თავი 4
X სტრუქტურა
რუსეთში ამჟამად ორგანიზმის მთლიანობის იდეასთან მიდიან. აღმოჩნდა, რომ ცალ-ცალკე ორგანოების სხვადასხვა დაავადებების მკურნალობა უშედეგოა, თუ იმუნიტეტი ნულზეა.ვფიქრობ ექიმები მალე შეძლებენ დაუკავშირონ იმუნიტეტის ცნება ორგანიზმის შინაგან ენერგიას. შემდეგ კი შინაგანი ენერგიის ცნებას ადამიანის ემოციურ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას დაუკავშირებენ. შემდეგ ექიმები ალბათ უნდა მიხვდნენ, რომ ორგანიზმის ენერგეტიკაზე მოქმედებენ არა ზედაპირული, არამედ ძალიან ღრმა ემოციები, რომლებიც ქვეცნობიერში ინახება. ნუ ამის მერე უკვე ადვილია შევამჩნიოთ კავშირი მსოფლმხედველობას, ხასიათს, ბედსა და ჯანმრთელობას შორის.
ენერგიის მოპოვებისათვის საჭიროა შინაგანად უფრო კეთილები გავხდეთ, შევამციროთ წყენა, წუხილი და შიში. გამოდის რომ ენერგიის ფიზიკური უკმარისობა აიძულებს ადამიანს რომ უფრო კეთილი გახდეს. და პირიქით, გადაჭარბებული კვება, აღვირახსნილობა, ფიზიკური კომფორტი და ცხოვრების ნაკლებად მოძრავი სტილი აძლიერებენ გარეგნულ ფიზიკურ ენერგიას და კეტავენ შინაგანი ენერგიის, სულის ენერგიის ინტენსივობას. აფუჭებენ ხასიათს, ადამიანი ხდება უფრო გაბოროტებული, ხარბი, დეპრესიული. როგორც კი სულის ენერგია მცირდება, ორგანიზმი სუსტდება, შემდეგ კი თანმიმდევრულად მოდის ავადმყოფობები და ნაადრევი სიბერე. ასე რომ რაც უფრო მეტი ორიენტაცია გვაქვს ზედაპირულ ენერგიაზე, მით ნაკლებად გვექნება იგი. ამიტომაც უფრო მეტს ცოცხლობენ და ჯანმრთელები არიან ის ადამიანები, ვისაც შეუძლია თავი შეიზღუდოს სექსში და კვებაში. სხვათაშორის ძალიან ხანდაზმული ადამიანების წარსულში სექსუალური აღვირახსნილობა და ჭარბი კვება პრაქტიკულად არ გვხვდებოდა.
მანმადე კი ექიმები მიზანმიმართულად მკურნალობენ რომელიმე ორგანოს და პაციენტს წამლებით ბერავენ. კრიტიკულ სიტუაციაში, თუ ცოტა დროა დარჩენილი და ავადმყოფობამ ინერცია აიღო, მკურნალობის ეს ფორმა გამართლებულია. მაგრამ იმის გაცნობიერების გარეშე, თუ რამ გამოიწვია ავადობა, როგორ მოქმედებს სული სხეულზე, ყველანაირი მკურნალობა დაიყვანება წამლებით დაბომბვამდე და ოპერაციებამდე.
როგორც წესი რუსეთში მამაკაცები 55 წლის ასაკში კვდებიან. 50 წლის შემდეგ მამაკაცს კლიმაქსი ეწყება და ჩვეულებრივი რეჟიმი, რომელსაც წლების განმავლობაში მიეჩვია, უკვე გადატვირთვას იწვევს. თუ ამას დავუმატებთ უარყოფით ემოციებს, მომეტებულ კვებას და გადაჭარბებულ სმას, კლიენტი უკვე მზადაა. და მაშინ, ერთი სატირიკოსის ზუსტი შენიშვნით, პენსიას რუსეთში 60 წლის შემდეგ იძლევიან, მამაკაცები კი 50 წლამდე ცოცხლობენ.
განვიხილოთ საკითხი: რას ნიშნავს დაბერება? ე სარის ორგანიზმის ადაპტაცია ენერგეტიკული დონის თანდათანობით დაქვეითებასთან. თუ შინაგან ენერგიას ავიმაღლებთ, დაბერება უფრო ნელა მოხდება. ამას ფაქტებიც ადასტურებენ. თუ ადამიანი ცოტას ჭამს და მეტს მოძრაობს, ის შინაგანი ენერგიის წყაროზე გადაერთვება და უფრო დიდხანს ცოცხლობს.
ამას წინათ აჩვენებდნენ ინტრვიუს ცნობილ აკადემიკოსთან, რომელიც თითქმის ასი წლისაა. მან თავისი ჯანმრთელობის მთავარ რეცეპტად დაასახელა – სუფრიდან შიმშილის შეგრძნებით ადგომა, ანუ გარეგანი ენერგიის უკმარისობის შეგრძნება. საჭიროა გადავერთოთ დამატებით წყაროზე, რომელიც სინამდვილეში პირველადი წყაროა. ხდება ქვეცნობიერი სწრაფვა ღმერთისკენ, სიყვარულის გრძნობისადმი განწყობა.
იმისათვის რომ იცოცხლოს, ცოცხალმა ორგანიზმმა გარესამყაროსთან ადაპტაცია უნდა შეძლოს. მივხვდი რატომ მოდის მეტი სიხარული როცა მზე ანათებს. ჩვენ ვბაძავთ მას, რასაც ვხედავთ და როცა მზე ანათებს, ჩვენი სული ენერგიის გაცემას იწყებს, და მიუხედავად ყინვისა და ცივი ქარისა მშვენიერ განწყობაზე ვდგებით. ნაკლებად ვხდებით დამოკიდებული გარესამყაროზე. ხოლო როცა მზე არაა, შინაგანი ენერგია ჩერდება და ჩნდება უკმაყოფილების და მოწყენილობის შეგრძნება. ამიტომაც ჯანმრთელია ის, ვის სულშიც მზე მუდამ ანათებს, ანუ მისი კარგი განწობა ამინდზე არაა დამოკიდებული.
ურთიერთობის არსი მსხვერპლია. ნებისმიერი ურთიერთობის პირველი იმპულსია – დავეხმაროთ თანამოსაუბრეს, მივცეთ მას ენერგია, ინფორმაცია. რაც უფრო მეტად ხდება ურთიერთგაცვლა, ენერგიების გაცვლა, მით უფრო საინტერესო ხდება საუბარი. დასავლეთის ადამიანი, მომართული მეტის მიღებაზე, ურთიერთობას გადაეჩვია. უცნობ ადამიანთან გულახდილი საუბარი რომ გამოგვივიდეს, გულწრფელები უნდა ვიყოთ და მსხვერპლის გაღება უნდა შეგვეძლოს. ეს გვეხმარება სიყვარულის შეგრძნებაში და გვიხსნის გადაღლილობას.
ენერგიის გამოფრქვევა არასოდეს არ უნდა იყოს მიმართული მკვლელობაზე, წყენის ფორმით. მწვავე განაწყენება ახლობელ ადამიანზე, ბედზე, არაცოცხალ ბუნებაზე ძალიან სახიფათოა. ადვილად ნაწყენდება მომხმარებელი (потрибитель), სუსტი ადამიანი, ის, ვისაც არ უნდა ენერგიის გაცემა, ვინც არ ცდილობს სიტუაციის შეცვლას. არ მოგწონს გარესამყარო? - შეცვალე იგი. არ შეგიძლია მისი შეცვლა? – შეიცვალე თავად. შემდეგ კი კვლავ შეეცადე - შეცვალო სამყარო.
ნებისმიერი სიტუაცია კანონზომიერია და მიმართულია განვითარებისკენ. თუ ჩვენ გვერევა და განვითარებად ჩვენი სხეულის კეთილდღეობის, შესაძლებლობების და ცნობიერების განვითარებას ვთვლით, მაშინ სიბერის მოახლოებისას, როცა ეს განვითარება დეგრადაციაში გადადის, ჩვენ ვწუხვართ და ვიტანჯებით. ხოლო თუ განვითარებად სიყვარულის უნარის მომატებას ვთვლით, აქ უკვე სისუსტე და სიბერე ხელს ვეღარ შეგვიშლის. სიყვარულის უნარს ვერავინ წაგვართმევს.
ჩემი სამუშაო ხშირად მაძლევს საკუთარი თავის უპირატესობის შეგრძნებას. რა გასაკვირია, შემიძლია ბედი ვმართო. და როგორ მიდის სიყვარული ვერც კი ამჩნევ. აი როცა ტკივილი და დამცირება მოდის, მაშინ აცნობიერებ, რომ თურმე სიყვარული ცოტა გქონია სულში. და რაც უფრო მეტად ხარ დამცირებული, მით უფრო მეტად გათბობს სიყვარულის გრძნობა. “სხვათა შორის, X სტრუქტურაც ვერ იარსებებს სიყვარულის გარეშე”, - გამახსენდა მე.
სამყარო ერთიანია. ის წერტილისგან შეიქმნა და ნატიფ დონეზე კვლავ წერტილად არსებობს. ნებისმიერი ობიექტი ამ სამყაროში აბსოლუტურ შინაგან ერთობას ინარჩუნებს მთელს არსებულთან. ნებისმიერი ფიზიკური სტრუქტურა - ეს მოწესრიგებული ენერგიაა. მოწესრიგებულობა – მყარი კავშირების არსებობაა. მოწესრიგებული კავშირი – მიზეზის და შედეგის გამოვლინება. იქ, სიღრმისეულ დონეზე, სადაც სამყარო წერტილია, მიზეზი და შედეგი ერთ მთლიანობად გვევლინება. იმის მიხედვით თუ როგორ ფართოვდება სამყარო, მიზეზი უფრო და უფრო შორდება შედეგს. პოტენციალი წარსულსა და მომავალს შორის უფრო დაძაბული ხდება. სამყაროს საერთო ენერგია იზრდება. წონასწორობისათვის ენერგია უნდა გარდაიქმნას ინფორმაციად. ენერგია – ეს დროის ორი ნაკადია. თუ მათ ერთ წერტილში შევკუმშავთ, მივიღებთ ინფორმაციას.
ნებისმიერი ობიექტის განვითარება – ესაა ინფორმაციის გარდაქმნა ენერგიად, და შემდეგ საწყის წერტილში დაბრუნება.
ვარსკვლავების ნათება, მათ შორის ჩვენი მზის, განპირობებულია იმით, რომ მათში მიმდინარეობს თერმობირთვული სინთეზი. ამ დროს იქმნება ახალი ელემენტები. ნებისმიერი ვარსკვლავი ისწრაფვის ენერგიის ინფორმაციად გადაქცევისკენ. ვარსკვლავი გამოტყორცნის პლანეტებს, რომლებშიც ნაკლები ენერგია, მაგრამ მეტი ინფორმაციაა. პლანეტის ამოცანაა – რაც შეიძლება მეტი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი შექმნას, უკვე არა ცალკეული ატომების ან მოლეკულების, არამედ რთული შენაერთების სახით. რაც მეტი კავშირია ამ შენაერთებში, მით მეტი ენერგია შეიძლება დაიხარჯოს მათზე.
ყველაზე დიდი სიხშირე ინფორმაციისა, შესაბამისად ფარული ენერგიისა, ცოცხალ ბუნებაშია. თუ ცოცხალი არსების ინფორმაციას გადავიყვანთ ენერგიაში, ის გაცილებით უფრო მეტი იქნება, ვიდრე ატომური აფეთქების დროს გამოიყოფა. ეს ნიშნავს რომ სიცოცხლის გაჩენა დედამიწაზე და სხვა პლანეტებზე – ღრმად კანონზომიერი მოვლენაა.
ენერგია იკუმშება და ინფორმაციად გარდაიქმნება, დრო იკუმშება და წერტილად გარდაიქმნება. დროის და ენერგიის შეკუმშვის ხარისხი ცოცხალ ბუნებაში გაცილებით მაღალია, ვიდრე არაცოცხალში.
რით განსხვავდება ცოცხალი ობიექტი არაცოცხალისგან? სიჩქარით, რომელიც ჭირდება ენერგიის ინფორმაციად გარდაქმნას და პირიქით. რა არის ნებისმიერი არსების მთავარი თვისება? ესაა ჰომეოსტაზი, ანუ შინაგანი შემადგენლობის მუდმივობა და უარყოფითი უკუკავშირის არსებობა, ანუ რეაქცია გარესამყაროზე. ჰომეოსტაზის შენარჩუნებისთვის ენერგიის დახარჯვაა საჭირო. რეაქციის არსებობისთვის საჭიროა ენერგია ინფორმაციად გადაიქცეს.
წარმოვიდგინოთ რომ უჯრედი აღმოჩნდა არახელსაყრელ პირობებში. იმისათვის რომ გადარჩეს, მან სწრაფად უნდა მოახდინოს რეაგირება. გარედან მომავალი ყველანაირი ზემოქმედება მოკლე დროში წერტილად უნდა შეიკუმშოს, წარსულის გამოცდილებასთან შეთავსდეს და გამოტანილ იქნეს დასკვნა მომავლისთვის. ანუ ცოცხალი ორგანიზმის რეაქცია გარესამყაროზე შეუძლებელია წარსულის გამოცდილების და მომავლის პროგნოზირების გარეშე. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმის რეაქცია გარემოზე შეუძლებელია დროის შეკუმშვის, ენერგიის ინფორმაციად გარდაქმნის გარეშე. ხოლო საპასუხო მოქმედება ორგანიზმისა გარესამყაროზე – ეს ინფორმაციის ენერგიად გარდაქმნის აქტია.
ცოცხალ ბუნებაში უწყვეტად მიმდინარეობს ორი ურთიერთსაპირისპირო პროცესი. ენერგია დროის ორი ნაკადის სახით იკუმშება ინფორმაციად, პროგრამად, გააზრებად. ყველაფერ ამას შეიძლება დავარქვათ გავლენა. ხოლო შემდეგ ვლინდება თავად რეაქცია გარესამყაროს მიმართ, როცა პროგრამა რეალიზდება მოქმედებაში. ცოცხალი ორგანიზმის განვითარება მიდის არა იმდენად რეაქციის აჩქარების განვითარებაზე, არამედ დროის ორი ნაკადის მასშტაბის მოცვაზე. ანუ ხდება მეხსიერების განვითარება და ცხოვრებისეული გამოცდილების, ინტელექტის და პროგნოზირების უნარის დაგროვება. სწორედ ესაა დროის ორი ნაკადის გაერთიანება.
ის, რასაც X სტრუქტურა დავარქვი, ცხოვრება აღმოჩნდა. ჩვენი ცნობიერება მეხსიერებისგან და ინტუიციისგან (პროგნოზირებისგან) შედგება. იგი არსებობს როგორც კავშირი მომხდარი მოვლენებისა მომავალში მოსახდენთან. და როცა ვიხსენებთ წარსულს, ეს ყოველთვის მომავლიოსკენაა მიმართული. როგორც კი ადამიანი იწყებს ცხოვრებას მხოლოდ წარსულით ან მხოლოდ მომავლით, ცნობიერება დეგრადაციას განიცდის. ის, რასაც აწმყოს ვეძახით, რეალურად წარსულის და მომავლის ერთობლიობაა, რომლებიც ღრმა დონეზე ერთ მთლიანს წარმოადგენენ.
როცა შევეცადე სიღრმისეულ დონეზე დამენახა, როგორ იბადებოდა დედამიწაზე სიცოცხლე, საინტერესო სურათი გამოვიდა. თავად სიცოცხლე თავდაპირველად გაჩნდა როგორც ცნობიერების ფორმა დედამიწის გარეთ. მზის ენერგიის, როგორც მამაკაცური საწყისის და დედამიწის ენერგიის, როგორც ქალური საწყისის შეერთებამ გამოიწვია ველობრივი სტრუქტურის შექმნა და დროის ორი სხვადასხვა ნაკადით.
მართალია დედამიწა მზისგან გამოვიდა და მასში ქალური, მატერიალური საწყისი ჭარბობს, ღრმა დონეზე იგი აგრძელებს მზესთან ერთიანობაში ყოფნას. სწორედ ამიტომ ველობრივი სტრუქტურა დროის ორი ნაკადით არ დაიშალა ორ ნაწილად. ღრმა დონეზე დედამიწა და მზე ერთ მთლიანად ყოფნას აგრძელებენ.
სიცოცხლემ, რომელიც ცნობიერების სახით გაჩნდა, ევოლუცია განიცადა დედამიწის ატმოსფეროში. შემდეგ კი დაეშვა მიწაზე სამხრეთ აფრიკის რაიონში, ინდოეთის ოკეანეში. ინფორმაციული და ენერგეტიკული სტრუქტურა ფიზიკურად წყალში გამოვლინდა.
საქმე იმაშია, რომ წყალს გააჩნია მეხსიერება. იგი ერთდროულად ამორფულიცაა და სტრუქტურირებულიც. ენერგიის ინფორმაციად გარდაქმნა წყალში მუდმივად მიმდინარეობს. ტემპერატურული მონაცვლეობის შედეგად წყალს შეუძლია გახდეს მყარი, თხევადი ან გაზისებური. ყინულის ორი ნაჭერი ფორმით სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ შემდეგ ყინული დნება და ერთიან გუბედ გადაიქცევა. ზედაპირული ერთიანობა ირღვევა, შინაგანი ერთიანობა კი ინახება. წყალი გამუდმებით იცვლის ფორმას, მაგრამ არ იცვლის შემადგენლობას – ისევე როგორც სამყარო. წყალი თითქოს უნივერსუმის მოდელად გვევლინება. ამიტომაც სიცოცხლის ველობრივ ფორმას ფიზიკურ დონეზე მხოლოდ წყალში შეეძლო რეალიზება. აქ შეისხა ცნობიერებამ ხორცი. მამაკაცურმა საწყისმა წარმოქმნდა ქალური საწყისი. მოხდა “სამოთხიდან განდევნა”.
სიცოცხლეს წყალში მხოლოდ ორმაგი ველის სახით შეეძლო გაჩენილიყო. ანუ იგი ორი ნახევრისგან უნდა შემდგარიყო, ორი ერთმანეთთან დაკავშირებული პოლუსისგან. და როგორც არ უნდა ვითარდებოდეს სიცოცხლე ფიზიკურად, იგი ინარჩუნებს თავს პირველადი ველობრივი სტრუქტურის სახით. ინფორმაციის ძირითადი დაგროვება სწორედ ველის დონეზე ხდება და ჩვენი გენები მათ დუბლირებას ახდენენ უბრალოდ.
უფრო მეტად სავარაუდოა, რომ სიცოცხლე ოკეანეში შეიქმნა როგორც ერთიანი ორგანიზმი – “მოაზროვნე ოკეანე” ორმაგველიანი, დროებრივი ორიენტაციით. დედამიწის ორი ნახევარსფერო, აღმოსავლეთი და დასავლეთი, ორიენტაცია დროის ორ ნაკადზე და დღე-ღამის ცვალებადობა ეხმარებოდა ამ ორგანიზმს ინფორმაციის ფიზიკურ სტრუქტურად გარდაქმნაში. და პირველი წვეთები, თავდაპირველად უწყვეტად გაერთიანებულნი, დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტ ინდივიდუალობას იძენდნენ. ინფორმაცია გარდაიქმნებოდა ენერგიად და ხორცად. დღემდე ყველაფერი ცოცხალი მიუხედავად გარეგნული მრავალფეროვნებისა ერთ მთლიან ორგანიზმად არსებობას განაგრძობს. და გამოდის, რომ ღრმა დონეზე ადამიანები პასუხისმგებელნი არიან არა მხოლოდ ერთმანეთზე, არამედ მთელ ცოცხალ ბუნებაზე.
ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი ატარებს თავის თავში ინფორმაციას მთელი სამყაროს შესახებ, მისი გაჩენის მომენტიდან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს სამყაროს აბსოლუტური მთლიანობის იდეას დროსა და სივრცეში. ამიტომაც ადამიანის ემბრიონი პირველ სტადიებზე გამოიყურება როგორც ამება, თევზი, და ა. შ.
აბსოლუტური მეხსიერება, სამყაროში მომხდარის შესახებ, დუბლირებას განიცდის ფიზიკურ დონეზე ცოცხალი ორგანიზმების საფეხურებრივი ევოლუციის სახით.
მოძრაობა შეუძლებელია დროის ორი ნაკადის ურთიერთქმედების გარეშე. ამიტომ დნმ უჯრედში ძირითადად წარსულზე და აწმყოზე აგებს პასუხს, ხოლო მემბრანა – ძირითადად მომავალზე და აწმყოზე. ამიტომ აქვს ადამიანს ტვინის ორი ნახევარსფერო. მარცხენა დაკავშირებულია სხეულის ცნობიერებასთან, გამოცდილების დაგროვებასთან, ხოლო მარჯვენა – გრძნობისმიერ ხატ-სახეებთან ინტუიციასთან და ორიენტირებულია მომავალზე. სხეულის მარჯვენა მხარე უფრო მეტად მომავალზეა ორიენტირებული, ხოლო მარცხენა – წარსულზე.
მე ვფიქრობ: “თუ სიცოცხლე ასეთი ჰარმონიული სტრუქტურაა, მაშინ რატომ გვაძლევს მასზე დამოკიდებულება ამდენ პრობლემას?” ალბათ საქმე უფრო ეხება სიცოცხლის ფიზიკურ სტრუქტურას. ზედაპირული სტრუქტურა სხეულთანაა დაკავშირებული და სიცოცხლის ველობრივი ფორმის პაწაწინა ნაწილად გვევლინება. და ჩვენი სხეულებრივი ცნობიერება ძალიან პატარა ნაწილია იმისა, რასაც ქვეცნობიერს ან არაცნობიერს ვეძახით. ჩვენი სხეულებრივი ცხოვრება მიჯაჭვულია ორ ინსტინქტზე – თავდაცვის ინსტიქტი და გამრავლების ინსტინქტი. ამასთან მეორე უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ცხოველებიც, ხშირად თავს სწირავენ შთამომავლობის გადასარჩენად. ხოლო სექსისადმი თაყვანისცემა, რომელიც ფიზიკური ცხოვრების გაგრძელების საშუალებაა, აძლიერებს სიცოცხლეზე დამოკიდებულებას, იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, სექსუალურობის დაქვეითებას და საბოლოო ჯამში თავად სიცოცხლის დაკარგვას.
“უცნაურია, - ვფიქრობ მე, - წინა წიგნებში მე უკვე შევეხე ეჭვიანობის და სიამაყის, სიცოცხლის და სურვილების თემას”. დიდხანს ვფიქრობდი ამ თემაზე და თანდათან მივხვდი რაც მოხდა. ადრე ადამიანური ღირებულებები არ მქონდა სისტემურად ორგანიზებული. ახლა კი ისინი დაკავშირებულნი აღმოჩნდნენ სამყაროს ფუნდამენტალურ საფუძვლებთან, ისეთებთან როგორიცაა დრო, ენერგია, მატერია. იმისათვის რომ შევიგრძნოთ აბსოლუტური მთლიანობა სამყაროსთან, ჩვენ უნდა დავძლიოთ მათ ცალკეულ ნაწილებზე დამოკიდებულება და სადაც არ უნდა გაგვიტაცოს სამყაროს შეცნობამ, ჩვენ უწყვეტად უნდა ვიყოთ მთლიანობაზე ორიენტირებულნი. ხოლო უმაღლესი ერთიანობა და მთლიანობა – ეს ღმერთისადმი სიყვარულია. და თუ ეს სიყვარული არაა საკმარისი, ნაწილები კარგავენ შინაგან კავშირს და ერთიანობას, შემდეგ კი ცილდებიან ერთმანეთს და იღუპებიან.
სიყვარულის დაკარგვის პროცესი შეიძლება მოხდეს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ველობრივ დონეზეც. და სიცოცხლე ველობრივ ფორმაში, ცნობიერება, ასევე შეიძლება დაიღუპოს სიყვარულის გარეშე. ყველაზე მეტად სავარაუდოა რომ თქმულება ეშმაკის შესახებ სწორედ ამაზე გვიყვება. ყველაზე ჭკვიანმა და ნიჭიერმა, ყველაზე მეტი ნების და შესაძლებლობების მქონე ანგელოზმა თავისი ცნობიერება სიყვარულზე მაღლა დააყენა და ამით დაიწყო ტრაგედია. ის ეშმაკი გახდა. ეს პროცესი ფიზიკურ დონეზეც გრძელდება. და აი, ქრისტეს ყველაზე ნიჭიერმა და ნებისყოფიანმა მოწაფემ, რომელიც ადმინისტრატორის როლს ასრულებდა და საერთო ხაზინას განაგებდა, გადაწყვიტა რომ სიყვარული მეორადია, ხოლო ცნობიერება მორალთან და იდეალებთან ერთად პირველადია. და ტრაგედია უკვე მას ემართება.
ჩვენ ყველას სულში არსებობს იუდა და ყველა ჩვენთაგანის სულში თითქმის ყოველდღე ხდება ტრაგედიები, რომლებსაც ვერ ვამჩნევთ. სიცოცხლე სიყვარულის გარეშე არაფერს ნიშნავს. ცნობიერებაც არაფერს ნიშნავს სიყვარულის გარეშე. სამწუხაროდ ამ ყველაფერს მხოლოდ მას შემდეგ ვხვდებით, რაც ვკარგავთ ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და ცნობიერებას. მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვისაა შუქურა, რომელიც არასოდეს ჩაქრება, რომელიც ყოველთვის გამოგვიყვანს გამოუვალი მდგომარეობიდან, რომელსაც ვერავინ წაგვართმევს და რომელსაც მხოლოდ ჩვენ თვითონ შეგვიძლია რომ ზურგი ვაქციოთ და გზას ავცდეთ. და რა ქვია ამ შუქურას მკითხველმა უკვე იცის.