მრისხანე გრძნეულთა ურდო
ქალაქში გამთენიისას ჩავედით. ამ დროს საჭესთან ნესტორი შევცვალე და პირდაპირ სახლისკენ გავემართე. დანიშნულების ადგილამდე რამდენიმე კვარტალი იყო დარჩენილი, როცა ლა გორდამ გაჩერება მთხოვა. მანქანიდან გადმოვიდა და მაღლობს ფეხით გაუყვა. სათითაოდ ყველა დანარჩენიც გადმოვიდა და ლა გორდას გაჰყვა. პაბლიტო მომიახლოვდა და მითხრა, რომ მანქანა მოედანზე უნდა გამეჩერებინა, რომელიც ერთი კვარტლის მანძილზე იმყოფებოდა. ასეც მოვიქეცი.
როგორც კი ლა გორდა დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც სჭირდა. არანორმალურად ფერმკრთალი იყო. ჩემთან მოვიდა და ჩურჩულით მითხრა, რომ ტაძარში წირვის მოსასმენად აპირებდა წასვლას. ტაძარში წასვლა ლიდიასაც უნდოდა. ისინი ერთად გაემართნენ ეკლესიისკენ.
პაბლიტო, ნესტორი და ბენიგნო ისეთი მოღუშულები იყვნენ, როგორც არასდროს. როზა შეშფოთებული იყო: პირი ღია ჰქონდა, თვალები კი სახლის მიმართულებით ფიქსირებული. მხოლოდ ჟოზეფინა აფრქვევდა სიხალისეს. ზურგზე მეგობრულად დამიტყაპუნა.
- შენ ეს გააკეთე, შე ნაბიჭვარო! ამ ბოზიშვილებს სეირი უჩვენე! - წამოიყვირა მან.
იქამდე იცინა, სანამ სუნთქვა აღარ შეეძლო.
- ჟოზეფინა, ეს ის ადგილია? - ვკითხე მე.
- ნამდვილად ასეა. - თქვა მან. - ლა გორდა ყოველთვის ეკლესიაში დადიოდა.
- ეს სახლი გახსოვს?
- ეს ხომ სილვიო მანუელის სახლია.
ამ სახელის გაგებისთანავე ყველა ერთად წამოვხტით. რაღაც ელექტრული შოკის მსგავსი ვიგრძენი. სახელი ნამდვილად არ მეცნობოდა, მაგრამ ჩემი სხეული ავტომატურად წამოხტა მის გაგონებაზე. სილვიო მანუელი ძალიან იშვიათი სახელი იყო, რათა ყურს ხშირად სმენოდა.
ხენაროები და როზა ისეთივე აღელვებულები ჩანდნენ, როგორც მე. სახეზე თეთრი ფერი ედოთ. ჩემს სხეულში გამოწვეული შეგრძნების დაკვირვებიდან გამომდინარე, მეც მათსავით ფერმკრთალი უნდა ვყოფილიყავი.
- ვინ არის სილვიო მანუელი? - როგორც იქნა მოვახერხე, ჟოზეფინასთვის კითხვა დამესვა.
- ახლა ნამდვილად გამომიჭირე. ეგ აღარ ვიცი. - თქვა მან.
ჟოზეფინამ ძველი ნარატივი გაიმეორა და დასძინა, რომ გიჟი იყო და მისი ნათქვამიდან სერიოზულად არაფერი უნდა მიგვეღო. ნესტორი შეევედრა, რომ ჩვენთვის ყველაფერი მოეყოლა, რაც მას ახსოვდა.
ჟოზეფინა ფიქრს ცდილობდა, მაგრამ იგი ნამდვილად არ იყო ისეთი ადამიანი, რომლის ზეწოლის ქვეშ მოქცევაც ვინმეს შეეძლო. ვიცოდი, რომ საუკეთესო ვარიანტი მისთვის კითხვების არ-დასმა იყო. მათ შევთავაზე, თონე ან რესტორანი მოგვეძებნა.
- ამ სახლში უამრავი რაღაცის გაკეთების უფლებას არ მაძლევდნენ. - თქვა ჟოზეფინამ მოულოდნელად.
ისე შემობრუნდა, თითქოს რაღაცას ეძებდა ან ორიენტაციას იცავდა.
- აქაურობას რაღაც აკლია! - წამოიძახა მან. - ისეთი არ არის, როგორიც ადრე იყო.
ვცადე კითხვების დასმით დავხმარებოდი, რომლებიც მიზანშეწონილად მიმაჩნდა, მაგალითად აკლდა თუ არა აქაურობას სხვა სახლები, რა სხვაობა იყო დიზაინში ან აშენდა თუ არა ახალი სახლები ირგვლივ, მაგრამ ჟოზეფინამ ვერ მიპასუხა, კონკრეტულად რაში იყო განსხვავება.
თონეში წავედით და ტკბილი რულეტები ვიყიდეთ. მოედნისკენ მიმავალ უკანა გზაზე, სადაც ლა გორდას და ლიდიას ველოდებოდით, ჟოზეფინამ თავში ხელი შემოირტყა.
- ვიცი, რაც აკლია! - იყვირა მან. - ის სულელური ნისლის კედელი! ადრე აქ იყო. ახლა გამქრალია.
ყველამ ერთბაშად დავიწყეთ ლაპარაკი, მაგრამ ჟოზეფინამ დაუღალავად განაგრძო, თითქოს იქ არც ვიყავით.
- ეს იყო ნისლის კედელი, რომელიც ცამდე ადიოდა. - თქვა მან. - ზუსტად აქ იყო. ყოველ ჯერზე, როცა ამ მხარეს ვიხედებოდი, ნისლის კედელი აქ იყო. ჭკუიდან მშლიდა. ეს სიმართლეა. მე ამ კედელმა გამაგიჟა. კედელს დახუჭული და გახელილი თვალებით ერთდროულად ვხედავდი. მეგონა, რომ კედელი ყველგან თან დამყვებოდა.
ჟოზეფინამ წუთიერად მისი ბუნებრივი სიმამაცე დაკარგა. თვალებში სასოწარკვეთილი მზერა გაუჩნდა. მე ეს მზერა იმ ადამიანებში დამინახავს, რომლებიც ფსიქოზური ეპიზოდის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. სასწრაფოდ შევთავაზე, ტკბილი რულეტი ეჭამა. მაშინვე დამშვიდდა და ჭამა დაიწყო.
- ამ ყველაფრის შესახებ რას ფიქრობ, ნესტორ? - ვიკითხე.
- მეშინია. - თქვა მან რბილად.
- რამე გაგახსენდა?
უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. ამჯერად პაბლიტოს და ბენიგნოს მივმართე. მათაც თავის გაქნევით მიპასუხეს.
- შენ რას იტყვი, როზა?
როზა წამოხტა, როცა მივმართე. ისე გამოიყურებოდა, თითქოს ლაპარაკის უნარი წაერთვა. ხელში ტკბილი რულეტი ეჭირა და აქეთ-იქით ატრიალებდა, თითქოს არ იცოდა, მისთვის რა მოეხერხებინა.
- რა თქმა უნდა, ახსოვს. - თქვა ჟოზეფინამ სიცილით. - მაგრამ, სიკვდილამდე ეშინია. ვერ ხედავ, რომ შარდი ყურებიდან გადმოსდის?
როგორც ჩანს, ჟოზეფინამ იფიქრა, რომ მისი განცხადება უზენაესი ხუმრობა იყო. სიცილისგან წელში მოიხარა და რულეტი მიწაზე გააგდო. შემდეგ ისევ აიღო, მტვერი მოაშორა და შეჭამა.
- გიჟები ყველაფერს ჭამენ. - თქვა მან და ზურგზე ხელი დამიტყაპუნა.
ნესტორი და ბენიგნო ჟოზეფინას ხრიკებით თავს არაკომფორტულად გრძნობდნენ. პაბლიტო აღფრთოვანებული იყო. თვალებში თაყვანისმცემელი მზერა ეტყობოდა.
- სახლში შევიდეთ. - მოგვიწოდა ჟოზეფინამ. - იქ ყველაფერს გეტყვით.
მე ვუთხარი, რომ ლა გორდას და ლიდიას უნდა დავლოდებოდით. გარდა ამისა, ჯერ კიდევ ნაადრევი იყო მომხიბვლელი ქალბატონის შეწუხება, რომელიც იქ ცხოვრობდა. ჟოზეფინას ლოდინი არ სურდა. ან სახლში შევიდოდა, ან ისევ საჭმელად სურდა წასვლა. საჭმელად წასვლა ავირჩიე და როზას ვუთხარი, რომ ეკლესიაში წასულიყო და ლა გორდა და ლიდია წამოეყვანა. ბენიგნომ ჯენტლმენურად განაცხადა, რომ მათ დაელოდებოდა და შემდეგ შემოგვიერთდებოდნენ. როგორც ჩანს, პაბლიტოს მსგავსად მანაც იცოდა, სად იყო კარგი ადგილი.
პაბლიტომ პირდაპირ დანიშნულების ადგილზე არ მიგვიყვანა. ამის ნაცვლად, ჩემი თხოვნით, გრძელი შემოვლითი გზა გავიარეთ. ქალაქის განაპირას ძველი ხიდი იყო, რომლის ნახვაც მინდოდა. ეს ხიდი ლა გორდასთან ერთად ვნახე, როცა ქალაქში ჩამოვედით. ხიდზე გადასვლა გადავწყვიტეთ, მაგრამ უეცრად შუაში გავშეშდით. იქვე მდგომ კაცს ვკითხე, რამდენად ძველი იყო ხიდი. მან თქვა, რომ მთელი მისი ცხოვრება ხიდი აქ იყო, თავად კი ორმოცდაათ წელს გადასცდენოდა. მეგონა, რომ ხიდი მხოლოდ მე მიზიდავდა, მაგრამ სხვების შემყურე აღმოვაჩინე, რომ ხიდი მათზეც ახდენდა ზემოქმედებას. ნესტორს და როზას სუნთქვა ჰქონდათ შეკრული. პაბლიტო ჟოზეფინაზე იყო ჩაბღაუჭებული, რომელიც თავის მხრივ ჩემზე იყო ჩამოკიდებული.
- ჟოზეფინა, რამე გახსენდება? - ვკითხე მას.
- ეშმაკი სილვიო მანუელი ამ ხიდის მეორე მხარესაა. - ჟოზეფინამ ხელით მიმითითა ხიდის დაბოლოებაზე, რომელიც ოცდაათი ფუტის მოშორებით იყო.
როზას თვალებში შევხედე. მან თავი თანხმობის ნიშნად დამიქნია და ჩურჩულით მითხრა, რომ ერთხელ დიდძალი შიშის თანხლებით ეს ხიდი გადალახა, ბოლოში კი რაღაც ელოდა, რათა იგი მთლიანად გადაეყლაპა.
ორივე მამაკაცს სახეზე შეშფოთება გამოესახა. თითოეულმა განაცხადა, რომ უმიზეზო შიშს გრძნობდნენ. მათ უნდა დავთანხმებოდი. ვგრძნობდი, რომ თუნდაც სამყაროში არსებული ყველა სიმდიდრის სანაცვლოდ, ამ ხიდზე ღამით გადასვლას ვერ გავბედავდი. არ ვიცოდი, რა იყო ამის მიზეზი.
- ჟოზეფინა, კიდევ რა გახსოვს?
- ჩემი სხეული ახლა ძალიან შეშფოთებულია. მეტი არაფერი მახსოვს. ეშმაკი სილვიო მანუელი ყოველთვის წყვდიადშია. როზას ჰკითხე.
თავის მოძრაობით როზას მოვუწოდე, რომ ელაპარაკა. მან სამ-ოთხჯერ თავი თანხმობის ნიშნად დამიქნია, მაგრამ სიტყვებს ვერ გამოთქვამდა. დაძაბულობა, რომელსაც თავად განვიცდიდი, აუხსნელი იყო, მაგრამ ძალიან რეალური. ყველა ჩვენგანი შუა ხიდზე ვიდექით და იმ მიმართულებით ერთი ნაბიჯის გადადგმაც არ შეგვეძლო, საითაც ჟოზეფინამ მიგვითითა. ბოლოს, ჟოზეფინამ ინიციატივა აიღო და შემობრუნდა. ქალაქის ცენტრში ფეხით დავბრუნდით. პაბლიტომ დიდ სახლში მიგვიყვანა. ბენიგნო, ლა გორდა და ლიდია უკვე ჭამდნენ და ჩვენთვისაც ჰქონდათ შეკვეთილი. არ მშიოდა. პაბლიტო, ნესტორი და როზა დაბნეულები იყვნენ. ჟოზეფინამ მადიანად შესანსლა. მაგიდასთან საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა. ჩემს თვალებს ყველა გაურბოდა, როდესაც საუბრის დაწყებას ვცდილობდი.
საუზმის შემდეგ სახლიდან წავედით. სიტყვა არავის უთქვამს. კარებზე დავაკაკუნე და როცა ქალბატონმა გამომხედა, ახსნა დავუწყე, რომ მსურდა სახლი ჩემი მეგობრებისთვის მეჩვენებინა. ცოტა ხნით ყოყმანობდა. შემდეგ ლა გორდამ ფული გაუწოდა და უხერხულობისთვის ბოდიში მოუხადა.
ჟოზეფინა სახლის უკანა მხარეს გაგვიძღვა. პირველად სტუმრობისას სახლის ეს ნაწილი ნანახი არ მქონდა. მოკირწყლული ეზო იყო, ირგვლივ მოწყობილი ოთახებით. მეურნეობის აღჭურვილობა გადახურულ დერეფნებში ინახებოდა. ისეთი განცდა მქონდა, რომ ეზო ჯერ კიდევ მაშინ მახსოვდა, როცა მასში არეულობა არ იყო. ირგვლივ რვა ოთახი აეშენებინათ, ოთხივე მხარეს ორ-ორი. როგორც ჩანს, ნესტორი, პაბლიტო და ბენიგნო ფიზიკურად ავად გახდომის ზღვარზე იყვნენ. ლა გორდა ოფლში ცურავდა. იგი ჟოზეფინასთან ერთად ერთ-ერთ ოთახში შევიდა, ხოლო ლიდია და როზა სხვა ოთახში შევიდნენ. უეცრად ნესტორს თითქოს რაღაცის პოვნის სურვილი გაუჩნდა და კიდევ ერთ ოთახში გაუჩინარდა. ასე მოიქცა პაბლიტო და ბენიგნოც.
სახლის მფლობელ ქალბატონთან ერთად მარტო დავრჩი. მასთან დალაპარაკება, მისთვის კითხვების დასმა მინდოდა, იცნობდა თუ არა ვინმე სილვიო მანუელს, მაგრამ მასთან ლაპარაკის ენერგია არ აღმომაჩნდა. მუცელი აუტანლად მტკიოდა. ხელები გაოფლიანებული მქონდა. ყველაზე მჩაგვრელ განცდას არამატერიალური სევდა, რაღაც არარსებულისკენ ლტოლვა მაძლევდა.
ამის ატანა აღარ შემეძლო. ის იყო ვაპირებდი ქალბატონს დავმშვიდობებოდი, რომ უკნიდან ლა გორდას მოსვლა ვიგრძენი. მან ჩურჩულით თქვა, რომ დიდ მისაღებში უნდა დავმსხდარიყავით, ეზოდან მოშორებით. მისაღებში შევედით. ეს იყო ძალიან დიდი, ცარიელი ოთახი, მაღალი ჭერით, ბნელი, მაგრამ ჰაეროვანი.
ლა გორდამ ყველას ოთახში მოუხმო. ქალბატონმა უბრალოდ შემოგვხედა, მაგრამ ოთახში არ შემოსულა. როგორც ჩანს, ყველამ ზუსტად იცოდა, სად დამსხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ ლა გორდას გვერდით ყოფნა მინდოდა, ოთახის ცენტრში აღმოვჩნდი. ეს ადგილი სწორად მეჩვენა. არ ვიცოდი როგორ, მაგრამ რაღაც ფარულმა ბრძანებამ ჩვენი ადგილები განსაზღვრა.
სანამ ვიჯექი, უცნაური გრძნობების ტალღამ დამიარა. პასიური და მოდუნებული ვიყავი. წარმოვიდგინე, რომ მოძრავი სურათების ეკრანივით ვიყავი, რომელზეც უცხო მწუხარება და ლტოლვა იყო დაპროექტებული. მაგრამ, ვერაფერს ვიხსენებდი, როგორც ზუსტი მეხსიერების ნაწილს. იმ ოთახში ერთ საათზე მეტხანს დავრჩით. ბოლოს ვიგრძენი, რომ არაამქვეყნიური სევდის წყაროს ამოხსნას ვაპირებდი, რომელიც უკონტროლოდ ამატირებდა. მაგრამ, უეცრად წამოვდექით და სახლიდან დაუმშვიდობებლად გავედით, ქალბატონისთვის მადლობაც კი არ გადაგვიხდია.
მოედანზე შევიკრიბეთ. ლა გორდამ მაშინვე განაცხადა, რომ ვინაიდან უფორმო იყო, ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ აპირებდა.
- ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩემი პოზიციით, ჩვენ სილვიო მანუელის სახლში ვიყავით. - თქვა მან.
სხვების მდუმარება ჩემთვის აუტანელი იყო. რაღაც უნდა მეთქვა.
- გორდა, რა დასკვნები გააკეთე ამ სახლში? - ვკითხე მას.
- ვფიქრობ, რომ ყველამ ვიცით, რა დასკვნებიც.
- ჩვენ ეს არ ვიცით. - ვთქვი. - მე არ ვიცი. ჯერ არავის არაფერი უთქვამს.
- ჩვენ არ უნდა ვილაპარაკოთ. ჩვენ ვიცით. - მითხრა ლა გორდამ.
დაჟინებით ვამბობდი, რომ ასეთ მნიშვნელოვან მოვლენას ლაპარაკის გარეშე ვერ მივიღებდი. ჩვენ გვჭირდებოდა, რომ საკუთარ გრძნობებზე გველაპარაკა.
ყველაფერი, რასაც ამ ვიზიტის შემდეგ ვგრძნობდი, სევდისა და სასოწარკვეთის დამანგრეველ განცდას წარმოადგენდა.
- ნაგვალი ხუან მატუსი მართალი იყო. - თქვა ლა გორდამ. - თავისუფლებისათვის, იმ ძალის ადგილზე ყოფნა გვჭირდებოდა. მე ახლა თავისუფალი ვარ. არ ვიცი ეს როგორ მოხდა, მაგრამ იქ ყოფნისას რაღაც სიმძიმე მომეხსნა.
სამი ქალბატონი დაეთანხმა. დანარჩენი სამი მამაკაცი არ დაეთანხმა. ნესტორმა თქვა, რომ იგი უკვე კონკრეტული სახეების გახსენებას იწყებდა, მაგრამ როგორც არ უნდა ეცადა ამის გაკეთება, რაღაც ხელს უშლიდა. იგი განიცდიდა ლტოლვისა და სევდის ტალღას, რადგან ისევ ამ სამყაროს ნაწილს წარმოადგენდა. პაბლიტომ და ბენიგნომ მეტ-ნაკლებად იგივე თქვა.
- გორდა, ხედავ რას ვგულისხმობ? - ვთქვი მე.
უკმაყოფილო ჩანდა. ისე გაფითრდა, როგორც არასდროს. თუმცა, იქნებ სადღაც მინახავს ასეთი გაფითრებული ლა გორდა? მამაკაცებს ლანძღავდა. ყურადღება ვერ მივაქციე, თუ რას ეუბნებოდა ხენაროებს. ამის ნაცვლად მოგონებაში ჩავიძირე, რომელიც უფორმო იყო, მაგრამ თითქმის ჩემს ხელში იმყოფებოდა. როგორც ჩანს, ამ მოგონების გასაგრძელებლად, ლა გორდასთან კომუნიკაციის უწყვეტი ნაკადი მჭირდებოდა. მის ხმაზე ვკონცენტრირდი: მის სიბრაზეზე. გარკვეულ მომენტში, როცა მისი ხმა ძალიან გამკაცრდა, ვუყვირე, რომ უფროსობდა. ამჯერად მართლა გაბრაზდა. ცოტა ხნით ვუყურებდი. უეცრად სხვა ლა გორდას გახსენება დავიწყე, სრულიად სხვა დროიდან… ეს იყო განრისხებული, ძალიან მსუქანი გორდა, რომელიც მკერდზე მუშტებს მირტყამდა. გამახსენდა, როგორ ვიცინოდი, როცა მის მრისხანებას ვუყურებდი: ლა გორდას დავცინოდი. მეხსიერება მომენტალურად გაქრა, როცა ლა გორდამ საუბარი შეწყვიტა. ეტყობოდა, რომ მიხვდა, რასაც ვაკეთებდი.
ყველა მათგანს მივმართე, რომ ჩვენ გაურკვეველ მდგომარეობაში ვიყავით. ჩვენს თვალწინ რაღაც უცნობი ტრიალებდა.
- არაფერი ტრიალებს. - მშრალად თქვა გორდამ. - ეს უკვე ვნახეთ და მგონი ისიც კარგად იცი, რასაც წარმოადგენს.
- არ ვიცი, და ამასთან ერთად სხვა მამაკაცების პირითაც ვსაუბრობ.
ხენაროები თავის დაქნევით დამეთანხმნენ.
- ჩვენ ამ სახლში ვცხოვრობდით, როდესაც მარცხენა მხარეს ვიყავით. - განმარტა ლა გორდამ. - ადრე იმ ადგილას ვჯდებოდი და ვტიროდი, რადგან არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. დღეს რომ შემძლებოდა, კიდევ ცოტა ხნით, სრულიად მარტო ვყოფილიყავი ოთახში, ყველაფერი გამახსენდებოდა. მაგრამ, რაღაცამ მიბიძგა და სახლიდან გამომიყვანა.
იმ ოთახში მაშინაც ვყოფილვარ, როცა ირგვლივ ბევრი ხალხი ტრიალებდა, თუმცა, სახეებს ვერ ვიხსენებ. იქ ჯდომისას სხვა რაღაცებიც გახდა ჩემთვის ცნობილი. მე უფორმო ვარ. ჩემთან რაღაცები მოდიან, კარგიც და ცუდიც. მაგალითად, მე ჩემი ძველი ქედმაღლობა და ნათესაობის სურვილი ავირჩიე. თუმცა, ამასთან ერთად ავირჩიე სხვა რაღაცებიც: კარგი რაღაცები.
- მეც. - თქვა ლიდიამ დაღლილი ხმით.
- რას წარმოადგენს ეს კარგი რაღაცები? - ვიკითხე.
- ვფიქრობ, რომ შენს სიძულვილში ვცდები. - მითხრა ლიდიამ. - ჩემი სიძულვილი ხელს შემიშლის, რომ თავისუფლად გავფრინდე. სწორედ ეს მითხრეს იმ ოთახში, მამაკაცებმა და ქალებმა.
- ვისზე ლაპარაკობ? - იკითხა ნესტორმა შეშფოთებული ტონით.
- მეც იქ ვიყავი, როცა ისინიც იქ იყვნენ. სულ ესაა, რაც ვიცი. შენც იქ იყავი. ყველანი იქ ვიყავით.
- ვინ იყვნენ? - ამჯერად მე ვიკითხე.
- მეც იქ ვიყავი, როცა ისინიც იქ იყვნენ. სულ ესაა, რაც ვიცი. - გაიმეორა მან.
- შენ რას იტყვი, გორდა?
- უკვე გითხარი, რომ სახეები ან რაიმე კონკრეტული არ მახსოვს. - თქვა მან. - მაგრამ, ერთი რამ ვიცი: ის, რასაც ამ სახლში ვაკეთებდით, მარცხენა მხარეს ხდებოდა. ჩვენ პარალელური ხაზები გადავკვეთეთ, ან ვიღაც გადაკვეთაში დაგვეხმარა. იმ დროიდან და იმ სამყაროდან, უცნაური მოგონებები დაგვრჩა.
ყოველგვარი სიტყვიერი შეთანხმების გარეშე, მოედანი დავტოვეთ და ხიდისკენ გავემართეთ. ლა გორდამ და ლიდიამ გაგვასწრო. როდესაც ხიდს მივაღწიეთ, ისინი ზუსტად იქ იდგნენ, სადაც ჩვენ ადრე გავჩერდით.
- სილვიო მანუელი თავად წყვდიადია. - ჩურჩულით მითხრა ლა გორდამ და თვალები ხიდის მეორე ბოლოს მიაპყრო.
ლიდია კანკალებდა. ჩემთან ლაპარაკს ისიც ცდილობდა, მაგრამ არ მესმოდა, რას ბურტყუნდებდა.
ყველა მათგანი უკან გამოვაბრუნე. ვფიქრობდი, რომ თუ იმას შევაკოწიწებდით, რაც ვიცოდით, შესაძლოა ეს ჩვენი დილემის გაგებაში დაგვხმარებოდა.
ხიდიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით მიწაზე დავსხედით. ირგვლივ, წისქვილთან უამრავი ხალხი ტრიალებდა, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევდა.
- გორდა, ვინ არის სილვიო მანუელი?
- აქამდე ეს სახელი არასდროს მსმენია. ამ კაცს არ ვიცნობ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვიცნობ. რაღაც ტალღისმაგვარს ვგრძნობ, როცა მის სახელს ვიგებ. მისი სახელი ჟოზეფინამ მითხრა, როდესაც სახლში ვიყავით. ამ მომენტიდან, რაღაცებმა ჩემამდე მოსვლა დაიწყეს, ისევე როგორც ჟოზეფინასთან. არასდროს მიფიქრია, თუ ოდესმე თავს ჟოზეფინასავით ვიგრძნობდი.
- რატომ თქვი, რომ სილვიო მანუელი თავად წყვდიადია?
- წარმოდგენა არ მაქვს. თუმცა, ყველამ ვიცით, რომ ეს სიმართლეა.
მან ქალებს მოუწოდა, რაიმე ეთქვათ. ხმა არავის ამოუღია. როზა ავირჩიე. მან სამი-ოთხჯერ დააპირა რაღაცის თქმა. მისი სხეული იკრუნჩხებოდა.
- ჩვენ ეს ხიდი გადავკვეთეთ, მის ბოლოში კი სილვიო მანუელი გველოდა. - თქვა მან ძლივს გასაგონად. - ყველაზე ბოლოს მე წავედი. როდესაც სხვები შთანთქა, ყვირილი გავიგონე და გაქცევა მინდოდა, მაგრამ ეშმაკი სილვიო მანუელი ხიდის ორივე ბოლოში იყო. გასაქცევი გზა არ არსებობდა.
ლა გორდა, ლიდია და ჟოზეფინა დაეთანხმა. მათ ვკითხე, ეს მოგონება შეგრძნების სახით ახსოვდათ თუ უშუალოდ მომხდარი მოვლენები გაახსენდათ. ლა გორდამ თქვა, რომ ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც როზამ მოგვიყვა და იგი უშუალოდ მომხდარი მოვლენის სახით ახსოვდათ. დანარჩენები ისევ დაეთანხმნენ.
მაინტერესებდა, რა მოუვიდა ხალხს, რომლებიც ხიდის მახლობლად ცხოვრობდნენ. თუ ისინი მართლაც ყვიროდნენ, როგორც ეს როზამ თქვა, გარშემო ვიღაცას მაინც უნდა გაეგო. წამით ვიგრძენი, რომ მთელი ქალაქი რაღაც გეგმის მიხედვით თანამშრომლობდა ერთმანეთთან. სიცივემ დამიარა. ნესტორს მივუბრუნდი და უხეშად გამოვხატე განცდილი შიშის მთელი მასშტაბი.
ნესტორმა თქვა, რომ ნაგვალი ხუან მატუსი და ხენარო მართლაც უზენაესი მიღწევების მქონე მეომრები იყვნენ და როგორც ასეთი, მარტოხელა ცხოვრებას მისდევნდნ. ხალხთან არსებული მათი კონტაქტები იშვიათი და პერსონალური იყო. მთელი ქალაქი მათთან კავშირში ვერ იქნებოდა, რადგან ამისათვის ყველა მცხოვრები მეომარი უნდა ყოფილიყო, რაც ყველაზე ნაკლებად სავარაუდო იყო. ჟოზეფინამ წრე დამარტყა, შემომხედა და დამცინავი გამომეტყველება მიიღო.
- რა თქმა უნდა, თავს დანაღვლიანებულად გრძნობ. - თქვა მან. - თავს ისე აჩვენებ, თითქოს არაფერი იცი. ხიდისკენ თავად გვიბიძგე!
ქალებს თვალები დაუწვრილდათ. დახმარებისთვის ნესტორს მივმართე.
- არაფერი მახსოვს. ეს ადგილი მაშინებს, მხოლოდ ეს ვიცი.
ნესტორზე მიმართვა ჩემი მხრიდან შესანიშნავი მანევრი იყო. ამჯერად ყველა ქალი ნესტორის წინააღმდეგ აღდგა.
- რა თქმა უნდა გახსოვს! - იყვირა ჟოზეფინამ. - ყველანი აქ ვიყავით. რა ჯიშის ცალტვინა ტრაკი ხარ?
ჩემი გამოკვლევა წესრიგის შეგრძნებას მოითხოვდა. ისინი ხიდს მოვაშორე.
სიარულისას ქალების რისხვა ისევე სწრაფად გაქრა, როგორც გამოჩნდა. ისინი განმეორებით აცხადებდნენ, რომ მათი განცდით სილვიო მანუელი საოცარი ვინმე იყო. მიუხედავად ამისა, არც ერთ მათგანს არ ახსოვდა, რომ ფიზიკური ზიანი მიიღეს. მხოლოდ ის ახსოვდათ, რომ შიშისგან პარალიზებულნი იყვნენ. როზას არაფერი უთქვამს, მაგრამ ყველაფერზე ეთანხმებოდა, რასაც სხვები ამბობდნენ.
მათ ვკითხე, იდგა თუ არა ღამე, როდესაც ისინი ხიდზე გადასვლას ცდილობდნენ. ლიდიამ და ჟოზეფინამ თქვა, რომ დღე იყო. როზამ ყელი ჩაიწმინდა და ჩურჩულით თქვა, რომ ღამე იყო. ლა გორდამ შეუსაბამობა განმარტა და გვითხრა, რომ გამთენიის ბინდი იდგა.
მოკლე ქუჩის ბოლოს მივაღწიეთ და ხიდისკენ ავტომატურად შემოვბრუნდით.
- ძალიან მარტივია. - თქვა უცებ ლა გორდამ, თითქოს ახლახან მოუვიდა თავში რაღაც. - ჩვენ ხიდს ვკვეთდით, ან სილვიო მანუელი გვეხმარებოდა მის გადაკვეთაში, პარალელური ხაზებით. ეს ხიდი ძალის ადგილია, სამყაროებს შორის არსებული ხვრელი, მიღმიერის კარიბჭე. ჩვენ მასში გავიარეთ. გასვლა მტკივნეული უნდა ყოფილიყო, რადგან ჩემს სხეულს ეშინია. მეორე მხარეს სილვიო მანუელი გველოდა. არც ერთ ჩვენგანს არ ახსოვს მისი სახე, რადგან სილვიო მანუელი თავად წყვდიადია და თავის სახეს არასდროს გვაჩვენებს. ჩვენ მხოლოდ მის თვალებს ვხედავდით.
- ერთ თვალს. - თქვა როზამ ჩუმად და განზე გაიხედა.
- ყველა ჩვენგანმა, შენი ჩათვლით იცის, რომ სილვიო მანუელის სახე წყვდიადშია. - მითხრა ლა გორდამ. - მხოლოდ მისი ხმა ისმოდა. რბილი, როგორც მსუბუქი ხველება.
ლა გორდამ ლაპარაკი შეწყვიტა და ისე დამიწყო თვალიერება, რომ თვითცნობიერი გავხდი. თვალები ფოკუსირების გარეშე ჰქონდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს რაღაცის თქმისგან თავს იკავებდა, რაც მან იცოდა. როდესაც ამის შესახებ ვუთხარი, უარყო, მაგრამ აღიარა, უამრავი შეგრძნება ჰქონდა, რომლებიც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოდიოდნენ და მათი ახსნა არ აინტერესებდა. ქალებს მოვთხოვე გაეხსენებინათ, რა მოხდა ხიდის მეორე მხარეს. თითოეულ მათგანს მხოლოდ სხვების ყვირილის ხმა ახსოვდა.
ხენაროები ჩვენი დისკუსიის მიღმა რჩებოდნენ. ნესტორს ვკითხე, ჰქონდა თუ არა რაიმე წარმოდგენა მომხდარის შესახებ. უხერხულად მიპასუხა, რომ ეს ყველაფერი მისი გაგების მიღმა იმყოფებოდა.
სწრაფ გადაწყვეტილებამდე მივედი. მეჩვენებოდა, რომ ჩვენს წინაშე არსებული ერთადერთი არჩევანი ხიდის გადაკვეთა იყო. ყველა ხიდთან დავაბრუნე, რათა მასზე ჯგუფურად გადავსულიყავით. ქალებისგან განსხვავებით, მამაკაცები მყისიერად დამთანხმდნენ. ყოველგვარი მსჯელობის ამოწურვის შემდეგ, მომიწია რომ ლიდია, როზა და ჟოზეფინა დამეჭირა და ხიდზე ძალით გადამეთრია. ლა გორდას წასვლა არ სურდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ ამ პერსპექტივით დაინტერესებული ჩანდა. ხენაროები და ლა გორდა ნერვიულად იცინოდნენ, როცა პატარა დების ნახირის ხიდზე გადაყვანის ჩემეულ მცდელობებს ხედავდნენ, მაგრამ დასახმარებლად თითიც არ გაუნძრევიათ. ჩვენ ფეხით მივედით იმ წერტილამდე, სადაც ადრე გავჩერდით. იმ მომენტში ვიგრძენი, რომ ძალიან სუსტი ვიყავი, რათა სამ ქალს ერთდროულად გავმკლავებოდი. ლა გორდას დასახმარებლად ვუყვირე. მან უხეიროდ სცადა ლიდიას დაჭერა, რა დროსაც ჯგუფი უკვე დაშლილი იყო და ხიდიდან გაღწევას ლამობდა. ხიდზე მხოლოდ ლა გორდა და მე დავრჩით, თითქოს მასზე ვიყავით მიწებებული, წინ წასვლის ან უკან დახევის უნარის გარეშე.
ლა გორდამ ყურში ჩამჩურჩულა, რომ საერთოდ არ უნდა შემშინებოდა, რადგან სინამდვილეში მე ვიყავი, ვინც მათ ხიდის მეორე ბოლოში ელოდათ. მან დაამატა, რომ დარწმუნებული იყო - მე სილვიო მანუელის დამხმარე ვიყავი, მაგრამ ვინმესთვის ამის გამხელას ვერ ვბედავდი.
მომენტალურად ჩემი სხეული უკონტროლო რისხვის მოვარდნამ შეარყია. ვგრძნობდი, რომ ლა გორდას ასეთი განცხადებების გაკეთების უფლება არ ჰქონდა. ხელი თმებში ჩავავლე და წრეზე დავატრიალე. საკუთარი თავი მრისხანების მწვერვალზე აღმოვაჩინე. შემდეგ ბოდიში მოვუხადე და ჩავეხუტე. ფხიზლად აზროვნებამ დახმარება გამიწია. ლა გორდას ვუთხარი, რომ ლიდერობა ჩემს ნერვებზე ცუდად მოქმედებდა. წინ მივიწევდით და ამასთან ერთად, დაძაბულობა უფრო და უფრო მძაფრი ხდებოდა. იგი არ დამეთანხმა. ლა გორდა მტკიცედ ინარჩუნებდა თავის ინტერპრეტაციას, რომ მე და სილვიო მანუელი ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით და ჩემი ბატონის გახსენებისას სიბრაზით ვრეაგირებდი.
უკან გამოვბრუნდით. დანარჩენები ხიდიდან მოშორებით იდგნენ და გაურკვეველი შიშით გვაკვირდებოდნენ. უდროობის უცნაური და ძალიან თავისებური მდგომარეობა ჭარბობდა. ირგვლივ ხალხი არ იყო. სანამ ხიდზე ვიყავით, ერთი ადამიანიც არ გვინახავს, მაგრამ როგორც კი ხიდიდან ყველანი გადმოვედით, არემარე გადატვირთული საათების მსგავსი ხალხმრავლობით გაივსო.
მოედანზე უსიტყვოდ დავბრუნდით. შემაშფოთებლად დასუსტებულები ვიყავით. ბუნდოვანი სურვილი მქონდა, რომ ქალაქში კიდევ ცოტა ხნით დავრჩენილიყავით, მაგრამ მანქანაში ჩავსხედით და აღმოსავლეთისკენ, ატლანტის სანაპიროსკენ გავემართეთ. მე და ნესტორი რიგრიგობით ვმართავდით, მხოლოდ ბენზინისათვის ან საჭმელად ვჩერდებოდით, სანამ ვერაკრუსამდე მივაღწევდით. ეს ქალაქი ჩვენთვის ნეიტრალური ადგილი იყო. აქ მხოლოდ ერთხელ ვიყავი ნამყოფი. მათ მითხრეს, რომ აქამდე ამ ადგილას ჩემს გარდა სხვა არავინ იყო ნამყოფი. ლა გორდას სჯეროდა, რომ თავიანთი ძველი სამოსლის დასამარხად უცნობი ქალაქი სათანადო ადგილი იყო. სასტუმროში დავბინავდით, სადაც მათ ძველი ტანსაცმელების ნაკუწებად დაჭრა დაიწყეს. ახალმა ქალაქმა საოცარი ცვლილება მოახდინა მათში კეთილდღეობისა და სიხარულის განცდაზე.
ჩვენი შემდეგი გაჩერება მეხიკო იყო. ალამედას პარკის სასტუმროში დავბინავდით, სადაც წარსულში დონ ხუანთან ერთად ერთხელ დავრჩი. ორი დღის მანძილზე იდეალური ტურისტები ვიყავით. საყიდლებზე გავდიოდით და უამრავი ტურისტული ადგილი მოვინახულეთ. ქალები განსაცვიფრებლად გამოიყურებოდნენ. ბენიგნომ ლომბარდში კამერა იყიდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მან ოთხას ოცდახუთი კადრი გადაიღო ყოველგვარი ფირის გარეშე.
ერთ ადგილას, სადაც კედლებზე გამოსახული მოზაიკებით განცვიფრებულნი ვიყავით, დაცვის თანამშრომელმა მკითხა, საიდან იყვნენ ეს მშვენიერი, უცხო ქალბატონები. მან რატომღაც ჩათვალა, რომ ტურისტული გიდი ვიყავი. მას ვუთხარი, რომ ისინი შრი-ლანკიდან იყვნენ. თანამშრომელმა დამიჯერა და გაოცებით მითხრა, რომ ისინი თითქმის მექსიკელებს ჰგავდნენ.
მეორე დღეს, დილის ათ საათზე, ავიაკომპანიის ოფისში ვიყავით, სადაც ერთხელ დონ ხუანმა მიბიძგა. როდესაც მან ეს გააკეთა, ერთ კარებში შევვარდი და მეორიდან გამოვვარდი: არა იქვე, სადაც ვიყავი, არამედ სულ მცირე ერთი მილის მოშორებით, რომელიღაც მაღაზიაში.
ლა გორდა ვარაუდობდა, რომ ავიაკომპანიის ოფისი ხიდის მსგავსად ძალის ადგილი იყო - პარალელური ხაზების გადაკვეთის ადგილი.
ავიაკომპანიის ოფისიდან ჯერ ბაზარში, შემდეგ კი ალამედას პარკში წავედით, სადაც დონ ხუანთან ერთად, ოფისში ჩემი გამოცდილების შემდეგ გავემართეთ. პარკში დონ ხუანთან ერთად ბევრჯერ ვყოფილვარ. ვგრძნობდი, რომ ჩვენი სამომავლო ქმედებების შესახებ სასაუბროდ ეს ყველაზე შესაფერისი ადგილი იყო.
ჩემი განზრახვა იმ ყველაფრის შეჯამებას წარმოადგენდა, რაც გავაკეთეთ, რათა ძალის ადგილს გადაეწყვიტა, რა იქნებოდა ჩვენი შემდგომი ნაბიჯი. ხიდის გადაკვეთის მცდელობის შემდეგ, წარუმატებლად ვცდილობდი მომეფიქრებინა საშუალება, რაც ჯგუფისთვის ერთიანად გამკლავების შანსს მომცემდა. ქვის საფეხურებზე დავსხედით და საუბარი იმ იდეით დავიწყე, რომ ჩემთვის ცოდნა სიტყვებთან ერთად იყო შერწყმული. ჩემი გულწრფელი რწმენა იყო, რომ თუ მოვლენა ან გამოცდილება კონცეფციის სახით არ ყალიბდებოდა, შედეგად იგი განადგურებისთვის იყო განწირული. შესაბამისად, მათ ვთხოვე, ჩვენი მდგომარეობის ინდივიდუალური შეფასება გაეკეთებინათ.
პირველად პაბლიტომ დაილაპარაკა. ეს უცნაურად მეჩვენა, რადგან აქამდე არაბუნებრივად გაჩუმებული რჩებოდა. მან ბოდიში მოიხადა, რადგან ის, რის თქმასაც აპირებდა, სულაც არ იყო ისეთი რამ, რასაც გრძნობდა ან რაც ახსოვდა, თუმცა ეს იყო დასკვნა, რომელიც ეფუძნებოდა ყველაფერს, რაც მან იცოდა. პაბლიტოს მიხედვით, იგი ვერანაირ პრობლემას ხედავდა იმის გაგებაში, რაც ქალებმა ხიდზე მომხდარის შესახებ გააჟღერეს. მისი თქმით, ეს იყო მარჯვენა მხარიდან, ანუ ტონალიდან მარცხენა მხარისკენ, ანუ ნაგვალისკენ გადასვლის იძულებითი მცდელობა. ყველას ის ფაქტი აშინებდა, რომ ვიღაც სხვა აკონტროლებდა, და ამის გაკეთებას აიძულებდა. იგი ვერც იმის აღიარებაში ხედავდა პრობლემას, რომ სწორედ მე ვიყავი ის, ვინც სილვიო მანუელს ეხმარებოდა. მან თავისი ნათქვამი იმ განცხადებით დაამტკიცა, რომ ორი დღის წინ იგივე მოვლენას შეესწრო: ყველას ხიდისკენ ვუბიძგე. ამ დროს მეორე მხარეს დამხმარედ არავინ მყავდა: სილვიო მანუელი იქ აღარ იყო.
თემის შეცვლას ვცდილობდი. მათთვის იმის ახსნა დავიწყე, რომ ჩვენს მიერ დავიწყებულ მოვლენებს ამნეზიის სახელით იცნობდნენ. ვიღაცამ, შესაძლოა დონ ხუანმა, რაღაც გაუგებარი გაგვიკეთა. უნდა გამერკვია, ზუსტად რა იყო ეს.
პაბლიტო დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, თითქოს სწორედ მე ვეხმარებოდი სილვიო მანუელს. მისი თქმით, ლიდიამ და ჟოზეფინამ სილვიო მანუელს ესაუბრა იმ როლის შესახებ, რომელიც მე უნდა მეთამაშა: ეს იყო მათთვის პარალელური ხაზების გადაკვეთის იძულება.
ამ თემაზე საუბრისას თავს კომფორტულად არ ვგრძნობდი. კომენტარი გავაკეთე, რომ პარალელური ხაზების შესახებ იმ დღემდე არაფერი მსმენია, სანამ დონა სოლედადს გავესაუბრებოდი. თუმცა, არც ამ იდეის დაუყოვნებლივ მიღებასთან დაკავშირებით მქონია რაიმე წუხილი. მაშინვე ვიცოდი, რასაც იგი გულისხმობდა. დავრწმუნდი, რომ თავად გადავკვეთე პარალელური ხაზები. ლა გორდას გარდა ყველამ განაცხადა, რომ პარალელური ხაზების შესახებ პირველად მაშინ გაიგეს, როდესაც მათ მე ვუთხარი ამის შესახებ. ლა გორდამ თქვა, რომ ამის შესახებ დონა სოლედადისგან ჰქონდა მიღებული, ჩემზე ბევრად ადრე.
პაბლიტომ ჩემსა და სილვიო მანუელის ურთიერთობის შესახებ საუბრის წამოწყება სცადა. შევაწყვეტინე. ვთქვი, რომ სანამ ხიდის გადაკვეთას ვცდილობდით, ვერ გავაცნობიერე, რომ უცხო რეალობაში შესვლას ჰქონდა ადგილი. ცვლილება მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, როცა ირგვლივ ადამიანებს ვეღარ ვხედავდი. არემარეზე მხოლოდ რვა ჩვენგანი ვიყავით. მოწმენდილი დღე იყო, მაგრამ უეცრად მოიღრუბლა და შუადღის სინათლე შებინდდა. იმ მომენტში ჩემი შიშებით და პერსონალური ინტერპრეტაციებით ძალიან დაკავებული ვიყავი, რის გამოც ეს საოცარი ცვლილება მაშინვე ვერ შევამჩნიე. როცა ხიდიდან უკან დავიხიეთ, მივხვდი, რომ ირგვლივ ხალხმრავლობა ისევ გამოჩნდა. მაგრამ, რა დაემართათ მათ, როცა ხიდის გადაკვეთას ვცდილობდით?
ლა გორდამ და დანარჩენებმა ვერაფერი შეამჩნიეს. რეალურად მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, სანამ თავად არ აღვუწერე. ყველა მათგანი გაღიზიანების და შიშის თანხლებით მიყურებდა. პაბლიტომ ლიდერობა კვლავ თავის თავზე აიღო და მათთვის ისეთი რაღაცის იძულებაში დამადანაშაულა, რისი გაკეთებაც არ სურდათ. უეცრად თვალწინ მრისხანე გრძნეულთა ურდო წარმომიდგა. დიდი დრო დამჭირდა ყველა შესაძლო კუთხით ჩემი გამოკვლევის საჭიროების ასახსნელად, რაღაც ისეთი უცნაური და შთამბეჭდავი გამოცდილების შესახებ, რაც ხიდზე შეგვემთხვა. საბოლოოდ დამშვიდდნენ, მაგრამ არა იმიტომ, რომ რამეში დავარწმუნე, არამედ უფრო ემოციური დაღლილობის შედეგად. ყველა მათგანი, ლა გორდას ჩათვლით, მყარად უჭერდა მხარს პაბლიტოს პოზიციას.
ნესტორმა კიდევ ერთი საკითხი წამოჭრა. იგი ვარაუდობდა, რომ მე ვიყავი გულგრილი დესპანი, რომელიც საკუთარი ქმედებების სპექტრს ბოლომდე ვერ იაზრებდა. მან დაამატა, რომ სხვების მსგავსად ვერ იჯერებდა, თითქოს ჩემი დავალება მათი შეცდომაში შეყვანა იყო. ნესტორი გრძნობდა, რომ მე ნამდვილად არ ვიცოდი, საით მიმყავდა ისინი: სრული განადგურებისკენ. მაგრამ, ნამდვილად ამას ვაკეთებდი. იგი ფიქრობდა, რომ პარალელური ხაზების გადაკვეთის ორი გზა არსებობდა: სხვისი ძალის საშუალებით ან საკუთარი ძალის საშუალებით. მათი საბოლოო დასკვნა ის იყო, რომ სილვიო მანუელმა პარალელური ხაზები გადააკვეთინა, თანაც იმდენად ინტენსიური დაშინების შედეგად, რომ ზოგიერთ მათგანს არც კი ახსოვდა, ეს თუ გააკეთეს. ამოცანა, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ, პარალელური ხაზების საკუთარი ძალით გადაკვეთას წარმოადგენდა. ჩემი მიზანი მათთვის ხელის შეშლა იყო.
შემდეგი ბენიგნო იყო. მისი თქმით, უკანასკნელი, რაც დონ ხუანმა თავის მამაკაც შეგირდებს გაუკეთა, უფსკრულში გადახტომის შედეგად პარალელური ხაზების გადალახვა იყო. ბენიგნოს სჯეროდა, რომ ჩვენ უკვე დიდი ცოდნა გვქონდა გადაკვეთის შესახებ, მაგრამ ამის შესრულება ხელმეორედ ჯერჯერობით არ შეგვეძლო. ხიდისკენ ერთი ნაბიჯის გადადგმაც შეუძლებელი იყო, რადგან შესაფერისი დრო არ დამდგარა. ამიტომ, ყველანი მართლები იყვნენ, როცა იძულებითი ხიდის გადაკვეთის მცდელობით მათ განადგურებას ვცდილობდი. მას მიაჩნდა, რომ პარალელურ ხაზებზე სრული გაცნობიერებით გადასვლა ყველა მათგანისთვის საბოლოო ნაბიჯს ნიშნავდა. ეს იყო ნაბიჯი, რომელიც მხოლოდ მაშინ უნდა გადაედგათ, როცა დედამიწიდან გასაქრობად მზად იქნებოდნენ.
მომდევნო, ვინც ჩემს წინ დადგა, ლიდია იყო. მას არანაირი შეფასება არ გაუკეთებია, მაგრამ გამომიწვია გამეხსენებინა, როგორ შევიტყუე ხიდზე. მან უხეშად განაცხადა, რომ მე არ ვიყავი ნაგვალი ხუან მატუსის შეგირდი, არამედ მხოლოდ სილვიო მანუელის. მისი თქმით, მე და სილვიო მანუელმა ერთმანეთის სხეულები გადავყლაპეთ.
მრისხანების კიდევ ერთი შემოტევა მქონდა, როგორც მაშინ, როცა ლა გორდასთან ერთად ხიდზე ვიყავი. თავი დროზე მოვთოკე, რომ ლიდია მიწაზე თმებით არ მეთრია. ლოგიკურმა ფიქრმა დამამშვიდა. საკუთარ თავს უსასრულოდ ვუმეორებდი, რომ მხოლოდ ანალიზი მაინტერესებდა.
ლიდიას ავუხსენი, რომ ჩემთვის ასეთი რაღაცების თქმას აზრი არ ჰქონდა. იგი ყვიროდა, რომ სილვიო მანუელი ჩემი ოსტატი იყო, რის გამოც მათი წევრი სულაც არ ვიყავი. როზამ დაამატა, რომ სილვიო მანუელმა მომცა ყველაფერი, რასაც წარმოვადგენდი.
როზას სიტყვებმა ეჭვქვეშ დამაყენა. მას გავუმეორე, რაც თავად მითხრა. როზამ დამიდასტურა, რომ სწორედ ასე თქვა. ლა გორდამ მხარი დაუჭირა და თქვა, რომ ახსოვდა დრო, როცა იმდენად ავად გავხდი, რამაც არანაირი რესურსი აღარ დამიტოვა. ჩემში ყველაფერი ამოწურული იყო. სწორედ მაშინ, სილვიო მანუელი დამეხმარა და ჩემს სხეულში ახალი სიცოცხლე შემოიტანა. ლა გორდამ თქვა, რომ ჩემთვის უკეთესი იყო საკუთარი წარმომავლობის შესახებ მცოდნოდა, ვიდრე რაიმეს კეთებას გავაგრძელებდი. იგი ამტკიცებდა, რომ მე ნაგვალ ხუან მატუსზე ვიყავი ფიქსირებული, რადგან მისი საოცარი ახსნის უნარი მხიბლავდა. მეორეს მხრივ, სილვიო მანუელი მდუმარე წყვდიადი იყო. მან აღნიშნა, რომ სილვიო მანუელთან წასვლის მიზნით პარალელური ხაზები უნდა გადამეკვეთა. ამისგან განსხვავებით, ნაგვალ ხუან მატუსთან წასვლის მიზნით მხოლოდ მასზე საუბარი მიწევდა.
რასაც ისინი ამბობდნენ, ჩემთვის სრული სისულელე იყო. მათთვის რაღაცის თქმას ვაპირებდი, რაც ძალიან კარგ იდეად მეჩვენებოდა, მაგრამ მსჯელობის ხაზი ამერია. ვეღარ ვფიქრობდი, რის თქმას ვაპირებდი, თუმცა, სულ რაღაც ათი წამით ადრე, აზრს ცხადად ვაყალიბებდი. ამის ნაცვლად, ყველაზე საინტერესო მოგონება მეწვია. ეს იყო არა რაიმე განცდა, არამედ რეალური მოვლენის მძიმე მოგონება. გამახსენდა, რომ ერთხელ დონ ხუანთან და სხვა მამაკაცთან ერთად ვიყავი, რომლის სახეც არ მახსოვდა. სამივე იმ თემაზე ვსაუბრობდით, რასაც სამყაროს თავისთავად აღქმას ვეძახდით. ჩემგან მარჯვნივ, სამი-ოთხი იარდის მოშორებით, მოყვითალო ნისლის წარმოუდგენელ პერიფერიას ვხედავდი, რომელიც სამყაროს ორ ნაწილად ჰყოფდა. იგი მიწიდან ცამდე, უსასრულობამდე მაღლდებოდა. სანამ ორ მამაკაცს ვესაუბრებოდი, ჩემს მარცხნივ სამყარო ხელუხლებელი რჩებოდა, ხოლო მარჯვენა ნახევარი ნისლში იყო გახვეული. ნისლი აღმოსავლეთიდან დასავლეთით მოძრაობდა. ხაზის ჩრდილოეთით სამყარო ისეთი იყო, როგორსაც ვიცნობდი. გამახსენდა, როგორ ვკითხე დონ ხუანს, რა დაემართა სამყაროს ხაზს სამხრეთის მხარეს. დონ ხუანმა მაიძულა, ჩემს მარჯვნივ გამეხედა და დავინახე, როგორ ამოძრავდა ნისლის კედელი, როცა თავი შევაბრუნე. სამყარო ორად იყო გაყოფილი, თანაც ისეთ დონეზე, რასაც ჩემი ინტელექტი ვერ ხვდებოდა. გაყოფა რეალური ჩანდა, მაგრამ საზღვარი ფიზიკურ დონეზე არ იყო. ეს ყველაფერი ჩემში უნდა ყოფილიყო, ან იქნებ სულაც არა…
ამ მოგონებას კიდევ ერთი ასპექტი ჰქონდა. მეორე მამაკაცმა თქვა, რომ სამყაროს ორად გაყოფა დიდი მიღწევა იყო, მაგრამ კიდევ უფრო დიდი მიღწევა ის იყო, როცა მეომარს კედლის ბრუნვის შესაჩერებლად საჭირო სიმშვიდე და კონტროლი ჰქონდა. მან თქვა, რომ კედელი ჩვენში არ იყო. იგი რა თქმა უნდა სამყაროში იყო, მას ორად ჰყოფდა და ბრუნავდა. კედლის ტრიალის დიდი მიღწევა მეომარს მისი დანახვის საშუალებას და იმის ძალას ანიჭებდა, რომ მასში ნებისმიერ დროს გასულიყო, როცა ამას ისურვებდა.
როდესაც შეგირდებს ჩემი მოგონების შესახებ მოვუყევი, ქალებმა დამარწმუნეს, რომ მეორე მამაკაცი სილვიო მანუელი იყო. ჟოზეფინამ - როგორც ნისლის კედლის მცოდნემ - განმარტა, რომ ყველა დანარჩენზე დიდი უპირატესობა ელიჰიოს ჰქონდა. მას კედლის გაჩერება და მასში გავლა შეეძლო. ჟოზეფინამ დასძინა, რომ სიზმარხილვაში ნისლის კედლის გამოყენება უფრო ადვილია, რადგან მასში კედელი არ მოძრაობს.
ლა გორდა თითქოს მტკივნეული მოგონებების სერიამ შეაწუხა. მისი სხეული უნებურად შეხტა, სანამ სიტყვებად არ ამოხეთქა. მისი თქმით, ახლა უკვე შეუძლებელი იყო იმის უარყოფა, რომ მე სილვიო მანუელის დამხმარე ვიყავი. ლა გორდა თავად ნაგვალმა გააფრთხილა, რომ თუ სიფრთხილეს არ გამოიჩენდა, იგი ჩემი მონა გახდებოდა. თავად ლა გორდამაც მითხრა, რომ ჩემი სული ტყვეებს დაატარებდა და ისინი მსახურებად დაჰყავდა. ამას მხოლოდ სილვიო მანუელი აკეთებდა. მან დამიმონა, ხოლო თავადაც ნებისმიერს დავიმონებდი, ვინც ჩემთან ახლოს მოვიდოდა. ლა გორდა ამტკიცებდა, რომ მანამდე ჩემი ჯადოქრობის გავლენის ქვეშ, სილვიო მანუელის სახლში ცხოვრობდა, სანამ რაღაცამ არ გაათავისუფლა.
ლა გორდას სიტყვებით შეძრულმა, ფეხზე წამოვდექი. ჩემს მუცელში სრული ვაკუუმი იდგა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მისი მხარდაჭერის იმედი უნდა მქონოდა. თავს ნაღალატევად ვგრძნობდი. ვფიქრობდი, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა მათთვის ჩემი განცდები გამეზიარებინა, მაგრამ სიფხიზლის გრძნობა დამეხმარა. ამის ნაცვლად მათ ვუთხარი, რომ ჩემი უგუნური დასკვნის მიხედვით, ნაგვალმა ხუან მატუსმა, როგორც უზადო მეომარმა, ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. არაერთხელ შევაფასე, რაც მან გამიკეთა, ხოლო დასკვნა ყოველთვის ერთი და იგივე იყო: მან თავისუფლება მომიტანა. მხოლოდ თავისუფლება იყო ის, რაც ვიცოდი, და რისი მინიჭებაც ყველასთვის შემეძლო, ვინც ჩემთან მოვიდოდა.
ნესტორმა სოლიდარობის ჟესტი მიჩვენა. მან ქალებს მოუწოდა, ჩემს მიმართ მტრული განწყობა შეეწყვიტათ. ისეთი თვალებით შემომხედა, ვისაც არ ესმის, მაგრამ გაგება უნდა. მან თქვა, რომ მათ არ ვეკუთვნოდი. ნამდვილად მარტოსული ჩიტი ვიყავი. მათ მხოლოდ წუთით ვჭირდებოდი, რათა მიზიდულობისა და რუტინის საზღვრები გადაელახათ. ახლა, როდესაც ისინი თავისუფლები იყვნენ, მათი საზღვარი მხოლოდ ზეცა იყო. ჩემთან ერთად დარჩენა მათთვის უდავოდ სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ სასიკვდილო.
ნესტორი ღრმად შეძრულს ჰგავდა. გვერდით ამომიდგა და მხარზე ხელი დამადო. მითხრა, რომ ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს ჩვენ აღარასდროს დავაპირებდით ერთმანეთის ნახვას ამ დედამიწაზე. იგი ნანობდა, რომ წვრილმანი ადამიანებივით ვაპირებდით განშორებას: კამათით, ჩივილით, ბრალდებებით. ასევე დაამატა, რომ სხვების სახელით ლაპარაკობდა, მაგრამ არა საკუთარი სახელით. მთხოვა წავსულიყავი, რადგან ერთად ყოფნის საშუალება აღარ გვქონდა.
დონ ხუანმა მასწავლა, რომ ჩემი ბედისწერა თავმდაბლობით მიმეღო.
- მეომრის ბედისწერის კურსი უცვლელია. - მითხრა მან ერთხელ. - გამოწვევა ის არის, თუ რამდენად შორს შეუძლია წავიდეს ამ ხისტ საზღვრებში. თუ მის გზაზე დაბრკოლებები არსებობს, მეომარი უზადოდ ცდილობს მათ გადალახვას. თუ იგი თავის გზაზე აუტანელ გაჭირვებას და ტკივილს იპოვის, იტირებს. მაგრამ, ერთად აღებული მისი ცრემლები, თმის სიგრძეზეც კი ვერ შეძლებს ბედისწერის მიმართულების გამოძრავებას.
ჩემი თავდაპირველი გადაწყვეტილება, რომ ძალის ადგილზე წავსულიყავით, სწორი აღმოჩნდა. წამოვდექი. დანარჩენებმა თვალი ამარიდეს. ლა გორდა მომიახლოვდა და თითქოს არაფერი მომხდარიყოს, მითხრა, რომ წავსულიყავი, ხოლო თავად მოგვიანებით შემომიერთდებოდა. მინდოდა მეპასუხა, რომ მისი “შემოერთების” მიზეზს ვერ ვხედავდი. მან დანარჩენებთან ერთად დარჩენა არჩია. თითქოს ჩემი გრძნობები წაიკითხა, თუ რამდენად ნაღალატევად ვგრძნობდი თავს. მან დამარწმუნა, რომ ჩვენი ბედისწერა ერთად უნდა აღგვესრულებინა, როგორც ჭეშმარიტი მეომრები იქცევიან, და არა როგორც წვრილმანი ხალხი, როგორებიც თავად ვიყავით.