თავი მეხუთე - პოლიტიკა
რატომ არ შეგვიძლია, რომ უბრალოდ გავერთიანდეთ.
ამ თავში შევისწავლით, როგორ გავლენას ახდენენ სუპერძალები და ხელის სადეზინფექციო საშუალებები ჩვენს პოლიტიკურ იდეოლოგიაზე.
ავტორთა წუხილი...
2002 წლის აპრილში American Journal of Political Science-მა გამოაქვეყნა კვლევის მოხსენება, "კორელაცია და არა მიზეზი: ანუ ურთიერთობა პიროვნულ მახასიათებლებსა და პოლიტიკურ იდეოლოგიებს შორის". სტატია დაწერილია ვირჯინიის "თანამეგობრობის უნივერსიტეტის" მკვლევარების მიერ, რომლებიც პიროვნულ თვისებებს და პოლიტიკურ იდეოლოგიებს სწავლობდნენ. მათ აღმოაჩინეს, რომ ეს ორი მცნება ერთმანეთთან კავშირშია და ასევე, კავშირი გარკვეულწილად გენეტიკასაც მიეწერება. კვლევის განმავლობაში მათ შენიშნეს, რომ გარკვეული პიროვნული მახასიათებელი ასოცირდება ლიბერალიზმთან, სხვები კი კონსერვატიზმთან.
მათ განსაკუთრებით აინტერესებდათ პიროვნების თვისებათა კოლექციები, რომელსაც ფსიქიატრები "პიროვნების თანავარსკვლავედს" უწოდებენ. ავტორებმა აღნიშნეს, რომ "პიროვნების თანავარსკვლავედის" დაბალი მაჩვენებელი უფრო მეტად აღნიშნავს "ალტრუიზმს, კარგად სოციალიზებულს, ემპათს და ჩვეულებრივს". და პირიქით, მაღალი მაჩვენებელი განასახიერებს "მანიპულატორს, მკაცრი წესებით მოაზროვნეს და პრაქტიკულობას". ასეთ ადამიანებს გააჩნიათ ისეთი მახასიათებლები, რომელიც მოიცავს რისკზე წასვლას, იმპულსურობას და ავტორიტარიზმს. მკვლევარებმა დაასკვნეს: "როგორც ასეთი, ჩვენ ველით, რომ პიროვნების თანავარსკვლავედის მაღალი მაჩვენებელი დაკავშირებული იქნება კონსერვატიულ პოლიტიკურ დამოკიდებულებასთან".
ის, რაც მათ იწინასწარმეტყველეს, ზუსტად ემთხვეოდა თავიანთ აღმოჩენას. ავტორთა მიხედვით, სტერეოტიპები მართალნი იყვნენ: კონსერვატორი მიდრეკილია იმპულსურობისკენ და ავტორიტატულობისკენ, მაშინ როცა ლიბერალები კარგად სოციალიზებულები და მშვიდობიანები არიან. მაგრამ, მეცნიერებაში ასე ხდება ხოლმე: როდესაც ზუსტად იმას მიაგნებ, რასაც მოელი, ეს ხშირად არის წითელი ნიშანი. 2016 წლის იანვარში, პირველი მოხსენებიდან თოთხმეტი წლის შემდეგ, ჟურნალმა გამოაქვეყნა უარყოფა:
"ავტორები გამოთქვამენ წუხილს, ვინაიდან მათ მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში - "კორელაცია და არა მიზეზი: ანუ ურთიერთობა პიროვნულ მახასიათებლებსა და პოლიტიკურ იდეოლოგიებს შორის" - დაშვებულია შეცდომა. კოდირების ინტერპრეტაცია აბსოლუტურად შებრუნებულია.
ვიღაცამ ეტიკეტები არასწორ ადგილას დააკრა. სწორი ინტერპრეტაცია ზუსტად იმის საპირისპირო იყო, რაც მათ განაცხადეს. მანიპულატორები, მკაცრი კანონებით მოაზროვნეები და პრაქტიკულები სწორედ ლიბერალები იყვნენ, ხოლო არა ლიბერალი კონსერვატორები კარგად სოციალიზებულები, ემპათები და ალტრუისტები აღმოჩნდნენ. ამ შებრუნების გამო უამრავმა ადამიანმა გამოხატა გაკვირვება. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რა ისწავლება ამ მოცემულობით საბაზისო დონეზე და როგორ უკავშირდება იგი დოფამინურ სისტემას, შესწორებული შედეგებიდან კარგ აზრს გამოვიტანთ - ასეთი შესწორება ბევრად უფრო ლოგიკურია, ვიდრე თავდაპირველი აღმოჩენები, რომლებიც საყოველთაოდ იყო გავრცელებული, მაგრამ ამავდროულად მთლიანად უკუღმა აღქმული.
პერსონალური საზომების შეზღუდულობები
ფსიქოლოგები ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ პერსონალური გამოვლინებების შესწავლის მიზნით. მათ აღმოაჩინეს, რომ პიროვნება იყოფა სხვადასხვა ტიპებად, მაგალითად, რამდენად ღიაა ადამიანი ახალი გამოცდილებისთვის ან რამდენად თვითდისციპლინირებულია. ამერიკელი ფსიქოლოგები პიროვნებას ხუთ ტიპად ჰყოფენ, ბრიტანელები კი სამ პიროვნულ ტიპს აღიარებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მეცნიერი ერთ-ერთ სფეროზე ამახვილებს ყურადღებას, იგი ადამიანური პიროვნების მხოლოდ ერთ ნაწილს ზომავს და არა მთლიანად პიროვნებას. განვიხილოთ ორი მედდა რომლთაგან ორივე მათგანს მაღალი თანაგრძნობის მაჩვენებელი აქვს. ერთი შეხედვით, შეიძლება წარმოგვიდგეს ორი ერთნაირი ადამიანი. მაგრამ, არსებობს პიროვნების სხვა სფეროებიც. ერთი ექთანი შეიძლება იყოს აქტიური და ემოციური, ხოლო მეორე ინტროვერტული და თავშეკავებული. მიუხედავად იმისა, რომ ექთნებს შეიძლება ჰქონდეთ საერთო პიროვნული თვისებები, ისინი მაინც უნიკალური ინდივიდებისგან შემდგარი ჯგუფია.
პერსონალური საზომის კიდევ ერთი შეზღუდვა არის ის, რომ მეცნიერები ჩვეულებრივ საშუალო დონეს აფიქსირებენ. ასე რომ, თუ კვლევა ლიბერალებთან უფრო მაღალ რისკს აჩვენებს, სავარაუდოა, რომ ლიბერალთა ამ ჯგუფში ზოგი ისეთიც იქნება, ვინც უსაფრთხოებას ეძებს. პერსონალური საზომების შესწავლა გვეხმარება ვიწინასწარმეტყველოთ რას გააკეთებს დაჯგუფება, მაგრამ იმის პროგნოზირებაში ნაკლებად გვეხმარება, თუ რას გააკეთებს ინდივიდი.
პროგრესულები უკეთეს მომავალს წარმოიდგენენ
მახასიათებლები, რომლებიც კვლევამ საბოლოოდ ლიბერალებთან დააკავშირა, -რისკზე წასვლა, იმპულსურობა და ავტორიტარიზმი - მომატებული დოფამინის ნიშანია. მაგრამ, ნამდვილად უჭერენ თუ არა დოფამინური ადამიანები მხარს ლიბერალურ პოლიტიკას? როგორც ჩანს, პასუხი არის დიახ. ლიბერალები ხშირად მოიხსენიებენ საკუთარ თავს, როგორც პროგრესულებს; ეს არის ტერმინი, რომელიც მუდმივ გაუმჯობესებას გულისხმობს. პროგრესულები ღებულობენ და ემორჩილებიან ცვლილებას. ისინი წარმოიდგენენ უკეთეს მომავალს და ზოგ შემთხვევაში სჯერათ, რომ ტექნოლოგიასა და საჯარო პოლიტიკას შორის სწორ კომბინაციას შეუძლია ადამიანური მდგომარეობის ფუნდამენტური პრობლემები აღმოფხვრას, როგორიცაა სიღარიბე, უმეცრება და ომი. პროგრესულები არიან იდეალისტები, რომლებიც დოფამინს იმისთვის იყენებენ, რომ სამყარო დღევანდელზე უკეთეს ადგილად აქციონ. პროგრესულობა არის ისარი, რომელიც წინაა მიმართული.
მეორეს მხრივ, სიტყვა კონსერვატიული გულისხმობს საუკეთესო ნაწილების შენარჩუნებას, რაც მემკვიდრეობით მივიღეთ ჩვენი წინამორბედებისგან. კონსერვატორებს ხშირად ეჭვი ეპარებათ ცვლილებაში. მათ არ მოსწონთ ექსპერტები, რომლებიც ცივილიზაციის წინსვლის მიზნით რჩევებს აძლევენ, თუნდაც მიზანი საკუთარ ინტერესებში შედიოდეს. მაგალითისთვის, ეს შეიძლება იყოს კანონი, რომელიც მოტოციკლის მძღოლს ჩაფხუტის ტარებას ავალდებულებს ან რეგულაციები, რომლებიც ჯანსაღ კვებას უწყობს ხელს. კონსერვატორები არ ენდობიან პროგრესულობის იდეალიზმს და ხშირად აკრიტიკებენ მას, როგორც შეუძლებელ ძალისხმევას სრულყოფილი უტოპიის აგებისათვის. ისინი ამას აღიქვამენ მცდელობად, რომელიც უფრო დაგვაახლოებს ტოტალიტარიზმამდე, რომელშიც ელიტა დომინირებს საჯარო და პირადი ცხოვრების ყველა ასპექტზე. პროგრესულობის ისრისგან განსხვავებით, კონსერვატიზმი წრით არის წარმოდგენილი.
მეტ ბაიმ, New York Times-ის პოლიტიკურმა კორესპონდენტმა უნებურად გამოაცხადა დოფამინური განსხვავება, როდესაც დაწერა, რომ "დემოკრატები იმარჯვებენ, როცა მოდერნიზაციას განასახიერებენ. ლიბერალიზმი იმარჯვებს მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი წარმოადგენს ხელისუფლების რეფორმას და არა მის შენარჩუნებას... ამერიკელებს არ სჭირდებათ დემოკრატია ნოსტალგიისა და აღდგენისათვის. ამისათვის უკვე გვყავს რესპუბლიკელები".
დოფამინსა და ლიბერალიზმს შორის არსებული კავშირი მკაფიოდ არის ნაჩვენები ადამიანთა კონკრეტული ჯგუფის დაკვირვების შედეგად. დოფამინური ხალხი მიდრეკილია იყოს შემოქმედებითი. ისინი ასევე კარგად მუშაობენ აბსტრაქტულ ცნებებთან. მათ მოსწონთ სიახლისკენ სწრაფვა და ახასიათებთ საერთო უკმაყოფილება სტატუს კვოსთან ერთად. არსებობს თუ არა რაიმე მტკიცებულება, რომ ასეთი ტიპის ადამიანი პოლიტიკურად ლიბერალია? "სილიკონ ველის" კომპანიები ზუსტად ამ ტიპის ადამიანებს იზიდავენ: კრეატიულებს, აბსტრაქტულად მოაზროვნეებს, იდეალისტებს და ასე შემდეგ. ისინი საქმდებიან ინჟინერიაში, მათემატიკურ და დიზაინურ პროფესიებში. დოფამინური ადამიანები მეამბოხეები არიან და ცვლილებებისკენ მოძრაობენ, თუნდაც კრახის რისკის ქვეშ ათავსებდნენ საკუთარ თავს.
რა ვიცით "სილიკონ ველის" პოლიტიკის შესახებ? "სტარტაპის" დამფუძნებლებმა გამოკითხვით გამოავლინეს, რომ 83 პროცენტს აქვს პროგრესული შეხედულება, რომ განათლებას შეუძლია საზოგადოებაში არსებული ყველა ან მათგან უმეტესი პრობლემის გადაჭრა. ფართო საზოგადოებაში მხოლოდ 44 პროცენტს სჯერა, რომ ეს სიმართლეა. "სტარტაპის" წარმომადგენლებს ფართო საზოგადოებისგან განსხვავებით მეტად სწამთ, რომ მთავრობამ უნდა წაახალისოს მახვილგონივრული პერსონალური გადაწყვეტილებები. მათ 80 პროცენტს სჯერა, რომ ყველა ცვლილება კარგია შორეულ პერსპექტივაში. ხოლო 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ტოპ ტექნიკური კომპანიების 80 პროცენტზე მეტმა ბარაკ ობამას დაუჭირა მხარი.
ჰოლივუდიდან ჰარვარდამდე
დოფამინსა და ლიბერალიზმს შორის კავშირის კიდევ ერთი მაგალითის პოვნა გასართობ ინდუსტრიაში შეგვიძლია. ჰოლივუდი ამერიკული კრეატიულობის მექაა, ისევე როგორც დოფამინურობის ჭარბი მოდელი. ჩვენი ყველაზე მაღალი დონის ცნობილი სახეები ყოველთვის მეტს დაეძებენ: მეტი ფული, მეტი ნარკოტიკები, მეტი სექსი და ახალი მოდა, როგორიც არ უნდა იყოს იგი. მათ ყველაფერი ადვილად ბეზრდებათ. ჰოლივუდში განქორწინების მაჩვენებელი ორჯერ აღემატება დანარჩენი მოსახლეობისას. ეს კიდევ უფრო უარესია ქორწინების პირველ წელიწადში, როდესაც წყვილი ვნებიანი სიყვარულიდან კომპანიურ სიყვარულში უნდა გადავიდეს. ახლად დაქორწინებული ცნობილი სახეები თითქმის ექვსჯერ აღემატებიან სხვა ადამიანებს განქორწინების ალბათობაში.
ბევრი პრობლემა, რომელთაც მსახიობები აწყდებიან, დოფამინური ხასიათისაა. 2016 წელს ავსტრალიელი მსახიობების კვლევამ აჩვენა, რომ "მიუხედავად პიროვნული ზრდისა და მსახიობთა მიზანდასახულობისა, ისინი ფსიქიკური დაავადებების მიმართ ძლიერ დაუცველობას ავლენენ". მსახიობებმა გამოავლინეს რამდენიმე სახის დარღვევა, როგორებიცაა "ავტონომიასთან დაკავშირებული პრობლემები, გარემოს დაუფლების ნაკლებობა, რთული ინტერპერსონალური ურთიერთობები და მაღალი თვითკრიტიკა". ესენი განასახიერებენ გამოწვევებს, რომელიც დოფამინური პიროვნებებისთვის ყველაზე რთულად გამოიყურება, რადგან მათ სჭირდებათ კონტროლის გრძნობა საკუთარ გარემოზე და უჭირთ ადამიანურ ურთიერთობებში ნავიგაცია.
რაც შეეხება პოლიტიკას, ჰოლივუდში ლიბერალური შეხედულებები დომინირებს. CNN-ის მიხედვით ცნობილმა ადამიანებმა 800 000 დოლარი შესწირეს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ხელახალი არჩევის კამპანიას, მაშინ როცა რესპუბლიკელ კონკურენტს მხოლოდ 76 000 დოლარი შესწირეს. საპასუხო პოლიტიკის ცენტრი, რომელსაც ვებგვერდი Opensecrets.org აქვეყნებს იტყობინება, რომ საარჩევნო ციკლის დროს შვიდმა მსხვილმა მედია კორპორაციამ დემოკრატებს რესპუბლიკელებზე ექვსჯერ მეტი შესწირეს.
სიაში შემდეგია აკადემია. აკადემია დოფამინის ტაძარია. ისინი სიცოცხლეს არამატერიალურ ასპექტებს უთმობენ, ანუ იდეათა აბსტრაქტულ სამყაროს. აკადემიაში კომუნისტის პოვნა უფრო შესაძლებელია, ვიდრე კონსერვატორის. New York Times-ის მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ ბრიტანელი მეცნიერების მხოლოდ ორი პროცენტი გახლდათ რესპუბლიკელი, მაშინ, როცა სოციალურ მეცნიერთა თვრამეტმა პროცენტმა გამოაცხადა საკუთარი თავი როგორც მარქსისტი.
ლიბერალური ორთოდოქსიზმი საუნივერსიტეტო კამპუსებში უფრო ფართოდ არის გავრცელებული, ვიდრე ნებისმიერ სხვა გარემოში. კომიკოსმა კრის როკმა The Atlantic-ის რეპორტიორს განუცხადა, რომ იგი კოლეჯის კამპუსებში სიტყვით არასდროს გამოვა, ვინაიდან აუდიტორია ძალიან ნაწყენდება მეტყველებით, რომელიც ლიბერალურ იდეოლოგიას ეწინააღმდეგება.
ლიბერალები უფრო ჭკვიანები არიან?
აკადემიური კარიერა ზოგადად უმაღლესი ინტელექტის ნიშანია, მაგრამ ვრცელდება თუ არა ასეთი ინტელექტი ლიბერალებზე, რომელთაც აქტიური დოფამინური სისტემა აქვთ? ალბათ ასეა. აბსტრაქტული იდეებით მანიპულირების უნარის ტესტირება არის ფუნდამენტური ნაწილი იმისა, თუ როგორ აფასებენ ფსიქოლოგები ინტელექტს.
ლიბერალებისა და კონსერვატორების შედარებითი ინტელექტის შესწავლის მიზნით, სატოში კანაზავამ, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლის მეცნიერმა, შეაფასა მამაკაცებისა და გოგონების ჯგუფი, რომლებმაც გაიარეს IQ ტესტები, როდესაც ისინი საშუალო სკოლაში სწავლობდნენ. ქულები საშუალო პოლიტიკური იდეოლოგიით ნაწილდებოდა და მაშინვე საოცრად მკაფიო ტენდენციამ იჩინა თავი. ისინი, რომლებიც საკუთრ თავს მაღალი დონის ლიბერალებად აღწერდნენ, უფრო მაღალ ქულებს იღებდნენ, ვიდრე ისინი, რომლებიც საკუთარ შეხედულებებს ჩვეულებრივ ლიბერალიზმთან აკავშირებდნენ. ლიბერალებს უფრო მაღალი ქულები ჰქონდათ, ვიდრე მათ, რომლებიც ამბობდნენ რომ შუაგულში იდგნენ და ჯერ ვერ გადაეწყვიტათ რას უჭერდნენ მხარს. კონსერვატორებთან პროგრესი უცვლლი იყო. IQ-მ შუალედში მყოფებთან აჩვენა 100 ქულა, ლიბერალებთან 106, ხოლო კონსერვატორებთნ 95.
უფრო მცირე, მაგრამ მსგავსი ტენდენცია შეინიშნებოდა რელიგიურობასთან დაკავშირებით. ათეისტებს IQ ჰქონდათ 103, ხოლო ძალიან რელიგიურებს საშუალოდ 97. მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს არის საშუალო მონაცემი. უფრო დიდ ჯგუფებში არიან ბრწყინვალე კონსერვატორები და არც თუ ისე ბრწყინვალე ლიბერალები. უფრო მეტიც, საერთო განსხვავებები მცირეა. "ნორმალური" დიაპაზონი არის 90-დან 109-მდე. "უმაღლესი ინტელექტი" იწყება 110-დან და "გენიოსი" 140-დან.
რა არის ინტელექტი?
ინტელექტის განსაზღვრება მრავალი კუთხით არის შესაძლებელი. ექსპერტთა უმეტესობა თანხმდება, რომ IQ ტესტი სულაც არ განსაზღვრავს ინტელექტის ზოგად მონაცემს. იგი უფრო კონკრეტულად ზუმავს განზოგადების უნარს და არასრული მონაცემიდან აბსტრაქტული წესების გამოყენებით აზრის გამოტანის შესაძლებლობას. ასევე, IQ ტესტი ზომავს ადამიანის უნარს, რომელმაც უნდა შექმნას წარმოსახვითი მოდელები წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით და შემდეგ გამოიყენოს ისინი მომავლის პროგნოზირებისათვის. კონტროლის დოფამინი აქ დიდ როლს თამაშობს.
თუმცა, არსებობს ინტელექტის განსაზღვრების სხვა გზებიც, როგორიცაა ყოველდღიურად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ამ სახის მენტალური აქტივობის ფუნციონირებისთვის ემოციები (აქ და ახლა) აუცილებელია. ანტონიო დამასიო, "დეკარტეს შეცდომის" ავტორი და სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებათა უმეტესობას ვერ მივიღებთ წმინდად რაციონალური გზით. ჩვენ ან საკმარის ინფორმაციას არ ვფლობთ, ან იმდენად ბევრს ვფლობთ, რომ მისი გადამუშავების ძალა არ შეგვწევს. მაგალითად: რომელ კოლეჯში ღირს ჩაბარება? რომელია სწორი მეთოდი თანაგრძნობის გამოხატვისთვის? უნდა ვიმეგობრო თუ არა ამ ადამიანთან? რა ფერად შევღებო სამზარეულო? დავქორწინდე თუ არა მასზე? არის თუ არა საუკეთესო დრო ჩემი აზრის დასაფიქსირებლად, თუ ჯობია რომ გავჩუმდე?
ჩვენს ემოციებთან კავშირში ყოფნა და ემოციური ინფორმაციის ოსტატურად დამუშავება გადამწყვეტი ფაქტორია თითქმის ყველა გადაწყვეტილების მისაღებად. მხოლოდ ინტელექტუალური სიძლიერე საკმარისი არ არის. ყველა იცნობს გენიოს მეცნიერს ან ბრწყინვალე მწერალს, რომელიც ყოფით ცხოვრებაში უმწეო ბავშვს ჰგავს, რადგან მას აკლია "საერთო შეგრძნება" - ანუ კარგი გადაწყვეტილების მიღების უნარი. გადაწყვეტილების მიღებაში ემოციების როლი იმდენად ფართოდ შესწავლილი არ არის, როგორც რაციონალური მიდგომის როლი. თუმცა, უსაფუძვლო პროგნოზირება არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ამ ტერიტორიაზე აშკარა უპირატესობა იმას გააჩნია, ვისაც ძლიერი "აქ და ახლას" სისტემა აქვს. IQ ტესტში მაღალი ქულა შეიძლება იყოს აკადემიური წარმატების კარგი პროგნოზირების ნიშანი, მაგრამ ბედნიერი ცხოვრებისათვის ემოციური დახვეწილობა მეტად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.
განსხვავება ჯგუფურ ტენდენციებსა და ინდივიდუალურ შემთხვევებს შორის
მეცნიერები ადამიანთა დიდ ჯგუფებს სწავლობენ. ისინი ზომავენ მათთვის საინტერესო მახასიათებლებს და ითვლიან საშუალო ღირებულებებს. შემდეგ ისინი ადარებენ ამ საშუალო მაჩვენებლებს იმას, რასაც საკონტროლო ჯგუფი ჰქვია. საკონტროლო ჯგუფი ასახავს უბრალო ადამიანებს და ზოგადად მოსახლეობას. მაგალითად, მეცნიერებმა მოსახლეობაში ჩატარებული კვლევით დაადგინეს, რომ მწეველებს კიბოს განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე ყველა დანარჩენს. მათ ასევე გენეტიკის შესწავლით დაადგინეს, რომ დოფამინური სისტემის აჩქარების მქონე ადამიანებში კრეატიულობის დონე მეტია, ვიდრე მათში, რომელთაც გენში ასეთი რამ არ აღენიშნებათ.
პრობლემა ის არის, რომ როდესაც დიდ ჯგუფზე ვსაუბრობთ, ყოველთვის არსებობს გამონაკლისები და ისინი საკმაოდ ხშირია. ბევრ ჩვენგანს შეუძლია იფიქროს აქტიურ მწეველებზე, რომლებიც მშვენივრად ცხოვრობდნენ ოთხმოცდაათიანებში. ანალოგიურად, დოფამინური გენის მქონე ყველა ადამიანი კრეატიული არ არის.
ადამიანის ქცევაზე ბევრი რამ ახდენს გავლენას: ათეულობით სხვადასხვა გენი ერთმანეთთან ურთიერთქმედებს. მხოლოდ ერთ სფეციფიკურ გენს ჩვეულებრივ მცირე ეფექტი აქვს ხოლმე. ასე რომ, სანამ კვლევები ადამიანური ტვინის გაგების გაუმჯობესებაში გვეხმარება, იგი მაინც არ არის საკმარისად დახვეწილი იმის პროგნოზირებაში, თუ როგორია კონკრეტული ინდივიდი. სხვა სიტყვებით, ჯგუფურ დაკვირვებაში მიღებული დასკვნები შესაძლოა თქვენ არ გეხებოდეთ და ეს სრულებით მოსალოდნელია.
რეცეპტორული გენები და ლიბერალ-კონსერვატიული დაყოფა
არსებობს იმის შანსი, რომ კონსერვატორთა პრობლემები დნმ-ს განსხვავებულობიდან იღებს სათავეს. ზოგადად, პოლიტიკური დამოკიდებულებები როგორც ჩანს გავლენას ახდენს გენეტიკაზე. გარდა ამერიკული ჟურნალის პოლიტიკური მეცნიერების სტატიისა, რომელიც ახლახან განვიხილეთ, სხვა კვლევებიც უჭერენ მხარს გენეტიკასა და დოფამინური პიროვნების ლიბერალურ განწყობებთან კავშირში. კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ყურადღება გაამახვილეს გენზე, რომელიც დოფამინის ერთ-ერთი რეცეპტორის კოდირებას ახდენს; მას D4 ეწოდება. გენების უმეტესობის მსგავსად, D4 გენსაც აქვს რამდენიმე ვარიანტი. გენების უმნიშვნელო ცვალებადობას "ალელები" ეწოდება. თითოეული ადამიანის განსხვავებული ალელების კომბინაცია (გარემოსთან ერთად, რომელშიც ისინი გაიზარდნენ) მათ უნიკალურ პიროვნებას განსაზღვრავს.
D4 გენის ერთ-ერთ ვარიანტს ჰქვია 7R. ადამიანებს, რომელთაც 7R ვარიანტი აქვთ, სიახლის ძიებაში არიან. მათ ნაკლები ტოლერანტობა გააჩნიათ ერთფეროვნების მიმართ და მიჰყვებიან იმას, რაც ახალი და უჩვეულოა. ისინი შეიძლება იყვნენ იმპულსურები, მკვლევარები, მერყევნი, აღელვებულნი, სწრაფი ტემპერამენტის მქონენი და ექსტრავაგანტულები. სიახლის ძიების დაბალი მაჩვენებლის მქონე ადამიანები კი ხისტები, ლოიალურები, ეკონომიურები და მსუბუქად ტემპერამენტიანები არიან.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს კავშირი 7R ალელსა და ლიბერალური იდეოლოგიის ერთგულებას შორის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე გარემოში იზრდება. უნდა არსებობდეს როგორც გენეტიკური, ასევე სოციალური ნაწილი, რათა მსგავსი კავშირი დამყარდეს. სინგაპურში, ჩინეთის უნივერსიტეტის სტუდენტებში ჩატარებული ასოციაცია მიუთითებს, რომ კავშირი 7R ალელსა და ლიბერალური იდეოლოგიის ერთგულებას შორის არ არის დამახასიათებელი მხოლოდ დასავლური კულტურისათვის.
ადამიანი თუ კაცობრიობა?
მიუხედავად იმისა, რომ კონსერვატორების საშუალო მაჩვენებელს შესაძლოა დოფამინური ვირტუოზობა აკლია, ისინი მეტად სარგებლობენ ძლიერი "აქ და ახლას" სისტემით. ეს მოიცავს თანაგრძნობასა და ალტრუიზმს - განსაკუთრებით საქველმოქმედო გაცემას და გრძელვადიანი, მონოგამიური ურთიერთობების დამყარების უნარს.
ქველმოქმედებაში მემარცხენეთა და მემარჯვენეთა უთანასწორობა აღწერილი იყო ფილანტროპიის ქრონიკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის ანგარიშში. მკვლევარებმა გამოიყენეს IRS მონაცემები სახელმწიფოს მიერ საქველმოქმედო გაცემის შესაფასებლად იმის მიხედვით, თუ როგორ აძლევდნენ ხმას 2012 წლის არჩევნებში.
ქრონიკამ აღმოაჩინა, რომ მიტ რომნის იმ შტატებმა დაუჭირეს მხარი, რომელთაც ყველაზე მაღალი შემოსავალი ჰქონდათ, ხოლო შედარებით ღარიბი შტატები ბარაკ ობამას მიემხრნენ. ფაქტობრივად, თექვსმეტი შტატიდან თითოეულმა, რომელსაც მაღალპროცენტული შემოსავალი ჰქონდა, მხარი რომნის დაუჭირა. ქალაქების მიხედვით დაყოფამ დაადგინა, რომ ლიბერალური ქალაქებიდან სან-ფრანცისკო და ბოსტონი ყველაზე ბოლოში აღმოჩნდნენ, ხოლო სოლტ ლეიკ სიტი, ბირმინგემი, მემფისი, ნეშვილი და ატლანტა ყველაზე გულუხვები გამოდგნენ. შემოსავლების კუთხით აქ დამოუკიდებელი განსხვავება აღინიშნებოდა. ღარიბმა, მდიდარმა და საშუალო კლასის კონსერვატორებმა უფრო მეტი გასცეს, ვიდრე მათმა ლიბერალმა კოლეგებმა.
ეს შედეგები იმას არ ნიშნავს, რომ კონსერვატორები ღარიბებზე უფრო ზრუნავენ, ვიდრე ლიბერალები. შესაძლოა, ალბერტ აინშტაინის მსგავსად, ლიბერალები კონცენტრაციას კაცობრიობაზე უფრო ახდენენ, ვიდრე ცალკე აღებულ ადამიანზე. ლიბერალები მხარს უჭერენ კანონებს, რომლებიც დახმარებას უწევს ღარიბებს. საქველმოქმედო გაცემასთან შედარებით, სიღარიბის პრობლემასთან მუშაობისთვის საკანონმდებლო მიდგომა უფრო პრაქტიკულია. დოფამინურ ადამიანებს მეტად აინტერესებთ დისტანციური ქმედებები და დაგეგმვა, მაშინ, როცა "აქ და ახლას" სისტემით მოქმედი ადამიანები უშუალოდ ხელი-ხელში გადაცემაზე ამახვილებენ ყურადღებას. ღარიბთა რესურსებს ბიუროკრატია უზრუნველყოფს, რომლებიც ერთობლივად ფინანსდებიან მილიონობით ინდივიდუალური გადამხდელის მიერ.
რომელია უკეთესი: პოლიტიკა თუ ქველმოქმედება? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი კუთხიდან შევხედავთ. როგორც მოსალოდნელია, დოფამინური მიდგომა მაქსიმალურ რესურსებს გამოიმუშავებს, რომელიც ხელმისაწვდომია ღარიბებისთვის. რესურსების მაქსიმიზაცია არის ის, რასაც დოფამინი უკეთესად უმკლავდება. 2012 წელს ფედერალურმა შტატებმა დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარი დახარჯეს სიღარიბის საწინააღმდეგო პროგრამებზე. ეს არის დაახლოებით 20,000 დოლარი ამერიკის თითოეულ ღარიბ მოქალაქეზე. მეორეს მხრივ, ქველმოქმედებაში მხოლოდ 360 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. დოფამინურმა მიდგომამ თითქმის სამჯერ მეტი თანხა უზრუნველყო.
უპიროვნო ხელისუფლების ემოციური გავლენა და დახმარება განსხვავდება ეკლესიასთან პირადი კავშირისაგან და ქველმოქმედებისგან. ქველმოქმედება უფრო მოქნილია, ვიდრე კანონი, ამიტომ, უკეთესია რეალურ ინდივიდთა განსაკუთრებულ მოთხოვნილებებზე ფოკუსირება, ვიდრე აბსტრაქტული ჯგუფების განსაზღვრება. ადამიანები, რომლებიც მუშაობენ კერძო საქველმოქმედო ორგანიზაციებში, ჩვეულებრივ ახლოს არიან იმ პირებთან, რომელთაც ეხმარებიან. ეს ინტიმური ურთიერთობა საშუალებას აძლევს მათ გაიცნონ ადამიანები და გაუწიონ მათ ინდივიდუალური დახმარება. ამ გზით, რესურსი შეიძლება გაიზარდოს ემოციური მხარდაჭერის გზით, როგორიცაა შრომისუნარიანი ბიძგი დასაქმებისკენ. ბევრი საქველმოქმედო ორგანიზაცია ხაზს უსვამს პირადი პასუხისმგებლობის და სიკეთის უშუალოდ კეთების მნიშვნელობას, როგორც სიღარიბესთან მებრძოლი ყველაზე ეფექტური მიდგომა. ასეთი მიდგომა ყველასთვის არ გამოდგება, მაგრამ ზოგიერთისთვის ის უფრო სასარგებლოა, ვიდრე სახელმწიფო უფლებების მიღება.
ქველმოქმედების გამცემისათვის არსებობს ემოციური სარგებელიც. ჰედონისტური პარადოქსი ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც ბედნიერებას ეძებენ, მას ვერ პოულობენ, მაგრამ ისინი, ვინც სხვებს ეხმარებიან, პოულობენ. ალტრუიზმი კეთილდღეობასთან, ჯანმრთელობასთან და დღეგრძელობასთან ასოცირდება. არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომ სხვების დახმარება დაბერების პროცესს უჯრედულ დონეზე ანელებს. Case Western Reserve University-ის ბიოეთიკის დეპარტამენტის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ალტრუიზმის სარგებელი შესაძლოა მომდინარეობდეს "უფრო ღრმა და უფრო პოზიტიური სოციალური ინტეგრაციისგან, რომელსაც პირადი პრობლემებისგან ყურადღება გადააქვს და ამცირებს შფოთვას, რადგან არსებობს მიზანი, ცხოვრების აქტიური წესი". ეს არის სარგებელი, რომლის მიღებაც შეუძლებელია მხოლოდ გადასახადების გადახდით.
თუ პოლიტიკა ღარიბებისადმი მეტ რესურსს გამოიმუშავებს, ხოლო ქველმოქმედება დამატებით სარგებელს გვანიჭებს, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ორივე? პრობლემა ის არის, რომ დოფამინის და აქ და ახლას ნეირომედიატორები ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. ხალხი, რომლებიც მხარს უჭერენ მთავრობის კანონიერ დახმარებას (დოფამინურს), ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიემხრონ ქველმოქმედების (აქ და ახლას) მიდგომას და პირიქით.
კონსერვატორთა დაწყვილება
მჭიდრო და პირადი კონტაქტი, რომელსაც კონსერვატორები ამყარებენ, ღარიბების დასახმარებლად პრაქტიკულ მიდგომას წარმოადგენს, რომელიც ხელს უწყობს ხანგრძლივ და მონოგამიურ ურთიერთობებს. New York Times იტყობინება, რომ თუ ბავშვი ნიუ-იორკში, სან-ფრანცისკოში, ჩიკაგოში, ბოსტონში ან ვაშინგტონში იზრდება, 10 პროცენტით ნაკლები შანსია, რომ იგი სხვა ქალაქის წარმომადგენელთან დაქორწინდება. გარდა ამისა, როდესაც ლიბერალები ქორწინდებიან, ისინი უფრო ხშირად ღალატობენ პარტნიორს.
გარდა ქველმოქმედებისა, ზოგადი სოციალური კვლევაც აკონტროლებს ამერიკელების სექსუალურ ქცევას. 1991 წლიდან მოყოლებული, ისინი სვამენ კითხვას: "გქონიათ თუ არა სექსი ვინმესთან, როდესაც დაქორწინებული იყავით?" დოქტორმა კანაზავამ, რომელიც პოლიტიკურ იდეოლოგიასა და ინტელექტს შორის კავშირებს აფასებს, აღმოაჩინა, რომ კონსერვატორთა 13 პროცენტს ჰქონდა ღალატი ჩადენილი, როდესაც ლიბერალებში მაჩვენებელი 26 პოცენტი გახლდათ. იგივე ტენდენცია დაფიქსირდა, როდესაც მონაცემები მამაკაცებისთვის და ქალებისთვის ცალ-ცალკე გაანალიზდა.
კონსერვატორებს ნაკლები სექსი აქვთ, ვიდრე ლიბერალებს; შესაძლოა იმიტომ, რომ კონსერვატორები უფრო მეტად არიან კომპანიურ ურთიერთობებში, რომელშიც ტესტოსტერონის დათრგუნვა ოქსიტოცინით და ვაზოპრესინით ხდება. ღალატი და ხშირი სექსი ნაკლებად სავარაუდოა, თუ სექსის დროს ორივე პარტნიორი ორგაზმს განიცდის. კვლევა, სახელწოდებით "მარტოხელები ამერიკაში" იუწყება, რომ ორგაზმს კონსერვტორები უფრო ხშირად განიცდიან, ვიდრე ლიბერალები. დოქტორი ელენ ფიშერი ვარაუდობს, რომ კონსერვატორები უკეთ ახერხებენ კონტროლის დათმობას, რაც აუცილებელია ორგაზმისთვის. მან ეს უნარი მკაფიო ღირებულებების ქონას მიაწერა, რომელიც მოდუნებას აადვილებს. შესაძლოა ეს არ იყოს ყველაზე პირდაპირი ახსნა; პასუხი უფრო მარტივია იმის საფუძველზე, რაც შესწავლილია სექსის ნეირობიოლოგიაში. ყველაზე მთავარია კონტროლის დათმობა, რომელიც აუცილებელია კულმინაციისათვის და ამის გაკეთება მეტად ადვილი ხდება ურთიერთობაში, სადაც პარტნიორებს ერთმანეთის მიმართ ნდობა აქვთ. ერთგული ურთიერთობები უფრო ხშირად გვხვდება საერთო სტაბილურობის მაძიებელ "აქ და ახლა" კონსერვატორებში, სიახლის მაძიებელი დოფამინური ლიბერალებისგან განსხვავებით. გარდა ამისა, სექსში სიამოვნების მიღების უნარი მოითხოვს აქ და ახლა სისტემის ენდორფინებისა და ენდოკანაბინოიდების მიერ დოფამინის აქტივობის დათრგუნვას.
გაცნობის ვებგვერდმა OkCupid-მა ჩაატარა საკუთარი გამოკითხვა სექსზე და იპოვა დამაინტრიგებელი მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორი ხალხი აფასებდა ან არ აფასებდა ორგაზმს. მათ ჰკითხეს: "არის თუ არა ორგაზმი სექსის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი?" მონაცემები პოლიტიკური ნიშნით და პროფესიული კუთვნილების მიხედვით დაყვეს. ისინი, რომლებმაც კითვაზე უარყოფითი პასუხი გასცეს, იყვნენ პოლიტიკურად ლიბერალები, მწერლები, მხატვრები და მუსიკოსები.
თუ ძალიან დოფამინური ადამიანი ხართ - მწერლების, მხატვრების და მუსიკოსების მსგავსად - სექსის ყველაზე მნშვნელოვანი ნაწილი ორგაზმამდე არსებული პროცესია. ეს არის დაპყრობა. როდესაც სურვილის წარმოსახვითი ობიექტი რეალურ ადამიანად გადაიქცევა და როდესაც იმედი ფლობით იცვლება, დოფამინის როლი ფუნქციონირებას ამთავრებს. მღელვარება გაქრა, ორგაზმი კი ანტიკლიმაქსურია.
და ბოლოს, როგორც მოსალოდნელია, კონსერვატორები უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე ლიბერალები. 2005-დან 2007 წლამდე Gallup-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპუბლიკელთა 66 პროცენტი ძალიან კმაყოფილი იყო საკუთარი ცხოვრებით, დემოკრატების 53 პროცენტთან შედარებით. რესპუბლიკელების 61-მა პროცენტმა საკუთარ თავს ძალიან ბედნიერი უწოდა, მაგრამ დემოკრატების ნახევარზე ნაკლებმა შეძლო იგივეს თქმა. ანალოგიურად, დაქორწინებული ადამიანები უფრო ბედნიერები იყვნენ, ვიდრე მარტოხელები; ასევე ისინი, ვინც ყოველკვირეულად ეკლესიაში დადიოდნენ იმათზე ბედნიერები იყვნენ, რომლებიც არ დადიოდნენ.
თუმცა, სამყარო მარტივად მოწყობილი როდია. ლიბერალურ შტატებში განწორწინების მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე კონსერვატიულ შტატებში. ასევე, ლიბერალები ჭარბად მოიხმარებ პორნოგრაფიას. ქორწინებამდე სექსის უარყოფამ შეიძლება გამოიწვიოს პორნოგრაფიის უფრო დიდი გამოყენება სექსუალური განთავისუფლების მიზნით.
ჰიპები და ევანგელისტები
კომპლექსურობას ისიც ემატება, რომ პოლიტიკური პარტიები შედგენილნი არიან არაერთგვაროვანი ჯგუფებისგან, რომელთაც წინააღმდეგობრივი რწმენა-წარმოდგენები გააჩნიათ. რესპუბლიკელებს შორის არიან ისეთები, რომლებიც თვლიან, რომ ინდივიდებმა საკუთარი არჩევანი თავად უნდა გააკეთონ, რომელიც კანონის კონტროლისგან და რეგულაციებისგან თავისუფალი იქნება. მაგრამ არიან პოლიტიკურად აქტიური ევანგელისტებიც, რომელთაც უნდათ, რომ ქვეყანა მორალის დაკანონებით გახდეს უკეთესი ადგილი. გასაკვირი არ არის, რომ ტრანსცენდენტული არსებებისადმი თაყვანისმცემელი ჯგუფი ხაზს უსვამს აბსტრაქტულ ცნებებს, როგორებიცაა სამართლიანობა და წყალობა. მათი ყურადღება მუდმივ მორალურ ზრდაზე და ასევე სიკვდილის შემდგომი ცხოვრებისადმი რწმენა დოფამინის მომავლის მიმართ ინტერესზე მიანიშნებს. მეორეს მხრივ, არსებობენ ჰიპები, რომლებიც აფასებენ მდგრადობას და ბუნებასთან ყოფნა მათთვის მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ტექნოლოგია. ისინი უპირატესობას ანიჭებენ აქ და ახლა გამოცდილებას, მომავლის დევნისგან განსხვავებით.
ასეთი სახის კომპლექსურობა გვაჩვენებს, რომ სოციალურ ტენდენციებში მნიშვნელოვანია ვიყოთ ფრთხილად და შევინარჩუნოთ საღი გონება. პოლიტიკისა და პიროვნული თვისებების კვლევის შედეგების შებრუნება ცხადყოფს, რომ მონაცემები შეიძლება შეცდომით იქნას ინტერპრეტირებული და მიუხედავად ამისა, მაინც ჩაითვალოს, რომ იგი სწორია. რაც უფრო უარესია, მონაცემთა ხარისხი ყოველთვის არასრულყოფილია და ათასობით ადამიანის გამოკითხვისას მიღებულ შედეგებში უფრო მეტი შეცდომაა, ვიდრე მჭიდრო ზედამხედველობითი კვლევების მონაცემები. გამოკითხვები ასევე დამოკიდებულია რესპონდენტთა სიმართლეზე. შესაძლოა კონსერვატორებს ლიბერალებზე ნაკლებად სურდათ ეღიარებინათ ცოლ-ქმრული ღალატი ან ცხოვრებით უკმაყოფილება, რაც საერთო სოციალურ მოცემულობას გაუსწორდებოდა.
კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ სამეცნიერო კვლევები შეიძლება არათანმიმდევრული იყოს. პოლიტიკური აზროვნების ნეირომეცნიერების ზოგიერთ კვლევას ახასიათებს "ბოროტი ტყუპისცალი", ანუ როდესაც იგივე საკითხის სხვა ჭრილში კვლევა საპირისპირო შედეგს იწვევს. საერთო ჯამში, მონაცემები მხარს უჭერს ტენდენციას, რომ პროგრესული პოლიტიკური იდეოლოგია უფრო მეტად დოფამინურ ადამიანებში ვლინდება, ხოლო კონსერვატიზმი ახასიათებთ ისეთ ადამიანებს, რომელთაც დოფამინის დაბალი დონე და აქ და ახლას მაღალი დონე აქვთ.
ფართო სურათი შეიძლება ასე გამოიყურებოდეს: საშუალოდ, ლიბერალები არიან წინდახედულები, არასტაბილურები, შემოქმედები, ჭკვიანები და უკმაყოფილოები. კონსერვატორები კი პირიქით, იქნებიან უფრო კომფორტულ ემოციურ განწყობაში, სტაბილურები, საიმედოები, ნაკლებად ინტელექტუალურები და ბედნიერები.
სანდო ირაციონალური ამომრჩეველი
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კონსერვატიული და ძალიან ლიბერალური ხალხი მიდრეკილია პარტიული ხაზით მისცეს საკუთარი ხმა, სხვებს უფრო ზომიერი იდეოლოგიები გააჩნათ. ესენი არიან დამოუკიდებელი ამომრჩევლები, რომლებიც ღიანი არიან პოლიტიკური დარწმუნებისთვის. ასეთი ჯგუფის მოსაზრებები აუცილებელია წარმატებული კამპანიისთვის და ნეირომეცნიერებამ შესაძლოა ნათელი მოჰფინოს ამის განხორციელების საუკეთესო საშუალებებს.
დარწმუნების ხელოვნება ნეირომეცნიერებასთან გადაკვეთაში გადაწყვეტილებისა და ქმედების შედეგად მოდის - ანუ სურვილის დოფამინისა და კონტროლის დოფამინის წრეების კვეთაში, სადაც ჩვენ ვწონით ვარიანტებს და შესაძლებლობათაგან საუკეთესო არჩევანს ვაკეთებთ. ხელის სადეზინფექციო საშუალებების არჩევასა და საარჩევნო კანდიდატების არჩევასაც კონტროლის დოფამინი განსაზღვრავს. ასეთ მომენტში ადამიანი სვამს მარტივს შეკითხვას: რა არის საუკეთესო ჩემი გრძელვადიანი მომავლისთვის? რაციონალური გადაწყვეტილებები საკმაოდ მყიფეა და ყოველთვის ღიაა ხელახლა გადასინჯვისთვის, როდესაც ახალი მტკიცებულებები მოდიან. ამ თვალსაზრისით ირაციონალურობა უფრო გამძლეა და "აქ და ახლას" სისტემების გამოყენება შესაძლებელია ირაციონალური ადამიანების გადაწყვეტილებათა სახელმძღვანელოდ; ამის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია შიში, სურვილი და თანაგრძნობა.
აქედან ყველაზე ეფექტური მაინც შიშია; სწორედ ამიტომ ხორციელდება მუდმივი შეტაკება სარეკლამო სააგენტოებში სხვადასხვა კანდიდატებზე, როდესაც ადამიანს სახიფადო კუთხით წარმოაჩენენ. დავრჩები თუ არა ცოცხალი? იქნებიან თუ არა ჩემი შვილები უსაფრთხოდ? შევძლებ თუ არა სამსახურის შენარჩუნებას? მექნება თუ არა საკვებისა და ქირის ფული? შიშის გაღვივება თითქმის ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის განუყოფელი ნაწილია. ამერიკელებში ერთმანეთის მიმართ სიძულვილის გაღვივება სამწუხარო გვერდით ეფექტს წარმოადგენს.
რატომ ვიმხიარულებთ საკუთარ თავს სიკვდილამდე?
1985 წლის პროვოკაციულ წიგნში " რატომ ვიმხიარულებთ საკუთარ თავს სიკვდილამდე?", მედია მეცნიერი ნილ პოსტმენი ამტკიცებდა, რომ პოლიტიკური დისკუსიის ფასი სატელევიზიო აქტიურობით მცირდებოდა. იგი დააკვირდა, რომ სატელევიზიო ამბებმა ერთგვარი გასართობი მახასიათებელი შეიძინა. სამ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, ახალი ამბები ინტერნეტში იგივეა. საინფორმაციო გვერდები დატვირთულია ათობით მოკლე, პროვოკაციული სათაურებით. უმეტესი მათგანი არც ისე გრძელი საკითხავია და ხშირად მოკლე ვიდეოსაც წარმოადგენს.
პოსტმენი ამტკიცებდა, რომ ეს ყველაფერი ღრმა პრობლემას ქმნის, რადგან სერიოზულად დაფიქრებას ყოველთვის გართობა გვირჩევნია მაშინ, როდესაც აუცილებელია მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ერმა უნდა მიიღოს. ოცდაათი წლის შემდეგ, საკითხი ისევ ღიად რჩება. უსასრულოდ მრავალფეროვანი ინფორმაცია არის მიზეზი, თუ რატომ ამაღლდა მოკლე ინფორმაციები ღრმა ანალიზთან შედარებით. ნუთუ არ იმსახურებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები შედარებით მეტ ყურადღებას?
პასუხი არის სურვილის დოფამინი. მოკლე ამბავი გამორჩეულია. იგი სწრაფ დარტყმას აწვდის დოფამინს და მალევე იპყრობს ჩვენს ყურადღებას. ამრიგად, ათეულობით პროვოკაციული სათაური მარტივად იწვევს ინტერესს, ხოლო ვრცელი სტატიები ჯანდაცვის შესახებ ნაკლებად გვაინტერესებს. ჯანდაცვა უფრო მეტად გვეხება, მაგრამ ინფორმაციის დამუშავება და გრძელი განხილვა დოფამინის მარტივ სიამოვნებას არ იწვევს. კონტროლის დოფამინმა შესაძლოა უკან დაიხიოს, მაგრამ ახალი და ბრწყინვალე მოკლე სიახლეები ინტერნეტის ვალუტას ასახავს.
სად მიგვიყვანს ეს? რენესანსის დროინდელ ვცრელ ჟურნალისტიკასთან ნამდვილად არა. რაც უფრო ვრცელდება მოკლე ინფორმაცია, მათი მესიჯიც მეტად ზედაპირულია. სად მთავრდება ასეთი ციკლი? უკვე სიტყვებიც აღარ არის აუცილებელი. მობილური ტელეფონების უმეტესობა ახლა გთავაზობთ აკრეფილი ტექსტი სწრაფი და მარტივი სმაილებით ჩაანაცვლოთ.
ნილ პოსტმენმა შესაძლოა არ იცოდა ამ ყველაფრის ნეირომეცნიერული მიზეზი, როდესაც განაცხადა, რომ: "ჩვენ სწრაფად შევდივართ საინფორმაციო გარემოში, რომელსაც შეიძლება სამართლიანად ეწოდოს ტრივიალური დევნა. ამ სახელწოდების თამაშში ფაქტები გართობის წყაროდ გამოიყენება, ისევე როგორც ახალი ამბების წყაროებს ვიყენებთ ამჟამად. აქამდე არაერთხელ იქნა დემონსტრირებული, რომ კულტურას შეუძლია გადარჩენა დეზინფორმაციისა და მცდარი აზრის ფარგლებში. თუმცა, ჯერ არავის დაუდასტურებია, რომ კულტურა გადარჩება ოც წუთიანი განხილვებით ან იმით, რომ სიახლეების ღირებულება სიცილით განისაზღვრება".
როდესაც უყვარდით და მიგატოვებენ, უფრო მტკივნეულია
პრიმიტიულ მოთხოვნილებებზე წვდომის გარდა, შიშის კიდევ ერთი მაგალითია დანაკარგისას განცდილი ზიზღი, რაც იმას ნიშნავს, რომ დანაკარგის ტკივილი უფრო ძლიერია, ვიდრე მოგებისას განცდილი სიამოვნება. მაგალითად, ოცი დოლარის დაკარგვის ტკივილი უფრო დიდია, ვიდრე ნაპოვნი ოცი დოლარი. სწორედ ამიტომ, ფსონების დადებისას არავის უნდა ოც დოლარში მოგების საერთო ოდენობა ოცდაათი დოლარი იყოს. როგორც მინიმუმ, მოგება ფსონის ნახევარს მაინც უნდა წარმოადგენდეს.
მათემატიკოსი იტყვის, რომ როდესაც მოგების შანსი გაორმაგებულია ან ანაზღაურობა ფსონს აღემატება, აზარტული თამაში დადებით ღირებულებას ატარებს - თქვენ ასეთ ფსონზე უნდა წახვიდეთ. თუმცა, უმეტესობა უარყოფს ოცი დოლარის სანაცვლოდ ოცდაათის მოგებას. რომელი ჭკუათმყოფელი გააკეთებს ამას?
როდესაც მეცნიერებმა ტვინის სკანირება ფსონების ექსპერიმენტების დროს ჩაატარეს, ბუნებრივია, ძირითად ყურადღებას დოფამინზე ამახვილებდნენ. მათ აღმოაჩინეს, რომ - როგორც მოსალოდნელია - მოგების შედეგად ნერვული აქტივობა სურვილის წრეში გაიზარდა, წაგების დროს კი შემცირდა. მაგრამ ცვლილებები არ იყო სიმეტირული. დანაკარგის შემდეგ ნერვული ნაკლებობის მაჩვენებელი მეტი იყო, ვიდრე მოგების ზრდის შემთხვევაში. დოფამინის წრე სუბიექტურ გამოცდილებას ასახავდა. ზარალის ეფექტი უფრო დიდი იყო, ვიდრე მოგების ეფექტი.
რა სახის ნერვული ნაწილები იდგა ამ დისბალანსის უკან? რა აძლიერებს დანაკარგის რეაქციას? მკვლევარებმა ყურადღება მიაქციეს ამიგდალას, (ანატომიური ტერმინი - ნუშისებრი ჯირკვალი (amygdala)) "აქ და ახლას" სტრუქტურას, რომელიც შიშს და ნეგატიურ ემოციებს ამუშავებს. ყოველ ჯერზე, როცა მონაწილე ფსონს კარგავდა, ამიგდალა ფეთქდებოდა და სტრესს აძლიერებდა. ეს იყო "აქ და ახლა" ემოცია, რომელიც დანაკარგის ზიანის გაძლიერებისკენ უბიძგებდა. მას არ აინტერესებს, რა შეიძლება მივიღოთ; მის ინტერესში მხოლოდ ის შედის, რაც ახლა გვაქვს. როდესაც ნივთებს საფრთხე ემუქრებათ, აქტიურდება უბედურებისა და შიშის გამოცდილება.
სხვა კვლევებმაც მსგავსი შედეგები აჩვენა. ამით ამიგდალას არსებითი როლი დანაკარგის მიმართ ზიზღში დადასტურდა, რომელიც "ბუნების ექსპერიმენტის" სახით აღმოაჩინეს. "ბუნების ექსპერიმენტები" განასახიერებს დაავადებებსა და დაზიანებებს, რომლებიც მეცნიერული ცოდნის მნიშვნელოვან ნაწილებს ავლენს. არავინ აპირებს ქირურგისთვის ამიგდალას ამოჭრის თხოვნას, მაგრამ დროდადრო ეს თავისთავად ხდება. ამ შემთხვევაში, მეცნიერებმა გამოიკვლიეს ორი პაციენტი, რომლებსაც ჰქონდათ ძალიან იშვიათი დაავადება (ურბახ-ვიტის დაავადება), რომელიც ტვინში ამიგდალას ორივე მხარეს ანადგურებს. ამიგდალას გარეშე, დანაკარგის ზიზღი გაქრა.
გარკვეულწილად, ზარალის ავერსია მარტივ არითმეტიკას წარმოადგენს. მოგება უკეთესი მომავლისთვის არსებობს, ამიტომ მხოლოდ დოფამინი ირთვება. მოგების შესაძლებლობა დოფამინისგან +1 ქულას იღებს. აქ და ახლა სტრუქტურისგან ასეთ დროს ნული ქულა მიიღება, ანუ არაფერი, რადგან აქ და ახლა მხოლოდ აწმყოზე ზრუნავს. ზარალი ასევე ეხება მომავალს, ამიტომ იგი აწუხებს დოფამინს და კარგავს -1 ქულას. ზარალი არ სიამოვნებს აქ და ახლას მოლეკულებსაც, ამიტომ ისიც -1 ქულას კარგავს, რადგან იგი გავლენას ახდენს ნივთებზე, რომლებიც აწმყოში გვაქვს. ასე რომ, მოგება ტოლია პლიუს ერთს, ხოლო ზარალი მინუს ორს. ზუსტად იგივეს ვხედავთ ტვინის სკანირებაზე ფსონის ექსპერიმენტებში.
შიში, ისევე როგორც სურვილი, უპირველეს ყოვლისა მომავლის კონცეფციაა, ანუ დოფამინის სფერო. მაგრამ ზარალის დროს აქ და ახლას სტრუქტურა ამიგდალას აფეთქებით აძლიერებს დანაკარგის ტკივილს, რომელიც არღვევს საუკეთესო არჩევანის გაკეთებისას რისკზე წასვლის უნარს.
უზრუნველვყოთ თუ დავიცვათ?
მიუხედავად იმისა, რომ დანაკარგის ზიზღი უნივერსალური მოვლენაა, ჯგუფებს შორის განსხვავებები არსებობს. საერთო ჯამში, დოფამინური ლიბერალები უფრო მეტად გამოეპასუხებიან შეტყობინებებს, რომლებიც მეტი რესურსის შესაძლებლობას ეხება, ხოლო აქ და ახლას კონსერვატორები ფოკუსირებას მოახდენენ უსაფრთხოებაზე, რათა შეინარჩუნონ ის საგნები, რომლებიც ახლა აქვთ.
ნებრასკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეარჩიეს მოხალისეთა ჯგუფი პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე; მათ გაზომეს აღგზნების დონე, როდესაც აჩვენებდნენ ისეთ სურათებს, რაც სურვილს ან სტრესს იწვევდა. აღგზნება ზოგჯერ გამოიყენება სექსუალური აღტყინების აღსაწერად, მაგრამ ზოგადი გაგებით ტერმინი ასახავს ისეთ მოვლენებში ჩართულობის ხარისხს, რაც მოცემულ მომენტში ხდება. როდესაც ადამიანი რაღაცით დაინტერესებული და დაკავებულია, მისი გული ჩვეულებრივზე შედარებით სწრაფად ცემს, წნევა ოდნავ მატულობს და მცირე რაოდენობით ოფლი გამოიყოფა. ექიმები ამას "სიმპათეთიკურ პასუხს" ეძახიან. სიმპათეთიკური პასუხის გაზომვის ყველაზე გავრცელებული გზა ადამიანის სხეულზე ელექტროდების მიმაგრებაა, რომელიც სხეულში ელექტროენერგიის გადინებას ზომავს. ოფლი მარილიანი წყალია, რომელიც მშრალ კანზე უკეთ ატარებს ელექტროენერგიას. რაც უფრო აღგზნებულია ადამიანი, მით უფრო ადვილად მიედინება ელექტროენერგია.
მას შემდეგ, რაც კვლევის მონაწილეებს ელექტროდები მიამაგრეს, მათ აჩვენეს სამი შემაშფოთებელი ფოტო (ობობა მამაკაცის სახეზე, ღია ჭრილობა და ბრბო, რომელიც ერთ ადამიანს ურტყამს). შემდეგ აჩვენეს სამი პოზიტიური ფოტო (ბედნიერი ბავშვი, ხილის თასი და საყვარელი კურდღელი). ლიბერალებს შედარებით ძლიერი რეაქცია ჰქონდათ პოზიტიურ ფოტოებზე, კონსერვატორებს კი ნეგატიურზე.
შემდეგ მათ გამოიყენეს თვალის კონცენტრაციის მაჩვენებელი მოწყობილობა, რათა დაენახათ, რამდენი დრო გაატარეს მონაწილეებმა ფოტოების თვალიერებაში. აღმოჩნდა, რომ ლიბერალებიც და კონსერვატორებიც ნეგატიურ სურათებს მეტ დროს უთმობდნენ. ეს შედეგი შეესაბამება დანაკარგის ზიზღის უნიკალურ ფენომენს. დანაკარგის ზიზღი ორივე ჯგუფში აღინიშნა, მაგრამ უფრო მეტად კონსერვატორებში იყო გამოხატული.
ჩვენ ვფლობთ საშუალებებს, რათა კონსერვატორად გაქციოთ
კონსერვატიზმსა და საფრთხეს შორის ურთიერთობა ორმხრივი მიმართულებით მოძრაობს. კონსერვატორები უფრო მეტად ამახვილებენ ყურადღებას საფრთხეზე, ვიდრე ლიბერალები. ამავე დროს, როდესაც ადამიანები ძლიერ საფრთხეს გრძნობენ, ისინი უფრო კონსერვატიულები ხდებიან. ცნობილია, რომ ტერორისტული თავდასხმები ხელს უწყობს კონსერვატიული კანდიდატების პოპულარობას, მაგრამ თუნდაც მცირე მუქარა ლიბერალიზმისკენ გადახრას იწვევს. დახვეწილ საფრთხესა და კონსერვატიულ იდეოლოგიას შორის კავშირის შესამოწმებლად, მკვლევარებმა კოლეჯის კამპუსში სტუდენტებს მიმართეს და სთხოვეს შეევსოთ გამოკითხვა, მათი პოლიტიკური შეხედულებების შესახებ. მონაწილეთა ნახევარი ხელის სადეზინფექციო საშუალების გვერდით იჯდა, რომელიც მათ ინფექციის რისკზე აფრთხილებდა. მეორე ნახევარი სხვა უბანში გადაიყვანეს. ისინი, რომლებიც ხელების სადეზინფექციო საშუალებებთან იჯდნენ, აღწერეს მორალის უფრო მაღალი დონე, სოციალური და ფისკალური კონსერვატიზმი. აღსანიშნად ღირს, რომ არჩევნები გრიპის სეზონზე იმართება და სენსორული ხმის მიცემის აპარატები მიკრობებს ავრცელებენ. შედეგად, არც ისე იშვიათია სადეზინფექციო დისპენსერების დანახვა, რომელიც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთათვის არის ხელმისაწვდომი.
მორალური განსჯის ნეიროქიმიური მოდულაცია
ნარკოტიკებიც მოქმედებს. მეცნიერებს შეუძლიათ ადამიანები კონსერვატიზმისკენ მოაბრუნონ პრეპარატების მიღებით, რომლებიც აქ და ახლას ნეირომედიატორ სეროტონინს ააქტიურებს. ერთ ექსპერიმენტში მონაწილეებს მიეცათ სეროტონირგული პრეპარატი "ციტალოპრამი", რომელიც ჩვეულებრივ დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება. (სეროტონირგული ანტიდეპრესანტის ერთჯერადი დოზა საკმარისი არ არის, რათა განწყობის ცვლილებაში ეფექტი დავინახოთ. პირველი დოზის მიღებისას ტვინში სეროტონინის დონე მატულობს, მაგრამ რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შემდეგ სიტუაცია უფრო კომპლექსური ხდება. იმ დროისთვის, როდესაც დეპრესია უკან დახევას იწყებს, ტვინი ისე ერგება მედიკამენტებს, რომ შეიძლება ცალკეულ ადგილებში აქტიურობდეს, სხვაგან კი არა. სინამდვილეში არავინ იცის, როგორ აუმჯობესებენ ანტიდეპრესანტები განწყობას). მედიკამენტების მიღების შემდეგ ისინი ნაკლებად იყვნენ კონცენტრირებულნი სამართლიანობის აბსტრაქტულ კონცეფციაზე და უფრო მეტად კონცენტრირდნენ ინდივიდის ზიანისგან დაცვაზე.
ციტალოპრამის ერთჯერადი დოზა ადამიანებს აიძულებდა ეპატიებინათ უსამართლო საქციელი და ნაკლებად მოსწონდათ სხვებისთვის ზიანის მიყენება. ეს არის აქ და ახლას დამოკიდებულების მახასიათებელი. მკვლევარებმა ასეთი ქცევა ინდივიდუალურ დონეზე პროსოციალურად დაასახელეს. პროსოციალური არის ტერმინი, რომელიც სხვა ადამიანისთვის დახმარების სურვილს ნიშნავს.
ჩვენ ვფლობთ საშუალებებს, რათა ლიბერალად გაქციოთ
თუ გარემოში საფრთხეების დანერგვა ადამიანებს უფრო კონსერვატიულს ხდის, შესაძლებელია თუ არა მოდულაცია პირიქით განხრციელდეს და ხალხი უფრო ლიბერალური გახდეს? პოლიტიკური და რელიგიური იდეოლოგიების ექსპერტმა დოქტორმა ჯეიმი ნაპიერმა აღმოაჩინა რომ პასუხი არის დიახ, და ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება. ისევე როგორც მცირე სტიმულის მეშვეობით მკვლევარებმა ტვინში კონსერვატიზმის გაძლიერება შეძლეს, დოქტორმა ნაპიერმა შეძლო ადამიანებში ლიბერალური მხარის გააქტიურება მარტივი წარმოსახვითი ვარჯიშით. მან კონსერვატორებს სთხოვა წარმოედგინათ ზესახელმწიფოები, სადაც ამჟამად დაუშვებელი და შეუძლებელი ფაქტორები ხელმისაწვდომი იყო. პოლიტიკური იდეოლოგიის შემდგომმა ტესტირებამ დაადგინა, რომ ასეთმა წარმოსახვამ ისინი შედარებით ლიბერალებად აქცია. დაუცველობის გრძნობის შემცირებამ, რომელმაც აქ და ახლას დანაკარგის შიში დათრგუნა, გაააქტიურა დოფამინი, რომელმაც იდეოლოგიის განსაზღვრაში დიდი როლი ითამაშა.
რა შეიძლება ითქვას თავად წარმოსახვის აქტზე? წარმოსახვა დოფამინური აქტივობაა, რადგან ის ისეთ საგნებს მოიცავს, რომელთაც ფიზიკური არსებობა არ გააჩნიათ. დოფამინის სისტემის უბრალო გააქტიურებამ ხელი შეუწყო ფანტაზიის განხორციელების გზით პოლიტიკურ გადახრას. განცალკევებულმა კვლევამ იგივე შედეგი აჩვენა.
აბსტრაქტული აზროვნება დოფამინური სისტემის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა. აბსტრაქტული აზროვნება საშუალებას გვაძლევს გავცდეთ სენსორული დაკვირვების ფარგლებს, მოვლენათა მოდელის შექმნის მიზნით. აღწერილობა, რომელიც გრძნობებს ეყრდნობა, ფიზიკურ სამყაროზეა ფოკუსირებული. ამ ტიპის აზროვნების ტექნიკური ტერმინი არის კონკრეტული. ეს არის აქ და ახლას ფუნქცია და მეცნიერები ამას დაბალი დონის აზროვნებას უწოდებენ. აბსტრაქტული აზროვნება მაღალ დონეს ეკუთვნის. მეცნიერთა ჯგუფები ამბობენ, რომ დაბალი დონის მოაზროვნეები შედარებით მტრულად იქნებიან განწყობილი ისეთი ადამიანების მიმართ, რომლებიც მათგან განსხვავდებიან და ცხოვრებისეული წესის სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან; ასეთი აგრესიის ობიექტებს წარმოადგენენ ჰომოსექსუალები, მუსულმანები და ათეისტები.
კონსერვატორებისთვის ლიბერალური აზროვნების განვითარების ერთ-ერთ საშუალებას დოფამინური წრედების გააქტიურება წარმოადგენს. ლიბერალებთან იგივეს გაკეთება აქ და ახლა სისტემების გააქტიურებით არის შესაძლებელი.
მოდით დავუბრუნდეთ კონსერვატორთა აშკარა წინააღმდეგობას, რომლებიც მხარს უჭერენ არალეგალური ემიგრანტების ჯგუფურად დეპორტაციას მაშინ, როდესაც კონკრეტულ ინდივიდებს საკვებით, წყლით და ნივთებით ეხმარებიან. კონსერვატორები შესაძლოა იმიგრაციის იდეისადმი მტრულად განწყობილები იყვნენ, მაგრამ მათ თანდაყოლილი უნარი აქვთ ემპათიით განეწყონ რეალურ ემიგრანტებთან. ეს უნარი - შეიძლება მას არაცნობიერი იმპულსიც კი ვუწოდოთ - ჰოლივუდში მწერალთა მიერ გამოიყენება, რათა ლესბოსელების, გეებისა და ტრანსგენდერების მიმართ მიმღებლობა გაზარდონ. ასეთი ქმედება სიუჟეტის ძალით კეთდება.
ჩვენ ვანვითარებთ ემოციურ ურთიერთობას სიუჟეტის გმირებთან. თუ ეს კარგად დაწერილი ისტორიაა, შესაძლოა მათ მიმართ ისეთი გრძნობები გაგვიჩნდეს, რაც რეალური ადამიანის მიმართ გვექნება.
ჰომოსექსუალთა ალიანსის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, ტელევიზიაში პერსონაჟთა რაოდენობა, რომელიც ჰომოსექსუალად არის იდენტიფიცირებული, დროთა განმავლობაში იზრდება. ეს გამოგონილი პერსონაჟები რეალურ გავლენას ახდენენ მაყურებლის დამოკიდებულებაზე. The Hollywood Reporter-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპოდენტთა 27 პროცენტი ერთსქესიანთა ქორწინების მიმართ თანახმა ტელევიზიის შედეგად გახდა. აბსტრაქტული ჯგუფების კონკრეტულ ინდივიდებად გარდაქმნა კარგი საშუალებაა აქ და ახლას სქემებს გასააქტიურებლად.
იდეებით მართული ერი (ბიოლოგიის მეშვეობით)
ხელისუფლების არსი არის კონტროლი. ხალხი შეიძლება დაემორჩილოს კონტროლს დაპყრობის შედეგად, ან შეიძლება ნებაყოფლობით დათმოს თავისუფლების ზოგი ასპექტი დაცულობის სანაცვლოდ. ნებისმიერ შემთხვევაში, მცირე რაოდენობის ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა განახორციელონ შეუზღუდავი ძალაუფლება დანარჩენ მოსახლეობაზე. ეს დოფამინური აქტივობაა, რადგან მოსახლეობა აბსტრაქტული კანონებით იმართება. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის აღსასრულებლად აქ და ახლა მომენტი გამოიყენება, ადამიანთა უმეტესობა ამას არასოდეს განიცდის. ისინი წარმოიდგენენ იდეებს და არა ფიზიკურ ძალას.
ვინაიდან მთავრობა არსებითად დოფამინურია, ამ შემთხვევაში ლიბერალები უფრო ენთუზიასტები არიან, ვიდრე კონსერვატორები. ქუჩაში გამოსული ხუთასი ლიბერალი სავარაუდოდ საპროტესტო აქციას მართავს. კონსერვატორებისთვის ეს აღლუმი იქნება. პოლიტიკურ პროცესში ჩართულობის ენთუზიაზმის გარდა, ლიბერალები მიდრეკილნი არიან საჯარო პოლიტიკაში უმაღლესი ხარისხი გაიარონ, როგორიცაა მაგალითად ჟურნალისტიკა, რათა ყოველდღიურად შეეძლოთ პოლიტიკურ მოვლენებში ჩართულობა. კონსერვატორები კი პირიქით, უფრო ხშირად უნდობლად ეკიდებიან ხელისუფლების მმართველობას, რომელიც დისტანციურად მოქმედებს. კონსერვატორები უპირატესობას ანიჭებენ ადგილობრივ მმართველობას, რომელსაც მმართველობა ადგილობრივ დონეზე აქვს და არა სახელმწიფო დონეზე.
დისტანცია მნიშვნელოვანია. ანალოგიურად, დისტანციურად მიღებულ ბევრ კანონს სარგებელი მოაქვს, ბევრს კი ზიანი. რაც უფო შორს შევტოპავთ, მით უფრო ადვილია გარკვეული ზიანის მოთმენა, შედარებით დიდი სარგებლის მოლოდინის ხარჯზე. დისტანცია იცავს პოლიტიკოსებს მათი გადაწყვეტილებების უშუალო შედეგებისგან.
რატომ იმყოფება ვაშინგტონი მუდმივად "რაღაცის კეთების" რეჟიმში
დისტანციის გარდა, ფაქტორი, რის გამოც მთავრობა მთლიანად დოფამინურია, არის კეთება. თითქმის გაუგონარია ვაშინგტონში პოლიტიკური კამპანიის მხოლოდ დაპირებებით გამართვა, რაიმეს კეთების გარეშე. პოლიტიკა ცვლილებებს ეხება, ცვლილებებს კი დოფამინი განაპირობებს. როდესაც რაიმე ტრაგედია ხდება, ყვირილი მატულობს: "გააკეთეთ რამე!". მიუხედავად იმისა, რომ ტერაქტის შემდეგ აეროპორტის უსაფრთხოება ძალიან გაძლიერებულია და ადამიანებს ხანგრძლივი ჩხრეკის რიტუალს უტარებენ, ამით უსაფრთხოება გარანტირებული მაინც არ არის. ფარული TSA-ს აგენტებს, რომლებიც სისტემას აკონტროლებენ, ყოველთვის შეუძლიათ იარაღის მიღება; მიუხედავად ამისა, რაღაცის გაკეთების მანდატი შესრულებულია.
GovTrack.us-ის ცნობით, ფედერალურმა მთავრობამ ყოველი ორწლიანი სესიის განმავლობაში 1973 წლიდან მოყოლებული, ორასიდან რვაასამდე კანონი მიიღო. ეს ბევრი კანონია, მაგრამ არაფერია იმასთან შედარებით, რასაც პოლიტიკოსები ცდილობდნენ. ამ სესიებზე კონგრესი ცდილობდა მიეღო 8000-დან 26000-მდე კანონი. როდესაც ხალხი რაღაცის გაკეთებას მოითხოვს, პოლიტიკოსები სიამოვნებით იღებენ ამ ვალდებულებას.
კონტროლის სურვილი გარდაუვალია. ვაშინგტონში ზოგი საკუთარ თავს ლიბერალს უწოდებს, ზოგი კი კონსერვატორს, მაგრამ პოლიტიკაში ჩართული თითქმის ყველა ადამიანი დოფამინურია. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ არავინ აირჩევდა. პოლიტიკური კამპანია ინტენსიურ მოტივაციას მოითხოვს. მათ სჭირდებათ მზადყოფნა, წარმატების მისაღწევად ყველაფერი გაწირონ. აქ და ახლა სისტემის მქონე ადამიანები, რომელთათვის საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა მთავარი პრიორიტეტია, პოლიტიკაში წარმატებას ვერ მიაღწევენ. დიდ ბრიტანეთში პარლამენტის წევრებს შორის განქორწინების მაჩვენებელი ორჯერ აღემატება დანარჩენ მოსახლეობას. უამრავი პოლიტიკოსი იშვიათად ხვდება ოჯახის წევრებს და ბევრი ახალბედა თანამშრომელი ადამიანზე მეტად ძალაუფლებით არის შეყვარებული, რომელიც დოფამინური სურვილების ხელმისაწვდომობის გარანტიას იძლევა. პოლიტიკოსთათვის ურთიერთობები სიამოვნებას არ ემსახურება. ამერიკის ოცდამეცამეტე პრეზიდენტმა, ჰარი ტრუმენმა ერთხელ ასეთი რაღაც თქვა: "ვაშინგტონში თუ მეგობრის ყოლა გინდა, ძაღლი იყიდე".
კონსერვატიული კანდიდატი, ლიბერალი კანონმდებელი
არჩევნებში დოფამინურობის გამომჟღავნება კონსერვატორებისთვის პრობლემას წარმოადგენს, რადგან პოლიტიკაში აქ და ახლა სისტემები ყოველთვის კარგად არ მუშაობს. დოფამინის მანდატი უფრო მეტია. ცვლილება განასახიერებს პროგრესს ან ტრადიციული მიდგომის დაკარგვას, გააჩნია რომელი კუთხით შევხედავთ, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ცვლილება გარდაუვალია. მხოლოდ აქ და ახლას შეგრძნებებს შეუძლიათ კმაყოფილების განცდის მოტანა, როდესაც ფინიშის ხაზამდე მივედით და დრო ჩერდება. ენდორფინები, ენდოკანაბინოიდები და სხვა ნეირომედიატორები გვეუბნებიან, რომ ჩვენი სამუშაო დასულებულია და დროა შრომის შედეგით დავტკბეთ. მაგრამ დოფამინი ამ ქიმიკატებს თრგუნავს. დოფამინი არასოდეს ისვენებს. პოლიტიკური თამაში 24 საათის განმავლობაში, მუდმივად გრძელდება; პოლიტიკაში, სიტყვა "საკმარისია", წარუმატებლობის ნიშანია.
ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობა აუცილებლად ცუდია. საზოგადოებრივი სიკეთისთვის გამოყენებულ ძალაუფლებას შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს მილიონობით ადამიანის სიცოცხლეზე. თუ მთავრობა კეთილგანწყობილი და ეფექტურია, მზარდი ცენტრალიზებული ძალაუფლება ხელს შეუწყობს ხალხის უფლებების დაცვას და გაჭირვებულებს სიღარიბიდან ამოიყვანს. მაგრამ თუ პოლიტიკოსები ხალხის ნაცვლად საკუთარ სარგებელზე კონცენცტირდებიან, ფარული კორუფცია ყველგან გავრცელდება და შედეგად თავისუფლება და კეთილდღეობა დაზარადლება.
ისტორიულად, ფესვგადგმული ძალაუფლების რადიკალური შემოტრიალების მეთოდი არის რევოლუცია. ჯონ კალჰუნმა, მეცხრამეტე საუკუნის სამხრეთ კაროლინას სენატორმა და ვიცე-პრეზიდენტმა გვიჩვენა, თუ რა ტიპის ადამიანები თამაშობენ ძალაუფლების თამაშს: "თავისუფლების მოპოვება უფრო ადვილია, ვიდრე მისი შენარჩუნება", რაც ნიშნავს, რომ ან ტირანი უნდა იყო, ან მეამბოხე. მეამბოხეებიც და პოლიტიკოსებიც დოფამინურები არიან, რადგან ორივეს მიზანს ცვლილება წარმადგენს.
ნუღარ მოატყუებინებთ საკუთარ თავს
საბოლოო ჯამში, ჰარმონიის მიღწევის ფუნდამენტური დაბრკოლება ის არის, რომ ლიბერალური ტვინი განსხვავდება კონსერვატიული ტვინისგან, რის გამოც ამ ორს ერთმანეთის გაგება უჭირთ. ვინაიდან პოლიტიკა წინააღმდეგობრივ თამაშს წარმოადგენს, ასეთი გაუგებრობა დემონიზაციას იწვევს. ლიბერალებს მიაჩნიათ, რომ კონსერვატორებს ქვეყნის დამხობა უნდათ, როდესაც უმცირესობებს უსამართლო უხეშობით ეპყრობიან. კონსერვატორებს მიაჩნიათ, რომ ლიბერალებს ყველაფრის კონტროლის განზრახვა აქვთ გულში ჩადებული, რითაც მათი ცხოვრების ნებისმიერ ასპექტს გააკონტროლებენ.
სინამდვილეში, პოლიტიკური განხეთქილების ორივე მხარეს, ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ის, რაც ყველასთვის საუკეთესოა. არსებობს გამონაკლისებიც: ცუდი ადამიანი ყველგანაა და საზოგადოდ ისინი ყველაზე ხშირად ჩნდებიან, რადგან ცუდი ტიპაჟი კარგ ტიპაჟზე ბევრად საინტერესოა, ამიტომ სასარგებლო პოლიტიკურ იარაღს წარმოადგენენ. მაგრამ ისინი არ წარმოადგენენ ტიპიურ დემოკრატს ან რესპუბლიკელს.
კონსერვატორთა უმეტესობას უბრალოდ მარტო დარჩენა სურს. მათ სურთ მიიღონ თავისუფლება, საკუთარ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით. ლიბერალების უმეტესობას ადამიანების დახმარება უნდა, რათა მათ უკეთესად იცხოვრონ. მათი მიზანია ყველა იყოს უფრო ჯანმრთელი, უსაფრთხო და დისკრიმინაციისგან თავისუფალი. მაგრამ პოლიტიკური ლიდერები ამ ორ ჯგუფს შორის მტრობის გაღვივებით სარგებლობენ, რადგან ეს მათი მიმდევრების ერთგულებას აძლიერებს. მთავარია გახსოვდეთ; ლიბერალებს სურთ ხალხი უკეთესი გახდეს; კონსერვატორებს სურთ ხალხი ბედნიერი გახდეს; ხოლო პოლიტიკოსებს ძალაუფლება სურთ.