ადამიანური ფორმის დაკარგვა
ნაწილი მეორე
სიზმარხილვის ხელოვნება
თავი მეექვსე
ადამიანური ფორმის დაკარგვა
რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ყველა შეგირდს მექსიკის სხვადასხვა ადგილას დასახლებაში დაეხმარა, ლა გორდამ საცხოვრებელი ბინა არიზონაში აიღო. ამ მომენტიდან, ჩვენი შეგირდობის ყველაზე უცნაური და შთამბეჭდავი ნაწილის ამოხსნა დავიწყეთ. თავდაპირველად ჩვენი ურთიერთობა საკმაოდ დაძაბული იყო. საკუთარი გრძნობების დაძლევა გამიჭირდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დავშორდით ერთმანეთს ალამედას პარკში. მიუხედავად იმისა, რომ ლა გორდამ სხვების ადგილსამყოფელი იცოდა, მას ამის შესახებ ჩემთვის არასოდეს არაფერი უთქვამს. გრძნობდა, რომ არაფრის მომცემი იქნებოდა, თუ სხვა შეგირდების საქმიანობის შესახებ რაიმეს შევიტყობდი.
ერთი შეხედვით, ჩემსა და ლა გორდას შორის ყველაფერი კარგად იყო. მიუხედავად ამისა, მის მიმართ მწარე უკმაყოფილების განცდა მქონდა, რადგან ჩემს წინააღმდეგ სხვებთან ერთად იდგა. არაფერს გამოვხატავდი, მაგრამ შეგრძნება ყოველთვის იქ იყო. ლა გორდას ვეხმარებოდი და მისთვის ყველაფერს ვაკეთებდი, თითქოს არაფერი მომხდარა. მაგრამ, ამაში უზადო მოქმედება იგულისხმებოდა. ასეთი იყო ჩემი მოვალეობა. ამ მოვალეობის შესასრულებლად, სიამოვნებით მივიდოდი საკუთარი ფეხით ჩემს სიკვდილამდე. თანამედროვე ქალაქის ცხოვრების სირთულეებში მიზანმიმართულად ჩავიძირე, როგორც მეგზური და როგორც მწვრთნელი. ლა გორდამ ინგლისურის სწავლაც კი დაიწყო. მისი პროგრესი ფენომენალური იყო.
სამი თვე თითქმის შეუჩნევლად გავიდა. მაგრამ, ერთ დღეს, როცა ლოს ანჯელესში ვიყავი, გამთენიისას აუტანელი წნევით გამეღვიძა. ეს თავის ტკივილი არ იყო. ყურებში საკმაოდ მძიმე ზეწოლას ვგრძნობდი. იგივეს განვიცდიდი ქუთუთოებზეც და პირის მიდამოშიც. ვიცოდი, რომ სიცხე მქონდა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემს თავში იყო. წამოჯდომის სუსტი მცდელობა მქონდა. აზრმა გამიელვა, რომ ინსულტი მემართებოდა. ჩემი პირველი რეაქცია დახმარების სათხოვნელად დაძახება იყო, მაგრამ, რატომღაც დავმშვიდდი და შიშებისგან განთავისუფლებას ვცდილობდი. გარკვეული დროის შემდეგ, ჩემს თავში წნევამ დაქვეითება დაიწყო, მაგრამ ყელისკენ გადაინაცვლა. ჰაერის ჩასუნთქვას ძალისხმევით ვცდილობდი და ვახველებდი. წნევა ნელ-ნელა მკერდისკენ გადავიდა, შემდეგ მუცლისკენ, საზარდულისკენ და ფეხებისკენ, სანამ საბოლოოდ სხეული არ დატოვა.
ამ ყველაფერს დაახლოებით ორი საათი დასჭირდა. ამ ორი დამღლელი საათის მანძილზე ჩემს სხეულში დაღმავალი მიმართულებით რაღაც მოძრაობდა და ჩემგან გამოდიოდა. წარმოვიდგენდი, რომ იგი ხალიჩასავით ტრიალებდა. დაბლა მოძროაბასთან ერთად, ზეწოლა უფრო მძიმე და მტკივნეული ხდებოდა. ორი ადგილი, სადაც ტკივილი მტანჯველი გახდა, მუხლები და ფეხები იყო, განსაკუთრებით მარჯვენა ფეხი, რომელიც წნევისა და ტკივილის გაქრობიდან ოცდათხუთმეტი წუთის მანძილზე მიხურდა.
ლა გორდამ ჩემი მოხსნების მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ ამჯერად მე ადამიანური ფორმა დავკარგე. მისი თქმით ყველა ან თითქმის ყველა ბარიერი დავანგრიე. იგი მართალი იყო. იმის გააზრების გარეშე, თუ რა დამემართა სინამდვილეში, ყველაზე უცნაურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. თავს განცალკევებულად, მიუკერძოებლად ვგრძნობდი. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა დამიშავა ლა გორდამ. ისე არ ყოფილა, თითქოს მას სამარცხვინო საქციელი ვაპატიე, არამედ ისე გამოიყურებოდა, თითქოს ღალატს არც უარსებია. ჩემში ლა გორდას ან ვინმეს მიმართ აშკარა ან ფარული ზიზღი აღარ არსებობდა. რასაც განვიცდიდი, არ ყოფილა ნებაყოფლობითი გულგრილობა ან მოქმედებს დაუდევრობა. ეს არც გაუცხოება იყო ან მარტო ყოფნის სურვილი, არამედ არ-გაიგივების უცხო განცდა. აწმყოში ვიყავი ჩაძირული და სხვაზე არაფერზე ვფიქრობდი. ხალხის ქმედებები ჩემზე აღარ მოქმედებდა, რადგან მათგან არაფრის მოლოდინი აღარ მქონდა. ჩემი ცხოვრების მმართველი ძალა უცნაური სიმშვიდე გახდა. ვგრძნობდი, რომ როგორღაც ავითვისე მეომრის ცხოვრების წესის ერთ-ერთი ცნება: განჯაჭვულობა. ლა გორდამ თქვა, რომ მე მის ათვისებაზე ბევრად მეტი გავაკეთე: უშუალოდ განვასახიერე იგი.
მე და დონ ხუანს ხანგრძლივი დისკუსია გვქონდა იმის შესახებ, რომ ოდესმე ამას გავაკეთებდი. მან თქვა, რომ განჯაჭვულობა ავტომატურად სიბრძნეს არ ნიშნავს, არამედ ეს იყო უპირატესობა, რომელიც მეომარს სიტუაციების გადაფასების მიზნით მომენტალურად შეჩერების საშუალებას აძლევდა, რათა პოზიციებისთვის გადაეხედა. ამ დამატებითი მომენტის თანმიმდევრულად და სწორად გამოყენების მიზნით, მეომარს მთელი ცხოვრება დაუმორჩილებლად ბრძოლა მოუწევდა.
იმედგაცრუებული ვიყავი, რომ ეს გრძნობა არასოდეს განმიცდია. რამდენადაც შემეძლო განმესაზღვრა, მისი იმპროვიზირების საშუალება არ არსებობდა. ჩემთვის უსარგებლო იყო მის სარგებლიანობაზე ფიქრი ან გამოთვლები, მისი მოსვლის შესაძლებლობების შესახებ. იმ წლების მანძილზე, როცა დონ ხუანს ვიცნობდი, მე ნამდვილად განვიცდიდი გარესამყაროსთან პერსონალური კავშირის შემცირებას. მაგრამ, ეს ინტელექტუალურ დონეზე ხდებოდა. ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში უცვლელი ვიყავი იმ მომენტამდე, სანამ ადამიანური ფორმა დავკარგე.
ლა გორდასთან ერთად ვვარაუდობდი, რომ ადამიანური ფორმის დაკარგვის კონცეფცია ეხება სხეულის მდგომარეობას, რომელიც შეგირდს სწავლების გარკვეულ საფეხურზე ეწვევა. როგორიც არ უნდა იყოს, ჩემთვის და ლა გორდასთვის ადამიანური ფორმის დაკარგვის საბოლოო შედეგი არა მხოლოდ განჯაჭვულობის განცდა იყო, არამედ ჩვენი “გახსენების” გაუგებარი ამოცანის შესრულებაც. და ისევ, ამ შემთხვევაშიც, ინტელექტი მინიმალურ როლს თამაშობდა.
ერთ ღამეს, მე და ლა გორდა ფილმზე ვმსჯელობდით. იგი რომელიღაც პორნოგრაფიული ფილმის სანახავად წავიდა და ძალიან მინდოდა, მისი შთაბეჭდილებები მომესმინა. ფილმი საერთოდ არ მოეწონა. იგი ამტკიცებდა, რომ ეს დამასუსტებელი გამოცდილება იყო, რადგან მეომრად ყოფნა მკაცრი თავშეკავების დაცვას გულისხმობდა, რასაც ნაგვალი ხუან მატუსი მისდევდა.
ლა გორდას ვუთხარი, რომ ზუსტად ვიცოდი - დონ ხუანს ქალები მოსწონდა და სულაც არ იყო ცელიბატი. მე ამ ფაქტს ძალიან სასიამოვნო მოცემულობად ვთვლიდი.
- შენ მართლა შეშლილი ხარ! - წამოიძახა მან გაკვირვებით. - ნაგვალი სრულყოფილი მეომარი იყო. იგი სექსუალობის არც ერთ ქსელში არ ეხვეოდა.
მას სურდა გაეგო, რატომ მეგონა, რომ დონ ხუანი ცელიბატი არ იყო. ერთი ინციდენტის შესახებ მოვუყევი, რომელიც არიზონაში, ჩემი შეგირდობის დასაწყისში მოხდა. დამქანცველი მგზავრობიდან ერთი დღის შემდეგ, დონ ხუანის სახლში ვისვენებდი. დონ ხუანი უცნაურად ნერვიული მეჩვენა. დროდადრო დგებოდა, რათა კარებში გაეხედა. თითქოს ვიღაცას ელოდა. შემდეგ, სრულიად მოულოდნელად მითხრა, რომ ბილიკზე მანქანამ შემოუხვია და გეზი ამ სახლისკენ ჰქონდა აღებული. მან თქვა, რომ ეს იყო მისი მეგობარი გოგონა, რომელსაც საბნები მოჰქონდა. დონ ხუანი დარცხვენილი არასოდეს მინახავს და საშინლად ვწუხდი მისი ამ მდგომარეობაში დანახვისას, რადგან არ იცოდა, რა გაეკეთებინა. დამალვა შევთავაზე, მაგრამ ოთახში დასამალი ადგილი არ იყო. ამიტომ, მან იატაკზე დამაწვინა და ხალიჩა გადამაფარა. მანქანის ძრავის გათიშვის ხმა გავიგე, შემდეგ კი ხალიჩის ქვემოდან კარებთან მდგარი გოგონა დავინახე. მაღალი, გამხდარი და ძალიან ახალგაზრდა იყო: ვფიქრობდი, რომ ლამაზიც… დონ ხუანი გოგონას თავისი დაბალი, ინტიმური ხმით რაღაცას ეუბნებოდა. შემდეგ შემობრუნდა და ჩემზე ანიშნა.
- კარლოსი ხალიჩის ქვეშ იმალება. - თქვა მან ხმამაღლა. - მიესალმე.
გოგონამ ხელი დამიქნია და ყველაზე მეგობრული ღიმილით მომესალმა. თავს უკანასკნელ იდიოტად ვგრძნობდი და გავბრაზდი, რადგან დონ ხუანმა ამდენად უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდო. აშკარად მეჩვენებოდა, რომ ამით თავისი ნერვიულობის დაფარვას ცდილობდა, ან კიდევ უფრო უარესი, ამ სცენას ჩემ გამო დგამდა.
როდესაც გოგონა წავიდა, გაბრაზებულმა მოვთხოვე, ჩემთვის ყველაფერი აეხსნა. მან გულწრფელად მითხრა, რომ სიტუაციამ გაიტაცა და ვინაიდან ხალიჩიდან ფეხი მქონდა გამოყოფილი, არ იცოდა, სხვა რა გაეკეთებინა. როცა ეს მოვისმინე, მთელი მისი მანევრი ნათელი გახდა. გოგონას სპეციალურად აჩვენა ჩემი თავი. ზუსტად ვიცოდი, რომ ხალიჩიდან ფეხი გამოყოფილი არ მქონდა, რადგან კუთხეები საგულდაგულოდ შემიკეცა. გამეცინა. დონ ხუანი ვალდებული გახდა აეხსნა, რომ მას ქალები მოსწონდა, განსაკუთრებით კი ეს გოგონა.
ინციდენტი არასოდეს დამვიწყებია. დონ ხუანი ამას არასოდეს განიხილავდა, და როდესაც თავად ვახსენებდი, ყოველთვის გაჩუმებას მაიძულებდა. იმ ახალგაზრდა გოგონას მიმართ თითქმის აკვიატებული ინტერესი გამიჩნდა. იმედი მქონდა, რომ ერთ დღესაც ჩემს წიგნებს წაიკითხავდა და მომძებნიდა.
ლა გორდა ძალიან აჟიტირებული იყო. ჩემი საუბრისას ოთახში წინ და უკან დადიოდა. ტირილის პირას იყო. ყველა სახის ურთიერთობის სპექტრს წარმოვიდგენდი, რასაც შესაძლოა ადგილი ჰქონოდა. მეგონა, რომ ლა გორდა მესაკუთრე ქალივით რეაგირებდა, რომელიც სხვა ქალის არსებობამ შეაშფოთა.
- ეჭვიანობ? - ვკითხე მას.
- ნუ სულელობ. - მიპასუხა სიბრაზით. - მე უფორმო მეომარი ვარ. ჩემში შური და ეჭვიანობა აღარ არსებობს.
რაღაც გამახსენდა, რაც ხენაროებმა მითხრეს, რომ ლა გორდა ნაგვალის ქალი იყო. რაღაცას ბურტყუნებდა, მისი ხმა ძლივს მესმოდა.
- ვფიქრობ, ვიყავი კიდეც. - თქვა მან და გაურკვეველი მზერით საწოლზე ჩამოჯდა. - ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვიყავი. თუმცა, არ ვიცი როგორ. ნაგვალი ხუან მატუსი ჩემთვის ისეთივე იყო, როგორიც შენთვის. იგი ადამიანი არ იყო, არამედ ნაგვალი. სექსი საერთოდ არ აინტერესებდა.
ისევ გავუმეორე, როგორ გამოხატა დონ ხუანმა თავისი სიმპათია ამ გოგოს მიმართ.
- მან თქვა, რომ გოგონასთან სექსი ჰქონდა?
- არა, არ უთქვამს, მაგრამ საუბრისას ეს ისედაც აშკარა იყო.
- შენ გსურს, რომ ნაგვალი შენი მსგავი იყოს, ასე არაა? - მკითხა მან დამცინავად. - ნაგვალი უზადო მეომარი იყო.
ვფიქრობდი, რომ მართალი ვიყავი და ჩემი აზრის დამტკიცება არ მჭირდებოდა. ლა გორდას ხუმრობით ვუთხარი, რომ გოგონა თუ შეყვარებული არა - დონ ხუანის შეგირდი მაინც იქნებოდა.
გრძელი პაუზა ჩამოწვა. ჩემმა ნათქვამმა ჩემზე შემაშფოთებელი გავლენა მოახდინა. ასეთ შესაძლებლობაზე ამ მომენტამდე არასოდეს მიფიქრია. რაღაც ცრურწმენაზე იმდენად ვიყავი დაციკლული, რომ სხვა ალტერნატივის განხილვისთვის ადგილი არ მქონია.
ლა გორდამ ახალგაზრდა ქალის აღწერა მთხოვა. ამის გაკეთება არ შემეძლო. ვერ მოვახერხე. მისთვის ნორმალურად არც შემიხედავს. ზედმეტად გაღიზიანებული ვიყავი და მისი დაკვირვებით შესწავლა ძალიან მრცხვენოდა. გოგონასაც ეტყობოდა, რომ სიტუაციის უხერხულობა მასზეც მოქმედებდა, და სახლიდან სასწრაფოდ გავიდა.
ლა გორდამ თქვა, რომ ყოველგვარი ლოგიკური მიზეზის გარეშე გრძნობდა - ეს გოგონა ნაგვალის ცხოვრებაში საკვანძო ფიგურა იყო. მისმა განცხადებამ ჩვენთვის ცნობილ დონ ხუანის მეგობრებზე საუბრამდე მიგვიყვანა. საათების მანძილზე წვალებით ვცდილობდით გაგვეერთიანებინა მთელი ის ინფორმაცია, რომელსაც მისი თანამოაზრეების შესახებ ვფლობდით. ლა გორდას სხვადასხვა შემთხვევის შესახებ მოვუყევი, როდესაც დონ ხუანს პეიოტის ცერემონიებში მონაწილეობის მისაღებად მივყავდი. ყველა აღვწერე, ვინც იქ იყო. ლა გორდამ ვერც ერთი მათგანი ვერ იცნო. მაშინ მივხვდი, რომ შესაძლოა დონ ხუანთან დაკავშირებულ ბევრად მეტ ადამიანს ვიცნობდი, ვიდრე ლა გორდა. მაგრამ, ჩემი მოხსენებების მოსმენისას ლა გორდას გაახსენდა, რომ ერთხელ დაინახა, როგორ მოიყვანა სახლში ნაგვალი და ხენარო ვიღაც ქალმა პატარა, თეთრი მანქანით. მაშინ გამახსენდა, რომ როცა ხალიჩიდან წამოვდექი, დავინახე, როგორ შეუხვია მოსახვევში თეთრმა “ფოლკსვაგენმა”.
მე ვახსენე კიდევ ერთი ინციდენტი, დონ ხუანის სხვა მეგობართან დაკავშირებით: ეს იყო მამაკაცი, რომელმაც მექსიკის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქის ბაზრობაზე რამდენიმე მცენარე მომცა. გოგონასთან ერთად, წლების მანძილზე მისითაც შეპყრობილი ვიყავი. მას ვისენტე ერქვა. სახელის გაგონებაზე ლა გორდას სხეული შეხტა. მან მთხოვა, ისევ გამემეორებინა მისი სახელი და მამაკაცი ვიზუალურად აღმეწერა. მამაკაცი მხოლოდ ერთხელ ვნახე, ისიც წლების წინ, სულ რაღაც ათი წუთით.
მე და ლა გორდა ვბრაზობდით, მაგრამ არა ერთმანეთზე, არამედ იმაზე, რაც მიჯაჭვულს გვხდიდა.
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მოხდა ბოლო ინციდენტი, რომელმაც ჩვენი “გახსენების” სრულფასოვანი შესრულება დააჩქარა. ამ დღეს გაციებული ვიყავი და მაღალი სიცხე მქონდა. საწოლში ვიწექი. გონებაში ფიქრები უაზროდ ტრიალებდა. მთელი დღის მანძილზე ძველი მექსიკური სიმღერის მელოდია ჩამესმოდა. ერთ მომენტში ჩამეძინა და მესიზმრა, რომ გიტარას ვუკრავდი. მელოდიის მონოტონურობის შესახებ ვჩიოდი. შემდეგ ვიღაცამ გიტარა მუცელზე დამიზნებით მესროლა. დარტყმის თავიდან ასაცილებლად უკან გადავხტი და თავი კედელს მივახეთქე: სწორედ ამ დროს გამომეღვიძა. ეს სიზმარხილვა არ იყო. მხოლოდ მელოდია მაწუხებდა. გიტარის ხმას გონებიდან ვერ ვიშორებდი. მისი მოსმენისას ნახევრად ფხიზლად ვრჩებოდი. ისე გამოიყურებოდა, თითქოს ნახევრად ისევ სიზმარში ვიყავი. შემდეგ მომენტში, ჩემს თვალწინ სიზმრის სრული და დეტალური სცენა გამოჩნდა. სცენაზე, ჩემს გვერდით, ახალგაზრდა ქალი იჯდა. მის სახეზე თითოეული დეტალის გარჩევა შემეძლო. არ ვიცოდი ვინ იყო, მაგრამ მისი დანახვა შოკში მაგდებდა. ერთ წამში მთლიანად გამომეღვიძა. შფოთვა, რომელიც მისმა სახემ ჩემში წარმოქმნა, იმდენად ძლიერი იყო, რომ საწოლიდან ავდექი და ოთახში წინ და უკან ბოდიალი დავიწყე. უზომოდ ვოფლიანობდი და ოთახიდან გასვლა მეშინოდა. ლა გორდას დასახმარებლად ვერ დავურეკავდი. იგი რამდენიმე დღით მექსიკაში, ჟოზეფინას მოსანახულებლად დაბრუნდა.
ოთახში სიარულისას ჩემს გონებაში გამოსახულება დაიწმინდა. ეს მოგონება სიზმრისეულად ბუნდოვანი კი არ იყო, არამედ სრულფასოვანი მეხსიერების შემადგენელი ნაწილი. გამახსენდა, რომ ერთხელ ხორბლის ან ქერის ტომარაზე ვიჯექი. ჩემთან ახლოს ახალგაზრდა ქალი გიტარაზე მექსიკურ სიმღერას უკრავდა. როდესაც მისი დაკვრის ტექნიკის უხეირობაზე ვიხუმრე, ქალმა გიტარა თავზე გადამალეწა. ჩემთან ერთად სხვებიც ისხდნენ: ლა გორდა და ორი მამაკაცი. ამ ორ მამაკაცს კარგად ვიცნობდი, მაგრამ ვერ ვიხსენებდი, ვინ იყო ახალგაზრდა ქალი. გახსენება ვცადე, მაგრამ ამის გაკეთებამ უიმედობის განცდა დამიტოვა.
ისევ ცივ ოფლში გაწურულმა დავწექი. ცოტა ხნით დასვენება მინდოდა, სანამ სველ პიჟამას გავიხდიდი. როცა თავი ბალიშზე დავდე, მეხსიერება ისევ დაიწმინდა და უკვე ვიცოდი, ვინ იყო გიტარისტი. ეს ქალი ნაგვალი იყო: ჩემთვის და ლა გორდასთვის ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი არსება. იგი ნაგვალი მამაკაცის ფემინური ანალოგი იყო: არა მისი ცოლი ან საყვარელი, არამედ კოლეგა. საოცარ სიმშვიდეს და ნამდვილი ლიდერის მბრძანებლურ მაგნეტიზმს ასხივებდა. იგი ჩვენზე ზრუნავდა.
არ გამიბედავს, რომ მოგონებისთვის ძალა დამეტანებინა. ინტუიციურად ვიცოდი, რომ ყველაფრის ერთბაშად გასახსენებლად ენერგია არ მქონდა. აბსტრაქტული შეგრძნებების დონეზე დავრჩი. ვიცოდი, რომ ის იყო ყველაზე სუფთა, ყველაზე მიუკერძოებელი და ყველაზე ღრმა სიყვარულის განსახიერება. ყველაზე მიზანშეწონილი იქნებოდა იმის თქმა, რომ მე და ლა გორდას ნაგვალი ქალი სიცოცხლეზე მეტად გვიყვარდა. როგორ მოხდა, რომ ასეთი რამ დაგვავიწყდა?
იმ ღამით, საწოლში წოლისას ისეთი აჟიტირებული ვიყავი, რომ სისხლის გაყინვამდე მეშინოდა. რამდენიმე წინადადების ღიღინი დავიწყე, რომელიც ჩემთვის სახელმძღვანელო ძალის სიტყვებად იქცა. მხოლოდ მაშინ, როცა დავმშვიდდი, გამახსენდა, რომ ეს სიტყვებიც იმ მოგონების ნაწილი იყო, რომელიც ჩემთან დაბრუნდა. ეს იყო ერთგვარი ფორმულის მოგონება - შელოცვა, რომელსაც ისეთი შფოთვისგან თავის დაღწევაში მეხმარებოდა, რომელიც ამ ღამეს განვიცადე:
“მე უკვე მინდობილი ვარ იმ ძალას, რომელიც ჩემს ბედისწერას მართავს,
მე არაფერს ვეჭიდები, ამიტომ დასაცავი არაფერი მაქვს,
მე არ გამაჩნია აზრები, ამიტომ “ვხედავ”,
მე არაფრის მეშინია, ამიტომ საკუთარ თავს ვიხსენებ”.
ფორმულას კიდევ ერთი წინადადება ჰქონდა, რომელიც იმ დროს ჩემთვის გაუგებარი იყო:
“განჯაჭვულად და მშვიდად ჩავუფრენ არწივს, რათა თავისუფალი ვიყო”.
ავადმყოფობამ და სიცხემ შესაძლოა ერთგვარი შუამავლის როლი შეასრულა. ეს შეიძლება ჩემს მიერ ჩადენილის ძირითადი ზემოქმედება იყო, ან უფრო სწორად, იმის გავლენა, როდესაც განზრახ არაფერი გამიკეთებია.
იმ ღამემდე, თუ ვეცდებოდი და ჩემი გამოცდილების შემადგენელი ნაწილების შესახებ წერას დავიწყებდი, საკუთარი არსებობის უწყვეტ სურათს მივიღებდი. მოგონებები, რომლებიც ლა გორდას შესახებ მქონდა, ასევე ცენტრალური მექსიკის მთებში, იმ სახლში ცხოვრების განცდა - ამ უწყვეტობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა. მაგრამ, ეს მოგონებები სულ არაფერი იყო იმასთან შედარებით, როგორი განცდაც ნაგვალი ქალის გახსენებამ დამიტოვა: ეს იმ ემოციების გამო არ ყოფილა, რომელსაც მოგონება მიტოვებდა, არამედ იმ ფაქტის გამო, თუ როგორ შევძელი ასეთი მოვლენის დავიწყება. ეს დავიწყება იმას არ ჰგავდა, როდესაც მელოდია ან სახელი დაგავიწყდება. ამ მომენტამდე ჩემს გონებაში მსგავსი არაფერი არსებობდა! არაფერი! რაღაც დამემართა და უეცრად იგი გამახსენდა: ყველაზე მნიშვნელოვანი არსება, რომელსაც ჩემი გამოცდილებით, იმ მომენტამდე არასოდეს შევხვედრივარ.
ლა გორდას დაბრუნებამდე კიდევ ორი დღე მომიწია ლოდინი, სანამ ჩემი მოგონების შესახებ მოვუყვებოდი. იმ მომენტში, როცა მას ნაგვალი ქალი აღვუწერე, თქვა, რომ თავადაც გაახსენდა. ლა გორდას ცნობიერება რაღაცნაირად ჩემზე იყო დამოკიდებული.
- გოგონა, რომელიც თეთრ მანქანაში ვნახე, ნაგვალი ქალი იყო! - წამოიძახა მან. - იგი დაბრუნდა, მაგრამ მე ვერ გავიხსენე.
სიტყვები გავიგე და მათ მნიშვნელობას მივხვდი, მაგრამ ჩემს გონებას დიდი დრო დასჭირდა იმაზე ფოკუსირებისთვის, რაც მან თქვა. ჩემი ყურადღება მერყეობდა. თითქოს იმ მომენტში, როცა თვალწინ სინათლე ანათებდა, ჩემი თვალები დაბრმავდა. ვფიქრობდი, რომ თუ ამ დაბრმავებას არ შევწყვეტდი, აუცილებლად მოვკვდებოდი. უეცრად კრუნჩხვა დამეუფლა და ვიგრძენი, რომ ჩემი ორი ნახევარი შევაერთე, რომლებიც დაშორებულნი იყვნენ. ახალგაზრდა გოგონა, რომელიც დონ ხუანის სახლში ვნახე, ნაგვალი ქალი იყო.
ამ ემოციური აჟიტირების მომენტში, ლა გორდა ვერაფრით დამეხმარა. მისი განწყობა გადამდები იყო. გაუჩერებლად ტიროდა. ნაგვალის ქალის გახსენების ემოციური შოკი მისთვის ტრავმული გამოდგა.
- როგორ შევძელი მისი დავიწყება? - სლუკუნებდა იგი.
მის თვალებში ეჭვი დავიჭირე, როცა შემომხედა.
- შენ წარმოდგენაც არ გქონდა, რომ იგი არსებობდა, ასე არაა? - მკითხა მან.
ნებისმიერ სხვა პირობაში ვიფიქრებდი, რომ მისი შეკითხვა თავხედური და შეურაცხმყოფელი იყო, მაგრამ ლა გორდას მიმართ თავდაც იგივე კითხვა მქონდა. ვფიქრობდი, რომ შეეძლო უფრო მეტი სცოდნოდა, ვიდრე ამჟღავნებდა.
- არა, წარმოდგენაც არ მქონდა. - ვთქვი მე. - მაგრამ, შენზე რას იტყვი, გორდა? იცოდი, რომ იგი არსებობდა?
მის სახეს ისეთი უცოდველი და დაბნეული გამომეტყველება ჰქონდა, რომ ყოველგვარი ეჭვი გამიქრა.
- არა, დღემდე არა. - მიპასუხა მან. - ახლა ზუსტად ვიცი, რომ ნაგვალ ხუან მატუსთან და მასთან ერთად ზუსტად იმ სკამზე ვიჯექი, ოახაკაში, მოედანზე რომ დგას. ეს მომენტი ყოველთვის მახსოვდა, მაგრამ მეგონა, რომ დამესიზმრა. ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ არაფერი გავაკეთე. რატომ მეგონა, რომ ეს სიზმარი იყო?
პანიკური შეტევა მქონდა. როცა ლა გორდა საუბრობდა, ჩემს სხეულში რაღაც არხი გაიხსნა. უეცრად მივხვდი, რომ მეც მათთან ერთად ვიყავი ნამყოფი, იმავე სკამზე. ყველა სენსაცია გამახსენდა, რომელთაც მათთან ყოფნის დროს ვგრძნობდი. ეს იყო ფიზიკური კმაყოფილების, ბედნიერებისა და სისრულის გრძნობა, რომლის წარმოდგენა ან გამოგონება შეუძლებელი იქნებოდა. ვფიქრობდი, რომ დონ ხუანი და ნაგვალი ქალი სრულყოფილი არსებები იყვნენ, ხოლო მათთან ერთად ყოფნა ჩემთვის დიდი იღბალი იყო. ერთხელ დონ ხუანს ვუთხარი (და ამას მართლა ვგულისხმობდი), რომ ამ გრძნობის სუფთად, ხელუხლებლად და შეფერხებისგან თავისუფლად შენარჩუნება მინდოდა, რათა სწორედ ამ განცდით მოვმკვდარიყავი.
ლა გორდას ჩემი მოგონების შესახებ ვუთხარი. მან თქვა, რომ მიხვდა, რასაც ვგულისხმობდი. წუთით ჩუმად ვიყავით, შემდეგ კი გახსენების ინერციამ, სევდის ან თუნდაც სასოწარკვეთის შემაძრწუნებელი განცდის მოახლოებით დაგვაფრთხო. ჩემს ემოციებზე ყველაზე არაჩვეულებრივი კონტროლის დამყარება მომიწია, რათა ტირილი არ დამეწყო. ლა გორდა ტიროდა და სახეზე ხელებს იფარებდა.
მალევე ორივენი შედარებით დავწყნარდით. იგი თვალებში მიყურებდა. ვიცოდი, რასაც ფიქრობდა. თითქოს მის თვალებში შეკითხვის წაკითხვა შემეძლო. ეს კითხვა იგივე იყო, რაც მთელი ამ დღეების მანძილზე მაწუხებდა. ვინ იყო ნაგვალი ქალი? სად გავიცანით იგი? რა როლს თამაშობდა? სხვებიც იცნობდნენ თუ არა მას?
ის იყო, ჩემი შეკითხვების გაჟღერებას ვაპირებდი, რომ ლა გორდამ შემაწყვეტინა:
- მართლა არ ვიცი. - თქვა მან სწრაფად. - შენი იმედი მქონდა, რომ რაიმეს მეტყოდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვგრძნობ, რომ შენ შეგიძლია მითხრა, რა-რა არის.
იგი ჩემს იმედზე იყო, მე კი მის იმედზე ვიყავი. არსებული მდგომარეობის ირონიაზე გაგვეცინა. ვთხოვე, ჩემთვის ყველაფერი მოეყოლა, რაც ნაგვალი ქალის შესახებ იცოდა. ორ-სამჯერ რაღაცის თქმას ეცადა, მაგრამ საკუთარი აზრების გამოთქმა აშკარად არ შეეძლო.
- არ ვიცი, საიდან დავიწყო. - თქვა მან. - მხოლოდ ის ვიცი, რომ მიყვარდა.
ლა გორდას ვუთხარი, რომ მეც იმავეს ვგრძნობდი. ყოველ ჯერზე, როდესაც ნაგვალი ქალის შესახებ რაიმეს გავიფიქრებდი, არაამქვეყნიური სევდა მიპყრობდა. ლაპარაკისას ჩემმა სხეულმა კანკალი დაიწყო.
- მე და შენ იგი გვიყვარდა. - განაგრძო გორდამ. - არ ვიცი ამას რატომ ვამბობ, მაგრამ იგი ჩვენ გვეკუთვნოდა.
ამ განცხადების ახსნა მოვთხოვე. თვითონაც ვერ გაეგო - ეს რატომ თქვა. ნერვიულად საუბრობდა. გრძნობები სააშკარაოზე გამოჰქონდა. მას ყურადღებას ვეღარ ვაქცევდი. მზის წნულში ქავილი ვირგრძენი. ნაგვალი ქალის უცხო მოგონებამ ფორმირება დაიწყო. ლა გორდას მოვთხოვე, რომ საუბარი გაეგრძელებინა. შეეძლო იგივე გაემეორებინა, რასაც აქამდე ამბობდა, მაგრამ არ უნდა გაჩერებულიყო. მისი ხმის ტემბრს აშკარად სხვა განზომილებაში, დროის სხვა სიბრტყეში გავყავდი.
თითქოს ჩემს სხეულში სისხლმა უჩვეულო წნევით დაიწყო დინება. მთელს სხეულში ჩხვლეტა ვიგრძენი, შემდეგ კი სხეულს უცნაური მოგონება დაეუფლა. ვიცოდი, რომ ნაგვალი ქალი ის არსება იყო, ვინც ნაგვალს განმთლიანებულსა და დასრულებულს ხდიდა. მას ნაგვალისთვის მშვიდობა, სიუხვე, დაცულობისა და სახლში ყოფნის ძღვენი მოჰქონდა.
ლა გორდას ვუთხარი, რომ ჩემი შეგრძნებით ნაგვალი ქალი დონ ხუანის პარტნიორი იყო. ლა გორდამ გაბრაზებით შემომხედა. უარყოფის ნიშნად თავს ნელა აქნევდა.
- იდიოტო, მას ხუან მატუსთან არაფერი აკავშირებდა. - თქვა ლა გორდამ უკიდურესი ავტორიტეტის ტონით. - იგი შენთვის იყო განკუთვნილი. ამიტომ, მე და შენ მას ვეკუთვნით.
ერთმანეთს თვალებში მივჩერებოდით. დარწმუნებული ვიყავი, რომ უნებურად ისეთ აზრებს ახმოვანებდა, რომლებიც მისთვის რაციონალურად არაფერს ნიშნავდა.
- რას გულისხმობ, როცა ამბობ, რომ იგი ჩემთვის იყო განკუთვნილი? - ვკითხე დიდი ხნის დუმილის შემდეგ.
- იმას, რომ ნაგვალი ქალი შენი პარტნიორი იყო. - თქვა მან. - თქვენი ერთი გუნდი იყავით, მე კი მისი დამცველი. მან შენ ნდობა გამოგიცხადა, რომ ოდესმე მასთან მიგეყვანე.
ლა გორდას ვევედრებოდი, რომ ჩემთვის კიდევ ეთქვა რაიმე, მაგრამ ეტყობოდა, რომ სხვა არაფერი იცოდა.
- სად წავიდა? - თქვა მოულოდნელად მან. - ამას უბრალოდ ვერ ვხვდები. იგი შენთან იყო და არა ნაგვალთან. ის ახლა ჩვენთან ერთად უნდა იყოს.
ურწმუნოებისა და შიშის კიდევ ერთი შემოტევა ჰქონდა. მან დამადანაშაულა, რომ ნაგვალს ლოს ანჯელესში ვმალავდი. მისი შიშების გაქარწყლება ვცადე. საკუთარი თავის გამიკვირდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ლა გორდას ისე ვესაუბრებოდი, როგორც პატარა ბავშვს ესაუბრებიან. ტოტალური ყურადღებით მისმენდა. თუმცა, მისი თვალები როგორღაც ფოკუსიდან ამოვარდნილად გამოიყურებოდა. მომეჩვენა, რომ იგი ჩემს ხმას ისევე იყენებდა, როგორც მე გამოვიყენე ცოტა ხნის წინ თავისი. ვიცოდი, რომ ამას თვითონაც აცნობიერებდა. ლაპარაკი იქამდე გავაგრძელე, სანამ ამ თემაზე სათქმელი აღარაფერი დამრჩა. შემდეგ რაღაც მოხდა: აღმოვაჩინე, რომ საკუთარ ხმას ნახევრად ვუსმენდი. ჩემი მხრიდან ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ვლაპარკობდი. სიტყვებმა, რომლებიც ჩემში თითქოს გაუჟღერებელნი რჩებოდნენ, ახლა განთავისუფლდნენ და აბსურდიზმის აღუწერელ დონეებს მიაღწიეს. იქამდე ვლაპარაკობდი, სანამ რაღაცამ არ გამაჩერა. გამახსენდა, რომ ოახაკაში, ჩვენს ადგილზე ყოფნისას, დონ ხუანმა მე და ნაგვალ ქალს რაღაც გვითხრა ერთი ადამიანის შესახებ, რომლის თანმყოფობაც მისთვის ყველაფრის სინთეზს წარმოადგენდა, რასაც შეიძლება ვინმე ესწრაფოდეს ან მოელოდეს ადამიანური თანამგზავრობის ფარგლებში. ეს ქალი მისთვის იმავეს განასახიერებდა, რასაც ჩემთვის ნაგვალი ქალი წარმოადგენდა: პარტნიორს, კოლეგას. ქალმა ნაგვალი მიატოვა, ისევე როგორც მე მიმატოვა ჩემმა ნაგვალმა. დონ ხუანის გრძნობები იმ ქალის მიმართ უცვლელი იყო, ხოლო პოემები, რომელთაც ვუკითხავდი, მასში ამ მელანქოლიის გამოღვიძებას იწვევდა.
ისიც გამახსენდა, რომ სწორედ ნაგვალი ქალი მაწვდიდა წიგნებს პოეზიის შესახებ. კოლექციებს მანქანის საბარგულში ვინახავდი. უეცრად ნაგვალის ფიზიკური მოგონება ჩემთვის იმდენად ცხადი გახდა, რომ ამოვიხვნეშე. ყელში დიდი ბურთი ვიგრძენი. ყველაზე ძვირფასი ადამიანის დაკარგვის მჩაგვრელი შეგრძნება იმაზე მეტად მწარე იყო, რაც კი ოდესმე მიგრძნია. მარჯვენა მხარეს საშინელი ტკივილი ვიგრძენი და მოწყვეტით დავიხარე. კიდევ რაღაც ვიცოდი: ეს იყო მოგონება, რომელსაც სინათლეზე გამოსვლა არ სურდა.
ინტელექტუალიზმის დამცავ ზღვარს მივმართე, როგორც ერთადერთ საშუალებას, რათა სიმშვიდე აღმედგინა. საკუთარ თავს უსასრულოდ ვუმეორებდი, რომ მე და ლა გორდა მთელი ამ დროის მანძილზე სრულიად განსხვავებული სფეროებიდან ვმუშაობდით. მას ბევრად მეტი ახსოვდა, ვიდრე მე, მაგრამ ცნობისმოყვარე არ გახლდათ. სხვებისთვის ან საკუთარი თავისთვის კითხვების დასმას მიჩვეული არ იყო. აზრმა გამიელვა, რომ არაფრით ვიყავი მასზე უკეთესი. ისევ ისეთი დაუდევარი ვიყავი, როგორც ამას დონ ხუანი მეუბნებოდა. მისთვის პოეზიის კითხვა არასოდეს მავიწდყებოდა, მაგრამ ასევე არასოდეს გამჩენია თავში აზრად იმის შემოწმება, რომ ესპანური პოეზიის წიგნი არასოდეს მიყიდია და მანქანითაც არასოდეს მიტარებია.
ლა გორდამ მშვიდად დარჩენის საშუალება არ მომცა. თითქმის ისტერიის ზღვარზე იყო. მან დაიყვირა, რომ ნაგვალი ქალი ჩვენთან ახლოს უნდა ყოფილიყო. იგი ჩვენ გვეძებდა, ისევე როგორც ჩვენ უნდა მოგვეძებნა. მისი მსჯელობის ძალამ თითქმის დამარწმუნა. თუმცა, ჩემში რაღაცამ იცოდა, რომ ასე არ იყო. ფაქტობრივად, სწორედ ეს იყო მოგონება, რომლის გარეთ გამოტანასაც ვერ ვბედავდი.
ლა გორდასთან დებატების დაწყება მინდოდა, მაგრამ ამის მიზეზი არ მქონდა. ჩემი ინტელექტის საზღვარი და სიტყვები არასაკმარისი იყო ნაგვალი ქალის გახსენების შესათვისებლად. ეფექტი შემაძრწუნებელი და იმაზე უფრო დამღუპველი იყო, ვიდრე თავად სიკვდილის შიში.
- ნაგვალი სადღაც მომაკვდავი წევს. - ჩუმად თქვა ლა გორდამ. - იგი ალბათ იზოლირებულია და ჩვენ არაფერს ვაკეთებთ მის დასახმარებლად.
- არა! არა! - ვიყვირე მე. - იგი ჩვენთან აღარ არის.
ჯერ ზუსტად არ ვიცოდი, რატომ ვთქვი მსგავსი რამ, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს სიმართლე იყო. წუთით მელანქოლიის სიღრმეში ჩავიძირეთ, რომლის რაციონალურად გააზრებაც შეუძლებელი იყო. ჩემს სიცოცხლეში პირველად ვიგრძენი ჭეშმარიტი, უკიდეგანო მწუხარება, შემაძრწუნებელი არასრულობის განცდა. ჩემში სადღაც ჭრილობა არსებობდა, რომელიც კვლავ გაიხსნა. წარსულისგან განსხვავებით, ამჯერად თავშესაფარი არ მქონდა, რომელსაც მივეკედლებოდი, როდესაც არცოდნისა და შეუცნობლის საფარველს მიღმა ვიმალებოდი. არცოდნა ჩემთვის დალოცვა იყო. მომენტალურად, სახიფათოდ დავიწყე სასოწარკვეთილების უფსკრულთან მიახლოება. ლა გორდამ შემაჩერა.
- მეომარი ის არის, ვინც თავისუფლებას ეძებს. - ჩამჩურჩულა მან ყურში. - მწუხარება თავისუფლება როდია. ჩვენ მას თავი უნდა დავაღწიოთ.
დონ ხუანის მიხედვით, განჯაჭვულობის შეგრძნება იმას ნიშნავს, რომ სიტუაციების ხელახლა შეფასებისთვის წამიერი პაუზა გქონდეს. ჩემი სევდის სიღრმეში მივხვდი, თუ რას გულისხმობდა იგი სინამდვილეში. განჯაჭვულობას ვგრძნობდი. მთლიანად ჩემზე იყო დამოკიდებული, რათა ეს პაუზა სწორად გამომეყენებინა.
დარწმუნებული არ ვიყავი, იყო თუ არა ამაში ჩემი ნება ჩართული, მაგრამ, უეცრად სევდა გაქრა, თითქოს არც არასდროს უარსებია. ჩემი განწყობის ასეთმა სწრაფმა და საფუძვლიანმა ცვლილებამ შემაშფოთა.
- ახლა შენ სწორედ ის ხარ, ვინც მე. - შესძახა ლა გორდამ, როცა ავუხსენი, რაც დამემართა. - მთელი ამ წლების მანძილზე ჯერ კიდევ ვერ ვისწავლე როგორ გავმკლავებოდი უფორმობას. ერთი გრძნობიდან მეორეში წამიერად გადავვარდებოდი ხოლმე, სრულიად უიმედოდ. ჩემი უფორმობის შედეგად შემეძლო, პატარა დებს დავხმარებოდი, მაგრამ ამავე დროს მათ წყალობაზე ვიყავი დამოკიდებული. ნებისმიერი მათგანი საკმარისად ძლიერი იყო, რათა ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავეგდე.
პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ მე ფორმა შენამდე დავკარგე. თუ ფორმას ერთად დავკარგავდით, ერთმანეთის დახმარებას შევძლებდით. მაგრამ, ვინაიდან ასე არ მოხდა, ისეთი სისწრაფით ვვარდებოდი უკიდურესობებში, ვიდრე ამის დამახოვრების ძალა შემწევდა.
უნდა ვაღიარო, რომ ლა გორდას მტკიცება, თითქოს უფორმო იყო, ყოველთვის სიყალბედ მეჩვენებოდა. ჩემი გაგებით, ადამიანური ფორმის დაკარგვა აუცილებლად გულისხმობდა თანმხლებ მდგომარეობას - კერძოდ, ხასიათის მუდმივობას, რომელიც ლა გორდას ემოციური მერყეობის გამო მიღწევას აზრს უკარგავდა. ამის შედეგად, მას მკაცრად და უსამართლოდ განვსჯიდი. ადამიანური ფორმის დაკარგვის შემდეგ მივხვდი, რომ სხვა თუ არაფერი, ფორმის დაკარგვა დაბალანსებული გონებისთვის და ემოციური სიმყარისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი უფროა, ვიდრე უპირატესობა. ამ მდგომარეობაში არ არსებობს არავითარი ავტომატური ემოციური სიმტკიცე. განჯაჭვულობის ერთ-ერთი უნარი - ყველაფერში თავით გადაეშვა, რასაც აკეთებ - ბუნებრივად ვრცელდება ყოველ ქმედებაზე, მათ შორის არათანმიმდევრულობაზეც და წვრილმან საკითხებზეც. ადამიანური ფორმის დაკარგვის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მცირე პაუზის აღების საშუალებას გვაძლევს, - იმ პირობით, თუ საკმარისი თვითდისციპლინა და გამბედაობა გვაქვს, რათა ამ შანსით სარგებელი მივიღოთ.
ბოლოს და ბოლოს, ლა გორდას წარსული ქცევა ჩემთვის გასაგები გახდა. იგი წლების განმავლობაში უფრომო იყო, მაგრამ არ გააჩნდა აუცილებელი თვითდისციპლინა, რაც უფორმობას სჭირდება. ლა გორდა მკვეთრ ემოციურ ცვალებადობაზე იყო დამოკიდებული, და მის ქმედებებსა და განზრახვებს შორის დაუჯერებელი წინააღმდეგობები შეინიშნებოდა.
ნაგვალი ქალის პირველად გახსენების შემდეგ, მე და ლა გორდამ მთელი ჩვენი ძალა მოვიკრიბეთ და რამდენიმე დღის განმავლობაში ვცდილობდით სხვა მოგონებების გამოღვიძებას, მაგრამ, გასახსენებლად თითქოს აღარაფერი იყო დარჩენილი. თავად იმავე მდგომარეობას დავუბრუნდი, რომელშიც მოგონებების გახსენებამდე ვიყავი: ინტუიციურად ვგრძნობდი, რომ ჩემში კიდევ მრავალი რამ უნდა ყოფილიყო სადღაც სიღრმეში დაფარული, მაგრამ ამ მდგომარეობამდე ვერაფრით ვაღწევდი. ჩემს გონებაში სხვა მოგონებების შესახებ ყველაზე ბუნდოვანი მინიშნებებიც კი აღარ იკვეთებოდა.
მე და ლა გორდამ უდიდესი დაბნეულობისა და ეჭვების პერიოდი გავიარეთ. ჩვენს შემთხვევაში, უფორმობა წარმოუდგენელ უნდობლობას ნიშნავდა. გვეგონა, რომ დონ ხუანის ხელში საცდელი ცხოველები ვიყავით, რომელიც ჩვენთვის თითქოს ნაცნობი იყო, მაგრამ სინამდვილეში მის შესახებ არაფერი ვიცოდით. ერთმანეთს ეჭვებსა და შიშებს ვუნერგავდით. ყველაზე სერიოზული საკითხი, რა თქმა უნდა, ნაგვალი ქალი იყო. როდესაც ყურადღებას მასზე ვამახვილებდით, მისი ხსოვნა იმდენად მკაფიო ხდებოდა, რომ შეუძლებლად მიგვანჩნდა ფაქტი, როდესაც მისი დავიწყება შევძელით. ეს საკითხი ისევ და ისევ წარმოშობდა სხვადასხვა ვარაუდს იმის შესახებ, თუ რა გაგვიკეთა დონ ხუანმა სინამდვილეში. ასეთი მარჩიელობა მარტივად გადაიზრდებოდა შეგრძნებაში, რომ დონ ხუანმა უბრალოდ გამოგვიყენა. ვერაფრით ვთავისუფლდებოდით საშინელი მრისხანებისგან, რადგან ერთადერთი დასკვნის მიხედვით, იგი ჩვენზე მანიპულირებდა, და იმდენად დაუცველი გაგვხადა, რომ საკუთარ თავს ვეღარ ვცდნობდით.
როდესაც მრისხანებისგან ყოველგვარი ძალა ამოგვეწურა, ამჯერად შემზარავი შიში მოგვიახლოვდა, რადგან არსებობდა შესაძლებლობა, რომ დონ ხუანმა კიდევ უფრო საშინელი ზიანი მოგვაყენა.