მოლეკულა "მეტი"

დანიელ ლიბერმანი და მიშელ ლონგი
5
1

როგორ აღძრავს თქვენს ტვინში ერთი ქიმიური ნივთიერება სიყვარულს, სექსს და კრეატიულობას - და როგორ განსაზღვრავს იგი ადამიანური რასის ბედისწერას

 თავი მეშვიდე - ჰარმონია

 გსურს დიდებული იყო? მაშინ დიდებულად ყოფნით დაიწყე. გსურს ააშენო უზარმაზარი ფაბრიკა? რაც უფრო მაღალი გინდა რომ იყოს, მით უფრო ღრმად უნდა ჩაყარო საძირკველი. 

               წმინდა ავგუსტინე

  დილით ვიღვიძებ სამყაროს გაუმჯობესების სურვილსა და უბრალოდ სამყაროთი ტკბობის სურვილს შორის. ეს ართულებს დღის დაგეგმვას.

                ელვინ ვაითი

  ახლა მოდით, ყველაფერი გავაერთიანოთ; ანუ საკითხი, სადაც დოფამინი და "აქ და ახლა" წონასწორობას პოულობს.

  დელიკატური ბალანსი დოფამინსა და "აქ და ახლას" შორის

  შუახნის მამაკაცი დეპრესიის სამკურნალოდ სპეციალისტთან მივიდა. გარდა იმისა, რომ ზოგადად სევდიან და უიმედო განწყობაზე იყო, არაჯანსაღი აკვიატება გააჩნდა მომავლის შესახებ. იგი ფიქრობდა ყველა შესაძლო თანმდევ საკითხზე, რომელიც შესაძლოა არასწორად განვითარებულიყო და მუდმივად ეშინოდა მოულოდნელი და უცნობი კატასტროფების. რაღაც მომენტში, მისი ფსიქიკური ენერგია ამოიწურა და ემოციურად ძალიან სუსტი გახდა. მცირედ პროვოკაციაზეც კი ფეთქდებოდა. მამაკაცი ვეღარ ახერხებდა სამსახურში მეტროთი სიარულს, რადგან სხვების დანახვაც კი აუტანლად ეჩვენებოდა. იყო ღამეები, როდესაც მისი ცოლი შუაღამის სამ საათზე იღვიძებდა და მეუღლეს მტირალს ხედავდა. 

  მამაკაცს ჩაუტარდა დეპრესიის სტანდარტული მკურნალობა და დაიწყო ანტიდეპრესანტების მიღება, რომლებიც ტვინში "აქ და ახლას" ნეირომედიატორ სეროტონინს გამოყოფენ; მალე შესანიშნავი შედეგი დადგა. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მისი გუნება-განწყობა თანდათან უმჯობესდებოდა იქამდე, სანამ იგი კვლავ სალმიანი და მხიარული არ გახდა. მამაკაცი უფრო გამძლედ იქცა და ყოველდღიური სიკეთეებითაც მეტად დაიწყო დატკბობა. რა თქმა უნდა, ეს შვება იყო მისი მეუღლისთვისაც. მისი აზრით, საინტერესო იქნებოდა წამლის უფრო მაღალი დოზა ეცადა. ექიმმა მხოლოდ ერთხელ დართო პაციენტს ამის უფლება. 

 "თავს მშვენივრად ვგრძნობდი", - გამოუცხადა მამაკაცმა შემდეგ ვიზიტზე სპეციალისტს - "ძალიან ბედნიერი ვიყავი. არაფრის გაკეთება საჭირო არ იყო. საწოლიდან წამოდგომის მიზეზსაც კი ვერ ვხედავდი". ექიმმა გადაწყვიტა, ამის შემდეგ პაციენტი ნორმალურ დოზებს დაბრუნებოდა და ემოციური წონასწორობაც ბალანსში ჩადგა. 

  სეროტონინულ ანტიდეპრესანტებზე დრამატული რეაქცია მხოლოდ მცირე რაოდენობის ადამიანებში გვხვდება, რომელთაც გენებისა და გარემოს სწორი კომბინაცია გააჩნიათ. მაგრამ ეს კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ შეუძლია ადამიანს დაერღვეს ნორმალური ფუნქციონირება როგორც მომავალზე აკვიატებული ფიქრისას, ასევე აწმყოთი გადაჭარბებული სიამოვნების დროსაც. 

  დოფამინი და "აქ და ახლას" ნეირომედიატორები ერთად მუშაობენ. ისინი ხშირად მოქმედებენ ერთმანეთის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ეს ტვინის უჯრედებს სტაბილურობის შენარჩუნებაში ეხმარება, რომელიც მუდმივ რეჟიმში მუშაობს. აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევაში ამ ორ ნაწილს შორის წონასწორობიდან ყველაზე ხშირად დოფამინი გამოდის. ზედმეტმა დოფამინმა შესაძლოა პროდუქტიული გაჭირვება გამოიწვიოს, ხოლო ზედმეტმა "აქ და ახლამ" ბედნიერი სიზარმაცე: შრომისმოყვარე აღმასრულებელი მწეველი ჰიპის წინააღმდეგ. აქედან არც ერთი არ ცხოვრობს ჭეშმარიტად ბედნიერი ცხოვრებით და არც პიროვნულად იზრდება. ბედნიერი ცხოვრებისთვის, ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ისინი წონასწორობაში. 

  ინსტინქტურად ყველა ჩვენგანმა იცის, რომ არც ერთი უკიდურესობა ჯანსაღი არ არის და შესაძლოა სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მოგვწონს ისეთი ისტორიები, სადაც პერსონაჟი მოგზაურობას გარკვეული უკიდურესობით იწყებს და ბოლოს ბალანსის პოვნით ამთავრებს. 2009 წელს გამოსული საკულტო ფილმი ავატარი სწორედ იმის მაგალითია, თუ როგორ იწყება პროცესი ზედმეტი დოფამინის არსებობასთან ერთად. ყოფილი საზღვაო ქვეითი სახელად ჯეიკი, დაქირავებულია პლანეტათაშორისი კორპორაციის მიერ; ეს კომპანია აპირებს გამოიყენოს მთვარის მსგავსი პლანეტის ბუნებრივი რესურსები, რომელსაც "პანდორა" ეწოდება, პლანეტა კი ჰუმანოიდი არსებებით და სხვა ცოცხალი ორგანიზმებით არის დასახლებული, რომლებიც ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრობენ. ჰუმანოიდები თაყვანს სცემენ დედა ქალღმერთს, სახელად ეივას. ეს არის დოფამინისა და "აქ და ახლას" დაპირისპირების სტანდარტული მაგალითი. 

  რესურსების მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, კორპორაციას სურს ამოთხაროს და გაანადგუროს სულების ხე, რომელიც გზაზე წინ ეღობება. შემაძრწუნებელი გეგმის გააზრების შედეგად, ჯეიკი უარყოფს დოფამინურ სქემას და "აქ და ახლას" სისტემას უერთდება; იგი ავითარებს მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს პლანეტის მკვიდრებთან. დოფამინური შესაძლებლობებისა და ახლად შეძენილი უნარის მეშვეობით ჯეიკი ჰუმანოიდ ტომთან ერთად იმარჯვებს დოფამინურ კომპანიაზე. ფილმის დასასრულს, მთავარი პერსონაჟი სულების ხის დახმარებით ერთ-ერთი ჰუმანოიდი ხდება და ბალანსის მიღწევას ახერხებს.

  1980-იანი წლების კლასიკური ფილმი "სავაჭრო ადგილები" ბალანსის საპირისპირო სახით დარღვევაზე მოგვითხრობს. ბილი რეი ვალენტინი უპასუხისმგებლო, უსახლკარო კაცია. ამასთან ერთად, ზარმაცია და საერთოდ არ ფიქრობს მომავალზე. შემდგომში იგი ხდება ექსპერიმენტის მონაწილე, რომელშიც საკუთარ ცხოვრებას წარმატებულ საქონლის მოვაჭრეში ცვლის, რომელიც მისი სარკისებული პოლარობაა. სიმდიდრის დარგოვების შემდეგ, ბილი უარყოფს თავის უდარდელობას და მეტად პასუხისმგებლიანი ხდება. საბოლოოდ იგი მონაწილეობს დახვეწილად დაგეგმილ სცენაში, რომელიც მას ამდიდრებს და ცხოვრებისეული დასვენების ფაზაში აბრუნებს, მაგრამ ამჯერად შესაძლებლობების ახალი ნაკრებით. 

  როგორ შეუძლია ჩვეულებრივ ადამიანს აუცილებელი ბალანსის პოვნა? ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე ჩვენგანი თანამედროვე სამყაროს მივატოვებთ და წარმართულ კლანს შევუერთდებით. ბალანსის სხვა საშუალებები უნდა გამოვნახოთ. მხოლოდ დოფამინი არასდროს დაგვაკმაყოფილებს; მას უბრალოდ არ შეუძლია კმაყოფილების მოტანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მუდმივად გვპირდება, რომ კმაყოფილება ერთი ნაბიჯით წინ, სადღაც ბოლოში არსებობს: კიდევ ერთი დონატი, კიდევ ერთი დაწინაურება, კიდევ ერთი დაპყრობა. როგორ განვთავისუფლდეთ ამ სარბენი ბილიკიდან? ეს არ არის ადვილი, მაგრამ გზები ნამდვილად არსებობს. 

   

   ოსტატობა: სიამოვნება საქმეში, როდესაც რაღაც კარგად გამოგდის 

  ოსტატობა არის გარემოებათა ნაკრების შედეგად მაქსიმალური ჯილდოს მიღების უნარი. დოფამინის თვალსაზრისით ოსტატობა კარგია - ეს არის რაღაც, რაც დოფამინისთვის სასურველია და რისკენაც იგი მიისწრაფვის. ოსტატობა არ არის უბრალოდ საკვების პოვნა, პარტნიორის ყოლა ან კონკურენტის დამარცხება; იგი საკუთარ თავში ბევრად უფრო ფართო სპექტრს მოიცავს. ოსტატობა არის წარმატება ჯილდოს მოპოვებაში: როდესაც წარმატება მიღწეულია, დოფამინი თავისი მისწრაფების მწვერვალს აღწევს. ეს არის დოფამინის ბოლო წვეთი, რომელიც მისი რესურსიდან იღვრება. სულ ეს არის დოფამინის თავი და ბოლო. ოსტატობა მიღწეულია, თქვენ მას ახლა გრძნობთ, აწმყოში. ოსტატობის დროს დოფამინი ქედს იხრის "აქ და ახლას" წინაშე. მას შემდეგ, როდესაც დოფამინი შესაძლებლობათაგან ყველაფერს გააკეთებს, იგი ჩერდება და "აქ და ახლას" საშუალებას აძლევს გზა გამონახოს ბედნიერების განცდის სქემებთან. თუნდაც მოკლე დროის შუალედში, ასეთ მომენტში დოფამინი არ ებრძვის კმაყოფილების შეგრძნებას; პირიქით, იგი აღიარებს მის არსებობას. შესაბამისად, საუკეთესო ბალანსირება არის კარგად შესრულებული სამუშაო. 

  ოსტატობა ქმნის განცდას, რასაც ფსიქოლოგები "შინაგანი კონტროლის ტექნიკას" უწოდებენ. ეს ფრაზა ეხება საკუთარი არჩევანის აღწერისა და განცდის ტენდენციას, როგორც კონტროლის აქტს და არა განსაზღვრული ბედის, იღბლის ან სხვა ადამიანების გავლენას. ეს კარგი განცდაა. ადამიანთა უმეტესობას არ მოსწონს ძალაუფლების წყალობა, რომელიც მათი კონტროლის მიღმა ხორციელდება. პილოტები ამბობენ, რომ ცუდ ამინდში ფრენისას თავად უფრო ნაკლებ სტრესს განიცდიან, ვიდრე სალონში მსხდომი მგზავრები. იგივე ეხება ქარბუქში ავტომობილით მგზავრობას; ადამიანებს მძღოლის სავარძელზე ჯდომა ურჩევნიათ მგზავრის სავარძელზე ჯდომას. შინაგანი კონტროლის ტექნიკა ადამიანებს უფრო ეფექტურებს ხდის. შინაგანი კონტროლის ძლიერი შეგრძნების შემთხვევაში უფრო სავარაუდოა, რომ ადამიანი აკადემიურ წარმატებას მიაღწევს და მაღალანაზღაურებად სამუშაოს მიიღებს. 

  კონტროლის გარეგანი ასპექტის შემთხვევაში, ადამიანები ცხოვრების უფრო პასიურ ხედვას იზიარებენ. ზოგი ბედნიერი, მოდუნებული და მოხერხებულია, მაგრამ ამავე დროს ისინი ხშირად სხვებს ადანაშაულებენ თავიანთ წარუმატებლობაში და შესაძლოა არ განახორციელონ საუკეთესო ძალისხმევა პროგრესის მიღწევის თანმიმდევრულ საფუძველზე. ექიმები ხშირად იმედგაცრუებულნი ხდებიან ასეთი ადამიანებით, რადგან ისინი ხშირად არ ითვალისწინებენ რჩევებს და ადვილად არ რწმუნდებიან საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობის აღებით. ამასთანავე, კარგად არ იცავენ წამლების მიღების თანმიმდევრობას და არ ღებულობენ ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევანს. 

  შინაგანი კონტროლის ტექნიკის განვითარებას, ისევე როგორც კმაყოფილებას (თუნდაც მხოლოდ მცირე ხნით) მრავალი სარგებელი მოაქვს აქტივობის ოსტატურ საფეხურად გარდაქმნაში. მაგრამ ამას უზარმაზარი დრო და ძალისხმევა სჭირდება, მუდმივ გონებრივ მუშაობასთან ერთად. ამ უნარის დაუფლება გამუდმებით მოითხოვს, რომ ადამიანი კომფორტის ზონიდან გავიდეს. როგორც კი პიანისტი მარტივ სიმფონიას დაეუფლება, შედარებით რთულის დამუშავებაზე უნდა გადავიდეს. ეს ყველაფერი რთულია, მაგრამ შესაძლოა დიდი სიხარულის წყაროც აღმოჩნდეს. ისინი, ვინც არ ნებდებიან, საბოლოოდ გრძნობენ, რომ ძალისხმევა ამად ღირდა. ამან შესაძლოა გამოიწვიოს იმდენად მიმზიდველი გატაცება, რომ ადამიანი მთლიანად ჩაიძიროს მასში. 

 

  რეალობის სიურპრიზები

  რას ფიქრობთ კბილების გახეხვისას? ალბათ კბილების გახეხვაზე ნამდვილად არ ფიქრობთ. უფრო სავარაუდოა, რომ ფიქრობთ იმაზე, რაც თქვენს მიერ მოგვიანებით დღის განმავლობაში, თუნდაც კვირების ან თვეების შემდეგ უნდა გაკეთდეს. რატომ? შესაძლოა, ასეთი ჩვევა გაქვთ. შეიძლება შფოთვაა, რომ თუ მომავალზე არ იფიქრებთ, რაღაც გამოგრჩებათ. როდესაც რაღაცის კეთებისას მოცემულ სამუშაოზე არ ფიქრობთ, მომავალში კი არა სწორედ მოცემულ მომენტში რაღაც აუცილებლად გამოგრჩებათ. 

  ის რაც დოფამინს ყველაზე მეტად უყვარს, არის ჯილდოს წინასწარმეტყველების შეცდომა, რომელიც როგორ აქამდე განვიხილეთ, დოფამინის მოლოდინზე უკეთეს შედეგს წარმოადგენს. პარადოქსულია მაგრამ ფაქტია, რომ დოფამინი ყველაფერს აკეთებს, რათა თავიდან აიცილოს ასეთი არასწორი პროგნოზი. ჯილდოს წინასწარმეტყველების შეცდომა სასიამოვნო შეგრძნებაა, რადგან დოფამინის სქემები აღელვებას განიცდის ცხოვრებისეული გაუმჯობესების მოულდნელი ფაქტორის გამო. მაგრამ მოულოდნელი ახალი რესურსით გაოცება ნიშნავს, რომ რესურსი სრულად არ არის გამოყენებული. ასე რომ, დოფამინი ამიერიდან დარწმუნდება - იგივე სიურპრიზი, რომელმაც ბედნიერება აგრძნობინა, ამიერიდან აღარასოდეს იქნება სიურპრიზი და ასეთ აღელვებას არ გამოიწვევს. დოფამინი აქრობს საკუთარ სიამოვნებას. ასეთ დროს იმედგაცრუება იგრძნობა, მაგრამ დოფამინი მხოლოდ ამით არსებობს. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რათა სიურპრიზები შევინარჩუნოთ?

  რეალობა მოულოდნელობის ყველაზე მდიდარი წყაროა. ფანტაზიები, რომლებსაც გონებაში ვიგონებთ, ყოველთვის პროგნოზირებადია. ჩვენ გაუთავებლად განვიხილავთ ერთსა და იმავე წარმოსახვის მასალას. დროდადრო ჩვენ გაგვაოცებს წარმოსახვაში გაჩენილი ორიგინალური იდეა, მაგრამ ეს ძალზედ იშვიათად ხდება და არა მაშინ, როდესაც ვცდილობთ ჩვენი კრეატიულობა ქმედებაში გავაძლიეროთ.

  რეალობისადმი ტოტალური ყურადღების მიქცევა, თქვენს ტვინში მაქსიმალურად ზრდის ინფორმაციის ნაკადს. ამასთანავე, იგი მაქსიმალურად ზრდის დოფამინის უნარს, ახალი გეგმის შედგენაში, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს მომავალს; მომავლის ზუსტად განსაზღვრის მიზნით დოფამინს მონაცემები სჭირდება, ასეთი მონაცემები კი აწმყოს გრძნობებიდან მიედინება. სწორედ ამგვარად მუშაობენ ერთად დოფამინი და "აქ და ახლა". 

  როდესაც დოფამინის სისტემას რაიმე საინტერესო ააქტიურებს, ჩვენ მაშინვე ვაქცევთ ყურადღებას ასეთ საკითხს. თუ შევძლებთ, რომ ყურადღების ფოკუსირება "აქ და ახლას" ჩართულობის ფონზე გავზარდოთ, ასეთი ყურადღების გაზრდილი დონე სენსორულ განცდას უფრო ინტნსიურად გაზრდის. ყველაზე რთული გარემო, რომელიც ყველაზე მეტად არის გამდიდრებული, ბუნებრივ გარემოს წარმოადგენს. 

 

  წადით ბუნებაში

  ბუნება ძალიან კომპლექსურია. იგი სისტემის მრავალი ურთიერთდაკავშირებული ნაწილით შედგება. მოულოდნელი ბუნებრივი ნიმუშები ელემენტების დიდი რაოდენობის შედეგად ერთმანეთზე გავლენის მეშვეობით წარმოიქმნება. შესწავლისათვის ბუნებაში შეუზღუდავი რაოდენობის დეტალები არსებობს. ასევე, ბუნებას აღვიქვამთ როგორც მშვენიერს, შთამაგონებელს, ზოგჯერ დამამშვიდებელს და ენერგიულს. დოქტორმა ქეით ლიმ და ავსტრალიის მელბურნის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა გამოიკვლიეს ორმოც წამიანი კოგნიტური ეფექტები ბუნების გამოსახულებებზე და ბეტონით სავსე ქალაქის ხედებზე. 

  სურათის ნახვის შემდეგ ჩასატარებელი სამუშაოს ფონზე გაირკვა, რომ სტუდენტებმა, რომლებმაც ბუნების გამოსახულებებს შეხედეს, ნაკლები შეცდომა დაუშვეს ბეტონის კონსტრუქციებზე დამკვირვებლებთან შედარებით. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ განსხვავების ყველაზე სავარაუდო ახსნა ბუნების მასტიმულირებელ ეფექტს წარმოადგენს; ასეთ დროს ბუნების ხედები ორივე სენსორის სტიმულირებას ახდენდა - "ქვეკორტიკალურ აღგზნებას" (სურვილის დოფამინს) და "კორტიკალური ყურადღების კონტროლს" (დოფამინის კონტროლს). Washington Post-ის რეპორტიორმა, რომელმაც კვლევაზე კომენტარი გააკეთა, აღნიშნა, რომ "ქალაქის მშენებლობის სახურავებზე გამწვანების პოპულარობა უფრო და უფრო იზრდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით..." Facebook-მა კალიფორნიაში, საკუთარი რეზიდენციის ფარგლებში 9 ჰექტარზე გამწვანება გააკეთა. ეს არის არქიტექტურის სახე, რომელიც "აქ და ახლას" სტიმულაციას დოფამინის გააქტიურების მიზნით იყენებს. 

 

  ნუ ეცდებით რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულებას

  თითქმის ნებისმიერი გამოცდილება უმჯობესდება მასზე ტოტალური ყურადღების დათმობით.

                    კელი მაკგონიგალი, მენეჯმენტის ლექტორი.

  მიუხედავად იმისა, თუ რისი სჯერა ტექნოლოგიაზე დამოკიდებულ თაობას, ფაქტია, რომ ერთდროულად მრავალი დავალების შესრულებისას საჭირო ყურადღების განხორციელება შეუძლებელია. როდესაც ტელეფონზე საუბრისას ელფოსტის წაკითხვას ვცდილობთ, საჭირო ყურადღება აქედან ვერცერთ მათგანს ეთმობა. ასეთ დროს აშკარად არ აქცევთ სრულ ყურადღებას კონკრეტულ საკითხს და შედეგად მნიშვნელოვანი დეტალები გამოგრჩებათ. იმის ნაცვლად, რომ გაზარდოთ თქვენი ეფექტურობა, „მრავალ დავალების ერთდროულად შესრულება“ ამცირებს ამის ალბათობას. 

  უყურადღებობა ხშირად შეცდომების დაშვებასაც გულისხმობს. შესაძლოა შეცდომების რაოდენობა გაორმაგდეს, როდესაც ისეთ სამუშაოს ასრულებთ, რაც კონცენტრაციას მოითხოვს, ხოლო ასეთ დროს მთლიან ყურადღებას არ უთმობთ. 

 

   ცხოვრების მაღალი ღირებულება მომავალში

  მომავლის აბსტრაქტულ და არარეალურ დოფამინურ სამყაროში ცხოვრებას საკუთარი ღირებულება გააჩნია და ამის საფასურს ბედნიერება ეწოდება. ჰარვარდის უნივერსტიტეტის მკვლევარებმა შექმნეს აპლიკაცია, რომელიც მოხალისეებს მოუწოდებდა მიეწოდებინათ მისთვის ანგარიშები თავიანთი აზრების, შეგრძნებებისა და ქმედებების შესახებ, როდესაც ყოველდღიური საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი. კვლევის მიზანი იყო უკეთ დაედგინათ, რა კავშირი არსებობდა მოუსვენარ გონებასა და ბედნიერებას შორის. ექსპერიმენტში ოთხმოცდასამი ქვეყნიდან ხუთიათასზე მეტი მოხალისე იღებდა მონაწილეობას.

  აპლიკაცია არარეგულარული დროის მონაცვლეობით უსვამდა მოხალისეებს შეკითხვებს: "როგორ გრძნობთ თავს ახლა?" "რას აკეთებთ?"  "ფიქრობთ თუ არა ამჟამად სხვა საკითხზე, სამუშაოს გარდა?" მონაწილეთა ნახევარზე მეტმა უკანასკნელ შეკითხვაზე დადებთი პასუხი გასცა დროის ნებისმიერ შუალედში. ადამიანებში ნებისმიერი აქტივობა სხვა საკითხზე ფიქრს მაინც იწვევდა, სექსის გარდა, რომელიც აშკარად იპყრობდა მოხალისეების ყურადღებას. თუმცა, ყველა სხვა სიტუაციაში, სხვა საკითხებზე ფიქრი ისე ხშირად ხდებოდა, რომ მკვლევართა აზრით ასეთი აზროვნება სტიმულისგან დამოუკიდებლად არსებობს, ანუ ტვინის თავისთავად ნაგულისხმევი რეჟიმია. 

  როდესაც ბედნიერების მაჩვენებელს დახედეს, აღმოჩნდა, რომ ყველა თანმდევ საკითხზე ფიქრისას ხალხი ნაკლებად ბედნიერია და ასეთ დროს უშუალო აქტივობას მნიშვნელობა არ ენიჭება. როდესაც ადამიანები აწმყოზე კონცენტრირდებოდნენ და სხვა საკითხზე არ ფიქრობდნენ - ჭამისას, ტელევიზორის ყურებისას, სოციალიზაციისას ან მუშაობისას - ისინი ბევრად ბედნიერად გრძნობდნენ თავს. მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ "ადამიანური გონება არის მოუსვენარი და მუდმივად მოხეტიალე გონება; ასეთი გონება კი უბედური და უსიხარულოა". 

  მაგრამ რა მოხდება, თუ ბედნიერება არ გვაინტერესებს? თუ იმდენად დოფამინუები ვართ, რომ მხოლოდ რაღაცის მიღწევას აქვს აზრი? არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ბრწყინვალე, ორიგინალური ან კრეატიულია თქვენი დოფამინური წრეები, რადგან იგი ვერ შეძლებს ბევრს მიაღწიოს "აქ და ახლას" სენსორული გამოცდილების გარეშე. 

  მიქელანჯელოს პიეტა, რომელიც ღვთისმშობლის გარდაცვლილი შვილის მიმართ ტკივილსა და მწუხარებას ასახავს, შესანიშნავად გადმოსცემს სევდის აბსტრაქტულ იდეებს. მაგრამ მოქანდაკეს კონცეფციის გამოსახატავად განსახორციელებლად მარმარილოს ბლოკი დასჭირდა. ღვთისმშობლის სევდიანი სილამაზე ქალურობის იდეალური გამომხატველობაა, მაგრამ მიქელანჯელო ვერ გამოძერწავდა ამ ფიგურას, სანამ თვალების მეშვეობით ქალებს არ შეისწავლიდა და თავად არ განიცდიდა ნამდვილ მწუხარებას, რომელიც "აქ და ახლას" საკუთრებაა. 

  აწმყოს მიმართ ყურადღების მეშვეობით ჩვენ ვიღებთ სენსორულ ინფორმაციას რეალობის შესახებ, რომელშიც ვცხოვრობთ, რაც საშუალებას აძლევს დოფამინის სისტემას გამოიყენოს ეს ინფორმაცია ჯილდოს მაქსიმიზაციის გეგმების შესამუშავებლად. ჩვენს მიერ აღქმულ შთაბეჭდილებებს გააჩნიათ პოტენციალი, შთაგვაგონონ იდეათა ახალი ნაკადი, რათა გაძლიერდეს ჩვენს წინაშე ახალი გადაწყვეტილებების მიღების უნარი, არსებულ პრობლემებთან მიმართებაში. მისი სიახლის გამო, შემოქმედება ყველაზე გამძლეა დოფამინურ სიამოვნებათა შორის. 

 

  გაერთიანება

  კრეატიულობა შესანიშნავი საშუალებაა დოფამინისა და "აქ და ახლას" გაერთიანებისთვის. ჩვენ განვიხილეთ შემოქმედების კონკრეტული სახეობა მეოთხე თავში, სადაც კრეატიულობა რეალობის ჩვეული აღქმის დემონტაჟით არის შესაძლებელი. მარტოხელა და იდეებით შეპყრობილი ადამიანები უმეტესწილად უკმაყოფილონი არიან. ასეთ დროს დოფამინი დომინირებს და აწმყოს სქემები კვდება. მაგრამ არსებობს შემოქმედების სხვა ფორმებიც, რომელთა დაპრაქტიკებაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია; ისინი ხელს უწყობენ ბალანსს და არა დოფამინურ დომინირებას. 

  დამუშავება, ქსოვა, ფერწერა, გაფორმება და კერვა მოძველებული აქტივობებია, რომელსაც თანამედროვეობაში დიდ ყურადღებას არ უთმობენ. სწორედ ეს არის ამოსავალი წერტილი. ასეთ სამუშაოებს არ სჭირდებათ ტელეფონი და სწრაფი ინტერნეტი; საჭიროა ხელები, ტვინი და ფიზიკური შრომა. როდესაც პროექტს წარმოსახვაში ჩავიფიქრებთ, შემდგომში გეგმას ვამუშავებთ მის განსახორციელებლად, ბოლოს კი ხელები ჩანაფიქრს რეალობად აქცევენ. უამრავმა ადამიანმა ხატვა არ იცის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სილამაზის შექმნა მისთვის მიუწვდომელია. 

   აუცილებელია, რომ ბავშვებმა ხელით მუშაობა ისწავლონ. 2015 წელს ჟურნალმა Time-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით "რატომ სჭირდებათ სკოლებს უკან დააბრუნონ ფიზიკური მუშაობის საგნები?" მაგალითად, ხეზე მუშაობა ის სიხარულია, რომელსაც დღეს-დღეისობით ცოტა ადამიანი განიცდის. როდესაც ბავშვი ჩიტის სახლს საკუთარი ხელებით შექმნის, ეს პატარა სასწაულია; შემდგომში მასში ჩიტები დასახლდებიან და მშვიდობის ოაზისი იქნება გონების მიერ გაკეთებული დასკვნა, სადაც მას შეუძლია თქვას - "მე ეს შევძელი". 

  ბევრი ადამიანი გაიზარდა სახლში, სადაც მამას სამუშაო მაგიდა ავტოფარეხში ჰქონდა. ისინი დღეს ნაკლებად გავრცელებულია, მაგრამ ნივთების შეკეთება უნიკალური სიამოვნებაა. თითოეული პროექტი არის პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას და შედეგად გამოსავალი რეალური ხდება. ხანდახან სარემონტო პრობლემების გადაჭრა კრეატიულობას მოითხოვს, რადგან საჭირო ინსტრუმენტები მიუწვდომელია. მაგალითად, იმის გარკვევა, რომ ფრჩხილის საჭრელი შეიძლება გამოყენებულ იქნას მავთულის საჭრელად. ნივთების შეკეთება ასევე ზრდის თვითეფექტურობას და კონტროლის გრძნობას, ანუ "აქ და ახლას" დოფამინური მიწოდების დაკმაყოფილებას. მაგრამ ადამიანების უმეტესობა თავს არ იწუხებს შემოქმედებით, რადგან არ არსებობს პრაქტიკული მიზეზი ამის გასაკეთებლად. სავარაუდოდ (დასაწყისში მაინც) იგი არ მოგვცემს ფულს, პრესტიჟს ან უკეთესი მომავლის გარანტიას. მაგრამ შემოქმედებას შეუძლია რომ გაგვახაროს.   

 

  ძალაუფლება თქვენს ხელშია

  ბედნიერების მისაღწევად საჭროა როგორც დოფამინი, ასევე "აქ და ახლაც", რომელსაც ფილოსოფოსი არისტოტელე მიზანთა მიზანს უწოდებდა. დოფამინის წრეები ადამიანებად გვაყალიბებს. სწორედ დოფამინი აძლევს ადამიანს განსაკუთრებულ ძალაუფლებას. ჩვენ ფიქრი და დაგეგმვა შეგვიძლია. ასევე შეგვიძლია ავმაღლდეთ აბსტრაქტულ მცნებებზე და ისინი რეალობად ვაქციოთ, როგორებიცაა სიმართლე, სამართლიანობა და სილამაზე. დოფამინის სქემებში სივრცისა და დროის ბარიერების გადალახვა შეგვიძლია. ჩვენ ვვითარდებით ყველაზე მტრულ გარემოში, ჩვენს გარშემო არსებული სამყაროს დომინირების უნარის წყალობით. მაგრამ იგივე სქემებს შეუძლიათ უფრო ბნელ გზაზე დაგვაყენონ, სადაც დამოკიდებულება, ღალატი და უბედურება გველის. თუ მიზნად ვისახავთ მუდამ დიდების გზაზე ყოფნას, ალბათ იმ ფაქტის მიღებაც მოგვიწევს, რომ უბედურება მისი განუყოფელი ნაწილი იქნება. ეს არის უკმაყოფილების წყარო, სანამ სხვები მეგობრებთან და ოჯახთან ურთიერთობით ტკბებიან. 

  მაგრამ მათ, ვინც ბედნიერ ცხოვრებას ამჯობინებს, სხვა დავალება აქვთ შესასრულებელი: ჰარმონიის პოვნა. ადამიანებმა უნდა დაძლიონ დაუსრულებელი დოფამინური ცდუნების სისტემები და დაასრულონ უსასრულო დოფამინური შიმშილი. თუ ჩვენ შევძლებთ დოფამინის და "აქ და ახლას" გაერთიანებას, ჰარმონიის მიღწევა შესაძლებელი გახდება. მხოლოდ დოფამინი ყოველთვის არ არის ბილიკი საუკეთესო მომავლისაკენ. როდესაც სენსორული რეალობა და აბსტრაქტული აზროვნება ერთად მუშაობენ, ტვინის სრული პოტენციალი იხსნება. შემოქმედების უმაღლესი ხარისხის შესრულებისას, ადამიანი არა მარტო ბედნიერებას, კმაყოფილებას, პატივს და სიმდიდრეს ჰპოვებს, არამედ მიიღებს სენსორული გამოცდილებისა და ბრძნული გაგების მდიდარი ნაზავის უნარს, რომელსაც შეუძლია, რომ ადამიანური არსებობის უფრო ჰარმონიულ და დაბალანსებულ გზაზე დაგვაყენოს. 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff