თავი 18
სიყვარულის ხელოვნება
მანქანით მივდივარ და მსჯელობას განვაგრძნობ. როგორ სწავლობს ბავშვი მშობლებისგან? მას უყვარს ისინი, ბაძავს მათ, მათთან აიგივებს თავის თავს. იმისთვის, რომ ვინმესგან ინფორმაცია ავიღოთ, შინაგანად ერთიანობაში უნდა ვიყოთ მასთან. მომხმარებლობის პროცესი ბუნებრივი და აუცილებელია, მაგრამ ნებადართულ საზღვრებს არ უნდა სცდებოდეს.განვითარება ნიშნავს, რომ გამოყენება გაცემად გარდაიქმნება. თუ ვიცით, რომ თაყვანისცემა მხოლოდ ღმერთისადმი შეიძლება, მაშინ ჩვენ შევიგრძნობთ, რომ მთავარი ინფორმაცია და სიყვარული მასთან ურთიერთობაში მოდის. და სხვა ადამიანს შეუძლია მხოლოდ გვიბიძგოს ამ პროცესის საკუთარ თავში გახსნისკენ. ხოლო თუ სული ძალიანაა მიჯაჭვული სხეულზე, სურვილებზე, კეთილდღეობაზე, ჩვენ იმდენად საკუთარ თავში არ გვინდა ამ პროცესის განვითარება, რამდენადაც სხვისგან გვინდა მისი აღება.
წარმოვიდგინოთ, რომ მამაკაცი უზომოდაა შეყვარებული ლამაზ ქალზე. ის იმდენადაა მიჯაჭვული მასზე, რომ საშინლად ეშინია მისი დაკარგვა ან მისი ღალატის დაშვება. საბოლოო ჯამში იგი მოკლავს მას, რომ არავის ეკუთვნოდეს მის გარდა. ეს კარგი დემონსტრირებაა იმისა, როგორ მივყავართ თაყვანისცემას სიძულვილამდე და მკვლელობამდე.
წარმოვიდგინოთ უფრო მარტივი ვარიანტი. მამაკაცს უყვარს ქალი, მიჯაჭვულია მასზე, მომხმარებლობა მას უკვე ნაკლები აქვს. მაგრამ მაინც ტანჯავს მას წყენით, დადანაშაულებით, ეჭვიანობით. იმისგან, რასაც თაყვანს ვცემთ, ჩვენ ენერგიას ვიღებთ. ნებისმიერი ეჭვიანი ადამიანი – ეს მომხმარებელი და ვამპირია, ამიტომ ჰარმონიული ურთიერთობის აწყობა მას არ შეუძლია. მაგრამ თუ ქალი უღალატებს მას, წავა ან მოკვდება, პირველისგან განსხვავებით ცოტათი, მაგრამ მაინც შეინარჩუნებს სიყვარულს სულში. პირველმა კი, როგორც აბსოლუტურმა მომხმარებელმა უნდა მოკლას იგი ან თავის თავი.
წარმოვიდგინოთ მესამე, უკეთესი ვარიანტი. მამაკაცს უყვარდება ლამაზი ქალი და მასში ვნება იღვიძებს. მაშინვე იწყება დაშორების პროცესი და ქალს სხვისადმი უჩნდება გრძნობა. მაშინ მამაკაცი ამბობს: “შენ ლამაზი გრძნობის გაღვიძებაში დამეხმარე და მადლობელი ვარ ამისთვის. ეს გრძნობა უკვე აღარაა შენზე დამოკიდებული. და თუ შენ მიღალატებ ან წახვალ, ჩემ გრძნობაზე ეს უკვე ვეღარ იმოქმედებს.”. თავიდან ეს კაცი ასე ილაპარაკებს, შემდეგ კი იგრძნობს კიდეც და ბოლოს მისი სურვილი, რომ გასცეს, ბევრად გადაფარავს მომხმარებლობის სურვილს. ის შინაგანად აღარ იქნება დამოკიდებული ქალის სილამაზეზე. და მაშინ ნებისმიერი ქალი ბედნიერი იქნება მასთან, იმიტომ რომ შინაგანად კი არ გაძარცვავს, არამედ ბევრს გაიღებს მისთვის.
ერთი საინტერესო კითხვა მახსენდება, რომელიც მფრინავმა დამისვა:
- არსებობს სამი რაღაც, რაც გაფრენის წინ არ უნდა გავაკეთოთ: ფოტოგრაფირება, სექსი და ხელფასის აღება, რატომაა ასე?
- არა მხოლოდ მფრინავებისთვის, - ვუპასუხე მე. ჩემმა ნაცნობმა მომიყვა ახალგაზრდა ბიჭის და გოგოს შესახებ, რომლებიც პარაშუტით ხტომით იყვნენ გატაცებულნი. მათ დაქორწინება გადაწყვიტეს, ქორწილის წინ კი ფოტო გადაიღეს და პარაშუტებით გადმოხტნენ. და ორივე დაიმტვრა. ეს ორი წლის წინ მოხდა.
ერთხელ ლექციაზე ქალმა წერილში დამიწერა, რომ ქმარი ალპინისტი ყავს და ყოველთვის, როცა მისი წასვლის წინ ფოტოს იღებდნენ, სწორედ ეს კადრები გადანათდებოდა ხოლმე და ფოტო არ გამოდიოდა.
და მოკლედ, როცა ნებისმიერ სერიოზულ საქმეს ვიწყებთ, ჩვენ ქვეცნობიერად ენერგიის დიდ რაოდენობას ვაგროვებთ, რომელიც სწორად უნდა იქნეს განაწილებული. ანუ სიყვარულის და სიხარულის მეტი წილი ღმერთისკენ უნდა იყოს მიმართული, მცირე ნაწილი კი – ჩვენს ცხოვრებაზე, მთავარ ინსტინქტებზე. ფოტოგრაფია ბედნიერების და მისდამი თაყვანისცემის შეგრძნებას დიდი ხნით აღბეჭდავს. სექსი და ფული აძლიერებს ეჭვიანობას და სიამაყეს. და სიტუაციაში, რომელშიც ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე ბევრია დამოკიდებული, შინაგანმა დისჰარმონიამ შეიძლება უბედურებამდე მიგვიყვანოს.
მახსენდება მეორე სიტუაცია “მსხვერპლი – დამნაშავე”, რომლის შესახებაც პაციენტმა მომიყვა. ის სასტიკი იდეალისტი იყო, მხოლოდ პრინციპების სჯეროდა. ჩემი წიგნები წაიკითხა, მაგრამ იმის დაჯერება, რომ საჭიროა შინაგანად აპატიო დამნაშავეს, ვერ შეძლო. მას ყავდა მდიდარი ძმა. და ერთხელაც ის გაიტაცეს, რათა გამოსასყიდი გამოეთხოვათ. ის ბატარეასთან მიაბეს და ორი დღე ცემდნენ. გამტაცებლებმა ნიღბები მოიხსნეს და ეს კაცი მიხვდა, რომ განწირული იყო. შემდეგ მათი საუბარი გაიგონა. გამტაცებლები თათბირობდნენ, როგორ მოეკლათ იგი. და მაშინ გაახსენდა, რომ დამნაშავე არ უნდა გძულდეს და არ უნდა განიკითხავდე. გაიხსენა, რომ ადამიანი თავად ახდენს აგრესიის პროვოცირებას. სცადა შეცვლილიყო და ლოცვა დაიწყო. მთელი დღე ლოცულობდა, ყველას აპატია და სიკვდილისთვის მოემზადა. მეორე დღეს ის გაანთავისუფლეს. როცა საავადმყოფოში მივიდა, ექიმებმა უთხრეს, რომ შინაგანი ორგანოები დაზიანებული ქონდა. დიდხანს მკურნალობდა, გამოჯანმრთელების შემდეგ კი ჩემთან სატელეფონო მიღებაზე ჩაეწერა.
“თქვენი ბედი შეიცვალა, - ვუთხარი მე, - იმიტომ რომ შეძელით სიღრმისეულად შეცვლილიყავით. მაგრამ უსიამოვნებები ისევ შენარჩუნებულია. განკითხვისთვის მზადყოფნა და მომავლისადმი თაყვანისცემა ჯერ კიდევ არაა დაძლეული. არ იფიქროთ, რომ რადგან სიცოცხლე შეგინარჩუნეს ზემოდან, ამით ყველა ცოდვა მოგეხსნათ.”
მე დავფიქრდი, ტყეს ვუყურებ, რომელიც ტრასას აკრავს გარშემო. ამ წელს ზამთარი აგვიანებს. მართლაც, გლობალური დათბობა უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. მზერა მძღოლისკენ გადავიტანე. რამდენიმე დღის წინ თავის პრობლემების შესახებ მომიყვა. მისი ველი საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდა. მის ცოლს და ბავშვს თვითგანადგურების ძლიერი პროგრამა ქონდათ და ავტორი თავად იყო.
- ცუდად გამოიყურებით, - ვეუბნები მე, - გამოტყდით, რა შეგემთხვათ ოჯახში.
ხანგრძლივი პაუზის მერე ძალა მოიკრიბა და აღიარა:
- სხვა შემიყვარდა და ოჯახიდან წასვლა მინდოდა. ცოლთან დიდი ხანია უსიამოვნებები მქონდა და ინტერნეტით ნაცნობობისკენ გამიწია გულმა. გავიცანი ძალიან ლამაზი ქალი დ ავერ მოვერიე ჩემს გრძნობებს. ის გათხოვილია, მაგრამ ქმართან ნაჩხუბარი იყო და არ ელაპარაკებოდა. ეს მისთვის მეორე ქმარია, რომელიც ამ ქალის გამო თავის პირველ ცოლს გაშორდა. და მოკლედ, როგორც კი ოჯახის მიტოვება გადავწყვიტე, ის დაეჭვდა ჩვენს ურთიერთობებში და ყველაფერი აღიარა თავის ქმართან. და სულში სრული ქაოსი მაქვს ახლა. არ ვიცი გავეყარო თუ არა ცოლს.
- გინდათ, რომ დიდი პატივით დაგასაფლავონ? – ვკითხე მე.
- სერიოზულად მეუბნებით? – გაუკვირდა მას.
- სერიოზულად, მაგრამ ჯერ იმ ქალის სახელი მითხარით, ვინც გაიცანით.
როცა ამ ქალის ველს შევხედე, სწორედ ის დავინახე, რასაც ველოდი. მსხვერპლი ყოველთვის იპოვის დამნაშავეს.
- თქვენ შინაგანად ეთაყვანებით ქალს და ქალურ სილამაზეს. მიჯაჭვულობა ბადებს პრეტენზიებს, წყენას და ეჭვიანობას. თუ კაცი შინაგანად ზედმეტად ეთაყვანება ქალს, მაშინ როგორც წესი დიდ გრძნობას მაშინვე არ აძლევენ, რომ არ დაიღუპოს. თაყვანისცემა – ეს ვნებაა და არა სიყვარული. და ასეთ კაცს ძლიერი ვნება მაშინ ეძლევა, როცა უკვე ცოლ-შვილი ყავს. ეს მას აძლევს შანსს, რომ შეინარჩუნოს დისტანცია და გადალახოს ვნება და თაყვანისცემა. საყვარელი უნდა იყოს ძალიან მიმზიდველი, მაგრამ არც თუ ისე წესიერი და ნებით თუ უნებლიეთ უნდა დაამციროს მისი გრძნობები – ან გათხოვილი უნდა იყოს, ან მომატებული შინაგანი აგრესიულობა უნდა ქონდეს.
თქვენი რჩეული – ნაღდი “ტყის სანიტარია”, კაცების გამანადგურებელი. თუ ქალი კაცს ართმევს ვიღაცას, ეს ნიშნავს მომატებულ ვნებიანობას და თავის სურვილებზე კონცენტრაციას. ეს თითქმის იგივეა რაც “მოჯადოება”. ასეთ ქმართან ალბათ ვერ ექნება ნორმალური ოჯახური ცხოვრება, ხოლო სურვილებისადმი თაყვანისცემა უფრო აგრესიულს გახდის მას. ასეთი ქალები როგორც წესი ქმარს გაშორებულები ან ქვრივები არიან.
- და მე რა ვქნა ახლა? – მეკითხება ის.
- პირველ რიგში არავითარ შემთხვევაში არ ჩაკლათ სიყვარულის გრძნობა. მეორე, არ გაბრაზდეთ ამ ქალზე. ის, რომ ქმარს შეურიგდა და ყველაფერი მოუყვა, თქვენი სიცოცხლის გადარჩენაა. თქვენ ვნებას აყევით და ეთაყვანეთ მას. და შეუმჩნევლად დაიწყეთ სიყვარულის მოკვლა თქვენს სულში. ცოლს რომ გაშორებოდით და ეს ქალი მოგეყვანათ ცოლად, ვფიქრობ რამდენიმე თვესაც ვერ გაქაჩავდით. ამიტომ ახლავე სასწრაფოდ ცოლს – ყვავილები, ბავშვებს – ნაყინი. და რაც შეიძლება მეტი კომპლიმენტი უთხარით ცოლს, იმიტომ რომ ძალიან უჭირს ახლა.
თუ მამაკაცი არასწორად იქცევა, არასწორი მსოფლმხედველობა აქვს, ის თავისივე ცოლ-შვილს ანადგურებს. ტანგოს ორი ცეკვავს. მამაკაცი და ქალი – ალპინისტები არიან ერთმანეთზე მიბმულნი. და თვითოეულმა თავის ქცევით შეიძლება დაღუპოს ან გადაარჩინოს მეორე.
იმ ქალისკენ კიდევ გაგიწევთ გული, და ეს გრძნობა არ უნდა დათრგუნოთ. მაგრამ იცოდეთ, ამ გრძნობამ შეიძლება მოგკლათ, თუ ვნებას სიყვარულად არ გადააქცევთ და ქალებისადმი შინაგან თაყვანისცემას არ გადალახავთ. ის, რომ სიკვდილს გადაურჩით ახლა, სრულებით არ ნიშნავს, რომ საკუთარ ბედს მოატყუებთ. თუ შეცვლას არ მოინდომებთ, ზემოდან მოულოდნელად და შეუბრალებლად გაგისწორდებიან.
ეს საუბარი, რომელიც რამდენიმე დღის წინ შედგა, ახლა გამახსენდა. პაციენტი თავდაჯერებულად მართავს მანქანას. აეროპორტს ვუახლოვდებით.
- იცით, ჩვენი საუბრის მერე კინაღამ მოვკვდი. თავიდან საშინლად ამტკივდა თირკმელები, ძლივს ვინძრეოდი. შემდეგ სუნთქვაც გამიჭირდა. არადა ერთი კვირით ადრე ფილტვები გავისინჯე და ყველაფერი იდეალურად იყო. აქ კი ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ფილტვების მძიმე ანთება დამეწყო. შემდეგ დამეწყო შარდ-სასქესოსისტემის პრობლემები. მივხვდი რომ ვკვდებოდი. დავწექი და ვფიქრობდი: “თუ ღმერთის ნება იქნება, ესე იგი მოვკვდები და მივიღებ ამას”. მეორე დილით კი სრულიად ჯანსაღი ავდექი. ორგანიზმი საათივით მუშაობდა. რა იყო ეს? – დიდი ინტერესით მეკითხება იგი.
მე მხრები ავიჩეჩე და გავუღიმე:
- ცოდვები სიამოვნებით შედიან, მაგრამ ტანჯვით გამოდიან. თქვენ დროულად გადაუხვიეთ გზიდან, რომელსაც უფსკრულისკენ მიჰყავდით, და იმ პრობლემებმა, რომლებიც დაგიგროვდათ გადახტომა მოასწრეს, ისე რომ თქვენი სიცოცხლე არ წაიყოლეს. ეს პროცესი რომ გაჭიმულიყო, მაშინ გაწმენდა სიკვდილის ან ხანგრძლივი და მტანჯველი ავადმყოფობების შედეგად მოხდებოდა.
სიყვარული – მიზანია, რომლისკენაც ჩვენ მივდივართ. წარმოვიდგინოთ, რომ კიბეზე უნდა ავიდეთ, ამისთვის 20 საფეხური უნდა ავიაროთ. სიყვარულში ეს საფეხურები ასე გამოიყურება: მეგობარზე ზრუნვის უნარი, კამათში არ გამოვიყენოთ სისტემა – ვინ უფრო მტკივნეულად დაარტყამს, პირიქით, გავუძლოთ ტკივილს და მივიდეთ საერთო გადაწყვეტილებამდე. შემდეგი საფეხური – ეს მუშაობის უნარია, ენერგიის გაცემის უნარი. კიდევ ერთი – არასოდეს გამოვიყენოთ უხეში სიტყვები ახლო ადამიანის მისამართით. შემდეგ – აღვზარდოთ საკუთარი თავი და სხვები და ა. შ.
თუ სტუმარს ელოდები, მისთვის ოთახი უნდა მოამზადო, თუ ვაშლის ხე გინდა გაზარდო. საჭიროა მისთვის ნიადაგი მოამზადო, თუ გინდა, რომ სიყვარული მოვიდეს, საკუთარი თავი უნდა მოამზადო ამ სიყვარულისთვის.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობა – ეს განუწყვეტელი ბრძოლაა, კონფლიქტია, რომელიც ერთიანობის ახალი დონეების ძებნისკენ გვიბიძგებს. ნამდვილი ქალი სულით ღმერთს უნდა მიმართავდეს და არა საყვარელ ადამიანს. ბევრი ქალი თვლის, რომ სიყვარული წავიდა, თუ ქმარი სექსუალურად მიმზიდველი აღარ არის. მაგრამ ნამდვილ ქალს ყველა საფეხურზე უყვარს. მას უყვარს ღვთაებრივ დონეზე, უყურებს რა თავის ქმარს როგორც ბავშვს, რომელიც განუწყვეტლივ უნდა უყვარდეს, ხშირად აღზარდოს და ხანდახან დასაჯოს. უფრო სწორად ეს მშობლისეური სიყვარულის დონეა, ხოლო ღვთაებრივი – ეს განუწყვეტელი სიყვარულია, რომელიც არაფერზე არაა დამოკიდებული. ღვთაებრივი და დედობრივი სიყვარულის გარდა მას აქვს ასევე მეგობრობის გრძნობაც მამაკაცისადმი. იგი მისთვის თავიდან მეგობარია, შემდეგ კი უკვე სექსუალური პარტნიორი. ქალი უნდა იყოს ნაზი და ამაყი, უნდა იბატონოს წვრილმანებში და უნდა დაუთმოს მთავარში, უნდა იყოს მტრედი და გველი ერთდროულად. ასეთი ქალი შურს არ იძიებს, არ წუხს და არ შურს, მასში ერთიანდება სინაზე და სიმამაცე, სიკეთე და სიმკაცრე.
ურთიერთწინააღმდეგობანი, რომლებიც მასში ბობოქრობენ, განუწყვეტლივ წონასწორდებიან სიყვარულით. ის მრავალმხრივი და ჰარმონიულია, მხოლოდ თავად კი არ შეუძლია სიყვარული, ქმარსაც ასწავლის ამას და ეხმარება, რომ უფრო კეთილი და კეთილშობილი გახდეს. ის მამაკაცისგან ითხოვს დაცვას, სიმამაცეს და მსხვერპლს, თვითონ კი აძლევს არა მხოლოდ სიამოვნებას, არამედ ტკივილსაც და ასწავლის მოთმინებას, პატიებას და სიყვარულს.
მანქანა აეროპორტთან მივიდა. ჩვენ დავემშვიდობეთ ერთმანეთს. რეგისტრაციაზე მივდივარ ჩემი ნივთებით. და აი უკვე თვითმფრინავის სალონში ვზივარ და ილუმინატორიდან ვიყურები. ნოემბერი მთავრდება. ცა მოღუშულია, მაგრამ სულში სიხარული მაქვს.
მე გავიხსენე ჩემი პირველი მოგზაურობა ისრაელში. მითხრეს, რომ ისრაელში არის სიწმინდე, რომელსაც თაყვანს სცემენ ებრაელებიც, ქრისტიანებიც და მუსულმანებიც, - გოდების კედელი. ის იმ დროიდანაა შემონახული, როცა ამ ადგილებში გაჩნდა და განვითარება დაიწყო ერთღმერთიანობამ. მრავალი ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანები მიდიან ამ კედელთან, სახით ეკვრიან და ქვების ღრიჭოებს შორის წერილებს ტოვებენ, თავისი სურვილებით. ეს სურვილები აუცილებლად უნდა ასრულდეს. მე თან არ მქონდა კალამი ან ფანქარი. ხელისგულები მივადე კედელს, ლოყით მივეკარი და ღმერთს ერთი რაღაც ვთხოვე – დამეხმაროს, რომ სიყვარული ვისწავლო. ვფიქრობ, რომ ჩემი ოცნება ადრე თუ გვიან ასრულდება.