ზღურბლის გუშაგი
ზღურბლის გუშაგი
ზენა სამყაროებში ასვლისას მნიშვნელოვან განცდათა რიგს განეკუთვნება შეხვედრები „ზღურბლის გუშაგთან“. არსებობს არა ერთი, არამედ ორი "მცირე" და „დიდი“ „ზღურბლის გუშაგი“. პირველ მათგანს ადამიანი შეხვდება მაშინ, როდესაც მის ნატიფ სხეულებში (ასტრალურ და ეთერულ სხეულებში) ნებელობის, აზროვნებისა და გრძნობის ურთიერთ დამაკავშირებელი ძაფები მოეშვებიან წინა თავში აღწერილის მსგავსად. „დიდი ზღურბლის გუშაგს“ ადამიანი შეხვდება მაშინ, როდესაც ხსენებულ კავშირთა გაწყვეტა შეეხება აგრეთვე ადამიანური არსების ფიზიკურ ნაწილსაც (უწინარეს ყოვლისა, თავის ტვინს).
„მცირე ზღურბლის გუშაგი“ დამოუკიდებელი არსებაა. იგი მიუწვდომელი რჩება ადამიანისთვის, ვიდრე მას განვითარების შესაბამისი საფეხურისთვის არ მიუღწევია. აქ შეიძლება აღინიშნოს მხოლოდ რამდენიმე არსებითი თავისებურება.
უწინარეს ყოვლისა შევეცდებით იდუმალთმოწაფის შეხვედრის მოთხრობას „ზღურბლის გუშაგთან“. მოწაფე მხოლოდ ამ შეხვედრის შემდეგ შეიტყობს, რომ აზროვნება, გრძნობა და ნებელობა მასში განთავისუფლდნენ თანდაყოლილი კავშირებისაგან.
უდავოდ საზარელი, აჩრდილისებრი არსება დგას მოწაფის წინაშე. ახლა მას ესაჭიროება ბოლომდე თანხლება სულისა, სრული რწმენა თავისი შემეცნების გზის სიმართლეში, რის გათავისებაც მან საკმარისად შესძლო მანამდელი იდუმალთმოწაფეობის დროს.
„გუშაგი“ თავის მნიშვნელობას შემდეგი სიტყვებით ამცნობს: „აქამდე შენზე ბატონობდნენ ძალები, რომლებიც უხილავი რჩებოდნენ. მათი ქმედების წყალობით უწინდელ ცხოვრებაში შენს მიერ ჩადენილ ყოველ კეთილ საქმეს მოჰყვებოდა ხოლმე ჯილდო, უკეთურ საქმეებს კი ცუდი შედეგები. მათი გავლენის შედეგად გიყალიბდებოდა ხასიათი შენი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან და აზრებიდან. ისინი განაპირობებდნენ შენს ბედს. ისინი განსაზღვრავდნენ სიხარულისა და ტკივილის ზომას, რომელიც განგეჩინა შენ სხვადახვა გარდასახულებებში წინა გარდასხეულების ქცევების შესაბამისად. ისინი მეუფებდენ შენზე კარმის ყოვლისმომცველი კანონის სახით. ეს ძალები ამჯერად ნაწილობრივ გაგანთავისუფლებენ თავიანთი წინამძღოლობისაგან. ახლა შენ თვითონ უნდა შეასრულო ამ სამუშაოს ერთი ნაწილი, რასაც ისინი უწინ შენთვის ასრულებდნენ. აქამდე შენ ბედისწერისგან ზოგიერთი, დარტყმა იწვნიე. თუ იცი, რატომ იყო ეს სამაგიერო იმ საზიანო საქციელისათვის, რომელიც შენ ერთ-ერთი წინა ცხოვრების მანძლზე ჩაგიდენია. შენ გზად გხვდებოდა ბედნიერება და სიხარული, შენც იღებდი მათ. ისინიც უწინდელ ქმედებათა შედეგები იყო. შენში მოიპოვება როგორც შესანიშნავი თვისებები, ისე უმსგავსი ლაქები : ორივე შენს მიერააა განპირობებული უწინდელი განცდებისა და აზრების წყალობით. ისინი შენთვის აქამდე უცნობი იყო და მხოლოდ მათი შედეგები იყო ცხადი. კარმიული ძალები კი ხედავენ შენ უწინდელ საქმეებს, დაფარულ აზრებსა და გრძნობებს. ამის მიხედვით დაადგინეს მათ, თუ რა ყოფაში უნდა იყო და როგორ ცხოვრობდე.
ამჯერად თავად შენს წინაშე უნდა გაცხადდეს შენს მიერ განვლილი ცხოვრების კარგი და ცუდი მხარეები. აქამდე ისინი შენს არსებასთან იყო გადახლართული და ვერ ახერხებდი მათ დანახვას, ისევე როგორც არ ძალგიძს დაინახო საკუთარი ტვინი. ახლა ისინი გამოთავისუფლდებიან შენგან, შენი პიროვნებიდან გარეთ გამოდიან ისინი იღებენ დამოუკიდებელ სახეს, რისი დანახვაც შეგიძლია გარე სამყაროს ქვებისა და მცენარეების მსგავსად. მე თვითონ ვარ ის არსება, რომელმაც ჩემი სხეული შენივე კეთილშობილურ და უკეთურ საქმეთაგან შევქმენი. ჩემი აჩრდილისებრი სახე შენი ცხოვრების საანგარიშო დავთრიდანაა მოქსოვილი. აქამდე უხილავად გიტარებივარ შენში, ეს კი შენთვის სასიკეთოდ ხდებოდა, რამდენადაც სიბრძნე შენში დაფარული ხვედრისა აქამდე მუშაობდა ჩემს სახეზე დამჩნეული უმსგავსი ლაქების ამოსაშლელად. ახლა კი, როდესაც მე გამოვედი შენგან, ეს დაფარული სიბრძნე გაგეცალა შენ და მეტად აღარ იზრუნებს შენთვის. იგი ამ სამუშაოს შენი საკუთარი ხელების ანაბარა დასტოვებს, მე თანდათან სრულყოფილ, მშვენიერ არსებად უნდა ვიქცე, თუკი დაღუპვა არ მიწერია. და თუ ეს მოხდება, მე თან გადაგიყოლებ წარწყმედის ბნელ სამყაროში. ამის ხელშესაშლელად საჭიროა შენი სიბრძნე იმდენად გაიზარდოს, რომ თავის თავზე აიღოს შენგან ჩამოშორებული სიბრძნის ამოცანები. თუ შენ გადააბიჯებ ჩემს ზღურბლს, ჩემი ხილულადქმნილი სახე არცერთი ნაბიჯით აღარ მოგშორდება, ხოლო თუ კვლავ არასწორად მოიქცევი ან იფიქრებ, დაინახავ საკუთარ დანაშაულს, როგორც დემონიურ სიმახინჯეს, გაჩენილს ჩემს სახეზე. როდესაც შენ გამოასწორებ წარსულში ჩადენილ არასწორ საქციელს და იმდენად გასწმენდ საკუთარ თავს, რომ ბოროტის ქმნა სავსებით შეუძლებელი გახდება შენთვის. მაშინ ჩემი არსება ელვარე მშვენიერებად გარდაიქმნება. მაშინ შენი შემდგომი მოღვაწეობის საკეთილდღეოდ ჩემთვის კვლავ შესაძლებელი გახდება შენს არსებასთან შეერთება.
ჩემი ზღურბლი კი აგებულია შიშის ყოველგვარ შეგრძნებებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს შენში და ემყარება შიშს ამ პასუხისმგებლობის წინაშე, რომელიც აწი დაგეკისრება ყოველგვარ საქმეთათვის და აზრებისათვის. ვიდრე შენ გექნება თუნდაც იოტისოდენა შიში საკუთარი ბედის დამოუკიდებელი წარმართვის წინაშე, მანამდე არ აიგება ეს ზღურბლი თავისი ყველა შემადგენელი ნაწილითურთ. ვიდრე მას აკლია თუნდაც ერთი ქვა, შენ მოგიწევს მოჯადოებულივით დგომა ზღურბლის წინაშე და ბორძიკი. ნუ ეცდები ზღურბლის გადალახვას იქამდე, ვიდრე სავსებით არ განთავისუფლდება შიშისგან და არ იგრძნობ მზადყოფნას უმაღლესი პასუხისმგებლობის შენს თავზე ასაღებად.
აქამდე შენი პიროვნებიდან გამოვდიოდი ხოლმე, როდესაც სიკვდილი გაგიხმომბდა მიწიერი ცხოვრებიდან, თუმცა ჩემი სახე დაფარული რჩებოდა შენთვის. მხოლოდ ბედის წარმმართველი ძალები, რომლებიც მეუფებდნენ შენზე, მხედავდნენ მე და შეეძლოთ ჩემი გარეგნობის დანახვისას, სიკვდილსა და ახალდაბადებას შორის არსებულ მონაკვეთებში განევითარებინათ შენში ძალა და უნარები, რომლითაც შეგეძლო მუშაობა ჩემი სახის დასახვეწად და შენი წინსვლის საკეთილდღეოდ. მე გახლდი ის, ვისი არასრულქმნილებაც ბედის წარმმართველ ძალებს მუდამ აიძულებდა დედამიწაზე კვლავ ახალ განსხეულებაში დაებრუნებინე. როდესაც გარდაიცვლებოდი, მეც გამოვჩნდებოდი; და ჩემს გამო ადგენდნენ კარმის წარმმართველლნი შენს ხელმეორე განსხეულებას. თუ შენ კვლავ და კვლავ განახლებადი ცხოვრების წყალობით გაუცნობიერებლად დახვეწდი ჩემს სახეს სრულყოფილებამდე, აღარ იქნებოდი მოწყვლადი სიკვდილის ძალთაგან; არამედ ჩვენ გავერთიანდებოდით და ერთარსებად გადაქცეულნი გადავიდოდით უკვდავებაში.
ამრიგად, ხილულად ვდგავარ შენს წინაშე, როგორც უხილავად ვიდექი შენთან სიკვდილის ჟამს. როდესაც შენ მოისურვებ ჩემი ზღურბლის გადალახვას, შენ ფეხს შეადგამ საუფლოში, რომელშიც უწინ მხოლოდ ფიზიკური სიკვდილის შემდეგ შედიოდი. შენ ამჯერად სრული ცოდნით აღჭურვილი შედიხარ მასში და ამიერიდან, დედამიწაზე ფიზიკური გაგებით ხილულად მოგზაურობისას, იმავდროულად ადგახარ სიკვდილის საუფლოს, ანუ იგივე მარადიული საუფლოს გზებს. ჭეშმარიტად, სიკვდილის ანგელოზი ვარ მე. იმავდროულად მე ვარ მომტანი ამოუწურავი უმაღლესი ცხოვრებისა. ჩემი წყალობით შენ მოკვდები მხოლოდ სხეულით, რათა დაიბადო შეუმუსვრელ ყოფიერებაში.
საუფლო, რომელშიც შენ ამჯერად შედიხარ გაგაცნობს ზეგრძნობადი რიგის არსებებს. ამ საუფლოში ნეტარება იქნება შენი წილხვედრი. მაგრამ პირველი ვისი გაცნობაც შენ ამ სამყაროში მოგიწევს, მე ვიქნები, რამდენადაც შენი საკუთარი ქმნილება ვარ. უწინ მე შენი ცხოვრებით ვცხოვრობდი; ახლა კი შენი წყალობით გამოღვიძებული ვიქენ ახალი ყოფიერებისათვის და ვდგავარ შენს წინაშე, როგორც შენს მომავალ საქმეთა ხილული საზომი, შესაძლოა - როგორც მუდმივი საყვედური შენს მიმართ. შენ შესძელი ჩემი შექმნა; მაგრამ ამით საკუთარ თავზე აიღე ვალდებულება ჩემი გარდაქმნისა“.
ის, რაც აქაა მოთხრობილი, არ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც სურათხატოვანი რამ, არამედ როგორც იდუმალთმოწაფის უაღრესად რეალური განცდა [ზემოთქმულიდან ცხადია, რომ აღწერილი ზღურბლის გუშაგი არის ისეთი (ასტრალური) სახე, რომელიც ეცხადება იდუმალთმოწაფის გამოღვიძების პროცესში მყოფ ხედვას. ამ ზეგრძნობადი შეხვედრისაკენ მივყავართ იდუმალთმეტყველებას. ზღურბლის გუშაგის გრძნობადი მხედველობისთვის გათვალსაჩინოება ქვენა მაგიის ილეთს წარმოადგენს. ეს მიიღწევა ნატიფი ნივთიერების ღრუბლის წარმოქმნით, რომელიც მიიღება სხვადასხვა რიგის ნივთიერებათა გარკვეული შერევის შედეგად. მოგვის განვითარებულ ძალას შეუძლია ფორმადქმნელად იმოქმედოს კვამლის ღრუბელზე და მისი სუბსტანცია გააცოცხლოს ადამიანის ჯერაც გამოუსწორებელი კარმით. უმაღლესი ხედვისთვის საკმარისად მომზადებულს აღარ ესაჭიროება მსგავსი გრძნობად - ფიზიკური ჭვრეტა. ვინმეს თავისი ჯერაც გამოუსწორებელი კარმა მოუმზადებლად თვალწინ რომ წარმოუდგეს, მას დაემუქრება გზიდან აცდენის საფრთხე. ამადაც ის არ უნდა ისწრაფოდეს აქეთ. ბულვერის წიგნში „ზანონი“ მოცემულია ლიტერატურული აღწერა ამგვარი ზღურბლის გუშაგისა].
გუშაგმა უნდა გააფრთხილოს ის, აღარ განაგრძოს წინსვლა, თუ საკუთარ თავში არ იგრძნობს იმ მოთხოვნების შესაბამის ძალას, რომლებიც ზემოაღნიშნულ მოწოდებაშია ჩამოყალიბებული. რაოდენ საშინელიც არ უნდა იყოს გუშაგის სახე, იგი შედეგია თვით მოწაფის წარსული ცხოვრებისა,იგი მისი საკუთარი ხასიათია დამოუკიდებლად გაცხადებული მის გარეთ. და ეს გამოღვიძება ხდება ნებელობის, აზროვნებისა და გრძნობის ერთმანეთისაგან გამოთავისუფლების წყალობით. ეს უკვე უმნიშვნელოვანესი განცდაა, როდესაც ადამიანი პირველად იგრძნობს, თუ როგორ მისცა დასაბამი სულიერ არსებას. ახლა იდუმალთმოწაფე იმისთვის უნდა ემზადებოდეს, რომ უშიშრად გაუსწოროს თვალი შემზარავ სანახაობას და შეხვედრის ამ წუთებში იმდენად იგრძნოს თავისი მომეტებული ძალა, რომ სავსებით ცნობიერად იკისროს „გუშაგის“ დახვეწა. „ზღურბლის გუშაგთან“ შეხვედრის იღბლიანად გადატანის შედეგია ის, რომ იდუმალთმოწაფისთვის სიკვდილი სავსებით სხვა მოვლენად იქცევა, ვიდრე აქამდე განცდილი არაერთი სიკვდილი. ახლა იგი ცნობიერად განიცდის სიკვდილს და ისე ჩამოიშორებს ფიზიკურ სხეულს, როგორც გაცვეთილ ან შესაძლოა უეცარი გარღვევის შედეგად უვარგის ტანსაცმელს გაიხდიან ხოლმე. მისი ფიზიკური სიკვდილი მნიშვნელოვანი ფაქტია სხვებისათვის, რომლებიც მასთან ერთად ცხოვრობენ და რომელთა აღქმაც მთლიანად შეზღუდულია გრძნობადი სამყაროთი. მათთვის იდუმალთმოწაფე „კვდება“, ხოლო ამ უკანასკნელისთვის საკუთარი გარემოს მნიშვნელობა უცვლელი რჩება. მთელი ზეგრძნობადი სამყარო, რომელშიც ის უკვე შესულია, სიკვდილამდე თვალწინ ედგა და ასევე დარჩება მისი სიკვდილის შემდეგაც. მაგრამ „ზღურბლის გუშაგი“ დაკავშირებულია აგრეთვე სხვასთანაც. ადამიანი განეკუთვნება ოჯახს, ხალხს, რასას; მისი ქმედება სამყაროში დამოკიდებულია იმაზე, რომ იგი ამგვარ კრებულებს განეკუთვნება. ამასთან დაკავშირებულია აგრეთვე მისი თავისებური ხასიათი. ხოლო ცალკეული ადამიანის ცნობიერი მოქმედება სრულად კიდევ არ მოიცავს იმას, რისი გათვალისწინებაც გვიწევს ოჯახთან, ტომთან, ხალხთან, რასასთან დაკავშირებით. არსებობს ოჯახის, რასის და ა.შ. ბედი, ისევე როგორც არსებობს ოჯახების, რასების და ა. შ. ხასიათი. საკუთარი გრძნობადი აღქმით შეზღუდული ადამიანისთვის ეს საგნები ზოგად ცნებებად რჩება, ამადაც მატერიალისტი მოაზროვნე თავისი აზროვნების წინამძღვრებიდან გამომდინარე არაფრისჩამგდები მზერით გამოხედავს ზემოდან იდუმალთმეტყველს მას შემდეგ, რაც შეიტყობს, რომ ამ უკანასკნელისათვის ოჯახის ან ხალხის ხასიათი, ტომის ან რასის ბედი ისევე შეესაბამება რეალურ არსებებს, როგორც ცალკეული ადამიანის ხასიათი და ბედი შეესაბამება რეალურ პიროვნებას. იდუმალთმეტყველი ეცნობა ზენა სამყაროებს, სადაც ცალკეული პიროვნებანი მთელის ისეთივე ნაწილებს წარმოადგენენ, როგორც მკლავები, ფეხები და თავი არიან ადამიანის სხეულის ნაწილები. ხოლო ოჯახის, ხალხის, რასის ცხოვრებაში ცალკეული ადამიანების გარდა მოქმედებენ სავსებით რეალურად არსებული ოჯახების, ხალხების, რასების სულები. ცალკეული ადამიანები გარკვეული აზრით არიან ამ ოჯახის, რასის და ა. შ. სულთა ზრახვების შემსრულებელი ორგანოები. სავსებით წრფელად შეიძლება ლაპარაკი იმაზე, რომ მაგალითად, ერის სული ამ ეროვნების ცალკეულ ადამიანებს გარკვეული სამუშაოების შესასრულებლად იყენებს. ერის სული არ ეშვება გრძნობად სინამდვილემდე. იგი იმყოფება ზენა სამყაროებში. ფიზიკურ - გრძნობად სამყაროში სამოქმედოდ იგი იყენებს ცალკეული ადამიანების ფიზიკურ ორგანოებს. მაღალი გაგებით ეს ისევე ხდება, როგორც ხუროთმოძღვარი შენობის ცალკეული ნაწილების ასაგებად იყენებს მუშებს. ყოველი ადამიანი მიიღებს ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით თავის წილ სამუშაოს ოჯახის, ერის ან რასის სულისგან. გრძნობადით შეზღუდული ადამიანი არ იქნება ხელდასხმული თავისი სამუშაოს უმაღლეს გეგმაში. იგი გაუცნობიერებლად მუშაობს ერის ან რასის სულის მიზნებისათვის. „ზღურბლის გუშაგთან“ შეხვედრისას იდუმალთმოწაფემ არამარტო თავისი პიროვნული ამოცანების შესახებ უნდა უწყოდეს, არამედ იგი ვალდებულია ცნობიერად მუშაობდეს საკუთარი ერისა და რასის ამოცანებისათვის. ყოველგვარი გაფართოება საკუთარი თვალსაწიერისა მას უსათუოდ მეტ მოვალეობებს აკისრებს.
აქვე ღირსშესანიშნავია ისიც, რომ იდუმალთმოწაფე თავის ნატიფ, მშვინვიერ სხეულს ერთ ახალ სხეულს მიუერთებს ანუ კიდევ ერთ სამოსელს გადაიცვამს. აქამდე იგი დადიოდა სამყაროში გარსებით, რომლებიც ფარავდნენ მის პიროვნებას. რაც მას თავისი თანამემამულეებისათვის, ერისათვის, რასისათვის და ა. შ. უნდა გაეკეთებინა, ამისთვის ზრუნავდნენ უმაღლესი სულები, რომლებიც იყენებდნენ მის პიროვნებას. „ზღურბლის გუშაგი“ შემდგომ გამოუცხადებს იმას, რომ ეს სულები ამიერიდან აღარ მიეხმარებიან მას. იგი სრულიად უნდა გამოეყოდ ყოველგვარ კრებულს. მარტოდ შთენილს მოელის დაღუპვა, თუ თავად არ მოიპოვებს იმ ძალებს, რომლებიც დამახასიათებელია ერებისა და რასების სულებისათვის. თუმცა მრავალი იტყვის: „ მე სავსებით განვთავისუფლდი ყოველგვარი ტომობრივი და რასსიული კავშირებისაგან. მე მსურს ადამიანად ყოფნა, არაფრად სხვად, თუ არა ადამიანად“. მაგრამ მათ უნდა ვუთხრათ: „ვინ მიგიყვანა შენ ამ თავისუფლებამდე? განა შენ შენმა ოჯახმა არ მოგანიჭა ეს მდგომარეობა სამყაროში, რა მდგომარეობაშიც ახლა იმყოფები, განა შენმა ტომმა, რასამ არ გაქცია იმად, რაც ხარ? მათ აღგზარდეს შენ და თუ შენ ამაღლდი ყველა განსჯისეულ წინამძღვარზე, გახდი განმანათლებელი და ქველმოქმედი შენი ტომისათვის ან რასისთვის, შენ ამას უნდა უმადლიდე მათგან მიღებულ აღზრდას. მაშინაც კი, როდესაც ამბობ, რომ შენ სხვა არაფერი ხარ თუ არა „ადამიანი“, უნდა უმადლიდე იმ კრებულთა სულებს, რომელთაც შენ განეკუთვნები“.
მხოლოდ იდუმალთმოწაფე შეიტყობს ნამდვილად, რას ნიშნავს იყო სავსებით მიტოვებული ერის, ტომის, რასის სულისგან. იგი საკუთარ თავზე გამოსცდის ამგვარი აღზრდის მნიშვნელობას იმ ცხოვრებისათვის, რაც მას აწი მოუწევს. სავსებით გაჰქრებიან უწინდელი ჩვეულებანი ნებელობას, აზროვნებასა და გრძნობას შორის არსებული კავშირების დაწყვეტისას. იგი ხედავს თავისი მანამდელი აღზრდის შედეგებს, რომელიც ჰგავს აგურ-აგურ დაშლის პროცესში მყოფ სახლს და რომელიც კვლავ ახლებურად უნდა აიგოს. უბრალო სიმბოლოზე მეტს ნიშნავს, როდესაც ამბობენ: მას შემდეგ, რაც „ზღურბლის გუშაგმა“ გამოთქვა თავისი პირველი მოთხოვნები, მის მიერ დაკავებული ადგილიდან ადგება ქარბორბალა,რომელიც ჩააქრობს აქამდე ცხოვრების გზის მანათობელ შუქურებს. იდუმალთმოწაფის გარშემო სრული წყვდიადი მოიცავს ყოველივეს. მას გაჰკვეთს მხოლოდ ნათება, რომელსაც თავად „ზღურბლის გუშაგი“ გამოსცემს. სიბნელიდან მოისმის მისი შემდგომი უწყებანი: „ფეხი არ გადმოადგა ზღურბლზე, ვიდრე ცხადი არ გახდება შენთვის, რომ ამიერიდან შენ თვითინ გაანათებ წყვდიადს. წინ არ გადადგა არცერთი ნაბიჯი, ვიდრე არ დარწმუნდები, რომ საკმარისი საწვავი მასალა გაგაჩნია შენი ლამპრისთვის. მომავალში აღარ გექნება შენს წინამძროლთა ლამპრები, რომლებიც აქამდე გინათებდნენ შენს გზაზე“. ამ სიტყვებზე მოწაფე უნდა შემოტრიალდეს და უკან გაიხედოს. ახლა „ ზღურბლის გუშაგი“ გადასწევს ფარდას, რომელიც აქამდე ცხოვრების უღრმეს საიდუმლოებზე იყო ჩამოფარებული. ტომის, ერის, რასის სულები განცხადდებიან მის წინაშე მთელი თავიანთი მოღვაწეობით. მოწაფე ნათლად დაინახავს ახლა, თუ როგორ მიუძღოდნენ ისინი მას აქამდე:
აგრეთვე მისთვის ცხადი გახდება, რომ ვეღარ ისარგებლებს ამ წინამძღოლობით. ეს არის მეორე გაფრთხილება, რომელსაც ადამიანი ზღურბლზე მისი გუშაგისგან იღებს.
მომზადების გარეშე ვერავინ გადაიტანდა აქ აღწერილ სანახაობას, მაგრამ უმაღლესი განსწავლა, რომელიც ადამიანს ზღურბლთან მიახლოვების შესაძლებლობას აძლევს, მოაპოვებინებს საამისოდ აუცილებელ ძალას. ეს განსწავლა შესაძლოა იმდენად ჰარმონიულად შედგეს, რომ ახალ ცხოვრებაში შესვლამ მოწაფისათვის სავსებით დაჰკარგოს ამაღელვებელი და ბობოქარი ხასიათი. შემდგომ ამისა მოწაფის თანმხლები განცდა ზღურბლზე იქნება ნეტარება, რომელიც უმთავრესი ელფერი იქნება მისი ახლადგამოღვიძებული ცხოვრებისა. ახალი თავისუფლების შეგრძნება გადასწონის ყველა სხვა გრძნობას, და ამ შეგრძნებასთან ერთად ახალი მოვალეობანი და პასუხისმგებლობა ისეთ რაიმედ მოეჩვენება, რაც ადამიანმა თვითონ უნდა დააკისროს საკუთარ თავს ცხოვრების მოცემულ საფეხურზე.