არწივის ძღვენი

კარლოს კასტანედა
0
0

მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე

ერთად "ხედვა"

თავი მეორე - ერთად "ხედვა"

 ლოს-ანჯელესში დაბრუნების შემდეგ, რამდენიმე კვირის განმავლობაში, მსუბუქი დისკომფორტის შეგრძნება მქონდა, რომელსაც ვხსნიდი, როგორც თავბრუსხვევას ან სუნთქვის უეცარ შეფერხებას, ფიზიკური დატვირთვის გამო. ამან ერთ ღამეს კულმინაციას მიაღწია, როდესაც შეშინებულს გამომეღვიძა: ვერ ვსუნთქავდი. ექიმმა ჩემი უბედურება ჰიპერვინტილაციის დიაგნოზით დამისვა, რაც სავარაუდოდ დაძაბულობისგან იყო გამოწვეული. მან დამამშვიდებელი დამინიშნა და განმეორების შემთხვევაში ქაღალდის პარკებში ჩასუნთქვა შემომთავაზა.

 ლა გორდას რჩევის მისაღებად მექსიკაში დაბრუნება გადავწყვიტე. ექიმის მიერ დასმული დიაგნოზის გაზიარების შემდეგ, მან დამარწმუნა, რომ ამასთან არანაირი დაავადება არ იყო დაკავშირებული და მე საბოლოოდ ვიშორებდი ჩემს ბარიერებს. მისი მიხედვით, რასაც განვიცდიდი, ეს იყო "ადამიანური ფორმის დაკარგვა" და ადამიანური დამოკიდებულებებისგან განცალკევების ახალ სფეროში შესვლა.

 - ამას ნუ ებრძვი. - თქვა მან. - ჩვენი ბუნებრივი რეაქცია მის წინააღმდეგ ბრძოლაა. შიშისგან განთავისუფლდი და ეტაპობრივად მიჰყევი შენი ადამიანური ფორმის დაკარგვას.

 ლა გორდამ დაამატა, რომ მის შემთხვევაში ადამიანური ფორმის დაშლა საშვილოსნოში ძლიერი ტკივილით და გადაჭარბებული წნევით დაიწყო, რომელიც ნელა მოძრაობდა ორი მიმართულებით: დაბლა ფეხებისკენ და მაღლა ყელისკენ. მან ასევე დაამატა, რომ ეფექტს მომენტალურად გრძნობდა.

 მინდოდა, რომ ახალ მდგომარეობაში ჩემი შესვლის ყველა ნიუანსი ჩამეწერა. ყველაფრის დაწვრილებით ჩასაწერად მოვემზადე, მაგრამ, ჩემდა გასაღიზიანებლად, მეტი არაფერი მომხდარა.  

 რამდენიმე დღის უშედეგო მოლოდინის შემდეგ, ლა გორდას ახსნა-განმარტებაზე უარი ვთქვი და დავასკვენი, რომ ექიმმა სწორი დიაგნოზი დამისვა. ჩემთვის მისი ნათქვამი სავსებით გასაგები იყო. მხრებით ვატარებდი პასუხისმგებლობას, რამაც გაუსაძლისი დაძაბულობა გამოიწვია. მე ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა ავიღე და შეგირდებს სჯეროდათ, რომ მე მეკუთვნოდნენ, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, მათ როგორ გავძღოლოდი.

 ჩემს ცხოვრებაში ზეწოლა უფრო სერიოზული სახით გამოჩნდა. ჩემი ენერგიის ჩვეული დონე სტაბილურად ეცემოდა. დონ ხუანი იტყოდა, რომ პირად ძალას ვკარგავდი და ამგვარად საბოლოოდ სიცოცხლესაც დავკარგავდი. დონ ხუანმა მასწავლა, რომ მხოლოდ "პირადი ძალისთვის" მეცხოვრა, რომელიც ყოფიერების მდგომარეობის სახით მესმოდა: საგნებსა და სამყაროს შორის წესრიგის გაგებით. ეს არის ურთიერთობა, რომელიც არ შეიძლება სუბიექტის სიკვდილის გარეშე დაირღვეს.

 ვინაიდან ჩემი მდგომარეობის შესაცვლელად რაიმე პროგნოზირებადი გზა არ არსებობდა, მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება დასასრულს უახლოვდებოდა. ჩემი განწირულობის განცდა თითქოს ყველა შეგირდს აშფოთებდა. გადავწყვიტე მათ რამდენიმე დღით მოვშორებოდი, რათა ჩემი სასოწარკვეთა და მათი დაძაბულობა გამეფანტა.

 როცა დავბრუნდი, დავინახე, რომ ისინი პატარა დების სახლის შესასვლელთან იდგნენ და თითქოს მელოდებოდნენ. ნესტორი ჩემი მანქანისკენ გამოიქცა და სანამ ძრავის ჩაქრობას მოვასწრებდი მითხრა, რომ პაბლიტო გაიქცა.

 - იგი სასიკვდილოდ წავიდა. - თქვა ნესტორმა. - ქალაქ ტულაში, მისი წინაპრების ადგილას.

 შოკირებული ვიყავი. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი.

 ლა გორდა ჩემს შეშფოთებას არ იზიარებდა. იგი კმაყოფილებას აფრქვევდა.  

 - ეს პატარა სუტენიორი უმჯობესია მკვდარი იყოს. - თქვა მან. - ყველა ჩვენგანი ახლა ჰარმონიულად ვაპირებთ ცხოვრებას, როგორც უნდა ვიცხოვროთ კიდეც. ნაგვალმა გვითხრა, რომ შენ ჩვენს ცხოვრებაში ცვლილებების შემოტანას აპირებდი. ასეც მოიქეცი. პაბლიტო აღარ გვაწუხებს. იგი შენ მოგვაშორე. შეხედე, როგორი ბედნიერები ვართ. მის გარეშე უკეთესად ვართ.

 მისი გულგრილობით აღშფოთებული ვიყავი. რაც შემეძლო მკაცრად განვაცხადე, რომ დონ ხუანმა მეომრის ცხოვრების წესი ყველა ჩვენგანს, ყველაზე მტკივნეულად გვასწავლა. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ მეომრის უზადობა მოითხოვდა, პაბლიტო ასე არ მომკვდარიყო.

 - რის გაკეთებას აპირებ? - მკითხა ლა გორდამ.

 - ერთ-ერთ თქვენგანს მასთან საცხოვრებლად წავიყვან. - ვთქვი მე. - სანამ ყველა თქვენგანი არ გადაწყვეტთ, რომ აქედან გადახვიდეთ.

 დამცინოდნენ. თავად ნესტორი და ბენიგნოც კი, რომლებიც პაბლიტოსთან ყველაზე ახლოს დაახლოებული მეგონა. ლა გორდა ყველაზე დიდხანს იცინოდა. აშკარად ჩემს გამოწვევას ცდილობდა.

 მორალური მხარდაჭერისთვის ნესტორსა და ბენიგნოს გავხედე. თვალი ამარიდეს.

 ამჟამად ლა გორდას უმაღლეს გაგებას მივმართე. მას ვსაყვედურობდი. ყველა არგუმენტი გამოვიყენე, რისი მოფიქრებაც შემეძლო. მან სრული ზიზღით შემომხედა.

 - მოდით, წავიდეთ. - უთხრა მან სხვებს.

 ყველაზე ავისმომასწავებლად გამიღიმა, მხრები აიჩეჩა და ტუჩებით გაურკვეველი განცდა გამოხატა.

 - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან, - მითხრა მან, - იმ პირობით, რომ კითხვებს არ დაგვისვამ ან იმ პატარა სუტენიორზე არ ილაპარაკებ.

 - შენ უფორმო მეომარი ხარ, გორდა. ეს თავად მითხარი. მაშინ, რატომ განსჯი პაბლიტოს?

 ლა გორდამ არ მიპასუხა. მაგრამ, ჩემი დარტყმა იგრძნო. წარბები შეჭმუხნა და ჩემს მზერას მოერიდა.

 - ლა გორდა ჩვენს მხარეზეა! - მთელი ხმით იყვირა ჟოზეფინამ.

 სამი პატარა და ლა გორდას გარშემო შეიკრიბა და იგი სახლში შეიყვანა. მათ გავყევი. ნესტორი და ბენიგნოც შიგნით შევიდნენ.

 - რის გაკეთებას აპირებ? ძალით წაგვიყვან? - მკითხა ლა გორდამ.

 ყველას ვუთხარი, რომ პაბლიტოს დახმარებას ჩემს მოვალეობად მივიჩნევდი და ნებისმიერ მათგანთან მსგავსად მოვიქცეოდი.

 - შენ მართლა გგონია, რომ ამის გაკეთებას შეძლებ? - მკითხა ლა გორდამ. თვალები სიბრაზისგან უელავდა.

 მსურდა მათთვის ბრაზით მეყვირა, როგორც ერთხელ გავაკეთე მათი თანდასწრებით, მაგრამ გარემოებები განსხვავებული იყო. ეს ვერ მოვახერხე.

 - ჩემთან ერთად ჟოზეფინას წავიყვან. - ვუთხარი მათ. - მე ნაგვალი ვარ.

 ლა გორდამ პატარა დები შეკრიბა და თავისი სხეულით დაიფარა. ისინიც ჩაეხუტნენ. ჩემში რაღაცამ იცოდა, რომ თუ ამას იზამდნენ, მათი ძალა გასაოცარი იქნებოდა და ჟოზეფინას წაყვანის ყოველგვარი მცდელობა უსარგებლო გახდებოდა. ჩემი ერთადერთი შანსი იქამდე იყო, სანამ შეჯგუფებას მოასწრებდნენ.

 ჟოზეფინას ხელი მოვკიდე და ოთახის ცენტრისკენ მოვიქნიე. სანამ დაჯგუფებას მოასწრებდნენ, ლიდიას და როზას ჩავარტყი. ტკივილით მოიხარნენ. ლა გორდა ისეთი სიშლეგით მომვარდა, როგორიც მასში არასოდეს მინახავს. ველური მხეცის შეტევას ჰგავდა. მისი მთელი კონცენტრაცია სხეულის ერთ დარტყმაზე იყო ორიენტირებული. თუ ახლა დამარტყამდა, ვიცოდი, რომ მომკლავდა. რამდენიმე ინჩით ამაცილა. უკნიდან მოვუარე, ხელები ჩავჭიდე და იატაკზე დავვარდით. ქანცის გაწყვეტამდე ვკოტრიალობდით. მისი სხეული მოდუნდა.

 შევამჩნიე, რომ კართან ნესტორი და ბენიგნო იდგა. როგორც ჩანს, ფიზიკურად ავად გახდომამდე ცოტაღა აკლდათ.

 ლა გორდამ მორცხვად გაიღიმა და ყურში ჩამჩურჩულა, რომ უხაროდა, მისი დაძლევა რომ შევძელი.

 ჟოზეფინა პაბლიტოსთან წავიყვანე. ვგრძნობდი, რომ ის იყო ერთადერთი შეგირდი, რომელსაც გულწრფელად სჭირდებოდა ვინმეზე მზრუნველობა და პაბლიტო მას ყველაზე ნაკლებად აბრაზებდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ პაბლიტოს რაინდული გრძნობა აიძულებდა მისთვის გაეგო, რადგან მას დახმარება სჭირდებოდა.

 ერთი თვის შემდეგ მექსიკაში კიდევ ერთხელ დავბრუნდი. პაბლიტო და ჟოზეფინაც დაბრუნდნენ. ისინი ხენაროს სახლში ერთად ცხოვრობდნენ, ბენიგნოსთან და როზასთან ერთად. ნესტორი და ლიდია სოლედადის სახლში ცხოვრობდა, ხოლო ლა გორდა მარტო ცხოვრობდა პატარა დების სახლში.

 - ჩვენმა ახალმა პირობებმა გაგაკვირვა? - მკითხა ლა გორდამ.

 ჩემი გაოცება ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალო გაკვირვება. მინდოდა ამ ახლებური ორგანიზაციის ყველა მნიშვნელობა გამეგო.

 ლა გორდამ მშრალი ტონით შემატყობინა, რომ არ არსებობდა რაიმე ისეთი მნიშვნელობა, რაც მან იცოდა. მათ წყვილებში ცხოვრება აირჩიეს, მაგრამ არა წყვილებად ყოფნა. ლა გორდამ დაამატა, რომ ჩემს მიერ გაფიქრებულის საწინააღმდეგოდ, ისინი უზადო მეომრები იყვნენ.  

 ახალი ფორმატი საკმაოდ სასიამოვნო იყო. როგორც ჩანს, ყველა სრულიად დამშვიდებულად გრძნობდა თავს. კამათს ან სხვადასხვა საქციელთა გამოვლინებებს მათ შორის ადგილი აღარ ჰქონდა. მათ ასევე იმ რეგიონისთვის დამახასიათებელი ინდიელთა სამოსის ჩაცმა დაიწყეს. ქალებს გრძელი კაბები ეცვათ, რომლებიც თითქმის მიწას ეხებოდა. ზედაწელზე მუქ შალს იცვამდნენ, თმები კი შეკრული ჰქონდათ, ჟოზეფინას გარდა, რომელსაც ყოველთვის ქუდი ეხურა. მამაკაცებს თხელი თეთრი პიჟამა-შარვალი ეცვათ, ასევე მაისურები და ჩალის ქუდები. ყველა მათგანს ხელნაკეთი სანდლები ჰქონდა.

 ლა გორდას მათი ახალი ჩაცმულობის მიზეზის შესახებ ვკითხე. მან თქვა, რომ ისინი წასასვლელად ემზადებოდნენ. ადრე თუ გვიან, ჩემი დახმარებით ან თავად, ისინი ამ ხეობის დატოვებას აპირებდნენ. ისინი ახალ სამყაროში გადავიდოდნენ: ახალ ცხოვრებას დაიწყებდნენ. როდესაც ამას იზამდნენ, ცვლილებას აღიარებდნენ. რაც უფრო დიდხანს ატარებდნენ ინდიელთა ტანსაცმელს, მით უფრო მკვეთრი იქნებოდა ცვლილება, როდესაც ისინი ქალაქის ტანსაცმელს ჩაიცვამდნენ.  

 მან დაამატა, რომ ისწავლეს, რას ნიშნავდა - დენადი ყოფილიყავი: ნებისმიერ სიტუაციაში მშვიდად ყოფნა, რომელშიც საკუთარ თავს აღმოაჩენდნენ. იგივე რამ თავადაც მქონდა ნასწავლი. ჩემი გამოწვევა მათთან მსუბუქად გამკლავება იყო, მიუხედავად იმისა, თუ რა დამიშავეს. მათთვის გამოწვევა თავის მხრივ ამ ხეობის დატოვება და სხვაგან დასახლება იყო, რათა გაერკვიათ, იქნებოდნენ თუ არა ისევ ისეთივე დენადები, როგორიც მეომრები უნდა ყოფილიყვნენ.

 ჩვენი შანსების წარმატებულობის შესახებ ლა გორდას მისი გულწრფელი აზრი ვკითხე. მან მიპასუხა, რომ მარცხი ყველა ჩვენგანს სახეზე გვეწერა.

 ლა გორდამ უეცრად თემა შეცვალა და მითხრა, რომ სიზმარხილვაში ორ გიგანტურ მთას შორის ვიწრო ხევს უყურებდა. მას ეგონა, რომ მთები მისთვის ნაცნობი იყო და სურდა, რომ უახლოეს ქალაქამდე მიმეყვანა. ლა გორდას სჯეროდა, თუმცა არ იცოდა რატომ, რომ ორი მთა სწორედ იქ იყო და ეს სიზმარხილვიდან მოსული შეტყობინება მიუთითებდა, რომ ორივე ჩვენგანი იქ უნდა წავსულიყავით.

 გამთენიისას წავედით. ამ ქალაქში ადრეც ვყოფილვარ. ძალიან პატარა დასახლება იყო და მის ირგვლივ ადრე არაფერი შემიმჩნევია, რაც ლა გორდას სიზმარხილვასთან ახლოს მაინც იქნებოდა.  ირგვლივ მხოლოდ ეროზიული ბორცვები მოჩანდა. აღმოჩნდა, რომ მთა არსად იყო, ან თუ იყო, ჩვენ ვერ ვიპოვეთ.

 ქალაქში გატარებული ორი საათის განმავლობაში, ორივეს ისეთი განცდა გვქონდა, თითქოს რაღაც განუსაზღვრელი ვიცოდით. ეს იყო განცდა, რომელიც ხანდახან გარკვეულ დონემდე იზრდებოდა და შემდეგ ისევ სიბნელეში ბრუნდებოდა, რათა გაღიზიანება და იმედგაცრუება გამოეწვია.

 ქალაქის მონახულებამ ძალიან იდუმალი განცდით დაგვაბნია. უფრო სწორად, გაურკვეველი მიზეზების გამო აჟიტირებულები გავხდით. ყველაზე ალოგიკურ კონფლიქტში ვიყავი ჩაფლული. არ მახსოვდა, ოდესმე ამ ქალაქში გავჩერებულიყავი და მაინც შემეძლო დამეფიცებინა, რომ არა მხოლოდ დავრჩენილვარ, არამედ გარკვეული დროით აქ ვცხოვრობდი კიდეც.

 ეს ნათელი მეხსიერება არ იყო. არც ქუჩები მახსოვდა და არც სახლები. ჩემი შეგრძნება ბუნდოვანი იყო, მაგრამ მძლავრად უსიამოვნო წინასწარგანწყობა მქონდა, რომ მალე ჩემს გონებაში რაღაც დაიწმინდებოდა. არ ვიცოდი, რა იყო ეს რაღაც: ალბათ რომელიმე მოგონება. მომენტებში ეს უსიამოვნო წინასწარგანწყობა მთავარი განცდა ხდებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა კონკრეტული სახლი დავინახე. მე და ლა გორდა ამ სახლს მანქანიდან დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ვუყურებდით. თუმცა, არც ერთ ჩვენგანს არ შეუთავაზებია ერთმანეთისთვის მანქანიდან ჩასვლა და სახლში შესვლა.

 ორივენი ძალიან აჟიტირებული ვიყავით. საუბარი ორი მთის შესახებ მის სიზმარხილვაზე დავიწყეთ. ჩვენი დიალოგი მოკლე კამათში გადაიზარდა. ლა გორდას ეგონა, რომ მის სიზმარს სერიოზულად არ ვიღებდი. ჩვენი ტემპერამენტი ადუღდა და ბოლოს ერთმანეთის ყვირილში გადაიზარდა. ეს არც იმდენად იყო ბრაზი, რამდენადაც ნერვიულობა. თავი მოვთოკე და გავჩერდი.

 უკან დაბრუნებისას მანქანა ჭუჭყიანი გზის პირას გავაჩერე. ფეხების გასაშლელად გამოვედით. ცოტა ხნით ვიარეთ. გასეირნებით სიამოვნებისთვის ზედმეტად ძლიერი ქარი ქროდა. ლა გორდა ისევ აჟიტირებული ჩანდა. მანქანასთან დავბრუნდით და ისევ ჩავსხედით.

 - თუ მხოლოდ იმას შეძლებ, რომ მთელი შენი ცოდნა შეკრიბო... - თქვა მან მომთხოვნი ტონით. - მაშინ გეცოდინება, რომ ადამიანური ფორმის დაკარგვა...

 შუა წინადადებაში გაჩერდა. ალბათ ჩემი აწეული წარბი შეამჩნია. მან ჩემი გასაჭირის შესახებ იცოდა. ჩემში რომ რაიმე სახის ცოდნა ყოფილიყო, რომელსაც ცნობიერად შეეძლო შეკრება, ამას უკვე გავაკეთებდი.

 - მაგრამ, ჩვენ მანათობელი არსებები ვართ. - თქვა მან ისეთივე მომთხოვნი ტონით. - ჩვენთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. შენ ნაგვალი ხარ. შენთვის კიდევ უფრო მეტია.

 - როგორ ფიქრობ, რა უნდა გავაკეთო?

 - შენი ჩაბღაუჭების სურვილისგან უნდა განთავისუფლდე. მეც იგივე რამ დამემართა. საგნებს ვებღაუჭებოდი, როგორიცაა საკვები, რომელიც მომწონდა, მთები, სადაც ვცხოვრობდი, ადამიანები, რომლებთან საუბარიც ადრე მსიამოვნებდა, მაგრამ, ყველაზე მეტად იცი რას ვებღაუჭებოდი? სურვილს, რომ სხვებს მოვწონებოდი.

 ვუთხარი, რომ მისი რჩევა ჩემთვის უაზრო იყო, რადგან არაფერს ვებღაუჭებოდი. იგი ამტკიცებდა, თითქოს მე ვიცოდი, რომ ჩემი ადამიანური ფორმის დაკარგვისთვის ბარიერები მქონდა დაყენებული.

 - ჩვენი ყურადღება იმისთვის არის გაწვრთნილი, რომ ფოკუსირება მოახდინოს. - განაგრძო მან. - ეს არის, გზა, რომლითაც სამყაროს ვინარჩუნებთ. შენმა პირველმა ყურადღებამ რაღაცაზე ფოკუსირება ისწავლა, რაც ჩემთვის ძალიან უცნაურია, მაგრამ შენთვის საკმაოდ ნაცნობია.

 მას ვუთხარი, რომ ჩემი გონება აბსტრაქციებისკენ იყო მომართული, მაგრამ არა ისეთი აბსტრაქციებისკენ, როგორიც მაგალითად მათემატიკა, არამედ გონივრული განცხადებებისკენ.

 - ახლა უკვე იმის დროა, რომ ამ ყველაფერს თავი დაანებო. - თქვა მან. - ადამიანური ფორმის დასაკარგად, მთელი ეს ცირკი უნდა მოიშორო. შენ იმდენად მყარად აწონასწორებ ყველაფერს, რომ საკუთარი თავის პარალიზებას ახდენ.

 კამათის ხასიათზე არ ვიყავი. ის, რასაც იგი ადამიანური ფორმის დაკარგვას უწოდებდა, ჩემთვის ძალიან ბუნდოვანი კონცეფცია იყო დაუყოვნებლივ განსახილველად. მე ის მაწუხებდა, რასაც იმ ქალაქში განვიცდიდი. ლა გორდას ამაზე საუბარი არ სურდა.  

 - ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია, ისაა, რომ შენი ცოდნა შეაგროვო. - თქვა მან. - შენ ამის გაკეთება შეგიძლია, როგორც იმ დღეს გააკეთე, როცა პაბლიტო გაიქცა და ჩვენ ერთმანეთს ჩავებით.

 ლა გორდამ თქვა, რომ ის, რაც იმ დღეს მოხდა, იმის მაგალითი იყო, რასაც "ცოდნის შეგროვება" ეწოდებოდა. მე ზედმიწევნით არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, მაგრამ მანევრების კომპლექსი შევასრულე, რომელიც ხედვას საჭიროებდა.

 - შენ უბრალოდ კი არ დაგვესხი თავს. - თქვა მან. - შენ დაინახე.

 იგი მართალი იყო. იმ მომენტში რაღაც სრულიად უჩვეულო მოხდა. მე იგი დეტალურად განვიხილე, მაგრამ მხოლოდ პირადი სპეკულაციით შემოვიფარგლე. ამის ადეკვატური ახსნა არ გამაჩნდა, გარდა იმისა, რომ სიტუაციის ემოციურმა მუხტმა ჩემზე წარმოუდგენლად იმოქმედა.

 როდესაც სახლში შევედი და ქალებს შევხედე, წამიერად მივხვდი, რომ ჩემი ჩვეულებრივი აღქმა შეიცვალა. ჩემს თვალწინ დავინახე ძალიან ინტენსიური, ოთხი ქარვისფერი სინათლის ამორფული ფორმა. ერთ-ერთი მათგანი უფრო დელიკატური და მეტად სასიამოვნო იყო. დანარჩენი სამი არამეგობრული იყო, მკვეთრი მოთეთრო-ქარვისფერი. მეგობრულად მბზინავი ლა გორდასი გახლდათ, რა დროსაც დანარჩენი სამი ფორმა მუქარით აფრქვევდა მასზე თავის სინათლეს.

 ჩემთან ყველაზე ახლოს მოთეთრო სიკაშკაშის ლაქა, რომელიც ჟოზეფინა იყო, ოდნავ გაუწონასწორებელი გახლდათ. იგი გადახრილი იყო, ამიტომ ვუბიძგე. დანარჩენ ორს დეპრესიულ მხარეებში დავარტყი, რომელიც მარჯვენა მხარეს ჰქონდათ. ცნობიერად არ მიფიქრია, რომ მათთვის უნდა დამერტყა. უბრალოდ, ჩაღრმავება, რომელსაც ვხედავდი, მოსახერხებელი იყო, რაც დარტყმისკენ მიწვევდა. შედეგი დამღუპველი იყო. ლიდია და როზა ადგილზე დაეცა. თითოეულ მათგანს მარჯვენა ფეხის ბარძაყში ჩავარტყი. ეს ისეთი დარტყმა არ ყოფილა, რომელსაც ძვლის მოტეხა შეეძლო. მე მხოლოდ ჩემს თვალწინ არსებულ სინათლის ბოჭკოებს ვუბიძგე. მიუხედავად ამისა, თითქოს მათი სხეულის ყველაზე დაუცველ ნაწილს სასტიკი დარტყმა მივაყენე.

 ლა გორდა მართალი იყო, მე გარკვეული ცოდნა შევაგროვე, რომლის შესახებაც არ ვიცოდი. თუ ხედვა ეს იყო, მაშინ ამაზე ჩემი ინტელექტის ლოგიკური დასკვნა ის იქნებოდა, რომ იგი სხეულებრივ ცოდნას განასახიერებდა. ჩვენი ვიზუალური შეგრძნების გაბატონება მოცემულ ცოდნაზე ახდენს გავლენას, რაც მას თითქოსდა თვალებთან აკავშირებს. ის, რაც მე განვიცადე, მთლიანად ვიზუალური არ იყო.

 სინათლის ბოჭკოები თვალების გარდა სხვა რაღაცითაც დავინახე, ვინაიდან ვაცნობიერებდი, რომ მთელი ამ დროის მანძილზე ჩემს წინ ოთხი ქალი იდგა. სინათლის ბოჭკოები მათზე მიბჯენილი არ იყო. გამოსახულებების ნაკრები ერთმანეთისგან განცალკევებულად იმყოფებოდა.

 ის, რაც ჩემთვის საქმეს ართულებდა, დროის საკითხი იყო. ყველაფერი რამდენიმე წამის შუალედში მოხდა. თუ ერთი მდგომარეობიდან მეორეზე უნდა გადავსულიყავი, ეს გადასვლა იმდენად სწრაფი იყო, რომ უაზროდ გამოიყურებოდა. ამგვარად, ორი ცალკეული მდგომარეობის ერთდროულად აღქმა შეეძლო.

 მას შემდეგ, რაც სინათლის ორ ბოჭკოს დავარტყი, მომხიბვლელი სინათლე - ლა გორდა - ჩემკენ წამოვიდა. იგი პირდაპირ ჩემკენ არ წამოსულა, არამედ მოძრაობის დაწყებიდანვე მარცხნივ იყო გადახრილი. აშკარად განზრახული ჰქონდა, რომ ჩემთვის დარტყმა აეცილებინა, ასე რომ, როდესაც ბზინვარება ჩემს გვერდით აღმოჩნდა, ხელი ჩავავლე. როცა მასთან ერთად იატაკზე კოტრიალი დავიწყე, ვგრძნობდი, რომ მასში ვდნებოდი. ეს იყო ერთადერთი მომენტი, როდესაც უწყვეტობის შეგრძნება მართლა დავკარგე. საკუთარი თავი შემდეგ მომენტში ისევ გავაცნობიერე, როცა ლა გორდა ზურგზე ხელებით მეფერებოდა.

 - მე და პატარა დებმა ხელების შეერთება სიზმარხილვაში ვისწავლეთ. - თქვა ლა გორდამ. - ჩვენ ვიცით, როგორ შევქმნათ ხაზი. იმ დღეს ჩვენი პრობლემა ის იყო, რომ ოთახის გარეთ ეს ხაზი არასოდეს გაგვივლია. ამიტომაც შემათრიეს შიგნით. შენმა სხეულმა იცოდა, რას ნიშნავდა ჩვენთვის ხელების შეერთება. თუ ამას გავაკეთებდით, მათი კონტროლის ქვეშ ვიქნებოდი. ისინი ჩემზე მეტად სასტიკები არიან. მათ სექსი არ აინტერესებთ. მე მაინტერესებს. ეს უფრო სუსტად მხდის. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ შენი სექსის მიმართ აკვიატება გიშლის ხელს ცოდნის შეგროვებაში.

 მან სექსის დამასუსტებელ ეფექტებზე საუბარი განაგრძო. თავს ცუდად ვგრძნობდი. ვცადე საუბარი ამ თემისგან შორს წამეყვანა, მაგრამ, როგორც ჩანს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ყოველ ჯერზე უკან მობრუნებულიყო, ჩემი დისკომფორტის მიუხედავად.

 - მე და შენ მეხიკოში მივდივართ. - ვუთხარი სასოწარკვეთილმა.

 მეგონა, რომ ამით შოკში ჩავაგდებდი. მას არ უპასუხია. ტუჩები მოკუმა. თვალებს აცეცებდა. ნიკაპის კუნთები შეკუმშა და ზედა ტუჩს იქამდე უბიძგა, სანამ ცხვირის ქვეშ არ აღმოჩნდა. სახე ისეთნაირად დაიმახინჯა, რომ გაოგნებული ვიყავი. ჩემს გაოცებას უპასუხა და სახის კუნთები ჩვეულებრივ მდგომარეობაში დააბრუნა.

 - მოდი, მეხიკოში წავიდეთ. - ვთქვი მე.

 - რა თქმა უნდა. რატომაც არა? - თქვა მან. - რა დამჭირდება?

 ასეთ რეაქციას არ ველოდი და მის მაგივრად შოკში თავად ჩავვარდი.  

 - არაფერი. ისე წავალთ, როგორც ვართ.

 სკამზე უსიტყვოდ ჩამოჯდა და მეხიკოსკენ გავეშურეთ. ჯერ ისევ ადრიანი დილა იყო. შუადღე ჯერ არ დამდგარა. ვკითხე, გაბედავდა თუ არა ლოს-ანჯელესში ჩემთან ერთად წასვლას. წამით ჩაფიქრდა.

 - ეს კითხვა ჩემს მანათობელ სხეულს დავუსვი. - თქვა მან.

 - რა თქვა მან?

 - რომ წასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ძალა ამის ნებართვას მოგვცემს.

 მის ხმაში ისეთი საოცარი სიმდიდრე იგრძნობოდა, რომ მანქანა გავაჩერე და ჩავეხუტე. ჩემი მისდამი სიყვარული იმ მომენტში იმდენად ღრმა იყო, რომ შემეშინდა. ამ გრძნობას სექსთან ან ფსიქოლოგიურ აღგზნებასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. ეს იყო შეგრძნება, რომელიც ყველაფერ ნაცნობს აღემატებოდა.

 ლა გორდას ჩახუტებამ ის გრძნობა დამიბრუნა, რაც ადრე მქონდა, რაც ჩემში ღრმად იყო დამარხული, რასაც ცნობიერად ვერ მივაღწიე და რაც ახლა გარეთ გამოსვლას აპირებდა. მაშინ თითქმის ვიცოდი, ეს რაც იყო, მაგრამ მაშინვე დავკარგე, როგორც მი მივაღწიე.

 მე და ლა გორდა ოახაკაში შეღამებულზე ჩავედით. მანქანა გავაჩერე და ქალაქის ცენტრში, მოედნისკენ ფეხით გავემართეთ. სკამს ვეძებდით, სადაც დონ ხუანი და დონ ხენარო ისხდნენ ხოლმე. იქ ახლა არავინ იჯდა. სიჩუმეში ვისხედით. ბოლოს ლა გორდამ თქვა, რომ აქ ბევრჯერ ყოფილა დონ ხუანთან და კიდევ ვიღაცასთან ერთად, ვისაც ვერ იხსენებდა. იგი დარწმუნებული არ იყო, რადგან შესაძლოა სიზმარხილვაში ჰქონდა ნანახი.

 - რას აკეთებდი ხოლმე აქ, დონ ხუანთან ერთად? - ვკითხე მას.

 - არაფერს. ავტობუსის ან ხე-ტყის სატვირთო მანქანის მოლოდინში ვისხედით ხოლმე, რომელსაც მთებამდე ვემგზავრებოდით.

 ლა გორდას ვუთხარი, რომ დონ ხუანთან ერთად აქ ყოფნისას საათობით ვსაუბრობდით.

 ლა გორდას გავუზიარე, რომ დონ ხუანს პოეზიის მიმართ განსაკუთრებული მიდრეკილება ჰქონდა და როდესაც სხვა არაფერი გვქონდა გასაკეთებელი, პოემებს ვუკითხავდი ხოლმე. იგი ლექსებს მხოლოდ იმ პირობით უსმენდა, თუ პირველი ან ხანდახან მეორე სტროფის წაკითხვა ღირდა. დანარჩენ ნაწილს პოეტის მხრიდან ინდულგირებად თვლიდა. იმ ასობით პოემიდან, რომელიც მისთვის წამიკითხავს, ძალიან ცოტა იყო, რომელსაც მთელი გზა უსმენდა.

 თავდაპირველად იმათ ვუკითხავდი, რაც მე მომწონდა. უპირატესობას ჩახლართულ, აბსტრაქტულ, ცერებრალურ პოეზიას ვანიჭებდი. მოგვიანებით დონ ხუანი იმ ლექსების კითხვისკენ მომიწოდებდა, რაც მას მოსწონდა. მისი აზრით, სასურველია, ლექსი მოკლე ყოფილიყო, რომელიც დიდი სიმარტივის ზუსტი და მტკივნეული სურათებით უნდა ყოფილიყო შედგენილი.

 გვიან შუადღეზე, ოახაკაში, ზუსტად ამ სკამზე ჯდომისას, სესარ ვალიეხოს პოემა თითქოს ყოველთვის განსაკუთრებული ლტოლვის გრძნობას აღუძრავდა. პოემა გავიხსენე და ლა გორდას მოვუყევი, არა იმდენად მისი სიამოვნებისთვის, რამდენადაც ჩემი.

 "მაინტერესებს, ახლა რას აკეთებს,

 ჩემი ანდიელი და ტკბილი რიტა, (ანდიელი - ანდესში მცხოვრები)

 ლერწამითა და ველური ალუბლის ხეებით შემკული.

 ახლა, ეს დაღლილობა მახრჩობს და სისხლი მწვავს,

 როგორც ჩემში მყოფი ზარმაცი კონიაკი.

 მაინტერესებს, რას აკეთებს ამ ხელებით,

 მონანიე პოზით, შუადღისას სამოსის გაუთოებისას.

 ახლა, ეს წვიმა გზის გაგრძელების სურვილს მაშორებს.

 მაინტერესებს, რა დაემართა მის მაქმანიან ქვედაკაბას, მის მოძრაობას,

 მისი გაზაფხულის შაქრის ლერწმის სურნელს, იმ ადგილიდან...

 იგი კართან უნდა იყოს,

 სწრაფად მოძრავი ღრუბლის შემყურე,

 კრამიტის სახურავზე გარეული ჩიტი გალობს,

 კანკალით ამბობს: "იესო, როგორ ცივა!"

 

 დონ ხუანის ხსოვნა წარმოუდგენლად ნათელი იყო. ეს არ ყოფილა მოგონება, რომელიც ჩემი აზროვნების ან ცნობიერი გრძნობების დონეზე იქნებოდა. ეს იყო უცნობი სახის მოგონება, რომელმაც ამატირა. თვალებიდან ცრემლები მომდიოდა, მაგრამ ეს სულაც არ იყო დამამშვიდებელი შეგრძნება.

 შუადღის ბოლო საათს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა დონ ხუანისთვის. ამ დროის მიმართ მის დამოკიდებულებას თავადაც დავთანხმდი და რწმენა იმისა, რომ თუ ჩემთან რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მოსულიყო, სწორედ შუადღის ბოლო საათთან იყო დაკავშირებული.

 ლა გორდამ თავი მხარზე დამადო. ჩემი თავი მის თავს დავადე. გარკვეული დროით ამ პოზაში დავრჩით. თავს მოდუნებულად ვგრძნობდი. შფოთვა მომშორდა. უცნაური იყო, რომ ლა გორდას შეხების ეს მცირე აქტი ასეთ სიმშვიდეს მანიჭებდა.

 ხუმრობის სურვილი გამიჩნდა და მინდოდა მეთქვა, რომ ერთმანეთისთვის ხელები ჩაგვეკიდა. ვიცოდი, რომ იგი ნამდვილად დამთანხმდებოდა. სიცილისგან სხეული ამიკანკალდა და მივხვდი, რომ მეძინა, მაგრამ თვალები ღია მქონდა. ძალიან რომ მომენდომებინა, წამოდგომასაც შევძლებდი. გადაადგილება არ მინდოდა, ამიტომ იქ დავრჩი, სადაც ვიყავი, სრულიად ფხიზელი და თანაც მძინარე.

 ხალხს ვხედავდი, რომელიც ჩვენს გვერდით ჩავლისას თვალს გვაყოლებდა. ეს სულაც არ მაწუხებდა. ჩვეულებრივ, გავაპროტესტებდი ხოლმე, როდესაც ვინმე შემამჩნევდა. ამ მომენტში ჩემთვის ხალხი ერთბაშად შეიცვალა და მათ თეთრი სინათლის დიდი ბოჭკოების სახით ვხედავდი.

 ჩემს ცხოვრებაში პირველად ვიყავი მანათობელი კვერცხების წინაშე, მათი მდგრადი სახით! დონ ხუანმა მითხრა, რომ მხედველები ადამიანებს მანათობელი კვერცხივით აღიქვამენ. ამ აღქმის გამონათებები აქამდეც გამომიცდია, მაგრამ ჩემი ხედვა მათზე არასდროს მქონია ფოკუსირებული, როგორც იმ დღეს ვაკეთებდი.

 სინათლის ბურთები თავდაპირველად საკმაოდ ამორფულები იყვნენ. თითქოს, თვალები წესიერად ორიენტირებული არ მქონდა. მაგრამ შემდეგ, ერთ მომენტში, ჩემი ხედვა საბოლოოდ მოვაწესრიგე და თეთრი ბოჭკოები მანათობელ კვერცხებად იქცნენ. ისინი დიდები იყვნენ, ფაქტობრივად, უზარმაზარი ზომის, შესაძლოა სიმაღლეში შვიდი, ხოლო სიგანეში ოთხი ფუტის ზომის, ან იქნებ უფრო დიდებიც.

 ერთ მომენტში შევამჩნიე, რომ კვერცხები აღარ მოძრაობდნენ. ჩემს წინ სიკაშკაშის მყარი მასა დავინახე. კვერცხები მიყურებდნენ. სახიფათოდ მათვალიერებდნენ. პოზა განზრახ შევიცვალე და სწორად დავჯექი. ლა გორდას ღრმად ეძინა ჩემს მხარზე. ჩვენს ირგვლივ მოზარდთა ჯგუფი იმყოფებოდა. ალბათ ეგონათ, რომ მთვრალები ვიყავით. ჩვენ გვბაძავდნენ. ყველაზე გაბედული მოზარდი ლა გორდას მკერდს ეხებოდა. ლა გორდა შევანჯღრიე და გავაღვიძე.

 სწრაფად წამოვდექით და იმ ადგილს გავეცალეთ. ისინი მოგვყვებოდნენ, დაგვცინოდნენ და უხამსობდნენ. კუთხეში პოლიციელების ყოფნამ მათ ხელი შეუშალათ, რომ ჩვენი შევიწროება გაეგრძელებინათ. მოედნიდან მანქანამდე სრულიად ჩუმად ვიარეთ. უცებ ლა გორდამ ხელი მომკიდა. თვალებში ველური მზერა ედგა. პირი დაეღო. რაღაცაზე მანიშნებდა.

 - შეხედე! შეხედე! - დაიყვირა მან. - ნაგვალი და ხენარო!

 ორი მამაკაცი დავინახე, რომლებიც წამიერად ჩვენს წინ შესახვევის გრძელ ბლოკს მიეფარა. ლა გორდა მოწყვეტით გაიქცა. მის უკან მივრბოდი და ვეკითხებოდი, დარწმუნებული იყო თუ არა. ექსტრემალურად აჟიტირებული ჩანდა. მან თქვა, რომ როდესაც იქეთ გაიხედა, დონ ხუანი და დონ ხენარო მას უყურებდნენ. იმ მომენტში, როცა მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა, ისინი წავიდნენ.

 როდესაც შესახვევს მივაღწიეთ, ორი მამაკაცი ჯერ კიდევ იმავე მანძილზე დაგვხვდა. ზურგიდან მათ სახეებს ვერ ვარჩევდი. სოფლელი მექსიკელებივით ეცვათ და ჩალის ქუდები ეხურათ. ერთი დაკუნთული იყო, როგორც დონ ხუანი, ხოლო მეორე გამხდარი, როგორც დონ ხენარო.

 ორივემ კიდევ ერთ კუთხეში შეუხვია და ისევ სირბილით დავედევნეთ. როდესაც ქუჩაში გავვარდით, იგი დაცარიელებული დაგვხვდა და ქალაქის გარეუბნებისკენ მივყავდით. ქუჩა ოდნავ მარცხნივ უხვევდა. ორი მამაკაცი სწორედ იქ იდგა, სადაც ქუჩა მრუდდებოდა.

 სწორედ ამ მომენტში, ისეთი რამ მოხდა, რამაც რეალურად მაგრძნობინა, რომ ისინი შესაძლოა მართლაც დონ ხუანი და დონ ხენარო ყოფილიყვნენ. ეს იყო მოძრაობა, რომელიც დაბალმა მამაკაცმა გააკეთა. მან ჩვენკენ თავი სულ ოდნავ მოაბრუნა და მსუბუქად დაგვიქნია, თითქოს გვეუბნებოდა, რომ გავყოლოდით. ამას დონ ხუანი აკეთებდა, როდესაც ტყეში ვიყავით ხოლმე. იგი გაბედულად ყოველთვის წინ მიდიოდა და თავის დამამშვიდებელი მოძრაობით მიმანიშნებდა, რომ უკან გავყოლოდი.

 ლა გორდამ მთელი ხმით მორთო ყვირილი:

 - ნაგვალო! ხენარო! მოიცადეთ!

 იგი ჩემზე წინ გაიქცა. ისინი ნახევრად სიბნელეში ძალიან სწრაფად მიდიოდნენ. ერთ-ერთ ქოხში უნდა შესულიყვნენ ან რომელიმე ბილიკთან ჩაუხვიეს, რადგან უეცრად მხედველობიდან გაქრნენ.

 ლა გორდა იქ იდგა და ყოველგვარი სირცხვილის გარეშე ყვიროდა მათ სახელებს. ხალხი ქუჩაში გამოვიდა, რათა ენახათ, ვინ ყვიროდა. იქამდე ვიჭერდი, სანამ არ დამშვიდდა.

 - ისინი ჩემს წინ იყვნენ. - მოთქვამდა იგი ტირილით. - ათი ფუტის მოშორებითაც არ იდგნენ. როცა დავიყვირე და შენი ყურადღება მათზე მივაპყარი, ერთ წამში მომდევნო შესახვევთან იყვნენ.

 მისი დამშვიდება ვცადე. ნერვიულობის ძალიან ინტენსიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. რაღაც გაურკვეველი მიზეზით, სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ორი მამაკაცი დონ ხუანი და დონ ხენარო არ იყო, ამიტომ, ლა გორდას აღელვება ვერ გავიზიარე.

 მან თქვა, რომ სახლში უნდა დავბრუნებულიყავით. მისი თქმით, ძალა მეხიკოში წასვლის საშუალებასაც არ მისცემდა, არათუ ლოს ანჯელესში. მისი მოგზაურობისთვის ჯერ დრო არ მოსულა. იგი დარწმუნდა, რომ მათი ნახვა წინასწარმეტყველური ნიშანი იყო. ისინი გაუჩინარდნენ და აღმოსავლეთით მიუთითებდნენ, მათი მშობლიური ქალაქისკენ.

 იმ მომენტში უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ გამომითქვამს. ყოველივე იმის შემდეგ, რაც ამ დღეს შეგვემთხვა, დაღლილი უნდა ვყოფილიყავი. ამის ნაცვლად, ყველაზე ექსტრავაგანტური ენერგიით ვიყავი აღვსილი, რომელიც დონ ხუანთან გატარებულ დროს მახსენებდა, როცა შემეძლო, რომ მხრებით კედლები გამეტანა.

 ჩემი მანქანისკენ მიმავალ გზაზე, ლა გორდას მიმართ ისევ ავივსე ყველაზე აღმატებული, ვნებიანი სიყვარულით. ვერასოდეს შევძლებდი, მისთვის საკმარისად გადამეხადა მადლიერება. ვფიქრობდი, რომ ის, რაც მან გააკეთა, რათა მანათობელი კვერცხები დამენახა, აშკარად მუშაობდა. იგი ისეთი გამბედავი იყო! იმ სკამზე სხდომით საკუთარი თავი დაცინვისა და სხეულის დაზიანების რისკის ქვეშ ჩაიგდო. მე მას მადლობა გადავუხადე. ისეთი მზერით შემომხედა, თითქოს ტვინში რაღაც რიგზე ვერ მქონდა და შემდეგ გულიანად გაეცინა.

 - მეც იმავეს ვფიქრობდი შენზე. - თქვა მან. - მეგონა, რომ ეს ჩემთვის გააკეთე. მანათობელი კვერცხები მეც დავინახე. ეს ჩემთვის პირველი შემთხვევა იყო. ჩვენ ერთად დავინახეთ! ზუსტად ისე, როგორც ნაგვალი და ხენარო აკეთებდნენ.

 როცა ლა გორდასთვის მანქანის კარი გავაღე, ჩვენს მიერ გაკეთებულის სრული ზემოქმედება ერთბაშად დამეტაკა. ამ მომენტამდე დაბუჟებული ვიყავი. ჩემში რაღაც შენელდა. ჩემი ეიფორია ისეთივე მძაფრი იყო, როგორიც ლა გორდასი, ცოტა ხნის წინათ. ქუჩაში სირბილი და ყვირილი მინდოდა.  

 ახლა ლა გორდას ჯერი იყო, რომ დავემშვიდებინე. მიხუტებდა და მეფერებოდა. ჩემდა გასაოცრად, მაშინვე დავმშვიდდი. მივხვდი, რომ საუბარი მიჭირდა. ჩემი ფიქრები მათ გამოთქმას წინ უსწრებდა. დაუყოვნებლივ ლა გორდას ქალაქში დაბრუნება არ მსურდა. ისე გამოიყურებოდა, რომ კიდევ ბევრი რამ იყო გასაკეთებელი. ვინაიდან გარკვევით ვერ ვხსნიდი, რა მსურდა, პრაქტიკულად, ნირწამხდარი გორდა მოედანზე წავათრიე, მაგრამ ცარიელი სკამები აღარ დაგვხვდა.

 მშიოდა, ამიტომ ლა გორდა რესტორანში წავიყვანე. იგი ამბობდა, რომ ჭამა არ შეეძლო, მაგრამ როცა საჭმელები მოგვიტანეს, ჩემსავით მშიერი აღმოჩნდა. ჭამამ სრულიად დაგვამშვიდა.

 მოგვიანებით, სკამზე ვისხედით. სანამ იქ ჩამოჯდომის საშუალება არ მოგვეცა, ჩვენს თავს გადამხდარზე საუბრისგან თავს ვიკავებდი. ლა გორდას თავიდან არაფრის თქმა არ სურდა. ჩემი გონება თავისებურ აღფრთოვანებაში იყო. დონ ხუანთან მსგავსი მომენტები მქონდა, მაგრამ, ისინი როგორც წესი, ჰალუცინოგენური მცენარეების შემდგომ ეფექტებთან ასოცირდებოდნენ.

 ლა გორდასთან საუბარი იმის აღწერით დავიწყე, რაც დავინახე. ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მანათობელი კვერცხების მოძრაობამ მოახდინა. ისინი არ დადიოდნენ, არამედ ლივლივებდნენ, ცურავდნენ, თუმცა ამავე დროს დამიწებულები იყვნენ. მათი გადაადგილება სასიამოვნო სანახავი არ იყო. მოძრაობის მანერა დახრილი, ხისტი და მკვეთრი იყო.

 როდესაც ისინი მოძრაობაში იყვნენ, მთელი კვერცხის ფორმა უფრო პატარა და მომრგვალებული ხდებოდა. ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს ხტუნავდნენ ან დიდი სიჩქარით ირყეოდნენ. ამის შედეგი იყო ყველაზე შემაშფოთებელი, ნევროზული კანკალი. მათი მოძრაობის შედეგად გამოწვეული ფიზიკური დისკომფორტის აღწერა ყველაზე ნათლად ალბათ იმის თქმით შემიძლია, რომ ეკრანზე ნანახ სურათებს დაჩქარებული ტემპით აღვიქვამდი.

 კიდევ ერთი რამ, რამაც დამაინტერესა ის იყო, რომ ფეხებს ვერ ვამჩნევდი. მანათობელი კვერცხები, რომლებიც ჩემს თვალწინ მოძრაობდნენ, თითქოს უხეშ ზედაპირზე სრიალებდნენ. მათი სიკაშკაშე თითქმის შეუმჩნევლად ირყეოდა ზევით-ქვევით, რომლის დანახვაც თითქმის ცუდად მხდიდა. როდესაც კვერცხები აღარ მოძრაობდნენ, წაგრძელებულები ხდებოდნენ. ზოგიერთი მათგანი ძალიან გრძელი და ხისტი იყო, რაც ხის ხატებს მახსენებდა.

 მანათობელი კვერცხების კიდევ ერთი, მეტად შემაშფოთებელი თვისება იყო თვალების არარსებობა. ამდენად მწვავედ არასოდეს გამიცნობიერებია, თუ რამდენად გვიზიდავს ცოცხალი არსებების თვალები. მანათობელი კვერცხები სრულიად ცოცხლები იყვნენ. მე მათ ვხედავდი, როგორ იხრებოდნენ ჩემს დასათვალიერებლად, მაგრამ ყოველგვარი თვალის გარეშე.

 მანათობელი კვერცხებიდან ბევრ მათგანს შავი ლაქები ჰქონდა, რომლებიც შუა ნაწილის ქვემოთ უზარმაზარ ადგილს იკავებდა. ზოგიერთს ლაქები არ ჰქონდა. ლა გორდამ მითხრა, რომ რეპროდუქცია გავლენას ახდენს როგორც მამაკაცის სხეულზე, ასევე ქალებზეც, რა დროსაც მათ მუცლის დაბლა ხვრელები უჩნდებათ, მაგრამ ამ მანათობელ კვერცხებზე არსებული ლაქები ხვრელებად არ მეჩვენებოდა. ეს უბნები სიკაშკაშის გარეშე იყვნენ, მაგრამ მათში გამოხრული სიღრმე არ იყო.

 ისინი, რომლებსაც შავი ლაქები ჰქონდათ, თითქოს შენელებულები და დაღლილები იყვნენ. მათი კვერცხის ქერქი გაცვეთილი იყო. დანარჩენების ნათებასთან შედარებით გაუმჭვირვალედ მოჩანდნენ. მეორეს მხრივ, ლაქების გარეშე არსებული კვერცხები კაშკაშებდნენ. მე წარმოვიდგენდი, რომ ისინი საშიშები იყვნენ. ცოცხლები იყვნენ, ენერგიითა და სითეთრით სავსენი.

 ლა გორდამ თქვა, რომ იმ მომენტში, როცა მას თავი დავადე, ისიც იმგვარ მდგომარეობაში შევიდა, რაც სიზმარხილვას ჰგავდა. ფხიზლად იყო, თუმცა მოძრაობა არ შეეძლო. მან იცოდა, რომ ჩვენს ირგვლივ ხალხი ტრიალებდა. შემდეგ დაინახა, როგორ გადაიქცა ხალხი მანათობელ ბუშტებად და ბოლოს, კვერცხისებურ არსებებად.

 მან არ იცოდა, რომ ამას მეც ვხედავდი. თავიდან ეგონა, რომ მას ვუყურებდი, მაგრამ ერთ მომენტში ჩემი თავის წნევა იმდენად მძიმე იყო, რომ საკმაოდ ცნობიერად დაასკვნა - მეც მასთან ერთად ვხედავდი. მხოლოდ მას შემდეგ, როცა გავსწორდი და ლა გორდასკენ დახრილი ახალგაზრდა მამაკაცი გამოვიჭირე, აზრი მეწვია, რომ ისიც იმავეს ხედავდა.

ჩვენი ხილვები ერთმანეთისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ლა გორდას შეეძლო კვერცხის ძაფების მეშვეობით ერთმანეთისგან მამაკაცები და ქალები გაერჩია, რომელსაც მან "ფესვები" უწოდა. მისი თქმით, ქალებს ჰქონდათ ძაფების სქელი შეკვრა, რომელიც ლომის კუდს წააგავდა. ისინი სასქესო ორგანოს ადგილიდან გამოდიოდნენ. მან ახსნა, რომ სწორედ ეს ფესვები იყვნენ სიცოცხლის მომცემნი. ზრდის განხორციელების მიზნით, ემბრიონი ერთ-ერთ მკვებავ ფესვზეა მიმაგრებული, რომელიც მას საკვებად ფესვებს აძლევს და საფუძვლიანად მოიხმარს მას, რითაც მის ადგილას მხოლოდ ხვრელს ტოვებს.

 მამაკაცებს მოკლე ძაფები აქვთ, რომლებიც ცოცხლები არიან და თითქმის ცალ-ცალკე დაცურავენ მათი სხეული მანათობელ მასასთან ერთად.

 ლა გორდას ვკითხე, მისი აზრით რა იყო მიზეზი, რის გამოც ერთად დავინახეთ. მან ნებისმიერი კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, მაგრამ მომიწოდა, რომ საკუთარი ვარაუდები განმევრცო. მე ვუთხარი, რომ ჩემთვის ერთადერთი რამ იყო აშკარა: ამის ფაქტორი ემოციები უნდა ყოფილიყო.

 მას შემდეგ, რაც მე და ლა გორდა გვიან შუადღისას დონ ხუანის საყვარელ სკამზე დავსხედით და პოემა წავიკითხეთ, რომელიც დონ ხუანს მოსწონდა, ემოციებით ძალიან დავიმუხტე. ამ ემოციებს უნდა მოემზადებინათ ჩემი სხეული.

 მაგრამ, ასევე ის ფაქტიც უნდა გავითვალისწინო, რომ სიზმარხილვის პრაქტიკიდან სრული სიმშვიდის და მდუმარების მდგომარეობაში შესვლა ვისწავლე. მე შევძელი ჩემი შინაგანი დიალოგის გათიშვა და იმგვარად დარჩენა, თითქოს ქოქოსის შიგნით ვიმყოფებოდი, რა დროსაც ნახვრეტიდან ვიყურებოდი. ამ მდგომარეობაში შემეძლო გარკვეული კონტროლი შემენარჩუნებინა და სიზმარხილვაში შევსულიყავი, ან ამ კონტროლის შენარჩუნებასთან ერთად შემეძლო პასიური გავმხდარიყავი, ფიქრებისა და სურვილების გარეშე.

 თუმცა, არ მეგონა, რომ ესენი წარმოადგენდნენ მნიშვნელოვან ფაქტორებს. მჯეროდა, რომ კატალიზატორი ლა გორდა იყო. მეგონა, რომ სწორედ იმან, რასაც მის მიმართ ვგრძნობდი, შექმნა პირობები, ერთად დანახვისათვის.

 ლა გორდამ მორცხვად ჩაიცინა, როცა ვუთხარი, რისიც მჯეროდა.

 - არ გეთანხმები. - თქვა მან. - ვფიქრობ, რომ შენმა სხეულმა გახსენება დაიწყო. სულ ესაა, რაც მოხდა.

 - ამაში რას გულისხმობ? - ვკითხე მას.

 ხანგრძლივი პაუზა იყო. როგორც ჩანს, ან იმის სათქმელად იბრძოდა, რისი თქმაც არ სურდა, ან სასოწარკვეთილი ცდილობდა შესაბამისი სიტყვის პოვნას.

 - არსებობს ძალიან ბევრი რამ, რის შესახებაც ვიცი. - თქვა მან. - და მაინც, ის ყველაფერი არ მახსოვს, რაც ვიცი. ასე რომ, საბოლოოდ არაფერი მახსოვს. ვფიქრობ, რომ შენც იგივე გასაჭირში ხარ.

 დავარწმუნე, რომ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. მან ჩემს დაჯერებაზე უარი თქვა.

 - ზოგჯერ ნამდვილად მჯერა, რომ შენ არ იცი. - განაგრძო მან. - სხვა დროს მჯერა, რომ ჩვენთან ერთად თამაშობ. ნაგვალმა მითხრა, რომ თვითონაც არ იცოდა. ბევრი რამ, რაც მან შენს შესახებ მითხრა, ახლა მიბრუნდება.

 - რას ნიშნავს, რომ ჩემმა სხეულმა გახსენება დაიწყო? - ვკითხე დაჟინებით.

 - ამას ნუ მკითხავ. - თქვა მან ღიმილით. - არ ვიცი, რა უნდა გაიხსენო ან რას ჰგავს ეს გახსენება. ეს თავად არასოდეს გამიკეთებია. მხოლოდ ამდენი ვიცი.

 - შეგირდებს შორის არის ვინმე, ვისაც ჩემთვის ამის თქმა შეუძლია?

 - არავინ. ვფიქრობ, რომ შენთვის კურიერი ვარ. კურიერი, რომელსაც ამჯერად შეუძლია მხოლოდ ნახევარი შეტყობინება მოგცეს.

 ფეხზე წამოდგა და შემევედრა, რომ უკან დავბრუნებულიყავით. წასასვლელად ზედმეტად აღელვებული ვიყავი. ჩემი თხოვნით, მოედანზე გავისეირნეთ. ბოლოს სხვა სკამზე დავსხედით.

 - შენთვის უცნაური არ არის, რომ ასე ადვილად შევძელით ერთად ხედვა? - მკითხა ლა გორდამ.

 არ ვიცოდი, რა ჰქონდა მხედველობაში. პასუხის გაცემაში ვყოყმანობდი.

 - რას იტყოდი, თუ გეტყვი, რომ ადრე ერთად უკვე დაგვინახავს? - ისევ მკითხა მან. სიტყვებს ფრთხილად წარმოთქვამდა.

 ვერ მივხვდი რას გულისხმობდა. მან კითხვა კიდევ ერთხელ გაიმეორა, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი მის მნიშვნელობას.

 - როდის შეგვეძლო, აქამდე ერთად დაგვენახა? - ვკითხე მას. - შენს კითხვაში აზრი არ დევს.

 - საქმეც ამაშია. - მიპასუხა მან. - ამაში აზრი არ დევს და მაინც მაქვს განცდა, რომ ადრე ერთად დავინახეთ.

 შემაცია და ფეხზე წამოვდექი. ის შეგრძნება კვლავ გამახსენდა, რომელიც ამ ქალაქში დამეუფლა. ლა გორდამ რაღაცის სათქმელად პირი გააღო, მაგრამ შუა წინადადებაში გაჩერდა. გაოგნებული მიყურებდა, ხელი ტუჩებზე დამადო და პრაქტიკულად, მანქანამდე მიმათრია.

 მთელი ღამე ვიარე. საუბარი და ანალიზი მინდოდა, მაგრამ ისე მალე ჩაეძინა, თითქოს მიზანმიმართულად ერიდებოდა ნებისმიერ დისკუსიას. რა თქმა უნდა, იგი მართალი იყო. ჩვენგან მხოლოდ ის იყო, რომელიც ზედმეტი ანალიზით ცოდნის გაფანტვის საფრთხის წინაშე იდგა.

 როცა მის სახლთან მივედით, მანქანიდან გადმოსვლისას თქვა, რომ ლაპარაკი საერთოდ არ შეგვეძლო იმის შესახებ, რაც ოახაკაში გადაგვხდა.

 - რატომ? - ვიკითხე.

 - ჩვენი ძალების დაკარგვა არ მინდა. - თქვა მან. - ეს არის ჯადოქრის გზა. არასოდეს დაკარგო შენი მოგება.

 - მაგრამ, თუ ამაზე არ ვისაუბრებთ, ვერასდროს გავიგებთ, რა დაგვემართა სინამდვილეში. - გავაპროტესტე.

 - მინიმუმ ცხრა დღე ჩუმად უნდა ვიყოთ.

 - შეგვიძლია, რომ ამ თემაზე მხოლოდ ჩვენს შორის მაინც ვისაუბროთ?

 - ზუსტად ჩვენს შორის საუბარი არის ის, რაც თავიდან უნდა ავიცილოთ. - თქვა მან. - ჩვენ დაუცველები ვართ. საკუთარ თავს გამოჯანმრთელებისთვის დრო უნდა მივცეთ.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff