კარლოს კასტანედა - სიზმარხილვის ხელოვნება

კარლოს კასტანედა
5
1

  კარლოს კასტანედა   სიზმარხილვის ხელოვნება   მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე   (ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ გვერდზე)

თავი 10 - არენდატორი

არენდატორი

სიზმარხილვის პრაქტიკის ის ტიპი, რომელსაც მიჩვეული ვიყავი, დასრულდა. როდესაც დონ ხუანს კიდევ ერთხელ შევხვდი, მან ჩემი ხელმძღვანელობა თავისი პარტიის ორ წევრს, ფლორინდასა და ზულეიკას დაავალა. ისინი მასთან ყველაზე დაახლოებული მიმდევრები იყვნენ. მათი ინსტრუქციები არა მხოლოდ სიზმარხილვის კარიბჭეებს ეხებოდა, არამედ ენერგეტიკული სხეულის გამოყენების სხვადასხვა გზებსაც. ჩემთვის ყველაფერ ამას დიდი მნიშვნელოდა ჰქონდა, მით უფრო, რომ ჩვენი ურთიერთობა დიდხანს არ გაგარძელებულა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მათ ჩემი გამოცდა უფრო უნდოდათ ვიდრე რაიმეს სწავლება.

-უკვე აღარაფერი დარჩა ისეთი სიზმარხილვაში რისი სწავლებაც შენთვის შემიძლია - მიპასუხა დონ ხუანმა როცა საქმის ვითარებაზე შევეკითხე.

-ჩემი დრო ამ დედამიწაზე ამოიწურა, მაგრამ ფლორინდა რჩება. ის ახლა ერთადერთია, ვინც არა მხოლოდ შენ, არამედ ყველა ჩემს დანარჩენ მოსწავლეს წარმართავს.

-მე სიზმარხილვის პრაქტიკას მასთან გავაგრძელებ?

-ეს არც მე ვიცი და არც მან. ეს ყველაფერი სულზეა დამოკიდებული. ნამდვილი მოთამაშე ისაა. ჩვენ ჩვენი ნებით არ ვთამაშობთ, ჩვენ უბრალო პაიკები ვართ მის ხელში. სულის წინასწარმეტყველების მიხედვით, მე უნდა გითხრა რას წარმოადგენს სიზმრის მეოთხე კარიბჭე, თუმცა შენს წარმართვას მე უკვე ვეღარ შევძლებ.

-თუ ასეა, არ მესმის რა მნიშვნელობა აქვს ჩემი ინტერესის გაღვიძებას?

-სული ამას არც შენ გადაგაწყვეტინებს და არც მე. მე ვალდებული ვარ სიზმარხილვის მეოთხე კარიბჭე აგიხსნა, მომწონს ეს თუ არა.

დონ ხუანმა ამისხნა, რომ სიზმრის მეოთხე კარიბჭის ენერგეტიკული სხეული განსაკუთრებულ კონკრეტულ ადგილებში მოგზაურობს და რომ მეოთხე კარიბჭის გამოყენების სამი საშუალება არსებობს. პირველი - ამ სამყაროს გარკვეულ ადგილებში მოგზაურობა, მეორე -ამ სამყაროს მიღმა, გარკვეულ ადგილებში მოგზაურობა და მესამე - იმ ადგილებში მოგზაურობა, რომელიც მხოლოდ სხვის წარმოსახვაში არსებობს. მან ისიც დაამატა, რომ უკანასკნელი მოგზაურობა ყველაზე უფრო გრძელი და სახიფათოა, და მეტიც - ეს ძველი ჯადოქრების მიდრეკილება იყო.

-და რა უნდა ვუყო ამ ცოდნას შენი აზრით? - ვკითხე მე.

-ამ წუთას არაფერი, უბრალოდ დაელოდე დროს, როცა ეს ცოდნა დაგჭირდება.

-შენ იმის თქმა გინდა, რომ მე მეოთხე კარიბჭეს ჩემით, დამოუკიდებლად გადავლახავ? ყოველგვარი დახმარების გარეშე?

-სულზეა დამოკიდებული, შეძლებ თუ არა ამას.

მან მკვეთრად შეცვალა თემა და მე მომეჩვენა, რომ ვერც მეოთხე კარიბჭეს მივაღწევდი და ვერც გადავლახავდი მას.

შემდეგ დონ ხუანმა უკანასკნელი შეხვედრა დამითქვა, რომ როგორც მან თქვა, ჩემთვის ჯადოსნური გაცილება მოეწყო - ჩემი სიზმარხილვის პრაქტიკის დასკვნითი ეტაპი. მან მითხრა, რომ სამხრეთ მექსიკის პატარა ქალაქში შევხვდებოდით, სადაც ის და მისი პარტიის ჯადოქრები ცხოვრობდნენ. მე იქ შუადღის მერე ჩავედი. მე და დონ ხუანი მისი სახლის წინ მოუხერხებელ, სქელი ბალიშებით დაფარულ, დაწნულ სკამებზე ვიჯექით. დონ ხუანი თვალს მიკრავდა და იცინოდა. ეს სკამები მისი პარტიის ერთ-ერთი მეომარი ქალის საჩუქარი იყო და ჩვენ უბრალოდ ისე უნდა ვმჯდარიყავით, თითქოს არაფერი გვაწუხებდა, განსაკუთრებით მას. სკამები არიზონის შტატ ფენიქსში იყო ნაყიდი და დიდი წინააღმდეგობების გადალახვით გამოგზავნილი მექსიკაში.

დონ ხუანმა მთხოვა დილან ტომასის ლექსი წამეკითხა რომელიც მისი აზრით ჩემს ახლანდელ მდგომარეობას ძალიან უხდებოდა.

I have longed to move away
From the hissing of the spent lie
And the old terrors' continual cry
Growing more terrible as the day
Goes over the hill into the deep sea;
I have longed to move away
From the repetition of salutes,
For there are ghosts in the air
And ghostly echoes on paper,
And the thunder of calls and notes.

I have longed to move away but am afraid;
Some life, yet unspent, might explode
Out of the old lie burning on the ground,
And, crackling into the air, leave me half-blind.
Neither by night's ancient fear,
The parting of hat from hair,
Pursed lips at the receiver,
Shall I fall to death's feather.
By these I would not care to die,
Half convention and half li

დონ ხუანი ადგა და მითხრა, რომ ქალაქის ცენტრში მოედანზე გასეირნებას აპირებდა. მან გაყოლა შემომთავაზა. მე მაშინვე გადავწყვიტე, რომ ლექსმა მისი განწყობა უფრო დაამძიმა და მას გულის გადაყოლება სჭირდებოდა.

მოედანზე ისე მივედით, ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია. რამდენიმეჯერ უხმოდ შემოვუარეთ მას. მაღაზიებთან ახლოს, რომლებიც პარკის დასავლეთ და ჩრდილოეთ მხარეს იყო მოქცეული, რამდენიმე გამვლელს მოეყარა თავი. ყოველი ქუჩა, რომელიც პარკს გარს ერტყა, ძლივს მიიკლაკნებოდა. მათ ორივე მხარეს ერთსართულიანი აგურის მასიური, კრამიტის შესასვლელიანი, თეთრკედლებიანი და ცისფრად და ყავისფრად კარებშეღებილი სახლები აეშენებინათ. გვერდითა ქუჩაზე, სასტუმროდან ერთი კვარტლის დაშორებით, ქალაქის ერთადერთი სასტუმრო თითქმის მუქარით გადაჰყურებდა უზარმაზარი კოლონიალური ეკლესიის კედლებს, რომელიც მაროკოულ მეჩეთს უფრო გავდა.

ქალაქის ცენტრში კი ორი სრულიად ერთნაირი რესტორანი ერთმანეთის გვერდიგვერდ გაურკვეველი მიზეზით წარმატებით თანაარსებობდა. იქ კერძებიც და ფასებიც თითქოს ერთნაირი იყო.

მე ბოლოს დუმილი დავარღვიე და დონ ხუანს ვკითხე, მასაც უცნაურად ხომ არ ეჩვენებოდა ამ ორი რესტორნის ასეთი მშვიდი თანაარსებობა.

-ამ ქალაქში ყველაფერი შესაძლებელია -თქვა მან

რაღაცამ მის ხმაში, ჩემში ძლიერი დისკომფორტი გამოიწვია.

-ასე რატომ ნერვიულობ? - მკითხა მან სერიოზულად - რამე იცი და არ მეუბნები?

- რატომ ვნერვიულობ? სასაცილოა. შენს გვერდით ყოველთვის ვნერვიულობ დონ ხუან. ხან იმაზე მეტადაც, ვიდრე სხვები.

მომეჩვენა, რომ ის ძალიან ცდილობდა არ გაეცინა.

- ნაგვალები ნამდვილად არ არიან დედამიწაზე ყველაზე მეგობრული ხალხი - თითქოს ბოდიშის მოხდით მითხრა მან - მე ეს, არც თუ ისე იოლად, ჩემს მასწავლებელთან ურთიერთობამ მასწავლა - საშინელ ნაგვალ ხულიანთან. მეჩვენებოდა, მხოლოდ მისი დანახვაზე მზე მიბნელდებოდა. ხანდახან, როცა მიყურებდა, მეჩვენებოდა, რომ ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა.

- უეჭველად შენც ასეთ გავლენას ახდენ ჩემზე!

მან გულიანად გაიცინა.

-არა, არა, აშკარად აჭარბებ. მასთან შედარებით მე ანგელოზი ვარ.

-შეიძლება მასთან შედარებით ანგელოზი კი ხარ, მაგრამ მე შედარების საშუალება არ მაქვს.

მან გაიცინა, მაგრამ მერე ისევ დასერიოზულდა.

-თავადაც არ ვიცი რატომ, მაგრამ მეშინია - ავუხსენი მე.

-შენ თვლი, რომ შიშის მიზეზი გაქვს? - მკითხა მან , შეჩერდა და შემომხედა.

მისმა ხმის ტონმა და იმან, თუ როგორ ასწია წარბები, შთაბეჭდილება შემიქმნა, თითქოს ის ეჭვობდა, რომ რაღაცას ვუმალავდი. აშკარა იყო, რომ ის ჩემს გამოტეხვას ცდილობდა.

- შენი სიჯიუტე მაკვირვებს -მითხრა მან.

- მგონი ეს შენ მალავ სახელოში კარტს და არა მე.

- რაღაც მართლა მაქვს სახელოში - გაეცინა მას და დამეთანხმა - მაგრამ საქმე ამაში არ არის. საქმე იმაშია, რომ ამ ქალაქში არის რაღაც, რაც შენ გელოდება. შენ ჯერ კიდევ ვერ ხვდები რა. ან ხვდები და ვერ ბედავ მითრხა, ანდა სულაც არაფერი არ იცი ამის შესახებ.

- რა მელის აქ?

პასუხის ნაცვლად დონ ხუანმა ისევ ჩუმად განაგრძო სეირნობა. ჩვენ მოედნის შემოვლა გავაგრძელეთ. რამდენიმეჯერ შემოვუარეთ მოედანს, თან ვეძებდით სად დავმსხდარიყავით. მალე რამდენიმე ქალი ადგა სკამიდან და წავიდა.

- მე წლების განმავლობაში გიყვებოდი უძველესი ჯადოქრების შეცდომებზე ძველ მექსიკაში - მითხრა დონ ხუანმა, სკამზე დაჯდა და ხელით მანიშნა გვერდით დავმჯდარიყავი.

იმ ადამიანის მონდომებით, რომელიც ამას პირველად ყვება, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ის, რაც უკვე მრავალჯერ ჰქონდა ნათქვამი, რომ იმ ჯადოქრებს მხოლოდ პირადი ინტერესები მართავდა. მათ მთელი ძალისხმევა იმ მეთოდების სრულყოფას დაუთმეს, რომლებსაც სიფხიზლისა და მენტალური წონასწორობიდან სულ უფრო და უფრო შორს მიჰყავდათ და ბოლოსდაბოლოს, ისინი განადგურდნენ, როდესაც მათი მეთოდებისა და სწავლების რთული კონსტრუქციები ისე გაიზარდა, რომ მათ ამ კონსტრუქციების შეკავება აღარ შეეძლოთ.

რა თქმა უნდა, უძველესი ჯადოქრები ცხოვრობდნენ და მრავლდებოდნენ ამ ადგილებში - თქვა მან და ჩემს რეაქციას დააკვირდა - აქ ამ ქალაქში. ეს ქალაქი სინამდვილეში მათი ერთ-ერთი ქალაქის ნანაგრევებზე ააშენეს. აქ, სწორედ ამ ადგილას ასხამდნენ ხორცს ძველი ჯადოქრები თავიანთ ხელოვნებას.

-შენ ეს დანამდვილებით იცი, დონ ხუან?

-ძალიან მალე შენც ასევე დანამდვილებით გეცოდინება.

ჩემმა გაზრდილმა მოუსვენრობამ მაიძულა ის გამეკეთებინა, რასაც ვერ ვიტანდი: ფოკუსირება საკუთარ თავზე. დონ ხუანმა ეს შეამჩნია და ცეცხლზე ნავთი დამისხა.

- მალე გავიგებთ რომელი უფრო მოგწონს, ძველი ჯადოქრები თუ თანამედროვე.

- რა სიამოვნებას იღებ, ამ უცნაური და საშინელი საუბრებით რომ მაშინებ? - ვუპასუხე მე.

დონ ხუანთან 13 წლიანმა ურთიერთობამ მასწავლა, რომ პანიკას თან ყოველთვის სერიოზული სიტუაციის წარმოქმნა სდევდა.

დონ ხუანი თითქოს ყოყმანობდა. შევამჩნიე, როგორ ჩუმად უყურებდა ეკლესიას. ის დაბნეულიც კი ჩანდა. როცა მივმართე მიპასუხა, რომ ჩემი სიტყვები ვერ გაიგონა. მე კითხვა გავუმეორე:

- ვინმეს ელოდები?

- კი - მიპასუხა მან -ეჭვი არ შეგეპაროს ველოდები, შენ მე გარემოს ენერგეტიკული სხეულით სკანირებაზე დამიჭირე.

- რა იგრძენი დონ ხუან?

- ჩემი ენერგეტიკული სხეული გრძნობს, რომ ყველაფერი თავის ადგილასაა. პიესა საღამოს დაიწყება. შენ მთავარი გმირი ხარ, მე კი სახასიათო მსახიობი, პატარა, უმნიშვნელო როლით. მე პირველ აქტში გამოვალ.

- რას გულისხმობ?

მან არ მიპასუხა და ისეთი სახე მიიღო, რომ რაღაც იცოდა და თქმა არ სურდა.

- მე ნიადაგს ვამზადებ - თქვა მან - მე ასე ვთქვათ, ცოტას გაგახარებ. აგიხსნი, რომ თანამედროვე ჯადოქრებმა სერიოზული გაკვეთილი მიიღეს, ისინი მიხვდნენ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულიად მოკვეთილნი იქნებოდნენ, მათ შეეძლოთ მიეღოთ ენერგია და გათავისუფლებულიყვნენ. ეს განდგომის განასაკუთრებული სახეა, რომელიც შიშისა და სიზმრისგან კი არა, არამედ დარწმუნებულობის გრძნობიდან ჩნდება.

დონ ხუანი დადუმდა, ხელები ჯერ წინ გაშალა, მერე კი ზურგისკენ წაიღო.

- შენც ასე გააკეთე - მირჩმია მან - ეს შებოჭილობას მოგიხსნის, შენ კი მომზადებული უნდა იყო იმის წინაშე, რასთან შეხვედრაც მოგიწევს.
მან ფართედ გაიღიმა.

- ამ საღამოს შენთან ან სრული განდგომა, ან აბსოლუტური ინდულგირება მოვა. ეს ის არჩევანია, რომელიც შენი თაობის ყველა ნაგვალმა უნდა გააკეთოს.
ის დაჯდა და ღრმად ჩაისუნთქა, რაც მან მითხრა, ჩანს, ამან მთელი მისი ენერგია წაიღო.

- მე ვფიქრობ, რომ შემიძლია გავიგო განდგომაც და ინდულგირებაც - განაგრძო მან - მე ვხედავდი ჩემს ბენეფაქტორს ნაგვალ ხულიანსა და მის მასწავლებელს, ნაგვალ ელიასს შორის სხვაობას. ნაგვალი ელიასი იმ დონემდე განდგომილი იყო, რომ ძალის საჩუქრებზე უარი თქვა. ნაგვალი ხულიანიც განდგომილი იყო, მაგრამ არა იმდენად, რომ ასეთ საჩუქარზე უარი ეთქვა.

- რასაც ამბობ იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ - შევნიშნე მე - მე ვიტყოდი, რომ ამ საღამოს რაღაც გამოცდისათვის მამზადებ, მართალია?

- მე არ მაქვს უფლება რაიმე გამოცდა მოგიწყო, მაგრამ სულს აქვს - მითხრა მან და ღიმილით დაამატა - მე მხოლოდ მისი გამცილებელი ვარ.

- რას მიპირებს სული დონ ხუან?

- მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დღეს შენ სიზმარხილვის კიდევ ერთ გაკვეთილს მიიღებ, მაგრამ ჩემგან არა. ამ საღამოს ვიღაცა სხვა აპირებს შენი გიდი და მასწავლებლობა იყოს.

- და ვინ არის ის?

- ის, ვინც შეიძლება სრული მოულოდნელობა აღმოჩნდეს შენთვის, ანდა შეიძლება სულაც არ იყოს მოულოდნელი.

- სიზმარხილვის რა ტიპის გაკვეთილს მივიღებ?

- ეს სიზმარხილვის მეორე კარიბჭის გაკვეთლია და ის ორი ნაწილისგან შედგება. პირველს მე მალე თავად აგიხსნი, მეორეს კი ვერავინ აგიხსნის, რადგან ეს ისეთი რამაა, რაც პირადად შენ გეხება. ჩემი თაობის ყველა ჯადოქარი იღებდა ამ ორნაწილიან გაკვეთილს, მაგრამ ყველა განსხვავებული იყო. ეს გაკვეთილები ყოველთვის შეესაბამებოდა თითოეული ნაგვალის პიროვნულ თავისებურებებს.

- შენი ახსნა არაფერში მეხმარება დონ ხუან, უბრალოდ, უფრო ვნერვიულობ.

ჩვენ დიდხანს ვდუმდით. მე შეშინებული ვიყავი და დამშვიდება არ შემეძლო. არც ის ვიცოდი რა მეთქვა, რომ ამას საცოდავად არ გაეჟღერა.

- როგორც შენ უკვე იცი, თანამედროვე ჯადოქრების თავისებურება - უშუალოდ აღიქვან ენერგია - ეს პირადი მიღწევის საფრთხეა -თქვა დონ ხუანმა ,- შემკრები წერტილის მართვას თვითდისციპლინით ვახერხებთ. უძველესი ჯადოქრებისთვის ეს გადაადგილებები სხვებისთვის, კერძოდ კი მათი მასწავლებლებისთვის მსახურების შედეგს წარმოადგენდა. ისინი ამ გადაადგილებებს რაღაც ბნელი საშუალებებით ახერხებდნენ და თავიანთ მოსწავლეებს როგორც ძალის საჩუქარს ისე წარუდგენდნენ.

- ჩვენთვის რაღაცის გაკეთებას მხოლოდ ის შეძლებს, ვისაც ჩვენზე მეტი ენერგია აქვს - აგრძელებდა ის. - მაგალითად, ნაგვალ ხულიანს, თავის სურვილისამებრ, შეეძლო გადავექციე რადაც უნდოდა, ეშმაკიდან - წმინდანამდე, მაგრამ ის უმნაკო ნაგვალი იყო და უფლებას მაძლევდა იმად დავრჩენლიყავი, ვინც ვიყავი. უძველესი ჯადოქრები კი უმანკონი არ იყვნენ და შეუწყვეტელი ძალისხმევით სხვებზე კონტროლს აღწევდნენ. ქმნიდნენ სიბნელითა და საშინელებით სავსე სიტუაციებს, რომელიც მოსწავლიდან მოსწავლეს გადაეცემოდა.

ის ადგა და გარშემო ყურადღებით მიმოიხედა.

- როგორც ხედავ, ეს ქალაქი დიდი არ არის, მაგრამ ჩემი თაობის ჯადოქრებისთვის ამას განსაკუთრებული ხიბლი აქვს. აქაა იმის სათავე, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ და ისიც, რად ყოფნაც ჩვენ არ გვინდა. ჩემი დრო იწურება და გარკვეული აზრები უნდა გადმოგცე, გარკვეული ამბები მოგიყვე და გარკვეულ არსებებთან კონტაქტზე გაგიყვანო ისე, როგორც ეს ჩემმა ბენეფაქქტორმა გააკეთა.

დონ ხუანმა მითხრა, რომ როგორც მე ეს უკვე კარგად ვიცოდი, ყველაფერი რასაც ის წარმოადგენს და რაც იცის, მისი მასწავლებლის, ნაგვალ ხულიანისაგან მიღებული მემკვიდრეობაა. თავის მხრივ კი, მან ეს ყველაფერი მისი მასწავლებლისგან, ნაგვალ ელიასისგან მიიღო. ელიასმა კი - ნაგვალ როზენდოსგან, მან - ნაგვალ ლუხანისგან, ლუხანმა - ნაგვალ სანტისტებანისგან, სანტისტებანმა კი - ნაგვალ სებასტიანისგან.

მან ახლა უკვე ოფიციალური ტონით გამიმეორა ის რაც არაერთხელ აუხსნია, რომ ნაგვალ სებასტიანამდე 8 ნაგვალი იყო, მაგრამ ისინი სულ სხვანაირი ნაგვალები იყვნენ. ისინი სხვანაირად უდგებოდნენ მაგიას, სხვანაირად ესმოდათ ის, თუმცა კი, ისევ იმ ჯადოქართა კალაპოტში რჩებოდნენ.

- ახლა შენ უნდა გაიხსენო და გამიმეორო ყველაფერი, რაც მე ნაგვალ სებასტიანზე მოგიყევი - მომთხოვა მან .

მისი თხოვნა უცნაურად მომეჩვენა, მაგრამ მე მაინც გავიმეორე ყველაფერი ის, რაც ვიცოდი მისგან და მისი მეგობრებისგან ნაგვალ სებასტიანსა და მითოლოგიურ უძველეს ჯადოქარზე, რომელმაც ბრძოლაში სიკვილი გამოიწვია და ყველასთვის ცნობილი გახდა როგორც „არენდატორი“.

- შენ უკვე კარგად იცი, რომ „სიკვდილთან მებრძოლი“ ყოველ თაობაში ძალის საჩუქრებს გვაძლევს - თქვა დონ ხუანმა - და სწორედ ამ საჩუქრის ბუნება გახდა ის ფაქტორი, რამაც ჯადოქრების ჩვენს თაობას მთლად შეუცვალა მიმართულება.

მან ამიხსნა, რომ არენდატორი, რომელიც ძველი სკოლის ჯადოქარი იყო, თავისი შემკრები წერტილის ყველა რთულ გადანაცვლებას თავის მასწავლებლებთან დაეუფლა, რადგან უცნაური სიცოცხლისა და ცნობიერებისთვის 1000 წელი ეს ის დროა, რომელიც ყველაფრის სრულყოფილებისთვისაა საკმარისი. ახლა მან იცის, როგორ მიაღწიოს და დაიჭიროს (შეაჩეროს) ასობით თუ არა, ათასობით პოზიცია შემკრები წერტილის გადანაცვლებისა. მისი საჩუქრები ერთდროულად შემკრები წერტილის განსაკუთრებული მდგომარეობაცაა, გადაადგილების გეგმაცაა და სახელმძღვანელოც, თუ როგორ გავაჩეროთ ის არჩეულ პოზიციაზე, რათა შესაბამის მდგომარეობას მივაღწიოთ.

ეს დონ ხუანის არტისტულობის პიკი იყო. მე ის უფრო დრამატული არც არასოდეს მინახავს. ასე კარგად რომ არ მცნობებოდა, დავიფიცებდი, რომ მისი ხმის ინტონაციებიდან გამომდინარე, ის შიშს ან მოუსვენრობას მოეცვა. მისი ჟესტები ისეთ შთაბეჭდილებას მიტოვებდა, თითქოს მსახიობი იყო, რომელიც ნერვიულობდა და შფოთავდა.

დონ ხუანმა ყურადღებით შემომხედა, თითქოს საიდუმლოს აღიარებას აპირებდა. მაცნობა, რომ მაგალითად ნაგვალმა ლუხანმა არენდატორისგან საჩუქრად 50-მდე პოზიცია მიიღო. ის რიტმულად აქნევდა თავს, თითქოს უსიტყვოდ მთხოვდა, ყურადღება მიმექცია იმისთვის, რასაც მეუბნებოდა. მე ვდუმი.

- 50 პოზიცია! - დრამატულად წამოიძახა მან - საჩუქარი, ერთი ან ორი პოზიციის სახითაც, უკვე საკმარისზე მეტი იქნებოდა.

მან დაბნეულად აიჩეჩა მხრები.

- მე როგორც მომიყვნენ, არენდატორს ძალიან უყვარდა ნაგვალი ლუხანი - განაგრძობდა ის - ისინი ძალინ ახლო მეგობრები იყვნენ, თითქმის განუყრელნი. ჩემთვის უთქვამთ, რომ ნაგვალი ლუხანი და არენდატორი ხშირად დადიოდნენ ეკლესიაში, განსაკუთრებით დიდი მსახურებაზე.

- პირდაპირ აქ, ამ ქალაქში? - გაკვირვებულმა ვკითხე მე.

- სწორედ აქ - მიპასუხა მან - ალბათ, ას წელზე მეტია გასული მას შემდეგ, რაც ისინი სწორედ ამ ადგილას ისხდნენ, მაგრამ სხვა სკამზე.

- ნაგვალი ლუხანი და არენდატორი მართლა ამ მოედანზე სეირნობდნენ? - ვკითხე მე ისე, რომ გაკვირვებას ვერ ვმალავდი.

- რა თქმა უნდა! - წამოიძახა მან - მე იმიტომ წამოგიყვანე აქ ამ საღამოს, რომ ლექსმა რომელიც შენ წამიკითხე, მიბიძგა, რომ შენი და არენდატორის შეხვედრა უკვე მოახლოვდა.

სუნთქვა შემეკრა. პანიკა ცეცხლივით მომედო სხეულზე.

- ჩვენ ძველი ჯადოქრების უცნაურ მიღწევებს განვიხილავთ - აგრძელებდა დონ ხუანი - მაგრამ ყოველთვის ძნელია ახსნილის გაცნობიერება, როცა საკუთარი ცოდნა არ გაქვს. მე შემიძლია საშინელ სამსჯავრომდეც კი ისევ და ისევ გავიმეორო ის, რაც ჩემთვის სავსებით ნათელია, მაგრამ შენი რწმენისა და შემეცნებისთვის მაინც მიუწყვდომელი დარჩება, რადგან შენ ამისი პრაქტიკული ცოდნა არ გაგაჩნია.

ის ადგა და თავიდან ფეხებამდე შემათვალიერეა.

- წავიდეთ ტაძარში - მითხრა მან - არენდატორს ეკლესია და მისი შემოგარენი უყვარს, მე დარწმუნებული ვარ ახლა სწორედ ის დროა, რომ იქ წავიდეთ.

რაც მე დონ ხუანს ვიცნობდი, ასე მხოლოდ რამდენიმეჯერ შემეშინდა. მე გავქვავდი. როგორც იყო წამოვდექი, მთელი ჩემი სხეული თრთოდა, თუმცა მაინც მდუმარედ გავყევი ტაძარში. მუხლები მიკანკალებდა და ფეხები ყოველ ნაბიჯზე მეკეცებოდა, იმ დროისათვის როცა მოედნიდან ერთ კვარტალზე ვიყავით და ეკლესიისკენ მიმავალ კირის საფეხურებს მივუახლოვდით, გულის წასვლას აღარაფერი მიკლდა. დონ ხუანმა მხრებზე ხელი მომხვია რომ არ წავქცეულიყავი.

- არენდატორი აქ არის - მითხრა მან ისე, თითქოს ძველ მეგობარზე მეუბნებოდა.

მე იქით გავიხედე, სადაც მან მანიშნა და გალერეის ბოლოს 5 ქალისა 3 მამკაცისაგან შემდგარი ჯგუფი დავინახე. ერთი შეხედვით, ეს ხალხი არაფრით გამოირჩეოდა. იმის თქმაც კი გამიჭირდებოდა, შემოდიოდნენ თუ გადიოდნენ ტაძრიდან, თუმცა იმას კი მივხვდი, რომ ერთ ჯგუფს არ შეადგენდნენ და აქ ერთად შემთხვევით იყვნენ.
ამ დროს მე და დონ ხუანი პატარა კართან მივედით, რომელიც ეკლესიის დიდ, მასიურ ხის კარში იყო გამოჭრილი. იქ სამი ქალი შემოვიდა, სამი კაცი და ორი ქალი კი მიდიოდნენ. მე დაბნეულად შევხედე დონ ხუანს და შემდეგ მინიშნებას დაველოდე.

მან ნიკაპით მანიშნა ნაკურთხი წყლის თასზე.

- წესი უნდა დავიცვათ და პირჯვარი გადავიწეროთ - ჩამჩურჩულა მან.

- სადაა არენდატორი? - ჩურჩულითვე ვკითხე მე.

დონ ხუანმა თითის წვერები ნაკურთხი წყლით დაისველა და პირჯვარი გადაიწერა და მბრძანებლური ჟესტით მეც იგივე მაიძულა.

- არენდატორი ერთ-ერთი იმ მამაკაცთაგანი იყო რომლებიც გავიდნენ - ჩავჩურჩულე ყურში.

- არა - მიპასუხა ჩურჩულით -არენდატორი ერთ-ერთია იმ სამი ქალიდან, რომლბიც დარჩნენ. ის იქაა, უკან.

ამ დროს ქალი უკანა რიგიდან ჩემსკენ მოტრიალდა, გამიღიმა და თავი დამიქნია.

ერთი ნახტომით კართან გავჩნდი და გარეთ გავვარდი. დონ ხუანიც უკან მომყვა. ის ძალიან სწრაფად დამეწია და ხელი მტაცა მკლავზე.

- საით გაგიწევია? მკითხა მან

სიცილისაგან მთელი სხეული უცახცახებდა.

ხელით მაგრად ვეჭირე, ვიდრე მე ხარბად ვისუნთქავდი ჰაერს და თითქმის ვიხრჩობოდი. სიცილის შეტევები ოკეანის ტალღებივით უვლიდა, მე გვერდით გავიწიე და მოედნის მიმართულებით გავიქეცი. ის უკან გამომყვა.

- ვერასოდეს წარმოვიდენდი, რომ ეს ასე გამოგიყვანდა მდგომარეობიდან - მითხრა მან და ისევ ახარხარდა .

- რატომ არ მითხარი, რომ არენდატორი ქალია?

- ეს ჯადოქარია - სიკვდილთან მებრძოლი - საზეიმოდ თქვა მან - ჯადოქრისთვის, რომელიც ასე დახელოვნებულია შემკრები წერტილის გადაადგილებაში, ქალად ან მამაკაცად ყოფნა არჩევანისა და მოხერხებულობის საქმეა. ეს სიზმარხილვის ის პირველი გაკვეთილია, რომელზეც მე მოგითხრობდი და სიკვდილთან მებრძოლი სწორედ ის იდუმალი დამსწრეა, რომელიც აპირებს ამ კარიბჭეში გაგატაროს. სიცილისაგან ხველა აუტყდა და გვერდებზე იტაცა ხელი. მე გავშრი, მერე კი სიბრაზემ წამომიარა. ეს არ იყო ბრაზი დონ ხუანის, საკუთარი თავის ან სხვა ვინმეს მიმართ. ჩემს გულს ავსებდა და ყელში მაწვებოდა რაღაცნაირი, ცივი ბრაზი, რომელიც სადაცაა გამგლეჯდა.

- მოდი ეკლესიაში დავბრუნდეთ - ვიყვირე ისე, რომ საკუთარი ხმა ვერ ვიცანი.

- ახლავე, ახლავე - მიპასუხა მან წყნარად - ნუ ჩქარობ ცეცხლში შევარდნას. დაფიქრდი, დამშვიდდი, აწონ-დაწონე, ჩამოყალიბდი, ცხოვრებაში ჯერ ასეთი ამოცანის წინაშე არ მდგარხარ. ახლა შენ სიმშვიდე გჭირდება.

- მე ვერ გეტყვი, რა უნდა გააკეთო - განაგრძობდა ის - როგორც ყველა ნაგვალი, მეც ამოცანის წინაშე დაგაყენებ, წინასწარ კი მხოლოდ ირიბ მინიშნებას მოგცემ ზოგიერთ რამეზე, რომელიც ამ საკითხს ეხება. ეს ნაგვალების კიდევ ერთი ხერხია: ილაპარაკონ ყველაფერზე და ამავე დროს არაფერი არ თქვან, ან გკითხონ ისე, თითქოს არ გეკითხებიან.

მინდოდა ამ ყველაფრისთვის მალე მომეღო ბოლო , მაგრამ დონ ხუანმა დამარწმუნა, რომ დიდი პაუზა უფრო დამარწმუნებდა საკუთარ თავში. მუხლები მეკეცებოდა, დონ ხუანმა მზრუნველად დამსვა და თვითონაც გვერდით მომიჯდა.

- გაკვეთილის პირველი ნაწილი მოიცავს იმას, რომ ქალად ან მამაკაცად დაბადება არ გულისხმობს საბოლოო მდგომარეობას, არამედ ეს შემკრები წერტილის მდებარეობის შედეგია - თქვა მან - ეს ნების დაძაბვისა და ხანგრლივი ვარჯიშის შედეგად მიიღწევა. რადგან ეს თემა ძველი ჯადოქრების გულთანაც ახლოს იყო - მხოლოდ მათ შეუძლიათ ამას ნათელი მოჰფინონ.

მე კი ალბათ იმიტომაც, რომ სხვა აღარაფერი დამრჩენოდა, დონ ხუანს შევეწინააღმდგე.

- არ შემიძლია დავიჯერო და ვირწმუნო, რასაც მეუბნები - ვუთხარი და ვიგრძენი როგორ მომაწვა სისხლი სახეზე.

- არ ვიცი ეს როგორ მივიღო.

- ის არსება ეკლესიაში რეალურად ქალია - მარწმუნებდა ის - რატომ გაღელვებს ეს ასე? ის ფაქტი, რომ ის მამაკაცად დაიბადა მხოლოდ უძველესი ჯადოქრების ხელოვნების სიძლიერეს უსვამს ხაზს. ეს არ უნდა გაოცებდეს, შენ ხომ თავად ხარ მაგიის ყველა პრინციპის ხორცშესხმის ნათელი მაგალითი.

დაძაბულობისაგან კინაღამ გავსკდი. დონ ხუანმა კი საყვედურით შენიშნა, რომ ჩხუბი მიყვარდა. ძლივს ვიკავებდი მოთმინებას, მაგრამ მაინც განსაკუთრებული პათოსით ავუხსენი ქალისა და მამაკაცის ორგანიზმებს შორის ბიოლოგიური განსხვავების საფუძვლები.

- მე ეს ყველაფერი მესმის - მიპასუხა მან - და შენ ამაში მართალი ხარ, მაგრამ ცდები იმაში, რომ ცდილობ შენი შეფასებები უნივერსალური გახადო.

- ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ძირითადი მახასიათებელი პრინციპებია - ვიყვირე მე - და ისინი შეესაბამებიან ადამიანს აქაც და დედამიწის სხვა ნებისმიერ კუთხეშიც.

- მართალია, მართალი - თქვა მან მშვიდად - ყველაფერი რასაც შენ ამბობ სწორეა, როცა შემკრები წერტილი მისთვის ჩვეულ ადგილასაა, მაგრამ როცა ის გარკვეულ საზღვრებში გადაადგილდება და ჩვენი ჩვეული სამყარო უკვე აღარ არსებობს, არც ერთი პრინციპი, რომელსაც შენ ახლა იცავ, აღარავითარ მნიშნელობას აღარ წარმოადგენს.

შენ ცდები, რადგან გავიწყდება, რომ სიკვდილთან მებრძოლი ამ ზღვარს ასჯერ და ათასჯერ გადავიდა. არ არის საჭირო გენიოსობა იმის მისახვედრად, რომ არენდატორი არ არის იმ ძალით შებოჭილი, რომელიც ჯერ კიდევ გბოჭავს შენ.

მე ავუხსენი, რომ ჩემი უნდობლობა, თუ ამას უნდობლობა შეიძლება ეწოდოს, პირადად მას არ ეხებდა, არამედ იმით იყო გამოწვეული, რომ მაგიის პრაქტიკული მხარე, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ ამ დრომდე იმდენად შორეული ჩანდა, რომ მე მას არასოდეს განვიხილავდი როგორც რეალურ შესაძლებლობას. მე გავიმეორე, რომ საკუთარი გამოცდილებით მე ნამდვილად დავრწმუნდი, რომ სწორედ სიზმარხილვაშია ყველაფერი შესაძლებელი. თანაც შევახსენე, რომ სწორედ მან ჩამინერგა ეს იდეა - შინაგანი დიალოგის შეჩერების პარალელურად. მაგრამ ის, რაც მან არენდატორზე მოყვა, არანაირ ჩარჩოში არ ჯდებოდა. ეს სავსებით ნორმალური იქნებოდ სიზმარხილვის სხეულისთვის, მაგრამ ჩვეულებრივ კავშირში არანაირ კავშირში არ იყო , მე კიდევ გავიმეორე, რომ მსგავსი ვერსია ბუნების საწინააღმდეგო და აქდან გამომდინარე ჩემთვის მიუღებელი იყო.

- საიდან ასეთი ჯუიტი მიუღებლობა - მკითხა ღიმილით.

მისმა კითხვამ თავგზა ამირია, დავიბენი.

- ვფიქრობ, ეს ჩემს არსებას ეწინააღმდეგება - ვივარაუდე მე, მხედველობაში სწორედ ეს მქონდა. აზრი, რომ ქალი ეკლესიაში - მამაკაცია, ჩემში ზიზღს იწვევდა.
თავში აზრი მიტრიალებდა, რომ შესაძლოა, არენდატორი უბრალოდ ტრანსვესტიტია, დონ ხუანს სერიოზულად ვკითხე ამაზე, მან კი საპასუხოდ ისეთი სიცილი ატეხა, რომ მეგონა ვეღარ გაჩერდებოდა.

- ასეთი შესაძლებლობა ძალიან მიწიერია - თქვა მან - შესაძლებელია, შენს ადრინდელ მეგობრებს ამის გაკეთება შეეძლოთ, შენი ახალი მეგობრები კი უფრო დახელოვნებული და მასტურბაციისკენ ნაკლებად მიდრეკილნი არიან. გიმეორებ, ის არსება ეკლესიაში ქალია და მას ქალის ყველა ორგანო და ატრიბუტი აქვს.
მან ეშმაკურად ჩაიცინა - შენ ხომ ყოველთვის გიზიდავდნენ ქალები, ეს სიტუაციაც სწორედ შენთვისაა - შეკვეთილივით.

მისი მხიარულება ისე ბავშვურად გულღია იყო, რომ მეც გადმომედო. ჩვენ ერთად ვიცინოდით, ის თავშეუკავებლად, მე გაგებით.

მერე გადაწყვეტილება მივიღე, ავდექი და ხმამაღლა განვაცხადე, რომ არ მსურდა არენდატორთან საქმის დაჭერა, არც ერთ მდგომარეობაში. მე გადავწყვიტე ყველაფერ ამაზე უარი მეთქვა და დონ ხუანის სახლში დავბრუნებულიყავი, იქიდან კი ჩემს საკუთარ სახლში.

დონ ხუანმა მიპასუხა, რომ არაფერი საწინააღმდეგო არ ჰქონდა და მისი სახლისკენ გავეშურეთ. ჩემი ფიქრები თითქოს გაცოცხლდნენ, სწორად ვიქცევი განა? იქნებ შიშისაგან გავრბივარ? რათქმაუნდა, ჩემი გადაწყვეტილება მაშინვე ვცანი, როგორც სწორი და გარდაუვალი. ბოლოს და ბოლოს, ვარწმუნებდი ჩემს თავს, მე არ მაინტერესებს შენაძენი. არენდატორის საჩუქრები კი საკუთრების შეძენას გავდა, მაგრამ უპასუხოდ რჩებოდა ბევრი კითხვა, რომლის დასმაც სიკვდილთან მებრძოლისთვის შემეძლო.

გულმა ისე სწრაფად დამიწყო ცემა, რომ მისი პულსაცია მუცელში ვიგრძენი. უცებ გულისცემა ემისრის ხმამ შეცვალა. მან დაარღვია შეთანხმება, არ ჩარეულიყო და მითხრა, რომ არანორმალური ძალა ახშირებდა ჩემს გულისცემაც, რათა ჩემთვის ეკლესიაში დაბრუნება ეიძულებინა. დონ ხუანის სახლში წასვლა კი, სიკვდილთან წასვლას უდრიდა.

მე გავჩერდი და სასწრაფოდ გადავეცი დონ ხუანს ემისრის ნათქვამი

- ეს სიმართლეა?

- ვშიშობ კი - დარცხვენით მიპასუხა მან.

- რატომ თავად არ მითხარი ეს დონ ხუან, შენ მე მშიშარად მთვლი და ჩემი სიკვდილი გინდოდა? - ვკითხე გააფთრებულმა.

- ასე არ მოკვდები, შენს სხეულებრივ ენერგიას უსაზღვრო რესურსი აქვს, მე კი თავში არასოდეს მომსვლია, რომ მშიშარა ხარ. პატივს ვცემ შენს გადაწყვეტილებას, მაგრამ მე სრულიად არ მაინტერესებს რა უდევს მას საფუძვლად.

შენ გზის ბოლომდე მიხვედი, ისევე როგორც მე. ასე რომ, იყავი ნამდვილი ნაგვალი, ნუ შეგრცხვება საკუთარი თავის. მშიშარა რომ ყოფილიყავი, შიშით მრავალი წლის წინათ მოკვებოდი, მაგრამ თუ სიკვდილთან მებრძლოთან შეხვედრის გეშინია, ჯობს მოკვდე, ვიდრე შეხვდე მას და ამაში სასირცხვილო არაფერია.

- მოდი, უკან დავბრუნდეთ, ეკლესიაში - ვთქვი მე მშვიდად.

- ახლა ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანს ვუახლოვდებით - წამოიწყო დონ ხუანმა - მაგრამ მოდი ჯერ პარკში დავბრუნდეთ, სკამზე დავსხდეთ და გულმოდგინეთ გავიაზროთ შენი მოქმედების ვარიანტები. ჩვენ შეგვიძლია დრო მოვიგოთ, ამასთანავე, არცაა საჭირო სიჩქარე იმასთან შესახვედრად რაც ასე ახლოსაა.
ჩვენ პარკში დავბუნდით, მაშინვე ვიპოვეთ ცარიელი სკამი და დავჯექით.

- მინდა გაიგო, რომ გადაწყვეტილება, შეხვდე ან არ შეხვდე არენდატორს შენ თვითონ უნდა მიიღო. მიიღებ თუ არ მიიღებ მის საჩუქარს - თქვა დონ ხუანმა - ეს თავად უნდა უთხრა ქალს ეკლესიაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას აზრი არ ექნება.

დონ ხუანმა მითხრა, რომ არენდატორის საჩუქრები არაჩვეულებრივი იყო, მაგრამ მათი საფასური - უზარმაზარი. თავად მას კი, არც საჩუქრები მოსწონდა და არც საფასური.

- მირჩევნია ამაზე აღარაფერი გავიგო, დონ ხუან! - შევევდრე მე .
- შენ ეს უნდა იცოდე - მიპასუხა მან - სხვანაირად როგორ მიიღებ გადაწყვეტილებას?
- არ გეჩვენება, რომ რაც ნაკლები მეცოდინება არენდატორზე, მით უკეთესია ჩემთვის?
- არა, სისულელეა საფრთხის წინაშე მიწაში თავის ჩარგვა, ეს სიმართლის მომენტია. აქამდე მოგიყვანა ყველაფერმა იმან, რაც გამოსცადე და გააკეთე ჯადოქართა სამყაროში. მე არ მინდოდა ამის თქმა, რადგან ვიცოდი, რომ ამას შენი სხეულის ენერგია გეტყოდა, მაგრამ ვერ გაექცევი იმას, რაც გიწერია - სიკვდილსაც კი, გაიგე? მან მხარში ხელი მომკიდა და შემანჯღრია, გაიგე? - გამიმეორა.

მე ისე კარგად გავიგე, რომ ვთხოვე მას თუ შეეძლო ჩემი ცნობიერების დონე შეეცვალა, რათა ჩემი შიში და დისკომფორტი შემცირებულიყო. კინაღამ შევხტი, როცა მან იყვირა - არა!

- სიკვდილთან მებრძოლს უნდა შეხვდე ცივი გონებითა და ისე, როგორც რაღაცას დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ - განაგრძო მან - შენ ეს მხოლოდ შენი გადაწყვეტილებით უნდა გააკეთო.

და დონ ხუანმა მშვიდად დაიწყო ყველაფრის გამეორება რაც სიკვიდლთან მებრძოლზე მოეყოლა. იმისდა მიხედვით, თუ როგორ ლაპარაკობდა, მე მივხვდი, რომ ჩემი დაბნეულობა, ნაწილობრივ, მისი სიტყვების გამოყენების მანერის ბრალიც იყო. ის სიკვდილთან მებრძოლს ესპანურად როგორც „el desafiante de la muerte“ თარგმნიდა, არენდატორს კი - როგორც „el inquilino“. ამასთან, ორივე ავტომატურად მიანიშნებდა იმაზე, რომ საუბარი ქალზე იყო, მაგრამ როცა არენდატორისა და მისი თაობის ჯადოქრების ურთიერთობაზე საუბრობდა, დონ ხუანი მდედრობით და მამრობით სქესს ესპანურად ერთმანეთში ურევდა და ამით უფრო მაბნევდა.

მან თქვა, რომ როგორც მოსალოდნელია, არენდატორი გადაიხდის იმ ენერგიისთვის, რომელსაც მისი თაობის ნაგვალებისგან იღებს, მაგრამ რითაც არ უნდა გადაეხადა, ეს მაინც თაობების განმავლობაში დააკავშირებდა ჯადოქრებს. მას შემდეგ, რაც ყველა ეს ნაგვალი გასცემდა მისთვის ენერგიას, ქალი ეკლესიაში ასწავლიდა მათ, თუ ზუსტად როგორ უნდა მოეთავსებინათ შემკრები წერტლი გარკვეულ მდგომარეობაში, რომელსაც თავად აირჩევდნენ. სხვა სიტყვებით, ის ყველა ამ ადამიანს ძალაუფლების ძღვენით აკავშირებდა, რომელიც თავის მხრივ, შემკრები წერტილის სხვადასხვა, განსაკუთრებულ პოზიციას წარმოადგენს და ასევე ყველაფერს, რაც ამას თან ახლავს.

- რას გულისხმობ, როცა ამბობ „ყველაფერი რაც მას ახლავს“, დონ ხუან?

- ამ საჩუქრების ნეგატიურ შედეგებს ვგულისხმობ. ქალი ეკლესიაში უმაღლეს დონეზე ინდულგირებს. ამ ჯადოქრისთვის თავშეკავება და ზომიერება უცხოა. მაგალითად, ნაგვალ ხულიანს ასწავლა, როგორ გადაეადგილებინა შემკრები წეტილი ისე, როგორც მას აქვს - ქალს. ეს გაკვეთილები ჩემი ბენეფაქტორისთვის, რომელიც ისედაც გამოუსწორებელი სუსნია იყო, ისე გამოვლინდნენ, როგორც ღვინო ლოთისთვის.

- მაგრამ ნუთუ ყველა ჩვენგანს არ აქვს წესად პასუხი აგოს თავის საქციელზე?

- კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ასე ადვილი არ არის. ამ სიძნელეების შეგნებულად ზრდა კი, რასაც ეს ქალი აკეთებს, მხოლოდ არასაჭირო დაძაბულობის ზრდას ნიშნავს.

- რატომ გგონია, რომ ქალი ეკლესიაში ამას სერიოზულად აკეთებს?

- ის ასე მოექცა ჩემი თაობის ყველა ნაგვალს,თუ საკუთარ თავს პატიოსნად და ყოველგვარი მიკერძოების გარეშე შევაფასებთ, მოგვიწევს დავეთანხმოთ იმას, რომ სიკვდილთან მებრძოლმა, თავისი საჩუქრებით, ძალიან ინდულგირებულ და დამოუკიდებელ ჯადოქრათა თაობად გვაქცია.
მე უკევე მაღიზიანებდა მისი მდედრობითი და მამრობითი სქესის ასე ქაოსური გამოყენება საუბრისას.

- შენ ეს ჯადოქარი ან ქალად უნდა მოიხსენიო ან მამაკაცად, მაგრამ არა ორივე ერთად - მკვეთრად შევაწყვეტინე მე - მე არც ისე მოქნილი ვარ და შენი გრამატიკული სქესის ასეთი თავისუფალი გამოყენება ჩემში დისკომფორტს უფრო ზრდის.

- თავად ჩემთვისაც არაა ეს ადვილი - გამოტყდა ის - მაგრამ რა ვქნა, თუ სიკვდილთან მებრძოლი ერთდროულად ერთიცაა და მეორეც. მე არც არასოდეს შემეძლო ამასთან ბოლომდე შეგუება. დარწმუნბული ვარ შენც იგივეს უნდა გრძნობდე, შენ ხომ ის მამაკაცად უკვე ნახე.

აქ დონ ხუანმა შემახსენა, რომ ერთხელ, მრვალი წლის წინ მან წამიყვანა სიკვდილთან მებრძოლთან შესახვედრად და მე მაშინ მამაკაცი ვნახე, უცნაური ინდიელი, არც ახალგაზრდა და არც მოხუცი. ძალიან თხელი აღნაგობის, ყველაზე უფრო კი მისი აქცენტი დამამახსოვრდა და კიდევ ერთი უჩვეულო მეტაფორა, რომელსაც ის საგნების აღსაწერად იყენებდა. ის ამბობდა: „mis ojos se pasearon“ - “ჩემი თვალები წინ მიდიან “. მაგალითად, „ჩემი თვალები წინ მიდიან ესპანელი დამპყრობლების მუზარადებზე“.

ეს მოგონება ისეთი ბუნდოვანი იყო, რომ ყოველთვის მეგონა, რომ ეს შეხვედრა დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ დონ ხუანმა მოგვიანებით მითხრა, რომ მე სიკვდილთან მებრძოლთან მთელი დღე გავატარე.

- მე ვვარაუდობდი, რომ მაშინ, რამდენიმე წლის წინ, შენ თავად დაგეგმე შეხვედრა სიკვდილთან მერძოლთან - განაგრძობდა დონ ხუანი - ამიტომ მეც ვცდილობდი გამეგო შენგან რა ხდებოდა.

- შენ ჩემზე ძალიან კარგი წარმოდგენა გქონია დონ ხუან, ასეთი წინადადებისგან გაგიჟება შეიძლება, როგორ მოგივიდა თავში ასეთი აზრი?

- მომეჩვენა, რომ სიკვდილთან მებრძოლს მოეწონე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას ჯერ კიდევ მაშინ შეეძლო სიკვდილის ძღვენით დაეჯილდოვებინე, თუმცა კი შენ ეს არ გახსოვს. ან შეეძლო როგორც ქალს ისე დაეთქვა შეხვედრა, მე ისიც კი მეგონა, რომ მან ზუსტი ინსტრუქციები მოგცა.

დონ ხუანმა აღნიშნა, რომ სიკვდილთან მებრძოლი რიტუალური თვისებების მქონე არსება იყო. ის უცვლელად, მისი თაობის ნაგვალებს ჯერ მამაკაცის სახით ხვდებოდა, როგორც ის პირველად ნაგვალ სებასტიანს შეხვდა, შემდეგ კი უკვე ქალის სახით.

- სიკვდილთან მებრძოლის საჩუქრებს ძალაუფლების საჩუქრებს რატომ ეძახი, რა საიდუმლო იმალება ამაში? - ვკითხე მე - შენ ხომ თავადაც შეგიძლია შენი შემკრები წერტილის გადაადგლება სადაც გინდა?

- ეს ძალის საჩუქრებია, იმიტომ რომ ისინი ძველი ჯადოქრების ცოდნის განსაკუთრებულ ნაყოფს წარმოადგენენ - თქვა მან. - ეს საიდუმლოა, რადგან ვერავინ დედამიწაზე, სიკვდილთან მებრძოლის გარდა, ვერ შეძლებს ასეთი ცოდნის მაგალითი გვიჩვენოს. დიახ, მე რა თქმა უნდა შემიძლია შემკრები წერტილის გადანაცვლება იქ, სადაც მინდა, შიგნით ან ადამიანის ენერგეტიკული ფორმის წინ, მაგრამ ის რაც მე არ შემიძლია, რაც მხოლოდ სიკვდილთან მებრძოლს ხელეწიფება - ესაა ცოდნა, თუ რა უნდა უყო შენს ენერგეტიკულ სხეულს ყოველ კონკრეტულ მდგომარეობაში, რომ სრულ გაცნობერებას, სრულ ერთიანობას მიაღწიო.

მერე მან მითხრა, რომ თანამედროვე ჯადოქრებმა არ იცინ შემკრები წერტლის მრავალი ათასი შესაძლო პოზიციის თავისებურებები.

- რა თავისებურებებზეა ლაპარაკი? - ვკითხე მე.

- ენერგეტიკულ სხეულთან მოქცევის სხვადასხვა განსაკუთრებული მეთოდები, მიმართული შემკრები წერტლის გარკვეულ პოზიციებში მყარი ფიქსაციისთვის - მიპასუხა მან.

მან მაგალითად თავისი თავი მოიყვანა. მან მითხრა, რა იყო ძალის საჩუქრები, რომლებიც სიკვდილთან მებრძოლისაგან მიიღო: ეს ყორნის (ყვავის) შემკრები წერტილის პოზიციის ცოდნაში და საკუთარი ენერგეტიკული სხეულის მანიპულაციების მეთოდებში, ყვავის სრული გაცნობიერების მდგომარეობის მიღწევაში მდგომარეობდა. დონ ხუანმა ამიხსნა, რომ სრული გაცნობიერება და იდენტიფიკაცია - ეს ისაა, რასაც უძველესი ჯადოქრები ნებისმიერ ფასად აღწევდნენ. და რომ ძალის საჩუქრებთან ერთად სრული გაცნობიერება მოვიდა მასთან, სწავლის პროცესთან ერთად მოვიდა ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორც ძალიან რთულ მანქანაზე მუშაობას სწავლობენ.

შემდგომში დონ ხუანმა ამიხსნა, რომ შემკრები წერტილის გადაადგილებების უმრავლესობა, რომელსაც თანამედროვე ჯადოქრები მიმართავენ - ეს უმნიშვნელო ბიძგებია მანათობელი კვერცხის შიგნით ენერგეტიკული ძაფების თხელი კონის ფარგლებში: ეს კონა „ადამიანური ხაზია, უბრალოდ დედამიწის ენერგეტიკის ადამიანური ასპექტი. ამ კონის მიღმა, მაგრამ ჯერ კიდევ მანათობელი კვერცხის შიგნით ღრმა ბიძგების სფერო მდებარეობს. როცა შემკრები წერტილი ამ სფეროს ნებისმიერ წერტილში გადაინაცვლებს, ჩვენთვის ცნობიერება ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია, მაგრამ სრული გაცნობიერებისთვის აუცილებელია უკიდურესად დეტალური პროცედურები.

- არაორგანული არსებები უბრალოდ გეთამაშებოდნენ შენ და ქეროლ თიგსს თქვენს უკანასკნელ მოგზაურობაში, თითქოსდა აბსოლუტურად შერწყმაში გეხმარებოდნენ - თქვა დონ ხუანმა - მათ თქვენი შემკრები წერტლი მაქსიმალურად დაშორებულ ადგილას გადაიტანეს, თანაც დაგეხმარნენ ისე აღგექვათ, თითქოს თქვენ თქვენს ყოველდღიურ სამყაროში იმყოფებოდით. ეს კი თითქმის შეუძლებელია, ამისთვის ჯადოქარს ან პრაქტიკული ცოდნა ან ძლევამოსილი მეგობრები სჭირდება.

თქვენი მეგობრები კი საბოლოოდ მაინც გიღალატებდნენ შენ და ქეროლს და მოგიწევდათ ამ სამყაროში გადარჩენისთვის ბრძოლა გესწავლათ. შემდეგ ორივე თქვენგანი პრაგმატიზმით აივსებოდა და უძველს ჯადოქრებს დაემსგავსებოდა.

- შემკრები წერტილის ყველა ღრმა გადაადგილება განსაკუთრებულ დამუშავებას მოითხოვს - განაგრძობდა ის - თანამედროვე ჯადოქრები შეძლებდნენ ამის შესწავლას, რომ სცოდნოდათ როგორ უნდა დაეფიქსირებინათ შემკრები წერტილი ხანგრძლივი დროით ნებისმიერი ბიძგისას. მხოლოდ უძველესი ჯადოქრები ფლობდნენ ამისთვის საჭირო ცოდნას.

დონ ხუანი განაგრძობდა ახსნას, რომ განსაკუთრებული მოქმედებების ცოდნა, რომელიც აუცილებელია ასეთი გადაადგილებისთვის, არ იყო ხელმისაწვდომი ჩვენი თაობის 8 ნაგვალისთვის - სებასტიანამდე. შემდეგ არენდატორმა ნაგვალ სებასტიანს აჩვენა, როგორ მიეღწია სრული გაცნობიერებისთვის შემკრები წერტილის 10 ახალ პოზიციაში.

ნაგვალმა სებასტიანმა მიიღო -7, ნაგვალმა ლუხანმა - 50 , ნაგვალმა როზენდომ - 6 , ნაგვალმა ელიასმა - 4, ნაგვალმა - ხულიანმა -16, თავად მან -2, ყველა ეს კი შემკრები წერტილის განსაკუთრებულ 90 პოზიციას შეადგენდა.

კითხვაზე, თვლიდა თუ არა ამ ყველაფერს უპირატესობად, ის გიპასუხებდათ, რომ - „არა“. რადგან ამ საჩუქრების სიმძიმემ ჩვენი თაობა აშკარად უძველესი ჯადოქრების მიმართულებისკენ გადახარა.

- ახლა შენი ჯერია, არენდატორს შეხვდე - განაგრძობდა ის - შესაძლოა საჩუქრები, რომლებსაც შენ მოგიძღვნის, უკანასკნელი წვეთი გახდეს, რომლის შემდეგ ჩვენი თაობა საბოლოოდ ჩაეფლობა წყვდიადში, რომელმაც უძველესი ჯადოქრები ჩაყლაპა.

- ეს ძალიან მტკივნეულია - ვთქვი მე.

- გულწრფელად თანაგიგრძნობ - სერიოზულად მიპასუხა მან. - ვიცი, არ დაგამშვიდებს თუ გეტყვი, რომ ეს ყველაზე სერიოზული გამოცდაა თანამედროვე ჯადოქრებისთვის შეხვედრა ისეთ ძველ და იდუმალ არსებასთან, როგორიც არენდატორია. ეს იმდენად შიშს არ იწვევს, რამდენადაც ზიზიღს. ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ მე ასე დამემართა.

- რატომ უნდა წავიდე ასე, დონ ხუან?

- რადგან შენ, ისე რომ თვითონაც ვერ მიხვდი, უკვე მიიღე სიკვდილთან მებრძოლის გამოწვევა. შენი მოსწავლეობის პერიოდში, მე ამ შემთხვევისთვის გამზადებდი შენგან შეუმჩნევლად, როგორც ამას ჩემი მასწავლებელი აკეთებდა , მეც იგივე საშინელებას გავუძელი და უფრო უხეში ფორმითაც - თქვა მან სიცილით - ნაგვალი ხულიანი სასტიკი ხუმრობების ოსტატი იყო. მან მითხრა, რომ ერთი ძალიან ლამაზი და ცეცხლოვანი ქვრივი ჩემზე ყურებამდეა შეყვარებული. ნაგვალს ხშირად მივყავდი ეკლესიაში , სადაც ვხედავდი ქალს, რომელიც მე მიყურებდა. მე ის ლამაზი მეჩვენებოდა, მე მაშინ გამოუცდელი ახალგაზრდა ვიყავი და როცა ნაგვალმა მითხრა, რომ მე მას ვუყვარდი მეც დავიჯერე. რაოდენი იმედგაცრუება მელოდა.

მე სიცილი ძლივს შევიკავე დონ ხუანის ჟესტზე, რომელიც უმანკოების დაკარგვას გულისხმობდა. შემდეგ კი მომეჩვენა, რომ მდგომარეობა რომელშიც ის აღმოჩნდა, სულაც არ იყო სასაცილო, არამედ პირიქით - ძალიან საშიში.

- დონ ხუან, დარწმუნებული ხარ, რომ ეს ქალი არენდატორია? - ვკითხე მე და ჯერ კიდევ იმედს ვიტოვებდი, რომ ეს შეცდომა ან ცუდი ხუმრობა იქნებოდა.

- მე სრულებით დარწმუნებული ვარ - თქვა მან - გარდა ამისა, ისეთი სულელი ვყოფილიყავი, რომ არენდატორი დამვიწყებოდა, ჩემი ხედვა არ მომატყუებს.
- შენ იმას გულისხმობ, დონ ხუან, რომ არენდატორი ენერგიის სხვა ტიპს ფლობს? არა, ენერგიის სხვა ტიპს არა, მაგრამ უეჭველად ენერგიის სხვა ნიშნებს, რაც მას ნორმალური ადამიანისაგან განახვავებს.

- შენ სრულიად დარწმუნებული ხარ, რომ ის ქალი ეკლესიაში არენდატორია? -დავიჟინე მე, თან ზიზღისა და შიშის ტალღები მომაწვა.

- ეს ქალი არენდატორია! - წამოიძახა დონ ხუანმა, ის წინააღმდეგობას ვერ იტანდა.

ცოტა ხანს მდუმარედ ვისხედით. მე პანიკის ახალ შეტევას ველოდი.

- უკვე გითხარი, რომ ნატურალურ მამაკაცად ან ქალად ყოფნა, შემკრები წერტილის მდებარეობის საკითხია - თქვა დონ ხუანმა - მაგრამ ბუნებრივია, მე არ მიგულისხმია ის, ვინც ქალად ან მამაკაცად დაიბადა. მხილველისთვის შემკრები წერტილის ყველაზე კაშკაშა ნაწილი მიმართულია გარეთ, თუ ეს ქალია და შიგნით, თუ ეს მამაკაცია. არენდატორის შემკრები წერტილის ნათება თავიდან შიგნით იყო მიმართული, მაგრამ ის იცვლიდა მდებარეობას და მისი ტრიალით თავისი კვერცხისმაგვარი ენერგეტიკელი გარსი სპირალურ ნიჟარად გადააქცია.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff