პრაქტიკული მითითებანი
პრაქტიკული მითითებანი
საკუთარ გრძნობებზე, აზრებზე და განწყობილებებზე მუშაობისას, როგორც ეს აღწერილია მომზადების, განსხივოსნებისა და ხელდასხმისათვის დაწერილ თავებში, ადამიანის სამშვინველსა და სულში ადგილი აქვს ისეთივე დანაწევრებას, როგორიც ბუნებამ მის ფიზიკურ სხეულში მოახდინა. ამგვარ გადამუშავებამდე სამშვინველი და სული დაუნაწევრებელ მასას წარმოადგენენ. ნათელმხილველის მზერას ისინი წარმოუდგება როგორც ერთმანეთში ჩახლართული სპირალისებური ნისლეულები და ისინი უმეტესად აღიქმება როგორც სუსტად მოციმციმე მოწითალო-მოყვითალო ფერები. გადამუშავების შემდეგ ისინი იწყებენ მოყვითალო-მომწვანო, მომწვანო-ლურჯ ფერებად ნათებას და წარმოაჩენენ მწყობრ ნაგებობას. ადამიანი აღწევს ასეთ სიმწყობრეს და ამგვარად - უმაღლეს შემეცნებასაც, როდესაც იგი მოაწესრიგებს თავის გრძნობებს, აზრებსა და განწყობილებებს ისე, როგორც ბუნებამ მოიმექმედა ეს მის სხეულებრივ ორგანიზაციაში. მსგავსად ხედვისა, სმენისა, მონელებისა, სუნთქვისა, მეტყველებისა და ასე შემდეგ, იდუმალთმოწაფე თანდათანობით სწავლობს სუნთქვას, ხედვას და ა. შ.- სამშვინველის მეოხებით, ხოლო სმენას, მეტყველებას და ა.შ. - სულით.
აქ საჭიროა ზოგიერთი უფრო ზუსტი პრაქტიკული მითითების მოტანა, რომლებიც შეეხება სამშვინველისა და სულის უმაღლესი გაგებით აღზრდას. მათი დაცვა დასაშვებია სხვა წესთა გათვალისწინების გარეშეც, ისე, რომ შესაძლებელი გახდეს რამდენადმე წინსვლა იდუმალთმეტყველების გზაზე.
განსაკუთრებით საჭიროა ძალისხმევა მოთმინების გამოსამუშავებლად. ყოველი გამოვლინება მოუთმენლობისა დამადამბლავებლად, მომაკვდინებლად მოქმედებს ადამიანში მთვლემარე უმაღლეს უნარებზე. არ შეიძლება მოვითხოვოთ დღეს-ხვალვე გაგვეხსნას უსაზღვრო ხედვა ზენა სამყაროებისა. მაშინ ის, როგორც წესი, არ გაგვეხსნება. დაკმაყოფილება მცირედი მონაპოვრითაც, სიმშვიდე და აუმღვრევლობა სულ უფრო და უფრო განამტკიცებენ სამშვინველს. გასაგებია, რომ მოწაფე მოუთმენლად მოელის შედეგს, მაგრამ იგი ვერაფერს მიაღწევს, ვიდრე არ გაწვრთნის თავის მოუთმენლობას. არაფერს არგებს ისიც, თუ იგი ამ მოუთმენლობას ჩვეულებრივ ჩაახშობს. ამით ეს უკანასკნელი უფრო ძლიერი ხდება. ასე მოწაფე მხოლოდ თავს მოიტყუებს და მოუთმენლობა კიდევ უფრო მყარად დაისადგურებს მისი სამშვინველის სიღრმეებში. მხოლოდ მაშინ, როდესაც სავსებით გარკვეულ აზრს მივეცემით და ბოლომდე გავიშინაგნებთ მას, შესაძლოა რაღაცას მივაღწიოთ. ეს აზრია: ,,უნდა ყველაფერი ვიღონო ჩემი სამშვინველისა და სულის ჩამოყალიბებისათვის, ამასთან უნდა მშვიდად ველოდო, ვიდრე ზენა ძალები განსხივოსნების ღირსად მყოფენ“. როდესაც ეს აზრი ადამიანში იმდენად მომძლავრდება, რომ დამახასიათებელ ნიშნად ჩამოყალიბდება, ნიშნავს რომ იდუმალთმოწაფე სწორ გზაზე დგას. ასეთ დროს ეს დამახასიათებელი ნიშანი თვით გარეგნულშიც კი გამოიხატება. ადამიანის გამოხედვა მშვიდი ხდება, მოძრაობა დამაჯერებელი, გადაწყვეტილებანი მკაფიო, ყოველივე რასაც ნერვულს უწოდებენ, მოეშვება მას. თითქოსდა უმნიშვნელო, მცირე წესები აქ ძალაში შედიან. მაგალითად ვიღაც შეურაცხყოფას გვაყენებს. იდუმალთმეტყველური აღზრდის მიღებამდე ალბათ ჩვენს გრძნობებს მივმართავდით შეურაცხმყოფელის წინააღმდეგ, გაღიზიანება მოიცავდა მთელ ჩვენს არსებას. იდუმალთმოწაფეს კი ასეთ შემთხვევაში გაუჩნდება აზრი: ,,ამგვარი შეურაცხყოფა არაფერს შეცვლის ჩემს ღირსებებში“, და შემდეგ სიმშვიდითა და აუმღვრევლად, გაღიზიანების გარეშე მოიმოქმედებს იმას, რაც შეურაცხჰყოფის ზუსტი პასუხი იქნებოდა. საქმე იმაშია როდია, რომ შეურაცხჰყოფა უბრალოდ გადავყლაპოთ, არამედ საჭიროა ჩვენი საკუთარი პიროვნების შეურაცხჰყოფას ისევე მშვიდად და დამაჯერებლად ვუპასუხოთ როგორც სხვისი პიროვნების შეურაცხჰყოფას, ვისი დაცვის უფლებაც ჩვენ ასევე გაგვაჩნია. ყოველთვის გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ იდუმალთმოწაფეობა მიმდინარეობს არა უხეშ გარეგან პროცესებში, არამედ გრძნობათა და აზრთა დინების მშვიდი გარდაქმნის პირობებში.
მოთმინება მიმზიდველად მოქმედებს უმაღლესი ცოდნის საუნჯეებზე, ხოლო მოუთმენლობა უკუაგდებს მას. სიჩქარით და შფოთით შეუძლებელია რაიმეს მიღწევა ყოფიერების უმაღლეს საუფლოებში. უწინარეს ყოვლისა ადამიანში უნდა დადუმდნენ სურვილი და გულისთქმა. ეს სამშვინველის ის თვისებებია, რომელთა წინაშეც შიშნეულად უკუიქცევა ყოველგვარი უმაღლესი ცოდნა. რამდენადაც ფასეული არ უნდა იყოს უმაღლესი შემეცნება: არ შეძლება მოვინდომოთ, რომ ის ჩვენამდე მოვიდეს. ვისაც საკუთარი თავიდან გამომდინარე სურს მისი მოპოვება, ამას ვერასოდეს მოახერხებს. საამისოდ საჭიროა სულის სიღრმეში მართალნი ვიყოთ საკუთარი თავის წინაშე. საჭიროა საკუთარ შეცდომებს, სისუსტეებს და მანკიერებებს შინაგანი სიმართლით გავუსწოროთ თვალი. იმ წუთს, როდესაც საკუთარ თავს შენ აპატიებ რაიმე სისუსტეს, ამით დასდებ დამაბრკოლებელ ლოდს იმ გზაზე, რომელსაც მაღლა მიჰყავხარ. ამგვარი ქვების გზიდან მოცილება შეგიძლია მხოლოდ თვითშემეცნების მეოხებით. შეცდომებისა და სისუსტეებისაგან თავის დღწევის მხოლოდ ერთი გზა არსებობს: მათი სწორად შემეცნება, რასაც მხოლოდ სძინავს ადამიანის სამშვინველში და შესაძლებელია მისი გამოღვიძება. ადამიანს აგრეთვე ძალუძს საკუთარი განსჯისა და გონების სრულქმნა, როდესაც სიმშვიდესა და აუმღვრევლობაში ნათელჰყოფს, თუ რაში მდგომარეობს მისი სისუსტე. ამგვარი თვითშემეცნება, ბუნებრივია რთულია, რადგან თვითმოტყუების ცდუნება ძალიან დიდია. ვინც მიეჩვევა მართლად ხედავდეს საკუთარ თავს, იგი შეაღებს უმაღლესი განჭვრეტის კარიბჭეს.
იდუმალთმოწაფისათვის უნდა გაჰქრეს ყოველგვარი ცნობისმოყვარეობა. იგი შეძლებისდაგვარად უნდა გადაეჩვიოს შეკითხვებს იმ საგნების შესახებ, რომელთა გაცნობაც მას სწადის მხოლოდ პიროვნული ცნობისწადილის გამო და მხოლოდ იმის შესახებ უნდა დასვას შეკითხვა, რაც დაეხმარება მისი არსების სრულქმნას განვითარების გზაზე. ამავე დროს არ უნდა დაუჩლუნგდეს ცოდნისაგან გამოწვეული სიხარული და მისდამი ერთგულების გრძნობა. მან მოწიწებით უნდა მიუგდოს ყური ყოველივეს, რასაც ამგვარი მიზნისაკენ მივყავართ და ხელიდან არ უნდა გაუშვას შემთხვევა ამგვარი მოწიწების გამოსაწვევად.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იდუმალთგანსწავლის დროს საკუთარი სურვილების სფეროს აღზრდა.შეუძლებელია დარჩენა სურვილების გარეშე. ხომ უნდა გვსურდეს კიდეც ყოველივე, რის მისაღწევადაც ვირჯებით. მუდამ სრულდება ყველა სურვილი, რომლის მიღმაც სრულიად განსაკუთრებული ძალა დგას. ეს ძალა წარმოსდგება ნამდვილი შემეცნებიდან:,,ნუ ისურვებ მანამ, ვიდრე მოცემულ სფეროში ჭეშმარიტი ცოდნა არ მოგიპოვებია“. ეს არის იდუმალთმოწაფეობის ერთ-ერთი ოქროს წესი. ბრძენი თავდაპირველად შეისწავლის სამყაროს კანონებს და მხოლოდ ამის შემდეგ იქცევიან მისი სურვილები ძალებად, რომლებიც აღასრულებენ. შესაძლოა მოვიტანთ აქ მაგალითი, რომელიც ცხადად ხსნის ამას: მრავალ ადამიანს, საკუთარი მოსაზრებიდან გამომდინარე, სურს რაღაც შეიტყოს თავისი ცხოვრების შესახებ დაბადებამდე. ამგვარი სურვილი სრულიად უმიზნო და უშედეგოა ვიდრე მსურველი იდუმალთმეტყველური განსწავლის საშუალებით არ შეიმეცნებს კანონებს მარადიულის არსის შესახებ - თავის უფაქიზეს, უინტიმურეს წვრილმანებში. თუკი მან ეს შემეცნება ნამდვილად შეიძინა და სურს წინსვლა, გაკეთილშობილებული, განწმენდილი სურვილი დაეხმარება მას.
არაფერს გვარგებს თქმა: მსურს განვჭვრიტო ჩემი წინა ცხოვრება და მიზნის მისაღწევად უნდა ვისწავლო. უმჯობესია შევეცადოთ ამ სურვილის სრულიად ამოძირკვას და სწავლას ასეთი განზრახვის გარეშე. საჭიროა ჩვენში განვივითაროთ სიხარული, ერთგულება ნასწავლისადმი ხსენებული განზრახვის გვერდის ავლით. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ისეთნაირად სურვებას, რომ მას შესრულებაც მოჰყვეს.
როდესაც რისხვა მეუფლება და ვღიზიანდები, მშვინვიერი სამყარო ჩემ გარშემო აღმართავს კედელს და ძალები, რომელთაც სულის მხედველობა უნდა გამიხსნან, ვეღარ ახერხებენ ჩემამდე მოსვლას. თუ მაგალითად რომელიმე ადამიანი მაღიზიანებს მე, იგი ამავდროულად გამოსცემს სამშვნველისეულ მუხტს მშვინვიერ სამყაროში. ამ მუხტის დანახვა არ შემიძლია მანამ, სანამ გაღიზიანების უნარი გამაჩნია. გაღიზიანება ჩემი მზერის არედან ამოაგდებს მას. არც ის უნდა ვიფიქრო, რომ გაღიზიანების გადასვლასთან ერთად მშვინვიერი (ასტრალური) ხედვა გამეხსნება. ამისთვის აუცილებელია სულის მხედველობის განვითარება. ასეთი მხედველობის მონაცემები ჩადებულია ყველა ადამიანში და ისინი უმოქმედოდ რჩება, ვიდრე ადამიანს გაღიზიანების უნარი გააჩნია. ისინი არ გამოიღვიძებენ არც მაშინ, თუ ადამიანმა გაღიზიანება ცოტაოდენ დასძლია. საჭიროა განვაგრძოთ სიბრაზის დათრგუნვა ჩვენში სულ უფრო და უფრო მეტი მოთმინებით. მაშინ ერთ მშვენიერ დღეს ადამიანი შეამჩნევს, რომ სულის მხედველობა განუვითარდა. რასაკვირველია გაღიზიანების გრძნობა არ არის ერთადერთი, რისი დაძლევაც საჭიროა ამ მიზნით. მრავალნი გამოამჟღავნებენ მოუთმენლობას და შეეჭვდებიან, ვინაც წლების მანძილზე ირჯებოდნენ სამშვინველის გარკვეულ თვისებათა დასაძლევად, ხოლო ნათელხილვა მაინც არ გაეხსნათ. ასეთ შემთხვევაში მათ მართლაც დაუხვეწიათ ზოგიერთი თვისება, ხოლო დანარჩენი უარყოფითი თვისებები მიუშვიათ თავის ნებაზე და ამით კიდევ უფრო მოუმძლავრებიათ. ნათელხილვის უნარი ადამიანს გაეხსნება მხოლოდ ყველა იმ თვისების დათრგუნვის შემდეგ, რომლებიც გამოვლინების საშუალებას არ აძლევენ შესაბამის უნარებს. რა თქმა უნდა ხედვის ან სმენის საწყისები იმთავითვე იჩენენ თავს, თუმც ეს იმდენად ნაზი ყლორტებია, რომ ადვილად ექვემდებარებიან ყველა შესაძლო შეცდომას და იოლად ჭკნებიან, თუ ადამიანი დიდი რუდუნებით არ განაგრძობს მათ მოფრთხილებასა და ზრუნვას. გადასალახ თვისებათა რიცხვს, რისხვისა და გაღიზიანების მსგავსად, განეკუთვნება ასევე სიმხდალე, ცრუმორწმუნეობა, მიდრეკილება წანამძღრვებისადმი განსჯისას, ამპარტავნება, პატივმოყვარეობა, ცნობისმოყვარეობა, მეტისმეტი გულგადახსნილობა, განსხვავებული ურთიერთობა ადამიანებთან თანამდებობის, სქესის წარმომავლობის მიხედვით და ა. შ. ჩვენს დროში ძნელია შეგნება, რომ ამგვარ თვისებათა დაძლევას შესაძლოა რაიმე კავშირი ჰქონდეს შემეცნების უნარის ამაღლებასთან. თუმცა, ყველა იდუმალთმეტყველმა კი უწყის, რომ ამგვარ საგნებზე გაცილებით მეტია დამოკიდებული ვიდრე, ინტელექტის განვითარებაზე ხელოვნური სავარჯიშოების შესრულებით. განსაკუთრებით დიდი გაუგებრობა შეიძლება წარმოიშვას, თუ ვინმე იფიქრებს, რომ საჭიროა უაზრო სიმამაცე უშიშრობის გამოსამუშავებლად; თითქოს არ უნდა შევნიშნოთ განსხვავებანი ადამიანთა შორის, რადგან დაძლეულ უნდა იქნას წოდებრივი, რასიული და ასე ასე შემდეგ წანამძღვრები. ადამიანი სწორად შემეცნებას მხოლოდ მაშინ სწავლობს, როდესაც თავისუფალია წანამძღვართაგან. თვით ჩვეულებრივი გაგებითაც სწორია, რომ შიში რაიმე მოვლენის წინაშე ხელს უშლის ადამიანს ამ მოვლენის ნათლად განსჯაში, რომ თუნდაც რასობრივი წანამძღვარი ხელს გვიშლის ჩავიხედოთ ადამიანის სულში. ეს ,,ჩვეულებრივი გაგება“ იდუმალთმოწაფემ უნდა მიიყვანოს დიდ სინატიფემდე და სიმახვილემდე.
ადამიანის იდუმალთაღზრდის გზაზე დაბრკოლების ლოდად იქცევა ყოველივე, რაც მას საფუძვლიანად არ განუწმენდია საკუთარ აზრებში. აქვე ყურადღება უნდა მიექცეს ერთს რასმე, რისი ახსნაც შესაძლებელია მაგალითით: თუ ვინმე რაიმეს ისეთს მეუბნება, რასაც არ ვეთანხმები, უმალ საჭიროა მეტი ყურადღება მივაქციო მის მოსაზრებას, გრძნობას, თუნდაც წანამძღვარს, ვიდრე გამოვთქვა ჩემი აზრი მოცემული საგნის შესახებ. ამასთანავე აქ იგულისხმება გამომუშავება ნატიფი ტაქტისა, რისთვისაც საგულდაგულოდ უნდა გადასდოს თავი იდუმალთმოწაფემ. ამასთან მან უნდა განსაჯოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა თავისი მოსაზრების დაპირისპირება სხვა მოსაზრებასთან. თუმცა ამის გამო მან არ უნდა შეიკავოს თავი საკუთარი აზრის გამოთქმისაგან, ამაზე არც არის ლაპარაკი, მაგრამ საჭიროა შეძლებისდაგვარად ზუსტად მივუგდოთ ყური სხვას და მოსმენილიდან გამომდინარე ავაგოთ საპირისპირო მოსაზრება. ასეთ შემთხვევაში იდუმალთმოწაფის არსებაში ყოველთვის წამოიჭრება ერთი აზრი და იგი სწორ გზას ადგას, თუ ეს აზრი მასში ხასიათის თვისებად გადაქცეულა. ეს აზრია: ,,საქმე ის კი არ არის, რომ მე ვინმესგან განსხვავებულად ვფიქრობ, არამედ ის, რომ მან თვითვე მიაგნოს ჭეშმარიტებას თუკი მე გარკვეულწილად დავეხმარები ამ მხრივ“. ამგვარ აზრთა შედეგად იდუმალთმოწაფის ხასიათი და მოქმედების წესი განიმსჭვალება ლმობიერებით, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია იდუმალთგანსწავლისათვის. სიუხეშე განაფრთხობს შენგან იმ მშვინვიერ წარმონაქმნებს, რომელთაც უნდა აგიხილონ სულის მხედველობა. ლმობიერება კი ჩამოგაცილებს შენს გზაზე აღმართულ დაბრკოლებებს და გაგიხსნის შინაგანი ხედვის ორგანოებს.
ლმობიერებასთან ერთად სამშვინველში ერთი ახალი თვისება წარმოიქმნება: მშვიდი დაკვირვება გარე სამყაროს ყველა სინატიფეებზე, როდესაც სრულიად შეჩერებულია სამშვინველის ყოველგვარი მოძრაობა. თუ ადამიანმა ამას მიაღწია, მაშინ გარესამყაროული მშვინვიერი ძვრები მასზე იმგვარად იმოქმედებენ რომ მისი სამშვინველი გაიზრდება და დანაწევრდება ისე, როგორც მცენარე იფურჩქნება მზის ნათელში. ლმობიერება და სიჩუმე ჭეშმარიტი მოთმინებისას გახსნიან სამშვინველს მშვინვიერი სამყაროსათვის, სულს - სულიერი სამყაროსათვის. ,,მინებდი სიმშვიდესა და განდგომილებას, დაადუმე გრძნობანი ყოველივე იმის მიმართ, რაც გეუწყებოდა იდუმალთმოწაფეობის დაწყებამდე. დაადუმე ყველა აზრი, რომელიც უწინდელი ჩვეულებისამებრ მუდმივ ცვალებადობას იწვევდნენ შენში, სავსებით დადუმდი შენი არსების წიაღში და მოთმინებით ელოდე. ამის შემდეგ იწყებენ ზენა სამყაროები შენში სულიერი მხედველობის და სმენის გამოძერწვას. ნუ ელი, რომ ერთბაშად მოისმენ და განჭვრეტ მშვინვიერ და სულიერ სამყაროებში. ის, რასაც შენ სჩადიხარ მხოლოდ ეხმარება გრძნობის უმაღლესი ორგანოების ჩამოყალიბებას. სულის მხედველობით დაინახავ და სულიერი სმენით მოისმენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს ორგანოები მოგემადლება. თუ რამდენიმე ხანს დაჰყავი ამ სიჩუმესა და განდგომილებაში, შემდეგ დაუბრუნდი ყოველდღიურ საქმიანობას ისე, რომ შენს თავში ღრმად აღბეჭდო აზრი: კუთვნილი მომეცემა მაშინ, როდესაც სიმწიფეს მივაღწევ. უმკაცრესად აღკვეცე შენში მცდელობა, უმაღლეს ძალებს თვითნებურად გამორჩე რაიმეს“. ეს ის მითითებებია, რომელთაც იდუმალთმოწაფე გზის დასაწყისშვე იღებს თავისი მასწავლებლისგან. თუ იგი მათ დაიცავს, სრულქმნის საკუთარ თავს, ხოლო თუ არ იცავს, ამაოა მისი გარჯა. მაგრამ ისინი ძნელი დასაცავია მხოლოდ მათთვის, ვისაც არ გააჩნია მოთმინება და მდგრადი ხასიათი. არ არსებობს სხვა დაბრკოლება, თუ არა ის, რასაც ადამიანი თავად ჰქმნის საკუთარ გზაზე და გვერდის ავლასაც ნამდვილად შესძლებს, თუკი მოინდომებს. ამას კიდევ უნდა გაესვას ხაზი, რადგან მრავალნი მცდარ წარმოდგენებს იქმნიან დაბრკოლებათა შესახებ იდუმალთსაწვლების გზაზე. გარკვეული თვალსაზრისით გაცილებით ადვილია ამ გზის პირველი საფეხურების გადალახვა, ვიდრე იდუმალთმეტყველური განსწავლის გარეშე ყოველდღიური ცხოვრებისეული სიძნელეების დაძლევა. ამას გარდა აქ ნაუწყები იქნება ისეთი წესების შესახებ, რომელთაც თან არ ახლავს არავითარი საფრთხე სხეულებრივი და სულიერი ჯანმრთელობისათვის. ხომ არსებობს კიდევ სხვა გზებიც, რომლებსაც უფრო სწრაფად მივყავართ მიზნამდე. თუმცა ჩვენს მიერ ნაგულისხმევთან ამ უკანასკნელთ არაფერი აქვთ საერთო. მათ შეუძლიათ ადამიანზე ისეთი ზემოქმედების მოხდენა, რასაც გამოცდილი იდუმალთმკვლევარი ერიდება. ზოგი რამ ხსენებული გზიდან საყოველთაოდ ცნობილი გახდა, ამადაც საჭიროა გარკვევით მინიშნება, თუ რა სახიფათოა მათზე დადგომა. იმ მიზეზთა გამო, რომლის გაგებაც ხელეწიფება მხოლოდ იდუმალთმეტყველს, არ შეიძლება ამ გზების თავიანთი ნამდვილი სახით ჩვენება. ცოდნის ნამსხვრევები, რომლებიც აქა-იქ იჩენენ ხოლმე თავს, როდი არიან სიკეთის მომტანი, არამედ ისინი ძირს უთხრიან ჯანმრთელობას, ბედნიერებას და სულის მშვიდობას. ვისაც არ სურს სრულიად მიანდოს თავი ბნელეთის ძალებს, რომელთა ჭეშმარიტი არსებისა და წარმომავლობის შესახებ მან შეუძლებელია რაიმე იცოდეს, უმჯობესია მოერიდოს ამგვარი საქმიანობით თავის შექცევას.
ზოგი რამ უნდა ითქვას იმ გარემოს შესახებაც, რომელშიც იდუმალთგანსწავლის სავარჯიშოების შესრულება ეგების. ამას გარკვეული მნიშვნელობა აქვს, თუმცა ეს ყველა ადამიანის შემთხვევაში სხვადასხვანაირად გამოიყურება. ვინც ვარჯიშობს ისეთ გარემოში, რომელიც მხოლოდ თავკერძა ინტერესებით, მაგალითად არსებობისთვის ბრძოლის თანამედროვე ფორმებითაა აღბეჭდილი, მან უნდა იცოდეს, რომ ეს ინტერესები მოახდენენ გავლენას მისი მშვინვიერი ორგანოების ჩამოყალიბებაზე. თუმცა ამ ორგანოების შინაგანი კანონები იმდენად ძლიერია, რომ ეს ზეგავლენა არ იქნება ძალზე მავნებელი. ისე, როგორც შროშანი თვით არახელსაყრელ პირობებში არ გარდაიქმნება კლდის ქუჩად, ასევე სამშვინველისეული თვალი ვერ იქცევა სრულიად სხვა დანიშნულების მქონე საგნად მაშინაც კი, თუ თანამედროვე ქალაქების თავკერძა ინტერესები გავლენას ახდენენ მასზე. მაგრამ ყველა შემთხვევაში კარგია, თუ იდუმალთმოწაფე დროდადრო აუმღვრეველი სიმშვიდის, ბუნებისეული კეთილშობილებისა და მომხიბლაობის გარემოში გადაინაცვლებს. განსაკუთრებით სასურველ გარემოში იმყოება ის, ვინც თავის იდუმალთმოწაფეობას მცენარეული სამყაროს სიმწვანეში, ან მზის შუქით გასხივოსნებული მთებისა და ბუნების წარმტაც უბრალოებაში ატარებს. ამას შინაგანი ორგანოები ისეთ ჰარმონიაში მოჰყავს, როგორიც არასოდეს ეღირსებოდათ მათ თანამედროვე ქალაქში. საქმე ქალაქის მაცხოვრებელზე უკეთესად მიუდის მას, ვისაც ბავშვობისას ჰქონდა საშუალება ესუნთქა ნაძვების სურნელი, ეცქირა დათოვლილი მწვერვალებისთვის, თვალყური ედევნებინა ტყის ცხოველებისა და მწერების მშვიდი ცხოვრებისათვის. მაგრამ მათ, ვისაც წილად ხვდა ქალაქებში ცხოვრება, არ უნდა გამორჩეთ ჩამოყალიბების გზაზე მყოფი მშვინვიერი და სულიერი ორგანოების გამოკვება სულის მკვლევართა ზეშთაგონებული მოძღვრებებით.
ვისაც არ ძალუძს გაზაფხულზე თვალი მიადევნოს ტყეთა სიმწვანეს, მან თავის გულს უნდა მიაწოდოს ,,ბჰაგავადგიტას“, იოანეს სახარების, თომა კემპიელის ამაღლებული სწავლანი, სულისმეტყველურ გამოკვლევათა შედეგები. განჭვრეტის მწვერვალისაკენ მიმავალი მრავალი გზა არსებობს, მაგრამ აუცილებელია ერთი სწორი არჩევანის გაკეთება. სულის მკვლევარს შეუძლია ბევრი რამ ისეთი თქვას ამ გზების შესახებ, რაც არახელდასხმულს უცნაურადაც მოეჩვენება. მაგალითად მავანი, შესაძლოა ძალზეშორს იყოს წასული იდუმალთმეტყველების გზაზე. იგი შეიძლება უშუალოდ სულიერი მხედველობისა და სმენის გახსნის წინაშე იმყოებოდეს. და თუ წილად ხვდა ბედნიერება იმოგზაუროს დაწყნარებულ ან სულაც აბობოქრებულ ზღვაში, სახვევი ჩამოსცილდება მის სამშვინველისეულ თვალს. იგი ხდება ნათელმხილველი. ვინმე სხვა ასევე შორსაა წასული და ეს სახვევი მის თვალთაგან მხოლოდ ჩამოხსნას მოითხოვს. ეს ხდება ბედისწერის ძლიერი დარტყმის შედეგად. სხვა ადამიანზე ეს დარტყმა მოახდენდა ისეთ ზეგავლენას, რომ გამოიწვევდა მის ძალთა სრულ პარალიზებას, მისი ენერგიის ჩახშობას. იდუმალთმოწაფისათვის ეს იქნებოდა განსხივოსნების საბაბი. კიდევ ვიღაც მესამე მოთმინებით იცდის. წლების მანძილზე იცდიდა ასე, შესამჩნევი ნაყოფის გარეშე. მოულოდნელად ოთახის სიმყუდროვეში მჯდარს სულიერი სინათლე მოიცავს. კედლები გაჰქრებიან და მშვინვიერად გამჭვირვალენი ხდებიან, ახალი სამყარო განივრცობა მისი აწ მხილვევლი თვალის წინაშე და იწყებს ჟღერას მისი აწ გახსნილი სულიერი სმენისათვის.