თავი 10
თამაში
დღეს ღამით ვერ შევძელი დაძინება. ცნობიერება თითქმის ითიშება, იწყება ძილი და უცებ მოდის საინტერესო აზრი. ვხვდები, რომ დილით შემიძლია დამავიწყდეს, ამიტომ ვდგები და კაბინეტში მივდივარ, სადაც რვეული მიდევს ჩანაწერებისთვის.
ხვალისთვის ვაპირებ რომ დავასრულო თავი “სოდომი და გომორი”, რომელშიც საუბარი შეეხება ციხესიმაგრე “მასადს”. თუმცა ცოტა ხნის წინანდელი საუბბარი საბილიარდოში და ფიქრები ამ თემაზე ძილის საშუალებას არ მაძლევენ. მე ვწვები, მაგრამ მალე ისევ მეღვიძება, როცა საინტერესო აზრი მოდის. დილის ოთხი საათისთვის ყველაფერი მესამედ მეორდება. “ალბათ გავაფორმებ ყველა ამ აზრს ცალკე თავში, - ვფიქრობ მე, - რომელსაც დავარქმევ “თამაშს”.”
საინტერესოა, რომ როცა მხარის ტკივილი დამეწყო და საკუთრი თავის დიაგნოსტირება მოვახდინე, პასუხი ერთი და იგივე იყო: ერთიანობის, ადამიანური სიყვარულის ნგრევის ვერმიღება. ხდება ნატიფი დონეების უწყვეტი წმენდა, მე ვერ ვუძლებ და პრობლემები ტკივილის სახით ვლინდებიან.
მხარი შვილებთან და შვილიშვილებთანაა დაკავშირებული. რადგან მარჯვენა მხარე მტკივა, ესე იგი პრობლემები მომავალთანაა დაკავშირებული, ანუ ჩემი შვილების და შვილიშვილების სულებმა ჯერ ვერ მიიღეს სწორი გადაწყვეტილება. მა თარ შეუძლიათ ინსტინქტების ნგრევის მიღება და ღმერთისადმი სიყვარულის შენარჩუნება. პრობლემა სერიოზულია და როგორღაც უნდა გადავწყვიტო. რაღაც არ მაძლევს საშუალებას რომ სიღრმისეულად შევიცვალო. რადგან ღრმა ცვლილება არ ხდება, ესე იგი ისინი ჩემთვის სახიფათონი არიან და ცვლილების პროცესი ავტომატურად ბლოკირდება. ცვლილებები სახიფათოა იმ შემთხვევაში, როცა სიყვარული არაა საკმარისად, გამოდის რომ ჩემი ერთიანობა ღმერთთან არასაკმარისია, სიყვარულის ინტენსივობა მაღალი არაა.
ახლა თავად ვცდილობ ღვთაებრივის შეგრძნობას და მისკენ მივდივარ. ვჩერდები და ვშეშდები, როცა წმენდა სასიკვდილო დონეს უახლოვდება. და რა იქნება როცა ღვთაებრივი თავად მოვა ჩვენთან? წარმოდგენაც კი მიჭირს. სხვათაშორის, ნებისმიერს, ვისაც ამ ინფორმაციასთან აქვს შეხება რაღაც ამდაგვარი ემართება. ქალბატონი, რომელმაც ამ წიგნის ტექსტის ბეჭდვა დაიწყო, მეორე დღეს ავად გახდა. მეორედ უკვე სიცხიანი და სურდოიანი მოვიდა. გადავწყვიტეთ შეგვესვენა. მივხვდი რომ დასვენება და გონზე მოსვლა სჭირდებოდა.
ახალ თანამშრომელს საქმე კარგად წაუვიდა, მაგრამ მესამე დღეს მის შვილს სისხლდენა დაეწყო ცხვირიდან. “მაპატიეთ, - მითხრა მან, - მაგრამ იძულებული ვარ შეგეკითხოთ. გუშინ ჩემმა შვილმა თავი დაიზიანა – შტანგა ვერ დაიჭირა კარგად ხელში. იქნებ რამეს არასწორად ვაკეთებ?” მე მისი შვილის ველს ვაკვირდები. “წმენდა მხოლოდ თქვენზე კი არ ხდება, არამედ თქვენს შვილებზე და შვილიშვილებზეც, - ვეუბნები მე – თქვენ ამას ვერ ავჩნევთ, მაგრამ თქვენი შვილი სიტუაციას ვერ უძლებს, და ტკივილზე, რომელსაც მისი სული ქვეცნობიერად გრძნობს წმენდის დროს, სიყვარულის უარყოფით, სიცოცხლის უარყოფით რეაგირებს. თვითგანადგურების პროგრამა სისხლთან ერთად გამოდის ცხვირიდან და თავის ტრამვით მუხრუჭდება.”
ღვთაებრივთან შეხება მოუმზადებელი ადამიანისთვის – მტანჯველი და სახიფათოა. მაშინ როგორღა არიან ახალი ქრისტიანული მიმდინარეობების ადეპტები? მღერიან, მხიარულობენ და არავითარ დისკომფორტს არ განიცდიან ღმერთისადმი მიმართვის დროს. “თქვენ როგორ ფიქრობთ რატომ? – ვეკითხები მე და პასუხს არ ველოდები ისე ვაგრძელებ, - წარმართი, რომელიც კერპს ემთხვევა და თაყვანს სცემს, ფიქრობს რომ ღმერთთან აქვს ურთიერთობა, მაგრამ ესე მხოლოდ თავად ფიქრობს. ღმერთი დროისა და სივრცეს მიღმაა. როგორ ფიქრობთ, რატომ გვიკრძალავს ათი მცნებიდან ერთ-ერთი კერპის შექმნას?
როცა ღმერთს გამოვხატავთ, ვაქანდაკებთ ქვაში ან ხეში, ჩვენ ვრთავთ ჩვენს ცნობიერს, რომელიც დაკავშირებულია საგნობრივ სამყაროსთან და ხდება ღვთაებრივის დაკარგვის შეუმჩნეველი პროცესი. ჩვენ უფრო და უფრო ვცდილობთ ღმერთის და მისი კანონების ცნობიერებით შეცნობას, ადამიანურ ლოგიკას მივაწერთ მას და ადამიანურად აღვიქვამთ. სრულიად ბუნებრივია, რომ თანდათან პრეტენზიებიც გვიჩნდება ღმერთის მიმართ. ღვთაებრივთან შეხებისას მის მიმართ პრეტენზიები დამღუპველია და იმისათვის რომ გადარჩეს, ადამიანი შეუმჩნევლად შორდება მას, იკეტება მისგან. და რაც უფრო მეტად ეთაყვანება ადამიანი მატერიალურ ღმერთს, მით მეტად ეთაყვანება საკუთარ სხეულს და სურვილებს და არა საკუთარ სულს. მაგრამ თუ ჩვენ ვიკეტებით ღმერთისგან და ვცდილობთ შორს გავექცეთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ღმერთი ვერ შეძლებს ჩვენამდე მოსვლას. ადამიანი, რომელიც ღვთაებრივ ლოგიკას ადამიანურით ანაცვლებს, კარგავს სიყვარულს და თანდათან გადაგვარებას იწყებს. და თუ ის ღვთაებრივს ეხება, მაშინ მისი გადაგვარება და სიკვდილი გაცილებით სწრაფად ხდება.
თუ ჩვენი პიანინო ასაწყობია, ვიძახებთ ოსტატს და ის კამერტონის საშუალებითაწყობს მუსიკალურ ინსტრუმენტს. ცოცხალი ორგანიზმების ნებისმიერი პოპულაცია პერიოდულად სამყაროს მთავარ რიტმზე უნდა გადაეწყოს. ეს გადარჩენის და სიცოცხლის საფუძველია. საზოგადოება, რომელიც უკან მობრუნების ზღვარს გასცდა, ღვთაებრივთან შეხებისას ნადგურდება. ღვთაებრივისკენ პერიოდული მისწრაფება მტანჯველია, მაგრამ იძლევა განწმენდის და შეცვლის საშუალებას. პერიოდულად სამყაროში კამერტონის ხმა ჟღერს და ღვთაებრივი ჩვენთან ჩვენი ნების უკითხავად მოდის. და ტრანსფორმაცია ამ დროს იმდენად ძლიერია, რომ მოუმზადებლები კვდებიან.
ამ უნივერსალურ კანონს ყველა ცოცხალი თანადაჯგუფება ემორჩილება. ისინი კვდებიან ან აღმოცენდებიან. საქმის არსით ფიზიკურ დონეზე ადამიანიც მიკროორგანიზმების თანადაჯგუფებაა. სამყაროს კანონი უნივერსალურია. ეს სიყვარულის და ღმერთთან ერთიანობის კანონია და ერთნაირად სამართლიანია ყველასთვის.
ჩვენი პლანეტის არსებობის განმავლობაში ჩნდებოდა და ქრებოდა ცოცხალი ორგანიზმების უზარმაზარი რაოდენობა. ცხოველების და მცენარეების სხვადასხვა სახეობები, სხვადასხვა ტომები და ცივილიზაციები ერთი და იგივე პრინციპით კვდებოდნენ. სამყაროში ჟღერდა კამერტონი სახელწოდებით სიყვარული, და ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც კარგავდნენ ამ გრძნობას, კვდებოდნენ.
ის, რომ დღევანდელ მსოფლიოში რელიგია ძალას კარგავს და ყალბი ხდება, ხოლო სიყვარულის და მორალის ცნება ფარდობითი ხდება, ამტკიცებს უბრალო და ნათელ ფაქტს: კამერტონს დიდხანს არ გაუჟღერია და დედამიწაზე დიდი ხანია არ მოსულა ღვთაებრივი ლოგიკა. გაიხსენეთ რას ამბობდა ქრისტე: “უკანონობის გამრავლების გამო ბევრში გაცივდება სიყვარულის გრძნობა.” იგავი 10 ქალწულზე, რომლებიც საქმროს ელოდნენ, - ღვთაებრივთან შეხების სხვაგვარი ახსნაა. ერთისთვის კამერტონი იჟღერებს როგორც მშვენიერი მუსიკა, ხოლო მეორესთვის, ვინც თავის სულზე არ ზრუნავს, - როგორც შურისმაძიებელი საყვირი.
ხშირად ადამიანი შორდება ღვთაებრივს და თავის სურვილებს მიყვება, ხოლო შემდეგ, სიბერეში, როცა ავადმყოფობა და სიკვდილი ეწევა მას, მშვიდად კვდება. იქნებ არ ღირს ამდენი წვალება და მორალური სრულყოფილება? იქნებ ვიცხოვროთ ჩვენს ნებაზე და შემდეგ მოვკვდეთ? ბევრი ასეც იქცევა. მით უმეტეს რომ თანამედროვე რეკლამა ყველგან მოგვიწოდებს: “მიიღე ცხოვრებისგან ყველაფერი!”, ანუ მიჰყევი შენს სურვილებს. ერხელაც არ მინახავს რეკლამა, რომელიც მოგვიწოდებდა: “მიეცი ცხოვრებას პატარა რაღაც მაინც!” არაფერი მსგავსი, მხოლოდ აიღე! აიღე ყველაფერი! რა დარჩება ამ საწყალი ცხოვრებისგან ადვილი წარმოსადგენია. “ასე რომ, - მივმართავ ქალბატონს, - თუ რიგი ნიშნების მიხედვით ვიმსჯელებთ, კამერტონი მალე გაიჟღერებს დედამიწაზე და პირველი ხმები უკვე გაჟღერდა კიდეც. მე ამას ვხედავ, ვაკვირდები რა პაციენტებს სხვადასხვა ქვეყნიდან.”
“და მაინც, როგორ დავეხმარო შვილს?” – მეკითხება ქალი. “მასზე მომავალი შვილების მხრიდან მიდის წმენდა. ნატიფ დონეზე ვითარდება ღალატის, დანაკარგის, ტკივილის და წყენის მომავალი სიტუაციები. შვილებზე და შვილიშვილებზე სიყვარულის ენერგიის ყველაზე ინტენსიური გამოსროლის მომენტში ვახდენთ გავლენას. ესენი სქესობრივი მომწიფების, პირველი სიყვარულის, ქორწინების და ფეხმძიმობის პერიოდებია. და თუ არ შეგეძლოთ სიყვარულის გრძნობის შენარჩუნება ამ პერიოდებში, თუ არ შეგეძლოთ ადამიანური ბედნიერების ნგრევის მომენტში ღმერთისადმი სიყვარულის შენარჩუნება, თუ თქვენს სულში შემონახულია სასოწარკვეთილება და წყენა, მაშინ ასჯერ და ათასჯერ გაიმეორედ გონებაში ეს სიტუაციები”.
“შეიძლება გკითხოთ?” – მეუბნება ქალბატონი. “დიახ”. – “თქვენ ამბობდით, რომ თუ ადამიანი ჰარმონიულ მდგომარეობაშია, წმენდის დროს, ისე რომ ვერც ხვდება, ადვილად გაივლის მას და შვილებს და შვილიშვილებსაც წმინდავს. მაშინ მე რატომ ვერ შევძელი ჩემი შვილის განწმენდა?” – “ჯერ ერთი მას თავისი ბედი აქვს და თავისი პასუხისმგებლობა ღმერთის წინაშე, მეორეც, მან უკვე გაიარა სქესობრივი მომწიფება, ანუ გარეგნული დამოკიდებულება თქვენზე და ერთიანობის გარეგნული დონე უფრო ნაკლები გახდა. თუ თვითონ არ მოინდომებს ლოცვას და ეკლესიაში სიარულს, ნაკლებად შეძლებთ დახმარებას. წუხილი და წუწუნი უაზრობაა. წინ უნდა იაროთ და აკეთოთ ის რაც შეგიძლიათ. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ხომ არ ვმართავთ ჩვენს ბედს. ჩვენი საქმეა მცდელობა განვაგრძოთ და რა მოხდება, ამას უკვე ზემოთ წყვეტენ.”
გავჩუმდი. ჩემს წინ ვიყურები. მეხსიერებამ 3 დღით უკან დამაბრუნა, 25 ოქტომბერს. დიდხანს ვუმიზნებ და ბურთულას ვუყურებ, რომელიც ლუზასთან ახლოს დგას. ადრე ძლიერად დავარტყამდი შორიდან გამოცნობაზე და ასე ვიმსჯელებდი: ერთი მილიმეტრი ცდომილებაც თუ იქნება, ბურთულა არ ჩავარდება; დაშორება სამი მეტრია. ისე დარტყმა, რომ მილიმეტრითაც კი არ ავაცილო პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ ალალბედზე, მიახლოებით ვურტყამდი და ვერ ვაგდებდი. ერთხელ სხვანაირად მოქცევა ვცადე. აზრობრივად დავუმიზნე მეორე ბურთულა ლუზას, დარტყმის წერტილი ვიპოვე, დავიმახსოვრე, შემდეგ კი დავუმიზნე და დავარტყი. საკვირველია, მაგრამ ზუსტად ჩავარდა ლუზაში. ამის შემდეგ თამაშის შედეგიანობა რამდენიმეჯერ გავზარდე.
მოულოდნელად მივხვდი რაშიც იყო საქმე. სინამდვილეში, ისე დარტყმა, რომ მილიმეტრით მაინც არ ააცდინო, პრაქტიკულად შეუძლებელია – იმ შემთხვევაში, თუ სამყარო ქაოსური, მატერიალური კანონებით არსებობს. მაგრამ თუ გვესმის, რომ მატერიალური მოვლენები ჯერ ნატიფ დონეზე ხდება, ეს დონე კი ჩვენს ემოციებთანაა დაკავშირებული, სამყაროს სურათი მაშინვე იცვლება. და თუ მკაფიოდ წარმოიდგენ, დარტყმის მომენტში პირველი ბურთულა როგორ მიგორავს მწვანე ნაჭერზე და როგორ ხვდება საჭირო წერტილს, დანარჩენი უკვე იმ მოდელით ხდება, რომელიც შენმა გრძნობებმა შექმნეს. და მაშინ ის, თუ როგორ აიღებ კიას, როგორ დაუმიზნებ, როგორ დაარტყამ, განსაზღვრული იქნება ნატიფ დონეზე უკვე მომხდარი მეორე ბურთულის ჩავარდნით. ანუ მოვლენის სურათის წარმოდგენა ძლიერი, თავდაჯერებული ემოციის თანხლებით, გავლენას ახდენს იმ მიზეზ-შედეგობრივ კავშირთა ჯაჭვზე, რომელიც შემდგომ განვითარდება. ველის კოდირება განსაზღვრავს მოვლენებს, რომლებიც გავლენას ახდენენ მატერიალურ ობიექტებზე, რომლებიც ამ ველში იმყოფებიან.
მე მივხვდი, რატომ ვერ ვაგდებდი ადრე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდოდა ჩაგდება და კონცენტრაციას ვაკეთებდი ამ სურვილზე. მაგრამ რაც მეტად მინდოდა ეს, მით უფრო მეშინოდა რომ ვერ ჩავაგდებდი და მით უფრო ვწუხდი, თუ ვერ ჩავაგდებდი. თურმე უბრალოდ უნდა შემეგრძნო, როგორ ვარდება ბურთულა ლუზაში. მე მჭირდებოდა, რომ “როლის თესლი” (სტანისლავსკის მეთოდით) გაცოცხლებულიყო ჩემში.
თუ რამდენიმე ცალკეულ მოქმედებას: ვიღებ კიას, ვურტყამ ბურთულას, შემდეგ ის მოძრაობს მაგიდის ზედაპირზე და ხვდება მეორე ბურთულას, რომელიც ლუზაში ვარდება, - თუ მე ყველა ამ მოქმედებას ერთ გრძნობად შევკუმშავ, რომელშიც დაპროგრამებულია ბურთულის ლუზაში ჩავარდნა, მაშინ ყველაფერი სწორედ ისე მოხდება, როგორც წარმოვიდგინე. ხოლო თუ მხოლოდ პირველ მოქმედებაზე გავაკეთებ კონცენტრაციას, ანუ სწორად დარტყმის სურვილზე, ან უკანასკნელზე, როცა ბურთულა ლუზაში ვარდება, - ყველა მოქმედების ერთ ემოციად შეკუმშვა, “როლის თესლის შექმნა”, სურათის შექმნა, რომლის მიხედვითაც მომავალი მოვლენები განვითარდება, ჩემთვის შეუძლებელი გახდება. ესე იგი აზრის, გადაწყვეტილების გრძნობად გადაქცევის უნარი წარმატების მთავარი რეცეპტია ცხოვრებაში. ნატიფ დონეზე ყველა მოვლენის მართვაა შესაძლებელი. ამიტომაც ეუბნებოდა ქრისტე თავის მოწაფეებს, რომ თუ მოინდომებდნენ, მთას დაძრავდნენ ადგილიდან.
ბილიარდი იმით მომწონს, რომ შესაძლებელია ამ დროს დატვირთვა მივცეთ სხეულსაც და სულსაც ერთდროულად. პატარა დარღვევა ხასიათსა და განწყობაში და ბურთულები აღარ ვარდებიან ლუზაში. ამ დროს საჭიროა საკუთარ თავთან ბრძოლა, კონცენტრაცია. ამასთან ფსიქოლოგიური დატვირთვა ფიზიკურზე გაცილებით ინტენსიურია. მაგრამ ბილიარდში ჩემთვის ესეც კი არ არის მთავარი. მთავარი – რამდენიმე საათი აზროვნება და განსჯაა, როცა ხელს არავინ მიშლის.
სწორედ ბილიარდის თამაშის დროს მივედი ერთ ძალიან მნიშვნელოვან დასკვნამდე, რომელიც უშუალოდ ეხება საკუთარ თავზე მუშაობას. ახლა ყველაფერს დალაგებულად გადმოვცემ. ბილიარდში არის ასეთი ცნება – ბურთის გაგორება, მე კი ვურტყამდი. რა განსხვავებაა? თავიდან რბილად უმიზნებ კიას, მაგრამ ბოლოს ჩაგდების დიდი სურვილის გამო, კრუნჩხვასავით მოძრაობას აკეთებ და გამეტებით ურტყამ, რომ ძლიერი დარტყმა გამოგივიდეს. დარტყმა აღარ ხდება კონტროლირებადი. არსებობს გამოთქმა “სიბრაზისგან დაბრმავდა”, “სურვილმა დააყრუა”. შევამჩნიე, რომ დარტყმის მომენტში ვეღარ ვაზროვნებ და მერე ვეღარც კი ვიხსენებ, როგორ დავარტყი. ვერ ვიხსენებ საით გაგორდა ბურთულა, რომელ ბორტს მოხვდა. რაც არ უნდა ვეცადო ვეღარ ვიხსენებ ამ ტრაექტორიას.
სურვილის აფეთქება აბრმავებს, ამას ჩემი გამოცდილებით მივხვდი. და აი, გადავწყვიტე, რომ ამის შემდეგ დაუფიქრებლად კი არა, წყნარად და დაკვირვებით დავარტყამდი, გავაგორებდი ბურთულას... და აი ვუახლოვდები მომდევნო ბურთულას, ვუმიზნებ და ჩემთვის მოულოდნელად ისევ გამეტებით ვურტყამ. შემდეგ - უარესი. 10-15 დარტყმიდან მხოლოდ 1-2-ჯერ გამომივიდა რბილი და თავდაჯერებული დარტყმა. ჩემი “კრუნჩხვითი” რეფლექსი ვერაფრით ვერ დავძლიე.
აღმოჩნდა, რომ იფიქრო და გინდოდეს შეცვლა ძალიან დიდხანს შეიძლება. ცვლილება მაშინ ხდება, როცა იწყებ შეგრძნებას, რომ იცვლები. აზრების დონეზე შეცვლა შეუძლებელია. თუ აზრს გრძნობაში არ გადაადნობ, ვერასოდეს ვერ შეიცვლები. შემდეგ მივხვდი რატომაც. იმიტომ რომ ველობრივი სტრუქტურა ნებისმიერ ცვლილებას გაუძლებს. მასში მეტია ერთიანობის დონე. ის უფრო რბილი და პლასტიურია, ხოლო ფიზიკური სტრუქტურა უბრალოდ იშლება. ჩვენი აზრები სხეულთანაა დაკავშირებული, სხეულს კი ტრანსფორმაციის მკვეთრი საზღვრები აქვს. როცა ზედაპირულ ემოციებს და სხეულებრივ ცნობიერებას ვრთავთ, ჩვენ, როგორც თავკომბალები ვტრიალებთ წყლიან ჭიქაში და ვერავითარ შედეგს ვერ ვხედავთ. ჭეშმარიტი ტრანსფორმაცია ქვეცნობიერის დონეზე ხდება. იქ მდებარეობს ჩვენი ჩვევები, რეფლექსები და ინსტინქტები. ქვეცნობიერში შესვლა ემოციებით შეიძლება, აზრებით იქ შესვლა სახიფათოა.
მაშინ მივხვდი, რატომ აქვს ბევრ პაციენტს სუსტი შედეგები. უკვე ასწლეულია ყველა მიეჩვია განსაზღვრებას “ჰომო საპიენს!” – მოაზროვნე, გონიერი ადამიანი. ეს ტერმინი არა მხოლოდ სიმბოლოა ადამიანსა და ცხოველს შორის განსხვავებისა, არამედ ის მთლიანად ადამიანის სიმბოლო გახდა. მაგრამ ეშმაკის მთავარი თვისებაც ხომ ამ სიტყვით შეიძლება გამოვხატოთ: “ჰომო საპიენს!” ანგელოზისთვის პირველ ადგილზე სიყვარული დგას, ეშმაკისთვის – გონება და აზრი. ამიტომ ადამიანის ჭეშმარიტი განსაზღვრება – მოსიყვარულე ადამიანია. ესე იგი უნდა წარმოვიდგინოთ და შევიგრძნოთ თავი მოსიყვარულედ, უნდა შევიგრძნოთ თავი მიმტევებლად, უნდა შევიგრძნოთ ჩვენს თავში ღვთაებრივი. უნდა დავინახოთ საკუთარ თავში სხვების აღმზრდელი და მათი მოყვარული. ნებისმიერი ტკივილის, ტანჯვის და წყენის დროს განუწყვეტლივ მოსიყვარულედ უნდა ვგრძნობდეთ თავს.
ვუახლოვდები მაგიდას, ვიხრები და ვეძებ წერტილს, რომელსაც უნდა მოხვდეს პირველი ბურთულა. “კარგი თამაშია ბილიარდი – ვფიქრობ მე, - სხვათა შორის რა არის თამაში საერთოდ? რისგან შედგება ნებისმიერი თამაში? რას აძლევს იგი ადამიანს? რა განსხვავებაა თამაშსა და რეალურ ცხოვრებას შორის?” “საინტერესოა – ვფიქრობ მე, - ვცადოთ გავერკვეთ”. ვუმიზნებ, სწორად და რბილად ვურტყამ. დაბრმავება არ ხდება. მე ვხედავ ბურთულას დარტყმის მომენტში და მისი ტრაექტორიის წარმოდგენაც შემიძლია.
მაშასადამე, რით განსხვავდება რეალური ცხოვრება თამაშისგან? ნებისმიერ თამაშში ჩვენ ვიცით წესები და ვიცით მისი მიზანი. თამაშში, რომელსაც ცხოვრება ჰქვია, ჩვენ წესები არ ვიცით, ამიტომაც ვარღვევთ მათ და ვვარდებით თამაშიდან. თუმცა ეს წესები არსებობს. ცხოვრება იგივე პრინციპებით არსებობს, რითაც სამყარო. ესე იგი გამოდის რა შემოქმედისგან, ის ასევე უნდა დაუბრუნდეს მას. და ცხოვრების აზრი – ეს ღვთაებრივის შეცნობაა. როგორ ხდება ეს, ათ მცნებაშია მოცემული. რაშია ნებისმიერი თამაშის აზრი? იმაში რომ აზრი გრძნობად გადავაქციოთ. იქმნება თამაში, იქმნება წესები, და შემდეგ ეს ყველაფერიო გრძნობებით და მოქმედებებით რეალიზდება.
იმისათვის, რომ აზრი, მიმართულება სიტუაციად გადაიქცეს, შუამავალია საჭირო. ასეთ შუამავლად ემოციები, გრძნობები გვევლინება. რაც მეტია ჩვენი გრძნობების ინტენსივობა, მით მეტია სიხარულის გრძნობა. სიხარული და ენერგეტიკული დანახარჯი მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული, ამიტომ თამაშის ერთ-ერთი მთავარი წესია – გვიხაროდეს. სიხარულის უმაღლესი ფორმა კი – სიყვარულია. შემთხვევით არ ამბობდა მოციქული: “ყოველთვის გიხაროდეთ”. სასოწარკვეთილება – სიყვარულზე და ენერგიაზე უარის თქმაა. თუ თამაშში სიხარული არაა, მაშინ ის აღარ იქნება თამაში. ცვლილებები აღარ ხდება ადამიანში. ქრება თამაშის მეორე მთავარი პრინციპი – ცვლილება.
როცა თამაშობ და გიხარია, ნებისმიერი ინფორმაცია ძალიან სწრაფად მიიღება და ტრანსფორმირდება ემოციად. იმისათვის რომ ახალი ინფორმაცია მივიღოთ, შეცვლაა საჭირო, ამისთვის კი სასიხარულო ემოციაა საჭირო, რამეთუ ის თავის თავში იმ დიდ ენერგიას ატარებს, რომელიც ახლის ტრანსფორმაციისთვის და ათვისებისათვისაა საჭირო. და თუ ადამიანი ცხოვრებას ისე ეპყრობა, როგორც თამაშს, თუ იგი იუმორის ნიჭითაა დაჯილდოებული, ანუ შეუძლია უხაროდეს იქ, სადაც სხვები როგორც წესი მწარდებიან, მისი შესაძლებლობები იმისა, რომ იყოს ჯანმრთელი და მდიდარი, მკვეთრად იზრდება. რა თქმა უნდა პირველ რიგში სულის სიმდიდრეს ვგულისხმობ. სული, რომელსაც სიხარული არ შეუძლია, იცლება სიყვარულისგან. იმ დროს, როცა უცებ ვხვდებით, რომ ცხოვრება თამაშია, ჩვენ უკვე აღარ ვართ მასზე დამოკიდებული. თამაში ყოველ წამს შეიძლება შეწყდეს, ჩვენ კი თამაშგარეთ აღმოვჩნდებით. ამიტომ არ უნდა ვიყოთ ამ თამაშის მონები. და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ თამაშის მთავარი პირობები სიყვარული და სიხარულია.
ამიტომაც არსებობს თეატრი. სცენაზე ვითარდება თამაში, რომელიც ცხოვრებად იწოდება, და ამ თამაშის ყველა მოვლენა იმ გრძნობებისგან ჩნდება, რომლებსაც მსახიობები ქმნიან. დრამატურგი პიესას ქმნის, რომელშიც იდეა აზრობრივ ხატ-სახეებად და სიტუაციებად ტრანსფორმირდება. შემდეგ ეს პროცესი მეორდება. რეჟისორისთვის იდეა ხატ-სახედ იქცევა, ენერგიით ივსება და საგნობრივი ხდება. შემდეგ იწყება მესამე წრე, როცა მსახიობები სცენაზე საკუთარი გრძნობებით ქმნიან რეალურ სიტუაციებს. პიესაში მთავარია – იდეა. რეჟისურაში – ემოცია, ხოლო მსახიობისთვის მთავარი – ეს რეალური მოქმედებაა.
რატომ ამბობდა შექსპირი: “მთელი სამყარო თეატრია, ადამიანები კი მსახიობები?” იმიტომ რომ ცხოვრებაც და თეატრიც თამაშის პრინციპს ემორჩილებიან. პირველი იმპულსი – პირველადი ჩანაფიქრია. ის თავიდან ნატიფ დონეზე რეალიზდება, შემდეგ კი გარეგნულ, ფიზიკურ დონეზე. თავდაპირველად იყო სიტყვა. სამყარო ღმერთის პირველადი ჩანაფიქრით გაჩნდა, რეალიზაცია განიცადა ნატიფ, სულიერ დონეზე, შემდეგ კი მატერიალურად ტრანსფორმირდა. როცა მაყურებელი სპექტაკლს უყურებს, მან ყველა მოქმედება და მოვლენა ემოციების სფეროში უნდა გადაიტანოს, ანუ მსახიობიდან ის რეჟისორზე უნდა გადავიდეს. ყველა ემოცია ერთ წარტილად უნდა შეიკრას, ერთ ხატ-სახედ, პირველად ჩანაფიქრად. ეს სიყვარულის გრძნობის აფეთქებაა. თეტრში ამას კათარზისს უწოდებენ. და მაშინ დროის ციკლი სრულად აღდგება. ჯაჭვი დრამატურგი – იდეა, რეჟისორი – გრძნობები, მსახიობი – სპექტაკლი გადადის წრის მეორე ნახევარში: მაყურებელი – სპექტაკლი, მაყურებელი – რეჟისურა, მაყურებელი – პიესა, იდეა, კათარზისი, სიყვარულის გრძნობა. სიყვარლის გრძნობის და ენერგიის გარეშეშეუძლებელია გაჩნდეს ნამდვილი იდეა და პიესა.
როგორც სამყარო იბადება სიყვარულის და ენერგიის აფეთქებისგან, ასევე იბადება ცხოვრებაც და სპექტაკლიც. და ეს სამივე თამაში, სპექტაკლად, ცხოვრებად და სამყაროდ წოდებულნი, უნდა დაბრუნდნენ უკან, სიყვარულისკენ.
ქრისტე ამბობდა: “იყავით როგორც ბავშვები.” ბავშვს ყველაზე მეტი სიყვარული და ენერგია აქვს, მას სჭირდება განუწყვეტლივ იცვლებოდეს და შეიცნობდეს სამყაროს. და მისი ცხოვრება – ეს უწყვეტი თამაშია, სადაც ყველაფერი განუწყვეტლივ იცვლება და სადაც განუწყვეტლივ უნდა გიხაროდეს. მთავარია გავიგოთ, რომ სიხარულის გრძნობა პირველ რიგში ღმერთისკენ და სიყვარულისკენ უნდა იყოს მიმართული, და არა ჩვენი სხეულისკენ და სურვილებისკენ. ნებისმიერ თამაშში მთავარი სიხარული დაკავშირებულია არა თავად თამაშთან, არამედ იმასთან, რასაც ადამიანი თამაშისგან იღებს. და მაშინ თამაში მთავრდება, ადამიანის სიხარული კი გრძელდება. როცა მთავრდება ან ინგრევა თამაში, ცხოვრებად წოდებული, ჩვენ ამ სპექტაკლიდან სიყვარულის და სიხარულის გრძნობით უნდა გავიდეთ. ცხოვრება და ყველა მასში მიმდინარე მოვლენა საბაბია, საშუალებაა სიყვარულისათვის.
ნებისმიერი თამაში სამყაროს მცირე მოდელია.და რადგანაც ცხოვრება თამაშია, ესე იგი ყველა მოვლენა დაკავშირებულია მასში ერთმანეთთან. თუ სპექტაკლში კედელზე თოფი კიდია, მან უნდა გაისროლოს და ის, ვინც მზადაა შეიგრძნოს შინაგანი კავშირი ყველა მოვლენას შორის, უფრო ადვილად ორიენტირდება თამაშში, რომელსაც ცხოვრება ეწოდება.
“უკანასკნელ დროს, - ვფიქრობ მე, - თამაშით სწავლების ფორმების გამოყენება დაიწყეს. ინფორმაციის ნებისმიერი რაოდენობა, რომელიც თამაშის ფორმით მიეწოდება ბავშვს, ადვილად გადადის ემოციაში, წერტილად იკუმშება და მახსოვრდება. აზროვნება და ცნობიერება წარმოუდგენელია მეხსიერების ცნების გარეშე, მეხსიერება კი მხოლოდ ხატ-სახეების (“ობრაზების”) და გრძნობების სახით არსებობს. ერთხელ საინტერესო ექსპერიმენტი ჩავატარე. საქმე იმაშია, რომ რაიმე აზრის გასახსენებლად, მე ის ჩემი მეხსიერებიდან, ქვეცნობიერიდან უნდა წამოვწიო. ნებისმიერი აზრი – ეს რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული სიტუაციაა. მე დიდი ხანია შევამჩნიე, რომ ქვეცნობიერიდან ამოტივტივებული აზრი, თავიდან გამოიყურება როგორც გრძნობა. და ამ გრძნობას თავისი შეფერილობა აქვს. ის გამოდის ქვეცნობიერიდან, ფართოვდება და უცებ – აზრად იქცევა.”
მე შევეცადე ამ პროცესის ნატიფ დონეზე დიაგნოსტირებას, მოდელირებას. მაინტერესებდა ტვინის რომელ ზონაში ხდებოდა ეს პროცესი. შედეგი საოცარი აღმოჩნდა. გრძნობის აზრად ტრანსფორმაცია თავის გარეთ ხდება. თავად ზონა 70 სმ-მდე რადიუსის გარშემოწერილობას წარმოადგენს. მაშინ მივხვდი, რატომ ხატავენ წმინდანებს ნიმბით თავის გარშემო.გრძნობების აზრებში გადასვლის ზონა ყველასთვის სხვადასხვანაირად შეიძლება გამოიყურებოდეს.
მახსოვს, როგორ მომიყვა ერთმა ქალმა საინტერესო ისტორია: “ჩემი მეგობრის ქმარი საშინელი ლოთი იყო, მე მახსოვს, ერთ ლექციაზე თქვით საათი ხატების ზემოთ არ უნდა ეკიდოსო. მას კი სწორედ ზემოთ ეკიდა. მივედი და ვეუბნები: “დრო – ეს სურვილების სიმბოლოა. გამოდის, რომ სურვილები შენთვის ღვთაებრივზე მაღლა დგას და ქვეცნობიერად ეჭვიანობა გეზრდება, ამიტომ დაიწყო შენმა ქმარმა ლოთობა”. დამიჯერა და ხატი საათის ზემოთ ჩამოკიდა. მეორე დღეს მისმა ქმარმა რაც არ უნდა საკვირველი იყოს სმას თავი დაანება და რამდენიმე თვეა აღარ სვამს.”
მომდევნო ბურთულას ვუახლოვდები, ვუმიზნებ და ღიმილს ვერ ვიკავებ – მეგობრის წინადადება მახსენდება: “გინდა გაგაცნო უნიკალური მკურნალი ქალი? შესანიშნავი შედეგები აქვს. იცი როგორ კურნავს? ვერაფრით ვერ გამოიცნობ. შენი წიგნებით. მოკლე ლექციას უკითხავს ადამიანს და შენს წიგნს აძლევს. ის კი კითხულობს და უკეთ ხდება.” მე მხრებს ვიჩეჩავ: “რა მნიშვნელობა აქვს ვინ აღმოაჩინა კანონი? მთავარია რომ ის არსებობს და მოქმედებს.”
გამახსენდა ჩემი ამასწინდელი საუბარი მამაკაცთან, რომელმაც რამდენიმე შეტყობინება გამომიგზავნა ელ-ფოსტაზე. მას უნდოდა დახმარებოდა ადამიანებს და ჩემი წიგნების შინაარსს უკითხავდა მათ. ავადმყოფებმა გამოჯანმრთელება დაიწყეს. ისინი, ვიზეც საბოლოოდ თქვეს უარი ექიმებმა, იცვლებოდნენ და საერთოდ ავიწყდებოდათ თავისი ავადმყოფობა. მაინტერესებდა რამდენად იმოქმედა ამან მასზე, მე ხომ ვიცი, რამდენად სახიფათოა სხვა ადამიანის ბედში ჩარევა.
სახლში დავურეკე და სასიამოვნოდ ვისაუბრეთ. “შემიძლია მოგილოცოთ, - ვუთხარი მე, - მნიშვნელოვან დარღვევებს ვერ ვამჩნევ თქვენთან.” “იცით ერთი პრობლემა მაინც არის”, - გამომიტყდა იგი. “კიბოიან ავადმყოფთან მქონდა ურთიერთობა, ამასთან ავადმყოფობა ღრმად იყო წასული. მას შემდეგ, რაც თქვენს წიგნებზე მოვუყევი, მკვეთრად დაეწყო გამოჯანმრთელება. შემდეგ მთხოვა კიდევ ერთხელ შევხვედროდი, რომ მის გარდა მის ნათესავებსაც დავლაპარაკებოდი. “ვგრძნობ რომ მე ვერ შევძლებ მათ დარწმუნებას”, - გამომიტყდა იგი. და აი მივედი მასთან ოჯახში და შეიძლება ითქვას გავიმეორე სეანსი, მეორე დღეს კი ცუდად გავხდი. მივედი სამსახურში დაყ ველა გაოცებული მიყურებს. აღმოჩნდა რომ ერთ დღეში რამდენიმე წლით დავბერდი. შემდეგ აღვიდგინე თავი, მაგრამ ეს დიდი შრომის ფასად დამიჯდა. შეგიძლიათ ამიხსნათ რა მოხდა?”
“ვფიქრობ აღარ უნდა ჩაგეტარებინათ მეორე სეანსი, - ვუთხარი მე, - მოუმზადებელი ადამიანი ღმერთისკენ კი არა თქვენსკენ წამოვა და თქვენ წაგართმევთ ენერგიას ტრანსფორმაციისთვის. ეს საუკეთესო შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში კი – უბრალოდ წაგართმევთ ენერგიას რათა ჯანმრთელი გახდეს, ამასთან არ შეიცვლება და მეტად და მეტად განაგრძობს თქვენს “დავამპირებას”. ადამიანს შეიძლება ვუბიძგოთ ღმერთისკენ, მაგრამ არ შეიძლება თან ვატაროთ იგი. ეს სისულელეცაა და სახიფათოცაა. დროულად უნდა შევაჩეროთ დახმარება. პაციენტი თვითგანკურნებაზე უნდა გადაერთოს. ჩვენ პასუხს ვაგებთ არა მხოლოდ იმათზე, ვისაც გადავარჩენთ, არამეთ იმათზეც, ვისაც ვრყვნით.”
მე მოვწყდი ჩემს ფიქრებს, რადგან ვხედავ მეგობარს, რომელიც საბილიარდოში შემოვიდა თავის მეუღლესთან ერთად.
- როგორ ხართ, რა გეგმები გაქვთ დღეს? – ვეკითხები მე.
- რაღაც მინდოდა მეკითხა. მე და ჩემ მეუღლეს უცნაური რაღაც შეგვემთხვა. წვეულებაზე ვიყავით შვეიცარიაში. იქ საზოგადოების ნაღები იყო შეკრებილი და ვახშმის დროს რაღაც უჩვეულო დაიწყო. საშინლად მომერია ძილი...
- აი ახლა ჩილეს ჩვეულებრივ ღვინოს ვსვამთ დამ ას შესანიშნავი გემო აქვს, - გააგრძელა მისმა მეუღლემ, - იმ წვეულებაზე კი საუკეთესო ღვინოები იყო, მაგრამ აი დავლიე წითელი ღვინო და ყელი ჩამიწვა. ისეთი უსიამოვნო იყო, რომ ყელში არ გადადიოდა. მერე ვთხოვე თეთრი დაესხათ, საშინლად მჟავე იყო, იმის დალევაც შეუძლებელი აღმოჩნდა. ჭამას ვიწყებ – ყველაფერს ერთნაირი გემო აქვს, ანუ საერთოდ არა აქვს გემო. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ როცა წვეულებიდან გამოვედით, მგლის მადა მომივიდა.
- მე კი სრულიად გამოვფხიზლდი, - დაამატა ქმარმა.
- თქვენში უბრალოდ თავდაცვის სისტემემ იმუშავა, - ვეუბნები მე. – კვება ქვეცნობიერს ხსნის. მდგომარეობა, რომელშიც თქვენ ჭამის დროს ხართ, ქვეცნობიერში გადადის და ათჯერ ძლიერდება, ამიტომ ჭამის წინ კარგია რომ ვილოცოთ. შვეიცარიის საზოგადოებაში მაღალმა სტაბილურობამ, საბანკო სისტემის განვითარებამ იქამდე მიიყვანა სახელმწიფო, რომ ის უფრო მეტს იღებს ვიდრე გასცემს. ეს ენერგეტიკას ამცირებს, და პლუს მსოფლიო კრიზისი. სახელმწიფოს ენერგეტიკაში თვითგანადგურების პროგრამა ძლიერდება. ყველაზე საშინელი დანაკარგები ისინია, რომლებსაც ვერ ვამჩნევთ. ის ხალხი მიეჩვია ამ მდგომარეობას, ისინი ხომ იქ ცხოვრობენ. სხვათა შორის, შვეიცარიაში ახლა წამოწიეს საკითხი ევთანაზიის მიღების შესახებ, ამასთან არა მხოლოდ მძიმე ავადმყოფებისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც უბრალოდ იტანჯება და სიკვდილი უნდა.
რატომაა რელიგია თვითმკვლელობის და ევთანაზიის წინააღმდეგი? გაგიგიათ ასეთი გამოთქმა – დავწვათ უკან დასაბრუნებელი ხიდები? მისი ავტორი ცნობილი ჩინელი მხედართმთავარი სუნ-ძია. ამ გამოთქმის არსი შემდეგშია. თუ მხედართმთავარს აქვს ეჭვი, რომ მისი არმია ვერ გაიმარჯვებს, მან უნდა აამაღლოს ჯარისკაცების საბრძოლო სული, შეკრას ისინი. მთელი სულიერი ენერგია გამარჯვებისკენ უნდა წარმართოს. ამისთვის საჭიროა, რომ არმიეს თანდასწრებით უკან დასახევი ყველა ხიდი დაიწვას.
ყველა ადამიანი ქვეცნობიერად თავისი ენერგიის 20%-ს უკან დახევაზე ხარჯავს. ტუ არმიეს ერთიანობა მაღალი არაა, ადამიანი კონცენტრაციას აკეთებს არა საერთო ამოცანაზე, არამედ საკუთარ თავზე და საკუთარ სიცოცხლეზე. ჩნდება შიში და უკან დახევაზე მიმართული ენერგია 40-50%-ს აღწევს. როცა ეს პროცენტი უფრო მეტი ხდება, ჯარისკაცი შიშითნგარბის ბრძოლოს ველიდან. თუ მან იცის რომ უკან დასახევი გზა არ არსებობს, ის არა მხოლოდ მთელ ენერგიას დახარჯავს გამარჯვებაზე, არამედ ხელუხლებელ მარაგსაც გახსნის და გაიმარჯვებს. ამიტომაც დეზერტირებს ყოველთვის შეუბრალებლად ხვრეტდნენ სხვების თვალწინ. ადამიანი, რომელიც თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს, დეზერტირია. რაც უფრო მძიმე ამოცანები დგას ადამიანის წინ, მით მეტი სიყვარული და ენერგია უნდა იყოს მის სულში. დეზერტირს სიყვარული არ სჭირდება. ევთანაზიის კანონის მიღება სახელმწიფოებრივ დონეზე საზოგადოების თვითგანადგურების პროგრამას რთავს.
რადგანაც რელიგიის სფეროში არა მარტო ცალკეული ადამიანის, არამედ საზოგადოების სულზე ზრუნვა შედის, ღმერთზე და სიყვარულზე უარის თქმის იდეის მიღება მას არ შეუძლია. დაკანონებული თვითმკვლელობის იდეა საბოლოოდ წაართმევს საზოგადოებას ღვთის რწმენას, მტკივნეული და მტანჯველი სიტუაციების გადატანის უნარს.
ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ უდიდესი ჭეშმარიტებები ზედაპირულად განვმარტოთ. მიაქციეთ ყურადღება, რომ ქრისტეს ყველა მცნება მიმართულია არა სხეულისადმი, არამედ სულისადმი. და ვფიქრობ რომ აღდგომის მთავარი იდეა სწორედ სულისადმი იყო მიმართული. ქრისტე ხედავდა, რომ გარეგნული რიტუალურობა განდევნის სიყვარულს და ანადგურებს სულს. სული კი სიყვარულით აღდგება. სწორედ სიყვარულზე ლაპარაკობდა იგი ყოველთვის. და თავად ქრისტეს ჯვარცმა – ეს თანმიმდევრული ნგრევაა სხეულისა და სულისა, მათი მიჯაჭვულობებით და ვნებებით და სიყვარულის გამარჯვებაა ამ ყველაფერზე.
ჩვენ ყველანი ჩვენი არსით ღვთაებრივები ვართ. ღვთის სახედ და ხატად ვართ შექმნილნი, ჩვენს სულში არსებობს მუდმივი შემადგენელი ნაწილი, რომელიც არაფერზე არაა დამოკიდებული. არსებობს ფენა, რომელიც ჩვენს ფიზიკურ სხეულთანაა დაკავშირებული, მართავს მას და განსაზღვრავს მის ბედს. და არსებობს ფენა, რომელიც არა მხოლოდ დაკავშირებულია სხეულთან, არამედ დამოკიდებულია მასზე. ეს ჩვენი სხეულებრივი ცნობიერებაა, მასთან დაკავშირებული ვნებები და სურვილები. მაგრამ თუ სხეული საკვებით იკვებება, სული ღმერთისგან მომავალი სიყვარულით, ენერგიით იკვებება. ის კვდება, თუ ზედმეტადაა სხეულზე მიჯაჭვული და აღდგება, თუ უარს ამბობს სხეულზე და ღმერთისკენ ისწრაფვის.
- სხვათაშორის, რაც შეეხება საკვებს, - ვამბობ მე, - ნებისმიერ პროდუქტში სამი შემადგენელი ნაწილია: კალორია, ენერგია და ინფორმაცია. საკვები შეიძლება ძალიან კალორიული იყოს, მაგრამ ავადმყოფობა გამოიწვიოს, იმიტომ რომ მასში მცირე ენერგია და დაბინძურებული ინფორმაციაა. რა არის შიმშილის გრძნობა? ეს ენერგიაა. ამის წინ მადა ჩნდება. თუ ჩვენ ჭამას ვიწყებთ მადის გარეშე, ეს ნიშნავს, რომ ენერგიის მინიმუმზე ვიკვებებით და საკვებიდან მხოლოდ კალორიას ვიღებთ. შესაბამისად იტვირთება კუჭ-ნაწლავის სისტემა და ჩნდება ავადმყოფობები.
თანამედროვე დასავლური სამყაროსთვის პროდუქტის ინფორმაციული და ენერგეტიკული შემადგენელი – მითია. პროდუქტის ლამაზად შეფუთვა მისი შეფასების მთავარი კრიტერიუმი გახდა. და რაც მეტად ვითარდება მეცნიერება, მით უფრო სწრაფად ხდება საკვები პროდუქტების გადაგვარება. ასევე ხდება ადამიანის სულის გადაგვარებაც, რადგან ხდება სხეულისადმი თაყვანისცემა. იცით როგორ გაჩნდა მადერა? ღვინო კასრებში ჩამოასხეს, გემი დატვირთეს და სხვა ქვეყანაში წაიღეს გასაყიდად. რაღაც პრობლემის გამო ღვინო ვერ გაყიდეს და უკან ჩამოტანა მოუხდათ. ვაჭრები ფიქრობდნენ რომ გაკოტრდებოდნენ, მაგრამ ღვინომ, მუხის კასრებში დიდხანს ყოფნის გამო საიკეთესო გემო შეიძინა და უზარმაზარი მოგება მოიტანა გაყიდვის შემდეგ. ამის შემდეგ კასრები ოკეანესთან მიჰქონდათ, სამხრეთული მზის ქვეშ. ზამთარში კი სარდაფში ინახავდნენ. Mადერა 5 წელი მწიფდება კასრებში და შესანიშნავი და სასარგებლო ღვინო დგება. რას აკეთებენ ახლანდელი კომერსანტები? ღვინოს კასრებში ასხამენ, თითქმის დუღილამდე აცხელებენ და ასე “ხარშავენ” რამდენიმე დღე. ერთი კვირის მერე ღვინო მზადაა. გემოთი ძალიან გავს ორიგინალს, ენერგეტიკულად კი – შხამია. ამასთან ნეგატიური მოქმედება შეიძლება რამდენიმე წლის შემდეგ გამოვლინდეს. ინფორმაციული პროცესები ფიზიკურისგან განსხვავებით მრავალი წლის განმავლობაში შეიძლება გაიწელოს. სხვათა შორის ღვინოში მთავარი შემადგენელი ნაწილი – ინფორმაციულია.
ახლა იუმორს შევეხები. თუ ადრე იუმორი ადამიანის ენერგიის მაჩვენებელი იყო, თუ აჩვენებდა ადამიანის უნარს, დადგეს პრობლემებზე და წყენაზე მაღლა, ახლა ის წელსქვემოთ ჩამოვიდა, მტკიცედ ჩაჯდა იქ და სხვა ადამიანების დაცინვად იქცა. ერთმა ნაცნობმა ასეთი რაღაც მითხრა: “თქვენ ამბობთ, რომ სიცილი მოჭარბებული ენერგიის დახარჯვის საშუალებაა, რომ ის ააქტივებს ორგანიზმის ენერგეტიკას და კურნავს მას. მახსოვს რომ ამას წინათ მთელი საღამო ვიცინოდით და მეორე დღეს ცუდად გავხდი”. მე ამ სიტუაციას წარსულში შევხედე და ვუთხარი, რომ მის სიცილში რატომღაც ხალხისადმი ზიზღის და მათზე უპირატესობის შეგრძნება იყო, ამიტომაც გახდა ცუდად. ერთი კვირის შემდეგ დამირეკა და მითხრა, რომ ყველაფერი გაახსენდა. “მართლაც, ჩვენს კომპანიაში ერთი გოგონა იყო. გახუმრება და დაცინვა დავუწყეთ მას და შემდეგ ეს ნიაღვარივით წამოვიდა. არ ვიცოდი თუ დაცინვას ავადმყოფობის გამოწვევა შეეძლო” – მითხრა მან.
ასე რომ ჩვენთან რუსეთში ახლა იუმორი ძირითადად სექსუალურ-დამცინავია. და მხოლოდ ცალკეული ნიჭიერი მსახიობები იკავებენ თავს ამისგან.
დღევანდელი თამაში მთავრდება. თამაში, სახელად ცხოვრება, კვლავ გრძელდება. როცა ისიც დამთავრდება, გაგრძელდება ახალი თამაში, ოღონდ ამჯერად სულისთვის. და ყველა ეს თამაში ერთ მთავარ წესს ემორჩილება, რომლითაც ცხოვრობს და ვითარდება მთელი სამყარო.