ხელდასხმის ზოგიერთი შედეგის გამო
ხელდასხმის ზოგიერთი შედეგის გამო
ჭეშმარიტი იდუმალთმეტყველების ერთ-ერთი ძირითადი დებულებაა ის, რომ ადამიანი სავსებით შეგნებულად უძღვნის თავს ამ სწავლებას. მან არ უნდა შეასრულოს ისეთი ვარჯიშები და არ უნდა წამოწყოს არაფერი ისეთი, რისი შედეგების შესახებაც წარმოდგენა არ აქვს. იდუმალთმოძღვარი, რომელიც რჩევას ან მითითება იძლევა, იქვე მოიხსნიებს იმასაც, თუ რას გამოიწვევს მათი დაცვა უმაღლესი შემეცნებისკენ მოსწრაფე ადამიანის სხეულში, სამშვინველსა და სულში.
ახლა საჭიროა აღვნიშნოთ იდუმალთმოწაფის სამშვინველზე აღბეჭდილი ზოგიერთი ქმედება. მხოლოდ მას, ვინც ამ ფაქტებს გაცნობილია იმ სახით, როგორც ისინი აქ არის ნაუწყები, შეუძლია სავსებით ცნობიერად შეასრულოს ზეგრძნობადი სამყაროების შემეცნებისთვის განკუთვნილი სავარჯიშოები. ყოველგვარი ალალბედზე ძებნა ჭეშმარიტი იდუმალთგანსწავლისას სასტიკად იკრძალება. ვისაც არ სურს განსწავლა გახელილი თვალებით, იგი შესაძლებელია მედიუმად იქცეს. ის ვერ გახდება ნათელმხილველი იდუმალთმეტყველების გაგებით.
როდესაც ვინმე სავარჯიშოებს წინამდებარე თავებში აღწერილი წესებით ასრულებს (იხ. თავები ზეგრძნობადი შემეცნების მიღწევის შესახებ), მის მშვენიერ ორგანიზმში ადგილი აქვს გარკვეულ ცვლილებებს. ეს შესამჩნევია მხოლოდ ნათემხილველისთვის. ამ ცვლილებათა შედარება მეტ-ნაკლებად სულიერ-მშვინვიერი სახით შეიძლება მოელვარე ღრუბელთან, რომელიც მოთავსებულია ადამიანის ფიზიკური სხეულის შუაგულში (ამ მოვლენის აღწერა მოცემულია ავტორისავე „თეოსოფიაში“). ამ ორგანიზმში სულიერად საჩინო ხდება ლტოლვები, გულისთქმანი, ვნებები,წარმოდგენები და ა.შ. მაგალითად გრძნობადი გულისთქმა აღიქმება, როგორც გარკვეული ფორმის მუქი წითელი ფერის გამოსხივება. წმინდა კეთილშობილური აზრი თავის გამოხატულებას ჰპოვებს, როგორც მოწითალო-იისფერი გამოსხივება. მკაფიო აზრი ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანისა შეიძრნობა როგორც მოყვითალო, სავსებით გამოკვეთილი მოხაზულობის მქონე ფიგურა.გზააბნეული აზრი მკაფიო აზროვნებისა მოკლებული გონებისა შეიგრძნობა როგორც ბუნდოვანი მოხაზულობის მქონე გამოსახულება. ცალმხრივი, გაყინული შეხედულების მქონე ადამიანის აზრები თავიანთ მოხაზულობებში მოსჩანან როგორც მკვეთრნი, უძრავნი, ხოლო იმ პირთა აზრები, რომლებიც იოლად ექვემდებარებიან სხვათა შეხედულებებ, აღიქმებიან მოძრავ, ცვალებად მოხაზულობებად და ა.შ. (ყოველი შემდგომი აღწერისას ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე,რომ ამა თუ იმ ფერის ხილვის მიღმა სულიერი ჭვრეტა იგულისხმება. როდესაც ნათემხილველი შემეცნება ამბობს: მე ვხედავ წითელ ფერს, ეს ნიშნავს: მე მაქვს სულიერი-მშვინვიერი განცდა, რომელიც მსგავსია ფიზიკური წითელისგან მიღებული შთაბეჭდილებისა. ეს გამოთქმა გამოიყენება იმადაც, რომ ნათელმხილველური შემეცნებისთვის სავსებით ბუნებრივია გამონათვამი: მე ვხედავ წითელ ფერს. საჭიროა ამის გააზრება, რათა არ აგვერიოს რომელიღაც ფერადი ხილვა ნამდვილად ნათელმხილველურ განცდასთან).
რაც უფრო ვითარდება ადამიანი მშვინვიერად, მით უფრო სწორად ყალიბდება მისი სამშვინველის, როგორც ორგანიზმის აგებულება. განუვითარებელი მშვინვიერი ცხოვრების მქონე ადამიანის შემთხვევაში ეს ორგანიზმი არეულია, დაუნაწევრებულია, მაგრამ თვით ასეთ დაუნაწევრებელ ორგანიზმშიც ნათელმხილველს შეუძლია აღიქვას სურათი, რომელიც მკაფიოდ გამოირჩევა გარემოსგან. იგი თავის შიდა ნაწილიდან ვრცელდება ფიზიკური სხეულის შუამდე. იგი გვევლინება ერთგვარ დამოუკიდებელ სხეულად, რომელსაც გააჩნია გარკვეული ორგანოები. ის ორგანოები, რომელთა შესახებაც ლაპარაკი იქნება აქ, სულიერად აღიქმებიან ფიზიკური სხეულის შემდეგ ნაწილებთან შეფარდებით: პირველი მათგანი თვალებს შორის, მეორე - ხორხის მახლობლად, მესამე -გულის მიდამოებში, მეოთხე მოთავსებულია ეგრედ წოდებული მზის წნულის არეში, მეხუთე მეექვსე განლაგებულია სხეულის ქვედა ნაწილში. ამ წარმონაქმნებს სულის მეცნე ადამიანები უწოდებენ ბორჯღალებს (ჩაკრამებს), ან „ლოტოსის ყვავილებს“. მათ ასე შეერქვათ მბრუნავ ფერსოსთან და ყვავილთან მსგავსების გამო. თუმცა ამასთან საჭიროა გაცხადდეს, რომ ეს გამოთქმა ისევე მართებულია, როგორც ფილტვების ორივე ნაწილის „ფრთებად“ მოხსენიება. ცხადია, აქ ფრთები არაფერ შუაშია, უბრალოდ ეს სახელწოდება შეადარებისთვისაა მოხერხებული. განუვითარებელ ადამიანებს ეს ლოტოსის ყვავილები მუქი შეფერილობისა აქვთ, წყნარი და უმოძრაო. ნათელმხილველის შემთხვევაში კი ისინი მოძრაობენ და ელვარებენ სხვადასხვა ფერებში. იგივე ხდება, ოღონდ რამდენადმე სხვაგვარად მედიუმის შემთხვევაში. ამ საკითხს უფრო ღრმად აღარ შევეხებით. როდესაც იდუმალთმოწაფე იწყებს სავარჯიშოების შესრულებას, უპირველეს ყოვლისა ლოტოსის ყვავილები იწყებენ ნათებას,ხოლო მოგვიანებით დატრიალდებიან კიდეც: როდესაც ეს მოხდება, ადამიანს გაეხსნება ნათელხილვის უნარი, რამდენადაც ეს ყვავილები არიან სამშვინველის შეგრძნების ორგანოები. მათი ბრუნვა გამოხატულებაა იმისა, რომ ადამიანი აღიქვამს ზეგრძნობად სინამდვილეს. არავის არ შეუძლია აღიქვას რაიმე ზეგრძნობადი, ვიდრე მისი ასტრალური ორგანოები არ იქნებიან ამგვარად ჩამოყალიბებულნი.
სულიერი შეგრძნების ორგანო. მოთავსებულია ხორხის მახლობლად, სხვა მშვინვიერი არსების აზრთა წყობის განჭვრეტის საშვალებას იძლევა, იგი უფრო ღრმად ჩაგვახედებს ბუნების მოვლენათა ჭეშმარიტ კანონებში. ორგანო გულის მახლობლად ნათელმზილველურად შეგვამეცნებინებს სამშვინველის მქონე სხვა არსებათა შეგრძნებებს. ვინც ეს ორგანო გამოიმუშავა, შეუძლია შედარებით უფრო ღრმა ძალთა შემეცნება მცენარეებსა და ცხოველებში. მზის წნულში მოთავსებულია ორგანოს წყალობით მიიღწევა სამშვინველისეული უნარების და ტალანტების შემეცნება; შესაძლებელი ხდება განჭვრეტა იმისა, თუ რა დანიშნეულება გააჩნიათ ცხოველებს, მცენარეებს, ქვებს , ლითონებს, ატმოსფერულ მოვლენებს და ა.შ. ბუნების საყოველთაო განწესებაში .
ხორხის მახლობლად მდებარე ორგანოს გააჩნია თექვსმეტი ყვავილის „ფურცელი“ ანუ „სხივი“, გულის მახლობლად მდებარეს - თორმეტი, მზის წნულში მოთავსებულს - ათი.
გრძნობის ამ ორგანოს ჩამოყალიბება დამოკიდებულია გარკვეულ სულიერ წვრთნაზე და ვინც ამ წვრთნას სრულიად გარკვეული წესით წარმართავს, იგი თავის წვლილს შეიტანს აღნიშნული სულიერი გრძნობის ორგანოს ჩამოყალიბებაში. „თექვსმეტფურცლიანი ლოტოსის ყვავილში“ რვა ფურცელი ჩამოყალიბებული იყო ჯერ კიდევ კაცობრიობის განვითარების ადრეულ საფეხურზე, უხსოვარ წარსულში.
ამ ჩამოყალიბებაში თავად ადამიანს არავითარი წვლილი არ მიუძღვის. მან იგი როგორც ბუნების საჩუქარი, ჯერ კიდევ სიზმარეული, ბუნდოვანი ცნობიერების მდგომარეობაში მიიღო. კაცობრიობის განვითარების მაშინდელ საფეხურზე ისინი უკვე ამოქმედებულნი იყვნენ, მაგრამ მათი ამგვარი ქმედება უკავშირდებოდა სწორედ ცნობიერების ამ ბუნდოვან მდგომარეობას. როდესაც შემდგომში ცნობიერება განათლდა, ყვავილის ეს ფურცლები გამუქდნენ და შეწყვიტეს მოქმედება. დანარჩენი რვა ფურცლის გამომუშავება ადამიანს შეუძლია ცნობიერი ვარჯიშის გძით. მაშინ მთელი ლოტოსის ყვავილი მოელვარე და მოძრავი ხდება. თექვსმეტი ფურცლიდან თითოეულის განვითარება დამოკიდებულია გარკვეულ თვისებების გამომუშავებაზე. თუმცა, როგორც ითქვა, ადამიანს ცნობიერად მხოლოდ რვა მათგანის გამომუშავება შეუძლია, დანარჩენი რვა კი შემდეგ თავისთავად ჩნდება .
განვითარება შემდეგნაირად ხდება: ადამიანმა გარკვეული ყურადღება უნდა მიაქციოს და იზრუნოს ზოგიერთ მშვინვიერ პროცესზე, რომელთაც ის ჩვეულებრივ უზრუნველად და უყურადღებოდ ტოვებს ხოლმე. არსებობს რვა ასეთი პროცესი:
პირველი, თუ როგორ ითავისებს ადამიანი წარმოდგენას. ამ მხრივ, როგორც წესი, ადამიანი სავსებით მინდობილია შემთხვევითობას. მას ესმის ესა თუ ის, ხედავს ამას თუ იმას და შესაბამისად აყალიბებს საკუთარ ცნებებს. ვიდრე ის ასე იქცევა, მისი თევსმეტფურცლიანი ლოტოსის ყვავილი სრულიად უმოქმედოა. მხოლოდ მას შემდეგ. რაც იგი ამ მხრივ თვითაღზრდის სადავეებს ხელთ იპყრობს, ლოტოსის ყვავილი მოქმედებას დაიწყებს. მიზნის მისაღწევად მან ყურადღება უნდა გაამახვილოს თავის წარმოდგენებზე. მისთვის მნიშვნელობა უნდა შეიძინოს ყოველმა წარმოდგენამ, რომელშიც მან გარესამყაროულ საგანთა ერთგვარი დესპანი, მაცნე უნდა დაინახოს. იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს იმ წარმოდგენებით, რომლითაც არ გააჩნიათ ამდაგვარი მნიშვნელობა. მან ისე უნდა წარმართოს მთელი თავისი მცნებების სფერო, რომ ეს უკანასკნელი გარესამყაროს უტყუარი სარკე გახდეს. მისი მისწრაფება მიმართული უნდა იყოს საკუთარი სამშვინველიდან არასწორი წარმოდგენების მოსაშორებლად.
მეორე მშვინვიერი პროცესი ასევე შეეხება ადამიანის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. თვით ყველაზე უმნიშვნელო გადაწყვეტილება დასაბუთებულად, აზრის მომწიფების შემდეგ უნდა იქნებას გამოტანილი. ყოველგვარი უაზრო ქმედება, მნიშვნელობას მოკლებული საქმიანობა უნდა განირიდოს მან საკუთარი სულიდან და ყველაფრის მიმართ უნდა გააჩნდეს კარგად აწონილ დაწონილი საფუძველი. იგი უნდა მოერიდოს ყოველივეს, რისკენაც რამე სერიოზულული მოწოდება არ გააჩნია.
მესამე პროცესი შეეხება მეტყველებას. იდუმალთმოწაფის ბაგეებმა უნდა წარმოსთქვან მხოლოდ ის, რასაც აზრი და მნიშვნელობა გააჩნია. ყოველგვარი საუბარი მხოლოდ საუბრის გულისთვის გზიდან ააცდენს მას. იდუმალთმოწაფე უნდა ერიდებოდეს რიგით საუბარს, სადაც ადგილი აქვს უწესრიგობას და ფუჭსიტყვაობას. ამასთან მან არ უნდა გამოთიშოს სსაკუთარი თავი მოყვასთან ურთიერთობისგან. სწორედ ურთიერთობაში უნდა შეიძინოს მისმა საუბარმა მნიშვნელობა. იგი მზად უნდა იყოს ესაუბროს და პასუხი გასცეს ყველას, მაგრამ ამას უნდა სჩადიოდეს გააზრებულად, ყოველმხრივ მოფირებულად. იგი აღარასოდეს ისაუბრებს დაუსაბუთებლად, ეცდება არც სიტყვამრავალი იყოს, არც სიტყვაძვირი.
მეოთხე, მშვინვიერი პროცესი მდგომარეობს გარეგანი ქმედების მოწესრიგებაში. იდუმალთმოწაფე ცდილობს საკუთარი ქმედება ისე წარმართოს, რომ იგი თანხმობაში მოვიდეს მოყვასის ქმედებასთან და მის გარემოში მომხდარ მოვლენებთან. იგი ერიდება ისეთ ქმედებას, რომელიც ხელიშემშელია სხვათათვის ან წინაღმდეგობაშია ყოველივესთან, რაც მის გარემოში ხდება. იგი ცდილობს საკუთარი ქმედების ისე წარმართვას, რომ ჰარმონიაში მოვიდეს თავის გარემოსთან, ცხოვრებისეულ მდგომარეობასთან და ა.შ. როდესაც გარეშე ფაქტორი მას ქმედებისაკენ უბიძგებს, იგი გულდასმით უკვირდება იმას, თუ როგორ უნდა შეუთავსოს საკუთარი მოქმედება ამ ფაქტორს. თუ იგი საკუთარი თავიდან გამომდინარე მოქმედებს, საგულდაგულოდ უნდა სწონიდეს ამ მოქმედების შესაძლო შედეგებს.
მეხუთე პირობა მდგომარეობს მთელი ცხოვრების მოწყობაში. იდუმალთმოწაფე ცდილობს თანხმობაში იცხოვროს ბუნებასთან და სულთან. იგი არასოდეს ჩქარობს და არც ზოზინებს. მისთვის ერთნაირად უცხოა როგორც უსაზმნო ფუსფუსი, ისე დაუდევრობა, ცხოვრება არის საშუალება მუშაობისთვის და ამ უკანასკნელს შესაბამისად წარმართავს. იგი ისე აწესრიგებს ჯამრთელობის ზრუნვას, წეს-ჩვეულებებს და ა.შ რომ ამას შედეგად ჰარმონიული ცხოვრება მოჰყვეს.
მეექვსე პირობა შეეხება ადამიანურ მისწრაფებებს. იდუმალთმოწაფე აწონ-დაწონის თავის უნარებს, შესაძლებლობებს და იქცევა ამგვარი თვითშემეცნებიდან გამომდინარე. იგი ცდილობს არაფერი მოიმოქმედოს ისეთი, რაც აღემატება მის ძალებს, ამავე დროს არ გამორჩეს ისეთი რამ, რაც მისი შესაძლებლობის ფარგლებში ეტევა. მეორე მხრივ, იგი ისახავს ისეთ მიზნებს, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის იდეალებთან და უდიდეს მოვალეობებთან. იგი არ ცდილობს როგორც რაღაც ბორბალი დაუფიქრებლად მოებას კაცობრიობის მექანიზმებს, არამედ ეძიებს საკუთარი ამოცანების გაზრებას, ყოველდღიურობის მიღმა ჭვრეტას. იგი ისწარფვის სულ უფრო უკეთ და სრულყოფილად შეასრულოს თავისი მოვალეობანი.
მისი მშვინვიერი ცხოვრების მეშვიდე პირობა შეეხება მისწრაფებას, შეძლებისდაგვარად მეტი ისწავლოს ცხოვრებისგან. იდუმალთმოწაფისთვის არაფერი ჩაივლის ისე, რომ ცხოვრებისთვის სასარგებლო გამოცდილების დაგროვების საბაბი არ მისცეს. თუ მან რაიმე არასრულყოფილად და არასწორად შეასრულა, ამით მას ეძლევა საბაბი მოგვიანებით უკვე სწორად და სრულყოფილად შეასრულოს იგივე. დაკვირვებას სხვათა მოქმედებაზე იგი იმავე მიზნებისთვის იყენებს. იგი ცდილობს გამოცდილებათა მდიდარი საუნჯის დაგროვებას და მათ მზრუნველად შეჯერებას რეალობასთან. იგი არაფერს აკეთებს ამ გამოცდილებათა გათვალისწინების გარეშე, რომელთაც შეუძლიათ დაეხმარონ მას გადაწყვეტილების მიღებასა და შესრულებაში.
და ბოლოს მერვე პირობა: იდუმათმოწაფემ დროდადრო უნდა ჩაიხედოს საკუთარ შინაგან სამყაროში . იგი უნდა ჩაიძიროს საკუთარ თავში, მოეთათბიროს მას, გამოიმუშაოს წესები და გამოსცადოს ისინი, გონების წინაშე გაისიგრძეგანოს მთელი თავისი ცოდნა, აწონ დაწონოს საკუთარი მოვალეობანი, დაფირდეს ცხოვრების შინაარსისა და მიზნის შესახებ და ა.შ. ყოველივე ამის ირგვლივ უკვე ითქვა წინამდებარე თავებში. აქ ისინი მხოლოდ ჩამოითვლება თექვსმეტფურცლიანი ლოტოსის ყვავილის განვითარებასთან დაკავშირებით. ამ ვარჯიშების წყალობით იგი სულ უფრო და უფრო სრულყოფილი გახდება.
ასეთ ვარჯიშებზე არის დამოკიდებული ნათელხილვის უნარის გამომუშავება. ასე მაგალითად, რაც უფრო მეტად ეთანხმება გარესამყაროულ პროცესებს ადამიანის ნააზრევი და ნათქვამი, მით უფრო ჩქარა ვითარდება ეს ნიჭი. ვინც სიცრუეს განიზრახავს ან ამბობს, უთუოდ რაღაცას კლავს თექვსმეტფურცლიანი ლოტოსის ყვავილის ჩანასახში. სიმართლე, გულწრფელობა, პატიოსნება ამ მიმართებით შემოქმედი, ხოლო სიცრუე, სიყალბე, არაგულწრფელობა - დამანგრეველი ძალებია. იდუმალთმოწაფემ უნდა უწყოდეს, რომ აქ მთავარია არა კეთილი განზრახვა, არამედ რეალური საქმე. როდესაც მე ვფიქრობ ან ვამბობ ისეთ რასმე, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ამით მე რაღაცას ვანგრევ ჩემი სულიერი გრძნობის ორგანოში, მაშინაც კი, თუ მე ამას კეთილი განზრახვით ჩავდივარ. ეს ჰგავს იმ ბავშვის საქციელს, რომელიც ცეცხლთან შეხებისას მიიღებს დამწვრობას იმ შემთხვევაშიც, თუ ეს უცოდინრობის გამო მოუვა. ნახსენები მშვინვიერი პროცესების მოწესრიგება ჩვენს მიერ უკვე აღწერილი მიმართულებით საშუალებას აძლევს ლოტოსის ყვავილს გაბრწყინდეს და იწყოს კანონზომიერი მოძრაობა. - აქვე ანგარიში უნდა გაეწიოს იმ გარემოებას, რომ ნათელხილვის ხსენებული ნიჭი მანამ არ იჩენს თავს, ვიდრე არ იქნება მიღწეული სამშვინველის წვრთნის გარკვეული საფეხური. ვიდრე ადამიანისთვის სიძნელეს წარმოადგენს ამგვარი ცხოვრება, ეს ნიჭი არ იჩენს თავს, როდესაც მოწაფეს აღწერილ პროცესებზე საგანგებო ყურადღების მიქცევა უხდება , ე.ი მას ჯერ არ მიურწევია სიმწიფისთვის.მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მოცემული წესით ცხოვრება მოწაფისთვის ხდება იგივე, რაც ჩვეული ყოველდღიურობა ამა თუ იმ ადამიანისთვის, თავს იჩენს ნათელხილვის პირველი ნიშნები. ამის შემდეგ ეს აღარ არის ძნელი, არამედ ცხოვრების თავისთავად ცხადი წესით ხდება. უკვე საჭიროებას აღარ წარმოადგენს გამუდმებული თვითდაკვირვება ან თავის იძულება ამგვარი ცხოვრებისკენ. ყველაფერი ჩვეულებად უნდა იქცეს. არსებობს კიდევ სხვა ხერხები,რომლებიც თავისებურად უწყობენ ხელს თექვსმეტფურცლიანი ლოტოსის ყვავილის განვითარებას . ამგვარ ხერხებს ჭეშმარიტი იდუმალთმეტყველება უარყოფს. მათ მივყავართ ფიზიკური ჯამრთელობის დარღვევისა და მორალური დაღუპვისკენ. მათი განხორციელება უფრო იოლია, ვიდრე ზემოაღწერილისა. ეს უკანასკნელი უფრო ხანგძლივია და შრომატევადია, სამაგიეროდ უფრო საიმედოდ მიჰყავთ ადამიანი მიზნისკენ და მორალურად განამტკიცებენ მას .
ლოტოსის ყვავილის არასწორ განვითარებას ნათელხილვის რამდენადმე გახსნისას შედეგად მოჰყვება არამარტო ზოგიერთი ილუზიისა და ფანტასტიკური წარმოდგენის გაჩენა, არამედ ცდომილებანი და მერყეობანი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამის წყალობით ადამიანი შეიძლება გახდეს მხდალი, შურიანი, პატივმოყვარე, ამპარტავანი, თავნება, მაშინ როდესაც უწინ ეს თვისებები მისთვის უცხო იყო. უკვე ითქვა, რომ თექვსმეტფურცლიანი ლოტოსის ყვავილის რვა ფრუცელი ჯერ კიდევ უხსოვარ წარსულში განვითარდა და ისინი თავისთავად იჩენენ თავს იდუმალთგანსწავლისას. ამჯერად, იდუმალთმოწაფეობის დაწყებისას დიდი რუდუნებით უნდა წარიმართოს რვა დანარჩენი ფურცლის ჩამოყალიბება. არასწორი განსწავლის შემთხვევაში იოლად იჩენს თავს ადრე განვითარებული ფურცლები, ხოლო ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფნი - განუვითარებელნი რჩებიან. ეს განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში ხდება, თუ განსწავლისას ნაკლები ყურადღება ექცევა ლოგიკურ, გონივრული აზროვნებას. მეტადრე მნიშვნელოვანია მოწაფე იყოს გონიერი, ნათელი აზროვნების მქონე ადამიანი. შემდგომში მისთვის აგრეთვე მნიშვნელოვანი იქნება განსაკუთრებულად მკაფიო მეტყველების გამომუშავება. იმ ადამიანებს, რომლებიც ზეგრძნობადი სინამდვილის შესახებ უკვე რაღაცას ხვდებიან, სიამოვნებას ანიჭებთ ზედმეტი საუბარი ამ საგანთა ირგვლივ, რითაც ამუხრუჭებენ თავიანთ განვითარებას. უმჯობესია ნაკლებად ილაპარაკონ ამ თემაზე, ანდა ამ თემაზე უნდა ილაპარაკოს მხოლოდ მან, ვისაც აღქმის გარკვეულ მკაფიოებამდე მიუღწევია.
განსწავლის დასაწყისში იდუმალთმოწაფეს უკვირს ხოლმე , რაოდენ ნაკლებ ცნობისმოყვარეობას ამჟღავნებს სულიერად უკვე განსწავლული ადამიანი, თუ ამ უკანასკნელს საკუთარი განცდების შესახებ მოუთხრობს. არა და მოწაფისთვის უფრო სასარგებლო იქნებოდა სრულად დადუმებულიყო, საკუთარ განცდებზე და ელაპარაკა მხოლოდ იმის შესახებ, თუ როგორ გამოუდის სავარჯიშოების შესრულება ან მითითების დაცვა. სულიერად უკვე განსწავლული ადამიანი მის წინსვლას სრულიად სხვა წყაროებიდან განსჯის, ვიდრე უშვალოდ მისივე მონათხრობიდან. ამგვარი თხრობის წყალობით თექვსმეტფურცლიანი ლოტოსის ყვავილის რვა ნახსენები ფურცელი რამდენადმე უხეში ხდება, მაშინ როდესაც მათ უნდა შეენარჩუნებიათ სინაზე და დინამიურობა. ამის ასახსნელად საჭიროა მოვიტანოთ ერთი მაგალითი, ხოლო მეტი სიცხადისთვის ავიღოთ იგი არა ზეგრძნობადი სფეროდან, არამედ ყოველდღიური ცხოვრებიდან: დავუშვათ, შევიტყვე რაღაც, რის შესახებაც მაშინვე შევიქმნი გარკვეულ მოსაზრებას. მცირეოდენი ხნის შემდგომ ამავე საგნის შესახებ ვიღებ მორიგ ცნობას, რომელიც არ ეთანხმება პირველს. მე იძულებული ვხდები, უკვე ჩამოყალიბებული მოსაზრება შევცვალო. ამას შედეგად მოჰყვება არასასურველი ზემოქმედება ჩემს თექვსმეტფურცლიან ლოტოსის ყვავილზე. საქმე სრულიად სხვაგვარად წავიდოდა, მე რომ მაშინვე შემეკავებინა თავი მსჯელობისგან, დავდუმებულიყავი შიგნით - აზრებში და გარეგნულად - სიტყვებში, ვიდრე არ მომეცემოდა სავსებით საიმედო დასაყრდენი ჩემი მსჯელობისთვის. სიფრთხილე მსჯელობის ჩამოყალიბებისას და გამოთქმისას არის იდუმალთმოწაფის დამახასიათებელი ნიშანი. სამაგიეროდ, იზრდება შთაბეჭდილებათა და გამოცდილებათა აღქმის უნარი, რასაც ის მდუმარედ ატარებს თავის თავში, ხოლო მსჯელობის შემთხვევაში შეძლებისდაგვარად მეტ დასაყრდენს იქმნის. ამგვარი საფრთხის შედეგად ლოტოსის ყვავილის ფურცლებზე მოლურჯო-მოწითალო და ვარდისფერ-წითელი და ნარინჯისფერი ნიუანსები წარმოჩინდება. თექვსმეტფურცლიანის (გათვითცნობიერებული ადამიანი „თექვსმეტფურცლიანი ლოტოსის ყვავილის“ განვითარების პირობებში ამოიცნობს იმ მითითებებს, რომელთაც ბუდა აძლევდა თავის მოწაფეებს „გზის“ ირგვლივ, მაგრამ აქ ბუდიზმს კი არ ვქადაგებთ, არამედ აღვწერთ განვითარების პირობებს, რომლებიც საკუთრივ სულიერი მეცნიერებიდან წარმოსდგება. თუ ისინი ბუდას მოძღვრებას გარკვეულწილად ემთხვევა, ეს სულაც არ უშლის ხელს ჩაითვალოს არსით ჭეშმარიტად) მსგავსადვე წარმოიქმნება გულის მახლობლად თორმეტფურცლიანი ლოტოსის ყვავილი. მისი ფურცლების ნახევარიც წარსული განვითარების სტადიაში უკვე არსებობდა და მოქმედებდა ეს ექვსი ფურცელი იდუმალთგანსწავლისას არ საჭიროებს განსაკუთრებულ განვითარებას. ისინი თავისთავად ჩნდებიან და იწყებენ ბრუნვას, როდესაც ადამიანი დანარჩენ ექვსზე მუშაობას. იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ამ განვითარებას, ადამიანმა ცნობიერად გარკვეული მიმართულება უნდა მისცეს სამშვინელის ზოგიერთ მოქმედებას.
ამჯერად საჭიროა ცხადი გახდეს ჩვენთვის, რომ სხვადასხვა სულიერი ან მშვინვიერი ორგანოებით აღქმა სხვადასხვა ხასიათისაა. თორმეტფურცლიანი ლოტოსის ყვავილი გვაუწყებს თექვსმეტფურცლიანისაგან განსხვავებულ აღქმას. ეს უკანასკნელი აღიქვამს ხატებას. ამა თუ იმ სულიერი აზროვნების ტიპი, კანონები, რომელთა მიხედვითაც ხდება ბუნების მოვლენები, თექვსმეფურცლიანი ლოტოსის ყვავილისთვის თავს ხატებაში იჩენს. ეს არის არა გაქვავებული, მშვიდი ხატებები, არამედ მოძრავი, სიცოცხლით სავსე ფორმები. ნათელმხილველს, რომელსაც ეს გრძნობა განვითარებული აქვს, შეუძლია აზროვნების ყოველგვარი ტიპისთვის, ბუნების ყოველი კანონისთვის დაასახელოს ფორმა, რომელშიც ისინი თავის გამოხატულებას ჰპოვებენ. მაგალითად შურისძიებას იდეას გააჩნია, ისრისებური დაკბილული ფიგურა, კეთილგანწყობის იდეას ხშირად აქვს გაშლის პროცესში მყოფი ყვავილის ფორმა, და ა.შ. მკაფიო, მნიშვნელოვანი აზრები მწყობრად, სიმეტრიულად გამოიყურებიან, ბუნდოვან ცნებებს აქვთ ჩახლართული მოხაზულობები.
სავსებით სხვაგავარი აღქმები იჩენს თავს თორმეტფურცლიანი ლოტოსის ყვავილის წყალობით. ამ აღქმათა დაახლოებით დახასიათება შესაძლებელია როგორც მშვინვიერი სითბოს ან სიცივის. ამგვარი გრძნობით აღჭურვილი ნათელმხილველი აღიქვამს თუ როგორ მიედინება მშვინვიერი სითბო ან სიცივე თექვსმეტფურცლიანი ლოტოსის ყვავილის მეოხებით შემეცნებული ფიგურიდან. წარმოიდგინეთ ნათელმხილველი, რომელმაც განავითარა თექვსმეტფურცლიანი, მაგრამ არ განუვითარებია თორმეტფურცლიანი ლოტოსის ყვავილი, მაშინ კეთილგანწყობის იდეა მისთვის აღქმული იქნება მხოლოდ ზემოღწერილი ფორმით. სხვა, ვისაც განვითარებული აქვს ორივე შეგრძნება, შეამჩნევდა აგრეთვე იმ მოვლენასაც, რასაც შეიძლება მხოლოდ მშვინვიერი სითბო ეწოდოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იდუმალთგანსწავლისას ერთი გრძნობა არ ვითარდება მეორის გარეშე, ამდენად ზემოთქმული მხოლოდ თვალსაჩინოებისთვის ერთი გრძნობა არ ვითარდება მეორის გარეშე, ამდენად ზემოთქმული მხოლოდ თვალსაჩინოებისთვის უნდა იყოს განხილული. თორმეტფურცლიანი ლოტოსის ყვავილის განვითარება ნათელმხილველს აგრეთვე გაუხსნის ბუნების პროცესების ღრმა შემეცნებას. ყოველივე დაფუძნებულია ზრდასა და განვითარებაზე, ასხივებს მშვინვიერ სითბოს; ხოლო ყოველივე იმას, რასაც მოიცავს კვდომა, ნგრევა, მოსპობა, ახასიათებს მშვინვიერი სიცივე.
ამ გრძნობის განვითარებას შემდეგნაირად უნდა შეეწყოს ხელი, პირველი რასაც ამ მხრივ იდუმალთმოწაფე ყურადღებას აქცევს, არის აზრთა დინების მოწესრიგება (ე.წ კონტროლი აზრებზე), ისევე როგორც თექვსმეტფურცლიანი ლოტოსი ვითარდება ჭეშმარიტი, მნიშვნელოვანი აზრების წყალობით, თორმეტფურცლიანის განვითარება დამოკიდებულია აზრთა დინების ფლობაზე. მოხეტიალე აზრები, რომლებიც ერთიმეორესთან არ არის დაკავშირებული გონივრულად და ლოგიკურად, არამედ შემთხვევით ებმებიან ერთმანეთს, ამახინჯებენ ლოტოსის ყვავილების ფორმას რაც უფრო თანდმიმდევრულად მიჰყვება ერთი აზრია მეორეს, რაც მეტად ერიდება ადამიანი ულოგიკობას, მით უფრო იღებს გრძნობის ეს ორგანო მისთვის დამახასიათებელ ფორმას. როდესაც იდუმალთმოწაფე ულოგიკობას ისმენს, იგი თავის გონებაში მყისვე შესწორებული სახით გაატარებს ამ აზრებს. იგი უსიყვარულოდ არ უნდა ჩამოშორდეს თავის თუნდაც ლოგიკურ აზროვნებას, მოკლებულ გარემოს საკუთარი განვითარების სასარგებლოდ. მან არ უნდა იგრძნოს მოთხოვნილება მყისვე ერთბაშად გამოასწოროს ყოველგვარი ულოგიკობა საკუთარ გარემოში. იგი გარედან შემოჭრილ აზრებს თავის შინაგან არსებაში უმალ მდუმარედ მისცემს ლოგიკურ მიმართულებას. იგი მონდომებულია საკუთარ აზრებშიც შეინარჩუნოს ეს მიმართულება.
მეორე ამოცანაა ასეთივე თანმიმდევრულობის შენარჩუნება ქმედებისას (კონტროლი ქმედებაზე). ყოველგვარი ცვალებადობა, დისჰარმონია ქმედებისას დაღუპვას უქადის ლოტონისის ყვავილს. როდესაც იდუმალთმოწაფემ რაღაც ჩაიდინა, იგი შემდგომში ისე წარმართავს თავის მოქმედებას, რომ ეს ლოგიკურად გამომდინარეობდეს თავდაპირველი ნამოქმედარიდან. ვინც დღეს გუშინდელისგან განსხვავებით იქცევა, ვერასოდეს განივითარებს აღწერილ გრზნობას.
მესამე ამოცანა მოთმინების გამომუშავებაა. იდუმალთმოწაფე ნებას არ დართავს ამა თუ იმ გავლენას, ააცდინოს იგი დასახული მიზანს ვიდრე ეს უკანასკნელი სწორად მიაჩნია მას. დაბრკოლებანი მოწაფეში იწვევენ მუხტს, რათა მან გადალახოს ისინი და არასგზით არ წარმოადგენენ მისთვის მოქმედებისგან თავშეკავების საფუძველს.
მეოთხე ამოცანა არის შემწყნარებლობი (ტოლერანტობის), გამომუშავება ადამინის, სხვა არსებათა და ფაქტების მიმართ. იდუმალთმოწაფე ახშობს ყოველგვარ ზედმეტ კრიტიკას, მიმართულს არასრულყოფილის, ბოროტის და უმსგავსის წინააღმდეგ და უმალ ცდილობს ჩასწვდეს იმას, რაც მის წინაშე გამოვლინდება. ისე, როგორც მზე თავის სინათლეს არ განარიდებს უმსგავსთ და ბოროტთ, ასევე მან არ უნდა დატოვოს ისინი თავისი გონივრული მონაწილეობის გარეშე. თუ იდუმალთმოწაფეს რაიმე უსიამოვნება შეემთხვევა, იგი როდი შეუდგება ამის უარყოფა-კრიტიკას, არამედ მიიღებს მას, როგორც რაღაც აუცილებელს და ცდილობს, რამდენადაც საამისო ძალა შესწევს, საქმე სიკეთისაკენ შეატრიალოს. სხვათა შეხედულებებს იგი განიხილავს არა საკუთარი თვალთახედვიდან, არამედ ცდილობს სხვის მდგომარეობაში შესვლას.
მეხუთე ამოცანაა მიუკერძოებლობის მიღწევა ცხოვრებისეული მოვლენების მიმართ. ამ თვალსაზრისით საუბარი აგრეთვე რწმენის და ნდობის შესახებ. იდუმალთმოწაფე ყოველ ადამიანს, ყველა არსებას ამგვარი ნდობით ხვდება . როდესაც რაიმეს აუწყებენ, იგი არასოდეს იტყვის: „მე ვერ დავიჯერებ, რადგან ეს ეწინააღმდეგება ჩემს უწინდელ შეხედულებებს“ . პირიქით, იგი ყოველ წამს მზადაა ახალთან შეხვედრისას თავიდან გადაამოწმოს და შეასწორო თავისი შეხედულება და მოსაზრება. იგი მგრძნობიარეა ყველაფრის მიმართ, რაც თვალწინ აქვს. იგი დარწმუნებულია საკუთარი წამოწყების ქმედითუნარიანობაში. სიმხდალეს და ეჭვიანობას იგი განდევნის საკუთარი არსებიდან. თუ მას რაიმე განზრახვა უდევს გულში, აქვს აგრეთვე რწმენაც ამ განზრახვის ძალის მიმართ. თვით ასგზის წარუმატებლობას არ შეუძლია მას წაჰგვაროს ეს რწმენა. ეს სწორედ ის რწმენა გახლავთ, რომელიც ადგილს შეუცვლის მთებს.
მეექვსე ამოცანა არის გარკვეული ცხოვრებისეული წონასწორობის (სულიერი სიმშვიდის) მოპოვება. იდუმალთმოწაფე ისწრაფის თავისი განწონასწორებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად, თუნდაც მწუხარება მოიწიოს ან სიხარული რომ შეემთხვეს. იგი გადაეჩვევა მერყეობას „ზეაღმტაც ზეიმსა“ და „სასიკვდილო დამწუხრებას“ შორის. უბედურებას, საფრთხეს იგი ისეთსავე საომარ მზადყოფნაში შეხვდება, როგორც ბედნიერებას და წარმატებას.
სულიერ- მეცნიერული თხზულების მკითხველი აღწერაში ამოიცნობს ე.წ. „ექვს თვისებას“, რომელიც უნდა განივითაროს ხელდასხმის მოსურნემ. აქ უნდა წარმოგვედგინა მათი კავშირი იმ მშვინვიერი გრძნობის ორგანოსთან, რომელსაც ეწოდება თორმეტფურცლიანი ლოტოსის ყვავილი. იდუმალთგანსწავლას შეუძლია საგანგებო მითითებათა მოცემა, რომლებსაც სიმწიფემდე მიჰყავთ ეს ლოტოსის ყვავილი, მაგრამ ამ შემთხვევაში გრძნობის ამ ორგანოს მართებული ფორმით ჩამოყალიბება დამოკიდებულია ჩამოთვლილ თვისებებზე . თუ ამ განვითარებას ყურადღება არ მიექცევა, მაშინ ეს ორგანო დამახინჯებულად ჩამოყალიბდება. ამის შედეგად, გარკვეული ნათელხილვის გამომუშავებისას ამ მიმართულებით, ეს თვისებები ნაცვლად კათილისა შესაძლოა უარყოფით თვისებებად გადაიქცნენ. ადამიანი შეიძლება განსაკუთრებულად შეუწყნარებელი, მხდალი, მარტოსული გახდეს თავის გარემოსთვის. მაგალითად, მას შეიძლება განუვითარდეს მგრძნობიარობა სხვების მშვინვიერი განწყობის მიმართ, რის გამოც ამ ადამიანებს ან გაურბოდეს, ან ისინი შეიძულოს. ეს დასაშვებია იქამდეც მივიდეს, რომ საწინააღმდეგო მოსაზრებასთან შეხვედრისას მისი გარემომცველი მშვინვიერი სიცივე ან არ მისცემს სხვათა მოსმენის საშუალებას, ან აიძულებს თავისი საქციელით განიზიდოს სხვები.
თუ ყოველივე ზემოთქმულს დაემატება ზოგიერთი მითითების დაცვაც, რომელიც იდუმალთმოწაფეს ზეპირი გადმოცემის გზით შეუძლია მიიღოს იდუმალთმოძღვრისაგან, მოხდება ლოტოსის ყვავილის განვითარების დაჩქარება. მაგრამ უკვე მოცემული წესების წყალობით მოწაფე ნამდვილად ჩაერთვება იდუმალთგანსწავლაში. აგრეთვე მათთვის, ვისაც არ სურს ან არ შეუძლია იდუმალთგანსწავლა, სასარგებლო იქნება ცხოვრების ამგვარად წარმართვა. იგი ყველა შემთხვევაში, შესაძლოა ნელა, მაგრამ მაინც მოახდენს ზეგავლენას მშვინვიერ ორგანიზმეზე. ხოლო იდუმალთმოწაფისთვის ამ წესების დახვა აუცილებელია. თუ იგი მათი დაცვის გარეშე შეეცდება იდუმალთგანსწავლას, მაშინ ის ზენა სამყაროში არასრულფასოვანი სულიერი აღქმის ორგანოებით მოხვდება; ნაცვლად ჭეშმარიტების შემეცნებისა, იგი მოექცეოდა მოჩვენებითობისა და ილუზიის ტყვეობაში. იგი გარკვეულწილად გახდებოდა კიდეც ნათელმხილველი; მაგრამ ამჯერად ბევრად უფრო დაბრამვებული იქნებოდა, ვიდრე უწინ, ვინაიდან უწინ იგი მყარად მაინც იდგა გრძნობად სამყაროში და გააჩნდა გარკვეული დასაყრდენი. ახლა იგი იხედება გრძნობადი სამყარო მიღმა, მაგრამ იბნება ამ უკანასკნელში ისე, რომ ჯერ საიმედოდ არ მოუკიდებია ფეხი ზენა სამყაროში. შემდეგ შესაძლოა საერთოდ ვეღარ გაარჩიოს ერთმანეთისაგან ჭეშმარიტება და სიცრუე და ცხოვრებაში ყველა მიმართულებით აიბნეს. სწორედ ამის გამო არის მოთმინება ესოდენ საჭიროა ამ საკითხში. ყოველთვის უნდა დაუფიქრდეთ, რომ სულიერ მეცნიერებას არ აქვს უფლება შემდგომი მითითებათა მოცემისა, ვიდრე მოწაფე არ გამოამჟღავნებს სრულ მზადყოფნას ლოტოსის ყვავილის მოწესიგებული განვითარებისკენ. ეს ყვევილები დამახინჯებულად განვითარდებიან, თუ მათ მათ მოამწიფებენ იქამდე, ვიდრე ისინი სავსებით მშვიდად არ მიიღებენ შესაფერის ფორმას. სულიერი მეცნიერების მითითებანი ხელს უწყობენ მათ მომწიფებას, ხოლო ფორმას ისინი იღებენ ზემოაღწერილი ცხოვრების წესის დაცვით.
განსაკუთრებულად ფაქიზ მშვინვიერ მოპყრობას საჭიროებს ათფურცლიანი ლოტოსის ყვავილის განვითარება. აქ უკვე საქმე ეხება გრძნობად შთაბეჭდილებათა ცნობიერად ფლობას, რაც მეტადრე აუცილებელია დამწყები ნათელმხილველისათვის. მხოლოდ ასე შეძლებს იგი განერიდოს ურიცხვი ილუზიებისა და სულიერ თვითნებობათა სათავეს. ადამიანი, ჩვეულებრივ, არ აცნობიერებს, თუ რა წარმარავს მის თავში დაბადებულ აზრებს და მოგონებებს, თუ რითი არიან ისინი გამოწვეულნი. ავიღოთ ერთ-ერთი შემთხვევა; ვთქვათ, მავანი მიემგზავრება რკინიგზით. იგი ერთი აზრითაა დაკავებული. მოულოდნელად მისი აზრი სულ სხვაგვარად შემოტრიალდება: განსხვავდება ერთი განცდა , რომელიც წინ გადაიტანა და გადააბამს მას თავის ამჟამინდელ ფიქრებს. მხოლოდ სრულებითაც არ დაჰკვირვებია, თუ როგორ წააწყდა ფანჯრიდან მომზირალი მისი თვალი ერთ ადამიანს, რომელიც ჩამოჰგავდა მეხსიერებაში ამოტივტივებულ განცდასთან დაკავშირებულ პიროვნებას. მას ის კი არ გაუცნობიერებია, რაც დაინახა, არამედ მხოლოდ დანახულიდან წამოსული ზემოქმედების შედეგი. ამრიგად, მას ჰგონია, რომ ეს აზრი თავისთავად მოუვიდა თავში. რამდენი რამ ხდება ცხოვრებაში ამგვარად - როგორ ერთვებიან ჩვენს ცხოვრებაში სადმე წანაკითხი და განაგონი საგნები, რომელთა ურთერთკავშირსაც არ ვაცნობიერებთ. მაგალითად შესაძლოა ვინმე ვერ იტანდეს რომელიმე ფერს, მაგრამ მან ნამდვილად არ იცის, რომ ეს ხდება მისი მასწავლებლის მიზეზით, რომელიც წლების მანძილზე აწვალებდა მას და რომელიც ზუსტად ამ ფერის საერთუკს ატარებდა. აურაცხელი ილუზია ეფუძნება ასეთ გაუცნობიერებელ ურთიერთკავშირებს. მრავალი საგანი აღიბეჭდება სულში ისე, რომ არ ეხება ცნობიერებას. შეიძლება ასეთი შემთხვევაც მოხდეს: მავანი ამოიკითხავს გაზეთში რომელიმე ცნობილი პიროვნების სიკვდილის ამბავს. იგი ჯიუტად ამტკიცებს, რომ უკვე „გუშინ“ გააჩნდა წინათგრძნობა მის გარდაცვალებაზე, თუმცა არც არაფერი სმენია და არც უნახავს რაიმე ისეთი, რასაც შესაძლოა იგი მიეყვანა ამ აზრამდე. მართალია, რომ აღნიშნული აზრი მას გუშინ თითქოს და თავისთავად ამოუტივტივდა ცნობიერებაში: ხსენებული პიროვნება მოკვდა. მხოლოდ მან ერთ რამეს არ მიაქცია ყურადღება. გუშინ, ვიდრე ეს აზრი თავში მოუვიდოდა, იგი სტუმრად ეწვია ერთ ნაცნობს. მაგიდაზე გაზეთი იდო. მას გაზეთი არ წაუკითხავს, მაგრამ გაუცნობიერებლად მაინც მოჰკრა თვალი უწყებას ხსნებული პიროვნების მძიმე ავადმყოფობის შესახებ. ეს შთაბეჭდილება არ გაუცნბიერებია, მაგრამ მისი ზემოქმედების შედეგი კი იყო წინათგრძნობა. თუ კი დავფირდებით ამ საგანზე, შეიძლება განვსაჯოთ, ილუზიისა და მეოცნებეობის რა წყარო იფარება ამგვარ გარემოებებში. ეს წყარო უნდა ჩაახშოს იმან, ვისაც სურს ათფურცლიანი ლოტოსისი ყვავილის განვითარება. ამ ლოტოსის ყვავილის მეოხებით შესაძლებელია სხვადასხვა სამშვინვნელთა წიაღში დაფარული თვისებების აღქმა . ეს აღქმები მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ჭეშმარიტებად, როდესაც ადამიანი სავსებით განთავისუფლდება ზემოაღწერილ ცდომილებათაგან. ამიტომ მიზანშეწონილია გარესამყაროდან ადამიანში შემოსულ ზემოქმედებათა დაუფლება.
ადამიანს უნდა შეეძლოს, საერთოდ არ მიიღოს ის შთაბეჭდილებანი, რომელთა მიღებაც მას არ სურს. ამგვარი უნარის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ძალუმი შინაგანი ცხოვრების მეოხებით. ადამიანმა თავის ნებაზე უნდა გახადოს დამოკიდებული იმ საგანთა ზემოქმედების დაშვება საკუთარ თავზე, რომელბისკენაც იგი ყურადღება მიმართავს და ნამდვილად მოერიდოს იმ შთაბეჭდილებებს, რომლებსაც იგი თავისუფალი ნებიდან გამომდინარე არ ეძლევა. ნამდვილად უნდა გვსურდეს იმის დანახვა, რასაც თვალით ვხედავთ, ხოლო რისკენაც არ წარვმართავთ ყურადღებას - საერთოდ არ უნდა არსებობდეს ჩვენთვის. რაც უფრო ცოცხლად, ენერგიულად წარვმართავთ სულის შენაგან მუშაობას, მით უფრო მიღწევადია ეს. იდუმალთმოწაფე უნდა მოერიდოს ყოველგვარ უაზრო ცქერას და მზერას თავის ირგვლივ. მისთვის უნდა არსებობდეს მხოლოს ის რისკენაც თვითონ წარმართავს თავის სმენას და მზერას. იგი უნდა წვრთინეს საკუთარ თავს, საერთოდ არაფერი გაიგონოს თვით უდიდეს ხმაუშიც კი, თუ მას ეს არ სურს. თავისი თვალი უგრძნობი უნდა გახადოს იმ საგანთათვის, რომლებზეც საგანგებოდა არ წარუმართავს მზერა. მას უნდა გარემოიცავდეს ერთგვარი მშვინვიერი ჯაბშანი ყველა გაუცნობიერებელი შთაბეჭდილების მიმართ.
ამ მხრივ, განსაკუთრებული რუდუნებით იგი თავის აზრთა სფეროს უნდა ეპყრობოდეს. მან უნდა აიღოს ერთი აზრი და მერმედ შეეცაადოს დაფიქრდეს იმაზე, რაც სავსებით ცნობიერად, სრულიად თავისუფლად შეიძლება მოჰყვეს ამ აზრს, ნაჩვევ იდეებს იგი თავიდან იშორებს, თუ მას ზემოხსენებული აზრის დაკავშირება სურს რომელიმე სხვასთან, იგი გულმოდგინედ დაუფიქრდება, თუ საიდან მოუვიდა ეს აზრი მას. იგი უფრო შორსაც მიდის, თუ მას, მაგალითად, რაიმეს მიმართ გარკვეული ანტიპატია გააჩნია, იგი ცდილობას მის დაძლევას და მოცემულ საგანთან ცნობიერი დამოკიდებულების დამყარებას, ამგვარად, მის მშვინვიერ ცხოვრებაშუ სულ უფრო და უფრო ნაკლებად ერევიან გაუცნობიერებელი ელემენტები, მხოლოდ ასეთი მკაცრი თვითაღზრდის შედეგად იღებს ათფურცლიანი ლოტოსის ყვავილი თავის შესაფერის სახეს. იდუმალთმოწაფის ცხოვრებას ახასიათებს გამახვილებული ყურადღება. მან უნდა შესძლოს ნამდვილად განიშოროს ის, რის მიმართაც მას არ სურს ან რაზეც არ ხამს ყურადღების მიქცევა.თუ ამგვარ თვითაღზრდას დაემატება კიდევ მედიტაციაც, სულიერი მეცნიერების მითითებებიდან გამომდინარე, მაშინ მზის წნულში მოთავსებული ლოტოსის ყვავილი მართებული წესით მომწიფდება და იმას, რასაც ზემოღერილი სულიერი გრძნობის ორგანოს წყალობით ფორმა და სითბო გააჩნდა, მიეცემა სულიერი სინათლე და შეფერილობა. ამის საშუალებით გაცხადდებიან სხვადასხვა სულიერი ტალანტები და უნარები, ბუნების დაფარული ძალები და თვისებები. ცოცხალ არსებათა ფერადოვანი აურა ამგვარად ხილული გახდება. ის, რაც ჩვენ გარშემო იმყოფება, ასე იუწყება თავის მშვინვიერი უნარების შესახებ. უნდა ვაღიაროთ, რომ სწორედ ამ სფეროში განვითარებისას აუცილებელია უდიდესი რუდუნება, ვინაიდან გაუცნობიერებელ მოგონებათა თამაში შეუდარებლად ცოცხალია აქ. ეს ასე რომ ყოფილიყო, მრავალს განუვითარდებოდა აქ ნახსენები გრძნობა, იგი ხომ თავს იჩენს მაშინვე, როდესაც ადამიანი დაეუფლება საკუთარ გრძნობათაგან მომდინარე შთაბეჭდილებებს იმდენად, რომ ისინი დამოკიდებული ხდებიან მხოლოდ მის ყურადღებაზე ან უყურადღებობაზე, იქამდე, ვიდრე გარეგანი გრძნობები ამ გრძნობას ჩახშობისა და ბუნდოვანების მდგომარებაში ინარჩუნებენ, იგი უმოქმედოდ რჩება.
აღწერილი ლოტოსის ყვავილის განვითარებაზე კიდევ უფრო ძნელია სხეულის შუა ნაწილში მოთავსებული ექვსფურცლიანი ლოტოსის ყვავილის განვითარება. ამ განვითარებისთვის საჭიროა ადამიანის მთელი არსების სრულყოფილი ფლობის მიღწევა თვითცნობიერების მეოხებით, ისე რომ მასში სხეული, სამშვინველი და სული სრულ ჰარმონიაში მოვიდეს. სხეულებრივი მოთხოვნილებანი, სამშვინველის ლტოლვანი და ვნებანი, სულიერი აზრები და იდეები ერთმანეთს სრულიად უნდა შეეწყონ, სხეული იმდენად უნდა გაკეთილშობილდეს და განიწმინდოს, რომ მისი ორგანობეი არაფერი ისეთისკენ არ უნდა უბიძგებდეს ადამიანს , რაც სამშვინველსა და სულს არ ემსახურება. სხეულმა სამშვინველი არ უნდა მიმართოს იმ გულისთქმათა და ვნებათაკენ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სუფთა და კეთილშობილურ აზროვნებას. არც სული უნდა მბრძანებლობდეს სამშვინველზე მონათმფლობელივით, თავისი მოვალეობებით და კანონებით, არამედ სამშვინველი საკუთარი თავისუფალი მიდრეკილებებიდან გამომდინარე უნდა იცავდეს მოვალეობებს და მცნებებს. მოვალეობა არ უნდა აწვებოდეს იდუმალთმოწაფეს, როგორც მისი ნების საწინაღმდეგო რამ, არამედ იგი უნდა ასრულებდეს მოვალეობას სიყვარულის გამო. იდუმალთმოწაფემ უნდა განივითაროს თავისუფალი სული, რომელიც წონასწორობას ინარჩუნებს გრძნობადსა და სულიერს შორის. მან უნდა შესძლოს დაყრდნობა თავის მგრძნობელობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ეს უკანასკნელი სწორი გზით უნდა ვიდოდეს. იქამდე, ვიდრე ადამიანს ესაჭიროება თვითგვემა, მას არ შეუძლია რაიმე ხარისხის იდუმალთმოწაფედ გახდომა. ის სიქველე, რის მისაღწევადაც საკუთარ თავზე ძალდატანებაა საჭირო, უფასურია იდუმალთმოწაფისათვის. ვიდრე ადამიანს გააჩნია გულისთქმა, იგი ხელს უშლის მოწაფეობას იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ცდილობენ არ დაემორჩილონ მას. სულერთია, ეს გულისთქმა სხეულს განეკუთვნება თუ სამშვინველს. თუ, მაგალითად ვინმე ერიდება ამა თუ იმ აღმგზნებ საშუალებას, რაღა განიწმინდოს საკუთარი თავი ტკბობაზე უარის თქმით, ეს მას იმ შემთხვევაში წაადგება, თუ მისი სხეული ამგვარი თავშეკავებით არ დაზიანდება. თუ ეს მოხდა, ცხადი გახდება, რომ მისი სხეული ამ აღმგზნებ საშუალებას ითხოვს და ამდენად თავშეკავება უსარგებლოა. ამ შემთხვევაში დასაშვებია, რომ ადამიანმა უარი თქვას სასურველ მიზანზე, ვიდრე - შესაძლოა მომავალ ცხოვრებაშიც - მისთვის ხელსაყრელი გარემოება არ იჩენს თავს. გონივრული უარის თქმა გარკვეულ ვითარებაში გაცილებით უფრო დიდი მიღწევაა, ვიდრე მისწრაფება იმისკენ, რაც მოცემულ პირობებში მიუღწევადია. ამგვარი გონივრული უარი უფრო მეტად შეუწყობს ხელს განვითარებას, ვიდრე საპირისპირო რამ.
ასე ვინც განივითარა თექვსმეტფურცლიანი ლოტოსის ყვავილი, იგი შესძლებს ურთიერთობის დამყარება იმ არსებებთან, რომლებიც ზენა სამყაროს განეკუთვნებიან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ უკანასკნელთა ყოფიერება თავს იჩენს მშვინვიერ სამყაროშიც. იდუმათგანსწავლისას მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ ურჩიონ მოწაფეს ამ ლოტოსის ყვავილის განვითარება, ვიდრე იგი იმდენად არ დაწინაურებულა ამ გზაზე, რომ შეუძლია მიაახლოს თავისი სული კიდევ უფრო მაღალ სამყაროს. ეს შესვლა საკუთრივ სულის სამყაროში თან უნდა სდევდეს ლოტოსის ყვავილის განვითარებას. სხვაგვარად მოწაფე ცდომილებაში აღმოჩნდებოდა და არადამაჯერებლობის შეგრძნება დაეუფლებოდა. იგი თუმცა ისწავლიდა ხილვას, მაგრამ არ ექნებოდა უნარი დანახულის სწორად განსჯისა. უკვე ექვსფურცლიანი ლოტოსის ყვავილის განვითარების პირობებში ჩადებულია გარკვეული საწინდარი დაბნეულონისა და არამდგრადობის წინაღმდეგ. არც ისე იოლი იქნება იმ ადამიანის მოხვედრა ცდომილებაში, ვისაც მიუღწევია სრული წონასწორიბისთვის მგრძნობელობას (სხეული), ვნებას (სამშვინველი) და იდეას (სული) შორის. და მაინც, საწინდარზე უფრო მეტია საჭირო, როდესაც ექვსფურცლიანი ლოტოსის ყვავილის განვითარების შედეგად ადამიანი აღიქვამს ისეთი ცხოვრებისა და თავისთავადობის მქონე არსებებს, ფიზიკურ შეგრძნებათა სამყაროსაგან ესოდენ განსხვავებულ სფეროს რომ განეკუთვნებიან. მოწაფემ რომ უშიშრად იგრძნოს თავის ამ სამყაროში, არ კმარა ლოტოსის ყვავილის განვითარება, არამედ იგი უნდა ფლობდეს კიდევ უფრო მაღალ ორგანოს. ამჯერად საუბარი იქნება ამ კიდევ უფრო მაღალი ორგანოს განვითარების შესახებ (თავისთავად ცხადია, რომ პირდაპირი მნიშვნელობით გამოთქმა „მშვინვიერი სხეული“(ისევე როგორც ზოგი მსგავსი რამ სულიერ მეცნიერებაში) თავის თავში წინააღმდეგობას შეიცავს. მიუხედავად ამისა, მაინც გამოიყენება ეს გამოთქმა, რადგან ნათელმზილველური შემეცნება აღიქვამს ისეთ რაიმეს, რაც სულიერი თვალსაზრისით სხეულის ფიზიკური აღქმის შესაბამისად მოიხილვება).
მშვინვიერი სხეულის განვითარება, რაც ეს-ესაა აღწერილ იქნა, ადამიანს აძლევს ზეგრძნობად მოვლენათა აღქმის შესაძლებლობას. ხოლო ვისაც სურს ამ სამყაროში ნამდვილად გარკვევა, არ უნდა დარჩეს განვითარების ამავე საფეხურზე. მხოლოდ მოძრავი ლოტოსის ყვავილის ფლობა საკმარისი არ არის. ადამიანს უნდა შეეძლოს თავისი სულიერი ორგანოს მოძრაობის მოწესრიგება და დამოუკიდებელი, სავსებით ცნობიერი ფლობა. სხვაგვარად იგი გადაიქცეოდა გარეშე ძალთა დაუფლებათა სათამაშოდ. თუ ეს არ სურს მას, უნდა გამოიმუშაოს უნარი „შინაგანი სიტყვის“ გათავისუფლებისა. საამისოდ საჭიროა არამარტო მშვინვიერი სხეულის, არამედ ეთერული სხეულის განვითარებაც. ეს ის ნატიფი სხეულია, რომელიც ნათელმხილველის მზერას ევლინება ფიზიკური სხეულის ერთგვარ ორეულად. იგი გარკვეულწილად შუალედური საფეხურია ამ უკანასკნელსა და მშვინვიერ სხეულს შორის (შდრ. აქ წარმოდგენილი ეთერული სხეულის აღწერას ავტორისეული „თეოსოფიაში“).
თუ ნათელხილვის უნარი გაგვაჩნია, შეიძლება სრულიად ამოვაგდოთ ყურადღების არედან ჩვენს წინაშე მდგომი ადამიანის ფიზიკური სხეული. განვითარების უმაღლეს საფეხურზე ეს იგივეა, რაც ყურადღების გავარჯიშება უმდაბლესზე. ისევე როგორც ადამიანს შეუძლია სრულიად მოსწყვიტოს ყურადღება მის წინაშე მყოფ საგანს, ასევე შეუძლია ნათელმხილველს სავსებით გამოთიშოს ფიზიკური სხეულის აღქმა, ისე რომ ეს უკანასკნელი ფიზიკურად გამჭირვალე გახდეს. ხოლო თუ ამას მის თვალწინ მდგომი ადამიანის მიმართ მოიმოქმედებს, მისი სამშვინველისეული თვალის წინაშე (გარდა მშვინვიერი სხეულისა, რომელიც ორივე სხეულზე დიდი ზომისაა და განმსჭვალავს მათ) დარჩება ეგრეთ წოდებული ეთერული სხეული.
ეთერულ სხეულს დაახლოებით ფიზიკური სხეულის სიდიდე და ფორმა გააჩნია და იკავებს დაახლოებით იგივე ზომის სივრცეს, რასაც ფიზიკური სხეული. ეს განსაკუთრებულად ნაზი და ფაქიზად ორგანიზებული წარმონაქმნია (ფიზოკოსს ვთხოვ არ შეაშფოთოს გამოთქმამ ეთერული სხეული. სიტყვა ეთერი მეტყველებს მხოლოდ მოცემული წარმონაქმნის სინატიფეზე. ის, რის შესახებაც აქ საუბარია, არ უნდა დავუკავშიროთ ფიზიკური ჰიპოთეზების ეთერს) მისი ძირითადი ფერი განსხვავდება ცისარტყელას შემადგენელი შვიდი ფერისგან. ვისაც მასაზე დაკვირვება შეუძლია, შეიცნობს ისეთ ფერს, რომელიც საერთოდ არ არსებობს გრძნობადი დაკვირვებისთვის. მისი შედარება უმალ ახლადგამოსულ ატმის ყვევილთან შეიძლება. თუ გვსურს ეთერულ სხეულზე, როგორც ასეთზე, დაკვირვება, საჭიროა ყურადღების გადატანის სავარჯიშოს საშუალებით სრულიად გამოვრთოთ მშვინვიერი სხეულის მოვლენა ჩვენს აღქმაში ისე, როგორც ეს ზემოთ იქნა აღწერილი. თუ ამას არ ვაკეთებთ, ეთერული სხეული სხვაგვარად იჩენს თავს იმ მშვინვიერი სხეული წყალობით, რომელიც მთლიანად მსჭვალავს მას.
ეთერული სხეულის ნაწილები ადამიანში გამუდმებულ მოძრაობაში. ყველა მხრიდან აურაცხელი დინება განმსჭვალავს მას, ამ დინებათა წყალობით ხდება ცხოვრების შენარჩუნება და მოწესრიგება. ყოველ ცოცხალ ორგანიზმს გააჩნია ასეთი ეთერული სხეული. იგი აქვთ მცენარეებს და ცხოველებსაც. ყურადღებიანი დამკვირვებელი ამის კვალს თვით მინერალებშიც კი ხედავს. ხსენებული დინებები და მოძრაობანი თავიდან სავსებით დამოკიდებულია ადამიანის ნების და ცნობიერებისაგან. ისევე, როგორც გულის ან კუჭის მოქმედება ფიზიკურ სხეულში არ არის დამოკიდებული თვითნებობაზე. ეს დამოუკიდებლობა იარსებებს იქმადე, ვიდრე ადამიანი არ შეუდგება განვითარებას ზეგრძნობადი უნარების შეძნის თვალსაზრისით. გარკვეულ საფეხურზე უმაღლესი განვითარება მდგომარეობს იმაში, რომ ეთერული სხეულის ცნობიერებისაგან დამოუკიდებელ დინებებს და მოძრაობებს შემოუერთდებიან ისეთნიც, რომლებიც სავსებით ცნობიერად არიან გამოწვეულნი თვით ადამიანისაგან.
როდესაც იდუმალთგანსწავლაში იმდენად დაწინაურდებიან, რომ წინამდებარე თავებში აღწერილი ლოტოსის ყვავილები მოძრაობას იწყებენ, მოწაფეს უკვე მიღწეული ექნება ზოგი რამ, რაც მის ეთერულ სხეულში იწვევს სრულიად გარკვეულ დინებებს და მოძრაობებს. ამ განვითარების მიზანია ფიზიკური გულის მიდამოებში ჩამოყალიბდეს ერთგვარი ცენტრი, საიდანაც გაედინებიან მრავალგვარი სულიერი შეფერილობის და ფორმის მქონე დინებები და მოძრაობები. ეს ცენტრი სინამდვილეში არის არა ჩვეულებრივი წერტილი, არამედ ძალზე რთული წარმონაქმნი, გასაოცარი ორგანო. იგი სულიერად ელავს, გაედინება სხვადასხვა ფერებში და წარმოაჩენს დიდებულად ჩამოქნილ ფორმებს, რომელთაც სწრაფი ცვლილების უნარი გააჩნიათ. ახალი ფორმები და ფერთა ნაკადები მიიწევენ ამ ორგანოდან სხეულის დანარჩენი ნაწილებიკენ და გადიან მის ფარგლებს გარეთაც ისე, რომ განსმჭვალავენ და განანათლებენ მშვინვიერ სხეულსაც, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანნი ამ დინებათაგან მიემართებიან ლოტოსის ყავავილებისაკენ. ისინი განსმჭვალავენ ამ უკანასკნელთა თითოეულ ფურცელს და აწესრიგებენ მათ მოძრაობას. შემდგომ ფურცლის წვერიდან ისინი მიედინებიან გარეთ, რათა დაიკარგონ გარემომცველ სივრცეში. რაც უდრო განვითარებულია ადამიანი, მით უდრო დიდია ის გარემომცველი წრე, რომელშიც ვრცელდებიან ეს დინებები.
განსაკუთრებით ახლო კავშირებში აღწერილ ცენტრებთან იმყოფება თორმეტფურცლიანი ლოტოსის ყვავილი. მასში უშუალოდ ჩაედინებიან ეს დინებები. მისი გავლით ეს დინებები მიემართებიან თექვსმეტფურცლიანი და ორფურცლიანი, მეორე (ქვედა) მხრიდან კი - რვა, ექვს და ოთხცურცლიანი ლოტოსის ყვავილებისაკენ. აგვარად განწესებაში ჩადებულია საფუძველი იმისა, თუ რატომ უნდა მოეპყრონ იდუმალთგანსწავლისას განსაკუთრებული რუდუნებით თორმეტფურცლიანი ლოტოსის ყავავილის განვითარებას. მხედველობიდან რაიმეს გამორჩენის შემთხვევაში აპარატის მთელი ჩამოყალიბება არასწორად მოხდებოდა. ნათქვამიდან შეიძლება განვსაჯოთ, რამდენად ნატიფ და ინტიმურ ხასიათს ატარებს იდუმალთგანსწავლა და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ყველაფერმა სათანადო წესით განვითარება შესძლოს. აქედან გამომდინარე, ცხადია: ზეგრძნობადი უნარების განვითარების შესახებ მხოლოდ მას შეუძლია საუბარი, ვისაც თავად გამოუცდია ის, რაც სხვაში უნდა განავითაროს და ვისაც შეუძლია სრულყოფილად იცოდეს, რამდენად სწორ შედეგებამდე მიიყვანენ მოწაფეს მისი მითითებანი.
როდესაც იდუმალთმოწაფე შეასრულებს მისთვის მიცემულ მითითებებს, იგი თავის ეთერულ სხეულს მიჰმადლებს იმ დინებებს და მოძრაობებს, რომელებიც ადამიანის გარემომცველი სამყაროს კანონებთან და განვითარებასთან ჰარმონიაში იმყოფებიან. ამადაც, ეს მითითებანი ყოველთვის წარმოადგენენ სამყაროულ განვითარების დიადი კანონების ანარეკლებს. ისინი მდგომარეობენ უკვე ნახსენებ ან მათსავე მსგავს მედიტაციისა და კონცენტრაციისთვის განკუთვნილ სავარჯიშოებში, რომლებიც სწორედ შესრულების შემთხვევაში ადამიანს მიიყვანენ აღწერილ შედეგებამდე. სულიერებას დამოწაფებულმა დროის გარკვეულ მონაკვეთში სავსებით უნდა განსმჭვალოს თავისი სამშვინველი სავარჯიშოების შინაარსით, შინაგანად თითქოს აღივსოს ამით. ეს იწყება უბრალოდ მითითებით , რომლებსაც შეუძლიათ უწინარეს ყოვლისა განსჯისმიერი, გონებისმიერი აზროვნების გაღრმავება, მათთვის უფრო შინაგანი ხასიათის მინიჭება. ეს აზროვნება ამით ყოველგვარი გრძნობადი შთაბეჭდილებისაგან და გამოცდილებისაგან თავისუფალი და დამოუკიდებელი გახდება. იგი გარკვეულად მოიყრის თავს ერთ წერტილში, რომელიც სრულიადაა მოქცეული ადამიანის ძალაუფლებაში. ამით შეიქმნება წინასწარ მომზადებული ცენტრი ეთერული სხეულის დინებათათვის. ეს ცენტრი თავიდან გულის არეში კი არ იმყოფება, არამედ თავში. ნათელმხილველს ეს ევლინება როგორც მოძრაობათა ამოსავალი წერტილი. სრული წარმატებით დაგვირგვინდება ისეთი იდუმალთგანსწავლა, რომელიც ამგვარი ცენტის შექმნით იწყება. ეს ცენტი თავიდან გულის არეში რომ წარმოიქმნება, დამწყები ნათელმხილველი, მართალია, შესძლებდა ზენა სამყაროთა გარკვეულ განჭვრეტას, მაგრამ ვერ შესძლებდა სწორად დაეკავშირებინა ზენა სამყაროები გრძნობად სინამდვილესთან. ეს კი ადამიანისთვის სამყაროს განვითარების დღევენდელ საფეხურზე უპირობო აუცილებლობაა. ნათელხილველი მეოცნებედ კი არ უნდა იქცეს, არამედ ფეხქვეშ ნიადაგი უნდა შეინარჩუნოს.
როდესაც აღნიშნული ცენტრი თავის არეში სათანადოდ მომაგრდება იგი გადმოინაცვლებს ქვემოთ, ხორხის მიდამოში. ეს მიიღწევა კონცენტრაციისთვის განკუთვნილი სავარჯიშოების შესრულებით. შემდგომ ეთერული სხეულის აღწერილი მოძრაობანი გამოანათებენ ამ ადგილიდან, ისინი იწყებენ ადამიანის გარემომცველი მშვინვიერი სივრცის ნათებას.
შემდგომი ვარჯიში იდუმალთმოწაფეს ანიჭებს უნარს თვითონვე გაარკვიოს საკუთარი ეთერული სხეულის მდგომარეობა. მანამდე ეს მდგომარეობა დამოკიდებულია იმ ძალებზე, რომელბიც გარესამყაროდა შემოდიან და ფიზიკურ სხეულში აქვთ სათავე. შემდგომი განვითარების შედეგად ადამიანს შეეძლება ყოველ მხარეს აბრუნოს თავისი ეთერული სხეული. ეს უნარი განპირობებულია იმ დინებებით, რომლებიც ორივე ხელის გასწვრივ გადის და რომელთა ცენტრსაც წარმოადგენ ორფურცლიანი ლოტოსის ყვავილი თვალის არეში. ეს ხდება ხორხიდან წამოსული გამოსხივების წყალობით, რომელთაგანაც ნაწილი წრისებურ ფორმებად ჩამოყალიბებული მიემართება ორფურცლიანი ლოტოსის ყვავილისკენ, საიდანაც ტალღისებური ნაკადების სახით ხელების გასწვრივ უნდა გაედინოს. შემდგომი განვითარების შედეგად ეს ნაკადები ძალზე ნატიფად იტოტება და იქცევა ერთგვარ ქსოვილად, რომელიც ბადის (ან ბადისებრი გარსის) მსგავსად გარემოიცავს მთელს ეთერულ სხეულს. ამ უკანასკნელს არ გააჩნდა მკვეთრი საზღვარი გარე მხრიდან, ასე რომ სასიცოცხლო დინებები სიცოცხლის საყოველთაო ზღვიდან უშუალოდ ჩაედინებიან მასში და გაედინებიან მისგან. ახლა კი გარედან წამოსულ დინებებს მოუწევთ ამ გარსში გავლა. ამის წყალობით, ადამიანი გარეშე დინების მიმართ მგრძნობიარე ხდება. ისინი აღქმადი ხდებიან მისთვის. ამასთან ერთად, მოვიდა დრო, როდესაც მოწაფემ დინებათა და მოძრაობათა მთელს სისტემას უნდა დაუდგინოს ცენტრი გულის არეში. ეს კვლავ კონცენტრაციის და მედიტაციის სავარჯიშოების გაგრძელების შედეგად ხდება. ამით მიიღწევა საფეხური, რომელზეც ადამიანს მიემადლება „შინაგანი სიტყვა“. ახლა ყოველი საგანი ახალ მნიშვნელობას იღებს ადამიანისთვის და თავის სიღრმეში სულიერად აღქმადი ხდება მისი ყურთასმენისათვის. ისინი თავიანთი არსების შესახებ ესაუბრებიან ადამიანს. აღწერილი დინებები მას აკავშირებენ იმ სამყაროს სიღრმეებთან, რომელთაც იგი თვით განეკუთვნება. იგი იწყებს სიცოცხლის განცდას გარემომცველ სამყაროში და შეუძლია გამოეხმაუროს მას თავისი ლოტოსის ყვავილის მოძრაობით.
ასე ადამიანი შეაბიჯებს სულიერ სამყაროში და როდესაც ის ამას მიაღწევს, გაეხსნება ახლებული გაგება იმისა, რაც კი უთქვამთ კაცობრიობის უდიდეს მოძღვრებს. ბუდასა და სახარების ქადაგებანი მასზე ახლა სხვაგვარ ზემოქმედებას მოახდენენ, ისინი განსმჭვალავენ მას ისეთი ნეტარებით, რაზეც, მას ადრე წაროდგენაც კი არ ჰქონია. მათი სიტყვების ჟღერადობა ხომ უკვე ეხმიანება იმ მოძრაობებსა და რიტმებს, რომელიც თავად განივითარა მან. ახლა უშუალოდ იცის მან, რომ ისეთი ადამიანები, როგორიც იყვნენ ბუდა ან მახარებლები, ამცნობდნენ არა საკუთარი გამოცდილების შესახებ, არამედ საუბრობდნენ იმაზე, რაც მათთან საგნის უშინაგანესი არსებიდან მოედინებოდა. აქ ყურადღება უნდა გამახვილდეს ისეთ ფაქტზე, რომელიც მხოლოდ ზემოთქმულიდან ხდება გასაგები. განათლების თანამედროვე საფეხურზე მდგომი ადამიანებისთვის გაუგებარია მრავალგზის განმეორებანი ბუდას მიერ წარმოთქმულ სიტყვებში. იდუმალთმოწაფისათვის იგი წარმოადგენს ისეთ რამეს, რასაც მისი შინაგანი გრძნობა სიამოვნებით მინებდება. ისინი შეესაბამებიან გარკვეულ რიტმულ მოძრაობებს ეთერულ სხეულში. მინებება მათზე სრულ შინაგან სიჩუმეში ხელს უწყობს ამგვარ მოძრაობებთან თანხმობაში მოსვლას. და რამდენადაც ეს მოძრაობები არიან ანარეკლი გარკვეული სამყაროული რიტმებისა, რომლებიც განსაზღვრულ მომენტში წარმოადგენენ ძველის განმეორებას და თანაზომიერ დაბრუნებას მასთან, იმდენად ბუდასეული სიტყვების სმენისას ადამიანი იწყებს თანხმობაში ცხოვრებას სამყაროულ იდუმალებებთან .
სულიერ მეცნიერებაში ლაპარაკია ოთხი უნარის შესახებ, რომელიც უნდა გაითავისოს ადამიანმა ე.წ. „გამოცდის გზაწვრილზე “, რათა უმაღლეს შემეცნებამდე ავიდეს. პირველი - ეს არის უნარი საკუთარ აზრებში ჭეშმარიტის მოჩვენებითისაგან, ხოლო ჭეშმარიტების ჩვეულებრივი შეხედულებისგან გამორჩევისა, მეორე უნარია ჭეშმარიტისა და ნამდვილის მართებული შეფასება მოჩვენებითთან შედარებით, მესამე უნარი მდგომარეობს უკვე წინა თავში ნახსნები ექვსი თვისების შესრულებაში: კონტროლი აზრებზე, კონტროლი ქმედებებზე, სიმტკიცე, მოთმინება, რწმენა და სულიერი სიმშვიდე. მეოთხე უნარია სიყვარული შინაგანი თავისუფლებისა.
არაფერს გვარგებს მხოლოდ განსჯისმიერი გაგება იმისა, რაც იგულისხმება ამ უნარებში. ისინი იმდენად უნდა დაინერგონ ადამიანის სამშვინველში, რომ დასაბამი დაუდონ შინაგანი ჩვევების გამომუშავებას. მაგალითად, ავიღოთ პირველი უნარი: ჭეშმარიტები გარჩევა მოჩვენებითისააგან. ადამიანმა იმდენად უნდა გაწვრთნას თავისი თავი, რომ ყოველ შემხვედრ საგანში თითქოსდა სრულიად თავისთავად გამოარჩიოს არაარსებითი მნიშვნელოვანისგან. საკუთარი თავი ამგვარად გაწვრთნა შესაძლებელია, როდესაც სიმშვიდით და მოთმინებით გარესამყაროზე დაკვირვებისას გამუდმებით განაახლებენ აქეთ წარმართულ მცდელობებს. საბოლოოდ, იგი ბ უნებრივად შეჩერდება ჭეშმარიტზე ისე, როგორც უწინ ის კმაყოფილდებოდა არაარსებითით. „ყოველი წარმავალი იგივეა მხოლოდ“: ეს ჭეშმარიტება სულის უშუალოდ რწმენად გადაიქცევა. ასეთივე დამოკიდებულება უნდა გაგვაჩნდეს ზემოხსენებულ სამ უნართან .
ამ ოთხი მშვინვიერი ჩვევის გავლენით ადამიანის ნატიფი ეთერული სხეული ნამდვილად გარდაიქმნება. პირველი მათგანის წყალობით, რაც ჰგულისხმობს, „ჭეშმარიტების გამორჩევას მოჩვენებითისგან“, წარმოიქმნება აღნიშნული ცენტრი თავის არეში და მომზადდება ცენტრი ხორხის მიდამოში. ნამდვილი განვითარებისათვის, რასაკვირველია, საჭიროა კონცენტრაციისთვის განკუთვნილი სავარჯიშოები. განვითარებას ეს უკანასკნელნი განაპირობებენ, ხოლო ოთხი ჩვევა ხელს უწყობს მომწიფებას. თუ ცენტრი ხორხის მიდამოებში მომზადებულია, მაშინ ჭეშმარტის მართებული შეფასების უნარი არარსებით მოვლენასთან შედარებით იწვევს ეთერული სხეულის უკვე ნაგულისხმევ თავისუფალ ფლობას და მის შემოზღუდვას ბადისებრი გარსით. როდესაც ადამიანი გამოიმუშავებს ამგვარი შეფასების უნარს, მისთვის აღქმადი გახდება სულიერი ფაქტები. თუმცა მან არ უნდა ჩათვალოს, რომ უნდა ჩაიდინოს მხოლოდ ისეთი ქმედებანი, რაც მნიშვნელოვნად მოეჩვენება განსჯისმიერი შეფასების თვალსაზრისით.
თვით უმნიშვნელო ქმედება, უმცირესი ხელის მოძრაობაც კი მნიშვნელოვანია სამყაროული მთლიანობის დიად ნაგებობაში და საქმე მხოლოდ ამ მნიშვნელობის გაცნობიერებაშია. ლაპარაკი ყოველდღიური ცხოვრების არშეფასებაზე როდია, არამედ სწორ შეფასებაზე. იმ ექვსი სიქველის შესახებ, რომელთაგანაც იქმნება მესამე უნარი, ზემოთ უკვე ითქვა. ისინი დამოკიდებულნი არიან თორმეტფურცლიანი ლოტოსის ყვავილის განვითარებაზე გულის არეში. როგორც უკვე ნაჩვენები იყო, აქეთ უნდა წარიმართოს ეთერული სხეულის სასიცოცხლო ნაკადი. მეოთხე უნარი: განთავისუფლების სურვილი - ემსახურება გულის მახლობლად მოთავსებული ეთერული ორგანოს მომწიფებას. თუ ეს უნარი სამშვინვეელის ჩვევად გადაიქცევა, მაშინ ადამიანი გათავისუფლდება ყოველივე იმისგან, რაც დამოკიდებულია მხოლოდ მისი პიროვნული ბუნების შესაძლებლობებზე. იგი შესწყვეტს თავისი განსაკუთრებული თვალსაზრისიდან საგანზე დაკვირვებას. გაჰქრებიან მისი ვიწრო თავისთავადობის საზღვრები, რომლებიც მას მიაჯაჭვავენ ამ თვალსაზრისზე. სულიერი სამყაროს იდუმალებებს ეძლევათ შესაძლებლობა მას შინაგან არსებასთან მისვლისა. ეს არის განთავისუფლება, ხოლო ბორკილები აიძულებდნენ ადამიანს თავისი პიროვნულიდან გამომდინარე შეეხედა სხვადასხვა საგნებისა და არსებებისათვის. საგნებზე პიროვნულიდან გამომდინარე ამგვარი დაკვირვებისაგან იდუმალთმოწაფე დამოუკიდებელი, თავისუფალი უნდა გახდეს.
აქედან ჩანს, რომ იდუმალმეტყველების ეს წესები ღრმად განმაპირობებლად მოქმედებენ ადამიანის შინაგან არსებაზე. წესები ოთხი აღერილი უნარის შესახებ სწორედ ასეთ წესთა რიცხვს განეკუთვნება. ისინი ამა თუ იმ ფორმით გვხვდება ყველა მსოფლმხედველობაში, რომელიც აღიარებს სულიერ სამყაროს. ამგვარ მსოფლმხედველობათა დამაარსებლებს ეს წესები არ მიუციათ ადამიანებისთვის ბუნდოვანი გრძნობიდან გამომდინარე. მათ ეს უმალ იმის გამო შესძლეს, რომ დიდი ხელდასხმულები იყვნენ, ხოლო თავიანთი ზნეობრივი კანონები შემეცნებიდან გამომდინარე ჩამოაყალიბეს: მათ უწყოდნენ, თუ როგორ ზემოქმედებენ ისინი ადამიანის ნატიფ ბუნებაზე და სურდათ თავიანთ მიმდევრებს თანდათანობით განევითარებინათ ეს შედარებითი ნატიფი ბუნება საკუთარ თავში. ამგვარ მსოფლმხედველობათა მიხედვით ცხოვრება საკუთარი სულიერი სრულყოფისათვის მუშაობს ნიშნავს, როდესაც ადამიანი ამას სჩადის, იგი ემსახურება სამყაროულ მთლიანობას. საკუთარი თავის სრულქმნა არ ნიშნავს ეგოიზმს. არასრულყოფილი ადამიანი არის კაცობრიობის და სამყაროს არასრულყოფილი მსახური. ადამიანი მით უკეთესად ემსახურება მთელს, რაც უფრო სრულყოფილია თავად. აქ ძალაშია სიტყვები: „ოდეს ვარდი თავს შეიმკობს, ის აგრეთვე ამკობს ბაღსაც“.
უდიდესი მნიშვნელობის მქონე მსოფლმხედველობათა დამაარსებლები ამადაც არიან დიდი ხელდასხმულნი. ის, რაც მათგან მომდინარეობს, შთაიღვრება ადამიანთა სულებში. ამის წყალობით კაცობრიობასთან ერთად მთელი სამყარო მიიწევს წინ. კაცობრიობის განვითარების ამ პროცესზე ხელდასხმულებმა სავსებით ცნობიერად იმუშავეს. მათ მიერ მოცემული მითითებების შინაარსი გასაგები იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინი ადამიანური ბუნების შინაგანი სიღრმეებიდანაა ამოტანილი. ხელდასხმული იმავდროულად უდიდესი შემმეცნებელნიც იყვნენ და კაცობრიობის იდეალებიც ამავე შემეცნების ნიშნით აღბეჭდეს. ადამიანი უახლოვდება ამ წინამძღოლთ, როდესაც იგი საკუთარი განვითარებით მათი სიმაღლეებისაკენ მიიწევს.
როდესაც ადამიანი დაიწყებს ეთერული სხეულის ისე განვითარებას, როგორც ეს ზემოთ იყო აღწერილი, მისთვის გაიხსნება სავსებით ახალი ცხოვრება. მან იდუმალთგანსწავლის მეოხებით დროულად უნდა მიიღოს განმარტებანი, რომლებიც მიანიჭებენ იმ ახლებულ ცხოვრებაში გარკვევის უნარს. მაგალითად, იგი თექვსმეტფურცლიანი ლოტოსის ყვავილის წყალობით სულიერად ჭვრეტს ზენა სამყაროთა ხატებებს. მან საკუთარი თავისთვის უნდა ნათელჰყოს ამ ხატებათა განსხვავებულობა ურთიერთისგან იმისდა მიხედვით, თუ რომელიც საგნებისგან ან არსებისაგან არიან ისინი გამოწვეულნი. პირველი, რისკენაც მას შეუძლია ყურადღების წარმართვა, არის ის რომ გარკვეული სახის ხატებებზე მას საკუთარი აზრებისა და გრძნობების საშუალებით შეუძლია დიდი ზეგავლენის მოხდენა, სახეობა მაშინვე იცვლება, როდესაც დამკვირვებელს მათი გამოჩენისას გაუჩნდება აზრი: ეს მშვინვიერი, შემდეგ კი, ჭვრეტისას, აზრი იცვლება: ეს სასარგებლოა. განსაკუთრებით იმ ხატებებს, რომლებიც მინერალებისგანან ხელოვნურად დამზადებული საგნებისაგან წარმოსდგებიან, გააჩნიათ თვისება, მყისვე იცვალონ სახე დაკვირვებლისგან მომდინარე აზრის ან გრძნობის ზეგავლენით. ამას უფრო ნაკლებად აქვს ადგილი იმ ხატებებთან დაკავშირებით, რომლებიც განეკუთვნებიან მცენარეებს და კიდევ უფრო ნაკლებად მათთან; რომლებიც ცხოველთა სამყაროს შეესაბამებიან. ეს ხატებებიც მოძრავნი და სიცოცხლით სავსენი არიან. თუმცა მათი მოძრავი ხასიათი, ერთის მხრივ, ადამიანის აზრებისა და გრძნობების შედეგია, მეორეს მხრივ კი დამოკიდებულია ისეთ პირველმიზეზებზე, რაზეც ადამიანს არავითარი გავლენა არ გააჩნია. ახლა უკვე ხატებათა ამ სამყაროში თავს იჩენენ ისეთნიც, რომლებიც თავიდან სავსებით არ ექვემდებარებიან ადამიანის ზეგავლენას.
იდუმალთმოწაფეს შეუძლია დარწმუნდეს, რომ ეს ხატებანი არ წარმოსდგებიან არც მინერალებისგან, არც ხელოვნურად დამზადებული საგნებისგან, არც მცენარეებისგან ან ცხოველებისგან. სრული სიცხადის მისაღწევად ის უნდა დააკვირდეს ისეთ ხატებებს, რომელთა შესახებაც მან იცის, რომ ისინი სხვა ადამიანთა გრძნობებით, ლტოლვებით და გულისთქმით არიან განპირობებულნი. თუმცა ამ ხატებათა პირისპირაც შეუძლია აღმოაჩინოს, რომ მის აზრებსა და გრძნობებს მაინც გააჩნიათ მათზე გარკვეული, თუმცა შედარებით უმნიშვნელო ზეგავლენა. ხატებათა სამყაროში ყოველთვის რჩება გარკვეული ნაშთი, რომლისთვისაც ეს ზეგავლენა თითქმის სრულიად იმნიშვნელოა. ეს ნაშთი იდუმალთმოწაფის გზის დასაწყისში წარმოადგენს უდიდეს ნაწილს იმისას, რასაც ის საერთოდ ამჩნევს მოცემულ სფეროში. ამ ნაწილის ბუნება მისთვის შეიძლება ცხადი გახდეს მხოლოდ თვითდაკვირვებიდან გამომდინარე. აქ ის აღმოაჩენს, თუ რომელი ხატებებია გამოწვეული თავად მის მიერ. ყოველივე, რასაც ის სჩადის, სურს ან ნატრობს, აისახება ამ ხატებებზე. მასში არსებული ლტოლვა, გულისთქმა, განზრახვა და ა.შ. ამგვარ ხატებებში იჩენს თავს. მთელი მისი ხასიათი აღიბეჭდება ხატებათა ამ სამყაროში. ამგვარად, ადამიანს თავისი გაცნობიერებული აზრებისა და გრძნობების მეოხებით შეუძლია ზეგავლენის მოხდენა ყველა იმ ხატებზე, რომლებიც მისგან არ მომდინარეობენ. ხოლო იმ ფორმებზე, რომლებიც მისი არსებისაგანაა გამოწვეული ზენა სამყაროში, ზეგავლენის მოხდენა აღარ შეუძლია მას შემდეგ, რაც მან ისინი წარმოშვა. ნათქვამიდან გამომდინარეობს, რომ უმაღლესი ჭვრეტისას ადამიანის შინაგანი სამყარო, აგრეთვე მის ლტოლვათა, გულისთქმათა და წარმოდგენათა სამყარო, თავს იჩენს გარეგნულ ფორმებში ისევე, როგორც სხვა საგნები და არსებები. შინაგანი სამყარო უმაღლესი შემეცნებისთვის გარესამყაროს ნაწილი ხდება. ფიზიკურ სამყაროში ყოველი მხრიდან სარკეებით ისე რომ ვყოფილიყავით გარემოცულნი, რომ შეგვძლებოდა ჩვენი ფიზიკური სახის ყოველი მხრიდან დანახვა, ასევე ზენა სამყაროში ადამიანს საკუთარი მშვინვიერი არსება წარმოუდგებოდა, როგორც ანარეკლი სარკეში.
განვითარების ამ საფეხურზე იდუმალთმოწაფისთვის დგება წუთი, როდესაც მისი პიროვნული შეზღუდულობიდან მომდინარე ილუზია უნდა დასძლიოს. ახლა მას შეუძლია საკუთარი პიროვნების წიაღში არსებულს ისევე დაუკვირდეს, როგორც გარესამყაროს. უწინ ხომ გარესამყაროდ თვლიდა იმას, რაც მის გრძნობებზე ახდენდა ზემოქმედებას. ამგვარად, გამოცდილების წყალობით იგი თანდათანობით სწავლობს ისევე მოეპყრას საკუთარ თავს, როგორც უწინ მის გარემომცველ არსებებს ეპყრობოდა.
ადამიანს სულიერი სამყაროს ხედვა იმაზე ადრე რომ გახსნოდა, ვიდრე ის საკმარისად მომზადებული იქნებოდა მათი არსის შესამეცნებლად, იგი საკუთარი სამშვინველის ზემოაღწერილ ხატებასთან იდგებოდა როგორც გამოცანის წინაშე. საკუთარ ლტოლვათა ხატებები მას წარმოუდგებოდნენ ისეთ სახეებში, რომელთაც იგი ცხოვეულურ, ან უფრო იშვიათად, ადამიანურ სახეებად აღიქვამდა. ამ სამყაროს ორგანული ხატებები არასოდეს წააგვანან ფიზიკურ სამყაროს ხატებებს, მაგრამ მაინც გააჩნიათ შორეული მსგავსება მათთან. გაუვარჯიშებელი დამკვირვებლების მიერ ისინი შესაძლოა ერთსა და იგივედ ჩაითვალონ. ამ სამყაროში შესვლისას საჭიროა სავსებით ახლებური განსჯის გათავისება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის შინაგანი სამყაროს შემადგენელი საგნები გაცხადდებიან როგორც გარესამყარო, ამასთანავე თავიანთი ნამდვილი რაობის სარკისებურ ანარეკლებად გამოვლინდებიან. მაგალითად, როდესაც აქ შევნიშნავთა რაიმე რიცხვს, საჭიროა მისი წაკითხვა უკუღმა, როგორც სარკისებრი ანარეკლისა. 265, მაგალითად, სინამდვილეში აღნიშნავს 562-ს. სფეროს ვხედავთ ისე, თითქოს მის ცენტრში ვიმყოფებოდეთ. შემდეგ საჭიროა სწორედ გადავთარგმნოთ ეს შიგნიდან დანახული ხატება. მაგრამ თვით მშვინვიერი თვისებები სარკისებურ ანარეკლებად გვევლინებიან . რაიმე გარეგნულისაკნე მიმართული სურვილი თავს იჩენს როგორც ხატება. მაგრამ თვით მშვინვიერი თვისებები სარკისებურ ანარეკლებად გვევლინებიან. რაიმე გარეგნულისკენ მიმართული სურვილი თავს იჩენს როგორც ხატება, რომელიც თავად მიიწევს სასურველი საგნისაკენ; იმ ვნებებს, რომელბიც ადამიანის ქვენა ბუნებაში არიან დამკვიდრებულნი, შეუძლიათ მიიღონ ცხოველების ან მსგავს არსებათა ფორმა, რომლებიც თავს ესხმიან ადამიანს. სინამდვილეში ეს ვნებები მიისწრაფიან გარეთ; ისინი ეძიებენ თავიანთ დამაკმაყოფილებელ საგანს გარესამყაროში. თუმცა, გარეთ მიმართული ეს ძიება სარკისებური ანარეკლის სახით ვლინდება, როგორც შემოტევა თვით გულისთქმათა მატარებელზე.
როდესაც იდუმალთმოწაფე უმაღლეს ჭვრეტასთან მისვლამდე მშვიდი, საქმიანი თვითდაკვირვებით შეიმეცნებს საკუთარ თვისებებს, მისი შინაგანი სამყაროს გარეგნული ანარეკლის გამოვლენისას იგი ჰპოვებს თავის თავში სწორი მოქცევისთვის აუცილებელ სიმამაცეს და ძალას. ის ადამიანები, რომელთაც თვითგამოცდის გზით არ შეუმეცნებიათ თავიანთი შენაგანი სამყარო, სარკისებურ ანარეკლში ვერ ამოიცნობენ საკუთარ თავს და მას უცხო სინამდვილედ ჩათვლიან. მათ ასეთი ხილვის წინაშე შიში შეუდგებათ, რამდენადაც ამის ატანა არ შეუძლიათ და შთააგონებენ თავს, რომ ეს არის არაფრის მომცემი ნაყოფი ფანტაზიისა. ორივე შემთხვევაში ადამიანი საბედისწეროდ დაბრკოლდებოდა თავისი უმაღლესი განსწავლის გზაზე, რამდენადაც უმწიფარმა შეადგა ფეხი განვითარების გარკევულ საფეხურზე.
ყოვლად აუცილებელია იდუმალთმოწაფემ გამოიაროს საკუთარ სამშვინველთან დაკავშირებული ზეგრძნობადი სანახაობა, რათა მიაღწიოს უმაღლეს სფეროს. მას ხომ საკუთარ მეობაში გააჩნია ის სულიერ - მშვინვიერი არსება, რის შესახებაც მას ყველაზე უკეთ ძალუძს განსაჯოს. თუკი მას ჯერ კიდევ ფიზიკურ სამყაროში შეუძენია რაღაც ცოდნა თავისი პიროვნების შესახებ, ხოლო ზენა სამყაროში პირველივე შემხვედრი მისივე პიროვნების ხატი იქნება, მას შეუძლია ერთმანეთს შეადაროს ისინი; მას შეუძლია ეს უმაღლესი ხატება შეუპირისპიროს მისთვის უკვე ნაცნობს და ამრიგად, მყარ ნიადაგზე დადგეს. თუკი პირიქით, მას გამოეცხადებიან სხვა სულიერი არსებანი, იგი ვერ შესძლებდა თავიდან რაიმეს გაგებას მათი თავისებურებისა და არსის შესახებ. ის მალე იგრძნობდა, რომ ნიადაგი ეცლება ფეხქვეშ. ამასაც ხშირად უნდა გაესვას ხაზი, რომ ზენა სამყაროსთან ყველაზე საიმედოდ მისადგომი გზა საკუთარი არსების საფუძვლიან შემეცნებასა და განსჯაზე გადის.
ამრიგად, სულიერი ხატებანია ისინი, რასაც ადამიანი თავდაპირველად ხვდება ზენა სამყაროსაკენ მიმავ გზაზე. ამ ხატებათა შესაბამისი სინამდვილე ხომ თავად მასში არსებობს. ამადაც იდუმალთმოწაფე იმდენად მომწიფებული უნდა იყოს, რომ პირველივე საფეხურზე არ მოითხოვდეს უხეშ რეალობებს, არამედ განიხილავდეს ამ ხატებებს როგორც სწორ მიღწევებს. თუმცა ამ ხატებათა სამყაროს შიგნით იგი მალევე ეცნობა რაღაც ახალს. საკუთარი ქვენა მეობა მას წარმოუდგება, როგორც სარკეში არეკლილი ხატება, ხოლო ამ არეკლილ ხატებათაგან ცხადდება მისი უმაღლესი მეობის ჭეშმარიტი რაობა. ქვენა პიროვნების ხატებათაგან შესამჩნევი გახდება სულიერი მე-ს ხატი. მხოლოდ ამ უკანასკნელიდან გაიბმება ძაფები სხვა უმაღლესი სულიერი სინამდვილეებისაკენ.
ახლა კი მივედით თვალების არეში მოთავსებული ორფურცლიანი ლოტოსის ყვავილის განხილვამდე. როგორც კი ის მოძრაობას იწყებს, ადამიანს ეძლევა საშუალება დაუკავშიროს თავისი უმაღლესი მე ზემდგომ სულიერ არსებებს. ის ნაკადები, რომლებიც ლოტოსის ამ ყვავილისაგან გადმოედინებიან, მიემართებიან უმაღლესი სინამდვილეებისაკენ ისე, რომ ადამიანი მთლიანად აცნობიერებს შესაბამის მოძრაობებს. ისე როგორც სინათლე თვალისთვის საჩინოდ ხდის ფიზიკურ საგნებს, ასევე ეს დინებები ზენა სამყაროების სულიერ არსებებს ათვალსაჩინოებენ.
სულიერი მეცნიერებიდან ამოსულ წარმოდგენებში ჩაღრმავების შედეგად, რომლებიც უმთავრეს ჭეშმარიტებებს შეიცავენ, სწავლობს მოწაფე ხსნებული ლოტოსის ყვავილის ნაკადთა ამოძრავებას და მართვას.
თუ რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი მსჯელობის უნარს, მკაფიო, ლოგიკურ აზროვნებას - ეს განვითარების სწორედ ამ საფეხურზე იჩენს თავს. უნდა გავიხსენოთ, რომ აქამდე ჩანასახოვან მდგომარეობაში, გაუცნობიერებლად ადამიანში მთვლემარე უმაღლესი მეობა ახლა ცნობიერ ყოფაში შემოდის. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სულიერ სამყაროში დაბადებასთან არა მხოლოდ ხატებრივი, არამედ სავსებით რეალური გაგებით. ახალშობილი არსება - უმაღლესი მეობა ქვეყნიერებას აუცილებელი ორგანოებით და შესაძლებლობებით უნდა მოევლინოს, რათა სიცოცხლისუნარიანი გახდეს. ისევე, როგორც ბუნების საზრუნავია ბავშვის სწორად ჩამოყალიბებული ყურებითა და თვალებით დაბადება, ასევე ადამიანის თვითგანვითარების კანონებმა უნდა იზრუნონ რათა მისი უმაღლესი მეობა აუცილებელი უნარებით შემოვიდეს ყოფიერებაში. ეს კანონები , რომლებიც უზრუნველყოფენ თავად სულის უმაღლესი ორგანოების განვითარებას, არიან ჯანსაღი გონების და ზნეობის კანონები ფიზიკურ სამყაროში. ისევე როგორც ბავშვი მომწიფდება დედის საშოში, ზუსტად ასევე ფიზიკური მეობა თავის წიაღში მოამწიფებს სულიერ ადამიანს. ბავშვის ჯამრთელობა დამოკიდებულია ბუნების კანონების ნორმალურ მოქმედებაზე დედის საშოში. სულიერი ადამიანის ჯამრთელობა კი მსგავსად განპირობებულია ჩვეულებრივი განსჯის კანონებით და ფიზიკურ ცხოვრებაში მოქმედი გონებითი. ის, ვინც ფიზიკურ სამყაროში ჯანსაღად არ ცხოვრობს და არ აზროვნებს, ვერ შობს ჯამრთელ უმაღლეს მეობას. ბუნებისა და გონების შესაბამისად ცხოვრება არის საფუძველი ჭეშმარიტი სულიერი განვითარებისა. ისე როგორც ბავშვი დედის საშოში ცხოვრობს იმავე ბუნების კანონების მიხედვით, რომელთაც დაბადების შემდგომ თავისი გრძნობის ორგანოებით აღიქვამს, ასევე ადამიანის უმაღლესი მეობა ჯერ კიდევ ფიზიკურ ყოფაში ცხოვრობს სულიერი სამყაროს კანონებით. ისე როგორც ბავშვი, სიცოცხლის ბუნდოვანი შეგრძნებიდან გამომდინარე, იკრებს შესაბამის ძალებს, ასევე შეუძლია ადამიანს მისი უმაღლესი მეობის დაბადებამდე სულიერი სამყაროს ძალთა გათავისება. დიახ, მან უნდა მოახერხოს ეს თუკი სურს, რომ ეს მეობა სავსებით განვითარებულ არსებად დაიბადოს.
სწორი არ იქნებოდა, ვინმეს რომ ეთქვა: მე არ შემიძლია სულიერი მეცნიერების სწავლებათა მიღება, ვიდრე თავად ვერ შევძლებ ხედვას. სულიერი კვლევაში ჩაღრმავების გარეშე მას არ შეუძლია ჭაეშმარიტ შემეცნებამდე მისვლა. მაშინ ის იმ ბავშვის მდგომარეობაში აღმოჩნდება, რომელიც დედის საშოში მყოფი უარს იტყოდა დედისგან მომდინარე ძალთა მიღებაზე და ამჯობინებდა ლოდინს იქამდე, ვიდრე ამ უკანასკნელთ თვითონ არ მოიპოვებდა. ისე როგორც ბავშვის ჩანასახი სიცოცხლის შეგრძნებიდან გამომდინარე ხვდება მისთვის მოწოდებულ ძალთა სარგებლიანობას, ასევე სულიერად ჯერ კიდევ თვალაუხილავი ადამიანი იმეცნებს სულიერი მეცნიერების სწავლებათა ჭეშმარიტებას. ამ სწავლებათა გაგება შესაძლებელია ჭეშმარიტების შეგრძნებისა და მკაფიო, ჯანსაღ, მრავალმხრივ გონებაზე დაყრდნობით, მაშინაც კი, თუ თავად არ ძალგიძს სულიერი საგნის ჭვრეტა. თავიდან საჭიროა მისტიკურ შემეცნებათა შესწავლა და ამ შესწავლის გზით მომზადება ჭვრეტისთვის. ადამიანი, რომელიც ამგვარი შესწავლის გზით მივიდოდა ჭვრეტამდე, ემგვანებოდა თუმცა თვალებითა და ყურებით, მაგრამ ტვინის გარეშე დაბადებული ბავშვის. მის წინაშე გადაიშლებოდა ფერთა და ბგერათა მთელი სამყარო; მაგრამ იგი ვერაფერს გააწყობდა მასთან .
ამრიგად, ის, რაც ადამიანისთვის ჭეშმარიტების შეგრძნების, განსჯის და გონები წყალობით გასაგები იყო, იდუმალთმოწაფეობის აღწერილ საფეხურზე მისი საკუთარი განცდა გახდება . ამჯერად მას გააჩნია უშუალო ცოდნა საკუთარი უმაღლესი მეობის შესახებ. იგი შეიცნობს, რომ ეს უმაღლესი მეობა დაკავშირებულია ზენა რიგის სულიერ არსებებთან და ერთიანობაშია მათთან. იგი ხედავს, თუ როგორ წარმოსდგება მისი ქვენა მეობა ზენა სამყაროსგან. ეს კი უჩვენებს, რომ მისი უმაღლესი ბუნების ყოფიერება დაუტეველია ქვენა ბუნების არსებობის ფარგლებში. ახლა მას შეუძლია საკუთარ თავში თვითონვე გამოარჩიოს წარმავალი მუდმივისგან. ეს ნიშნავს, რომ იგი საკუთარი ჭვრეტის ძალით შეისწავლის მოძღვრებას უმაღლესი მეობის უმდაბლესში განსხეულების (ინკარნაციის) შესახებ. ახლა ცხადი ხდება, რომ თავად გახდა იმ მაღალი სულიერი კავშირების შემადგენელი ნაწილი, რომლებიც განსაზღვრავენ მის თვისებებს და ბედს. იგი შეიმეცნებს თავისი ცხოვრების კანონს - კარმას. იგი რწმუნდება, რომ საკუთარი ქვენა მეობა იმ სახით,როგორითაც ის მის ყოფიერებას ავსებს, მხოლოდ ერთ - ერთი ხატებაა, შემძლე მისი უმაღლესი არსების მიღებისა. იგი დაინახავს შესაძლებლობას თავისი უმაღლესი მეობიდან იმუშაოს საკუთარ თავზე, რათა სულ უფრო მეტად სრულყოფილი გახდეს. ამჯერად მას შეუძლია შეამჩნიოს ადამიანთა შორის დიდი განსხვავებანი მათი სრულყოფილების სხვადასხვა ხარისხიდა მიხედვით. იგი გაიგებს, რომ არსებობენ უფრო დაწინაურებული ადამიანები, რომლებსაც მისთვის ჯერაც ფეხშეუდგამი საფეხურები აქვთ დაძლეული. იგი ხედავს, რომ ასეთ ადამიანთა სწავლება და საქმენი ზენა სამყაროს მიერაა შთაგონებული, რასაც უმადლის თავის პირველ დამოუკიდებელ გახედვას ზენა სამყაროში. მათი ყოფიერება, ვისაც კაცობრიობის დიდ ხელდასხმულს უწოდებენ, იწყებს მისთვის სინამდვილედ ქცევას.
ყველა ამ ნიჭს უმადლის იდუმალთმოწაფე განვითარების ამ საფეხურს: განჭვრეტა საკუთარი უმაღლესი მეობისა, წვდომა უმაღლესი მეობის უმდაბლესში განსხეულების ანუ ინკარნაციის შესახებ მოძღვრებისა, შეცნობა კანონისა, რომლის მიხედვითვითაც ფიზიკურ სამყაროში ცხოვრება სულიერი კავშირების თანახმად წესრიგდება (კარმის კანონი) და, ბოლოს, დიდ ხელდასხმულთა ყოფიერებაში შეღწევა.
ამადაც, ხსენებულ საფეხურზე ასული მოწაფის შესახებ ამბობენ, რომ ეჭვი საბოლოოდ გაუქრაო. თუ მას აქამდე გონებასა და ჯანსაღი აზროვნების საფუძველზე აგებული რწმენა ჰქონდა, ამჯერად ამ რწმენის ადგილს სრული ცოდნა და შეურყევლაი წვდომა იკავებს.
რელიგიებმა თავიანთ რიტუალებში, საიდუმლოებებსა და წესებში თვალისთვის სახილველად გამოსახეს უმაღლესი სულიერი პროცესები და არსებანი. მხოლოდ ის, ვისაც დიდი რელიგიების სიღრმეები არ განუჭვრეტია, ჯეროვნად ვერ შეაფასებს მათ. მაგრამ ვისაც ძალუძს სულიერი სინამდვილის თავად განჭვრეტა, იგი შეიგნებს ამ გარეგნულად სახილველ ქმედებათა დიდ მნიშვნელობას. შემდგომ ამისა, რელიგიური მსახურება მისთვის გახდება ანარეკლი კავშირისა სულიერად მასზე მაღლა მდგომ სამყაროსთან.
ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იქცევა იდუმალთმოწაფე ნამდვილად ახალ ადამიანად ამ საფეხურის მიღწევით. შემდეგ მას შეუძლია თანდათანობით მომწიფდეს ისე, რომ ეთერული სხეულის დინებებით მართოს საკუთარი უმაღლესი ცხოვრების ელემენტი და ასე განთავისუფლდეს თავისი ფიზიკური სხეულისგან.