ცნობიერების უწყვეტობის მიღწევა
ცნობიერების უწყვეტობის მიღწევა
ადამიანის ცხოვრება სამი მდგომარეობის მონაცვლეობით მიმდინარეობს: სიფხიზლე, სიზმრებიანი ძილი და უსიზმრო ძილი. თუ წარმოვიდგენთ, რა ცვლილებები ხდება ამგვარ შემემცნებათა მაძიებელ ადამიანში ხსენებული სამი მდგომარეობის გამო, შესაძლოა ჩავწვდეთ, როგორ მიიღწევა სულიერ სამყაროთა უმაღლესი შემეცნება. ვიდრე ადამიანი არ განსწავლულა ამ შემეცნების მიმსაღებად, იქამდე მისი ცნობიერება გამუდმებით გაწყდება ხოლმე დასვენების იმ მონაკვეთებში, როცა კი ის დაიძინებს.
ასეთ მონაკვეთებში სამშვინველმა არაფერი იცის არც გარესამყაროს, არც საკუთარი თავის შესახებ. მხოლოდ დროის გარკვეულ შუალედებში არაცნობიერის საყოველთაო ზღვიდან ამოტივტივდებიან სიზმრები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან გარესამყაროს პროცესებთან ან ამავე ადამიანის სხეულის მდგომარეობებთან. თავიდან სიზმრებში მხოლოდ ძილის მდგომარეობის საგანგებო გამოვლინებას ხედავენ და ამადაც ლაპარაკია ორი მდგომარეობის, ძილისა და სიფხიზლის შესახებ. მაგრამ იდუმალთმეტყველებისთვის ძილს დამოუკიდებელი მნიშვნელობა გააჩნია ორ დანარჩენ მდგომარეობასთან ერთად.
წინა თავში აღწერილ იქნა ის ცვლილებები, რომლებიც ხდება უმაღლესი შემეცნებისკენ აღმავალი ადამიანის სიზმართა სფეროში. მისი სიზმრები ჰკარგავენ უმნიშვნელო, მოუწესრიგებელ და ერთმანეთთან დაუკავშირებელ ხასიათს და სულ უფრო მოწესრიგებულ, ურთიერთ დაკავაშირებულ სიზმართა სამყაროდ იქცევიან. შემდგომი განვითარებისას სიზმართა საუფლოდან დაბადებული ეს ახალი სამყარო თავისი შინაგანი სიმართლით არ ჩამოუვარდება გარეგნულ, გრძნობად სინამდვილეს და მასში განაცხადებს ისეთ ფაქტებს, რომლებიც ამ სიტყვის სრული მნიშვენელობით უმაღლეს რეალობას წარმოადგენენ. გრძნობად სამყაროში ყველგან საიდუმლოებები და გამოცანები იმალება. ეს სამყარო ამხელს გარკვეულ უმაღლეს ხდომილებათა ზემოქმედებას. მაგრამ ადამიანი, რომლის აღქმაც შეზღუდულია მხოლოდ გარეგანი შეგრძნებებით, ვერ ადგენს მიზეზებს. სიზმართა სფეროდან შობილ (მაგრამ არავითარ შემთხვევაში უცვლელ მდგომარეობაში მყოფ) იდუმალთმოწაფეს მხოლოდ ნაწილობრივ გაეხსნებიან ეს მიზეზები. მან ეს გამოცხადებანი არ უნდა ჩათვალოს ნამდვილ ცოდნად, ვიდრე იგივე საგნები არ იჩენენ თავს მის წინაშე ჩვეულებრივ, მღვიძარე ცხოვრებაშიც, მაგრამ ის ამასაც შეძლებს. მისი განვითარება წარიმართება იქით, რომ მან თავისი სიზმრისეული მდგომარეობა გადმოიტანოს მღვიძარე ცნობიერებაში. ასეთ დროს გრძნობადი სამყარო მისთვის რაღაც სრულიად ახლით მდიდრდება. ისე როგორც ბრმადშობილ, ხოლო ოპერირების შემდგომ თვალთახელილი ადამიანისთვის გარემო გამდიდრდება მხედველეობისთვის მისაწვდომი აღქმებით, ასევე ხედავს ნათელმხილველად ქცეული ადამიანი მთელს გარემომცველ სამყაროს უკვე ახალი თვისებებით, საგნებით, არსებებით გამდიდრებულს. ამჯერად მას სხვა სამყაროში გადასახედად აღარ ესაჭიროება სიზმრის ლოდინი, არამედ, თუ ეს მიზანშეწონილია უმაღლესი აღქმისათვის,შეუძლია სულ უბრალოდ გადაინაცვლოს აღწერილ მდგომარეობაში. ასეთ შემთხვევაში მისთვის ამ მდგომარეობას იგივე მნიშვნელობა ექნებოდა, რაც ყოველდღიურობაში აღქმას მოქმედი გრძნობის ორგანოებით ამავე ორგანოთა უმოქმედობასთან შედარებით აქვს.
შეიძლება ჭეშმარიტი გაგებით ითქვას: იდუმალთმოწაფე ხსნის თავის სამშვინველის გრძნობის ორგანოებს და ჭვრეტს ისეთ საგნებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში დაფარულნი დარჩებოდნენ ფიზიკური გრძნობის ორგანოებისათვის. ეს მდგომარეობა წარმოქმნის გარდამავალ საფეხურს შემეცნების უფრო მაღალ საფეხურებთან შედარებით. თუ იდუმალთმოწაფე განსწავლისათვის განკუთვნილი სავარჯიშოების შესრულებას განაგრძობს, გარკვეული ხნის შემდეგ ცხადი გახდება, რომ ეს გადამწყვეტი ცვლილებანი არამარტო მის სიზმართა სფეროში ხდება, არამედ უსიზმრო ღრმა ძილზეც ვრცელდება. იგი ამჩნევს, რომ ის ცნობამიხდილი მდგომარეობა, რომელშიც ის უწინ ძილის დროს იმყოფებოდა დაირღვევა ცალკეული ცნობიერი განცდების მიერ. ძილის სრული სიბნელიდან ამოტივტივდებიან აქამდე მისთვის უცნობი აღქმები. ამ აღქმათა აღწერა რა თქმა უნდა ძალზე ძნელია, რამდენადაც ჩვენი ენა მხოლოდ გრძნობადი სამყაროსთვისაა შექმნილი და აქედან მიახლოებით თუ შეირჩევა გრძნობადი სამყაროსაგან ცალკე მდგომი სიტყვები და მაინც, ზენა სამყაროთა აღწერისათვის სიტყვებს ვიყენებთ. აღწერა შესაძლო გახდება თუ ბევრი რამ იგავებით გამოითქმება. ამქვეყნად ხომ ყოველი არსი ენათესავება ერთი-მეორეს. ზენა სამყაროთა საგნები და არსებები კი გრძნობადი სამყაროს შესაბამის ქმნინლებებს იმდენად ენათესავებიან რომ კეთილი ნების შემთხვევაში შეიძლება წარმოდგენა შევიქმნათ ამ ზენა სფეროთა შესახებ ფიზიკური სინამდვილისათვის განკუთვნილი სიტყვებით, მაგრამ საჭიროა ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ზეგრძნობადი სამყაროების მსგავსი აღწერისას ბევრ რასმე იგავისა და სურათხატის სახე ექნება. თავად იდუმალთგანსწავლა მხოლოდ ნაწილობრივ თუ მიმდინარეობს ჩვეულებრივი მეტყველებით. სხვა შემთხვევაში მოწაფე თავისი სულიერი აღმასვლისას სწავლობს უშუალოდ მისთვის გასაგებ სიმბოლური გამოხატვის ხერხებს. მან თავად უნდა გაითავისოს ეს ხერხები იდუმალთგანსწავლის დროს. თუმცა ამან არ უნდა შეუშალოს ხელი, აქ მოცემული ჩვეულებრივი აღწერების საშუალებითაც შეიტყოს ესა თუ ის ზენა სამყაროთა ბუნების ირგვლივ.
თუ გვსურს ვინმეს შთაბეჭდილება შევუქმნათ ზემოხსენებულ განცდებზე, რომლებიც თავიდან არაცნობიერის ზღვიდან ღრმა ძილისას ამოტივტივდებიან, დასაშვებია მათი შედარება ერთგვარ სმენით აღქმასთან. შესაძლოა ვისაუბროთ აღქმული ბგერებისა და სიტყვების შესახებ. ისე, როგორც, გრძნობად აღქმასთან შედარებით სიზმრებიანი ძილის განცდები შეიძლება დავახასიათოთ ერთგვარ ჭვრეტად, ასევე ღრმა ძილის ხდომილებანი შეიძლება სმენის შთაბეჭდილებებს შევუდაროთ (დამატებითი შენიშვნის სახით უნდა ითქვას რომ ჭვრეტა უმაღლესია, აგრეთვე სულიერი სამყაროებისთვისაც. ფერები ამ სამყაროში უფრო მაღლა დგას, ვიდრე ბგერები და სიტყვები. მაგრამ ის რასაც იდუმალთმოწაფე თავდაპირველად ამ სამყაროში აღიქვამს არის არა უმაღლესი ფერები, არამედ ქვენა რიგის ბგერები. რამდენადაც ადამიანი თავისი ზოგადი განვითარებით შეეთვისა იმ სამყაროს, რომელიც სიზმრებიან ძილში იჩენს თავს, იმდენად აღიქვამს იგი ფერებს. ზენა სამყაროსთვის, რომელიც მას ღრმა ძილში გაეხსნება, იგი ჯერ კიდევ არაა სათანადოდ მომზადებული. ამადაც ადამიანი მას თავიდან ბგერებსა და სიტყვებში აღიქვამს და მხოლოდ მოგვიანებით შეიძლება აღმასვლა ფერებისა და ფორმების აღქმისაკენ.)
როდესაც იდუმალთმოწაფე შეამჩნევს ამგვარი განცდების გაჩენას ძილის განმავლობაში, მისი უპირველესი ამოცანა იქნება გახადოს ისინი შეძლებისადაგვარად მკაფიო და ნათელი. თავიდან ძალზე ძნელია ეს; ასეთ მდგომარეობაში განცდილი დასაწყისში ძალზე ძნელად აღიქმება. გამოღვიძების შემდეგ აშკარაა, რომ რაღაც განვიცადეთ, მაგრამ - რა - სრულიად გაურკვეველია. ამ საწყის მდგომარეობაში მთავარია სიმშვიდისა და აუმღვრევლობის შენარჩუნება, შფოთისა და მოუთმენლობის თავიდან აცილება. ასეთ განწყობებს ყველა შემთხვევაში მხოლოდ ზიანის მოტანა თუ შეუძლია. ისინი ვერასოდეს დააჩქარებენ განვითარებას, მხოლოდ შეაფერხებენ. საჭიროა მშვიდად მივეცეთ, რაც საჩუქრად გვეძლევა, ყოველგვარი ძალადობა მოშორებულ უნდა იქნეს. თუ გარკვეულ დროს არ ხერხდება ძილში განცდილის გახსენება, საჭიროა მოთმინებით ლოდინი ვიდრე ეს შესაძლებელი გახდება. ეს წამი ერთხელაც დადგება. თუ მოწაფე მოთმინებასა და სიმშვიდეს გამოიჩენს, აღქმის უნარი საიმედო მონაპოვარი იქნება მისთვის. ძალდატანების შედეგად მან თუმცა შესაძლოა კიდეც იჩინოს თავი, მაგრამ შემდგომ მთლიანად გაჰქრეს ხანგრძლივი დროით.
თუ აღქმის ამ უნარმა კიდევ იჩინა თავი, ხოლო ძილში მიღებული განცდები სავსებით ნათლად და მკაფიოდ გამოვლინდნენ ცნობიერების წინაშე, ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგს - საჭიროა ამ განცდებში ორგვარი სახეობის გამორჩევა: ერთი სახეობა სრულიად განსხვავებული იქნება ადამიანისთვის აქამდე ნაცნობ საგნებისაგან. ამ განცდებმა თავიდან შესაძლოა სიხარულიც მოჰგვარონ მას, თუმცა ჯერ-ჯერობით თავი ვანებოთ მათ. ისინი არიან ზენა სულიერი სამყაროს მაცნენი, რომელშიც მოწაფე მოგვიანებით გაერკვევა. განცდათა მეორე სახეობა ყურადღებიანი დამკვირვებლისათვის ამჟღავნებს გარკვეულ ნათესაობას იმ ყოველდღიურობასთან რომელშიც ის ცხოვრობს. ძილის დროს მიღებული განცდები მისცემენ ადამიანს წუთისოფლის და გარემომცველ საგანთა გამოცანების გასაღებს, რომელთაც იგი ჩვეულებრივი განსჯით ვერ ხსნის. ყოველდღიური ცხოვრების განმავლობაში ადამიანი ფიქრობს იმაზე, რაც გარემოიცავს. იგი ქმნის წარმოდგენებს საგანთა ურთიერთკავშირებში ჩასაწვდომად, ცნებათა საშუალებით ცდილობს გაგებას, რასაც მისი გრძნობათა ორგანოები აღიქვამენ. ამგვარ წარმოდგენებს და ცნებებს შეესაბამებიან ძილის დროს მიღებული განცდებიც. ის, რაც უწინ ბნელი აჩრდილისებრი ცნება იყო, ახლა ხდება ჟღერადი, ცოცხალი და მისი შედაარება შეიძლება ფიზიკური სამყაროს ბგერებთან და სიტყვებთან. ადამიანისთვის ეს ისეთ სახეს მიიღებს, თითქოს ამ თავსატეხის პასუხი პირდაპირ ზენა სამყაროდან ჩაესმა ყურში ფერებისა და სიტყვების სახით. მაშინ იგი შესძლებს დაუკავშიროს სხვა სამყაროდან მოსული ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებას. ის, რასაც უწინ მხოლოდ აზრით სწვდებოდა ახლა განცდად იქცევა მისთვის; იგი ისევე ცოცხალი და შინაარსიანია, როგორიცაა ფიზიკური სამყაროს ნებისმიერი განცდა. ფიზიკური სამყაროს საგნები და არსებები როდი არიან მხოლოდ ის, რადაც ისინი გრძნობად აღქმას წარმოუდგებიან. ისინი არიან სულიერი სამყაროს გამოხატულება და გადმონაღვარი. იდუმალთმოწაფისთვის აქამდე დაფარული ეს სულიერი სამყარო ახლა მთელი მისი გარემოდან ხმიანობს.
იოლი მისახვედრია, რომ უმაღლესი აღქმის ამ უნარმა შეიძლება სიკეთე მოუტანოს გახსნილი, მოწესრიგებული, მშვინვიერი ორგანოების მქონე ადამიანს, ისევე როგორც მას სამყაროზე დაკვირვებისათვის ძალუძს მხოლოდ კანონზომიერად ჩამოყალიბებული, ჩვეულებრივი გრძნობის ორგანოთა გამოყენება. ადამიანი თავად იქმნის უმაღლესი გრძნობის ორგანოებს, როგორც ეს იდუმალთგანსწავლისას მიეთითება მას ამგვარ სავარჯიშოებს განეკუთვნება კონცენტრაცია, ანუ ყურადღების წარმართვა სრულიად გარკვეულ სამყარეულ იდუმალებებთან დაკავშირებულ წარმოდგენებს და ცნებებზე. ამავე სავარჯიშოებს განეკუთვნება მედიტაცია, ანუ ცხოვრება ასეთ იდეებში, სრული ჩაძირვა მათში მითითებული წესით. კონცენტრაციის და მედიტაციის საშუალებით მუშაობს ადამიანი თავის სამშვინველზე. ამის საშუალებით იგი განივითარებს მშვინვიერი აღქმის ორგანოებს. კონცენტრაციის და მედიტაციის ამოცანებში ჩაღრმავებისას მის სხეულში სამშვინველი იზრდება, როგორც ბავშვის ჩანასახი დედის სხეულში. ძილის დროს, ზემოაღწერილი ცალკეული განცდების გამოვლენისას ახლოვდება განთავისუფლებული სამშვინველის დაბადების წამი, რომელიც ამის შედეგად პირდაპირი გაგებით იქცევა ადამინში ჩასახულ და მის მიერვე მომწიფებულ მეორე არსებად. ამადაც ძალისხმევა კონცენტრაციისთვის და მედიტაციისთვის მან ძალზე გულდასმით უნდა გასწიოს და ეს სავარჯიშოებიც ზუსტად უნდა შეასრულოს, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ ადამიანის უმაღლესი არსების ჩასახვის და მომწიფების კანონებს. მშვინვიერი არსება თავისი დაბადებისას უნდა იყოს ჰარმონიული, სწორად ააგებული ორგანიზმი. თუ ამ მითითებებს რაიმე დააკლდება, იშვება არაკანონზომიერად ჩამოყალიბებული ცოცხალი არსება. არამედ სულიერ სფეროში დაიბადება სიცოცხლის უნარს მოკლებული, უდღეური წარმონაქმნი.
ამ უმაღლესი მშვინვიერი არსების დაბადება ღრმა ძილისას გასაგებია იმის გათვალისწინებით, რომ ნაზი წინააღმდეგობის უნარის ნაკლებად მქონე ორგანიზმის გამოჩენა გრძნობად ყოველდრიურ ცხოვრებაში სრულად არ მიიქცევდა ყურადღებას ამავე ცხოვრების ძალუმი, უხეში პროცესების ფონზე. მისი ქმედება არ მოხვდებოდა ადამიანის მხედველობის არეში სხეულებრივი ქმედების გვერდით. ძილის დროს, სხეულის დასვენებისას, რამდენადაც მისის ქმედება დამოკიდებულია გრძნობად აღქმაზე, შეიძლება საჩინო გახდეს უმაღლესი სამშვინველის ტავდაპირველად ესოდენ ნაზი, მალული ქმედება. მაგრამ კვლავაც უნდა გაეწიოს ანგარიში იმას რომ, იდუმალთმოწაფე სრულფასოვან შემეცნებად არ უნდა განიხილავდეს ძილში მიღებულ განცდებს, ვიდრე არ შესძლებს გამოღვიძებული უმაღლესი სამშვინველის გადმოტანას, აგრეთვე დღის ცნობიერებაში. თუ ეს შესძლო, მას შესწევს ძალა აღიქვას სულიერი სამყარო მთელი მისი თავისებურებებით, აგრეთვე დღის განცდებს შორის და თავად ამ განცდებშიც, ანუ შეუძლია საკუთარი გარემოს ბგერებად და სიტყვებად გამოვლენილ საიდუმლოებებს სულიერად ჩასწვდეს.
განვითარების ამ საფეხურზე ადამიანისთვის ცხადი უნდა გახდეს, რომ დასაწყისში მას საქმე აქვს მეტ-ნაკლებად დაუკავშირებელ, ცალკეულ სულიერ განცდებთან. უნდა ვერიდოთ მათგან რაღაც შეკრული და ურთიერთ-დაკავშირებული სისტემის აგების სურვილს. ამ შემთხვევაში მშვინვიერ სამყაროს შემოერეოდნენ ყოველგვარი ფანტასტიკური წარმოდგენები და იდეები. ამრიგად, იოლი იქნებოდა ისეთი სამყაროს აგება, რომელსაც საერთო არაფერი ექნებაოდა ნამდვილ სულიერ სამყაროსთან. იდუმალთმოწაფე ხომ გამუდმებით უნდა ვარჯიშობდეს უმკაცრესი თვითკონტროლის გამომუშავებისთვის. ყველაზე სწორი იქნებოდა სულ უფრო და უფრო მეტი მკაფიოება მივანიჭოთ ჩვენში უკვე არსებულ ნამდვილ განცდებს და დავიცადოთ, ვიდრე სავსებით ძალდაუტანებლად არ წარმოიქმნებიან ახლები, რომლებიც თითქოსდა თავისთავად გადაებმიან მანამდე წარმოქმნილთ. ამჯერად იდუმალთმოწაფეში სულიერი სამყაროს ძალისხმევით, რომელშიც ის უკვე შევიდა, და შესაბამისი სავარჯიშოების გამოყენებით ხდება სულ უფრო ყოვლის მომცველი განვრცობა ცნობიერებისა ღრმა ძილში. სულ უფრო და უფრო მეტი განცდა გამოვლინდება არაცნობიერი მდგომარეობიდან, ძილის სულ უფრო და უფრო მცირე მონაკვეთები დარჩება გაუცნობიერებელი. ამრიგად, სულ უფრო მეტად გადაებმიან ერთმანეთს ცალკეული ძილისმიერი გამოცდილებანი, ისე, რომ არ დაარღვევენ ნამდვილ კავშირს გრძნობადი განსჯის ათასგვარი კომბინაციებით და დასკვნებით. ოღონდაც, რაც უფრო ნაკლებად მოხდება ამ გრძნობადი აზროვნების წესთა გაუმართლებელი შემორევა უმაღლეს განცდებთან, მით უკეთესი. ამგვარი საქციელით ადამიანი სულ უფრო მეტად მიუახლოვდება იმ საფეხურს უმაღლესი შემეცნების გზაზე, როცა უწინდელი არაცნობიერი სიზმრისეული მდგომარეობანი ახლა სავსებით გაცნობიერდება. ამიერიდან სხეულის მოსვენებისას ადამიანი ისევე განაგრძობს ცხოვრებას სინამდვილეში, როგორც ეს სიფხიზლისას ხდება. ზედმეტი იქნებოდა იმის აღნიშვნა, რომ ძილის დროს ადამიანს საქმე აქვს განსხვავებულ სინამდვილესთან, ვიდრე მისი გრძნობადი გარემოა ფიზიკური სხეულის სამყოფელი იმისთვის, რათა მყარად ვიდგეთ გრძნობადი სამყაროს ნიადაგზე და მეოცნებეებად არ გადავიქცეთ, ვსწავლობთ და უნდა ვისწავლოთ კიდეც ძილში მიღებული უმაღლესი განცდების დაკავშირება გრძნობად გარემოსთან. თუმცა თავდაპირველად ძილში განცდილი სამყარო სავსებით ახლებური გამოცხადებაა. იდუმალთმეტყველებაში იმ მნიშვნელოვან საფეხურს, რომელიც ძილის პერიოდის ცნობიერ ხასიათში მდგომარეობს, უწოდებენ ცნობიერების კონტინუიტეტს (უწყვეტობას) [განვითარების გარკვეულ საფეხურზე ეს წარმოადგენს ერთგვარ იდეალს, რომელიც გრძელი გზის ბოლოში იმყოფება. იდუმალთმოწაფე თავიდან ორ მდგომარეობას ეცნობა: ერთ ისეთს, როდესაც მოუწესრიგებელ სიზმრებს ხედავდა და სხვაგვარს, როდესაც მისთვის შესაძლებელია მხოლოდ ცნობამიხდილი, უსიზმრო ძილი].
ამ საფეხურს მიღწეული ადამიანისთვის გამოცდილების მიღება და განცდა არ წყდება დროის იმ მონაკვეთშიც, როდესაც ფიზიკური სხეული ისვენებს და გრძნობის ორგანოები არანაირ შთაბეჭდილებებს არ აწვდიან სამშვინველს.