს, მექანიკური კონტროლი კი უფრო ადრე დაკარგა. შედეგად ადამიანი უფრო უარესი ხდება, ვიდრე იყო.
კითხვა: რატომაა ჩემში მეტი წინააღმდეგობა მუშაობის, და ე.ი. სისტემის მიმართ, ვიდრე სხვა სახის მუშაობის მიმართ?
პასუხი: იმიტომ, რომ მუშაობის სხვა სახეები მექანიკურია, მექანიკური ქმედებებისადმი მექანიკური წინააღმდეგობა კი ნაკლები. მაგრამ თუ თქვენ გაცნობიერებულად მოქმედებთ, ის ყველა შესაძლო წინააღმდეგობას აწყდება.
კითხვა: შეიძლება თუ არა, რომ ცხოვრებაში განცდილი უძლიერესი შოკი პირადი მუშაობისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს?
პასუხი: დიახ, მაგრამ შოკი მუშაობას ვერ ჩაანაცვლებს. ყველაფერი, რისი მიღწევაც შეიძლება ცნობიერების განვითარების სფეროში, მხოლოდ ძალისხმევის საშუალებითაა შესაძლებელი. შოკი ძალისხმევას ვერ შეცვლის; მას ცენტრებზე ზემოქმედება შეუძლია, მაგრამ ცნობიერებაზე - არა. ცნობიერება არ ვითარდება და არ იზრდება თავისთავად. შოკი მოკლე ხნით ხსნის მაღალ ცენტრებს და ადამიანს მათთან აერთებს. ის მთელი ენერგიის კონცენტრირებას ახდენს, რომელიც, როგორც წესი, ყველაგანაა მიმოფანტული, და მას ერთად უყრის თავს. ასეთ შემთხვევაში თქვენ წამიერად იღვიძებთ, მაგრამ, სავარაუდოდ, მოგვიანებით კიდევ უფრო ღრმა ძილში ჩაეშვებით. თქვენ შესაძლოა ცნობიერებაც დაკარგოთ ან ძალზე დაბალ მდგომარეობაში ჩავარდეთ. ამიტომ არანაირი შოკი ცნობიერების რაოდენობას არ ზრდის - ძალზე მნიშვნელოვანია, ეს გაიგოთ. ადამიანები, როგორც წესი, ცნობიერების და ფუნქციების იდეებს ერთმანეთში ურევენ. ერთიც და მეორეც უნდა განვითარდეს, მაგრამ ერთის განვითარება მეორის განვითარებას არ იწვევს.
კითხვა: რას გულისხმობთ ფუნქციების განვითარებაში?
პასუხი: თუ ცენტრები დაბალანსებულია და საკმარის სიჩქარეს იძენენ, ისინი მაღალ ცენტრებს უკავშირდებიან. ასე უფრო მარტივად გაიგებთ, თუმცა სხვა აღწერებიც არსებობს. ცნობიერების ამ მდგომარეობაში ჩვენ მხოლოდ დაბალი ცენტრების მუშაობას ვაცნობიერებთ; თვითცნობიერების მდგომარეობაში გაცილებით მეტს ვაცნობიერებთ. მაგრამ თავდაპირველად განწმენდა უნდა დავიწყოთ.
კითხვა: მესმის, რომ ნებისმიერი მცდელობა ვიყოთ ცნობიერი, არასოდეს იკარგება, მაგრამ მიუხედავად ამისა, როდესაც უარყოფითი ვხდებით, ენერგიას ვკარგავთ, რომელსაც ვაწარმოებთ. როგორ შეიძლება ორივე მოსაზრება სწორი იყოს?
პასუხი: ეს დიდი შეცდომაა, რადგან მუშაობის პრინციპებს ეწინააღმდეგება - თქვათ, რომ არანაირი ძალისხმევა არ იკარგება. ადამიანები შეიძლება ძალისხმევას არ იშურებდნენ მთელი ცხოვრების განმავლობაში, და არასწორად გაკეთების შემთხვევაში შეიძლება ყველაფერი დაიკარგოს. ავიღოთ ნებისმიერი არასწორი სკოლა რომელიმე დამახინჯებული იდეით. ადამიანები, რომლებიც ამ სკოლას ეკუთვნიან, უზარმაზარ ძალისხმევას ახორციელებენ, და ეს ყველაფერი შეიძლება წყალში ჩაიყაროს. ადამიანმა შეიძლება სწორი ძალისხმევა განახორციელოს რაღაც დროის განმავლობაში, მაგრამ შემდეგ, თუ ის გაჩერდება, მთელი ეს ძალისხმევა დაიკარგება. ამიტომ, ძალისხმევა შეიძლება დაიკარგოს, თუ მათ სწორი დამოკიდებულება და სხვა ძალისხმევა არ ახლავს.
კითხვა: რით აიხსნება გადაუდებლობის ის შეგრძნება, რომელიც ჩვენში უკეთეს მდგომარეობაში იქმნება?
პასუხი: თავდაპირველად ეს მაგნეტური ცენტრია, რადგან მასშია ჩვეულებრივი კონცეფციების, განზრახვების, შესაძლებლობების არარეალურობის ბუნდოვანი გაცნობიერება. შემდეგ, როდესაც ადამიანი შესწავლას იწყებს, რომელიღაც მომენტში ძილის გაცნობიერება ემოციური ხდება და ძალას აგროვებს. გაგების არარსებობა ემოციების არარსებობას ნიშნავს. მხოლოდ მაფორმირებელ ცენტრს შეუძლია ემოციების გარეშე მუშაობა. ყოველი სწორი გაცნობიერება ემოციური ხდება. ერთ-ერთი ჩვენი წარმოდგენა - ისაა, რომ ჩვენ ძალზე უგრძნობები, არასაკმარისად ემოციურები ვართ. ინტელექტი - ძალზე სუსტი მანქანაა. აი რატომ უნდა იყოს ემოციური ცენტრი უარყოფითი ემოციებისგან თავისუფალი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ მის ენერგიას მათ მოვახმართ და ვერაფერს გავაკეთებთ.
კითხვა: თვითდაკვირვებით რომელიმე ენერგია ხომ არ წარმოიქმნება?
პასუხი: რა თქმა უნდა. ყოველგვარი მუშაობა ენერგიას ქმნის, თუმცა ზოგიერთი სახეობა მას მხოლოდ მცირე რაოდენობით წარმოქმნის, ამიტომ მისი საკმარისი რაოდენობით მისაღებად საჭიროა უწყვეტი ძალისხმევა ხანგრძლივად. მუშაობის რომელიღაც სხვა ტიპი კი ბევრ ენერგიას წარმოქმნის. ხანდახან ძალისხმევა ძალზე მცირედ გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში უზარმაზარია, და პირიქით.
კითხვა: როგორ ვისწავლო უფრო მძლავრად შეგრძნება? ფაქტობრივად, თავით ვცხოვრობ. ძალზე ცოტას ვიღებ ცხოვრებისგან, და ჩემსა და სისტემას შორის ბარიერი არსებობს.
პასუხი: ეს ნებისმიერის პრობლემაა, რადგან, ადამინები რომ უფრო მძლავრად გრძნობდნენ, ბევრი რამ მათთვის ბევრად გამარტივდებოდა. მაგრამ ისინი დიდი ხნის განმავლობაში გრძნობების საწინააღმდეგოდ გაუცნობიერებლად იმდენ დამცავ მექანიზმს ქმნიდნენ, რომ გრძნობის არსებობა შეუძლებელი გახდა. აუცილებელია საწყისის პოვნა - საწყისი გარეშე ყველაფერი უსარგებლოა. საიდანღაც უნდა დაიწყოთ; ზოგი რამ მეტად, ზოგი კი ნაკლებ რთულია. რაც დანამდვილებით გესაჭიროებათ, ესაა მეტი დაკვირვება და გარკვეული სახის აზროვნება საკუთარ თავზე ან რაიმე სხვაზე. თუ დაჟინებით ამგვარად აზროვნებთ, ის დაგეხმარებათ, გახდეთ უფრო ემოციური, მაგრამ დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროთ, რას წარმოადგენს ის; ყველასთვის გამოსადეგი ზოგადი რჩევის მოცემა შეუძლებელია. ნებისმიერ ადამიანს აქვს რაღაც, რომელიც მას ემოციურ მდგომარეობასთან აახლოებს - და აუცილებელია მისი მოძებნა. მომავალში რაც არ უნდა მოხდეს, დაწყება აქედანაა საჭირო.
კითხვა: მანამ, სანამ მუშაობას დავიწყებდი, პატარ-პატარა გატაცებებით და სიხარულებით ვიყავი აღსავსე. ვხედავ, რომ მრავალი მათგანი წარმოსახვაზე იყო დაფუძნებული, ახლა კი თითქმის არ მაქვს გრძნობები.
პასუხი: როგორც ახლახანს გითხარით, ეს ჩვენი ერთ-ერთი დიდი პრობლემაა - როგორ გავხდეთ უფრო ემოციურები - რადგან მხოლოდ ინტელექტით შორს ვერ წავალთ. ერთადერთი რამ არსებობს - ძალისხმევა; განახორციელოთ ძალისხმევა და გახსოვდეთ მუშაობის სხვადასხვა ხაზები, ეცადოთ არ გაიგივდეთ, ეცადოთ გაიხსენოთ საკუთარი თავი, ეცადოთ აკეთოთ ესა თუ ის - ძალისხმევა, ძალისხმევა... თუ საკმარის ძალისხმევას მიმართავთ, თქვენ უფრო ემოციური გახდებით. მაგრამ თავად ფაქტი, რომ ამ კითხვას ადამიანები მუდამ სვამენ, - ან, თუ არ კითხულობენ, გრძნობენ ამ პრობლემას, - აჩვენებს, რომ ისინი საკმარის ძალისხმევას არ ახორციელებენ.
კითხვა: თქვენ ამბობთ, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო. რას გულისხმობთ, ემოციების გრძნობის ძალისხმევას თუ მუშაობის ძალისხმევას?
პასუხი: ეს უბრალოდ მუშაობის ძალისხმევაა. თქვენ ვერ შეძლებთ განახორციელოთ ძალისხმევა, რათა უფრო ემოციური გახდეთ, აქ ვერავითარი ძალისხმევა ვერ გიშველით - მაგრამ თქვენ ძალგიძთ ძალისხმევის განხორციელება. როდესაც რამეს აკეთებთ, ან ძალისხმევის გარეშე, მაქსიმალურად ნაკლების კეთებას, ან პირიქით, მთელი ძალისხმევით მუშაობას ცდილობთ. ემოცია გაჩნდება მხოლოდ როგორც გარკვეული ზეწოლის შედეგი. ჩვეულებრივ პირობებში, ყოფით ცხოვრებაში ეს მხოლოდ ხდება - რაღაც ხდება და ემოციურად განგაწყობთ. საკითხავი ისაა, როგორ შეიქმნას ემოცია, როგორ გავხდეთ ემოციური. და გეუბნებით, რომ ჩვენს ახლანდელ მდგომარეობაში მხოლოდ ერთი რამაა - ძალისხმევა. მაგრამ არა ძალისხმევით ემოციის გამოწვევა. ასეთი ძალისხმევა არ არსებობს. მაგრამ თქვენს მიერ შესრულებული ნებისმიერი მუშაობისას განხორციელებული ძალზე მძლავრი უწყვეტი ძალისხმევა გარკვეული ხნის შემდეგ უფრო ემოციურს გაგხდით - მაგრამ, რა თქმა უნდა, უცებ არა. სხვადასხვა ხაზებზე ძალისხმევის გარკვეული პერიოდი აუცილებლობის მიხედვით უნდა ზრდიდეს თქვენს ემოციებს.
კითხვა: რატომ უნდა იყოს ძალისხმევა ძნელი განსახორციელებელი?
პასუხი: ძალისხმევა ძნელად იმიტომ გვეჩვენება, რომ მისთვის გონებით არ ვართ მზად - მასზე არასწორად ვფიქრობთ. გონებით არც კი ვუშვებთ, რომ ძალისხმევის განხორციელებაა საჭირო. ეს მცირე სირთულეს ქმნის. ძალისხმევის განხორციელების აუცილებლობა მოდის როგორც შოკი, როგორც ერთგვარი სიახლე.
კითხვა: მე ძალისხმევით ვერ ვაღწევ მდგომარეობას, რომელიც ხანდახან შემთხვევით მოდის.
პასუხი: თქვენ ამბობთ, რომ ის შემთხვევით მოდის. მე რასაც ვგულისხმობ, ის თქვენი ძალისხმევის შედეგს წარმოადგენს, ოღონდ უშუალოდ ძალისხმევას არ მოყვება. თუ თქვენ ძალისხმევას არ განახორციელებთ, ის შემთხვევით არ მოვა, ამიტომ სინამდვილეში შემთხვევითი არაა. რაც მეტ ძალისხმევას განახორციელებთ, მით მეტი თვითგახსენების, გაგების, ემოციური მდგომარეობის ეს შემთხვევითი მომენტები გექნებათ. ეს ყველაფერი ძალისხმევის შედეგია. ჩვენ უბრალოდ აქ მიზეზს და შედეგს ვერ ვაკავშირებთ. თუ რატომ ვერ ვაკავშირებთ მათ - სავარაუდოდ იმ მრავალი მცირე მიზეზის ბრალია, როგორიცაა გაიგივება, წარმოსახვა და ა.შ. მაგრამ მიზეზს ჩვენ ვქმნით, და გარკვეულ მომენტში ის შედეგს მოიტანს. დაუყოვნებელ შედეგებს არ უნდა ველოდოთ. მუდმივი სტანდარტების შესაქმნელად, დაუყოვნებელი შედეგების მისაღებად დიდი ხნის განმავლობაში მუშაობაა აუცილებელი; და ესეც კი მხოლოდ ძალიან ემოციურ მდგომარებაში შეიძლება მოხდეს. ჩვენ რომ ჩვენი ნებით, სურვილით ან განზრახვით შეგვეძლოს გავხდეთ უფრო ემოციური, ბევრი რამ სხვაგვარად იქნებოდა. მაგრამ არ შეგვიძლია. ემოციურად ძალზე დაბლა ვიმყოფებით, ამიტომ მუშაობის უდიდესი ნაწილი, რომელსაც ახლა ვახორციელებთ, რეალურადაც რომ ვაკეთებდეთ, დაუყოვნებელ შედეგებს ვერ მოგვცემს. მაგრამ არცერთი სწორი ძალისხმევა არ იკარგება, რაღაც აუცილებლად რჩება; ოღონდ მას სხვა, უფრო დიდი ძალისხმევა უნდა მოჰყვეს. ანუ, პირველი საკითხია - როგორ გავხდეთ უფრო ემოციური, მაგრამ ეს არ შეგვიძლია, თუმცა მხოლოდ ირიბად ძალგვიძს, ძალისხმევის განხორციელების გზით. მეორე საკითხია - როგორ გამოვიყენოთ ემოციური მდგომარეობა, როდესაც ის დგება, და ესაა, რისთვისაც უნდა მოვემზადოთ, რადგან ეს შესაძლებელია. ემოციური მდგომარეობები დგება, და ჩვენ მათ გაიგივების და მსგავსი მდგომარეობებისას ვკარგავთ. თუმცა მათი გამოყენება შეგვიძლია.
კითხვა: როდესაც ემოციური მდგომარეობა დგება, მათი გახანგრძლივების ერთადერთი გზაა - გვახსოვდეს საკუთარი თავი?
პასუხი: ვიტყოდი, მათი გამოყენება. რა თქმა უნდა, თუ საკუთარი თავი გახსოვთ, თქვენ ბევრ გზას იპოვით ამ მდგომარეობების გამოსაყენებლად, ეს დაკვირვების საქმეა. ეს აზროვნების, გაგების სხვა ძალას განიჭებთ. მისი აღწერა შეუძლებელია, რადგან ეს პირადად უნდა განიცადოთ.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა ემოციების გამოყენება იმისთვის, რომ უფრო ობიექტური გავხდეთ?
პასუხი: დიახ, შეიძლება, როდესაც მათზე კონტროლს ფლობთ. ცოდნის შესაძენად ემოციების გარკვეული სახის ინსტრუმენტად გამოყენება შეიძლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ აკონტროლებთ. და რას ნიშნავს კონტროლი? ეს ნიშნავს, არ დაუშვათ გაიგივება და გათვალისწინება. კონტროლი - მეორე ნაბიჯია, პირველი ნაბიჯი კი - შესწავლაა.
ჩვენ ემოციების შესახებ ვსაუბრობთ, მაგრამ ბევრ მათგანს მხოლოდ სახელით ვიცნობთ. ისინი სუფთა სახით არ გვხვდება, მათთან იმდენად ძლიერად ვართ გაიგივებული, რომ ვერ ვაცნობიერებთ ყველაფერს, რისი მიღებაც მათგან შეგვიძლია, სწორად რომ ვუდგებოდეთ მათ. ყველაფერი, რასაც ჩვენ ემოციებს ვუწოდებთ, - მრისხანება, შიში, მოწყენილობა, - ყველა ამ ემოციის თავდაყირა დაყენება შეიძლება, და აღმოვაჩენთ, რომ მათ სრულიად სხვა გემო აქვთ. ყველა ემოცია შეიძლება სასარგებლო იყოს, ეს ფანჯრების, ანუ დამატებითი გრძნობების გარკვეული სახეობაა. მაგრამ ახლა ჩვენ მათი გამოყენება არ შეგვიძლია, გარდა იმისა, რომ ახალი ილუზიები შევიქმნათ, მაგრამ მათ რომ ყველაფრის მათი ნამდვილი სახით დასანახად ვიყენებდეთ, ბევრ ახალს ვისწავლიდით.
კითხვა: რით შეიძლება დაგვეხმაროს მრისხანება ან სიძულვილი?
პასუხი: იმით, რომ მათ საკუთარი თავისკენ მიმართავთ. შეიძულეთ საკუთარი თავი, იპოვეთ ის, რაც უნდა გძულდეთ. როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე ბრაზობს, ის ბევრს ხედავს.
კითხვა: ანუ ეს თვითკრიტიკაა?
პასუხი: მეტია, ვიდრე თვითკრიტიკა. ნებისმიერი კრიტიკა უბრალოდ ინტელექტუალურია, ეს კი გრძნობაა. მთელი ინტელექტუალური მოღვაწეობა - მასალის მომზადებაა, შემდეგ კი მასთან ემოციური ცენტრი იწყებს მუშაობას. ინტელექტუალური ცენტრი თავისთავად გამოღვიძებას ხელს არ უწყობს. მხოლოდ ემოციურ ცენტრზე მუშაობას შეუძლია ამის განხორციელება, და ჩვენც გამოღვიძება მხოლოდ უსიამოვნო ემოციების ხარჯზე შეგვიძლია - სასიამოვნო ემოციებით გამოღვიძება ჯერ გამოგონილი არაა. ყველაზე უსიამოვნო - საკუთარი თავის, საკუთარი შეხედულებების, მოსაზრებების, მიდრეკილებების წინააღმდეგ წასვლაა. გამოღვიძება არაა მათთვის, ვისაც უსიამოვნებების ეშინია, არამედ მათთვისაა, ვისაც გამოღვიძება და გაცნობიერება სურს, თუ რას ნიშნავს იყო მძინარე, და რომ დიდი დახმარება, მნიშვნელოვანი შენჯღრევაა საჭირო. სწორედ ამაშია საქმე: როგორ ვუზრუნველყოთ საკუთარი თავი გამუდმებული შენჯღრევით და როგორ დავთანხმდეთ ამაზე.
კითხვა: გარკვეულწილად შესაძლებელი ჩანს აზროვნების და მამოძრავებელი ცენტრების განვითარება, მაგრამ როგორ განვავითაროთ ემოციური ცენტრი?
პასუხი: ორი მეთოდით შეგიძლიათ დაწყება: პირველი, როგორც უკვე გითხარით, ესაა უარყოფითი ემოციების გამოხატვის არარსებობა. გამოცდილებით ვიცით, რომ ეს შესაძლებელია, რადგან ვხედავთ, რომ ამას შიშის გამო არ ვაკეთებთ. მაგალითად, ჯარისკაცი ოფიცრის წინაშე არ გამოავლენს უსიამოვნო გრძნობას, რადგან იცის, რომ გამოხატვის შემთხვევაში მკაცრად დაისჯება. ანუ, თუ მექანიკურად თავშეკავება შეიძლება, ე.ი. ამის გაკეთება ცნობიერადაც შესაძლებელია. ემოციებზე უნდა ვიმოქმედოთ გონების ემოციებისგან გამოყოფის გზით. გონების არა მხოლოდ განსწავლა, არამედ გამოწვრთნაც შეიძლება, რომ ემოციებს გვერდიდან დააკვირდეს. ამ შემთხვევაში, გარკვეული დროის შემდეგ, ემოციური ცენტრი იწყებს გაცნობიერებას, რომ გაგრძელება არ ღირს, თუ მას გონება არ მიყვება.
შემდეგ, როგორც წესი, ადამიანებს ხუთი ან ექვსი სახის ემოცია გააჩნიათ კონკრეტული გარემოებებისთვის. ამიტომ, ყველას შეუძლია წინასწარ იცოდეს, რა მოხდება - რეპერტუარი საკმაოდ შეზღუდულია, ანუ ჩვენ შეგვიძლია და ვალდებული ვართ საკუთარი თავი ამ თვალსაზრისით შევისწავლოთ. ეს სინამდვილეში გაცილებით იოლია, ვიდრე გვგონია, და სრულიად შესაძლებელია წინასწარ ვიცოდეთ, რა მოხდება. თუ ჩვენ ნახევარი საათის განმავლობაში სერიოზულად დაველაპარაკებით საკუთარ თავს, შევძლებთ ემოციების შეჩერებას, რადგან ჩვენთვის მათი გამომწვევი ყველა ასოციაცია ცნობილია. ეს ადვილი არ იქნებოდა, ემოციების რეპერტუარი შეუზღუდავი რომ ყოფილიყო; მაგრამ ყველა ემოცია ხვალისთვის ძალზე შეზღუდულია; თქვენ მშვენივრად იცით, რომ რაიმე ახლის პოვნა საკმაოდ რთულია. მაგრამ თქვენ ძალზე კარგად უნდა იცოდეთ ყველა ასოციაცია, და იცოდეთ გზები, რომლითაც, როგორც წესი, ემოციები მოდიან.
ეს ყველაზე რთულია; ემოციური ცენტრი - ყველაზე ძლიერია არსებულ ცენტრებს შორის. გონებას ემოციების შეჩერება სურს, მაგრამ სუსტია, ემოციები კი - ძლიერია. მათი შეჩერება მხოლოდ ირიბი გზით შეიძლება და ისიც არა უმალვე.
კითხვა: ცუდი ხომ არაა, ამის გაკეთება რომ ვცადოთ?
პასუხი: არა, ეს კარგია. ამგვარად თქვენ თანდათან გაიგებთ, როგორ შეაჩეროთ ემოციები, რადგან ამის გაკეთება მხოლოდ გარკვეული დახელოვნების შემდეგ შეიძლება. ერთადერთი გზა - ესაა ახალი დამოკიდებულებების შექმნა, რომლებიც იმ ემოციების საპირისპიროა, რომელთა შეჩერებაც გსურთ. ასეთ შემთხვევაში, დროთა განმავლობაში, დამოკიდებულება ემოციაზე ძლიერი აღმოჩნდება.
ანუ, ემოციების შეჩერების ორი გზა არსებობს: პირველი - იყოთ ცნობიერი, მეორე - შექმნათ სწორი დამოკიდებულებები. მაგრამ ყოველი ცალკეული შემთხვევისთვის აუცილებელია სხვა დამოკიდებულება, ამიტომ ეს ხანგრძლივი სამუშაოა. ჩვენ უბრალოდ მანქანები კი არა, უკვე გაფუჭებული მანქანები ვართ. მანქანის შესაკეთებლად ბევრი მუშაობაა საჭირო.
კითხვა: უარყოფითი ემოციების წინააღმდეგ რომელ დამცავ დამოკიდებულებას გვირჩევდით?
პასუხი: როგორც გითხარით, პირველი - ესაა ეცადოთ საკუთარი თავის გახსენებას. თუ ცნობიერი ხართ ყველაფრის მიმართ, რაც თქვენში ხდება, თქვენ მათ შეჩერებას შეძლებთ, სანამ პატარები არიან. დიდების შეჩერებას ვერ შეძლებთ. შემდეგ, საკუთარი თავის დაკვირვებისას, იპოვით იმას, რაც უფრო გაძინებთ, უფრო მექანიკურს გხდით. თქვენ ისინი უფრო სასრგებლოსგან უნდა გამოარჩიოთ.
კითხვა: ეს საკუთარ თავთან მიმართებით. მაგრამ სხვა ადამიანების უარყოფითი ემოციებისგან როგორ დავიცვათ თავი?
პასუხი: გაიგივებას მოაქვს ჩვენთვის სხვა ადამიანთა უარყოფითი ემოციები: ის ჩვენ მათ მიმართ მგრძნობიარეს გვხდის. კონკრეტულ შემთხვევაში, შეგიძლიათ ნათლად წარმოიდგინოთ შესაძლებლობა არ იყოთ გაიგივებული, და ნახავთ, რომ ნაკლებად მგრძნობიარე გახდებით. გაიგივების და უარყოფითი ემოციების კავშირი - თეორია არაა, მისი შემოწმება ადვილად შეიძლება. გაიგივება უფრო ადვილი გასაგებია, ვიდრე ემოციები; ასობით სხვადასხვა უარყოფითი ემოცია არსებობს, გაიგივება კი ყოველთვის ერთი და იგივეა. არგაიგივებისკენ პირველი ნაბიჯი - თვითდაკვირვებაა. ყველა წარმოდგენას მათი მოსვლის მომენტში უნდა დავაკვირდეთ. გაიგივება მუშაობს როგორც მიზიდვის, ასევე განზიდვის შემთხვევებში.
კითხვა: ახლა მექანიკურობას მეტად ვხედავ, და ეს, მგონი, უფრო დიდ გაიგივებაში მითრევს, მეშინია, და გამოჭერილად ვგრძნობ თავს.
პასუხი: თუ საკუთარი მექანიკურობის წინაშე შიშს გულისხმობთ, ეს შიში შესაძლოა სასარგებლო იყოს, რადგან საკუთარი მექანიკურობის შესახებ უკვე საკმაო ცოდნა გაქვთ, თუ როგორ ებრძოლოთ მას, როგორ აღუდგეთ წინ.
კითხვა: მექანიკურობასთან საბრძოლველად უარყოფითი ემოციების გამოხატვის შეჩერებას ვცდილობდი, მაგრამ ეს ძალისხმევა საკმაოდ მალე ილეოდა და გამოღვიძების აუცილებლობა მავიწყდებოდა.
პასუხი: ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენ სუსტ ემოციებზე მუშაობას ცდილობთ. თუ ეცდებით, არ გამოხატოთ სერიოზული ემოციები, გამოღვიძებული უფრო მეტ ხანს დარჩებით. თქვენ რომ გახსოვდეთ ნამდვილად ძლიერი ემოციების გამოხატვასთან ბრძოლის აუცილებლობის შესახებ, საჭირო მომენტში განსხვავებას შეამჩნევდით.
კითხვა: ემოციების გამოხატვის საკითხი მაბნევს: თუ დადებითი ემოციების შეგრძნება - ჩვეულებრივი ადამიანური გამოცდილების საზღვრებს სცდება, და ამასთან გვეუბნებიან, არ გამოვხატოთ უარყოფითი ემოციები, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩვენ საერთოდ არავითარი ემოცია არ უნდა გამოვამჟღავნოთ?
პასუხი: არა, შუალედური გზის პოვნაა საჭირო. ჩვენ მაქსიმალურად ემოციურები უნდა ვიყოთ, რადგან ბევრ აღქმას, იდეებს, გაგებას ხელიდან ვუშვებთ, რადგან ახლა ემოციურები არ ვართ. ბევრი აღქმა ემოციებით მოდის. ჩვენ დადებითი ემოციები არ გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს უარყოფითი ემოციები, ასევე სასიამოვნო და უსიამოვნო ემოციები, რომლებიც არაა უარყოფითი ემოციები.
კითხვა: დადებითი ისაა, რომელიც უარყოფითი არაა?
პასუხი: დიახ, და ამას გარდა სხვა მრავალი. ემოციები, რომლებიც უარყოფითი ვერ გახდება, უზარმაზარ გაგებას იძლევა, მათ განსაკუთრებული შემეცნებითი ღირებულება გააჩნიათ. ისინი აკავშირებენ იმას, რისი დაკავშირებაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში შეუძლებელია. რელიგიების რჩევა და რეკომენდაციაა, გვქონდეს დადებითი ემოციები, მაგრამ არ გვეუბნებიან - როგორ. „გწამდეთ, გიყვარდეთ“. როგორ? ქრისტე ამბობს: „გიყვარდეთ თქვენი მტრები“. ეს საჩვენო არაა - საკუთარი მეგობრების სიყვარულიც კი არ ძალგვიძს. ეს იგივეა, უსინათლოს ვუთხრათ: „იხილე!“ უსინათლოს დანახვა არ შეუძლია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უსინათლო არ იქნებოდა. აი რას ნიშნავს დადებითი ემოციები.
კითხვა: როგორ ვისწავლოთ ჩვენი მტრების სიყვარული?
პასუხი: თავდაპირველად საკუთარი თავის სიყვარული ისწავლეთ - საკუთარი თავი საკმარისად არ გიყვართ, თქვენ თქვენი ცრუ პიროვნება გიყვართ, მაგრამ არა საკუთარი თავი.
ახალი აღთქმა ან ბუდისტური ტექსტები რთული გასაგებია, რადგან ეს ჩანაწერები სკოლაშია შესრულებული. ამ ჩანაწერებიდან ერთი სტრიქონი ერთ დონეს მიეკუთვნება, მეორე - სხვას.
კითხვა: ხომ ვერ დაგვისახელებთ ისეთ ემოციებს, რომლებიც უარყოფით ემოციებს არ წარმოადგენენ?
პასუხი: სიამოვნება ან ტანჯვა. მაგრამ ორივეს შეუძლია უარყოფითად იქცეს, რადგან ტენდენცია ისეთია, რომ ან ყოველი ემოცია უარყოფითად იქცევა, ან სხვა უარყოფით ემოციებს შობს.
კითხვა: ხომ არ არის ინსტინქტური ცენტრი ემოციურის კარგი შემცვლელი? მაგალითად, ცხოველების ან პატარა ბავშვების სიყვარული...
პასუხი: ცხოველებზე ვერ ვისაუბრებთ, როდესაც ადამიანზე ვლაპარაკობთ. ინსტინქტურ უარყოფით ემოციებს თავიანთი ადგილი და საკუთარი ბუნებრივი მიზეზები გააჩნიათ, ემოციური ცენტრი კი მათ მოქმედებას ითვისებს და წარმოსახვით მიზეზებს ანაცვლებს. საინტერესო სანახავია სასიამოვნო და უსიამოვნო ემოციებს შორის სიმეტრიის არარსებობა. სასიამოვნო ემოციები ძლიერად არ იზრდება, ისინი შეზღუდულია. უსიამოვნო ემოციები იზრდება. მაგრამ ეს მხოლოდ ცნობიერების ჩვენს დღევანდელ შეზღუდულ მდგომარეობას ეხება; სხვა მდგომარეობაში სიმეტრია აღდგება, რადგან იქ სასიამოვნო ემოციებსაც შეუძლია ზრდა. რა თქმა უნდა, ამას ვერ შევამოწმებთ მანამ, სანამ ცნობიერების სხვა მდგომარეობაში არ მოვხვდებით. რატომ იზრდება უსიამოვნო ემოციები? რადგან მანქანის არანორმალური მდგომარეობის არანაირი საზღვარი არ არსებობს. მაგრამ სიამოვნებანი ჩვენი აღქმის ძალებითაა შეზღუდული. ესაა არსებული სიტუაციის ერთ-ერთი უსიამოვნო მხარე.
კითხვა: ვფიქრობ, რომ ძალზე მივეჩვიეთ შედეგების მიხედვით მსჯელობას. ჩემი პრობლემა ისაა, რომ ვერ ვიგებ, მუშაობის ჩემი ძალისხმევით რაიმეს მივაღწიე თუ არა.
პასუხი: მესმის. მაგრამ შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა. მოვა დრო - შესაძლოა, ძალზე მალე - და თქვენ გარკვეულ შედეგს დაინახავთ, მაგრამ ჯერ ასე არაა. ჩვეულებრივ პირობებში ჩვენ შედეგების მიხედვით განვსჯით. თუ ენას ვსწავლობთ, ვიცით, რომ გარკვეული ხნის შემდეგ მოკლე წინადადებების, შემდეგ პატარა აბზაცების, ამის შემდეგ მოკლე მოთხრობების წაკითხვას შევძლებთ. მაგრამ თუ მუშაობის ფსიქოლოგიურ მხარეს გულისხმობთ, თქვენი ძალისხმევა უნდა მიმართოთ დაკვირვებაზე, საკუთარი თავის გახსენებაზე, თუმცა დასაწყისში შესამჩნევ შედეგებს ვერ დაინახავთ. გარკვეული ხნის შემდეგ კი მცირეოდენ შედეგს აღმოაჩენთ, მაგრამ ვაჭრობა არ შეგიძლიათ.
კითხვა: მაგრამ როგორ განვსაჯო, შევიძინე თუ არა რამე, რაც გზის გაგრძელების საშუალებას მომცემს?
პასუხი: მხოლოდ თქვენ უპასუხებთ ამ კითხვას, ეს თქვენზეა დამოკიდებული - რამდენად გესმით, რამდენად ხართ მომზადებული. ერთ დღეს ეს ერთი სიტუაციაა, მეორე დღეს - სხვა. ერთ დღეს მუშაობთ, მეორე დღეს პატარა შეცდომას უშვებთ, რის გამოც მთელი მუშაობის შედეგებს კარგავთ. მომდევნო დღეს ისევ მუშაობთ. თქვენ ყოველდღიურად იცვლებით, ამიტომ, გარკვეულ სტადიამდე, რაიმეს წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.
კითხვა: რომელ სტადიაზე აღარ კარგავს ადამიანი არაფერს?
პასუხი: ეს იმდენად შორსაა, რომ მასზე მსჯელობა უსარგებლოა. ჩვენ ყველაფრის დაკარგვა შეგვიძლია. მაგრამ არდაკარგვის უნარიც კი თანდათან ჩნდება. რომელიღაც სტადიაზე ადამიანს შეუძლია არ დაკარგოს ერთი რამ, შემდეგ მეორე და ა.შ. ეს თანდათანობით მოდის.
კითხვა: მაინტერესებს, როგორ ავამაღლო ჩემთვის მუშაობის ღირებულება?
პასუხი: ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან მხოლოდ თქვენ იცით, როგორ აამაღლოთ თქვენთვის მისი ღირებულება. თქვენ უნდა იფიქროთ, თქვენ უნდა შეადაროთ ჩვეულებრივი იდეები ამ იდეებს, თქვენ უნდა ცდილობდეთ პოვნას, რა აზრით გეხმარებიან ეს იდეები. ყველაფერს, რასაც მუშაობისას ვაკეთებთ, შეფასების ამაღლების ტენდენცია აქვს, ამიტომ შეეცადეთ არაფერი გამოგეპაროთ, რაც გეძლევათ, რადგან ყველა იდეას ეს მიზანი აქვს. ყოველი პრინციპი აამაღლებს თქვენს მუშაობის შეფასებას, მისი შემცირება მას არ შეუძლია. მაგრამ ამისთვის რაიმე სპეციალური მეთოდი არ არსებობს.
კითხვა: მართალია თუ არა, რომ რამდენად მეტადაც სურს ცხოვრებაში ადამიანს სხვა რამ, ზუსტად იმდენად იკლებს მისი მუშაობის სურვილი?
პასუხი: არა აუცილებლად. ცხოვრებაში ბევრი რამ გვაქვს, მაგრამ ეს მუშაობას ხელს არ უშლის. სრულიად არასწორია ვიფიქროთ, რომ საგნები ან მოვლენები ყოველთვის წინააღმდეგობრივი არიან, თუმცა ისინი შეიძლება იყვნენ წინააღმდეგობრივი. ადამიანს ხანდახან ისეთი რამ სურს ცხოვრებაში, რაც ასე თუ ისე მუშაობას შეუძლებელს ხდის. ამიტომ, უნდა ისწავლოთ სურვილების ამორჩევა, რადგან ზოგი რამ შეუთავსებელია. ეს არის მაფორმირებელი მიდგომა - „ცხოვრებისთვის“ და „მუშაობისთვის“ დაყოთ ყველაფერი და თავი ერთად მოუყაროთ, როგორც ახლახანს გააკეთეთ. უკეთ უნდა დაყოთ, უკეთ უნდა ხედავდეთ.
კითხვა: როგორ გავარჩიოთ მნიშვნელოვანი უმნიშვნელოსგან? მთელი ჩემი ცხოვრება იმ ნაბიჯებზე ნერვიულობითაა სავსე, რომლის გადადგმასაც ვაპირებ, და ამასობაში სისტემის ზოგად იდეას მხედველობიდან ვკარგავ.
პასუხი: მხოლოდ გამოცდილებას და გულწრფელ დამოკიდებულებას შეუძლია ეს გაჩვენოთ. თუ გულწრფელი ხართ, ან თუნდაც ცდილობთ, რომ გულწრფელი იყოთ, და იმავდროულად ცდილობთ დააკვირდეთ ამ ყველაფერს, გარკვეული ხნის შემდეგ შეამჩნევთ, რომ განსხვავების დანახვა თანდათან იოლდება. და თქვენ დაინახავთ, რა არ არის მნიშვნელოვანი. შეუძლებელია აღიწეროს, რა არის მნიშვნელოვანი და რა - არა, რადგან ეს ყველაფერი სუბიექტურია - ერთ მომენტში ერთია მნიშვნელოვანი, მეორეში - მეორე. და კვლავ, აქ შემოდის პიროვნება: რაც მნიშვნელოვანია ერთი პიროვნებისთვის, მეორესთვის უმნიშვნელო აღმოჩნდება.
ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა გახსოვდეთ, - ესაა სხვადასხვა პიროვნებები თქვენში. აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ემოციები გძლევენ, არ იფიქროთ „მე“. სიმპატიებზე და ანტიპატიებზე დამყარებული პიროვნებები სრულიად მცდარია - ყოველთვის მაგნეტურ ცენტრზე დაფუძნებული პიროვნებიდან უნდა დაიწყოთ. ამის შემდეგ დაინახავთ სხვა პიროვნებებს - ეწინააღმდეგებიან მას თუ არა. სხვადასხვა პიროვნების ეს იდეა, იდეა, რომ არ ხართ ერთიანი, რომ სიმრავლე ხართ, ყოველთვის თვითგახსენებასთან უნდა იყოს დაკავშირებული.
კითხვა: მაინც ვერ მივიღე რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ვინმემ თვითგახსენებას მიაღწია.
პასუხი: მტკიცებულებებს ვერ დაინახავთ. ყველა სხვა ადამიანს რომ ახსოვდეს საკუთარი თავი, თქვენ კი არა, ეს მაინც ვერ გიშველიდათ.
კითხვა: არა, მიშველიდა, რადგან მათ მეტი ინფორმაცია ექნებოდათ.
პასუხი: თავისთვის, თქვენთვის არა. ეს თავად თქვენ უნდა დაამტკიცოთ. არავინ არ დაგიმტკიცებთ ამას.
კითხვა: ის, რომ საკუთარ თავზე ვმუშაობთ, სულაც არ ნიშნავს, რომ მაღალ ცნობიერებას მივაღწევთ?
პასუხი: არა, ამას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს. ჩვენ გვსურს კონტროლის მოპოვება ცნობიერების მაღალ მდგომარეობებზე, მაგრამ მანამდე სისტემა გვეუბნება კონტროლი მოვიპოვოთ ჩვეულებრივ მდგომარეობებზე, აზრებზე, ემოციებზე, და ამ კონტროლის შეძენის პროცესში რაღაც უნდა წავშალოთ და თვითგახსენების შესაძლებლობა შევქმნათ. ამიტომ თავდაპირველად უბრალო, ჩვეულებრივ მდგომარეობებზე უნდა მოვიპოვოთ კონტროლი. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია მეტს ველოდოთ. ამ სისტემაში საფეხურები თანმიმდევრულია, გადახტომა არ შეიძლება.
კითხვა: ვგონებ, სისტემის იდეებზე პრაქტიკულად ფიქრში გარკვეული დამანგრეველი დამოკიდებულება მიშლის ხელს, რომელიც წინააღმდეგობების და სიძნელეების პოვნის სურვილიდან იწყება. რომელია საუკეთესო მეთოდი ამ დამოკიდებულების შესასუსტებლად?
პასუხი: შესწავლა. სინამდვილეში, ეს საინტერესოა როგორც დაკვირვება, რადგან ბევრი ადამიანი, არა აუცილებლად მხოლოდ მუშაობისას, მხოლოდ შეწინააღმდეგებით ცხოვრობს - ისინი ფიქრობენ, რომ ჭკვიანები არიან, თუ რაღაცის გაპროტესტება შეუძლიათ. როდესაც გასაპროტესტებელს ვერ პოულობენ, ისინი ვერ გრძნობენ, რომ მუშაობენ, ფიქრობენ ან კიდევ რამეს აკეთებენ.
კითხვებიდან, რომელსაც მისვამენ, ვამჩნევ, რომ ადამიანები ვერ ამჩნევენ სიახლეების შემოსვლას. სიძნელე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ძალზე მივეჩვიეთ აბსოლუტურ კატეგორიებში აზროვნებას - ყველაფერი ან არაფერი. მაგრამ აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ყოველი სიახლე თავიდან გაელვების სახით მოდის. ის გაიელვებს და მაშინვე ქრება, ისევ გაიელვებს და კვლავ ქრება. ეს გაელვებები თანდათანობით მხოლოდ გარკვეული ხნის შემდეგ ხანგრძლივდება.
კითხვა: რაში მდგომარეობს ჩვენი ყველაზე დიდი სიძნელეები?
პასუხი: გაგების არარსებობა და გაგების სიზანტე, რადგან გაგება ჩვეულებრივ ორი წლის დაგვიანებით მოდის. სხვა პრინციპი, რომელზეც უკვე გესაუბრეთ და რომელიც უნდა გახსოვდეთ, ისაა, რომ მუშაობა არ იცდის, ის ერთი და იგივე არ რჩება. ერთი წლის განმავლობაში ერთი მოთხოვნები აქვს, მეორე წელს სხვა მოთხოვნებია და ა.შ. და დიდწილად ხდება, რომ ადამიანები ორი წლის წინანდელი მოთხოვნებისთვის არიან მზად. ადამიანებმა, რომელთაც გაგრძელება სურთ, თავიანთი სტანდარტი უნდა აამაღლონ, და ეს ჩემი რჩევით არ უნდა ხდებოდეს: თავად უნდა იფიქროთ, სტანდარტი რა ფორმით და რა აზრით უნდა აამაღლოთ. თქვენ დეტალებზე უნდა იფიქროთ - ის, რაც დასაწყისში რეკომენდაციის სახით მოგეწოდათ, ახლა თქვენთვის წესად უნდა იქცეს (მაგრამ არა „სასკოლო წესების“ აზრით, სადაც სიტყვა „სკოლა“ მისი ჩვეულებრივი აზრით იქნება ნაგულისხმები). ამის აუცილებლობა უნდა გავიგოთ. მივედით სტადიამდე, როდესაც სერიოზულები უნდა ვიყოთ, ეს კი თვითშეზღუდვას, ცრუ პიროვნების შეზღუდვას ნიშნავს. „მე“-ს თავისუფლება ცრუ პიროვნების შეზღუდვაზეა დამოკიდებული - ისინი ერთად ვერ იქნებიან თავისუფლები, ან ერთი, ან მეორე მსხვერპლად უნდა იქნას შეწირული.