ხელდასხმის საფეხურები
ხელდასხმის საფეხურები
ქვემორე ცნობები წარმოადგენენ ერთიანი სულიერი განსწავლის შემადგენელ ნაწილებს, რომელთა სახელებისა და არსის ირგვლივ ნათელი წარმოდგენის შექმნა შეუძლია ყველას, ვინც მათ სწორად გამოიყენებს. ისინი განეკუთვნებიან სამ საფეხურს, რომელთა გავლასაც სულიერი ცხოვრების სკოლაში ხელდასხმის გარკვეულ ხარისხამდე მივყავართ. ამ განმარტებებში მკითხველი იპოვნის მხოლოდ იმას, რისი თქმაც ღია შეიძლება. ეს ის მითითებებია, რომლებიც გამოტანილია უფრო ღრმა, ინტიმური მოძღვრებიდან. იდუმალთმოწაფეობა ჰგულისხმობს განსწავლის სავსებით განსაზღვრულ თანმიმდევრობას. გარკვეული მეთოდები გამოიყენებიან იმისთვის, რათა ადამიანის სამშვინველი მოიყვანონ სულიერ სამყაროსთან ცნობიერ კავშირში. ეს მეთოდები ქვემოთ მოთხრობილთან დაახლოებით ისეთ მიმართებაში არიან, როგორც სწავლება რომელიმე უმაღლეს, მკაცრად აწყობილ სკოლაში დაწყებითი სასწავლებლის რჩევა - დარიგებებთან. აქ მოცემული მითითებების სერიოზულმა და შეუპოვარმა დაცვამ შეიძლება მიგვიყვანოს ნამდვილ იდუმალთმოწაფეობამდე. რასაკვირველია, მოუთმენლობა სერიოზულობისა და შეუპოვრობის გარეშე ვერაფრამდე მიგვიყვანს. იდუმალთგანსწავლა წარმატებული შესაძლოა სწორედ მაშინ გახდეს, როდესაც ჯერ ზემოთქმულის დაცვა მოხდება და ამის საფუძველზე გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები.
საფეხურები, რომელთაც ხსენებული გადმოცემა იძლევა, სულ სამია: 1. შემზადება, 2. გასხივოსნება, 3. ხელდასხმა. სრულიადაც არ არის საჭირო, სამივე საფეხურს მივყვეთ ისე, რომ პირველი ბოლომდე იყოს გავლილი, ვიდრე მეორეს შევუდგებოდეთ, ასევე მეორეც, მესამის დაწყებამდე. გარკვეულ საკითხებში შეიძლება გავხდეთ გასხივოსნებისა და თვით ხელდასხმის თანაზიარიც, სხვებთან შედარებით მხოლოდ მოსამზადებელ საფეხურზე მყოფი. და მაინც, გარკვეული დრო უნდა დაეთმოს შემზადებას, ვიდრე გასხივოსნება დაიწყებოდეს. აგრეთვე იდუმალთმოწაფე რამდენადმე გასხივოსნებულიც უნდა იყოს, ვიდრე ხელდასხმის საფეხურზე შეადგამდეს ფეხს. აღწერისას კი, სიმარტივისთვის, ეს სამი საფეხური ერთმანეთს უნდა მოსდევდეს.
შემზადება
შემზადება ნიშნავს გრძნობათა და აზრთა სავსებით გარკვეულ წვრთნას. ამ წვრთნის წყალობით სამშვინველისა და სულის სხეულებს მიემადლებათ უმაღლესი შეგრძნებისა და ქმედების ორგანოები ისევე, როგორც ბუნების ძალებმა უფორმო, ცოცხალი მატერიიდან მიჰმადლეს ისინი ფიზიკურ სხეულს.
უნდა დავიწყოთ იმით, რომ სამშვინველის ყურადღება წარვმართოთ ჩვენს გარემომცველ სამყაროში მიმდინარე გარკვეულ პროცესებზე. ასეთი პროცესებია გამოკვირტვის, ზრდისა და გაფურჩქვნის სტადიაში მყოფი სიცოცხლე ერთის მხრივ, ხოლო მეორე მხრივ მოვლენები, რომლებიც უკავშირდებიან ჭკნობას, გაუფერულებას და კვდომას. საითკენაც არ უნდა მიმართოს ადამიანმა თავისი მზერა, ორივე ეს პროცესი ერთდროულად ყველგან იარსებებს. ბუნებრივია, ყოველთვის ჰბადებენ ისინი ადამიანში შესაბამის გრძნობებსა და აზრებს, თუმცა ჩვეულებრივ პირობებში ადამიანი არასაკმარისად ეძლევა მას. საამისოდ იგი მეტად სწრაფად ხტება ერთი შთაბეჭდილებიდან მეორეზე. საქმე ისაა, რომ მან სავსებით ცნობიერად და ინტენსიურად უნდა წარმართოს თავისი ყურადღება ამგვარი ფაქტებისაკენ. როდესაც იგი აღიქვამს აყვავილებისა და ზრდის გარკვეულ შემთხვევას, უნდა განდევნოს სხვა ყველაფერი თავისი სამშვინველიდან და მთლიანად მიეცეს იმ ერთ შთაბეჭდილებას. მალე ის დარწმუნდება, რომ გრძნობა, რომელიც ანალოგიურ შემთხვევაში მის სამშვინველში სწრაფად გასხლტებოდა ხოლმე, ამჯერად იზრდება, იღებს ძალუმ და ენერგიულ ფორმას. იმ გრძნობისმიერ ფორმას მან მშვიდად უნდა დააცადოს საკუთარ სამშვინველში ახმიანება. იმავდროულად მის შიგნით სრულმა სიჩუმემ უნდა დაისადგუროს. იგი უნდა გამოეთიშოს გარესამყაროს და მხოლოდ და მხოლოდ მიჰყვეს იმას, რასაც სული აუწყებს აყვავილებისა და ზრდის მოვლენის ირგვლივ.
აქვე არც ის უნდა ვიფიქროთ, თითქოს დავწინაურდებით იმდენად, რამდენადაც დავაჩლუნგებთ ჩვენს გრძნობებს სამყაროს მიმართ. თავდაპირველად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ცოცხლად და ზუსტად უნდა შევხედოთ საგანს. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მივეცეთ სულში გაცოცხლებულ გრძნობას, აღმოცენებულ აზრს. საქმე ისაა, თუ რამდენად სრულ შინაგან წონასწორობაში მყოფი მივაპყრობთ ყურადღებას ორივეს. თუ მოვიპოვებთ საჭირო სიმშვიდეს და თავს მივცემთ იმას, რაც გაცოცხლდება სამშვინველში, გარკვეული ხნის შემდეგ დაგვეუფლება შემდეგი განცდა: კერძოდ, შევნიშნავთ ჩვენში აქამდე უცნობ, ახლებური გრძნობებისა და აზრების აღმოცენებას და რაც უფრო ხშირად მივაპყრობთ ამგვარად ყურადღებას ხან გამოკვირტვის, ზრდისა და გაფურჩქვნის სტადიაში მყოფ რასმე და ხანაც ჭკნობის, გაუფერულებისა და კვდომის მდგომარეობაში გადასულს, მით უფრო გაცოცხლდება ეს გრძნობა. იმ გრძნობებიდან და აზრებიდან, რომლებიც ამგვარად აღმოცენდებიან, ისევე იგება ნათელხილვის ორგანოები, როგორც ბუნების ძალების მიერ ცოცხალი მატერიიდან იქმნება თუნდაც ყურები და თვალები ფიზიკური სხეულისათვის. სავსებით გარკვეული გრძნობის ორგანო დაუკავშირდება ზრდასა და ქმნადობას, რომელიღაც სხვა კი - გაუფერულებას და კვდომას. ოღონდაც ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ზემოაღწერილი წესისამებრ ზრუნავს ამ გრძნობათათვის. შესაძლებელია მიახლოებით მაინც სწორი აღწერა ამ გრძნობებისა. სრულყოფილი წარმოდგენა მათ შესახებ შეუძლია ყველას, ვინც კი გაივლის ამ შინაგან განცდებს. ვინც თავის ყურადღებას ხშირად მიმართავს ქმნადობის, ზრდისა და აყვავილების პროცესებზე, გარკვეულწილად განიცდის, რომ ეს გრძნობა შორეულად ემსგავსება იმას, რაც მზის ამოსვლის ცქერისას ეუფლებათ ხოლმე, ხოლო ჭკნობის, კვდომის პროცესები მასში იწვევენ განცდას, რომელიც ამგვარადვე მსგავსია მთვარის ნელ - ნელა ამოსვლისა. ეს ორივე გრძნობა წარმოადგენს სულიერ ძალებს, რომლებიც სათანადო ზრუნვის, სულ უფრო და უფრო გაცხოველებული განსწავლის შედეგად მიგვიყვანენ უმნიშვნელოვანეს სულიერ შედეგებამდე. ვინც სულ უფრო და უფრო გეგმაზომიერად, გულში ჩაბეჭდილი ზრახვით ეძლევა ამგვარ გრძნობებს, მას გაეხსნება ახალი სამყარო. მშვინვიერი სამყარო, ეგრეთ წოდებული ასტრალური სფერო იწყებს მის წინაშე თანდათანობით გამონათებას. ზრდა და კვდომა მისთვის აღარ რჩებიან ისეთ მოვლენებად, რომლებიც უწინდებურად გაურკვეველ შთაბეჭდილებებს იწვევდნენ მასში. ისინი უმალ გარდაისახებიან სულისმიერ მონახაზებად და ფიგურებად, რომელთა შესახებაც მან არაფერი იცოდა უწინ. ეს მონახაზები და ფიგურები თავიანთ სხვადასხვა გამოვლინებებში სხვადასხვაგვარად გაცხადდებიან. გაფურჩქვნის პროცესში მყოფი ყვავილი თითქოს მისი სულის წინაშე ჯადოსნურად ქმნის ერთ რაღაც მონახაზს, ასევე ზრდის პროცესში მყოფი ცხოველი, ან გახმობის პირას მისული ხე. მშვინვიერი სამყარო (ასტრალური სფერო) ნელ - ნელა იშლება მის წინაშე. ამ მონახაზებსა და ფიგურებში არაფერია თვითნებური. ორი იდუმალთმოწაფე, როდესაც ორივე განსწავლის ერთ საფეხურზე იმყოფება, ერთი და იმავე პროცესის დროს ყოველთვის ერთნაირ მონახაზებსა და ფიგურებს დაინახავს. ისევე როგორც ორი სწორად მხედველი ადამიანი მრგვალ მაგიდას მრგვალად ხედავს და არა ერთი მრგვალად და მეორე ოთხკუთხედად, ასევე ორი სამშვინველის წინაშე გაფურჩქვნის პროცესში მყოფი ყვავილის ხილვისას ერთი და იგივე სულიერი ხატება წარმოსდგება. ისევე როგორც მცენარეთა და ცხოველთა ხატებანი აღიწერებიან ჩვეულებრივ ბუნებისმეტყველებაში, ასევე აღწერს და ხატავს იდუმალთმეტყველი გვარებისა და სახეობების მიხედვით ზრდისა და კვდომის სულიერ ხატებებს.
თუკი მოწაფე იმდენადაა დაწინაურებული, რომ შეუძლია ამგვარ სულიერ ხატებათა ჭვრეტა, რომლებიც მის თვალს უკვე ფიზიკური სახით ეცხადებიან, მაშინ იგი ბევრად აღარ არის დაშორებული იმ საფეხურს, საიდანაც დაინახავს ფიზიკურად არარსებულ, სხვათათვის სავსებით დაფარული (ოკულტური) ყოფიერების მქონე საგნებს.
უნდა ითქვას, რომ იდუმალთმკვლავარი არ უნდა მიეცეს ფიქრებს ამა თუ იმ საგნის მნიშვნელობის შესახებ. ამგვარი განსჯითი მუშაობით იგი მხოლოდ ასცდება მართებულ გზას. იგი მხნედ, ჯანსაღად, მახვილი დამკვირვებლის თვალით უნდა ჭვრეტდეს გრძნობად სამყაროს და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცეს თავის გრძნობებს. მას არ უნდა სურდეს საგანთა მნიშვნელობაში ჩაწვდომა სპეკულატიური განსჯის საშუალებით, არამედ თავად საგნებს უნდა გამოათქმევინოს ეს (უნდა აღინიშნოს, რომ მხატვრული მგრძნობელობა, შეწყვილებული ჩუმ, თავის თავში ჩაღრმავებულ ბუნებასთან, საუკეთესო პირობაა სულიერ უნართა განვითარებისათვის. ეს მგრძნობელობა მსჭვალავს საგნის ხილულ ზედაპირს და ჩადის მის საიდუმლოებებში).
შემდგომში საქმე ეხება იმას, რასაც იდუმალთმეტყველება სულიერ სამყაროში ორიენტირებას უწოდებს. ეს კი მიიღწევა, თუ საკუთარ თავს განვმსჭვალავთ იმ ცნობიერებით, რომ გრძნობები და აზრები ნამდვილი ფაქტები არიან, ისევე როგორც მაგიდა და სკამები ფიზიკურ - გრძნობად სამყაროში. მშვინვიერ და იდეათა სამყაროებში გრძნობები და აზრები ისევე ზემოქმედებენ ერთმანეთზე, როგორც ფიზიკური საგნები. ვიდრე ადამიანი ცოცხლად არ განიმსჭვალება ამ ცნობიერებით, ვერ დაიჯერებს, რომ მასში არსებული მცდარი აზრი ისევე გამანადგურებლად მოქმედებს იდეათა სივრცის გამაცოცხლებელ სხვა აზრებზე, როგორც ბრმად ნასროლი ტყვია გზად შემხვედრ ფიზიკურ საგნებზე. ასეთი ადამიანი არასოდეს მისცემს თავს უფლებას ჩაიდინოს ისეთი ფიზიკურად დასანახი საქციელი, რომელსაც ის უაზროდ მიიჩნევს, მაგრამ მას არც იმის შეეშინდება, გააჩნდეს რაიმე მცდარი აზრი და გრძნობა. ისინი მისთვის ხიფათს არ უქმნიან დანარჩენ სამყაროს. იდუმალთმეტყველებაში დაწინაურება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როგორც საკუთარ აზრებსა და გრძნობებს ისევე ვუწევთ ანგარიშს, როგორც ფიზიკურ სამყაროში გადადგმულ რაიმე ნაბიჯს. როდესაც მავანი ხედავს კედელს, იგი არ ეცდება ადგეს და პირდაპირ გავიდეს მასში, არამედ გვერდს აუვლის მას. აქ იგი თავს ფიზიკური კანონების მიხედვით წარმართავს. - სწორედ ამგვარი კანონები არსებობენ აგრეთვე გრძნობათა და აზრთა სამყაროსთვის. მხოლოდ ამჯერად ისინი არ იქნებიან ადამიანისთვის გარედან თავსმოხვეულნი. ისინი თვითვე უნდა გადმოსდინდნენ მისი მშვინვიერი ცხოვრებიდან. ამას კი აღწევენ იმით, რომ ყოველთვის უკრძალავენ საკუთარ თავს ისაზრდოოს მცდარი აზრებით და გრძნობებით.
თვითნებური უთავბოლო ფიქრი, ყოველგვარი თამაშობანი ფანტაზიისა ან შემთხვევითი მიმოქცევა გრძნობებისა უნდა განიდევნოს ასეთ დროს. თუმცა ამით როდი გვიღარიბდება გრძნობათა სამყარო. კერძოდ, მალე გაცხადდება, რომ სწორედ ჩვენი შინაგანი სამყაროს ამგვარი მოწესრიგების შედეგად ვხდებით მდიდარნი გრძნობებით, შემოქმედებითნი - ჭეშმარიტი ფანტაზიით. წვრილმანი შეგრძნებებით ტკბობის, აზრთა თამაშის ადგილს დაიკავებენ მნიშვნელოვანი გრძნობები და ნაყოფიერი აზრები. ამგვარ გრძნობებსა და აზრებს მიჰყავთ ადამიანი სულიერ სამყაროში ორიენტირებამდე. იგი მოდის მართებულ დამოკიდებულებაში სულიერი სამყაროს საგნებთან. ის განიცდის სავსებით გარკვეულ ზემოქმედებას. ისევე როგორც მას - ფიზიკურ ადამიანს - შეუძლია გზის გაგნება სხვადასხვა ფიზიკურ საგნებში, ზუსტად ასევე მიუყვება იგი ზრდასა და კვდომას შორის გამავალ ბილიკს, რომელთა შეცნობაც ისწავლა მან ზემოაღწერილ გზაზე. მაშინ იგი მისდევს, ერთის მხრივ, ყოველივე ზრდისა და აღმოცენების პროცესში მყოფს, ხოლო მეორე მხრივ იმასაც, რაც ჭკნობისა და კვდომის მდგომარეობაში იმყოფება და, ამასთან, ისე, როგორც ამას მისი და სამყაროს განვითარება მოითხოვს.
შემდგომი ზრუნვა იდუმალთმოწაფემ უნდა გასწიოს ბგერათა სამყაროსთვის. აქ ურთიერთისაგან უნდა გამოირჩეს უსიცოცხლო ბგერები (ჩამოვარდნილი საგნის, ზანზალაკის ან მუსიკალური ინსტრუმენტის მიერ გამოწვეული) და ისინი, რომლებიც ცოცხალ არსებათაგან (ცხოველისაგან ან ადამიანისგან) წარმოსდგებიან. ვისაც ზანზალაკის წკარუნი ესმის, იგი აღიქვამს ბგერას და მას დაუკავშირებს სასიამოვნო გრძნობას. ვისაც ცხოველის ბღავილი ესმის, მისთვის იქნება ეს გამოვლინება ცხოველის შინაგანი განცდისა, კმაყოფილების ან ტკივილისა. იდუმალთმოწაფემ უნდა დაიწყოს ბგერათა სწორედ ამ უკანასკნელი სახეობიდან. მან მთელი თავისი ყურადღება სწორედ იმაზე უნდა გაამახვილოს, რომ ბგერა აუწყებს მას მისი სულის გარეთ არსებულის შესახებ. იგი უნდა ჩაუღრმავდეს ამ უცხო რასმე. მან თავისი გრძნობა შინაგანად უნდა დაუკავშიროს იმ ტკივილს ან კმაყოფილებას, რასაც ბგერა აუწყებს. მან თავი განურჩევლად შორს უნდა დაიჭიროს იმისგან, რასაც მისთვის წარმოადგენს ეს ბგერა, ე. ი. სასიამოვნოა ეს მისთვის თუ უსიამო, მიმზიდველია თუ უშნო. მისი სული უნდა აღავსოს მხოლოდ იმან, რაც ხდება ამ ბგერის პატრონში. ვინც გეგმაზომიერად და შეგნებულად აკეთებს მსგავს სავარჯიშოებს, ითვისებს უნარს შეერწყას იმ არსებას, რომელიც ბგერას გამოსცემს. მუსიკალურად მგრძნობიარე ადამიანისთვის საკუთარი გრძნობისმიერი სამყაროს ამგვარი აღზრდა უფრო იოლი იქნება, ვიდრე არამუსიკალურისთვის, მაგრამ არავინ იფიქროს, რომ მუსიკალურმა მგრძნობელობამ შეიძლება შეცვალოს ეს აღზრდა. ამრიგად, იდუმალთმოწაფემ უნდა ისწავლოს ბუნების მთელი სისავსით შეგრძნება, რის შედეგადაც გრძნობათა და აზრთა სამყაროში ჩაისახება ახალი უნარი. მთელი ბუნება ჩურჩულით დაიწყებს ათასგვარ ხმებზე ადამიანისათვის თავისი საიდუმლოებების განდობას. ის, რაც უწინ სულისათვის გაუგებარი ხმაური იყო, ამის შედეგად იქცევა ბუნების აზრიან მეტყველებად. იქ, სადაც მხოლოდ ბგერა ესმოდა, ეგრეთ წოდებული უსულო ჟღერადობისას, ახლა სულის ახლებური ენა ჩაესმის. თუ ამგვარი აღზრდის შედეგად მისი გრძნობები განვითარდნენ, მალე შეამჩნევს, რომ შეუძლია იმის მოსმენა, რისი წარმოდგენაც კი არ შეეძლო ადრე. იგი იწყებს სმენას საკუთარი სულით.
იმ მწვერვალის მისაწვდომად, რაც კი ამ სფეროში საერთოდ შეიძლება მიღწეულ იქნას, საჭიროა კიდევ სხვა რამ. იდუმალთმოწაფის განსწავლისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ უგდებს იგი ყურს სხვა ადამიანის ლაპარაკს. იგი უნდა შეეჩვიოს მოახერხოს ამ დროს თავისი შინაგანი სამყაროს სრული დადუმება. როდესაც ვინმე თავის შეხედულებას გამოთქვამს, ხოლო მეორე ყურს უგდებს, როგორც წესი, ამ უკანასკნელის სულში თანხმობა ან წინააღმდეგობა წარმოიშობა ხოლმე. მრავალი ადამიანი მაშინვე გრძნობს მოთხოვნილებას, გამოთქვას თავისი თანხმობა ან, განსაკუთრებით, თავისი საწინააღმდეგო შეხედულება. მაგრამ იდუმალთმოწაფემ უნდა დაადუმოს ყოველგვარი თანხმობა ან წინააღმდეგობა. აქ საქმე როდი ეხება საკუთარი ცხოვრების წესის ასე ერთბაშად შეცვლას და სწრაფვას ესოდენ შინაგანი, მყარი მდუმარებისაკენ. ამით მან დასაბამი უნდა მისცეს იმას, რასაც იგი ცალკეულ შემთხვევებში წინასწარი განზრახვით მოიმოქმედებს. შემდეგ, ძალიან ნელა და თანდათანობით, თითქოსდა თავისთავად, შემოიპარება მის ჩვევებში სავსებით ახლებური წესი მოსმენისა. სულიერი ძიებებისას გეგმაზომიერად ვარჯიშობენ ამისთვის. მოწაფეები თავს მოვალედ რაცხავენ, ვარჯიშის გულისთვის მოისმინონ ყველაზე საპირისპირო აზრები და ამ დროს სრულიად დაადუმონ საკუთარ თავში ყოველგვარი თანხმობა და განსაკუთრებით კი უარმყოფელი განსჯა. ძალზე მნიშვნელოვანია არამხოლოდ გონისმიერი განსჯის, არამედ უკმაყოფილების, უარყოფის და თანხმობის გრძნობათა დადუმებაც. განსაკუთრებულად გულდასმით უნდა აკვირდებოდეს მოწაფე, ხომ არ არიან ისეთი შეგრძნებები მისი სამშვინველის ზედაპირზე თუ არა, მის ინტიმურ სიღრმეში მაინც. მან, მაგალითად, უნდა მოისმინოს ისეთ ადამიანთა გამონათქვამებიც, რომლებიც ბევრად დაბლა დგანან, ამასთან, უნდა დათრგუნოს ყოველგვარი გრძნობა თავისი უკვე გათვითცნობიერებულობისა და უპირატესობისა. - ამგვარად, ყველასთვის სასარგებლოა ბავშვების სმენა. თვით ყველაზე ბრძენსაც კი განუზომლად ბევრი რამ შეუძლია ბავშვისგან ისწავლოს. ამრიგად, ადამიანი ახერხებს თავისი სიტყვების მოსმენას თავისი თავის და პიროვნების სრული გამოთიშვით, საკუთარი შეხედულებებისა და შეგრძნებების თავისებურების გარეშე. როდესაც ის ვარჯიშობს ყოველგვარი კრიტიკის გარეშე თვით სრულიად საწინააღმდეგო აზრის მოსმენაში, მაშინაც კი, როდესაც ყოვლად ‘’მცდარი’’ აზრი მიეწოდება, თანდათანობით სწავლობს სავსებით შეერწყას სხვა ადამიანის არსებას, მთლიანად გადაიღვაროს მასში. მაშინ იგი სიტყვებს მიღმა ყურს უგდებს სხვა ადამიანის სამშვინველს. ამგვარი ვარჯიშის ხანგრძლივად შესრულებისას ბგერა ხდება ნამდვილი საშუალება სამშვინველისა და სულის აღსაქმელად. რასაკვირველია, ამისთვის საჭიროა უმკაცრესი თვითაღზრდა, მაგრამ მას მხოლოდ მაღალი მიზნისკენ მივყავართ. კერძოდ, როდესაც ეს სავარჯიშოები შესრულებული იქნება სხვა ზემოაღწერილ სავარჯიშოებთან ერთად, - ბუნებაში არსებულ ბგერებთან დაკავშირებით - სამშვინველში აღმოცენდება სმენის ახალი შეგრძნება. მას შეეძლება აღიქვას უწყებანი სულიერი სამყაროდან, რომლებიც თავის გამოხატულებას არ ჰპოვებენ ფიზიკური ყურისთვის მისაწვდომ გარეგან ბგერებში. იღვიძებს შინაგანი სიტყვის აღქმა, იდუმალთმოწაფისთვის თანდათან გაცხადდებიან ჭეშმარიტებანი სულის სამყაროდან. იგი ისმენს მისკენ მომართულ სულიერ მეტყველებას (მხოლოდ მას, ვინც თავგადადებული მოსმენის გზით მოიპოვებს შინაგანი მოსმენის უნარს, სიჩუმეში, თავისი პიროვნული შეხედულებებისა თუ გრძნობების აღძვრის გარეშე, შესაძლოა დაელაპარაკონ უმაღლესი არსებანი, რომელთა შესახებაც საუბარია იდუმალთმეტყველებაში. სულიერი სამყაროს არსებანი მანამდე არაფერს გვამცნობენ, ვიდრე მათგან წამოსული სიტყვა შეიძლება წააწყდეს ჩვენში რაიმე შემხვედრ მოსაზრებას ან გრძნობას). - ყოველი უმაღლესი ჭეშმარიტების მიღწევას უნდა ვუმადლიდეთ ჩვენსკენ მომართულ შინაგან მეტყველებას. ის, რისი მოსმენაც შეიძლება იდუმალთმეტყველის პირიდან, მან სწორედ ასეთი გზით მოიპოვა. - თუმცა ეს როდი ნიშნავს, თითქოს საჭირო არ იყოს მეცადინეობა იდუმალთმეტყველურ თხზულებებში. ვიდრე თავად შესძლებდე ამგვარი შინაგანი მეტყველების ყურად ღებას, ამგვარ თხზულებათა კითხვას, იდუმალთსწავლებათა მოსმენა თავად არის საშუალება საკუთარი შემეცნების მიღწევისა. იდუმალთმეტყველის მიერ ნათქვამი ყოველი წინადადება, რომელიც ადამიანს ესმის, განკუთვნილია გონების იქეთ წარსამართავად, სადაც მისვლა აუცილებელია, თუკი სულს უნდა განცდა ჭეშმარიტი წინსვლისა.
ყოველივე ზემოთქმულთან უნდა შეწყვილდეს გულდასმითი შესწავლა იმისა, რასაც იდუმალთმკვლევარნი აუწყებენ სამყაროს. ყველა სახის იდუმალთგანსწავლისათვის ამგვარი წვრთნა ერთი შემადგენელი ნაწილია მომზადებისა. თუ ვინმე იდუმალთმკვლევართა სწავლების ათვისების ნაცვლად მიმართავს სხვა საშუალებას, იგი ვერავითარ მიზანს ვერ მიაღწევს. ეს სწავლებები ხომ ცოცხალი, შინაგანი სიტყვიდან, ცოცხალი მეტყველებიდან წარმოსდგებიან, მათ თავად გააჩნიათ საკუთარი სულიერი ცხოვრება. ისინი არ არიან მხოლოდ სიტყვები. ისინი ცხოველმყოფელი ძალები არიან. მაშინ, როდესაც მიჰყვები იდუმალებებში გათვითცნობიერებულის სიტყვებს და კითხულობ ნამდვილად შინაგანი გამოცდილებიდან აღმოცენებულ მათ წიგნებს, შენს სამშვინველში აღიძვრიან ძალები, რომლებიც ისევე გაქცევენ ნათელმხილველად, როგორც ბუნების ძალებმა შექმნეს შენი თვალები და ყურები ცოცხალი მატერიისგან.
განსხივოსნება
განსხივოსნებაც ძალზე მარტივი განცდებიდან გამომდინარეობს. აქაც საქმე ეხება გარკვეულ გრძნობათა და აზრთა განვითარებას, რომლებიც ყოველ ადამიანში თვლემენ და რომელთაც მხოლოდ უნდა გამოიღვიძონ. ის ვინც სრული მოთმინებით, მკაცრად და ბეჯითად გადაამუშავებს ამ მარტივ განცდებს, შეეძლება აღიქვას შინაგანი სინათლის გამოვლინებანი. შეიძლება დავიწყოთ ბუნების სხვადასხვა არსებებზე გარკვეული წესისამებრ დაკვირვებით. მაგალითად: გამჭვირვალე, კარგად ჩამოქნილი ქვა (კრისტალი), მცენარე და ცხოველი. თავიდან საჭიროა მთელი ყურადღებით შევუდაროთ ქვა ცხოველს. იმ აზრებს, რომლებიც გაივლიან ჩვენს სამშვინველში, თან უნდა ახლდეს ცოცხალი განცდა და არც ერთი სხვა აზრი ან გრძნობა არ უნდა ჩაერიოს და არ უნდა შეუშალოს ხელი ინტენსიურ ყურადღებიან დაკვირვებას. უნდა ვუთხრათ საკუთარ თავს: ქვას გააჩნია ფორმა. ცხოველს აგრეთვე გააჩნია სახე. ქვა მშვიდად რჩება თავის ადგილზე, ცხოველი კი გადაადგილდება. სურვილი (გულისთქმა) აიძულებს ცხოველს შეიცვალოს ადგილი. ასეთსავე სურვილს ემსახურება ცხოველის სახეც. მისი ორგანოები, მისი სხეულის ნაწილები ჩამოქნილია ამ სურვილთა შესაბამისად. ქვის ფორმა კი შექმნილია არა სურვილების, არამედ სურვილებს მოკლებული ძალის მიერ (აქ ნაგულისხმევი ფაქტი კრისტალზე დაკვირვებისა მრავალგზის იქნა დამახინჯებული მათ მიერ, რომლებსაც მხოლოდ ზედაპირულად (ეგზოთერულად) თუ სმენიათ რაიმე იმის შესახებ. აქედან წარმოიშვა სხვადასხვა ხერხი მსგავსი კრისტალის ჭვრეტისა და სხვა. ამგვარი მანიპულაციები მხოლოდ გაუგებრობებს იწვევს. ისინი მრავალგზის იქნა აღწერილი წიგნებში, მაგრამ არასოდეს წარმოადგენდა რაიმე ღირებულს ჭეშმარიტი (ეზოთერული) იდუმალთგანსწავლისათვის). როდესაც ინტენსიურად ჩავუღრმავდებით ამ აზრებს და დაძაბული ყურადღებით დავაკვირდებით ქვასა და ცხოველს, მაშინ სამშვინველში დაიბადება ორი სავსებით განსხვავებული გრძნობა. ქვისგან ჩვენს სამშვინველში გადმოიღვრება სხვაგვარი გრძნობა, ხოლო ცხოველისგან - სხვა. თავიდან ეს შესაძლოა არ გამოგვივიდეს, მაგრამ შემდეგ და შემდეგ, ნამდვილად მოთმინებით ჩატარებული ვარჯიშის შედეგად, ეს გრძნობები თანდათანობით გაცხადდებიან. მხოლოდ საჭიროა კვლად და კვლავ ვარჯიში.
თავდაპირველად გრძნობები ჩვენში დარჩება მანამ, სანამ დაკვირვება გრძელდება. შემდგომ ისინი განაგრძობენ მოქმედებას და იქცევიან იმად, რაც აგრძელებს სიცოცხლეს სამშვინველში. ამის შემდეგ ადამიანს ესაჭიროება მხოლოდ ყურადღების მოკრება - და ორივე გრძნობა თავს იჩენს მასში კვლავაც, უცხო საგნებზე დაკვირვების გარეშე. ამ გრძნობებიდან და მათთან დაკავშირებული აზრებიდან იქმნება ნათელხილვის ორგანოები. - თუ ამ დაკვირვების საგნებს კიდევ მცენარეც შემოემატება, შევნიშნავთ, რომ მისგან გამოწვეული გრძნობა როგორც თავისი ხასიათით, ისევე ხარისხით წარმოქმნის შუალედს ქვისგან და ცხოველისაგან წამოსულ გრძნობათა შორის. ორგანო, რომელიც ამგვარად წარმოიშობა, სულიერი თვალია. მისი მეოხებით თანდათან სწავლობენ მშვინვიერი და სულიერი ფერების დანახვას. ვიდრე ათვისებული გვაქვს მხოლოდ ის, რაც მომზადებად აღიწერება, სულიერი სამყარო თავისი მონახაზებით და ფიგურებით ბნელითმოცული რჩება. განსხივოსნების საშუალებით იგი განათდება. - აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სიტყვები ‘’ბნელი‘’ და ‘’ნათელი‘’ , ისევე როგორც სხვა მიღებული გამოთქმები, მხოლოდ მიახლოებით გამოხატავენ იმას, რაც ნაგულისხმევია. ეს სხვაგვარად შეუძლებელი იქნება, თუ საყოველთაოდ მიღებულ ენას გამოიყენებენ. ეს ენა ხომ მხოლოდ ფიზიკური პირობებისთვისაა შექმნილი. იდუმალთმეტყველება იმას, რასაც ქვა იძლევა, ნათელმხილველს დაუხასიათებს როგორც ‘’ლურჯს‘’ , ანდა ‘’მოლურჯო - მოწითალოს‘’ , ის, რაც ცხოველთან მიმართებაში აღიქმება, არის ‘’წითელი ’ , ან ‘’მოწითალო - მოყვითალო‘’ . სინამდვილეში კი ამ დროს დანახული ფერები ‘’სულიერი გვარისაა‘’ . მცენარისგან წამოსული ფერი არის ‘’მწვანე‘’ , რომელიც შემდეგ და შემდეგ გადადის ღია ეთერულ მოვარდისფრო - მოწითალოში. საკუთრივ მცენარე ბუნების ის არსებაა, რომელიც ზენა სამყაროებშიც ინარჩუნებს მსგავსებას თავის ხასიათთან, ფიზიკურ სამყაროში რომ გააჩნია. ეს ასე არ არის ქვასთან და ცხოველთან დაკავშირებით. თუმცა საჭიროა გარკვევით ვიცოდეთ, რომ ზემოაღნიშნული ფერები ქვათა, მცენარეთა და ცხოველთა საუფლოების მხოლოდ უმთავრეს ელფერებს წარმოადგენენ. სინამდვილეში არსებობენ ყველა შესაძლო შუალედური, გარდამავალი ელფერები. ყოველ ქვას, ყოველ მცენარეს, ყოველ ცხოველს გააჩნია სავსებით გარკვეული ფერთა ნიუანსები. ამას ერთვიან ის სულიერი არსებანი, რომლებიც არასოდეს განსხეულდებიან ფიზიკურად თავიანთი ხშირად გასაოცარი, ხშირადაც უსიამო ფერებით. სინამდვილეში ფერთა სიუხვე ზენა სამყაროებში განუზომლად დიდია, ვიდრე ფიზიკურ სამყაროში.
თუ ადამიანმა აითვისა უნარი ‘’ სულიერი თვალით ‘’ ჭვრეტისა, ადრე თუ გვიან იგი შეხვდება ამ ხან უმაღლეს, ხანაც ადამიანზე რამდენადმე დაბლა მდგომ არსებებს, რომლებიც არასოდეს შემოდიან ფიზიკურ სინამდვილეში.
თუ ადამიანმა მიაღწია იმას, რაც აქ არის აღწერილი, მისთვის გზა ხსნილია ბევრი რამისკენ. თუმცა არავის ვურჩევდით უფრო შორს წასვლას სულის მკვლევარის მიერ გამხელილის, მისი ნათქვამის ზუსტი დაცვის გარეშე. მაგრამ უკვე ზემოთქმულის მიმართ საუკეთესო იქნებოდა გათვალისწინება ამგვარი მრავალნაცადი წინამძღოლობისა. თუ ადამიანს გააჩნია საკმარისი ძალა და მოთმინება იმ დონის მისაღწევად, რომელიც აქ მოცემულ ელემენტარულ საფეხურებს შეესაბამება, იგი ეძებს და, ალბათ, ჰპოვებს კიდეც ჭეშმარიტ წინამძღოლობას.
მხოლოდ გარკვეული სიფრთხილეა საჭირო ყოველგვარ ვითარებაში და ვისაც ეს არ სურს, უმჯობესია არც კი სცადოს რაიმე ნაბიჯის გადადგმა იდუმალთმეტყველებაში. აუცილებელია, რომ ადამიანმა, რომელიც ხდება იდუმალთმოწაფე, არაფერი დაჰკარგოს კეთილშობილი, კარგი, ყოველგვარი ფიზიკურისადმი მგრძნობიარე ადამიანის თვისებათაგან. უფრო მეტიც, იდუმალთმოწაფეობის დროს მან თავისი მორალური ძალა, შინაგანი სიწმინდე, დაკვირვების უნარი სულ უფრო და უფრო უნდა აიმაღლოს. ასე მაგალითად, ერთი მახასიათებელი ნიშანი: ელემენტარული სავარჯიშოების შესრულებისას განსხივოსნების გზაზე იდუმალთმოწაფე უნდა ზრუნავდეს იმისთვის, რათა გააძლიეროს საკუთარ თავში თანაგრძნობა ადამიანებისა და ცხოველებისადმი, მგრძნობელობა ბუნების სილამაზისადმი. და თუ ის არ იზრუნებს ამაზე, მაშინ მსგავსი სავარჯიშოების შედეგად ეს შეგრძნებები თანდათანობით შესუსტდება. მისი გული გაუხეშდება, ხოლო გრძნობა დაჩლუნგდება, რამაც შესაძლოა სახიფათო შედეგებამდე მიგვიყვანოს.
თუ როგორ წარიმართება განსხივოსნება, როდესაც მოწაფე ქვაზე, მცენარესა ან ცხოველზე შესრულებული ზემოაღნიშნული სავარჯიშოდან ამაღლდება ადამიანამდე და თუ როგორი ერთიანობა დადგინდება სამშვინველსა და სულიერ სამყაროს შორის ხელდასხმის გზაზე, შეძლებისდაგვარად იქნება მოთხრობილი თავებში.
ჩვენს დროში მრავალნი ეძიებენ გზას იდუმალთმეტყველებისაკენ. ამისთვის სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. და არც თუ იშვიათად სცდიან სახიფათო, თვით მიუღებელ მეთოდებსაც კი. ამიტომაც მათ, ვინც თავის თავს ჭეშმარიტი ცოდნის მფლობელად თვლის ამ სფეროში, სხვებსაც უნდა მისცეს საშუალება გაეცნონ ზოგ რასმე იდუმალთსწავლებიდან. აქ ნაუწყებია ზუსტად იმდენი, რამდენიც შესაძლებელია. ზოგიერთი რამ ჭეშმარიტი ცოდნიდან საჭიროა გაცხადდეს, რათა ცდომილებამ დიდი ზიანი არ მოიტანოს. აქ აღწერილ გზაზე არავინ დააზიანებს საკუთარ თავს, თუ რაიმეს ძალდატანებით არ დააჩქარებს. მხოლოდ ერთი რამ უნდა იქნას გათვალისწინებული: არავინ უნდა დახარჯოს ამგვარ სავარჯიშოებზე უფრო მეტი ძალა, ვიდრე ამის უფლებას აძლევს ცხოვრებისეული მდგომარეობა და მოვალეობანი. იდუმალთმეტყველების გზაზე შემდგარმა არაფერი უნდა შეცვალოს ერთბაშად თავისი გარეგანი ცხოვრების პირობათა შორის. ნამდვილი შედეგების მისაღწევად საჭიროა მოთმინება. მას უნდა შეეძლოს სულ რამდენიმე წუთში შეწყვიტოს სავარჯიშოს შესრულება და მშვიდად დაუბრუნდეს თავის ყოველდღიურ საქმიანობას. სავარჯიშოდან გამოყოფილი არცერთი აზრი არ უნდა შეერიოს მის ყოველდღიურ სამუშაოს. ვისაც არ უსწავლია მოცდა ამ სიტყვის უმაღლესი და საუკეთესო გაგებით, იგი არ გამოდგება იდუმალთმოწაფედ და ვერასოდეს მიიღებს მნიშვნელოვან შედეგს.
კონტროლი აზრებსა და გრძნობებზე
როდესაც მავანი ეძიებს გზას იდუმალთმეტყველებისკენ იმგვარად, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე თავებში, მას მხედველობიდან არ უნდა გამორჩეს საკუთარი თავის გაძლიერება ერთი განუწყვეტელი აზრის საშუალებით მთელი მუშაობის მანძილზე. კერძოდ, მან ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში ძალზე მნიშვნელოვნად წაიწია წინ - რამაც შესაძლოა სრულიად სხვაგვარად იჩინოს თავი, ვიდრე ის მოელოდა. ვინც ამას მხედველობაში არ მიიღებს, შესაძლოა დაჰკარგოს სიჯიუტე და მოკლე ხანში შეწყვიტოს ყოველგვარი ცდა. ის ძალები და უნარები, რომლებიც უნდა განვითარდნენ, დასაწყისში მეტად სათუთნი არიან. საკუთარი არსის მიხედვით ისინი სავსებით განსხვავდებიან იმისგან, რასაც ადამიანი აქამდე წარმოადგენდა. იგი ხომ მიჩვეული იყო, საქმე ჰქონოდა ფიზიკურ სამყაროსთან. ხოლო სულიერი და მშვინვიერი უსხლტებოდა მის მზერას და აზრებს. ამადაც, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ახლა, როდესაც მასში ვითარდებიან სულიერი და მშვინვიერი ძალები, იგი მაშინვე ვერ ამჩნევს მათ. აქვე იმალება ცდომილების შესაძლებლობა მათთვის, ვინც მრავალნაცად მკვლევართა გამოცდილების გაზიარების გარეშე ადგება იდუმალებათა გზას. იდუმალთმკვლევარმა იცის მოწაფის მიერ მიღწეული წარმატების შესახებ ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ეს უკანასკნელი მათ გააცნობიერებდეს. იდუმალთმკვლევარის მითითებანი მიმართულია უმეტესწილად იქითკენ, რომ მოწაფემ ნდობა, მოთმინება, სიმტკიცე არ დაჰკარგოს, ვიდრე თვით გააცნობიერებდეს საკუთარი წინსვლის ნაყოფს. იდუმალთმკვლევარს არ შეუძლია თავის აღზრდილს მისცეს იმაზე მეტი, რას მასში დაფარულად უკვე ჩადებული იყო. მას შეუძლია მხოლოდ ხელმძღვანელობა გაუწიოს მოწაფეს, რათა ამ უკანასკნელმა განივითაროს საკუთარ თავში მთვლემარე უნარები, მაგრამ ის, რასაც იდუმალთმკვლევარი იუწყება თავისი გამოცდილებიდან, დასაყრდენი იქნება მათთვის, ვისაც სიბნელიდან სინათლისკენ გაღწევა სურს.
მრავალნი ტოვებენ იდუმალთმეტყველებისაკენ მიმავალ გზას მასზე დადგომის შემდეგ, რადგანაც წარმატებები იმთავითვე შესამჩნევი არ გახდა. თვით მაშინაც კი, როდესაც მოწაფისთვის შესამჩნევი უმაღლესი გამოცდილებანი იჩენენ თავს, იგი ილუზიად მიიჩნევს მათ, მას სულ სხვა წარმოდგენები შეუქმნია იმის შესახებ, რაც აწი უნდა განიცადოს. იგი ჰკარგავს სიმამაცეს, ვინაიდან ან უფასურად მიაჩნია პირველი გამოცდილებანი, ან ისინი უმნიშვნელოდ ეჩვენება - და არ სწამს, რომ მათ შეუძლიათ მოკლე დროში მიიყვანონ ის რაიმე ამაღლებულთან. მაგრამ სიმამაცე და ნდობა საკუთარი თავისა, ეს ის ორი შუქურაა, რომლებიც არ უნდა ჩაქრნენ იდუმალთმეტყველების გზაზე. ვისაც არ ძალუძს დასძლიოს საკუთარი თავი და მოთმინებით განაგრძოს სავარჯიშოს გაკეთება, რომელშიც, ჩანს, მრავალგზის მოეცარა ხელი, იგი შორს ვერ წავა.
წარმატების ცხადად აღქმამდე გაცილებით ადრე თავს იჩენს ბუნდოვანი გრძნობა, რომ მართლაც სწორ გზას ვადგავართ. საჭიროა ამ გრძნობის შენახვა და გაფრთხილება, რადგან სწორედ მას ძალუძს საიმედო წინამძღოლად იქცეს. უწინარეს ყოვლისა, საჭიროა აღმოვფხვრათ რწმენა იმისა, რომ უმაღლესი შემეცნება მიიღწევა რაღაც განსაკუთრებული, იდუმალი ხერხებით. საჭიროა სავსებით ცხადი გავხადოთ ჩვენთვის, რომ უნდა ამოვიდეთ იმ გრძნობებიდან და აზრებიდან, რომლებთან ერთადაც ადამიანი გამუდმებით ცხოვრობს და ამ გრძნობებსა და აზრებს უბრალოდ სხვა მიმართულება უნდა მივცეთ, ნაცვლად ჩვეულებრივისა. ყოველმა ადამიანმა უნდა უთხრას საკუთარ თავს: ჩემს გრძნობათა და იდეათა სამყაროში იმალება უმაღლესი საიდუმლოებანი - მხოლოდ ესაა, აქამდე მე ისინი არ შემიცვნია. საბოლოოდ ყველაფერი იმას ეყრდნობა, რომ ადამიანი მუდამ ატარებს თავის სხეულს, სამშვინველსა და სულს, მაგრამ აცნობიერებს მხოლოდ საკუთრივ თავის სხეულს და არა სამშვინველსაც და სულსაც. იდუმალთმოწაფე აცნობიერებს თავის სამშვინველსა და სულს, ისევე როგორც ჩვეულებრივ ადამიანს აქვს გაცნობიერებული თავისი სხეული.
ამადაც, საქმე გრძნობათა და აზრთა სწორი მიმართულებით წარმართვაშია. მერმედ ვითარდება აღქმა ყოველდღიურ ყოფაში უხილავისა. აქ მითითებული იქნება ერთ - ერთი გზა, თუ როგორ მოხდება ეს, რაც ისევ და ისევ უბრალოდ გამოიყურება ყოველივე იმის მსგავსად, რაც აქამდე ითქვა. ოღონდ მას შეიძლება უკვე უდიდესი შედეგები მოჰყვეს, თუ ყოველივე მტკიცედ და განუხრელად იქნება შესრულებული, მაშინ როდესაც ადამიანი შესძლებს მიეცეს მას აუცილებელი ინტიმური განწყობით.
ავიღოთ რომელიმე მცენარის თესლი. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ამ თითქოსდა უჩინარი საგნის წინაშე მართებული აზრები გააინტენსიუროს და ამ აზრების მეოხებით განივითაროს გარკვეული გრძნობები. თავიდან მან უნდა გაიცნობიეროს ის, რასაც საკუთარი თვალით ხედავს; თავისთვის უნდა აღწეროს ფორმა, ფერი და თესლის ყველა სხვა თვისება. მერმედ უნდა მიეცეს შემდეგ განსჯას: თუ მიწაში ჩავთესავთ, ამ თესლიდან ამოიზრდება მრავალფეროვანი მცენარე. და მან უნდა წარმოიდგინოს ეს მცენარე და მოახერხოს მისი აგება ფანტაზიაში. შემდეგ იფიქროს ასე: ის, რასაც მე ჩემს ფანტაზიაში წარმოვიდგენ, მოგვიანებით ნამდვილად აღმოცენდება თესლიდან მიწისა და სინათლის ძალთა მიერ. ჩემს წინაშე რომ ყოფილიყო რაიმე ხელოვნური საგანი, რომელიც სავსებით ილუზორულად ემგვანებოდა თესლს, თუნდაც ისე, რომ ჩემს თვალს ვერ მოეხერხებინა მისი გარჩევა ნამდვილისაგან, მაშინ ვერავითარი მიწისა თუ სინათლის ძალა ვერ აღმოაცენებდა მისგან მცენარეს. ის, ვინც სავსებით გაიცნობიერებს ამ აზრს და შინაგანად განიცდის, შესძლებს მართებული გრძნობის მეოხებით შეიქმნას შემდეგი აზრი. იგი ეტყვის საკუთარ თავს: თესლში ფარულად ჩადებულია ძალა, რომელიც შემდეგში მას გაზრდის. მის ხელოვნურ ორეულში კი არ არის ეს ძალა. და მაინც, ჩემი მზერისთვის ორივე ერთნაირია. ამრიგად, ნამდვილი თესლი თვალისთვის უხილავად შეიცავს ისეთ რამეს, რაც მის ორეულში არ არის. სწორედ ამ უხილავისკენ უნდა წარიმართოს ახლა გრძნობა და აზრები (ვინც აქ შეგვეწინააღმდეგება და იტყვის, რომ ზუსტი მიკროსკოპული გამოკვლევების შედეგად მაინც შესაძლებელია ორეულის გამორჩევა ნამდვილი თესლისაგან, მხოლოდ დაადასტურებს, რომ ვერ ჩასწვდა საქმის არსს. აქ ის კი არაა მნიშვნელოვანი, თუ რასთან გვაქვს საქმე გრძნობადი თვალსაზრისით, არამედ ის, რომ განვივითაროთ მშვინვიერ - სულიერი ძალები). საჭიროა წარმოვიდგინოთ: აი ეს უხილავი გარდაიქმნება მოგვიანებით ხილულ მცენარედ, ჩემს თვალწინ რომაა მთელი თავისი ფორმებითა და ფერებით. უნდა მივეცეთ აზრს: უხილავი გახდება ხილული. და რომ არ შემძლებოდა აზროვნება, ვერ შევძლებდი ახლავე მიმეღო უწყება იმის შესახებ, რაც მხოლოდ მოგვიანებით გახდება ცხადი.
განსაკუთრებით მკაფიოდ უნდა აღინიშნოს შემდეგი: ის, რაზეც ამ შემთხვევაში ფიქრობენ, ასევე ინტენსიურად უნდა იქნას ნაგრძნობიც. საჭიროა სიმშვიდეში, ყოველგვარი ხელისშემშლელი აზრების გარეშე ზემოაღნიშნულის განცდაც საკუთარ თავში. საჭიროა თავისთვის შემოინახოს დრო, რათა აზრი და მასთან გადაბმული გრძნობა ჩაინერგოს სამშვინველის წიაღში. თუ ეს სწორად კეთდება, გარკვეულ დროში - ალბათ, მრავალი ცდის შემდეგ ადამიანში გაჩნდება ახალი ძალის შეგრძნება. ეს ძალა წარმოშობს ახლებურ აღქმასაც. მცენარის თესლი თვალწინ წარმოგვიდგება სინათლისმაგვარ პატარა ღრუბელში. გრძნობად - სულიერი თვალსაზრისით მისი აღქმა შეიძლება როგორც ერთგვარი ცეცხლის ალისა. ამ ალის შუაგულის მიმართ გაგვიჩნდება შეგრძნება, რომელიც მსგავსია შთაბეჭდილებისა, ლილისფერი რომ იძლევა, ხოლო შეგრძნება კიდეების მიმართ ემგვანება ცისფერისგან მიღებულ შთაბეჭდილებას. აქ გაცხადდება ის, რაც უწინ არ შეგვინიშნავს, რაც დაჰბადა ჩვენში აღძრული ძალისა და გრძნობის ძალამ. გრძნობადი თვალსაზრისით უწინ უხილავი მცენარე ახლა საჩინო გახდება და უკვე სულიერ - ხილულად გვევლინება.
გასაგებია, რომ მავანმა ეს ყოველივე შესაძლოა ილუზიად მიიჩნიოს. მრავალნი იტყვიან: ‘’რაში მარგია მე ასეთი ხილვები, ასეთი ფანტაზიები?‘’ ზოგიერთები ხელს ჩაიქნევენ და გზას აღარ განაგრძობენ, თუმცა კი საქმე სწორედ ისაა კაცებრივი განვითარების ამ ურთულეს მომენტებში ერთმანეთში არ ავურიოთ ფანტაზია და სულიერი რეალობა. შემდეგ კი საჭიროა სიმამაცე, რათა შევძლოთ წინსვლა და არ დაგვეუფლოს სიმხდალე და სულმოკლეობა.
მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელია საკუთარ თავში განუხრელად განვივითაროთ საღი აზრი, რომელიც ჭეშმარიტებასა და სიცრუეს ურთიერთისაგან გამოარჩევს. ამ ვარჯიშების დროს ადამიანმა არასოდეს უნდა დაჰკარგოს ცნობიერი მეუფება საკუთარ თავზე. აქ მან ისევე დამაჯერებლად უნდა იაზროვნოს, როგორც ამას სჩადის ყოველდღიური ცხოვრების საგნებთან და პროცესებთან დაკავშირებით. ძალზე ცუდი იქნებოდა, თუ ის მეოცნებეობას მინებდებოდა. ნათელი განსჯა, სრული სიფხიზლე უნდა შეინარჩუნოს მან ნებისმიერ დროს. უდიდესი შეცდომა იქნებოდა დაშვებული, თუ ადამიანი ამგვარი ვარჯიშების შედეგად დაჰკარგავდა წონასწორობას, თუ ის ვეღარ შესძლებდა ისეთივე ნათელ, საღ მსჯელობას ყოველდღიური ცხოვრების საგნებზე, როგორც მანამდე ახერხებდა. გამუდმებით უნდა ამოწმებდეს იდუმალთმოწაფე, ხომ არ დაერღვა წონასწორობა, ხომ ნამდვილად იგივე დარჩა გარემოში, რომელშიც ცხოვრება უწევს. ურყევი სიმშვიდე საკუთარ თავში, ნათელი აზრი ყველაფერთან მიმართებაში - ყოველივე ეს მან უნდა შეინარჩუნოს. რასაკვირველია, მკაცრად უნდა ვადევნოთ თვალი, არ მივეცეთ თვითნებურ მეოცნებეობას და არც სხვა რაიმე ვარჯიშებით გავერთოთ.
აქ მითითებული იდეათა დინებები ნაცადია ჯერ კიდევ უძველესი დროიდან მოყოლებული და იდუმალთმეტყველურ სკოლებშია გამოყენებული: მხოლოდ ასეთთა შესახებ არის ნაუწყები ამ წიგნში. ხოლო ვისაც სხვაგვარ მეთოდთა გამოყენება, რომელსაც ან თვითონვე ქმნის, ანდა სადმე სმენია თუ წაუკითხავს, - მოეწევს უსაზმნოდ ხეტიალი და სულ მალე აღმოჩნდება უსაზღვრო ფანტასტიკის გზაზე.
ზემოაღწერილ სავარჯიშოს მოსდევს შემდეგი: დავდგეთ რომელიმე მცენარის პირისპირ, რომელიც სრული განვითარების საფეხურზე იმყოფება. შემდეგ აღვივსოთ აზრით, რომ ოდესმე დადგება ამ მცენარის ჭკნობის დროც; აღარაფერი დარჩება იმისგან, რაც ახლა მაქვს თვალწინ. მაგრამ ეს მცენარე განივითარებს თესლებს, რომლებიც კვლავ იქცევიან ახალ და ახალ მცენარეებად. მე კვლავ ვრწმუნდები, რომ იმაში, რასაც ახლა ვხედავ, დაფარულად ჩადებულია კიდევ რაღაც, ჩემს თვალთაგან უხილავი. და მე სავსებით აღვივსები შემდეგი აზრით: მცენარის ეს სახეობა თავისი ფერებით აღარ იარსებებს მომავალში; თუმცა წარმოდგენა მის მიერ წარმოშობილი თესლის შესახებ მე მასწავლის, რომ იგი არ მიიქცევა არარად. იმას, რაც მას გაქრობისაგან იცავს, ისევე ცუდად ვხედავ, როგორც ადრე არ შემეძლო დამენახა მომავალი მცენარე თესლში. ამრიგად, მასში არის რაღაც, რასაც მე თვალით ვერ ვხედავ. თუ მე ამ აზრს ჩემში ვაცოცხლებ, თუ მას დაუკავშირდება შესაბამისი გრძნობაც, მაშინ ჩემს სამშვინველში გარკვეული დროის შემდეგ განვითარდება ძალა, რომელიც გადაიქცევა ახალ აღქმად. მცენარიდან კვლაც ამოიზრდება ცეცხლის ალისებრი ერთგვარი წარმონაქმნი. ეს, ბუნებრივია, უფრო დიდი იქნება შესაბამისად, ვიდრე ზემოთ აღწერილი. ამ ალის შუა ნაწილი აღიქმება როგორც მომწვანო - მოლურჯო, ხოლო მისი გარე კიდეები - როგორც მოყვითალო - წითელი ფერისა.
აქ გარკვევით უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში ‘’ფერებად‘’ წოდებულს ადამიანი ვერ ხედავს ისევე, როგორც ფიზიკური თვალი ხედავს ფერებს, არამედ სულიერი აღქმის შედეგად შეიგრძნობს იმის მსგავსს, რაც ფერების მიერ გამოწვეულ ფიზიკურ შთაბეჭდილებას მოაქვს. სულიერი თვალსაზრისით ‘’ლურჯის‘’ აღქმა ნიშნავს რაღაც ისეთის განცდას ან შეგრძნებას, რაც ფიზიკური თვალით ‘’ლურჯი ფერის‘’ ჭვრეტისას გაჩენილი შეგრძნებისა. ეს უნდა გაითვალისწინოს, ვისაც კი ნამდვილად სურს მიეახლოს სულიერ განცდებს. სხვაგვარად შეიძლება ის მოელოდოს, რომ სულიერ სფეროში იპოვნის მხოლოდ ფიზიკურის განმეორებას. ეს კი მას სასტიკ დაბნეულობაში ჩააგდებს.
ის, ვინც მოიხერხებს სულიერად იხილოს ასეთი რამ, ბევრის მიღწევას შესძლებს. მის წინაშე გაიხსნებიან საგნები არა მხოლოდ აწინდელი ყოფიერებით, არამედ მათი დასაბამით და დასასრულით. იგი იწყებს ყოველგან სულის განჭვრეტას, რის შესახებაც გრძნობადმა არაფერი იცის. ასე გადადგა მან პირველი ნაბიჯები საკუთარი აღქმის საშუალებით დაბადების და სიკვდილის საიდუმლოს მიღმა გადასახედად. გარეგანი გრძნობებისთვის არსება წარმოიშობა დაბადებისას და განქარდება სიკვდილისას. ეს ასე იმიტომ ხდება, რომ ხსენებული გრძნობები ვერ აღიქვამენ არსების დაფარულ სულს. სულისთვის დაბადება და სიკვდილი მხოლოდ გარდასახვაა, ისევე როგორც გარდასახვაა ყვავილის აღმოცენება კვირტიდან, რომელიც ჩვენი გრძნობადი თვალის წინ ხდება. ხოლო თუ გვსურს ამის შემეცნება საკუთარი აღქმით, საჭიროა უკვე მითითებული წესით ჩვენში სულიერი შეგრძნების ორგანო გავაღვიძოთ.
საპირისპიროდ ერთი მოსაზრებისა, რომელიც შესაძლოა გამოთქვან გარკვეული მშვინვიერი (ფსიქიკური) გამოცდილების მქონე ადამიანებმა, უნდა ითქვას შემდეგი: არ უარვყოფთ, რომ არსებობს უფრო მოკლე და მარტივი გზაც, რომ მავანნი მართლაც საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე ეცნობიან დაბადებისა და სიკვდილის მოვლენებს აქ აღწერილი გზის გარეშე. არსებობენ ადამიანები, რომელთაც მნიშვნელოვანი ფსიქიკური მონაცემები გააჩნიათ, ისინი საჭიროებენ მხოლოდ მცირეოდენ ბიძგს, რათა განვითარდნენ. მაგრამ ეს ხომ გამონაკლისებია. აქ წარმოდგენილი გზა კი საყოველთაო და საიმედოა. დიახაც შესაძლებელია ქიმიის სფეროში გარკვეული ცოდნის მიღება გამონაკლისი ხერხებით, მაგრამ თუ ქიმიკოსობა გვინდა, საჭიროა მივყვეთ საყოველთაო და საიმედო გზას.
მძიმე შედეგების მომტან ცდომილებაში აღმოჩნდება ის, ვისაც ჰგონია, რომ მიზნის უფრო იოლად მიღწევისათვის უბრალო ფანტაზიითაც კი შეიძლება წარმოიდგინოს მცენარის თესლი ან მცენარე. ვინც ამას სჩადის, თუმცა შესაძლოა კიდეც მიაღწიოს მიზანს, მაგრამ არა ისე საიმედოდ, როგორც აქ არის მითითებული. ამ დროს მიღწეული ჭვრეტა უმეტესად აჩრდილისებრი ნაყოფია ფანტაზიისა. ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება ლოდინი, ვიდრე ეს უკანასკნელი არ გარდაიქმნება სულიერ ჭვრეტად. მე თვითნებურად კი არ უნდა შევიქმნა ჭვრეტა, არამედ სინამდვილემ უნდა წარმოქმნას იგი ჩემში. ჩემი სამშვინველის სიღრმეებიდან უნდა წარმოსდინდეს ჭეშმარიტება, მაგრამ არა ჩემი ჩვეულებრივი ‘’მე‘’ უნდა იყოს ჯადოქარი, რომელსაც სურს ჭეშმარიტების გამოვლინება, არამედ ის არსებანი, რომელთა სულიერი რეალობის განჭვრეტასაც მე ვესწრაფვი.
თუ ადამიანმა ასეთი ვარჯიშების გზით მიაღწია ეპოვნა სულიერი ჭვრეტის პირველსაწყისები, მას შეუძლია ამაღლდეს თვით ადამიანზე დაკვირვებამდეც. თავიდან შერჩეულ უნდა იქნენ ადამიანური ყოფის რიგითი მოვლენები. ხოლო სანამ აქამდე მივიდოდეს, მან განსაკუთრებით სერიოზულად უნდა იმუშაოს საკუთარ ზნეობრივ თვისებათა სრული განწმენდისათვის; უნდა თავიდან მოიცილოს ის აზრი, რომ იმ გზით მიღწეული შემეცნება შეიძლება გამოყენებულ იქნას პიროვნული თავკერძოობისთვის. საჭიროა საკუთარ თავთან შეთანხმება იმაშიც, რომ ამრიგად მოპოვებული ძალაუფლება მოყვასზე არასოდეს უნდა იქნეს ბოროტად გამოყენებული. ამადაც ყველამ, ვინც საკუთარი ჭვრეტით ეძიებს ადამიანური ბუნების საიდუმლოებებს, უნდა მისდიოს იდუმალთმეტყველების ოქროს კანონს. და ეს ოქროს კანონია: თუ ცდილობ ერთი ნაბიჯის გადადგმას იდუმალთმეტყველური ჭეშმარიტებების შემეცნებისაკენ, გადადგი სამი ნაბიჯი შენი ხასიათის სრულყოფისაკენ - სიკეთისაკენ. ვინც მისდევს ამ კანონს, შეეძლება ქვემოთ მოცემული სავარჯიშოების შესრულებაც.
წარმოვიდგინოთ ადამიანი, ჩვენ რომ ვაკვირდებოდით მაშინ, როცა ის რაღაცას ესწრაფვოდა. ახლა ყურადღება მივაპყროთ მის გულისთქმას. უმჯობესია მეხსიერებაში გამოვკვეთოთ ის წუთი, როდესაც გულისთქმა ყველაზე მეტად გამძაფრებული იყო და ადამიანმა არ იცოდა, მიაღწევდა თუ არა სასურველ საგანს. საჭიროა მთლიანად მივეცეთ ამ წარმოდგენას, მეხსიერებაში აღდგენილი დაკვირვებიდან გამომდინარე. საჭიროა ჩვენს სამშვინველში დავამყაროთ სრული სიმშვიდე. ვეცადოთ, შეძლებისდაგვარად დავბრმავდეთ და დავყრუვდეთ ყოველივე იმის მიმართ, რაც ჩვენს გარშემო ხდება. განსაკუთრებით უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რათა აღდგენილი წარმოდგენის საშუალებით გამოვაღვიძოთ ჩვენს სამშვინველში გრძნობა. ეს გრძნობა ისე შემოდის ჩვენში, თითქოს ესაა ღრუბელი, რომელიც ამოდის აქამდე სრულიად მოწმენდილ ჰორიზონტზე. ბუნებრივია, დაკვირვება შეწყდება იმის გამო, რომ ვერ მოხერხდება ყურადღების არეში მყოფ ადამიანზე საკმარისად დაკვირვება მოცემულ მშვინვიერ მდგომარეობაში. ალბათ მოგვიწევს ასობით მცდელობის გაკეთება. საჭიროა არ დავკარგოთ მოთმინება, მრავალი მცდელობის შემდეგ შევძლებთ საკუთარ სამშვინველში განვიცადოთ ის გრძნობა, რომელიც შეესაბამება დაკვირვების არეში მყოფი ადამიანის მშვინვიერ მდგომარეობას. რამდენიმე ხნის შემდეგ შევნიშნავთ, რომ ამ გრძნობის მეოხებით ჩვენს სამშვინველში იზრდება ძალა, რომელიც ექცევა სხვა ადამიანის მშვინვიერი მდგომარეობის სულიერ ჭვრეტად. მხედველობის არეში ამოტივტივდება ხატება, რომელიც ჩვენს აღქმაში თითქოსდა ანათებს. ეს სულიერ - მნათი ხატება არის ეგრეთ წოდებული ასტრალური განსხეულება დაკვირვების არეში მყოფი გულისთქმის მშვინვიერი მდგომარეობისა. ეს ხატება აგრეთვე შეიძლება აღწერილ იქნას როგორც ცეცხლის ალისებრი რამ. მისი შუაგული აღიქმება როგორც ყვითელი და წითელი, ხოლო კიდეები - მოწითალო - მოლურჯო ან ლილისფერი. ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენად ფაქიზად მოვეპყრობით ამგვარ სულიერ ხილვას. უმჯობესი იქნება არავის გავუმხილოთ ამის შესახებ გარდა საკუთარი მასწავლებლისა, თუკი ასეთი გაგვაჩნია.
როდესაც ცდილობენ ამგვარი მოვლენის აღწერას მოუხეშავი სიტყვებით, უმეტესწილად სასტიკ ცდომილებაში აღმოჩნდებიან ხოლმე. ამისათვის გამოიყენებენ ჩვეულებრივ სიტყვებს, რომლებიც არ არიან განკუთვნილნი მსგავსი რიგის საგანთა აღწერისათვის, საამისოდ ისინი უხეშნი და მძიმენი არიან. ხოლო მცდელობას - სიტყვებით ხორცი შეესხას ნანახს, შედეგად მოჰყვება ცდუნება, ნამდვილად დანახულს ფანტაზიის ათასგვარი წარმონაქმნები შეემატოს. აქედან ისევ და ისევ გამომდინარეობს იდუმალთმოწაფისთვის მნიშვნელოვანი კანონი: ხელგეწიფებოდეს დუმილი შენი სულიერი ხილვების ირგვლივ, არაფერი უთხრა ამის შესახებ საკუთარ თავსაც კი. ის, რასაც სულში ჭვრეტ, არ ეცადო გამოხატო სიტყვით, ან უკირკიტო მასში მოუხეშავი განცდით. ყოველგვარი მიკერძოების გარეშე მიეცი საკუთარი თავი სულიერ ჭვრეტას და ნუ დააბრკოლებ ათასგვარი ფიქრით - გახსოვდეს, რომ შენი აზროვნება თავიდან სულაც არ არის მომწიფებული რაიმე განსაჯოს შენეული ჭვრეტის თაობაზე. ეს აზროვნება მოგდევს შენი მანამდელი ფიზიკურ - გრძნობადი სამყაროთი შეზღუდული ცხოვრებიდან. ის, რასაც ახლა აითვისებ, სცილდება ამის საზღვრებს. ამადაც, ნუ ეცდები ახლისა და ზენას მიმართ ძველი საზომების გამოყენებას. ამაზე საუბარი და ამით მოყვასის შთაგონება შეუძლია მხოლოდ იმას, ვინც უკვე საკმაოდ განმტკიცდა შინაგან გამოცდილებებზე დაკვირვებით.
აღწერილი სავარჯიშო შესაძლოა შევავსოთ კიდევ ერთით. უნდა დავაკვირდეთ ადამიანს, რომელსაც წილად ხვდა რაიმე სურვილის დაკმაყოფილება ანდა მოლოდინის ასრულება. თუ დაკვირვებას იგივენაირი წესებით და სიფრთხილით ვაწარმოებთ, რაც მოცემული იყო ზემოთაღწერილ შემთხვევაში, მიიღწევა კიდევ ერთი სულიერი ჭვრეტა. კვლავ შევამჩნევთ ცეცხლის ალისებრ წარმონაქმნს, რომელიც შუაგულში ყვითელი, ხოლო კიდეებში მომწვანოდ აღიქმება.
მოყვასზე ამგვარი დაკვირვების შედეგად ადამიანი შეიძლება იოლად აღმოჩნდეს მორალურ ცდომილებაში - შეიძლება გადაიქცეს სიყვარულის გრძნობას სრულიად მოკლებულ არსებად. ეს რომ არ მოხდეს, ამისათვის მან უნდა მიმართოს ყველა შესაძლებელ საშუალებას. ამგვარი დაკვირვებისას ადამიანი უნდა იდგეს ისეთ სიმაღლეზე, როდესაც მას სავსებით გაცნობიერებული აქვს ერთი რამ - აზრები რეალური საგნები არიან. მან არ უნდა მისცეს თავს უფლება ისე იფიქროს მოყვასზე, რომ ეს აზრები შეუთავსებელი იყოს ადამიანურ ღირსებასთან და თავისუფლებასთან. ერთი წუთითაც არ უნდა დავუშვათ ის აზრი, რომ ადამიანი შესაძლოა იყოს დაკვირვების ობიექტი. სულიერი რიგის ყოველ დაკვირვებას ადამიანურ ბუნებაზე თან უნდა ახლდეს თვითაღზრდა, უნდა ვაფასებდეთ ყოველი ადამიანის პირად ღირსებას, ყოველივე მასში არსებული - ფიქრებსა და გრძნობებშიც კი - უნდა განიხილებოდეს, როგორც რაღაც წმინდა, ხელშეუხებელი. უნდა გვიპყრობდეს ღვთაებრივი ჟრჟოლა ყოველივე ადამიანურის მიმართ, თვით მაშინაც კი, როდესაც ფიქრები წარსულის მოგონებებს შეეხება.
ამ ორი მაგალითით გვსურდა გვეჩვენებინა, თუ როგორ მიიღწევა განსხივოსნება ადამიანური ბუნების გაგებით. ამ მაგალითებით, ალბათ, შევძელით ჩვენება იმ გზისა, რომელზე შედგომაც გვსურს. დიდმნიშვნელოვან გარდაქმნას განიცდის მისი სამშვინველი, ვინც ამ დაკვირვებათა მეოხებით აუცილებელ შინაგან სიმშვიდესა და აუმღვრევლობას ჰპოვებს. და სულ მალე შინაგანი სიმდიდრე, რამაც მისი არსება მოიცვა, დამაჯერებლობასა და სიმშვიდეს მიანიჭებს თვით მის გარეგნულ ქცევებსაც. ხოლო გადასხვაფერებული გარეგნული ქცევები უკუიმოქმედებენ მის სამშვინველზე. ასე დაეხმარება ის საკუთარ თავს და გამოძებნის საშუალებებსა და გზებს, სულ უფრო და უფრო მეტი აღმოაჩინოს ადამიანური ბუნების შესახებ - გარეგნულ გრძნობათათვის აქამდე დაფარული. იგი შემდგომში მომწიფდება იმ იდუმალ კავშირთა განჭვრეტისათვის, ადამიანურ ბუნებასა და ყოველივე სამყაროში არსებულს შორის რომ სუფევს. ასე ადამიანი თანდათანობით უახლოვდება წუთს, როდესაც პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას ხელდასხმის გზაზე. ხოლო მანამდე კიდევ ერთი რამაა საჭირო, რის მნიშვნელობასაც იდუმალთმოწაფე თავიდან ნაკლებად, მაგრამ მოგვიანებით კი ნამდვილად ჩასწვდება.
ის, რაც ხელდასხმის გზაზე შემდგარს თან უნდა მოსდევდეს, ეს არის გარკვეული თვალსაზრისით გამომუშავებული სიმამაცე და უშიშრობა. იდუმალთმოწაფე პირდაპირ უნდა ეძებდეს შემთხვევებს, რომელთა დახმარებითაც ის გამოიმუშავებს ამ სათნოებებს. იდუმალთგანსწავლისას მათ სისტემატიურად გამოიმუშავებდნენ ხოლმე. ამ მხრივ თავად ცხოვრებაა კარგი იდუმალთმეტყველური სკოლა და, შეიძლება ითქვას, საუკეთესოც კი. იდუმალთმოწაფეს უნდა შეეძლოს მშვიდად შეხედოს თვალებში განსაცდელს, სულმოკლეობის გარეშე გადალახოს სიძნელეები. მაგალითად, საფრთხის წინაშე მდგარმა უნდა აღიძრას თავის თავში შემდეგი გრძნობა: ახლა მე შიში არას მარგია, მე საერთოდ არ უნდა მეშინოდეს და მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქრო, თუ რა მოვიმოქმედო. და ეს გრძნობა მან იმდენად უნდა განივითაროს, რომ მაშინაც, როდესაც სიმხდალე შეიპყრობს, შიშის განცდა და სულმოკლეობა მისი შინაგანი გრძნობებისათვის მიუღებელი გახდეს. ამ მხრივ, თვითაღზრდის შედეგად ადამიანი თავის თავში განივითარებს გარკვეულ ძალებს, რომლებიც მას ესაჭიროება უმაღლეს საიდუმლოებებში ხელდასხმისათვის. ისევე როგორც ფიზიკურად ადამიანს ესაჭიროება ნერვთა ძალა, რათა გამოიყენოს თავისი ფიზიკური გრძნობები, სულიერად. ადამიანს სჭირდება ის ძალა, რომელიც მხოლოდ მამაც და უშიშარ პიროვნებებში ვითარდება. ვინც გზას იკვლევს უმაღლესი საიდუმლოებებისკენ, ამჩნევს საგნებს, რომლებიც ფიზიკურ გრძნობათაგან გამოწვეული მოჩვენებითობის წყალობით დაფარული რჩებიან ჩვეულებრივი ადამიანებისთვის. როდესაც ფიზიკური გრძნობები ადამიანს არ აძლევენ საშუალებას განჭვრიტოს უმაღლესი ჭეშმარიტებანი, ამით ისინი სასიკეთო სამსახურს უწევენ მას. - მათი წყალობით დაფარულნი რჩებიან ისეთი საგნები, რომლებიც მოუმზადებელ ადამიანს უსაზღვრო შეძრწუნებას მოჰგვრიდა, და რომელთა დანახვასაც კი ის ვერ გადაიტანდა. იდუმალთმოწაფე უნდა მომწიფდეს საიმისოდ, რათა თვალი გაუსწოროს ამგვარ სანახაობას. მას ფეხქვეშ ეცლება ზოგიერთი საყრდენი გარესამყაროში, მაგრამ იგი იმ გარემოებას უმადლის, რომ აქამდე მოჩვენებითობა გარემოიცავდა მას. ეს ნამდვილად და ზედმიწევნით ჰგავს ისეთი ადამიანის მდგომარეობას, რომელსაც მიუთითებენ საფრთხეზე, რაშიც თურმე დიდი ხანია იმყოფება, მაგრამ ვერაფერს ხვდებოდა. და თუ აქამდე შიში არ ჰქონია, ახლა უკვე შიში იპყრობს, თუმცა, მიუხედავად გაცნობიერებისა, საფრთხე არ გაზრდილა.
სამყაროული ძალები მოქმედებენ როგორც დამანგრევლად, ისე აღმშენებლად. გარეგან არსებათა ხვედრია წარმოშობა და გარდასვლა. ამ ძალთა მოქმედების, ბედის ამ მდინარების მიღმა უნდა გადაიხედოს გათვითცნობიერებულმა. მან უნდა ჩამოიცილოს ფარდა, რომელიც ყოფაში ჩამოფარებულია სულიერ თვალზე. მაგრამ ადამიანი თავად არის გადახლართული ამ ძალებთან, ამ ბედთან. საკუთრივ მის ბუნებაშია ეს დამანგრეველი და აღმშენებელი ძალები. ისე როგორც გათვითცნობიერებულის თვალწინ აშკარავდებიან სხვადასხვა საგნები, ასევე ცხადად წარმოუდგება სამშვინველი საკუთარ თავს. ამგვარი თვითშემეცნების პირისპირ იდუმალთმოწაფემ არ უნდა დაჰკარგოს ძალა. და ეს ძალა მას არ მოაკლდება, თუკი მუდამ ჭარბად გასცემს. საამისოდ მან უნდა ისწავლოს ცხოვრების უმძიმეს ვითარებებში შინაგანი სიმშვიდისა და დამაჯარებლობის შენარჩუნება; თავის თავში უნდა აღზარდოს მტკიცე ნდობა ყოფიერების კეთილი ძალების მიმართ; მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ბევრი მისწრაფება, რომელიც აქამდე წარმართავდა მას, მეტად აღარ წარმართავს. უნდა შეიგნოს, რომ ზოგი რამ არცოდნის გამო ჩაუდენია ან უფიქრია; ის მოტივები, რომლებიც აქამდე ამოძრავებდნენ, ჩამოსცილდებიან. ზოგი რამ მას ამპარტავნობით მოსვლია - აწი კი დაინახავს, თუ რა გამოუთქმელად უფასურია ყოველგვარი ამპარტავნება გათვითცნობიერებულისათვის. ზოგი რამ მას სიხარბით ჩაუდენია. - ახლა გაიგებს, თუ რამდენად დამანგრეველია ყოველგვარი სიხარბე. სრულიად ახლიდან უნდა განივითაროს მან მისწრაფება მოქმედებისა და აზროვნებისათვის. სწორედ ამ რიგის მისწრაფებებს განეკუთვნებიან აგრეთვე სიმამაცე და უშიშრობაც.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ სიმამაცისა და უშიშრობის აღზრდა აზრისმიერი ცხოვრების უღრმეს წიაღში. იდუმალთმოწაფემ უნდა ისწავლოს არ შედრკეს წარუმატებლობის წინაშე. მას უნდა გააჩნდეს უნარი მივიდეს აზრამდე: მსურს დავივიწყო, რომ ეს საქმე არ გამომივიდა და ახლიდან ვცადო, თითქოს არაფერიც არ მომხდარა. ამრიგად იკვლევს იგი გზას რწმენისაკენ, რომ სამყაროში ამოუწურავია ძალთა წყაროები, საიდანაც ის საზრდოობს და სულ უფრო და უფრო მიელტვის სულიერს, რომელიც მას აიტაცებს და ატარებს, რაოდენ უძლური და სუსტიც არ უნდა აღმოჩნდეს მისი მიწიერი ბუნება. იგი უნდა იყოს შემძლე იცხოვროს მომავლისაკენ პირმიქცეულად და ამ მისწრაფებას ხელი ვერ უნდა შეუშალოს წარსულის ვერცერთმა გამოცდილებამ. თუ ადამიანი დაეუფლა აღწერილ თვისებებს გარკვეულ დონემდე, მაშინ იგი მომწიფებულია საგნების ნამდვილ სახელთა შესამეცნებლად და რაც წარმოადგენს უმაღლესი ცოდნის გასაღებს. რამდენადაც ხელდასხმა მდგომარეობს სამყაროული საგნების იმგვარად სახელდებაში, როგორადაც იწოდებიან ისინი თავიანთი ღვთაებრივი შემოქმედის სულში. ამ სახელებში ჩადებულია საგანთა საიდუმლოებანი. ამადაც ლაპარაკობენ, განსხვავებით არახელდასხმულთაგან, ხელდასხმულნი სხვა ენაზე - მათთვის ხომ ცნობილია არსთა ის სახელები, რომელთა წყალობითაც სული შთაებერა ყოველივეს. შემდგომ თავში, რამდენადაც ეს შესაძლებელია, საუბარი შეეხება საკუთრივ ხელდასხმას (ინიციაციას).