მოლეკულა "მეტი"

დანიელ ლიბერმანი და მიშელ ლონგი
5
1

როგორ აღძრავს თქვენს ტვინში ერთი ქიმიური ნივთიერება სიყვარულს, სექსს და კრეატიულობას - და როგორ განსაზღვრავს იგი ადამიანური რასის ბედისწერას

თავი მეორე - ნარკოტიკები

 შენ ის გინდა... მაგრამ, რამდენად მოგეწონება?

  ეს არის საკითხი, რომელშიც დოფამინი საგნის მოხმარების სურვილს ზედმეტად აჭარბებს და წარმოშობს ყველაზე დესტრუქციულ ქცევის შაბლონს, რაც კი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. 

  წარმოვიდგინოთ, რომ ერთი ტიპი რესტორანს ჩაუვლის და ცხვირში მზადების პროცესში მყოფი ბურგერის სუნი ეცემა; წარმოიდგენს, როგორ ჩაკბიჩავს ლაზათიან ლუკმას. თითქმის დააგემოვნა კიდეც. ამჟამად დიეტაზეა, მაგრამ აღარ ახსოვს, ასეთი მძაფრი სურვილით როდის სურდა რაიმე; ჰამბურგერის გარდა ვერაფერზე ფიქრობს, ასე რომ, რესტორნის კარებს შეაღებს, შიგნით შეაბიჯებს და ერთ ცალს უკვეთავს. რა თქმა უნდა, პირველი ნაკბეჩი გემრიელია, მეორე - არც ისე. ყოველი მომდევნო ლუკმის დროს მისი სიამოვნება უფრო და უფრო მცირდება. სიამოვნება იმაზე ნაკლებია, ვიდრე "ჰამბურგერის სამოთხისათვის" იმედოვნებდა. იგი ჰამბურგერს მაინც ამთავრებს; ნამდვილად არ იცის რატომ, მაგრამ მცირე გულისრევას გრძნობს, რასაც დამარცხებულობის შეგრძნებაც ემატება, ვინაიდან დიეტა დაარღვია. 

  ტიპი ქუჩაში ბრუნდება და თავში ერთი აზრი უტრიალებს: ძალიან დიდი განსხვავებაა რაღაცის სურვილსა და მის მოწონებას შორის. 

 

  ვინ აკონტროლებს თქვენს ტვინს?

  რაღაც მომენტში, ყველა სვამს კითხვას "რატომ?". რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ? რატომ ვირჩევ იმას, რასაც ვირჩევ? 

  ერთი შეხედვით, ეს კითხვა მარტივად გამოიყურება: ჩვენს ქმედებებს მიზეზები აქვთ. თბილ სვიტრს მაშინ ვიცვამთ, როდესაც გვცივა. დილით ადრიანად ვდგებით და სამსახურში მივდივართ, რადგან გადასახადები უნდა გადავიხადოთ. კბილებს ვიხეხავთ, რათა მათი გაფუჭებისგან თავი დავიზღვიოთ. ჩვენს მიერ ჩადენილი ქმედებები ძირითადად სხვა საგნებს ემსახურება, იქნება ეს სითბოს შეგრძნება, ფულის ქონა თუ სტომატოლოგის მხრიდან გაკიცხვის თავიდან არიდება. 

  პრობლემა ის არის, რომ თქვენ შეგიძლიათ ეს კითხვა იქამდე დასვათ, სანამდეც მოგინდებათ. რატომ გვინდა თბილად ყოფნა? რატომ გვაღელვებს გადასახადების გადახდა? რატომ გვინდა თავიდან ავიცილოთ სტომატოლოგთან ვიზიტი? ბავშვები ამ თამაშს მუდმივად თამაშობენ: დაძინების დროა: "რატომ?", იმიტომ, რომ დილით სკოლისათვის ადრე უნდა ადგე: "რატომ?", იმიტომ, რომ განათლება გჭირდება: "რატომ?", და ას შემდეგ. 

  ფილოსოფოსმა არისტოტელემ იგივე თამაში ითამაშა, მაგრამ ბევრად სერიოზული მიზნით. ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იგი სხვა საკითხებთან მიმართებაში აკვირდებოდა და აინტერესებდა, ჰქონდა თუ არა ამ ყველაფერს დასასრული. მართლაც, რატომ მიდიხართ სამსახურში? რაში გჭირდებად ფულის შოვნა? რატომ უნდა გადაიხადოთ გადასახადები? რატომ გინდათ, რომ ელექტროენერგია ჩართული იყოს? სად მთავრდება ეს ყველაფერი? არსებობს რაიმე, რასაც მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვეძებთ და არა იმიტომ, რომ ყველაფერს სხვა საგნებამდე მივყავართ? არისტოტელემ გადაწყვიტა, რომ ასეთი რამ მართლაც არსებობდა. მან თქვა, რომ არსებობდა ერთი რამ, რომელიც იმალებოდა ყოველი "რატომ"-ს მიღმა და მისი სახელია ბედნიერება. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, საბოლოო ჯამში ბედნიერების მოპოვებას ემსახურება. 

  ძნელია ამ დასკვნასთან კამათი. ჩვენ გვახარებს, რომ შეგვიძლია გადასახადების გადახდა, გვახარებს, რომ სახლში ელექტროენერგია გვაქვს, გვახარებს, რომ ჯანსაღი კბილები და მოქნილი გონება გვაქვს. შეიძლება ტანჯვაც კი გვიხაროდეს, თუ ამას ღირსეული მიზეზით ვაკეთებთ. ბედნიერება სწორედ ის კომპასია, რომელიც ჩვენი ცხოვრების მოგზაურობას ხელმძღვანელობს. სხვადასხვა ვარიანტების წინაშე დგომისას, ჩვენ ვირჩევთ იმას, რაც ყველაზე მეტ ბედნიერებამდე მიგვიყვანს.

 იმ გამონაკლისების გარდა, როდესაც ასეთ არჩევანს არ ვაკეთებთ.

 ჩვენი ტვინი ამგვარად არ არის მოწყობილი. გაიხსენეთ, რამდენ ადამიანს იცნობთ, რომლებმაც კარიერაში "ჩავარდნა" განიცადეს, ან ისინი, რომლებმაც კონკრეტული კოლეჯი ყოველგვარი მოწოდების გარეშე, არაფრის საფუძველზე აირჩიეს, ბუნდოვანი შეგრძნებით, რომ ეს გადაწყვეტილება მათთვის სწორი იყო. ჩვენ მხოლოდ იშვიათად ვცდილობთ რაციონალურად განვიხილოთ შესაძლო ვარიანტები და თითოეული მათგანი ავწონ-დავწონოთ. ასეთი ვარჯიში დამღლელი სამუშაოა და შედეგიც იშვიათად არის დამაკმაყოფილებელი. ჩვენ იშვიათად ვაღწევთ ისეთ წერტილს, სადაც სრული დარწმუნებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ბევრად უფრო ადვილია უბრალოდ ის გააკეთო, რისი გაკეთებაც გინდა. და ასეც ვიქცევით.

  შემდეგი კითხვა, რა თქმა უნდა, არის: "რა გვინდა?". პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის ვუსვამთ ამ კითხვას. ერთს შესაძლოა გამდიდრება სურდეს, ხოლო მეორეს კარგი მამობის გაწევა. პასუხი ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დროს ვსვამთ კითხვას; დილის ცხრა საათზე შეიძლება სადილი გვსურდეს, ხოლო დილის შვიდ საათზე - კიდევ ათი წუთით ძილი. ხანდახან ისეც ხდება, რომ ადამიანებმა საერთოდ არ იციან რა უნდათ; სხვა დროს მათ უამრავი რამ ერთდროულად სურთ. მათ ერთდროულად ბევრი რამ ვერ ექნებათ, რადგან ხშირად სურვილები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. რა ხდება?

  

  როგორ დარჩე ცოცხალი

  ენდრიუ ოცი წლის ახალგაზრდა გახლდათ, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის სავაჭრო კომპანიაში მუშაობდა. იგი თავდაჯერებული, სანდომიანი ადამიანი იყო და კომპანიაში ერთ-ერთი საუკეთესო გამყიდველის რეპუტაციით სარგებლობდა. საკუთარი სამუშაოთი იმდენად იყო გატაცებული, რომ დასვენებას და სხვა აქტივობებს დროს თითქმის არ უთმობდა. გამონაკლისი მხოლოდ ერთი რამ გახლდათ: ქალები. ენდრიუმ აღმოაჩინა, რომ ასამდე ქალთან ეძინა, მაგრამ ინტიმური ურთიერთობა არც ერთ მათგანთან არ ჰქონია. ენდრიუს ღრმა ურთიერთობა სურდა, ფიქრობდა რომ ეს მნიშვნელოვანი იყო ხანგრძლივი ბედნიერებისათვის და იმასაც ხვდებოდა, რომ ერთი ღამე ხანგრძლივ ბედნიერებასთან არ მიიყვანდა. მიუხედავად ამისა, მსგავსი საქციელით ცხოვრებას მაინც განაგრძობდა. 

  სურვილი ან რაღაცის ნდომა, ტვინის ევოლუციურად ძველი ნაწილიდან თავის ქალას სიღრმეში მიედინება, რომელსაც „ვენტალური ტეგმენტალური წრე“ ეწოდება. იგი დოფამინით არის მდიდარი; ფაქტობრივად, ეს არის დოფამინის მწარმოებელი ორი ძირითადი რეგიონიდან ერთ-ერთი. ტვინის უჯრედების უმეტესობის მსგავსად, უჯრედებს, რომლებიც იქ იზრდებიან, ტვინში გრძელი წანაზარდებით (კიდურებით) გამოირჩევიან, სანამ არ მიაღწევენ ადგილს, რომელსაც აკუმბენსის ბირთვი ეწოდება. როდესაც ეს გრძელკუდიანი უჯრედები გააქტიურებულია, ისინი დოფამინს აკუმბენსში ათავისუფლებენ, რომელიც აღძრავს შეგრძნებას, რასაც მოტივაციის სახელით ვიცნობთ. ამ წრედის სამეცნიერო ტერმინი არის მეზოლიმბური ბილიკი, თუმცა უფრო მოსახერხებელია, რომ მას დოფამინის სურვილის წრე დავარქვათ.

  დოფამინის სურვილის წრე იმისათვის განვითარდა, რომ ხელი შეუწყოს ქცევის შაბლონებს, რომელიც ემსახურება გადარჩენას და რეპროდუქციას, ან უფრო ნათლად რომ ვთქვათ, რათა დაგვეხმაროს საკვებისა და სექსის მიღებაში; ასევე, სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვაში. სწორედ სურვილის წრე აქტიურდება, როდესაც მაგიდაზე დადებულ დონატებს ხედავთ და მათი შესანსვლა გინდებათ. იგი საჭიროების მიხედვით არ აქტიურდება, არამედ ევოლუციურად რაიმე მიმზიდველის არსებობით და სიცოცხლის შენარჩუნების თვალსაზრისით. ანუ, როდესაც სურვილის წრე აქტიურდება, არ აქვს მნიშვნელობა ამ მომენტისათვის მშიერი ხართ თუ არა. ეს არის დოფამინის ბუნება. იგი ყოველთვის მეტის შეძენაზე და მომავლის უზრუნველყოფაზეა ორინეტირებული. შიმშილი არის ის, რაც აქ და ახლა ხდება, მაგრამ დოფამინი გეუბნებათ: "წადი და შეჭამე დონატი. სულ არ მაინტერესებს გშია თუ არა. ეს გაზრდის შენს შანსს მომავალში ცოცხლად დარჩენისათვის. ვინ იცის, როდის გამოჩნდება მომდევნო საკვები?". ასეთ დამოკიდებულებას ობიექტური აზრი ჰქონდა ჩვენი ძირძველი წინაპრებისთვის, რომლებიც დროის უმეტეს ნაწილში შიმშილის ზღვარზე ცხოვრობდნენ. 

  ბიოლოგიური ორგანიზმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ცოცხლად დარჩენასთანაა დაკავშირებული. შედეგად, დოფამინის სისტემა მეტ-ნაკლებად შეპყრობილია ჩვენთვის სიცოცხლის შენარჩუნებით. იგი მუდმივად ასკანერებს შესაძლო წყაროებს საკვებისათვის, თავშსაფარს, შეჯვარების შესაძლებლობებს და სხვა რესურსებს, რომლებიც ჩვენი დნმ-ს რეპლიკაციას გააგრძელებენ. როდესაც რაღაც პოტენციურად ღირებული აღმოჩენილია, დოფამინი ირთვება და აგზავნის შეტყობინებას: "გაიღვიძე!", "ყურადღებით იყავი!", "ეს მნიშვნელოვანია". იგი ამ შეტყობინებას სურვილისა და მღელვარების შეგრძნების წარმოქმნით გვიგზავნის. სურვილის არსებობა თქვენს მიერ გაკეთებული არჩევანი არ არის. ეს არის რეაქცია თქვენთვის ნაცნობ საგნებთან მიმათებაში.  

  ბურგერის სურნელით მოჯადოებული მამაკაცის გონებაში შესაძლოა სხვა პრიორიტეტები ტრიალებდა, მაგრამ დოფამინმა მას თითქმის უზომო სურვილი გაუჩინა - ბურგერის ჭამის სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ აქცენტი განსხვავებული იყო, ადამიანების ტვინში ათასობით წლის წინაც იგივე მექანიზმი მუშაობდა. წარმოიდგინეთ ჩვენი ერთ-ერთი წინაპარი, რომელიც სავანაში სეირნობს. ნათელი დილაა, მზე ამოდის, ჩიტები ჭიკჭიკებენ და ყველაფერი ისეა, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. ჩვენი წინაპარი აქეთ-იქით იყურება, მიდამოს ათვალიერებს და მოულოდნელად მისი მზერა კენკრით დახუნძლულ ბუჩქს ამჩნევს. ასეთი ბუჩქი მან ადრეც არაერთხელ ნახა, მაგრამ მათზე გამოსხმული კენკრა არასდროს უნახავს. წარსულში მისი თვალები ბუჩქს უდარდელად ათვალიერებდა, ხოლო გონება სადღაც სხვაგან დაქროდა, ახლა კი ბუჩქმა ყურადღება მიიპყრო. კონცენტრაცია მძაფრდება, ვინაიდან თვალებმა წითელი კენკრა დაასკანერეს და ყველა დეტალს ზედმიწევნით აკვირდებიან. ორგანიზმში მღელვარება იმატებს. მომავალი მცირედით უსაფრთხო გახდა, რადგან მწვანე ბუჩქი ნაყოფს იძლევა. 

  სურვილის წრე, რომელიც დოფამინით იკვებება, მოქმედებაში მოვიდა. 

  ჩვენი წინაპარი ამ ადგილის დამახსოვრებას აპირებს, რადგან აქ კენკრა იზრდება. ამიერიდან, როდესაც იგი ბუჩქს დაინახავს, მცირე დოფამინი განთავისუფლდება, რათა მან მეტი სიფრთხილე და აღელვება იგრძნოს; რაც უფრო დიდი იქნება აღელვება, მით მეტი იქნება მოტივაცია, რომ იგი დაეუფლოს ამ კენკრას, რომელიც სამომავლოდ ცოცხლად გადარჩენაში დაეხმარება. უკვე ჩამოყალიბდა მნიშვნელოვანი მეხსიერება: ეს ადგილი მნიშვნელოვან დატვირთავს ატარებს, რადგან გადარჩენასთან არის დაკავშირებული და დოფამინის განთავისუფლებასთან ასოცირდება. მაგრამ რა ხდება, როდესაც დოფამინი კონტროლიდან გამოდის?

 

  რატომ ვცხოვრობთ ილუზიების სამყაროში?

 როცა ენდრიუმ მიმზიდველი ქალი დაინახა, მისი საწოლამდე მიყვანა ამქვეყნად ყველაზე საინტერესო გამოწვევად იქცა. ყველაფერი დანარჩენი გამკრთალდა და განაცრისფრდა. იგი როგორც წესი, ქალებს ბარებში ხვდებოდა და როდესაც არ მუშაობდა, ბარები ზუსტად ის ადგილი იყო, სადაც დროს ატარებდა. ზოგჯერ საკუთარ თავს ეუბნებოდა, რომ მხოლოდ განტვირთვა და რამდენიმე ჭიქა ლუდი უნდოდა. ენდრიუს ატმოსფერო მოეწონა და იყო შემთხვევები, როდესაც ვიღაცის "შებმის" სურვილს ებრძოდა. მან იცოდა, რომ ახალგაზრდა გოგონების მიმართ სექსის დასრულებისთანავე დაკარგავდა ინტერესს და ეს შეგრძნება სრულებით არ მოსწონდა. მაგრამ იმისდა მიუხედავად, რომ მოვლენების განვითარების შესახებ წინასწარ იცოდა, მაინც ნებდებოდა ხოლმე. 

  ცოტა ხნის შემდეგ ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდა. ენდრიუს ქალებისადმი ინტერესი სექსის შემდეგ კი არ ეკარგებოდა, არამედ იმ მომენტიდანვე, როცა ქალები მასთან სახლში წასვლას დასთანხმდებოდნენ. დევნა დასრულდა და ყველაფერი შეიცვალა. მის თვალში ქალები თითქოს ფიზიკურადაც იცვლებოდნენ და სხვანაირად გამოიყურებოდნენ; ეს ტრანფორმაცია წამიერად ხდებოდა. სახლში მისვლისას, ენდრიუს აღარ ჰქონდა სექსის სურვილი. 

  ფართო გაგებით, რაღაცასთან დაკავშირებით იმის თქმა, რომ იგი "მნიშვნელოვანია", ნიშნავს, რომ დოფამინთან დაკავშირებულ საკითხზე ვსაუბრობთ. რატომ? რადგან უამრავ საკითხს შორის, რომელსაც დოფამინი განაგებს, იგი წინასწარი გამაფრთხილებელი მოცემულობაა ყველაფრისთვის, რაც გადარჩენაში გვეხმარება. როდესაც ჩვენი არსებობისთვის რაიმე სასარგებლო ჩნდება, მასზე უბრალოდ ფიქრი არ გვსურს. დოფამინი გვაიძულებს იგი ახლავე, დაუყოვნებლივ ვისურვოთ. არ აქვს მნიშვნელობა მოგვეწონება თუ არა საგანი ან გვჭირდება თუ არა იგი მოცემულ მომენტში. დოფამინს ასეთი რაღაცები უბრალოდ არ აინტერესებს. დოფამინი პატარა მოხუც ქალბატონს ჰგავს, რომელიც გამუდმებით ტუალეტის ქაღალდს ყიდულობს. მისი დამოკიდებულება ღაღადებს, რომ ვერასდროს გექნებათ ზედმეტი ტუალეტის ქაღალდი - ამიტომ, ყოველთვის შეგიძლიათ მისი შეძენა. ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად, დოფამინი მოგიწოდებთ დააგროვოთ ყველაფერი, რომელიც სიცოცხლის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. 

  ეს ხსნის, თუ რატომ უნდოდა დიეტაზე მყოფ მამაკაცს ჰამბურგერი, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ გრძნობდა შიმშილის შეგრძნებას. ეს ხსნის, თუ რატომ განაგრძობდა ენდრიუ ქალების შებმას, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც კარგად უწყოდა, ყველაფერი მხოლოდ რამდენიმე საათის მანძილზე გაგრძელდებოდა და ბოლოს მაინც უსიხარულოდ იგრძნობდა საკუთარ თავს. ეს ასევე სხვა ნიუანსებსაც ნათელს ჰფენს: რატომ გვამახსოვრდება გარკვეული სახელები, სხვები კი არა. არსებობს უამრავი ხერხი და მეთოდი, როგორ გავაუმჯობესოთ მარტივად მახსოვრობის უნარი, მაგალითად, როგორიცაა საუბრისას პიროვნების სახელის რამდენიმეჯერ გამეორება. 

  მაშინაც კი, როცა სახელები მეხსიერებაში კარგად შენახულად გამოიყურება, ისინი მალევე ქრებიან. მნიშვნელოვანი სახელები - ადამიანები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაზე აშკარა გავლენას ახდენენ - ნაკლებად გვავიწყდება. იმ ადამიანის სახელი, რომელიც წვეულებაზე თქვენთან ფლირტაობდა უფრო დიდხანს დაგამახსოვრდებათ, ვიდრე იმისი, ვინც დაგაიგნორათ. თუ უმუშევარი ხართ და ვინმე სამსახურს შემოგთავაზებთ, ასეთი ადამიანის სახელი არასდროს დაგავიწყდებათ. ანალოგიურად, მამრი ვირთხები ლაბირინთში არსებულ სწორ მარშრუტს უფრო ადვილად იმახსოვრებენ, თუ მათ ბოლოში მდედრი ვირთხა ელით. ზოგჯერ ფოკუსირების ინტენსივობა იმდენად დიდია, რომ თქვენი ყურადღება გამუდმებით ისეთ საკითხებზე რჩება, რომელთაც არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნიათ. მამაკაცმა, რომელმაც ყაჩაღობისას მძარცველის ცხრა მილიმეტრიანი ბერეტა დაიმახსოვრა, დაკითხვისას განაცხადა: "მე არ მახსოვს მძარცველის სახე, მაგრამ შემიძლია იარაღი აღვწერო". 

  უფრო ნორმალურ პირობებში, სურვილის წრეში დოფამინის გააქტიურება იწვევს ენერგიას, ენთუზიაზმს და იმედს. ეს ნამდვილად კარგი შეგრძნებაა. სინამდვილეში, ზოგიერთი ადამიანი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ამ შეგრძნების დევნაში ატარებს - მოლოდინის განცდა; განცდა, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. დოფამინი წარმოსახვას ააქტიურებს და ვარდისფერი მომავლის გამოსახულებებს წარმოქმნის. 

  რა ხდება, როდესაც მომავალი აწმყო ხდება - როცა ვახშამი უკვე შენს პირის ღრუშია, ხოლო შეყვარებული შენს მკლავებში? მღელვარება, ენთუზიაზმი და ენერგია იფანტება. დოფამინის გამოყოფა შეწყდა. დოფამინის წრეები გამოცდილებას რეალურ სამყაროში არ ამუშავებენ, ისინი მხოლოდ მომავლის წარმოსახვითი შესაძლებლობებით კავდებიან. ბევრი ადამიანისთვის ეს უსიამოვნების წყაროა. ისინი იმდენად არიან დოფამინურ სტიმულაციაზე მიბმული, რომ ყველანაირი ხერხით გაურბიან აწმყოს და საკუთარი წარმოსახვის კომფორტულ სამყაროს აფარებენ თავს. ადამიანი საჭმელს მიირთმევს და ფიქრობს: "რას ვაკეთებ ხვალ?" - ამ დროს ვერც კი აცნობიერებს მომენტს, როგორ მოუთმენლად ელოდა დაღამებას და სავახშმოდ დასხდომას. დოფამინური ენთუზიასტისთვის მოგზაურობა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე დანიშნულების ადგილას ჩასვლა.

  მომავალი რეალური არ არის. იგი შედგება შესაძლებლობების ნაკრებისგან, რომელიც მხოლოდ ჩვენს გონებაში არსებობს. ეს შესაძლებლობები უმეტესწილად იდეალიზებულია - ჩვენ თითქმის არასდროს წარმოვიდგენთ საშუალო შედეგს და მიდრეკილნი ვართ ვიფიქროთ ყველაზე საუკეთესო შესაძლებლობაზე, რაც მომავალს უფრო მიმზიდველს ხდის. მეორეს მხრივ, აწმყო რეალურია და კონკრეტული. რეალობა არის გამოცდილება და არა წარმოსახვა, ამიტომაც მას ტვინის ქიმიკატების განსხვავებული ნაკრები - აქ და ახლას ნეირომედიატორები სჭირდება. დოფამინი რაღაცის სურვილს გვაიძულებს, ხოლო აქ და ახლა მისი დაფასების საშუალებას გვაძლევს: არომატები, ფერები, ტექსტურა, ემოციები და გამოცდილება, როდესაც საყვარელ ადამიანებთან ძვირფას დროს ვატარებთ. 

  

  სურვილი მოწონების წინააღმდეგ

  მღელვარებიდან უშუალოდ სიამოვნებაზე გადასვლის პროცესი შესაძლოა რთული აღმოჩნდეს. იფიქრეთ მყიდველის სინანულის გრძნობაზე, რომელიც მას რაღაც ძვირადღირებულის შეძენის შედეგად ეუფლება. ტრადიციულად, ასეთ შეგრძნებას არასწორი არჩევანის გაკეთების შიშს მიაწერენ ან ექსტრავაგანტულობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ეჭვებს. სინამდვილეში, ეს არის ნათელი მაგალითი, რომ სურვილის წრე საკუთარ დაპირებას არღვევს. დოფამინი გეუბნებათ, რომ თუ ძვირადღირებულ ავტომობილს იყიდით, თქვენი ცხოვრება სიხარულის ფეიერვერკი გახდება და სიცოცხლე არასოდეს იქნება იგივე. როდესაც ავტომობილის მფლობელი გახდებით, მიხვდებით, რომ ეს გრძნობა არც ისე მძაფრი და არც ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა, როგორც იმედოვნებდით. სურვილის წრე ხშირად არღვევს თავის დაპირებებს - ეს აუცილებლად მოხდება, რადგან იგი კმაყოფილების შეგრძნების წარმოქმნაში არანაირ როლს არ თამაშობს. სურვილის წრე ოცნებების ასრულების პოზიციაში არ დგას. ასე ვთქვათ, სურვილის წრე მხოლოდ გამყიდველია. 

  სასურველის შეძენის მოლოდინის დროს, მომავალზე ორიენტირებული დოფამინის სისტემა აქტიურდება და წარმოქმნის მღელვარების შეგრძნებას, ხოლო ფლობის მიღწევის შემდეგ, სასურველი ობიექტი ექსტრაპერსონალური სივრციდან პერიპერსონალურ სივრცეში გადადის. მყიდველის სინანული არის ახლანდელი გამოცდილების მარცხი, რომელიც დოფამინური აგზნების დაკარგვით არის გამოწვეული. გონივრული შესყიდვის შემთხვევაში აწმყოში ძლიერი დაკმაყოფილება შესაძლებელია, რითაც მიღებული კმაყოფილება დოფამინური მღელვარების დაკარგვას ანაზღაურებს. მყიდველის სინანულისგან თავის ასაცილებლად კიდევ ერთი გზა არის ისეთი ნივთის შეძენა, რომელიც დამატებით დოფამინურ მოლოდინს იწვევს, როგორიცაა მაგალითად კომპიუტერის შეძენა, რაც თქვენს პროდუქტიულობას ზრდის, ან მოხდენილი ჟაკეტი, რომელიც გიხდებათ. 

  ამრიგად, ჩვენ ვხედავთ სამ შესაძლო გამოსავალს, მყიდველის სინანულის თავიდან აცილებისთვის: (1) დოფამინის დევნა გაზრდილი შესყიდვით, (2) დოფამინური კრახის თავიდან აცილება ნაკლები შესყიდვით, (3) და დოფამინიდან აწმყოზე გადასვლის უნარის გაძლიერება მოწონების გზით. სურვილი და მოწონება ტვინში ორი განსხვავებული სისტემის მიერ წარმოიქმნება, ამიტომ, ხშირად არ მოგვწონს ის, რაც გვინდა. 

  შესაძლოა რთულია ერთმანეთისგან იმის გარჩევა, თუ რა მოგვწონს და რა გვინდა, მაგრამ მსგავსი კავშირის გაწყვეტა ყველაზე რთული მაშინაა, როდესაც ადამიანები ნარკოტიკებზე ხდებიან დამოკიდებულნი.

 

  სურვილის წრედის გატაცება

  ენდრიუ თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ბარებში ატარებდა. კოლეჯში სწავლის პერიოდში იგი ხშირად დადიოდა წვეულებებზე, სადაც დილამდე სვამდა. კოლეჯის დამთავრების შემდეგ მისი მეგობრების უმეტესობა სასმელიდან სხვა საკითხებით დაინტერესებაზე გადავიდა. ალკოჰოლი მათ ცხოვრებაში მთავარ როლს აღარ თამაშობდა. მაგრამ ენდრიუსთვის ბარები საკუთარი სახლივით გახლდათ. როდესაც იგი ისეთ ქალს იპოვიდა, რომელიც მასში ინტერესს აღძრავდა, შედარებით მეტის სმას იწყებდა. მეწყვილის ყოლის გავლენით სამყარო უფრო ამაღელვებელ და ლამაზ ადგილად გამოიყურებოდა, რისგან მიღებულ სიამოვნებასაც ალკოჰოლი უფრო ამწვავებდა. 

  ენდრიუ მშვენივრად აცნობიერებდა, რომ დალევა მეორე დღეს ნამდვილ განსაცდელად გადაიქცეოდა ხოლმე; სამსახურში იგი ვეღარ ახერხებდა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას. გაყიდვებმა იკლო, თერაპევტმა კი ენდრიუს სასმელისგან შესვენება ურჩია. თერაპევტმა ენდრიუს უთხრა, რომ უბრალოდ ეცადა ოცდაათი დღის განმავლობაში ფხიზლად დაჩენილიყო. ექიმმა კარგად იცოდა, რომ თუ სასმელზე დამოკიდებულ ადამიანს ამის გაკეთება ოცდაათი დღის განმავლობაში შეუძლია, იგი ერთ თვეში თავს კარგად იგრძნობს. ენდრიუ ერთ თვეში ირძნობდა ენერგიის მატებას და ცხოვრების მარტივი სიამოვნებებისგან მეტად გაიხარებდა. თავად ეს გრძნობა კი პარალელურად ზრდის მოტივაციას უფრო ხანგრძლივი სიფხიზლისათვის. მეორეს მხრივ, თუ იგი ოცდაათდღიან სიფხიზლეს ვერ მიაღწევს, ეს იმის მანიშნებელია, რომ პაციენტმა სასმელზე კონტროლი დაკარგა. ერთ თვიანი სიფხიზლე არის გამომაფხიზლებელი გამოცდილება, რომელსაც შეუძლია მსმელის ცხოვრებიდან ალკოჰოლი გააქროს. 

  ენდრიუმ სცადა... თავის შეკავება არც ისე უჭირდა, თუ არ ჩავთვლით მომენტებს, როდესაც ბარში ახალი გოგონას აღმოსაჩენად იყო მისული. დევნის ნაცნობი გამოცდილება მასში ძლიერ ლტოლვას აღძრავდა. თერაპევტი უფრო მეტად შეშფოთდა და იგრძნო, რომ ენდრიუ ალკოჰოლის მოხმარების კრიტერიუმის დარღვევებს აკმაყოფილებდა. მან ენდრიუს სთხოვა, რომ ანონიმური ალკოჰოლიკების რამდენიმე შეხვედრაზე წასულიყო. 

  ენდრიუ თერაპევტის მიერ დასმულ დიაგნოზს არ დაეთანხმა. იგი უფრო მეტად ანონიმური სექსის დაძლევაზე იყო ორიენტირებული. ენდრიუ დარწმუნებული იყო, რომ თუ ამ ასპექტს კონტროლის ქვეშ მოაქცევდა, იგი აღარ ივლიდა ბარებში ასეთი სიხშირით და ალკოჰოლის პრობლემაც თავისთავად მოგვარდებოდა. თერაპიას დიდი დრო დასჭირდა და მიუხედავად თერაპევტთან განმეორებითი საუბრებისა, სასმელის მოხმარება შემცირების ნაცვლად უფრო გაიზარდა. საბოლოოდ, ენდრიუმ მიზანს მიაღწია. ის შეხვდა გოგონას, რომელმაც მისი ინტერესი მიიპყრო და სასიხარულოდ, ინტერესი არ გაქრა. ენდრიუმ მთლიანად უარი თქვა ერთ ღამიან ურთიერთობებზე. ბარებში ხშირად აღარ დადიოდა, მაგრამ გაკვირვებულმა აღმოაჩინა, რომ სმა მაინც გაგრძელდა. სასმელის ჭიაყელა ღრმად შეძვრა ენდრიუს ტვინში, იქ მან გადააერთა სქემები და გადმოაერთა სისტემები, შედეგად კი ახლა ენდრიუ ვეღარ ჩერდებოდა. 

  მართვადი რაკეტის მსგავსად, დამოკიდებულების შემცველი ნარკოტიკები ძლიერი ქიმიური აფეთქების მსგავსად ურტყამს სურვილის წრეს. ამ დამოკიდებულებას ვერც ერთი ბუნებრივი შაბლონი ვერ შეედრება; ვერც საკვები, ვერც სექსი, ვერც ვერაფერი.   

  ალან ლეშნერმა, ნარკომანიის ეროვნული ინსტიტუტის ყოფილმა დირექტორმა განაცხადა, რომ ნარკოტიკები სურვილის წრეს "იტაცებს". ისინი ამ წრედს უფრო ინტენსიურად ასტიმულირებენ, ვიდრე ბუნებრივი საშუალებები, როგორებიცაა საკვები ან სექსი, რომლებიც ასევე ასტიმულირებენ ტვინის მოტივაციის სისტემას. სწორედ ამიტომ აქვს საკვებისა და სექსისადმი დამოკიდებულებას ალკოჰოლთან კავშირი. ტვინის სქემები, რომლებიც ჩვენი სიცოცხლის შენარჩუნების გადამწყვეტი მიზნისთვის განვითარდა, ნარკოტიკების მიერ ხდება დამონებული.

  ნარკოტიკზე დამოკიდებულება კიბოს ჰგავს: იგი მცირე ასპექტით იწყება, მაგრამ შეიძლება სწრაფად და ტოტალურად დაეუფლოს მომხმარებლის ცხოვრებას. ალკოჰოლიკი ყოველთვის ზომიერი მსმელის საფეხურიდან იწყებს. იგი ნაბიჯ-ნაბიჯ მოძრაობს, რამდენიმე ჭიქა ლუდს არაყი და სხვა სასმელები ემატება, რაც შემდგომში სასმელის მიერ ცხოვრების ყოველი ასპექტის გადაყლაპვას იწვევს. ალკოჰოლიზმი და მსგავსი დამოკიდებულებები ადამიანს ყველა სოციალურ აქტივობას ეტაპობრივად აშორებს. სიმსივნის მსგავსად, ალკოჰოლიზმი ვრცელდება და ადამიანის მთელი ცხოვრება მხოლოდ მასზეა ორიენტირებული. აკეთებს თუ არა ადამიანი რაციონალურ არჩევანს? გარედან ასე არ გამოიყურება. 

  შინაგანად, დოფამინის მოქმედებაში მოყვანით ჩვენ ზუსტ მიზეზებს ვხედავთ და ცხადად ვაკვირდებით, რა მიზეზით დგება მსგავსი შედეგი. 

  დოფამინის სისტემა იმისათვის განვითარდა, რომ გამრავლებისთვის და გადარჩენისთვის მოტივაცია მოგვცეს. ადამიანთა უმეტესობისათვის არაფერია ცოცხლად დარჩენაზე და შვილების უსაფრთხოებაზე უფრო მნიშვნელოვანი. სწორედ ასეთი აქტივობები წარმოქმნიან დოფამინის მატებას. პირდაპირი გაგებით, დოფამინის მოზღვავებული ტალღები სიცოცხლისა და სიკვდილის სიტუაციებზე რეაგირების აიცულებლობას მიანიშნებს. უსაფრთხოდ ყოფნა საკვების მოპოვება და შვილების დაცვა არის ამოცანა, რომელიც ძლიერად ურტყამს დოფამინურ სისტემას. რა შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი?

  ნარკომანისთვის, ნარკოტიკი უფრო მნიშვნელოვანია. ყოველ შემთხვევაში, მოცემულ მომენტში ყველა ნარკომანი ასე გრძნობს. დოფამინური აფეთქება ყველაფერს იტაცებს. თუკი გადაწყვეტილების მიღება ბალანსირებულ სასწორზე აწონვას წააგავს, ნარკოტიკი ცალ მხარეს ჩამოკიდებული სპილო იქნება. ვერაფერი შეძლებს მისთვის კონკურენციის გაწევას. 

  ნარკომანი ნარკოტიკს ამჯობინებს სამუშაოს, ოჯახს, ყველაფერს. თქვენ ფიქრობთ, რომ მისი ტვინი ირაციონალურ არჩევანს აკეთებს, მაგრამ თავად ნარკომანს თავისი ტვინი ეუბნება, რომ ყველაფერი სავსებით ლოგიკურია. თუ ვინმე შემოგთავაზებთ არჩევანს ყველაზე ლამაზ სასადილოში ვახშმობასა და მილიონ დოლარს შორის, იმაზე ფიქრიც კი სასაცილოა, რომ სასადილოს აირჩევთ. ზუსტად ამას გრძნობს ნარკომანი, როდესაც არჩევანი გადასახადების გადახდასა და ამფეტამინს შორის უნდა გააკეთოს. ის ირჩევს იმას, რაც უფო მძლავრ დოფამინურ აფეთქებამდე მიიყვანს. კოკაინის დოფამინური ეიფორია უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი გამოცდილება, რისი დასახელებაც შეგიძლიათ. დოფამინური სურვილის თვალსაზრისით ნარკომანის დამოკიდებულება რაციონალურია, რადგან სწორედ იგი განსაზღვრავს ნარკომანთა ქცევის შაბლონებს. 

  ნარკოტიკები ფუნდამენტურად განსხვავდებიან დოფამინის ბუნებრივი ნაირსახეობებისაგან. როდესაც გვშია, არაფერია საკვებზე დიდი მოტივაცია. საკვების მიღების შემდეგ მოტივაცია იკლებს, რადგან დაკმაყოფილების სქემები აქტიურდება და სურვილის წრე ითიშება. არსებობს კონტროლისა და ბალანსის შესაძლებლობები, რათა ყველაფერი სტაბილურად შევინარჩუნოთ. მაგრამ ნარკოტიკისთვის არანაირი ბალანსი და კმაყოფილება არ არსებობს. ნარკომანი ნარკოტიკს იქამდე ღებულობს, სანამ ბოლო ცენტიც არ ამოეწურება ან ჯანმრთელობას მთლიანად არ გაინადგურებს. თუ ნარკომანს ჰკითხავთ, რამდენი ამფეტამინი სურს, მისი პასუხი ერთია: მეტი. 

  მოდით შევხედოთ ამას სხვა კუთხით. დოფამინის სისტემის მიზანს მომავლის პროგნოზირება წარმოადგენს, ხოლო როდესაც მოულოდნელი ჯილდო სახეზეა, იგი გვიგზავნის სიგნალს, რომელიც ამბობს: "ყურადღებით იყავი. დროა სამყაროს შესახებ რაღაც ახალი ისწავლო". ამგვარად, დოფამინით დატვირთული სქემები ელასტიური ხდება და ისინი ახალ შაბლონებად გარდაიქმნება. იბადება ახალი მოგონებები და მყარდება ახალი კავშირები. "გახსოვდეს რა მოხდა" - ამბობს დოფამინის წრე - "ეს შეიძლება სასარგებლო იყოს მომავალში". 

  რა არის საბოლოო შედეგი? ჯილდო აღარ გაკვირვებთ. თქვენ პირველად აღმოაჩინეთ საიტი, სადაც ყველა თქვენი საყვარელი მუსიკაა განთავსებული და ეს ამაღელვებელი შეგრძნება გახლდათ. საიტზე ხელმეორედ შედიხართ, მაგრამ მღელვარება გამქრალია. ჯილდოს წინასწარმეტყველებაში შეცდომა აღარ არის. დოფამინი არ ნიშნავს სიხარულის გამძლე წყალსაცავს. პროგნოზირებადი მოვლენების ფორმირებით დოფამინი ტვინში მაქსიმალურად ზრდის რესურსებს, მაგრამ პროცესში მოულოდნელობის აღმოფხვრით და ჯილდოს წინასწარმეტყველების შეცდომის გაქრობით, იგი თრგუნავს საკუთარ აქტივობას. 

  მაგრამ დამოკიდებულების მქონე ნარკოტიკები იმდენად ძლიერია, რომ ისინი გვერდს უვლიან მოულოდნელობისა და წინასწარმეტყველების რთულ წრეს და ხელოვნურად ანთებენ დოფამინის სისტემა. ამის მეშვეობით ისინი ყველაფერს ჯაბნიან. ეს არის მელვარე ლტოლვა მეტის და კიდევ უფრო მეტის მიღებისაკენ.

  ნარკოტიკები ანადგურებენ დელიკატურ ბალანსს, რომელიც ტვინს ნორმალური ფუნქციონირებისთვის სჭირდება. ძლიერი ნარკოტიკები ყოველთვის ასტიმულირებენ დოფამინის გამოყოფას. ეს აბნევს ტვინს და მისი სისტემა ცდილობს, რომ ამიერიდან ყველაფერი ნარკოტიკებთან დააკავშიროს. ცოტა ხნის შემდეგ ტვინი დარწმუნებულია, რომ ნარკოტიკები არის ერთადერთი პასუხი ცხოვრების ყველა ასპექტთან მიმართებაში. საზეიმო განწყობაზე ხართ? გამოიყენეთ ნარკოტიკები! სევდა მოგერიათ? გამოიყენეთ ნარკოტიკები! მეგობართან ერთად გართობა გინდათ? გამოიყენეთ ნარკოტიკები! გრძნობთ სტრესს, მოწყენილობას, მოდუნებას, დაძაბულობას, გაბრაზებას, ძლიერებას, წყენას, დაღლილობას? გამოიყენეთ ნარკოტიკები! ანონიმური ალკოჰოლიკების შეკრებებზე ამბობენ, რომ ნარკომანებმა ყურადღება უნდა მიაქციონ სამ ფაქტორს, რამაც შესაძლოა ლტოლვა გამოიწვიოს, ესენია: ადამიანები, ადგილები და საგნები. 

 

  როცა ტანსაცმელს კარგა ხანს ვეღარ გავრეცხავთ

  ნარკომანთა შორის სხვადასხვა გადახრები ძალიან უცნაურია. ერთ ყოფილ ნარკოდამოკიდებულს მოუწია უარი ეთქვა კარტონის მულტფილმების ყურებაზე, რადგან მისი ნარკოდილერი პაკეტებზე ყოველთვის მულტფილმის გმირებს ხატავდა. ზოგჯერ ნარკომანებმა არც კი იციან რა იწვევს მათ ლტოლვას. ჰეროინზე დამოკიდებულმა პაციენტმა აღმოაჩინა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც სასურსათო მაღაზიაში შედიოდა, საშინელი ლტოლვა ეწყებოდა, მაგრამ ვერაფრით ხვდებოდა ამის გამომწვევ მიზეზს. პაციენტის მკურნალობაში ეს ფაქტი ქაოსს იწვევდა. ერთხელაც, პაციენტმა და ექიმმა მაღაზიაში ერთად გადაწყვიტეს წასვლა; ექიმმა ნარკოდამოკიდებულს უთხრა, რომ ლტოლვის შეგრძნებისთანავე ეცნობებინა მისთვის მისი დადგომის მომენტი. ისინი თითოეულ სექციაში დასეირნობდნენ, სანამ პაციენტი მოულოდნელად არ შეჩერდა და წამოიძახა: "ახლა". ისინი სამრეცხაოში იდგნენ და გამათეთრებელი ფხვნილებით სავსე თაროს უყურებდნენ. 

 

  რატომ ფიქრობენ ნარკომანები, რომ კოკაინის გაყნოსვას კრეკის მოწევა ჯობია

  სურვილის წრეში დოფამინის გამოყოფის უნარი არის სწორედ ის, რაც ნარკოდამოკიდებულებას იწვევს. ამას აკეთებს ალკოჰოლი, კოკაინი, ჰეროინი და თვით მარიხუანაც. მიუხედავად ამისა, ისინი ერთნაირი ხარისხით არ იწვევენ დამოკიდებულებას და მათ შორის განსხვავებები არსებობს. დოფამინს ყველაზე მეტად ის აზიანებს, რომელიც მუდმივ მიჩვევას იწვევს. დოფამინური აფეთქების შემდეგ, ნარკოტიკი მომხმარებელს აიძულებს თავი უფრო მეტად იგრძნოს ეიფორიაში, რითაც იგი ასტიმულირებს ყველაზე ინტენსიურ ლტოლვას, როდესაც ნარკოტიკის მოქმედება გაქრება. ინტენსივობა ერთმანეთისგან ნარკოტიკის მიხედვით განსხვავდება. მარიხუანას მწეველებს ნაკლებად აწუხებთ დამოკიდებულება, კოკაინის მომხმარებლებთან შედარებით. მაგრამ ყველა ამ განსხვავების მიღმა არსებობს დოფამინური ლტოლვა და მომდევნო მიღების სურვილი. 

  განსხვავებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. ნარკოტიკის შემადგენლობაში მყოფი ქიმიური მოლეკულების სტრუქტურა დიდ როლს თამაშობს. ზოგი ქიმიკატი სხვებზე უკეთ აძლიერებს დოფამინს. მაგრამ არსებობს სხვა მოსაზრებებიც. მაგალითად, კრეკის მოწევის დროს მიღებული მოლეკულა ზუსტად იგივეა, რაც კოკაინის გაყნოსვის შემთხვევაში გვხვდება, მაგრამ კრეკი ბევრად უფრო ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს - როდესაც იგი 1980-იან წლებში ფართოდ ხელმისაწვდომი გახდა, ნარკოტიკების რეკრეაციული მოხმარების სამყარო მთლიანად წალეკა. 

  რა არის კრეკში ასეთი "განსაკუთრებული", რის გამოც იგი კოკაინის ბაზარს დაეუფლა და ათასობით ადამიანის ქიმიური დამონება გამოიწვია? მეცნიერული პერსპექტივიდან პასუხი მარტივია: ეს "განსაკუთრებულობა" არის მოქმედების დაწყების სიჩქარე.

 სწორედ ამიტომ, კრეკის მოწევა უფრო მიმზიდველია ვიდრე კოკაინის გაყნოსვა. მოწევა დოფამინის უფრო სწრაფ და მძლავრ გადინებას წარმოქმნის; ჩვეულებრივი კოკაინის მოწევა არ შეიძლება, სიცხე მას ანადგურებს. ცხადია ამაში არ ვგულისხმობთ რომ მისი გაყნოსვა რაიმე სახით უკეთესია. კოკაინის კრეკად გარდაქმნის შემდეგ იგი მოსაწევად გამოიყენება; პრეპარატი ორგანიზმში ცხვირის ნაცვლად ფილტვების მეშვეობით ხვდება, რაც დიდ განსხვავებას ქმნის. 

  როდესაც კოკაინის ფხვნილი ცხვირში ხვდება, იგი ცხვირის ლორწოვან გარსს ეკვრის და ამ გზით სისხლში ხვდება, მაგრამ კრეკივით ეფექტური არ არის. კოკაინის ფხვნილი მთლიანად თითქმის არასდროს შედის ორგანიმში, რადგან ცხვირის გარსში არ არის მისი შეწოვისთვის საკმარისი ადგილი. 

  ეს არ ნიშნავს, რომ კოკაინის შეყნოსვა საშიში არ არის, უბრალოდ არსებობს სხვა ნარკოტიკები, რომლებიც კოკაინს ადამიანისთვის მიყენებულ ზიანში ბევრად აღემატება. ერთ-ერთი მაგალითი არის კრეკის მოწევა. კრეკის სახით კოკაინის მოწევა პროცესს უფრო ეფექტურს ხდის. ცხვირის ლორწოვანი გარსისგან განსხვავებით, ფილტვების ზედაპირი უზარმაზარია. როცა აორთქლებული კოკაინი ფილტვებში ხვდება, იგი პირდაპირ სისხლში და სისხლიდან ტვინში გადადის. ეს უეცარი აფეთქება დიდი დარტყმაა დოფამინის სისტემისათვის. 

  კავშირი სისხლში სწრაფად მზარდ დონესა და დოფამინის გამოყოფას შორის ასევე ის არის, რის გამოც ნარკომანები ხშირად ვენებში ნარკოტიკების ინექციამდე მიდიან. სხვა გზით ნარკოტიკების მიღება მათ იმ მღელვარებას აღარ აძლევს, რისი მიღებაც უნდათ. ნარკოტიკების ინექციური შეყვანა ვენებში ძალიან საშიშია და იგი აშკარა ნარკოდამოკიდებულებაზე მიანიშნებს. სამწუხაროდ, მოწევაც ისეთივე სისწრაფით ღებულობს ტვინში ნარკოტიკს, როგორც ინტრავენური ინექცია. შედეგად, კოკაინის ბევრი სავარაუდო მომხმარებელი გადადის დამოკიდებულების ფაზაზე, რომელიც სიცოცხლისათვის დამღუპველია. იგივე მოხდა მეტამფეტამინთან დაკავშირებით, როგორც კი იგი მოსაწევად ხელმისაწვდომი გახდა.

 

  ალკოჰოლური თრობა და მოსაწევის კაიფი. რა განსხვავებაა მათ შორის? 

  სიმთვრალესა და კაიფს შორის ძალიან დიდი სხვაობაა, მაგრამ ცოტამ თუ იცის ამის შესახებ. კიდევ უფრო ცოტამ იცის, რატომ არსებობს ასეთი დიდი სხვაობა.

  დასალევი საწყის ეტაპზე კარგ შეგრძნებას გვიტოვებს. ალკოჰოლის დონე სწრაფად იზრდება - სიმთვრალე გვეკიდება - და თავს კარგად ვგრძნობთ. სწორედ ეს არის დოფამინური ეიფორია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ალკოჰოლის ზრდის ტემპთან და იგი ტვინში ხვდება. ღამის განმავლობაში ალკოჰოლური ზრდა ითიშება და მასთან ერთად ითიშება დოფამინიც. ეიფორია გზას უთმობს სიმთვრალეს. ალკოჰოლური დონის ამაღლების ადრეულ ეტაპს შეიძლება ახასიათებდეს გაზრდილი ენერგია, მღელვარება და სიამოვნება. თავის მხრივ, ინტოქსიკაციას, ანუ სიმთვრალეს ახასიათებს ცუდი კოორდინაცია, დაბნეული მეტყველება და განსჯის დაკარგვა. ტვინში ალკოჰოლის გაზრდის სიჩქარე განსაზღვრავს, თუ რამდენად მთვრალია ადამიანი. ეს არის ალკოჰოლური მოხმარების ტოტალური რაოდენობა, რომელიც ინტოქსიკაციის დონეს განსაზღვრავს. მსმელები იწყებენ სასმელის დალევას და სისხლში ალკოჰოლის დონის გაზრდის შედეგად საწყის ეტაპზე სიამოვნებას გრძნობენ, შემდეგ კი შეცდომით სჯერათ, რომ ეს სიამოვნება სიმთვრალეს ეკუთვნის. ასე რომ, ისინი გააგრძელებენ მეტის და მეტის დალევას; ფაქტია, რომ ასეთ დროს ამაოდ ცდილობენ სიამოვნების უკან დაბრუნებას. ხშირად მონდომება ცუდად მთავრდება, მაგალითად უნიტაზზე დაჩოქილი ღებინებით. 

  ზოგიერთი ადამიანი ამას დამოუკიდებლად აცნობიერებს. კოქტეილის წვეულებაზე ერთმა ქალბატონმა თქვა, რომ შერეული სასმელებით ყოველთვის უფრო მხიარულობდა, ვიდრე ლუდით. თავდაპირველად ეს შეიძლება სისულელედ მოგვეჩვენოს, ვინაიდან ალკოჰოლი ალკოჰოლია, ლუდი იქნება თუ რომი. მაგრამ მეცნიერება ადასტურებს ამ ქალბატონის გამოცდილებას: შერეული სასმელი უფრო ტკბილია და ადამიანები შედარებით სწრაფად სვამენ მას, ხოლო ისინი ჩვეულებრივ უფრო მეტ ალკოჰოლს შეიცავენ, ვიდრე ლუდი ან ღვინო. ამიტომ, შერეული სასმელი უამრავ ალკოჰოლს ტვინს უფრო სწრაფად აწვდის, საღამოს კი ინტოქსიკაცია შედარებით ნელა იზრდება. ადამიანს ასეთ დროს გართობისათვის მეტი დრო რჩება.

 

  ლტოლვა, რომელიც არასოდეს ჩერდება

   მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკების მოხმარების ფარგლებში ლტოლვა არასდროს წყდება, ტვინი თანდათან კარგავს უნარს, ორგანიზმს მიაწოდოს მაღალი ხარისხის კმაყოფილება; სურვილის წრე სულ უფრო და უფრო ნაკლებად რეაგირებს, თანაც იმდენად, რომ ნარკოდამოკიდებულებს შეუძლიათ ნარკოტიკი მარილიანი წყლით ჩაანაცვლონ. როდესაც მეცნიერებმა კოკაინის ხანგრძლივ მომხმარებლებს კოკაინის მსგავსი მასტიმულირებელი საშუალება გაუკეთეს, აღმოჩნდა, რომ ისინი ოთხმოცი პროცენტით ნაკლებ დოფამინს გამოიმუშავებდნენ, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანები, რომელთაც იგივე წამალი მიიღეს. ნარკომანების მიერ გამოთავისუფლებული დოფამინი დაახლოებით იგივე იყო, რაც პლაცებოს მიღების შემთხვევაში - ესაა არააქტიური ნივთიერება, თითქმის ისეთი, როგორიცაა მარილიანი წყალი.

  პატრიკ კენედის, აშშ-ს ყოფილ წარმომადგენელს როდ აილენდში, პირველი კონგრესის ოლქში და მასაჩუსეტსის სენატორის ვაჟს, ტედ კენედის, ნარკოტიკების მოხმარების სტიმულირების შემცირების საკითხი მშვენივრად ესმით. როგორც ტვინის კვლევისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებული სერვისების უმთავრესი დამცველი შეერთებულ შტატებში, პატრიკი თავად ებრძოდა დამოკიდებულებებსა და ფსიქიკურ დაავადებებს; მან საჯაროდ აღიარა საკუთარი პრობლემები მას შემდეგ, აშშ-ს კაპიტოლიუმის ბარიკადაში შევიდა. ლესლი სტალთან ერთ საათიან ინტერვიუში მან ისაუბრა ნარკოტიკული დამოკიდებულების შესახებ, თუნდაც სიამოვნების არარსებობის შემთხვევაში:

  "არანაირი წვეულება არ არსებობს. არც სიამოვნება. ეს ყველაფერი ტკივილის შემსუბუქებას ეხება. ხალხს მცდარი წარმოდგენა აქვს, რომ ამ დროს თქვენ თითქოს მაღალი დონის კაიფში არიან. სინამდვილეში ყველაზე დაბალი საფეხურით კმაყოფილდებიან". 

  სწორედ ამიტომ, მაშინაც კი, თუ ნარკომანი ძალიან ბევრ კოკაინს (ან ჰეროინს, ალკოჰოლს, მარიხუანას) მოიხმარს, ეს აღარ იწვევს მძაფრ შეგრძნებებს, თუმცა მათ გამოყენებას მომხმარებელი მაინც განაგრძნობს. 

  გახსოვთ წინა თავში მოყვანილი ისტორია, ახალი საცხობის აღმოჩენის შედეგად განცდილი ეიფორიისა და სიხარულის შესახებ? თქვენ უბრალოდ მისერინობთ, არაფერს ელით, უეცრად რაღაც ახალსა და კარგს აღმოაჩენთ და დოფამინის სისტემაც მოქმედებაში მოდის. თქვენი "პროგნოზი" არასწორი გამოდგა და განიცადეთ დოფამინური აფეთქება, რომელიც ჯილდოს წინასწარმეტყველების შეცდომამ გამოიწვია. შემდეგ ამ საცხობში სიარული ყოველ დღე დაიწყეთ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ დილის რიგში ელოდებით ყავას და კრუასანს, უეცრად კი თქვენი ტელეფონი რეკავს. ეს თქვენი უფროსია. იგი გეუბნებათ, რომ სამსახურში კრიზისია, ახლავე უნდა მიატოვოთ ყველაფერი და სასწრაფოდ მიხვიდეთ ოფისში. ვივარაუდოთ, რომ კეთილსინდისიერი ადამიანი ხართ, ხელცარიელი ტოვებთ საცხობს და უკმაყოფილების შეგრძნება გეუფლებათ. 

  ახლა ვთქვათ, რომ შაბათი ღამეა და ნარკომანის ტვინი ჩვეულებრივ შაბათ საღამოს "თერაპიას" ელოდება. კოკაინის ლოდინში დრო გადის, მაგრამ იგი არ მოდის. სამსახურის თანამშრომელის მსგავსად, ნარკომანი თავს განაწყენებულად, გაღიზიანებულად და დაცლილად იგრძნობს. 

  როდესაც მოსალოდნელი ჯილდო ვერ რეალიზდება, დოფამინის სისტემა მუშაობას წყვეტს. მეცნიერული თვალსაზრისით, როდესაც დოფამინის სისტემა მოსვენებულია, იგი მოლეკულებს სამიდან ხუთჯერ ისვრის წამში. როცა დოფამინი აღფრთოვანებულია, მოლეკულების გამოსროლა წამში ოციდან ოცდაათამდე იზრდება. როდესაც მოსალოდნელი ჯილდო ვერ განხორციელდება, დოფამინის გასროლის სიჩქარე ნულამდე ეცემა და ადამიანი თავს საშინლად გრძნობს. 

  ამიტომაც, დოფამინის გამორთვა მოწყენილობას და უხასიათობას გაგრძნობინებთ. იგივეს გრძნობს ნარკომანი, რომელიც სიფხიზლის გზას დაადგა. ამის აღსრულებას უზარმაზარი ძალა, განზრახვა და მხარდაჭერა სჭირდება. არ ეხუმროთ დოფამინს, იგი საპასუხო დარტყმას ძლიერად აბრუნებს.

 

  სურვილი მუდმივია, მაგრამ ბედნიერება წარმავალია

  ლტოლვის მიმართ დამოკიდებულება სულაც არ იწვევს სიამოვნებას, რადგან სურვილი მოწონებისგან განსხვავდება. დოფამინი გვპირდება, რომ მისი პოზიცია აღტაცების მუდმივად შენარჩუნებაში არ მდგომარეობს. "თუ ამ ფეხსაცმელს იყიდით, თქვენი ცხოვრება შეიცვლება" - ამბობს სურვილის წრე, და ეს შესაძლოა მართლაც მოხდეს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს შეგრძნება დოფამინმა მოგანიჭათ. 

  დოქტორი კენტ ბერიჯი, ფსიქოლოგიის და ნეირომეცნიერების პროფესორი მიჩიგანის უნივერსიტეტში, პიონერული ფიგურაა დოფამინური სქემების გათიშვისა და "აქ და ახლას" სისტემების შესწავლის საკითხში. მან აღმოაჩინა, რომ როდესაც ვირთაგვა შაქრის ხსნარს აგემოვნებს, იგი მოწონებას ტუჩების გალოკვით გამოხატავს. ამასთან ერთად, იგი მეტის მოხმარების სურვილსაც გამოხატავს. როდესაც დოქტორმა კენტმა ვირთაგვას ტვინში დოფამინის გამზრდელი ნივთიერება მოათავსა, ვირთაგვამ შაქრიანი ხსნარის მეტი დოზა მიირთვა, მაგრამ მოწონების ნიშანი არ გამოუმჟღავნებია. მეორეს მხრივ, როდესაც დოქტორმა ვირთაგვას "აქ და ახლას" მოლეკულები ჩაუნერგა, ვირთაგვამ გაასამმაგა კმაყოფილების სიგნალები. უეცრად შაქრიანი წყალი ვირთაგვებისთვის ბევრად უფრო გემრიელი გახდა. 

  "ეკონომისტთან" ინტერვიუში დოქტორმა კენტმა აღნიშნა, რომ დოფამინის სურვილის სისტემა ტვინის მიმართ ძალიან ძლიერი და გავლენიანია, მაშინ როცა მოწონების წრე პატარაა, მყიფე და ბევრად უფრო ძნელად გასააქტიურებელი. ამ ორს შორის განსხვავება არის მიზეზი იმისა, რომ "ცხოვრების ინტენსიური სიამოვნება ნაკლებად ხშირი და ნაკლებად მდგრადია, ვიდრე ინტენსიური სურვილი".

  მოწონება თავის ტვინში სხვადასხვა წრეებს მოიცავს და შეტყობინების გასაგზავნად დოფამინური ქიმიკატების ნაცვლად იგი "აქ და ახლას" ქიმიკატებს იყენებს. კერძოდ, მოწონება ეყრდნობა იმავე ქიმიკატებს, რომლებიც ხელს უწყობს კომპანიური სიყვარულის ხანგრძლივ დაკმაყოფილებას: ესენია ენდორფინები და ენდოკანაბინოიდები. ვინაიდან ოპიოიდური ნარკოტიკები ერთდროულად სურვილისა და მოწონების წრედებში ერევა, (როგორიცაა ჰეროინი და ოქსიკონტინი) ისინი ყველაზე ძლიერი დამოკიდებულების მქონდე ნარკოტიკთა ტიპებს განეკუთვნებიან. იგივე კლასტერში შედის მარიხუანაც. მარიხუანა ურთიერთქმედებს ორივე წრედთან და დოფამინის სტიმულირებასთან ერთად ენდოკანაბინოიდულ სისტემებსაც ააქტიურებს. ეს ორმაგი ეფექტი უჩვეულო შედეგებს იწვევს. 

  დოფამინის გაძლიერებამ შეიძლება გამოიწვიოს ენთუზიაზმით სავსე ჩართულობა ისეთ საგნებში, რომლებიც მანამდე უმნიშვნელოდ აღიქმებოდა. მაგალითაც, ცნობილია რომ მარიხუანას მომხმარებლებს შეუძლიათ ონკანიდან გამოჟონილი წყლის წვეთების ყურებით დატკბნენ. წკაპ... წკაპ... წკაპ... ასევე, დოფამინის გაძლიერებული ეფექტი აშკარაა, როდესაც მარიხუანას მომხმარებლები უმიზნოდ შექმნილ საკუთარ წარმოსახვით ფანტაზიებში იკარგებიან. ზოგ შემთხვევაში მარიხუანა დოფამინს თრგუნავს; ამ შემთხვევაში, აქტივობები, რომლებიც ჩვეულებრივ ასოცირდება სურვილთან და მოტივაციასთან, როგორიცაა სამსახურში წასვლა, სწავლა ან შხაპის მიღება - ნაკლებად მნიშვნელოვანია.

 

  იმპულსურობა და დაღმავალი სპირალი

  ბევრი გადაწყვეტილება, რომელსაც ნარკომანები იღებენ (განსაკუთრებით მავნე გადაწყვეტილებები) იმპულსურია. იმპულსური საქციელი თავს მაშინ იჩენს, როდესაც მომენტალურ სიამოვნებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და გრძელვადიან შედეგებს არასაკმარისი ყურადღება ეთმობა. დოფამინის სურვილი ტვინის შედარებით რაციონალურ ნაწილებს აჭარბებს. ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს, რომელიც ვიცით, რომ ჩვენს ინტერესებში არ შედის, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევისათვის თავს უძლურად ვგრძნობთ. თითქოს ჩვენი თავისუფალი ნება დაუყოვნებელი სიამოვნების მიღების უზომო სურვილით დაზარალდა. 

  დოფამინის გამაძლიერებელმა ნარკოტიკებმა შესაძლოა გაზარდონ იმპულსური ქცევები. კოკაინზე დამოკიდებულმა ერთხელ ასეთი რამ თქვა: "როცა კოკაინის ზოლს ვაკეთებ, თავს ახლიდან დაბადებულ მამაკაცად ვგრძნობ და პირველი, რაც ამ ახლად დაბადებულ მამაკაცს სურს, კოკაინის კიდევ ერთი ზოლია". როცა ნარკომანი დოფამინურ სისტემას ასტიმულირებს, დოფამინი თავს მხრივ მეტი სტიმულირების მოთხოვნით პასუხობს. ამიტომ, კოკაინზე დამოკიდებული ნარკომანები მისი მიღებისას სიგარეტს ეწევიან. კოკაინის მსგავსად, ნიკოტინიც ასტიმულირებს დოფამინის სისტემებს, მაგრამ იგი ბევრად უფრო იაფი და ადვილად საშოვნელია.

  ნიკოტინი ფაქტობრივად, ძალზედ უჩვეულო ნარკოტიკია, რადგან იგი ძალიან ცოტას აკეთებს, იძულებითი გამოყენების განმეორების გარდა. მკვლევარი როლანდ გრიფიტსის აზრით, "როცა ადამიანს პირველად აძლევთ ნიკოტინს, უმეტესობას იგი არ მოსწონს. ნიკოტინი ბევრი დამოკიდებულების მქონე ნარკოტიკისგან განსხვავდება, რადგან ადამიანთა უმეტესობა ამბობს, რომ ისინი პირველივე გამოცდილებიდან იღებენ სიამოვნებას და მეორედაც სურთ ამის გამოცდა". ნიკოტინი მარიხუანას მსგავსად კაიფს არ იწვევს და არც ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას ახდენს. ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ ნიკოტინი მოდუნების და რელაქსაციის განცდას ქმნის, მაგრამ სინამდვილეში იგი ლტოლვას ათავისუფლებს. ეს არის სრულყოფილი წრე. სიგარეტის ერთადერთი აზრი არის დამოკიდებულების გამომუშავება, რათა ადამიანმა განიცადოს სიამოვნება და გაათავისუფლოს ლტოლვის უსიამოვნო გრძნობა. 

  დამოკიდებულება სურვილის ქიმიური კულტივირებით წარმოიქმნება. სურვილის გრძნობა აბსოლუტური ხდება და მოწყვეტილია ყველაფერს, რაზეც ადამიანმა ნამდვილად უნდა იზრუნოს, მაგალითად ჯანმრთელობაზე, ვინაიდან სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სიგარეტის რეგულარულ მოხმარებას ადამიანის მოკვლა შეუძლია. დამოკიდებულება არ არის სუსტი ხასიათის ან ნებისყოფის ნაკლებობის ნიშანი. ეს ხდება მაშინ, როდესაც სურვილის სქემები გადაჭარბებული სტიმულირებით პათოლოგიურ მდგომარეობაში გადადის. 

  დოფამინზე ძლიერი ზეწოლა არასახარბიელო შედეგებს იწვევს. მას შემდეგ, რაც იგი სიცოცხლეს დაეუფლება, მისი მოთვინიერება ძნელია. 

 

  პარკინსონის პაციენტი, რომელმაც საკუთარი სახლი ვირტუალური პოკერის გამო დაკარგა

  რეკრეაციული ნარკოტიკები არ წარმოადგენენ ერთადერთ გამონაკლისს, რომლებიც დოფამინის სტიმულირებას ახდენენ. არსებობს რეცეპტით გაცემული წამლებიც, რომლებიც სურვილის წრეზე ზემოქმედების შედეგად დამოკიდებულებას იწვევენ. პარკინსონის დაავადება არის დოფამინის დეფიციტის გამოვლინება სისტემაში, რომელიც კუნთების მოძრაობის კონტროლზე აგებს პასუხს. როდესაც ამ წრეში საკმარისი დოფამინი არ არის, ადამიანს ეწყება კანკალი და შენელებულად მოძრაობს. პარკინსონზე მკურნალობა დოფამინის გამაძლიერებელი წამლების დანიშვნით უნდა განხორციელდეს. 

  ასეთი წამლების გამოყენებისას უმეტესობა თავს კარგად გრძნობს და მხოლოდ ექვსიდან ერთ პაციენტს ექმნება დამოკიდებულების მაღალი რისკის საშიშროება. პათოლოგიური აზარტული დამოკიდებულება, ჰიპერსექსუალობა და მუდმივი შოპინგი, დოფამინური სტიმულაციის გადაჭარბების ყველაზე გავრცელებულ გზებს წარმოადგენენ. ამ რისკის გამოკვლევისას, ბრიტანელმა მეცნიერებმა თხუთმეტ ჯანმრთელ მოხალისეს მისცეს წამალი, სახელად L-dopa. ეს წამალი თავის ტვინში დოფამინად გარდაიქმნება და შესაძლებელია გამოყენებული იქნეს პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ. დამატებით თხუთმეტ მოხალისეს მისცეს პლაცებო; მათ შორის არავინ იცოდა, რომელმა მიიღო ნამდვილი წამალი და რომელმა ყალბი აბი. 

  მას შემდეგ, რაც აბები მიიღეს, მოხალისეებს საშუალება მიეცათ აზარტული თამაშები დაეწყოთ. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მონაწილეებმა, რომელთაც დოფამინის გამაძლიერებელი აბი მიიღეს, უფრო დიდი და სარისკო ფსონები მოათავსეს, ვიდრე იმათმა, რომელთაც პლაცებო მიიღეს. ეფექტი მეტად იყო გამოხატული კაცებში, ვიდრე ქალებში. მკვლევარები პერიოდულად თხოვდნენ მოხალისეებს შეეფასებინათ, რამდენად ბედნიერად გრძნობდნენ თავს. ორ ჯგუფს შორის განსხვავება არ გამოხატულა. გაძლიერებულმა დოფამინის წრემ გაზარდა იმპულსური ქცევა, მაგრამ არა კმაყოფილება - ანუ მან გაზარდა სურვილები, მაგრამ არა მოწონება. როდესაც მეცნიერებმა მოხალისეთა ტვინების დასაკვირვებლად ძლიერი მაგნიტური ველები გამოიყენეს, მათ კიდევ ერთი ეფექტი იპოვნეს: რაც უფრო აქტიურია დოფამინის უჯრედები, მით უფრო მეტის მოგების იმედი აქვს ადამიანს. 

  იშვიათი არაა, რომ ადამიანები ამ გზით ხშირად იტყუებენ თავს. არაფერია იმაზე ნაკლებად სავარაუდო, ვიდრე ლატარიით მოულოდნელად გამდიდრება. სტატისტიკურად ასჯერ უფრო სავარაუდოა, რომ ადამიანს მეხი დაეცეს, ვიდრე ლატარიაში გამდიდრდეს. და მაინც, ბილეთებს ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი ყიდულბს. "ვიღაცამ უნდა მოიგოს" ამბობენ ისინი. 

  ლატარიის მოგების მოლოდინი შეიძლება ირაციონალური იყოს, მაგრამ შეიძლება ყველაფერი უფრო გაუარესდეს, როცა ადამიანები ყოველდღიურად ღებულობენ დოფამინის გამაძლიერებელ მედიკამენტებს:

  2012 წლის 10 მარტს, ავსტრალიაში, მელბურნის მკვიდრმა მოსახლემ ფედერალურ სასამართლოში განცხადება შეიტანა. იგი უჩიოდა წამლის მწარმოებელ კომპანია "Pfizer"-ს და ამტკიცებდა, რომ მისმა გამოშვებულმა პარკინსონის მედიკამენტმა "კაბასერმა", მას ყველაფერი დააკარგვინა, რაც კი გააჩნდა. 

  ამ ადამიანს პარკინსონის დაავადების დიაგნოზი 2003 წელს დაუსვეს. მისმა ექიმმა დაუნიშნა "კაბასერი" (Cabaser), ხოლო 2004 წელს წამლის მიღების დოზა გაორმაგდა. სწორედ მაშინ დაიწყო მამაკაცმა აზარტული თამაშების მოხმარება, კერძოდ კი იგი პოკერის ვირტუალურ აპარატზე გახდა დამოკიდებული. მალე პენსიაზე გავიდა და სარგებლობდა მოკრძალებული საპენსიო ანაზღაურებით, რაც თვეში 850 დოლარს შეადგენდა. ყოველთვიურად იგი მთელს თანხას აპარატში ხარჯავდა; მოგვიანებით მან 6,135 დოლარად შეფასებული ავტომობილი 829 დოლარად გაყიდა, შემდგომ კი 3,500 დოლარი მეგობრებისგან და ოჯახისგან ისესხა. უფრო მოგვიანებით მან გამოიტანა 50,000 დოლარის სესხი და 2006 წლის 7 ივლისს საკუთარი სახლი გაყიდა. 

  მთლიანობაში, მამაკაცმა აზარტულ თამაშებში 100,000 დოლარი გაანიავა. მან საბოლოოდ შეძლო შეჩერება 2010 წელს, როდესაც წაიკითხა სტატია პარკინსონის მედიკამენტებისა და აზარტული თამაშების შესახებ. მან შეწყვიტა "კაბასერის" მიღება და შედეგად, აზარტულმა დამოკიდებულებამ უკან დაიხია. 

  პარკინსონის მედიკამენტებზე დამოკიდებული ადამიანებიდან რატომ მონაწილეობს ზოგი მათგანი დამანგრეველ ქცევის შაბლონში? შესაძლებელია, ისინი გენეტიკური დაუცველობით დაიბადნენ. თუ ადამიანი წარსულში თამაშობდა, მეტი შანსია რომ პარკინსონის წამლების მიღების შემდეგ სიტუაცია გართულდეს; ვარაუდობენ, რომ არსებობს გარკვეული პიროვნული თვისებები, რომლებიც ხალხს საფრთხის წინაშე აყენებს. პარკინსონის მედიკამენტების კიდევ ერთი რისკი არის ჰიპერსექსუალობა. ზოგ შემთხვევაში არ არის აუცილებელი, რომ ადამიანმა მაინცდამაინც პრეპარატები მიიღოს; ახალგაზრდებში დოფამინური ჰიპერსექსუალურობის მაგალითია პორნოგრაფიის ხშირი მოხმარება, რომლითაც ინტერნეტი სავსეა. 

  რასაკვირველია, ტვინს მედიკამენტები არ სჭირდება, რათა თქვენი ყურადღება სექსუალურ შეპყრობილობაზე გაამახვილოს. მოდით განვიხილოთ დოფამინის, ტექნოლოგიისა და პორნოგრაფიის საშინელი ტრიადა. 

 

  მეტი, მეტი და მეტი: დოფამინი და პორნოგრაფიის ძალა

  ნოე ოცდაცხრამეტი წლის მამაკაცი გახლდათ, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა, რადგან ვერაფრით ახერხებდა პორნოგრაფიის თვალიერებისგან თავის შეკავებას. იგი კათოლიკურ ოჯახში აღიზარდა და პირველად პორნოგრაფია თხუთმეტი წლის ასაკში აღმოაჩინა. 

  თავდაპირველად ყველაფერი არც ისე ცუდად იყო. ინტერნეტიდან ფოტოების გადმოწერას მთელი საუკუნე სჭირდებოდა. მას გაუმართლა; ახლად შემოსული ტექნოლოგია პორნოგრაფიის ყოველდღიურ დოზას ზღუდავდა. დროთა განმავლობაში ესეც შეიცვალა. აჩქარებული და გაფართოებული ქსელი დაუყოვნებლივ წვდომას ანიჭებდა და ახლა ნოეს ყოველდღიურად შეეძლო დღიური რუტინის ფარგლებში უამრავი ვიდეოს თვალიერება. მასალამ საშუალება მისცა გაცნობოდა უჩვეულო და ექსტრემალურ მასალას, რათა პორნოგრაფიული მღელვარების ხარისხი გაზრდილი ჰქონოდა. 

  ნოემ მიიჩნია, რომ მისი საქციელი ცოდვას წარმოადგენდა და არასწორი მორალური საქციელი გახლდათ. ნოე ხსნას ეკლესიაში ხედავდა და გარკვეულწილად ეკლესიასთან კავშირი პორნოგრაფიის კონტროლში ეხმარებოდა; იგი რეგულარულად მიდიოდა აღსარებაზე და ღებულობდა ემოციურ დახმარებას, რომელიც დამოკიდებულების გადალახვაში ეხმარებოდა. მაგრამ, როდესაც მისმა სამსახურმა ნოე საზღვარგარეთ ფილიალში სამუშაოდ გაგზავნა, ყველაფერი დაინგრა. იგი ვერ ლაპარაკობდა ადგილობრივ ენაზე, გახდა სოციალურად იზოლირებული და დამოკიდებულება ახლა უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ოდესმე. მისი თქმით: "ყველაზე რთული შინაგანი ბრძოლაა, რასაც მის მიმართ გაწეული წინააღმდეგობა წარმოშობს. ეს არის ომი საკუთარი თავის წინააღმდეგ. მე ამასთან ქიმიურ საფეხურზე უნდა ვიბრძოლო, რადგან ოდესმე ხომ უნდა დავქორწინდე". 

  ინტერნეტის წყალობით, სექსუალური გრაფიკული მასალა ახლა უფრო ადვილად ხელმისაწვდომია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ზოგი ამტკიცებს, რომ პორნოგრაფიისადმი დამოკიდებულებაც არსებობს. 2015 წელს Daily Mail აცხადებდა, რომ დიდ ბრიტანეთში ყოველი ოცდახუთიდან ერთი მოზარდი პორნოგრაფიაზე იყო დამოკიდებული.

 

  ადვილად ხელმისაწვდომობის ძალა 

  როდესაც საქმე დამოკიდებულებას ეხება, ადვილად ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მიუხედავად იმისა, რომ ჰეროინი ნიკოტინზე და ალკოჰოლზე ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს, ამ უკანასკნელებზე ბევრად მეტი ადამიანია დამოკიდებული. სიგარეტი და ალკოჰოლი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან მათი შოვნა ძალიან მარტივია. სინამდვილეში, ყველაზე ეფექტური გზა გამოწვეული პრობლემების შესამცირებლად, მათი ხელმისაწვდომობის გამკაცრებაა. ჩვენ ყველას გვინახავს წარწერა "მოწევა აკრძალულია", ავტობუსებში და მეტროებში. ეს ბანერები არ მუშაობს. სასკოლ პროგრამები ბავშვებს ნარკოტიკებისა და ალკოჰოლისგან თავის შეკავებას ასწავლიან, მაგრამ მოზარდებში მაინც არსებობს მათი გამოყენების ფაქტები, რადგან ისინი ამას ცნობისმოყვარეობის მიზნით აკეთებენ. ერთადერთი რამ, რაც მუდმივად მუშაობს, არის ასეთ პროდუქტებზე გადასახადების გაზრდა და შეზღუდვების დაწესება. როდესაც ასეთი ზომები მიღებულია, გამოყენება მცირდება. 

  თამბაქოს მოხმარების ბარიერების მატებასთან ერთად, პორნოგრაფიის ბარიერები შემცირდა. წარსულში, სექსუალური ხასიათის სურათების აღმოჩენა დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. ხალხი გამბედაობას იკრებდა რომ ასეთი ჟურნალი ეყიდათ, თანაც იმედი ჰქონდათ, რომ გამყიდველი საპირისპირო სქესის წარმომადგენელი არ იყო. დღეს პორნოგრაფიული ფოტოები და ვიდეოები წამებში არის ხელმისაწვდომი და თანაც, სრულიად კონფიდენციალურად. არ არსებობს უხერხულობის ან სირცხვილის ბარიერები.  

  ჩვენ ჯერ დაზუსტებით არ ვიცით, არის თუ არა პორნოგრაფიის ხშირად მოხმარება იგივე, რაც ნარკომანია, მაგრამ მათ რაღაც საერთო ნამდვილად აქვთ. ისევე როგორც ნარკომანიის შემთხვევაში, ადამიანები, რომლებიც გადაჭარბებული პორნოგრაფიის გამოყენების ციკლში ხვდებიან, სულ უფრო და უფრო მეტ დროს უთმობენ ამ აქტივობას - ზოგჯერ დღეში რამდენიმე საათსაც კი. ისინი უარს ამბობენ სხვა აქტივობებზე, რათა ფოკუსირება ზრდასრულთა ინტერნეტ საიტებზე მოახდინონ. პარტნიორთან სექსუალური ურთიერთობა ნაკლები სიხშირით ხორციელდება და უშუალოდ სექსს მათთვის საკმარისი სიამოვნება აღარ მოაქვს. ერთმა ახალგაზრდამ პარტნიორი იმ მიზეზით მიატოვა, რომ მას პორნოგრაფიის ყურება ერჩივნა, რადგან ვიდეოში ქალები მისგან არაფერს ითხოვდნენ და არასდრს უთქვამთ მისთვის უარი. 

  ისევე როგორც ნარკოტიკების შემთხვევაში, დგება მომენტი, როდესაც პორნოგრაფიაში საწყისი "დოზა" აღარ მუშაობს. როდესაც პორნოდამოკიდებულებს ერთი და იგივე სექსუალური გამოსახულებები უჩვენეს, მათ ინტერესი გაუქრათ. ამასთან ერთად შემცირდა დოფამინურ წრეებში არსებული აქტივობაც, როცა იგივე გამოსახულებებს ხელმეორედ ატრიალებდნენ. როდესაც მათ აჩვენეს ახალი ვიდეო, დოფამინური სისტემები ისევ აინთო. სწორედ ახალი გამოსახულებების ძიების სურვილი უბიძგებს ადამიანს პორნოგრაფიის დაუოკებელი წყურვილისაკენ. ძნელია წინააღმდეგობა გაუწიო დოფამინის წრეების მოთხოვნებს, განსაკუთრებით რაღაც ისეთსავე ევოლუციურად მნიშვნელოვანთან, როგორიც სექსია.

 

  ვიდეო თამაშებიც ხომ არ იწვევს დამოკიდებულებას?

 კომპიუტერის მომხმარებლის მოტყუება მხოლოდ პორნოგრაფიას არ შეუძლია. ზოგი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ვიდეო თამაშებიც დამოკიდებულებას იწვევს. გარკვეული გაგებით, ვიდეო თამაშები კაზინოს თამაშებს ჰგავს. სათამაშო აპარატების მსგავსად, ვიდეო თამაშები არაპროგნოზირებადი ჯილდოებით აოცებენ მოთამაშეებს. ამ პრობლემის გამოკვლევისას ფსიქოლოგმა დუგლას ჯენტილმა, აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაადგინა, რომ რვიდან თვრამეტ წლამდე, ათიდან ერთი მოზარდი ვიდეო თამაშებზეა დამოკიდებული, რაც იწვევს ოჯახურ, სოციალურ, სასკოლო და ფსიქოლოგიურ პრობლემებს. პათოლოგიური აზარტული თამაშების ეროვნული კვლევის საბჭოს თანახმად, ვიდეო თამაშების დამოკიდებულების ხარისხის მაჩვენებელი ხუთჯერ უფრო მაღალია, ვიდრე აზარტული თამაშების შემთხვევაში. რა განაპირობებს ასეთ განსხვავებას და რამდენი მომხმარებელია დამოკიდებული? 

  ნაწილობრივი განსხვავება ისაა, რომ ვიდეო თამაშებში მოზრდილები ზრდასრულ ადამიანად ყოფნის თავისებურებებს სწავლობენ. ზრდასრულ ადამიანებში იშვიათია, რომ ვიდეო თამაშებმა სერიოზული ნეგატიური შედეგები გამოიწვიონ, მაგრამ მოზარდის ტვინი ჯერ კიდევ არ არის სრულად განვითარებული, ამიტომ მათი ტვინი ზიანს ექვემდებარება. ყველაზე დიდი განსხვავება მოზარდის ტვინში არის შუბლის ნაწილი, რომელიც ოცდაათი წლის ასაკამდე სრულად არ ვითარდება. ეს მოზარდებში პრობლემაა, რადგან შუბლის ეს ნაწილი მუხრუჭის სახით მოქმედებს და გვაფრთხილებს, როდესაც რაღაცის გაკეთებას ვაპირებთ - რამდენად კარგი იდეაა ის, რასაც ვფიქრობთ. სრულად ჩამოყალიბებული შუბლის ნაწილის გარეშე, მოზარდები უფრო იმპულსურად მოქმედებენ და გაზრდილი რისკის ქვეშ არიან. ასეთ დროს არსებობს არაგონივრული გადაწყვეტილებებისაკენ მიდრკილება. 

  თუმცა, საკითხი საკუთარ თავში ამაზე მეტს მოიცავს. ვიდეო თამაშები უფრო კომპლექსური და ჩახლართულია, ვიდრე აზარტული თამაშები, ამიტომაც პროგრამისტებს მეტი შესაძლებლობა აქვთ "გამოაცხონ" ისეთი ფუნქციები, რომლებიც დოფამინის გამოყოფას იწვევს. შედეგად თამაშის შეწყვეტა რთულია. 

  ვიდეო თამაშები მხოლოდ ფანტაზიას ეხება. იგი გვძირავს ისეთ სამყაროში, სადაც შესაძლებელია ყველა ჩვენი წარმოსახვა ახდეს, დოფამინს კი შეუძლია გაუთავებელი შესაძლებლობებით ისარგებლოს და დატკბეს. ჩვენ შეგვიძლია გამოვიკვლიოთ გარემო, რომელიც მუდმივად იცვლება, რათა სიურპრიზები არასოდეს დასრულდეს.

  თუმცა, თამაშისას გამოკვლევაზე მეტი რამ ხორციელდება. თამაშები პროგრესის მიზანს ეკუთვნის. მოთამაშეები აპირებენ, მომავალი აწმყოზე უკეთესი გახადონ. ისინი პროგრესირებენ სხვადასხვა დონეებში და ზრდიან თავიანთ ძალასა და შესაძლებლობებს. ეს დოფამინის ახდენილი ოცნებაა. წინსვლის შესანარჩუნებლად და ფოკუსის გასაგრძელებლად, ეკრანი მუდმივად აჩვენებს ქულების დაგროვებას და მზარდი პროგრესის ზოლებს, რათა მოთამაშეებს არასდროს დაავიწყდეთ განცდილი გამოცდილება. თამაშის გასაგრძელებლად მეტი და მეტი სწრაფვა გროვდება. 

  ონლაინ თამაშები მუდმივად აგროვებს ინფორმაციას მოთამაშეების შესახებ. რამდენ ხანს თამაშობენ? როდის გადიან თამაშიდან? რა სახის გამოცდილება აიძულებთ მათ მეტი ითამაშონ? რა აიძულებთ უარის თქმისკენ? თამაშების თეორეტიკოსის, ტომ ცატფილდის მიხედვით, უდიდესმა ონლაინ თამაშებმა დააგროვეს მილიარდობით მონაცემთა რაოდენობა მათი მოთამაშეების შესახებ. მათ ზუსტად იციან, რა რთავს დოფამინს და რა იწვევს მის გამორთვას. 

  აღსანიშნავია, რომ ვიდეო თამაშებში არსებობს "აქ და ახლას" სიამოვნების ფაქტორებიც, რომლებიც ხელს უწყობენ თამაშის მიმზიდველობას. ბევრი თამაში საშუალებას გაძლევთ მეგობრებთან ერთად ითამაშოთ. ეს არის "აქ და ახლას" სიამოვნების გამოცდილება მეგობრებთან ერთად. როდესაც საერთო მიზნის მისაღწევად ვთამაშობთ, (თუნდაც მოწინააღმდეგეთა ბაზის ასაღებად) დოფამინური სისტემა აქტიურდება. ვიდეო თამაშები ორივე ტიპის სოციალურ სიამოვნებას გვთავაზობენ.

  ბევრი ვიდეო თამაში ძალიან ლამაზია და "აქ და ახლას" აღფრთოვანებას წარმოქმნის. ზოგი მათგანი, ფაქტობრივად გასაოცარია, რადგან მათ შექმნაში ნიჭიერი ადამიანების უზარმაზარი ძალისხმევა და რესურსები იხარჯება. The Los Angeles Times იუწყება, რომ ონლაინ თამაშის, Star Wars: The Old Republic-ის შექმნას ოთხ კონტინენტზე თავდაუზოგავად მომუშავე 800 ადამიანი და 200 მილიონ დოლარზე მეტი ბიუჯეტი დასჭირდა. სიუჟეტის თითოეული მონაკვეთის სრულად გავლას საშუალოდ 1,600 საათი სჭირდება. ამდენი ფულის დახარჯვა თამაშის შესაქმნელად სარისკოა, მაგრამ არსებობს დიდი ანაზღაურების პოტენციალი. Grand Theft Auto-მ, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვიდეო თამაშების სერიამ, ბოლო ნაწილის გამოსვლისას სულ რაღაც სამ დღეში 1 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. ამერიკელები ერთი წლის განმავლობაში ვიდეო თამაშებში 20 მილიარდ დოლარს ხარჯავენ. 2016 წელს კინოს ბილეთებზე მათ მხოლოდ ამის ნახევარი დახარჯეს, რომელიც ამავე წელს აშშ-ს მასშტაბით ყველაზე დიდი სალარო გახლდათ.

  

  დოფამინი - დოფამინის წინააღმდეგ

  ბუნებრივია, რომ სურვილი და მოწონება ერთმანეთშია არეული. აშკარაა, ჩვენ გვსურს ის, რაც გვსურს, რომ გვქონდეს. კარგი იქნებოდა გვეფიქრა, რომ რაციონალური არსებები ვართ და ამის მიხედვით გვემოქმედა, მაგრამ ასეთნი არ ვართ. ჩვენ ხშირად გვსურს ის, რაც არ მოგვწონს. ჩვენმა სურვილებმა შეიძლება მიგვიყვანოს იმ საგნებამდე, რამაც შეიძლება გაანადგუროს ჩვენი ცხოვრება, როგორიცაა ნარკოტიკები, აზარტული თამაშები და სხვა უკონტროლო ქცევები. 

  დოფამინის სურვილის წრე ძლიერია. იგი ყურადღებას მოტივაციაზე და ყურადღებაზე ამახვილებს. მას აქვს ღრმა გავლენა ჩვენს არჩევანზე. თუმცა, ის არ არის ყოვლისშემძლე. ნარკომანები დამოკიდებულებისგან თავისუფლდებიან, დიეტაზე მყოფები წონაში იკლებენ, ხანდახან ტელევიზორს ვთიშავთ, ვდგებით და სუფთა ჰაერზე გავდივართ. რა სახის წრე არის ტვინში საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ დოფამინს წინააღმდეგობა გაუწიოს? ეს არის დოფამინი. დიახ, დოფამინი დოფამინს ეწინააღმდეგება. წრეს, რომელიც ეწინააღმდეგება სურვილის წრეს, შეიძლება ეწოდოს დოფამინის კონტროლის წრე. 

  შეიძლება გახსოვთ, რომ ბევრ სიტუაციაში მომავალზე ორიენტირებული დოფამინი ეწინააღმდეგება "აქ და ახლას" სისტემათა აქტივობას და პირიქით. თუ ფიქრობთ სად წახვიდეთ სადილზე, ალბათ არ აფასებთ სენდვიჩის გემოს, სუნს და ტექსტურას, რომელსაც ლანჩზე მიირთმევთ. მაგრამ ასევე არსებობს წინააღმდეგობა მომავალზე ორიენტირებული დოფამინის სისტემის მიმართაც. 

  რატომ შეიმუშავებს ტვინი ისეთ სქემებს, რომლებიც ერთმანეთის წინააღმდეგ მუშაობენ? ნუთუ უკეთესი არ იქნება, რომ ყველამ ერთად, თანხმობაში იმუშაოს? ფაქტობრივად... არა. სისტემები, რომლებიც დაპირისპირებულ ძალებს შეიცავს, კონტროლისათვის მეტად ადვილია. ამიტომაც აქვთ მანქანებს როგორც აჩქარების, ასევე დამუხრუჭების ფუნქცია და სწორედ ამიტომ იყენებს ტვინი ისეთ სქემებს, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება. 

  გასაკვირი არ არის, რომ დოფამინის კონტროლის წრე მოიცავს შუბლის წილს, ტვინის იმ ნაწილს რომელსაც ზოგჯერ ნეოკორტექსს უწოდებენ. ტვინის ეს ნაწილი ძალიან ახალი განვითარებულია, რაც ადამიანს უნიკალურს ხდის. ეს ნაწილი გვაძლევს ფანტაზიას, საკუთარი თავი მომავალში უფრო მეტად დავაპროექტოთ, ვიდრე სურვილის წრე გვპირდება. ამიტომაც, ჩვენ შეგვიძლია გრძელვადიანი გეგმების შედგენა. ეს ასევე ის ნაწილია, რომელიც საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად გავზარდოთ რესურსები მომავალში ახალი ინსტრუმენტების შესაქმნელად და აბსტრაქტული ცნებების გამოსაყენებლად; ცნებები, რომლებიც "აქ და ახლაზე" მაღლა დგას, როგორებიცაა ენა, მათემატიკა და მეცნიერება. ეს მკვეთრად რაციონალურია. თუმცა, ეს შეგრძნება არ არის, რადგან ნებისმიერი განცდა და განწყობა "აქ და ახლას" ფენომენია. როგორც მომდევნო თავში ვნახავთ, იგი ცივი, გამომთვლელი და დაუნდობელია, რადგან ყველაფერს აკეთებს საკუთარი მიზნის მისაღწევად.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff