რუდოლფ შტაინერი - "როგორ მიიღწევა ზენა სამყაროთა შემეცნება?"

რუდოლფ შტაინერი
5
1

ავტორი: რუდოლფ შტაინერი მთარგმნელი: ვიტალი დარსანია წყარო გამომცემლისგან მეოცე საუკუნის დიდი მეცნიერის, დოქტორ რუდოლფ შტაინერის (1861-1925 წწ.) ცხოვრება და მოღვაწეობა მჭიდროდ არის დაკავშირებუ...

ხელდასხმა

 

ხელდასხმა

ხელდასხმა არის იდუმალთაგან სწავლის უმაღლესი საფეხური, რის შესახებაც ამ წიგნში მოცემული იქნება საყოველთაოდ გასაგები მითითებანი. ყოველივეზე, რაც ამ საფეხურის მიღმა ძევს, ძნელი გასაგებია, თუმცა აქეთ მიმავალ გზას იპოვის ყველა, ვინც მომზადების, განსხივოსნების და ხელდასხმის საშუალებით გააღწია შედარებით ქვედა რიგის საიდუმლოებებში.

ცოდნა და უნარები, რომლებიც ადამიანს წილად ხვდება ხელდასხმის შედეგად, შესაძლოა შორეულ მომავალში - მრავალი გარდასხეულების შედეგად - სრულიად სხვა გზით და სხვა ფორმით მოიპოვოს. ვინც უკვე დღეს გაივლის ხელდასხმას, გაიგებს ისეთ რასმე, რასაც სხვა შემთხვევაში ბევრად გვიან, სრულიად სხვა ვითარებაში თუ შეიტყობდა.

ადამიანს იმდენი შეუძლია გაიგოს ყოფიერების საიდუმლოებებიდან, რამდენიც შეესაბამება მისი სიმწიფის ხარისხს. მხოლოდ ამიტომ არსებობს დაბრკოლებები უმაღლესი ცოდნის და უნარების დაუფლების გზაზე. ადამიანმა არ უნდა გამოიყენოს თოფი იქამდე და ამის შედეგად არ დაატრიალოს რაიმე უბედურება, ვიდრე საკმარისი გამოცდილება არ ექნება. ვინმეს რომ უცებ მიეღო ხელდასხმა, ის დარჩებოდა იმ გამოცდილების გარეშე, რისი შეძენაც მომავალ ინკარნაციებში მოუწევდა, როდესაც შესაბამისი საიდუმლოებანი გაეხსნებოდნენ კანონზომიერი განვითარების შედეგად. ამის გამო ხელდასხმის კარიბჭესთან ეს გამოცდილებანი რაღაც სხვით უნდა შეიცვალოს. პირველი მითითებანი ხელდასხმის მოსურნეს ეძლევა მომავალი გამოცდილების სანაცვლოდ. ესენი არიან ე.წ. გამოცდები, რომლებიც მან უნდა გაიაროს და რომლებიც იქნება მშვინვიერი ცხოვრების კანონზომიერი შედეგები, თუ წინამდებარე თავში აღწერილი სავარჯიშოები სწორად შესრულდება შემდგომშიც.

ამ გამოცდების შესახებ წიგნები ხშირად მოგვითხრობენ, მაგრამ, ცხადია მათი ბუნების შესახებ ამგვარი მსჯელობისას, მცდარი წარმოდგენები აღმოცენდებიან ხოლმე. ის, ვისაც არ გაუვლია მომზადება და განსხივოსნება, არაფერი იცის ამ გამოცდების შესახებ და არც მათი საქმიანი აღწერა შეუძლია.

ხელდასხმის გზაზე შემდგარს უნდა გაეხსნას გარკვეული საგნები და ფაქტები, რომლებიც ზენა სამყაროს განეკუთვნებიან. ის მხოლოდ მაშინ შესძლებს მათ დანახვას და მოსმენას, როდესაც განსხივოსნების დროს აღწერილ სულიერ შეგრძნებებს, ფიგურებს , ბგერებს, ფერებს და ასე შემდეგ აღიქვამს.

პირველი გამოცდა მდგომარეობს იმაში, რომ მოწაფე ჩვეულებრივ ადამიანთან შედარებით აღწევს უსიცოცხლო სხეულის ფიზიკური თვისებების უფრო ჭეშმარიტ განჭვრეტას, ხოლო შემდგომ მცენარეების, ცხოველების და ადამიანებისას. აქ არ იგულისხმება ის, რასაც მეცნიერული ცოდნა ეწოდება. საქმე განჭვრეტაშია და არა მეცნიერებაში. ჩვეულებრივ ეს ასე ხდება - ხელდასხმის გზაზე შემდგარი სწავლობს იმის შემეცნებას, თუ როგორ აუწყებენ სულიერ მზერასა და სმენას საკუთარი თავის შესახებ ბუნების ქმნილებანი და ცოცხალი არსებანი. ეს საგნები, შეიძლება ითქვას, სრულიად აშკარად, გაშიშვლებულები წარსდგებიან მჭვრეტელის წინაშე. გრძნობადი მზერისა და სმენისათვის დაფარული რჩებიან თვისებანი, ახლა რომ ხედავს და ისმენს. გრძნობადი ჭვრეტისას მათზე თითქოს ფარდაა ჩამოფარებული. ხელდასხმის გზაზე შემდგარისათვის ეს ფარდა გადაიხსნება და ამ პროცესს ,,სულიერი წვა” ეწოდება. ამადაც ამ პირველ გამოცდას ,,ცეცხლით გამოცდა ეწოდება”.

მავანთათვის თავად ყოველდღიური ცხოვრებაა მეტნაკლებად გაუცნობიერებელი პროცესი ხელდასხმისა. გამავალი ცეცხლით გამოცდაზე ეს ადამიანები ცხოვრებაში იძენენ მდიდარ გამოცდილებას. მათი რწმენა საკუთარი თავისადმი, სიმამაცე და სიმტკიცე საღი გაგებით იზრდება. ისინი დიდსულოვნად უდრეკი ძალით სწავლობენ იმედგაცრუების, წარუმატებლობის გადატანას. ვინც ამგვარი გამოცდილებანი შეიძინა, ხშირ შემთხვევაში უკვე ხელდასხმულია, თანაც ისე, რომ წესიერად არც კი აქვს შეგნებული ეს და სულ ცოტაღა ესაჭიროება სულის სმენისა და მხედველობის გახსნისათვის, რათა ნათელმხილველი გახდეს. საჭიროა მტკიცედ დავიმახსოვროთ: ჭეშმარიტი ცეცხლით გამოცდისას საქმე მოსურნეს ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაში როდია. მართალია იგი ეცნობა უჩვეულო ფაქტებს, რომელთა შესახებაც სხვა ადამიანებს წარმოდგენაც კი არ აქვთ, მაგრამ ეს ცოდნა მიზანი როდია, არამედ საშუალება მიზნის მისაღწევად, ხოლო მიზანია ზენა სამყაროების შემეცნებით მოწაფემ მოიპოვოს უფრო მეტი და ნამდვილი ნდობა საკუთარი თავის მიმართ, მეტი სიმამაცე, სრულიად სხვაგვარი დიდსულოვნება და გამძლეობა, ვიდრე ეს ჩვეულებრივ მიიღწევა მსოფლიურ ყოფაში.

ცეცხლით გამოცდის შემდეგ ყველა მოსურნეს შეუძლია უკანვე დაბრუნება. ფიზიკურად და სულიერად გაძლიერებულს შეუძლია განაგრძოს ცხოვრება და მხოლოდ მომავალ გარდასხეულებაში წაიწიოს წინ ხელდასხმის გზაზე. თავის აწინდელ ცხოვრებაში კი იგი ადამიანთა საზოგადოების ადრინდელზე მეტად საჭირო წევრი ხდება. რა მდგომარეობაშიც არ უნდა აღმოჩნდეს ის, მისი სიმტკიცე და წინდახედულობა კეთილისმყოფელ ზეგავლენას მოახდენს მოყვასზე, მისი გადამჭრელობა უწინდელზე ბევრად მოიმატებს.

თუ ცეცხლით გამოცდას გამოვლილი კანდიდატი იდუმალთგანსწავლის გაგრძელებას მოინდომებს, მის წინაშე ახლა უნდა გაიხსნას ერთგვარი წერილობითი სისტემა, ისე, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება იდუმალთგანსწავლისას. ამ წერილობით სისტემაში გაცხადდებიან საკუთრივ იდუმალთსწავლანი. ის, რაც საგნებში ნამდვილად ,,დაფარული” (ოკულტური), შეუძლებელია ყოველდღიურობის ენის მეოხებით უშუალოდ გადმოიცეს ან ჩვეულებრივი წერილობითი სისტემის საშუალებით გამოიხატოს. ისინი, ვინც დაემოწაფებიან ხელდასხმულთ, იდუმალთსწავლებას თარგმნიან ყოველდღიურობის ენაზე, ცხადია, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ოკულტური დამწერლობა გაცხადდება ადამიანის წინაშე , როდესაც ეს უკანასკნელი მიაღწევს სულიერ აღქმას. ეს დამწერლობა მუდამ გამოსახულია სულიერ სამყაროში, თუმცა არ შეისწავლება ისე, როგორც ხელოვნური დამწერლობის კითხვა. ადამიანი კანონზომიერად იზრდება ნათელმხილველური შემეცნების მიმართ და ამ ზრდის პროცესში მშვინვიერი უნარის მსგავსად ვითარდება ძალა, რომელიც უბიძგებს სულიერ სამყაროში მისი გარემომცველი მოვლენების და არსებების დამწერლობის ამოხსნისაკენ. ისეც ხდება, რომ ეს ძალა და მასთან ერთად სამშვინველის განვითარების შესაბამისი შეგრძნება გამოცდისა, თავისთავად გამოიღვიძებენ ხოლმე. მიზანს უფრო დამაჯერებლად მივაღწევთ, თუ მივყვებით გამოცდილი იდუმალთმკვლევარის მითითებებს, რომლებიც ოკულტური დამწერლობის ამოხსნისას მიხვედრილობას იჩენენ.

საიდუმლო დამწერლობის ასო-ნიშნები როდი არიან თვითნებურად შეთხზულნი, არამედ ისინი შეესაბამებიან ძალებს, რომლებიც სამყაროში მოქმედებენ. ამ ასო-ნიშანთა მეოხებით შესაძლებელია საგნების ენის სწავლა. ხელდასხმის კანდიდატისათვის მალე ცხადი გახდება, რომ მის მიერ შეცნობილი ასო-ნიშნები, ფიგურები, ფერები, ბგერები და ასე შემდეგ შეესაბამებიან იმას, რისი აღქმაც მან უკვე ისწავლა მომზადებისა და განსხივისნების დროს. მისთვის ნათელი ხდება, რომ აქამდე თურმე ანაბანას სწავლობდა და მხოლოდ ახლა იწყებს ზენა სამყაროებში კითხვას. უდიდეს ურთიერთკავშირში წარმოუდგება ამიერიდან ყოველივე ის, რაც აქამდე ცალკეულ ფიგურას, ფერს , ბგერას გამოხატავდა. მხოლოდ ახლა, ზენა სამყაროებზე დაკვირვებისას ეუფლება მას ჭეშმარიტი დამაჯერებლობა. თუ უწინ მას არ შეეძლო გარკვევით სცოდნოდა , რაოდენ მართებული იყო მათი საგნების მისებური ხედვა, ახლა შესაძლებელი ხდება ურთიერთგაგება კანდიდატსა და ხელდასხმულს შორის უფრო მაღალი ცოდნის სფეროებში. როგორადაც არ უნდა წარიმართოს ხელდასხმულის სხვა ადამიანთან ცხოვრება, პირველს მათაგან უმაღლესი ციდნიდან რაიმეს უშუალო გაზიარება შეუძლია მხოლოდ ზემოხსენებულ ნიშანთა ენის მეოხებით.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არიან ადამიანებიც, რომელთაც გაუცნობიერებლად შეუძლიათ ამგვარი მოქმედება იდუმალთგანსწავლის გარეშე. ეს სამყაროს და კაცობრიობის შემწენი მოაბიჯებენ ცხოვრებაში ისე, რომ თან მოაქვთ კურთხევა და ქველმოქმედება. სხვადასხვა მიზეზთა გამო, რომელთა შესახებაც დაწვრილებით მსჯელობა აქ უადგილოდ მიგვაჩნია, მათ ნაბოძები აქვთ ისეთი მადლი, რომელიც ზებუნებრივად ითვლება და რაც მათ იდუმალთმოწაფისაგან განასხვავებს. ესაა, რომ ეს უკანასკნელი ცნობიერად, ყველა ურთიერთკავშირების გააზრებით მოქმედებს. იგი განსწავლის წყალობით აღწევს იმას, რაც პირველთ ზენა ძალთა მიერ სამყაროსთვის სასიკეთოდ მიემადლებათ. ღვთის მიერ დაჯილდოვებულნი იმსახურებენ ჭეშმარიტ თაყვანისცემას, მაგრამ ამის გამო განსწავლისათვის გაწეული შრომა ზედმეტად არ უნდა ჩაითვალოს.

თუ იდუმალთმოწაფემ ხსენებული ნიშნებრივი დამწერლობა შეისწავლა, შემდგომ მისთვის დაიწყება მორიგი გამოცდა. ამ გამოცდამ უნდა წარმოაჩინოს, თუ რამდენად შეუძლია მას თავისუფლად და დამაჯერებლად მოძრაობა ზენა სამყაროში. ყოველდღიურობაში ადამიანს მოქმედებისაკენ გარესამყაროული მიზეზები უბიძგებენ. იგი ასრულებს ამა თუ იმ სამუშაოს, ამა თუ იმ მოვალეობის გამო. ალბათ საჭირო აღარ არის იმის შეხსნება, რომ იდუმალთმოწაფემ არ უნდა აარიდოს თავი ყოველდღიური ცხოვრების არცერთ მოთხოვნას მისი ზენა სამყაროებში დამკვიდრების გამო. არცერთმა ზენასამყაროულმა ვალდებულებამ არ უნდა აიძულოს იდუმალთმოწაფე უგულებელჰყოს თავისი ყოველდღიური ვალდებულებანი. ოჯახის მამა ოჯახის კარგ მამადვე რჩება, დედა აგრეთვე კარგ დედად, მოხელე ზურგს არ შეაქცევს თავის სამსახურს, ისევე როგორც ჯარისკაცი ან ვინმე სხვა იდუმალთმოწაფედ გახდომისას. პირიქით, ყველა ის თვისებანი, რომელთა წყალობითაც ადამიანი უფრო საქმიანი ხდება იდუმალთმოწაფეში იმდენად იზრდებიან, რომ არახელდასხმულს წარმოდგენაც კი არ შეუძლია იქონიოს ამის შესახებ. როდესაც არახელდასხმულს ხანდახან ეჩვენება, რომ ეს სულაც არ არის ასე, ზოგჯერ ხდება იმის გამოც, რომ მას ყოველთვის არ შეუძლია ხელდასხმულის სწორად განსჯა. ხელდასხმულის ქცევანი ხანდახან არ არის იმთავითვე გასაგები , თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, ეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეინიშნება.

ხელდასხმის ზემოაღნიშნულ საფეხურს მიღწეულთათვის არსებობს მოვალეობები, რომლებსაც არ განაპირობებენ არანაირი გარეგანი მიზეზები. ამ შემთხვევაში ადამიანს გარეგანი მიზეზები კი არ ამოძრავებენ, არამედ ის წესები, რომლებიც მისთვის დაფარული ენის მეოხებით გაცხადდება. ამჯერად მან ამ მეორე გამოცდის საშუალებით უნდა აჩვენოს , რომ იგი ამ წესის დაცვისას ისევე საიმედოდ და მყარად მოქმედებს, როგორც მოხელე თავისი მოვალეობების შესრულებისას. ამ მიზნით იდუმალთგანსწავლა ხელდასხმის კანდიდატს გარკვეული ამოცანის წინაშე დააყენებს. მან რაღაც უნდა მოიქმედოს იმის საფუძველზე, რაც შეისწავლა მომზადებისა და განსხივოსნების საფეხურზე. ხოლო ეს ქმედება კი უნდა შეიმეცნოს უკვე ათვისებული ზემოთხსენებული საიდუმლო დამწერლობის საშუალებით. თუ მას თავისი მოვალეობა შემეცნებული აქვს და სწორად მოქმედებს, მაშინ გამოცდასაც დაძლევს. წარმატება ამოიცნობა ცვლილებების მიხედვით, რომელიც ამ ქმედების შედეგად მოხდება ხატებში, ფერებსა და ბგერებში, სულიერი სმენა და მხედველობა რომ აღიქვამს. იდუმალთგანსწავლა საკმაოდ ზუსტად მიგვითითებს, თუ როგორ გამოიყურებიან ეს ფიგურები და ასე შემდეგ. აღნიშნული ქმედების შედეგად ხელდასხმის კანდიდატმა უნდა იცოდეს, თუ რას ძალუძს ამგვარი ცვლილების გამოწვევა. ამ გამოცდას წყლით გამოცდა ეწოდება, რადგანაც მაღალ საუფლოებში მოქმედებისას ადამიანი ვეღარ პოულობს დასაყრდენს წყალში მოცურავის მსგავსად, ფსკერს ფეხით რომ ვერ ეყრდნობა. პროცესი იმდენჯერ უნდა განმეორდეს, ვიდრე ხელდასხმის კანდიდატი სრულ დამაჯერებლობას არ იგრძნობს საკუთარ თავში.

ამ გამოცდის შემთხვევაშიც , მთავარია გარკვეული თვისების შეძენა. ზენა სამყაროში მიღებული გამოცდილებების წყალობით, ადამიანი ამ თვისებას მოკლე ხანში იმდენად მაღალ დონეზე გამოიმუშავებს, რისთვისაც ნორმალური განვითარების პირობებში მრავალი გარდასხეულება დასჭირდება. საქმის არსი შემდეგშია: ხელდასხმის კანდიდატს ყოფიერების უმაღლეს საუფლოში მითითებული გარდაქმნის მოსახდენად შეუძლია მხოლოდ მას მისდიოს, რაც უმაღლესი აღქმის საფუძველზე გაეხსნა და რაც შედეგია საიდუმლო დამწერლობის წაკითხვისა. თუ მის ქმედებას შემოერევა რაიმე მის სურვილთაგან, შეხედულებათაგან და ა. შ. მაშინ მიჰყვება არა თავისმიერვე ჭეშმარიტად ნაცნობ კანონებს, არამედ თვითნებურად გაირჯება. ასეთ დროს მოხდება სრულიად სხვა რამ, ვიდრე უნდა მომხდარიყო: ხელდასხმის კანდიდატი დაჰკარგავს ორიენტაციას თავისი მიზნისკენ და დაიბნევა.

ამიტომაც ადამიანს ამ გამოცდის საშუალებით ეძლევა მრავალმხრივი შესაძლებლობა თავის ფლობის გამომუშავებისათვის. საქმეც ამაში მდგომარეობს. ეს გამოცდა უფრო იოლად შეუძლიათ ჩააბარონ მათ, რომელთაც ხელდასხმამდე გამოიარეს ისეთი ცხოვრება, რამაც საკუთარი თავის ფლობა შეაძლებინა. ვინც მოიპოვა უნარი მისდიოს უმაღლეს წესებს და იდეალებს პიროვნული განწყობილებებისა და თვითნებობის უგულებელყოფით, ვისთვისაც ცნობილია, რომ მოვალეობა სწორედ იქ არის შესრულებული, სადაც სხვადასხვა სურვილები და სიმპათიები ცდილობენ ხელი ააღებინონ მას ამ მოვალეობის შესრულებაზე, იგი არაცნობიერად უკვე ხელდასხმულია ყოველდღიურ ცხოვრებაში. მხოლოდ მცირეოდენი იქნება საჭირო, რათა მან ჩააბაროს აღწერილი გამოცდა. შესაძლოა ითქვას, რომ ცხოვრებაში არაცნობიერად მოპოვებული ხელდასხმის გარკვეული დონე წესით საკმარისი უნდა იყოს მეორე გამოცდის გასავლელად. ისე როგორც მრავალთათვის, ვისაც წერა-კითხვა სიყმაწვილეში მართებულად არ უსწავლია, ძნელია ამისი ანაზღაურება მოწიფულ ასაკში, ასევე ძნელია საკუთარი თავის ჯეროვანი ფლობის გამომუშავება ზენა სამყაროთა განჭვრეტისას, თუ ეს რამდენადმე მაინც არ აგვითვისებია ყოველდღიური ცხოვრების მანძილზე. ფიზიკური სამყაროს საგნები არ იცვლებიან ჩვენი სურვილის, გულისთქმის, ლტოლვის მიხედვით. ზენა სამყაროში კი ჩვენი სურვილები, გულისთქმანი და მისწრაფებანი ზემოქმედებენ საგანზე თუ გვსურს იქდან შესაბამისად ვიმოქმედოთ ამა თუ იმ საგანზე, სავსებით უნდა ვფლობდეთ საკუთარ თავს, სრულიად მართებულ წესებს უნდა მივსდიოთ და არ დავექვემდებაროთ არანაირ თვითნებობას.

ხელდასხმის ამ საფეხურზე განაკუთრებით მნიოშვნელოვანია ადამიანურ თვისებათა განსჯის უპირობოდ ჯანსაღი და საიმედო უნარი. მის გამომუშავებას ყურადღება უნდა ექცეოდეს ადრეულ საფეხურებზე. ასეთ დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს თუ რამდენად ფლობს ხელდასხმის კანდიდატი ამგვარ განსჯას: რამდენად შეეფერება ეს შემეცნების ჭეშმარიტ გზას. წინსვლა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ილუზია, ფანტაზიის ამაო ჩვენებები, ცრურწმენა და ყოველგვარი აჩრდილები გაოირჩევა რეალური სინამდვილიოსაგან. ეს ყოფიერების უმაღლეს საფეხურზე უფრო ძნელია, ვიდრე დაბალ საფეხურებზე. აქ ყოველგვარი წინამძღვრები, ყველა ჩვეული შეხედულებანი უნდა გაჰქრნენ იმ საგანთა წინაშე, რომელთაც ვეხებით. მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტება უნდა იყოს გზის მაჩვენებელი, ძაფის გორგალი. აუცილებელია სრული მზადყოფნა მაშინვე მივატოვოთ ესა თუ ის აზრი, შეხედულება ან მისწრფება, თუკი ამას ლოგიკური აზროვნება მოითხოვს. ზენა სამყაროში ადამიანს დამაჯერებლობა დაეუფლება მაშინ, როდესაც იგი არასოდეს დაინდობს საკუთარ შეხედულებას.

ის დამიანები, რომლებიც თავიანთ აზროვნებაში მიდრეკილნი არიან ფანტასტიკისაკენ და ცრურწმენისაკენ ვერ შესძლებენ წარმატების მიღწევას იდუმალთმეტყველების გზაზე. იდუმალთმოწაფემ ხომ ფასდაუდებელ საუნჯეს უნდა მიაკვლიოს აქ. ყოველგვარი ეჭვები ზენა სამყაროთა არსებობის შესახებ გაჰქრებიან მისთვის. ახლა მის თვალწინ ეს მთელი სისრულით გაცხადდება, მაგრამ ის ვერ შეძლებს მოიპოვოს აღნიშნული საუნჯე, ვიდრე თავს მოიტყუებს აჩრდილებითა და წარმოსახვებით. ცუდად წაუვა საქმე იმას, ვისი ფანტაზიაც და წანამძღვრებიც მის განსჯასთან ერთად აღმოჩნდებიან სულიერ სამყაროში. მეოცნებეები და ფანტასტები ისევე გამოუსადეგარნი არიან იდუმალთმეტყველების გზაზე, როგორც ცრუმორწმუნენი. ეს შეფასება არც არის საკმარისი: ,, მეოცნებეობაში, ფანტასტიკასა და ცრურწმენაში შეფარულნი არიან უბოროტესი მტრები ზენა სამყაროების შემეცნებისათვის”. ამასთან, არავინ უნდა ჩათვალოს, რომ იდუმალთმოწაფე დაჰკარგავს ცხოვრებისეული პოეზიის შეგრძნების და აღფრთოვანების უნარს, რაკი ხელდასხმის მეორე გამოცდისაკენ მიმავალ კარიბჭეზე წარწერილია: ,,ჯანსაღი ადამიანური განსჯის გარეშე ამაო იქნება შენი ყველა ნაბიჯი”.

თუ ხელდასხმის კანდიდატი ამ მხრივ საკმარისად დაწინაურდება, მოელის მესამე ,,გამოცდაც”. აქ მის წინაშე დასახული არ არის რაიმე მიზანი, აწი მის ხელთააა ყველანაირი გადაწყვეტილების მიღება. იგი ჩაყენებულია ისეთ მდგომარეობაში, როდესაც აღარაფერი უბიძგებს მას სამოქმედოდ. მან სავსებით მარტომ უნდა გაიგნოს საკუთარი გზა. საგნები და პიროვნებები, რომლებიც უბიძგებენ ხოლმე, აღარ არსებობენ მისთვის. საკუთარი თავის გარდა არავინ და არაფერს აღარ შეუძლია მისცეს მას საჭირო ძალა და თუკი ვერ იპოვნის ამ ძალას საკუთარ თავში, სულ მალე აღმოჩნდება იქ, სადაც ადრე იდგა. უნდა ითქვას, რომ მხოლოდ მცირედნი თუ ვეღარ შესძლებენ ამ ძალის პოვნას მათგან, ვინც წინა გამოცდებს ვერ გაუძლეს. ეს ნიშნავს, რომ ან თავიდანვე ჩამორჩებიან, ან სძლევენ იმ შემთხვევაშიც. საქმე მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ საჭიროა სწრაფად მივხედოთ საკუთარ თავს. უნდა ვიპოვნოთ ჩვენი ,,უმაღლესი მეობა”. ამ სიტყვის ყველაზე ჭეშმარიტი გაგებით. საჭიროა მივიღოთ სწრაფი გადაწყვეტილება და ყველა შემთხვევაში შევძლოთ ყურის მიგდება სულისმიერი შთაგონებებისათვის. დრო მოფიქრებისათვის და ეჭვებისთვის ამ შემთხვევაში აღარ რჩება. თითოეული წუთით დაყოვნება მხოლოდ იმას დაადასტურებდა, რომ ადამიანი ჯერაც არ არის მომწიფებული. უშიშრად უნდა გადავლახოთ ის, რაც არ გვაცლის სულისთვის ყურის დაგდებას. აუცილებელია ამ მდგომარეობაში გამოვავლინოთ ჩვენში არსებული სული. ეს ის თვისებაა, რომლის სრულყოფილად გამომუშავებაც არის გათვალისწინებული განვითარების ამ საფეხურზე. თავს აღარ იჩენს არავითარი საცდური მოქმედების ან აზროვნების დროს, რასაც ადამიანი უწინ მიჩვეული იყო. ადამიანმა არ უნდა დაჰკარგის საკუთარი თავი, რათა უმოქმედოდ აღარ დარჩეს. მან მხოლოდ საკუთარ მე-ში უნდა მოძებნოს ის საფუძველი, რასაც დაეყრდნობა. არავინ, ვინც ამას წაიკითხავს საქმეში რამდენადმე ჩაუხედავად, არ უნდა განეწყოს ანტიპატიით საკუთარ თავისადმი ამგვარი მიკუთვნების მიმართ. ადამიანისთვის უმაღლესი ნეტარება იქნება, თუ ის გაუძლებს აღწერილ გამოცდას.

იმ თვალსაზრისით ყოველდღიურობა ბევრისთვის უკვე იდუმალთგანსწავლაა სხვა შემთხვევებზე არანაკლებ. იგი ნამდვილი განსწავლაა მათთვის, ვინც ცხოვრებისეული ამოცანების პირისპირ დაყოვნებისა და ბევრი ფიქრის გარეშე მზად არის სწრაფი გადაწყვეტილების მისაღებად. ამ შემთხვევაში ყველაზე შესაფერისია ისეთი მდგომარეობა, როდესაც წარმატება გამოირიცხება იმწამსვე, თუ ადამიანი დაუყოვნებლივ არ იმოქმედებს. ვინც დაუყოვნებლივ მოქმედებითვის მზად არის, მაშინაც, როდესაც განსაცდელი კარსაა მომდგარი და მცირეოდენი შეფიქრიანება უკვე უბედურებას მოიტანდა, ვისაც სწრაფი გადაწყვეტილების უნარი მუდმივ თვისებად უქცევია-მას არაცნობიერად უკვე მიუღწევია მესამე ,,გამოცდის” სიმწიფისათვის. აქ საქმე სულის უცილობელი თანხლების გამომუშავებაშია. იდუმალთმეტყველების სკოლებში ამას ეწოდება ,,ჰაერით გამოცდა”, რადგან ხელდასხმის კანდიდატს არ შეუძლია დაეყრდნოს არც გარეგანი მოტივების მყარ ნიადაგს, არც მომზადებისა და განსხივოსნებისას მიღებულ გამოცდებს, ფერებად, ფორმებად და ა. შ. რომ წარმოუდგებიან: მას შეუძლია დაეყრდნოს საკუთარ თავს.

თუ იდუმალთმოწაფემ დასძლია ეს გამოცდა, მას უფლება ეძლევა შეაბიჯოს ,,უმაღლეს შემეცნებათა ტაძარში”. ის, რისი თქმაც კიდევ შეიძლება აქ, ამოიწურება მხოლოდ სიტყვაძუნწი მინიშნებებით. ის, რაც აქ უნდა მოიმოქმედოს მან, ხშირად ასეც გამოიხატება: იდუმალთმოწაფემ უნდა დასდოს ,,ფიცი”, რომ არაფერს ,,გასცემს” იდუმალთსწავლათაგან. გამოთქმები ,,ვფიცავ” და ,,გამცემლობა” მაინც არ ჟღერს საქმიანად და თავიდან შესაძლოა დაბნეულობაც კი გამოიწვიონ. აქ ლაპარაკი არ არის ,,ფიცის” შესახებ ჩვეულებრივი გაგებით. უმალ შეიძლება ითქვას, რომ განვითარების ამ საფეხურზე ადამიანი იძენს შემდეგ გამოცდილებას: ის სწავლობს, თუ როგორ უნდა გამოიყენოს იდუმალთსწავლანი კაცობრიობის მსახურებისათვის. იგი იწყებს სამყაროს მართებულად გაგებას. აქ როდი იგულისხმება სრული დუმილი უმაღლეს ჭეშმარიტებათა შესახებ, არამედ მათი გამოყენება მართებული წესით, შესაბამისი ტაქტით. ის, რის გამოც სწავლობენ ,,დუმილს”, სრულიად სხვა რამ არის.

იდუმალთმოწაფემ ეს დიდებული სათნოება უნდა შეიძინოს ბევრი ისეთი რამის მიმართ, რაზეც იგი აღარ ლაპარაკობდა, განსაკუთრებით კი იმის მიმართ, თუ როგორ ლაპარაკობდა ის. ცუდად მოიქცეოდა ის ხელდასხმული, ვინც შეცნობილ საიდუმლოებებს სამყაროს სამსახურად არ გამოიყენებდა ისე და იმ ზომით, რამდენადაც ეს შესაძლებელია. იმ სფეროში ცოდნის გადაცემისას არ არსებობს სხვა რამ დაბრკოლოება, თუ არა მიუხვედრელობა მათი მხრიდან, ვინც ეს შემეცნება უნდა გაიზიაროს. უმაღლესი ჭეშმარიტებანი არ გამოდგებიან ფუჭსიტყვაობისათვის. ხოლო იმისთვის, ვინც განვითარების აღწერილ საფეხურს მიაღწია, არ არის აკრძალული რაიმეს გაზიარება. არცერთი სხვა ადამიანი ან არსება მას ასე არ დააფიცებს. ყველაფერზე ის პირადადაა პასუხისმგებელი. იგი სწავლობს ყველა ვითარებაში თვითვე მიაკვლიოს იმას, რაც უნდა მოიმოქმედოს. ,,ფიცი” სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა ადამიანის მომწიფებას ამგვარი პასუხისმგებლობისათვის.

თუ ხელდასხმის კანდიდატი ყოველივე ზემოაღწერილის მიმართ მომწიფდა, მას მიეცემა ის, რასაც ხატოვნად ,,დავიწყების სასმელი” ეწოდება. კერძოდ, იგი ხელდასხმული იქნება იმგვარად მოქმედების საიდუმლოებაში, როდესაც ქვენა მეხსიერება გამუდმებით ვერ შეუშლის ხელს. ხელდასხმულისათვის ეს აუცილებელია. იგი გამუდმებით უნდა იყოს მინდობილი უშუალოდ აწმყოს. თუკი იმას, რაც დღეს შემემთხვა, განვსჯი გუშინდელის მიხედვით, მრავალმხრივ ცდომილებაში ჩავვარდები. ამით, ბუნებრივია არ იგულისხმება ცხოვრებისეული გამოცდილების უარყოფა. საჭიროა მისი გათვალისწინება ყოველთვის, რამდენადაც ეს შესაძლებელია: მაგრამ როგორც ხელდასხმულს , ადამიანს უნდა გააჩნდეს უნარი ახლიდან, ყოველთვის საკუთარი თავიდან გამომდინარე განსაჯოს და საშუალება მისცეს განსჯილს აუმღვრევლად იმოქმედოს მასზე წარსულის გვერდის ავლით. ყოველთვის მზად უნდა ვიყო, რომ ესა თუ ის საგანი ან არსება სავსებით ახალ გამოცხადებასთან მაზიარებს. ხოლო თუ ახალს განვსჯი ძველის მიხედვით, უთუოდ ცდომილებაში ჩავვარდები. ძველი გამოცდილების გახსენება სასარგებლოა ჩემთვის, რამდენადაც იგი მანიჭებს ახლის დანახვის უნარს. გარკვეული გამოცდილება რომ არ გაგვაჩნდეს, საერთოდ ვერ დავინახავდით საგანს ან არსებას, რომელიც წინ გვხვდება. მაგრამ ეს გამოცდილება უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ შევძლოთ ახლის დანახვა და არა განსჯა ახლისა ძველის მიხედვით. ამ მხრივ ხელდასხმული სრულიად გარკვეულ თვისებებს იძენს. ასე მის წინაშე გაცხადდებიან ისეთი საგნები, რომლებიც დაფარულნი რჩებიან არახელდასხმულისათვის.

მეორე ..სასმელი”, რომელიც მიეწოდება ხელდასხმულს, არის ,,მეხსიერების სასმელი”, მისი საშუალებით იგი იძენს უნარს გამუდმებით ატაროს უმაღლესი საიდუმლოებანი საკუთარ ცნობიერებაში. ჩვეულებრივი მეხსიერება საკმარისი არ იქნება საამისოდ. საჭიროა სავსებით შერწყმა უმაღლეს ჭესმარიტებებთან. საჭიროა მათი არა მარტო ცოდნა, არამედ ბუნებრივი ფლობა ცოცხალი ქმედებებისას, ისევე როგორც ჩვეულებრივი ადამიანისათვის ჭამა ან სმა. იგი უნდა იქცეს გამუდმებულ ვარჯიშად, ჩვევად, მიდრეკილებად. უნდა მოვახერხოთ ისე, რომ მათზე ფიქრიც კი არ დაგვჭირდეს, ამ, სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით. ისინი უნდა გამოვლინდნენ თავად ადამიანში, წარმოსდინდნენ მასში, როგორც ორგანიზმის სასიცოცხლო ძალები. ამრიგად, სულიერი გაგებით ის სულ უფრო და უფრო ჩამოქნის საკუთარ თავს იმად, რადაც იგი ფიზიკური გაგებით ბუნებამ შექმნა.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff