რუდოლფ შტაინერი - "როგორ მიიღწევა ზენა სამყაროთა შემეცნება?"

რუდოლფ შტაინერი
5
1

ავტორი: რუდოლფ შტაინერი მთარგმნელი: ვიტალი დარსანია წყარო გამომცემლისგან მეოცე საუკუნის დიდი მეცნიერის, დოქტორ რუდოლფ შტაინერის (1861-1925 წწ.) ცხოვრება და მოღვაწეობა მჭიდროდ არის დაკავშირებუ...

წინათქმები

წინათქმა 8-11 ათასი გერმანული გამოცემისათვის

ვფიქრობ, წინამდებარე წიგნის მორიგი გამოცემის შინაარსი ხელახალი გადამუშავებისას მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებას საჭიროებს. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ამ გამოცემას ბოლოთქმა დავურთე, სადაც შევეცადე უწინდელზე მკაფიოდ გამომეთქვა ზოგი რამ, სულიერ საფუძვლებს რაც შეეხებოდა და რასაც ეყრდნობა ამ წიგნში მოცემული ცნობები. მწამს, ბოლოთქმის შინაარსს შესწევს აგრეთვე ძალა განუმარტოს ანთროპოსოფიული სულიერი მეცნიერების ზოგიერთ მოწინააღმდეგეს, რომ მისი მსჯელობის ერთადერთი გამართლებაა სულიერი მეცნიერების იმად წარმოდგენა, რაც ის სრულიად არ არის; მაშინ, როდესაც ოდნავადაც კი არ ითალისწინებს მის ნამდვილ რაობას.

მაისი; 1918 წელი; რუდოლფ შტაინერი

წინათქმა მეხუთე გამოცემისათვის

წიგნის „როგორ მიიღწევა ზენა სამყაროთა შემეცნება?“ ხელახალი გამოცემისათვის ათ წელიწადზე მეტი ხნის წინათ დაწერილი თხზულება დეტალურად, გამოწვლილვით იქნა გადამუშავებული. ამგვარი გადამუშავების საჭიროება ბუნებრივად აღმოცენდება ხოლმე მშვენიერი განცდებისა და სულიერ გზათა იმგვარი აღწერისას, როგორც ეს ამ წიგნშია მოცემული, უკლებლივ ყველა ნაწილი თხზულებისა უმჭიდროვეს კავშირს ინარჩუნებს ავტორისავე სულთან და დღემდე განაგრძობს ზემოქმედებას მასზე. შეუძლებელია ამგვარ სულიერ მუშაობას არ ახლდეს თან სურვილი რამდენიმე წლის წინათ დაწერილი თხზულების უფრო მეტი სიცხადით და მკაფიოდ წარმოჩენისა. სწორედ ამ სურვილმა გამაწევინა მთელი შრომა წიგნის ხელახალი გამოცემისთვის. უცვლელადაა დატოვებული პოლემიკის ძირითადი, ყველა არსებითი ნაწილი;

და მაინც, შესწორება საკმაოდ მნიშვნელოვანია. მე შევძელი უფრო ზუსტად დამეხასიათებინა ზოგი რამ ნაშრომის ცალკეულ ადგილებში, რაც კი არსებითად მეჩვენებოდა. და თუ ვინმე მოინდომებს საკუთარი სულიერი ცხოვრებისათვის გამოიყენოს ამ წიგნში აღწერილი, მაშინ თხზულების აზრიც ის იქნება, შეაძლებინოს მას დააკვირდეს აქ ნახსენებ შეძლებისდაგვარად ზუსტად დახასიათებულ სულისმიერ გზას შინაგანი, მშვინვიერი პროცესების აღწერამ შესაძლოა გაცილებით დიდი გაუგებრობანი წარმოშვას, ვიდრე ეს ფიზიკური სამყაროს ფაქტების აღწერისას ხდება. სამშვინველის ცხოვრების მოძრავი ხასიათი, აუცილებლობა არასდროს დავივიწყოთ მისი განსხვავებულობა ცხოვრების ყოველგვარი გამოვლინებისგან ფიზიკურ სამყაროში და სხვა მრავალი შესაძლებლად ხდის ამგვარი გაუგებრობების წარმოშობას. ხელახალი გამოცემისას დავძებნე წიგნში ის ადგილები, რომელთაც შეეძლოთ მსგავს გაუგებრობათა გამოწვევა; ხოლო შედგენისას ვიზრუნე, რათა თავიდან აღარ გაჩენილიყვნენ ისინი.

წიგნის შემადგენელი თავების წერისას ზოგი რამ სხვაგვარად უნდა გამომეთქვა; უკანასკნელი ათი წლის მანძილზე სულიერი სამყაროს ფაქტების შემეცნებისადმი მიძღვნილი ნაშრომის შინაარსი იმჟამად სხვაგვარად განვმარტე, ვიდრე ეს აწმყოში მისი გამოქვეყნების შემდეგ მოხდა. ჩემს შრომებში „იდუმალთმეტყველება“, „ადამიანისა და კაცობრიობის გაძღოლა“, "გზა თვითშემეცნებისკენ“, და განსაკუთრებით „სულიერი სამყაროს ზღურბლი“, აგრეთვე დანარჩენ თხზულებებში აღწერილია სულიერი პროცესები, რომელთა შესახებაც წინამდებარე წიგნში ჯერ კიდევ ათი წლის წინ იყო მინიშნებული, თუმცა დღესდღეისობით ჩვენთვის უკვე მიუღებელი გამოთქმების გამოყენებით. იმჟამად წიგნში გამოტოვებული ბევრი რამის შესახებ უნდა მეთქვა, რომ მათი გაგება „ზეპირი გადმოცემის“ გზითაა შესაძლებელი. დღესდღეობით ბევრი ისეთი რამ გამოქვეყნდა, რაც სწორედ ამგვარ მინიშნებათა მიღმა იგულისხმებოდა. ეს ის მინიშნებები იყო, რომლებიც არც გამორიცხავენ სრულიად მცდარი მოსაზრებების გაჩენას მკითხველში. სულიერი მოწაფეობის მაძიებლის პირადი ურთიერთობა ამა თუ იმ მოძღვართან ბევრად უფრო არსებითი ეჩვენებოდათ ხოლმე, ვიდრე ეს საჭირო იყო. ვიმედოვნებ, შევძელი ამ ახალ გამოცემაში ცალკეული წვრილმანების სხვაგვარად გადმოცემის გზით უფრო მკვეთრად აღმენიშნა, რომ თანამედროვეობის სულიერ ვითარებაში იდუმალთგანსწავლის მსურველისათვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მიმართება ობიექტურ სულიერ სამყაროსთან, ვიდრე რომელიმე მასწავლებლის პიროვნებასთან.

ეს უკანასკნელი სულიერი განსწავლის პროცესში თანდათანობით ისეთივე დამხმარე ადგილს იკავებს, როგორიც თანამედროვე შეხედულებისამებრ უკავია მასწავლებელს ცოდნის ნებისმიერ სხვა სფეროში. მჯერა საკმარისად მივანიშნე იმაზეც , რომ მასწავლებლის ავტორიტეტი და რწმენა მისდამი არ უნდა თამაშობდნენ სხვაგვარ როლს, ვიდრე ეს ცოდნისა და ცხოვრების სხვა სფეროებში ხდება. ძალზე მნიშვნელოვნად მეჩვენება აგრეთვე, თუ რამდენად მართებულია განსჯა სულის მკვლევარის ხსენებული დამოკიდებულებისა მისი კვლევის შედეგებით დაინტერესებულ ადამიანთან. ვგონებ, წიგნში გავაუმჯობესე ის ადგილები, რომლებიც ათი წლის თავზე გასასწორებელი მეჩვენა.

პირველ ნაწილს ებმის მეორე ნაწილი. ის იძლევა შემდგომ განმარტებებს იმ მშვენიერი აგებულების შესახებ, რომელსაც მიჰყავს ადამიანი ზენა სამყაროების განცდამდე.
წიგნის ეს ახალი გამოცემა იბეჭდებოდა დიდი ომის დაწყებისას, რომელშიც კაცობრიობა ჩაბმულია დღეს და ამ წინათქმის დაწერა მოხდება მაშინ, როდესაც ჩემი სული შეძრულია ამ საბედისწერო მოვლენებით.

ბერლინი, 7 სექტემბერი, 1914 წელი; რუდოლფ შტაინერი

წინათქმა მესამე გამოცემისთვის

ჩემი გამოკვლევები ამჯერად ერთ წიგნად გამოდის. ისინი თავდაპირველად ცალკეულ წერილებად დაიბეჭდა სათაურით ,,როგორ მიიღწევა ზენა სამყაროთა შემეცნება?’’. ეს ტომი პირველ ნაწილს შეადგენს. შემდეგი ტომი მისი გაგრძელებაა. ეს შრომა, მიძღვნილი ზეგრძნობადი სამყაროების წვდომად ადამიანის წარმმართველი განვითარებისადმი, არ უნდა გამოიცეს ხელახლა ზოგიერთი იმ წინათქმის გარეშე, მას რომ აქვე დაერთვის. იგი შეიცავს ცნობებს ადამიანის სულიერი განვითარების შესახებ, რომლებმაც უნდა დააკმაყოფილონ სხვადასხვაგვარი მოთხოვნილებანი. უწინარეს ყოვლისა თავისი წილი უნდა მიეზღოთ იმ ადამიანებს რომლებიც მიიზიდებიან სულიერი კვლევის ნაყოფებისაკენ და რომელთაც შესაძლოა დასვან კითხვა: საიდან იძენს ცოდნას ის, ვინც ამტკიცებს რომ შემძლეა ისაუბროს ცხოვრების ამოუხსნელ საკითხებზე? სულიერი მეცნიერება გარკვეულწილად მოგვითხრობს ამ გამოცანების შესახებ. ვისაც სურს დააკვირდეს ფაქტებს, რომელთაც ამგვარი დასკვნებისაკენ მივყავართ, იგი უნდა ამაღლდეს ზეგრძნობად შემეცნებამდე. იგი უნდა შეუდგეს გზას, რომლის აღწერის მცდელობასაც წარმოადგენს ეს ნაშრომი, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ სულიერი მეცნიერების უწყებანი უფასურია მათთვის, ვისაც არ გააჩნია მიდრეკილება ან შესაძლებლობა თავად დაადგეს ამ გზას, ამ რიგის ფაქტების გამოსაკვლევად უნდა გაგვაჩნდეს უნარი ზეგრძნობად სამყაროებში შესვლისა. თუკი ისინი უკვე გამოკვლეულნი არიან და მათ შესახებ სხვები გვაუწყებენ, ამ უწყებათა სიმართლე შესაძლოა სარწმუნოდ ეჩვენოს მასაც, ვინც თვითონ ვერ ახერხებს მათ აღქმას, ამ უწყებათა უტყუარობის შემოწმება შესაძლოა მაშინ, თუ საამისოდ მართლაც მიუკერძოებლად გამოვიყენებთ განსჯის ჯანსაღ უნარს. მხოლოდ ეს მიუკერძოებლობა არ უნდა დავარღვევინოთ ყველა შესაძლო წინამძვრებს, ადამიანის ცხოვრებაში ესოდენ დიდი ოდენობით რომ გვხვდება. ასე მაგალითად, ადვილად დასაშვებია ვიღაცამ ჩათვალოს, რომ ესათუ ის აზრი არ ეთანხმება თანამედროვეობის მეცნიერულ მონაპოვარს. სინამდვილეში არანაირი მეცნიერული მონაპოვარი არ არსებობს, რომელიც ეწინააღმდეგება სულიერ კვლევას.

თუ მრავალმხრივ და მიუკერძოებლად არ მოეკიდებიან მეცნიერული კვლევების შედეგებს, შესაძლოა იოლად ირწმუნონ, რომ ესა თუ ის მეცნიერული განსჯა არ ეთანხმება უწყებებს ზენა სამყაროთა შესახებ. ხოლო რამდენადაც მიუკერძოებლად შევუდარებთ სულიერ მეცნიერებას სწორედ ამ პოზიტიური მეცნიერების მიღწევებს, იმდენად უკეთ გამოჩნდება სრული თანხმობა მათ შორის. სულიერი მეცნიერების უწყებათა სხვა ნაწილი მეტ-ნაკლებად ვერ მოთავსდება ჩვეულებრივი განსჯის ჩარჩოებში. მაგრამ ჭეშმარიტი მიმართების შეძენა ამ ნაწილისადმი ძნელი არ იქნება იმის გამგებისთვის, რომ სიმართლის მსაჯული მარტოოდენ განსჯა როდია, არამედ ჯანსაღი გრძნობაც. თუ ეს გრძნობა არ მინებდება სიმპატიებსა და ანტიპატიებს ამა თუ იმ შეხედულების მიმართ, არამედ ნამდვილი მიუკერძოებლობით დააცდის ზეგრძნობად სამყაროებში შემეცნებულს თვით მასზე ზემოქმედებას, მაშინ დაიბადება კიდეც შესაბამისი განსჯა. - არსებობს კიდევ სხვა საშუალება ვუჩვენოთ ამ შემეცნებათა ფასეულობას ცხოვრებისათვის მაშინაც კი,თუ ისინი ამის შესახებ სულის მკვლევართა მონათხრობიდან შეიტყობენ.ყველას არ შეუძლია უცბადვე ნათელმხილველი გახდეს. მაგრამ ის, რაც ნათლმხილველს შეუმეცნებია, ნამდვილად ჯანსაღი ცხოვრების საზრდოა ყველა ადამიანისათვის. მათი გამოყენება ცხოვრებაში ყველას შეუძლია. ვინც ამას სჩადის, მალე დაინახავს, თუ რად შეიძლება ექცეს ცხოვრება თავის ყველა სფეროში და რას მოაკლდება მათი გამორიცხვით.

ცხოვრებაში სწორად გატარებული ზეგრძნობადი სამყაროების შემეცნებანი არაპრაქტიკულნი როდი აღმოჩდებიან, არამედ უმაღლესი გაგებით პრაქტიკულნი. თუ ვინმეს თავად არ სურს უმაღლესი შემეცნების გზაზე დადგომა, მაგრამ აქვს მიდრეკილება ამ გზაზე შემჩნეული ფაქტების მიმართ, შესაძლოა დაებადოს კითხვა როგორ მიდის ნათელმხილველი ამ ფაქტებამდე? ამგვარი შეკითხვით დაინეტერესებულთ წინამდებარე ნაშრომი დაანახვებს, თუ რა უნდა იღონონ მათ ზეგრძნობადი სამყაროს ნამდვილი გაცნობისათვის. მან ისე უნდა წარმოაჩინოს ამ სამყაროში მიმავალი გზა, რომ უარისმყოფელიც კი ნდობით მოეკიდოს ამ გზაზე უკვე ნავალის ნაამბობს. ამ მხრივ სულის მკვლევარის მოქმედება შესაძლოა ზოგმა სწორად ჩათვალოს და თქვას: ზენა სამყაროებისკენ მიმავალი გზის აღწერის დროს ჩემზე მოხდენილი შთაბეჭდილება მე მიმახვედრებს, თუ რად მეჩვენება დამაჯერებლად მოწოდებული ცნობები. ამ თხზულებამ უნდა გაუწიოს სამსახური იმასაც, ვინც მოწადინებულია საკუთარ თავში განამტკიცოს და გააძლიეროს განცდა და შეგრძნება ზენა სამყაროს ჭეშმარიტებისა. არანაკლებ სამსახურს გაუწევს იგი მათაც, ვინც თვითონ ეძიებს ზეგრძნობადი შემეცნების გზას. აქ წარმოდგენილის ჭეშმარიტებას ყველაზე უკეთ გამოსცდის ის, ვინც თავის თავში განახორციელებს მას. კარგი იქნებოდა ამგვარი განზრახვის მქონესთვის შეგნება იმისა რომ განსხვავებით სხვაგვარი გამოკვლევებისაგან, სულიერი განვითარების აღწერისას მისი შინაარსის უბრალო გაცნობაზე მეტია საჭირო. აუცილებელია ინტიმური გაშინაგანება აქ წარმოდგენილისა. აქვე დასაშვებია წინაპირობა, რომ ესა თუ ის საგანი გაგებულ უნდა იქნას არამარტო უშუალოდ მის ირგვლივ ნათქვამით, არამედ სრულიად სხვა საგნის შესახებ თქმულითაც. ამით შეგვექმნება წარმოდგენა, რომ არსებითი მოცემულია არა ერთ ჭეშმარიტებაში, არამედ ყველა მათგანის თანხმოვანებაში. სერიოზულად უნდა დაფიქრდეს ის, ვისაც ვარჯიშების შესრულება სურს. ერთი სავარჯიშო შესაძლოა სწორად იქნეს გაგებული, აგრეთვე შესრულებული. და მაინც მას შეუძლია უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა, თუ შემსრულებელი მას არ გადააბამს სხვა სავარჯიშოს, რომელიც პირველის ცაალმხრივობას სულიერ ჰარმონიაში გადასწყვეტს. ვინც კითხვისას ჩაუღრმავდება ამ თხზულებას ისე, რომ კითხვა მისთვის შინაგან განცდად იქცევა, იგი გაეცნობა არამარტო შინაარსს, არამედ განსხვავებულად შეიგრძნობს სხვადასხვა ადგილებს. ამის საშუალებით იგი შეიცნობს ამა თუ იმ წვრილმანის მნიშვნელობას სულიერი განვითარებისთვის. ის აგრეთვე გაარკვევს, თუ რა ფორმით უნდა სცადოს მან ამა თუ იმ სავარჯიშოს შესრულება თავისი განსაკუთრებული ინდივიდუალობიდან გამომდინარე. ასეთ დროს, რამდენადაც აღწერილი პროცესები განცდილი უნდა იქნენ, ჩნდება აუცილებლობა დროდადრო მათ შინაარსთან დაბრუნებისა.მაშინ დავრწმუნდებით, რომ დამაკმაყოფილებელი გაგება ზოგი რამისა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მისი პრაქტიკულად გამოცდის, აგრეთვე უწინ მხედველობიდან გამორჩენილი სინატიფეების შემჩნევის შემდეგ.

აგრეთვე ისეთი მკითხველნი, რომელთაც არ განუზრახავთ დაადგნენ აქ აღწერილ გზას, შესძლებენ თხზულებაში მოიძიონ გარკვეული სარგებელი შინაგანი ცხოვრებისათვის. ისინი მიიღებენ ცხოვრებისეულ წესებს, მითითებებს, აგრეთვე იმას თუ როგორ განიმარტება ესა თუ ის, აქამდე გამოცანად რომ რჩებოდა და ა.შ
მავანი, რაიმეს შემძენი თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებით, ანუ გარკვეული თვალსაზრისით ცხოვრებისეული ხელდასხმული, შეიძლება დაკმაყოფილდეს თუ მის მიერ უწინ ნაწყვეტ-ნაწყვეტ აღქმულს ახლა ურთიერთკავშირში განმარტებულად იპოვნის. ეს არის ის, რაც მან იცოდა, მაგრამ ვერ ახერხებდა აეყვანა ეს ცოდნა თავისთვის დამაკმაყოფილებელ დონეზე.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff