რუდოლფ შტაინერი - "როგორ მიიღწევა ზენა სამყაროთა შემეცნება?"

რუდოლფ შტაინერი
5
1

ავტორი: რუდოლფ შტაინერი მთარგმნელი: ვიტალი დარსანია წყარო გამომცემლისგან მეოცე საუკუნის დიდი მეცნიერის, დოქტორ რუდოლფ შტაინერის (1861-1925 წწ.) ცხოვრება და მოღვაწეობა მჭიდროდ არის დაკავშირებუ...

ბოლოთქმა

 

ბოლოთქმა 8-11 ათასი გამოცემისთვის

წიგნში აღწერილ ზეგრძნობადი შემეცნების გზას მივყავართ ასეთ მშვენიერ განცდამდე, რასთან დაკავშირებითაც ძალზე მნიშვნელოვანია ამ გზის მაძიებელმა არ შეიქმნას რაიმე ილუზია და არ აღმოჩნდეს ცდომილებაში. დიდია დაბნევის საფრთხე აქ წარმოდგენილ განხილვის საგნებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მძიმე შეცდომაა დაშვებული ხოლმე, როდესაც მშვინვიერი განცდების მთელ სფეროს - სულიერი მეცნიერების მსჯელობის ობიექტს - გვერდზე გადასდებენ და ამის შედეგად იგი ცრურწმენის, ვიზიონერული სიზმრების, მედიუმიზმის და სხვა გადაგვარებულ კაცებრივ მისწრაფებათა წრეში აღმოჩნდება ჩართული. ასეთი გვერდის ავლა ხშირად იქიდან მომდინარეობს, რომ ჭეშმარიტი ზეგრძნობადი სინამდვილის შემეცნებისგან განსხვავებული გზის მაძიებელი ადამიანი, ხშირად ამ მხრივ გადაგვარებული, ერევათ ამ წიგნში აღწერილ გზაზე სვლის მოსურნეში. ის რასაც ადამიანის სამშვინველი აქ ნაგულისხმევ გზაზე გაივლის, მიმდინარეობს წმინდა სულიერ-მშვინვიერი გამოცდილების სფეროში. ადამიანის მიერ ამის განცდა სხვა შინაგანი განცდებისათვის სხეულებრივი ცხოვრებისგან საკუთარი თავის იმ ზომამდე განვითარების შედეგია, როდესაც ის, ნორმალურ ცნობიერებაზე მყოფი, აზრებსა და შეგრძნებებს იქმნის გარედან შემოსული აღქმების ან შინაგანი გრძნობების, სურვილების, ნდომის შესახებ, მაგრამ იმავდროულად მისი აზრები არ წარმოსდგებიან აღქმულიდან, ნაგრძნობიდან, ნასურვებიდან. არიან ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ სჯერათ ამგვარი აზრების არსებობისა. ისინი თვლიან: ადამიანს არ ძალუძს ისეთი აზროვნება, რაც არ მომდინარეობს აღქმიდან ან სხეულებრივი მდგომარეობის მიერ განპირობებული შინაგანი ცხოვრებიდან. ხოლო ყოველგვარი აზრი კი გარკვეულწილად აღქმათა ან შინაგან განცდათა ჩრდილოვანი ანარეკლია. ვინც ამას ამტკიცებს, ასე მხოლოდ იმიტომ სჩადის, რომ არასდროს ქონია უნარი თავად ეგემა წმინდა, თავის თავში მიქცეული აზრთა დინება.

ვისაც კი ეს განუცდია, გამოცდილებიდან იცის, რომ აზროვნების გამოვლენისას მშვინვიერ ცხოვრებაში, რამდენადაც ეს უკანასკნელი გამსჭვალავს მშვინვიერ პროცესებს, ადამიანის მიერ წამოწყებული მოღვაწეობა სხეულის მონაწილეობის გარეშე ხდება. ყოველდღიურ მშვინვიერ ცხოვრებაში აზროვნება ხომ არეულია სამშვინველის სხვადასხვა პროცესებთან: აღქმასთან, გრძნობასთან, ნებელობასთან და ა.შ. ეს პროცესები სხეულის წყალობით მიმდინარეობენ, მაგრამ აზროვნება მაინც ერევა მათში. რამდენადაც ეს ჩარევა ხდება, იმდენად ადამიანში ან ამ ადამიანის საშუალებით ადგილი აქვს ისეთ რასმე, რაც სხეულის მონაწილეობის გარეშეა. უარმყოფელნი თავს ვერ აღწევენ იმ ცდომილებას, რომლის აღმოცენების მიზეზია სხვა პროცესებთან შერეულ აზროვნებით ქმედებაზე დაკვირვება. ამასთანავე, შინაგანი განცდისას შესაძლებელია სულიერი ძალების მოკრება ისე, რომ ყველაფრისგან გამორჩეულად შევიმეცნოთ აზროვნებისეული მხარე. მშვინვიერი ცხოვრების ერთობლიობიდან შესაძლოა გამოირჩეს ისეთი რამ, რაც მხოლოდ წმინდა აზრებისაგან შედგება. ეს აზრები საკუთარ თავში არიან მიქცეულნი. მათგან გამოთიშულია ყოველივე, რასაც აღქმა ან სხეულის მიერ განპირობებული შინაგანი ცხოვრება იძლევა. ასეთი აზრები საკუთარი რაობით წარმოადგენენ სულიერ, ზეგრძნობად არსებით რასმე. ამგვარ აზრებთან გაერთიანებულმა სამშვინველმა, გამოთიშა რა ამ დროს ყოველგვარი აღქმა, მეხსიერება და შინაგანი ცხოვრება, იცის, რომ აზროვნებასთან ერთად იმყოფება ზეგრძნობად სამყაროში და სხეულს გარეთ განიცდის საკუთარ თავს მათთვის, ვინც საქმის ვითარება განჭვრიტა, საერთოდ არ დაისმის კითხვა: შესაძლებელია თუ არა სამშვინველის განცდა ზეგრძნობად სტიქიაში სხეულისაგან დამოუკიდებლად. ეს ხომ მისთვის იმის უარყოფას უდრის, რაც ცდის საშუალებით ცნობილია მისთვის.

დაისმის მხოლოდ ასეთი კითხვა: „რა აბრკოლებს ადამიანებს ამ ეჭვგარეშე ფაქტის აღიარებისაკენ?“ ამ შეკითხვაზე იგი ჰპოვებს პასუხს, რომ განსახილველი ფაქტი არ გამოავლენს საკუთარ თავს, ვიდრე ადამიანი თავად არ შეიქმნის გამოცხადების აღქმისუნარიან მშვინვიერ აგებულებას. თავდაპირველად ადამიანები უნდობლად არიან განწყობილნი, თუ მათგან არსებითად დამოუკიდებელი გამოცხადების მისაღებად მოუწევთ გარკვეული მშვინვიერი აქტიურობა. მათ მიაჩნიათ, რომ გამოცხადების მისაღებად აუცილებელი მომზადებისას ისინი თავად ქმნიან ამ გამოცხადების შინაარსს. მათ სურთ ისეთი გამოცხადებანი, რომელთა მისაღებადაც ადამიანი სრულიად არ ირჯება და სავსებით პასიური რჩება. თუ ამგვარი ადამიანები არ იცნობენ დასაბუთებული მეცნიერული მიდგომის ელემენტარულ მოთხოვნებს, მაშინ ისინი მიდრეკილნი არიან დაინახონ რაღაც არამატერიალური გაგებით არსებითის ობიექტური გამოცხადება სულის იმ შინაარსსა და გამოვლინებებში, როდესაც ხდება სამშვინველის მოქცევა მისი ცნობიერი თვითგამოხატვის - გრძნობადი აღქმისა და თვითნებური ქმედების საფეხურზე დაბლა. ამგვარი მშვინვიერი შინაარსები არიან ვიზიონერული განცდები, მედიუმური გამოცხადებანი. - ის, რაც ამგვარი გამოცხადების შედეგად იჩენს თავს, ზეგრძნობადი კი არა, გრძნობადზე დაბლა მდგომი სამყაროა.

ადამიანის ცნობიერი, მღვიძარე ცხოვრება არ მიმდინარეობს მთლიანად სხეულში, ამ ცხოვრების ცნობიერი ნაწილი, უწინარეს ყოვლისა, სხეულსა და ფიზიკურ გარესამყაროს შორის დადებულ საზღვარზე გაივლის. ჯერ ერთი, აღქმისმიერი ცხოვრება გრძნობათა ორგანოებში მომხდარის წინაშე იმდენადვეა გარე პროცესების შემოჭრა სხეულში, რამდენადაც სხეულის მიერ ამ პროცესების განმსჭვალვა. მეორეც - ნებელობითი ცხოვრება იმდენადაა დაფუძნებული არსებისთვის ადგილის მიჩენაზე სხვა სამყაროულ არსებებს შორის, რომ ადამიანის მიერ შეგნებულად ჩადენილი ქმედება იმავდროულად სამყაროულ პროცესთა შემადგენელი ნაწილია.

სხეულებრიობის საზღვარზე მიმდინარე ამ მშვენიერ განცდაში ადამიანი დიდ წილადაა დამოკიდებული საკუთარი სხეულის ორგანიზაციაზე, მაგრამ აქ აზროვნებისეული ქმედება ჩაერევა ხსენებულ განცდაში და იმდენად, რამდენადაც ეს ხდება, გრძნობადი აღქმა და ნებელობა დამოუკიდებლობას მოიპოვებენ სხეულისაგან. ვიზიონერული განცდისას და მედიუმური მოვლენების გამოწვევისას ადამიანი სრულიად დამოუკიდებელი ხდება სხეულზე. იგი საკუთარი მშვინვიერი ცხოვრებიდან გამოთიშავს იმას, რაც აღქმისას და ნებელობითი ქმედებისას სხეულისაგან დამოუკიდებლობას ანიჭებდა. ამის წყალობით სულიერი შინაარსი და გამოვლინებანი იქცევიან სხეულებრივი ცხოვრების ჩვეულებრივ გამოცხადებებად. ვიზიონერული განცდები და მედიუმური მოვლენები შედეგია იმისა, რომ ადამიანი ამგვარი განცდებისას უფრო მეტადაა დამოკიდებული სხეულზე, ვიდრე ეს ხდება ყოველდღიური აღქმისა და ნებელობისმიერი ცხოვრებისას. ზეგრძნობადის ამ წიგნში ნაგულისხმევი განცდისას სამშვინველის განცდათა განვითარება ვიზიონერულისა და მედიუმურისადმი სრულიად საპირისპირო მიმართულებით მიმდინარეობს. სამშვინველი თანდათანობით დამოუკიდებელი ხდება სხეულისაგან, კიდევ უფრო მეტად,ვიდრე აღქმისმიერ და ნებელობისმიერ ცხოვრებაში შეინიშნებოდა ეს. იგი უფრო ფართო სულიერი მოღვაწეობისთვის მიაღწევს იმ დამოუკიდებლობას, რომელიც მისაწვდომია წმინდა აზრების განცდისას.

აქ ნაგულისხმევი ზეგრძნობადი სულიერი მოღვაწეობისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სრული მკაფიოებით განვჭვრიტოთ წმინდა აზროვნების განცდა. ეს განცდა იმთავითვე ზეგრძნობადი სულიერი მოღვაწეობაა, მაშინაც კი, როცა ზეგრძნობადს ჯერ ვერაფერს ვერ ვხედავთ. წმინდა აზროვნებით ჩვენ უკვე ზეგრძნობად სფეროში ვცხოვრობთ, მაგრამ იმავდროულად მხოლოდ ამ წმინდა აზროვნებას განვიცდით, როგორც ზეგრძნობად რასმე. ჩვენ არ განვიცდით სხვა რამ ზეგრძნობადს, ზეგრძნობადის განცდა უნდა იყოს იმ მშვენიერი განცდის გაგრძელება, რომელიც მიიღწევა წმინდა აზროვნებასთან გაერთიანებით. ამადაც არის ასე მნიშვნელოვანი შევძლოთ ამ გაერთიანების სწორი გაგება. შეგნება ამ ერთიანობისა გაგვინათებს გზას, რომელიც მიგვიყვანს ზეგრძნობადი შემეცნების არსთან. როდესაც მშვინვიერი განცდა დაეშვება აზროვნებისთვის დამახასიათებელი მკაფიო, ნათელი ცნობიერების დონეზე დაბლა, სული აღმოჩნდება ზეგრძნობადი შემეცნების მცდარ გზაზე. იგი სხეულებრივი პროცესების გავლენის ქვეშ მოექცევა. მისი განცდები და გამოვლინებანი ამ შემთხვევაშ იქნება არა ზეგრძნობადი სამყაროს გამოცხადება მისის საშუალებით, არამედ სხეულებრივი პროცესების გამოცხადებანი გრძნობადზე დაბლა მდგომი სამყაროს სფეროში.

როდესაც სული მთელი თავისი განცდებითურთ შეაღწევს ზეგრძნობად საუფლოში, კიდევ უფრო ძნელი იქნება შესაბამისი ენობრივი გამოთქმების დაძებნა, ვიდრე ეს გრძნობადი სამყაროს განცდებთან დაკავშირებით ხდება. ზეგრძნობადი განცდის აღწერისას შეგნებული უნდა გვქონდეს ხოლმე, რომ დაშორება ენობრივი გამოთქმისა აღწერილ საგანთან უფრო დიდია, ვიდრე ფიზიკურ სფეროში განცდისას. საჭიროა გაგებით მოვეკიდოთ იმ გარემოებას, რომ ზოგიერთი გამოთქმა როგორც სიმბოლო მხოლოდ ძლივს შესამჩნევად, სუსტად მიანიშნებს იმ საგანზე, რასაც ის ასახავს. ასე, მაგალითად, ამ წიგნის მე-16 გვერდზე ნათქვამია: „თავიდან სულიერი მეცნიერების ყველა წესი და მოძღვრება გადმოცემული იქნა სურათ-ხატოვან ენაზე“, 41-ე გვერდზე კი ლაპარაკია გარკვეული „დამწერლობითი სისტემის“ შესახებ. იოლადაა შესაძლებელი ვინმეს თავში აზრად მოუვიდეს ასეთი დამწერლობის იმგვარად შესწავლა, როგორც ისწავლება ჩვეულებრივი ფიზიკური მეტყველების ამსახველ დამწერლობაში ასოები და მათი შესატყვისობანი. ამის შესახებ უნდა აღინიშნოს შემდეგი: არსებობდა და კვლავაც არსებობს სულიერ-მეცნიერული სკოლები და გაერთიანებანი, რომლებიც ფლობენ სიმბოლურ ნიშნებს და მათი საშუალებით ისინი გამოხატავენ ზემსოფლიურ რეალობებს. ვინც ხელდასხმულია ამ სიმბოლოების მნიშვნელობებში, მას გააჩნია საშუალება წარმართოს საკუთარი მშვინვიერი განცდა იმ გრძნობადი სინამდვილისაკენ, რის შესახებაც აქ არის საუბარი. ისეთი ზეგრძნობადი განცდისას, რომელიც მიღწევადია ამ წიგნის შინაარსის განხორციელებისას, ბევრად არსებითია, რომ სულმა შესძლოს ამგვარი დამწერლობის ამოხსნა საკუთარი გამოცდილებით.ზეგრძნობადი სფერო სულს გაუმხელს ისეთ რასმე, რაც ამ უკანასკნელმა უნდა გადათარგმნოს სურათ-ხატოვანი ნიშნების ენაზე და შესძლოს ამგვარად მისი ცნობიერად მიმოხილვა.

შესაძლოა ითქვას: ის, რაც ნაუწყებია ამ წიგნში, განხორციელებადია ყველა სულისთვის. ამ განხორციელებისას, რომლის განსაზღვრაც უკვე ჩამოყალიბებული მონაცემების მიხედვით თავად სულს ძალუძს, თავს იჩენენ ზემოაღწერილი შედეგები. ამადაც ეს წიგნი შესაძლოა განხილულ იქნას როგორც ავტორის საუბარი მკითხველთან. როდესაც ითქვა: იდუმალთმოწაფეს ესაჭიროება ინდივიდუალური წინამძღოლობა, ეს ისე არ უნდა გავიგოთ თითქოს წინამდებარე წიგნი თვით წარმოადგენს ასეთ წინამძღოლობას. ძველ დროში არსებობდა საფუძველი იმისთვის, რომ შეენარჩუნებინათ ამგვარი წინამძღოლობის უფლება იდუმალთმოწაფეთა ზეპირი გადაცემისათვის. ამჟამად, ჩვენ მივაღწიეთ კაცობრიობის განვითარების ისეთ საფეხურს, როდესაც სულიერ-მეცნიერულმა შემეცნებამ ბევრად უფრო დიდი გავრცელება უნდა ჰპოვოს, ვიდრე უწინ. იგი გაცილებით მეტად უნდა გახდეს ხელმისაწვდომი ყოველი ადამიანისათვის, ვიდრე ძველ დროში. ამრიგად, წიგნი იკავებს უწინდელი ზეპირი გადმოცემების ადგილს. რწმენა იმისა, რომ წიგნში ნათქვამის გარდა საჭიროა კიდევ ინდივიდუალური წინამძღოლობა, მხოლოდ შეფარდებითი სიმართლეა. ამა თუ იმ პირს შესაძლოა მართლაც ესაჭიროებოდეს პიროვნული დახმარება და ეს შესაძლოა მისთვის მნიშვნელოვანი იყოს, თუმცა კი ის აღმოჩნდება ცდომილებაში, თუ ჩათვლის რომ არსებობს ამ წიგნში წინასწარგანზრახულად გამოტოვებული არსებითი პუნქტები. ისინი უთუოდ მოიძებნება, როდესაც წიგნი სწორად იქნება წაკითხული და, რაც მთავარია თავიდან ბოლომდე.

რის შესახებაც წიგნი მოგვითხრობს, შეიძლება მოგვეჩვენოს მითითებად ადამიანის სრული გარდაქმნისათვის. ვინც ამ მითითებებს სწორად წაიკითხავს,აღმოაჩენს, რომ მათ სურთ მხოლოდ აჩვენონ, თუ რა მშვინვიერი აგებულება უნდა გააჩნდეს ზეგრძნობადი სამყაროს წინაშე დადგომის მსურველს. ამ მშვინვიერ აგებულებას იგი განივითარებს როგორც სხვა რამ არსებას საკუთარ თავში, ხოლო თავდაპირველი ჯანსაღი არსება უწინდებურად განაგრძობს ცხოვრებას. ამ დროს ადამიანს შეუძლია მათ შორის მართებული ურთიერთქმედების განპირობება. ამით იგი არ ხდება ცხოვრებისთვის გამოუსადეგარი და უვარგისი, არ იქცევა მთელი დღის მანძილზე მხოლოდ სულის მკვლევარად. ამადაც უნდა ითქვას, რომ განცდა ზეგრძნობად სამყაროში ნათელს მოჰფენს ადამიანის მთელს არსებას. ეს მას ცხოვრებისაგან კი არ მოსწყვეტს, არამედ გაზრდის მის ქმედითუნარიანობას, გახდის ნაყოფიერს ამ ცხოვრებისათვის. და თუ მოცემულმა აღწერებმა მიიღეს მხოლოდ ასეთი და არა სხვაგვარი ფორმა, ეს სედეგია იმისა, რომ ზეგრძნობადზე მიმართული პროცესი ადამიანს მთლიანად იპყრობს და როდესაც ის მიეცემა ამ პროცესს, მთელი თავისი არსება უნდა აამოქმედოს. თუკი ფერების აღქმის პროცესი შეეხება მხოლოდ თვალებს მისი ნერვული დაბოლოებებით ზეგრძნობადი შემეცნება მოითხოვს მთლიანად ადამიანის მონაწილეობას - იგი იქცევა ერთიან თვალად ან ერთიან ყურად. და რადგანაც ეს ასეა, ამიტომაც შემეცნების ზეგრძნობადი უნარების ჩამოყალიბებაზე საუბრისას ისე ჩანს, თიითქოს ლაპარაკია მთლიანად ადამიანის გარდაქმნაზე, თითქოს ჩვეულებრივი ადამიანი ამ მხრივ უვარგისია და სრულიად სხვა ვინმედ უნდა იქცეს.

61-ე გვერდზე მონათხრობს „ ხელდასხმის ზოგიერთი შედეგის შესახებ,“ მინდა დავუმატო ზოგი რამ, რაც -გარკვეულად სახეცვლილი შესაძლოა ამ წიგნის სხვა თავებსაც შეეხოს. მკითხველს შესაძლოა გაუჩნდეს აზრი:“რა საჭიროა ხატოვან ფორმაში ზეგრძნობადი განცდის აღწერა, ხომ შესაძლებელია ამ განცდათა გადმოცემა იდეებში, ამგავრი სიმბოლურობის გარეშე ?“ ამაზე შესაძლოა გაიცეს შემდეგი პასუხი: ზეგრძნობადი სინამდვილის განცდისას მხედველობაში უნდა მივიღოთ გარემოება, რომ ადამიანი ამ სფეროს განცდისას თავს ზეგრძნობად არსებად აცნობიერებს. საკუთარ ზეგრძნობად არსებაზე მზერის მიუქცევლად, რომლის რეალურობაც ლოტოსის ყვავილების და ეთერული სხეულის აქ მოცემულ აღწერაში ბოლომდე გამოვლინდება, ადამიანი ისე განიცდის საკუთარ თავს ზეგრძნობად სფეროში, თითქოს გრძობად სფეროში მყოფს ევლინებიან სხვადასხვა საგნები და პროცესები, თავად კი არაფერი უწყის საკუთარი სხეულის შესახებ. მშვინვიერ და „ეთერულ სხეულში“ ადამიანის მიერ საკუთარ ზეგრძნობად აგებულებად განჭვრეტილი ფორმა განაპირობებს მის დგომას ზეგრძნობად სფეროსი სრული თვითცნობიერებით, ისევე როგორც გრძნობად სამყაროში აცნობიერებს თავს საკუთარი გრძნობადი სხეულის აღქმის წყალობით.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff