არწივის ძღვენი

კარლოს კასტანედა
0
0

მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე

 მიზიდულობის საზღვრების გადალახვა

თავი მეოთხე - მიზიდულობის საზღვრების გადალახვა

 - რა გვემართება? - ვკითხე ლა გორდას მას შემდეგ, რაც სხვები სახლში წავიდნენ. 

 - ჩვენი სხეულები იხსენებენ, მაგრამ ვერ ვხვდები - რას. 

 - ლიდიას, ნესტორის და ბენიგნოს მოგონებების გჯერა?

 - რა თქმა უნდა. ისინი ძალიან სერიოზული ხალხია. ასეთ რაღაცებს უბრალოდ არაფრის გულისთვის არასოდეს იტყვიან. 

 - მაგრამ, რასაც ისინი ამბობენ, წარმოუდგენელია. შენ ჩემი გჯერა, ასე არაა?

 - მჯერა, რომ შენ არ გახსოვს, მაგრამ შემდეგ…

 მას წინადადება არ დაუსრულებია. ჩემთან მოვიდა და ყურში ჩამჩურჩულა, რომ იყო რაღაც, რისი შენახვისკენაც ნაგვალმა ხუან მატუსმა დანაპირების სახით მოუწოდა, სანამ ამისთვის საჭირო დრო არ დადგებოდა. ეს იყო ერთგვარი კოზირი, რომელიც მაშინ უნდა გამოეყენებინა, როცა სხვა გზა აღარ არსებობდა. მან დრამატულად დაამატა, რომ ნაგვალი წინასწარ ჭვრეტდა მათ ახალ საცხოვრებელ პირობებს, რომელიც ჩემს მიერ ტულაში, პაბლიტოსთან ჟოზეფინას წაყვანის შედეგი იყო. ლა გორდას მიხედვით მცირე შანსი არსებობდა, რომ ჩვენი ორგანიზაციის პირობებში, ჯგუფად ჩამოყალიბების შემთხვევაში წარმატებას მივაღწევდით. ლა გორდამ ამიხსნა, რომ ვინაიდან წყვილებად ვიყავით დაყოფილნი, შედეგად ცოცხალ ორგანიზმს განვასახიერებდით. ჩვენ ჩხრიალა გველი ვიყავით. გველს ოთხი სექცია ჰქონდა, რომელიც ორ ნახევრად იყო დაყოფილი - მამაკაცურად და ქალურად. მე და ლა გორდა განვასახიერებდით გველის პირველ სექციას, თავს. ეს იყო ცივი, გამომთვლელი, შხამიანი თავი. მეორე სექციას ქმნიდა ნესტორი და ლიდია, გველის გული, პირდაპირი და გულწრფელი. მესამე სექცია იყო მუცელი, მოქნილი, თავისებური ხასიათის მქონე, არასანდო, რომელსაც პაბლიტო და ჟოზეფინა ქმნიდა. ხოლო მეოთხე სექცია, კუდი, ეკუთვნოდა ბენიგნოს და როზას, რომელთაც თავიანთ “ცოტზილის” ენაზე უსასრულოდ შეეძლოთ ჩხრიალი. 

 ლა გორდამ გამიღიმა და ზურგზე მომეფერა.

 - ელიჰიომ ერთი სიტყვა თქვა, რომელიც როგორც იქნა, ჩემამდე მოვიდა. - განაგრძო მან. - ჟოზეფინა მეთანხმება, რომ მან თქვა სიტყვა “ბილიკი”. ისევ და ისევ… ჩვენ ბილიკზე ვაპირებთ წასვლას. 

 მან კითხვების დასმის შანსი არ მომცა და მითხრა, რომ დასაძინებლად მიდიოდა, სანამ სამოგზაუროდ წასასვლელად ყველას შეკრებდა.

 

 სახლიდან შუა ღამის შემდეგ გავედით და მთიან აღმართზე სავსე მთვარის ნათელ შუქში დავიწყეთ სიარული. წასვლასთან დაკავშირებით თავდაპირველად ყველა უხალისოდ იყო განწყობილი, მაგრამ ლა გორდამ მათ ძალიან ოსტატურად აუხსნა დონ ხუანის მიერ აღწერილი გველის სექციები. სანამ წავიდოდით, ლიდიამ მოგვიწოდა, რომ საჭმელი წაგვეღო, იმ შემთხვევისთვის, თუ მოგზაურობა გრძელი გამოვიდოდა. ლა გორდამ ლიდიას ნათქვამი უარყო, რადგან მისი მიხედვით ჩვენ წარმოდგენაც არ გვქონდა ამ მოგზაურობის ბუნების შესახებ. მან თქვა, რომ ნაგვალმა ხუან მატუსმა ერთხელ ამ ბილიკის დასაწყისი უჩვენა. სწორი მომენტის დადგომისას ჩვენ ამ ადგილას უნდა მივსულიყავით და ბილიკის ძალისთვის საშუალება უნდა მიგვეცა, რომ თავად გამოევლინა საკუთარი თავი. ლა გორდამ დაამატა, რომ ეს არ იყო თხების მიერ დატკეპნილი ჩვეული ბილიკი, არამედ დედამიწის ბუნებრივი ხაზი, რომელიც ნაგვალის მიხედვით ძალას და ცოდნას მოგვცემდა, თუ მასთან ერთიანი გავხდებოდით და მისი მიმართულებით გზას განვაგრძობდით. 

 შერეული ხელმძღვანელობით ვმოძრაობდით. ლა გორდა იმპულსს გვაძლევდა, ხოლო ნესტორი უშუალოდ გარემოს იცნობდა. ლა გორდამ ჩვენი გეზი მთებისკენ აიღო, ნესტორი კი ბილიკს მიჰყვებოდა. ჩვენი განლაგება აშკარა იყო. გველის თავი წინ მიდიოდა, დანარჩენები კი მის დარჩენილ ნაწილს ქმნიდნენ და გველივით მოძრაობდნენ ბილიკზე. მამაკაცები ქალების მარჯვნივ იდგნენ. ყოველი წყვილი ერთმანეთისგან ხუთი ფუტის დაშორებით იდგა.

 იმდენად სწრაფად და ჩუმად მივდიოდით, რამდენადაც შეგვეძლო. გარკვეული ხნით ძაღლების ყეფის ხმა გვესმოდა. როცა მთებში ავედით, ირგვლივ მხოლოდ ჭრიჭინების ხმიანობა ისმოდა. დიდი მანძილი გავიარეთ. მოულოდნელად ლა გორდა შეჩერდა და ხელი ჩამჭიდა. იგი ჩვენს წინ რაღაცაზე მიანიშნებდა. ოცი ან ოცდაათი ფუტის მანძილზე, ზუსტად ბილიკის შუაში, წარმოუდგენელი სიმაღლის მქონე სილუეტი დავინახე, რომელიც შვიდ ფუტზე მაღალი იყო. იგი ჩვენს გზას ბლოკავდა. ერთბაშად შევმჭიდროვდით. ჩვენი თვალები შავ სილუეტზე იყო ფიქსირებული. არ მოძრაობდა. ცოტა ხნის შემდეგ, მხოლოდ ნესტორმა გაბედა მისკენ ნაბიჯის გადადგმა. საპასუხოდ მხოლოდ ამის შემდეგ გამოძრავდა სილუეტიც. ჩვენკენ წამოვიდა. მისი გიგანტური ზომის მიუხედავად, მოხერხებულად მოძრაობდა. 

 ნესტორი უკან გამოიქცა. მომენტალურად, როგორც კი იგი შემოგვიერთდა, სილუეტიც გაჩერდა. ლა გორდამ მამაცურად გადადგა მისკენ ნაბიჯი. სილუეტმა ასეთივე ნაბიჯი ჩვენკენ გადმოდგა. აშკარა იყო, რომ თუ გზას განვაგრძობდით, ერთმანეთს შევეჩეხებოდით. რაც არ უნდა ყოფილიყო იგი, ჩვენ მასთან გამკლავება არ შეგვეძლო. ინიციატივა საკუთარ თავზე ავიღე და ყველას უკან დახევისკენ მოვუწოდე, რათა ამ ადგილს საჩქაროდ მოვშორებოდით. 

 ლა გორდას სახლამდე სრულ სიჩუმეში ვიარეთ. უკან დაბრუნებას საათები დასჭირდა. უკიდურესად დაქანცულები ვიყავით. როცა უსაფრთხოდ დავსხედით, ლა გორდამ საუბარი წამოიწყო: 

 - ჩვენ განწირულები ვართ. - მითხრა მან. - შენ არ გსურს, რომ აქედან წავიდეთ. ის არსება, რომელიც ბილიკზე დავინახეთ, შენი ერთ-ერთი მოკავშირე იყო, ასე არაა? ისინი თავიანთი სამალავებიდან მაშინ გამოდიან, როცა შენ ეძახი. 

 მისთვის არ მიპასუხია. გაპროტესტებაში აზრს ვერ ვხედავდი. წარსულში ათასჯერ მიფიქრია, რომ დონ ხუანს და დონ ხენაროს ერთმანეთთან საოცრად კონსპირაციული ოხუნჯობები ჰქონდათ შემუშავებული. მჯეროდა, რომ როდესაც დონ ხუანი სიბნელეში მესაუბრებოდა, იქვე ახლომახლო ხენაროც იმალებოდა, რათა შევეშინებინე, დონ ხუანი კი ამაზე იტყოდა, რომ ეს მოკავშირე იყო. იდეა, თითქოს მოკავშირეები და არსებები ყოველდღიური ყურადღების მიღმა შეუმჩნევლები რჩებოდნენ, ჩემთვის დაუჯერებელი იყო. შემდგომ აღმოვაჩინე, რომ დონ ხუანის მიერ ნახსენები მოკავშირეები ნამდვილად არსებობდნენ. მისი თქმით, ეს არსებები სამყაროში ძალიან ბევრნი იყვნენ. 

 ჩემში ავტორიტეტმა ამოხეთქა, რაც ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში იშვიათი იყო: წამოვდექი და ყველას მივმართე, რომ მათთვის წინადადება მქონდა, რომელიც ან უნდა მიეღოთ, ან მასზე უარი უნდა ეთქვათ. თუ ისინი მზად არ იქნებოდნენ, მათ მიმართ აღარავითარ ვალდებულებას აღარ ვიგრძნობდი. 

 ოპტიმიზმისა და დარწმუნებულობის ტალღა ვიგრძენი. არც ერთს ხმა არ ამოუღია. მდუმარედ მიყურებდნენ, თითქოს ჩემს წინადადებებს შინაგანად განიხილავდნენ. 

 - საჭირო ნივთების მოსაგროვებლად რამდენი დრო დაგჭირდებათ? - ვკითხე მათ.

 - ჩვენ საჭირო ნივთები არ გვაქვს. - თქვა ლა გორდამ. - როგორც ვართ, ისე წამოვალთ. თუ ეს აუცილებელია, შეგვიძლია ამ წუთშივე ავდგეთ და წავიდეთ. მაგრამ, თუ კიდევ სამი დღე დაველოდებით, ჩვენთვის უკეთესი იქნება. 

 - ამ სახლს რას უზამთ?

 - სახლს სოლედადი მოუვლის. - მიპასუხა მან.

 ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა დონა სოლედადის სახელი ახსენეს, მას შემდეგ, რაც მას შევხვდი. ამან იმდენად დამაინტრიგა, რომ მოცემულ მომენტში არსებული დრამა გადამავიწყდა. დავჯექი. ლა გორდა დონა სოლედადის შესახებ ჩემს შეკითხვებზე პასუხის გაცემას ყოყმანობდა. ნესტორი ჩაერია და თქვა, რომ დონა სოლედადი შორიახლოს იყო, მაგრამ მისი აქტივობების შესახებ არც ერთმა მათგანმა არაფერი იცოდა. იგი დაბრუნდა და ყველასგან შეუმჩნევლად განაგრძო ცხოვრება, რადგან არსებობდა თანხმობა, რომ ისინი მის არყოფნაში დონა სოლედადის სახლს მოუვლიდნენ, ხოლო სოლედადი მათ არყოფნაში თავიანთ სახლებს მიხედავდა. დონა სოლედადმა იცოდა, რომ ისინი ადრე თუ გვიან უნდა წასულიყვნენ, ამიტომ იგი პასუხისმგებლობას იღებდა ნებისმიერი რამ გაეკეთებინა, რათა ქონებისთვის მეთვალყურეობა გაეწია. 

 - ამის შესახებ როგორ გააგებინებთ? - ვიკითხე. 

 - ეს ლა გორდას საქმეა. - თქვა ნესტორმა. - ჩვენ არ ვიცით, სად არის. 

 - სად არის დონა სოლედადი, გორდა? - ვკითხე მას. 

 - სად ჯანდაბიდან უნდა ვიცოდე? - ამოხეთქა ლა გორდამ. 

 - მაგრამ, შენ ერთადერთი ხარ, ვინც მას უძახის. - თქვა ნესტორმა. 

 ლა გორდამ შემომხედა. ჩვეულებრივი მზერა იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, შემაკანკალა. ეს მზერა ვიცანი, მაგრამ საიდან? ჩემი სხეული შეიძრა. მზის წნულში ისეთი სიმყარე ვიგრძენი, როგორიც არასდროს მიგრძნია. ჩემი დიაფრაგმა თითქოს თავისით მოძრაობდა ქვემოდან ზემოთ. ვფიქრობდი, რომ ახლა უნდა დავწოლილიყავი, მაგრამ მომენტალურად საკუთარი თავი ფეხზე წამომდგარი აღმოვაჩინე:

 - ლა გორდამ არ იცის. - ვთქვი. - მხოლოდ მე ვიცი, სად არის სოლედადი. 

 შოკირებულები იყვნენ, მათგან მე - ყველაზე მეტად. ისეთი წინადადება წარმოვთქვი, რომელსაც არანაირი ლოგიკური საყრდენი არ ჰქონდა. თუმცა, იმ მომენტში, როცა ეს გავახმოვანე, აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ვიცოდი, სად იყო იგი. ეს რაღაც ელვისებურს ჰგავდა, რომელმაც ჩემი ცნობიერება გადაკვეთა. მთიანი მიდამო დავინახე, უხეში, ხრიოკი მიწით, ღრუბლიანი ცით, გაპარტახებული ველით და სიცივით გარშემორტყმული. პირველი ცნობიერი აზრი, რომელიც თავში მომივიდა, ის იყო, რომ მსგავსი ადგილი რომელიღაც ფილმში მქონდა ნანახი. 

 მათ მოვუბოდიშე, რომ ისინი უხეში და დაუფიქრებელი განცხადებით ასეთნაირად დავაბნიე. ისევ დავჯექი. 

 - იმას გულისხმობ, რომ არ იცი, ეს რატომ თქვი? - მკითხა ნესტორმა. 

 სიტყვებს ფრთხილად არჩევდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის მოცემული წინადადების ბუნებრივი ვარიანტი იქნებოდა: “ ანუ რეალურად არ იცი, იგი სად არის”. მათ ვუთხარი, რომ რაღაც უცნობმა მომიცვა და დანახული მიდამო აღვუწერე. თან ჩემი დარწმუნებულობის შესახებაც ვუთხარი, რომ დონა სოლედადი სწორედ იქ იყო. 

 - მსგავსი რამ საკმაოდ ხშირად გვემართება. - მითხრა ნესტორმა. 

 ლა გორდას მივუბრუნდი. მან თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. მათ განმარტება ვთხოვე. 

 - თავში რაღაც გიჟური მოგონებები მოგვდის. - მითხრა ლა გორდამ. - ჰკითხე ლიდიას, როზას ან ჟოზეფინას. 

 საცხოვრებელი პირობების ახლებურად მოწყობის შემდეგ, ლიდია, როზა და ჟოზეფინა ხშირად აღარ მესაუბრებოდა. ისინი მხოლოდ მოსალმებით და ამინდისა და საკვების შესახებ გაკეთებული ჩვეულებრივი კომენტარებით შემოიფარგლებოდნენ. 

 ლიდიამ ჩემს მზერად თვალი აარიდა. მან ჩაიბურტყუნა, რომ ხანდახან სხვა რაღაცებიც ახსენდებოდა. 

 - ზოგჯერ მართლა ძალიან მძულხარ. - მითხრა ლიდიამ. - მე ვფიქრობ, რომ შენ განზრახ გვაჩვენებ თავს იდიოტად. შემდეგ მახსენდება, რომ ჩვენს გამო ძალიან ავად იყავი. ასე იყო თუ არა? 

 - რა თქმა უნდა, ავად იყო. - თქვა როზამ. - რაღაცები მეც მახსოვს. მაგალითად, მახსოვს ქალი, რომელიც ჩემს მიმართ კეთილად იყო განწყობილი. მან მასწავლა, როგორ მომევლო საკუთარი თავისთვის, ამ ნაგვალს კი ხელით ვეჭირე - მან ჩემზე მიუთითა - როდესაც ქალი თმებს მჭრიდა, მე კი შეშინებული ვიყავი. იმ ქალს ნამდვილად ვუყვარდი. ყოველთვის მეხუტებოდა. ძალიან მაღალი იყო. მახსოვს, როგორ ვიკარგებოდი სახით მის ძუძუებში, როცა მეხუტებოდა. იგი ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც ჩემთვის ოდესმე უზრუნია. მისთვის დიდი სიამოვნებით დავთმობდი სიცოცხლეს. 

 - ვინ იყო ეს ქალი, როზა? - ჰკითხა ლა გორდამ დაბნეული ხმით. 

 როზამ თავით ჩემზე ანიშნა. მის მოძრაობაში ერთნაირად იგრძნობოდა იმედგაცრუება და ზიზღი. 

 - მან იცის. - თქვა ბოლოს. 

 პასუხის მოლოდინში, ყველა მე მომაჩერდა. ძალიან გავბრაზდი და როზას ვუღრიალე, რომ მსგავსი უაზრო განცხადებები და ვარაუდები არ უნდა გამოეთქვა. მათ მოტყუებას არ ვაპირებდი. 

 როზას ჩემს აფეთქებაზე რეაქცია არ ჰქონია. მან მშვიდად განაგრძო, რომ ახსოვდა, როგორ უწინასწარმეტყველა ქალმა ჩემი დაბრუნების შესახებ, როდესაც ჩემი ავადმყოფობიდან განვიკურნებოდი. როზას ესმოდა, რომ ეს ქალი მე მივლიდა. შესაბამისად, უნდა მცოდნოდა, ვინ იყო იგი და ამჟამად სად იმყოფებოდა, ვინაიდან უკვე გამოჯანმრთელებული ვიყავი. 

 - მაინც რა სახის დაავადება მჭირდა, როზა? - ვკითხე მას.

 - შენ ავად გახდი, რადგან საკუთარ სამყაროს ვეღარ ინარჩუნებდი. - თქვა მან უკიდურესი დარწმუნებულობით. - ვფიქრობ, ძალიან დიდი ხნის წინ ვიღაცამ მითხრა, რომ შენ ჩვენთვის არ ხარ შექმნილი. ზუსტად ისე, როგორც ელიჰიომ უთხრა ლა გორდას სიზმარხილვაში. შენ ამის გამო მიგვატოვე და ლიდიას ეს შენთვის არასოდეს უპატიებია. მას სამყაროში ყველაზე მეტად სძულხარ. 

 ლიდიამ გააპროტესტა, რომ ჩემს მიმართ განცდილ მის გრძნობებს არაფერი ჰქონდათ საერთო იმასთან, რაც როზამ თქვა. მისი თქმით, იგი უბრალოდ მკაცრი ტემპერამენტის პატრონი იყო და ჩემს იდიოტიზმზე ადვილად ბრაზდებოდა. 

 ჟოზეფინას ვკითხე, მასაც ვახსოვდი თუ არა. 

 - რა თქმა უნდა. - თქვა მან ღიმილით. - მაგრამ, შენ იცი, რომ მე შეშლილი ვარ. შენ ვერ მენდობი. ჩემს ნათქვამს არ დაეჯერება. 

 ლა გორდა დაჟინებით მოითხოვდა იმის მოსმენას, რაც ჟოზეფინას ახსოვდა. ჟოზეფინა არაფრის თქმას არ აპირებდა და მათ შორის კამათი გაჩაღდა. ბოლოს ჟოზეფინამ მითხრა:

 - რა აზრი აქვს ამ მოგონებების შესახებ ლაპარაკს? ეს მხოლოდ სიტყვებია. ჩალის ფასადაც არ ღირს. 

 ჟოზეფინამ ჯანსაღი აზრი გააჟღერა. სათქმელი აღარაფერი იყო. ის იყო, ზრდილობიანი სიჩუმის შემდეგ ყველა წასასვლელად მოემზადა, რომ ჟოზეფინა მოულოდნელად მომიბრუნდა და მითხრა:

 - მახსოვს, როგორ მოგქონდა ჩემთვის ლამაზი სამოსი. არ გახსოვს, რომელიღაც მაღაზიის კიბეებიდან რომ დავგორდი? კინაღამ ფეხი მოვიტეხე, შენ კი ხელში აყვანილი დაგყავდი. 

 ერთდროული მოძრაობით ყველა თავიანთ სკამს დაუბრუნდა და ჟოზეფინას მიაშტერდა.

 - კიდევ შეშლილი ქალი მახსოვს. - განაგრძო მან. - იგი მირტყამდა და ყველგან დამდევდა, სანამ შენ არ გაბრაზდი და შეაჩერე. 

 თავს ძალიან გაბრაზებულად ვგრძნობდი. სახეებზე ეტყობოდათ, რომ ყველა ჟოზეფინას სიტყვებზე ფიქრობდა, მიუხედავად იმისა, რაც ჟოზეფინამ ცოტა ხნის წინ თავად გვითხრა, რომ იგი გიჟი იყო და მისთვის ნდობა არ უნდა გამოგვეცხადებინა. ჟოზეფინა მართალი იყო. მისი მოგონება ჩემთვის სრულ სიგიჟეს წარმოადგენდა. 

 - მეც ვიცი, რატომ გახდი ავად. - განაგრძო მან. - იქ ვიყავი. მაგრამ, არ მახსოვს - სად. მათ შენ სულელური ნისლის ფარდის მიღმა გაგიყვანეს, რათა სულელი ლა გორდა გეპოვა. ვვარაუდობ, რომ იგი ალბათ დაიკარგა. შენ ის უკან ვერ დაიბრუნე. როდესაც გიპოვეს, ნახევრად მკვდარი იყავი. 

 სიჩუმე, რომელიც მის სიტყვებს მოჰყვა, შემაწუხებელი იყო. შეკითხვის დასმის მეშინოდა. 

 - არ მახსოვს, რა ჯანდაბის გულისთვის მოხვდა ლა გორდა იქ, ან შემდეგ ვინ გამოიყვანა. - განაგრძო ჟოზეფინამ. - მახსოვს, რომ ავად იყავი და ვეღარ მცნობდი. - სულელი ლა გორდა იფიცება, რომ რამდენიმე თვის წინ გაგიცნო და მანამდე არ გიცნობდა. მე მახსოვს, რომ შენ იყავი ნაგვალი, რომელიც ავად გახდა. გინდა ერთი რამ იცოდე? ეს ქალები ინდულგირებენ. იმავეს აკეთებენ კაცებიც, განსაკუთრებით იდიოტი პაბლიტო. მათ უნდა გაახსენდეთ. ისინიც იქ იყვნენ. 

 - შეგიძლია გაიხსენო, სად ვიყავით? - ვკითხე მას.

 - არა. არ შემიძლია. - თქვა ჟოზეფინამ. - მაგრამ, გამახსენდება, თუ იქ წამიყვან. როდესაც იქ ვცხოვრობდით, ლოთებს გვეძახდნენ, რადგან ძალიან ჭუჭყიანები და სუნიანები ვიყავით. მე ყველაზე ნაკლებად ბინძური ვიყავი, ამიტომ შედარებით უკეთ მახსოვს. 

 - ვინ გვეძახდა ლოთებს? - ვიკითხე. 

 - შენ არავინ. მხოლოდ ჩვენ. - მიპასუხა ჟოზეფინამ. - არ ვიცი, ვინ. მგონი, ნაგვალი ხუან მატუსი.  

 მათ შევხედე. თითოეული მათგანი თვალს მარიდებდა. 

 - დასასრულისკენ მივდივართ. - ჩაიბურტყუნა ნესტორმა, თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. - ჩვენი დასასრული თვალებში გვიყურებს.  

 ცრემლების ზღვარზე იმყოფებოდა. 

 - მე უნდა ვიამაყო და კმაყოფილი ვიყო, რომ დასასრულამდე მოვედით. - განაგრძო მან. - მიუხედავად ამისა, დამწუხრებული ვარ. ნაგვალო, ამის ახსნა შეგიძლია?

 მოულოდნელად ყოველი მათგანი მოწყენილი ჩანდა. ყოველთვის მკაცრი და გამომწვევი ლიდიაც კი დამწუხრებული იყო. 

 - რა დაგემართათ? - ვკითხე მათ მხიარული ტონით. - რომელ დასასრულზე ლაპარაკობთ? 

 - ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რა დასასრულსაც ვგულისხმობთ. - თქვა ნესტორმა. - ბოლო დროს უცნაური შეგრძნებები მომდის. რაღაც გვეძახის. მაგრამ, ისე არ ვთავისუფლდებით, როგორც უნდა მოვიქცეთ. ჩვენ ვებღაუჭებით. 

 პაბლიტომ თქვა, რომ ჩვენს შორის ლა გორდა ერთადერთი იყო, ვინც არაფერს არ ებღაუჭებოდა. მან დამარწმუნა, რომ დანარჩენები უიმედო ეგოისტები იყვნენ. 

 - ნაგვალმა თქვა, რომ როდესაც წასვლის დრო მოვა, ნიშანს მივიღებთ. - მითხრა ნესტორმა. - რაღაც, რაც ნამდვილად მოგვწონს, ჩვენთან მოვა და წაგვიყვანს. 

 - მან თქვა, რომ არაა აუცილებელი ეს რაღაც დიდებული იყოს. - დაამატა ბენიგნომ. - ეს ნებისმიერი რამ იქნება, რაც მოგვწონს. 

 - ჩემთვის ესენი ჯარისკაცები იქნებიან. - მითხრა ნესტორმა. - ჩემს წასაყვანად ცხენზე ამხედრებული ჰუსარების რიგი მოვა. შენს შემთხვევაში რა იქნება?

 გამახსენდა, დონ ხუანმა ერთხელ მითხრა, რომ სიკვდილი შეიძლება ყველაფრის უკან იმყოფებოდეს, თავად ჩემი საწერი ფანქრის წვერზეც. შემდგომ მან ჩემი სიკვდილის საბოლოო მეტაფორა გამანდო. 

 დონ ხუანს მოვუყევი, რომ ერთხელ ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის ბულვარზე სეირნობისას საყვირის ხმა გავიგე, რომელიც ძველებურ, იდიოტურ მელოდიას უკრავდა. მუსიკა გზის მოპირდაპირე მხარეს, ჩანაწერების მაღაზიიდან ისმოდა. 

 უფრო ლამაზი ხმა არასოდეს მომისმენია. მოსმენილით აღფრთოვანებული ვიყავი. საყვირის ხმა პირდაპირ ჩემი ტვინის გავლით მოძრაობდა. იგი იქამდე მამშვიდებდა, სანამ მისით არ დავთვერი. 

 როდესაც დასრულდა, ვიცოდი, რომ ამ გამოცდილების განმეორების საშუალება აღარ იქნებოდა და თავი მოვთოკე, რათა მაღაზიაში არ შევვარდნილიყავი და სტერეოსთან ერთად ჩანაწერიც არ მეყიდა. 

 დონ ხუანის მიხედვით, ეს იყო ნიშანი, რაც იმ ძალებმა მომცეს, რომლებიც ადამიანთა ბედისწერას განაგებენ. როდესაც ამ სამყაროდან წასვლის დრო მოვა, რა ფორმითაც არ უნდა იყოს იგი, მე ამ საყვირის მელოდიას გავიგებ, იმავე იდიოტურ ხმიანობას, ამ შეუდარებელ ჰარმონიას. 

 

 მომდევნო დღე მათთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. თითქოს გაუთავებელი საქმეები ჰქონდათ. ლა გორდამ თქვა, რომ მათი ყოველი სამუშაო პირადული იყო და ნებისმიერი მათგანის დახმარების გარეშე უნდა შესრულებულიყო. 

 მარტო ყოფნას მივესალმე. ჩემი საქმეები მეც მქონდა. მანქანით იმ ქალაქში დავბრუნდი, რომელმაც საფუძვლიანად ამაფორიაქა. პირდაპირ იმ სახლთან მივედი, რომელიც ჩემთვის და ლა გორდასთვის ასეთ ხიბლს ატარებდა. 

 კარებზე დავაკაკუნე. ქალმა მიპასუხა. რაღაც მოვიგონე, რომ ბავშვობაში ამ სახლში ვცხოვრობდი და მინდოდა, იგი კიდევ ერთხელ დამეთვალიერებინა. ძალიან გულმოწყალე ქალბატონი იყო. მან სახლში შემიშვა და უხვად მიხდიდა ბოდიშს, არარსებული არეულობის გამო. 

 ამ სახლში დამალული მოგონებების სიუხვე ვიგრძენი. ისინი აქ იყვნენ, მათ ვგრძნობდი, მაგრამ არაფერი მახსოვდა. 

 

 მეორე დღეს, ლა გორდა გამთენიისას სახლიდან წავიდა. ველოდი, რომ მთელი დღე წასული იქნებოდა, მაგრამ შუადღისას დაბრუნდა. ძალიან გაღიზიანებული ჩანდა. 

 - სოლედადი დაბრუნდა და შენი ნახვა სურს. - მითხრა უხეშად. 

 მან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, სოლედადის სახლში წამიყვანა. დონა სოლედადი კარებთან იდგა. იგი უფრო ახალგაზრდად და ძლიერად გამოიყურებოდა, როცა ბოლოს ვნახე. მხოლოდ ოდნავ თუ ჰგავდა იმ ქალბატონს, რომელსაც წლების წინ ვიცნობდი.

 ლა გორდა თითქოს ტირილის ზღვარზე იყო. დაძაბულობამ, რომელსაც იმ მომენტში განვიცდიდით, ლა გორდას განწყობა ჩემთვის გასაგები გახადა. მან სიტყვის უთქმელად დაგვტოვა. 

 დონა სოლედადმა თქვა, რომ ჩემთან სასაუბროდ ცოტა დრო ჰქონდა და მისი ყოველი წუთის გამოყენებას აპირებდა. ჩემს მიმართ უცნაურად კეთილად განწყობილი იყო. მის ყოველ სიტყვაში თავაზიანობის ტონს ვგრძნობდი. 

 ჟესტით ვანიშნე, რომ მისთვის კითხვის დასმა მინდოდა. მსურდა გამეგო, სად ცხოვრობდა აქამდე. მან ყველაზე დამამშვიდებელი სახით მიპასუხა, რომ საკუთარ სიტყვებს ფრთხილად არჩევდა და დროის უქონლობა მხოლოდ არსებითის თქმის საშუალებას მისცემდა.

 წამით თვალებში ჩამხედა, რაც არაბუნებრივად გრძელი მეჩვენა. ამან გამაღიზიანა. იგი ამ ხნის განმავლობაში ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემას შეძლებდა. შემდეგ დუმილი დაარღვია და ისეთი რაღაცების თქმა დაიწყო, რაც ჩემთვის სრული აბსურდი იყო. მისი მიხედვით, იმ დღეს იგი ჩემი თხოვნისამებრ დამესხა თავს, როცა პირველად გადავკვეთეთ პარალელური ხაზები, ხოლო სოლედადი მხოლოდ იმას იმედოვნებდა, რომ შეტევა ეფექტური იყო და მიზანს ემსახურებოდა. 

 მინდოდა მეყვირა, რომ მისთვის მსგავსი რამის გაკეთება არასოდეს მითხოვია. არაფერი ვიცოდი პარალელური ხაზების შესახებ, მისი ნათქვამი კი ჩემთვის სისულელე იყო. ტუჩებზე ხელი დამადო. ავტომატურად, მაშინვე თავი გავწიე. მოწყენილი ჩანდა. მან თქვა, რომ ახლა საუბარი არ შეგვეძლო, რადგან ამ მომენტში პარალელურ ხაზებზე ვიყავით და მათი გადაკვეთის ენერგია არც ერთს არ გვქონდა. მის განწყობას მხოლოდ თვალებით ვამჩნევდი. 

 ყოველგვარი მიზეზის გარეშე, თავი მშვიდად ვიგრძენი. ჩემში რაღაც სიმშვიდეს გრძნობდა. შევნიშნე, როგორ დამიცურდა ცრემლები ლოყებზე. მომდევნო მომენტში კი ყველაზე წარმოუდგენელი სენსაცია დამეუფლა. ერთგვარმა მოკლე ჩართვამ - თუმცა საკმარისად ხანგრძლივმა - ჩემი ცნობიერების (ან პიროვნების) საფუძვლები შეარყია. 

 მომენტალურად ვიცოდი, რომ ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით, მიმართულებისა და ტემპერამენტის გაგებით. ჩვენი გარემოებები ერთმანეთის მსგავსი იყო. მინდოდა მეთქვა, რომ ბრძოლა მძიმე იყო, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა. იგი არასოდეს დამთავრდებოდა. სოლედადი მემშვიდობებოდა, რადგან უზადო მეომარი იყო. მან იცოდა, რომ ჩვენი ხაზები აღარასოდეს გადაიკვეთებოდა. ჩვენ ბილიკის დასასრულს მივაღწიეთ. 

 კუთვნილების, ნათესაობის განცდის ტალღა ჩემი არსების რაღაც წარმოუდგენლად ბნელი კუთხიდან ამოვარდა. იგი ელექტრული მუხტივით მოძრაობდა ჩემს სხეულში. მას მივესალმე. ჩემი პირი თავისით მოძრაობდა, ისეთ რაღაცებს ამბობდა, რასაც ჩემთვის აზრი არ ჰქონდა. სოლედადს თვალები გაუბრწყინდა. ისიც რაღაცას მეუბნებოდა, რაც არ მესმოდა. ერთადერთი შეგრძნება ის იყო, რომ ვგრძნობდი - ახლა პარალელური ხაზები გადავკვეთეთ - მაგრამ ამას ჩემთვის არანაირი პრაგმატული მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჩემში დალექილი ტანჯვა და წუხილი გარეთ გამოსვლას ლამობდა. რაღაც აუხსნელ ძალას ჩემი შუაზე გაგლეჯა სურდა. ვეღარ ვსუნთქავდი. ყველაფერი სიშავეში ჩაიძირა. 

 

 ვიგრძენი, რომ ვიღაც მომეხვია და ნაზად შემანჯღრია. ლა გორდას სახე დავინახე. დონა სოლედადის საწოლში ვიწექი. ლა გორდა ჩემს გვერდით იჯდა. მარტონი ვიყავით.

 - სად არის? - ვკითხე მას. 

 - წავიდა. - მიპასუხა ლა გორდამ. 

 ლა გორდასთვის ყველაფრის მოყოლა მინდოდა. მან გამაჩერა. კარები გააღო. ყველა შეგირდი გარეთ მელოდა. ლა გორდამ თქვა, რომ ყველაფერი გაანადგურეს, რაც ჰქონდათ. გვიანი შუადღე იყო. რამდენიმე საათი მეძინა. ლა გორდას სახლამდე უსიტყვოდ ვიარეთ, სადაც ჩემი მანქანა მყავდა გაჩერებული. 

 მანქანაში ჩასხდომამდე ხეობას ვათვალიერებდი. ჩემი სხეული ნელი ტემპით ბრუნავდა წრეზე, თითქოს თავისი ნება და მიზანი ჰქონდა. ვგრძნობდი, რომ ამ ადგილის არსს ვიჭერდი. მინდოდა იგი ჩემთან შემენახა, რადგან ცალსახად ვიცოდი, ამ ცხოვრების მანძილზე აქაურობას მეტად არასდროს ვნახავდი. 

 დანარჩენებს ეს უკვე უნდა ჰქონოდათ გაკეთებული. მელანქოლიისგან თავისუფალნი იყვნენ. იცინოდნენ და ერთმანეთს ეხუმრებოდნენ. 

 მანქანა დავძარი და წამოვედი. როცა გზის ბოლო მოსახვევს მივაღწიეთ, ლა გორდამ დამიყვირა, რომ გავჩერებულიყავი. იგი მანქანიდან გადმოვიდა და პატარა ბორცვთან ახლოს არსებულ გზაზე გაიქცა. ლა გორდა ბორცვზე ავიდა და მთელ ხეობას იქიდან გადმოხედა. ხელები გაიწვდინა და ღრმად ჩაისუნთქა. 

 

 მგზავრობა უცნაურად ხანმოკლე და უინტერესო აღმოჩნდა. ყველა ჩუმად იყო. შევეცადე ლა გორდა საუბარში ჩამერთო, მაგრამ კატეგორიული უარი თქვა. მან განაცხადა, რომ მთები, როგორც მესაკუთრე ქმნილებები, თავიანთ საკუთრებას ამტკიცებდნენ და თუ ისინი ენერგიას არ შეინახავდნენ, მთები არასოდეს მისცემდნენ წასვლის საშუალებას. 

 როგორც კი დაბლობს მივაღწიეთ, უფრო გამოცოცხლდნენ, განსაკუთრებით ლა გორდა. თითქოს ენერგიით ივსებოდა. მან ჩემი მხრიდან ყოველგვარი დაჟინების გარეშე, ნებაყოფლობით მომაწოდა ინფორმაცია. მისი ერთ-ერთი განცხადება ის იყო, რაც ნაგვალმა ხუან მატუსმა უთხრა და რომელიც შემდგომში სოლედადმა დაუდასტურა: ჩვენში სხვა მხარე არსებობდა. ამის გაგონებაზე დიალოგში დანარჩენებიც ჩაერთნენ თავიანთი კითხვებით და კომენტარებით. ისინი დაბნეულნი იყვნენ იმ მოვლენების უცნაური მოგონებებით, რომელთაც ლოგიკური ქრონოლოგიის მიხედვით ადგილი არ უნდა ჰქონოდათ. ვინაიდან ზოგიერთი მათგანი პირველად მხოლოდ რამდენიმე თვის წინ შემხვდა, შორეულ წარსულში ჩემი გახსენება მათი აზროვნების საზღვრებს სცილდებოდა.

 მაშინ მათ სოლედადთან ჩემი შეხვედრის შესახებ მოვუყევი. აღვწერე გრძნობა, თითქოს სოლედადს ახლოდან ვიცნობდი. ასევე აღვუწერე განცდა, რომ უდავოდ გადავკვეთე ის, რასაც პარალელური ხაზები ერქვა. ჩემს განცხადებას დაბნეულობით გამოეხმაურნენ. როგორც ჩანს, მათ ეს ტერმინი ადრე გაეგოთ, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ყველას ესმოდა მისი მნიშვნელობა. ჩემთვის ეს მეტაფორა იყო. თავს ვერ დავდებდი, რომ მათთვისაც იმავეს წარმოადგენდა. 

 როდესაც ოახაკაში ჩავედით, მათ სურვილი გამოთქვეს, რომ ის ადგილი ენახათ, სადაც ლა გორდას მიხედვით დონ ხუანი და დონ ხენარო გაუჩინარდა. პირდაპირ ადგილზე მივედი. მანქანიდან სწრაფად ჩამოვიდნენ, თითქოს რაღაცას ყნოსავდნენ და ნიშანს ეძებდნენ. ლა გორდამ იმ მიმართულებით ანიშნა, საითკენაც ისინი წავიდნენ. 

 - გორდა, შენ საშინელი შეცდომა დაუშვი. - თქვა ნესტორმა ხმამაღლა. - ეს აღმოსავლეთი არ არის. ეს ჩრდილოეთია.  

 ლა გორდამ გააპროტესტა. ქალებმა და პაბლიტომ მხარი დაუჭირეს. ბენიგნო არაკომპეტენტური იყო. ისე მიყურებდა, თითქოს ხმის ამოღებას ვაპირებდი, რისი გაკეთებაც მალევე მომიწია. მანქანაში ოახაკას რუკა მქონდა. ლა გორდას მიერ ნაჩვენები მიმართულება აშკარად ჩრდილოეთისკენ მიუთითებდა. 

 ნესტორმა შენიშნა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთ რამეს გრძნობდა: თავიანთი საცხოვრებლიდან წამოსვლა არ ყოფილა ნაადრევი ან რაიმე ფორმით იძულებითი. ეს სწორ დროს მოხდა. დანარჩენები არ ეთანხმებოდნენ, რადგან მათი წინააღმდეგობა ლა გორდას არასწორმა შეფასებამ წარმოშვა. მათ სჯეროდათ, რომ ნაგვალი მშობლიური ქალაქისკენ მიუთითებდა, რაც იმავე ადგილზე დარჩენის ნიშანი უნდა ყოფილიყო. საკუთარ თავთან გამართული ანალიზისას მივხვდი და ვაღიარე, რომ დამნაშავე თავად ვიყავი, რადგან მიუხედავად იმისა რომ რუკა თან მქონდა, იგი საჭირო დროს ვერ გამოვიყენე. 

 მაშინ აღვნიშნე - რისი მოყოლაც აქამდე მთლიანად გადამავიწყდა - რომ ერთ-ერთმა მამაკაცმა, რომელიც წამიერად დონ ხუანი მეგონა, თავის მოძრაობით მიგვანიშნა. ლა გორდას თვალები გაკვირვებისგან გაუფართოვდა. მან ეს ჟესტი ვერ შეამჩნია, რადგან იგი მხოლოდ ჩემთვის იყო განკუთვნილი. 

 - ესეც ასე! - წამოიძახა ნესტორმა. - ჩვენი ბედისწერა დალუქულია!

 იგი შებრუნდა, რათა სხვებისთვის მიემართა. ყველა ერთდროულად საუბრობდა. ნესტორმა მკაცრად მოუწოდა მათ სიმშვიდისაკენ. 

 - მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ ყველა თქვენგანმა ის გააკეთეთ, რაც უნდა გაგეკეთებინათ, თანაც ისე, თითქოს უკან არასოდეს დაბრუნდებოდით. - თქვა მან. - რადგან უკან არასოდეს დავბრუნდებით. 

 - სიმართლეს ამბობ? - ლიდიამ ცეცხლოვანი მზერით შემომხედა. დანარჩენები მომლოდინე თვალებით მიყურებდნენ. 

 ისინი დავარწმუნე, რომ ამის გამოგონების მიზეზი არ მქონდა. ამ ჟესტს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ისინი მართლაც დონ ხუანი და დონ ხენარო იყვნენ. 

 - ძალიან მზაკვარი ხარ. - თქვა ლიდიამ. - შეიძლება ამას მხოლოდ იმიტომ გვეუბნები, რათა თვინიერად გამოგყვეთ. 

 - ერთი წუთით მოითმინეთ. - თქვა ლა გორდამ. - ეს ნაგვალი შეიძლება ისეთივე მზაკვარია, როგორიც გგონიათ, მაგრამ ტყუილს არაფრის გულისთვის იტყვის. 

 ყველამ ერთდროულად დაიწყო საუბარი. შუამავლობას ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამომივიდა. 

 ნესტორმა ძალიან თავაზიანად აგვიხსნა, რომ ხენაროს მიხედვით, როდესაც ხეობის დატოვებისთვის საჭირო დრო მოვიდოდა, ამას თავის მოძრაობით აცნობებდნენ მათ. 

 ნესტორმა პანსიონატში მიგვიყვანა, სადაც ქალაქში ჩამოსვლისას რჩებოდა ხოლმე. მათი განწყობა ამაღლებული იყო, ფაქტობრივად, ძალიან მაღალი, რათა თავი კომფორტულად მეგრძნო. თავად ლიდიაც კი ჩამეხუტა და ბოდიში მომიხადა, რომ ასეთი “რთული ვინმე” იყო. ჟოზეფინა სიხარულისგან ჭკუაზე აღარ იყო და დროგამოშვებით ზურგზე მეფერებოდა. ლა გორდასთან ლაპარაკი მსურდა. ჩვენი მოქმედებების განხილვა გვჭირდებოდა. მაგრამ, იმ ღამით მარტო დარჩენის საშუალება არ გვქონია. 

 

 ნესტორი, პაბლიტო და ბენიგნო დილაადრიან წავიდნენ რაღაცების შესაგროვებლად. ლიდია, როზა და ჟოზეფინაც საყიდლებზე წავიდა. ლა გორდამ მთხოვა, მისთვის ახალი კაბის მოძებნაში დავხმარებოდი. მას სრულყოფილი კაბა სურდა, რადგან დენად მეომრად ყოფნისთვის თავდაჯერებულობა სჭირდებოდა. მისთვის არა მხოლოდ კაბა ვიპოვე, არამედ მთლიანი აღკაზმულობა, ფეხსაცმელი, საცვლები და სხვა რაღაცები. 

 სასეირნოდ წავიყვანე. ქალაქის ცენტრში ორი ტურისტივით ვიბოდიალეთ, თავიანთ რეგიონალურ ტანსაცმელში გამოწყობილ ინდიელებს ვათვალიერებდით. როგორც უფორმო მეომარი, ლა გორდა თავის ელეგანტურ სამოსში სრულიად აუღელვებლად გამოიყურებოდა. იგი შეუდარებლად ლამაზი იყო. თითქოს ამისგან განსხვავებულად არც არასდროს სცმია. მხოლოდ მე ვიყავი, ვისთვისაც ეს უჩვეულო იყო. 

 ლა გორდასთვის კითხვების დასმა მინდოდა, რაც აქამდე თავისით ამოდიოდა ჩემგან, მაგრამ ამჯერად მათი ფორმულირება შეუძლებლად მეჩვენა. წარმოდგენა არ მქონდა, მისთვის რა მეკითხა. მოულოდნელად ლა გორდამ მითხრა, რომ ჩემზე მიზიდულობის საზღვრების გადალახვა მოქმედებდა. 

 - გუშინ ჩვენ საზღვრები გადავლახეთ. - თქვა მან. - სოლედადმა მითხრა, რისი მოლოდინი უნდა მქონოდა, ამიტომ მე მზად ვიყავი, მაგრამ შენ არა. 

 მან მარტივად და ნელა დაიწყო იმის ახსნა, რომ წინა ღამეს მიზიდულობის საზღვრები გადავლახეთ. ყოველ სიტყვას ისე წარმოთქვამდა, თითქოს ბავშვს ან უცხოელს ელაპარაკებოდა. მაგრამ, კონცენტრაციას ვერ ვახერხებდი. საცხოვრებელში დავბრუნდით. დასვენება მჭირდებოდა, მაგრამ ისევ გარეთ ამოვყავი თავი. ლიდიამ, როზამ და ჟოზეფინამ ვერაფერი იპოვა. მათაც ლიდიას მსგავსი სამოსი უნდოდათ. 

 შუადღისას პანსიონატში დავბრუნდი და სიამით დავიწყე პატარა დების თვალიერება. როზას მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული უჭირდა. მის სიარულზე ვხუმრობდით, როცა კარები ნელა გაიღო და ნესტორმა დრამატულად შემოაბიჯა. მუქი ლურჯი კოსტიუმი, ვარდისფერი პერანგი და ლურჯი ჰალსტუხი ეცვა. თმა აკურატულად ჰქონდა გადავარცხნილი. მას პაბლიტო და ნესტორი შემოჰყვა. მათი ფეხსაცმელი ახალთახალი იყო, ხოლო კოსტიუმები შეკვეთით დამზადებული გამოიყურებოდა. 

 მათ ქალაქურ ჩაცმულობას ვერა და ვერ შევეგუე. ისინი დონ ხუანს მახსენებდნენ. მე ალბათ ისეთივე შოკირებული ვიყავი ქალაქის ქუჩებში გამოწკეპილი ხენაროების ხილვით, როგორი შოკიც დონ ხუანის დანახვისას მივიღე, როცა ერთხელ თხემიდან ტერფამდე ქალაქურ ტანსაცმელში გამოწყობილი გამომეცხადა. მეორეს მხრივ, ქალების ტრანსფორმაცია არ გამკვირვებია, მაგრამ მაინც ვერ ვეჩვეოდი. 

 მეგონა, რომ ხენაროებს ჯადოქრების იღბალი უნდა ჰქონოდათ, რათა მათთვის ზედგამოჭრილი სამოსი ეპოვათ. მათ გაეცინათ, როცა გაიგეს, თუ როგორ ვბრაზობდი ასეთ იღბალზე. ნესტორმა თქვა, რომ მკერავებს თავიანთი კოსტიუმები რამდენიმე თვის წინ შეუკვეთეს. 

 - თითოეულ ჩვენგანს კიდევ გვაქვს ერთი კოსტიუმი. - მითხრა მან. - ტყავის ჩემოდნებიც გვაქვს. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენთვის მთებში გატარებული დრო ამოიწურა. ჩვენ წასასვლელად მზად ვართ! რა თქმა უნდა, ჯერ უნდა გვითხრა - სად; ასევე ისიც, თუ რამდენ ხანს ვაპირებთ აქ დარჩენას. 

 მან თქვა, რომ ძველი ბიზნეს ანგარიშები ჰქონდა, რომლის დახურვასაც დრო სჭირდებოდა. ოთახში ლა გორდა შემოვიდა და დიდი ავტორიტეტის ტონით დაამატა, რომ იმავე ღამეს აქედან ისე შორს ვაპირებდით წასვლას, როგორც ამას ძალა გადაწყვეტდა. შესაბამისად, ყველანაირი ბიზნესი დღის ბოლომდე უნდა მოეგვარებინათ. ნესტორი და პაბლიტო შეყოვნდნენ. მე მიყურებდნენ, რადგან ჩემგან თანხმობას ელოდნენ. ვფიქრობდი, რომ მათთან გულწრფელი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ლა გორდამ შემაწყვეტინა, როცა ის-ის იყო იმის თქმას ვაპირებდი, რომ წარმოდგენაც არ მქონდა, კონკრეტულად რის გასაკეთებლად მივდიოდით. 

 - ერთმანეთს შეღამებისას შევხვდებით, იქ, სადაც ნაგვალი ჯდებოდა. - თქვა მან. - ამ ადგილს იქიდან დავტოვებთ. შეღამებამდე შეგვიძლია რაც მოგვესურვება ის ვაკეთოთ, მაგრამ იმის ცოდნით, რომ ამ ცხოვრებაში უკან აღარასოდეს დავბრუნდებით.

 ყველას წასვლის შემდეგ, მე და ლა გორდა მარტონი დავრჩით. მკვეთრი და მოუხერხებელი მოძრაობით ჩემს კალთაზე ჩამოჯდა. ძალიან მსუბუქი იყო. მის თმას თავისებური სურნელი ჰქონდა. გავეხუმრე, რომ მისი სუნი აუტანელი იყო. 

 იგი იცინოდა, როცა უეცრად არსაიდან განცდა გამიჩნდა - მოგონება? კალთაზე კიდევ ერთი ლა გორდა მეჯდა, ძალიან მსუქანი, უფრო მომრგვალებული, ორჯერ დიდი ლა გორდა, ვიდრე მას ვიცნობდი. მისი სახე მრგვალი იყო. თმებში შესხურებულ სუნამოზე ვეხუმრებოდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მასზე ვზრუნავდი. 

 ამ ყალბმა მოგონებამ ჩემზე უკონტროლო ეფექტი იქონია და წამიერად წამოვხტი. ლა გორდა ხმაურიანად დაეცა იატაკზე. მას ის აღვუწერე, რაც “გამახსენდა”. ვუთხარი, რომ ადრე მინახავს, როდესაც იგი მსუქანი იყო.

 კომენტარი არ გაუკეთებია. ტანსაცმელი გაიხადა და ისევ ძველი კაბა ჩაიცვა. 

 - ამისთვის ჯერ მზად არ ვარ. - თქვა მან და ახალ სამოსზე მიმითითა. - სანამ თავისუფლები ვართ, კიდევ ერთი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ნაგვალი ხუან მატუსის მითითებით, ყველა ჩვენგანი მიერ მიერ არჩეულ ძალის ადგილზე უნდა დავჯდეთ.

 - სად არის ეს ადგილი?

 - სადღაც აქვე, მთებში. კარებს ჰგავს. ნაგვალმა მითხრა, რომ იმ ადგილზე ბუნებრივი ბზარია. მისი მიხედვით ამ სამყაროში გარკვეული ძალის ადგილები სამყაროებს შორის არსებულ ხვრელებს განასახიერებენ. თუ უფორმო ხარ, ამ ხვრელის გავლით შეუცნობელში მოხვედრა შეგიძლია. ეს სხვა სამყარო და ის სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ერთმანეთის პარალელურ ხაზებზე იმყოფება. დიდი შანსია, რომ ამა თუ იმ დროს ამ ხაზებში ყველა ჩვენგანი ვართ გადანასვლელი, მაგრამ არ გვახსოვს. ელიჰიომ ამ სხვა სამყაროშია. ხანდახან მასში სიზმარხილვის მეშვეობით ვაღწევთ. რა თქმა უნდა, ჟოზეფინა ჩვენს შორის საუკეთესო სიზმარმხილველია. იგი ხაზებს ყოველ დღე კვეთს, მაგრამ ჟოზეფინა შერყეულია და ეს მას გულგრილს ხდის, ისევე როგორც სულელს… ამიტომ, ელიჰიო ამ ხაზების გადალახვაში დამეხმარა, ალბათ მე უფრო ჭკვიანი ვეგონე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჟოზეფინასავით დებილი გამოვდექი. ელიჰიოს უნდა, რომ ჩვენი მარცხენა მხარე გაგვახსენოს. სოლედადმა მითხრა, რომ მარცხენა მხარე იმის პარალელური ხაზია, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ. შესაბამისად, თუ მას სურს, რომ ეს გავიხსენოთ, ესე იგი იქ ნამყოფი ვართ, მაგრამ არა სიზმარხილვაში. ამიტომ გვახსენდება ყველა ჩვენგანს დროგამოშვებით უცნაური რაღაცები. 

 მისი დასკვნები ლოგიკური იყო იმ ასპექტების გათვალისწინებით, რომელთაც იყენებდა. ვიცოდი, რაზეც ლაპარაკობდა. ამ შემთხვევით, არასასურველ მოგონებას ყოველდღიური რეალობის სუნი ასდიოდა, თუმცა მისთვის დროში არსებული თანმიმდევრულობის პოვნას ვერ ვახერხებდით. არ არსებობდა ჩვენს ცხოვრებაში არსებული თუნდაც ერთი მომენტი, სადაც ამ მოგონებების ჩასმას შევძლებდით. 

 ლა გორდა საწოლზე წამოწვა. თვალებში შეშფოთებული მზერა ედგა. 

 - იმაზე ფიქრი მაწუხებს, თუ რა უნდა გავაკეთო, რომ ძალის ადგილი ვიპოვო. - თქვა მან. - მის გარეშე ჩვენთვის არანაირი მოგზაურობა არ არსებობს. 

 - იმაზე ფიქრი მაწუხებს, თუ სად უნდა წაგიყვანოთ და რა უნდა გავაკეთო თქვენთან ერთად. - ვთქვი მე.

 - სოლედადმა მითხრა, რომ ჩრდილოეთით, საზღვრამდე ვივლით. ზოგიერთი ჩვენგანი ამ საზღვარს გასცდება და უფრო ჩრდილოეთით წავა. მაგრამ, შენ ამ გზას ჩვენთან ერთად ბოლომდე არ გაივლი. შენ სხვა ბედი გაქვს. 

 ლა გორდა წუთით ჩაფიქრდა. აზრების მოწესრიგებას აშკარა ძალისხმევით ცდილობდა. 

 - სოლედადმა თქვა, რომ შენ ჩემი ბედისწერის აღსასრულებლად წამიყვან. - დაამატა მან. - მე ერთადერთი ვარ, ვინც შენზეა პასუხისმგებელი. 

 ალბათ შეშფოთება მთელს სახეზე მეწერა. მან გამიღიმა.

 - სოლედადმა მითხრა, რომ მოკლე ჩართვა გჭირს. შენ გაქვს მომენტები, როცა ნაგვალი ხარ. შეშლილს ჰგავხარ, რომელიც საღ აზრზე მხოლოდ რამდენიმე წამით ახერხებს დარჩენას, შემდეგ კი ისევ თავის შეშლილობაში იძირება. 

 - კიდევ რა გითხრა? 

 - მან მითხრა, რომ საკუთარ თავს გახსენება უნდა ვაიძულო. სოლედადმა თავისი ენერგია ამოწურა, რათა ჩემი მოგონება გამხსენებოდა. ამიტომაც ვერ შეძლო მან შენთან გამკლავება. 

 ლა გორდა წამოდგა. წასასვლელად მზად იყო. ქალაქში სასეირნოდ წავიყვანე. ძალიან ბედნიერი ჩანდა. ერთი ადგილიდან მეორეზე დადიოდა და ყველაფერს ათვალიერებდა. სამყაროს საგნების დანახვით ტკბებოდა. 

 დონ ხუანმა ასეთი რამ ამიხსნა: მან თქვა, რომ მეომარმა იცის, რომ ელოდება და ისიც იცის, რას ელოდება, ხოლო სანამ ელოდება, სამყაროს სიამოვნებით ათვალიერებს. მეომრის საბოლოო მიღწევა განცდილი სიხარულია. იმ დღეს, ოახაკაში, ქალაქის ქუჩებში მოსიარულე ლა გორდა, დონ ხუანის სწავლების განსახიერება იყო. 

 

 გვიან საღამოს, შეღამების წინ, დონ ხუანის სკამზე დავსხედით. პირველად ბენიგნო, პაბლიტო და ჟოზეფინა გამოჩნდა. რამდენიმე წუთში დანარჩენი სამიც შემოგვიერთდა. პაბლიტო ჟოზეფინასა და ლიდიას შორის დაჯდა და მათ ხელები შემოხვია. ისევ თავიანთი ძველი ტანსაცმელი ეცვათ. ლა გორდა წამოდგა და მათთვის ძალის ადგილის შესახებ დაიწყო მოყოლა. 

 ნესტორმა ლა გორდას დასცინა. დანარჩენებიც აჰყვნენ. 

 - შენს უფროსობას ვერასოდეს შეეშვები. - თქვა ნესტორმა. - ჩვენ შენგან თავისუფალნი ვართ. გუშინ საზღვრები გადავლახეთ. 

 ლა გორდა აუღელვებელი იყო, მაგრამ სხვები ბრაზობდნენ. ჩარევა მომიწია. ხმამაღლა ვთქვი, რომ მსურდა მეტი გამეგო საზღვრების შესახებ, რომლებიც წინა ღამით გადავკვეთეთ. ნესტორმა განმარტა, რომ ეს მხოლოდ მათ ეხებოდა. ლა გორდა არ დაეთანხმა. თითქმის კონფლიქტის ზღვარზე იყვნენ. ნესტორი ლა გორდას მოვაშორე და ვუბრძანე, რომ საზღვრების შესახებ მოეყოლა.

 - ჩვენი შეგრძნებები ყველაფერს საზღვრებით ზღუდავს. - თქვა მან. - რაც უფრო მეტად გვიყვარს, მით უფრო ძლიერია საზღვარი. ამ შემთხვევაში, ჩვენი სახლი გვიყვარს. სანამ მას დავტოვებდით, მოგვიწია, რომ ჯერ კარგ ხასიათზე დავმდგარიყავით. სახლის მიმართ ჩვენი გრძნობები დასავლელით მთების მწვერვალს ასცდა. როცა მწვერვალზე ეს ადგილი გავიარეთ და ამავდროულად ვიცოდით, რომ უკან არასოდეს დავბრუნდებოდით, შედეგად საზღვრები დავშალეთ და გადავლახეთ. 

 - მაგრამ, მეც ხომ ვიცოდი რომ არასოდეს დავბრუნდებოდი. - ვთქვი მე. 

 - შენ ის მთები ისე არ გიყვარს, როგორც ჩვენ. 

 - ეს ჯერ კიდევ საკითხავია. - შემპარავად თქვა ლა გორდამ. 

 - ჩვენ მისი გავლენის ქვეშ ვიყავით. - პაბლიტო ფეხზე წამოდგა და ლა გორდაზე მიგვითითა. - ახლა ვხედავ, როგორი სულელები ვიყავით. დაღვრილ რძეზე აღარ ვიწუწუნებთ, მაგრამ აღარასოდეს დაგემორჩილებით. 

 ლიდიამ და ჟოზეფინამ ნესტორს და პაბლიტოს აუბა მხარი. ბენიგნო და როზა ისე იყურებოდა, თითქოს წამოჭრილი კონფლიქტი აღარ აინტერესებდათ.

 ზუსტად იმ მომენტში, დარწმუნებულობისა და ავტორიტეტულობის კიდევ ერთი მომენტი მქონდა. წამოვდექი და ყოველგვარი ცნობიერი ნების გარეშე გამოვაცხადე, რომ პასუხისმგებლობას თავად ვიღებდი და ამიერიდან ლა გორდას ვუკრძალავდი, მისი კომენტარები ან იდეები ერთადერთ გამოსავლად დაესახელებინა. ლაპარაკის დასრულებისას, ჩემი სითამამით გაოგნებული ვიყავი. ყველა - მათ შორის ლა გორდაც - აღფრთოვანებული იყო. 

 მომენტალურად ვიცოდი, სად მდებარეობდა ადგილი, რომელიც უნდა მოგვენახულებინა, სანამ თავისუფალნი ვიქნებოდით. ხილვაში თვალწინ ის სახლი დამიდგა, რომელიც ჩემში ასეთ ინტერესს იწვევდა. 

 მათ ვუთხარი, სადაც უნდა წავსულიყავით. ჩემი მითითებები ყოველგვარი არგუმენტების გარეშე მიიღეს. პანსიონატიდან წამოვედით და სასადილოდ წავედით. შემდეგ, დაახლოებით თერთმეტ საათამდე მოედანზე ვსეირნობდით. ბოლოს მანქანა დავქოქე და ქალაქიდან წამოვედით. ლა გორდა ჩემთან ერთად ფხიზლად რჩებოდა, სანამ დანარჩენებს ეძინათ, ხოლო როცა მე და ლა გორდას გვეძინა, საჭეს ნესტორი მართავდა. 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff