მოლეკულა "მეტი"

დანიელ ლიბერმანი და მიშელ ლონგი
5
1

როგორ აღძრავს თქვენს ტვინში ერთი ქიმიური ნივთიერება სიყვარულს, სექსს და კრეატიულობას - და როგორ განსაზღვრავს იგი ადამიანური რასის ბედისწერას

თავი მეოთხე - კრეატიულობა და სიგიჟე

კრეატიულობა არის ძალაუფლება, რომელიც ერთი შეხედვით დაუკავშირებელი საგნების დაკავშირების შესაძლებლობას იძლევა.

უილიამ პლომერი, მწერალი. 

 ამ თავში ვისაუბრებთ მაღალფუნქციური დოფამინური ტვინის რისკებისა და საჩუქრების შესახებ, რომელშიც დოფამინი ჩვეულებრივი სამყაროს ბარიერებს ანგრევს.

 გონებაში გამუდმებით ერთი და იგივე აზრი მიტრიალებს; უსასრულოდ მეორდება, ისევ და ისევ. უბრალოდ მინდა, რომ გაჩერდეს... შემდეგ გავიფიქრე, ვისთვის შემეძლო რომ დამერეკა? პარანორმალური მოვლენების შემსწავლელ ჯგუფს დავურეკე. არა არა, ეს არასწორად ვთქვი, ამის თქმას არ ვაპირებდი. კრიზისული ინტერვენციის ჯგუფს დავურეკე... ახლა შემიძლია დავბრუნდე? ვფიქრობ, ვიღაცას უნდა რომ მესროლოს...

ნაწყვეტი შიზოფრენიით დაავადებული ადამიანის ინტერვიუდან. 

  შემოქმედებითი გონება ყველაზე ძლიერი ძალაა დედამიწაზე. ნავთობის საბადოებს, ოქროს მაღაროებს ან ჰექტრობით ფერმას თავისი ღირებულებით არ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს კრეატიული იდეის მწამოებელ შესაძლებლობებს. კრეატიულობა არის ტვინის ფუნქციონირების საუკეთესო ვერსია. მენტალური ავადმყოფობა ამის საპირისპიროა. ასეთ დროს ტვინს უჭირს გაუმკლავდეს ყოველდღიური ცხოვრების ყველაზე ჩვეულებრივ გამოწვევებს. თუმცა, გენიოსობაც და სიგიჟეც, ანუ ტვინის საუკეთესო და ყველაზე უარესი ფუნქციაც დოფამინზეა დამოკიდებული. ქიმიურ კავშირზე თუ ვისაუბრებთ, გენიოსობასა და სიგიჟეს შორის უფრო მჭიდრო კავშირი არსებობს, ვიდრე ნორმალური ტვინის ფუნქციონირების რომელიმე ასპექტთან. საიდან მოდის ეს კავშირი და რას გვეუბნება მათი ბუნება? დავიწყოთ სიგიჟით.

 

  რეალობის ფუნქციონალური დარღვევა

  უილიამი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მშობლებმა ძალით მიიყვანეს, რადგან თავად იგი უარყოფდა, რომ ფსიქიკური დაავადება ჰქონდა. უილიამის მშობლები ცნობილი მწერლები იყვნენ, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდნენ და ხშირად სტუმრობდნენ საომარ ზონებს, რათა მათი წიგნებისათვის მასალა შეეგროვებინათ. უილიამმა ძლიერი ინტელექტის ნიშნები აჩვენა, მაგრამ მისი გამოვლინება მეტწილად არათანმიმდევრული იყო. 

  კოლეჯში წასვლის შემდეგ ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა. უილიამის გონებაში ნელ-ნელა უცნაური იდეები შეიჭრა. იგი სწავლის დაწყებიდან მალევე გაეცნო ახალგაზრდა გოგონას, მაგრამ მცდარი წარმოდგენა განუვითარდა, რომ გოგონა მისით რომანტიკულად იყო დაინტერესებული. როცა გოგონამ უილიამის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება უარყო, ბიჭმა იფიქრა რომ გოგონას "აივ დადებითი" ჰქონდა და ამ უარყოფით, ინფექციის გადადებისგან ბიჭის დაცვას ცდილობდა. ეს იდეა მალე სხვა ადამიანებთან დაკავშირებითაც გავრცელდა; უილიამი ფიქრობდა, რომ მის გარშემო ასობით ადამიანი "აივ დადებითი" იყო და ყველა მისგან ელოდა, რომ აფრიკაში მოგზაურობის შემთხვევაში, იქიდან საიდუმლო სამკურნალო პრეპარატს ჩამოიტანდა; უილიამს ეს ყველაფერი გარდაცვლილმა ბებიამ და ღმერთებმა აუხსნეს, რომლებიც თავისუფლად ელაპარაკებოდნენ ხოლმე. 

  როდესაც უილიამის მეგობრები ამ ფაქტით შეწუხდნენ და მას ფსიქიატრთან ვიზიტი ურჩიეს, უილიამმა იფიქრა, რომ ისინი მშობლების მიერ მოსყიდული ჯაშუშები იყვნენ. ეს შეთქმულების ნაწილი გახლდათ, რადგან დანარჩენები ცდილობდნენ უილიამი საკუთარ ავადმყოფობაში დაერწმუნებინათ; მაგრამ, ვერ მიართმევს... უილიამმა გადაწყვიტა, რომ მისი მშობლები თაღლითები იყვნენ, ქვეყანა დატოვა და მისი ნამდვილი მშობლების მოსაძებნად გაემგზავრა.

 უილიამმა მარტო დიდხანს ვერ გაძლო, მაგრამ სახლში დაბრუნებისას მშობლები დაადანაშაულა, რადგან ისინი ფარულად ჩამაგრებული მოსასმენი მოწყობილობით აკონტროლებდნენ. მოგვიანებით იგი ნიუ-იორკში წავიდა, რათა წარმოსახვითი დევნის უზომო სტრესისგან თავი დაეღწია. დროის მსვლელობასთან ერთად ყველაფერი უფრო ინტენსიური ხდებოდა, მას სურდა სადმე შორს წასულიყო, სადაც ვერავინ გაჰყვებოდა.

 სახლში დაბრუნებისას, როდესაც ტაქსის მძღოლს 600$ გადაუხადა, მშობლებს მოთმინების ფიალა აევსოთ. მათ უილიამს გამოუცხადეს, რომ სახლში გაჩერების უფლებას იქამდე არ მისცემდნენ, სანამ ფსიქიატრთან არ მივიდოდა. უილიამმა, რომელიც ამჟამად უსახლკაროდ დარჩენის წინაშე აღმოჩნდა, ფსიქიატრთან ვიზიტის გადაწყვეტილება მიიღო და მისი მეთვალყურეობის ქვეშ ანტიფსიქოზური მედიკამენტების მიღება დაიწყო. მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ცოტა ხანში ადგილობრივ კოლეჯში სწავლის დაწყება გადაწყვიტა, სადაც გრაფიკულ დიზაინს სწავლობდა. 

  დროთა განმავლობაში მედიკამენტებმა უილიამის მდგომარეობა თანდათან გააუმჯობესა, მაგრამ მშობლებისათვის ნამდვილი გამოწვევა აღმოჩნდა უილიამი დაერწმუნებინათ, რომ წამლები რეგულარულად მიეღო. უილიამს შიგადაშიგ მაინც აწუხებდა ეჭვები, ჰქონდა თუ არა საერთოდ ფსიქიკური დარღვევა. საბოლოოდ, მან შეძლო მხოლოდ თვეში ერთხელ შეემოწმებინა ფსიქიატრთან ფსიქიკური სიჯანსაღე და საკუთარ ბინაში დამოუკიდებლად ცხოვრებაც კი დაიწყო. 

  შიზოფრენია არის ფსიქოზის ფორმა, რომელიც ჰალუცინაციებისა და ილუზიების სიჭარბით გამოირჩევა. ("სიგიჟე" ფსიქიატრიული დიაგნოზი არ არის. ამ სიტყვას მოცემული თავის სათაურში და განხილვაში მხოლოდ ფსიქიკური დაავადების მძიმე ფორმის ილუსტრაციისათვის ვიყენებთ, რომელიც ბოდვებს და ქაოტურ აზროვნებას ასახავს. სიგიჟეს და შიზოფრენიას ხშირად მოიხსენიებენ იდენტურ კონტექსტში). ჰალუცინაციის დროს ადამიანი ისეთ გამოსახულებებს ხედავს, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს. ასეთ დროს ადამიანმა შეიძლება ცხადად იგრძნოს მათი შეხებაც და სურნელიც. ჰალუცინაციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა სმენითი ჰალუცინაცია - როდესაც გონებაში საუბარი, მუსიკა, აუხსნელი ბგერები ან სხვა რამ ჩაგვესმის. შეიძლება ხმებმა კომენტარი გაგიკეთონ საუზმობისას - "ახლა საჭმელს მიირთმევ"; შეიძლება გესმოდეთ ერთზე მეტი ხმა - "რატომ სძულთ იგი ადამიანებს?", ამბობს ერთი, "რადგან შხაპს ხშირად არ ღებულობს", - პასუხობს მეორე. ზოგჯერ სახეზე გვაქვს ბრძანებითი სმენური ჰალუცინაციები - "წადი და თავი მოიკალი!". ხანდახან ხმები მეგობრული და გამამხნევებელია - "შესანიშნავი ადამიანი ხარ. ასე განაგრძე". მეგობრული ჰალუცინაციები ყველაზე ნაკლებად განქარვებადია და გარკვეულწილად, მათ დადებითი გავლენა აქვთ. 

  ფსიქოზის კიდევ ერთი კომპონენტია ბოდვები. ბოდვა არის მკაფიოდ ფიქსირებული რწმენა-წარმოდგენა, რომელიც რეალობის ზოგადად მიღებულ შეხედულებას არ შეესაბამება. მაგალითად, "უცხოპლანეტელებმა ტვინში მიკროჩიპი ჩამიდეს". ფსიქოზით დაავადებული ადამიანების ბოდვები დიდად განსხვავდება საშუალო ადამიანის დარწმუნებულობისგან. თუ ადამიანებს ჰკითხავთ, არიან თუ არა მისი მშობლები ნამდვილად მისი მშობლები, იგი გიპასუხებთ, რომ ამაში დარწმუნებულნი არიან. თუ მათ ჰკითხავთ, აბსოლუტურად არიან თუ არა ამაში დარწმუნებულნი, ისინი გიპასუხებენ, რომ მცირე ეჭვი მაინც არსებობს; მაგრამ როდესაც ფსიქოზით დაავადებულ ადამიანს ჰკითხეს, რამდენად სჯეროდა, რომ სადაზვერვო ორგანიზაცია მის ტვინში აზრების შთანერგვისათვის რადიოტალღებს იყენებდა, მან უპასუხა რომ ამ ფაქტის სიმართლესთან დაკავშირებით ოდნავი ეჭვიც არ აწუხებდა. მან განაცხადა, რომ საწინააღმდეგოში ვერანაირი მტკიცებულება ვერ დაარწმუნებდა. 

  ამ ფენომენის კარგი მაგალითია ჯონ ნეში, ნობელის პრემიის ლაურეატი მათემატიკოსი, რომელიც შიზოფრენიის დიაგნოზით ცხოვრობდა. სილვია ნასარის, რომელიც ნეშის შესახებ საკუთარ წიგნში ("ბრწყინვალე გონება") წერდა, მოყვანილი აქვს ჯონ ნეშსა და ჰარვარდის პროფესორ ჯორჯ მაკს შორის გამართული დიალოგის მონაკვეთი:

  "მაკი: როგორ შეგიძლია, რომ შენ, ასეთმა მათემატიკოსმა, გონივრული და ლოგიკური მტკიცებულებების ერთგულმა ადამიანმა დაიჯერო, რომ უცხოპლანეტელები შეტყობინებებს გიგზავნიან? როგორ იჯერებ, რომ ისინი სამყაროს გადასარჩენად მოგიწოდებენ? უბრალოდ როგორ შეგიძლია ამის დაშვება...?

  ნეშმა მაკს სრული დარწმუნებულობით, თვალის დაუხამხამებლად გაუსწორა მზერა: იდეებმა, რომლებიც ზებუნებრივი არსებების შესახებ ჩემამდე მოვიდა, ზუსტად იმავე გზით მოაღწია ჩემამდე, საიდანაც ჩემი მათემატიკური იდეები მეწვივნენ".

  სინამდვილეში, საიდან მოდიან ეს იდეები? კითხვაზე პასუხის გასაცემად ერთი მინიშნება გვაქვს აღმოჩენიდან, რისი მეშვეობითაც ვიცით, საიდან ვუმკურნალოთ შიზოფრენიას. ფსიქიატრები ნიშნავენ ანტიფსიქოტიკებს, რომელიც სურვილის წრეში დოფამინის აქტივობას ამცირებს. ერთი შეხედვით უცნაური მოცემულობაა. სურვილის წრის სტიმულირება აღელვებას, სურვილს, ენთუზიაზმს და მოტივაციას იწვევს. როგორ შეიძლება, რომ გადაჭარბებულმა მოტივაციამ ფსიქოზი გამოიწვიოს? პასუხი მომდინარეობს გამორჩეულობის კონცეფციიდან, რომელიც კრეატიულობის ფესვების გაგებაშიც გადამწყვეტ როლს თამაშობს.

  

  გამორჩეულობა და დოფამინური კავშირი

  გამორჩეულობა ეხება ისეთ საგნებსა და საკითხებს, რომლებიც უჩვეულონი და თვალსაჩინოები არიან. მაგალითად, ქუჩაში მოსიარულე კლოუნი უფრო უჩვეულო, თვალსაჩინო და უადგილოა, ვიდრე შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ადამიანი. სხვა სახის გამორჩეულობის მაგალითია ღირებულება; უფრო გამორჩეულია 10 000 დოლარით სავსე ქეისი, ვიდრე გაღლეტილი საფულე 20 დოლარით. სხვადასხვა ადამიანისთვის განსხვავებული რამ არის გამორჩეული. არაქისის კარაქის ქილა უფრო გამორჩეულია არაქისზე ალერგიის მქონე ადამიანისთვის, ვიდრე ალერგიისგან თავისუფალისათვის. 

  იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შემდეგი რამ: შეადარეთ ერთმანეთს სასურსათო მაღაზია, რომელიც აქამდე ათასჯერ გაქვთ ნანახი და სასურსათო მაღაზია, რომელიც გუშინ გაიხსნა. შეადარეთ ერთმანეთს უცნობი ადამიანის სახე და ადამიანის სახე, რომელიც საიდუმლოდ გიყვართ. საგნები მაშინ არის გამორჩეული, როდესაც ისინი თქვენთვის მნიშვნელოვანია, თუ მათ აქვთ პოტენციალი, რომ გავლენა მოახდინონ თქვენს კეთილდღეობაზე, კარგი ან ცუდი გაგებით. საგნები გამორჩეულია, თუ მათ თქვენს მომავალზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. საგნები გამორჩეულია, თუკი ისინი სურვილის დოფამინს ააქტიურებენ. ასეთი საგნები გადმოსცემენ შეტყობინებას: "გაიღვიძე", "ყურადღებით იყავი", "აღფრთოვანების დროა", "შეშფოთების დროა", "ეს მნიშვნელოვანია". 

 

  ფსიქოზური მოკლე ჩართვა

  რა მოხდება, როდესაც ტვინის გაუმართაობის გამორჩეული ფუნქცია წყობიდან მაშინ გამოვა, როდესაც თქვენთვის რეალურად მნიშვნელოვანი არაფერი ხდება? წარმოიდგინეთ, რომ ახალ ამბებს უყურებთ. წამყვანი სამთავრობო ჯაშუშობის სქემებზე საუბრობს და ამ მომენტში თქვენი გამორჩეულობის წრედი მოულოდნელად ფეთქდება; და სწორედ იმ მომენტში იჯერებთ, რომ ამ ამბავს თქვენთან აქვს კავშირი. ძალიან ჭარბმა გამორჩეულობის ფაქტორმა ან გამორჩეულობის არასწორ დროს გააქტიურებამ შესაძლობა ბოდვები გამოიწვიოს. 

  შიზოფრენიით დაავადებულთა შორის გავრცელებული ილუზიაა, რომ ტელევიზორში ადამიანები პირდაპირ მას ესაუბრებიან. სხვა შემთხვევებში მათ ეჩვენებათ რომ დასდევენ, უთვალთვალებენ, უსმენენ. ერთმა პაციენტმა ისიც თქვა, რომ გაჩერების ნიშანის დანახვაზე დედამისის შეტყობინებას ხედავდა, რომელიც სხვა ქალების თვალიერებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა. ფსიქოზური ელემენტების დაჭერა შესაძლებელია იმ ადამიანთა შორისაც, რომელსაც მკვერთი სიმპტომები არასდროს ჰქონიათ; ამის მაგალითია შავი კატის ქუჩაზე გადარბენის ან ცამეტი რიცხვის შიში. (რა არის ცრურწმენა, ილუზიის ძალიან რბილი ფორმა თუ არჩევანი? კვლევები მიუთითებს, რომ ცრუმორწმუნე ადამიანები დოფამინური თვისებების უპირატესობას ფლობენ, ამიტომაც ზოგ ადამიანს გენეტიკური ტენდენცია აქვს ცრურწმენებისადმი). 

  არსებობს განსხვავებათა უზარმაზარი სპექტრი, თუ რა შეიძლება ითამაშოს ადამიანისთვის გამორჩეულმა ფაქტორმა. თუმცა, ყველას აქვს გარკვეულწილად დაბალი ზღვარი.

 

  დოფამინის დაბლოკვა, ფსიქოზის მკურნალობის მიზნით

  შიზოფრენიით დაავადებული ადამიანები დოფამინის აქტივობას მედიკამენტებით აკონტროლებენ, რომელიც დოფამინის რეცეპტორებს ბლოკავს. რეცეპტორები არიან მოლეკულები, რომლებიც ტვინის უჯრედების გარეთ იმყოფებიან და ნეირომედიატორების მოლეკულებს იჭერენ (დოფამინს, სეროტონინს და ენდორფინს). ტვინის უჯრედებს სხვადასხვა ნეირომედიატორისთვის განსხვავებული რეცეპტორები გააჩნიათ და თითოეული მათგანი ერთმანეთზე ახდენს გავლენას. ზოგი რეცეპტორი ტვინის უჯრედებს ასტიმულირებს, სხვები კი მას სიმშვიდის მდგომარეობაში ამყოფებენ. უჯრედების ცვლილება ტვინში ინფორმაციის მიღებაზე და გადამუშავებაზე აგებს პასუხს.

 

 თუკი რაიმე ბლოკავს რეცეპტორს, მაგალითად ანტიფსიქოზური წამალი, მაშინ ნეირომედიატორი (ამ შემთხვევაში, დოფამინი) ვერ აწვდის რეცეპტორს თავის სიგნალს. ეს საკეტის ხვრელზე ლენტის დადებას წააგავს. როგორც წესი, დოფამინის ბლოკირება შიზოფრენიის ყველა სიმპტომს არ აქრობს, მაგრამ მას შეუძლია დაავადებული ბოდვებისაგან და ჰალუცინაციებისაგან გაანთავისუფლოს. სამწუხაროდ, ანტიფსიქოზური მედიკამენტები თავის ტვინში მთლიანად ბლოკავს დოფამინს შუბლის წილების ჩათვლით, რომელსაც ბევრად მძიმე ავადმყოფობების გამოწვევა შეუძლია, როგორიცაა ყურადღების აბსოლუტური გაფანტულობა და აბსტრაქტული მცნებების გამოყენებით მსჯელობა. 

  ექიმები ცდილობენ მაქსიმალურად გამოიყენონ სარგებელი და მინიმუმამდე დაიყვანონ ზიანი, დოზის სწორი გამოთვლის გზით. მათ სურთ დოფამინი გამორჩეულობის წრეში იმგვარად დათრგუნონ, რომ კონტროლის წრეს ნაკლები ზიანი მიადგეს, რომელიც გრძელვადიან დაგეგმარებაზე აგებს პასუხს. მედიკამენტების მიზანია დოფამინის რეცეპტორების 60-80% დაბლოკოს. 

  ძველი ანტიფსიქოზური მედიკამენტები ამას არც ისე კარგად აკეთებს. ისინი მჭიდროდ ეკრობიან რეცეპტორებს. ძველი წამლები იმდენად ხისტად ბლოკავს დოფამინს, რომ იგი ვეღარ მოძრაობს და სასიამოვნო შეგრძნებას ნამდვილად არ გვიტოვებს. ბუნებრივი დოფამინის წყაროებისგან მოწყვეტა სამყაროს მოსაწყენ ადგილად აქცევს და დილაობით საწოლიდან ადგომის მიზეზებს ართულებს. ახალი მედიკამენტები ამ პრობლემას შედარებით ამსუბუქებენ. 

 

  სასმელი სახანძრო შლანგიდან

  შიზოფრენიის დროს ტვინში მოკლე ჩართვა სრულიად ჩვეულებრივი საკითხის მიმართ ხდება. სხვა სახელით ამას დაბალი ლატენტური ინჰიბირება ეწოდება. ჩვენ ვზღუდავთ საკუთარ უნარს შევამჩნიოთ ის, რაც უმნიშვნელოა, რათა უაზროდ არ დავკარგოთ საკუთარი ყურადღება მათთან დაკავშირებით. ჩვენი ყურადღება ხშირად აწმყოში მიმდინარე სიტუაციას მოწყვეტილია. თუ ქუჩაში მიდიხართ და რაღაც საკითხზე გატაცებით ფიქრობთ, შესაძლოა შუქნიშანის ფერი გამოგრჩეთ. თუ სხვა დროს ვიღაც გკითხავთ "ეს რისი ხმაა?", თქვენ დაბნეული იტყვით, "რა ხმა?"; და ასეთი მრავალი... 

  ზოგჯერ ჩვენი გარემო შესაძლოა ახალი ნივთებით იმდენად გამდიდრდეს, რომ ლატენტურ ინჰიბირებას აღარ შეუძლია ყველაზე მნიშვნელოვანის არჩევა. ასეთი გამოცდილება შეიძლება ამაღელვებელი ან საშიში აღმოჩნდეს, ყველაფერი სიტუაციაზე და იმ ადამიანზეა დამოკიდებული, ვინც ამას განიცდის. თუ თქვენ ეგზოტიკურ ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებით, დასათრგუნავი ბევრი არაფერია და თავს მშვენივრად გრძნობთ, მაგრამ ამ შეგრძნებას ასევე დეზორიენტაციის და დაბნეულობის გამოწვევა შეუძლია, რასაც კულტურულ შოკს ეძახიან. ავტორმა და ჟურნალისტმა ადამ ჰოქშილდმა ასე აღწერა: "როცა სამშობლოსგან რადიკალურად განსხვავებულ ქვეყანაში ვიმყოფები, ბევრად მეტს ვამჩნევ. თითქოს გონების შემცვლელი წამალი მივიღე, რომელიც საშუალებას მაძლევს დავინახო ის, რასაც ჩვეულებრივ გამოვტოვებდი. თავს ბევრად უფრო ცოცხლად ვგრძნობ". როდესაც ახალი გარემო ნაცნობი ხდება, ჩვენ ჯერ ვარეგულირებთ, შემდეგ კი საბოლოოდ ვითვისებთ მას. ჩვენ ერთმანეთისგან ვანცალკევებთ იმას, რაც გავლენას ახდენს ჩვენზე და ასევე იმას, რაც არ მოქმედებს. შედეგად ლატენტური დათრგუნვა ბრუნდება, რაც ახალ გარემოში საკუთარ თავს კომფორტულად და თავდაჯერებულად გვაგრძნობინებს. ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ გამოვყოთ არსებითი არაარსებითისაგან.

  მაგრამ რა მოხდება, თუ ტვინს არ შეუძლია ასეთი კორექტირების განხორციელება? რა მოხდება თუ ყველაზე ნაცნობი ადგილი სრულიად უცხო გარემოს დაემგვანება? ეს პრობლემა შიზოფრენიით არ შემოიფარგლება. ამ მდგომარეობის მქონე ადამიანთა ჯგუფმა შექმნეს ვებგვერდი, სახელწოდებით "Low Latent Inhibition Resource" და სიმპტომთა აღმოჩენის ცენტრი. ისინი ამ გრძნობას შემდეგნაირად აღწერენ:

   დაფიქრდით იმ დეტალებზე, რომლებსაც ამჩნევთ, როდესაც რაიმე ახალს ხედავთ, თუ როგორ იპყრობს იგი თქვენს ყურადღებას. ამ ყველაფრისგან თქვენს გონებაში შეიძლება წარმოიშვას სხვადასხვა სახის კითხვები: რა არის ეს, რა მნიშვნელობას ატარებს, როგორ შეიძლება იყოს გამოყენებული და ასე შემდეგ.

  ვებსაიტის ვიზიტორმა თავისი გამოცდილება კომენტარებში ასე აღწერა: 

  ჭკუიდან გადავალ! უბრალოდ ძალიან ბევრი ინფორმაციაა ჩემს თავში და თითქმის არ მძინავს. დიდი ხნით ვერაფერზე ვკონცენტრირდები. დავიღალე ყველაფრის დაკვირვებით! დავიღალე ყველაფრის ყურებით! მინდა სადმე შორს, ღრმად შევიდე ტყეში და არაფერი ვნახო სიმწვანის გარდა, არაფერი წავიკითხო, არაფერი გავიგო, არაფერს ვუყურო, არ გამოვიყენო ტექნოლოგია. არ მინდა არეულობა, არ მინდა გადაადგილება, არ მინდა ცვლილება. მინდა დავიძინო სიზმრების გარეშე, რომლებიც პასუხს მაძლევენ პრობლემებზე, რომლებიც უსასრულოა. ძალიან დავიღალე და უბრალოდ, ფიქრი აღარ მინდა!

  შესაძლოა ჩვენს ტვინში ქაოსი ბობოქრობდეს, რომელსაც ტვინის ლოგიკური ნაწილების მეტად მოთვინიერება სჭირდება, მაგრამ იგი ამავდროულად დიდი საჩუქარია. თუ გაგიმართლათ, ეს ყველაფერი თქვენი არაცნობიერიდან ამოვარდება და რეზონირებას სხვა ადამიანების არაცნობიერთან ჰპოვებს; ცხადია იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ამბავს რაიმე სახით მოყვებით და სხვებს გაუზიარებთ. 

  შიზოფრენიის შემთხვევებში ინფორმაციის შეკავება ვერ ხდება. როგორც კი თავში აზრი მოდის, იგი მაშინვე სიტყვებად გადაიქცევა და ადამიანს უჭირს ასეთი სიტყვების შინაარსის დამუშავება. ჩვეულებრივ, ჩვენ ვირჩევთ იმას, რის თქმასაც ვაპირებთ; ყოველ შემთხვევაში, ვცდილობთ მაინც. ადამიანი ამას არალოგიკური და ცენზურას აცდენილი მეტყველების დარეგულირების მიზნით აკეთებს. შიზოფრენიის შემთხვევაში წინადადების ყურადღებით მოსმენა შესაძლებელს ხდის ზოგადად მაინც გავიგოთ რის თქმას ცდილობს პაციენტი, მაგრამ აქედან აზრის გამოტანა მაინც საკმაოდ რთულია. 

  როდესაც ერთი ფიქრი მეორეს ადგილს ძალიან სწრაფად იკავებს, აზრების გამოხატვა ძალიან დეზორგანიზებული ხდება. ამ ტიპის აზრთა მოძრაობის ნაკლებად მძიმე ფორმას ტანგენციალურობა ეწოდება, რა დროსაც მოსაუბრე ერთი ფიქრიდან მეორეზე ხტება, მაგრამ მძიმე ფორმებისგან განსხვავებით აქედან აზრის გამოტანა შესაძლებელია. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ასე, როდესაც აღელვებულნი ვართ. სურვილის დოფამინი აქტიურდება და კონტროლის დოფამინის უფრო ლოგიკური კომუნიკაციის მეთოდებს აკონტროლებს. 

  ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების მსგავსად, შემოქმედებითი ადამიანებიც (მხატვრები, პოეტები, მეცნიერები, მათემატიკოსები და ასე შემდეგ) განიცდიან აზრების სწრაფ და თავისუფალ დინებას. კრეატიული აზროვნება ადამიანისგან მოითხოვს, შეწყვიტოს სამყაროს ჩვეული ინტერპრეტაცია, რათა ყველაფრის ახლებურად დანახვა მოხდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანმა უნდა დაშალოს სამყაროს აღქმის წინასწარ შემუშავებული რეალობის მოდელი. მაგრამ, რა არის ეს მოდელი და საერთოდ რატომ ვაშენებთ მას?

  

  სამყარო შეგრძნებებს მიღმა

  მატერიალური საგნები და ობიექტები, აქ და ახლას პერიპერსონალურ სივრცეში ხუთივე შეგრძნებით აღიქმება. როდესაც ობიექტი გვშორდება, პერიპერსონალური აღქმა დოფამინის ექსტრაპერსონალურ სფეროში ინაცვლებს, რითაც აღქმის უნარი ერთდროულად არღვევს სენსორულ მოდელირებას. ჩვენგან შორს მიდის ობიექტის დაგემოვნება, შეხება, ყნოსვა, მოსმენა და დანახვა. სწორედ მაშინ იწყება ყველაფერი საინტერესო. როგორ აღვიქვამთ რაღაცას, რაც იმდენად შორსაა, რომ ვერც კი ვხედავთ მას? ცხადია, ასეთ დროს ფანტაზიას ვიყენებთ.

  მოდელები სამყაროს წარმოსახვით წარმოდგენებს განასახიერებენ, რომელსაც გარესამყაროს აღწერის მიზნით ვაშენებთ. რაღაც თვალსაზრისით მოდელის მშენებლობა ლატენტურ დათრგუნვას ჰგავს. მოდელი გარესამყაროს მხოლოდ იმ ელემენტებს შეიცავს, რომელსაც მშენებელი მიიჩნევს, რომ ეს დეტალები აუცილებელია. სხვა დეტალები გაუქმებულია და მოდელში არ მიიღება. ეს აადვილებს სამყაროს აღქმას და მოგვინებით წარმოსახვითი მანიპულირების მეშვეობით მრავალფეროვანი სარგებლის მიღება გვწადია. მოდელის მშენებლობის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით, იგი გაუცნობიერებლად იგება. ტვინი ავტომატურად აყალიბებს მოდელებს დღის განმავლობაში და ახალ დეტალებს ამატებს მას, როდესაც რაღაცას ვსწავლობთ.

  მოდელები არა მხოლოდ ამარტივებს ჩვენს წარმოდგენას სამყაროზე, არამედ აბსტრაქციის საშუალებასაც გვაძლევს, რათა მივიღოთ კონკრეტული გამოცდილება და გამოვიყენოთ ისინი ფართო სპექტრში. აქედან შეგვიძლია გამოვთვალოთ და გავუმკლავდეთ ისეთ სიტუაციებს, რომლებთან შეხებაც აქამდე არ გვქონია. 

 

  მენტალური დროში მოგზაურობა

  მოდელები შესაძლოა გამოსადეგი იყოს, როდესაც არჩევანის გაკეთება რამდენიმე ვარიანტს შორის გვჭირდება. ისინი საშუალებას გვაძლევენ ფანტაზიაში გავიაროთ სხვადასხვა სცენარი, რათა საუკეთესოს არჩევა შევძლოთ. მე განვიცდი თითოეულ ვარიანტს ჩემს წარმოსახვაში და შემდეგ, ჩემი შინაგანი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვაკეთებ არჩევანს რეალურ სამყაროში. ამ პროცესს ეწოდება მენტალური დროში მოგზაურობა. ფანტაზიის გამოყენებით, ჩვენ ვაპროექტებთ საკუთარ თავს სხვადასხვა შესაძლო მომავალის ვარიანტებთან დაკავშირებით და მათგან ყველაზე სასურველს ვირჩევთ. 

  მენტალური დროში მოგზაურობა ძლიერი ინსტრუმენტია დოფამინის სისტემისათვის. იგი საშუალებას გვაძლევს განვიცადოთ შესაძლო - თუმცა ამჟამად არარეალური მომავალი. მენტალური დროში მოგზაურობა მოდელებზეა დამოკიდებული, რადგან პროგნოზები იმ სიტუაციებთან დაკავშირებით უნდა გავაკეთოთ, რომლებიც ჯერ არ განგვიცდია. როგორ შეიცვლებდა ჩემი ცხოვრება, ჭურჭლის სარეცხი მანქანა რომ მეყიდა? რა პრობლემები შეიძლება შეექმნას ასტრონავტს, როდესაც მარსზე გაემგზავრება? რა მოხდება, თუ წითლ შუქნიშანზე გადავირბენ?     

  მენტალურ დროში მოგზაურობას ჩვენ გამუდმებით ვიყენებთ, რადგან იგი ცხოვრებაში ნებისმიერი გაცნობიერებული არჩევანის გასაკეთებლად გამოიყენება. ტვინისთვის, მომავალთან დაკავშირებული ნებისმიერი არჩევანი დოფამინის საქმეა და ამ პროცესს მის მიერ შექმნილი მოდელები წარმართავს. მენტალური დროში მოგზაურობა ჩვენს ცხოვრებაში ყველა "მომდევნო ნაბიჯზე" აგებს პასუხს.

 

  როგორ დავასრულე ასეთი უსიამოვნო მოდელით და შემიძლია თუ არა მისი გამოსწორება?

  სანამ ფსიქიატრი თავის ახალ პაციენტს, ოცი წლის სტუდენტს, სახელად მეის შეხვდებოდა, პირველი შეხვედრისთვის მოსამზადებლად მასთან მეის მამა მოვიდა. "მეისთან პრობლემები არასდროს შეგვქმნია" - თქვა მამამ. "კარგი გოგოა". მეი სრულყოფილი სტუდენტი გახლდათ. მას არასოდეს ჰქონია რაიმე სახის პრობლემა: არანაირი ნარკოტიკი, არც ალკოჰოლი, არც გვიანობამდე გარეთ ბოდიალი. მეი ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდა ემიგრანტ მშობლებს და ამართლებდა მათ ყველა მოლოდინს, რაც მეის მიმართ გააჩნდათ. იგი საავადმყოფოდან სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ გამოწერეს, რადგან თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა და ერთი კვირის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. 

  როდესაც მეი მისაღებში შემოვიდა, ნახევარი საათი მოთმინებით ელოდა კაბინეტიდან მამამისის გამოსვლას. მეი გამხდარი გოგონა იყო, ისე ეცვა, თითქოს ჩვეულებრივ გასაუბრებაზე მიდიოდა. ხანდახან რთული იყო იმის გაგება, თუ რის თქმას ცდილობდა იგი. თითქოს ზოგჯერ სჯეროდა, რომ მისი სათქმელი არც ისე მნიშვნელოვანი იყო, რათა ხმამაღლა წარმოეთქვა. 

  მეიმ ექიმს უთხრა, რომ მას არ შეეძლო კონცენტრაცია, ვერ იძინებდა და ზოგჯერ საათობით გაუჩერებლად ტიროდა. მან შეწყვიტა კოლეჯში სიარული და მთელი დღე საძინებელში გაატარა, ფანჯრებზე ჩამოფარებულ ფარდებთან ერთად. იგი ვეღარ ფუნქციონირებდა ინტენსიური სასწავლო კურსის სტრესულ გარემოში და შვებულება აიღო. ყველაფერზე მეტად, მეის დანაშაულის შეგრძნება ეუფლებოდა. ყოველთვის იდეალური ქალიშვილი იყო, მაგრამ ახლა გრძნობდა, რომ ოჯახისთვის მხოლოდ სირცხვილის წყაროდ იქცა. 

  როდესაც მეის ოჯახი პირველად ჩავიდა შეერთებულ შტატებში, იგი პატარა გოგონა იყო; მან სწრაფად ისწავლა ინგლისურად საუბარი და ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობა აიღო. იგი რწმუნდებოდა, რომ კომუნალური გადასახადები თავის დროზე გადაიხადეს. ნიჟარის გაფუჭებისას სანტექნიკოსს თავად ურეკავდა. როდესაც მშობლები ჩხუბობდნენ, შემრიგებლის როლს საკუთარ თავზე იღებდა. მას ყოველთვის კარგად უნდა ესწავლა და არ ჰქონდა უფლება სხვა მოზარდების მსგავსად შენიშვნები გამოეთქვა. მეი იძულებული იყო ყოველთვის გაეკეთებინა ისე, როგორც ეტყოდნენ, ყოველგვარი შეპასუხების გარეშე. 

  ექიმი მოელოდა, რომ მეის მკურნალობას კარგი რეაგირება მოჰყვებოდა, რადგან გოგონა კოოპერატიული და ჭკვიანი იყო, მაგრამ არაფერი შეცვლილა. მეის დეპრესია არსად გამქრალა. როდესაც შვებულება დასრულდა, მეი სამუდამოდ გამოვიდა კოლეჯიდან.

  დიდი დრო გავიდა, სანამ მეიმ საკუთარი საიდუმლო გაამჟღავნა. იგი ჩუმად იღებდა ამფეტამინს. ეს იყო ერთადერთი გზა, რისი საშუალებითაც მას სწავლის გაგრძელება შეეძლო, ასევე სასურველი წონის შენარჩუნება და ყველა იმ საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულება, რაც ოჯახისგან ჰქონდა დავალებული. არსებობდა ემოციური პრობლემებიც. ნორმალური თინეიჯერული ასაკის წინააღმდეგობის არარსებობა, სიბრაზისა და წყენის აღრევა. მან არ იცოდა, რა მოეხერხებინა ამ საშინელი გრძნობისთვის. საბოლოო ჯამში, მკურნალობის ერთადერთი გამოსავალი სხვა ქალაქში გადასვლა იყო. მას მშობლებისგან მოშორება, დიდი მანძილი და ხანგრძლივი დრო დასჭირდა იმის გასარკვევად, თუ ვინ იყო სინამდვილეში. 

  დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად შეესაბამება ჩვენი მოდელები რეალურ სამყაროს. თუ ჩვენი მცდელობები ცუდია, მომავალთან დაკავშირებითაც ცუდ პროგნოზებს გავაკეთებთ, შედეგად კი ცუდი არჩევანი შეგვრჩება. რეალობის ცუდი მოდელები უამრავი რაღაცით შეიძლება იყოს გამოწვეული: ინფორმაციის ნაკლებობა, აბსტრაქტულად ფიქრის სირთულე, არასწორი ვარაუდების დაჟინებით წარმოდგენა და ასე შემდეგ. ნეგატიური ვარაუდი შეიძლება იმდენად მავნე გამოდგეს, რომ ფსიქიკური დაავადება გამოიწვიოს, როგორიცაა შფოთვა და დეპრესია. მაგალითად, თუ ბავშვი კრიტიკის მოყვარული მშობლების გარემოცვაში იზრდება, მას ჩამოუყალიბდება ღრმა რწმენა, რომ არაკომპეტენტური ადამიანია, რის შედეგადაც მთელი ცხოვრების მანძილზე შესაბამის მოდელებს ააგებს. თერაპევტებს შეუძლიათ ფსიქოთერაპიის საშუალებით მიაგნონ არაცნობიერში დამალულ ნეგატიურ ვარაუდებს, სადაც ინახება ჩახშობილი მოგონებები და ისინი ნეგატიური მოდელების ფესვებს განასახიერებენ. 

  სამყაროსთან ურთიერთობის გამოცდილებასთან ერთად, ჩვენ უკეთესად და უკეთესად ვავითარებთ მოდელებს; სწორედ ეს არის სიბრძნის საფუძველი. ჩვენ ვიღებთ მოდელებს, რომლებიც კარგად მუშაობენ და განვაგდებთ მათ, რომელთაც იქ არ მივყავართ, სადაც გვინდა რომ მივიდეთ. წინა თაობებიდან მიღებული ცოდნა მოდელების გაუმჯობესებაში განსხვავებული გზით გვეხმარება, ვიდრე პირდაპირი გამოცდილების მეშვეობით. 

 

მოდელების დაშლა: საწყისი ბილიკი კრეატიულობისკენ

თუ მხოლოდ ჩაქუჩი გაქვს, ყველაფერი ლურსმნად გეჩვენება.

ანდაზა

  მოდელი ძლიერი იარაღია, მაგრამ უარყოფითი მხარეც მრავლად აქვს. მათ შეუძლიათ მოგვამწყვდიონ ცალმხრივ აზროვნებაში, რაც აღარ გვაძლევს ჩვენი სამყაროს გაუმჯობესების შესაძლებლობებს. დოფამინი ორივე სამუშაოს ასრულებს: ის მოდელებს ქმნის და თავადვე ანგრევს მათ. 

  მოდელის დაშლა წარმოდგენილია გარკვეული სახის პრობლემების აღმოფხვრაში, რომელსაც "გამჭრიახობის პრობლემები" ეწოდებათ. ამისათვის უკვე არსებული მოდელები უნდა დაიშალოს და პრობლემას ახლებურად უნდა შეხედოთ. დოფამინურ ძალას კავშირი აქვს სიზმრებთან, თუმცა ამ საკითხს მოგვიანებით განვიხილავთ. 

 

  კრეატიულობის წყაროს აღმოჩენა...  

  ტორონტოში, იორკის უნივერსიტეტის მკვლევარს, ოშინ ვარტანიანს სურდა გაერკვია, ტვინის რომელი ნაწილი იყო ყველაზე აქტიური, როდესაც ადამიანები პრობლემის ახლებურ გადაწყვეტას აღმოაჩენდნენ ხოლმე. ამიტომაც, მან დაასკანერა ადამიანების ტვინი, როდესაც პრობლემათა გადაწყვეტა მათგან კრეატიულობას მოითხოვდა. როდესაც პრობლემა გადაწყვიტეს, ტვინის მარჯვენა მხარის წინა ნაწილი გააქტიურდა. მკვლევარებს აინტერესებდათ, იყო თუ არა ტვინის ეს ნაწილი ჩართული მოდელის დაშლაშიც. 

  მეორე ექსპერიმენტში მონაწილეებს სთხოვეს არა პრობლემის გადაჭრა, არამედ ფანტაზიის გამოყენება. ჯერ მათ სთხოვეს წარმედგინათ რეალური საგანი, როგორიცაა ვარდი. შემდეგ სთხოვეს, წარმოედგინათ არარეალური საგანი, მაგალითად მოლაპარაკე ვერტმფრენი. სკანერში აღმოაჩინეს, რომ არარსებულ ობიექტზე ფიქრისას ტვინის იგივე ნაწილი ანათებდა, ხოლო რეალურ საგანზე ფიქრისას ტვინის იგივე ნაწილში ბნელოდა. 

  შიზოფრენიით დაავადებული ადამიანების ტვინის სკანირება ცვლილებებს ტვინის იგივე ნაწილში აჩვენებს. შესაძლოა ეს იმიტომ ხდება, რომ როდესაც კრეატიულები ვართ, გარკვეულწილად შიზოფრენიით დაავადებული ადამიანებივით ვიქცევით. ჩვენ ვწყვეტთ რეალობის ნაცნობი მოდელების აგებას და მათთან მუშაობას.

 

  ...და ცხოვრებაში შოკისმომგვრელი შეტანა

  შემოქმედების ნერვული საფუძვლის პოვნას უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რადგან კრეატიულობა ყველაზე ღირებული რესურსია მსოფლიოში. მოსავლის ზრდადობის ახალი საშუალებები მილიონობით ადამიანს კვებავს. სანთლიდან დაწყებული - ნათურით დამთავრებული, საწვავის სინათლედ გადაქცევის ინოვაციებმა მისი ღირებულება რამდენიმეჯერ შეამცირა. შეიძლება არსებობდეს გზა ამ ფასდაუდებელი საგანძურის გასაძლიერებლად? შესაძლებელია თუ არა ვინმე ამაზე მეტად კრეატიული გახდეს, თუ მკვლევარი დაასტიმულირებს ტვინის იმ ნაწილებს, რომელიც შემოქმედებითი აზროვნების დროს ინთება? 

  ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულმა მკვლევარებმა გადაწყვიტეს, რომ ეს საკითხი მცდელობად ღირდა. მათ გამოიყენეს ტექნიკა, რომელსაც ეწოდება "ტრანსკრანიალური პირდაპირი დენის სტიმულაცია" (TDCS). როგორც სახელი გვამცნობს, ტვინის კონკრეტული რეგიონები სტიმულირდება პირდაპირი დენის გამოყენებით (DC) - სწორედ ასეთი დენი მიიღება ბატარეის გამოყენებით, რომელიც განსხვავდება ალტერნატიული დენისგან (AC), რასაც კედელში ჩაშენებული ჩამრთველები განასახიერებს. პირდაპირი დენი ალტერნატიულ დენზე უფრო უსაფრთხოა, რადგან მცირე ელექტროენერგიას შეიცავს. 

  კვლევებმა აჩვენა, რომ ტვინში ელექტროენერგიის გამოყენება აჩქარებს სწავლის სისწრაფეს, აძლიერებს კონცენტრაციას და მკურნალობს კლინიკურ დეპრესიას. კრეატიულობის გაძლიერების მიზნით ცდის პირებს შუბლზე დაუმაგრეს ელექტროდები. კრეატიულობა მონაწილეთა ანალოგების გაკეთების უნარის შემოწმებით ფასდებოდა. 

  ანალოგები დოფამინური აზროვნების სამყაროს ნაწილს წარმოადგენს. ორ საგანს შორის კავშირის დამყარების უნარი, რომელიც აქამდე დაუკავშირებელი გვეგონა, შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილია და როგორც ჩანს, მისი გაძლიერება შესაძლებელია ელექტრო სტიმულაციის გამოყენებით. როდესაც მკვლევარებმა ერთმანეთს ყალბი მუხტით და ელექტრული მუხტით გააქტიურებული ადამიანების ანალოგები შეადარეს, აღმოჩნდა, რომ ელექტროობით გააქტიურებულმა კრეატიულობამ ისეთი საგნების ანალოგები მოიყვანა, რომლებიც ერთი შეხედვით საერთოდ არ ჰგავდნენ ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, კრეატიული ანალოგები საოცრად ზუსტი და ცხადი გახლდათ იმ ცდის პირებთან შედარებით, რომელთაც ნამდვილი ელექტრული მუხტი არ მიუღიათ. 

  დოფამინურ პრეპარატებსა და ნარკოტიკებს იგივეს გაკეთება შეუძლიათ. ერთი პაციენტი, რომელიც წარმომავლობით პოეტების ოჯახიდან იყო, არასდროს დაკავებლა რაიმე სახის შემოქმედებითი მწერლობით. მაგრამ როდესაც მან პარკინსონის მკურნალობის მიზნით დოფამინის გამაძლიერებელი წამალი მიიღო, დაწერა ლექსი, რომელმაც პოეტთა საერთაშორისო ასოციაციის ყოველწლიურ კონკურსში გაიმარჯვა. როგორც ვინი-პუჰში ამბობენ: "ეს საუკეთესო გზაა, პოეზიის დასაწერად; საგნები უბრალოდ შენამდე უნდა მოუშვა". 

 

  სიზმრები: ადგილი, სადაც კრეატიულობა და სიგიჟე ერთმანეთს ხვდება

  ზოგიერთი ჩვენგანი ან გენიოსია, ან შეშლილი, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს აქვს გამოცდილი ამ ორს შორის არსებული შუალედი, რომელსაც სიზმრებს ვუწოდებთ. სიზმრები აბსტრაქტული აზროვნების მსგავსია, რადგან ისინი გარესამყაროსგან აღებულ მასალასთან მუშაობენ, თუმცა საკუთარ შემადგენელ ნაწილებს ფიზიკური სამყაროსგან განსხვავებით შეუზღუდავად აწყობენ. სიზმრები ხშირად მოიცავს ვარდნის ან ფრენის მოტივებს; აბსტრაქტული და რეალობისგან მოწყვეტილი ასპექტებიდან გამომდინარე, სიზმრები თავიანთი არსით დოფამინურები არიან. 

  ფროიდმა სიზმარში მიმდინარე გონებრივ აქტივობას "პირველადი პროცესი" უწოდა, რომელიც არაორგანიზებულია, ალოგიკურია, რეალობის შეზღუდულობებს არ აღიარებს და ხშირად პრიმიტიული სურვილების მიხედვით მოძრაობს. ტერმინი "პირველადი პროცესი" ასევე გამოიყენება შიზოფრენიით დაავადებული ადამიანის აზროვნების პროცესის აღსაწერად. როგორც გერმანელი ფილოსოფოსი არტურ შოპენჰაუერი წერდა: "სიზმარი ხანმოკლე სიგიჟეა, ხოლო სიგიჟე ხანგრძლივი სიზმარი". 

  სიზმარხილვის დროს დოფამინი გამოიყოფა, რომელიც თავისუფლდება აქ და ახლას ნეირომედიატორების შემაკავებელი გავლენისაგან. სიზმარში აქ და ახლას სქემები ჩახშობილია, რადგან ტვინში გარესამყაროს სენსორული სიგნალები იბლოკება. ეს თავისუფლება დოფამინის წრეებს საშუალებას აძლევს წარმოქმნას უცნაური კავშირები, რომლებიც სიზმრების დამახასიათებელი ნიშანია. სიზმრები ხშირად გვაწვდის ახალ იდეებს, რომელთა აღმოჩენაც სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა.

  სიზმრებისა და ფსიქოზის მსგავსებამ ბევრი მკვლევარი მოხიბლა და შედეგად მდიდარი სამეცნიერო ლიტერატურა შეიქმნა. მილანის უნივერსიტეტიდან მკვლევართა ჯგუფმა ერთმანეთს შეადარა უცნაური აზრობრივი კონტენტი ჯანმრთელი ადამიანის სიზმრებში და შიზოფრენიით დაავადებული ადამიანების ფხიზელ აზროვნებაში.

  მკვლევარებმა მღვიძარების ფანტაზიები თემატური აღქმის ტესტის მეშვეობით გაააქტიურეს (TAT); მათ ჰქონდათ ბარათების სერია, რომელიც აჩვენებდა ორაზროვან, ემოციურად დატვირთული ადამიანების სურათებს, სხვადასხვა სიტუაციებში. თემები მოიცავდა წარმატებას და წარუმატებლობას, კონკურენციას და ეჭვიანობას, აგრესიას და სექსუალობას. მონაწილეებს სთხოვეს შეესწავლათ სურათი, შემდეგ კი შეეთხზათ ამბავი, რომელიც ამ სურათს აღწერდა. 

  იტალიელმა მკვლევარებმა შეადარეს TAT-ის ისტორიები შიზოფრენიით დაავადებულთა სიზმრების აღწერილობას კონკრეტული შკალის გამოყენებით, რომელსაც უცნაურობის სიმკვრივის ინდექსი ეწოდება. ტესტების შედეგებმა დაადასტურა, რომ სიზმრები ძალიან ჰგავს ფსიქოზს. უცნაურობის სიმკვრივის ინდექსი მენტალური აქტივობის სამ კატეგორიაში თითქმის იდენტური გახლდათ: 1. შიზოფრენიით დაავადებულთა სიზმრების აღწერილობები. 2. შიზოფრენიით დაავადებულთა TAT-ის მღვიძარე ისტორიები. 3. ჯანმრთელი ადამიანების სიზმრების აღწერა. მეორეს მხრივ, მეოთხე კატეგორიამ, ანუ ჯანმრთელი ადამიანების TAT-ის მღვიძარე ისტორიებმა ინდექსზე გაცილებით დაბალი ქულა მიიღო. ეს კვლევა მხარს უჭერს შოპენჰაუერის კონცეფციას, რომ შიზოფრენიით ცხოვრება ხანგრძლივ სიზმარში ცხოვრებას ჰგავს.

  

  როგორ ამოვიტანოთ კრეატიულობა სიზმრებიდან 

  თუკი სიზმარი ფსიქოზის მსგავსია, როგორ დავუბრუნდეთ საკუთარ თავში ნორმალურ მდგომარეობას? ეს პროცესი ერთდროულად ხდება, თუ გარკვეული დრო სჭირდება ლოგიკური აზროვნების ნიმუშების აღდგენას? თუ ამას დრო სჭირდება, ხომ არ გამოდის, რომ სიზმარში გადასვლის პროცესი ჩვენს სიგიჟეზე მიუთითებს? აქ სხვა რამ არის გასათვალისწინებელი: ზოგჯერ, როდესაც გვძინავს, სიზმარს არ ვნახულობთ, ზოგჯერ კი რაღაც გვესიზმრება. არის თუ არა აზროვნების პროცესი განსხვავებული, როდესაც უსიზმრო ძილიდან ვიღვიძებთ? 

  წარმოსახვითი ფუნქცია სიზმრების შემდეგ უფრო დახვეწილია და მეტად აქტიურდება. ასეთი წარმოსახვა შედარებით გრძელია და საკუთარ თავში ბევრად მეტ იდეას შეიცავს. გამოსახულება უფრო ნათელია, შინაარსი კი მეტად უცნაური. 

  უამრავ ადამიანს ჰქონია სიზმრიდან გამოღვიძების გამოცდილება, თითქოს ორ სამყაროს შორის იყოს მოხვედრილი. აზროვნება უფრო თხელი მასალისგან შედგება, იგი მარტივად ხტება ერთი ფიქრიდან მეორეზე, რითაც ლოგიკის წესებს არღვევს. ადამიანები დასძენენ, რომ ყველაზე შემოქმედებით აზრებს სწორედ ამ ორი სამყაროს მიჯნაზე განიცდიან. აქ და ახლას ფილტრი, რომელიც ყურადღების ფოკუსირებას აწმყოზე ახდენს, ჯერ კიდევ არ არის გამოღვიძებული. დოფამინის სქემები აგრძელებენ ფუნქციონირებას და იდეები შეუფერხებლად მიედინება. 

  ფრიდრიხ ავგუსტ კეკულე ცნობილი გახდა, როდესაც ბენზოლის მოლეკულის სტრუქტურა აღმოაჩინა, რომელიც იმდროინდელი სამრეწველო ქიმიის მნიშვნელოვანი ნივთიერება გახლდათ. ქიმიკოსები ხედავდნენ, რომ მოლეკულა შედგებოდა ექვსი ნახშირბადის ატომისაგან და ექვსი წყალბადის ატომისაგან, რაც ყველასთვის მოულოდნელი იყო. როგორც წესი, ამ ტიპის ნივთიერებებში წყალბადის ატომები ნახშირბადის ატომებზე მეტია. ცხადი გახდა, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ნივთიერება.

  ქიმიკოსები ცდილობდნენ ნახშირბადისა და წყალბადის ატომების იმგვარად შეკავშირებას, რომელიც ქიმიურ შემაკავშირებელ წესებს არ დაარღვევდა. მაგრამ არც ერთი სტრუქტურა, რომელიც მათ სცადეს, არ შეესაბამებოდა ბენზოლის მოლეკულას ცნობილ თვისებებს. მისი ნამდვილი ფორმის ბუნება ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩებოდა. კეკულე აღწერს მიხვედრის მომენტს, როდესაც დაადგინა, თუ რა იყო ეს ფორმა:

  "ვიჯექი და ქიმიის სახელმძღვანელოში რაღაცას ვწერდი, მაგრამ მუშაობა პროდუქტიულად არ მიდიოდა. ჩემი გონება სადღაც სხვაგან დაქროდა. სკამი ბუხრისკენ მივაბრუნე და ნახევრად მძინარე მდგომარეობაში ჩავვარდი. ჩემს თვალწინ ატომები ათამაშდნენ. ატომთა შედარებით მცირე ჯგუფები უკანა ფონზე მოკრძალებულად დახტოდნენ. ჩემმა გონების თვალმა გამოარჩია სხვადასხვა ფორმის უფრო დიდი წარმონაქმნები. ეს იყო გრძელი რიგები, მრავალმხრივ მჭიდროდ შეერთებული. ყველაფერი ხვეულად მოძრაობს და გველივით ბრუნავს. რა არის ეს? ერთი გველი მოიხარა, საკუთარი კუდი პირით დაიჭირა და დამცინავად დაიკლაკნა ჩემს თვალწინ. თითქოს მეხი დამეცა, მომენტალურად გავიღვიძე".

  საკუთარი კუდის მჭამელი გველი არის ანტიკური სიმბოლო, რომელსაც ურობოროსი ეწოდება. ამ ხილვამ კეკულე მიიყვანა იმის გაგებამდე, რომ ბენზოლის მოლეკულის ნახშირბადის ექვსი ატომი წრეს ქმნიდა, რითაც საკუთარ თავში თავად ინარჩუნებდა პროცესს. აწმყოს შეგრძნებებისგან თავისუფლება, სიზმარში დოფამინს საშუალებას აძლევს თავისუფლად იდინოს და შეუზღუდავად იმოძრაოს გარეგანი რეალობის კონკრეტულ ფაქტებთან მიმართებაში.   

  ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ფსიქოლოგი და სიზმრების მკვლევარი დოქტორი დეირდ ბარეტი აღნიშნავს, რომ გასაკვირი სულაც არ არის, როდესაც სამეცნიერო პრობლემის პასუხი კეკულემ ვიზუალური ხილვის სახით მიიღო. ტვინის დიდი ნაწილი სიზმარშიც ისევე აქტიურია, როგორც სიფხიზლის მომენტში, მაგრამ გადამწყვეტი განსხვავებები არსებობს. გასაკვირი არ არის, რომ ტვინის ის ნაწილები, რომლებშიც ერთი შეხედვით შეუსაბამო დეტალები იფილქტრება, შუბლის წილებში დახურულია. მაგრამ აქტივობა იზრდება მიდამოში, რომელსაც მეორადი ვიზუალური ქერქი ეწოდება. ტვინის ეს ნაწილი სიგნალებს პირდაპირ თვალების მეშვეობით არ ღებულობს, ამიტომაც სიზმრის სანახავად არ არის აუცილებელი თვალები გახელილი გვქონდეს. ამის ნაცვლად, იგი ინფორმაციის ვიზუალურ დამუშავებაზეა პასუხისმგებელი. იგი ტვინს იმის გაგებაში ეხმარება, თუ რას ხედავს თვალები.

  სიზმრები მაღალი ხარისხის ვიზუალური ელემენტებით გამოირჩევიან. დოქტორმა ბარეტმა დაწერა წიგნი "როგორ იყენებენ მხატვრები, მეცნიერები და სპორტსმენები სიზმრებს, პრობლემათა კრეატიული გადაჭრისათვის - და როგორც შეგიძლია მისი გამოყენება", სადაც იგი კეკულეს მაგალითზე საუბრობს, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს სიზმრების გამოყენება. დოქტორმა ბარეტმა პრობლემათა გადაწყვეტის სიზმრისეული კრეატივის ძალის გამოცდა ჰარვარდის ბაკალავრიატის სტუდენტების ჯგუფში გადაწყვიტა. 

  მან სტუდენტებს სთხოვა აერჩიათ მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემა. ეს შეიძლება ყოფილიყო პირადი, აკადემიური ან უფრო ზოგადი. სტუდენტები ერთი კვირის განმავლობაში ყოველ ღამე იწერდნენ საკუთარ სიზმრებს, სანამ არ დარწმუნდნენ, რომ პრობლემა მოაგვარეს. პრობლემები და სიზმრები შემდგომში გადაეცა მკვლევართა ჯგუფს, რომელთაც უნდა გადაეწყვიტათ, მისცათ თუ არა სიზმრებმა სტუდენტებს პრობლემის ნამდვილი და კრეატიული გამოსავალი. 

  შედეგები გასაოცარი იყო. სტუდენტების დაახლებით ნახევარს ესიზმრა ისეთი რამ, რაც პირდაპირ პრობლემასთან იყო დაკავშირებული, ხოლო აქედან სამოცდაათ პროცენტს სჯეროდა, რომ სიზმრებში ცხადად დაინახეს პრობლემის გადაწყვეტის გზა. დამოუკიდებელი მკვლევარები მეტწილად ეთანხმებოდნენ ამ მოცემულობას. 

  კვლევის ერთ-ერთი სტუდენტი ცდილობდა გადაეწყვიტა, რა პროფესიით სურდა კარიერის გაგრძელება უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ. მან მიმართა ორ სამაგისტრო პროგრამას კლინიკურ ფსიქოლოგიაში, რომელთაგან ორივე მდებარეობდა მასაჩუსეტსში, მის მშობლიურ შტატში. მან ასევე მიმართა ორ ინდუსტრიული ფსიქოლოგიის პროგრამას, ერთი ტეხასში და მეორე კალიფორნიაში. ერთ საღამოს მას ესიზმრა, რომ თვითმფრინავით სადღაც მიფრინავდა. მოულოდნელად თვითმფრინავს ძრავის პრობლემა გაუჩნდა და პილოტმა გამოაცხადა, რომ უსაფრთხო ადგილის მოძებნა სჭირდებოდათ, რათა ავარიულად დაშვებულიყვნენ. ისინი ამ მომენტში მასაჩუსეტსის თავზე მიფრინავდნენ; სტუდენმტა პილოტს შესთავაზა, რომ ამ ქალაქში დაფრენილიყვნენ, მაგრამ პილოტმა უთხრა, რომ ამ შტატში სადმე დაშვება ძალიან საშიში იყო. გაღვიძებისას სტუდენტი მიხვდა, რომ მთელი ცხოვრება აქ გაატარა, სიზმარი კი სხვა ადგილას გადასვლისაკენ მოუწოდებდა. დოფამინის სქემებმა სტუდენტს ახალი პერსპექტივა მისცეს. 

 

  სიზმრისეული ამბები და სიმღერები

  სიზმარი მხატვრული შემოქმედების საკმაოდ ხშირი წყაროა. პოლ მაკარტნიმ არაერთხელ აღნიშნა, რომ "Yesterday"-ის მელოდია სიზმარში მოისმინა. კიტ რიჩარდსმა თქვა, რომ “Satisfaction”-ის ტექსტი და გიტარის მელოდია სიზმარში ეწვია. "მესიზმრება ფერები, ფორმები და ხმები" - თქვა ბილი ჯოელმა. იგივეს ამბობს ლესტერ ბენგსი, ლენი ბრიუსი, ლეონარდ ბერნშტეინი. მწერლები, რობერტ ლუის სტივენსონი და სტივენ კინგიც აღნიშნავენ, რომ მათი ნაწარმოებები ხშირად იბადება სიზმრებიდან. კინგმა ამ კუთხით განსაკუთრებით გაუსვა ხაზი მის საკულტო რომან "მიზერის" შექმნას.

 

  სიზმრის ინკუბაცია: როგორ მოვაგვაროთ პრობლემები ძილში

  აირჩიეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის გადაჭრის ძლიერი სურვილი გამოძრავებთ. რაც უფრო დიდია სურვილი, მით უფრო სავარაუდოა, რომ პრობლემა სიზმარში გამოჩნდება. იფიქრეთ ამ პრობლემაზე ძილის წინ. თუ შესაძლებელია, წარმოიდგინეთ იგი ვიზუალური გამოსახულებების სახით. როდესაც პრობლემა ურთიერთობაშია, წარმოიდგინეთ კონკრეტული ადამიანი, რომელსაც პრობლემაში მოიაზრებთ. თუ შთაგონებას ეძებთ, წარმოიდგინეთ ცარიელი ფურცელი. შეინახეთ გამოსახულება გონებაში ჩაძინების მომენტამდე. 

  დარწმუნდით, რომ საწოლის თავთან კალამი და ფურცელი გიდევთ. ჩაიწერეთ სიზმარი გაღვიძებისთანავე, თუნდაც სიზმარს თქვენთვის კავშირი არ ჰქონდეს პრობლემასთან. სიზმარი ხშირად ძალიან შეფარულია და პასუხი შესაძლოა შენიღბული იყოს. მნიშვნელოვანია სიზმრის გაღვიძებისთანავე ჩაწერა, რადგან მეხსიერება მნიშვნელოვან დეტალებს წამებში ააორთქლებს, როგორც კი სხვა აზრები მოგიახლოვდებათ. 

  შეიძლება რამდენიმე ღამე დასჭირდეს, სანამ იმას იპოვით, რის მიგნებასაც ცდილობთ. ასევე, შესაძლოა სიზმრის მიერ შემოთავაზებული ვარიანტი არ იყოს საუკეთესო გამოსავალი, მაგრამ იგი ახალი გადაწყვეტა იქნება, რომელიც პრობლემას განსხვავებული კუთხიდან მიუახლოვდება. 

  სახვით ხელოვნებასა და რთულ მეცნიერებებს უფრო მეტი საერთო აქვთ ვიდრე ადამიანების უმეტესობას სჯერა, რადგან ორივე მათგანი დოფამინით არის განპირობებული. პოეტი, რომელიც უიმედო სიყვარულზე ლექსებს თხზავს, დიდად არ განსხვავდება მეცნიერისგან, რომელიც ელექტრონების ფორმულას დაჰკირკიტებს. ორივე მათგანი გრძნობათა სამყაროს მიღმა ხედვის უნარს მოითხოვს, რომელიც იდეების უფრო ღრმა სამყაროს წარმოადგენს. მეცნიერთა ელიტური საზოგადოებები სავსეა მხატვრებით. რაც უფრო უკეთ მართავთ კომპლექსურ და აბსტრაქტულ იდეებს, სავარაუდოდ, მით მეტი შანსი გაქვთ არსტისტი გახდეთ. 

 

  რატომ არიან გენიოსები ნაბიჭვრები

  მუსიკა და მათემატიკა ერთ ბილიკზე მიდიან, რადგან დოფამინური ენერგია უამრავ ფაქტორს ერთდროულად ეხება: თუ თქვენ გამოირჩევით დოფამინურობით ერთ საკითხში, ეს ნიშნავს, რომ სხვა სფეროებშიც ასეთი იქნებით. მეცნიერები არიან ხელოვანები, ხოლო მუსიკოსები მათემატიკოსები. თუმცა, არსებობს უარყოფითი მხარეც. ხანდახან, ბევრი დოფამინის ფლობა დიდი პასუხისმგებლობაა. 

  დოფამინის მაღალი დონე თრგუნავს აქ და ახლა ფუნქციონირებას, ამიტომაც ხანდახან ბრწყინვალე ადამიანები ადამიანურ ურთიერთობებში მოსაწყენები და არაფრით გამორჩეულნი არიან. ჩვენ გვჭირდება თანაგრძნობა, რომელიც აქ და ახლას ეკუთვნის, რათა გავიგოთ, რა ხდება სხვა ადამიანის გონებაში. ეს არის სოციალური ინტერაქციის აუცილებელი უნარი. ალბერტ აინშტაინმა ერთხელ თქვა: "ჩემი სამართლიანობის შეგრძნების მხურვალე განცდა და სოციალური პასუხისმგებლობა ხშირად ეწინააღმდეგებოდა სხვა ადამიანებთან პირდაპირი კონტაქტის გამოხატული საჭიროების ნაკლებობას". და ისევ: "მე მიყვარს კაცობრიობა, მაგრამ მძულს ადამიანები". სოციალური სამართლიანობისა და კაცობრიობის სიყვარულის აბსტრაქტული ცნებები ადვილად მოდის, მაგრამ სხვა ადამიანთან შეხვედის კონკრეტული გამოცდილება რთულად მისაღებია. 

  აინშტაინის პირადი ცხოვრება ცხადად ასახავდა მის სირთულეებს ურთიერთობებში. იგი ბევრად უფრო დაინტერესებული იყო მეცნიერებით, ვიდრე ადამიანებით. ცოლთან განშორებამდე ორი წლით ადრე, მან საკუთარ ბიძაშვილთან გააბა რომანი და საბოლოოდ მასზე იქორწინა კიდეც. ამავდროულად, იგი ღალატობდა თავის ბიძაშვილს ათობით სხვა ქალთან. დოფამინური გონება მისთვის კურთხევასთან ერთად, წყევლაც გახლდათ. დოფამინი, რომელიც მას საშუალებას აძლევდა ფარდობითობის თეორია აღმოეჩინა, სავარაუდოდ არასდროს დაუშვებდა გადასულიყო აქ და ახლას გრძელვადიან ურთიერთობებში ფოკუსირებაზე. 

  იმის გაგება, თუ როგორ მუშაობს გენიოსების ტვინი, დოფამინური პიროვნების ამოსახსნელად უხვად მასალას იძლევა. ჩვენ უკვე ვნახეთ იმპულსური სიამოვნების მაძიებელი, რომელსაც გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება უჭირს. ასევე ვნახეთ გეგმაზე ორიენტირებული ადამიანი, რომელსაც მეგობრებთან გართობას ოფისში გვიანობამდე დარჩენა ურჩევნია. ახლა ჩვენ ვხედავთ მესამე შესაძლებლობას: შემოქმედებით გენიოსს, რომელსაც იმდენად უჭირს ადამიანური ურთიერთობები, რომ შესაძლოა აუტისტად მოგვეჩვენოს. (აუტიზმი ტვინში დოფამინური აქტივობის არანორმალურად მაღალ დონესთან ასოცირდება). პლატონი წერს ინციდენტის შესახებ, როდესაც მისი მასწავლებელი, სოკრატე, მთელი 24 საათის განმავლობაში ერთ ადგილზე გაუნძრევლად გაშეშდა, რადგან რაღაც საკითხზე ჩაფიქრდა, ამასობაში კი საერთოდ არანაირი რეაქცია არ ჰქონია, რა ხდებოდა მის ირგვლივ.

  პიროვნების ეს სამი ტიპი, როგორც ჩანს, ძალიან განსხვავებულია ზედაპირზე, მაგრამ მათ ყველას აქვს რაღაც საერთო. ისინი ზედმეტად ორიენტირებულნი არიან სამომავლო რესურსების მაქსიმალიზაციაზე, აქ და ახლას ხარჯზე. სიამოვნების მაძიებელს ყოველთვის მეტი სურს. რამდენიც არ უნდა მიიღოს მან, მაინც არ არის საკმარისი. ასეთ დროს სიამოვნების ძიებაში კმაყოფილებას ვერ პოულობენ. როგორც კი შედეგი მოვა, ყურადღებას მომდევნო საკითხი იპყრობს. გენიოსი უცნობ სამყაროში ცხოვრობს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი; იგი შეპყრობილია, რომ თავისი ნამუშევრებით მომავალი უკეთეს ადგილად აქციოს. გენიოსები სამყაროს ცვლიან, მაგრამ მათი აკვიატება ხშირად გამოიხატება სხვების მიმართ გულგრილობაში.

 

  კეთილგანწყობილი მიზანთროპები

  უაღრესად ინტელექტუალური, უაღრესად წარმატებული და უაღრესად კრეატიული ადამიანები - ანუ მაღალი დონის დოფამინური ადამიანები - ხშირად გამოხატავენ უცნაურ შეგრძნებებს: ისინი გატაცებულნი არიან კაცობრიობით, მაგრამ ინდივიდების მიმართ მცირე მოთმინებას ავლენენ.    

  "რაც უფრო მეტად მიყვარს კაცობრიობა, მით უფრო ნაკლებად მიყვარს ცალკე აღებული ადამიანი. ჩემს ოცნებებში ხშირად ვაწყობ კაცობრიობისათვის სასიკეთო გეგმებს... თუმცა, არ შემიძლია ერთ ოთახში ორ დღეზე დიდხანს ვინმესთან გაჩერება... ხალხის მიმართ მტრულ განწყობას ვგრძნობ, როდესაც ჩემთან დაახლოებას ცდილობენ." - ფიოდორ დოსტოევსკი

  "მე ვარ მიზანთროპი, მაგრამ მაინც კეთილგანწყობილი. მე ვარ სუპერ იდეალისტი, რომლისთვისაც ფილოსოფია უფრო ეფექტურია, ვიდრე საკვები". - ალფრედ ნობელი

  "მე მიყვარს კაცობრიობა, მაგრამ მძულს ადამიანები". - ედნა მილეი

  ეს შეიძლება მოსასმენად უსიამოვნოა, მაგრამ ამის ახსნა შესაძლებელია. მაღალი დონის დოფამინური ადამიანები აბსტრაქტულ აზროვნებას ამჯობინებენ სენსორულ გამოცდილებას. მათთვის განსხვავება კაცობრიობის სიყვარულსა და მეზობლის სიყვარულს შორის არის იგივე განსხვავება, რაც ლეკვის სიყვარულსა და მასზე ზრუნვას შორის არსებობს. 

                 

  ტრაგიკული შედეგები 

  აინშტაინის დოფამინურ თვისებებში ნამდვილად იყო გენეტიკური წვლილიც. მისი ორი ვაჟიდან ერთ-ერთი გახდა ჰიდრავლიკური ინჟინერიის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტი. მეორეს ოცი წლის ასაკში შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს და საგიჟეთში გარდაიცვალა. მოსახლეობის ფართომასშტაბიანმა კვლევებმა დოფამინური ხასიათის გენეტიკური კომპონენტები აღმოაჩინა. ისლანდიაში 86,000 ადამიანზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დოფამინური გენებით ისინი შიზოფრენიისა და ბიპოლარული აშლილობის უფრო დიდი რისკის ქვეშ იყვნენ და მათ შორის მრავლად იყო მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები, მოცეკვავეები და მწერლები.  

  ისააკ ნიუტონი, რომელმაც გრავიტაციის უნივერსალური კანონი აღმოაჩინა, პრობლემატური გენიოსების სიაში შედიოდა. მას უჭირდა სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, ფარული პარანოიკი გახლდათ და სრული უემოციობის მდგომარეობებში იშვიათად თუ ამჟღავნებდა რაიმე განწყობას. როდესაც იგი სამეფო ზარაფხანის ოსტატად მუშაობდა, კოლეგების წინააღმდეგობის მიუხედავად მრავალი ფალსიფიკატორი (გამყალბებელი, მატყუარა) ჩამოახრჩო. 

  ასევე, ნიუტონს ჰქონდა სიგიჟის სიმპტომები. იგი საათობით ცდილობდა ბიბლიაში ჩადებული საიდუმლო გზავნილების ამოხსნას და დაწერა მილიონობით წინადადება რელიგიისა და ოკულტიზმის შესახებ. ამასთან ერთად, აკვიატებული განწყობით სწავლობდა ალქიმიას და დაეძებდა ფილოსოფიური ქვის საიდუმლოს, რომელსაც ალქიმიური ტრაქტატების მიხედვით ადამიანისთვის უკვდავების მინიჭება შეეძლო. ორმოცდაათი წლის ასაკში ნიუტონი მთლიანად ფსიქოზით დაავადდა და ერთი წელი საგიჟეთში გაატარა. 

  ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, როგორც ჩანს ნიუტონი მაღალი დოფამინური აქტოვობით გამოირჩეოდა, რამაც ხელი შეუწყო მის ბრწყინვალე აღმოჩენებს და ამასთან ერთად ფსიქოზურ დარღვევებსაც. თუმცა, ნიუტონი მარტო არ არის. ცნობილია, რომ უამრავ მხატვარს, მეცნიერს თუ მუსიკოსს ჰქონდა ფსიქიკური დაავადება. მათ შორისაა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ედვარდ მუნკი, ვინსენტ ვან გოგი, ჩარლზ დარვინი, ჯორჯია ო’კიფი, სილვია პლათი, ნიკოლა ტესლა, ვირჯინია ვულფი, ბობი ფიშერი და მრავალი სხვა.

  დოფამინი გვაძლევს შემოქმედების ძალას. იგი გვანიჭებს უნარს, ერთმანეთთან დავაკავშიროთ ერთი შეხედვით დაუკავშირებელი. ეს გვაძლევს სამყაროსეული მოდელების აშენების საშუალებას, რომელიც ფიზიკურ აღწერილობას აღემატება და სცილდება სენსორულ შთაბეჭდილებებს. შემდეგ, დოფამინი ანგრევს საკუთარ მოდელებს, რათა ავაშენოთ ახალი და ვიპოვოთ მნიშვნელობა, რომელიც აქამდე ჩვენთვის უცნობი იყო. 

  მაგრამ, ამ ძალას საკუთარი ფასი აქვს. ჰიპერაქტიური დოფამინური სისტემები შემოქმედებით გენიოსებს ფსიქიკური დაავადების რისკის ქვეშ აყენებს. ხანდახან არარეალური სამყარო არღვევს ბუნებრივ საზღვრებს, იწვევს პარანოიას, ბოდვებს და მანიაკალური ქცევის მღელვარებას. გარდა ამისა, გაძლიერებულმა დოფამინურმა აქტივობამ შესაძლოა მთლიანად გადაფაროს „აქ და ახლას“ სისტემები, რომელიც ყოველდღიურ სამყაროში ადამიანურ ურთიერთობებს და კომუნიკაციას განაგებს. 

  ზოგისთვის ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. შემოქმედების სიხარული მათთვის ყველაზე დიდი სიხარულია; როგორიც არ უნდა იყოს მოწოდება, ისინი არასდროს შეწყვეტენ მუშაობას. მათ ყველაზე მეტად აინტერესებთ ქმნილება, აღმოჩენა და განათლება. ისინი არასდროს ისვენებენ, არ ჩერდებიან, რათა საკუთარი მონაპოვარით დატკბნენ. სამაგიეროდ, შეპყრობილნი არიან მომავლის აშენებით, რომელიც არასოდეს მოდის, რადგან, როდესაც მომავალი აწმყო ხდება, კმაყოფილება მოითხოვს აქ და ახლა სისტემების გააქტიურებას, რაც დოფამინურ ადამიანებს არ მოსწონთ და ამას ერიდებიან. ასეთი ადამიანები კარგად ემსახურებიან საზოგადოებას, მაგრამ რაც არ უნდა მდიდრები, ცნობილები ან წარმატებულები გახდნენ, თითქმის არასდროს არიან ბედნიერები. ასეთ ადამიანებს სახეობათა გადარჩენის განმკარგველი ევოლუციური ძალები ქმნიან. ბუნება მათ ბედნიერებას მსხვერპლად სწირავს, რათა სამყაროში ახალი იდეები და ინოვაციები შემოვიდეს, რომელიც სარგებელს მოუტანს დანარჩენ მსოფლიოს. 

 

  სერფინგი, ქვიშა და ფსიქოზი

  ბრაიან უილსონი (Beach Boys-ის სოლისტი) ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური და პოპულარული მუსიკოსია. ადრეულ წლებში მისი მუსიკა მარტივი იყო: მიმზიდველი მელოდიები სერფინგის, მანქანების და გოგონების შესახებ. მაგრამ რაც დრო გადიოდა, იგი უპრეცედენტო ბგერით ექსპერიმენტებს მართავდა - მისი მუსიკა ისეთივე სასიამოვნო მოსასმენია, როგორც ადრე, მაგრამ უფრო მრავალფეროვანი და რთული. როგორც კომპოზიტორმა და პროდიუსერმა, მან პოპ მუსიკაში ახალი ხმების და ბგერათა კომბინაციების დანერგვა დაიწყო. ამ ექსპერიმენტმა კულმინაციას მიაღწია ალბომში Pet Sounds (1966), რომელიც კრიტიკოსების მიერ აღიარებულ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად იქცა. 

  უჩვეულო შემოქმედებითი კავშირების სპექტრი გვავარაუდებინებს, რომ მან განიცადა დაბალი ლატენტური ინჰიბირება, რომელიც დაკავშირებულია დოფამინის მაღალ დონესთან, მაგრამ ამ მაღალმა დონეებმა შესაძლოა ხელი შეუწყო უილსონის ფსიქიკურ დაავადებას. "მას ხმები ესმის" განუცხადა უილსონის მეუღლემ, მელინდა ლედბეტერმა ჟურნალ People-ს 2012 წელს; "მე შემიძლია გითხრათ, რომელ მომენტში ესმის კარგი ხმები და რომელში ცუდი, რადგან ყველაფერი სახეზე აწერია. ჩვენთვის ძნელი გასაგებია, მაგრამ მისთვის ეს ყველაფერი ძალიან რეალურია". უილიამს შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც მოგვიანებით შიზოაფექტური აშლილობით შეიცვალა; ეს არის შიზოფრენიის სიმპტომებისა და პათოლოგიური განწყობის კომბინაცია, რომელიც ჰალუცინაციებს და პარანოიას მოიცავს. 2006 წელს უილსონმა ჟურნალ Ability-ს განუცხადა, რომ ხმები ოცდახუთი წლის ასაკიდან ესმოდა, ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, რაც მან ფსიქოდელიური ნარკოტიკები მიიღო. "ამ დღიდან მოყოლებული, უკვე ორმოცი წელია ყოველ დღე სმენითი ჰალუცინაციები მაქვს და მათ ვერ ვაჩუმებ. ყოველ რამდენიმე წუთში ერთხელ ხმები რაღაც დამამცირებელს მეუბნება. მე მწამს, რომ ჩემი დამცირება ეჭვიანობის გამო დაიწყეს. ხმები ჩემს თავში, ჩემზე ეჭვიანობენ". 

  უილსონი ამბობს, რომ სიმპტომების შესამცირებლად ჩატარებული მკურნალობა კრეატიულობის ხარისხს არ ამცირებს.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff