მეორე ყურადღების ფიქსაცია
პირველი ნაწილი - სხვა მე
თავი პირველი - მეორე ყურადღების ფიქსაცია
მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე
შუადღე იდგა, როდესაც იმ ადგილას მივედი, სადაც ლა გორდა და პატარა დები ცხოვრობდნენ. ლა გორდა მარტო იყო, კარებთან იჯდა და შორეულ მთებს გასცქეროდა. ჩემი დანახვით შოკირებული ჩანდა. მან განმარტა, რომ იგი მთლიანად ჩაფლულიყო თავის მეხსიერებაში და ერთი წუთის წინ რაღაც ძალიან ბუნდოვანის გახსენების ზღვარზე იყო, რაც ჩემთან იყო დაკავშირებული.
იმავე ღამით, სადილის შემდეგ, ლა გორდა, პატარა დები, ხენაროები და მე, ლა გორდას ოთახის იატაკზე ვისხედით. გოგონები ერთად ისხდნენ.
რატომღაც, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანთან თანაბარი დრო მქონდა გატარებული, ლა გორდა ყველასგან იზოლირებულად, განცალკევებულად მყავდა გამორჩეული, რომელსაც მთლიანად ვუზიარებდი ჩემს გაურკვევლობებს. თითქოს, დანარჩენები ჩემთვის არ არსებობდნენ. ვვარაუდობდი, რომ ამის მიზეზი ერთი რამ იყო: ლა გორდა დონ ხუანს მახსენებდა, ხოლო სხვები არა. მასში რაღაც ძალიან მსუბუქი იყო. თუმცა, ეს სიმსუბუქე არც ისე თვალსაჩინო გახლდათ მის ქმედებებში, არამედ ჩემს გრძნობებში, რომლებიც მის მიმართ გამაჩნდა.
მათ სურდათ გაეგოთ, რას ვაკეთებდი. მე ვუთხარი, რომ ახლახან ქალაქ ტულაში, იდალგოში ვიყავი, სადაც რამდენიმე არქეოლოგიური ნანგრევი მოვინახულე. ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ოთხმა კოლოსალურმა, სვეტისმაგვარი ქვის ფიგურების მწკრივმა მოახდინა, რომელსაც ატლანტიდელები ეწოდებათ. ისინი პირამიდის ბრტყელ ზედაპირზე დგანან.
თითოეული ფიგურა, რომელიც სიმაღლეში თხუთმეტი ფუტი, ხოლო სიგანეში სამი ფუტია, დამზადებულია ბაზალტის ოთხი ცალკეული ნაწილისგან და მოჩუქურთმებულია ისეთი ფორმებით, რომლითაც არქეოლოგების მიხედვით ტოლტეკები თავიანთ საომარ ატრიბუტებს ატარებდნენ. ამ ფიგურების ზურგს უკან, ოცი ფუტის დაშორებით, არის კიდევ ერთი რიგის ოთხი მართკუთხა სვეტი, რომლებიც სიმაღლით და სიგანით ერთმანეთის იდენტურია. ისინიც, ფიგურების მსგავსად ოთხი განცალკევებული ქვისგან არიან დამზადებულნი.
ატლანტიდელების შიშის მომგვრელი გარემო იმითაც გამძაფრდა, რაც ჩემმა მეგობარმა მომიყვა. მისი თქმით, ნანგრევების მეურვემ მას გამოუცხადა, თუ როგორ გაიგო ატლანტიდელების სიარული ღამით, რა დროსაც მიწა ირყეოდა.
ხენაროებს ვთხოვე, ჩემი მეგობრის ნათქვამზე კომენტარი გაეკეთებინათ. მორცხვად იქცეოდნენ და იცინოდნენ. შემდეგ ჩემს გვერდით მჯდომ ლა გორდას მივუბრუნდი და აზრის გამოთქმა ვთხოვე.
- ეს ფიგურები არასოდეს მინახავს. - თქვა მან. - ტულაში არასოდეს ვყოფილვარ. ამ ქალაქში წასვლის გაფიქრებაც კი მაშინებს.
- რატომ გაშინებს? - ვკითხე მას.
- რაღაც დამემართა ოახაკაში, მონტე ალბანის ნანგრევებში. იქ მას შემდეგაც კი გავაგრძელე სიარული, რაც ნაგვალმა ხუან მატუსმა მითხრა, რომ ასეთ ადგილებში ფეხი აღარ დამედგა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ადგილი მიყვარდა. ყოველთვის, როცა ოახაკაში ვიყავი, იქ მივდიოდი ხოლმე. მარტოდმარტო მისულ ქალებს იმ ადგილებში ყოველთვის ავიწროებენ, ამიტომ, პაბლიტოსთან ერთად დავდიოდი, რომელიც ძალიან გაბედულია. ერთხელ ნესტორთან ერთად წავედი. მან მიწაზე რაღაც ბრჭყვიალა საგანი დაინახა. მიწა ცოტათი ამოვთხარეთ და უცნაური ქვის ნატეხი ვიპოვეთ, რომელიც ჩემი ხელის გულზე ეტეოდა. ქვაში ხვრელი იყო გამოჭრილი. მინდოდა მასში თითი ჩამეყო, მაგრამ ნესტორმა შემაჩერა. ქვა გლუვი იყო და ხელი ძალიან გამიცხელა. არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა. ნესტორმა იგი ქუდში ჩადო და ისე ვატარებდით, თითქოს ცოცხალი ცხოველი მიგვყავდა.
ყველამ სიცილი დაიწყო, თითქოს ლა გორდას ნაამბობში რაღაც ფარული ხუმრობა იმალებოდა.
- სად წაიღეთ? - ვკითხე მას.
- ამ სახლში მოვიტანეთ. - მიპასუხა ლა გორდამ, რამაც დანარჩენებში უკონტროლო სიცილი გამოიწვია. ახველებდნენ და სიცილისგან იხრჩობოდნენ.
- ლა გორდას დავცინით. - თქვა ნესტორმა. - უნდა გესმოდეს, რომ იგი ისეთი ხისთავიანია, როგორც არავინ. ნაგვალმა მას უკვე უთხრა, რომ არ შეხებოდა ქვებს და ძვლებს, რომლებიც შესაძლოა მიწაში დამარხული ეპოვა. მაგრამ, იგი მაინც აგრძელებდა ყველა სახის სისულელეში ჩიჩქნას.
იმ დღეს ოახაკაში მან დაჟინებით მოითხოვა ამ საშინელი ნივთის თან წაღება. ავტობუსში ჩავჯექით და პირდაპირ ამ ოთახში მოვიტანეთ.
- ნაგვალი და ხენარო სამოგზაუროდ წავიდნენ. - განაგრძო ლა გორდამ. - გავბედე და თითი ხვრელში ჩავდე. მივხვდი, რომ ქვა ხელში დასაჭერად იყო შექმნილი. მაშინვე ისიც ვიგრძენი, ვისაც ადრე ქვა ხელში ეჭირა. ეს ძალის ქვა იყო. განწყობა შემეცვალა. შემეშინდა. სიბნელეში რაღაც საზარელ ქმნილებას ვხედავდი, რომელსაც ფორმა და ფერი არ გააჩნდა. მარტო დარჩენა აღარ შემეძლო. ღამით ყვირილით ვიღვიძებდი და რამდენიმე დღის მანძილზე საერთოდ ვეღარ ვიძინებდი. დღისით და ღამით, მონაცვლეობით რჩებოდნენ ჩემთან ერთად.
- როცა ნაგვალი და ხენარო დაბრუნდა, ნაგვალმა ხენაროსთან ერთად გამგზავნა, რათა ქვა ზუსტად იმ ადგილზე დამებრუნებინა, სადაც დამარხული ვიპოვეთ. - თქვა ნესტორმა. - ხენარო სამი დღე ირჯებოდა მისი ზუსტი ადგილის საპოვნელად. ბოლოს, მან ადგილი იპოვა.
- ამის შემდეგ რა დაგემართა? - ვკითხე ლა გორდას.
- ნაგვალმა დამმარხა. - თქვა მან. - ცხრა დღის განმავლობაში ჭუჭყიან კუბოში სრულიად შიშველი ვიწექი.
მათში სიცილის კიდევ ერთ აფეთქებას ჰქონდა ადგილი.
- ნაგვალმა მას უთხრა, რომ აქედან ვერ გამოძვრებოდა. - თქვა ნესტორმა. - საწყალ ლა გორდას მოუწია, რომ კუბოში მოეშარდა და მოესაქმებინა. ნაგვალმა იგი ისეთ კუბოში ჩააწვინა, რომელიც ტოტებისგან და ტალახისგან დაამზადა. გვერდით პატარა ღრიჭო ჰქონდა, საკვებისთვის და წყლისთვის. დანარჩენი ადგილი დალუქული იყო.
- რატომ დამარხა? - ვიკითხე მე.
- ეს ერთადერთი გზაა ვინმეს დასაცავად. - თქვა ნესტორმა. - იგი მიწის ქვეშ უნდა ყოფილიყო, რათა დედამიწას განეკურნა. დედამიწაზე უკეთესი მკურნალი არ არსებობს. თანაც, ნაგვალს მისთვის ის განცდა უნდა მოეშორებინა, რომელსაც ქვა აღუძრავდა. ტალახი კედელივითაა. იგი არაფერს არ აძლევს მასში გასვლის საშუალებას. ნაგვალმა იცოდა, რომ ცხრა დღით ლა გორდას დაკრძალვა იმაზე უარესი არ იქნებოდა, ვიდრე მას უკვე სჭირდა. ამ გზით იგი მხოლოდ უკეთესად გახდებოდა. როგორც ხედავ, გახდა კიდეც.
- გორდა, როგორი განცდა იყო დამარხულად ყოფნა? - ვკითხე მას.
- კინაღამ ჭკუიდან შევიშალე. მაგრამ, ეს მხოლოდ ჩემი ინდულგირება იყო. ნაგვალი რომ არ დამხმარებოდა, ნამდვილად მოვკვდებოდი. იმ ქვის ძალა ჩემთვის მეტისმეტი იყო. მისი მფლობელი ძალიან დიდი ვინმე იყო. ამ ადამიანის ხელის ზომა ჩემსას ორჯერ აღემატებოდა. იგი ამ ქვას სიცოცხლესავით ეჭიდებოდა, შემდეგ კი ვიღაცამ მოკლა. მის შიშს ცხადად ვგრძნობდი და ეს მაძრწუნებდა. ვგრძნობდი, რომ ჩემი ხორცის საჭმელად ვიღაც მიახლოვდებოდა. სწორედ ამას გრძნობდა ქვის მფლობელი. იგი ძალაუფლების მქონე ადამიანი იყო, მაგრამ ვიღაც უფრო ძლიერმა შეიწირა.
ნაგვალმა თქვა, რომ როდესაც ასეთ ნივთის ფლობ, მას თან კატასტროფა მოაქვს, რადგან მისი ძალა სხვა სახის ობიექტებზე იწყებს ზეგავლენის განხორციელებას. ასეთ დროს, ნივთის მფლობელი ან მდევარი ხდება, ან მსხვერპლი. ნაგვალმა თქვა, რომ ასეთი ნივთების ბუნება ორთაბრძოლაა, რადგან ჩვენი ყურადღება, რომელსაც მასზე ვამახვილებთ, ძალიან საშიშ და სასტიკ მახეში ეხვევა.
- ლა გორდა ძალიან ხარბია. - თქვა პაბლიტომ. - მან ჩათვალა, რომ თუ ისეთ რამეს იპოვიდა, რომელშიც დიდი ძალა იდო, აქედან გამარჯვებული გამოვიდოდა, რადგან დღესდღეობით არავინ არის დაინტერესებული ძალასთან დაპირისპირებით.
ლა გორდამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- როდესაც თითი ხვრელში პირველად ჩავდე და ქვას მოვუჭირე, ხელი გამიხურდა და ჩემმა მკლავმა ვიბრაცია დაიწყო. - თქვა ლა გორდამ. - თავს ნამდვილად ძლიერად და დიდებულად ვგრძნობდი. მე ჩუმჩუმელა ვარ, ამიტომ არავინ იცოდა, რომ ქვა ხელში მეჭირა. რამდენიმე დღის შემდეგ ნამდვილი საშინელება დაიწყო. ვგრძნობდი, რომ ვიღაც ამ ქვის პატრონს დაედევნა. მის შიშს ვგრძნობდი. ეჭვგარეშეა, რომ იგი ძალიან ძლიერი ჯადოქარი იყო და ვინც მას მისდევდა, არა მარტო მკვლელობის ჟინით იყო ანთებული, არამედ ქვის პატრონის ხორცის შეჭმაც უნდოდა. ამან მართლა შემაშინა. ქვისთვის ხელი უნდა გამეშვა, მაგრამ შეგრძნება იმდენად ცოცხალი იყო, რომ ქვაზე სულელივით ვიყავი ჩაფრენილი. როდესაც ქვას ხელი საბოლოოდ გავუშვი, უკვე გვიანი იყო. რაღაც მომეწება. ხილვები მქონდა, რომ ვიღაც მამაკაცები ჩემთან მოდიოდნენ. ისინი უცნაურ სამოსში იყვნენ გამოწყობილი. ვგრძნობდი, როგორ მკბენდნენ. ჩემი ფეხებიდან წვრილი დანებით და ბასრი კბილებით ხორცს მაგლეჯდნენ. ბერსერკი გავხდი!
- როგორ ახსნა დონ ხუანმა ეს ხილვები? - ვკითხე მას.
- მან თქვა, რომ ლა გორდას დაცვა აღარ ჰქონდა. - მიპასუხა ნესტორმა. - ამის შედეგად მან მამაკაცის ფიქსაცია მიიღო. ეს იყო მეორე ყურადღება, რომელიც ამ ქვაში იყო მოქცეული. როდესაც იგი მოკვდა, ხელში ქვა ეჭირა, რათა მთელი თავისი კონცენტრაცია მოეკრიბა. ნაგვალმა თქვა, რომ მამაკაცის ძალა მისი სხეულიდან ქვაში გადავიდა. მან იცოდა, რასაც აკეთებდა. მამაკაცს არ სურდა, რომ მკვლელს მისი სხეულის შეჭმით სარგებლობა მიეღო. ნაგვალმა ისიც თქვა, რომ ამის შესახებ მკვლელმაც უწყოდა. სწორედ ამიტომ ჭამდნენ მას ცოცხლად: რათა ის ძალა მიეღოთ, რაც მან დატოვა. უბედურების თავიდან აცილების მიზნით, ქვა უნდა დაემარხათ. ორმა იდიოტმა, მე და ლა გორდამ, ავდექით და ეს ქვა ამოვთხარეთ.
ლა გორდამ თანხმობის ნიშნად თავი სამ-ოთხჯერ დააქნია. ძალიან სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა.
- ნაგვალმა მითხრა, რომ მეორე ყურადღება ყველაზე სასტიკი რამეა. - თქვა მან. - თუ იგი რაიმე საგანზეა ორიენტირებული, ამაზე საშინელი არაფერია.
- საშინელება ისაა, რომ ჩვენ მას ჩავეჭიდეთ. - თქვა ნესტორმა. - მამაკაცი, რომელსაც ქვა ეჭირა, თავის სიცოცხლეს და ძალას ეჭიდებოდა. სწორედ ამიტომ გრძნობდა ცოცხლად, როგორ ჭამდნენ მის ხორცს. ნაგვალმა თქვა, რომ თუ მამაკაცი თავის მესაკუთრეობას გამოემშვიდობებოდა და სიკვდილთან მარტო დარჩებოდა, რაც არ უნდა შემთხვეოდა ამის შემდეგ, მას აღარაფერი შეაშინებდა.
საუბარი ჩაქრა. დანარჩენებს ვკითხე, რაიმე ხომ არ ჰქონდათ სათქმელი. პატარა დებმა შემომხედეს. ბენიგნომ ჩაიცინა და სახე ქუდით დამალა.
- მე და პაბლიტო ტულას პირამიდებში ვიყავით. - თქვა მან ბოლოს. - ჩვენ ყველა პირამიდაში ვიყავით, რაც კი მექსიკაში არსებობს. ისინი მოგვწონს.
- რატომ წახვედით ყველა პირამიდის მოსანახულებლად? - ვკითხე მას.
- ნამდვილად არ ვიცი, რატომ წავედით. - თქვა მან. - ალბათ იმიტომ, რომ ნაგვალმა ხუან მატუსმა გვითხრა, ეს არ გაგვეკეთებინა.
- პაბლიტო, შენ რას იტყვი?
- იქ სასწავლებლად წავედი. - მიპასუხა მან და ჩაიცინა. - ადრე ქალაქ ტულაში ვცხოვრობდი, ამ პირამიდებს ისე ვიცნობდი, როგორც საკუთარ ხელს. ნაგვალმა მითხრა, რომ იმ ადგილას ადრე თავადაც ცხოვრობდა. მან ყველაფერი იცოდა პირამიდების შესახებ. იგი ტოლტეკი იყო.
მაშინ მივხვდი, რომ ტულაში წასვლის მიზეზი არქეოლოგიურ ცნობისმოყვარეობაზე რაღაც მეტი იყო. მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩემი მეგობრის მოწვევას დავთანხმდი ის იყო, რომ ლა გორდასთან და სხვებთან ჩემი პირველი ვიზიტისას მათ ისეთი რამ მითხრეს, რაც დონ ხუანს ჩემთან გაკვრითაც არასდროს უხსენებია. ისინი საკუთარ თავს ტოლტეკების კულტურულ შთამომავლებად თვლიდნენ. ქალაქი ტულა, ტოლტეკების იმპერიის უძველესი ცენტრი იყო.
- რას იტყვი ატლანტიდელებზე, რომლებიც ღამით დადიან? - ვკითხე პაბლიტოს.
- ცხადია, ისინი ღამით დადიან. ეს ნაგებობები დიდი ხანია არსებობს, არავინ იცის, ვინ ააგო პირამიდები. თავად ნაგვალმა ხუან მატუსმა მითხრა, რომ პირამიდები პირველად ესპანელებს არ აღმოუჩენიათ. ნაგვალმა თქვა, რომ ესპანელებამდე სხვები იყვნენ მოსულები. ღმერთმა იცის, თანაც რამდენი.
- როგორ ფიქრობთ, რას წარმოადგენს ქვის ეს ოთხი ფიგურა? - ვკითხე მას.
- ისინი კაცები არ არიან, არამედ ქალები არიან. - თქვა მან. - პირამიდა წესრიგისა და სტაბილურობის ცენტრია. ფიგურები მის ოთხ კუთხეს განასახიერებს. ეს არის ოთხი ქარი, ოთხი მიმართულება. ისინი პირამიდის საფუძვლები არიან. ქალები უნდა იყვნენ, კაცური ქალები, თუ გინდა ასეც დაარქვი. მოგეხსენება, რომ ჩვენ, კაცები, არც ისეთი მხურვალენი ვართ. ჩვენ კარგად ვკრავთ, როგორც წებო, რომელიც ნივთებს ერთმანეთთან აკავშირებს, მაგრამ ყველაფერი სულ ეს არის. ნაგვალმა ხუან მატუსმა განაცხადა, რომ პირამიდის საიდუმლო მის სტრუქტურაშია. მისი ოთხი კუთხე ცენტრისკენ არის ამაღლებული. თავად პირამიდა მამაკაცია, რომელსაც მისი ოთხი ქალი მეომარი მხარს უმაგრებს. მამაკაცი, რომელმაც თავისი მხარდამჭერები უმაღლეს ადგილებამდე აამაღლა. გესმის, რას ვგულისხმობ?
სახეზე დაბნეულობა უნდა მქონოდა აღბეჭდილი. პაბლიტოს გაეცინა. თავაზიანად იცინოდა.
- ვერა პაბლიტო, ვერ ვხვდები, რას გულისხმობ. - ვუთხარი მე. - მაგრამ, ეს იმიტომ ხდება, რომ დონ ხუანს ამის შესახებ ჩემთვის არასდროს არაფერი უთქვამს. ეს თემა ჩემთვის სრულიად ახალია. გთხოვ, ყველაფერი მითხარი, რაც იცი.
- ატლანტიდელები ნაგვალები არიან. ისინი სიზმარმხილველები არიან. ატლანტიდელები განასახიერებენ მეორე ყურადღების პირდაპირ მიპყრობის წესრიგს. ამიტომაც არიან ისინი ასეთი საშინლები და იდუმალები. ისინი ომის არსებები არიან, მაგრამ არა განადგურების.
სვეტების მეორე მართკუთხა რიგი წარმოადგენს პირველი ყურადღების წესრიგს, ანუ ტონალს. ისინი სტალკერები არიან, ამიტომ წარწერებით არიან დაფარული. წინა რიგის საპირისპიროდ, ისინი ძალიან მშვიდები და ბრძენები არიან.
პაბლიტომ ლაპარაკი შეწყვიტა და თითქმის გამომწვევად შემომხედა, შემდეგ გაიღიმა.
მეგონა ჩემთვის ნათქვამის ახსნას განაგრძობდა, მაგრამ დუმდა, თითქოს ჩემს კომენტარს ელოდა.
ვუთხარი, რამდენად დაინტერესებული ვიყავი და ვთხოვე, საუბარი გაეგრძელებინა. ეტყობოდა, რომ ვერ გადაეწყვიტა, წამით მიყურებდა და ღრმად ამოისუნთქა. საუბარი ძლივს წამოიწყო, როცა სხვების ხმა პროტესტის ნიშნად გაისმა.
- ნაგვალმა ეს უკვე ყველას აგვიხსნა. - თქვა ლა გორდამ მოუთმენლად. - რა აზრი აქვს ამის გამეორებას?
ვცდილობდი მათთვის ამეხსნა, რომ წარმოდგენა არ მქონდა, პაბლიტო რის შესახებ ლაპარაკობდა. მათზე გავიმარჯვე და პაბლიტომ ახსნა განაგრძო. მისი საუბრისას ხმების კიდევ ერთი ტალღა გაისმა. თუ იმით ვიმსჯელებთ, როგორც პატარა დებმა შემომხედეს, ძალიან ბრაზდებოდნენ. განსაკუთრებით ლიდია.
- ჩვენ იმ ქალებზე საუბარი არ გვიყვარს. - თქვა ლა გორდამ შემრიგებლური ტონით. - უბრალოდ, პირამიდის ქალებზე ფიქრი ძალიან გვანერვიულებს.
- რა გჭირთ ხალხო, ასე რატომ იქცევით? - ვუთხარი მათ.
- არ ვიცით. - მიპასუხა ლა გორდამ. - უბრალოდ, ეს არის განცდა, რომელიც ყველა ჩვენგანს გვეუფლება. ძალიან შემაშფოთებელი განცდაა. ცოტა ხნის წინ კარგად ვიყავით, სანამ მათ შესახებ კითხვების დასმას დაიწყებდი.
ლა გორდას განცხადებები განგაშის სიგნალს ჰგავდა. ყველა ფეხზე წამოდგა და მუქარით ჩემკენ წამოვიდა, თან ხმამაღლა ლაპარაკობდნენ.
დიდი დრო დამჭირდა მათ დასამშვიდებლად და თავის ადგილებზე დასაბრუნებლად. პატარა დები ძალიან აღელვებულები იყვნენ და მათმა განწყობამ თითქოს ლა გორდაზეც მოახდინა გავლენა. სამმა მამაკაცმა მეტი თავშეკავება გამოიჩინა. ნესტორს შევხედე და უხეშად ვთხოვე ჩემთვის აეხსნა, რატომ იყვნენ გოგონები ასეთი აჟიტირებულები. ცხადი იყო, მათი განწყობის გამწვავებას უნებურად ვახორციელებდი.
- ნამდვილად არ ვიცი, ეს რა არის. - თქვა ნესტორმა. - დარწმუნებული ვარ, არცერთმა ჩვენგანმა არ იცის რა გვემართება, გარდა იმისა, რომ ყველანი ძალიან სევდიანები და ანერვიულებულები ვხდებით.
- და ეს იმიტომ, რომ პირამიდებზე ვსაუბრობთ? - ვკითხე მას.
- ასე უნდა იყოს. - მიპასუხა ნესტორმა მწარედ. - თავადაც არ ვიცოდი, რომ ეს ფიგურები ქალები იყვნენ.
- რა თქმა უნდა, იცოდი, შე იდიოტო. - ამოიოხრა ლიდიამ.
ნესტორი თითქოს მისმა გამოხტომამ შეაშინა. მან უკან დაიხია და მორცხვად გამიღიმა.
- იქნებ ვიცოდი კიდეც. - აღიარა მან. - ჩვენი ცხოვრების ძალიან უცნაურ პერიოდს გავდივართ. არცერთმა ჩვენგანმა დანამდვილებით არაფერი იცის. მას შემდეგ, რაც შენ ჩვენს ცხოვრებაში შემოხვედი, საკუთარი თავისთვის უცნობები ვართ.
ძალიან მჩაგვრელი განცდა დამეუფლა. დაჟინებით ვამტკიცებდი, რომ ამის გაფანტვის ერთადერთი გზა პირამიდის იდუმალ სვეტებზე საუბარი იყო.
ქალებმა მწვავე პროტესტი გამოთქვეს. კაცები დუმდნენ. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ კაცებიც ქალებივით ფიქრობდნენ, მაგრამ ამ თემის განხილვა ფარულად სურდათ, ისევე როგორც მე.
- პაბლიტო, დონ ხუანმა კიდევ რა გითხრა პირამიდების შესახებ?
ჩემი განზრახვა ატლანტიდელების სპეციფიკური თემისგან საუბრის გადატანა, მაგრამ მასთან ახლოს დარჩენა იყო.
- მან თქვა, რომ ტულაში ერთი კონკრეტული პირამიდა მეგზური იყო. - მიპასუხა პაბლიტომ ხალისით.
მისი ხმის ტემბრიდან მივხვდი, რომ საუბარი ძალიან უნდოდა. სხვა შეგირდების ყურადღებამ დამარწმუნა, რომ ფარულად ყველა მათგანს სურდა აზრთა მიმოცვლა.
- ნაგვალმა თქვა, რომ ეს იყო მეორე ყურადღების მეგზური. - განაგრძო პაბლიტომ. - მაგრამ, იგი გაძარცვეს და გაანადგურეს. მან მითხრა, რომ ზოგიერთი პირამიდა გიგანტური არ-კეთება იყო. ისინი საცხოვრებლები არ იყვნენ, არამედ მეომრებისთვის სიზმარხილვისა და მეორე ყურადღების გავარჯიშების ადგილი. მათ მიერ გაკეთებული ნახატებში და ფიგურებში ასახეს, რომლებიც კედლებზე გამოსახეს.
შემდეგ სხვა სახის მეომარი უნდა გამოჩენილიყო. ისეთი, ვისაც არ მოეწონა, რაც პირამიდის ჯადოქრებმა მეორე ყურადღებაში გააკეთეს, შედეგად მათ პირამიდა და ყველაფერი გაანადგურეს, რაც მასში იყო.
ნაგვალს სჯეროდა, რომ ახალი მეომრები მესამე ყურადღების მეომრები უნდა ყოფილიყვნენ, ისეთივე, როგორიც თავად იყო. ესენი იყვნენ მეომრები, რომლებიც მეორე ყურადღების ბოროტეული ფიქსაციით შეძრწუნებულნი იყვნენ. პირამიდების ჯადოქრები ზედმეტად დაკავებულნი იყვნენ მათი ფიქსაციით, რათა გაეაზრებინათ, რა ხდებოდა. როცა გაიაზრეს, უკვე გვიანი იყო.
პაბლიტოს მსმენელთა აუდიტორია ჰყავდა. ოთახში მყოფთაგან ყველა, მათ შორიც მეც, მოხიბლულნი ვიყავით. მის მიერ წარმოდგენილი იდეები მესმოდა, რადგან ისინი დონ ხუანმა ამიხსნა.
დონ ხუანმა თქვა, რომ ჩვენი მთლიანი არსება შედგება ორი შესამჩნევი სეგმენტისგან. პირველი არის ნაცნობი ფიზიკური სხეული, რომლის აღქმა ყველა ჩვენგანს შეუძლია. მეორე არის მანათობელი სხეული, რომელიც ჭუპრს ჰგავს და რომლის აღქმაც მხოლოდ მხედველებს შეუძლიათ. ეს არის ჭუპრი, რომელიც გიგანტური მანათობელი კვერცხის შეხედულებას გვაძლევს.
მან ასევე თქვა, რომ ჯადოქრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი მანათობელ ჭუპრამდე მიღწევაა. ეს არის მიზანი, რომელიც სიზმარხილვის დახვეწილი გამოყენებით სრულდება, რასაც დონ ხუანი მკაცრი სისტემატური ძალისხმევის შედეგად არ-კეთებას უწოდებდა. მან არ-კეთება განსაზღვრა, როგორც განუსაზღვრელი აქტი, როგორც უცნობი ქმედება, რომელიც ჩვენს მთლიან არსებას აერთიანებს და გვაიძულებს, რომ მისი მანათობელი სეგმენტი გავაცნობიეროთ.
ამ ცნებების ასახსნელად დონ ხუანმა ცნობიერების არათანაბარი, სამნაწილიანი დაყოფა გააკეთა.
ყველაზე პატარას მან უწოდა პირველი ყურადღება და თქვა, რომ ეს არის ცნობიერება, რომელსაც ყველა ნორმალური ადამიანი ავითარებს ყოველდღიური სამყაროს გამკლავების მიზნით. იგი ფიზიკური სხეულის ცნობიერებას მოიცავს.
კიდევ ერთ, უფრო დიდ ნაწილს მან უწოდა მეორე ყურადღება და აღწერა, როგორც ჩვენთვის საჭირო ცნობიერება, რათა მანათობელი ჭუპრი აღვიქვათ და ვიმოქმედოთ, როგორც მანათობელი არსება. მან თქვა, რომ მეორე ყურადღება მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე უკანა პლანზე რჩება, თუ იგი მიზანმიმართული ვარჯიშის ან შემთხვევითი ტრავმის შედეგად არ გამოჩნდა. მისი თქმით, მეორე ყურადღება მანათობელი სხეულის ცნობიერებას მოიცავს.
ბოლო, მესამე ნაწილს, რომელიც ყველაზე დიდი იყო, მან უწოდა მესამე ყურადღება - განუზომელი ცნობიერება, რომელიც ფიზიკური და მანათობელი სხეულების განუსაზღვრელ ასპექტებს მოიცავს.
მას ვკითხე, თავად თუ განუცდია მესამე ყურადღება. დონ ხუანმა მიპასუხა, რომ იგი მესამე ყურადღების პერიფერიაზე იმყოფებოდა და თუ ოდესმე მასში მთლიანად შევიდოდა, ამას მაშინვე გავიგებდი, რადგან იგი მთლიანად ისეთი გახდებოდა, რასაც სინამდვილეში წარმოადგენდა: ენერგიის ამოფრქვევა.
მან დაამატა, რომ მეომრების ბრძოლის ველს მეორე ყურადღება წარმოადგენდა, რომელიც მესამე ყურადღების მიღწევისთვის ერთგვარი სავარჯიშო მოედანი იყო. მეორე ყურადღების მდგომარეობა ძნელად მისაღწევია, მაგრამ ძალიან ნაყოფიერია მას შემდეგ, როდესაც მიიწევა.
- პირამიდები საზიანოა. - განაგრძო პაბლიტომ. - განსაკუთრებით დაუცველი ჯადოქრებისთვის, როგორებიც ჩვენ ვართ. ისინი კიდევ უფრო უარესები არიან უფორმო მეომრებისთვის, როგორიცაა ლა გორდა. ნაგვალმა თქვა, რომ არაფერია მეორე ყურადღების ბოროტ ფიქსაციაზე უფრო საშიში.
როდესაც მეომრები მეორე ყურადღების სუსტ მხარეზე სწავლობენ ფოკუსირებას, მათ გზაზე ვერაფერი დადგება. ისინი ადამიანებზე მონადირეები ხდებიან: აჩრდილები. ცოცხლები რომც აღარ იყვნენ, დროთა განმავლობაში მაინც შეუძლიათ მსხვერპლთან მიაღწიონ, თითქოს აქ იმყოფებიან.
ვინაიდან ერთ-ერთ ასეთ პირამიდაში სეირნობის გამო შესაძლოა თავად გავხდეთ მტაცებლები, ნაგვალი მათ მეორე ყურადღების მახეებს ეძახდა.
- ზუსტად რა თქვა, რა მოხდებაო? - ჰკითხა ლა გორდამ.
- ნაგვალმა თქვა, რომ შესაძლოა პირამიდებში ერთადერთი ვიზიტისთვის გაგვეძლო. - განმარტა პაბლიტომ. - მეორე ვიზიტისას უცნაურ სევდას ვიგრძნობდით. იგი ცივი ნიავის მსგავსი იქნებოდა, რომელიც მალე დაგვღლიდა და უბედურებას შეგვყრიდა. სულ მოკლე დროში გავგიჟდებოდით. ყველაფერი ერთბაშად დაგვემართებოდა. ნაგვალმა განაცხადა, რომ ჩვენი ცუდი იღბალი პირამიდებში სტუმრობის მიზეზით ხდებოდა, რადგან იქ წასვლის სურვილს გამოვთქვამდით და მისი რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ ვიქცეოდით.
მაგალითად, ელიჰიო ნაგვალს ყოველთვის ემორჩილებოდა. მას პირამიდებში ვერასდროს ნახავდი. იქ არც ნაგვალი დადიოდა, შედეგად მათ ყოველთვის უმართლებდათ, მაშინ როცა ყველა ჩვენგანის ბედი უკუღმა იყო მოქცეული, განსაკუთრებით ლა გორდას და ჩემს შემთხვევაში. ერთხელ ძაღლმა არ დაგვკბინა? ერთი და იგივე სახურავის ფილა თავში ორჯერ არ დაგვეცა?
- ნაგვალს ეს ჩემთვის არასოდეს აუხსნია. - თქვა ლა გორდამ.
- რა თქმა უნდა, აგიხსნა. - უმტკიცებდა პაბლიტო.
- რომ მცოდნოდა, რამდენად საშინელება იქნებოდა, იმ დაწყევლილ ადგილებში ფეხსაც არ დავდგამდი. - გააპროტესტა ლა გორდამ.
- ნაგვალმა თითოეულ ჩვენგანს ერთი და იგივე რამ უთხრა. - თქვა ნესტორმა. - პრობლემა ის არის, რომ ყოველი ჩვენგანი მას ყურადღებით არ უსმენდა, უფრო სწორად, თითოეული ჩვენგანი თავისებური კუთხით უსმენდა და იმას იგებდა, რისი გაგებაც თავად სურდა.
ნაგვალმა თქვა, რომ მეორე ყურადღების ფიქსაციას ორი სახე აქვს.
პირველი და მარტივი სახე ბოროტია. ეს მაშინ ხდება, როცა სიზმარმხილველები თავიანთ სიზმარხილვას სამყაროს საგნებზე ყურადღების გასამახვილებლად იყენებენ, როგორიცაა ფული და ადამიანებზე მოპოვებული ძალაუფლება (პირველი ყურადღების სამყარო).
მეორე სახე უფრო რთულად მისაღწევია და ეს ხდება მაშინ, როდესაც სიზმარმხილველები თავიანთ მეორე ყურადღებას ისეთ საგნებზე ამახვილებენ, რომლებიც ამ სამყაროს არ ეკუთვნის, როგორიც არის უცნობში მოგზაურობა (მეორე ყურადღების სამყარო).
მეომრებს უსასრულო უზადობა სჭირდებათ, რათა ამ სახეს მიაღწიონ.
მათ ვუთხარი, რომ დარწმუნებული ვიყავი, ჩემი აზრით დონ ხუანმა ზოგი რამ შერჩევითად გაგვიმხილა. მე პირადად, ვერ გავიხსენე, რომ ოდესმე დონ ხუანს ჩემთან მეორე ყურადღების ბოროტი სახის შესახებ ესაუბროს.
მაშინ მათ მოვუყევი, რა მითხრა დონ ხუანმა ზოგადად ყურადღების ფიქსაციის შესახებ.
მან ჩემთან საუბრისას ხაზი განსაკუთრებით იმას გაუსვა, რომ მეხიკოში არსებული ყველა არქეოლოგიური ნანგრევი, განსაკუთრებით კი პირამიდები, თანამედროვე ადამიანისთვის საზიანო იყო. იგი პირამიდებს აღწერდა, როგორც აზროვნებისა და მოქმედების უცხო გამოხატულებას. დონ ხუანმა ასევე დაამატა, რომ პირამიდებში ყველა დეტალი და თითოეული დიზაინი განასახიერებდა გათვლილ ძალისხმევას, ყურადღების ასპექტების ასახვის მიზნით, რომლებიც ჩვენთვის სრულიად უცხო იყო. დონ ხუანისთვის ისინი მხოლოდ წარსული კულტურის ნანგრევები არ იყვნენ, არამედ მათში საშიშ ელემენტებს ატარებდნენ. პირამიდებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ობიექტს შემაშფოთებლად მავნე პოტენციალი ჰქონდა.
ერთხელ, ეს დეტალურად განვიხილეთ. ამ საუბარს ჩემს მიერ გაკეთებული კომენტარის შემდეგ ჰქონდა ადგილი, როდესაც შეშფოთება გამოვთქვი, თუ სად შემენახა უსაფრთხოდ საკუთარი ჩანაწერები. მე მათ ყველაზე მესაკუთრე დამოკიდებულებით ვუყურებდი, რისი წარმოდგენაც შესაძლებელია და ჩანაწერების უსაფრთხოებით შეპყრობილი ვიყავი.
- რა უნდა გავაკეთო? - ვკითხე მას.
- ხენარომ გამოსავალი უკვე მოგცა. - მიპასუხა მან. - შენ როგორც ყოველთვის ფიქრობ, რომ ხუმრობდა. იგი არასოდეს ხუმრობს. მან გითხრა, რომ ფანქრის ნაცვლად თითის წვერით დაგეწერა. შენ ეს არც კი დაგიწყია, რადგან ვერ წარმოგედგინა, რომ სწორედ ეს არის ჩანაწერების არ-კეთება.
ვამტკიცებდი, რომ მის მიერ შემოთავაზებული უეჭველად ხუმრობა უნდა ყოფილიყო. ჩემი სოციალური იმიჯი მეცნიერის სტატუსი გახლდათ, რომელსაც "ყველაფრის ჩაწერა" სჭირდებოდა, რათა "დამოწმებული დასკვნები" გაეკეთებინა. დონ ხუანისთვის ერთი მეორესთან არანაირ კავშირში არ იყო: სერიოზულ მოსწავლეს ჩანაწერების კეთებასთან კავშირი არ ჰქონდა.
მე პირადად გამოსავალს ვერ ვხედავდი. დონ ხენაროს წინადადება იუმორისტულად მეჩვენებოდა და არა რეალურ შესაძლებლობად.
დონ ხუანმა თავისი აზრი განავრცო. მან თქვა, რომ ჩანაწერების გაკეთება პირველი ყურადღების ჩართვის საშუალება იყო დამახსოვრების ამოცანაში, რათა გამეხსენებინა, რა ითქვა და რა გაკეთდა. ხენაროს რეკომენდაცია ხუმრობა არ იყო, რადგან ფურცელზე თითის წვერით წერისას, ჩემი შენიშვნების არ-კეთება მეორე ყურადღებას გახსენებისკენ აიძულებდა. დონ ხუანის მიხედვით საბოლოო შედეგი ბევრად უფრო ზუსტი და მძლავრი იქნებოდა, ვიდრე ჩანაწერების კეთება. აქამდე მსგავსი რამ არასოდეს განხორციელებულა, მაგრამ პრინციპი მკაფიო იყო.
ცოტა ხნით ამის კეთებას მაიძულებდა. შევწუხდი. ჩანაწერების კეთება არა მხოლოდ დასამახსოვრებელი საშუალება იყო, არამედ დამამშვიდებელიც. ეს იყო ჩემი ყველაზე გამოსადეგი ყავარჯენი. ფურცლების დაგროვება განზრახვის და წონასწორობის შეგრძნებას მაძლევდა.
- როდესაც შენს ფურცლებზე ნერვიულობ, მათზე შენი არსების ძალიან საშიში ნაწილის ფოკუსირებას ახდენ. - მითხრა დონ ხუანმა. - ჩვენ ყველას გვაქვს ეს საშიში მხარე, ეს ფიქსაცია. რაც უფრო ვძლიერდებით, მოცემული მხარეც მით უფრო მომაკვდინებელი ხდება.
მეომრების რეკომენდაცია ის არის, რომ მათ მატერიალური არაფერი გააჩნდეთ, რაზეც საკუთარი ძალაუფლების ყურადღებას გაამახვილებენ. ძალაუფლების ყურადღება მხოლოდ სულზე უნდა გაამახვილონ: შეუცნობელში ჭეშმარიტ ფრენაზე და არა ვულგარულ, გაცვეთილ საგნებზე. შენს შემთხვევაში, ჩანაწერები ის წინაღობაა, რომელიც მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ მოგცემს.
სერიოზულად ვგრძნობდი, რომ ჩემი ჩანაწერებისგან დისოციაციის არანაირი შანსი არ მქონდა. დონ ხუანი თითით წერას ისე განსაზღვრავდა, როგორც არ-კეთების პრაქტიკას. მან თქვა, რომ ისეთი მესაკუთრისთვის, როგორიც მე ვიყავი, ფურცლებისგან განთავისუფლებისთვის ყველაზე შესაფერისი გზა, მათი გამჟღავნება იყო: წიგნის გამოცემა. იმ დროს ეს კიდევ უფრო დიდ ხუმრობად მეჩვენებოდა, ვიდრე თითის წვერით ჩანაწერების კეთება.
- შენი ძალადობრივი სურვილი, რომ რაღაცებს ფლობდე და ეჭიდებოდე, სულაც არ არის უნიკალური. - თქვა მან. - ყველა, ვისაც სურს, რომ მეომრის გზას, ჯადოქრის გზას გაჰყვეს, ამ ფიქსაციისგან უნდა განთავისუფლდეს.
ჩემმა კეთილმყოფელმა მითხრა, რომ ერთ დროს მეომრებს მატერიალური ნივთები ჰქონდათ, სადაც თავიანთ აკვიატებებს ათავსებდნენ. ამან წარმოშვა საკითხი, თუ ვისი ნივთი იქნებოდა უფრო ძლიერი. ასეთ საგანთა ნარჩენები დღესაც არსებობს დედამიწაზე. ისინი ძალაუფლებისთვის რბოლის ნარჩენები არიან.
ვერავინ გეტყვის, რა სახის ფიქსაცია აქვთ ასეთ საგნებს მიღებული. შენზე უსასრულოდ ძლიერმა ხალხმა მთელი მათი ყურადღების ასპექტი ამ საგანზე გადაიტანა. ახლა უბრალოდ შენი სუსტი საზრუნავი ფურცლებზე გაქვს გადატანილი. შენი ჯერ კიდევ არ მისულხარ ყურადღების სხვა დონეებამდე.
დაფიქრდი, რა საშინელება იქნება, თუ ბილიკის ბოლოს საკუთარ თავს მეომრად აღმოაჩენ, ზურგზე კი შენი ჩანაწერების დასტები ჯერ კიდევ გექნება აკიდებული. იმ დროისთვის ჩანაწერები ცოცხალი იქნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თითის წვერით წერას ისწავლი და მაინც განაგრძობ ფურცლების დაგროვებას. სულაც არ გამიკვირდება, თუ ვინმე ფეხით მოსეირნე შენს ფურცლებს აღმოაჩენს.
- ჩემთვის ადვილი გასაგებია, რატომ არ სურდა ნაგვალ ხუან მატუსს, რომ ქონება გვქონოდა. - თქვა ნესტორმა მას შემდეგ, როდესაც საუბარი დავასრულე. - ჩვენ ყველა სიზმარმხილველები ვართ. მას არ სურდა, რომ ჩვენი სიზმარხილვის სხეული მეორე ყურადღების სუსტ მხარეზე გაგვემახვილებინა.
მაშინ მისი მანევრები არ მესმოდა. ვწუწუნებდი, რომ ყველაფერს დამაშორა, რაც კი გამაჩნდა. ვფიქრობდი, რომ ეს უსამართლობა იყო. მწამდა, რომ მას ამით პაბლიტოს და ნესტორის შურის გაქრობა სურდა, რადგან მათ თავად არაფერი გააჩნდათ. მათთან შედარებით კარგ მდგომარეობაში ვიყავი. იმ დროს წარმოდგენაც არ მქონდა, რომ იგი ჩემი სიზმარხილვის სხეულს იცავდა.
დონ ხუანმა სიზმარხილვა სხვადასხვა გზით ამიხსნა. მათგან ყველაზე ბუნდოვანი ამჟამად მეჩვენება, რომ მას საუკეთესოდ განსაზღვრავს. მან თქვა, რომ სიზმარხილვა არსებითად ძილის არ-კეთებაა. როგორც ასეთი, სიზმარხილვა სიზმარმხილველებს საშუალებას აძლევს თავიანთ ძილში გატარებული სიცოცხლის ნაწილი გამოიყენონ.
თითქოს სიზმარმხილველებს აღარ სძინავთ. თუმცა, ამისგან არანაირი დაავადება არ მოდის. სიზმარმხილველებს ძილი არ აკლიათ და სიზმარხილვის ეფექტს განასახიერებს გამოღვიძებულად ყოფნის დროის გაზრდა, რომელიც სიზმარხილვის სხეულის სახით ხორციელდება.
დონ ხუანმა ამიხსნა, რომ სიზმარხილვის სხეულს ზოგჯერ "დუბლს" ან "ორეულს" უწოდებენ, რადგან იგი სიზმარმხილველის სხეულის ზუსტი ასლია. ეს არსებითად მანათობელი ქმნილების ენერგიაა, ფანტომური სახის გამოსხივება, რომელიც სხეულის სამგანზომილებიან გამოსახულებისკენ, მეორე ყურადღების ფიქსაციის შედეგად პროეცირდება.
დონ ხუანმა განმარტა, რომ სიზმარხილვის სხეული მოჩვენება არ არის და იგი ისეთივე რეალურია, როგორც ყველაფერი დანარჩენი, რასაც ვაკეთებთ. მისი თქმით, მეორე ყურადღება გარდაუვალად მიაპყრობს ყურადღებას მთელ ჩვენს ქმნილებას, როგორც ენერგეტიკულ ველს და ამ ენერგიას ნებისმიერ შესაფერის ფორმად გარდაქმნის. რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივი გამოსახულება ჩვენი ფიზიკური სხეულია, რომელსაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან უკვე კარგად ვიცნობთ, პირველი ყურადღების გამოყენებისას.
იმას, რაც ჩვენი ტოტალური არსების ენერგიას ასხივებს, რათა შესაძლებლობის საზღვრებში მოქცეული ყველა ასპექტი წარმოქმნას, "განზრახვა" ეწოდება. დონ ხუანმა ახსენა, რას წარმოადგენდნენ ეს საზღვრები: მანათობელი არსების დონეზე, საზღვრების დიაპაზონი იმდენად ფართოა, რომ საზღვრების დადგენის მცდელობა ყოვლად უშედეგოა.
ამგვარად, მანათობელი არსების ენერგია შესაძლებელია, რომ განზრახვის მეშვეობით გარდაიქმნას.
- ნაგვალმა თქვა, რომ სიზმარხილვის სხეული ყველაფერში ერთვება და ყველაფერს ეჭიდება. - თქვა ბენიგნომ. - მას შეგრძნება არ აქვს. მან მითხრა, რომ მამაკაცები უფრო სუსტები არიან, ვიდრე ქალები, რადგან მათი სიზმარხილვის სხეული უფრო მესაკუთრეა.
პატარა დებმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეს. ლა გორდამ შემომხედა და გაიღიმა.
- ნაგვალმა მითხრა, რომ შენ მესაკუთრეობის მეფე ხარ. - თქვა მან. - ხენარომ მითხრა, რომ შენს განავალსაც ემშვიდობები, სანამ ჩარეცხავ.
პატარა დები სიცილისგან გაგორდნენ. ხენაროები აშკარად თავის შეკავებას ცდილობდნენ. ჩემს გვერდით მჯდომმა ნესტორმა მუხლზე ხელი დამკრა.
- ნაგვალი და ხენარო შენზე დიდ ისტორიებს ჰყვებოდნენ. - თქვა მან. - ისინი წლების მანძილზე გვართობდნენ ისტორიებით ერთ უცნაურ კაცზე, რომელსაც თავად იცნობდნენ. ახლა ვიცით, რომ ეს შენ იყავი.
უხერხულობის ტალღა ვიგრძენი. თითქოს დონ ხუანმა და დონ ხენარომ მიღალატეს. თავიანთი შეგირდების წინაშე დამცინოდნენ. თავმოყვარეობამ მძლია. ჩივილი დავიწყე. მათ ვუთხარი, რომ ისინი მიდრეკილნი იყვნენ ჩემს წინააღმდეგ წასულიყვნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ სულელი ვიყავი.
- ეს სიმართლე არ არის. - თქვა ბენიგნომ. - მოხარულები ვართ, რომ ჩვენთან ხარ.
- ვართ კი? - ამოიოხრა ლიდიამ.
ყველა მათგანი ცხარე კამათში ჩაერთო. კაცები და ქალები ორად გაიყო. ლა გორდა არც ერთ ჯგუფს არ უერთდებოდა. იგი ჩემს გვერდით იჯდა, დანარჩენები კი ფეხზე წამოდგნენ და ყვიროდნენ.
- რთულ დროს გავდივართ. - მითხრა ლა გორდამ დაბალი ხმით. - ბევრი სიზმარხილვა გავაკეთეთ, მაგრამ ეს იმისთვის საკმარისი არ არის, რაც გვჭირდება.
- რა გჭირდებათ, გორდა? - ვკითხე მას.
- არ ვიცით. - თქვა მან. - იმედი გვქონდა, რომ ამას შენ გვეტყოდი.
პატარა დები და ხენაროები ისევ დასხდნენ, რათა მოესმინათ, რას მეუბნებოდა ლა გორდა.
- ჩვენ ლიდერი გვჭირდება. - განაგრძო მან. - შენ ნაგვალი ხარ, მაგრამ ლიდერი არ ხარ.
- სრულყოფილ ნაგვალად გახდომას დრო სჭირდება. - თქვა პაბლიტომ. - ნაგვალმა ხუან მატუსმა მითხრა, რომ იგი ახალგაზრდობაში უსირცხვილო იყო, სანამ თვითკმაყოფილებისგან რაღაცამ არ შეძრა.
- ამის არ მჯერა. - იყვირა ლიდიამ. - მას ჩემთვის მსგავსი რამ არასოდეს უთქვამს.
- მან თქვა, რომ იგი ძალიან მორცხვი იყო. - დაამატა ლა გორდამ დაბალი ხმით.
- ნაგვალმა მითხრა, რომ ახალგაზრდობაში უიღბლო იყო, ისეთივე, როგორიც მე. - განაგრძო პაბლიტომ. - მისმა კეთილმყოფელმა უთხრა, რომ პირამიდებში ფეხი არ დაედგა, მაგრამ ზუსტად ამის გამო, იგი პირამიდებში პრაქტიკულად იქამდე ცხოვრობდა, სანამ ფანტომების ურდომ არ გააძევა იქიდან.
როგორც ჩანს, ამბავი არავინ იცოდა. გაფითრდნენ.
- ეს სულ დამავიწყდა. - განმარტა პაბლიტომ. - მხოლოდ ახლაღა გამახსენდა. ეს ზუსტად იმას ჰგავს, რაც ლა გორდას შეემთხვა. ერთი დღის შემდეგ ნაგვალი საბოლოოდ გახდა უფორმო მეომარი, ხოლო იმ მეომრების ბოროტი ფიქსაციები, რომელთაც თავიანთი სიზმარხილვები შეასრულეს და ასევე სხვა პირამიდების არ-კეთებები ნაგვალს დაედევნნენ.
იგი მინდორში მუშაობის დროს იპოვეს. მან მითხრა, რომ დაინახა, როგორ ამოვიდა ტალახიდან ხელი, რომელიც მისი ფეხის დაჭერას ლამობდა. მას ეგონა, რომ ეს შემთხვევით დაკრძალული თანამუშაკი იყო. მიწის ამოთხრას ცდილობდა. შემდეგ მიხვდა, რომ ჭუჭყიან კუბოს თხრიდა: ამ ადგილას მამაკაცი იყო დამარხული. ნაგვალმა თქვა, რომ მამაკაცი ძალიან გამხდარი, შავი და უთმო იყო.
ნაგვალი შეშფოთებული ცდილობდა ჭუჭყიანი კუბოს დამალვას. მას არ სურდა, რომ თანამუშაკებს კუბო ენახათ და არც ის სურდა, რომ გარდაცვლილის ნების საწინააღმდეგოს, მისი ამოთხრით სხეული დაეზიანებინა. იგი იმდენად ინტენსიურად მუშაობდა, რომ ვერც კი შეამჩნია, როგორ შეიკრიბნენ მის გარშემო სხვა მუშები. ნაგვალმა თქვა, რომ ამ მომენტში კუბო დაიშალა და მკვდარი კაცი უეცრად ნახევრად წამოჯდა, სრულიად შიშველი.
ნაგვალი მის დახმარებას ცდილობდა და მუშებს სთხოვა წამოყენებაში დახმარებოდნენ. ისინი იცინოდნენ. მათ ეგონათ, რომ ნაგვალი მთვრალი იყო, რადგან არც მამაკაცი, არც კუბო ან რაიმე მსგავსი, მინდორში არაფერი ჩანდა.
ნაგვალმა თქვა, რომ ამან შეაძრწუნა, მაგრამ ვერ გაბედა ეს სხვა მუშებისთვის ეთქვა. ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან ღამით ფანტომების მთელი ფარა მოადგა. კარებზე კაკუნის შემდეგ იგი კარის გასაღებად წავიდა, რის შემდეგაც სახლში ყვითელთვალება, შიშველი კაცების ურდო შემოიჭრა.
იგი მიწაზე დააგდეს და ზემოდან დაახტნენ. ყველა ძვალს დაუმსხვრევდნენ, რომ არა მისი კეთილმყოფელის სწრაფი ქმედება. მან ფანტომები დაინახა და ნაგვალი უსაფრთხოდ ჩააწვინა მიწაში არსებულ ხვრელში, რომელიც სახლის უკან ჰქონდა ამოთხრილი. მან იქ ნაგვალი დამარხა, რა დროსაც ფანტომები თავიანთი შანსის მოლოდინში ირგვლივ დაძრწოდნენ.
ნაგვალის თქმით, ამან იმდენად შეაშინა, რომ ყოველ ღამე ნებაყოფლობით ბრუნდებოდა სამარხში და ფანტომების გაქრობის შემდეგ კიდევ დიდხანს ეძინა.
პაბლიტომ ლაპარაკი შეწყვიტა. თითქოს ყველა წასასვლელად ემზადებოდა. მათ პოზიცია შეიცვალეს, თავს ისე აჩვენებდნენ, ვითომ ჯდომით დაიღალნენ.
მათ ვუთხარი, რომ ჩემი მეგობრის განცხადებების მოსმენის შემდეგ ძალიან შემაშფოთებელი რეაქცია მქონდა ტულას პირამიდებში ღამით მოსეირნე ატლანტიდელების შესახებ. ამ დღემდე ვერ ვხვდებოდი იმის სიღრმეს, რასაც დონ ხუანი და დონ ხენარო მასწავლიდნენ. ჩემთვის საკუთარი რეაქცია სრულიად მოულოდნელი იყო.
მათ ვრცლად ავუხსენი, რომ ატლანტიდელების ღამით სეირნობის იდეა, მეორე ყურადღების ფიქსაციის ნათელი მაგალითი იყო. ამ დასკვნამდე შემდეგი მოცემულობების ნაკრებით მივედი:
პირველი, ჩვენ არ ვარ მხოლოდ ის, რის დაჯერებასაც ჩვენი რაციონალური, საღი აზრი გვკარნახობს. ჩვენ სინამდვილეში მანათობელი არსებები ვართ, რომელსაც საკუთარი სიკაშკაშის გაცნობიერება შეუძლია.
მეორე, როგორც მანათობელ არსებებს, რომლებიც თავიანთ სიკაშკაშეს აცნობიერებენ, ჩვენ შეგვიძლია ამოვიცნოთ საკუთარი ცნობიერების, ანუ ჩვენი ყურადღების სხვადასხვა ასპექტები, როგორც ამას დონ ხუანი უწოდებდა.
მესამე, ეს შეიძლება განხორციელდეს მიზანმიმართული ძალისხმევით, როდესაც საკუთარი თავისთვის რაღაცის გაკეთებას ვცდილობთ, ან შემთხვევით, სხეულის ტრავმის შედეგად.
მეოთხე, არსებობდა დრო, როდესაც ჯადოქრები განზრახ ათავსებდნენ სხვადასხვა მატერიალურ საგანში თავიანთი ყურადღების ასპექტებს.
მეხუთე, ატლანტიდელები, მათი შიშისმომგვრელი გარემოდან გამომდინარე, ძველი დროის ჯადოქრებისთვის ფიქსაციის საგნები უნდა ყოფილიყვნენ.
მათ ვუთხარი, რომ დონ ხუანმა, პაბლიტოსთვის მოთხრობილი ამბით უეჭველად გამოავლინა ყურადღების კიდევ ერთი ასპექტი: იგი შესაძლოა უნებლიეთ, თუნდაც ერთი წუთით გამხდარიყო უძველესი ჯადოქრების მეორე ყურადღების პროექციების მიმღები. ეს კი არც ისე შორს იყო იმისგან, რომ ადამიანს ვიზუალურად დაენახა ამ ჯადოქართა ფიქსაცია.
თუ ეს ჯადოქრები დონ ხუანისა და დონ ხენაროს ტრადიციის წევრები იყვნენ, მაშინ ისინი უზადო პრაქტიკოსები უნდა ყოფილიყვნენ, რა შემთხვევაშიც მეორე ყურადღების ფიქსაციაში შეზღუდვა არ უნდა ჰქონოდათ. თუ ისინი განიზრახავდნენ, რომ ატლანტიდელებს ღამით უნდა ევლოთ, მაშინ ასეც იქნებოდა.
როდესაც ვლაპარაკობდი, პატარა დები ძალიან გაბრაზდნენ და აჟიტირდნენ. საუბრის დასრულების შემდეგ, ლიდიამ დამადანაშაულა, რომ ლაპარაკის გარდა სხვა არაფერს ვაკეთებდი. შემდეგ წამოდგნენ და დამშვიდობების გარეშე წავიდნენ. მამაკაცებიც მათ მიჰყვნენ, მაგრამ წასვლამდე კარებთან შეჩერდნენ და ხელი ჩამომართვეს. ოთახში მე და ლა გორდა დავრჩით.
- ამ ქალებში რაღაც ძალიან არასწორია. - ვთქვი მე.
- არა. ისინი უბრალოდ ლაპარაკით დაიღალნენ. - თქვა ლა გორდამ. - შენგან რაღაც ქმედებას ელიან.
- ხენაროები რატომ არ დაიღალნენ ლაპარაკით?
- ისინი უფრო სულელები არიან ვიდრე ქალები. - მშრალად მიპასუხა მან.
- შენ რას იტყვი, გორდა? შენც "დაიღალე ლაპარაკით?"
- მე არ ვიცი, რა ვარ. - თქვა მან საზეიმოდ. - როდესაც შენთან ვარ, არ ვიღლები, მაგრამ როდესაც პატარა დებთან ვარ, მათსავით დაღლილი ვარ.
მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც მათთან ვიყავი, აშკარა იყო, რომ პატარა დები ჩემ მიმართ ზედმიწევნით მტრულად იყვნენ განწყობილნი. ხენაროები ტოლერანტობას მიცხადებდნენ. თითქოს, მხოლოდ ლა გორდა იყო ჩემთან. ფიქრი დავიწყე, რატომ იყო ასე. ლოს ანჯელესში დაბრუნებამდე მას ამის შესახებ ვკითხე.
- არ ვიცი, ეს რანაირად არის შესაძლებელი, მაგრამ შეგეჩვიე. - თქვა მან. - თითქოს მე და შენ ერთად ვართ, მაშინ როცა პატარა დები და ხენაროები სხვა სამყაროში არიან.