პ. უსპენსკი - "მეოთხე გზა"

გიორგი გურჯიევი
5
1

მთარგმნელები: მამუკა გურული და ნინო ტურაბელიძე წინასიტყვაობა როცა პ. უსპენსკის ჰკითხეს, აპირებდა თუ არა თავისი ლექციების გამოქვეყნებას, მან უპასუხა: „რა სარგებელი ექნება ამას? მნიშვნელოვანია არ...

თავი მეთოთხმეტე

თავი მეთოთხმეტე

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

ადამიანის ქმედებების სხვადასხვა კატეგორიები. - ტრიადების სწორი და მცდარი გამოყენება. - ადამიანის საქმიანობის შესწავლა. - გვახსოვდეს საწყისი წერტილი. - შინაგანი გამოყოფა. - ვისწავლოთ ცრუ პიროვნების დანახვა. - ნიღბები. - ბუფერები და სისუსტეები. - მეთოდების შესწავლა. - მაღვიძარები. - შეუძლებელია სისტემის შესწავლა უტილიტარული თვალსაზრისით. - ფილოსოფიური, თეორიული და პრაქტიკული ენები. - სკოლის სამი დონე. - სწორი აზროვნება. - გრძელი და მოკლე აზრები. - ინტელექტის როლი. - სხვადასხვა ღირებულებები. - სწორი და მცდარი ცნობისმოყვარეობა. - კრიტიკული დამოკიდებულება. - სხვა ადამიანებზე ზეგავლენა. - ცბიერი კაცის და ეშმაკის ისტორია.
 
მსურს, ახალი მასალა მოგცეთ განსჯისთვის. გახსოვთ ის საწყისი პუნქტი, როდესაც ტრიადის იდეა აგიხსენით? გითხარით, რომ ყოველი მოქმედება, ყველა გამოვლინება სამი ძალის შეერთების შედეგს წარმოადგენს. ეს პრინციპია, ახლა კი უნდა შევეცადოთ და მივხვდეთ, როგორ შევისწავლოთ ის. ტრიადებისა და სამი ძალის შესწავლისას ძალზე ყურადღებიანები და აუჩქარებლები უნდა ვიყოთ, როდესაც სისტემაში მოცემულ პრინციპებს ვიყენებთ და ვცდილობთ მოვიხმაროთ და გავაფართოვოთ ისინი, როცა ეს შესაძლებელია. განსაკუთრებით უნდა ვერიდოთ აჩქარებას და გამოგონებას.
 
ტრიადების მნიშვნელობაზე საუბრისას უპირველესად უნდა გვახსოვდეს ის, რომ ენერგიის, ნებისმიერი მოქმედების გამოვლინება - სამყაროში, ადამიანის საქმიანობაში, ადამიანურ მანქანაში თუ გარეგან მოვლენებში - ყოველთვის ტრიადებისგან შედგება. ჩვენ ადამიანის გონებისთვის მისაწვდომ ექვს სხვადასხვა ტრიადაზე ვისაუბრეთ, რომელთაგან ყოველი მათგანი ძალთა სხვადასხვა კომბინაციას წარმოადგენს. საკითხის შემოსასაზღვრად, ის თავიდანვე ძალზე რომ არ გავართულოთ, მხოლოდ ადამიანის საქმიანობას განვიხილავთ. მაგრამ აქ სიძნელეს ვაწყდებით. ჩვენ არასდროს გვიფიქრია, რომ საქმიაობა შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს. ჩვენ ვიცით, რა განსხვავებაა ხესა და მეტალს შორის, მაგალითად, და არასდროს აგვერევა ერთმანეთში. მაგრამ არ გვესმის, რომ მოქმედებებიც შეიძლება ისე განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, როგორც ორი სხვადასხვა საგანი. ჩვენთვის, ჩვეულებრივი აზროვნებისას, ყველა მოქმედება ერთნაირია, მხოლოდ ერთი იწყება ერთი მიზნით და ერთი შედეგი აქვს, მეორე კი იწყება სხვა მიზნით და სხვა შედეგი აქვს. ჩვენ მხოლოდ მოტივებზე, მიზნებზე და შედეგებზე ვფიქრობთ, და არა თავად მოქმედებებზე.
 
კითხვა: განა მოტივი ისეთი მნიშვნელოვანი არაა, როგორც ვფიქრობთ?
 
პასუხი: მოტივი მოქმედებას არ განსაზღვრავს. თქვენ ერთი სახის მიზანი გაქვთ, მოქმედებას კი სულ სხვა სახისას იღებთ. ეს ძალზე ხშირად ხდება. ადამიანები ხშირად იწყებენ რაღაცის კეთებას სრულიად კონკრეტული მიზნით, მაგრამ იმგვარად მოქმედებენ, რომ ამ მიზნის მიღწევა შემთხვევითაც კი შეუძლებელია. აუცილებელია მიზნის და მოქმედების კოორდინირება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასურველს ვერასდროს მიაღწევთ.
 
სწორედ ეს უნდა გავიგოთ საკუთარ მოქმედებებთან დაკავშირებით, და აუცილებელია, სხვადასხვა კატეგორიის მოქმედებათა პოვნა ვცადოთ. როდესაც ადამიანის საქმიანობას ამ თვალთახედვით განვიხილავთ, როდესაც გვემახსოვრება, რომ შედეგების, განზრახვების, ემოციების, მასალის და ა.შ. მიუხედავად მოქმედებათა სხვადასხვა სახეები არსებობს, ჩვენ ამას დავინახავთ. ჩვენ დანახვის უნარი კი არ გვაკლია, არამედ ამ ჩვენთვის სრულიად ახალი პრინციპის ცოდნა არ გვყოფნის.
 
ადამიანის საქმიანობაში არსებული ექვსივე ტრიადის ერთდროულად ძიებას უცებ ვერ შევუდგებით, რადგან ისინი გონებაში აგვერევა. ორის, სამის ან ოთხის მაგალითი უნდა ვიპოვოთ, იმისდა მიხედვით, რამდენის დანახვის უნარი გაგვაჩნია. დააკვირდით საკუთარ და გარშემომყოფთა მოქმედებებს, და გარკვეულ განსხვავებას დაინახავთ. ეს განსჯისთვის კარგი მასალაა. ცხოვრების ყველა აბსურდულობა დამოკიდებულია ფაქტზე, რომ გარკვეული ქმედებები მხოლოდ ერთი სახის ტრიადით შეიძლება შესრულდესდა ადამიანებს კი ეს არ ესმით. ისინი არასწორ ტრიადას, არასწორ მოქმედებებს იყენებენ და უკვირთ, რომ შედეგები ისეთი არაა, როგორსაც მოელოდნენ. მაგალითად, უშედეგოა ცემით სწავლება ან ტყვიამფრქვევით დარწმუნება. იპოვეთ ტრიადების არასწორი გამოყენების საკუთარი და უკეთესი მაგალითები და ნახავთ, რომ გარკვეული შედეგების მიღება მხოლოდ შესაბამისი ქმედებებითაა შესაძლებელი. საკუთარ თავს და ზოგადად ცხოვრებას დააკვირდით;საკუთარი თავის შესწავლისას ნახავთ, მაგალითად, რომ თუ თქვენში რაიმეს გაგება ან შეცვლა გსურთ და თუ ამ პრობლემას მაფორმირებელი აზროვნების თვალთახედვით უდგებით, ვერასდროს ვერაფერს მიაღწევთ. მაფორმირებელი აზროვნება - ესაა იმ ქმედების მაგალითი, რომლითაც გაგების მიღწევა შეუძლებელია.
 
კითხვა: ხომ არ მოგვიყვანთ ადამიანის სხვადასხვა სახის საქმიანობის მაგალითებს?
 
პასუხი: ამ იდეის გასაგებად ორი მარტივი მაგალითი განვიხილოთ. სახლის ასაშენებლად ყოველწუთიერი ძალისხმევაა საჭირო, ყოველი ცალკეული აგურის ადგილზე დადებას გარკვეული ძალისხმევა სჭირდება; არც ერთი ტრიადა ძალისხმევის გარეშე მეორეში არ გადადის. ბოლოს და ბოლოს, სახლის შენება და მისი ავეჯით მოწყობა დასრულდა. შემდეგ, თუ სახლის დაწვას გადაწყვეტთ, ასანთს გაჰკრავთ და ადვილად აალებად საგანზე დააგდებთ - სახლი დაიწვება. თუ დაკვირვებით შეხედავთ, დაინახავთ, რომ ეს ორი სხვადასხვა სახის მოქმედებაა. სახლს იმავე მოქმედებით ვერ ააშენებთ, რომლითაც დაწვით. მეორე შემთხვევაში ერთი ტრიადა მეორეში ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, ავტომატურად, ასანთის ანთების ძალისხმევის შემდეგ გადავიდა.
 
ჩვენს გამოცდილებაში მესამე სახის ტრიადის მაგალითების პოვნა მხოლოდ ცნობიერ გაიგივებულ მუშაობაში ან განსაკუთრებული კატეგორიის შემოქმედებაშია შესაძლებელი, რაც მხატვრული შემოქმედების მსგავსად, სხვების მიერ იმიტირებული ვერ იქნება. თვითგახსენების და არგაიგივების ძალისხმევა ამ კატეგორიას განეკუთვნება. თუ დაუფიქრდებით, მიხვდებით, რომ, მაგალითად, კარგი ნახატის დასახატად სახლის ასაშენებლად ან დასაწვავად გამოყენებული ტრიადებისგან განსხვავებული ტრიადაა საჭირო. რაღაც სხვაა აუცილებელი.
კიდევ ერთ ტრიადას შეიძლება ეწოდოს გამოგონება, აღმოჩენა, ოსტატობა.
 
თუ ამ ოთხ განსხვავებულ საქმიანობაზე დაფიქრდებით, დაკვირვებისა და შედარებისთვის მასალა გექნებათ. შეეცადეთ დაინახოთ, რატომ და რით განსხვავდებიან ისინი.
 
კითხვა: ვერ ვხედავ განსხვავებას ოსტატობასა და სახლის აშენებას შორის.
 
პასუხი: ერთ შემთხვევაში მხოლოდ ენერგიაა საჭირო, მეორეში - ძალისხმევა; მესამეში გაცილებით მეტია საჭირო - გარკვეული ცოდნა ან შემოქმედების უნარი.
 
კითხვა: თვითგახსენების ძალისხმევა ხელოვნებასთან ერთად ერთ კატეგორიაში მოათავსეთ?
 
პასუხი: დიახ, ეს ერთი და იგივე ტრიადაა. უბრალო ბრმა ძალისხმევა, როგორც ფიზიკურ მუშაობაში, თვითგახსენებაში ვერ გიშველით. ასევე არ დაგეხმარებათ ძალისხმევა გამოგონების, ინსტრუმენტის აზრით.
 
კითხვა: მიჭირს საქმიანობის ამ სახეობების სხვა მაგალითების მოძიება.
 
პასუხი: ბუნებრივია, რადგან ამგვარად ფიქრს ჩვეული არ ხართ. ეს აზროვნების სრულიად ახალი ფორმაა. თქვენ ჩვეულად, ლოგიკურად, მაფორმირებელი სახით ფიქრს ცდილობთ, ეს კი საკმარისი არაა. აუცილებელია არა სიტყვებზე, არამედ ფაქტებზე იფიქროთ. თუ თქვენ ოთხ სახეობას პოულობთ, რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან? ძალისხმევის ფორმებით.
 
კითხვა: მაფორმირებელი საქმიანობა დამანგრეველია?
 
პასუხი: თავისთავად ის დამანგრეველი არაა, მხოლოდ არასაკმარისია. მაგრამ საქმიანობა, რომელიც უაროფითი ემოციებიდან იწყება, ყოველთვის დამანგრეველია, ის სხვანაირი ვერ იქნება. ძალზე ხშირად ამას ადამიანები ვერ აცნობიერებენ.
 
კითხვა: გაუგებარია, საქმიანობა დარწმუნებით ამა თუ იმ კატეგორიას როგორ უნდა მივაკუთვნო?
 
პასუხი: თქვენ საკმარისი ცოდნა გაქვთ იმისთვის, რომ სცადოთ. ყოველი შედეგისთვის გარკვეული მეთოდი არსებობს. სხვადასხვა მეთოდი განსხვავებულ შედეგს იძლევა. თუ ხის მორთან გაქვთ საქმე, მას სნეული ადამიანივით არ მოეპყრობით. სხვადასხვა კატეგორიებისთვის მიკუთვნებაში არაა საქმე. ყველაფრის საწყისი - მაგალითია. ჩვენ ვცდილობთ, თავი ისე მოვაჩვენოთ, თითქოს ყველაფერი უფრო რთულია, ვიდრე სინამდვილეში, თუმცა ამის შესახებ არაფერი ვიცით. ვიცით, რომ მკვლელობა - ერთი ქმედებაა, ლექსების წერა - მეორე. ჩვენ არ შეგვიძლია წარმატებით ვკლათ იმ ენერგიით, რაც ლექსების წერისას გამოიყენება.
 
კითხვა: სხვადასხვა ტიპის საქმიანობას სხვადასხვა ტიპის აზროვნება შეესაბამება?
 
პასუხი: დიახ, რა თქმა უნდა. საქმიანობის ყველა სახეობას აზროვნების საკუთარი ფორმა შეესაბამება, თუმცა ამას ვერ ვაცნობიერებთ. თუმცა, ჩვეულებრივ ასე ხდება: ადამიანები ერთი სახით მოქმედებენ, ხოლო სხვაგვარად აზროვნებენ. ხანდახან მოქმედებები და აზრები ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ ხშირად ერთმანეთთან შესაბამისობა მცდარია.
 
კითხვა: მაგრამ, განა მოქმედება აზრის შედეგი არაა? ნუთუ სწორი აზრი ყოველთვის სწორ მოქმედებას არ ნიშნავს?
 
პასუხი: სულაც არა. ადამიანი შეიძლება სწორად აზროვნებდეს, მაგრამ მცდარად მოქმედებდეს. გაგება - ერთია, ხოლო სურვილი და განზრახვა, ძალისხმევა და გადაწყვეტილება - სხვა. ეს ერთი და იგივეს ორი დონეა. შეიძლება ითქვას, სწორი აზროვნება საფეხურია სწორი მოქმედებისკენ, მაგრამ მისი არსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მოქმედება სწორი აღმოჩნდება.
 
კითხვა: როგორ შევუდგეთ სწორი ტრიადების გამოყენებას?
 
პასუხი: ძალისხმევის მომენტში ან უშუალოდ მის კვალდაკვალ შეიძლება შეიგრძნოთ, რომ ეს ძალისხმევა მცდარია, რომ მისი დახმარებით სასურველს ვერ მიიღებთ. ყოველი მიზნისთვის შესაბამისი ძალისხმევა არსებობს. თუ საკუთარ თავს მცდარი ძალისხმევის მომენტში იჭერთ, ეს ნიშნავს, რომ სწორი ტრიადა არ აგირჩევიათ. თქვენ შესაძლოა სწორი ტრიადის გამოყენება არ ძალგიძთ, მაგრამ მცდარის გამოყენების შეწყვეტა ხელგეწიფებათ.
 
საქმიანობის სხვადასხვა სახეობების იდეაში ახალი ისაა, რომ ისინი განსხვავდებიანსაკუთარ თავში. ჩვენთვის მოქმედება მოქმედებაა. მოცემულ მომენტში საკმარისია გავიგოთ, რომ მოქმედებათა შედეგები, რომელთაც ცხოვრებაში ვხედავთ, - განსაკუთრებით თუ ისინი არ მოგვწონს ან მათში შეცდომებს ვპოულობთ, - ხშირადაა გამოწვეული იმით, რომ ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად არასწორი ტრიადაა შერჩეული. თუ ეს გვესმის, იმასაც გავიგებთ, რომ გარკვეული საქმიანობით აუცილებლობით მოვხვდებით იქ, სადაც მოვხვდებით, და სხვაგან არსად. სადმე სხვაგან მოსახვედრად სხვა საქმიანობა უნდა გამოვიყენოთ. მაგრამ საჭირო საქმიანობის ამორჩევა არ შეგვიძლია, რადგან არ ვიცით, ასეთი რომელი აღმოჩნდება.
 
კითხვა: შეიძლება თუ არა ვისწავლოთ, რომელი ქმედებები გამოვიყენოთ?
 
პასუხი: დიახ, რა თქმა უნდა. თქვენ მუშაობით სწავლობთ. სკოლაში მუშაობა ერთადერთი მეთოდით შეიძლება. თქვენ ცდით ერთ, მეორე, მესამე მეთოდს და, ადრე თუ გვიან, სწორს აღმოაჩენთ. ჩვეულებრივ პირობებში საკუთარი მოქმედებების შედეგებს ვერ ხედავთ - თვითმოტყუების ძალზე ბევრი შესაძლებლობაა, მაგრამ სკოლაში მუშაობისას საკუთარ თავს არ იტყუებთ. თქვენ ან იღებთ რამეს, ან არა, და მიღება მხოლოდ ერთი გზით შეგიძლიათ. მოქმედებათა სხვადასხვა ტიპების შესახებ რომ გაიგოთ, სხვა მეთოდებიც არსებობს (მაგალითად, ინტელექტუალური გაგებით), მაგრამ ეს საკითხი გადავდოთ. ვისურვებდი, რომ თავდაპირველად ზოგადი პრინციპი გაიგოთ უკეთესად.
 
საქმე იმაშია, რომ ძალისხმევა, მიზანი, მოტივი, ყველაფერი შედის სიტყვაში „მოქმედება“ და მოქმედების იდეაში, ამიტომ მოქმედებები მოტივებთანაა დაკავშირებული, მაგრამ არა ისე, როგორც ფიქრობთ. გარკვეული შედეგის მიღება მხოლოდ შესაბამისი მოქმედებით შეიძლება, იმავდროულად მოქმედება მოტივსაც განსაზღვრავს. მოტივი ხანდახან მნიშვნელოვანია, მაგრამ საუკეთესო მოტივებით ყველაზე უარესი საქმეების გაკეთება შეიძლება, რადგან არასწორ ძალისხმევას ვიყენებთ, მცდარ ძალისხმევას კი მცდარ შედეგებამდე მივყავართ. დავუშვათ, რაღაცის აშენება გსურთ და იმ ძალისხმევას მიმართავთ, რომლითაც მხოლოდ დანგრევა შეიძლება, - ამ შემთხვევაში აშენების ნაცვლად შედეგად ნგრევას მიიღებთ, თუმცაღა საუკეთესო განზრახვა გამოძრავებდათ.
 
რამოდენიმე მაგალითი მოგიყვანეთ, პარალელების მოძიება სცადეთ. დაუფიქრდით, მაგალითად, იმას, რომ სურათის დახატვაში ვერც სახლის აშენებისკენ და ვერც მისი დაწვისკენ მიმართული მოქმედება ვერ დაგეხმარებათ. ხოლო მოქმედება, რომლითაც სურათს ხატავთ, სახლის ასაშენებლად სულაც არაა აუცილებელი - ამისთვის გაცილებით უბრალო ძალისხმევაა საჭირო. კარგი სურათის დახატვა ადამიანთაგან ცოტას თუ ხელეწიფება, სახლის შენებაში მონაწილეობა კი ყველას შეუძლია. შემდეგ, სახლის ასაშენებლად საჭირო ძალისხმევა, მაგალითად, ახალი ტიპის ელექტრონული ზარის გამოგონებისთვის საკმარისი არაა. ელექტრონული ზარის გამოგონებისთვის განხორციელებული მოქმედებით კი კარგი სურათი არ შეიქმნება. სხვადასხვა სახის მოქმედებები სხვადასხვა ტრიადას ნიშნავს, მაგრამ ახლა აჯობებს ტრიადებს თავი დავანებოთ და არ იფიქროთ, თუ რომელი მოქმედება რომელ ტრიადას ნიშნავს, რადგან ასე თავად იდეას მხოლოდ დაცილდებით. თქვენ მხოლოდ განსხვავებები უნდა დაინახოთ. უცოდინრობის ან სულსწრაფობის გამო ადამიანები ხშირად იყენებენ მცდარ ტრიადებს და საკუთარ წარუმატებლობას გაუმართლებლობით, ეშმაკის ხრიკებით ან შემთხვევითობით ხსნიან.
 
კითხვა: რომელიმე მოქმედების განხორციელებისას, უნდა ვიფიქროთ თუ არა იმის შესახებ, რამდენად ჰგავს ეს მოქმედება თქვენს მიერ მოყვანილ მაგალითებს?
 
პასუხი: ემოციური გაგების მეშვეობით უნდა ვიფიქროთ, შეესაბამება თუ არა მოქმედება მიზანს. ამ შემთხვევაში - ნაწილობრივ გონებით, ნაწილობრივ ემოციურად - მივხვდებით, მივყავართ თუ არა გზას, რომელსაც ვადგავართ, სასურველ შედეგამდე. ხანდახან ვიგრძნობთ ამას. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ან გავჩერდეთ, ან ყველაფრის სხვაგვარად გაკეთება ვცადოთ.
 
მაგალითად, ცდილობთ თანამოსაუბრე დაარწმუნოთ, რომ თქვენ მართალი ხართ, ის კი ცდება. რაც მეტად კამათობთ, მით უფრო რწმუნდება ის საკუთარ სიმართლეში. შეჩერდით, და უეცრად დაინახავთ, რომ ამ ადამიანს ესმის თქვენი. ეს ხშირად ხდება. რაც მეტად კამათობთ, მით უფრო უჭირს თანამოსაუბრეს, გაგიგოთ. ან შეგიძლიათ თავი მოაჩვენოთ, რომ ეთანხმებით მას, და ამ გზით გააგებინოთ, რა გსურთ თქვენ. ეს მხოლოდ მაგალითია, მაგრამ თავადაც შეგიძლიათ ბევრი მაგალითის მოძიება.
 
კითხვა: ვგონებ, მსგავს შემთხვევაში უნდა გვესმოდეს - ვიკამათოთ თუ დავეთანხმოთ?
 
პასუხი: თუ არ იგივდებით, დაინახავთ. კამათი - დარწმუნების ერთი გზაა, დათანხმება - მეორე. როგორც წესი, ის, რაც უკეთესი მეთოდის არჩევასა და გამოყენებაში ხელს გვიშლის, გაიგივებაა. ეს მიდგომის საკითხია. ზოგი მიდგომა სწორია, სხვები კი მცდარი. თუ დაკვირვებას გააგრძელებთ, დაინახავთ.
 
კითხვა: რაც შეეხება სამის კანონს: შესაძლებელია თუ არა, მას ყოფით ცხოვრებაში დავაკვირდეთ?
 
პასუხი: დიახ, თვითშესწავლისას შეგიძლიათ, მაგრამ ეს მოთმინებას მოითხოვს. თქვენ დაინახავთ, რომ შეცვლის სურვილსა და ინერციას შორის სისტემა ყოველთვის მესამე ძალის როლს თამაშობს. თუ ჩვენ მესამე ძალის საკმარისი მარაგი გვაქვს, წარმატებას ვაღწევთ. მუშაობაში პირველი ძალა - სწავლის სურვილი და მუშაობის გადაწყვეტილებაა, მეორე - წინააღმდეგობა. რაც მეტს ვმუშაობთ, მით მეტად იზრდება წინააღმდეგობა. მხოლოდ სისტემის დახმარებით შეგვიძლია მისი ძლევა. ეს შეგნების და ნების საკითხია.
 
მოდით, ახლა სხვა თემაზე ვისაუბროთ. ნუ ვიჩქარებთ სხვადასხვა მოქმედებების საკითხის თაობაზე. ის, სინამდვილეში, გაგების ჩვენს ახლანდელ შესაძლებლობებს აღემატება, მაგრამ ნელ-ნელა გავერკვევით ამ საკითხში. სისტემაში თითქმის ყველა იდეა - ტესტია. ერთს თუ გაივლის, ადამიანი გზას აგრძელებს.
 
* * *
გთხოვთ, ნებისმიერი კითხვა დასვით, მე კი შევეცდები, გიპასუხოთ. ბევრი რამ მახსოვრობიდან ქრება და გაუგებარი ხდება, რადგან საწყისი წერტილი გვავიწყდება. მაგრამ იმ მომენტში, როდესაც ყველაფერს დასაწყისს ვუკავშირებთ, ვხედავთ, რატომ მოვედით, საით მივდივართ, და რისი მიღება გვსურს. ამ შემთხვევაში ვიცნობიერებთ, რა მივიღეთ უკვე სისტემისგან, და ვხედავთ, რომ მეტის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რადგან მასალა, რომელიც გვაქვს, სათანადოდ კარგად ათვისებული არაა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს საწყისი წერტილი, გვახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ სიტყვებთან, არამედ საოცარის ძიებასთანაა დაკავშირებული. საოცარის ძიება რომ არა, სისტემას აზრი არ ექნებოდა.
 
მაგალითად, მაოცებს, რომ კითხვებს აღარ მისვამთ „მე“-სა და „უსპენსკის“ (ჩემს შემთხვევაში) შორის დაყოფის შესახებ, რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამ დარჩა გაურკვეველი. საუბრებისას, წერისას, მუშაობის ან მომუშავე ადამიანების შესახებ ფიქრისას აუცილებელია ყოველთვის დაეკითხოთ საკუთარ თავს: „ვინ ლაპარაკობს?“, „ვინ წერს?“, „ვინ ფიქრობს?“ თუ ამგვარად იქცევით, ამ შემთხვევაში, გარკვეული ხნის შემდეგ გაარჩევთ, ვინ ლაპარაკობს, და განსხვავებული ხმების გარჩევასაც ისწავლით. უნდა იცნობდეთ თქვენს ცრუ პიროვნებას და მის თვისებებს, მის სახეებს, მის გამოვლინებებსა და ხმებს პოულობდეთ. უნდა იცოდეთ, რისგან შედგება ის. ხანდახან შეგიძლიათ გაიგონოთ, როგორ ლაპარაკობს ცრუ პიროვნება. ამის გარეშე მუშაობის გაგრძელებას დიდი სარგებელი არ ექნება, რადგან წრეზე იტრიალებთ და ყოველთვის ერთსა და იმავე წერტილში დაბრუნდებით. როდესაც დარწმუნდებით, რომ ნამდვილად „თქვენ“ ხართ, შემდეგ ილაპარაკეთ. თქვენს ცრუ პიროვნებას უკვე უნდა იცნობდეთ და მას არ უნდა ენდობოდეთ.
 
კითხვა: თუ ამგვარად ვიქცევით, გაზრდის თუ არა ეს მუშაობაში პროგრესს?
 
პასუხი: რაიმეს გარანტირება შეუძლებელია. ეს საქმიანობა თქვენთვის მომავალი ჯილდოს მოლოდინის გარეშე უნდა იყოს ძვირფასი, რადგან გამოყოფის იდეაა თავისთავად მნიშვნელოვანი.
 
კითხვა: როგორ ვიმუშაო უფრო მეტი მუხტით ცრუ პიროვნებასთან ბრძოლის სურვილის გასაღვიძებლად?
 
პასუხი: დაიჭირეთ მომენტი, როდესაც ცრუ პიროვნებას სურს ან არ სურს რაიმეს გაკეთება, და გააჩერეთ ის. როდესაც მასსა და თქვენს შორის კონფლიქტს აღმოაჩენთ, მოქმედებები მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული. თუ ის ბრძოლობს, ემოციური შტორმი წარმოიქმნება. ბრძოლის არარსებობისას ემოციები მიძინებულია. შედეგს „მე“-ს შესაძლო ზრდის ადგილსა და ცრუ პიროვნებას შორის განვითარებული წინააღმდეგობა იძლევა. საკუთარ თავზე მუშაობა იმ მომენტიდან იწყება, როდესაც ადამიანი დაყოფას გრძნობს: იმათ შორის, თუ რას ენდობა და რას არ ენდობა საკუთარ თავში. ის, რისი ნდობაც შეუძლია, მთლიანად მუშაობით იქმნება. წინათ ეს ადგილი ცარიელი იყო, მაგრამ როდესაც ადამიანი მუშაობას იწყებს, რაღაც იწყებს გამოკრისტალებას. მაგრამ, გავიმეორებ, ადამიანს უფრო კარგად ეცოდინება ეს და მეტად მიენდობა მას, თუ იცნობს თავის ცრუ პიროვნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ცრუ პიროვნება შეერევა მას და თავს ნამდვილ „მე“-დ ან მის საწყისად მოაჩვენებს.
 
კითხვა: ცრუ პიროვნება - გარკვეულწილად ნიღაბს წარმოადგენს?
 
პასუხი: ადამიანები ამა თუ იმ ნიღაბს ატარებენ და სწამთ, რომ ზუსტად მას გვანან, სინამდვილეში კი სრულიად სხვაგვარები არიან. ყოველ ჩვენგანს არა ერთი, არამედ რამდენიმე ნიღაბი აქვს. დააკვირდით საკუთარ და სხვა ადამიანთა ნიღბებს. შეეცადეთ დაინახოთ, რომ სხვადასხვა გარემოებებში განსხვავებულ ნიღბებს ატარებთ; შეეცადეთ შეამჩნიოთ, როგორ იცვლით და ამზადებთ მათ, და ა.შ. ყველას აქვს ნიღაბი, მაგრამ საკუთარიდან დაიწყეთ. ჩვენ არასდროს ვსწავლობთ მათ, ამიტომ ახლა ეს უნდა გავაკეთოთ. ასეთი მუშაობა ძალზე სასარგებლოა. ხშირად ჩვენ ნიღბებს ძალზე ადრეულ ასაკში ვიძენთ - უკვე სკოლაში ბავშვები ერთ მასწავლებელთან ერთ ნიღაბს ვირგებთ, მეორესთან - მეორეს.
 
კითხვა: ეს გარკვეულწილად თავდაცვაა თუ მიმბაძველობა?
 
პასუხი: თავდაცვა, მაგრამ არა მხოლოდ ეს. ხანდახან, როგორც აღნიშნეთ, ეს მიმბაძველობასთანაა დაკავშირებული. ერთნაირ ნიღბებში ორმოცდაათი ან ხუთასი ადამიანის დანახვაც შეიძლება.
 
კითხვა: რას ვიპოვით ნიღბის ქვეშ, როდესაც მას მოვიხსნით?
 
პასუხი: ეს არც თუ ადვილია. ამ ნიღბის ქვეშ სხვას იპოვით. ხოლო თუ არ მუშაობთ, მის მოხსნას ვერ შეძლებთ - ის სახეს შეეზრდება. მაგრამ თუ მუშაობთ, ნიღაბი სულაც არაა აუცილებელი, და ცხოვრება მის გარეშე ბევრად იოლი ხდება - ტყუილი ნაკლებადაა.
 
კითხვა: ნუთუ არ შეიძლება ნიღაბი გარკვეულ იდეალს წარმოადგენდეს და ადამიანს სურდეს, მას შეესაბამებოდეს? ხანდახან ის უკეთესად წარმოგაჩენს, ვიდრე სინამდვილეში ხარ.
 
პასუხი: ხანდახან. აი, რატომ გითხარით, რომ ის მხოლოდ დაცვა არაა. ჩვენ გვსურს, საკუთარ თავს ვიცნობდეთ. როდესაც საკუთარ თავში ჩვენთვის უცნობს ვიპოვით, ეს უნდა შევისწავლოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკუთარ თავს ვიცნობთ, ახლა კი აღმოვაჩინეთ, რომ მხოლოდ ნიღბები გვცნობია, რომლებიც პერიოდულად იცვლება. რას წარმოადგენს ნიღბები, როგორ ჩნდებიან, რა არის მათი დანიშნულება - სხვა საკითხია. ჩვენ თავად ნიღბები უნდა შევისწავლოთ - და არა ნიღაბთა თეორია. ყოველთვის თეორიათა უკან დამალვას ვცდილობთ, რაკიღა ეს უსაფრთხოა.
 
კითხვა: შეიძლება თუ არა ცრუ პიროვნების როგორც მთლიანის დანახვა?
 
პასუხი: შეიძლება, ოღონდ უმალ არა. აუცილებელია მუშაობა, საკუთარ თავში და სხვებში მისი შესწავლა, ამის შემდეგ თანდათან დაინახავთ მას როგორც მთელს, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ხან ერთი კუთხიდან დაინახავთ, ხან მეორე კუთხიდან. მაგრამ ესეც კი უკეთესია, ვიდრე არაფერი. თუმცა უნდა გაიცნობიეროთ და არასდროს დაივიწყოთ, რომ ის გაქვთ. ესაა სკოლების უპირველესი მიზანი. თუ ცრუ პიროვნება გაჯობებთ, ვერაფერს მიიღებთ - ყველაფერს ის დაეპატრონება.
 
კითხვა: სხვადასხვა ხმების თაობაზე: ვამჩნევ, რომ ჩემი ხმა იცვლება სხვადასხვა ემოციის ზეგავლენით და სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობისას.
 
პასუხი: ვისაც ყურები აქვს, რათა ისმინოს, ხმის ბევრი ცვლილების შემჩნევა შეუძლია. ყოველ ცენტრს, ცენტრის ყოველ ნაწილს, ცენტრის ნაწილის ყოველ ნაწილს განსხვავებული ხმა აქვს. მაგრამ ბევრს არ აქვს ყურები, ეს რომ გაიგონოს. ისინი, ვისაც ეს ხელეწიფება, ადვილად არჩევენ ბევრ რამეს. მაგალითად, თუ სიმართლეს ამბობთ - ეს ერთი ხმაა, თუ ტყუიხართ - მეორე, თუ აზრებს წარმოსახვაზე აფუძნებთ - მესამე. სინამდვილეში, ძნელია ეს აგერიოს.
 
კითხვა: ინტონაციას გულისხმობთ?
 
პასუხი: დიახ, და თავად ხმის ჟღერადობასაც. თუ მოსმენას მიეჩვევით, ემოციური ცენტრი განსხვავებას დააფიქსირებს.
 
კითხვა: თქვენ არასწორი გამოყოფის შესაძლებლობის შესახებ ისაუბრეთ. რას გულისხმობდით?
 
პასუხი: დავუშვათ, ყველაფერს, რაც მომწონს, „მე“-ს ვუწოდებ, ხოლო იმას, რაც არ მომწონს, „უსპენსკი“-ს - ასეთი გამოყოფა მცდარია. „მე“, რომლიდანაც ვაკვირდები, მხოლოდ წერტილია, ის ჯერჯერობით მატერიალურად არ არსებობს, მხოლოდ ჩანასახია, საიდანაც შეიძლება „მე“ გაიზარდოს. თუ მას მატერიალურ არსებობას მივანიჭებ, ეს შეცდომა იქნება.
 
კითხვა: განა მას გარკვეული წონა არ უნდა მივანიჭოთ?
 
პასუხი: დიახ, მაგრამ მხოლოდ მუშაობასთან მიმართებით. ვისაც მიზანი ახსოვს და მუშაობა სურს, ისაა „მე“, დანარჩენი - „უსპენსკი“.
 
კითხვა: ვგრძნობ, რომ ჩემში არაფერია ისეთი, რასაც შეიძლება ვენდო. მეჩვენება, რომ გაგების მომენტებს ცრუ პიროვნება მპარავს, ჩემი ის ნაწილი კი, რომელიც იგებს, ქრება. რას მივენდო?
 
პასუხი: გრძნობა, რომ საკუთარ თავს ვერ ენდობით, მუშაობის სხვადასხვა მომენტში გეწვევათ - როგორც ილუზია და თავის მართლება ან როგორც რეალური შეგრძნება. მაგრამ ეს მოგვიანებით მოხდება, ამჟამად კი ეს მექანიკურობის ცნობიერებაა. მუშაობისთვის დრო და დაჟინებულობაა აუცილებელი. ახლა ის უნდა აკეთოთ, რაც შეგიძლიათ, დროთა განმავლობაში მუშაობის შედეგების შეფასებას ისწავლით.
 
კითხვა: ამპარტავნება - ცრუ პიროვნების მნიშვნელოვანი ნაწილია?
 
პასუხი: ეს, ასე თუ ისე, მისი ერთ-ერთი თვისებაა. ზოგ ადამიანში ამპარტავნება შეიძლება მთავარი თვისება იყოს, და ამ შემთხვევაში ის საკმაოდ შესამჩნევია, თუმცა ხშირად სხვა თვისებებითაა შენიღბული და საკუთარ თავს არ ამჟღავნებს.
 
კითხვა: თუ ცრუ პიროვნების წინააღმდეგ მუშაობა - პროცესია, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ადამიანს შეუძლია აღმასვლა და დაღმასვლა?
 
პასუხი: დიახ, და საკუთარი ცრუ პიროვნების ძალას და სიდიდეს უნდა ჩაწვდეთ. და თქვენ მიხვდებით, რომ ძალზე ხშირად ადამიანებს სხვა არც არაფერი აქვთ, ხოლო რაიმე შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაშიც კი, მას მთლიანად ცრუ პიროვნება გადაწონის. ყველა გადაწყვეტილებას ცრუ პიროვნება იღებს. ყოფით ცხოვრებაში ყოველ მომენტს ის აკონტროლებს, შესაძლოა, მხოლოდ იმ გაელვებების გამოკლებით, როდესაც ადამიანი კითხულობს ან რაიმეზე ფიქრობს. მაგრამ როდესაც ადამიანი მუშაობს, და მაგნეტური ცენტრი ზრდას იწყებს, ხანდახან ხდება, რომ ცრუ პიროვნება ათი-თხუთმეტი წუთის განმავლობაში ქრება და მაგნეტურ ცენტრს გამოვლინების საშუალებას აძლევს. ამგვარად ქრება ცრუ პიროვნება. ის საბოლოოდ არ ქრება, მხოლოდ დროებით უჩინარდება. ესაა, რის გაკეთებასაც უნდა ვცდილობდეთ - ვაიძულებდეთ მას დროებით გაქრეს.
 
კითხვა: გაიგივებაზე მუშაობა მხოლოდ გამოყოფის გზით შეიძლება?
 
პასუხი: სწორედ ასეა. „მე“-სა და ცრუ პიროვნებას შორის განსხვავების გაცნობიერების გარეშე ყველა ძალისხმევა მხოლოდ უფრო სუსტ მხარეს აძლიერებს. როგორც ვთქვი, ეს გაყოფა საკუთარ თავზე მთელი მუშაობის საფუძველს წარმოადგენს. თუ ეს იდეა ვერ გაიგეთ, ვერაფერს მიაღწევთ, ყოველთვის აქედან უნდა დაიწყოთ. სწორედ ეს განასხვავებს ჩვეულებრივ და მომუშავე ადამიანებს. ისინი, ვინც არ მუშაობენ, თვლიან, რომ ის არიან, რაც არინ. მომუშავე ადამიანებს კი უკვე ესმით, ის არ არიან, რაც ჩანან. ეს გაყოფა მრავალ ფაზას გადის, მაგრამ აუცილებლად უნდა დაიწყოს.
 
კითხვა: როდესაც ვხედავ. რომ მხოლოდ ცრუ პიროვნების გაბერილი საპნის ბუშტი ვარ, აუცილებელია თუ არა ჩავწვდე, როგორ გავხდი ასეთი?
 
პასუხი: საკუთარი თავი უნდა შეისწავლოთ.არსებული მდგომარეობის შეცვლის მხოლოდ ერთი გზაა, კერძოდ - საკუთარი თავის უკეთ ცოდნა. ეს ბევრ რამეს ნიშნავს. გაცნობიერების და გაგების სხვადასხვა ხარისხი და სიღრმე არსებობს. როდესაც ადამიანს საკმარისად ესმის, ის რაღაცას აკეთებს, მას აღარ შეუძლია, რომ უბრალოდ იჯდეს და  დაუშვას, მოსახდენი თავისით მოხდეს. შეეცადეთ, კითხვა უფრო კონკრეტულად დასვათ: რის გაკეთებას ცდილობდით და თქვენი აზრით, რა არ შეგიძლიათ? ამ შემთხვევაში შევძლებთ ამ საკითხის განხილვას. შესაძლებელია, რომ არასწორი მხრიდან  და არასწორი სახით იწყებთ.
 
კითხვა: შეიძლება თუ არა საკუთარ თავში პასუხისმგებლობის პოვნა?
 
პასუხი: რა თქმა უნდა. მაგრამ რასთან მიმართებით? თქვენ კონკრეტულ მუშაობას იწყებთ; ამ მუშაობასთან მიმართებით გარკვეული პასუხისმგებლობა გაქვთ - ყოველ შემთხვევაში, უნდა გქონდეთ. მაგრამ ვის აქვს ეს პასუხისმგებლობა, თუ თქვენ ყველას „მე“-ს უწოდებთ? თქვენ უკვე უნდა იცოდეთ, რომ მრავალი „მე“ არსებობს - ზოგიერთს აქვს პასუხისმგებლობა, სხვები სრულიად უპასუხისმგებლოები არიან, რადგან მათ მუშაობასთან არაფერი აქვთ საერთო. ამ ფაქტის დანახვა  - მხოლოდ დაკვირვების საკითხია.
 
კითხვა: ვხედავ, კვლავ ვუბრუნდებით კითხვას, როგორ გვესმოდეს მეტი.
 
პასუხი: დასაწყისისთვის, ვცდილობ აგიხსნათ, როგორ შეისწავლოთ საკუთარი თავი. თქვენ გაგების ხელისშემშლელი საკუთარი დაბრკოლება უნდა მოძებნოთ. აღმოჩენის შემდეგ მას უნდა ებრძოლოთ. ეს კი დროს მოითხოვს. მისი უცებ პოვნა შეუძლებელია, თუმცა ხანდახან იმდენად ნათელია, რომ მას პრაქტიკულად მომენტალურად ხედავთ. მაგრამ სხვა შემთხვევებში მუშაობაა საჭირო, ვიდრე ადამიანი ამ დაბრკოლებას დაინახავს.
 
კითხვა: შეუძლია თუ არა ჯგუფურ მუშაობას ამ საქმეში დახმარება?
 
პასუხი: ჯგუფურ მუშაობაზე დიდ იმედს არ უნდა ამყარებდეთ, რადგან, თუმცაღა ის სასარგებლოა სხვადასხვა საკითხის, ექსპერიმენტის, შემოწმების და ა.შ. საჩვენებლად, ჯგუფური მუშაობისას ადამიანი ხელოვნურ ატმოსფეროში, ხელოვნურ პირობებში იმყოფება. იმ მომენტში, როდესაც ის ჯგუფიდან გამოდის, ბუნებრივ პირობებში ხვდება. ამიტომ ჯგუფური მუშაობა გზას გვიჩვენებს, მაგრამ მუშაობა ჩვეულებრივ პირობებში უნდა მიმდინარეობდეს. რას მოიგებთ იმით, თუ ჯგუფში წარმატებული ხართ, ხოლო ჯგუფის დატოვებისთანავე გაიგივებული და მანქანა ხდებით? ეს სრულიად უსარგებლოა.
 
კითხვა: თუ ვინმეს აქ, სკოლაში, ძალზე ცუდი თვისება გააჩნია, მაგალითად ცუდი ხასიათისაა, ამ თვისების დასაძლევად ეძლევა თუ არა სპეციალური დახმარება?
 
პასუხი: ადამიანი სპეციალურ მახასიათებლებთან მხოლოდ ყველა ზოგადი მეთოდის შესწავლის და გამოყენების შემდეგ მიდის. ამ თვისების ადგილმდებარეობის დადგენა, მიზეზის პოვნაა აუცილებელი. მიზეზები სხვადასხვაა. რომელიღაც ცუდი თვისება იმდენად ძლიერია, რომ ყველაზე ბოლოს გაქრება, - წინასწარ ვერაფერს ვიტყვით. თუ წინააღმდეგობებთან ბრძოლას მცდარი თანმიმდევრობით იწყებთ, შედეგს ვერ მიიღებთ. იმავდროულად, ასეთი თვისებები მხედველობიდან არ უნდა გამოგრჩეთ.
 
კითხვა: თუ ეს უარყოფითი ემოციებია, და თქვენ აკვირდებით და ეწინააღმდეგებით მათ, იცვლება თუ არა ისინი?
 
პასუხი: ეს ემოციებზეა დამოკიდებული. უმეტესწილად ისინი უბრალოდ ყოვნდება. ჩვენ არ ვიცით, როგორ შევეწინააღმდეგოთ მათ. ყოველ ემოციას განსაკუთრებული გასაღები შეესაბამება. ჩვენ გასაღები უნდა ვიპოვოთ, ამისთვის კი თავდაპირველად მანქანის შესწავლაა აუცილებელი.
 
კითხვა: როდესაც დათრგუნულად ან გაღიზიანებულად გრძნობ თავს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამის წინააღმდეგ?
 
პასუხი: თავდაპირველად შეეცადეთ, გაიხსენოთ საკუთარი თავი, შემდეგ კი გაიაზროთ, რომ თავად კი არ ხართ დათრგუნული, არამედ წარმოსახვითი თქვენ. ადამიანის განვითარება იმ მომენტიდან იწყება, როდესაც გააცნობიერებს, რომ ის, რასაც სინამდვილეში წარმოადგენს,  - ერთია, ხოლო წარმოსახვითი საკუთარი თავი - სხვა. როდესაც ხედავს, რომ იმაზე პატარა და სუსტია, ვიდრე ფიქრობდა, რომ მთლიანად მოჩვენებითია, ის განვითარების გზაზე დგას. მას პრაქტიკულად არაფერი გააჩნია, მაგრამ საკმარისი აქვს იმისთვის, რომ განვითარდეს.
 
კითხვა: რადგან მუდმივ „მე“-ს არ ვფლობ, ერთ „მე“-სთან თუ არ ვარ გაიგივებული, ე.ი. სხვასთან ვარ გაიგივებული?
 
პასუხი: უნდა გესმოდეთ, რომ ეს იდეები იმავე სახით გეძლევათ, როგორც გურჯიევი ხსნიდა, ანუ თანდათან, ჯერ იდეის ერთ ასპექტს განიხილავდა, შემდეგ მეორეს. თავიდან ზოგადად ვხსნი, შემდეგ დეტალებს ვამატებ. როდესაც ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც არ მუშაობს, ვამბობთ, რომ მას „მე“ საერთოდ არ გააჩნია. თუ ადამიანი სწავლობს და ძალისხმევას ახორციელებს, ეს უკვე გარკვეულ მდგომარეობას ნიშნავს; მას აქვს მაგნეტური ცენტრი, მაგნეტური ცენტრი კი - „მე“-ს დასაწყისია. ამიტომ, მას აღარ აქვს უფლება თქვას, რომ „მე“ საერთოდ არ აქვს. ბუნებრივია, ვერც იმას იტყვის, რომ სრულ და მუდმივ „მე“-ს ფლობს, მაგრამ უკვე მოქმედებათა გარკვეული მიმართულება უნდა გააჩნდეს, ეს კი „მე“-ს ნიშნავს. ის ჯერ ბოლომდე ცნობიერი არაა, მაგრამ იზრდება.
 
კითხვა: რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც ცრუ პიროვნების ჩვენი დანარჩენი ნაწილისგან გამოყოფას ვცდილობთ?
 
პასუხი: აუცილებელია ცრუ პიროვნების თვისებების გაგება. თქვენ მისი დანახვა შეგიძლიათ გაელვებებში, რომლებიც ცრუ პიროვნების საწყისად მიჩნეული ასაკიდან გახსოვთ.
ჩვენში ორი რამაა მუდმივი, - ბუფერები და სისუსტეები, ანუ ცრუ პიროვნების თვისებები. ყოველ ჩვენგანს ერთი, ორი ან სამი სისუსტე და გარკვეული ბუფერები გაგვაჩნია, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ყველა გადაწყვეტილების და საგანთა თუ მოვლენათა გაგების ნაწილს წარმოადგენს. საბედნიეროდ, მხოლოდ ესაა ჩვენში მუდმივი, რადგან ამ სიტუაციის შეცვლა შეგვიძლია. ბუფერები ხელოვნურია, ისინი შემოსაზღვრული არაა და ძირითადად მიმბაძველობის ხარჯზეა შეძენილი. ბავშვები დიდების მიბაძვას იწყებენ და ბუფერებს ქმნიან, მათგან ზოგიერთი კი აღზრდის შედეგად უნებურად იქმნება. თვისებების ანუ სისუსტეების დანახვა ხანდახან შესაძლებელია, და თუ ადამიანმა თვისება იცის და ახსოვს ის, მას გარკვეული მომენტების დაფიქსირება შეუძლია, როდესაც მისი მოქმედება ამ თვისებიდან არ მომდინარეობს. ყოველ ადამიანს ბევრი თვისება აქვს, მაგრამ ორი ან სამი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ცხოვრების ყოველ სუბიექტურად მნიშვნელოვან სიტუაციაში მონაწილეობს; ყველა აღქმა და რეაქცია აქ გადის. ძალზე ძნელი გასაცნობიერებელია, რას ნიშნავს ეს, რადგან იმდენად მივეჩვიეთ, ვერც კი ვამჩნევთ; ამ თვისებების მარწუხებში ვართ მოქცეული, და ობიექტური ხედვა გვაკლია.
 
კითხვა: მთავარი თვისება ყოველთვის ცუდია?
 
პასუხი: ეს მთავარი სისუსტეა. სამწუხაროდ, ვერ მივიჩნევთ, რომ ჩვენი მთავარი თვისება - ძალაა, რადგან ძალას საერთოდ არ ვფლობთ.
 
კითხვა: როგორ შეიძლება ეს სისუსტე იყოს, თუ არა-სისუსტე საერთოდ არ არსებობს?
 
პასუხი: ეს მექანიკურობას ნიშნავს. ჩვენ ყველაფერში მექანიკურები ვართ, მაგრამ ერთში ან ორში განსაკუთრებით მექანიკურები და ბრმები ვართ; სწორედ ამიტომაა ისინი მთავარი სისუსტე - მათ უბრალოდ ვერ ვხედავთ. ხოლო რაც სისუსტე არაა, ის შეგვიძლია დავინახოთ.
 
კითხვა: სისუსტეს რას უწოდებთ? ეთიკური სტანდარტებით მსჯელობთ?
 
პასუხი: არა. როგორც გითხარით, სისუსტე - ისაა, რაშიც თქვენ განსაკუთრებით მექანიკური ხართ. ბუნებრივია, აუცილებლობიდან გამომდინარე თქვენი მთავარი სისუსტე იქნება ის, რაშიც განსაკუთრებით უსუსური ხართ, ყველაზე ღრმად გძინავთ, მაქსიმალურად ბრმა ხართ, რადგან ხარისხები ყველაფერში არსებობს. ხარისხები რომ არ არსებულიყო თქვენს თვისებებსა და გამოვლინებებში, სწავლა ძალზე რთული იქნებოდა. საკუთარ თავს მხოლოდ ამ ხარისხების მეშვეობით ვსწავლობთ. თვისებებიც კი ხშირად ერთი და იგივე არაა; ხანდახან განსაკუთრებულადაა გამოხატული, ხანდახან კი, იშვიათად, მცირედ ვლინდება, და მათი პოვნა მხოლოდ ამ გზით შეიძლება. მაგრამ საკუთარ თავში თვისებების დანახვა რთულია. ავადმყოფობის მაგალითზე უკეთ გაიგებთ, რას ნიშნავს მეტად და ნაკლებად მექანიკურობა. როდესაც ავად ვართ, უფრო მექანიკურები ვხდებით; ჩვენი გარე სამყაროსადმი წინააღმდეგობა კლებულობს.
 
კითხვა: თქვენ ამბობთ, რომ სისუსტეების გარდა არაფერი გაგვაჩნია. მაგრამ თავისუფლების სურვილი ხომ არაა სისუსტე?
 
პასუხი: სურვილი შეიძლება სხვადასხვა სახის იყოს. დავუშვათ, ადამიანი საკუთარ სისუსტეს აცნობიერებს და მისგან გათავისუფლება სურს, მაგრამ იმავდროულად ამ სისუსტისგან გასათავისუფლებელი მეთოდების სწავლა არ უნდა. და ეს მეორე სისუსტედ იქცევა, რომელიც პირველს ინარჩუნებს და იცავს.
 
კითხვა: მაგრამ თუ ადამიანი გამუდმებით ძალისხმევას ახორციელებს?
 
პასუხი: ეს, ისევ და ისევ, თქვენს მეორე მხარეს ეხება, იმას, რასაც მე „თქვენ“ ვუწოდებ. ეს „თქვენ“ არც ძალაა და არც ძალაუფლება, მხოლოდ გარკვეულ სურვილთა, რაღაცისგან გათავისუფლების სურვილთა კომბინაციაა. თუ გააცნობიერებთ, რომ რაღაც არასწორია, და სურვილს მისგან გათავისუფლების ფორმას მისცემთ, ასეთ შემთხვევაში, თუ გონების შეჩერება ამ სურვილზე საკმაო ხნით შეგიძლიათ, ის მოქმედების გარკვეულ გეგმად იქცევა. თუ მოქმედებათა ასეთი ხაზი საკმაოდ ხანგრძლივია, ის შედეგიანია. მაგრამ აუცილებლად უნდა დავუმატო, რომ შედეგების მისაღწევად, არა ერთი, არამედ მოქმედებათა რამდენიმე სხვადასხვა ხაზია აუცილებელი. ერთზე, მეორეზე და მესამეზე ერთდროულად უნდა ვმუშაობდეთ. თუ მხოლოდ ერთ ხაზზე ვმუშაობთ, ვერაფერს მივაღწევთ.
 
კითხვა: ერთხელ გვითხარით და ვერ გაგიგე: ვერაფერს შევცვლით, მაგრამ სხვაგვარად უნდა ვიმოქმედოთ.
 
პასუხი: დაფიქრდით: მიუხედავად იმისა, რომ იგივე ვრჩებით, როგორებიც ვართ, სხვაგვარად უნდა ვიმოქმედოთ. უცებ არ შევიცვლებით, ეს ნელა ხდება. მაგრამ ბევრი რამ უნდა გააკეთოთ, და თუ არასწორად აკეთებთ, ვერასოდეს შეიცვლებით. იყო მანქანა - გამართლება არაა, თუმცა ადამიანები იყენებენ მას: „მანქანა ვარ, ვერაფერს შევცვლი“, და ყველაფერს ძველებურად აკეთებენ. ვიდრე მუშაობას დაიწყებდით, ყველაფერს შემთხვევითობით ხსნიდით. ახლა კი ასკვნით, რომ ხვალაც იგივე იქნება, რაც დღეს, თუ არ შეიცვლებით. თქვენ არ შეიცვლებით, მაგრამ უნდა „აკეთოთ“. ამიტომ აუცილებლად უნდა ჩაწვდეთ, რას ნიშნავს სხვაგვარად კეთება. ადამიანებს ორ ან სამ განსაკუთრებულ (თუმცაღა ყველასთვის სხვადასხვა) სიტუაციაში გარკვეული სახით მოქმედება ახასიათებთ, სადაც სხვაგვარად მოქმედება უნდა სცადონ. გახსოვთ, რა გითხარით ცოდნისა და ყოფიერების შესახებ? იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ყოფიერება სწორედ იმ პუნქტში შეიცვალოს, რომელიც ადამიანისთვის ძნელია. ერთმა გარკვეული თვისებები უნდა გააცნობიეროს და მოერიდოს მათ, მეორემ უნდა დაადგინოს, რა აკლია, და ეცადოს შეიძინოს ის, და ა.შ. აი, რატომაა სკოლა აუცილებელი.
 
კითხვა: როგორ გამოვიყენო უკეთ მომენტები, როდესაც ვგრძნობ, რომ სისტემა საოცარია?
 
პასუხი: განახორციელეთ რეგულარული, და არა შემთხვევითი ძალისხმევა. იცით, გამუდმებით ამის შესახებ რატომ ვსაუბრობ? იმიტომ, რომ თავის მოტყუებაა - იფიქრო, რომ გამოღვიძება სპეციალური ხანგრძლივი მუშაობის გარეშე შესაძლებელია. აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ, რამდენად რთულია ეს. აზრები და მათი არქონა, ლაპარაკი და დუმილი, გრძნობა და მისი არარსებობა - ყველაფერი ძილში გვაკავებს. ახლა ამის შესახებ თეორიულად ვლაპარაკობთ, მაგრამ მუშაობა თეორიული ვერ იქნება. ის ფაქტი, რომ გძინავთ, გამუდმებულ გაცნობიერებად უნდა იქცეს, ამას ემოციურად უნდა გრძნობდეთ. თუმცა თავად ეს გაცნობიერება გამოღვიძებულად არ გაქცევთ; სპეციალური ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ წამით მაინც გაიღვიძოთ.
 
კითხვა: მაგრამ მიზნის დასახვისთვის განა საკმაოდ გამოღვიძებული არ უნდა ვიყოთ?
 
პასუხი: ეს სხვა საქმეა. გაცნობიერება და გაგება გარკვეული სახის ძილბურანშიც შეიძლება - როგორც ადამიანი სახლისკენ გზას პოულობს, ასევე შეგვიძლია ჩვენი მიზნისკენ მიმავალი გზის პოვნა. გამოღვიძება - ხანგრძლივი პროცესია.
 
კითხვა: არის თუ არა ძილის ნიშანი ორ მიზანს შორის მერყეობა?
 
პასუხი: ნაწილობრივ ძილის და ნაწილობრივ არასრული გაგების. როდესაც ადამიანმა იცის, რა არის მნიშვნელოვანი, ის არ მერყეობს.
 
ახლა კი მეთოდებზე უნდა ვიფიქროთ - როგორ გამოვიღვიძოთ, მუშაობის რომელი ფორმებია საუკეთესო. მაგრამ ძილის ფაქტის სრულ გაცნობიერებამდე რა აზრი აქვს გამოღვიძების მეთოდებზე საუბარს? რას ფიქრობთ ამის შესახებ, რას გრძნობთ იმ მდგომარეობაზე, რომელშიც იმყოფებით, დაკვირვებიხართ რაიმეს? ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი რამაა, რაზეც სერიოზულად მხოლოდ მაშინ ვსაუბრობთ, თუ ამ პუნქტში არაფერი გვეეჭვება. ამიტომ აუცილებელია ამ მდგომარეობაზე, მის სხვადასხვა გავლენებსა და შედეგებზე ფიქრი. თუ თქვენი ცხოვრების ერთ დღეს დეტალურად შეისწავლით, ნახავთ, რომ ბევრი რამ უსარგებლო და მცდარი ყოფილა და რომ არ გძინებოდათ, არ გააკეთებდით. ან რომელიღაც ერთის ნაცვლად სხვა საქმეებს გააკეთებდით, რომელთა განსახორციელებლად მღვიძარებაა აუცილებელი. ეს საუბრები, სისტემები, თეორიები იმ შემთხვევაში დაგეხმარებათ, თუ მათი მეშვეობით საკუთარ თავზე მუშაობთ.
 
კითხვა: დავუშვათ, ადამიანი ძილის საშიშროებას აცნობიერებს, მაგრამ თუ არსებობს რაიმე, რასაც გამოღვიძების დისკომფორტის წინაშე მზარდი შიშის კომპენსირება შეუძლია?
 
პასუხი: თუ მძინავს და ამის შესახებ არაფერი ვიცი, საშიშროებები არ კლებულობს. ამიტომ უმჯობესია, ვხედავდე ამ საშიშროებებს, რადგან ასე მათ თავიდან არიდებას შევძლებ.
 
კითხვა: აღმოვაჩინე, რომ, როდესაც მეთოდს ვპოულობ, რომელიც მეხმარება მახსოვდეს საკუთარი თავი, ის მხოლოდ რამოდენიმეჯერ მუშაობს, შემდეგ აღარ მოქმედებს.
 
პასუხი: მეთოდები უნდა ცვალოთ, მათი მოქმედება ხანმოკლეა - ეს ჩვენი მდგომარეობის ნაწილია. მიიღეთ ეს როგორც ფაქტი, მისი გაანალიზების საჭიროება არ არსებობს. რაც უფრო ახალი და მოულოდნელია მეთოდი, მით უკეთ მოქმედებს ის. ეს გონებრივი და ფიზიკური ცხოვრების ფუნდამენტურ პრინციპთანაა დაკავშირებული. ფაქტობრივად, მხოლოდ ასოციაციების ცვლილებას ვაკვირდებით. მუდმივ ასოციაციებს ვერ ვგრძნობთ, მხოლოდ ცვლილებებს ვამჩნევთ. ამიტომ, შეჩვევისას, თქვენთვის ე.წ. მაღვიძარა უნდა გამოიგონოთ. შემდეგ ამ მაღვიძარასაც ეჩვევით და ის მოქმედებას წყვეტს. თუ ეს მაღვიძარა გამუდმებით რეკავს, თქვენ მას მხოლოდ მას შემდეგ შეამჩნევთ, როდესაც გაჩერდება.
 
კითხვა: იქმნება თუ არა ძალა გამოღვიძებისთვის ძილის გაცნობიერების შედეგად?
 
პასუხი: თუ ადამიანი აცნობიერებს, რომ სძინავს, მან გამოღვიძების საშუალებები და მეთოდები უნდა შეისწავლოს, მაგრამ ეს სიტყვად კი არ უნდა დარჩეს, არამედ დაკვირვებაზე დაფუძნებული ფაქტი უნდა გახდეს. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ მასზე დიდი სიზუსტით და მეტი პრაქტიკულობით საუბარს. როდესაც ადამიანი აცნობიერებს, რომ სძინავს, ამ მომენტში ის უკვე სანახევროდ გამოღვიძებულია, მაგრამ ეს საკმარისად ხანგრძლივად არ გრძელდება - შემდეგ მომენტში მის გონებაში რომელიღაც აზრი იწყებს ტრიალს, და ის კვლავ ძილში იძირება. აი, რატომაა შეუძლებელი ადამიანს თავად გაეღვიძოს, რატომაა აუცილებელი საგულდაგულოდ შემუშავებული მეთოდები - ადამიანი მუდმივად უნდა ანჯღრიო.
 
კითხვა: და ვინ შეანჯღრევს?
 
პასუხი: სწორედ ესაა საკითხავი. რამდენიმე ადამიანმა, რომელთაც გამოღვიძება სურთ, უნდა მოილაპარაკონ, რომ როდესაც ერთ-ერთი გამოიღვიძებს, მძინარეებს შეანჯღრევს. მაგრამ ასეთი მოლაპარაკებისთვის გულწრფელობაა საჭირო - ამ ადამიანებს გამოღვიძება ნამდვილად უნდა სურდეთ და არ გაღიზიანდნენან ეწყინოთ, როდესაც მათ შეანჯღრევენ.
 
კითხვა: რა სახის შენჯღრევას გულისხმობთ?
 
პასუხი: ჩვეულებრივ შენჯღრევას. ვიღაც ერთ მეთოდს პოულობს, მეორე - სხვას. მაღვიძარებიც საჭიროა, მაგრამ მათი ხშირი ცვლა უფრო მეტად აუცილებელია. თუ ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს, მას სძინავს, არაკომფორტულ მდგომარეობაში გადასვლა კი გამოღვიძებაში ეხმარება. სიამოვნებანი მხოლოდ ძილს უწყობს ხელს.
 
კითხვა: შესაძლებელია თუ არა საკუთარი მაღვიძარების პოვნა?
 
პასუხი: შეგიძლიათ სცადოთ, თუმცა მუდმივი ცვლა და მრავალფეროვნებაა აუცილებელი და ასევე, ის უნდა აირჩიოთ, რაც გამოგაღვიძებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა წამით გავიღვიძოთ, გადავწყვიტოთ მღვიძარედ დარჩენა, და წარმოვიდგინოთ, რომ გვღვიძავს, სინამდვილეში ამ ყველაფერს ძილში ვაკეთებთ, მაღვიძარები კი გვესიზმრება. აი, რატომაა საჭირო გამუდმებული კონტროლი და შემოწმება, ნამდვილად აღვიძებს ადამიანს ეს მაღვიძარები თუ უბრალოდ ახალ სიზმრებს იწვევს, თუ ადამიანს აღარ ესმის მათი. უაზრობაა რაიმე მნიშვნელოვანს შევეჭიდოთ, მაგრამ რომელიმე უმნიშვნელო ჩვევის შეკავებას თუ ვეცდებით, ოღონდ, ვთქვათ, მხოლოდ ერთი კვირით, ეს შეიძლება მაღვიძარად იქცეს. მომდევნო კვირას სხვა მეთოდის პოვნაა საჭირო - შესაძლოა, იმ ადამიანებთან დაკავშირებული, რომელთანაც ერთად ვცხოვრობთ, ან რამე მსგავსი. სულ ახალ-ახალი მაღვიძარების პოვნაა აუცილებელი.
 
კითხვა: ვგრძნობ, რომ მარტოობისას უკეთ ვიცნობიერებ თავს, ამიტომ ვცდილობ ადამიანებს მოვერიდო.
 
პასუხი: არა, არა, ნებისმიერ ვითარებაში უნდა ცდილობდეთ საკუთარი თავის გახსენებას. თუ მარტოობისას იხსენებთ საკუთარ თავს, ადამიანებთან ყოფნისას დაგავიწყდებათ, ხოლო თუ ხალხში იხსენებთ საკუთარ თავს, მარტო ყოფნისას დაგავიწყდებათ. როდესაც გარემოებათა ერთი წყებით იფარგლებით, ზარალდებით. საკუთარი თავის გასახსენებლად ძალისხმევისთვის საუკეთესო დროდ განსაკუთრებით რთული გარემოებები ითვლება, ხოლო ყველაზე რთული გარემოებები - ის კი არაა, როდესაც თქვენ ირჩევთ, მარტო იყოთ თუ არა, არამედ როდესაც არანაირი არჩევანი არ გაქვთ. და რატომაა ყველაზე რთული გარემოებები საუკეთესო? იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში თვითგახსენება საუკეთესო შედეგს იძლევა. მარტივ გარემოებებში, სადაც თავად წყვეტთ, მარტო იყოთ თუ არა, გარკვეულ შედეგებს კი იღებთ, მაგრამ ყველაზე რთულ სიტუაციაში მოხვედრისას თუ თავის გახსენება მაინც მოახერხეთ, შედეგები განუზომლად დიდი აღმოჩნდება.
 
კითხვა: თვითგახსენების გარდა არსებობს თუ არა რაიმე მოქმედება, რომლის გამოყენებითაც შინაგან გათვალისწინებას შევწყვეტთ?
 
პასუხი: გაიხსენეთ საკუთარი თავი, და ყველაფერი ნათელი გახდება. ეს ერთი რიგის მოქმედებებია: თუ ითვალისწინებთ, საკუთარი თავის გახსენებას ვერ ახერხებთ. თუ გათვალისწინების შეჩერება გსურთ, საკუთარი თავი უნდა გაიხსენოთ; თვითგახსენების გარეშე გათვალისწინებას ვერ შეაჩერებთ.
 
კითხვა: თვითგახსენება ცუდი ჯანმრთელობის დაძლევაში გვეხმარება?
 
პასუხი: არ ვიცი. ეს ექიმების საქმეა, ჩვენი არა. გვეუბნებიან, რომ ეს გარკვეულ ქიმიურ ძვრებს იწვევს, მაგრამ არა უცებ. ჩვენ ამას მხოლოდ ფსიქოლოგიურად შევისწავლით, ქიმის შესახებ არაფერი ვიცით, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხვაგვარად ვიგრძნობთ. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ ყოველთვის, როდესაც ადამიანი ამ სისტემის შესწავლას უტილიტარული თვალთახედვით ცდილობს, ის არ მუშაობს. სისტემა ამისთვის არაა შექმნილი. გარკვეულ შემთხვევებში თვითგახსენება მოულოდნელ ფიზიკურ შედეგს იწვევს, მაგრამ თუ ადამიანი ასეთი შედეგისთვის მუშაობს, ის მას ვერ მიიღებს.
 
კითხვა: მაგრამ განა ფიზიკური ჯანმრთელობა არაა მნიშვნელოვანი?
 
პასუხი: დიახ, უნდა ვეცადოთ, ჯანმრთელები ვიყოთ, ამიტომ, თუ ადამიანი ავადაა, ექიმს უნდა მიაკითხოს. ჯანმრთელობის საკითხი მნიშვნელოვანია, მაგრამ მას გაცნობიერებულობას ვერ გაუთანაბრებთ. ამ იდეების გამოყენება ჯანმრთელობის ინტერესებისთვის სავსებით უსარგებლო იქნება, თუმცა, სრულიად მოულოდნელად, მათ აქაც შეუძლიათ დახმარება.
 
კითხვა: ესაჭიროება თუ არა ცნობიერებას მიზანმიმართული ყურადღება და ნება?
 
პასუხი: ყველა ეს გაგება - ყურადღება, ცნობიერება, ერთიანობა, ინდივიდუალობა, ნება - ერთი და იგივეს სხვადასხვა მხარეა. ჩვენ ვყოფთ მათ, მაგრამ ისინი ერთი და იგივეა. ყველა შეიძლება გვქონდეს ხანმოკლე დროით, მაგრამ მათი შეკავება არ შეგვიძლია. თუ საკმაოდ ხანგრძლივად აკვირდებით თავს, პრაქტიკულად ყველაფრის მომენტს აღმოაჩენთ საკუთარ თავში. მაგრამ, მხოლოდ მომენტებს. ჩვენი მიზანია, ასეთი მომენტები გავახანგრძლივოთ, გავაძლიეროთ და დავაფიქსიროთ, როგორც ფოტოსურათს ვაფიქსირებთ.
 
კითხვა: როგორ უნდა გავაკეთოთ ეს?
 
პასუხი: მუშაობას ერთი და იგივე მიმართულებით მიყავხართ. სახელი დავარქვათ იმას, რასაც არ ვფლობთ, ვერ გვიშველის. აუცილებელია, რაღაც მოვიმოქმედოთ.
 
კითხვა: დამოკიდებულია თუ არა ყურადღების მომენტები ყურადღების გამფანტავი ფაქტორების არარსებობაზე?
 
პასუხი: ყურადღების გამფანტავი ფაქტორები ყოველთვის არსებობს, მაგრამ ჩვენ კონტროლი უნდა გაგვაჩნდეს. თუ გარემოებებზე ვართ მინდობილი, მუშაობა ცენტრების ემოციურ, და არა ინტელექტუალურ ნაწილებში წარიმართება. თუ ის ინტელექტუალურ ნაწილებში ხორციელდება, ის მიზანმიმართულ ყურადღებას საჭიროებს. ჩვენი ცენტრები ბოლომდე განვითარებულია და გამოყენებას ელის, მაგრამ ჩვენ მათ მაღალ ნაწილებს არ ვიყენებთ.
 
კითხვა: უმაღლესი მდგომარეობის მისაღწევად კიდევ რაიმეს შეწირვა ხომ არ არის საჭირო, გარდა „ყველა ამ ნონსენსისა“?
 
პასუხი: „ნონსენსი“ - შესაძლოა, კარგი სიტყვა იყოს. მაგრამ როდესაც ამ ყველაფერს მსხვერპლად სწირავთ, თქვენთვის ეს ნონსენსი არაა. ობიექტურად შესაძლოა ეს ნონსენსი იყოს, მაგრამ თქვენ რომ გრძნობდეთ, რომ ეს ნონსენსია, ეს მსხვერპლი არ იქნებოდა.
 
კითხვა: ჩემში კონფლიქტია, და თუმცაღა ვიცი, რა მსურს, ეს არაფერს ცვლის. ჯერ კიდევ იმას ვაკეთებ, რაც ჩემთვის ცუდია.
 
პასუხი: ეს ნიშნავს, რომ თქვენ მხოლოდ იცით. შეგეძლოს „კეთება“ - სხვაა. თავისთავად ცოდნა არ გაძლევთ საკმარის ძალას, ის აკეთოთ, რაც გინდათ. ენერგია ძირითადად წარმოსახვასთან, უარყოფითი ემოციების გამოხატვასთან, არასაჭირო საუბრებთან და ა.შ. ბრძოლის გზით ნელ-ნელა უნდა დააგროვოთ. ეს მოგცემთ საშუალებას, ის აკეთოთ, რაც თქვენთვის უკეთესია.
 
კითხვა: ჩვენ რომ სხვა დამოკიდებულება გვქონოდა ყველაფრისადმი, ჩვენი ემოციებიც განსხვავებული იქნებოდა, ასე არ არის?
 
პასუხი: რა სხვა დამოკიდებულება? და რა ყველაფერი? როგორ გიპასუხოთ? სამყაროში მილიონი რამ და მილიონი სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობს. იცით რა, ეს პრაქტიკული კითხვაა და მისი ამ ენაზე დასმა არ შეიძლება. შეეცადეთ გაიგოთ, როგორ ჟღერს თქვენი შეკითხვა სხვა ადამიანისთვის - თქვენ იცით, რა იგულისხმება ყველაფერში და სხვა დამოკიდებულებაში, მაგრამ მე არ ვიცი.
 
კითხვა: გეკითხებით სწორ დამოკიდებულებებზე, როგორც უარყოფითი ემოციების საწინააღმდეგო იარაღზე. ნიშნავს თუ არა დამოკიდებულება მიღებას ან უკუგდებას?
 
პასუხი: ეს უკუგდების კი არა, გაგების საკითხია. როდესაც სწორ და მცდარ დამოკიდებულებაზე ვსაუბრობ, ზოგადად უარყოფით ემოციებთან დამოკიდებულებას ვგულისხმობ - ეს მანქანის მუშაობის შესახებ საუბრების თემაა. როდესაც საკუთარი დაკვირვების ან პირადი მუშაობის შესახებ საუბრობთ, უნდა აღწეროთ, რომელ უარყოფით ემოციებს გულისხმობთ: ეჭვიანობას, მრისხანებას, შიშს,  და ა.შ. განზოგადებაზე საუბარი ზედმეტია, რადგან უარყოფითი ემოციები ძალზე სხვადასხვაგვარია, და დამოკიდებულებებიც ნაირგვარია. ერთზე შეიძლება ერთი ითქვას, მეორეზე - სხვა. თუ ერთად აღებულ უარყოფით ემოციებზე ვმსჯელობთ, მათ გარკვეული საერთო თვისებები აქვთ, მაგრამ როდესაც საკუთარ დაკვირვებებზე საუბრობთ, სხვა სკალა უნდა გამოიყენოთ და დამოკიდებულების, უარყოფითი ემოციების, წარმოსახვის, გაიგივების შესახებ არ ილაპარაკოთ როგორც თქვენგან ათი ათასი კილომეტრით დაცილებულ აბსტრაქტულ საგნებზე. ამ ტერმინების გამოყენება ზოგადი დახასიათებისთვის შეიძლება, მაგრამ მათ ვერ გამოიყენებთ, როდესაც საკუთარი მუშაობის შესახებ საუბრობთ. გარკვეული პირადი სამუშაო უნდა შეასრულოთ. თქვენ გარკვეული მიზნით მოდიხართ, რაღაცის მიღება გსურთ, მაგრამ თითქოს შიგნიდან რაღაც გიშლით ხელს - და მაინც დამოკიდებულებაზე, უარყოფით ემოციებზე, გათვალისწინებაზე და ა.შ. საუბრობთ. ილაპარაკეთ რეალურ საკითხებზე. ამ ტერმინებს წიგნებში იყენებენ, თქვენ კი წიგნებიდან აღებული ფრაზებით საუბრობთ.
მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ ჩვენს სისტემაში - ან, თუ გნებავთ, ნებისმიერ აღიარებულ თუ არაღიარებულ სისტემაში - სამი სხვადასხვა ენა, ანუ აზროვნების სამი ფორმაა: ფილოსოფიური, თეორიული და პრაქტიკული. როდესაც რომელიმე კითხვაზე საპასუხოდ ვამბობ „ეს თეორიაა“ ან „ეს ფილოსოფიაა“, ეს ნიშნავს, რომ თქვენ არასწორ ენას იყენებთ. შეუძლებელია, ფილოსოფიურ შეკითხვაზე პრაქტიკულ პასუხს ელოდოთ. აბსტრაქტულ კითხვას კონკრეტული პასუხი არ გააჩნია.
 
უნდა გესმოდეთ, რომ „ფილოსოფიური“, „თეორიული“ და „პრაქტიკული“ -სიტყვათა მნიშვნელობა მათი ჩვეულებრივი მნიშვნელობის სრულიად საპირისპიროა. ფილოსოფიური - ყველაზე იოლი მიდგომაა, თეორიული - უფრო რთული და სასარგებლოა, პრაქტიკული კი - ყველაზე რთული და სასარგებლო. არსებობს ფილოსოფიური ცოდნა - ყველაზე ზოგადი იდეები, არსებობს თეორიული ცოდნა - როდესაც რაღაცის გამოთვლა შეგიძლიათ, და არის პრაქტიკული, როდესაც აკვირდებით და ახორციელებთ ექსპერიმენტებს. ფილოსოფიურ ენაზე იმდენად არა საგნებზე ლაპარაკობთ, არამედ შესაძლებლობებზე - სხვა სიტყვებით, ფაქტებზე არ საუბრობთ. თეორიულ ენაზე საუბრობთ კანონების შესახებ, პრაქტიკულ ენაზე კი საგნებზე იმავე სკალაზე საუბრობთ, რაზეც თავად იმყოფებით, ანუ ფაქტებზე. ანუ, სინამდვილეში აქ განსხვავება სკალაშია.
 
საგნები და მოვლენები სამ სკალაზე შეიძლება განვიხილოთ და ბევრი მათგანი მთლიანად იცვლება იმ სკალის შესაბამისად, რომელზედაც განიხილება: ფილოსოფიურ სკალაზე ეს ერთია, თეორიულზე მეორე, პრაქტიკულზე კი სრულიად სხვა. შეეცადეთ, მაგალითები იპოვოთ. რაღაცის განხილვა სამივე სკალაზე შეიძლება, რაღაცის მხოლოდ ორზე, რაღაცის კი ერთადერთზე. საკუთარ თავთან საუბრის დროსაც კი არ უნდა აურიოს ადამიანმა ეს სამი სკალა, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებულზე უფრო დიდ გაუგებრობას შექმნის, და სულ უფრო ნაკლებად გაიგებს.
 
კითხვა: არის თუ არა თვითგახსენების ძალისხმევა პრაქტიკული?
 
პასუხი: ის შეიძლება პრაქტიკული, თეორიული, და ფილოსოფიური იყოს.
 
კითხვა: ობიექტური ცნობიერება, როგორც ჩანს, ფილოსოფიურ სკალას მიეკუთვნება?
 
პასუხი: პირიქით: ის საკმაოდ პრაქტიკულია. მაგრამ თუ მის მნიშვნელობას გულისხმობთ თქვენთვის, მაშინ, რა თქმა უნდა, ობიექტური ცნობიერება - ფილოსოფიური იდეაა. იმავე დროს შესაძლებელია ამ მდგომარეობის გაელვებების აღწერების შესწავლა. თუ ადამიანი ამ აღწერებს სწავლობს და მსგავსების პოვნას ცდილობს, ის თეორიული ხდება.
 
კითხვა: ვისურვებდი, მეტი ვიცოდე ამ დაყოფის შესახებ. არ ვიცი, რას ნიშნავს პრაქტიკული.
 
პასუხი: ეს ნიშნავს, რისი გაკეთება შეგიძლიათ - ყველა აზრით. მაგრამ „კეთება“ შეიძლება ერთ ან მეორე სკალაზე იმყოფებოდეს. კეთება ყოველთვის აზროვნებაზე ან საუბარზე მნიშვნელოვანია. ამიტომ, თუ ჩავთვლით, რომ ფილოსოფიური - აზროვნებაა, თეორიული - საუბარი, ხოლო პრაქტიკული - კეთება, გამოდის, პრაქტიკული ყველაზე მნიშვნელოვანია.
 
კითხვა: რა არის ფილოსოფიური აზროვნება?
 
პასუხი: აზროვნება ძალიან დიდ სკალაზე. რაღაც შეიძლება ძალზე ლამაზი ჩანდეს ფილოსოფიურ სკალაზე; იგივე რამ თეორიულ სკალაზე ძალზე ვიწრო და უაზრო თეორია აღმოჩნდება, ხოლო პრაქტიკულ სკალაზე, ის შეიძლება დანაშაული იყოს.
 
როდესაც პირველად გავიგე ფილოსოფიური, თეორიული და პრაქტიკული დაყოფის შესახებ, მითხრეს, რომ უმაღლესი გონიდან მომდინარე ცოდნის სკოლები სამ კლასად იყოფა: უმაღლესი - პრაქტიკული სკოლები, შემდეგ მათ მოსდევს თეორიული სკოლები, ბოლოში კი ფილოსოფიური სკოლები დგას. მაგრამ, როგორც წესი, პრაქტიკულს მებაღეობასთან, ხარაზობასთან და ა.შ. ვაიგივებთ. თეორიულ ცოდნად მათემატიკას, გეოლოგიას და ა.შ. მოვიაზრებთ, ფილოსოფიურ ცოდნად კი იმას, რაც გვსურს, - ფილოსოფიას. მაგრამ ამ სისტემის თანახმად, ფილოსოფიური სკოლები - მხოლოდ და მხოლოდ მოსამზადებელია.
 
კითხვა: პირველად რომ მოვედი ლექციაზე, ვფიქრობდი, რომ სიტყვა „სკოლა“ აზროვნების სკოლას ნიშნავს, მაგრამ ახლა ზუსტად იმ სკოლას გავს, რომელშიც ბავშვობაში დავდიოდი.
 
პასუხი: ზუსტად ასეა. ეს აზროვნების საკითხი არაა, ეს კეთების საკითხია.
 
კითხვა: რაიმე აზრით აზროვნების სკოლასაც ხომ არ წარმოადგენს, რამდენადაც კეთება აზროვნებიდან უნდა გამომდინარეობდეს?
 
პასუხი: რა თქმა უნდა, აზროვნებას თავისი წილი უკავია, რადგან მის გარეშე ვერაფერს გავაკეთებთ, მაგრამ ის მხოლოდ დამხმარე პროცესია და არა მიზანი. აზროვნების სკოლაში თავისუფლებაზე ფიქრიც საკმარისია, მაშინ, როდესაც თავისუფლებაგვსურს, მასზე მხოლოდ ფიქრი არ გვაკმაყოფილებს.
 
კითხვა: შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ეს სკოლა - სამივე ტიპის სკოლაა? თუ ის მხოლოდ რომელიმე ერთს მიეკუთვნება?
 
პასუხი: ვფიქრობ, სამივეს. მას სამი მხარე აქვს. ზოგი ადამიანი ამ სისტემას ფილოსოფიურად იღებს, მეორენი თეორიულად, სხვები კი პრაქტიკულად. არ უნდა დაივიწყოთ, რომ ერთი და იგივე რამ სხვადასხვაგვარად შეიძლება აღვიქვათ.
 
კითხვა: ამ შემთხვევაში, არის თუ არა ეს სისტემა ფილოსოფიასთან დაკავშირებული?
 
პასუხი: ის მისგან სრულიად თავისუფალი ვერ იქნება. გარკვეულ შემთხვევებში ეს აზროვნების სრულიად კანონიერი ფორმაა. მაგრამ ადამიანის განვითარების, ადამიანის პროგრესის შესახებ აზროვნებაში ფსიქოლოგიური, და არა ფილოსოფიური, ორიენტირების ძიება აჯობებს. ფსიქოლოგიური ორიენტირები - ფაქტებია, სხვა ყველაფერი შესაძლოა წარმოსახვითი აღმოჩნდეს. ადამიანის ინტელექტი დიადი ფილოსოფიური პრობლემებითაც რომ იყოს დაკავებული, მისი ყოფიერება შეიძლება ძალზე დაბალ დონეზე იმყოფებოდეს. მაგრამ თუ ადამიანი უფრო ცნობიერია, მაშინ მისი ყველა მხარე ვითარდება.
 
კითხვა: ვინ ადგენს ფსიქოლოგიურ ღირებულებებს?
 
პასუხი: არსებობს გარკვეული ობიექტური ნიშნები, რომლის მიხედვითაც შეიძლება მსჯელობა, - როგორია შინაგანი სტანდარტები. გარკვეულ ეტაპზე ისინი შეიძლება ობიექტური გახდეს. როგორც გითხარით, ჩვენ ფილოსოფიურ ორიენტირებს არ ვეძებთ, ფსიქოლოგიური ორიენტირები გვესაჭიროება. ძალზე მნიშვნელოვანია, ეს გავიგოთ. ფილოსოფიური დასკვნები უბრალოდ სიტყვებია, რიტორიკაა, მაგრამ ფსიქოლოგიურ ორიენტირებთან მიმართებით შეცდომა გამორიცხულია - თავისი თავისთვის.
 
კითხვა: სიზარმაცის ნიშანია - ფილოსოფიური აზროვნების გამოყენება?
 
პასუხი: არ არის აუცილებელი. რაღაცას მხოლოდ ფილოსოფიურად იყენებთ, სხვას - ფილოსოფიურად და თეორიულად. არის საკითხები, რასაც პრაქტიკულად ვერ ვუდგებით და მათთვის ანალოგიები უნდა ვეძებოთ. ამიტომ ხანდახან ეს სრულიად სწორია. თუმცა ზოგი რამ მხოლოდ პრაქტიკულად შეგიძლიათ მიიღოთ, რადგან მხოლოდ მაშინ დააფასებთ მათ.
 
კითხვა: თქვენ ისაუბრეთ „ახალ კატეგორიებში აზროვნების“ შესახებ. ეს ისეთივე შეუძლებლადმეჩვენება, როგორც „კეთების“ უნარი.
 
პასუხი: სავსებით სწორია. იმავე დროს, როდესაც სხვადასხვა კატეგორიებს გაიგებთ, სხვაგვარად აზროვნებას დაიწყებთ (ყოველ შემთხვევაში, ხანდახან მაინც). მაგრამ ეს არაა სწორი აზროვნების მთელი აღწერა. ძალზე ხშირად სწორ კატეგორიებში ვერ აზროვნებთ, რადგან ცოდნა არ გყოფნით. ჩვენს მდგომარეობაშიც კი შეგვიძლია უკეთ ან უარესად აზროვნება.
 
კითხვა: როდესაც ახლებურად აზროვნებას ვცდილობ, არ ვიცი, საიდან დავიწყო.
 
პასუხი: მასალა ბევრია - ეს სისტემაა. შეეცადეთ, ის გონებაში აღადგინოთ, წარმოიდგინოთ, რომ ვიღაცისთვის მისი იდეების ახსნას ცდილობთ. შეეცადეთ გაიხსენოთ, რას ლაპარაკობს ეს სისტემა ადამიანსა და სამყაროზე. თუ რამე არ გახსოვთ, სხვას ჰკითხეთ. ეს კარგი სავარჯიშოა. თქვენ ან თავად ძალგიძთ საკუთარი აზრების მართვა და გაკონტროლება, ან ისინი თავად იცვლება. თუ აზრები თავად იცვლის მიმართულებას, დადებით შედეგებს არ უნდა ელოდეთ. შედეგის მისაღებად თქვენ უნდა მართავდეთ მათ.
 
კითხვა: ახალი სიტყვებით ხომ არ უნდა გადმოვცემდე სისტემის ყველა სიტყვას და იდეას, როდესაც წარმოვიდგენ, რომ მას სხვა ადამიანებს ვუხსნი?
 
პასუხი: თქვენ ახალი სიტყვების გამოგონება არ შეგიძლიათ. არსებული წესის მიხედვით, როდესაც სისტემაზე საუბრობთ, ზუსტად ის ენა უნდა გამოიყენოთ, რომელზეც ის შეისწავლეთ და წყაროს მიმართოთ. მისი შელამაზება არასდროს დაგჭირდებათ.
 
კითხვა: მართალია, რომ სხვაგვარად აზროვნება არ ძალგვიძს მანამ, სანამ სრულად არ აღმოვფხვრით აზროვნების ძველ მეთოდს?
 
პასუხი: არა, ასე დიდხანს ვერ დაელოდებით; ეს ახლა უნდა გააკეთოთ. ახალ კატეგორიებში აზროვნების ერთი მაგალითი - აზროვნება უნდა იყოს განზრახული. ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, რომ განზრახულობის ან განუზრახველობის ფაქტი ყველაფერს ცვლის.
 
კითხვა: თუ მექანიკური აზროვნების პროცესის შეჩერებას და ახლებურად ფიქრს ვცდილობთ, ახალ აზროვნებასაც ხომ არ უჩნდება ტენდენცია, გახდეს მექანიკური?
 
პასუხი: დიახ, ყველაფერს აქვს ტენდენცია, გახდეს მექანიკური, ამიტომ, როდესაც რაღაცის ახლებურად გაკეთებას ცდილობთ, ყურადღება არა მხოლოდ იმას უნდა მიაქციოთ, რის გაკეთებასაც აპირებთ, არამედ ბევრ სხვა რამესაც. არ უნდა დაუშვათ გაიგივება, წარმოსახვა, ასოციაციები უნდა მართოთ და მხოლოდ აუცილებელი გქონდეთ, და არ მისცეთ მათ თქვენი მართვის უფლება.
 
კითხვა: მაგრამ არსებობს თუ არა ასოციაციურის გარდა სხვა სახის აზროვნება?
 
პასუხი: მართვადი აზროვნება არსებობს. საკუთარი აზროვნების შემოსაზღვრა გარკვეული საგნით ან მიზნით შეგიძლიათ. ასოციაციური აზროვნება შემთხვევითია. ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ აზროვნება ძველი ასოციაციებით ისე, რომ არც კი ვეცადოთ მის შეცვლას, ან ახალი ასოციაციები ვცადოთ ახალი თვალსაზრისების შემოყვანით.
 
კითხვა: რაც შეეხება სწორ აზროვნებას: როდესაც ვცდილობ სისტემასთან დაკავშირებულ საკითხზე ვიფიქრო, ის უცებ ქრება.
 
პასუხი: სწორი აზროვნებისთვის მხოლოდ სისტემაზე ფიქრი არაა საკმარისი, მნიშვნელოვანია მეთოდი, რომლითაც ფიქრობთ. სისტემაზეც და ნებისმიერ სხვა საკითხზე, რაც სისტემასთან კავშირში არაა, შეგიძლიათ იფიქროთ სწორად ან არასწორად. ამიტომ, ეს არა საგნის, არამედ აზროვნების მეთოდის საკითხია. მაგრამ მეთოდის აღწერა შეუძლებელია. თქვენ მცდარი და სწორი აზროვნების მაგალითებს უნდა პოულობდეთ, შემდეგ კი ადარებდეთ მათ. ჩვენ გონების მართვა უნდა ვისწავლოთ; უნდა გვესმოდეს მაფორმირებელი და დეფექტური აზროვნება და მთელი ტვინის, და არა მისი მხოლოდ მცირე ნაწილის, გამოყენება შეგვეძლოს. ერთადერთი, რასაც ამ საქმეში დახმარება შეუძლია, არის - გახსოვდეს საკუთარი თავი.
 
იმ საკითხში, რომელზეც ფიქრი გსურთ, პირადი კავშირის, პირადი ინტერესის პოვნას უნდა შეეცადოთ, მხოლოდ ასე გაიზრდება და განვითარდება ის. „პირადში“ მოვიაზრებ იმას, რასაც ადრე ფიქრობდით,  - კითხვები ამ საკითხზე, რომლებიც თავისთავად გებადებოდათ და მათზე პასუხი არ გქონდათ, ან რამე მსგავსი. და როდესაც აღმოაჩენთ, რომ ახლა მეტს ხედავთ, ეს გახდება ბიძგი უფრო მეტის მისაღწევად.
 
კითხვა: სისტემის რომელიმე იდეაზე ფიქრისას ძნელია აზრის ხაზის შენარჩუნება გონებაში მოტრიალე ყოფით საკითხებთან დაკავშირებით, - მასალა ხომ აგრერიგად შეზღუდულია.
 
პასუხი: არა, მასალა ძალზე ბევრია - სხვა რამაა შეზღუდული. ან სურვილია შეზღუდული, ან ძალისხმევაა შეზღუდული, მაგრამ არა მასალა.
 
კითხვა: მაინტერესებს, რატომ ვეწინააღმდეგები სხვა, შემოპარული, ხელისშემშლელი აზრების აღმოფხვრას?
 
პასუხი: ორი მიზეზი არსებობს. თქვენს წინააღმდეგობას ერთი მიზეზი აქვს, ხელისშემშლელ შემოპარულ აზრებს - სხვა. მეორე მიზეზი ჩვენი აზროვნების ჩვეულებრივ მეთოდს წარმოადგენს - ჩვენ ვერასოდეს ვინარჩუნებთ აზრის ხაზს, რადგან შემთხვევითი ასოციაციები გვაბნევს. წინააღმდეგობა - სხვაა, ის შედეგია იმისა, რომ არ ვიცით, როგორ ვიმუშაოთ ამ პრობლემაზე და გარკვეული მიმართულებით განზრახული აზროვნების გამოცდილება არ გაგვაჩნია. ეს უნარი განვითარებული უნდა იყოს.
 
შემიძლია გითხრათ, რა აკლია ჩვენს აზროვნებას, მაგრამ თუ საკუთარი დაკვირვებები არ გაქვთ, თქვენ ეს არაფერს მოგცემთ. აზრები საკმაოდ მოკლეა, ისინი ბევრად გრძელი უნდა იყოს. როდესაც მოკლე და გრძელი აზრების დაკვირვების გამოცდილებას დააგროვებთ, მიხვდებით, რას ვგულისხმობ.
 
კითხვა: გაოგნებული ვარ ჩვენი აზროვნების უნარის შეზღუდულობებით. რას ეფუძნება ეს?
 
პასუხი: როდესაც მეტი ცნობიერების პირობებში, ცენტრების მაღალი ნაწილების გამოყენებით საკუთარ თავში უკეთესი აზროვნების მაგალითებს იპოვით, დაინახავთ, რას ეფუძნება ეს შეზღუდულობები. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი გონება შეზღუდულია, მაგრამ არ ვიცით, კონკრეტულად რაშია შეზღუდული. როდესაც აზროვნების ორ მეთოდს გაეცნობით და მათ შედარებას შეძლებთ, დაინახავთ რაში მდგომარეობს განსხვავება, და მიზეზებზე საუბარი მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
 
კითხვა: ძალზე კარგი ინტელექტის მქონე ადამიანი აუცილებლად უფრო სწრაფად განვითარდება, ვიდრე ნაკლები ინტელექტის მქონე ადამიანი?
 
პასუხი: ხან კი, ხან არა. ინტელექტით იმდენის გაკეთება არაა შესაძლებელი, რამდენიც ცენტრების წონასწორობით და ცნობიერების განვითარებით, იმიტომ, რომ ჩვეულებრივ მდგომარეობაშიც კი №1, 2 და 3 ადამიანი შეიძლება მეტად ან ნაკლებად გამოღვიძებული, მეტად ან ნაკლებად ცნობიერი იყოს.სრულიად შესაძლებელია, კარგი ინტელექტის მქონე ადამიანს ეძინოს, ამასთან, ზედმეტად დარწმუნებული იყოს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, მათთან გადაჭარბებულად იყოს გაიგივებული იმისთვის, რომ მუშაობა დაიწყოს. მას საკუთარი ინტელექტი ამუხრუჭებს. ასეც ხდება. ხშირად ინტელექტუალური განვითარება სწავლას აფერხებს, რადგან ადამიანს ძალზე უყვარს კამათი, ყველაფრის ახსნას ითხოვს და ა.შ. მხოლოდ ინტელექტის განვითარება არაა საკმარისი, ემოციებზე მუშაობა მალევე ხდება აუცილებელი.
 
კითხვა: შევამჩნიე, რომ მათ, ვინც ყოველთვის ცოტას ფიქრობს, მუშაობისას ნაკლები სირთულე ექმნებათ, ვიდრე იმათ, ვინც ფიქრობს. რომელია უკეთესი?
 
პასუხი: ორივე ცუდია - ის, ვინც არ ფიქრობს, და ის, ვინც ძალზე ბევრს ფიქრობს.
 
კითხვა: ეს იმ ადამიანებსაც ეხება, ვინც ცხოვრებაში გამორჩეულად ითვლება?
 
პასუხი: ადამიანები, რომლებიც გამორჩეულად ითვლებიან, ძალზე განსხვავებულები არიან, ამიტომ ერთიანად ყველაზე საუბარი რთულია. ისინი ნამდვილად გამორჩეულები შეიძლება იყვნენ, შეიძლება თავად იჩემებდნენ გამორჩეულობას, ან სხვა ადამიანები თვალთმაქცურად აღიარებდნენ მათ გამორჩეულობას. მაგრამ თუ თქვენ გულისხმობთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ძალზე გაიგივებულები არიან საკუთარ წარმატებასთან, მათთვის მუშაობა ძალზე ძნელი იქნება - არა წარმატების გამო, არამედ გაიგივების გამო. ხანდახან ცხოვრებაში უპირატესობა მუშაობაში შეფერხებას ნიშნავს, რადგან რაც უფრო უკეთესია ადამიანი №1, 2 ან 3, მით უფრო მეტი თვითნებობა და სიჯიუტე უნდა დაძლიოს მან. მუშაობის თვალსაზრისით ყველაზე იოლი და მომგებიანია - იყო სრულიად ჩვეულებრივი ადამიანი.
 
კითხვა: ნუთუ ყოფით ცხოვრებაში წარმატებულობა არაარსებითია? თუ ადამიანი არგაიგივებული უნდა იყოს ცხოვრებისეულ საქმიანობასთან, შედეგის მიუხედავად?
 
პასუხი: ორივე აუცილებელია. წარმატება თავისთავად საშიში არაა, თუ ადამიანი მასთან არ იგივდება. მიზანი არა წარმატება ან მარცხია, არამედ არგაიგივება. წარმატებას ბევრ საკითხში შეუძლია დახმარება.
 
კითხვა: რამდენად დიდ როლს თამაშობს ინტელექტი ამ სისტემაში?
 
პასუხი: ინტელექტი ძალზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან სწორედ მისგან ვიწყებთ. ეს ერთადერთი ცენტრია, რომელიც საკუთარ თავს ემორჩილება. მაგრამ ინტელექტის განვითარება მხოლოდ გარკვეულ წერტილს აღწევს. შესაძლებლობები ემოციურ ცენტრშია.
 
კითხვა: რაიმე თუ მოგვეპოვება, რითიც ახლა ჩვენი აზრების კონტროლირება შეგვიძლია?
 
პასუხი: თუ სწორი მიმართულების ინტერესები გაქვთ, ეს ინტერესები გარკვეული ხარისხით სხვა დანარჩენს აკონტროლებს. თუ ინტერესები არაა, არც კონტროლია.
 
კითხვა: თქვენ თქვით, რომ ამ იდეებზე სწორად ფიქრისთვის ინტელექტუალური ცენტრის ინტელექტუალური ნაწილის გამოყენებაა აუცილებელი. რამდენად შესაძლებელია ეს აზროვნების დროს ყურადღების კონტროლის მცდელობით განხორციელდეს?
 
პასუხი: არა, ეს ერთდროული მოქმედებაა, მათი გაყოფა შეუძლებელია. საქმე იმაშია, რომ გარკვეულ საკითხებზე ფიქრი მხოლოდ ინტელექტუალურ ნაწილშია შესაძლებელი - თუ სწორად ფიქრობთ და აფორმულირებთ იმას, რაზეც ფიქრი გსურთ. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამ იდეაზე უნდა შეძლოთ შეჩერება ისე, რომ წარმოსახვაში არ გადახვიდეთ. ამგვარად, ადგილს თავად ფუნქცია განსაზღვრავს.
 
კითხვა: დავასკვენი, რომ არ ვიცი, როგორ ვიფიქრო იმის შესახებ, რაზეც ფიქრი მსურს. ეს ბუფერების ბრალია?
 
პასუხი: ვფიქრობ, მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ ამ იდეებზე ფიქრს ჩვეული არ ვართ - არ ვთვლით, რომ მათზე ფიქრი აუცილებელია. თუ ამ აუცილებლობას ვაცნობიერებთ, ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, შევძლებთ ამის გაკეთებას. მაგრამ ბუფერებს ამასთან საერთო არაფერი აქვს.
 
კითხვა: მეჩვენება, რომ უმეტეს შემთხვევებში, სისტემის გაცნობას პირველ ეტაპზე შედეგად ნგრევა მეტად მოაქვს, ვიდრე შენება.
 
პასუხი: ჩემი თვალთახედვით, შენებისა და ნგრევის იდეა მცდარია. არაფერი ინგრევა, მაგრამ თუ წარმოვიდგენთ, რომ იმას ვფლობთ, რაც სინამდვილეში არ გვაქვს, როდესაც მუშაობას ვიწყებთ, ვხვდებით, რომ მხოლოდ გვეგონა, რომ ეს გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ ეს ილუზიაა, რომელზეც უარი უნდა ვთქვათ. ჩვენ ან რეალობის ფლობა შეგვიძლია, ან ილუზიის. ჩვენ არაფერს ვკარგავთ იქიდან, რასაც ნამდვილად ვფლობთ; მხოლოდ წარმოდგენას ვკარგავთ, რომ იმას ვკარგავთ, რაც სინამდვილეში არ გვაქვს.
 
ხშირად ხდება, რომ ადამიანი მუშაობაში განიხიბლება, რადგან თავიდანვე არჩევას იწყებს - ერთს იღებს, მეორეს კი უარყოფს. ამიტომ გარკვეული ხნის შემდეგ სისტემის მაგივრად საკუთარ ნაკრებს იღებს, რაც არ მუშაობს. ვიღაცას მხოლოდ ინტელექტუალურად გაგება სწადია, საკუთარ თავთან ექსპერიმენტების ჩატარება და დაკვირვება არ სურს, მაგრამ პრაქტიკული სამუშაოს გარეშე წინსვლა შეუძლებელია.
 
კითხვა: გვეტყვიან, როდის უნდა დავიწყოთ პრაქტიკული მუშაობა?
 
პასუხი: გარკვეულ პრაქტიკულ სამუშაოს თავიდანვე ასრულებთ. მხოლოდ თეორიული მუშაობა ნიშნავს, რომ არაფერი გიკეთებიათ. მუშაობა - თავიდანვე პრაქტიკულია.
 
ხშირად მითქვამს, რომ პირველი პირობის თანახმად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რისი მიღება გვსურს. ადამიანები სხვადასხვა გზით მიდიან აქამდე. ზოგს ცოდნა სურს. მათ იციან, რომ გარკვეული ცოდნა და მცოდნე ადამიანები არსებობენ, მათ კი ამ ცოდნის მიღება სურთ. სხვები თავიანთ სისუსტეებს აცნობიერებენ და ესმით, რომ თუ მათგან გათავისუფლებას შეძლებენ, ყველაფერი შეიცვლება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები სხვადასხვა მიზნებით მოდიან, მაგრამ მათ დასაწყისი არ უნდა დაივიწყონ. მათ შეიძლება შეახსენონ, მაგრამ ეს ვერ უშველის, თუ თავად არ ახსოვთ.
 
კითხვა: საკუთარი მიზნის განმტკიცებას ვისურვებდი. კვლავ ისეთი რეაქციები მაქვს, როგორც ადრე, და როგორც ჩანს, ისევ მექანიკური ვარ. უფრო მეტი ძალისხმევა ხომ არაა საჭირო?
 
პასუხი: თავისთავად დიდი ძალისხმევები არ დაგეხმარებათ, ისინი გაგებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ეს უფრო მეტად შეფასების, ზოგადი შეფასების, იდეების შეფასების საკითხია. თითქმის ყველაფერზე შეგიძლიათ ახლებურად, ადრინდელზე უკეთესად იფიქროთ. თქვენ ბევრი რამის ერთმანეთთან დაკავშირებას და გაგებას შეძლებთ, რომელთა გვერდიგვერდ დაყენებას და გაგებას აქ მოსვლამდე ვერ ახერხებდით. მაგრამ, სამწუხაროდ, აზროვნების ძველი და ახალი მეთოდი ერთდროულად გინდათ რომ გქონდეთ, და ამიტომ ახლისთვის ადგილი არ რჩება.
 
ამას გარდა, თუ უარყოფითი ემოციების გამოხატვის ჩვევა გაქვთ, საკუთარ თავს ვერ გაიხსენებთ, ვიდრე ისინი გექნებათ. ანუ, საკუთარი თავი რომ გაიხსენოთ, რომ მუშაობდეთ, მცირეოდენი თავისუფალი დრო მაინც უნდა გქონდეთ. საქმე იმდენად იმაში კი არ არის, რომ მიზანი არ გაქვთ, არამედ იმაში, რომ მსხვერპლის გაღება არ გსურთ. თქვენ არ შეგიძლიათ რაც გაქვთ, ყველაფერი შეინარჩუნოთ და კიდევ დამატებით რაღაც შეიძინოთ.
 
კითხვა: ადამიანში სწორედ ერთობის არარსებობა აფერხებს ასე სისტემის მიზანსა და ყოფითი ცხოვრების მიზნებს შორის პრაქტიკული კავშირის პოვნას?
 
პასუხი: ყოფით ცხოვრებაში მიზნები საერთოდ არაა - აი, სად ცდებით. ყოფით ცხოვრებაში ერთი მიზანი მეორეს კვეთს და ანადგურებს მას, ან მის ხასიათს ცვლის, ასე რომ საბოლოოდ მიზნები აღარაა.
 
კითხვა: თქვენ ამბობთ, რომ ქუჩაში ადამიანებს მიზნები საერთოდ არ აქვთ. მაგრამ როდესაც ადამიანს ასაკი ემატება, ის იმდენად აღარ მიედ-მოედება, კონკრეტული ინტერესი უჩნდება.
 
პასუხი: ეს მხოლოდ ერთი მხარეა, მის ყოფიერებასა და ცნობიერებაში კი ბევრი სხვაც არსებობს, რომელთაც ეს ერთი საერთოდ არ ეხება. ცალკეულ ადამიანებს გარკვეული ერთობა ცხოვრებაშიც კი შეუძლიათ განავითარონ, მაგრამ ეს გამონაკლისებია. თუ, როგორც ამბობთ, ადამიანს კონკრეტული ინტერესი უჩნდება, ე.ი. „მე“-თა მხოლოდ ერთი ჯგუფი ავითარებს ამ ინტერესს, სხვებმა კი ამის შესახებ არაფერი იციან - მხოლოდ მცირე ჯგუფია ამით დაკავებული. ანუ, აქ ორი კითხვა ჩნდება: უმცირესობისა და უმრავლესობის შესახებ, და იმ ფაქტის შესახებ, რომ თუ ინტერესის კონკრეტული ხაზი ისახება, ის მრავალ სხვა რამეს არ ეხება და ყოფიერების მხოლოდ მცირე ნაწილს იკავებს. ყოფიერების მთელი ერთობა არასდროს მონაწილეობს ამაში.
ვფიქრობ, რომ აუცილებელია უკეთ გაგება იმისა, რაც ადრე მუშაობაში და ყოფით ცხოვრებაში ღირებულებების საკითხზე ითქვა. ყოფით ცხოვრებაში იმდენად ბევრი წარმოსახვითი ღირებულება არსებობს, რომ მასში გარკვეული სიცხადის შეტანა სასარგებლო იქნებოდა. ცხოვრებაში საუკეთესოს არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია - ადამიანები მცირეს ხედავენ და დიდს ხელიდან უშვებენ. მუშაობისას თქვენ ბევრი სხვადასხვა მოქმედება უნდა შეასრულოთ, რათა იგრძნოთ, რომ იღვიძებთ. შემდეგ რაღაც სხვა მოდის; ყველაფერი მოდის, რადგან ეს მხოლოდ დასაწყისია.
 
მუშაობაში მიზანი აუცილებელია, მაგრამ ის თვითნებური და გამოგონილი არ უნდა იყოს. მიზანი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს - გამოღვიძება - და ის მაშინ მოდის, როდესაც გააცნობიერებთ, რომ გძინავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი საჭიროება არ იქნებოდა. ყველა დანარჩენი მიზანი, როგორც არ უნდა ჩამოაყალიბოს ის ადამიანმა, ამას უნდა ეხმიანებოდეს. ასეთ შემთხვევაში, თუ ადამიანს გამოღვიძება სწადია, ის წინაღობებს შეამჩნევს; დაინახავს, რა აკავებს მას ძილში; მრავალ მექანიკურ ფუნქციას იპოვის - საუბრებს, ტყუილს, უარყოფით ემოციებს და ა.შ.; და გააცნობიერებს, რომ მთელი ცხოვრება მექანიკური ფუნქციებისგან შედგება, რომლებიც გამოღვიძებისთვის დროს საერთოდ არ ტოვებს. მაშინ ის მიხვდება მათი დათრგუნვის, ან მინიმუმ, შესუსტების აუცილებლობას; მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება მას გამოღვიძებისთვის დრო.
 
კითხვა: ჩემი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არ ვიცი - ნამდვილად მსურს გამოღვიძება?
 
პასუხი: რა შემიძლია გითხრათ? წარმოიდგინეთ, რომ მაღაზიაში შედიხართ და კითხვას სვამთ: „მსურს აქ რაიმეს შეძენა თუ არა?“ იგივეა აქაც. ამიტომ - როგორ გიპასუხებთ? უნდა გესმოდეთ, რომ თავიდან მხოლოდ უსიამოვნებებს იღებთ. შესაძლოა(მე ვამბობ მხოლოდ შესაძლოა), სასიამოვნოს მიღების ალბათობა უსიამოვნოს მიღების უნარზეა დამოკიდებული; შესაძლოა, ეს ერთადერთი შანსია. და თუ თქვენ თანხმდებით გქონდეთ რაღაც ძალზე უსიამოვნო, ყოველთვის იმაზე მეტს მიიღებთ, ვიდრე ელოდით. თუ ნახევარ ფუნტ უსიამოვნებაზე დათანხმდით, მიიღებთ ოც ფუნტს. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია - რითი ვიხდით. ძალისხმევა - ჯერ კიდევ არაა ნამდვილი ფული; ძალისხმევა რაღაცაზე უნდა გადაიცვალოს, შემდეგ კიდევ ერთხელ გადაიცვალოს, მანამ, სანამ არ მიაღწევთ იმას, რაც ფულად იქცევა. ეს ძალზე რთულია. მაგრამ რამ შეგაშინათ?
 
კითხვა: ტანჯვა - სიტყვაა, რომელიც მაშფოთებს. ვფიქრობ, უსიამოვნებებთან პირისპირ შეხვედრა არ ძალმიძს.
 
პასუხი: ეს გემოვნების საკითხია. რას ნიშნავს „უსიამოვნო“? ეს ფასს ნიშნავს. გეთანხმებით, გაცილებით სასიამოვნოა სასურველის უფასოდ მიღება, მაგრამ ასეთი მეთოდი ჯერ არ გამოუგონებიათ. ადამიანს ან ესმის ეს და ამბობს: „გადავიხდი, მაგრამ უნდა ვიცოდე, როგორ“, ან ეეჭვება და ამბობს: „უმჯობესი იქნებოდა საერთოდ არ გადამეხადა, ან გადამეხადა საკუთარი თავისთვის“. ამ დროს არაფერი ხდება.
 
კითხვა: თავიდან მუშაობა ძალიან მინდოდა. ახლა ვხედავ, რომ ძალზე ბევრია გასაკეთებელი, და ვგრძნობ, რომ უიმედო მდგომარეობაა.
 
პასუხი: თუმცა აღწერით ბევრი გეჩვენებათ, ყველაფრის ერთზე დაყვანაა შესაძლებელი. ეს დროს მოითხოვს, ეს ორგანული პროცესია. მრავალი წლის განმავლობაში ყველაფერი არასწორად ხდებოდა, ამიტომ უნდა ადროვოთ, ცვლილება რომ განხორციელდეს.
 
კითხვა: ხანდახან მაშინებს ის, რომ არ ვიცი, რას ვაკეთებ ან რა მსურს. თავს უფლებას ვაძლევ, ძალზე უარყოფითი გავხდე.
 
პასუხი: პირველ რიგში, ნება არ უნდა მისცეთ, მეორე, როდესაც დაეჭვებული ხართ, უნდა გახსოვდეთ, რომ სხვა „მე“-ების გამოძახება სცადოთ, რომლებსაც გარკვეული შეფასება გააჩნიათ. ეს ერთადერთი გზაა ეჭვების დასამარცხებლად.
 
კითხვა: დროდადრო მუშაობის მიმართ მძლავრი ანტიპათია და წასვლის სურვილი მიპყრობს, რადგან ჩემში არის რაღაც, რაზეც უარის თქმა არ მსურს. როგორ ვებრძოლო ამას?
 
პასუხი: თქვენ ან უნდა წახვიდეთ, ან განაგრძოთ მერყეობა მანამ, სანამ ან ერთში დარწმუნდებით, ან მეორეში. ვიდრე მერყეობთ, არაფერი არ უნდა გააკეთოთ; ძალზე მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ ეს. როგორც გაგების შემთხვევაში უნდა ირჩევდეთ ისეთ საკითხებს, რომლებიც უკეთ გესმით, და მათზე ფიქრობდეთ, ზუსტად ისევე კეთებასთან მიმართებაში ის უნდა აირჩიოთ, რაშიც დარწმუნებული ხართ, და ცხოვრება არ დაინგრიოთ იმით, რაც არ გესმით. თუ სწორად აზროვნებთ, ანუ აგროვებთ და ინახავთ მხოლოდ იმას, რაც გესმით, და ცდილობთ ის აკეთოთ, რაც გესმით, გასაგების რაოდენობა თანდათან მოიმატებს. მაგრამ თუ გონებას გაგუგებრობებით აავსებთ, ადგილიდან ვერასოდეს დაიძვრებით. ეს სისტემის მეთოდის სრულიად განსაზღვრული ნაწილია.
 
ბევრი რამ ძალზე კარგად ვიცით, მაგრამ საკუთარი თავის მოტყუებას ვაგრძელებთ, ძირითადად სიტყვების შესახებ. ძალზე რთულია სიტყვების ჭეშმარიტი ფასის გაგება. „სულით ღატაკნი“ - ისინი არიან, ვისაც სიტყვის არ სწამთ, ხოლო „სულით მდიდრებს“ - სიტყვის სწამთ. ადამიანები ხშირად ამბობენ: „თუ ამას და ამას გავაკეთებ, კარგი იქნება“. მათ არ ესმით, რომ შეუძლებელია ზუსტად ისე გაკეთება, როგორც თავად სურთ, რომ ყოველი ნაბიჯი ცოტათი სხვაგვარი იქნება, ბოლოს კი შედეგი სრულიად სხვა აღმოჩნდება. შემდეგ, როდესაც დაინახავენ, რომ ყველაფერი სხვაგვარად გამოვიდა, ამბობენ: „დიახ, მაგრამ თავდაპირველი იდეა კარგი იყო“. ის არ იყო კარგი. ის მხოლოდ გამოიყურებოდა ლამაზად, მაგრამ განხორციელებისას იდეა ხშირად საპირისპიროდ იცვლება. ის აუცილებლად იცვლება წინააღმდეგობის გამო. არსებობს იდეები, რომელთაც ძალუძთ ტრიადების გავლა, და სხვა იდეები, რომელთაც ეს არ შეუძლიათ, და არსებობენ მხოლოდ ერთი ძალის ფორმით, ან ნახევარი ძალის, ან მეოთხედის.
 
კითხვა: მეჩვენება, რომ გაგება, რომლისკენაც მივილტვით, მხოლოდ ზოგიერთებისთვისაა მიღწევადი. განა მოსალოდნელი არაა, რომ ბევრი ჩვენგანი ერთ წერტილში გაიყინება და იძულებული გახდება, წავიდეს?
 
პასუხი: გარანტირება შეუძლებელია. მაგრამ თუ ადამიანს რაიმე სურს, მუშაობას ცდილობს და რომელიმე რთულად სამართავი განსაკუთრებით უსიამოვნო თვისება არ ახასიათებს, მას შანსი აქვს. სულ ესაა, რაც შემიძლია ვთქვა. ყველა ადამიანს ერთნაირი შანსი აქვს. ვიღაც შესაძლოა კარგი და მშვენიერი თვისებებით იყოს დაჯილდოებული, მაგრამ ერთი პატარა თვისება ჰქონდეს, რომელიც მუშაობას ძალზე ართულებს - უფრო რთულს ხდის, შესაძლოა, ვიდრე სხვისთვის, რომელიც ასეთ ბრწყინვალე თვისებებს არ ფლობს.
 
კითხვა: არის თუ არა სინდისი ის, რასაც ყველაზე უკეთ შეუძლია ადამიანს საკუთარი თავის შეცნობაში დაეხმაროს?
 
პასუხი: დიახ, ეს აუცილებელი ელემენტია; აუცილებელია ამის გავლა. ეს ყველაზე უსიამოვნო რამაა სამყაროში, რადგან ჩვეულებრივ მდგომარეობაში ჩვენ საკუთარ თავს ბევრ რამეს ვუმალავთ. თუ რაიმეს დანახვა არ გვსურს, უბრალოდ თვალებს ვხუჭავთ და ვერ ვხედავთ. მაგრამ სინდისიერ მდგომარეობაში ჩვენი თვალები დახუჭული არ იქნება.
 
კითხვა: როგორ შეიძლება სისტემის იდეების შეტანა ყოფით ცხოვრებაში?
 
პასუხი: საკუთარი თავის და სისტემის შესწავლის გზით. ყველას აქვს ბევრი პირადი კითხვა და პრობლემა, მაგრამ ჯერჯერობით სისტემა თქვენგან გამოყოფილად არსებობს. თანდათან ისწავლით უფრო და უფრო მეტ საკითხს დაუკავშიროთ ის, და გარკვეული ხნის შემდეგ სისტემის იდეები ყველაფერს განმსჭვალავს.
 
კითხვა: ითვლება თუ არა დროის კარგვად უსარგებლო საუბრები, სიცილი და ხუმრობა?
 
პასუხი: თავისთავად ამაში ცუდი არაფერია. ცუდია ის, რაც მექანიკურობას ზრდის. ლაყბობასა და სიცილში დროსტარება - ერთ-ერთი ყველაზე მექანიკური მოქმედებაა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა გსურთ თქვენ. თუ დასვენებას გადაწყვეტთ, ეს შეიძლება ნამდვილ დასვენებად იქცეს. მაგრამ თუ ამის გაჩერება არ ძალგიძთ, თუ ის თქვენზე ბატონობს, მაშინ ეს ცუდია.
 
კითხვა: ვაკვირდები, რაოდენ დიდ ენერგიას ვკარგავ ბუნდოვან წარმოსახვებში, ოცნებებში და შფოთვებში, მაგრამ ვერ ვეწინააღმდეგები ამას.
 
პასუხი: მთელი სისტემა წინააღმდეგობის მეთოდს წარმოადგენს. მაგრამ ჯერ უნდა შეისწავლოთ. საკმაოდ რთულ მანქანასთან გაქვთ საქმე და მას უნდა იცნობდეთ. მისი შესწავლისას აღმოაჩენთ, რა უნდა გაქრეს, რა - დარჩეს, რა გეხმარებათ და რა გიშლით ხელს, რა უნდა მოიცილოთ და რა განავითაროთ. ადამიანები ან ვერ აცნობიერებენ, რომ შეცვლა შეუძლიათ, ან, თუკი აცნობიერებენ, ძალზე იოლად უდგებიან ამ საკითხს. მათ ჰგონიათ, რომ საკმარისია გაიცნობიერონ და გადაწყვიტონ - და შეიცვლებიან. მაგრამ თავისთავად გაცნობიერება ცვლილებებს არ იწვევს - ჩვენში ძალზე ბევრი ტენდენციაა შექმნილი. უნდა ვიცოდეთ, მათ როგორ ვებრძოლოთ.
 
კითხვა: გამუდმებით საკუთარ წარსულს ვებრძვი. ფესვები ძალზე ღრმად მიდის.
 
პასუხი: სავსებით სწორია. მაგრამ პირდაპირი მეთოდი არ არსებობს; დღევანდელი დღით უნდა დავიწყოთ, გუშინდელი დღის შეცვლა არ ძალგვიძს. შეეცადეთ დღეს შეიცვალოთ, და ეს გარკვეულ ცვლილებებს ხვალ გამოიწვევს. ეს ნებისმიერი ჩვენგანის მდგომარეობაა, რომელშიც დაწყება გვიწევს. თუმცა ეს ისეთი წინაღობა არაა, რომელსაც ვერ დავძლევთ.
 
კითხვა: ბოლო დროს ძალზე ნეგატიურად ვარ განწყობილი ჩემი ცხოვრების პირობებისადმი, და კარგად არ მესმის, რა პოზიცია უნდა დავიკავო.
 
პასუხი: სიმართლეა, რომ გარკვეულ პირობებში ადამიანი ძალზე ძლიერად იგივდება რაიმესთან და განსხვავების დანახვის შესაძლებლობას კარგავს. ხანდახან ვერაფერს გახდებით, ხანდახან კი ბრძოლა შესაძლებელია. ამასთან, გაზვიადების მიდრეკილება გვაქვს. პირობები შესაძლოა არც თუ ისე ცუდი იყოს.
 
ბევრი სხვადასხვა თვალთახედვა არსებობს, სიტუაციის შეფასება კი მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ.
 
კითხვა: სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ არ ვიცი, ყოფით ცხოვრებაში რა არის სწორი და რა მცდარი, და ეს ყველა ჩემს მოქმედებას საფარველივით ან საღებავის ფენასავით ფარავს.
 
პასუხი: რაც არ ვიცით, იმის შესახებ ვერ ვისაუბრებთ. ჩვენ ვიცით, ან, ყოველ შემთხვევაში, უნდა ვიცოდეთ. არავინ ცხოვრობს სწორის და მცდარის გარკვეული ცნებების გარეშე. მაგრამ როდესაც ამ სისტემას ხვდებით და მის საფუძველს იგებთ, ხედავთ, რომ სწორი დაკავშირებულია ცნობიერებასთან, ხოლო მცდარი - მექანიკურობასთან. თუ ადამიანები შეძლებისდაგვარად ცნობიერნი არიან - ასე ვთქვათ, მიახლოებით ცნობიერნი, მათ უკეთესი მიმართულება აქვთ. ერთ ადგილზე, მაგრამ განსხვავებული მიმართულებით დგომაც კი უკვე განსხვავებებს ქმნის.
 
კითხვა: სწორია თუ არა კითხვების დასმა ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად?
 
პასუხი: ცნობისმოყვარეობა - ნორმალურია, თუ საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ შესწავლა მოგანდომოთ, და თუ ცნობისმოყვარეობის სწორი ფორმაა, რადგან მისი სხვადასხვა ფორმები არსებობს. სწორი ცნობისმოყვარეობა - ძალზე მნიშვნელოვანი ინტელექტუალური ემოციაა.
 
კითხვა: საიდან წარმოიქმნება ჩვენი ცნობისმოყვარეობა ჭეშმარიტების მიმართ? და საერთოდ, რატომ ვართ ცნობისმოყვარეები?
 
პასუხი: ცნობისმოყვარეობა - განსაკუთრებული ემოციაა, რომელიც ყოველ ცენტრში არსებობს. ინტელექტუალურ ცენტრში ის ცოდნის სურვილთანაა დაკავშირებული. მაგრამ როგორ უკავშირებთ მას ჭეშმარიტების იდეას? ეს უბრალოდ ინტელექტუალური პროცესია. ინტელექტუალურად ვარჩევთ, რა არის ჭეშმარიტი და რა - მცდარი, და, ბუნებრივია, ცნობისმოყვარეობას ჭეშმარიტის მიმართ ვამჟღავნებთ და არა მცდარის მიმართ, ისევ და ისევ, მხოლოდ გონებაში. თუმცა არ ვიცით, რა არის ჭეშმარიტება, შეგვიძლია ვიცოდეთ, ზუსტად რა არ წარმოადგენს მას. ჩვენი გონება იმგვარადაა მოწყობილი, რომ ვიცით, რა არის მცდარი, თუმცა მრავალ შემთხვევაში ვერ ვამბობთ, რა არის ჭეშმარიტი.
 
კითხვა: რა განსხვავებაა ცოდნის სურვილსა და ჩვეულებრივ ცნობისმოყვარეობას შორის?
 
პასუხი: განსხვავებას ქმნის ის, რისკენაცაა ის მიმართული. მეზობლის საქმეების ცოდნის სურვილი, რომელიც თქვენ არ გეხებათ, და ტრიადების ცოდნის სურვილი - ეს ორი სურვილი ცენტრების განსხვავებულ ადგილებში იმყოფება. ჩვეულებრივი ცნობისმოყვარეობა - სისუსტე, სისულელეა.
 
კითხვა: ვფიქრობ, ცნობისმოყვარეობის სწორი ფორმა მაკლია, რადგან კითხვების დასმა მიჭირს. ან ძალზე ზარმაცი ვარ, ან ვფიქრობ, რომ თავადაც შემიძლია მათზე პასუხის გაცემა.
 
პასუხი: თუ ნამდვილად გსურთ კითხვების დასმა, თქვენ დასვამთ მათ, თუნდაც ფიქრობდეთ, რომ პასუხი თქვენთვის ცნობილია. თუ თქვენ ფიქრსცდილობთ, კითხვები დაგებადებათ; უკვე ახლა უნდა გქონდეთ ბევრი კითხვა, უბრალოდ თქვენ მათ ფორმულირებას არ ახდენთ. შეუძლებელია კითხვების არქონა, რადგან უამრავი რამაა, რისი ცოდნაც გენდომებოდათ. ამიტომ მათზე უნდა იფიქროთ და კითხვების ფორმულირება სცადოთ.
 
კითხვა: რეალურად რას ნიშნავს - ერთობის ქონა? ვფიქრობდი, ეს მუდმივი „მე“-ს ანალოგიური იყო, მაგრამ ახლა არ ვარ დარწმუნებული.
 
პასუხი: შეიძლება ანალოგიური იყოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, გაგებას საიდან იწყებთ. თქვენ შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოთ, ორი-სამი დღის შემდეგ კი მის საწინააღმდეგოდ იმოქმედოთ და თავი იმართლოთ. ან გსურდეთ ბრძოლა, ცდილობდეთ არ აკეთოთ ის, რასაც ჩვეულებრივ აკეთებთ, და როდესაც აღმოაჩენთ, რომ კვლავ აკეთებთ ამას, გააცნობიერებთ, რომ ერთობა არ გაქვთ. ამჟამინდელ მდგომარეობაშიც კი შეგვიძლია ერთობის მიღწევისკენ ვისწრაფოთ, ანუ საკუთარი თავი შევკრიბოთ, ან გაფანტული დავრჩეთ და არაფერი მოვიმოქმედოთ.
 
კითხვა: როდესაც სამუშაოს შესრულებას ვცდილობ, რომელიც არ მომწონს, რის გაკეთება შეიძლება არგაიგივების გარდა, რომ ის კარგად გავაკეთო?
 
პასუხი: თავიდან, როდესაც რომელიმე სამუშაოს შესრულებას ცდილობთ, თქვენ სწორ ადგილს ვერ იხელთებთ, საიდანაც მისი შესრულებაა აუცილებელი, რადგან მუშაობის ამა თუ იმ ფორმის განხორციელება თქვენში მხოლოდ ერთი ადგილიდან შეიძლება და ხანდახან ამ ადგილის პოვნა ძალიან ძნელია. მაგალითად, ეს ძალზე ხშირად ხდება, როდესაც წერილის დაწერა გსურთ - როდესაც წერას იწყებთ, გაცილებით მეტს წერთ, ვიდრე ვარაუდობდით. სწორ ცენტრში სწორი ადგილის პოვნაშია საქმე. ყველაფრისთვის, რასაც ვაკეთებთ, კონკრეტული ცენტრის კონკრეტული ადგილი არსებობს, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია, ან, ყოველ შემთხვევაში, უკეთ გაკეთება შეუძლია, ვიდრე იმავე ცენტრის ან სხვა ცენტრების ნებისმიერ სხვა ადგილს.
 
კითხვა: მოიაზრებს თუ არა რაიმეს კარგად კეთება გარკვეულწილად ცრუ პიროვნების დამორჩილებას?
 
პასუხი: გარკვეულ დონემდე ასე გაგება შესაძლებელია. ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანს რაიმეს კარგად გაკეთება შეუძლია, მას გარკვეული სტანდარტი აქვს, რომლის მეშვეობითაც ზომავს სხვა ადამიანების და საკუთარ საქმიანობას, და ხედავს, როდესაც რაიმეს არასწორად აკეთებს. თუ ადამიანს ეს არ აქვს, თუ კარგად ვერაფერს აკეთებს, მას არც სტანდარტი გააჩნია.
 
კითხვა: კრიტიკულად ვარ განწყობილი ადამიანების მიმართ, რომლებსაც ხშირად ვხედავ, ვცადე ეს შემეჩერებინა, მაგრამ უარესი ფორმით დამიბრუნდა.
 
პასუხი: დიახ, ხანდახან ეს ძალზე დამთრგუნველი ხდება, და მისი შეჩერება გაცილებით რთულია, ვიდრე ჩვეულებრივ ფიქრობენ. მხოლოდ ერთი გზაა - ამას უბრალოდ პირადი სარგებლის კუთხით შეხედოთ. ასეთი კრიტიკული მიდგომა რაიმეს გაძლევთ თუ არა? თქვენ ნახავთ, რომ არაფერს გაძლევთ. ჩვენ ხშირად გვავიწყდება პირადი სარგებლის საკითხი, თუმცა ის არა მხოლოდ კანონიერია - ეს ერთადერთი კრიტერიუმია. ხანდახან ისეთ საკითხზე ვხარჯავთ უზარმაზარ ძალისხმევას, დროს და ემოციებს, საიდანაც სარგებელს საერთოდ ვერ ვიღებთ. შესაძლოა, ეს დაგეხმაროთ კრიტიკის შეწყვეტაში. ეს იგივეა, აკრიტიკოთ ამინდი.
 
კითხვა: ხშირად ვფიქრობ, რომ ყველაფერი ცუდადაა მოწყობილი.
 
პასუხი: და თქვენ შეგიძლიათ უკეთ მოაწყოთ? აზროვნების ამ ფორმას ვერ შეებრძოლებით, როდესაც ემოციური ამ მიზეზით ხართ, ამას მოგვიანებით შეძლებთ, როდესაც უკეთ ხედვას ისწავლით, - თუნდაც იმ თვალთახედვით, რომ ყველაფერი ისე უნდა მივიღოთ, როგორც არის. თქვენ ამას ვერ შეცვლით, მხოლოდ საკუთარი თავის შეცვლა შეგიძლიათ. ესაა ერთადერთი სწორი დამოკიდებულება, და თუ საკმარისად ხშირად ფიქრობთ ამ საკითხზე, ემოციური ელემენტი თანდათან გაქრება, და ყველაფერს სწორი მასშტაბით, სწორი თანაფარდობით დაინახავთ.
 
კითხვა: არსებობს თუ არა გაღიზიანების გამოხატვის ხელისშემშლელი მეთოდი? ბევრი ენერგია მეკარგება ამაზე.
 
პასუხი: და მისი გამოხატვით თქვენ შემდგომი გაღიზიანების მიზეზს ქმნით. შეეცადეთ, საკუთარი თავი ამაზე დაიჭიროთ. შეეცადეთ დაინახოთ, რომ გაღიზიანების გამოხატვის მიზეზი არა ამ ქმედების აუცილებლობის გაცნობიერებაა, არამედ მხოლოდ თავის მოტყუება, თითქოს გარკვეული მიზნით მოქმედებდეთ: რაღაცის შეცვლა გსურთ, ადამიანები ამგვარად არ უნდა მოიქცნენ და თქვენი გაღიზიანება გამოიწვიონ და ა.შ. მაგრამ გაღიზიანების გამოხატვის შემდეგ შეიძლება ყველაფერი გაუარესდეს, და თქვენ კიდევ უფრო მეტად გაღიზიანდეთ. ეს სავსებით უსარგებლოა - მცდარი შედეგების მიღება. თუ იფიქრებთ ამ მცდარ შედეგზე, შესაძლოა ენერგია გამონახოთ და გაღიზიანება არ გამოხატოთ, მიზეზი გაქრება, და ის, რაც ადრე გაღიზიანებდათ, ახლა გაგაცინებთ. ჩვენ ხშირად გამოვხატავთ უარყოფით ემოციებს არა იმიტომ, რომ მათი შეკავება არ შეგვიძლია, არამედ იმიტომ, რომ ვფიქრობთ, რომ ისინი უნდა გამოვხატოთ. ის გარკვეულწილად ყოველთვის გამიზნულია.
 
კითხვა: მაგრამ განა არ შეიძლება ადამიანი სამართლიანად განრისხდეს, როდესაც რაღაც არასწორად ხდება?
 
პასუხი: ყველაზე საშიში უარყოფითი ემოციები უსამართლობის და მრისხანების გრძნობიდან მოდის. ისინი ყველაზე მეტ ენერგიას გაკარგვინებთ, და მით უფრო უარესია, როდესაც მართალი ხართ.
 
კითხვა: რატომაა უარესი?
 
პასუხი: იმიტომ, რომ თქვენ ამას ამართლებთ. თუ მტყუანი ხართ, ხედავთ, რომ გაღიზიანება აბსურდულია. მაგრამ ეს არაა სრული ახსნა. ახლა ამ კუთხით შეხედეთ: გაიხსენეთ, რომ მოზრდილი არასწორი საკითხები არსებობს. ჩვენ კი ჩვეულებრივ მცდარ წვრილმანებთან ვიგივდებით და მოზრდილების არსებობა გვავიწყდება. თუ მათზე ვიფიქრებთ, მივხვდებით, რომ რომელიმე მცდარ წვრილმანთან გაიგივება უაზრობაა. თან ერთ მცირე გაიგივებას მეორე გაიგივებასთან მივყავართ. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, ეს სრული ახსნა არაა.
 
კითხვა: შეიძლება თუ არა ადამიანები სხვებზე გავლენას გამუდმებით ახდენდნენ?
 
პასუხი: დიახ, გარკვეულ დონემდე ასე ხდება - რამდენადაც თავად აძლევთ უფლებას. თუ ამ მიმართულებით მიდიხართ  და სხვებს თქვენზე ზემოქმედების ნებას აძლევთ, დიახ, მათ ექნებათ გავლენა. მაგრამ თუ საკუთარ თავს ეუბნებით: „არ მსურს გავლენის ქვეშ ყოფნა“, გავლენაც არ იქნება. გახსოვდეთ, რომ ისინი მანქანები არიან; განა მანქანას შეუძლია თქვენზე გავლენა იქონიოს? დიახ, თუ ამის უფლებას აძლევთ. წარმოიდგინეთ, რომ საოცარ ავტომობილს ხედავთ და სიცოცხლესაც დათმობდით მისი ფლობისთვის; ეს ნიშნავს, რომ ამ ავტომობილის ზეგავლენას განიცდით. იგივეა ადამიანების შემთხვევაში. თქვენ იმდენად ხართ სხვა ადამიანების გავლენისთვის ღია, რამდენადაც მათთან იგივდებით ან ითვალისწინებთ.
 
კითხვა: რაც შეეხება მუშაობას: შეიძლება თუ არა ადამიანებისთვის ზიანის მიყენება მათზე არასწორი ზეგავლენით?
 
პასუხი: დიახ, შეიძლება - ზოგისთვის, არა ყველასთვის. ზოგიერთი ძალზე ადვილად ემორჩილება ზეგავლენას, ამიტომ, თუ მათ მცდარ იდეებს აწვდით მუშაობის შესახებ, შეიძლება დააზიანოთ ისინი. სწორედ ამიტომ, ადამიანებთან საუბრისას, ძალზე ყურადღებთ უნდა იყოთ, რომ არასწორად არ გაგიგონ, მცდარი შთაბეჭდილება რომ არ გამოიწვიოთ.
 
კითხვა: ხომ ვერ აგვიხსნიდით, რატომ უნდა მოყვებოდეს ღრმა ძილი ექსპერიმენტირების ინტერესის და სურვილის მომენტებს, და ძილის დროს სრულიად რატომ იკარგება ექსპერიმენტის განმეორების სურვილი?
 
პასუხი: ყოველი ფუნქცია, ყოველი ძალისხმევა ენერგიას მოითხოვს, გამოღვიძებას კი განსაკუთრებული ენერგია ესაჭიროება. თუ გამოღვიძების მომენტში რაღაც შეცდომით ხდება, თუ რაიმე სახის გაიგივება არსებობს, ან რამე მსგავსი, ეს ენერგიის დიდ დანაკარგს იწვევს, და ამის შემდეგ ადამიანს შეიძლება ხანგრძლივად ეძინოს და გამოღვიძების შესაძლებლობა აღარც კი გაახსენდეს. მაგრამ ასე ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოღვიძების მომენტში რაღაც ხდება შეცდომით. ჩვენს ახლანდელ მდგომარეობაში კი ნებისმიერ მომენტში შეიძლება რაღაც შეცდომით მოხდეს, რადგან არ ვიცით, რა ხდება. მაგალითად, შეიძლება რომელიმე უარყოფითი ემოცია გამოვლინდეს და ენერგიის ისეთი დანაკარგი გამოიწვიოს, რომ დიდი ხნით აღარაფერი დარჩება. ამიტომ, საკუთარი თავის გახსენების მცდელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები - ის მომენტებია, როდესაც ადამიანი ჩვეულებისამებრ ყველაზე მეტად გაიგივებულია, რადგან თუ ასეთ რთულ მომენტში შეძლებს თავის გახსენებას, სხვა მომენტებში ეს უფრო გაუადვილდება. მაგრამ თუ მხოლოდ ყველაზე იოლ მომენტებს ირჩევს, რთულ მომენტებში ამის გაკეთებას ვერ შეძლებს. ორივეს მოსინჯვა აუცილებელია.
 
კითხვა: თქვენი აზრით, ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში რომ ცნობიერ მდგომარეობაში ყოფნა შეეძლოს, ის არ შეცდებოდა?
 
პასუხი: ჩვენ ვერ განვიხილავთ ასეთ რადიკალურ შემთხვევებს და ვერ ვისაუბრებთ, რა იქნება „ყოველთვის“. მაგრამ ადამიანი ოდნავ უფრო მეტად ცნობიერი რომ ყოფილიყო, მას რომ საკუთარი თავის გაკონტროლება ხანდახან მაინც ნახევარი საათით ან თუნდაც რამდენიმე წუთით შეეძლოს, შედეგად გრანდიოზული სხვაობა გაჩნდებოდა, და ჩვეულებრივი ადამიანის შესახებ დაგროვებული ცოდნა მის მიმართ შეუსაბამო გახდებოდა. ადამიანს საკუთარი თავი ამ დონეზე მაინც თუ ახსენდება, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის მეტად თუ ნაკლებად სერიოზულ საქმეს მისი გაცნობიერების გარეშე არ გააკეთებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმის კეთების მომენტში ის ცნობიერი გახდება.
 
კითხვა: ხომ ვერ მეტყვით, რა განსხვავებაა ორ მომაკვდავს შორის, რომელთაგან ერთი თვითგახსენების ხელოვნებას სწავლობდა, მეორეს კი მის შესახებ არასოდეს არაფერი სმენია?
 
პასუხი: არა, ძლიერი წარმოსახვით დაჯილდოებული მწერალი უნდა ვიყო, ეს რომ აღვწერო. ბევრი შესაძლებლობა არსებობს, რადგან ადამიანები ძალზე განსხვავებულები არიან, და გარემოებები ერთნაირი არაა.
 
ერთ ისტორიას მოგითხრობთ. ამ ისტორიას 1916 წელს მოსკოვის ჯგუფებში ყვებოდნენ. ძველი ისტორიაა - სისტემის და მუშაობის წარმოშობის, ასევე თვითგახსენების შესახებ. ერთხელ - ეს ამბავი რომელიღაც ქვეყანაში გაურკვეველ დროს მოხდა - ერთმა ცბიერმა კაცმა კაფეს ჩაუარა და ეშმაკს შეხვდა. ეშმაკი ძალზე ცუდ ფორმაში იყო, მშიერი და შეციებული, და ცბიერმა კაცმა ის კაფეში შეიპატიჟა. მან ეშმაკისთვის ყავა შეუკვეთა და პრობლემების შესახებ გამოკითხა. ეშმაკმა უთხრა, რომ სამუშაო დაკარგა. წარსულში ის სულებს ყიდულობდა და მათ ნაკვერცხლებში წვავდა, რადგან ადამიანების სიკვდილის შემდეგ მათი დიდი და მსუქანი სულები ჯოჯოხეთში გადაჰყავდა, და ეშმაკები კმაყოფილები იყვნენ. მაგრამ ახლა ჯოჯოხეთში ყველა კოცონი ჩამქვრალია, რადგან მომაკვდავებს სული საერთოდ არ აქვთ.
 
მაშინ ცბიერმა კაცმა ერთად მუშაობა შესთავაზა. „მასწავლე, როგორ შევქმნა სულები, - თქვა მან, - მე კი გაჩვენებ იმ ხალხს, რომელთა სული ჩემი შექმნილია“. ეშმაკმა აუხსნა, რომ მან ადამიანებს საკუთარი თავის გახსენება, არგაიგივება და ა.შ. უნდა ასწავლოს და შედეგად, გარკვეული ხნის შემდეგ, სულები გაიზრდებიან.
 
ცბიერი ადამიანი მუშაობას შეუდგა, ჩამოაყალიბა ჯგუფები და ადამიანებს საკუთარი თავის გახსენებას ასწავლიდა. ზოგიერთი მოსწავლე სერიოზულად მუშაობდა და ნასწავლის პრაქტიკაში გადატანას ცდილობდა. შემდეგ, როდესაც ისინი კვდებოდნენ, სამოთხის კართან ერთ მხარეს წმინდა პეტრე და მეორე მხარეს ეშმაკი ხვდებოდათ. სანამ წმინდა პეტრე კარს გახსნიდა, ეშმაკი ადამიანს ეკითხებოდა: „იხსენებდით თუ არა საკუთარ თავს?“ „დიახ, რა თქმა უნდა“, - პასუხობდა ადამიანი, რის შემდეგაც ეშმაკი ამბობდა: „მომიტევეთ, მაგრამ ეს სული ჩემია“. ასე გაგრძელდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, სანამ ადამიანებმა ხალხის გააფრთხილება არ მოახერხეს დედამიწაზე, თუ რა ხდებოდა სამოთხის კართან. ეს რომ გაიგეს, ცბიერი კაცის მოსწავლეები მასთან მივიდნენ და უთხრეს: „რატომ გვასწავლით საკუთარი თავის გახსენებას, თუ ეშმაკს მივყავართ, როდესაც ამას იგებს?“ ცბიერმა კაცმა ჰკითხა მათ: „განა იმას გასწავლიდით,გელაპარაკათ,საკუთარი თავის გახსენება რომ იცით? მე გასწავლიდით, რომ არ უნდა იყბედოთ“. მათ უპასუხეს: „მაგრამ ეს ხომ წმინდა პეტრე და ეშმაკი იყვნენ!“ ამაზე ცბიერმა კაცმა უპასუხა: „ნუთუ რომელიმე ჯგუფში წმინდა პეტრე და ეშმაკი შეგხვდათ? ამიტომ ნუ ყბედობთ. ვინც არ იყბედა, სამოთხეში მოხვდა. მე არა მარტო ეშმაკს გავურიგდი, არამედ მისი მოტყუების გეგმაც დავსახე“.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff