რუდოლფ შტაინერი - "როგორ მიიღწევა ზენა სამყაროთა შემეცნება?"

რუდოლფ შტაინერი
5
1

ავტორი: რუდოლფ შტაინერი მთარგმნელი: ვიტალი დარსანია წყარო გამომცემლისგან მეოცე საუკუნის დიდი მეცნიერის, დოქტორ რუდოლფ შტაინერის (1861-1925 წწ.) ცხოვრება და მოღვაწეობა მჭიდროდ არის დაკავშირებუ...

სიკვდილი და სიცოცხლე. დიდი ზღურბლის გუშაგი

 

სიკვდილი და სიცოცხლე. დიდი ზღურბლის გუშაგი

ზემოთ უკვე ითქვა ეგრეთწოდებულ მცირე ზღურბლის გუშაგთან ადამიანის შეხვედრის მნიშვნელობის შესახებ, როდესაც იგი ამ ზეგრძნობად სახეში ამოიცნობს თავისსავე წარმოშობილ არსებას. ამ არსების სხეული შედგება მისი ქმედებების, გრძნობების და აზრების უხილავი შედეგებისაგან. ამასთან, ეს უხილავი ძალები ქცეულან მისი ბედის და ხასიათის პირველ მიზეზებად. ადამიანისთვის ამჯერად ცხადი ხდება, თუ როგორ ჩაუყარა საფუძველი თვითონვე საკუთარ აწმყოს წარსულში. საკუთარი არსება გარკვეულ დონემდე გახსნილია მის წინაშე. ესაა თუნდაც გარკვეული მიდრეკილებები და ჩვევები. ამჯერად მათ შეუძლია ნათელჰყოს მათი არსებობის მიზეზები. თუ ბედისწერისაგან მიუღია გარკვეული დარტყმები, ამჯერად იგი შეიცნობს მათ წარმომავლობას. ამჯერად ის გაიგებს, რატომ უყვარს ერთი, მეორე კი სძულს,რატომ ანიჭებს ბედნიერებას ესა თუ ის საგანი, მაშინ როდესაც სხვა საგნის წყალობით იგი უბედურია. გარეგნული ცხოვრება გასაგები გახდება უხილავ მიზეზთა წყალობით. მისი მზერის წინაშე საფარველი აეხდებათ ისეთ ცხოვრებისეულ ფაქტებს, როგორიც არის ავადმყოფობა და ჯანმრთელობა, სიკვდილი და დაბადება. იგი ამჩნევს რომ მან საკუთარ დაბადებამდე განაპირობა ყველა ის მიზეზი, რომელთაც გარდუვალად უნდა შემოექციათ იგი ახალ ცხოვრებაში. ამჯერად იგი იცნობს იმ არსებას, რომელიც ხილულ სამყაროში არასრულყოფილი სახით წარმოიშვა და რომელიც ამავე სამყაროში სრულყოფილებამდე უნდა დაიხვეწოს. არც ერთ სხვა სამყაროში არ არსებობს ამ არსების დასრულებაზე მუშაობის საშუალება.

შემდგომ იგი ხედავს, რომ თვით სიკვდილსაც კი არ შეუძლია მისი სამუდამო დაშორება ამ სამყაროსთან. მან უნდა უთხრას თავს: „როდესაც პირველად მოვევლინე ამ ქვეყანას, ისეთი არსება ვიყავი, რომელსაც ესაჭიროებოდა ეს სამყარო სხვა სამყაროში მიღწევადი უნარების მოსაპოვებლად. და იმდენ ხანს უნდა დავრჩე ამ სამყაროსთან კავშირში, ვიდრე ჩემში არ განვავითარებ ყოველივეს, რისი მიღწევაც კი შესაძლებელია ამ სამყაროში. თუ ხილულ-გრძნობად საუფლოში გავითავისებ ყველა აუცილებელ უნარს, კიდევაც შევძლებ გამოსადეგი მოღვაწე გავხდე სხვა სამყაროში“. ხელდასხმულის უმნიშვნელოვანეს განცდათა რიგს განეკუთვნება ის, რომ იგი ფიზიკური, ხილული ბუნების ჭეშმარიტ ღირებულებას და დაფასებას უკეთესად სწავლობს, ვიდრე ეს იდუმალთგანსწავლამდე ხელეწიფებოდა. ამ შემეცნებას მიაღწევს ის ზეგრძნობად სამყაროში განჭვრეტის შედეგად. ვისაც ჯერ ვერ მოუხერხებია ასეთი განჭვრეტა და საზრდოობს მხოლოდ წინათგრძნობით ზეგრძნობადი საუფლოების უზომო ფასეულობათა შესახებ, შესაძლოა სათანადოდ ვერ დააფასოს გრძნობადი სამყარო , ხოლო ვინც ზეგრძნობადი სფერო უკვე განჭვრიტა, მან იცის, რომ ხილულ სინამდვილეში მიღებული განცდების გარეშე იგი სავსებით უძლური აღმოჩნდებოდა უხილავში. ამ უკანასკნელში ცხოვრებისათვის მას ესაჭიროება სათანადო უნარები და ხელსაწყოები. მათი მოპოვება კი მხოლოდ ხილულ სინამდვილეშია შესაძლებელი. თუმცა „ზენა სამყაროში“ განჭვრეტის ეს უნარი თანდათანობით განუვითარდება მას „ქვენა“ სამყაროში გამოვლილი განცდების წყალობით. სულიერ სამყაროში ისევე შეუძლებელია სულიერი თვალებით დაბადება გრძნობად სფეროში მათი წინასწარი განვითარების გარეშე , როგორც ბავშვი ვერ დაიბადებოდა ფიზიკური თვალებით, თუკი ისინი ჯერ კიდევ დედის საშოში არ ჩამოუყალიბდება.

ამ თვალსაზრისით გასაგები ხდება,თუ რატომ არის ზეგრძნობადი სამყარო „ზღურბლი“ დაცული „გუშაგის“ მიერ. ადამიანს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს უფლება ამ სფეროებში გადახედვისა საამისოდ აუცილებელი უნარების მოპოვებამდე. ამადაც სიკვდილის ჟამს, როდესაც სხვა სამყაროში მუშაობის უნარს მოკლებული ადამიანი ფეხს შეადგამს აღნიშნულ სფეროში, საბურველი ჩამოეფარება ხოლმე აღნიშნულ განცდებს. იგი მათ დაინახავს მხოლოდ მაშინ, როდესაც სათანადოდ მომწიფდება.

როდესაც იდუმალთმოწაფე ფეხს შედგამს ზეგრძნობად სამყაროში, მისი ცხოვრება სრულიად ახალ აზრს იძენს, იგი გრძნობად სამყაროში ხედავს ნიადაგს უმაღლესის აღმოცენებისათვის და გარკვეული თვალსაზრისით ეს „უმაღლესი“ „ქვენას“ გარეშე ნაკლული მოჩვენება. მის წინაშე ორი პერსპექტივა გადაიშლება. ერთი წარსულში, მეორე მომავალში. იგი იყურება წარსულში, როდესაც ეს გრძნობადი სამყარო ჯერაც არ არსებობდა. იგი დიდი ხანია განთავისუფლებულია იმ წინამძღვრისაგან, თითქოს ზეგრძნობადი სამყარო განვითარდა გრძნობადი სამყაროსაგან. მან იცის, რომ თავდაპირველად იყო ზეგრძნობადი, ხოლო მისგან განვითარდა ყოველივე გრძნობადი. იგი ხედავს, რომ გრძნობად სამყაროში მოსვლამდე თვითონაც ზეგრძნობადს განეკუთვნებოდა. ამასთან ეს წარსული ზეგრძნობადი სამყარო საჭიროებდა გრძნობადში გავლას. მისი შემდგომი განვითარება შეუძლებელი გახდებოდა ასეთი გავლის გარეშე. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გრძნობად საუფლოში განვითარდნენ არსებანი შესაბამისი უნარებით, ზეგრძნობადი შესძლებს განაგრძოს საკუთარი განვითარება. და ეს არსებანი ადამიანები არიან. იმ სახით, როგორც ახლა ცხოვრობენ, ისინი წარმოსდგნენ სულიერი ყოფიერების არასრულყოფილი საფეხურიდან და ამ უკანასკნელის ფარგლებში იძენენ სრულყოფილებას, რისი მეოხებითაც ისინი გამოსადეგი გახდებიან შემდგომი მუშაობისათვის ზენა სამყაროზე. აქვე გადაიშლება მომავლის პერსპექტივაც. იგი მიუთითებს ზეგრძნობადი სამყაროს უფრო მაღალ საფეხურზე. აქ მომწიფდება გრძნობად სამყაროში დათესილი ნაყოფებიც. ეს უკანასკნელი, როგორც ასეთი დაძლეული იქნება; მისი შედეგები კი შეუერთდება უმაღლესს.

ამით ჩვენ მოგვეცემა გასაღები ავადმყოფობისა და სიკვდილის გასაგებად გრძნობად სამყაროში. კერძოდ, სიკვდილი გამოხატულებაა იმისა, რომ ზეგრძნობადი სამყარო მივიდა ისეთ წერტილში, საიდანაც მას შემდგომი განვითარება აღარ შეუძლია. სიკვდილი იქნებოდა მისი ხვედრი, რომ არ მიეღო სიცოცხლის ახალი ნაკადი. ამრიგად იქცა ეს ახალი ცხოვრება ბრძოლად სიკვდილის წინააღმდეგ. კვდომის, საკუთარ თავში გაქვავების პროცესში მყოფი სამყაროს ნაშთებიდან ახლის ჩანასახებმა იხარეს, ამადაც გაგვაჩნია ჩვენ სამყაროში სიკვდილი და სიცოცხლე. საგნები ნელ-ნელა ერთმანეთში გადადიან. ძველი სამყაროს მომაკვდავი ნამსხვრევები ებღაუჭებიან ახალი ცხოვრების ჩანასახებს, რომლებიც გამოჰყოფიან მათ. ეს ყველაზე მკაფიოდ ადამიანშია გამოხატული. გარსი, რომელსაც ის ატარებს, წარსული, ძველი სამყაროს გადმონაშთია. ამ გარსში წარმოიქმნება იმ სამყაროს ჩანასახი, რომელმაც უნდა იცოცხლოს მომავალში. ამრიგად, იგი ორგავარი არსებაა: მოკვდავი და უკვდავი. მოკვდავი მხარე იმყოფება, თავის საბოლოო, ხოლო უკვდავი თავის საწყის მდგომარეობაში. მაგრამ სწორედ ამ ორმაგი სამყაროს ფარგლებში, რომელიც თავის გამოხატულებას გრძნობად-ფიზიკურში ტოვებს, გაითავისებს ადამიანი ამ სამყაროს უკვდავებამდე მიყვანის უნარს. მისი ამოცანა მდგომარეობს თვით მოკვდავი საწყისიდან უკვდავებისთვის განკუთვნილი ნაყოფების ამოღებაში. საკუთარ არსებაზე დაკვირვებისას, ისეთზე, როგორიც თვითონ ჩამოქნა წარსულში, იგი ეტყვის საკუთარ თავს: „მე ჩემს თავში ვატარებ მომავალი სამყაროს ელემენტებს. ისინი მუშაობენ ჩემში და მათი ძალაუფლების დამარცხება შემიძლია მხოლოდ ცხოველმყოფელი უკვდავი ძალების წყალობით.“

ამგვარად, ადამიანის გზა სიკვდილიდან სიცოცხლეზე გადის. მას რომ შესძლებოდა სიკვდილის წინ საკუთარ თავთან საუბარი, უნდა ეთქვა : „მოკვდავი საწყისი ჩემი მასწავლებელი იყო, ჩემი სიკვდილი არის მთელი წარსულის ზემოქმედების შედეგი, რასთანაც მე მჭიდროდ ვარ გადაჯაჭვული. თუმცა მოკვდავი საწყისის ამ ნიადაგზე იხარებს უკვდავების თესლებმა. ეს უკანასკნელნი მე სხვა სამყაროში თან მიმაქვს. ყველაფერი რომ წარსულზე დაიყვანებოდეს მე ვეღარასოდეს შევძლებდი დაბადებას. წარსული ცხოვრება დასრულდება დაბადებით. გრძნობად სფეროში ახალი ცხოვრების ჩანასახმა სიკვდილს ბრძოლით გამოსტაცა სიცოცხლე. დრო დაბადებასა და სიკვდილს შორის მხოლოდ გამოხატულებაა იმისა, თუ რამდენი გამოსტაცა ახალმა ცხოვრებამ მოკვდავ წარსულს. ავადმყოფობაც სხვა არაფერია, თუ არა განსაკუთრებული მოკვდავი შემდგომი ქმედება.“

აქედან გაიცემა პასუხი იმაზე, თუ რატომ იკვლევს ადამიანი გზას თანდათანობით ცდომილებიდან და არასრულყოფილებიდან სიმართლემდე და სიკეთემდე. მისი ქმედებანი, გრძნობები და აზრები თავდაპირველად წარმავალ, მოკვდავ საწყისს ემონებიან. აქედან არიან წარმოქმნილნი მისი გრძნობად-ფიზიკური ორგანოები. ამადაც წარმავლობა არ ასცდებათ ამ ორგანოებს და ყოველივე იმას, რაც უწინარეს ყოვლისა უბიძგებს მათ სამოქმედოდ. ინსტინქტები, ლტოლვანი, ვნებები და მათთან დაკავშირებული ორგანოები როდი წარმოადგენენ წარუვალ რასმე, არამედ წარუვალია ამ ორგანოთა მოქმედების შედეგი. მხოლოდ წარმავლის გადამუშავების შემდეგ ჩამოიცილებს ადამიანი იმ საფუძველს, საიდანაც თვითონ ამოიზარდა და რაც თავის გამოხატულებას ფიზიკურ-გრძნობად სამყაროში ჰპოვებს.

ამგვარად წარმოადგენს პირველი ზღურბლლის გუშაგი ადამიანის ორმაგი ბუნების - წარმავლისა და წარუვალის ნარევის - მსგავსებას. აქ ნათლად მოსჩანს, კიდევ რამდენი აკლია ადამიანს იმ ნათელმოსილი სახის მიღწევამდე, რომელსაც შეუძლია კვლავაც წმინდა სულიერი სამყაროს ბინადარი გახდეს.

„ზღურბლის გუშაგის“ წყალობით ადამიანისათვის თვალსაჩინო გახდება, თუ რამდენად არის გახვეული თვითონ ფიზიკურ-გრძნობად ბუნებაში. ეს უწინარეს ყოვლისა თავს იჩენს ინსტინქტების, ლტოლვების, გულისთქმათა, ეგოისტური სურვილების, ყოველგვარი ანგარების და ა.შ. სახით. შემდგომ ის გამოიხატება ამა თუ იმ რასასთან, ხალხთან მიკუთვნებაში და ა.შ. ხალხები და რასები ხომ განვითარების სხვადასხვა საფეხურებია წმინდა სახის მქონე კაცობრიობისაკენ. ესა თუ ის რასა ან ერი მით უფრო მაღლა დგას, რაც უფრო სრულყოფილად გამოხატავენ მისი წარმომადგენლები კაცობრიობის წმინდა, იდეალურ ტიპს,რაც უფრო მეტად უმუშავიათ მათ ფიზიკურ-წარმავალი საწყისიდან ზეგრძნობად-წარუვალისკენ.

ამადაც ადამიანის განვითარება ხელახალ განსხეულებათა გზით სულ უფრო მაღლა მდგომ ხალხურ და რასიულ ფორმებში არის განთავისუფლების პროცესი. საბოლოოდ ადამიანი მთელი თავისი ჰარმონიული სრულქმნილებით უნდა წარმოჩინდეს. მსგავსად ამისა სრულყოფაა სულ უფრო წმინდად ზნეობრივ და რელიგიურ შეხედულებათა ფორმებშიც აღმასვლაც. ზნეობრივი განვითარების ყოველი საფეხური ხომ შეიცავს მისწრაფებას წარმავალისკენ მომავლის იდეალისტურ ჩანასახთან ერთად.

აღწერილ „ზღურბლის გუშაგში“ ვლინდება გარდასული დროის შედეგი. მომავლის ჩანასახიდან იგი მხოლოდ იმას შეიცავს, რაც ამ გარდასული დროის მანძილზე იქნა მასში ჩაქსოვილი. ამასთან, ადამიანმა მომავალ ზეგრძნობად სამყაროში თან უნდა წაიღოს ყოველივე ის, რისი წაღებაც კი შეუძლია გრძნობადი სამყაროდან. მას რომ მოესურვებინა მხოლოდ საკუთარ ორეულში წარსულის მანძილზე ჩაქსოვილის გადმოტანა, ის ნაწილობრივ თუ შეასრულებდა თავის მიწიერ ამოცანას. ამადაც „მცირე ზღურბლის გუშაგს“ გარკვეული ხნის შემდეგ შემოუერთდება მეორე, „დიდი ზღურბლის გუშაგი“. კვლავ თხრობითი ფორმით გადმოვცემთ იმას, რაც ამ მეორეზე „ზღურბლის გუშაგთან“ შეხვედრისას ხდება.

მას შემდეგ, რაც ადამიანმა შეიმეცნა, თუ რისგან უნდა დაიხსნას თავი, მის გზაზე აღიმართება ამაღლებული, ნათლითმოსილი სახე. მისი მშვენიერების აღწერა ძალზე ძნელია ჩვენი მეტყველების სიტყვებით. ეს შეხვედრა შედგება აზროვნების, გრძნობის და ნებელობის ორგანოების, აგრეთვე ფიზიკურ სხეულთან მიმართებაში ერთმანეთისაგან იმდენად განთავისუფლების შემდეგ, რომ ამ ურთიერთდამოკიდებულების მოწესრიგება მათ მიერ კი აღარ ხდება, არამედ ფიზიკურ პირობებს მოცილებული უმაღლესი ცნობიერების მიერ. აზროვნების, გრძნობის და ნებელობის ორგანოები ხელსაწყოების მსგავსად დაექვემდებარებიან ადამიანის სამშვინველს და ის განაგებს მათ ზეგრძნობადი საუფლოებიდან. ყოველგვარი გრძნობადი ბორკილისაგან დახსნილი სამშვინველის შესახვედრად გამოჩნდება მეორე ზღურბლის გუშაგი და აუწყებს შემდეგს:

„შენ განთავისუფლდი გრძნობადი სამყაროსგან და დაიმკვიდრე შენი სამყოფელი ზეგრძნობად სამყაროში. ამიერიდან შეგიძლია იმოქმედო აქედან და აღარ გესაჭიროება შენი ფიზიკური სხეულებრიობა თავისი აწინდელი სახით. ამ ზეგრძნობად სამყაროში ცხოვრებისათვის საჭირო უნართა მოსაპოვებლად აღარ გესაჭიროება არც გრძნობად სამყაროსი დაბრუნება, მაგრამ შემომხედე მე. შეხედე რაოდენ მაღლა ვდგავარ ყოველივე იმაზე, რაც შენ საკუთარი თავისგან შეგიქმნია. შენ მიაღწიე სრულყოფის ახლანდელ საფეხურს იმ უნარების წყალობით, რისი განვითარებაც შესძელი მხოლოდ გრძნობად სამყაროში მყოფმა. ამიერიდან დგება დრო, როდესაც შენი განთავისუფლებული ძალები დაიწყებენ გრძნობად სამყაროზე მუშაობას. აქამდე შენ მხოლოდ საკუთარი თავი გაანთავისუფლე. ამჯერად, როგორც განთავისუფლებულს, შეგიძლია გაანთავისუფლო შენი თანამოძმენი. ამჯერად უნდა შეერწყა მთელს, რათა მხოლოდ საკუთარი თავი კი არ მიიყვანო ზეგრძნობად სამყაროსთან, არამედ ყოველივე გრძნობადში არსებული. ოდესმე შეგეძლება, შემოუერთდე ჩემს სახეს, მაგრამ მე როდი ვარ ნეტარი, ვიდრე არსებობენ უბედურნი. როგორც ცალკე მდგომ, განთავისუფლებულ პიროვნებას შენ ახლავე შეგიძლია შეხვიდე ზეგრძნობად საუფლოში. მაგრამ მაშინ შენ მოგიწევს ცქერა დაბლა, გრძნობადი სამყაროს გამოუხსნელ არსებებზე. შენ საკუთარ ბედისწერას ამით მათი ხვედრისგან განაცალკავებ. ხოლო თქვენ ყველა ერთმანეთთან ხართ დაკავშრებულნი. თქვენ უნდა დაშვებულიყავით გრძნობად სამყაროში, რათა იქიდან ამოგეტანათ ძალები ზენა საუფლოსათვის. თუ შენ ჩამოსცილდები მათ, მაშინ ბოროტად გამოიყენებენ იმ ძალას, რომლის განვითარებაც შენ მხოლოდ მათთან თანაარსობაში შესძელი. ისინი რომ არ დაშვებულიყვნენ დაბლა, ვერც შენ შესძლებდი ამას. მათ გარეშე არ გეყოფოდა ძალა ზეგრძნობადი ყოფიერებისათვის. ის ძალები, რომლებიც მათთან ერთად მოგიპოვებია, უნდა გაუყო მათ. ამადაც მე გადაგეღობები უმაღლესი საუფლოების კარიბჭესთან, ვიდრე არ დახარჯავ შენს მიერ მოპოვებულ მთელს ძალებს შენი წილხვედრი სამყაროს გამოსახსნელად. ყოველივე იმით, რაც უკვე მოგიპოვებია, შეგიძლია ზეგრძნობადი სამყაროს ქვენა საუფლოებში გაჩერება. ზენა საუფლოს შესასვლელთან კი ვდგავარ მე, როგორც ქერუბიმი ცეცხლოვანი მახვილით ხელში სამოთხის კარიბჭესთან და ვიცავ მათ იქამდე, ვიდრე შენ ჯერ კიდევ შეგრჩენია გრძნობად საუფლოში დაუხარჯავი ძალები. და თუ შენ არ გამოიყენებ ამ ძალებს, მოვლენ სხვები, რომლებიც გამოიყენებენ მას. მაშინ უმაღლესი, ზეგრძნობადი სამყარო მიიღებს გრძნობადი საუფლოს ყველა ნაყოფს. შენ ფეხქვეშ გამოგეცლება ნიადაგი, რომელსაც შეზრდიხარ, განწმენდილი სამყარო კი ისე განვითარდება, რომ შენ უკან ჩამოგიტოვებს. ის თავისი წესრიგიდან გამოგრიცხავს შენ. ამრიგად, შენ დაადგები „შავ“ გზას ,ისინი კი, ვისაც შენ გამოეყავი, დაადგებიან „თეთრ“ გზას".

ამგვარად ამცნობს თავს „დიდი ზრურბლის გუშაგი“ იდუმალთმოწაფეს მას შემდეგ, რაც შედგა მისი შეხვედრა პირველ გუშაგთან. ამასთან, ხელდასხმულმა მშვენივრად იცის, რა მოელის, თუ იგი აჰყვება ცდუნებას და ნაადრევად შევა ზეგრძნობად სამყაროში. მეორე ზღურბლის გუშაგი ენით აღუწერელ ელვარებას გამოსცემს. მასთან გაერთიანება შორეულ მიზნად მოსჩანს მჭვრეტელი სულისთვის. თუმცა მას სჯერა გაერთიანების შესაძლებლობისა მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელდასხმული ამქვეყნიურ ძალებს მთლიანად გამოიყენებს სამყაროს გასანთავისუფლებად და გამოსახსნელად. თუ იგი გადასწყვეტს გაჰყვეს უმაღლესი სახენათელი არსების მოწოდებას მაშინ შესძლებს წვლილის შეტანას კაცობრიობის განთავისუფლების საქმეში. იგი ყველა თავის მადლს მსხვერპლად მიიტანს კაცობრიობის საკურთხეველზე. ხოლო თუ აირჩევს ნაადრევ ამაღლებას ზეგრძნობად სამყაროში, მაშინ საკაცობრიო დინება მისი გვერდის ავლით განაგრძობს თავის გზას. გრძნობადი სამყაროდან განთავისუფლების შემდეგ მას აღარ შეუძლია ახალი ძალების მოპოვება აქედან. თუ იგი მაინც გაირჯება ამისთვის, ეს უნდა მოხდეს საკუთარი მოღვაწეობის ამ შემდგომი სფეროდან ყოველგვარ შესაძლო სარგებელზე უარის თქმით. ვერავინ იტყვის, თუ რამდენად თავისთავად ცხადია, ადამიანის მიერ ამგვარი არჩევანის წინაშე სწორედ „თეთრი გზის“ არჩევა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად განწმენდილია იგი ამ არჩევანისას; ვერავითარმა თავკერძოობამ ვეღარ უნდა მოაჩვენოს მას სასურველად ნეტარების საცდური. ეს საცდური სიდიდით აღემატება ყოველგვარ წარმოდგენას. სხვა მხრივ კი არანაირი განსაკუთრებული ცდუნებანი არ მოელის მას.

აქ საერთოდ არ არის ლაპარაკი ეგოიზმზე. ადამიანის მონაპოვარი ზეგრძნობადი საუფლოს უმაღლეს სფეროებში ის როდია, რაც მასთან მოდის, არამედ პირიქით,რაც მისგან მოდის: სიყვარული თავისი წილხვედრი სამყაროსადმი. ხოლო ეგოიზმის ყველა მოთხოვნილებას აკმაყოფილებს „შავი გზის“ ნაყოფები. და თუ ვინმეს მხოლოდ საკუთარი თავისთვის სურს ნეტარება, იგი უთუოდ დაადგება შესაფერის „შავ გზას“. ამადაც არავინ უნდა მოელოდეს „თეთრი გზის“ ოკულტისტებისგან მითითებებს საკუთარი ეგოისტური მე-ს განვითარებისთვის. ცალკეული ადამიანის ნეტარება მისთვის საერთოდ არ წარმოადგენს ინტერესის საგანს. ამის მიღწევა ყოველ კაცს თვითონვე შეუძლია. არც მისი დაჩქარებაა თეთრი ოკულტისტების ამოცანა. მათი საზრუნავია უმალ ყველა არსების, ადამიანის და მის თანაარსთა განვითარება და გათავისუფლება. ამადაც ისინი იძლევიან მითითებებს, თუ როგორ არის შესაძლებელი საკუთარ ძალთა განვითარება ამ საქმეში მათთან თანამშრომლობისათვის.

ისინი არავის ეუბნებიან უარს, ვინაიდან თვით ყველაზე ეგოისტურ ადამიანსაც კი შეუძლია საკუთარი თავის განწმენდა. ამასთან, ვინც მხოლოდ საკუთარი თავისთვის ეძებს რაიმეს, ვერაფერს მიიღებს თეთრი ოკულტისტებისაგან, ვიდრე ასე იქცევა. მაშინაც კი, თუ ისინი უარს არ ეტყვიან დახმარებაზე, ამის მაძიებელი თვით განიშორებს თავიდან ამ დახმარების ნაყოფს. ამადაც, ვინც იდუმალთმეტყველების კეთილ მოძღვართა მითითებებს იცავს, ის გაიგებს დიდი გუშაგის მოთხოვნებს ზღურბლის გადალახვისას. ხოლო ვინც ამ მოთხოვნებს არ იცავს, იგი არც უნდა იმედოვნებდეს, რომ მათი შემწეობით მიაღწევს ზღურბლს. მათ მითითებებს ან სიკეთისკენ მივყავართ, ან არსად. წინამძღოლობის გაწევა, ეგოისტური ნეტარებისკენ ან უბრალოდ ზეგრძნობად სამყაროში ცხოვრებისკენ მათი ამოცანების ფარგლებს მიღმა ძევს. ეს უკანასკნელი, ისეა მოწყობილი, რომ მოწაფეს ზემატერიალური სამყაროსგან გარკვეულ სიშორეზე ამყოფებს, ვიდრე იგი თავგადადებული თანამშრომლობის სურვილით აღსავსე არ შევა მასში.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff