თავი 11 - ქალი ეკლესიაში
ქალი ეკლესიაში
დიდხანს ჩუმად ვიჯექით. კითხვები ამომეწურა და დონ ხუანმაც უკვე ყველაფერი მითხრა, რაც საჭიროდ ჩათვალა. საღამოს 7 საათზე გვიანი არ იქნებოდა, თუმცა მოედანი მაინც ცარიელი იყო, თბილი საღამო იდგა. როგორც წესი ამ ქალაქის მცხოვრებლები 10-12 საათამდე სეირნობდნენ მოედანზე.
მე სიჩუმით ვისარგებლე და ვცადე გამეაზრებინა რა დამემართა. დონ ხუანთან ჩემი ყოფნის დრო იწურებოდა. ის და მისი პარტია უკვე მიახლოებოდნენ ჯადოქრული ოცნების ასრულებას - დაეტოვებინათ ეს სამყარო და მიუწვდომელ სივრცეებში გადასულიყვნენ. ჩემს სიზმარხილვაში შეზღუდულ მიღწევებზე დაყრდნობით, მე მჯეროდა, რომ მათი იდეები ილუზორული კი არა, პირიქით, სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა, საღი გონების საწინააღმდეგო. ისინი მიისწრაფვოდნენ შეეცნოთ შეუცნობელი და მათ ეს გააკეთეს.
დონ ხუანი მართალი იყო, როცა ამბობდა, რომ სიზმარმხილველი შემკრები წერტილის გამუდმებული გადაადგილებით აღქმას ათავისუფლებდა, აფართოებდა იმის მასშტაბებსა და დიაპაზონს, რაც შესაძლოა აღქმული ყოფილიყო. მისი პარტიის ჯადოქრებისთვის სიზმარხილვა არა მხოლოდ ნებისმიერ აღქმად სამყაროში ხსნიდა კარს, არამედ ამზადებდა კიდეც სრული გაცნობიერებით ამ სამყაროებში შესასვლელად. სიზმარხილვა მათთვის რაღაც გამოუთქმელი, რაღაც უპრეცენდენტო, რაღაც ისეთი იყო, რაზეც მხოლოდ მინიშნება შეიძლებოდა, როგორც ეს დონ ხუანმა გააკეთა, როცა მათ სამყაროს სინათლისა და წყვდიადის გამყოფი კარი უწოდა.
მათ მხოლოდ ერთი რამ დარჩათ გასაკეთებელი - ჩემი მიყვანა სიკვდილთან მებრძოლთან. ვნანობდი, რომ დონ ხუანმა ამიკრძალა ჩამეწერა, რათა უკეთ მოვმზადებულიყავი. მაგრამ ის ნაგვალი იყო, რომელიც ნებისმიერ მნიშვნელოვან საქმეში მხოლოდ ექსპრომტსა და შთაგონებას ეყრდნობოდა და თითქმის არაფერზე გაფრთხილებდა წინასწარ.
წუთით თავი კარგად ვიგრძენი, ვიჯექი დონ ხუანთან ერთად პარკში და მოვლენების შემდგომ განვითარებას ველოდი. მერე ჩემი ემოციური სტაბილურობა ნელ-ნელა გაიზარდა და თვალის დახამხამებაში სასოწარკვეთილების ზღვარზე აღმოვჩნდი. ჩემს უსაფრთხოებასთან, მიზნებთან, იდეებთან ამ სამყაროში, პრობლემებთან და შიშებთან დაკავშირებულმა წვრილმანმა მოსაზრებებმა შემიპყრო. თუმცა, დავფიქრდი და საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ ერთადერთი საგანი რაც მე მაღელვებდა - ეს დონ ხუანის სამყაროს სამ მიმდევარზე ღელვა იყო. მაგრამ რეალურად არც ეს მაწუხებდა. დონ ხუანმა ასწავლა მათ ისეთი მეომრები ყოფილიყვნენ, რომელთაც ყოველთვის იციან რას აკეთებენ, და რაც მათავარია, მან ასწავლა, როგორ გამოეყენებინათ თავიანთი ცოდნა.
ყველა შესაძლო მიწიერი მიზეზი მქონდა, რომ დავტანჯულიყავი იმის გამო, რაც უკვე დიდი ხანია მაწუხებდა, მაგრამ ყველაფერი რაც შემომრჩა, მხოლოდ საკუთარ თავზე დარდი იყო და ყოველგვარი სირცხვილის გარეშე ვდარდობდი ჩემს თავს. კიდევ ერთი, უკანასკნელი ინდულგირება ამ გზაზე: შიში - სიკვდილთან მებრძოლის ხელით არ მოვმკვდარიყავი. შიშისგან სპაზმებიც კი დამეწყო. ბოდიშის მოხდა ვცადე, მაგრამ დონ ხუანი ახარხარდა.
-არაფრით გამოგარჩევს ეგ შიში - თქვა მან, - როცა მე შევხვდი სიკვდილთან მებრძოლს კინაღამ ჩავიჯვი , დამიჯერე.
დიდხანს მდუმარედ ვიჯექი, ეს მოლოდინის მძიმე წუთები იყო.
-მზად ხარ? - მკითხა მან.
- დიახ! - ვუპასუხე მე.
ფეხზე წამოდგა და დაამატა: მაშინ წავიდეთ და ვნახოთ, როგორ გახვალ წინა ხაზზე.
ის ისევ უკან, ეკლესიისკენ გაემართა . ყველაფერი რისი გახსენებაც მე დღეს შემიძლია - ისაა, თუ როგორ მიმათრევდა ის მთელი გზა . მე არ მახსოვს, როგორ მივედი ეკლესიაში, როგორ შევედი შიგნით. შემდეგ დამამხსოვრდა, როგორ შევედი შიგნით და მუხლებზე დავეშვი გრძელ სკამზე, ქალის გვერდით, რომელიც ადრე შევამჩნიე. მან გამიღიმა. შიშით მიმოვიხედე და დონ ხუანის პოვნა ვცადე, მაგრამ ის იქ არ იყო. სიბნელიდან გამოფრენილ ღამურასავით ავფართხალდებოდი, ქალს ხელი რომ არ მოეკიდა და თავის გვერდით არ გავეჩერებინე .
-შენ რა, ჩემი გეშინია? ასეთი პატარის? - მკითხა მან ინგლისურად. მე ვიდექი იმ ადგილას მიყინული, სადაც მუხლი მოვიდრიკე. მისი ხმა - აი რამ მიიპყრო ჩემი ყურადღება. არ შემიძლია აღვწერო რა იყო ამ მკვეთრი მეხსიერების ყველაზე ბნელ ადგილებამდე მიმწვდარ ხმაში. მეგონა რომ ეს ხმა ყოველთვის ვიცოდი.
ამ ხმით დაჰიპნოზებული ისევ უძრავად ვიდექი. მან ინგლისურად რაღაც მკითხა, მაგრამ ვერ გავიგე რაზე მელაპარაკებოდა. მე მისგან მარჯვნივ მუხლებზე დავეშვი.
-მე ვიცი რაც არის ნამდვილი შიში. მე მასთან ერთად ვცხოვრობ.
ის ის იყო მისთვის რაღაც უნდა მეკითხა, რომ ყურში ემისრის ხმა ჩამესმა:
-ეს ჰერმელინდას ხმაა, შენი ძიძის -თქვა მან .
ერთადერთი რაც მე ჰერმელინდაზე ვიცოდი, იყო ის ამბავი, თუ როგორ გაიტანა ის სატვირთო მანქანამ. ამ ქალის ხმამ კი, რომელიც მეხსიერების ასეთ სიღრმეებს ჩაწვდა, გამაოგნა. წუთით მტანჯველი ღელვა ვიგრძენი.
-მე შენი ძიძა ვარ! - ხმამაღლა წამოიძახა ქალმა - როგორი არაჩვეულებრივია! რძე გინდა? სიცილისაგან სხეული უცახცახებდა.
უდიდეს ძალისხმევას მივმართე მშვიდად რომ დავრჩენილიყავი, თუმცა ვგრძნობდი ფეხქვეშ როგორ მეცლებოდა მიწა და საცაა გული წამივიდოდა.
-ყურადღებას ნუ აქცევ ჩემს ხუმრობებს -თქვა ქალმა დაბალ ხმაზე,
- სიმართლე გითხრა მე შენ ძალიან მომწონხარ. შენ გადავსებული ხარ ენერგიით, მე და შენ ერთმანეთს გავუგებთ.
პირდაპირ ჩემს წინ ორმა მოხუცმა დაიჩოქა. მოულოდნელად ერთ-ერთი მათგანი მოტრიალდა და დაჟინებით შემომხედა.ქალმა მას ყურადღება არ მიაქცია და ჩემთან ჩურჩული განაგრძო.
-ნება მომეცი ხელი ჩაგჭიდო,- მთხოვა მან.
თუმცა მისი თხოვნა ბრძანებასავით ჟღერდა, დავემორჩილე და ხელი არ ამიცლია, პასუხის გაცემის ძალას ვერ ვპოულობდი.
-მადლობა, რომ მენდობი და გჯერა ჩემი - მიჩურჩულა მან .
მისმა ხმამ საგონებელში ჩამაგდო. მისი ხმის სიმკვეთრე ისე არაბუნებრივი იყო, ისე აბსოლუტურად ქალური. ეს ხმა არავითარ შემთხვევაში მამაკაცის ხმაში არ აგერეოდა, როგორც არ უნდა ეცადა ამ უკანასკნელს ქალისთვის მიებაძა . ეს მკვეთრი ხმა იყო, მაგრამ არა ჩახლეჩილი და უხეში . ის შიშველი ფეხის ქვეშ კენჭების ჩხრიალს გავდა.
დიდ ძალისხმევას მივმართე, რათა ის უჩინარი საფარი გამერღვია, რაც, როგორც მომეჩვენა გარს მერტყა. მეგონა ეს გამომივიდა. მე ავდექი, წასვლა დავაპირე და წავიდოდი კიდევაც, მაგრამ ქალი არ ამდგარა და ყურში ჩამჩურჩულა:
-არ გაიქცე, მე შენთვის იმდენი რამ მაქვს სათქმელი...
ცნობისმოყვარეობამ შემაჩერა და ავტომატურად დავჯექი. უცნაურია, მაგრამ ჩემი მღელვარება უცბად გაქრა ჩემს შიშებთან ერთად. მე გამბედაობაც კი მეყო რომ მეკითხა:
-შენ მართლა ქალი ხარ?
მან ახალგაზრდა გოგონასავით ჩუმად გაიცინა.
-თუ შენ შიშობ, რომ მე მკაცრ კაცად გადავიქცევი, რომელიც რაიმეს დაგიშავებს, მაშინ ძალიან ცდები - მიპასუხა მან მომნუსხველი, უცნაური ხმით - შენ ჩემი კეთილისმყოფელი ხარ, მე კი შენი მსახური, როგორც შენი წინამორბედებისთვის.
მთელი ჩემი ენერგია მოვიკრიბე და მას ჩემი აზრი ვუთხარი:
-აიღე ჩემი ენერგია, ეს ჩემი საჩუქარი იქნება. არ მინდა შენგან არანაირი ძალის მოძღვნა. მე ასე გადავწყვიტე.
-მე არ შემიძლია შენი ენერგია უფასოდ ავიღო - ჩამჩურჩულა მან.
- მე ვიხდი იმისთვის, რასაც ვიღებ. ეს შეთანხმებაა, სულელურია საკუთარი ენერგიის უფასოდ გაცემა.
- მთელი ჩემი სიცოცხლე სულელი ვიყავი, დამიჯერე - ვუთხარი მე - მე რა თქმა უნდა შემიძლია საკუთარი თავისთვის ამ საჩუქრის გაკეთება, არანაირი პრობლემა არაა. შენ ენერგია გჭირდება - აიღე. მე კი არაფერი ზედმეტი არ მინდა. მე არაფერი მაქვს და ეს მომწონს.
- შესაძლოა, -დაუფიქრებლად მითხრა მან.
აგრესიული ტონით ვკითხე რა იყო „შესაძლოა“ -შესაძლებელია აეღო ჩემი ენერგია, თუ შესაძლოა ის არ მენდობოდა რომ მე არაფერი მაქვს და არც არაფერი მჭირდება.
მან კმაყოფილმა ჩაიცინა და მითხრა, რომ მან შესაძლოა აიღოს ჩემი ენერგია , რადგან მე მას ასე დიდსულოვნად ვთავაზობ , მაგრამ მან მაინც უნდა გადაიხადოს ამისთვის, მან უნდა გადაიხადოს რაღაც ზუსტად მსგავსი , ასევე ძვირფასი.
ვუსმენდი და ვფიქრობდი, რომ ის ესპანურად ძალიან ძლიერი და უცნაური აქცენტით ლაპარაკობდა. არასოდეს მსმენოდა რომ ვინმეს ასე ესაუბრა , ყოველი სიტყვის შუამარცვალში ის ერთ ზედმეტ ფონემას უმატებდა .
-შენ ძალიან უცნაური აქცენტი გაქვს. საიდან? -ვკითხე მე
- თითქმის იმქვეყნიური სამყაროდან - მიპასუხა და ამოიოხრა
ჩვენს შორის კონტაქტი დამყარდა, მივხვდი რატომაც ამოიოხრა. ის ყველაზე უფრო ახლოს იყო მარადისობასთან მაშინ, როცა მე რაღაც დროებითი ვიყავი. ეს ჩემი უპირატესობა იყო. სიკვდილთან მებრძოლმა საკუთარი თავი კუთხეში მიიმწყვდია, მე კი თავისუფალი ვიყავი.
ყურადღებით ვათვალიერებდი მას. გარეგნულად ის გამოიყურებოდა, როგორც 35-40 წლისა, შავგვრემანი , ნამდვილი ინდიელი, საკმაოდ მოძრავი , არამსუქანი, თითქმის 5 ფუტი და 6 ან 7 დუიმი სიმაღლეში. გრძელი კაბა ეცვა და შავი მოსასხამი ეხურა, ის მუხლებზე იდგა, მე მის სუფთა ფეხისგულებს ვხედავდი და მისი ძლიერი საჯდომის ნაწილს, წვრილი წელი და დიდი მკერდი ჰქონდა, რომელსაც არ ან ვერ მალავდა მოსასხამით. მბზინავი შავი თმა ნაწნავებად დაეწნა, მზეთუნახავი არ იყო, თუმცა არც უბრალო ქალს გავდა. მისი ნაკვთები არაფრით არ გამოირჩეოდა, ვფიქრობ არაფერი ისე არ იქცევდა მასში ყურადღებას, როგორც მისი თვალები, ისინი როგორც წესი დახრილი და წამწამებში დამალულიყო . მას მშვენიერი თვალები ჰქონდა, ნათელი და მშვიდი. დონ ხუანის გარდა არავისზე მენახა ასეთი ციმციმა და ცოცხალი თვალები.
მისი თვალები ძალიან მამშვიდებდა. ასეთი თვალები ბოროტი ვერ იქნება.მე ოპტიმზმისა და ნდობის მოზღვავება ვიგრძენი, თითქოს მას მთელი სიცოცხლე ვიცნობდი. მაგრამ ჩემს ემოციურ არასტაბილურობასაც არანაკლებ ვაცნობიერებდი. ეს ყოველთვის მაღელვებდა დონ ხუანის სამყაროში და გამუდმებით მძაბავდა. მე სრული ნდობის მომენტებიც მქონდა , რომლებსაც უმნიშვნელო ინტუიციური ეჭვი და უნდობლობა ერთვოდა. არც ეს სიტუაცია იყო სხვაგვარი.ჩემს ეჭვიან გონებაში უეცრად აზრი გამოჩნდა, რომელიც მაფრთხილებდა, რომ ამ ქალის ხიბლის ტყვეობაში მოვხვდი.
-ესპანურის სწავლა ახლახანს დაიწყე ხომ? - ვკითხე მე და ვეცადე ჩემი ფიქრებისგან გავთავისუფლებულიყავი, რომ ის ყველაფერს არ მიმხვდარიყო.
-მხოლოდ გუშინ, - მიპასუხა მან და ბროლივით წკრიალა ხმით გაიცინა , თეთრი , პატარა , მარგალიტივით ელვარე კბილები გამოუჩნდა.
ხალხი მოტრიალდა და შემოგვხედა .თავი უფრო დავხარე , თითქოს გულმოდგინედ ვლოცულობდი. ქალმა ჩემთან ახლოს მოიწია.
-არის აქ ადგილი სადაც მშვიდად საუბარი შეიძლება? -ვკითხე მე
-ჩვენ აქ ვლაპარაკობთ - მითხრა მან - აქ მე და შენი თაობის ყველა ნაგვალი ვლაპარაკობდით. თუ ჩურჩულით ვილაპარაკებთ ჩვენს ხმას ვერავინ გაიგებს.
ცნობისმოყვარეობისგან ვიწვოდი ისე მინდოდა ასაკზე მეკითხა, მაგრამ ერთმა მოგონებამ გამომაფხიზლა. ერთი ჩემი ნაცნობი გამახსენდა, რომელიც წლების განმავლობაში მახეებს მიგებდა რომ ჩემი ასაკი გაეგო. მე კი ეს წვრილმანი ინტერესი მაღიზიანებდა , ახლაკი მე თავად ვიყავი ასეთი საქციელის ჩადენის ზღვარზე, ეს აზრი მაშინვე უკუვაგდე.
ამის კითხვა უბრალოდ საუბრის დასაწყებად მჭირდებოდა, თითქოს ის ხვდებოდა რაზე ვფიქრობდი. ამ დროს მან მეგობრულად მომიჭირა ხელზე ხელი, თითქოს უნდოდა ეთქვა, რომ ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვეოდა.
შეგიძლია საჩუქრის ნაცვლად რაიმე მინიშნება ( მიმართულება ) მომცე? -ვკითხე მე.
მან უარის ნიშნად თავი გააქნია.
-არა - დაიჩურჩულა მან - ჩვენ სრულიად სხვადასხვანაირები ვართ, იმაზე უფრო განსხვავებულებიც კი, ვიდრე მე ვვარაუდობდი.
ის ადგა და სკამიდან ჩამოცურდა, მოქნილად მოიყარა მუხლი მთავარ საკურთხეველთან. პირჯვარი გადაიწერა და მანიშნა გავყოლოდი კუთხეში დიდ საკურთხეველთან, ჩვენს მარჯვნივ.
ჩვენ დიდ ჯვარცმასთან დავიჩოქეთ. იქამდე ვიდრე რამის თქმას მოვასწრებდი, ის გამომიტყდა:
-მე ძალიან დიდი ხანია ვცხოვრობ. ჩემი ასეთი ხანგრძლივი ცხოვრების მიზეზი ჩემი უნარია ვაკონტოლო შემკრები წერტილის გადანაცვლებები და ბიძგები. ამასთან ერთად თქვენს სამყაროში დიდხანს არ ვრჩები. მე ის ენერგია უნდა შევინახო რომელიც თქვენი მოდგმის ჯადოქრებისგან მივიღე.
-როცა ამ სამყაროში ხარ, ამ ადგილს ხარ მიჯაჭვული?-
-არა , იქ დავდივარ სადაც მინდა.-
-შენ ყოველთვის ქალი ხარ?
-მე ქალი უფრო დიდხანს ვიყავი, ვიდრე მამაკაცი. მე ეს უფრო მეტად მომწონს . მე თითქმის აღარ მახსოვს როგორია მამაკაცად ყოფნა.მე მთლიანად ქალი ვარ!
მან ხელზე ხელი მომკიდა და ძალით მიიდო იგი საშოზე. გული მღელვარებისგან უკვე ყელში მიცემდა. ის ნამდვილად ქალი იყო.
-მე არ შემიძლია უბრალოდ ავიღო შენი ენერგია -თქვა მან და თემა შეცვალა, ჩვენ სხვა სახის შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ.
მე უსასრულო კეთილგონიერების ტალღა მომაწვა. მინდოდა მეკითხა სად ცხოვრობდა, როცა ამ სამყაროში იყო. აღმოჩნდა, რომ არ იყო აუცილებელი კითხვა ხმამაღლა მეთქვა, რათა პასუხი მიმეღო.
- შენ ჩემზე გაცილებით ახალგაზრდა ხარ -მითხრა მან, - მაგრამ შენთვისაც კი არ არის იოლი, უთხრა ხალხს სად ცხოვრობ და მაშინაც კი, თუ შენ ისინი შენს სახლში მიგყავს, რომლისთვისაც ფულს იხდი და რომელიც შენი საკუთრებაა - ის მაინც არ არის ის ადგილი სადაც შენ ცხოვრობ.
-შენთვის უამრავი რამის კითხვა მინდა , მაგრამ თავში მხოლოდ უსუსური აზრები მომდის - გამოვტყდი მე.
-არ არის საჭირო რამის კითხვა - მიპასუხა მან - შენ უკვე იცი ყველაფერი რაც მე ვიცი . შენ მხოლოდ ბიძგი გჭირდება, რომ ეს ცოდნა გამოიხმო და მე შენ ამ ბიძგს მოგცემ.
მე არა მხოლოდ უსუსური აზრები მომდიოდა თავში, არამედ თავად მეც შთაგონების მდგომარეობაში ვიყავი, მან ვერც კი მოასწრო საუბრის დასრულება, რომ მე უკვე ვიცოდი ის, რაც მან იცოდა. მე ვიგრძენი, რომ ნამდვილად ვიცოდი ყველაფერი და აღარ მჭირდებოდა კიდევ მეტი კითვის დასმა, მე გამეცინა ჩემს გულუბრყვილობაზე.
-შენ არ მენდობი - ავტორიტეტულად მარწმუნებდა ის - შენ იცი ყველაფერი, რადგან შენ ახლა მთლიანად მეორე ყურადღების მდგომარეობაში ხარ. გარშემო მიმოიხედე.
რაღაც მომენტში ჩემი მზერის ფოკუსირება ვერ შევძელი. თითქოს თვალებში წყალი ჩამივიდა, როცა დავაკვირდი, მივხვდი, რომ რაღაც ბოროტული მომხდარიყო. ეკლესია შეიცვალა, ის უფრო ბნელი, დამთრგუნველი და შიშისმომგვრელი გახდა. მე წამოვდექი და ერთ-ერთი ნავისკენ ორიოდე ნაბიჯი გადავდგი. თვალში მერხები მომხვდა, ისინი ფიცრებისგან კი არა, თხელი, გადახლართული ტოტებისგან იყო გაკეთებული. ეს თვითნაკეთი მერხები იყო, დიდებული ქვის ნაგებობის შიგნით. ეკლესიაში შუქიც კი შეიცვალა. ის მოყვითალო გახდა და მისი მკრთალი ნათება ისეთ მუქ ჩრდილებს ქმნიდა, როგორიც ცხოვრებაში არასოდეს მინახავს. ეს შუქი საკურთხეველზე ანთებული სანთლებიდან მოდიოდა. ვხედავდი, როგორ ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს სანთლების ალი და კოლონიალური ეკლესიის მასიური, მოხატული ქვის კედლები.
ქალი მე მიყურებდა, მისი თვალები არაჩვეულებრივად ბრწყინავდა. ვიცოდი, რომ სიზმარხილვაში ვიყავი და ის ჩემს სიზმარხილვას მართავდა. მაგრამ მე არც მისი და არც ამ სიზმარხილვის არ მეშინოდა.
მე გვერდითა საკურთხევლიდან წამოვედი და კვლავ ტაძრის ნავს შევხედე. იქ ხალხი მუხლებზე იდგა და ლოცულობდა. ისინი ბევრნი იყვნენ, ძალიან პატარები, მუქები და დაკუნთულები. მე მათ მთავარ საკურთხეველთან თავდახრილებს ვხედავდი. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ჩემგან უფრო ახლოს იყო, აშკარა უნდობლობით მიმზერდა.მე გაოცებული ვათვალიერებდი ხალხსაც და ყველაფერს გარშემო. მიკვირდა - არავითარი ხმაური არ მესმოდა. ხალხი უხმაუროდ მოძრაობდა.
-მე არაფერი მესმის - ვუთხარი მე ქალს და ჩემი ხმა ყრუ ექოდ დამიბრუნდა, თითქოს ეკლესია ცარიელი ნიჟარა ყოფილიყოს. ხალხი შემოტრიალდა და შემომხედა.
ქალმა უკან, გვერდითა საკურთხევლისკენ სიბნელეში წამათრია.
-გაიგონებ თუ ყურებით მოსმენას შეეშვები - თქვა მან - შენ სიზმრის ყურადღებით უსმინე.
აღმოჩნდა, რომ მე მხოლოდ მისი ჩურჩული მჭირდებოდა, უეცრად მლოცველთა ბრბოს ხმები დამატყდა თავს. მათ ერთი თვალის დახამხამებაში შემიპყრეს. ეს ყველაზე უჩვეულო ხმა იყო, რაც კი ოდესმე გამეგო. გაოცებულს მინდოდა ამის შესახებ ქალისთვის მეთქვა, მაგრამ ის ვეღარ ვიპოვე. მოვძებნე და დავინახე, რომ ის თითქმის უკვე კარამდე მისულიყო. აქ ის მობრუნდა, რათა ჩემთვის უკან გაყოლა ენიშნებინა. მას გალერეაში დავეწიე. ქუჩები განათებული აღარ იყო. მათ მხოლოდ მთვარის შუქი ანათებდა, ეკლესიის ფასადიც უცხო გახდა, ის ასაშენებელი , დაუმთავრებელი იყო. გარშემო კვადრატული ბლოკები და კირი ეწყო. ეკლესიის გარშემო არანაირი ნაგებობა აღარ იყო. მთვარის შუქზე ეს სურათი დამთრგუნველი ჩანდა.
-სად მივდივართ?- ვკითხე მე
-არსად - მიპასუხა მან. - ჩვენ უბრალოდ ღია სივრცეში და უცხო ადგილას გამოვედით. აქ საუბრისთვის კარგი ადგილია.
მან მაიძულა ნახევრად დამუშავებული კირის ნაჭერზე დავმჯდარიყავი.
-მეორე ყურადღებაში ამოუწურავი განძია, რომელიც მხოლოდ შენ უნდა გახსნა. - დაიწყო მან - ყველაზე მნიშვნელოვანია როგორი საწყისი პოზიცია აქვს სიზმარმხილველს. სწორედ ამაშია უძველესი ჯადოქრების საიდუმლო, რომლებიც უკვე ჩემს დროსაც კი უძველესები იყვნენ. იფიქრე ამაზე.
ის ჩემთან ისე ახლოს იჯდა, რომ მისი სხეულის მხურვალებასაც კი ვგძნობდი. მან ხელები მხრებზე მომხვია და მკერდძე მიმიკრა. მისი სხეულიდან განსაკუთრებული არომატი მოდიოდა, ის ხისა და სალბის სუნს მაგონებდა და ეს იმიტომ არა, რომ ის სუნამოთი სარგებლობდა. თითქმის მთელი მისი სხეული ფიჭვის ტყის სურნელს გამოსცემდა. მისი სხეულის მხურვალებაც არ გავდა, არც ჩემსა,ს არც ვინმე სხვისას. მისი მხურვალება თითქოს დანელებული მენთოლივით გრილი იყო. ვიფიქრე, რომ ეს მხურვალება არც იზრდებოდა და არც მცირდებოდა.
მან მარცხენა ყურში ჩამჩურჩულა, მითხრა რომ საჩუქრები რომლებიც მან ჩემი თაობის ჯადოქრებს გადასცა დაკავშირებული იყო იმასთან რასაც ძველი ჯადოქრები „გაორებულ პოზიციას“ უწოდებდნენ.ეს ასე ვთქვათ საწყისი პოზიციაა რომელშიც მძინარე თავის სხეულს განათავსებს სიზმარხილვისთვის.ეს ირეკლება პოზიციაში რომელსაც ის აძლევს სიზმრხილვაში თავის ენერგეტიკულ სხეულს რათა ნებისმიერ უჩვეულო ადგილას დააფიქსიროს თავისი შემკრები წერტილი.
-ორი პოზიცია ქმნის ერთ მთლიანობას - განაგრძობდა ის - და უძველეს ჯადოქრებს 1000 წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ საუკეთესო მეთოდი ეპოვათ ორი ნებისმიერი წერტილის დასაკავშირებლად. თანამედროვე მხილველისთვის - განაგრძო მან ღიმილით -არასოდეს არ ექნება ამისთვის არც დრო არც პირობები, სინამდვილეში შენი თაობის ქალებსაც და კაცებსაც ძალიან გაუმართლათ, რომ მათთან მე აღმოვჩნდი და საჩუქარი გავუკეთე.
მისი სიცილი ბროლის წკრიალივით გაისმა. ბოლომდე ვერ გავიგე მისი ახსნა გაორებულ პოზიციებზე. უცერემონიოდ განვუცხადე რომ არ მსურდა ეს მე გამომეცადა, საკმარისია მხოლოდ ამის ინტელექტუალური შესაძლებლობის ცოდნა.
-მაინც რისი ცოდნა გსურს? - რბილად მკითხა მან
-ამიხსენი რას გულისხმობ გაორებულ პოზიციაში ან საწყის პოზიციაში, რომელშიც სიზმარმხილველი უნდა იყოს ხილვის დასაწყისში.
-როგორ წვები სიზმარხილვისთვის? - მკითხა მან
-სხვადასხვანაირად. არ მაქვს განსაკუთრებული პოზა. დონ ხუანს არასოდეს გაუმახვილებია ამაზე ყურადღება.
-ამას მე გავაკეთებ - თქვა მან და ადგა.
ის ჩემგან მარჯვნივ დაჯდა და ახლა მეორე ყურში ჩურჩულით მითხრა, რომ ძილის პოზას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მან შემომთავაზა ეს ძალიან დახვეწილ, მაგრამ უბრალო სავარჯიშოზე გამომეცადა.
-დაიწყე ხილვა, დაწექი მარჯვენა გვერდზე, ფეხები ოდნავ მოხარე მუხლებში - მითხრა მან - წესი იმაში მდგომარეობს, რომ ეს პოზიცია შეინარჩუნო და ისე დაიძინო. შემდეგ სიზმარხილვაში სავარჯიშო იმაში მდგომარეობს, რომ სიზმარში ნახო ის, რომ შენ იმავე პოზაში წვები და იძინებ.
-ეს რას გვაძლევს? - ვკითხე მე
-ეს შემკრებ წერტილს უძრავად აჩერებს - მე ვგულისხმობ ნამდვილად უძრავს, როგორიც არ უნდა ყოფილიყო მეორე ჩაძინების მომენტში.
-ამ სავარჯიშოს შედეგად რა მოყვება?
-სრული გაცნობიერება. დარწმუნებული ვარ შენი მასწავლებლები გეტყოდნენ რომ ჩემი საჩუქრები - ეს სრული გაცნობიერების საჩუქრებია.
- კი, მაგრამ მე უკვე არც ისე ნათლად მესმის რა არის სრული გაცნობიერება - ვიცრუე მე.
მან ჩემს სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია და განაგრძო სავარჯიშოების ოთხ ვარიანტზე საუბარი- როცა ჩაიძინებ მარჯვენა ან მარცხენა მხარეს, მუცელზე ან ზურგზე. შემდეგ იმაზე, რომ სიზმარხილვაში სავარჯიშო სრულდება, რათა მეორე ჩაძინება დაგესიზმროს იმავე პოზაში, რომელშიც სიზმარი დაიწყო. ის არაჩვეულებრივ შედეგებს დამპირდა, რომლის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.
უეცრად მან თემა შეცვალა და მკითხა:
-შენთვის პირადად რა საჩუქარი გინდა?
-არ მინდა არავითარი საჩუქარი, ხომ გითხარი უკვე.
-მე მოვითხოვ. მე ვალდებული ვარ საჩუქარი შემოგთავაზო და შენ კი უნდა მიიღო ის. ასეთია ჩვენი შეთანხმება.
-ჩვენი შეთანხმება ისაა რომ მე გაძლევ ენერგიას, აიღე ის ჩემგან, ეს ჩემი საჩუქარია.
ქალი გაოგნებული დარჩა. მე დავიჟინე და ვარწმუნებდი რომ ყველაფერი წესრიგში იქნებოდა თუ ის ჩემგან ენერგიას აიღებდა ისიც კი ვუთხარი რომ ძალიან მომწონდა. არ ვცრუობდი , ამ ქალში იყო რაღაც ძალიან სევდიანი და ამავე დროს სათუთიც .
-მოდი უკან ეკლესიაში შევიდეთ - ჩუმად მთხოვა მან .
-თუ შენ მართლა გინდა საჩუქარი გამიკეთო - ვთქვი მე - გამასეირნე ამ ქალაქში მთვარის შუქზე.
მან თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.
-იმ პირობით რომ არც ერთს სიტყვას არ იტყვი - თქვა მან.
-რატომ? - ვკითხე მე, თუმცა უკვე ვიცოდი რას მიპასუხებდა.
-იმიტომ რომ ჩვენ სიზმარს ვხედავთ - მიპასუხა მან - მე შენ უფრო ღრმად შეგიყვან ჩემს სიზმარში.
მან ამიხსნა რომ ვიდრე ეკლესიაში ვიყავით მე საკმაო დრო მქონდა, იმისათვის, რომ მეფიქრა და მელაპარაკა, მაგრამ ეკლესიის ფარგლებს გარეთ ვითარება სულ სხვანაირი იყო.
-რატომ ასე? - ვკითხე სერიოზული ტონით, ხმა უხეში გაუხდა და ამით საშინელების შეგრძნება დამეუფლა.
ქალმა მითხრა:
-იმიტომ, რომ მის ფარგლებს გარეთ არაფერი არ არის.შენ სიზმარხილვის მეოთხე კარიბჭესთან ხარ და სიზმარში ჩემს სიზმარს ხედავ.
მან მითხრა, რომ მისი ხელოვნება განზრახვის სწორად მიმართვის უნარში მდგომარეობდა და ყველაფერი რასაც გარშემო ვხედავდი, მისი ნებით ხდებოდა. მან ჩურჩულით მითხრა, რომ ეკლესია და ქალაქი მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო. ეს ყველაფერი არსებობდა ისე რომ არ არსებობდა.მან თვალებში შემომხედა და დაამატა: ეს იყო განზრახვის ერთ-ერთი საიდუმლო, მეორე - ყურადღებაში სიზმარხილვის ორმაგი პოზიციისა. ეს შეიძლება გააკეთო , მაგრამ ახსნა და მიწვდომა შეუძლებელია.
მან მომიყვა, რომ ჯადოქრების იმ მოდგმას განეკუთვნებოდა, რომლებმაც იცოდნენ როგორ გამოეყენებინათ მეორე ყურადღება და მოემართათ განზრახვა. მისი თრობიდან გავიგე, რომ ჯადოქრები მისი თაობიდან ფლობდნენ ხელოვნებას- მიემართათ თავიანთი ფიქრები სიზმარხილვაში იმ მიზნით, რომ აღედგინათ ობიექტის, სტრუქტურის, წერტილის, სიტუაციის, ფრაგმენტის სრული და ნამდვილი სურათი მათი სურვილის მიხედვით.
ის ყვებოდა რომ მისი თაობის ჯადოქრები როგორც წესი იწყებდნენ უბრალო ობიექტის თვალიერებით და თითოეულ დეტალს იმახსოვრებდნენ. შემდეგ მათ შეეძლოთ დაეხუჭათ თვალები და წარმოედგინათ ობიექტი, შეესწორებინათ მათი ვიზუალური წარმოსახვა, შეედარებინათ ისინი ორიგინალებთან, იქამდე, ვიდრე სრულყოფილად არ აღადგენდენენ მათ ვიზუალურ ხატს წარმოდგენაში.
შემდეგ პუნქტში მათ განვითარებად სქემაში იყო სიზმარხილვა ობიექტებით და სიზმარხილვაში ობიექტების მთლიანი მატერიალიზაცია მათი საკუთარი შეგრძნების კუთხიდან.
-ეს აქტი - თქვა ქალმა, - არის პირველი ნაბიჯი სრულ გაცნობიერებაში.
უბრალო ობიექტებიდან ეს ჯადოქრები უფრო რთულ კონსტრუქციებზე გადადიოდნენ. რადგან მათი მიზანი მთელი სამყაროს ვიზუალური წარმოდგენა იყო და ამგვარად აბსოლუტურად შესაძლებელი იყო იმ რეალობის შექმნა, სადაც არსებობა შეეძლოთ.
-როდესაც რომელიმე ჩემი თაობის ჯადოქარი ამის შესაძლებლობას დაეუფლებოდა -განაგრძობდა ქალი - მას ძალიან იოლად შეეძლო ვინმეს საკუთარ განზრახვაში , საკუთარ სიზმარხილვაში შეყვანა . ეს სწორედ ისაა, რაც მე ახლა შენ გაგიკეთე და შენი თაობის სხვა ნაგვალებსაც.
ქალმა ჩაიხითხითა.
-ჯობს დაიჯერო - მითხრა ისე, თითქოს მე ეს არ მჯეროდა - მთელი ხალხები დაკარგულა ამგვარ სიზმარხილვაში. აი, რატომ გითხარი, რომ ეს ქალაქი და ეს ეკლესია განზრახვის ერთ-ერთი საიდუმლოა მეორე ყურადღებაში კონცენტრირებული.
-შენ თქვი რომ ასე მთელი თაობები დაკარგულან. რანაირად ხდებოდა ეს? - ვკითხე მე.
-მათ შექმნეს ვიზუალური ხატი და შემდეგ იგივე სიზმარხილვაში შენ არასოდეს შეგიქმნია მსგავსი ვიზუალური ხატი . ამიტომ შენთვის ჩემს სიზმარხილვაში ყოფნა ძალიან სახიფათოა.მერე მან გამაფრთხილა, რომ მეორე კარიბჭეში გავლა და იმ ადგილებში გადაადგილება, რომელიც მხოლოდ სხვის წარმოსახვაში არსებობს, ძალიან სარისკოა. ვინაიდან, შენი სიზმრის ნებისმიერი მომენტი პირადად შენი უნდა იყოს.
-შენ ჯერ კიდევ გინდა წასვლა? -მკითხა მან
მე ვუთხარი, რომ მინდოდა. შემდეგ მან კიდევ რაღაცა მითხრა გაორებულ პოზიციებზე. მისი მსჯელობის აზრი ისე ვითარდებოდა, რომ თუ მაგალითად მე ვხედავდი ჩემს მშობლიურ ქალაქს და ჩემი სიზმარი დაიწყო მარჯვენა მხარეს წოლისას და ვნახე სიზმარი, სადაც დავიძინე. მეორე სიზმარხილვა არ არის აუცილებელი იყოს კვლავ ჩემს მშობლიურ ქალაქზე, მაგრამ ის რაც შეიძლება მეტად უნდა იყოს კონკრეტული სიზმარი.
ის დარწმუნებული იყო, რომ მე უკვე ჩემს სიზმარხილვის პრაქტიკაში უკვე შემეძლო მიმეღო აურაცხელად ბევრი კონკრეტული დეტალი, მაგრამ მარწმუნებდა, რომ ყოველი მათგანი უფრო შემთხვევითობა იყო. რადგან ერთადერთი საშუალება მთლიანად გამეკონტროლებინა სიზმარი - ეს იყო გაორებული პოზიციის ტექნიკური გამოყენება.
-და ნუ მკითხავ რატომ, - დაუმატა მან, - ეს უბრალოდ ხდება, როგორც დანარჩენი ყველაფერი.
მან ამაყენა , ისევ მთხოვა არ მელაპარაკა და უკან გავყოლოდი. მან ნაზად ჩამჭიდა ხელი, თითქოს ბავშვი ვყოფილიყავი და სახლების წყებისკენ წამიყვანა, რომლებიც მუქ სილუეტებს გავდნენ. ჩვენ მთავარ ქუჩაზე მივდიოდით, მასიური მდინარის ქვები მახვილი კუთხეებით მიწაში ჩაერჭოთ. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს მუშებმა განგებ დატოვეს უსწორმასწორო ზედაპირი და არც კი უცდიათ მისი გასწორება.
სახლები წარმოადგენდნენ დიდ, შეთეთრებულ ერთსართულიან, ჭუჭყიან ნაგებობებს კრამიტის სახურავებით. შიგნით უმიზნოდ დაეხეტებოდნენ ადამიანები. ჩრდილები სახლებში ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, თითქოს ცნობისმოყვარე და შეშინებული მეზობლები ჩურჩულებდნენ კარს მიღმა. მე ქალაქის გარშემო მომცრო ბორცვებსაც ვხედავდი , იმისგან განსხვავებით, რაც ჩემს სიზმარხილვაში მემართებოდა, ჩემი მენტალური პროცესები ნათელი რჩებოდა. ჩემი გონება მკარნახობდა, რომ მე ქალაქის დასიზმრებულ ვერსიაში ვიყავი, რომელშიც დონ ხუანი ცხოვრობდა, მაგრამ სხვა დროში. ჩემმა ცნობსმოყვარეობამ გაიღვიძა. მე სიკვდილთან მებრძოლთან ერთად მის სიზმარხილვაში ვიყავი, მაგრამ იყო კი ეს სიზმარხილვა? თავად ის ამბობდა, რომ ეს სიზმარხილვა იყო. მე მინდოდა ყველაფერი მენახა , ზედაკვირვებული ვყოფილიყავი, მინდოდა ყველაფერი შემემმოწმებინა, ენერგია დამენახა. თავს უხერხულად ვგრძნობდი, ქალმა უფრო მაგრად მომიჭირა ხელზე, თითქოს მანიშნებდა რომ მეთანხმებოდა.
თავს აბსურდულობამდე მორცხვად ვგრძნობდი, როცა მექანიკურად, ხმამაღლა განვაცხადე ჩემი განზრახვა - დამენახა ენერგია. ჩემი სიზმარხილვის პრაქტიკაში მე ვიყენებდი ფრაზას: „მე მინდა დავინახო ენერგია’’ , ხანდახან მიხდებოდა ამის ისევ და ისევ გამეორება, ვიდრე შედეგს არ მივაღწევდი. ამჯერად კი , როცა მოცემული ფრაზის ქალის სიზმარხილვის ქალაქში გამეორება დავიწყე, მან სიცილი დაიწყო. ის დონ ხუანივით იცინოდა, გადამდებად და ძალდაუტანებლად.
-რამ გაგამხიარულა ასე? - ვკითხე ამ სიცილით შეცბუნებულმა.
-როგორ არ უყვარს ძველი ჯადოქრები და განსაკუთრებით მე, - თქვა ქალმა სიცილის შემოტევებს შორის, - ყველაფერი რისი გაკეთებაც შეიძლებოდა სიზმარში, ესაა მიუთითო შენი პატარა თითით იმაზე, რისი დანახვაც გინდა. მან გაიძულა გეყვირა სიზმარხილვაში - ეს მისი მეთოდია ჩემთვის თავისი გზავნილის გადმოსაცემად, უნდა ვაღიარო, რომ ნამვილად ჭკვიანია.
ის წუთით გაჩუმდა, შემდეგ კი თითქოს აღიარა.
-შენ ისე ღრიალებ როგორც ვირი.
ჯადოქრის იუმორის გრძნობამ ძალიან დამაბნია. ის ისე იცინოდა, რომ მომეჩვენა, სეირნობას ვეღარ გააგრძელებდა. თავი სულელად ვიგრძენი, როცა დამშვიდდა და თვითკონტროლი დამიბრუნდა, მან ზრდილობიანად მითხრა, რომ შემიძლია მივუთითოთ ყველაფერზე, რასაც ვხედავ მისი ჩათვლით.
მე მარცხენა ხელის ნეკით სახლზე მივუთითე. ამ სახლში ენერგია არ იყო. ეს სახლი იყო როგორც ნებისმიერი სხვა ფრაგმენტი ჩვეულებრივ სიზმარში. შემდეგ მივუთითე ყველაფერ დანარჩენზე ჩემს გარშემო, შედეგი იგივე იყო.
-ჩემზე მივუთითე -განაგრძო მან - შენ იმის მტკიცებულება უნდა მიიღო , რომ სწორედ ამ მეთოდით აღწევენ სიზმარხილვაში ხილვას.
ის სავსებით მართალი იყო. ეს იყო მეთოდი. როგორც კი ასზე მივუთითე ის შედედებულ ენერგიად იქცა. დავამატებდი, რომ ძალიან თავისებურ შედედებულ ენერგიად. მისი ენერგეტიკული ფორმა ზუსტად შეესაბამებოდა იმას, რაც დონ ხუანმა ამიღწერა - ის უზარმაზარ ნიჟარას გავდა, რომელიც ნახეთქის გასწვრივ ეხვეოდა.
-მე ერთადერთი არსება ვარ ამ სიზმარში, რომელიც ენერგიას გამოსცემს -თქვა მან, - ასე რომ, შენთვის მართებული იქნება ყველაფერზე დაკვირვება.
ამ მომანტში მე პირველად გამაოცა დონ ხუანის ხუმრობის სიღრმემ. მან მოახერხა ისე, რომ მე საკუთარ სიზმარში ყვირილი მესწავლა, რათა სიკვდილთან მებრძოლთან სიზმარხილვაში დატყვევებულსაც მეყვირა. ეს ისე სასაცილოდ მომეჩვენა, რომ კინაღამ დავიხრჩე სიცილისგან.
მოდი ჩვენი სეირნობა გავაგრძელოთ -რბილად შემომთავაზა ქალმა, - როგორც კი სიცილს მოვრჩი.
იქ მხოლოდ ორი ქუჩა იყო, ისინი ერთმანეთს კვეთდნენ, თითოეულში სახლების სამი კვარტალი იყო. ჩვენ ორივე ქუჩის მთელ სიგრძეზე ჩავიარეთ, ერთხელ კი არა - ოთხჯერ. მე ყველაფერს ვაკვირდებოდი და ვცდილობდი, არც ერთი ჩქამი არ გამომპარვოდა. ხმაური თითქმის არ ისმოდა, მხოლოდ სადღაც, შორს ყეფდნენ ძაღლები და ჩურჩულებდა ხალხი, როდესაც გვერდით ჩაგვივლიდა.
ძაღლების ყეფამ უცხო და ძლიერი გრძნობა გამიჩინა - უნდა გავჩერებულიყავი. შვებით ამოვისუნთქე და კედელს მივეყრდენი. კედელთან შეხებამ შოკში ჩამაგდო, არა იმიტომ, რომ კედელი უჩვეულო იყო, არამედ იმიტომ, რომ რასაც მივეყრდენი, ნამდვილად მყარი კედელი იყო, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა, რომელსაც კი შევხებივარ. მე ეს თავისუფალი ხელის შეხებით ვიგრძენი, თითები მის უხეშ ზედაპირს გადავუსვი . ეს ნამდვილად კედელი იყო.
მისმა განსაცვიფრებელმა რეალობამ მაშინვე მაიძულა დამევიწყებინა ის არაჩვეულებრივი შეგძნება და თვალერების გაგრძელების ინტერესი დამიბრუნდა. განსაკუთებით ვეძებდი მსგავსებას ამ და იმ ქალაქს შორის, რომელიც ცხადში ვნახე. როგორ ვცდილობდი, მაგრამ მსგავსება მაინც არ იყო. ამ ქალაქში იყო მოედანი, მაგრამ ეკლესიის წინ, მოედანზე გალერეა გადიოდა.
მთვარის შუქზე ნათლად ჩანდა გორაკები ქალაქის გარშემო, ორიენტირებას მთვარისა და ვარსკვლავების მიხედვით ვეცადე, როგორც ამას რეალურ ცხოვრებაში ვაკეთებდი. მთვარე ილეოდა სავარაუდოდ სავსემთვარეობის მეორე დღე იყო. ჰორიზონტს ზემოთ ვიყავი, სადღაც საღამოს 8 ან 9 საათებს შორის იქნებოდა.
მთვარისგან მარჯვნივ მოჩანდა ორიონი , მისი ორი მთავარი ვარსკვლავი ბეტელგეიერი და რიგელი ზუსტად მთვარის დონეზე განლაგებულიყვნენ. ჩემი დაკვივებით, დეკემბრის დასაწყისი უნდა ყოფილიყო, ჩემი დრო კი - მაისი, მაისში ორიონის დღეღამის ამ ნაწილში დანახვა შეუძლებელია. დიდხანს ვუყურებდი მთვარეს. არაფერი არ შეცვლილა, ჩემი აზრით ეს მთვარე იყო, დროში შეუსაბამობამ ძალიან შემაშფოთა.
ჰორიზონტის სამხრეთი ნაწილის დაკვირვებისას ვიფიქრე, რომ შემეძლო ზარის მსგავსი მაღლობის დანახვა, რომელიც დონ ხუანის შიდა ეზოდან ჩანდა. შემდეგ ვეცადე განმესაზღვრა სად იქნებოდა მისი სახლი. წუთით მომეჩვენა, რომ ვიპოვე. ამან ისე გამიტაცა, რომ ქალს ხელი გავუშვი . მაშინვე არანორმალურმა მღელვრებამ მომიცვა. ვიცოდი, რომ ეკლესიაში უნდა დავბრუნებულიყავი, რადგან მოვკვდებოდი თუ ამას არ გავაკეთებდი. მე მოვბრუნდი და ეკლესიისკენ გავიქეცი, ქალმაც სასწრაფოდ ჩამჭიდა ხელი და უკან გამომყვა.ვიდრე მე ჩქარი ნაბიჯით ეკლესიას ვუახლოვდებოდი, მივხვდი, რომ ჩვენ ქალაქის იმ ნაწილში ვიყავით, რომელიც ეკლესიის უკან იყო. ამისთვის რომ ადრე მიმექცია ყურადღება, შესაძლოა ორიენტაცია მომეხერხებინა, მაგრამ სიზმრის ყურადღება უკვე აღარ მყოფნიდა. მე მისი ნარჩენები მთლიანად არქიტექტორის დეტალებსა და ეკლესიის უკანა მხარის ორნამენტებისკენ მივმართე. მე ჩვეულებრივ ცხოვრებაში ნაგებობის ეს ნაწილი არასოდეს მენახა და ვიფიქრე, რომ თუ მეხსიერებაში მის დეტალებს დავიტოვებდი, შემეძლო ისინი რეალური ტაძრის დეტალებისთვის შემედარებინა.
ეს გეგმა ექსპრომტად გამიჩნდა თავში, თუმცა, შინაგანად რაღაც ზიზღით პასუხობდა ამ ყველაფრის აღდგენის მცდელობებს. მთელი ჩემი სწავლის პერიოდში, მე სულ მაწუხებდა ობიექტურობის მოთხოვნილება, რაც დონ ხუანის სამყაროს შემოწმებასა და გადამოწმებას მაიძულებდა. ეს ნამდვილად არ იყო კანონის რანგში აყვანილი აუცილებლობა , უფრო მიდრეკილება, გამომეყენებინა ობიექტურობა, როგორც საყრდენი ცნობიერებაში მეტად ძლიერი შეუსაბამობის დროს. როგორც კი ხელში ჩამივარდებოდა, რაღაცის შემოწმების მომენტი, ის ბოლომდე მაინც არასოდეს მიმყავდა.
ეკლესიაში მარცხნივ მდებარე დიდი საურთხევლის წინ , სადაც ადრეც ვიყავით, ორივე მუხლებზე დავეშვით. შემდეგ წუთს კი უკვე ჩემი დროის კარგად განათებულ ეკლესიაში წამოვდექი.
ქალმა პირჯვარი გადაიწერა და ადგა. მეც მექანიკურად იგივე გავაკეთე. მან ხელი მომკიდა და კარისკენ წამიყვანა.
-მოიცა, მოიცა - ვუთხარი მე და გამიკვირადა რომ ავლაპარაკდი.
არ შემეძლო აზრების გარკვევით ჩამოყალიბა, თუმცა, მისთვის რთული კითხვის დასმას ვაპირებდი. მინდოდა მეკითხა, როგორ შეიძლებოდა ვინმე იმდენ ენერგიას ფლობდეს, რომ მთელი ქალაქის ვიზუალური ხატის თითოეული დეტალი შექმნას.
ქალმა გაიღიმა და ჩემს კითხვას უპასუხა. მან მითხრა, რომ ვიზუალური ხატების აღდგენა ძალიან კარგად გამოსდიოდა, მას შემდეგ, რაც ის ამას თავისი ჩვეულებრივი სიცოცხლის მანძილზე აკეთებდა. მერე კიდევ უამრავი სიცოცოხლე ჰქონდა, რომ ეს ყველაფერი სრულყოფილებადე მიეყვანა.
მან ისიც დაამატა, რომ ქალაქი, რომელშიც ცოტა ხნის წინ ვისეირნეთ და ის ეკლესია, სადაც ჩვენ ვიყავით, მისი ცოტა ხნის წინანადელი ცდების მაგალითი იყო ხილული ხატების შექმნაში. ეკლესია იყო იმ ელესიის ასლი სადაც სებასტიანი (პანამარი )იყო. მან მიზნად დაისახა ამ ეკლესიისა და ამ ქალაქის ყველა უმნიშვნელო დეტალი დაეხსომებინა უბრალოდ, სავარჯიშოდ, ყოველგვარი სასიცოცხლო აუცილებლობის გარეშე.
თხრობა კი უკანასკნელი ყველაზე შემაშფოთებელი აზრით დაასრულა.
-რადგან შენ რაღაცა მაინც იცი ამ ქალაქზე, თუმცა არასოდეს გიცდია მისი ხატი გონებაში შეგექმნა, ახლა შენ მეხმარები მე მის აღდგენაში. დაგენიძლავები, რომ არ დამიჯერებ როცა გეტყვი, რომ ეს ქალაქი რეალურად შენი და ჩემი წარმოსახვების მიღმა არ არსებობს.
მან ყურადღებით შემომხედა და ჩემს პანიკაზე გაეცინა. მე კი ამ დროს ისეთმა შიშმა მომიცვა, რომ მიჭირდა მისი ნათქვამის გაცნობიერება.
-ჩვენ ჯერ კიდევ სიზმარხილვაში ვართ?- ვკითხე შეშინებულმა.
-კი, - მიპასუხა მან, - მაგრამ ეს სიზმარი იმაზე რეალურია, ვიდრე სხვები, რადგან შენ მე მეხხმარები. ამის ახსნა შეუძლებელია, ამით მხოლოდ ფაქტის კონსტანტირება შეიძლება, როგორც ყველაფერი დანარჩენის.
მან ფართო ჟესტით ხელი მოავლო ქალაქს ჩვენს გარშემო.
-არ არსებობს ამის ახსნის მეთოდი, მაგრამ ყოველთვის უნდა გახსოვდეს ის, რაც გითხარი: მეორე ყურადღებაში მიმართული განზრახვის საიდუმლო.
მან თავისკენ ნაზად მიმიზიდა.
-მოდი ამ სიზმრის მოედანზე გავიდეთ - თქვა მან - მაგრამ მე ალბათ ტანისამოსის გამოცვლა მმართებს, რომ შენ თავი უფრო თავისუფლად იგრძნო. მე ვერაფერი გავიგე და ვუყურებდი, როგორ დახელოვნებულად იცვლიდა ის გარეგნობას, ის უბრალო მიწიერ მოძრაობებს აკეთებდა. მან გრძელი ქვედა კაბა გაიძრო, მის ქვეშ კი კიდევ ერთი, თანამდროვე ქვედაკაბა აღმოჩნდა. შემდეგ მან ნაწნავი თავზე შემოიხვია და ფეხსაცმელიც გამოიცვალა, ქუსლიანები ჩაიცვა, რომლებსაც პატარა ჩანთით თან ატარებდა. ორმაგი მოსასხამი ღია ყავისფერი მხრიდან შემოაბრუნა. ახლა ის ტიპიური საშუალო ფენის მექსიკელი ქალი იყო, რომელიც ქალაქს ესტუმრა.
ხელი მომკიდა და მოედნისკენ გამათრია.
-რა დაემართა შენს ენას? -მკითხა მან ინგლისურად - კატამ შეგიჭამა?
მე მთლიანად შთანმთქა იმ აზრმა, რომ ეს შეიძლება ისევ მისი სიზმარხილვა ყოფილიყო. უფრო მეტიც, მე იმის გააზრება დავიწყე, რომ ეს თუ სიმართლე აღმოჩნდებოდა, მე შესაძლოა ვეღარც გამეღვიძა.
გულგრილი ტონით ვკითხე:
-მე ვერც კი შევამჩნიე, რომ ინგლისურად მელაპარაკებოდი, სად ისწავლე?
-იმ სამყაროში , მე კიდევ ბევრი ენა ვიცი.
ის გაჩერდა და ყურადღებით შემომხედა.
-მე ბევრი დრო მქონდა მათ შესასწავლად, რადგან ჩვენ ბევრი დროის გატარება მოგვიწევს ერთად, მე როგორმე ჩემს საკუთარ ენასაც გასწავლი.
მან გაიცინა და ჩემს წამხდარ გუნებას ყურადღებაც კი არ მიაქცია.
-მე ადგილზე გავშეშდი.
-ჩვენ ერთად დიდი დროის გატარებას ვაპირებთ? - ვკითხე მე
-რა თქმა უნდა, - მიპასუხა მან მხიარულად - შენ ისე დიდსულოვნად აპირებდი ჩემთვის შენი ენერგიის მოცემას, შენ ხომ თავად მითხარი ეს.
დავმარცხდი.
-რაშია საქმე? -მკითხა ქალმა და ისევ ესპანურზე გადავიდა - არ მითხრა, რომ ამ გადაწყვეტილებას ნანობ. ჩვენ ჯადოქრები ვართ და აზრის შეცვლა ძალიან გვიანია. ხომ არ გეშინია?
მე ძალიან შემეშინდა, მაგრამ კითხვაზე მაინც რამ შემაშინა ასე პასუხი მაინც არ მქონდა. სიკვდილთან მებრძოლთან ერთად სხვა სიზმარში ყოფნა არ მაშინებდა. აქ გონებისა და სიცოცხლის სავარაუდო დაკარგვა მაშინებდა? ეშმაკისა მეშინოდა? - ვეკითხებოდი საკუთარ თავს , მაგრამ ეს აზრი კრიტიკას ვერ უძლებდა. ჯადოქრებთნ გატარებული წლების შემდეგ მე ეჭვგარეშე ვიყავი დარწმუნებული რომ დედამიწაზე არსებობდა მხოლოდ ენერგია , ეშმაკი კი მხოლოდ ადემიანის წარმოსახვის ნაყოფი იყო, შემკრები წერტილისთვის მისთვის ჩვეულ პოზიციაში ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, მე არაფრის არ უნდა შემშინებოდა. მე ეს ვიცოდი , მაგრამ ისიც ვიცოდი რომ ჩემი ნამდვილი სისუსტე მოუქნელობა იყო შემკრები წერტლის ნებისმიერ სხვა პოზიციაში ფიქსაციისას. სიკვდილთან მებრძოლთან კონტაქტმა წარმოუდგენელ დონეზე გადააადგილა ჩემი შემკრები წერტილი, მე კი გამბედაობა არ მეყო, რომ ეს პოზიციები შემენარჩუნებინა. ამას მოჰყვა გაურკვეევლი, მაგრამ წარმოუდგენლად დიდი საშინელების შეგრძნება, რომ შესაძლოა ვეღარ გამეღვიძა.
-რა პრობლემაა - ვთქვი მე - მოდი სიზმარში გავაგრძელოთ ჩვენი სეირნობა.
მან ხელკავი გამომდო და წყნარად შევედით პარკში. ეს დუმილი იძულებითი არ იყო. მაგრამ ჩემი აზრები თითქოს წრეზე დადიოდნენ. რა საოცარია, ვფიქრობდი მე, სულ რამოდენიმე წუთის წინ მე დონ ხუანთან ერთად მივდიოდი ეკლესიისკენ ყველაზე უფრო შემზარავი, მიწიერი შიშით შეპყრობილი. ახლა კი უკან ეკლესიიდან პარკში ჩემი შიშის ობიექტთან ერთად ვბრუნდებოდი და კიდევ უფრო მეშინოდა, ვიდრე ოდესმე - და ეს გძნობა სულ უფრო დიდი და დაუნდობელი ხდებოდა.
ჩემი მოუსვენრობისგან რომ თავი დამეღწია , გარშემო ყურება დავიწყე. ეს რომ სიზმარხილვა ყოფილიყო - რისი დაჯერებაც ძალიან მინდოდა, მაშინ მომეცემოდა ამის ან დამტკიცების ან უარყოფის საშუალება. მე ყველაფერზე ვუთითებდი, მე ორი ადამიანიც კი გავიყოლე, რომლებიც როგორც აღმოჩნდა ძალიან შევაშინე. მე მათ მთლიანად შევიგრძნობდი, ისინი ისევე რეალურები იყვნენ, როგორც ყველაფერი, რასაც რეალურად ვთვლიდი. მხოლოდ ენერგიას არ ასხივებდნენ. არაფერი არ ასხივებდა ენერგიას ამ ქალაქში, თუმცა კი სიზმარხილვა იყო.
მე ჩემს მკლავზე მიხუტებულ ქალს მივუბრუნდი და ვკითხე ამაზე,
-ჩვენ გვძინავს - თქვა მან თავისი მკვეთრი ხმითა და გაიცინა.
-მაგრამ როგორ შეიძლება, რომ ხალხი და საგნები ჩვენს გარშემო ასეთი რეალური, სამგანზომილებიანი იყოს?
-მეორე ყურადღებაში მიმართული განზრახვის საიდუმლო! - წარმოთქვა მან,- ეს ადამიანები იმდენად რეალურნი არიან, რომ ფიქრობენ კიდეც.
ეს უკანასკნელი დარტყმა იყო. აღარაფრის კითხვა აღარ მინდოდა, მხოლდ ამ სიზმარხილვას მივცემოდი. ხელზე ძლიერმა დარტყმამ გამომაფხიზლა. ჩვენ მოედნამდე მივედით.ქალი გაჩერდა და სკამე დამსვა , როცა ვჯდებოდი, სკამი ვეღარ ვიგრძენი მაგრამ ზევით ვიწეოდი, გაიელვა ბაღმა თითქოს მისთვის ზემოდან მომეკრა თვალი.
აი ის ! - დავიყვირე მე
მეჩვენებოდა რომ ვკვდებოდი... მაღლა ასვლის ტრიალი წყვდიადში ჩავარდნის ტრიალად გადაიქცა.