არწივის ძღვენი

კარლოს კასტანედა
0
0

მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე

ბუნდოვანი მოგონებები სხვა მე-ს შესახებ

თავი მესამე - ბუნდოვანი მოგონებები სხვა მე-ს შესახებ

 - შეგიძლია გვითხრა, რა ხდება? - მკითხა ნესტორმა საღამოს, როდესაც ყველანი ერთად ვიყავით. - თქვენ ორნი, გუშინ სად წახვედით?

 ლა გორდას რეკომენდაცია დამავიწყდა, რომ იმის შესახებ არ უნდა გველაპარაკა, რაც შეგვემთხვა. მეზობელ ქალაქში სტუმრობის შესახებ მოთხრობიდან დავიწყე, სადაც ყველაზე დამაინტრიგებელი სახლი ვიპოვეთ.

 თითქოს ყველა მათგანი უეცარმა კანკალმა შეარყია. მოუსვენრად იყვნენ, ერთმანეთს უყურებდნენ, შემდეგ ლა გორდას გახედეს, თითქოს ელოდნენ, როდის მოუყვებოდა იგი მათ ამის შესახებ. 

 - როგორი სახლი იყო? - იკითხა ნესტორმა.

 სანამ პასუხს გავცემდი, ლა გორდამ გამაწყვეტინა. მან თითქმის საჩქაროდ და არათანმიმდევრულად დაიწყო ლაპარაკი. ჩემთვის აშკარა იყო, რომ იმპროვიზირებდა. გარკვეულ სიტყვებს მაზატეკის ენაზეც იყენებდა. მან შემპარავი მზერა მომაპყრო, რითაც მიმანიშნა, რომ ამის შესახებ არაფერი მეთქვა.

 - ნაგვალო, შენს სიზმარხილვაზე რას იტყვი? - მკითხა ლა გორდამ ისეთი მანერით, თითქოს გამოსავალს მიაგნო. - ჩვენ გვინდა ყველაფერი ვიცოდეთ, რასაც აკეთებ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გვითხრა.

 გვერდით დაიხარა და ყურში რაც შეეძლო შეუმჩნევლად ჩამჩურჩულა, რომ ოახაკაში მომხდარის გამო, მათთვის ჩემი სიზმარხილვის შესახებ უნდა მომეყოლა.

 - რატომ უნდა იყოს ეს თქვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი? - ვთქვი ხმამაღლა.

 - ვფიქრობ, რომ დასასრულთან ძალიან ახლოს ვართ. - თქვა ლა გორდამ საზეიმოდ. - ყველაფერი, რასაც შენ ამბობ ან ჩვენთვის აკეთებ, ახლა საკვანძო მნიშვნელობას ატარებს.

 მათ იმ მოვლენების შესახებ ვუამბე, რომელთაც ჩემს ნამდვილ სიზმარხილვად განვიხილავდი. დონ ხუანმა მითხრა, რომ მცდელობებზე ხაზგასმას აზრი არ ჰქონდა. მისი მიხედვით, თუ ერთ და იმავე ხილვას სამჯერ ვნახავდი, მისთვის განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიმენიჭებინა. სხვა შემთხვევებში, ნეოფიტის ქმედებები მხოლოდ ნაბიჯები იყვნენ მეორე ყურადღების ასაშენებლად. 

 ერთხელ მესიზმრა, რომ ლოგინიდან წამოვხტი, რათა ლოგინში მძინარე საკუთარი თავი მენახა. ვუყურებდი, როგორ მეძინა და ამავდროულად საკუთარ თავზე თვითკონტროლი გამაჩნდა, რათა გამეხსენებინა, რომ ახლა სიზმარხილვაში ვიყავი. შემდეგ იმ მითითებებს მივყევი, რაც დონ ხუანმა მომცა. მისი მიხედვით, მოულოდნელი სიურპრიზები თავიდან უნდა ავიცილოთ და ირგვლივ ყველაფერს სიფრთხილით მივუდგეთ. დონ ხუანმა თქვა, რომ სიზმარმხილველი უვნებელ ექსპერიმენტებში უნდა ჩაერთოს. მძინარე სხეულის გამოკვლევის ნაცვლად, სიზმარმხილველი ოთახიდან გადის. არ ვიცი როგორ, მაგრამ საკუთარი თავი მომენტალურად ოთახის მიღმა აღმოვაჩინე. აბსოლუტურად ნათელი შეგრძნება მქონდა, რომ აქ წამის მეასედში აღმოვჩნდი. ჩემი კარები და არქიტექტურული სტრუქტურები მონუმენტურად მეჩვენებოდა. იმ ღამით სწორედ ამ სტრუქტურების ზომამ შემაშინა, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში სავსებით ჩვეულებრივი იყო. დარბაზის სიგრძე ორმოცდაათი ფუტი იყო, ხოლო კიბეს თექვსმეტი საფეხური ჰქონდა.  ვერ წარმომედგინა, როგორ დამეფარა უზარმაზარი მანძილი, რომელსაც აღვიქვამდი. ვყოყმანობდი, შემდეგ კი რაღაცამ ადგილიდან დამძრა. თუმცა, ფეხით არ დავდიოდი. ნაბიჯებს ვერ ვგრძნობდი. ხელი მოაჯირზე მქონდა დადებული. ჩემს ხელებს და წინამხრებს ვხედავდი, მაგრამ მათ ვერ ვგრძნობდი. რაღაც ძალით ვიყავი მოჭიდებული, რომელსაც ჩემს კუნთებთან საერთო არ ჰქონდა. ნაბიჯის გადადგმა არ შემეძლო. თითქოს ფეხები შედუღებული მქონდა. მათ ვუყურებდი, მაგრამ ვერ ვამოძრავებდი. 

 სიარულისთვის უდიდესი ძალისხმევა დამჭირდა და მძიმე ბურთივით ნელა დავიწყე მოძრაობა. პირველ სართულამდე მისვლას ყურადღების წარმოუდგენელი ხარისხი დასჭირდა. ამას სხვა გზით ვერ აღვწერ. ჩემი ხედვის საზღვრების შესანარჩუნებლად, ყურადღების გარკვეული ფორმა იყო საჭირო, რათა იგი ჩვეულებრივი სიზმარის წარმავალ გამოსახულებამდე დაშლისგან ამეცილებინა. 

 როდესაც სახლიდან გამავალ კარებამდე მივედი, ვერ გავაღე. ამის გაკეთებას უიმედოდ ვცდილობდი, მაგრამ მცდელობა ფუჭი იყო. შემდეგ გამახსენდა, რომ ოთახიდან ისე გამოვედი, თითქოს კარები ღია იყო. მხოლოდ ის დამჭირდა, რომ კარებში გასრიალების გრძნობა გამეხსენებინა და მოულოდნელად ქუჩაში აღმოვჩნდი. თავისებურად ტყვიისფერ-ნაცრისფერი სიბნელეს ვუყურებდი, რომელიც რაიმე ფერის აღქმის საშუალებას არ მაძლევდა. ჩემი ინტერესი მაშინვე მიიპყრო სიკაშკაშის უზარმაზარმა გამოსახულებამ, რაც თვალების სისწორეზე იმყოფებოდა. მივხვდი, რომ ეს ქუჩის განათება იყო, რადგან ვიცოდი, რომ მარჯვენა კუთხეში მიწიდან ოცი ფუტის სიმაღლეზე ერთი მათგანი იდგა. მივხვდი, რომ საჭირო აღქმის მიღება არ შემეძლო. ყველაფერი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. ჩვეულებრივი ცხოვრებისგან განსხვავებით, აღქმის სტრუქტურა არ მქონდა. ყველაფერი წინა პლანზე იყო წამოწეული და არ მსურდა, რომ აღქმულის მიმართ ადეკვატური სტრუქტურა ამეშენებინა. 

 ქუჩაში იქამდე ვიდექი გაოგნებული, სანამ ლევიტაციის განცდა არ გამიჩნდა. ლითონის ბოძს ვეჭიდებოდი, მაგრამ რაღაც ძლიერი ქარი თუ წნევა ჰაერში მწევდა. ბოძზე გავსრიალდი, სანამ ქუჩის სახელი არ დავინახე: ეშტონი. 

 თვეების შემდეგ, როცა ისევ სიზმარში აღმოვჩნდი და ჩემს მძინარე სხეულს ვუყურებდი, უკვე განსახორციელებელ ქმედებათა რეპერტუარი გამაჩნდა. რეგულარული სიზმარხილვების დროს გავიგე, რომ ამ მდგომარეობაში მთავარი მნიშვნელობა განზრახვას აქვს. სხეულს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს უბრალოდ ხსოვნაა, რომელიც სიზმარმხილველის შენელებას ახდენს.  ოთახიდან უყოყმანოდ გავედი, რადგან კარის გასაღებად ან გადაადგილების მიზნით მოძრაობების შესრულება არ მომიწია. სადარბაზო და კიბე აღარ იყო ისეთი უზარმაზარი, როგორც პირველ ჯერზე. ძალიან მარტივად გავსრიალდი და ქუჩაში მოვხვდი. მაშინ მივხვდი, რომ განათებები ჯერ კიდევ ძალიან შემაშფოთებლად გამოიყურებოდა. მათზე ყურადღების გამახვილებისას განუზომელ ფორმას იღებდნენ. ამ სიზმარხილვის სხვა ელემენტები მარტივად კონტროლირებადი იყო. შენობები არაჩვეულებრივად დიდი ზომის მოჩანდა, მაგრამ მათი მახასიათებლები ნაცნობი იყო. ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა. შემდეგ, სრულიად შემთხვევით, მივხვდი, რომ თუ საგნებისთვის დაჟინებით შეხედვის ნაცვლად მათ უბრალოდ თვალს შევავლებდი - როგორც ყოველდღიურ სამყაროში ვაკეთებთ - შედეგად ჩემი აღქმის მოწყობა შემეძლო. ეს ნიშნავს, რომ დონ ხუანის სიტყვების თანახმად, სიზმარხილვას თავისთავად მივიღებდი, რაც ყოველდღიური ცხოვრების აღქმის იდენტურად მიკერძოებისას შემეძლო გამომეყენებინა. რამდენიმე წამში, ჩემს წინ არსებული პეიზაჟი სრულიად ნაცნობი თუ არა, კონტროლირებადი მაინც გახდა.  

 შემდეგ ჯერზე, როდესაც მსგავსი სიზმარი ვნახე, ჩემს საყვარელ ყავის მაღაზიაში მოვხვდი. ჩემი არჩევანის მიზეზი ის იყო, რომ დილის ადრეულ საათებში იქ წასვლას ყოველთვის მიჩვეული ვიყავი. სიზმარხილვაში ჩვეულებრივად დავინახე მიმტანები, რომლებიც ცვლაში მუშაობდნენ. ასევე დავინახე ხალხის რიგი, რომლებიც საკვებს მიირთმევდნენ. ბოლოს დავინახე მამაკაცი, რომელსაც თითქმის ყოველდღე ვხედავდი, როცა უმიზნოდ დადიოდა კამპუსის გარშემო. იგი ერთადერთი იყო, რომელიც მე მიყურებდა. როგორც კი კაფეში შევედი, თითქოს შემიგრძნო. შემობრუნდა და შემომხედა. 

 რამდენიმე დღის შემდეგ, მღვიძარების საათებში ეს ადამიანი დილას კაფეში შემხვდა. მან შემომხედა და თითქოს მიცნო. ძალიან შეშინებული ჩანდა და ისე გაიქცა, რომ საუბრის საშუალება არ მომცა. 

 სიზმარხილვაში იმავე ყავის მაღაზიაში დავბრუნდი და სწორედ მაშინ შეიცვალა ჩემი სიზმარხილვის მიმართულება. როცა რესტორანს ქუჩის მოპირდაპირე მხრიდან ვუყურებდი, სცენა შეიცვალა. ნაცნობ შენობებს ვეღარ ვხედავდი. სამაგიეროდ, პირველყოფილ შენობებს აღვიქვამდი. ღამე აღარ იდგა. ნათელი დღე იყო და აყვავებულ მდელოს ვუყურებდი. ირგვლივ ჭაობიანი, მწვანე, ლერწმისმაგვარი მცენარეები იზრდებოდა. ჩემს გვერდით რვა-ათი ფუტის სიმაღლის კლდის ლოდი იყო წამომართული. მასზე უზარმაზარი, ეშვებიანი ვეფხვი იჯდა. გაქვავებული ვიყავი. ერთმანეთს დიდი ხნის მანძილზე მივჩერებოდით. მხეცის ზომა გასაოცარი იყო, მაგრამ გროტესკული და არაპროპორციული არ გახლდათ. ბრწყინვალე თავი ჰქონდა, მუქი თაფლისფერი, დიდი თვალები, მასიური თათები და უზარმაზარი ნეკნები.  ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მისი ბეწვის ფერმა მოახდინა. ერთიანად მუქი ყავისფერი იყო, თითქმის შოკოლადის ფერი. მისი ფერი მოხალულ ყავას მახსენებდა, თუმცა ბზინავდა. უცნაურად გრძელი ბეწვი ჰქონდა. რბილობი არ გააჩნდა. იგი პუმას, მგლის ან პოლარული დათვის ბეწვს არ ჰგავდა. რაღაცას ჰგავდა, რაც აქამდე არასოდეს მინახავს. 

 იმ დროიდან, ვეფხვის ნახვა ჩემთვის რუტინა გახდა. ზოგჯერ პეიზაჟი მოღრუბლული და გრილი იყო. ხეობაში უხვ წვიმას ვხედავდი. ასევე ხეობაში ხშირად ვუყურებდი სხვა ეშვიან ვეფხვებსაც. მათი უნიკალური ღრიალის ხმაც შემეძლო, რომ მომესმინა - ეს ჩემთვის ყველაზე გულისამრევი ხმა იყო. 

 ვეფხვი არასოდეს შემხებია. ერთმანეთს ათი-თორმეტი ფუტის მანძილიდან ვუყურებდით ხოლმე. თუმცა, შემეძლო მეთქვა, რა სურდა მას. იგი მიჩვენებდა, როგორ მესუნთქა გარკვეული მანერით. სიზმარხილვაში იმ საფეხურამდე მივედი, სადაც ვეფხვის სუნთქვას იმდენად კარგად ვბაძავდი, რომ ერთნი ვხდებოდით. შეგირდებს ვუთხარი, რომ ამ გზით ხელშესახები შედეგი, ჩემი სხეულის დაკუნთულ ფორმად გადაქცევაში მდგომარეობდა. 

 ჩემი ანგარიშის მოსმენის შემდეგ, ნესტორი გაკვირვებული იყო, თუ რამდენად განსხვავდებოდა ჩემი და მათი სიზმრები ერთმანეთისგან. მათ განსაკუთრებული სიზმრისეული ამოცანები ჰქონდათ. ნესტორის დავალებას ადამიანის სხეულში ყველანაირი ტკივილის განკურნების პოვნა წარმოადგენდა. ბენიგნოს ამოცანა წინასწარმეტყველება გახლდათ, რათა ნებისმიერი სიტუაციისთვის, რაც ადამიანს აშფოთებდა, განჭვრეტა და გამოსავალი ეპოვა. პაბლიტოს ამოცანა სამშენებლო გზების მოძებნა იყო. ნესტორმა თქვა, რომ სწორედ ამ მიზეზების გამო იყო იგი ჩართული სამკურნალო მცენარეებში, ბენიგნოს ორაკული ჰქონდა, ხოლო ნესტორი დურგალი გახლდათ. მან დაამატა, რომ აქამდე მხოლოდ სიზმარხილვის ზედაპირი გახეხეს და მოსაყოლიც არაფერი ჰქონდათ. 

 - შეიძლება ფიქრობდე, რომ ბევრი რამ გავაკეთეთ. - განაგრძო მან. - მაგრამ, ნამდვილად არ გაგვიკეთებია. ხენარომ და ნაგვალმა ჩვენთვის და ამ ოთხი ქალისთვის ყველაფერი გააკეთა. ჩვენ თვითონ კი ჯერ არაფერი გაგვიკეთებია.  

 - მეჩვენება, რომ ნაგვალმა შენ სხვა გზით დაგაყენა. - თქვა ბენიგნომ, რომელიც ძალიან ნელა და გაცნობიერებულად ლაპარაკობდა. - შენ ვეფხვი უნდა ყოფილიყავი და ამად აუცილებლად გადაიქცევი. იგივე დაემართა ნაგვალს. იგი წარსულში ყვავი იყო და ამ ცხოვრებაშიც ყვავად გადაიქცა.

 - პრობლემა ის არის, რომ ასეთი ვეფხვი აღარ არსებობს. - თქვა ნესტორმა. - არასოდეს გვსმენია, რა ხდება ამ შემთხვევაში. 

 - მე ვიცი, რაც ხდება. - თქვა ლა გორდამ. - მახსოვს, რომ ნაგვალი ხუან მატუსი ამას მოჩვენების სიზმარხილვას ეძახდა. მისი თქმით არცერთ ჩვენგანს მოჩვენების სიზმარხილვები არასოდეს ჰქონია, რადგან ჩვენ სასტიკები და დესტრუქციულები არ ვართ. ასეთი სიზმარხილვები არც თავად მას ჰქონია ოდესმე. მან თქვა, რომ ვინც ამას აკეთებს, ბედისწერის მიერ მოჩვენებებისა და მოკავშირეების მხრიდან დახმარების მიღებისთვის არიან აღბეჭდილნი. 

 - გორდა, ეს რას ნიშნავს? - ვიკითხე.

 - ეს ნიშნავს, რომ შენ ჩვენი მსგავსი არ ხარ. - მიპასუხა მან სევდიანად. 

 ლა გორდა ძალიან აჟიტირებული ჩანდა. იგი წამოდგა და ოთახში რამდენიმეჯერ გაიარ-გამოიარა, სანამ ისევ ჩემს გვერდით არ დაჯდა. 

 დუმილი ჩამოწვა. ჟოზეფინამ რაღაც გაუგებრად ჩაიბურტყუნა. რატომღაც ისიც ძალიან ანერვიულებული ჩანდა. ლა გორდამ იგი დაამშვიდა, ჩაეხუტა და ზურგზე მოეფერა. 

 - ჟოზეფინას შენთვის რაღაც აქვს სათქმელი ელიჰიოს შესახებ. - მითხრა ლა გორდამ. 

 სიტყვის უთქმელად, ყველა ჟოზეფინას მიაჩერდა. თვალებში კითხვისნიშანი ედგათ. 

 - მიუხედავად იმისა, რომ ელიჰიო დედამიწიდან გაქრა, იგი ჯერაც ერთ-ერთი ჩვენგანია. - განაგრძო ლა გორდამ. - ჟოზეფინა მას ყოველთვის ელაპარაკება. 

 დანარჩენები ძალიან ყურადღებით უსმენდნენ. ერთმანეთს უყურებდნენ და მეც გამომხედავდნენ ხოლმე. 

 - ისინი ერთმანეთს სიზმარხილვაში ხვდებიან. - თქვა ლა გორდამ დრამატულად. 

 ჟოზეფინამ ღრმად ჩაისუნთქა. ნერვიულობის უმაღლეს საფეხურს განასახიერებდა. მისი სხეული კრუნჩხვებში იყო ჩავარდნილი. პაბლიტომ იგი იატაკზე დააწვინა და დიაფრაგმაზე ძლიერად დაუწყო ჩასუნთქვა, რითაც მასთან ერთად უნისონში სუნთქვას აიძულებდა. 

 - რას აკეთებს? - ვკითხე ლა გორდას. 

 - რას უნდა აკეთებდეს?! ვერ ხედავ? - მოჭრით მიპასუხა. 

 მას ჩავჩურჩულე, რომ ვიცოდი, პაბლიტო ამით ჟოზეფინას მოდუნებას ცდილობდა, მაგრამ ეს პროცედურა ჩემთვის სიახლე იყო. მან თქვა, რომ პაბლიტო ჟოზეფინას ამით ენერგიას აძლევდა, რომელსაც მის საშვილოსნოში გზავნიდა, რადგან ქალები სწორედ იქ ინახავდნენ თავიანთ ენერგიას. 

 ჟოზეფინა წამოდგა და გამიღიმა. ძალიან მშვიდად გამოიყურებოდა. 

 - ელიჰიოს ყოველთვის ვხვდები. - თქვა მან. - იგი ყოველ დღე მელოდება.

 - ეს აქამდე როგორ არ გვითხარი? - ჰკითხა პაბლიტომ გაღიზიანებული ტონით. 

 - მან მითხრა. - ლა გორდა ჩაერთო და გრძელ ახსნას მოჰყვა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავდა ჩვენთვის, რომ ელიჰიო ხელმისაწვდომი იყო. მან დაამატა, რომ ელიჰიოს სიტყვების ჩვენთვის გადმოსაცემად საჭირო ნიშანს ელოდა. 

 - ამით ყურებს ნუ გამოგვიჭედავ, ქალო! - დაიღრიალა პაბლიტომ. - მისი სიტყვები გვითხარი. 

 - ისინი შენთვის არ არიან! - საპასუხოდ უღრიალა ლა გორდამ. 

 - მაშინ, ვისთვის არიან? - იკითხა პაბლიტომ. 

 - ისინი ნაგვალისთვის არიან. - იყვირა ლა გორდამ.

 მან ხმის აწევისთვის მოიბოდიშა. ლა გორდამ გვითხრა, რომ ის, რაც ელიჰიომ თქვა, ძალიან კომპლექსური და მისტიური იყო, რომლიდანაც ვერც თავს გავიგებდით და ვერც ბოლოს. 

 - მას მხოლოდ ვუსმენდი. ესაა ყველაფერი, რისი გაკეთებაც შემეძლო. 

 - იმას გულისხმობ, რომ ელიჰიოს შენც ხვდები? - იკითხა პაბლიტომ ტონით, რომელიც სიბრაზისა და ინტერესის ნაზავი იყო. 

 - მეც ვხვდები. - თქვა ლა გორდამ თითქმის ჩურჩულით.

 მან ჩემზე მიუთითა და ორივე ხელი მკრა. მომენტალურად ბალანსი დავკარგე და დავეცი. 

 - ეს რა არის? რას უკეთებ მას? - იკითხა პაბლიტომ ძალიან გაბრაზებულმა. - 

 ლა გორდასკენ შევბრუნდი. მან ტუჩებით გარკვეული მოძრაობა გააკეთა, რითაც მიმანიშნა, რომ გავჩუმებულიყავი. 

- ელიჰიო ამბობს, რომ შენ ნაგვალი ხარ, მაგრამ ჩვენთვის არა. - მითხრა ჟოზეფინამ. 

 ოთახში მკვდარი სიჩუმე ჩამოწვა. არ ვიცოდი, ჟოზეფინას განცხადებიდან რა დასკვნა გამომეტანა. უნდა დავლოდებოდი, სანამ ვინმე დაილაპარაკებდა. 

 - თავს უკეთ გრძნობ? - მკითხა ლა გორდამ. 

 ყველას ვუთხარი, რომ ამასთან დაკავშირებით არანაირი მოსაზრება არ გამაჩნდა. დაბნეულ ბავშვებს ჰგავდნენ. 

 ნესტორი წამოდგა და ლა გორდას პირდაპირ დადგა. მაზატეკის ენაზე რაღაც ფრაზა წარმოთქვა. ბრძანების თუ საყვედურის მსგავსი ხმა ჰქონდა. 

 - ყველაფერი გვითხარი, რაც იცი. - განაგრძო მან ესპანურად. - ჩვენთან თამაშის უფლება არ გაქვს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი დაგვიმალო და მხოლოდ შენთვის შეინახო. 

 ლა გორდამ სასტიკად გააპროტესტა. მან აგვიხსნა, რომ ამის თქმისგან თავს იკავებდა, რადგან სწორედ ელიჰიომ მოუწოდა ამგვარად მოქცევისაკენ. ჟოზეფინა თავის დაქნევით დაეთანხმა. 

 - ეს ყველაფერი მან შენ გითხრა თუ ჟოზეფინას? - იკითხა პაბლიტომ. 

 - ჩვენ ერთად ვიყავით. - ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა ლა გორდამ. 

 - იმას გულისხმობ, რომ შენ და ჟოზეფინა სიზმარხილვას ერთად ნახულობთ? - პაბლიტოს სუნთქვა შეეკრა. 

 მის ხმაში გამოთქმული გაკვირვება დანარჩენებზე შოკისმიერი ტალღასავით გავრცელდა. 

 - ზუსტად რა გითხრა ელიჰიომ? - იკითხა ნესტორმა, როცა მათი შოკისმიერი განცდა ცოტათი ჩაცხრა.  

 - მან თქვა, რომ ნაგვალს თავისი მარცხენა მხარის გახსენებაში უნდა დავეხმარო. - თქვა ლა გორდამ. 

 - იცი რაზე ლაპარაკობს? - მკითხა ნესტორმა. 

 იმის შანსი არ არსებობდა, რომ რამენაირად მცოდნოდა. მათ ვუთხარი, რომ ამაზე პასუხი თავად უნდა გაეცათ, მაგრამ არც ერთს არ გამოუთქვამს თავიანთი ვარაუდი. 

 - მან ჟოზეფინას სხვა რაღაცებიც უთხრა, რაც მას აღარ ახსოვს. - თქვა ლა გორდამ. - ამიტომ, ახლა გაჭედილები ვართ. ელიჰიომ თქვა, რომ შენ ნამდვილად ნაგვალი ხარ და უნდა დაგვეხმარო, მაგრამ ჩვენთვის არ ხარ. მხოლოდ შენი მარცხენა მხარის გახსენებით შეგიძლია იქ წაგვიყვანო, სადაც ჩვენ უნდა წავიდეთ. 

 ნესტორი ჟოზეფინას მშობლისმიერი მანერით დაელაპარაკა და იმის გახსენებისკენ მოუწოდა, რაც ელიჰიომ უთხრა, იმის ნაცვლად, რომ ჩემთვის დაჟინებით მოეთხოვათ ისეთი რაღაცის გახსენება, რაც გარკვეული სახის კოდი უნდა ყოფილიყო, რომლიდანაც აზრი ვერავის გამოჰქონდა. 

 ჟოზეფინა შეიჭმუხნა და წარბები შეკრა მძიმე ზეწოლის გამო, რომელსაც მასზე ახორციელებდნენ. 

- არ შემიძლია. - თქვა მან ბოლოს. - მე ვიცი, იგი რაზე ლაპარაკობს, როცა უშუალოდ ჩემთან საუბრობს, მაგრამ ახლა ამის თქმა არ შემიძლია. უბრალოდ, თავში არაფერი მომდის. 

 - რამე სიტყვა არ გახსოვს? - ჰკითხა ნესტორმა. - თუნდაც მხოლოდ ერთი სიტყვა. 

 ჟოზეფინამ ენა გამოყო, თავი აქეთ-იქით გააქნია და ყვირილი დაიწყო.  

 - არა. არ შემიძლია. - თქვა მან ცოტა ხნის შემდეგ.

 - რა სახის სიზმარხილვას ახორციელებ, ჟოზეფინა? - ვკითხე მას.

 - მხოლოდ იმას, რაც ვიცი. - ამოხეთქა მან. 

 - მე გითხარი, როგორ ვაკეთებ საკუთარს. ახლა მითხარი, შენსას როგორ აკეთებ. - განვაგრძე მე.

 - თვალებს ვხუჭავ და ამ კედელს ვხედავ. - თქვა ჟოზეფინამ. - ნისლის კედელს ჰგავს. ელიჰიო იქ მელოდება. მას ნისლის გავლით მასში შევყავარ და რაღაცებს მიჩვენებს. არ ვიცი რას ვაკეთებთ, მაგრამ რაღაცებს ერთად ვაკეთებთ. შემდეგ კედლის მეორე მხარეს მაბრუნებს და უკან მიშვებს. ბოლოს ვიღვიძებ და მავიწყდება, რაც ვნახე. 

 - ლა გორდასთან ერთად როგორ წახვედი? - ვკითხე ისევ.

 - ელიჰიომ მითხრა, რომ მასთან მიმეყვანა. ორივე ჩვენგანი ლა გორდას ველოდით. როცა იგი თავის სიზმარხილვაში შევიდა, გამოვქაჩეთ და კედლის მიღმა შევიყვანეთ. ეს სულ ორჯერ ვქენით. 

 - როგორ გამოქაჩეთ? 

 - არ ვიცი! - მიპასუხა ჟოზეფინამ. - მაგრამ, დაველოდები სანამ შენს სიზმარხილვაში შეხვალ, შემდეგ გამოგქაჩავ და გეცოდინება. 

 - ნებისმიერის გამოქაჩვა შეგიძლია? 

 - რა თქმა უნდა. - თქვა მან ღიმილით. - მაგრამ, ამას არ ვაკეთებ, რადგან ფუჭია. ლა გორდა მხოლოდ იმიტომ გამოვქაჩე, რომ ელიჰიოს მისთვის რაღაცის თქმა სურდა, ვინაიდან ლა გორდას არსება უფრო მსუბუქია, ვიდრე ჩემი. 

 - მაშინ ელიჰიოს შენთვის იგივე რაღაც უნდა ეთქვა, გორდა. - უთხრა ნესტორმა ისეთი სიმტკიცით, რომელიც ჩემთვის სრულიად უცხო იყო. 

 ლა გორდამ უჩვეულო ჟესტი გააკეთა: თავი დახარა, პირი დააღო, მხრები აიჩეჩა და ხელები თავს ზემოთ აღმართა. 

 - ჟოზეფინამ უკვე გითხრათ, რა მოხდა. - გამორიცხულია, რომ რამე მახსოვდეს. ელიჰიო განსხვავებული სიჩქარით ლაპარაკობს. იგი საუბრობს, მაგრამ ჩემს სხეულს მისი არ ესმის. არა. არა. ჩემს სხეულს გახსენება არ შეუძლია. სულ ესაა. მახსოვს, როცა მან თქვა, რომ ნაგვალი გაიხსენებდა და იქ წაგვიყვანდა, სადაც უნდა წავსულიყავით. მას მეტის თქმა არ შეეძლო, რადგან სათქმელი ძალიან ბევრი იყო, ხოლო დრო ძალიან ცოტა. მან თქვა, რომ ვიღაც - არ მახსოვს ვინ - მე მელოდება. 

 - სულ ესაა, რაც მან თქვა? - დაჟინებით ჰკითხა ნესტორმა.

 - მეორედ, როცა მას შევხვდი, ელჰიომ თქვა, რომ ადრე თუ გვიან ყველა ჩვენგანმა უნდა გავიხსენოთ ჩვენი მარცხენა მხარე. მაგრამ, პირველ რიგში მან უნდა გაიხსენოს.

 ლა გორდამ ჩემზე მიუთითა და ისევ ხელი მკრა, როგორც ეს ცოტა ხნის წინ გააკეთა. მისმა ძალამ გასროლილი ბურთივით გამტყორცნა. 

 - ამას რატომ აკეთებ? - ვკითხე მას ცოტათი გაღიზიანებულმა. 

 - ვცდილობ, გახსენებაში დაგეხმარო. - თქვა მან. - ნაგვალმა ხუან მატუსმა მითხრა, რომ დროდადრო უნდა გიბიძგო, რათა შეგარყიო.

 იგი მკვეთრი მოძრაობით ჩამეხუტა. 

 - დაგვეხმარე, ნაგვალო. - მითხრა ვედრებით. - ჩვენ მკვდარზე უარესები ვიქნებით, თუ ამას არ იზამ. 

 ცრემლების ზღვარზე ვიყავი: არა მათი დილემის გამო, არამედ იმიტომ, რომ ჩემში რაღაც შეინძრა. ეს იყო რაღაც, რაც იმ ქალაქში ვიზიტიდან მოყოლებული გარეთ გამოღწევას ლამობდა. 

 ლა გორდას ვედრებამ გული გამიტეხა. შემდეგ მეორე შეტევა მქონდა, რომელიც ჰიპერვინტილაციის პრობლემას ჰგავდა. ცივმა ოფლმა დამასხა და მოცლის არე ცუდად გამიხდა. ლა გორდა აბსოლუტური სითბოთი მივლიდა. 

 

 აღმოჩენის გაცხადებამდე ლოდინის პრაქტიკის დაცვის გამო, ლა გორდა ოახაკაში ჩვენი “ერთად ხედვის” განხილვას არ აპირებდა. დღეების მანძილზე ამ თემისგან თავს შორს იკავებდა და მიზანმიმართულად არ ავლენდა არავითარ ინტერესს. იგი ჩემი ავად გახდომის შემთხვევასაც კი არ განიხილავდა. სხვა გოგონებიც მას ჰბაძავდნენ. დონ ხუანი ამბობდა, რომ ყველაზე შესაბამის მომენტამდე ლოდინი საჭირო იყო, რათა იმისგან განვთავისუფლებულიყავით, რასაც ვებღაუჭებოდით. ლა გორდას მოქმედების მექანიზმი მესმოდა. თუმცა, მის მიერ ლოდინის დაჟინება მაღიზიანებდა და ჩვენი საჭიროებებისგან აცდენილად აღვიქვამდი. მათთან დიდხანს ვერ დავრჩებოდი, ამიტომ მოვითხოვე, რომ ყველა ჩვენგანი შევკრებილიყავით და ერთმანეთისთვის ყველაფერი გაგვეზიარებინა, რაც ვიცოდით. ლა გორდა ისევ ჯიუტობდა. 

 - ჩვენ უნდა დაველოდოთ. - თქვა მან. - ჩვენს სხეულებს შანსი უნდა მივცეთ, რომ გამოსავალი იპოვოს. ჩვენი დავალება გახსენებას წარმოადგენს, მაგრამ არა ჩვენი გონებით, არამედ სხეულით. ეს ყველას ამ გზით ესმის. 

 ლა გორდამ ცნობისმოყვარეობით შემომხედა. როგორც ჩანს, რაღაც ნიშანს ელოდა, რომელიც ეტყოდა, რომ დავალება გავიგე. ვაღიარე, რომ საფუძვლიანად გაურკვეველ მდგომარეობაში ვიყავი. ვინაიდან აუტსაიდერი ვიყავი, თავს მარტოსულად ვგრძნობდი, მაშინ როცა მათ მხარდაჭერისთვის ერთმანეთი ჰყავდათ. 

 - ეს არის მეომრების მდუმარება. - თქვა მან სიცილით, შემდეგ კი შემრიგებლური ტონით დაამატა - ეს მდუმარება არ ნიშნავს, რომ სხვა რამეზე ლაპარაკი არ შეგვიძლია. 

 - იქნებ ადამიანური ფორმის დაკარგვის შესახებ ჩვენს ძველ დიალოგს დავუბრუნდეთ. - ვთქვი მე. 

 თვალებში გაღიზიანება დაეტყო. ვრცლად ავუხსენი, რომ როდესაც საკითხში გაურკვეველი ცნებები იყო ჩართული, ჩემთვის მათი მნიშვნელობა გამუდმებით უნდა ყოფილიყო დაზუსტებული. 

 - კონკრეტულად რისი ცოდნა გსურს? - მკითხა მან.

 - ყველაფრის, რისი თქმაც გინდა. 

 - ნაგვალმა მითხრა, რომ ადამიანური ფორმის დაკარგვას თავისუფლება მოაქვს. - თქვა მან. - მე ამის მჯერა. ეს თავისუფლება ჯერ არ მიგრძნია. ჯერ არა. 

 დუმილი ჩამოწვა. აშკარად ჩემს რეაქციას აკვირდებოდა. 

 - რა სახის თავისუფლებაა ეს, გორდა?

 - თავისუფლება, რომ საკუთარი თავი გახსოვდეს. ნაგვალმა თქვა, რომ ადამიანური ფორმის დაკარგვა სპირალის მსგავსია. იგი გახსენების თავისუფლებას გაძლევს, რაც კიდევ უფრო თავისუფალს გხდის. 

 - რატომ არ იგრძენი ასეთი თავისუფლება აქამდე?

 მხრები აიჩეჩა. როგორც ჩანს, დაბნეული იყო ან ჩვენი საუბრის გაგრძელება არ სურდა. 

 - მე შენზე ვარ მობმული. - თქვა მან. - სანამ ადამიანურ ფორმას არ დაკარგავ, არ მეცოდინება, რა არის ეს თავისუფლება. მაგრამ, ადამიანურ ფორმას იქამდე ვერ დაკარგავ, სანამ არ გაიხსენებ. ამაზე არ უნდა ვილაპარაკოთ. რატომ არ მიდიხარ ხენაროებთან სასაუბროდ?

 ისე მელაპარაკებოდა, თითქოს დედა სათამაშოდ აგზავნიდა თავის შვილს, მაგრამ ეს სულაც არ მაწუხებდა. სხვისგან შემეძლო, იგივე დამოკიდებულება დამენახა, როგორც ქედმაღლობა ან ზიზღი. მაგრამ ლა გორდასთან ერთად ყოფნა მომწონდა. ეს იყო განსხვავება. 

 

 პაბლიტო, ნესტორი და ბენიგნო ხენაროს სახლში ვიპოვე, სადაც უცნაურ თამაშს თამაშობდნენ. ნესტორმა მითხრა, რომ თამაში პაბლიტომ აღმოაჩინა თავის სიზმარხილვაში, რომელიც შემდგომში სიზმარხილვის მეშვეობით ბენიგნონ დახვეწა. 

 - ბენიგნო ფიქრობს, რომ ეს ჩვენს სხეულებს გახსენებაში ეხმარება. - თქვა მან. - მაგალითად, ლა გორდა უცნაურად თამაშობს. იგი ყოველ ჯერზე იმარჯვებს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პოზიციაზე იქნება. ბენიგნოს აზრით, ეს იმიტომ ხდება, რომ მის სხეულს ახსოვს.

 ვკითხე, ისინიც ხომ არ იცავდნენ დუმილის წესს. სიცილი დაიწყეს. პაბლიტომ თქვა, რომ ლა გორდას ყველაფერზე მეტად სურდა, რომ ნაგვალი ხუან მატუსის მსგავსი ყოფილიყო, რის გამოც იგი მას შეგნებულად ჰბაძავდა ყველაზე აბსურდულ დეტალებამდეც.

 - იმას გულისხმობ, რომ გუშინდლის შესახებ საუბარი შეგვიძლია? - ვიკითხე თითქმის დაბნეულმა, რადგან ლა გორდა ასეთი ძალით ეწინააღმდეგებოდა ამაზე საუბარს. 

 - ჩვენ არ გვაინტერესებს. - თქვა პაბლიტომ. - შენ ნაგვალი ხარ. 

 - ბენიგნოს რაღაც მართლა ძალიან, ძალიან უცნაური გაახსენდა. - თქვა ნესტორმა ისე, რომ ჩემთვის არ შემოუხედავს. 

 - ვფიქრობ, რომ ეს შერეული სიზმარხილვა იყო. - თქვა ბენიგნომ. - მაგრამ, ნესტორი ფიქრობს, რომ ასე არაა. 

 მოუთმენლად ველოდი. თავის მოძრაობით მათ გაგრძელებისკენ მოვუწოდე. 

 - მას გაახსენდა, როგორ ასწავლე მტვერში კვალის პოვნა. - თქვა ნესტორმა. 

 - ნამდვილად სიზმარი უნდა ყოფილიყო. - ვთქვი მე. 

 ამის აბსურდულობაზე სიცილი მინდოდა, მაგრამ სამივემ ვედრების თვალებით შემომხედა.

 - ეს აბსურდია. - ვუთხარი მათ.

 - ყოველ შემთხვევაში, ჯობია ახლავე გითხრა, რომ მსგავსი რამ მეც გამახსენდა. - მითხრა ნესტორმა. - შენ კლდესთან მიმიყვანე და მასწავლე, როგორ უნდა იმალებოდეს ადამიანი. ეს შერეული სიზმარხილვა არ იყო. მეღვიძა. ერთ დღეს ბენიგნოსთან ერთად ვიყავი გასული, მცენარეებს ვაგროვებდი, შემდეგ გამახსენდა რაც მასწავლე, ამიტომ დავიმალე და ბენიგნო გულის წასვლამდე შევაშინე. 

 - დამალვა გასწავლე? როგორ არის ასეთი რამ შესაძლებელი? 

 ნერვიულობა დამეწყო. ეტყობოდათ, რომ არ ხუმრობდნენ. 

 - როდის? მთელი საქმეც ამაშია. - თქვა ნესტორმა. - ჩვენ ვერ გავარკვიეთ, როდის. მაგრამ მე და ბენიგნომ ვიცით, რომ ეს შენ იყავი. 

 სიმძიმეს ვგრძნობდი. ჩაგრულობის შეგრძნება მქონდა. სუნთქვა გამიჭირდა. შემეშინდა, რომ ისევ ავად გავხდებოდი. სწორედ მაშინ გადავწყვიტე იმის შესახებ მეთქვა, რაც მე და ლა გორდამ ვნახეთ ერთად. ამაზე საუბარმა დამამშვიდა. ჩემი მონათხრობის ბოლოს საკუთარ თავს ისევ ვაკონტროლებდი. 

 - ნაგვალმა ხუან მატუსმა ცოტათი ღია დაგვტოვა. - თქვა ნესტორმა. - ყველა ჩვენგანი ცოტათი ხედავს. ჩვენ ვხედავთ ხვრელებს ადამიანებში, რომელთაც შვილი ჰყავთ, ასევე დროდადრო ადამიანებში სინათლესაც აღვიქვამთ. ვინაიდან შენ საერთოდ ვერ ხედავ, ეს ნიშნავს, რომ ნაგვალმა მთლიანად დაგხურა, რათა შიგნიდან მთლიანად გახსნილიყავი. ახლა შენ ლა გორდას დაეხმარე და იგი ან შიგნიდან ხედავს, ან შენზეა მობმული. 

 მათ ვუთხარი, რომ ის, რაც ოახაკაში მოხდა, შესაძლოა შემთხვევითობა ყოფილიყო. 

 პაბლიტომ იფიქრა, რომ ხენაროს საყვარელ კლდეზე წავსულიყავით. დანარჩენმა ორმა ეს აზრი შესანიშნავად მიიჩნია. არანაირი წინააღმდეგობ არ მქონია. მიუხედავად იმისა, რომ იქ დიდხანს ვიჯექით, არაფერი მომხდარა. თუმცა, ძალიან დავმშვიდდით. 

 სანამ ჯერ კიდევ კლდეზე ვისხედით, მათ იმ ორი ადამიანის შესახებ ვუამბე, რომელიც ლა გორდას დონ ხუანი და დონ ხენარო ეგონა. ისინი კლდიდან ჩამოცურდნენ და ლა გორდას სახლში წამათრიეს. ნესტორი ყველაზე აჟიტირებული იყო. არათანმიმდევრულად საუბრობდა. მათგან მხოლოდ ის აზრი გამოვიტანე, რომ ისინი ამ სახის ნიშანს ელოდნენ. 

 კარებთან ლა გორდა გველოდა. მან უკვე იცოდა, რაც ხენაროებს ვუთხარი.

 - უბრალოდ მინდოდა, რომ ჩემი სხეულისთვის დრო მიმეცა. - თქვა მან, სანამ რაიმეს ვიტყოდით. - უკანასკნელ წვეთამდე დარწმუნებული უნდა ვყოფილიყავი, როგორიც ვარ კიდეც. ჩვენ ნაგვალი და ხენარო ვნახეთ. 

 - იმ ქოხებში რაღაა? - იკითხა ნესტორმა. 

- ქოხებში არ შესულან. - თქვა ლა გორდამ. - გაშლილი მინდვრებისკენ წავიდნენ. აღმოსავლეთისკენ. ამ ქალაქის მიმართულებით. 

 როგორც ჩანს, ლა გორდა მათ დამშვიდებას ცდილობდა. ხენაროებს დარჩენა სთხოვა, მაგრამ არ სურდათ და თავის მართლების შემდეგ წავიდნენ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ლა გორდას თანდასწრებით თავს ზედმეტად მსუბუქად გრძნობდნენ. 

 ლა გორდა ძალიან გაბრაზებული იყო. მისი ტემპერამენტის აფეთქებები მსიამოვნებდა და ეს ჩემი ჩვეული რეაქციებისგან სრულიად საპირისპირო გახლდათ. ყველას თანდასწრებით მღელვარებას ვგრძნობდი, ვინც უხასიათობას გამოხატავდა, მაგრამ ლა გორდა უცნაური გამონაკლისი იყო. 

 საღამოს ყველანი ლა გორდას ოთახში შევიკრიბეთ. ყველა მათგანი ჩაფიქრებული ჩანდა. ჩუმად ისხდნენ და იატაკს უყურებდნენ. ლა გორდა ცდილობდა, რომ საუბარი წამოეწყო. მან თქვა, რომ უსაქმურად არ ყოფილა და გარკვეული გადაწყვეტილებები მოიფიქრა. 

 - ეს უსაქმურობის საკითხი არაა. - თქვა ნესტორმა. - ეს სხეულით გახსენების საქმეა. 

 ეტყობოდათ, რომ ამის შესახებ ერთმანეთში უკვე ილაპარაკეს. სხვები ნესტორს ეთანხმებოდნენ, ხოლო მე და ლა გორდა აუტსაიდერები ვიყავით. 

 - რაღაც ლიდიასაც გაახსენდა. - განაგრძო ნესტორმა. - მას ეგონა, რომ ეს მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო, მაგრამ ჩემს მიერ გახსენებულის მოსმენის შემდეგ, მან მითხრა, რომ ნაგვალმა იგი მკურნალთან მიიყვანა და იქ დატოვა, რათა მისი თვალები განეკურნა. 

 მე და ლა გორდა ლიდიასკენ შევბრუნდით. მან დარცხვენილად დახარა თავი, თითქოს შერცხვენილი იყო. რაღაცას ბურტყუნებდა. რაღაცის გახსენება მისთვის ძალიან მტკივნეული იყო. მან თქვა, რომ როდესაც დონ ხუანმა პირველად იპოვა, მისი თვალები ინფიცირებული იყო და ვერ ხედავდა. ვიღაცამ იგი შორ მანძილზე მკურნალთან წაიყვანა, რის შემდეგაც თვალები განეკურნა. 

 იგი ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ ეს დონ ხუანმა გააკეთა, მაგრამ ჩემი ხმის გაგებისას მიხვდა, რომ მკურნალთან სწორედ მე მივიყვანე. ასეთი მოგონების გახსენებამ იგი აგონიაში ჩააგდო პირველივე დღიდან, როცა მე შემხვდა.  

 - ჩემი ყურები არ მატყუებენ. - თქვა ლიდიამ გრძელი დუმილის შემდეგ. - ეს შენ იყავი, ვინც იქ მიმიყვანა.

 - შეუძლებელია! შეუძლებელია! - ვყვიროდი გაბმულად. 

 ჩემმა სხეულმა უკონტროლო კანკალი დაიწყო. ორმაგობის განცდა მქონდა. იმას, რასაც რაციონალურ “მე”-ს ვუწოდებ, ჩემი დანარჩენი ნაწილის კონტროლი აღარ შეეძლო და მაყურებლის ადგილი დაიკავა. ჩემი რაღაც ნაწილი აკვირდებოდა, როგორ ვკანკალებდი მთელი სხეულით. 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff