თავი მეექვსე - პროგრესი
...დასასრული დასაწყისში იბადება.
კატერინა ვალენტე, მწერალი.
რა ხდება, როდესაც მსახური ბატონი ხდება?
...როდესაც დოფამინი პრეისტორიული ადამიანების გადარჩენას და კაცობრიობის გადაშენებას უზრუნველყოფს.
აფრიკის მიღმა
თანამედროვე ადამიანებმა აფრიკაში განვითარება დაახლოებით 200 000 წლის წინ დაიწყეს და მსოფლიოს სხვა ნაწილებში მათი გავრცელება დაახლოებით მომდევნო 100 000 წლის მანძილზე გრძელდებოდა. ეს მიგრაცია აუცილებელი იყო კაცობრიობის გადარჩენისთვის და არსებობს გენეტიკური მტკიცებულება, რომ ჩვენ ეს თითქმის ვერ მოვახერხეთ. ადამიანის გენის ერთ-ერთი უჩვეულო მახასიათებელი ის არის, რომ სხვა პრიმატებთან შედარებით ერთი ადამიანის მეორესთან განსხვავებულობა გაცილებით ნაკლებია. ასეთი გენეტიკური მსგავსების მაღალი დონე ვარაუდობს, რომ ჩვენ ყველანი, შედარებით მცირე რაოდენობის წინაპართა შთამომავლები ვართ. სინამდვილეში, ჩვენი ევოლუციური ისტორიის დასაწყისში, ჩვენთვის უცნობმა მოვლენებმა ადამიანთა დიდი ნაწილი ამოწყვიტა და კაცობრიობა 20 000 მოსახლემდე შემცირდა, რაც გადაშენების სერიოზულ რისკს წარმოადგენს.
გადაშენების პირას მისული ადამიანური მაჩვენებელი ცხადად ასახავს, რატომ იყო მიგრაცია ასეთი მნიშვნელოვანი. როდესაც სახეობა მცირე ფართობზეა კონცენტრირებული, არსებობს მრავალი საშუალება, რასაც მთლიანად შეუძლია სახეობის განადგურება გამოიწვიოს. გვალვას, დაავადებებს ან სტიქიურ კატასტროფებს ადვილად შეუძლიად გადაშენების გამოწვევა. ხოლო სხვადასხვა რეგიონებში გადანაწილება სადაზღვევო პოლისს ჰგავს. ერთი პოპულაციის განადგურება არ იწვევს სრულ გადაშენებას.
თანამედროვე ხალხებში "გენეტიკური მარკერების" სიხშირის საფუძველზე დაადგინეს, რომ ადამიანები მთლი აზიის ტერიტორიაზე დაახლოებით 75 000 წლის წინ გავრცელდნენ. ავსტრალიამდე 45 000 წლის წინ მიაღწიეს, ევროპაში 42 000 წლის წინ, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში მიგრაცია 30 000-დან 14 000 წლამდე მოხდა. დღევანდელ დროში ადამიანებს მსოფლიოს ყველა კუთხე აქვთ დაკავებული, მაგრამ არა იმიტომ, რომ საფრთხე გააცნობიერეს და ამ მიზეზით დაიფანტნენ.
სათავგადასავლო გენი
ვირთაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დოფამინური წამლები აძლიერებენ საძიებო ქცევის შაბლონებს. ვირთაგვები, რომელთაც ასეთი წამალი აქვთ მიღებული, უფრო აქტიურად მოძრაობენ და არ ერიდებიან უცნობ ადგილებში ბოდიალს. დაეხმარა თუ არა დოფამინი ადამიანებს აფრიკის დატოვებაში და დანარჩენი სამყაროს ათვისებაში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა თორმეტი კვლევიდან შეაგროვეს მონაცემები, რომლებიც დოფამინური გენების სიხშირეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ზომავდნენ.
მათ ყურადღება გაამახვილეს გენზე, რომელიც სხეულს ეუბნება, თუ როგორ წარმოქმნას D4 რეცეპტორი. ალბათ გახსოვთ, რომ დოფამინის რეცეპტორები არიან ცილები, რომლებიც ტვინის უჯრედებზე გარედან არის მიმაგრებული. დოფამინური რეცეპტორის ამოცანაა დაელოდოს დოფამინის მოლეკულის მოსვლას და შემდგომ მიებას მას. ასეთი მიბმა უჯრედის შიგნით ქიმიური რეაქციების კასკადს იწვევს, რომელიც უჯრედულ ქცევას ცვლის.
ჩვენ ამ გენს ადრეც შევხვდით, როდესაც სიახლის ძიებასა და პოლიტიკურ იდეოლოგიას შორის კავშირი აღვწერეთ. შეგახსენებთ, რომ გენები მოდიან სხვადასხვა ვარიაციებში, რომელთაც ალელები ეწოდებათ. ალელი განასახიერებს გენური კოდირების უმნიშვნელო ცვალებადობას, რომელიც ადამიანს სხვადასხვა მახასიათებელს აძლევს. ხალხი, რომელთაც DRD4 გენების გრძელი ფორმა აქვთ, როგორიცაა მაგალითად 7R ალელი, უფრო ხშირად რისკავენ. ისინი ახალ გამოცდილებას ეძებენ, რადგან დაბალი ტოლერანტობა აქვთ მოწყენილობის მიმართ. მათ მოსწონთ ახალი ადგილების შესწავლა: იდეები, საკვები, ნარკოტიკები და სექსუალური შესაძლებლობები. ისინი ავანტიურისტები არიან. მსოფლიოში ყოველი ხუთი ადამიანიდან ერთს აქვს 7R ალელი, მაგრამ სხვადასხვა ადგილას არსებით ცვალებადობას აქვს ადგილი.
მეტი დოფამინი, მეტი მანძილი
მკვლევარებმა გენეტიკური მონაცემები ყველაზე ცნობილი მიგრაციული მარშრუტების მიხედვით მიიღეს ჩრდილოეთ ამერიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან, აღმოსავლეთ აზიიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, აფრიკიდან და ევროპიდან. როდესაც მათ მონაცემები გააანალიზეს, ნათელი ნიმუში გამოვლინდა. პოპულაციებს შორის, რომლებიც თავიანთ საწყის წყაროებთან ახლოს დარჩნენ, ნაკლებ რაოდენობას ჰქონდა DRD4 ალელი, ვიდრე მიგრაციაში უფრო შორს წასულებს.
მათ მიერ შეფასებული მიგრაციის ერთ-ერთი მარშრუტის მიხედვით მიგრაცია აფრიკიდან დაიწყო, აღმოსავლეთ აზიაში გაგრძელდა, შემდგომში ბერინგის სრუტის გავლით ჩრდილოეთ ამერიკაში გადავიდა და იქიდან სამხრეთ ამერიკაში დასრულდა. ეს საკმაოდ გრძელი გზაა. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სამხრეთ ამერიკამდე მისულ ჯგუფებს დოფმინური ალელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ - 69 პროცენტი. მათ შორის, ვინც მიგრაციაში უფრო მცირე მანძილებზე დასახლდა, მხოლოდ 32 პროცენტს ჰქონდა მაღალი ალელი. ცენტრალური ამერიკის ძირძველ მოსახლეობაში მაჩვენებელი 42 პროცენტზე მერყეობდა. საშუალო მონაცემებით შეფასდა, რომ მიგრაციაში ყოველ 1000 მილზე ალელების პროპორცია 4.3 პროცენტით გაიზარდა.
როდესაც დადგინდა, რომ DRD4 გენის 7R ალელი მოსახლეობის მიგრაციის მახასიათებლებთან იყო კავშირში, შემდეგი კითხვა გაჩნდა - რატომ? როგორ გახდა 7R ალელი უფრო გავრცელებული შორეულ პოპულაციებში? აშკარა პასუხი ის არის, რომ დოფამინი ადამიანებს მეტი და მეტი ძიებისაკენ მოუწოდებს. ეს მათ მოუსვენრებს და უკმაყოფილოებს ხდის. ისინი ზუსტად იმ ჯგუფებს წარმოადგენენ, რომელთაც ჩამოყალიბებული საზღვრების მიღმა, რაღაც ახლის ძიებისკენ გადადგეს ნაბიჯი. თუმცა, არსებობს სხვა ახსნაც.
გადარჩენა
შესაძლოა სხვადასხვა ტომები მიგრაციაში ისეთი მიზეზებით წავიდნენ, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა სიახლის ძიებასთან. შეიძლება კონფლიქტს ჰქონდა ადგილი, ან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობდნენ. ბევრი მიზეზი დოფამინთან დაკავშირებული არ არის, მაგრამ კითხვა მაინც რჩება: რატომ დამთავრდა ასეთ სიტუაციაში მიგრაცია გაზრდილი 7R ალელით? პასუხი ის არის, რომ 7R ალელს არ დაუწყია მიგრაცია, მაგრამ როგორც კი დაიწყო, ალელმა გასცა თავისი კუთვნილი გადარჩენის უპირატესობა.
7R ალელის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ მიგრანტებს ახალი გარემოს უკეთ შესწავლის საშუალება მიეცათ, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ რესურსების მაქსიმალურად გაზრდის შესაძლებლობათა მოძიების მიზნით. Სხვა სიტყვებით, მან ხელი შეუწყო სიახლის ძიებას. მაგალითად, ერთი გეოგრაფიული არეალი ტომისთვის თანმიმდევრულ კლიმატს და ერთსა და იგივე საკვებს ნიშნავდა. ახალ ადგილებში მიგრაციის შემდეგ, მიგრანტებს უნდა განეცადათ წვიმიანი ან მშრალი სეზონები და ამისდა მიხედვით ესწავლათ საკვები წყაროების შეცვლა, რომლებიც სეზონურ ცვლილებებთან იყო დაკავშირებული. ასეთი პროცესი თავისთავად მოიცავდა სხვადასხვა რისკებს და ექსპერიმენტებს.
ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ ადამიანები, რომლებიც 7R ალელს ატარებენ, შედარებით სწრაფად სწავლობენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სწორი პასუხი ჯილდოს მიღებას უზრუნველჰყოფს. ზოგადად, 7R ალელის მატარებლები ჯილდოს მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან. მათ აქვთ ძლიერი რეაქცია როგორც მოგებაზე, ასევე წაგებაზე. შესაბამისად, როდესაც უცხო გარემოში აღმოჩნდებიან და ადაპრიტება სჭირდებათ, ისინი უფრო მეტს მუშაობენ ვითარების გარკვევაში, ვინაიდან მათი წარმატებაც და წარუმატებლობაც მეტად ინტენსიურია.
კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ 7R ალელი ასოცირდება ისეთ რაღაცასთან, რომელსაც ახლი სტრესის მიმართ დაბალი რეაქტიულობა ეწოდება. კარგი ცვლილებაც და ცუდი ცვლილებაც სტრესის მომგვრელია. მაგალითად, ცოტა რამ თუ არის განქორწინებაზე უფრო სტრესული, მაგრამ დაქორწინებაც ასევე რთულია. გაკოტრება სტრესულია, მაგრამ იგივე ხდება ლატარიის მოგების შემთხვევაშიც. ცუდმა ცვლილებებმა შესაძლოა კარგ ცვლილებებზე მეტი სტრესი გამოიწვიოს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ცვლილების ზომაა. დიდი ცვლილება მეტ სტრესს ნიშნავს.
სტრესი ჯანმრთელობისთვის კარგი არ არის. სინამდვილეში, სტრესი კლავს. სტრესი ზრდის გულის დაავადების ალბათობას, უძილობას, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევას და იმუნური სისტემის დაქვეითებას. მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს დეპრესია, რომელიც ადამიანში ენერგიის პათოლოგიურ ნაკლებობას, უიმედობას, სიკვდილზე ფიქრს და მოტივაციის დავარდნას იწვევს; ეს ყველაფერი გადარჩენის აუცილებლობას ეწინააღმდეგება. ჩვენს წინაპრებში მაღალი ემოციური სტრესის მქონე ადამიანებს უჭირდათ გარემოს ათვისება, რესურსების მოპოვება და საჭირო ცვლილებების განხორციელება. ისინი ნაკლებად წარმატებული მონადირეები და შემგროვებლები იყვნენ. ამან გაართულა რეპროდუქციული შეჯიბრება შედარებით აქტიურ წარმომადგენლებთან, ზოგჯერ კი საკმარისად დიდხანსაც არ ცოცხლობდნენ, რათა შვილები ჰყოლოდათ.
თუმცა, ყველა არ განიცდის სტრესს ცვლილების გამო. ახალი სამუშაო, ახალი ქალაქში, თუნდაც სრულიად ახალი კარიერა შესაძლოა ადამიანისთვის ძალიან საინტერესო და ენერგიული გამოდგეს. ეს უმეტესწილად დოფამინურ პიროვნებებს ეხებათ. ისინი ხარობენ უცნობ გარემოში, შესაბამისად, პრეისტორიულ ხანაშიც უკეთ უმკლავდებოდნენ რადიკალურ ცვლილებებს. დროთა განმავლობაში, ისეთი ალელები, რომლებიც ადამიანებს უცნობ გარემოსთან ადაპტაციაში ეხმარებოდნენ, მარტივად გავრცელდა პოპულაციაში, ხოლო სხვა ალელები შედარებით იშვიათი გახდა.
რა თქმა უნდა, 7R ალელის მატარებლები ყველანაირ სიტუაციას უთოუდ წარმატებით არ ერგებოდნენ. დოფამინური პიროვნების მქონდე ადამიანები კარგად ეგუებიან ახალ გარემოს, მაგრამ მათ ხშირად უჭირთ ურთიერთობებში. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან გამოცდილი სოციალური ფუნქციონირება ევოლუციურ უპირატესობას იძლევა. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დიდი, ძლიერი ან ჭკვიანია ადამიანი, იგი ვერ შეძლებს კონკურენციას ხალხთან, რომლებიც ჯგუფურად მუშაობენ. ცალკეული პირები დაჯგუფებებს ვერ შეებრძოლებიან. სიტუაციაში, როდესაც თანამშომლობის საჭიროება უმნიშვნელოვანესია, დოფამინური პიროვნებები მოიკოჭლებენ ხოლმე.
ასე რომ, ყველაფერი გარემოზეა დამოკიდებული. ნაცნობი, სოციალური თანამშრომლობის პირობებში მაღალი დოფამინური გენები ნაკლებად ვრცელდება, რადგან მათი გადარჩენისა და მეწყვილეს ძიების უპირატესობები მცირდება დოფამინის უფრო დაბალანსებული დონის უპირატესობებთან შედარებით. მეორეს მხრივ, რაღაც უცნობის აღმოჩენისკენ მიმავალ დაჯგუფებებში აქტიურ დოფამინურ სისტემას მეტი უპირატესობა ეძლევა.
რომელია მართალი?
ასეთი მოცემულობა გვაძლევს ორ კონკურენტუნარიან თეორიას:
1. დოფამინური გენები ადამიანებს ახალი შესაძლებლობების ძიებისაკენ უბიძგებს. შედეგად, ასეთი გენები ისეთ პოპულაციებში უფრო მეტია, რომელთაც მიგრაცია განიცადეს.
2. რაღაც განსხვავებულმა ფაქტორმა აიძულა მოსახლეობა დაეწყოთ ახალი შესაძლებლობების ძიება და დოფამინურმა გენებმა ზოგიერთ მათგანს სხვებთან შედარებით გადარჩენისა და რეპროდუქციის უკეთესი საშუალება მისცეს.
როგორ გავიგოთ, რომელია აქედან მართალი?
აქ საქმე ცოტათი რთულდება. თუ მიგრაცია დოფამინურმა გენებმა გამოიწვია, მაშინ უამრავ 7R ალელს უნდა ვხედავდეთ ყველა ჯგუფში, რომელმაც მოგზაურობა აფრიკიდან დაიწყო. ეს უნდა გამოვლინდეს ორივე შემთხვევაში, როდესაც რამდენიმე თაობის განმავლობაში გადასახლდნენ და მიგრაცია ახლოს დაასრულეს და მაშინაც, როცა გადასახლდნენ მრავალი თაობის მანძილზე და მიგრაცია ძალიან შორს დასრულდა. იმ შემთხვევაში, თუ მიგრაციის დასაწყებად მოსახლეობას მაღალი დოფამინი სჭირდება, მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, სად დასრულდება მიგრაცია. ვინც შორს მიდის, მას მეტი დოფამინი ექნება, ხოლო ვინც ახლოს რჩება, ნაკლები.
მეორეს მხრივ, თუ ადამიანებმა მიგრაცია 7R ალელის გარეშე დაიწყეს, ალელების ეტაპობრივ ცვლილებას იმ ადამიანებში უფრო მკაფიოდ დავინახავთ, ვინც მას ატარებს. აი რატომ: თუ ტომი მცირე მანძილზე სახლდება, მხოლოდ რამდენიმე თაობა განიცდის უცნობ გარემოს. როგორც კი მოძრაობა შეწყდა, უცნობი გახდა ნაცნობი და 7R ალელი აღარ იძლევა უპირატესობას.
თუმცა, ტომები, რომლებიც განაგრძობდნენ მოგზაურობას, უცნობ გარემოს თაობიდან თაობამდე განიცდიდნენ. 7R-ის რეპროდუქციული უპირატესობები გაგრძელდება და 7R ალელის მატარებლები სხვებზე დიდხანს იცოცხლებენ; ამასთან, შთამომავლობის დატოვების მეტი შანსებიც მათ ხელში იქნება. დროთა განმავლობაში 7R ალელი უფრო და უფრო ხშიი გახდება. ეს სწორედ ის არის, რასაც ჩვენ ვხედავთ. რაც უფრო შორს მოძრაობს მოსახლეობა, მით მეტია 7R ალელის სიხშირე. ამას არ დაუწყია მათი მიგრაცია, მაგრამ გადარჩენაში ნამდვილად დაეხმარა.
მიგრაცია
დღევანდელ დროში ადამიანების მოძრაობა დიდად განსხვავდება ჩვენი პრეისტორიული წინაპრების მოძრაობისგან. მშობლიური ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში წასვლა დღეს პირადი გადაწყვეტილებაა და არა ერთპიროვნული, ტომობრივი არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციის მიზეზი შეიძლება მსგავსი იყოს, 7R ალელი მნიშვნელოვან როლს აღარ თამაშობს. დღეს-დღეისობით იმიგრანტ პოპულაციებს 7R ალელის დაახლოებით იგივე მაჩვენებელი აქვთ, რაც დანარჩენ მოსახლეობას - მშობლიურ ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, დოფამინი ჩართულია, მაგრამ განსხვავებულად.
მეოთხე თავში, როდესაც კრეატიულობაში დოფამინის როლს განვიხილავდით, ჩვენ კრეატიულობა შევადარეთ შიზოფრენიას, რომელიც სურვილის წრეში დოფამინის გადაჭარბებული აქტივობის შედეგია, ფსიქიკური დაავადების სახით. ჩვენ განვიხილეთ სიტუაციები, რომლებშიც ფსიქოზურ ილუზიებს კავშირი ჰქონდათ შემოქმედებით იდეებთან და თუნდაც ჩვეულებრივ ოცნებებთან. მაგრამ შიზოფრენია არ არის მხოლოდ დაავადება, რომელიც დოფამინის გადაჭარბებული აქტივობით ხასიათდება. ბიპოლარულ აშლილობას, რომელსაც ზოგჯერ მანიაკალურ-დეპრესიულ დაავადებას უწოდებენ, დოფამინური კომპონენტები გააჩნია და როგორც აღმოჩნდა, მას მიგრაციასთან აქვს კავშირი.
ბიპოლარული მანია: გადაჭარბებული დოფამინის კიდევ ერთი მდგომარეობა
ბიპოლარულობა ეხება განწყობის ორ უკიდურესობას (როგორც ველოსიპედი ეხება ორ ბორბალს). ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანები განიცდიან დეპრესიის ეპიზოდებს, როდესაც მათი განწყობა არანორმალურად დაბალია და მანიაკალურ ეპიზოდებს, როდესაც განწყობა ძალიან მაღალია. მანიაკალური მდგომარეობის სიმპტომების გათვალისწინებით, ეს უკანასკნელი ასოცირდება დოფამინის მაღალ დონესთან: მაღალი ენერგია, ეიფორიული განწყობა, ქოასური აზრები, აქტივობის სიმრავლე ერთდროულად მრავალი მიზნის მისაღწევად და გადაჭარბებული ჩართულობა მაღალი რისკის მქონე, სიამოვნების მომტან აქტივობებში, როგორიცაა შეუზღუდავი ხარჯვა და უხამსი სექსუალური ქცევა.
ბიპოლარული აშლილობის მქონე ბევრი ადამიანი ინვალიდია. ისინი ვერ ახერხებენ სამსახურის ან ჯანსაღი ურთიერთობების შენარჩუნებას. ზოგ მათგანს სტბილიზაციური წამლების მიღების შედეგად მკურნალობა შეუძლია. მთელს მსოფლიოში, მოსახლეობის დაახლოებით 2,4 პროცენტს აქვს ბიპოლარული აშლილობა, მაგრამ იგი გარკვეულ ჯგუფებში უფრო ხშირად ვლინდება. ისლანდიელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანებს, რომლებიც მუშაობდნენ შემოქმედებით სფეროებში, (როგორიცაა ცეკვა, მსახიობობა, მუსიკა და მწერლობა) 25 პროცენტით აღემატებოდნენ ბიპოლარული აშლილობის მაჩვენებლით დანარჩენ ადამიანებს, რომელთაც არაკრეატიული სამუშაო ჰქონდათ. გლაზგოს უნივერსიტეტის მეცნიერები რვადან ოცი წლის ასაკამდე 1800 ადამიანს აკვირდებოდნენ. მათ აღმოაინეს, რომ რვა წლის ასაკში მაღალი IQ ქულები ბიპოლარული აშლილობის უფრო მაღალ რისკს წინასწარმეტყველებდა, ვიდრე მაღალი IQ ქულები 23 წლის ასაკში. ჩვეულებრივ ტვინებთან შედარებით, ჭკვიანი ტვინები უფრო დიდი რისკის ქვეშ იდგნენ დოფამინური ფსიქიკური დაავადებების განვითარების ალბათობაში.
ბევრმა ცნობილმა, კრეატიულმა ადამიანმა აღიარა, რომ ისინი ბიპოლარულ აშლილობასთან ერთად ცხოვრობდნენ. მათ შორის არიან ფრენსის ფორდ კოპოლა, რეი დევისი, პეტი დიუკი, კერი ფიშერი, მელ გიბსონი, ერნესტ ჰემინგუეი, ები ჰოფმანი, პატრიკ კენედი, ადა ლავლეისი, მერილინ მონრო, სინედ ო’კონორი, ლუ რიდი, ფრენკ სინატრა, ბრიტნი სპირსი, ტედ ტერნერი, ჟან-კლოდ ვან დამი, ვირჯინია ვულფი, კეტრინ ზეტა-ჯონსი, ჩარლზ დიკენსი, ფლორენს ნაიტინგეილი, ფრიდრიხ ნიცშე და ედგარ ალან პო.
არაჩვეულებრივი ტვინი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც მაღალი ხარისხის სპორტული მანქანა. მას წარმოუდგენელი ქმედებების განხორციელება შეუძლია, მაგრამ ადვილად იშლება. დოფამინი ამოძრავებს ინტელექტს, კრეატიულობას და შრომისმოყვარეობას, მაგრამ მას ასევე შეუძლია აიძულოს ადამიანები უცნაური ქცევისკენ. ბიპოლარული მანიის დროს დოფამინის გადაჭარბებული აქტივობა არ არის ერთადერთი პრობლემა, მაგრამ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. როგორც აღინიშნა, ეს არ არის გამოწვეული მაღალი აქტიური DRD4 რეცეპტორების ალელებით. ამის ნაცვლად, მეცნიერები თვლიან, რომ პრობლემა დოფამინის ტრანსპორტერთან არის დაკავშირებული.
რა ხდება, როდესაც ტანსპორტერი ნორმალურად არ ფუნქციონიერებს? ჩვენ შეგვიძლია ამ კითხვაზე პასუხი გავცეთ, როდესაც კოკაინზე დამოკიდებულ ადამიანებს შევისწავლით. კოკაინი ბლოკავს დოფამინის ტრანსპორტერს. ბლოკირება დოფამინს რეცეპტორებთან უსასრულო ურთიერთქმედების საშუალებას აძლევს. როდესაც ეს ხდება, ადამიანი გრძნობს გაზრდილ ენერგიას, მიზანმიმართულ აქტივობას და სექსუალური მადის მატებას. ასეთ ადამიანებს აღენიშნებათ ამაღლებული თვითშეფასება, ეიფორია და ქაოსური აზრები. კოკაინით ინტოქსიკაცია ძალიან ჰგავს მანიას, რადგან ექიმებს უჭირთ მათი ერთმანეთისგან გარჩევა.
განსაზღვრავს თუ არა ბიპოლარული გენები მიგრციას?
ძალიან სწრაფად გავიაზრე, რომ ემიგრაციაში წასვლისას იმ ყავარჯნებს კარგავ, რომელთაც აქამდე ეყრდნობოდი. თქვენ ნულიდან უნდა დაიწყოთ, რადგან წარსული ერთი დარტყმით უკვე წაშლილია და არავის აინტერესებს საიდან ხართ ან აქამდე რას აკეთებდით.
იზაბელ ალენდე, მწერალი.
ბიპოლარული აშლილობა არ არის მაინცდამაინც ყველაფერი ან არაფერი. ზოგ ადამიანს ამ დაავადების მძიმე ფორმები აქვს, ზოგს კი შედარებით მსუბუქი. სხვებს მხოლოდ ბიპოლარული ტენდენცია ახასიათებთ. უკანასკნელი ჯგუფის მქონე ადამიანებშიც შეგვიძლია შევამჩნიოთ ამაღლებული განწყობის მომენტები, მაგრამ იგი არც თუ ისე ცუდია, რათა სამედიცინო დაავადების დიაგნოზი დავუსვათ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ბევრ რისკის ჰორმონს ღებულობს ადამიანი გენებში საკუთარი წინაპრებისგან. გენეტიკური რისკი შემდგომში ურთიერთქმედებს ადამიანის გარემოსთან (მაგალითად, სტრესული ბავშვობა) და საბოლოო შედეგის სახით დგება ბიპოლარული აშლილობა ან მისი მახასიათებლების ზოგიერთი გამოვლინება, რომელიც არ არის საკმარისად მძიმე, რათა რეალური დაავადება გამოიწვიოს.
შესაძლებელია თუ არა, რომ დოფამინის ტრანსპორტერში ამ მცირე დისფუნქციამ (რამდენიმე სარისკო გენმა, რომელთაც მცირე ეფექტი აქვთ) ხალხი მოუსვენარი გახადოს? შესაძლოა თუ არა, ამის შედეგად ადამიანმა სახლის დატოვების გადაწყვეტილება მიიღოს? ენდრიუ კარნეგმა, მეცხრამეტე საუკუნის შოტლანდიელმა ემიგრანტმა, რომელმაც ქარხანაში კაპიკებზე მუშაობა დაიწყო და მოგვიანებით მილიონერი გახდა, სამყაროს განუცხადა: "კმაყოფილი ადამიანები ატლანტიკის ქარიშხლის ტალღებს არ ებრძვიან, არამედ უმწეოდ სხედან სახლებში".
თუ ბიპოლარული გენები ხელს უწყობენ ემიგრაციას, ეს ამბიციური ხალხი ხელს შეუწყობს რისკის გენების გავრცელებას და ბიპოლარული გენები მეტად გავრცელდება ისეთ ქვეყნებში, სადაც მიგრაციის მაღალი მაჩვენებელია. შეერთებული შტატები თითქმის მთლიანად ემიგრანტებით და მათი შთამომავლებით არის დასახლებული. სწორედ ამ ქვეყანაშია ბიპოლარული აშლილობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი: 4,4 პროცენტი, რომელიც ორჯერ აღემატება დანარჩენ მსოფლიოს. არის თუ არა ეს ორი ერთმანეთთან კავშირში?
იაპონიაში, სადაც იმიგრაცია თითქმის არ არსებობს, ბიპოლარული აშლილობის მაჩვენებელი 0,7 პროცენტია - ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მთელს მსოფლიოში. შეერთებულ შტატებში ბიპოლარული აშლილობის სიმპტომები ახალგაზრდა ასაკში იწყება, რომელიც დაავადებების უფრო მძიმე ფორმებს იწვევს. მოსახლეობის დაახლოებით ორ მესამედს ოც წლამდე უვითარდება მსგავსი სიმპტომები. ასეთი მაჩვენებელი მხარს უჭერს იმ აზრს, რომ შეერთებულ შტატებში გენოფონდის მრავალფეროვნება ხელს უწყობს მაღალი რისკის გენების გავრცელებას.
გენი, რომელიც დოფამინის ტანსპორტერს წარმოქმნის მხოლოდ ერთია, მაგრამ მის გარდა მრავალი სხვაც არსებობს. არავინ იცის ზუსტად რამდენი, მაგრამ აშკარაა, რომ გენეტიკური მემკვიდრეობის გარკვეული ფორმა თავის როლს თამაშობს. ბიპოლარული მშობლების შვილებში აშლილობის განვითარების ალბათობა ორჯერ მეტია დანარჩენებთან შედარებით. ზოგმა კვლევამ ისიც აჩვენა, რომ რისკი ორის ნაცვლად, ათჯერ მეტია. მაგრამ ხანდახან ბავშვებს უმართლებთ. ისინი სარგებლობენ ბიპოლარობის უპირატესობებით, ავადმყოფური სიმპტომების გარეშე.
როგორც აღინიშნა, ბიპოლარული აშლილობა არ არის მაინცდამაინც ყველაფერი ან არაფერი. განწყობის აშლილობის სპეციალისტები ბიპოლარული სპექტრის შესახებ საუბრობენ. სპექტრის ერთ ბოლოში არის ბიპოლარული I. დაავადების ამ ფორმის მქონე ადამიანები განიცდიან მძიმე მანიას და ღრმა დეპრესიას. შემდეგი მოდის ბიპოლარული II. ბიპოლარული II-ის მქონე ადამიანები განიცდიან ღრმა დეპრესიას, მაგრამ ამაღლებული განწყობის მსუბუქ ფორმებს, რომელსაც ჰიპომანია ეწოდება. სპექტრის ქვემოთ არის ციკლოთიმია, რომელსაც ჰიპომანიის და მსუბუქი დეპრესიის ციკლური ეპიზოდები ახასიათებს. შემდეგ მოდის ჰიპერთიმიული ტემპერამენტი, რომელიც მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან "thymia", რაც გონების მდგომარეობას აღნიშნავს.
ჰიპერთიმიული ტემპერამენტი დაავადებად არ ითვლება. ბიპოლარული აშლილობის მკვეთრი ელემენტები მასში არ მონაწილეობენ. ჰიპერთიმიული ტემპერამენტის მქონე ადამიანებს უბრალოდ "ჰიპერ" პიროვნება აქვთ და მათ ეს მუდმივად აღენიშნებათ. ჰაგოპ აკისკალის მიხედვით - რომელმაც მოცემულ სფეროსი პიონერული სამუშაო ჩაატარა - ჰიპერთიმიული ტემპერამენტის მქონე ადამიანები არიან ოპტიმისტურები, მხიარულები, ზედმეტად თავდაჯერებულები, ტრაბახები და გეგმებითა და ენერგიით სავსენი. ისისნი მრავალმხრივი ინტერესებით გამოირჩევიან, რისკზე მიდიან და დიდხანს არ სძინავთ. ისინი ზედმეტად აღფრთოვანებულნი ხდებიან ცხოვრების ახალი მიმართულებებით, როგორიცაა დიეტა, რომანტიული პარტნიორები, ბიზნეს შესაძლებლობები, რელიგიები, მაგრამ მალევე კარგავენ ინტერესს. ჰიპერთიმიული ტემპერამენტის მქონე ადამიანები ხშირად აღწევენ დიდ წარმატებას, მაგრამ მათთან ერთად ცხოვრება რთულია.
ბიპოლარული სპექტრის ბოლო ეტაპი ეკუთვნის ადამიანებს, რომლებიც მემკვიდრეობით იღებენ გენეტიკური რისკის ძალიან შეზღუდულ რაოდენობას. ასეთი ხალხი არ განიცდის არანორმალურ სიმპტომებს, მაგრამ მათ სიამოვნებთ ისეთი რამ, როგორიცაა გაძლიერებული მოტივაცია, კრეატიულობა, გაბედული მოქმედებისა და რისკისკენ მიდრეკილება და სხვა. ესენი არიან მახასიათებლები, რომლებიც დოფამინური აქტივობის საშუალოზე მაღალ დონეს ასახავენ.
დოფამინის ერი
ბიპოლარულ გენებს და ბიპოლარულ აშლილობას შედარებით მაღალი მაჩვენებლით ვხვდებით შეერთებულ შტატებში. რა ხდება არაპათოლოგიურ გამოხატულებებთან? არის თუ არა რაიმე მტკიცებულება, რომ ასეთი მაჩვენებელიც ფართოდ არის გავრცელებული? ფაქტობრივად, მტკიცებულებები უხვადაა და ყველაფერი სათავეს რესპუბლიკის ადრეულ წლებში იღებს.
ამერიკული კულტურის ერთ-ერთი პირველი დამკვირვებელი გახლდათ ალექსის დე ტოკვილი, ფრანგი დიპლომატი, პოლიტოლოგი და ისტორიკოსი. ტოკვილმა მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში ამერიკელებზე საკუთარი დაკვირვებები მის მიერ დაწერილ წიგნში აღწერა ("დემოკრატია ამერიკაში"). მან შეისწავლა ახალი ქვეყანა, რადგან სჯეროდა, რომ სავარაუდოდ ევროპაშიც არისტოკრატიას დემოკრატია ჩაანაცვლებდა. მას ეგონა, რომ ამერიკაში დემოკრატიის შედეგების შესწავლა სასარგებლო იქნებოდა ევროპისთვისაც, როდესაც მმართველობის ახალ ფორმებზე მიდგებოდა საქმე.
ბევრი რამ, რაც ტოკვილმა შენიშნა, შეიძლება მიეწეროს თანასწორობის დემოკრატიულ პრინციპს. მაგრამ მან ამერიკელთა ისეთი მახასიათებლებიც აღწერა, რომლებიც, როგორც ჩანს, არ იყვნენ დაკავშირებულნი პოლიტიკურ ფილოსოფიასთან. ზოგიერთი მახასიათებელი საოცრად ჰგავს ბიპოლარული აშლილობის სიმპტომებს ან სულ მცირე, დოფამინური პიროვნების პრობლემებს. წიგნის ერთ-ერთ თავში ("ფანატიკური ენთუზიაზმი ზოგიერთ ამერიკელში"), ტოკვილი წერს:
"მიუხედავად იმისა, რომ ამქვეყნიური სიკეთეების შეძენის სურვილი ამერიკელ ხალხზე გაბატონებულ ვნებას წარმოადგენს, გარკვეული მომენტალური აფეთქებები ხდება, თითქოს მოულოდნელად აღარ აინტერესებთ მატერიალური ობლიგაციები და იმპულსურად ისწრაფვიან ზეცაში აფრენისაკენ".
ამ ერთ წინადადებაში ჩვენ ვხედავთ დოფამინური დევნის მგზნებარე მანიას, რომელიც ფიზიკური საგნების აღქმის მიღმა იმყოფება. მომდევნო თავში, სახელწოდებით "ამერიკელთა მოუსვენარი სულის მიზეზები კეთილდღეობის შუაგულში", ტოკვილი ცხადად აღწერს, რომ დოფამინური "გაფართოების" საზღვრები არასოდეს არის საკმარისი. ტოკვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველაზე ბედნიერი გარემოებებისა, ამერიკელები მაინც უკეთეს ცხოვრებას ეძებენ. ტოკვილი წერს:
"შეერთებულ შტატებში კაცი სახლს აშენებს, რათა ცხოვრების დარჩენილი წლები მყუდროდ გაატაროს, და ამ სახლს ყიდის, სანამ ნორმალურად გადახურავდეს. ბაღს აშენებს და შემდეგ აქირავებს. ეუფლება პროფესიას და შემდეგ ივიწყებს. თუ წლების მანძილზე უწყვეტი შრომის შემდეგ აღმოაჩენს, რომ რამდენიმე დღიანი შვებულება აქვს, აუცილებლად დაკავდება სხვა საქმით, რათა თავიდან მოიშოროს ბედნიერების შეგრძნება".
ტოკვილმა აღწერა ჰიპერთიმიებით დასახლებული ერი.
გამომგონებლები, მეწარმეები და ნობელის პრემიის ლაურეატები
როგორც ემიგრანტების ერი, შეერთებული შტატები სანახაობრივად დაწინაურდა დოფამინური მიღწევებით. ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის იმიგრაციის კვლევის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის ბრიფინგის მიხედვით, 1901-დან 2013 წლამდე ნობელის პრემიის ლაურეატებიდან 42 პროცენტი ამერიკელი გახლდათ, რაც ცხადია, დანარჩენ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. უფრო მეტიც, ამერიკელი ნობელის პრემიის ლაურეატების გარკვეული რაოდენობა იმიგრანტები იყვნენ: ანადა (13%), გერმანია (11%) და დიდი ბრიტანეთი (11%).
შეერთებული შტატები აგრძელებს ემიგრანტების მოზიდვას მსოფლიოს ყველა წერტილიდან, რომელთა უნარებიც თვალშისაცემად გამორჩეულია. გარკვეულწილად, ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური კომპანიების უმეტესობა ემიგრანტების მიერ არის დაფუძნებული; ასეთებია Google, Intel, PayPal, eBay და Snapchat. ეს ყველაფერი აღსანიშნავია, რადგან ემიგრანტები ამერიკის მოსახლეობის მხოლოდ 13 პროცენტს შეადგენენ. ქვეყანა, რომელიც ამერიკას ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ნაწარმით ეხმარება, არის ინდოეთი.
წიგნის ავტორები - "როგორც განსაზღვრა მიგრაციამ ჩვენი სამყარო" - იუწყებიან, რომ 2006 წელს შეერთებულ შტატებში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩამოთვლილნი იყვნენ როგორც გამომგონებლები ან თანაგამომგონებლები.
ემიგრანტები არ მუშაობენ მხოლოდ ტექნოლოგიურ კომპანიებში. ისინი ხსნიან სალონებს, რესტორნებს და ქიმწმენდის ქარხნებს. ამერიკაში ემიგრანტები იწყებენ ყოველი ახალი ბიზნესის მეოთხედს. მეწარმეობას ფართოდ რომ შევხედოთ, პირდაპირ ბმას დავინახავთ დოფამინის სისტემასთან.
აღსანიშნავია, რომ ემიგრანტების გამორცეული როლი მხოლოდ ამერიკაში არ გვხვდება. ემიგრანტების მიერ მოტანილ სიახლეზე ორიენტირებულ ქვეყნებს განეკუთვნება კანადაც, ისრაელიც და ავსტრალიაც. ისრაელი ემიგრანტების სახელმწიფოდ ბოლო სამი თაობის მანძილზე იქცა.
მსოფლიოში მაღალფუნქციური დოფამინური ადამიანების შეზღუდული რაოდენობა არსებობს, ასე რომ, ერთი ქვეყნის მოგება მეორე ქვეყნის ზარალს ნიშნავს. ბევრი ამერიკელი ემიგრანტი ევროპიდან ჩამოვიდა, რამაც ამერიკაში დოფამინური გენოფონდი გაზარდა და ევროპას მხოლოდ ნარჩენები შერჩა. ამიტომ, ევროპაში მოსახლეობა ამერიკასთან შედარებით "აქ და ახლა" მიდგომით ხასიათდება.
Pew Research Center-მა ჩაატარა გამოკითხვა, თუ რა განსხვავება არსებობდა ამერიკელებსა და ევროპელებს შორის. მათი დასკვნები წარმოდგენილია მოხსენებაში, სახელწოდებით The American-Western European Values Gap. მიუხედავად იმისა, რომ ღირებულებებზე გავლენას გენეტიკის გარდა მრავალი ფაქტორი ახდენს, მათ მიერ დასმული ზოგიერთი შეკითხვა მჭიდროდ იყო დაკავშირებული დოფამინურ პიროვნებებთან. მაგალითად, მათ ჰკითხეს: "არის თუ არა წამატება ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი?" გერმანიაში 72-მა პროცენთქმა თქვა "დიახ". საფრანგეთში ეს იყო 57 პროცენტი, ხოლო ბრიტანეთში 41. ამერიკაში გამოკითხულთა აბსოლუტურ უმრავლესობას დოფამინური ხედვა ჰქონდა.
დოფამინური განსხვავება სხვა საკითხებშიც ვლინდება. ამერიკელები განსაკუთრებულად იწონებდნენ სამხედრო ძალის გამოყენების იდეას და ცვლილებების ფაქტობრივ შემოღებას, ეროვნული მიზნების მისაღწევად. ისინი ნაკლებად თვლიდნენ, რომ ამისთვის გაეროს ნებართვა იყო საჭირო. ამერიკელთა თითქმის 50-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მათ ცხოვრებაში რელიგია მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ამასთან დაკავშირებით ევროპაში ნახევარზე დაბალი მაჩვენებელი გახლდათ: ესპანეთში იგივე თქვა 22-მა პროცენტმა, გერმანიაში 21-მა, 17 ბრიტანეთში და 13 საფრანგეთში.
შესაძლოა ამერიკაში და სხვა ემიგრანტ ქვეყნებში გამორჩეული დოფამინური გენები ვლინდებოდეს, მაგრამ ცხოვრებისადმი დოფამინური მიდგომა კოლექტიური კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა, მიუხედავად იმისა, უჭერს თუ არა მხარს ასეთ მიდგომას ადამიანის გენები. მსოფლიოს ახლა ახასიათებს ინფორმაციის დაუსრულებელი ნაკადი, ახალი პროდუქტები, რეკლამა და მეტის საჭიროება. დოფამინი დღეს-დღეისობით ჩვენი არსების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილთან ასოცირდება. დოფამინმა შეიპყრო ჩვენი სულები.
მე, დოფამინი
დოფამინის წარმომქმნელი უჯრედები ტვინის 0,0005 პროცენტს შეადგენენ. ეს არის უჯრედების მცირე ნაწილი, რომელსაც ჩვენს სამყაროში ნავიგაციისათვის ვიყენებთ. მაშინ, როდესაც საკუთარ თავზე ვფიქრობთ, თუ რას წარმოვადგენთ ღრმა გაგებით, სინამდვილეში ამ დროს უჯრედების მცირე პორციას ვგულისხმობთ. ჩვენ დოფამინთან ვახდენთ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას. ჩვენს გონებაში, ჩვენ ვართ დოფამინი.
ჰკითხეთ ფილოსოფოსს, რა არის კაცობრიობის არსი და არ გაგიკვირდეთ, თუ მისგან მიიღებთ პასუხს, რომ კაცობრიობის არსი არის "თავისუფალი ნება". კაცობრიობის არსი არის ინსტიქტების მიღმა განვითარებისა და გადაადგილების უნარი, რათა ჩვენს გარშემო ავტომატური რეაქციების სპექტრს გავცდეთ. ეს არის არჩევანის გაკეთების უნარი; თუ როგორ შემოვიტანოთ ცხოვრებაში ღირებულებები და პრინციპები და როგორ ავირჩიოთ შესაძლებლობათაგან საუკეთესო, იქნება ეს ფული, სიყვარული თუ სულიერი კეთილშობილება; სწორედ ეს არის დოფამინი.
აკადემიკოსმა შეიძლება თქვას, რომ კაცობრიობის არსი არის სამყაროს გაგებისა და შესწავლის უნარი. ეს არის საშუალება, როდესაც ინფორმაციის ხარჯზე ადამიანი ფიზიკურ გრძნობებზე მაღლდებდა და ცდილობს უფრო ფართოდ გაიგოს ის, რასაც აღიქვამს. შემდგომში იგი აფასებს, განსჯის და პროგნოზებს აკეთებს; ეს არის დოფამინი.
ჰედონისტს სჯერა, რომ ცხოვრებაში მთავარი არის სიამოვნების მიღება, იქნება ეს ღვინო, ქალი თუ ცეკვა-თამაში, მისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გაზარდოს სიამოვნების წყაროები, რომელსაც ღებულობს, როდესაც "მეტისკენ" ისწრაფვის; ეს არის დოფამინი.
არტისტი გეტყვით, რომ ყველაფრის არსი არის შემოქმედება. ეს არის ღვთიური ძალა, რათა სამყაროში შემოვიდეს ისეთი სინათლე და სილამაზე, რომელიც აქამდე არ არსებობდა; ეს არის დოფამინი.
და ბოლოს, სულიერმა ადამიანმა შეიძლება თქვას, რომ სამყაროს არსი არის ტრანსცენდენტური რეალობა; რაღაც, რაც ფიზიკურ სამყაროზე მაღლა დგას. ეს არის სულის უკვდავების ნაწილი, რომელიც სივრცისა და დროის მიღმა არსებობს. ვინაიდან ჩვენს სულს ვერ ვხედავთ, არ გვესმის, ვერ ვეხებით, ვერ ვაგემოვნებთ და ვერ ვყნოსავთ, იგი წარმოსახვის მეშვეობით არსებობს; ეს არის დოფამინი.
როგორ ვიფხანთ თავს
ტვინის 99,999 პროცენტზე მეტი შედგება უჯრედებისგან, რომლებიც დოფამინს არ წარმოქმნიან. ბევრი მათგანი ისეთ ფუნქციებზე ზრუნავს, რომელიც ჩვენი გაცნობიერების მიღმა იმყოფება, როგორიცაა მაგალითად სუნთქვა, ჰორმონალური სისტემების ბალანსის შენარჩუნება და კუნთების კოორდინაცია, რაც საშუალებას გვაძლევს შევასრულოთ ერთი შეხედვით მარტივი მოძრაობები. იფიქრეთ თავის მოფხანვაზე. ამაზე ფიქრი იმით იწყება, რომ დოფამინური უჯრედი ამბობს: "ეს მშვენიერი იდეაა". დოფამინი გადაწყვეტს, რომ საუკეთესო საშუალებაა მომავალში ქავილი არ გვაწუხებდეს, ამიტომ სხეულს მოფხანვის სიგნალს უგზავნის. სწორედ აქ იწყება და აქვე სრულდება დოფამინის ფუნქცია.
დოფამინი არის დირიჟორი და არა ორკესტრი.
გარკვეულწილად, რაღაცის გაკეთების დოფამინური ბრძანება ყველაზე მარტივი ნაწილია. შემდგომში რაც ამას მოჰყვება იმდენად რთულია, რომ ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა მივიყვანოთ ეს ყველაფერი ბოლომდე.
თავის მოსაფხანად მკლავის აწევა ათობით კუნთის კოორინაციას მოითხოვს, რომელშიც ჩართულია თითები, მკლავი, მაჯა, მხარი, ზურგი, კისერი და მუცელი. მკლავის ზემოთ აწევისას იცვლება თქვენი სიმძიმის ცენტრი, ამიტომ იგი ბალანსის კორექტირებასაც მოითხოვს. თქვენს სხეულში თითოეულ სახსარს აქვს საპირისპირო კუნთები (თავის ტვინში საპირისპირო სქემების მსგავსად), რათა სახსარი მაღალი სიზუსტით კონტროლდებოდეს. სახსრის ერთ მხარეს კუნთებს სჭირდებათ შეკუმშვა, კონკრეტული და მუდმივად ცვალებადი სიძლიერით, ხოლო მოწინააღმდეგეებმა მუდმივად ცვალებადი წესით უნდა დაისვენონ. კუნთები ინდივიდუალური ბოჭკოებისგან არის დამზადებული. მათგან მეოთხედი მილიონი მხოლოდ მუცლის კუნთებში იმყოფება. შეკუმშვის სიძლიერე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პროცენტული მაჩვენებლით არის გააქტიურებული ასეთი ბოჭკოები. თავის მოსაფხანად ტვინმა უნდა გააკონტროლოს მილიონობით უჯრედი მთელს სხეულში. იგი უნდა დარწმუნდეს, რომ ყოველი უჯრედი სწორად არის კოორდინირებული ერთმანეთთან და დინამიურად იცვლება შეკუმშვის შედარებითი ძალა მოძრაობის დროს. ამას დიდი გონებრივი ენერგია სჭირდება; იმაზე მეტი, ვიდრე თქვენ გგონიათ, რომ გაგაჩნიათ. ეს არ არის დოფამინი, მაგრამ საერთო ჯამში ორივე მოქმედებას მაინც თქვენ ასრულებთ.
ბევრი რამ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ მთელი დღის განმავლობაში, ავტომატურია. ჩვენ ძალიან ბევრ ისეთ ქმედებას ვახორციელებთ, რომელიც გვერდს უვლის ტვინის ისეთ ნაწილებს, რომელსაც აწონ-დაწონვა და გაცნობიერება მოეთხოვება. ამ არგუმენტის ფონზე შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ასეთი არაცნობიერი (არადოფამინური) მოქმედებები წარმოადგენენ იმას, თუ ვინ ვართ სინამდვილეში.
ეს გოგო დღეს საკუთარ თავს არ ჰგავს
ადამიანებს, რომლებსაც ვიცნობთ და გვიყვარს, აქვთ განსაკუთრებული მახასიათებლები, რაც განსაზღვრავს, თუ ვინ არიან ისინი. ზოგიერთი ასეთი მახასიათებელი დოფამინური აქტოვობიდან წარმოიქმნება; ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ: "ის ყოველთვის აქ არის, როდესაც მჭირდება". მაგრამ ხშირად, ადამიანის არაცნობიერი (არადოფამინური) ქმედებები ჩვენთვის კიდევ უფრო ძვირფასია: "ის ყოველთვის ბედნიერია. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ცუდად ვგრძნობ თავს, მას მაინც შეუძლია, რომ გამახალისოს", "მე მიყვარს მისი ღიმილი", "მას ყველაზე უცნაური იუმორის გრძნობა აქვს", "რაღაცნაირად მოძრაობს, სხვებში ყოველთვის გამოვარჩევ".
თავის მოფხანვისას შეიძლება ვერ ვამჩნევდეთ ჩვენთვის დამახასიათებელ მოძრაობის თავისებურებებს, მაგრამ სხვა ადამიანები ამას ხედავენ. თითოეულ ჩვენგანს აქვს გადაადგილების უნიკალური მახასიათებელი. ჩვენ ჩვეულებრივ არ ვიცით ამ ჩვევების შესახებ, მაგრამ სხვები ამჩნევენ. ხშირად ჩვენს მეგობრებს შორიდან ვიცნობთ იმის მიხედვით, თუ როგორ მოძრაობენ ისინი, მაშინაც კი, როდესაც ვერ ვხედავთ მათ სახეებს.
რას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ, რომ: "ეს გოგო დღეს საკუთარ თავს არ ჰგავს?"; ადამიანი შეიძლება ავად იყოს, ან თავს იმედგაცრუებულად გრძნობდეს; შეიძლება დაღლილი იყოს, რადგან გუშინ კარგად არ ეძინა. სულ ერთია რა არის მიზეზი, ჩვენ ამ სიტყვებში იმას ვგულისხმობთ, რომ იგი განსხვავებული ადამიანივით იქცევა. ზოგადად ასეთი ქცევა აღნიშნავს ქმედების შაბლონებს, რომლებიც ცნობიერი კონტროლის მიღმა იმყოფებიან, რის გამოც ქმედება განსხვავებულია. როდესაც "მასზე" ვფიქრობთ, ხშირად სწორედ არაცნობიერ ასპექტებს ვგულისხმობთ.
კიდევ რას უგულებელვყოფთ, როდესაც საკუთარი თავის დოფამინურ წრეებთან იდენტიფიცირებას ვახდენთ? პიროვნებას ასეთ დროს ეკარგება ემოციები, თანაგრძნობა, საყვარელ ადამიანთან გვერდით ყოფნის სიხარული და ასე შემდეგ. თუ ჩვენ უგულებელყოფთ ჩვენს ემოციებს და მათთან კავშირს დავკარგავთ, ისინი დროთა განმავლობაში ნაკლებად დახვეწილნი ხდებიან და გადაიზრდებიან ბრაზში, სიხარბეში ან წყენაში. თუ ჩვენ უგულებელყოფთ თანაგრძნობას, ვკარგავთ უნარს, რომ სხვებს თავი ბედნიერად ვაგრძნობინოთ. და თუ უგულებელვყოფთ ურთიერთობებს, დიდი ალბათობით საერთოდ დავკარგავთ ბედნიერების შეგრძნების უნარს - პლიუს, საკმაოდ ადრე მოვკვდებით. ჰარვარდის კვლევამ, რომელიც სამოცდათოთხმეტი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, აღმოაჩინა, რომ სოციალური იზოლაცია (თუნდაც მარტოობის გრძნობის არარსებობის შემთხვევაში) ადრეული სიკვდილის ალბათობას 50-დან 90 პროცენტამდე ზრდის. ეს დაახლოებით იგივე მაჩვენებელია, რაც მოწევა და კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე ჭარბი წონა ან ვარჯიშის ნაკლებობა. როგორც მინიმუმ, ჩვენს ტვინს ურთიერთობები მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ ცოცხალი დარჩეს.
ჩვენ ასევე ვკარგავთ გარშემო არსებული სენსორული სამყაროს სიამოვნებას. სამაგიეროდ, ყვავილის სილამაზით ტკბობისას ჩვენ წარმოვიდგენთ როგორი იქნება იგი ვაზაში, ჩვენი სამზარეულოს მაგიდაზე. დილის ჰაერის შესუნთქვის ნაცვლად ამინდის აპლიკაციას ვუყურებთ და მთლიანად უყურადღებოდ ვტოვებთ გარესამყაროს.
საკუთარი თავის დოფამინის სისტემებთან იდინტიფიცირება სპეკულაციებისა და შესაძლებლობების სამყაროში გვაგდებს. კონკრეტული სამყარო, რომელიც აქ და ახლა არსებობს, ჩვენში ზიზღს, იგნორირებას და შიშს აღძრავს, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია მისი გაკონტროლება. ჩვენ მხოლოდ მომავლის გაკონტროლება შეგვიძლია და კონტროლზე უარის თქმა არის უკანასკნელი, რაც დოფამინურ ადამიანებს მოსწონთ. მაგრამ არც ერთი არ არის რეალური. თუნდაც ისეთი მომავალი, რომელიც ორ წამში დადგება, უკვე არარეალურია. არსებობს მხოლოდ აწმყოს მკვეთრი და რეალური ფაქტები, რომლებიც ზუსტად ისე უნდა იქნეს მიღებული, როგორებიც არიან. აწმყო არის რეალური სამყარო. მომავალი, სადაც დოფამინური არსებები ცხოვრობენ, ფანტომების სამყაროს წარმოადგენენ.
ჩვენი ფანტაზიის სამყარო შეიძლება იქცეს ნარცისულ თავშესაფრად, სადაც ძლიერი, ლამაზი და სათაყვანებელი ვიქნებით. როდესაც რეალურ სამყაროში ვზივართ, ნახევრად დაბრმავებულ მდგომარეობაში ვზრუნავთ მხოლოდ იმაზე, თუ რა შეგვიძლია გამოვიყენოთ რეალობის ღრმა ოკეანეების ხარჯზე ჩვენი დაუსრულებელი სურვილებისთვის. საბოლოოდ, ამან შეიძლება დაგვღუპოს.
გაანადგურებს თუ არა დოფამინი ადამიანურ რასას?
როდესაც კაცობრიობა გადაშენების პირას იყო მისული, მეტისკენ სწრაფვამ მას სიცოცხლე შეუნარჩუნა. დოფამინი პროგრესის ძრავას წარმოადგენდა. იგი დაეხმარა ჩვენს ევოლუციურ წინაპრებს, რათა საარსებო წყარო ეპოვათ. მაგრამ სიმრავლის გარემოში, რომელშიც ჩვენ ავითვისეთ საკუთარი სამყარო და შევიმუშავეთ დახვეწილი ტექნოლოგია - ანუ როდესაც გადარჩენის საკითხი აღარ დგას - დოფამინი მაინც აგრძელებს წინსვლას, მაგრამ ამჯერად ალბათ ჩვენივე განადგურებისაკენ.
როგორც სახეობა, ჩვენ ახლა ბევრად განვითარებულები ვართ იმასთან შედარებით, რაც ევოლუციის საწყის ფაზებში ვიყავით. ტექნოლოგია სწრაფად ვითარდება, ხოლო ევოლუცია ძალიან ნელია. ჩვენი ტვინი ზუსტად იმ დროს განვითარდა, როდესაც გადარჩენა უკვე საეჭვო იყო. თანამედროვე სამყაროში გადარჩენა ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ ისე გამოდის, რომ ჩვენ მაინც პირველყოფილი ადამიანებივით ვაზროვნებთ.
სავსებით შესაძლებელია, რომ ადამიანური რასა უახლოესი ორმოცდაათი თაობის განმავლობაში აღარ იარსებებს. ჩვენ უბრალოდ ზედმეტად შეგვიპყრო დოფამინური სურვილების დაკმაყოფილების მანიამ: მეტი და მეტი ყოველთვის კარგი არ არის ინდივიდისთვის და ამ შემთხვეაში იგივე ეხება მთლიან სახეობასაც. მაგრამ დოფამინი არ ჩერდება. იგი უფსკრულისაკენ გვიბიძგებს. შემდეგ ქვეთავში ჩვენ განვიხილავთ ყველაზე უარეს სცენარს, რაც კი შეიძლება, რომ დოფამინმა დაატრიალოს. შესაძლოა ახლებურმა დოფამინურმა გამოგონებებმა დაგვეხმარონ, რათა კაცობრიობის გადარჩენისთვის უკეთესი გზა ვიპოვოთ, რომელიც მუდმივად აჩქარებული პროგრესის ფაზაში იმყოფება. თუმცა, შესაძლოა უკვე ვერც ვერაფერმა გვიშველოს. რატომ? აი პასუხი:
ღილაკზე თითის დაჭერა
ბირთვული არმაგედონი არის ყველაზე აშკარა დოფამინური მეთოდი კაცობრიობის გასანადგურებლად. მაღალი დოფამინის მქონე ადამიანებმა შექმნეს დედამიწის განკითხვის დღის იარაღი, რომელიც მაღალი დოფამინის სახელმწიფო მმართველებს გადასცეს. მეცნიერები ვერ ჩერდებიან და ყოველთვის უფრო საშინელ და სასიკვდილო იარაღებს ქმნიან, ხოლო არც პოლიტიკურ ლიდერებს ეტყობათ, რომ ოდესმე ძალაუფლების დიქტატურას დათმობენ. დროის მსვლელობასთან ერთად, უფრო მეტი ქვეყანა ღებულობს ბირთვული იარაღის ფლობის შესაძლებლობებს და ადრე თუ გვიან რომელიმე მათგანის დოფამინური სქემები იმ დასკვნამდე მივა, რომ მომავლალში რესურსების გაზრდის საუკეთესო საშუალებას ღილაკზე თითის დაჭერა წარმოადგენს. ჩვენ ყველას იმედი გვაქვს (ზოგს ღრმად სჯერა), რომ სანამ საკუთარ თავს გავანადგურებთ, კაცობრიობა იპოვის გამოსავალს, რათა პრიმიტიული დროისთვის დამახასიათებელი დაპყრობის მანიისგან გადარჩეს, რაშიც თავისი როლი უნდა ითამაშონ საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციებმა, როგორიცაა გაერო.
პლანეტის დასასრული
განკითხვის დღის კიდევ ერთი აშკარა სცენარი მოიცავს დოფამინის დაუოკებელ სწრაფვას მეტისკენ; ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ მომენტში ჩვენ დედამიწის რესურსებს მოვიხმართ, შედეგად კი რაღაც დროს პლანეტა განადგურდება. სამრეწველო აქტივობით დაჩქარებული კლიმატის ცვლილება მსოფლიოს ყველა ქვეყნის მთავარი ყურადღებაა, რომელთაც დამანგრეველი შედეგების ეშინიათ; კლიმატის ასეთი სისწრაფით ცვალებადობა იწვევს გვალვას, წყალდიდობას და და რესურსების შესამცირებლად გამართულ ძალადობრივ კონკურენციას. სათბურის გაზების ნახევარზე მეტი წარმოიქმნება წიაღისეული საწვავის დაწვით, რითაც ცემენტი, ფოლადი, პლასტმასი და ქიმიკატები მზადდება. რაც უფრო მეტი ქვეყანა ამოდის სიღარიბიდან, ამ მასალებზე მოთხოვნაც მეტად იზრდება. ყველას მეტი სურს - არ არის აუცილებელი იგი ფუფუნებისკენ იყოს მიმართული; ბევრი მათგანი სიღარიბიდან ამოსვლას ეხება.
დედამიწის გადასარჩენად გლობალური ეკონომიკური ზრდა უნდა შენელდეს. ხალხს დასჭირდება გამოიყენოს ნაკლები სითბო, ნაკლები კონდიციონერი, ნაკლები ცხელი წყალი. მათ ნაკლებად უნდა იმოძრაონ ავტომობილით, თვითმფრინავით, გემით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დოფამინის მკვეთრი დათრგუნვა უნდა მოხდეს და უკეთეს ეპოქას აუცილებლად დასჭირდება, რომ "მეტის" დაუოკებელი სურვილი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს.
ეს არასოდეს მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში. მხოლოდ ტექნოლოგიური გარღვევა მოგვცემს სსაშუალებას, შევაჩეროთ ჩვენი ამჟამინდელი რესურსების მოხმარების მზარდი ტემპი; აუცილებელია, რომ სათბური ქარხნების ფუნქციონირება შემცირდეს.
მოდით ყველამ მივესალმოთ ჩვენს ახალ სუპერკომპიუტერებს
კომპიუტერები, რომლებიც ადამიანებზე ჭკვიანები იქნებიან, ფუნდამენტურად შეცვლიან სამყაროს. ჩვენი დოფამინით გამოწვეული უნარის წყალობით, ყოველწლიურად უფრო სწრაფი და მძლავრი კომპიუტერები იქმნება. მას შემდეგ, რაც კომპიუტერი საკმარისად ჭკვიანი გახდება, რათა მან საკუთარი თავი გააუმჯობესოს, პროგრესი კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება. შესაძლებელია ეს უფრო ადრე მოხდეს, ვიდრე გვგონია. რეი კურცვეილი, მსოფლიოს წამყვანი ფუტუროლოგი მიიჩნევს, რომ სუპერინტელექტუალური კომპიუტერები 2029 წლისთვის გვექნება.
კომპიუტერები, რომლებიც დაპროგრამებულია ტრადიციული ტექნიკის გამოყენებით, სრულიად პროგნოზირებადნი არიან. ისინი მიჰყვებიან მიღებისა და გაანგარიშების მკაფიო ინსტრუქციას დასაწყისიდან ბოლომდე. ახალი გამოგონებები ხელოვნურ ინტელექტში არაპროგნოზირებადი შედეგების შესაქმნელად ისწრაფვიან. კომპიუტერი საკუთარ თავს იმის მიხედვით შეცვლის, თუ რამდენად წარმატებული იქნება იგი მიზნის მიღწევაში. სქემები, რომლებიც წარმატებამდე მიგვიყვანს, ძლიერდება და წარუმატებლობის ალბათობა სუსტდება. როდესაც დროთა განმავლობაში სქემები განვითარდება, ძალიან რთული გახდება გასაგებად, თუ როგორ აკეთებს სუპერკომპიუტერი ამ ყველაფერს.
შედეგად, ზუსტად არავინ იცის რის გაკეთებას შეძლებს სუპერკომპიუტერი. ხელოვნური ინტელექტი, რომელიც საკუთარ სქემებს აპროგრამებს, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს მივიდეს დასკვნამდე, რომ ადამიანთა რასის განადგურება საუკეთესო საშუალებაა მიზნის მისაღწევად. მეცნიერებს შეუძლიათ "დაცვითი გარანტიები" დააპროგრამონ, მაგრამ როდესაც პროგრამა უშუალოდ პროგრამისტების კონტროლს მიღმა ვრცელდება, შეუძლებელია იმის ცოდნა, თუ რა სახის ძლიერი დაცვა იქნება საკმარისი სუპერკომპიუტერის ოპტიმიზაციისგან გადასარჩენად. ერთ-ერთი ვარიანტია, რომ საერთოდ შეჩერდეს ხელოვნური ინტელექტის შექმნა. მაგრამ ეს მკაფიო მუხრუჭი იქნება "სიახლის" ძიების გზაზე და ამას არავინ გააკეთებს, ამიტომ, შეგვიძლია ეს ვარიანტი გამოვრიცხოთ. დოფამინი მეცნიერებს შეჩერების უფლებას არ მისცემს, არ აქვს მნიშვნელობა, კარგი იქნება ეს კაცობრიობისთვის თუ ცუდი. დაგვრჩა ერთი გზა - სუპერკომპიუტერმა ეთიკური კანონების დაცვით უნდა იმოქმედოს. დღეს ბევრი ექსპერტი თვლის, რომ სწორედ ეს უნდა იყოს კომპიუტერული მეცნიერების მთავარი პრიორიტეტი.
ყველაფერი მუდმივად
დოფამინზე ორიენტირებული ტექნოლოგიური მიღწევები გვიადვილებს საჭიროებებისა და სურვილების დაკმაყოფილებას. სასურსათო მაღაზიის თაროები მუდმივად იცვლება "ახალი და გაუმჯობესებული" პროდუქტებით, ავტომობილებს უფრო სწრაფად მივყავართ დანიშნულების ადგილამდე, ინტერნეტი პრაქტიკულად ულიმიტო გართობის ვარიანტებს გვაწვდის და ყოველწლიურად ბაზარზე უფრო და უფრო მაგარი რაღაცები შემოდის.
დოფამინი ჩვენს ცხოვრებას ძალიან დიდი სისწრაფით მართავს. ამის განგრძობადობას კი მეტი განათლება სჭირდება. მაგისტრატურა დღეს ისეთივე აუცილებელია, როგორც კოლეჯის განათლება იყო ერთი თაობის წინ. ჩვენ უფრო დიდხანს ვმუშაობთ, საჭიროა ძლიერი მეხსიერება და მუდმივად აქტიურად ყოფნა. ეს არასოდეს ჩერდება.
ამდენი ხნის სწავლის, გარჯის და დროის დახარჯვის შემდეგ, ადამიანს უნდა ჰქონდეს რაღაც, რისთვისაც ეს ყველაფერი ღირს, და ეს არის ოჯახი. აშშ-ს აღწერის ბიუროს მიხედვით, 1976 წლიდან 2012 წლამდე ამერიკაში უშვილო ქალების რაოდენობა გაორმაგდა. The New York Times იუწყება, რომ 2015 წელს ამან გამოიწვია უშვილო ქალების გლობალური შეკრება, სადაც განიხილავდნენ, უშვილობა არჩევანი იყო თუ აწ უკვე შექმნილი გარემოება.
განვითარებულ ქვეყნებში ხალხმა შვილების ყოლისადმი ინტერესი მკვეთრად დაკარგა. ბავშვების აღზრდა ბევრი ფული ჯდება. აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ცნობის მიხედვით, თვრამეტ წლამდე ბავშვის აღზრდა საშუალოდ 245,000 დოლარი ჯდება. შემდგომში უნივერსიტეტის და წვრილმანი ხარჯები 160,000 დოლარს უტოლდება. ამ ფულით ყოველწლიურად მოგზაურობა შეიძლება, რომ აღარაფერი ვთქვათ გართობაზე, რესტორნებზე, ძვირადღირებულ ტანსაცმლებზე და ასე შემდეგ.
მომავალზე ორიენტირებული დოფამინი აღარ უბიძგებს წყვილებს შვილების გაჩენისკენ, რადგან განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს სიბერეში აღარ სჭირდებათ შვილების მხრიდან თანადგომა. მთავრობის მიერ დაფინანსებული საპენსიო გეგმები ისედაც ზრუნავს ამ პრობლემაზე. საბოლოო შედეგი არის დემოგრაფიული კოლაფსი.
ევროპის ყველა ქვეყანა, ასევე ავსტრალია, კანადა, იაპონია, სამხრეთ კორეა და ახალი ზელანდია უკვე გადასულია დაბალი შობადობის მაჩვენებელზე. შეერთებული შტატები მეტწილად უფრო სტაბილური მაჩვენებელით სარგებლობს განვითარებადი ქვეყნებიდან ემიგრანტების შემოდინების გამო, რომელთაც ჯერ არ დაუკარგავთ ადამიანური რასის გადარჩენის ჩვევა.
გააკეთე არაფერი, გამოსცადე ყველაფერი
და ბოლოს, კაცობრიობის დასასრული შესაძლებელია დაჩქარდეს ვირტუალური რეალობის წყალობით (VR). ვირტუალური რეალობა უკვე ქმნის ისეთ გამოცდილებას, რომელსაც მყისიერად გადაჰყავს ადამიანი ლამაზ და საინტერესო ადგილებში.
VR უკვე აწარმოებს სურათებს და ხმას, სენსორული გამოცდილებები კი მალე "ონლაინ რეჟიმში" გადავა. მკვლევარებმა შეიმუშავეს სენსორული სისტემა, სადაც ნებისმიერი არომატის დაგემოვნება არის შესაძლებელი ენაზე სენსორის გააქტიურების შედეგად. შეხება არის საბოლოო ზღვარი, რადგან ეს საშუალებას მისცემს ვირტუალური რეალობის შემქმნელებს, მოახდინონ სექსის სიმულაცია, ხოლო პორნოგრაფია სრულიად ახალ საფეხურზე გადავა. რატომ შევიწუხებთ სექსით თავს ჭირვეულ, განმეორებად და არასრულყოფილ პარტნიორთან, როდესაც მუდმივად ცვალებადი ფანტაზიის რეალურად გამოცდა შეგვეძლება? შეხების სფეროს დამუშავებით, პრნოგრაფია კიდევ უფრო მეტად გახდება დამოკიდებულების შემქმნელი; შესაძლოა ნარკოტიკის დონეზეც კი. ბაზარზე უკვე არსებობს მოწყობილობები, რომლებიც გენიტალიური სტიმულაციის სინქრონიზებას გამოსახულების პარალელურად ახდენს. სასწორზე ბევრი ფულია. 2016 წელს სექსუალური სათამაშოების ბიუჯეტი 15 მილიარდი დოლარი იყო, მაგრამ პროგნოზირებენ, რომ 2020 წლისთვის მაჩვენებელი 50 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.
მალე ჩვენ შევძლებთ კომპიუტერს ვასწავლოთ ის, რაც მოგვწონს, რომელსაც კომპიუტერი გამოცდილების რეიტინგისა და შეფასების მიხედვით დაახარისხებს. კომპიუტერი იმდენად დახელოვნებული გახდება ჩვენი სურვილების შესრულებაში, რომ ვერც ერთი ადამიანი ვეღარ გაუწევს კონკურენციას. მომდევნო ნაბიჯი იქნება ვირტუალური სექსი, ყოველგვარი კომპლექსებისა და ბავშვს გაჩენის საფრთხის გარეშე. როდესაც მიმდინარე ტენდენციები ვირტუალური რეალობის ინტერესებში ხვდება, შეგვიძლია რომ კაცობრიობის მომავალი ეჭვქვეშ დავაყენოთ. ვირტუალური რეალობის მეშვეობით, კაცობრიობა შესაძლოა საკუთარი ნებით გადავიდეს წყვდიადში. დოფამინური წრეები გეტყვიან, რომ ეს არის საუკეთესო რამ, რაც კი ოდესმე გამოგიცდიათ.
მხოლოდ ერთი რამ გადაგვარჩენს: უკეთესი ბალანსის მიღწევის უნარი, "მეტისადმი: ჩვენი აკვიატების დაძლევა, რეალობის შეუზღუდავი კომპლექსურობის დაფასება და იმით ტკბობის სწავლა, რაც ახლა გვაქვს.