ფრანც ბარდონი - ინიციაცია ჰერმეტიზმში

ფრანც ბარდონი
0
0

მეორე საფეხური

მეორე საფეხური

მთარგმნელი: მამუკა გურული

ავტოსუგესტია* ანუ ქვეცნობიერის საიდუმლო
________________________
*ავტოსუგესტია — თვითშთაგონება. — მთარგმ. შენიშვნა

სანამ მეორე საფეხურის ცალკეულ სავარჯიშოებზე გადავალ, მინდა ავხსნა ქვეცნობიერის საიდუმლო და მისი პრაქტიკული მნიშვნელობა. იმის მსგავსად, როგორც ჩვეულებრივი ცნობიერება თავსდება სამშვინველში და მოქმედებს სხეულში დიდი ნახევარსფეროების მეშვეობით, ასევე ქვეცნობიერიც წარმოადგენს სამშვინველის თვისებას და იმყოფება მოგრძო ტვინში, რომელიც განლაგებულია თავის უკანა ნაწილში. მაგიის პრაქტიკული გამოყენების მიზნით შევუდგეთ მოგრძო ტვინის, ანუ ქვეცნობიერის ფსიქოლოგიური ფუნქციის შესწავლას.

ყოველ ადამიანში, რომელსაც ხუთი გრძნობა გააჩნია, ჩვეულებრივი ცნობიერის სფერო კარგ მდგომარეობაშ იმყოფება, ანუ ყოველ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს ჩვეულებრივი ცნობიერის ფუნქცია. როგორც ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, არ არსებობს არც ერთი ძალა მთელს უნივერსუმში, და შესაბამისად არც ადამიანში, რომელსაც თავისი საწინააღმდეგო მხარე არ გააჩნია. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ქვეცნობიერი, როგორც ჩვეულებრივი ცნობიერის საწინააღმდეგო პოლუსი. ის, რასაც ჩვეულებრივ ცნობიერებაში გვესმის როგორც აზროვნების ფუნქცია, შეგრძნებები, სურვილები, მეხსიერება, ინტელექტი, კეთილგონიერება, ქვეცნობიერებაში თავის უკუქმედებად გარდატყდება. პრაქტიკული თვალსაზრისით ჩვენი ქვეცნობიერი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც მოწინააღმდეგე.

აღმძვრელი ძალა და იმპულსი ყველაფერი იმისთვის, რაც ჩვენთვის არასასურველია, მაგალითად ტანჯვისთვის, შეცდომებისთვის და სისუსტეებისთვის, სწორედ ამ ქვეცნობიერი სფეროდან მოდის. ინტროსპექციაში მოსწავლის ამოცანაა დაალაგოს ქვეცნობიერის ფუნქციები ელემენტთა გასაღების - ოთხპოლუსიანი მაგნიტის მეშვეობით. ეს ძალიან კეთილშობილური სამუშაოა, რადგანაც საკუთარი დაკვირვებების და მედიტაციების შედეგად მოსწავლე ღებულობს სრულ თავდაჯერებულობას.

ამგვარად, ქვეცნობიერი წარმოადგენს აღმძვრელ ძალას ყველაფერ იმისთვის, რაც ჩვენ არ გვსურს. ამჯერად უნდა ვისწავლოთ, რომ გადავაწყოთ ჩვენი «მე»-ს, ეს ასე ვთქვათ «მტრულად განწყობილი» ასპექტი ისე, რომ იგი არა მხოლოდ ხელს გვიშლიდეს, არამედ პირიქით, ხელს უწყობდეს ჩვენი სურვილების ასრულებას. ქვეცნობიერს, ისევე როგორც ყველაფერს, მატერიალურ სამყაროში რეალიზაციისთვის ესაჭიროება სივრცე და დრო, ანუ ორი ძირითადი პრინციპი, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი მოვლენისთვის, რათა გადაინაცვლოს მიზეზთა სამყაროდან გამოვლენილ სამყაროში. თუკი ქვეცნობიერს წავართმევთ დროს და სივრცეს, მაშინ საწინააღმდეგო პოლარობა შეწყვეტს არსებობას, ასევე შეწყდება მისი ზეგავლენაც, და მაშინ შეგვეძლება განვახორციელოთ ჩვენი სურვილები ქვეცნობიერის მეშვეობით. სწორედ ამაშია გასაღები ავტოსუგესტიის პრაქტიკული გამოყენებისთვის. თუკი, მაგალითად, შთავაგონებთ ჩვენს ქვეცნობიერს, რომ ხვალ, ან რომელიმე სხვა დროს აღარ მოგვინდება მოწევა ან დალევა, მაშინ ქვეცნობიერი პრობლემებს მხოლოდ ამ დრომდე შეგვიქმნის, მაგრამ არა უფრო მეტხანს. უმეტეს შემთხვევაში, მაგალითად სუსტი ან განუვითარებელი ნების ძალის შემთხვევაში, ქვეცნობიერი თითქმის ყოველთვის ახერხებს მოგვატყუოს და წარუმატებლობამდე მიგვიყვანოს.

ხოლო თუ ჩვენი შთაგონების მეშვეობით სურვილთან ერთად ქვეცნობიერს სივრცისა და დროის ცნებას წავართმევთ, მაშინ ამ შემთხვევაში ჩვენზე ზემოქმედებს ქვეცნობიერის მხოლოდ დადებითი ნაწილი, ირთვება ასევე ზემოთა, ანუ ნორმალური ცნობიერება და ჩვენი თვითშთაგონება წარმატებული გახდება. ამ ცოდნას და ასეთ შესაძლებლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგიური განვითარებისთვის, და ისინი აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული თვითშთაგონების დროს.

ავტოსუგესტიისთვის შერჩეული ფორმულა აუცილებლად უნდა იყოს აწმყო დროში. არ შეიძლება, მაგალითად, რომ ფორმულირება გამოიყურებოდეს ასე: «მე ბოლოს მოვუღებ მწეველობას, სმას», არამედ უნდა ჟღერდეს ასე: «მე არ ვეწევი», ან «მე არ ვსვამ», «მე აღარ მინდა მოწევა ან დალევა», — იმის მიხედვით, თუ რისგან უნდათ განთავისუფლება ქვეცნობიერის დონეზე. გასაღები თვითშთაგონებისთვის მდგომარეობს აწმყო დროის ბრძანებით ფორმაში. ეს უნდა გავითვალისწინოთ ყოველთვის, რა სურვილის ჩანერგვაც არ უნდა გინდოდეთ ქვეცნობიერში.

ყველაზე ეფექტურად ქვეცნობიერი ფუნქციონირებს ღამით, როცა ადამიანს ძინავს. ძილის მდგომარეობაში ჩვეულებრივი ცნობიერება გამორთულია და პრევალირებს ქვეცნობიერი. ამიტომ ყველაზე საუკეთესო დრო სუგესტიური ფორმულის აღსაქმელად ესაა დრო ძილის წინ, როცა დაღლილი ადამიანი უკვე ემზადება ძილისთვის, ან მაშინვე ძილის შემდეგ, სანამ საბოლოოდ არ გაიღვიძებს. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ სხვა დრო არ გამოდგება ავტოსუგესტიისთვის, მაგრამ დროის ეს ორი მომენტი ყველაზე ხელსაყრელად ითვლება. ამიტომ მაგი არასოდეს იძინებს აზრებით უბედურებაზე, დარდებზე, დეპრესიაზე, იგი არ დაიტვირთავს ქვეცნობიერს ასეთი ფიქრებით, იმიტომ რომ ქვეცნობიერი აზრთა დინების იმ მიმართულებით აგრძელებს ფუნქციონირებას, რომლითაც ვიძინებთ. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ დაძინება საჭიროა მშვიდი, ჰარმონიული აზრებით ან აზრებით წარმატების, ჯანმრთელობის, მშვიდობის შესახებ.

მანამ, სანამ გადაწყვეტთ ავტოუგესტიის პრაქტიკულ გამოყენებას, დაამზადეთ პატარა ძაფი ხის ან შუშის ბურთულებით (რაოდენობა - დაახლოებით 30-40). თუ გიჭრთ ასეთი კრიალოსანის შოვნა, მაშინ საკმარისი იქნება თოკი, რომელზეც უნდა გააკეთოთ 30-40 კვანძი, და მარტივი ხელნაკეთი საშუალება ავტოსუგესტიისთვის მზად იქნება.

ეს გამოგვადგება იმაში, რომ ავტოსუგესტიის ფორმულის გამეორებისას არ მოვცდეთ თვლაზე და არ გაგვეფანტოს ყურადღება. ეს დამხმარე საშუალება დაგვეხმარება იმაშიც, რომ დავადგინოთ, თუ რამდენჯერ დაფიქსირდა დარღვევა კონცენტრაციისა და მედიტაციის პროცესში, ამასთან ამ შემთხვევაში ყოველი დარღვევის დროს უნდა გადავიდეთ შემდეგ ბურთულაზე ან კვანძზე.

ავტოსუგესტიის პრაქტიკული გამოყენება ძალიან მარტივია. როცა ის, რისი მიღწევაც გსურთ, აქციეთ ფორმულირებად აწმყო დროში და ბრძანებით ფორმაში, მაგალითად: «დღითიდღე ჩემი საქმეები უკეთ და უკეთ მიდის» ან:«მე აღარ მინდა მოწევა, დალევა» ან «მე ჯანმრთელი, კმაყოფილი, ბედნიერი ვარ», — მაშინ შეგიძლიათ პრაქტიკასაც შეუდგეთ. დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე აიღეთ კრიალოსანი და ნახევარი ხმით, ჩურჩულით ან გონებაში (როგორც მოგწონთ, ან რის საშალებასაც სიტუაცია გაძლევთ) გაიმეორეთ არჩეული ფორმულა მანამ, სანამ ძაფის ბოლომდე არ გახვალთ. ამ შემთხვევაში დარწმუნებული იქნებით, რომ 40-ჯერ გაიმეორეთ ფორმულა. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ თქვენ წარმოიდგენთ თქვენს სურვილს უკვე რეალიზებულად, ანუ ცხოვრებაში განხორციელებულად. წარმოიდგენთ სრულიად სრულიად მკაფიოდ და ნათლად და უახლოვდებით ამ რეალობას. თუ ფორმულის მთელ წრეზე გამეორების შემდეგ ჯერ კიდევ არ გეძინებათ, განაგრძეთ ეს პროცესი, სანამ არ დაგეძინებათ. თქვენ აზრებში უნდა ადევნოთ თვალყური იმას, რომ სიზმარში წაიყოლოთ თქვენი სურვილი. მაშინაც კი, თუ ფორმულის მეორადი გამეორებისას მხოლოდ ნახევარ წრეზე ჩაგეძინათ, მიზანი მაინც მიღწეულად ითვლება.

დილით, სანამ ბოლომდე გამოფხიზლდით და ჯერ კიდევ საწოლში ხართ, მაშინვე აიღეთ კრიალოსანი და გაიმეორეთ ექსპერიმენტი. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხშირად იღვიძებენ ღამით, ან შარდის ბუშტი აწუხებთ, ან სხვა მიზეზის გამო. თქვენ ასეთ შემთხვევებშიც შეგიძიათ გაიმეოროთ ექსპერიმენტი და ეს დააჩქარებს შედეგს. აუცილებელია ასევე აღვნიშნოთ, როგორი სურვილები რეალიზდება ავტოსუგესტიის შედეგად. არსებობს საერთო წესი: შესაძლებელია ნებისმიერი სურვილის განხორციელება, რომელიც ეხება სულს, სამშვინველს და სხეულს, მაგალითად ხასიათის გაუმჯობესება, მავნე ჩვევების, სისუსტეების და დისჰარმონიის დაძლევა, ჯანმრთელობის გაძლიერება, გარკვეული თვისებების შეძენა ან მოშორება, უნარების განვითარება და ა.შ. არ შეიძლება იმ სურვილების განხორიელება, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო პიროვნებასთან, მაგალითად ლატარიაში მოგება.

შემდეგ ფორმულაზე უნდა გადავიდეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ბოლომდე დაკმაყოფილდებით წინა ფორმულის წარმატებით. ის, ვინც სერიოზულად და სისტემატიურად უდგება სავარჯიშოებს, ძალიან მალე დარწმუნდება ავტოსუგესტიის სასიკეთო ზეგავლენაში და შეინარჩუნებს ამ მეთოდს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

მენტალური მაგიის შესწავლა (II)

სულის მაგიის შესწავლის პროცესში პირველ საფეხურზე ჩვენ ვისწავლეთ ჩვენი აზრების კონტროლი და მათი მართვა. ახლა კი უფრო შორს წავალთ და ვისწავლით აზრის კონცენტრაციის ფლობას - ნების ძალის კონცენტრაციის უნარის გაზრდის ხარჯზე.

დაიწყვეთ თქვენს წინ რამდენიმე საგანი, მაგალითად: დანა, ჩანგალი, ფანქარი და დააფიქსირეთ თქვენს მეხსიერებაში ერთ-ერთი მათგანი. ზუსტად დაიმახსოვრეთ მისი ფორმა და ფერი. ამის შემდეგ დახუჭეთ თვალები და შეეცადეთ იმდენად პლასტიურად წარმოიდგინოთ ეს საგანი, როგორც სინამდვილეშ გამოიყურება. თუ იგი გაქრება თქვენი წარმოსახვიდან, შეეცადეთ კვლავ მოიხმოთ მისი ხატ-სახე. თავდაპირველად ეს ექსპერიმენტი მხოლოდ რამდენიმე წამით გამოგივათ, მაგრამ სათანადო გამძლეობისა და განმეორებების შედეგად საგანი უფრო მკაფიო გახდება და მისი გაქრობა-გაჩენების რაოდენობა წარმოსახვაში თანდათან შემცირდება. ნუ შეგეშინდებათ პირველი წარუმატებლობების. თუ დაიღალეთ გადადით შემდეგ საგანზე. თავდაპირველად არაა საჭირო ამ სავარჯიშოს ათ წუთზე მეტი ხნით გაკეთება, მაგრამ თანდათანობით ვარჯიშის ხანგრძლივობა ნახევარ საათამდე უნდა გაზარდოთ.

იმისთვის, რომ დარღვევები აკონტროლოთ, გამოიყენეთ ავტოსუგესტიის თავში აღწერილი სკვნილი კვანძებით ან ბურთულებით. ყოველ დარღვევაზე გადაადგილდით ერთი ბურთულით, ისე რომ შემდეგ შეგეძლოთ დადგენა, რამდენი დარღვევა დაფიქსირდა ვარჯიშის დროს. სავარჯიშო შესრულებულად ითვლება, თუ ადამიანს შეუძია შეინარჩუნოს საგნის ხატ-სახე უწყვეტად 5 წუთის განმავლობაში.

თუ ეს შეძელით, შეგიძლიათ გადახვიდეთ იმაზე, რომ მოიწვიოთ ეს ხატ-სახეები გახელილი თვალები. ისინი უნდა წარმოიდგინოთ თითქოს ჰაერში დაკიდებული და იმდენად პლასტიურნი ჩვენი მზერისთვის, რომ თითქმის ხელშესახებად ჩანდნენ. გარდა ამ წარმოდგენილი საგნისა, არაფერი არ უნდა აღიქვათ გარშემო სიტუაციიდან. აქაც საჭიროა დარღვევების კონტროლი სკვნილის საშუალებით. სავარჯიშო შესრულებულად ჩაითვლება, თუკი შეძლებთ ამას 5 წუთით შეძლებთ.

ვიზუალური კონცენტრაციის უნარს მოსდევს აკუსტიკური. აქ თავიდანვე დიდ როლს თამაშობს წარმოსახვის ძალა. ამჯერად პირდაპირ ვეღარ ვიტყვით: წარმოიდგინეთ საათის წიკ-წიკი, რადგანაც «წარმოდგენაში» როგორც წესი გულისხმობენ ხატ-სახოვან წარმოდგენას, რასაც ვერ ვიტყვით აკუსტიკურ სავარჯიშებზე. ნათლად რომ ავხსნათ: «წარმოიდგინეთ, რომ გესმით საათის წიკ-წიკი». უფრო გასაგები რომ იყოს, გამოვიყენოთ ასეთი გამოთქმა:«წარმოიდგინეთ, რომ გესმით კედლის საათის წიკ-წიკი». თავდაპირველად ესეც მხოლოდ რამდენიმე წამით გამოგივათ, მაგრამ სათანადო ნებისყოფის შემთხვევაში თანდათან ეს დრო გაიზრდება. კონტროლისთვის აქაც გამოიყენეთ სკვნილი. ამის შემდეგ შეეცადეთ «მოისმინოთ» ჯიბის, ან მაჯის საათის წიკ-წიკი, შემდეგ კი სხვადასხვა მოდულაციის ზარების ხმა. შეგიძიათ ჩაატაროთ სხვა ექსპერიმენტებიც, როგორებიცაა: გონგის ხმა, ჩაქუჩის დარტყმა, სხვადასხვა ხმები, მაგალითად ფახაჭუნი, შრიალი, ქარი, ელვა, ჩანჩქერის ხმა, ვიოლინოს, ფორტეპიანოს და სხვა ინსტრუმენტების ხმები.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სავარჯიშოს დროს არის ის, რომ უნდა მოხდეს კონცენტრაცია აკუსტიკურ ხმებზე და დაუშვებელია რაიმე ხატ-სახოვანი წარმოდგენები. თუ წარმოდგენა მაინც ჩნდება, იგი მაშნვე უნდა განდევნოთ. მაგალითად, ზარის ხმის მოსმენისას, არ უნდა წარმოიდგინოთ თავად ზარი. სავარჯიშ შესრულებულად ითვლება, თუკი ადამიანი შეძლებს ხუთი წუთის განმავლობაში შეინარჩუნოს აკუსტიკური წარმოდგენა.

შემდეგი სავარჯიშო შეგრძნებაზე კონცენტრაციაა. უნდა გამოვიწვიოთ სიცივის, სითბოს, სიმძიმის, სიმსუბუქის, შიმშილის, წყურვილის, დაღლილობის შეგრძნებები და შევინარჩუნოთ ისინი მანამ, სანამ არ შეგვეძლება რაიმე ხატ-სახოვანი ან აკუსტიკური წარმოდგენის გარეშე გავაკეთოთ ეს მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში. თუ გაითავისეთ ეს უნარი იმ დონეზე, რომ სურვილისამებრ შეგიძლიათ ნებისმიერი შეგრძნების გამოწვევა და მისი შენარჩუნება, შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ სავარჯიშოზე.

შემდეგი კონცენტრაცია ეხება ყნოსვას. უნდა წარმოიდგინოთ, რომ შეისუნთქავთ სხვადასხვა ყვავილების არომატს: ვარდების, იების, ან სხვადასხვა სუნამოების და შეინარჩუნოთ ეს წარმოდგენა ისე რომ არ დაუშვათ ხატ-სახოვანი წარმოსახვები. იგივე ეხება სხვადასხვა უსიამოვნო სურნელებსაც. აქაც, ისევე როგორც წინა სავარჯიშოებისას, უნდა შეგეძლოთ მინიმუმ 5 წუთით გამოიწვიოთ ნებისმიერი სურნელის შეგრძნება.

შეგრძნებების კონცენტრაციებიდან უკანასკნელია გემოს კონცენტრაცია. ყოველგვარ კონკრეტულ საჭმელზე ან სასმელზე ფიქრის გარეშე უნდა კონცენტრირდეთ რომელიმე განსაზღვრულ გემოზე. თავდაპირველად შეჩერდით მკაფიო შეგრძნებებზე: ტკბილზე, მჟავეზე, მწარეზე და მარილიანზე. როცა აქ გარკვეულ შედეგს მიიღებთ, შემდეგ გადადით სხვადასხვა სანელებლების გემოებზე. თუ მოსწავლეს შეუძლია მინიმუმ 5 წუთით შეინარჩუნოს ყოველი ეს გემოს შეგრძნება, ვარჯიშის მიზანი მიღწეულია.

თქვენ შეამჩნევთ, რომ ესა თუ ის კონცენტრაციის სავარჯიშო უფრო ადვილად გამოგივათ, სხვები კი უფრო ძნელად, რაც იმის ნიშანია, რომ გარკვეული შეგრძნების ფუნქცია თავის ტვინში ან არასაკმარისადაა განვითარებული, ან მას სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. სასწავლო სისტემების უმეტესობა ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ ერთ, ორ ან მაქსიმუმ სამ ფუნქციაზე. ვარჯიშები კონცენტრაციაზე, რომლებიც ხუთ გრძნობას ავარჯიშებენ, აძლიერებენ გონებასა და ნების ძალას, და გვასწავლიან არა მხოლოდ გრძნობების კონტროლს, არამედ ანვითარებენ მათ და საშუალებას გვაძლევენ ბოლომდე ვფლობდეთ ამ შეგრძნებებს. მაგს ყველა გრძნობა უნდა ჰქონდეს განვითარებული და შესანიშნავად ფლობდეს მათ. მაგიური განვითარებისთვის ეს სავარჯიშოები უკიდურესად მნიშვნელოვანია.

სამშვინველის მაგიის შესწავლა (II)

პირველ საფეხურზე მოსწავლემისწავლა ინტროსპექციას. მან აღნიშნა დადებითი და უარყოფითი თვისებები ოთხი ელემენტის შესაბამისად და სამ ჯგუფად დაჰყო ისინი. ამგვარად შექმნა სამშვინველის სარკეები: კარგი (თეთრი) და ცუდი (შავი). სწორედ ეს ორი სარკე წარმოადგენს მისი სამშვინველის ხასიათს. ამა თუ იმ თვისებების გამოკვლევით, მან უნდა განსაზღვროს, ელემენტთა რომელი ძალები ჭარბობენ როგორც შავ, ასევე თეთრ სარკეებში, და უნდა ისწრაფვოდეს იმისკენ, რომ წონასწორობა დაამყაროს. ასტრალურ სხეულში ანუ სამშვინველში წონასწორობის გარეშე შეუძლებელია მაგიური პროგრესი და ამაღლება. ამ საფეხურის ამოცანას წარმოადგენს სწორედ ამ სულიერი წონასწორობის აღდგენა. თუ დამწყებ მაგს საკმარისი ნების ძალა გააჩნია, მაშინ მას შეუძლია გადავიდეს იმ თვისებების დაუფლებაზე, რომლებიც ყველაზე დიდ ზეგავლენას ახდენენ მასზე. თუკი მას არც ისე ძლიერი ნების ძალა აქვს, შეუძლია დაიწყოს საპირისპირო მხარით და თავდაპირველად გამოასწოროს მცირე სისუსტეები, ხოლო დიდ ნაკლოვანებებს თანდათანობით მოერიოს. სისისტეების გადასალახად მოსწავლეს აქვს სამი შესაძლებლობა, სახელდობრ:

1. ავტოსუგესტიის სისტემატიური გამოყენება, როგორც ზემოთაა აღწერილი.

2. სისუსტეების საპირისპირო დადებით მხარეებად გარდაქმნა, ანუ ტრანსმუტაცია, რის მიღწევაც შესაძლებელია ან ავტოსუგესტიით, ან სუფთა მედიტაციით და საკუთარი თავის დაჯერებით იმაში, რომ დადებით თვისებებს მიაღწიეთ.

3. ყურადღება და ნების ძალა.

ამ მეთოდის გამოყენებით შეგვიძლია არ დავუშვათ ჩვენი სისუსტის გამოვლინება და ჩანასახშივე მოვკლათ იგი. ეს მეთოდი თავისთავად ყველაზე რთულია და განკუთვნილია ძირითადად მათთვის, ვინც ნების დიდ ძალას ფლობს ან უნდა ამ ძალის მოპოვება თავის სისუსტეებთან ბრძოლაში.

თუ მოსწავლეს საკმარისი დრო აქვს და უნდა, რომ განვითარებაში პროგრესი განიცადოს, მაშინ მას შეუძლია სამივე ეს მეთოდი გამოიყენოს. უპირატესი ამ კუთხით არის ის, რომ სამივე ეს მეთოდი მოქმედებს ერთი მიმართულებით, როგორც, მაგალითად საკვების გაცნობიერებული მიღება, წყლის მაგია და ა.შ. ამ შემთხვევაში წარმატება არ დააყოვნებს.

ამ საფეხურის მიზანია სამშვინველში ელემენტების წონასწორობაში მოყვანა. ამიტომ დამწყები მაგი, თუ მას წარმატება უნდა მაგიაში, უნდა ესწრაფვოდეს იმას, რომ სწრაფად და საიმედოდ მოიშოროს ის ნაკლოვანებები, რომლებიც ყველაზე მეტად უშლიან ხელს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავიდეთ შემდეგი საფეხურებზე, სანამ მეორე საფეხურის სავარჯიშოები ბოლომდე არაა დამუშავებული და სანამ მიღწეული არ იქნება წარმატება ელემენტთა წონასწორობაში. ხასიათის გამოსწორებას მთელი კურსის განმავლობაშ უნდა ვეცადოთ, მაგრამ ამ საფეხურზე აუცილებელია მოვიშოროთ დომინანტური უარყოფითი თვისებები, რომლებიც ყველაზე დიდ წინააღმდეგობებს წარმოადგენენ შემდგომი განვითარებისთვის.

სხეულის მაგიის შესწავლა (II)

აუცილებელია შევინარჩუნოთ I საფეხურის ყველა დავალება. ისინი თქვენი ყოველდღიური ჩვევა უნდა გახდეს — ცივი წყლით დაბანა, ტანის დაზელვა, ვარჯიში, ცივი წყლის მაგია, გაცნობიერებული კვება. მეორე საფეხური გულისხმობს სუნთქვითი ვარჯიშების შეცვლას. წინა საფეხურზე ჩვენ შევისწავლეთ გაცნობიერებული სუნთქვა - ფილტვების მესვეობით სისხლს სასურველ სურვილს გადავცემდით (ეთერის პრინციპით). ამ თავში მე აღვწერ გაცნობიერებულ სუნთქვას ფორებით.

ჩვენი კანი ორმაგ ფუნქციას ასრულებს, სახელდობრ: სუნთქვა და გამოყოფა. ამიტომ შეგვიძლია გამოვიყენოთ იგი როგორც ჩვენი სხეულის მესამე ფილტვი და მესამე თირკმელი. ახლა ყველასთვის გასაგებია, რატომაა რეკომენდებული მშრალი მასაჟი, დაზელვა, ცივი წყლით დაბანა და სხვა პროცედურები. პირველ რიგში ჩვენი ფილტვების და უფრო მეტად თირკმელების განტვირთვისთვის, და მეორეც იმისთვის, რომ ვაიძულოთ ჩვენს ფორებს უფრო აქტიურად იმუშაონ. ჩვენ არ ვისაუბრებთ აქ იმაზე, თუ რა სარგებლობა მოაქვს ამ პროცედურებს ჯანმრთელობისთვის. ფორებით გაცნობიერებული სუნთქვა მაგიის თვალსაზრისით გვაინტერესებს. მოდით, გადავიდეთ უშალოდ პრაქტიკაზე.

მოხერხებულად მოეწყვეთ სკამზე, ან წამოწექით სავარძელში და მოადუნეთ ყველა კუნთი. იფიქრეთ იმაზე, რომ ყოველ ჩასუნთქვასთან ერთად სუნთქავენ არა მხოლოდ თქვენი ფილტვები, არამედ მთელი სხეული. მტკიცედ იყავით დარწმუნებული იმაშ, რომ ფილტვებთან ერთად თქვენი სხეულის ყოველი ფორა იღებს სასიცოცხლო ძალას და ორგანიზმში აგზავნის მას. თავი უნდა წარმოიდგინოთ ღრუბლად, რომელიც წყალში ჩაუშვეს და რომელიც სითხეს იწოვს. იგივე გრძნობა უნდა განიცადოთ ჩასუნთქვის დროსაც. ასე შემოდის თქვენში სასიცოცხლო ძალა გარშემო სივრცის ეთერის ელემენტისგან. ინდივიდუალობის შესაბამისად ყოველი ადამიანი განსხვავებულად აღიქვამს ამ პროცესს. თუ რამდენიმე გამეორების მერე ახერხებთ ერთდროულად ისუნთქოთ ფილტვებითაც და მთელი სხეულითაც, გააერთიანეთ სუნთქვის ორივე მეთოდი საკუთარი სურვილის ასრულების მიზნით ჩასუნთქვისთვის. მაგალითად, ჯანმრთელობის, წარმატების, სიმშვიდის, ვნებების მართვის მიღწევა, იმის მიხედვით, რა გჭირდებათ ყველაზე მეტად. თქვენი სურვილის განხორციელების სწრაფვის სურვილით (გამოხატულის ბრძანებითი ფორმით აწმყო დროში) მთელი სხეული უნდა გაიჟღინთოს. თუ უკვე შეიძინეთ გარკვეული უნარი ამ ექსპერიმენტით, მაშინ ყოველი ამოსუნთქვისას წარმოიდგინეთ, რომ გამოყოფთ თქვენი სურვილის საწინააღმდეგო თვისებას, მაგალითად, სისუსტეს, წარუმატებლობას, დარდს. თუ შეგიძლიათ, რომ ჩაისუნთქოთ და ამოისუნთქოთ ფილტვებით და მთელი სხეულით, სავარჯიშო შესრულებულია.

შემდეგი სავარჯიშო სხეულის მართვას ეხება. მშვიდად და მოხერხებულად ჯდომა — ესეც ხელოვნებაა და ამის სწავლაც საჭიროა. დაჯექით სკამზე ისე, რომ თქვენი ხერხემალი გამართული იყოს. თავდაპირველად ნებადართულია სკამის საზურგეზე მიყრდნობა. ტერფები ერთად უნდა იყოს და მუხლებთან მართ კუთხეს უნდა ქმნიდნენ. თქვენ ზიხართ თავისუფლად, კუნთების დაძაბვის გარეშე, ხელის მტევნები მსუბუქად დევს ბარძაყებზე. წარმოიდგინეთ მაღვიძარა, რომელიც წინასწარ მომართეთ და 5 წუთში დარეკავს. ახლა დახუჭეთ თვალები და აზრობრივად დააკვირდით მთელ სხეულს. თავდაპირველად შეიგრძნობთ, როგორ დაიძაბნენ კუნთები ნერვების გაღიზიანების გამო. მთელი ენერგიით აიძულეთ საკუთარი თავი - გაშეშდეთ და მშვიდათ იჯდეთ. შესაძლო სიადვილის მიუხედავად, დამწყებისთვის ეს ვარჯიში რთულია. მუხლები გამუდმებით შორდებიან ერთმანეთს, თავიდან შეგიძლიათ თოკით ან პირსახოცით შეიკრათ ფეხები. თუ შეძელით, რომ დაძაბულობის გარეშე იჯდეთ 5 წუთის განმავლობაში, მაშნ ყოველი შემდეგი ვარჯიშის ხანგრძლივობა ერთი წუთით გაზარდეთ. თუ შეძელით, რომ მინიმუმ ნახევარი საათით გაძელით ასე — მშვიდად, მოხერხებულად და დაძაბულობის გარეშე, — მაშნ საავარჯიშო შესრულებულად ითვლება. თუ ამას მოახერხებთ, მაშინვე შეამჩნევთ, რომ არც ერთ სხვა მდგომარეობაში სხეული არ ისვენებს იმდენად, როგორც ახლახანს აღწერილში.

თუ გამართულად ჯდომის სავარჯიშოს გამოიყენებთ როგორც საშუალებას მიზნის მისაღწევად, მაგალითად ნების ძალის განვითარებისთვის, მაშინ შესაძლებელია, თუ ერთი საათის განმავლობაში მშვიდად, მოხერხებულად და ყურადღების გაფანტვის გარეშე ზიხართ რეკომენდებულ პოზაში, თავად აირჩიოთ თქვენთვის სხეულის სხვადასხვა პოზები. ინდური სწავლება ასეთი პოზების (ასანების) საკმაო რაოდენობას აღწერს და მიუთითებს, რომ მათი დაუფლებით შესაძლებელია სხვადასხვა ოკულტური ძალის მოპოვება. თავისუფლდებიან თუ არა ეს ძალები ზუსტად ამ ასანებით, ფრიად საეჭვოა. ჩვენი მაგიური განვითარებისთვის ჩვენ ვიყენებთ სხეულის მხოლოდ ერთ მდგომარეობას, სრულიად არ აქვს მნიშვნელობა რომელს, ყველააზე მარტივი ზემოთ იქნა აღწერილი. ეს ემსახურება იმას, რომ მთელი სხეული სიმშვიდის მდგომარეობაშ მოვიყვანოთ და ნების ძალა გავაძლიეროთ. სული და სამშვინველი საჭიროებენ პირველ რიგში მთელი ორგანიზმის უნაკლო ფუნქციონირებას, რაც ქვემოთ, სპეციალურ სავარჯიშოებშ იქნება აღწერილი.

სწორედ იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც პირველი და მეორე საფეხურების სავარჯიშოებზე როგორც მენტალურად, ასევე ასტრალურადაც ძალიან იღლებიან და გამუდმებით ეძინებათ მედიტაციის და კონცენტრაციის დროს, ძალიან სასარგებლო იქნება მსგავსი ვარჯიშების შესრულება რეკომენდებულ პოზაში. მოსწავლე უნდა ეცადოს, რომ ცხოვრებაშიც აპრაქტიკოს სხეულის დაუფლება. დაკვირვებისა და ყურადღების წყალობით საკმაო შესაძებლობები ექნება ამისთვის. მაგალითად, თუკი ძალიან დაიღალეთ, უნდა შეასრულოთ მცირე სამუშაო, ან მცირე გასეირნება.თუ მშიერი ხართ, გადადეთ საკვების მიღება კიდევ ნახევარი საათით. თუ გწყურიათ, მაშინვე არ დალიოთ, დაე გავიდეს კიდევ ცოტა დრო. თუ ჩქარობთ, აიძულეთ საკუთარ თავს გააკეთოთ შენელებული მოქმედებები, და პირიქით, თუ კუსავით ნელი ხართ, ეცადეთ უფრო სწრაფად იმუშაოთ. თავად მოსწავლეზეა არჩევანი, თუ როგორ დათრგუნოს სხეული და ნერვები ნების ძალით, და მართოს ისინი. ამით მეორე საფეხურის სავარჯიშოები დასრულებულია.

II საფეხურის სავარჯიშოების განზოგადება:

I. მენტალური მაგიის შესწავლა:

1. ავტოსუგესტია, ანუ ქვეცნობიერის საიდუმლოს ამოხსნა.

2. კონცენტრაციის სავარჯიშოები:

ა) ვიზუალიზაცია (ოპტიკური);
ბ) აკუსტიკური;
გ) გემოვნებითი;
დ) ყნოსვითი;
ე) შეხებითი.

აზრების გათიშვის სავარჯიშოები თანდათან უფრო და უფრო უნდა გაღრმავდეს.

II. სამშვინველის მაგიის შესწავლა:

ასტრალურ-მაგიური წონასწორობა ელემენტების შესაბამისად. ხასიათის გაუმჯობესება:

ა) დათრგუნვის და დაუფლების გზით;
ბ) ავტოსუგესტიის გზით;
გ) ტრანსმუტაციის, ანუ სხვა თვისებად გარდაქმნის გზით.

III. სხეულის მაგიის შესწავლა:
ა) გაცნობიერებული სუნთქვა ფორებით;
ბ) სხეუყლის გაცნობიერებული მდგომარეობა;
გ) სხეულის სურვილისამებრ დაუფლება.

ძილის წინ საჭიროა ვიფიქროთ ყველაზე ლამაზზე და სუფთაზე, და ეს აზრები სიზმარში გადავიტანოთ.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff