ფრანც ბარდონი - ინიციაცია ჰერმეტიზმში

ფრანც ბარდონი
0
0

მეათე საფეხური

მეათე საფეხური 
 
მენტალური მაგიის შესწავლა (X)
 
სანამ განდობილი მეათე და ბოლო საფეხურის პრაქტიკულ სავარჯიშოებს დაიწყებს, მან ყურადღებით მიიხედოს უკან და დარწმუნდეს, რომ უნაკლოდ მიაღწია აქამდე შესწავლილი ცოდნის პოზიტიურ რეალიზებას, რაშიც სამყაროს საკეთილდღეოდ სამსახური იგულისხმება. თუ ასე არ არის, მან უნდა ეცადოს და აანაზღაუროს ყველაფერი, დიდი და მცირე დანაკლისების ჩათვლით. მიზანს წარმოადგენს ყოველი სავარჯიშოს სრულყოფილად დაუფლება და მათი განვითარება. ნებისმიერი სახის აჩქარება ან მოუთმენლობა სავსებით უსარგებლოა და მაგიური განვითარების შორეულ პერსპექტივაში სახარბიელო შედეგებს არ მოიტანს. ამიტომ, იმედგაცრუების თავიდან ასაცილებლად, მაგს ვურჩევ საკუთარ საქმეს დაუთმოს საკმარისი დრო და იმუშაოს სტაბილურად, მაგრამ სისტემატიურად. განდობილმა უნდა გააცნობიეროს, რომ მეათე საფეხური მისი მაგიური განვითარების დასასრულს წარმოადგენს და სწორედ ესაა უკანასკნელი ნაბიჯი, რომელშიც საბოლოდ სრულდება წიგნის თეორიულ ნაწილში მოყვანილი პირველი ტაროს არკანის რეალიზაცია. განდობილი სავსებით მზად უნდა იყოს იმ უმაღლესი მაგიური ამოცანების შესასრულებლად, რომელთა აღწერასაც ჩემს მომდევნო ორ წიგნში ვაპირებ, ესენია: "მაგიური ევოკაციის პრაქტიკა" და "ჭეშმარიტი კაბალას გასაღები". როცა მოსამზადებელი კურსის ფარგლებში ხარვეზი არსებობს, განდობილი ვერასოდეს შეძლებს უმაღლესი ძალების გაკონტროლებას. რა თქმა უნდა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, განდობილს ათივე საფეხურის გასავლელად თვეები დასჭირდება თუ წლები; ერთადერთი, რაც ყოველთვის მთავარია, ესაა საკუთარი მიზნისკენ სტაბილურად წინსვლა, მაღალი მწვერვალის მსგავსი მანძილის გადალახვა, რომელიც წინ გვიძევს ღმერთის შემეცნების გზაზე. როცა განდობილი თავის განვილილ ეტაპებს გადახედავს, აღმოაჩენს, რომ მან საკმაოდ დიდი მანძილი დაფარა თავისი სრულყოფის გზაზე, იმაზე მეტიც კი, ვიდრე წარმოედგინა, მაგრამ ამასთანავე, განდობილი იმასაც აცნობიერებს, რომ საერთო ჯამში ეს ყველაფერი მხოლოდ წვეთია - უსასრულო ოკეანეში. როცა მაგი იმედიტირებს ფაქტზე, თუ კიდევ რამდენი რამ აქვს სასწავლი, იგი უდიდესი მოწიწებითა და პატივისცემით დაიხრება ღვთაების სიბრძნის წყაროს წინაშე. უკვე აღარ არსებობს სიამაყე და ამბიციურობა, რომ აღარაფერი ვთქვათ გულში გაჩენილ ცუდ განზრახვაზე. რაც უფრო ღრმად შეაღწევს მაგი უფლის შემოქმედების სახელოსნოში, მით უფრო თავმდაბალი და მიმღები გახდება. 
  
პირველი ამოცანა, რომლის წინაშეც  მაგი მეათე საფეხურზე დგას, ეხება ელემენტთა სფეროების შესახებ ცოდნის დაგროვებას. მენტალური სხეულის მეშვეობით, განდობილი უნდა ეწვიოს მიწის სფეროს, ანუ გნომთა სამეფოს, შემდეგ წყლის ნიმფებს, ჰაერის სფეროს ფერიებს და ბოლოს, ცეცხლის სფეროს სალამანდრებს. არაგანდობილისთვის ეს ინფორმაცია ნაგავია და მისთვის არაფერს ნიშნავს, რადგან მორიგ უტოპიურ იდეად მიიჩნევს. მაგრამ, ნამდვილი განდობილისთვის ზღაპრებსა და ლეგენდებს მიღმა ჩადებულ სიმბოლურ საზრისს აქვს მნიშვნელობა, რადგან ისინი ბევრ ღრმა ჭეშმარიტებას მალავს.  საკუთარი დაკვირვების საფუძველზე, მაგს შეუძლია დაარწმუნოს საკუთარი თავი, რომ ასეთი არსებები ნამდვილად არსებობენ. მეორე მხრივ, მაგიურად გაუწვრთნელი ადამიანი, რომლის გრძნობებიც და აღქმაც საფუძვლიანად არ არის განვითარებული, ექვემდებარება მხოლოდ მატერიალური სამყაროს ვიბრაციებს და ვერასოდეს შეძლებს მათი მენტალური ხატ-სახის აღქმას, რომ არაფერი ვთქვათ მათი არსებობის შესახებ პიროვნულ დარწმუნებულობაზე. დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთა უმეტესობა მხოლოდ მატერიალური ცხოვრების საკითხებით არიან დაკავებულნი, რის გამოც არანაირი ცოდნა არ გააჩნიათ სხვა სამყაროების შესახებ. სულ სხვაგვარადაა საქმე განდობილთან, რომელიც ავითარებს თავის შესაძლებლობებს, რადგან იგი ადრე თუ გვიან დარწმუნდება სხვა სფეროებისა და არსებების არსებობაში. რეალურად, ჩვენი სწავლების მიზანია, რომ მოსწავლემ საფუძვლიანად აითვისოს  არა მარტო მატერიალური სამყარო, არამედ სხვა სფეროებიც - თანაბრად. მაგრამ, მოდით მივყვეთ პრაქტიკას და განვიხილოთ რა შეიძლება გაკეთდეს ელემენტების სამყარომდე მისასვლელად.
   
წინა თავებში გავიგეთ, რომ ელემენტების სამყარო არა მარტო ცალკეულ ელემენტებს განეკუთვნება, არამედ ისინი დასახლებულია შესაბამისი არსებებითაც. რა განსხვავებაა ადამიანსა და ელემენტარულ არსებას შორის? ადამიანი შედგება ოთხი და ხუთი ელემენტისგან, რომლის მეშვეობითაც მისი არსებობა მოქმედებაში მოდის, ხოლო ელემენტარული არსება შედგება ერთადერთი ელემენტის უმაღლესი გამოვლინებისგან, რომელსაც იგი ეკუთვნის. ჩვენი დროის აღქმით, ასეთი არსებების სიცოცხლის ხანგრძლივობა ადამიანთა არსებობაზე გაცილებით გრძელია, მაგრამ მათ არ გააჩნიათ უკვდავი სული. როგორც წესი, ასეთი არსება სიცოცხლის დასრულებისას ისევ საკუთარ ელემენტად იშლება. მოდით, ცოტა ხნით თავი დავანებოთ დეტალების აღწერას, რადგან განდობილი ყველაფერს პრაქტიკული გამოცდილებიდან შეისწავლის. მაგი ვალდებულია შეისწავლოს, როგორ გადაიტანოს საკუთარი თავი ელემენტების სამეფოში, იქ მყოფ არსებებთან დასაკავშირებლად. მოგვიანებით იგი შეძლებს ასეთი არსებების მართვასაც. ჩემს მომდევნო ნაშრომ, "მაგიური ევოკაციის პრაქტიკაში", მე მოგაწვდით ინფორმაციას ასეთი არსებების მატერიალურ სამყაროში გამოძახების შესახებ. 
   
უპირველეს ყოვლისა, განდობილმა უნდა გააცნობიეროს, რომ ელემენტების სამეფოს არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენს მატერიალურ სამყაროსთან და შესაბამისად, მომზადების საჭირო ხარისხზე ყოფნის გარეშე ვერავინ შეძლებს ასეთ ადგილებში მოხვედრას. მეორეს მხრივ, ელემენტარულ არსებებთან მიღწევა და მათი გაგება მხოლოდ კონგენერს შეუძლია, (კონგენერი - ერთმანეთის მსგავსი, იდენტური წყვილი, მაგ: კატა და კატა), ეს ფაქტი ფრთხილად უნდა იქნეს განხილული. ჩიტი მხოლოდ სხვა ჩიტს ეხამება და მას სხვა ცხოველთან ვერასდროს შევადარებთ. ანალოგიურად, ელემენტარულ არსებასთან თანხმობაში მოსვლა შესაძლებელია მხოლოდ მისი იდენტური მანიფესტაციით. ახლა განდობილი მიხვდება, რატომ ვიყავით სხვადასხვა სახის ტრანსმუტაციის და ტრანსპლანტირების სავარჯიშოებით დაკავებულნი წინა საფეხურებში. გნომი ვერასოდეს გაიგებს ადამიანურ ქმნილებას და პირიქით. ამ გზით მუშაობისას, ან ადამიანი უნდა იქცეს გნომად, ან გნომი ადამიანად. შესაბამისად, მიწის ელემენტის სამეფოში წარმატებით შესასვლელად, მაგს მოუწევს გნომის ფორმის მიღება. 
   
თუ განდობილმა არ იცის როგორ გამოიყურება გნომი, მოუწევს ნათელმხილველურ ტრანსს ან მაგიური სარკის დახმარებას მიმართოს. მაგი დაინახავს, რომ გნომი პაწაწინა არსებაა, რომლის აღწერილობაც არაერთ ზღაპარში გვხვდება. ყველაზე ხშირად ისინი აღწერილნი არიან, როგორც მომცრო ტანის ჯუჯები, რომელთაც გრძელი წვერი აქვთ და აწოწილი ქუდი ახურავთ, გამოირჩევიან მოკაშკაშე თვალებით და პატარა ტანისამოსით. 
   
დაახლოებით ამის მსგავსი იქნება გნომის გარეგნობა, რომელსაც განდობილი ნათელმხილველურ ტრანსში ან მაგიურ სარკეში იხილავს. განდობილი ასევე შეამჩნევს, რომ ყოველი გნომი თან ატარებს სხვადასხვა მანათობელი ძალის მქონე პატარა სანათს, რათა გზა გაიგნონ მიწისქვეშეთის სამეფოში. თუ განდობილმა გნომის ფორმა აღმოაჩინა, მას ისღა დარჩენია, რომ საკუთარ მენტალურ სხეულს იდენტური ფორმა მისცეს. უფრო მეტიც, მან უნდა მოახდინოს საკუთარი თავის მიწის ელემენტთან იდენტიფიცირება, ანუ უნდა დატვირთოს მთელი მისი ფორმა მიწის ელემენტით, ყოველგვარი აკუმულაციური დაგროვების გარეშე. ახლა, მაგს არაფერი აქვს გასაკეთებელი, გარდა წარმოსახვისა, რომ მიწის ელემენტის მიწისქვეშა სამეფოში ეშვება. შეგრძნების სახით მოვა განცდა, რომ ყოველი მხრიდან ღრმა სიბნელე გაკრავთ. წარმოიდგინეთ კაშკაშა შუქი, რომელიც სიბნელის გასანათებლად გჭირდებათ. თავდაპირველად მაგი ბევრს ვერაფერს გაარჩევს, მაგრამ რამდენიმე ექსპერიმენტის შემდეგ მისი თვალი მიეჩვევა სიბნელეს. კიდევ უფრო ბევრი მცდელობის შემდგომ მაგი მკაფიოდ დაინახავს გნომებსაც. განდობილს ექნება საშუალება, დააკვირდეს, როგორი გულმოდგინებით ირჯებიან გნომები საკუთარი საქმით; მაგრამ, ფრთხილად იყავით და თავი შეიკავეთ მათთან საუბრისგან. არ დაუსვათ შეკითხვა მანამ, სანამ თავად არ გამოგელაპარაკებიან. შესაძლოა გნომების მუშაობის დროს ისეთ რაღაცას მოჰკრათ თვალი, რომ მათი გაკრიტიკების სურვილი გაგიჩნდეთ. მე გაფრთხილებთ, რომ სიფრთხილის უგულებელყოფის შემთხვევაში მიწის ელემენტის არსებები გძლევენ თქვენ, იმის ნაცვლად, რომ თავად დაემორჩილონ თქვენს ნებას, რაც ამ ექსპერიმენტის მიზანი უნდა იყოს. შესაძლოა ისიც მოხდეს, რომ თავიანთი მაგიური ხრიკებით გნომებმა დაგატყვევონ საკუთარ სტიქიაში და თქვენ ვეღარ შეძლოთ ფიზიკურ სხეულში დაბრუნება. გარკვეული დროის შემდეგ ასტრალურსა და ფიზიკურ სხეულს შორის მენტალური კავშირი გაწყდება და შედეგის სახით დადგება ფიზიკური სიკვდილი. ასეთ შემთხვევაში სამედიცინო ექსპერიტიზის გარდაცვალების დიაგნოზი გულის შეტევა იქნება და სხვა არაფერი. განდობილს საშიშარი არაფერი აქვს, თუ იგი აქამდე ყველა სავარჯიშოს იდეალურად ასრულებდა.  პირიქით, როცა გნომები კონტაქტში შემოვლენ და განდობილთან საუბარს გააბამენ, გნომები დაინახავენ სულიერი რანგითა და წოდებით მათზე მაღალ არსებას და შეეცდებიან რომ მასთან დამეგობრდნენ. პირველი ვიზიტებისას, მე გიკრძალავთ თქვენი ინიციატივით მათთან საუბრის დაწყებას. მოგვიანებით, თუ გნომები დარწმუნდებიან მაგის ნებისყოფისა და ინტელექტის უპირატესობაში, ისინი სიამოვნებით და მორჩილად მოგემსახურებიან.
   
მიწის ელემენტის არსებები, ყველაზე ახლოს არიან ადამიანთან და პირდაპირი მნიშვნელობით უყვართ მსახურება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი აღიარებენ განდობილის უპირატესობას. გნომების სამეფოში ვიზიტი განაგრძეთ იქამდე, სანამ რაღაც ახალი კიდევ დაგრჩათ აღმოსაჩენი. გნომები საინტერესო მასწავლებლები არიან და დედამიწაზე არსებული ვერც ერთი წიგნი ვერ მოგცემთ იმხელა საიდუმლოებს მიწის სამეფოს შესახებ, რამდენსაც გნომებთან საუბრისას გაიგებთ. მაგალითად, განდობილს მათგან შეუძლია სხვადასხვა მცენარეების უნარებისა და გამოყენების მეთოდების შესწავლა; ისინი ასწავლიან მაგიურ შელოცვებს სხვადასხვა ქვებზე, ასევე მათ აქვთ ინფორმაცია დამალული საგანძურებისა და კიდევ მრავალი სხვა უცნაურობების შესახებ. მაგი შეისწავლის ყველაფერს, რაც ხდება და არსებობს დედამიწის ზედაპირის სიღრმეში, იქნება ეს წყაროები, ქვანახშირები, მინერალები თუ სხვა რამ... განდობილმა შესაძლოა შეისწავლოს სხვადასხვა მაგიური ხრიკიც, რა თქმა უნდა მიწის ელემენტის გამოყენებით. დროთა განმავლობაში განდობილი შეამჩნევს, რომ გნომებს შორის სხვადასხვა დონის ინტელექტუალური ჯგუფები არსებობს. მაგალითად, შესაბამისი ცოდნის მქონე გნომებისგან, განდობილი მოისმენს გასაოცარ ლექციებს ალქიმიის შესახებ. როდესაც მიწის ელემენტის გნომების სახლში მაგი თავს საკუთარი სახლივით იგრძნობს, და როგორც კი გამოიკვლევს ყველა ექსპერიმენტს რასაც გნომები შეასწავლიან, განდობილს უფლება აქვს გადავიდეს მომდევნო ელემენტარული ქმნილებების სამეფოში, კერძოდ, წყლის ნიმფებთან. მაგიური სარკის დახმარებით, მაგი აღმოაჩენს, რომ ნიმფები ძალიან ჰგვანან ადამიანებს. განსხვავება თითქმის არ არსებობს ზომასა და სხეულის ფორმაში. როგორც წესი, მათ ნიქსიებს, ქალთევზებს ან ნიმფებს უწოდებენ. ისინი არიან ძალიან მიმზიდველი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი არსებები, თუმცა, არსებობენ მამრობითი სქესის კაცთევზებიც. წყლის სამეფოში მოსახვედრად, აუცილებელი არ არის ქალის ფორმის მიღება. მთლიანად მაგის გადადაწყვეტია, იგი რომელი სქესის ქმნილებად გადაიქცევა, მაგრამ ქალთევზად გადაქცევას აქვს ერთი დიდი უპირატესობა: ასე სხვა ქალთევზები არ დაიწყებენ თქვენს ცდუნებას, რადგან ისინი არამარტო მომხიბლავები და საოცრად ლამაზები არიან, არამედ საშინლად მაცდურები და სექსუალურნიც. 
  
განდობილის მენტალური სხეული ისეთნაირად უნდა მობილიზდეს, რომ მან გააერთიანოს თავისი სამშვინველი წყალთან ერთად. მოახდინეთ ცნობიერების გადატანა დიდ ტბაში ან ოკეანეში და ჩაიძირეთ წყლის ძირამდე.  აქაც, თქვენ არ შეხვდებით ქალთევზებს მომენტალურად, არამედ ექსპერიმენტის მრავალჯერადი განმეორების შემდეგ, მათთან შეხვედრის სურვილთან ერთად თქვენ მოიზიდავთ ამ არსებებს. თავდაპირველად დაინახავთ მხოლოდ მდედრობითი სქესის არსებებს, რომლებიც იმავე ტერიტორიაზე თავისუფლად მოძრაობენ, ქუჩაში გამვლელი ადამიანების მსგავსად. თქვენ უკიდურესად იშვიათად თუ შეხვდებით უსიამოვნო შეხედულების მქონე ქალთევზას. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქალთევზა ძალიან ლამაზია, ამასთან ერთად მათ შორის არსებობენ განვითარებული ინტელექტის მქონე ქალთევზებიც, ე.წ. "სამეფო ლიდერები", ვინაიდან მათ სამეფოში ძალიან თავისებური კლასობრივი ცნობიერება არსებობს. მაგი შამჩნევს, რომ ისინი გამუდმებით არ ცეკვავენ და მღერიან, არამედ გარკვეულ სამუშაოსაც ასრულებენ. ამ თემაზე მეტის წერას აზრი არ აქვს, რადგან განდობილი ყველაფერს თავად აღმოაჩენს. ამ შემთხვევაშიც იგივე წესი მოქმედებს, არც ერთ ქალთევზას პირველებმა არ უნდა მივმართოთ, არამედ უნდა დაველოდოთ სანამ ქალთევზა საუბარს დაიწყებს ან რაიმეს შეგვეკითხება.  ინტელექტუალური ლიდერებისგან მაგს ძალიან ბევრი ინფორმაციის გაგება შეუძლია წყლის ელემენტის შესახებ; ასეთ საკითხებზე უამრავი წიგნის დაწერა შეგეძლებათ. განდობილი მიიღებს ინფორმაციას წყალქვეშა სამყაროს ცხოვრების შესახებ, სხვადასხვა წყლის მცენარეების, წყლის ქვების და წყალთან დაკავშირებული სხვა და სხვა მაგიური ხრიკების შესახებ. მაგრამ, უფრთხილდით ამ არსებების სილამაზეს! განდობილს სრული სერიოზულობით ეძლევა გაფრთხილება, რომ სიგიჟემდე შეყვარებული არ აღმოჩნდეს რომელიმე ქალთევზის მიმართ და არ დაკარგოს წონასწორობა. ასეთი სახის სიყვარული თქვენთვის საბედისწერო აღმოჩნდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არ გაქვთ უფლება გაერთოთ ამ არსებებთან ერთად. მაგს ყოველთვის უნდა ახსოვდეს დევიზი: "სიყვარული კანონია! სიყვარული, ძლიერი ნების ხელმძღვანელობით". ქალთევზების წარმოუდგენელი სილამაზის გავლენის ქვეშ მოხვედრა საკმაოდ ადვილია. ასეთი ხიბლი და დამათრობელი ეროტიკა იმდენად ძლიერია, რომ შესაძლოა ძალიან დიდი საშიშროების მიზეზად იქცეს. ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში ამის შედეგია განდობილის ფიზიკური სიკვდილი. ნეტავ იცოდეთ, რამდენი მაგის  განადგურება შეძლო საბედისწერო სიყვარულმა. ამიტომ, მაგი მტკიცედ უნდა დარჩეს საკუთარი ვნებების მმართველად, რადგან სწორედ ეს სამეფოა ელემენტების სფეროში ყველაზე მიმზიდველი, და თუ განდობილი თავის ვნებებს გზას დაუთმობს, იგი ქალთევზების სასიკეთოდ, მათ ხელში ჩავარდება.
   
მას შემდეგ, რაც განდობილი წყლის სამეფოში სურვილისამებრ მოხვედრისგან კარგად "გაძღება", გადავიდეს მომდევნო ელემენტზე, ანუ ჰაერის არსებებზე. აუცილებლად შეასრულეთ თქვენი მაგიური დავალება და შეისწავლეთ წყლის ელემენტის შესახებ ყველაფერი, რის გაგებასაც მოახერხებთ. 
   
ქალთევზებისგან განსხვავებით, რომელთაც ძალიან მოსწონთ კომუნიკაცია, ჰაერის ელემენტარული ქმნილებები ძალიან მორცხვები და არაკომუნიკაბელურები არიან. წყლის ქმნილებების მსგავსად, მათაც ძალიან ლამაზი სხეული და მიმზიდველი სახის ნაკვთები გააჩნიათ. არსებობენ მამაკაცი ფერიებიც, მაგრამ უმეტესი მათგანი მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. არ არის აუცილებელი, რომ მათი ფორმა მიიღოთ; მთავარია წარმოსახვის მეშვეობით თქვენი სამშვინველი გადაიტანოთ ჰაერის სტიქიაში. განდობილმა არ უნდა დაკარგოს მოთმინება, თუ გარკვეული დროის განმავლობაში შესამჩნევ წარმატებას ვერ მიაღწევს, მან უნდა შეინარჩუნოს მძაფრი სურვილი, რომ ნებისმიერ ფასად ეცადოს და დაინახოს ჰაერის სტიქიის ქმნილებები. მაგი თავიდანვე შეამჩნევს, რომ ფერიები გაურბიან მასთან შეხვედრას, რის გამოც სურვილზე გული არ უნდა აუცრუვდეს. საბოლოოდ, მაგი დაინახავს ულამაზეს არსებებს, რომელთაც მშვენიერი და ელასტიური ეთერული სხეული გააჩნიათ. განდობილმა უნდა ეცადოს, და მენტალურად მიჰბაძოს ჰაერის ქმნილებებს, რათა შეძლოს და ფერიების მსგავსად იმოძრაოს, ანუ ჰაერში იცუროს/ილივლივოს. ამის შემდეგ სულ ცოტა ხანში, ფერიები კონტაქტში შევლენ განდობილთან. მაგი გაფრთხილებულია, რომ მან არ უნდა მიმართოს ფერიებს პირველმა, თუ არ უნდა რომ მისი ბედი ცუდად შემოტრიალდეს. დროთა განმავლობაში, განდობილი უდიდეს ინფორმაციას მიიღებს ჰაერის სტიქიის შესახებ. იგი შეისწავლის უამრავ მაგიურ საიდუმლოს და პრაქტიკებს, რომელთაგან არც ერთის თაობაზე, მატერიალურ სამყაროში წარმოდგენაც კი არ არსებობს. 
   
ჰაერის ელემენტის არსებებისა და მათი საიდუმლოებების შესწავლის შემდეგ, განდობილი უნდა გადავიდეს ცეცხლის სტიქიის სამეფოში. ცეცხლის ელემენტარული არსებები გარკვეულწილად ადამიანებს ჰგვანან, მაგრამ საკმაოდ უცნაურები არიან. ვიზუალური აღქმისთვის განდობილმა მაგიურ სარკეს ან ნათელმხილველურ ტრანსს მიმართოს. მაგი დაინახავს, რომ  ცეცხლის არსებებს ადამიანებისგან განსხვავებით გაცილებით პატარა სახე აქვთ და ამასთანავე უჩვეულოდ გრძელი და წვრილი კისერი. მაგი წარმოსახვით უნდა შევიდეს ცეცხლის სტიქიაში და დატვირთოს მისი არსება უმაღლესი ხარისხის ცეცხლის პრინციპით. განდობილი აღმოჩნდება ცეცხლოვანი ვულკანის კრატერის შუაგულში, რომელიც ყველაზე მყუდრო სახლია ასეთი არსებებისთვის. განდობილი შეამჩნევს, რომ ცეცხლის სალამანდრები თავიანთი ელემენტის მსგავსად, გამუდმებით მოძრაობენ, ბრუნავენ და ნერვიულობენ, თითქოს რაღაც აღელვებთ. დაუშვებელია მათთან ჩვენივე ინიციატივით დალაპარაკება. აქაც, არსებობს ინტელექტის სხვადასხვა დონეები, რომელთაგან მაგს ყველაზე ჭკვიანთან კონტაქტში შესვლა მოესურვება. ზოგი მათგანი ძალიან ჰგავს ადამიანს და მათ შორის გამოირჩევიან შესახედად სასიამივნო გარეგნობის სალამანდრებიც. მაგი ისწავლის, თუ რისი გაკეთება შეიძლება ცეცხლის ელემენტით. როდესაც მაგი საფუძვლიანად გაიცნობს ცეცხლის ქმნილებებს და მათ ცოდნასაც ეზიარება, მას უფლება ეძლევა ჩავიდეს დედამიწის ყველაზე ღრმა ცენტრში და შეხვდეს ქმნილებებს, რომელთაც ბევრად ღრმა ცოდნა გააჩნიათ. ყველა შესაძლო ინფორმაციული წყაროს ამოწურვის შემდეგ, განდობილმა ჩათვალოს, რომ მან ძირის ძირამდე შეისწავლა ოთხივე ელემენტი. 
   
ადამიანს გააჩნია უდიდესი უპირატესობა ასეთი სამეფოების მონახულებისას, რადგან რაც არ უნდა დიდი ცოდნით დახუნძლულ არსებებს შეხვდეთ, ისინი მაინც მხოლოდ ერთადერთი ელემენტისგან არიან შექმნილნი, ხოლო ადამიანი შედგება ოთხივე და პლიუს ერთი ელემენტისგან, რომელიც აკაშას ღვთაებრივი პრინციპია; ესაა ღმერთის ელემენტი. ახლა განდობილს ესმის, რატომ ამბობს ბიბლია, რომ ადამიანი ყოველ ქმნილებათა შორის ყველაზე სრულყოფილია, რომელიც ღმერთის სახედ და ხატად შეიქმნა. სწორედ ეს არის ყოველი არსების უკმაყოფილების მიზეზი; როდესაც ისინი განდობილის უკვდავებას ხედავენ, მომენტალურად თქვენს მიმართ შურს განიცდიან. გასაგებია, რომ თითოეული ელემენტარული არსება ცდილობს, რათა გააჩნდეს უკვდავების უნარი, რომლის საშუალებასაც მათ განდობილები უქმნიან. სამწუხაროდ, აქ და ახლა შეუძლებელია დავაკონკრეტო  რანაირად ხდება ეს პროცესი, მაგრამ მერწმუნეთ, განვითარებული მაგი ინტუიციურად და დამოუკიდებლად აღმოაჩენს ყველაფერს. აშკარაა, რომ ელემენტალთა სამყაროში მიღებულ გამოცდილებას მაგი ფიზიკური სხეულის მეხსიერებას გადასცემს და იგი შეძლებს ამ ცოდნის მატერიალურ დონეზე გამოყენებას. ასეთი ცოდნით დახუნძლულ განდობილს შეეძლება ყველაზე გასაოცარი მაგიური ზემოქმედებების შესრულება ბუნების სამყაროში.
   
ოთხივე ელემენტარული სამეფოს დაუფლებისა და დაპრაქტიკების შემდეგ, მაგი უნდა შეეცადოს და დაუკავშირდეს საკუთარ სულიერ ლიდერს, გურუს ან მფარველ ანგელოზს. როგორც წინა საფეხურებზეც აღვნიშნეთ, ყოველ ადამიანს ღვთაებრივი ზედამხედველობის სახით ჰყავს მფარველი ანგელოზი ან სულიერი მოძღვარი, რომელიც აკვირდება და პასიური კომუნიკაციის სახით ურთიერთობს თავისი მფარველობის ქვეშ მყოფ ადამიანთან. წინა საფეხურებში, ჩვენ უკვე გარკვეული სახის პასიური კომუნიკაცია დავამყარეთ საკუთარ მფარველთან, მაგრამ ახლა უფრო მკაფიოდ და ახლოს შევალთ მასთან კონტაქტში ნათელმხილველური ტრანსის ან მაგიური სარკის დახმარებით. ახლა, ასეთი კონტაქტი უნდა შედგეს მენტალურ სფეროში. პრაქტიკული ნაწილი რთული არ არის, განსაკუთრებით მაშინ, თუ მაგი იდეალურად ფლობს მენტალური გადატანის სავარჯიშოს. სულიერ მასწავლებელთან შესახვედრად საჭიროა მხოლოდ ერთი რამ; თქვენი აღქმა უნდა ამოყირავდეს და წარმოსახვით თავდაყირად ყოფნისას საკუთარი თავი ჰაერში უნდა აიტაცოთ. შეგიძლიათ წარმოიგდინოთ, რომ ბუმბულივით მსუბუქი ხართ და ამავდროულად დედამიწა გაწვებათ, თქვენს მიზიდვას იწვევს. ყველაფერი თითოეული ინდივიდის კონცენტრაციის საკითხზეა დამოკიდებული. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, განდობილი თავად გაარკვევს რომელი მეთოდია მისთვის მიზანშეწონილი. თუკი განდობილი მენტალურად დედამიწიდან ამაღლებას შეძლებს, რაც უფრო მაღლა აიწევა,  დაინახავს, რომ დედამიწა პატარა ვარსკვლავს დაემსგავსება და ბოლოს საერთოდ გაქრება თვალთახედვიდან; ახლა, სამყაროს სივრცეში ცურვისას, მოახდინეთ კონცენტრირება სურვილზე, რომ თქვენი სულიერი ლიდერი ან ანგელოზი (ან რაც კი შეიძლება მას ვუწოდოთ) უნდა გამოგეცხადოთ. თუ მაინც და მაინც მყისიერად არ გამოგივათ, გარკვეული გამოცდილების დაგროვების შემდეგ, თქვენს წინაშე გამოცხადდება სულიერი  მასწავლებელი.  სულიერ წინამძღოლთან პირველი შეხვედრა ძალიან ღრმა შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ; ამიერიდან თქვენ გექნებათ ორმხრივი ურთიერთობის შესაძლებლობა. უპირველეს ყოვლისა, ჰკითხეთ, როდის, როგორ და რა პირობებში შეგეძლებათ მასთან კონტაქტი. რა თქმა უნდა, ყოველი განდობილი უნდა დაემორჩილოს წინამძღვრის მითითებებს. ამიერიდან, თქვენი განვითარება სულიერი ლიდერის მეთვალყურეობის და მითითებების ქვეშ გრძელდება. როგორც კი განდობილი სულიერ წინამძღვართან კონტაქტში შევა, იგი შეაბიჯებს მენტალური განვითარების უკანასკნელ ფაზაში; და რადგან ფიზიკურ სამყაროს მისთვის მეტი არაფერი აქვს შესათავაზებელი, იგი ეწვევა განსხვავებულ სფეროებს. განდობილმა უბრალოდ მოახდინოს კონცენტრაცია იმ სფეროზე, რომლის მონახულებაც სურს, და იგი ავტომატურად მიიზიდება მისკენ. ჩვენ ვიცით, რომ ასეთ შემთხვევაში არ არსებობს დროისა და სივრცის აღქმა, და სხვა სფეროზე გასვლა მყისიერად ხორციელდება. ვიზიტი შესაძლებელია მარტო ან სულიერი მეგზურის თანხლებით. კაბალისტური სიცოცხლის ხის მიხედვით, მაგმა რიგრიგობით უნდა გაიაროს: მთვარის სფერო, შემდეგ მერკურის, ვენერას, მზის, მარსის, იუპიტერის და ბოლოს, სატურნის სფერო. ყოველ აქ მოყვანილ სფეროში იგი შეხვდება ცოცხალ ორგანიზმებს და განდობილი შეისწავლის ყველაფერს, მათი კანონებისა და საიდუმლოებების შესახებ. თუ განდობილმა შეძლო და წარმატებით ეწვია ყველა სფეროს, მათში არსებული ორგანიზმებისა და კანონების შესწავლის ჩათვლით, ეს ნიშნავს, რომ მაგის მენტალური მომზადება დასრულდა; იგი გაიზარდა და გახდა სრულყოფილი მაგი, სინათლის ძმა, ჭეშმარიტი ადეპტი, რომელმაც მიაღწია ბევრს, მაგრამ ჯერ კიდევ - არა ყველაფერს.
   
სამშვინველის მაგიის შესწსვლა (X)
  
მოცემული კურსის თეორიულ ნაწილში მე ვისაუბრე ღმერთის კონცეფციაზე, ხოლო განდობილმა, რომელმაც მოსამზადებელ სავარჯიშოებში შესამჩნევ პროგრესს მიაღწია, შეუძლია დაიწყოს მედიტაცია, ღმერთის ამ კონცეფციათა შესახებ. სამშვინველის მაგიის ბოლო საფეხურის დაწყებამდე, მაგი დარწმუნდეს, რომ აქამდე განვლილი პრაქტიკის ყოველი დეტალი შესანიშნავად იქნა ათვისებული. მაგიური წონასწორობისა და კეთილშობილების ხარისხი იმ დონემდე უნდა ავიყვანოთ, რომ ღმრთეებას განდობილში ცხოვრება შეეძლოს. ბევრი რელიგია საუბრობს ღმერთთან პრაქტიკული კავშირის შესახებ; პრაქტიკული თვალსაზრისით ასეთი კავშირი შეიძლება დამყარდეს ლოცვით, თაყვანისცემით ან უზენაესისადმი მადლიერების გამოხატვით. განდობილი, რომელმაც მოსამზადებელი კურსის კლდოვანი საფეხურები წარმატებით გაიარა, სულაც არ კმაყოფილდება ამგვარი მწირი განმარტებებით. ღმერთი, განდობილისთვის წარმოადგენს უმაღლეს, ყველაზე ჭეშმარიტ და ყველაზე კანონიერ კონცეფციას, რაც კი სამყაროში არსებობს. სწორედ ამის გამო, განდობილმა უკვე ისწავლა უნივერსალური კანონები და ყოველ ნაბიჯზე პატივისცემით იცავდა მათ, რადგან ღმერთის კონცეფციის ინტერპრეტირება თანხმობაში უნდა მოდიოდეს უნივერსალური კანონების შედეგებთან. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მოძღვრების აღმსარებელია განდობილი, ინიციაციის გზაზე შემდგარმა ყოველმა ადეპტმა პატივი უნდა სცეს ამ კანონებს, გამონაკლისის გარეშე. ქრისტიანი თაყვანს სცემს ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს, რომელიც ადამიანურობისა და ღვთაებრიობის უმაღლესი იდეალია. ქრისტეს გააჩნია ყველა ღვთაებრივი ფუნდამენტური თვისება, რომლებზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ; ესენია: ყოვლისშემძლეობა, ყოვლისმცოდნეობა, ყველგანმყოფობა, უკვდავება და სიყვარული. ცხადია, განდობილი საკუთარ თავში არსებულ ქრისტეს არ განიხილავს როგორც ქრისტეს აბსოლიუტურ გამოვლინებას, რადგან დაინახავს, რომ მას მხოლოდ ერთი თვისება აქვს განვითარებული, ან ისიც მეტ-ნაკლებად, ამიტომ, ქრისტიანი მაგი აღიარებს ქრისტეს, როგორც უმაღლეს ღვთაებას. იგივეს თქმა შეიძლება ბუდიზმის ან სხვა რომელიმე რელიგიის შესახებ. იმ პირობით, რომ განდობილი სწორად მუშაობს მაგიაში, იგი ეცდება საკუთარ თავში ამ ღვთაებრივი ხარისხების განვითარებას, რადგან მან უკვე იცის, რა წარმოადგენს უმაღლეს კონცეფციას ღმერთის შესახებ. ღმერთის შესახებ კონცეფცია დაკავშირებული არ უნდა იყოს ცოცხალ ან გარდაცვლილ ადამიანთან, ძირითადად შესაძლებელია რომ იგი უფრო სიმბოლური სახით გამოიხატოს. ფუნდამენტურად, აბსოლიტურად იგივე ხდება, როდესაც განდობილი მედიტირებს ქრისტეზე, ბუდაზე და ა.შ, როგორც უზენაესი ღმრთეების სიმბოლოზე. ამ დროს პერსონალურ ფანტაზიას მნიშვნელობა არ ენიჭება, არამედ იმ ღვთაებრივ თვისებებს, რომელიც მოცემულ წარმოსახვაში იგულისხმება. გავიმეორებ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა განდობილის რწმენას ან რელიგიურ იდეოლოგიას, რომელსაც იგი ატარებს, რადგან აქ განმარტებული ღმერთის კონცეფცია არის უმაღლესი, ყველაზე ძვირფასი და ყველაზე პატივსაცემი იდეა, რომლიც ზემოთაც არ შეიძლება რომ კიდევ არსებობდეს მასზე მაღალი "სუპერ-ღმერთი". პერსონალურ ღმერთთან კომუნიკაციის დამყარება შესაძლსბელია ოთხი განსხვავებული გზით:
 
1. მისტიური, პასიური მანერით.
2. მაგიური, აქტიური მანერით. 
3. კონკრეტული მანერით. 
4. აბსტრაქტული მანერით. 
 
ჭეშმარიტი მაგი უნდა დაოსტატდეს ოთხივე მეთოდში და თავად უნდა აირჩიოს, რომელ მანერას გამოიყენებს სამომავლოდ, ღმერთთან მუდმივი კავშირისათვის. 
  
ღმერთთან ერთიანობის მისტიურ, პასიურ მანერას რაოდენობრივად ყველაზე მეტი წმინდანი და მორწმუნე ანიჭებს პრივილეგიას; მათი გადმოცემით, მსგავსი სახის კავშირი რატომღაც გამოიხატება ექსტაზის შეგრძნებაში. განდობილმა არ იცის, რა სახით გამოვლინდება/მანიფესტირდება ღმერთი მის წინაშე; ეს საკითხი რელიგიურ რწმენაზეა დამოკიდებული. ქრისტიანისთვის ასეთი სახის სიმბოლიკად ითვლება თეთრი მტრედი, როგორც სულიწმინდის სიმბოლო, თავად ქრისტე ან ჯვარი. მაგრამ, ასეთი დეტალები მეორეხარისხოვანია. მთავარია ღვთაებრიობის ხარისხი, რომელიც შესაბამისი პიროვნების წინაშე ვლინდება. ღმერთის გამოვლინების სიძლიერე მთლიანად დამოკიდებულია განდობილის მენტალურ და სულიერ სიმწიფეზე. ამ სახის გამოვლინებას განიცდის ყველა ადამიანი, რომელიც ღრმა აღტაცების და ექსტაზის მდგომარეობაში შედის მედიტაციის ან ლოცვის მეშვეობით. ამის დამადასტურებელი იმდენი შემთხვევაა აღნიშნული, რომ დეტალებზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია. 
  
ღმერთის გამოცხადებისა და მასთან კომუნიკაციის მეორე მანერას წარმოადგენს მაგიური, აქტიური მანერა; იგი დამახასიათებელია ძლიერი მაგების უმეტესობისათვის. ექსტაზის შეგრძნებას აქაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, მაგრამ წინასგან განსხვავებით, თანმხლები მანიფესტაცია ხორციელდება მიზანმიმართულად და ეტაპობრივად. ასეთი ტიპის შინაგანი მანიფესტაციის დროს (ინვოკაცია), განდობილის სულიერი ნაწილი, ღმერთისკენ, შუა-გზაზე მაღლდება, ხოლო თავად ღმერთი, მასთან შესახვედრად შუა-გზაზე, დაბლა ჩამოდის. ეს არის სიმბოლური ილუსტრაცია. ასეთი სახის ღვთაების ინვოკაცია წარმოადგენს ჭეშმარიტ მაგიურ აქტს და განდობილს მისი გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოიპოვებს ამის უფლებას და საკმარისად მომწიფდება ოპერაციის შესასრულებლად. ინვოკაციის მეთოდი აბსოლიტურად ინდივიდუალურია, რადგან არ არსებობს რაიმე სახის კონკრეტული მეთოდი. 
  
ღმერთის ინვოკაციის მისტიურ-პასიური და მაგიურ-აქტიური მეთოდები შეიძლება შესრულდეს როგორც კონკრეტული, ასევე აბსტრაქტული მანერით. კონკრეტული ინვოკაცია წარმოადგენს ღმერთის მანიფესტაციას გარკვეულ ფორმაში, ხოლო აბსტრაქტული ინვოკაცია ეფუძნება ღვთაებრივი თვისების აბსტრაქტული კონცეფციის წარმოსახვას. შესაძლო ღვთიური გამოცხადების პრაქტიკა ძალიან მარტივია. ვთქვათ, რომ განდობილი მედიტირებს აკაშას პრინციპით, ანუ იმყოფება ტრანსში; მედიტაცია მიემართება ღმერთს და მის ღვთაებრივ თვისებებს; ასეთ დროს შეიძლება გამოჩნდეს შესაბამისი ღვთაებრივი სიმბოლოები ან შესაძლოა გონებაში გავიგოთ საუბარი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს მისტიურ-პასიურ გამოცდილებასთან. მაგრამ, როდესაც განდობილი მიზანმიმართულად მედიტირებს ღვთაების რომელიმე თვისებაზე, (არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად თუ აბსტრაქტულად, შიგნით თუ გარეთ), ასეთი მეთოდი, ინვოკაციის მაგიურ-აქტიურ მანერად ითვლება. განდობილი, რომელიც ამ საფეხურამდე მოვიდა, შეძლებს არა მარტო მისტიურ-პასიური, არამედ მაგიურ-აქტიური გამოცდილების მიღებასაც. მე გირჩევთ კონკრეტული და აბსტრაქტული მეთოდების გამოყენებას, რომელთა მართვაც ნებისმიერ განდობილს შეუძლია. შესანიშნავ სავარჯიშოს წარმოადგენს კონკრეტული მანიფესტაციის ან სიმბოლოს თქვენს წინ განთავსება. შესაძლოა გამოვიყენოთ სასურველი ღვთაების ხატიც. დაჯექით ასანას პოზაში და ინტენსიურად დააკვირდით ხატს/სიმბოლოს მანამ, სანამ დახუჭული თვალებითაც ასევე ცხადად არ აღიქვამთ თქვენს წინ მყოფ ობიექტს. ჩათვალეთ, რომ ღმრთეების ვიზუალიზაცია შესანიშნავად შესრულდა, როდესაც ღვთაების ხატს თქვენს წინაშე დაინახავთ. 
   
ეს წინასწარი სავარჯიშო უნდა განმეორდეს იქამდე, სანამ განდობილი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილსა და მომენტში ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შეძლებს ღმრთეების თანმყოფობის შესრულებას. შემდეგ, მაგს შეუძლია დააკავშიროს ღვთაებრივი თვისებები მის მიერ წარმოსახულ ღვთაებასთან. თავდაპირველად განდობილი ერთბაშად ვერ შეძლებს კოორდინაცია გაუწიოს ოთხივე ღვთაებრივ თვისებას, რომელთა შესახებ მედიტირებდა იგი წინა საფეხურზე საკუთარ წარმოსახვაში. ამიტომ, თითოეულ მათგანზე კონცენტირება მოახდინეთ ცალ-ცალკე და ერთმანეთის მიყოლებით. ღვთაებრივი თვისების მაღალვიბრაციული წარმოსახვა ძალიან მნიშვნელოვანია და სავარჯიშო უნდა გამეორდეს ხშირად, სანამ ღვთაებას ოთხივე ფუნდამენტური თვისებით არ აღვიქვამთ. თუ მაგი ამას მიაღწევს, ამიერიდან აღარ წარმოიდგინოს ღვთაება სიმბოლოს ან ხატის სახით, არამედ შეიგრძნოს, რომ მის გვერდით ცოცხალი არსება დგას, რომელიც უდიდესი სიმძაფრით ასხივებს ენერგიას. თქვენ უნდა გქონდეთ განცდა, რომ ცოცხალ არსებასთან გაქვთ კონტაქტი. ამას ეწოდება ღმრთეებასთან გაერთიანება, საკუთარი "მეს" გარეთ. რაც უფრო ხშირად დააპრაქტიკებს განდობილი ამ მეთოდს,  მით უფრო ძლიერი და ეფექტური იქნება  მის წინაშე მყოფი ვიზუალური და შეგრძნებადი ღვთაება. ამიერიდან თქვენ შეიგძნობთ ცოცხალ ღვთაებას, რომელიც თქვენს თვალწინ ჩნდება ოთხივე ღვთაებრივი თვისების სრული ბრწყინვალებით; იგი ავსებს სხეულს და იკავებს სულის სივრცეს.
  
სავარჯიშო გაიმეორეთ იქამდე, სანამ არ დაკარგავთ საკუთარ ცნობიერებას. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გაერთიანდეთ ღმრთეებასთან იმ დონეზე, რომ თავად იგრძნოთ საკუთარი თავი იმ ღვთაების პერსონიფიკაციად, რომელსაც ამდენი ხნის მანძილზე წარმოსახვით ამუშავებდით. ღმრთეებასთან გაერთიანების სავარჯიშოს ხშირი გამეორებით, თქვენ შეძლებთ საკუთარ თავში ღვთაებრივი თვისებების დაგროვებას და ამავდროულად, თქვენ უმეტესად აღარ იმოქმედებთ პერსონალური "მეს" განზრახვით, არამედ თქვენს ქმედებებს ამიერიდან ღმრთეება განსაზღვრავს. ამრიგად, ჩვენ განვიცდით პერსონალურ ღმრთეებასთან კავშირის გამოცდილებას და აღარ ვართ საკუთარი სხეული, სამშვინველი და სული, არამედ ღმრთეების სამშვინველის ნაწილი, რომელიც ჩვენი პირიდან მეტყველებს. ამ ერთიანობის ხანგრძლივობის შემთხვევაში, განდობილი თავად ხდება ღმერთი, რადგან მას გააჩნია ყველა ღვთაებრივი თვისება, რომელიც მხოლოდ ღმერთს ახასიათებს. 
   
ღმერთთან კონკრეტულ კავშირს განდობილისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მას უნდა შეეძლოს ნებისმიერ ღვთაებასთან ნებისმიერ დროს კონტაქტი, განურჩევლად მისი სარწმუნოებისა. მოცემული პრაქტიკა შეუცვლელია როგორც თეურგიაში, ასევე ეგზორციზმში, რადგან ღმრთეებასთან ერთობაში მყოფ მაგს შეუძლია დაბალი რანგის ქმნილებები საკუთარ ნებას დაუქვემდებაროს. 
  
როცა განდობილი კონკრეტულ ღმრთეებასთან კავშირს დაეუფლება, მან უნდა გააცნობიეროს ღმერთან ურთიერთობის აბსტრაქტული ფორმაც. დასაწყისში მან შეიძლება ღმერთის კონცეფცია დაუკავშიროს სინათლეს ან ცეცხლს, მაგრამ მოგვიანებით მსგავსი ასოციაციებისგან თავი უნდა შეიკავოს და ამის ნაცვლად მოახდინოს ღვთაებრივი ხარისხების პროექცია ჯერ სხეულის გარეთ, ხოლო შემდგომ საკუთარ არსებაში. ღვთაებრივი თვისებები უნდა დავაკავშიროთ ელემენტების შესაბამის ორგანოებთან; მაგალითად, ყოვლისშემძლეობა აღიქმება თავში, სიყვარული გულის არეში და ასე შემდეგ. ასეთი სავარჯიშოს ხშირი შესრულებით, ღმრთეებასთან გაერთიანების ხარისხი იმდენად მკაფიო იქნება, რომ აღარ არსებობს საჭიროება რათა სხეულის ორგანოები წარმოსახვით ღვთაებრივ თვისებებს დავუკავშიროთ. ოთხი ძირითადი ღვთაებრივი თვისების ერთ იდეად გაერთიანება, საკუთარ თავში უმაღლესი ღვთაებრივი კოცეფციის დანერგვის საშუალებას იძლევა. სავარჯიშოს სისტემატიური გამეორების შედეგად, განდობილი თავს ღმერთად იგრძნობს. მედიტაცია იმდენად ღრმა უნდა იყოს, რომ საერთოდ უნდა გაქრეს ღმრთეებასთან გაერთიანების იდეა. ობიექტი და სუბიექტი უნდა შეერწყას იმდენად, რომ განდობილი არაფერს გრძნობდეს, გარდა ერთი დევიზისა: "მე ვარ ღმერთი", ან, როგორც ინდურ ვედებში წერია, "ტატ ტვამ ასი" (არა არს ღმერთი, გარდა ადამიანისა).
   
ამ საფეხურზე მოსულმა განდობილმა დაასრულა საკუთარი განვითარება ასტრალურ ფორმაში, ხოლო ნებისმიერი შემდგომი ვარჯიში თუ მედიტაცია, ღვთისმსახურების გაღრმავებასა და გაძლიერებას მოემსახურება. 
  
1. კომუნიკაცია სხვადასხვა ღმრთეებებთან.
  
განდობილს უკვე შეუძლია დაუკავშირდეს ნებისმიერ ღმრთეებას, ნებისმიერ ინტელექტს და ღვთაებრივ არსებებს. იგი შეძლებს მუშაობას ყველა სფეროში, მაგრამ უკვე არა როგორც მაგი, არამედ როგორც ღმერთი. 
  
ამით სრულდება სამშვინველის მაგიის შესწავლა. ამ მიმართულებით, მე აღარაფერი მაქვს განდობილისთვის სათქმელი, რადგან იგი გაერთიანდა ღმრთეებასთან და ამიერიდან ყველა მისი ქმედება თუ სიტყვა, თავად ღმერთის ნამოქმედარი იქნება. განდობილში ახლა მოქმედებს ოთხივე ღვთაებრივი თვისება, რომელიც ღმრთეებაში ერთიანია.
  
სხეულის მაგიის შესწავლა (X)
  
1. ბრაჰმა და შაქტი.
  
ის, ვინც ინიციაციის სხვა სისტემებსაც იცნობს, გარკვეულ პარალელებს აღმოაჩენს ჩემს სისტემასთან, რადგან ჭეშმარიტებამდე მისასვლელი ყველა  გზა ერთნაირია და ასეც უნდა იყოს. ნება მომეცით აღვნიშნო ინდური იოგას სისტემა, რომელიც გველის ძალის გამოღვიძებასთან ასოცირდება და რომელიც კავშირშია ჩემს მიერ მოყვანილი ეგვიპტური საიდუმლოებების სისტემასთან. კუნდალინი იოგას დასაწყისიდანვე, ადეპტს მოუწოდებენ იმედიტიროს მულადჰარას ჩაკრაზე, რომელიც საჯდომის ზემოთ, კუდუსუნთან მდებარეობს. ადეპტს ეუბნებიან, რომ მოცემულ ცენტრში ჩაატარონ პრანაიამას სავარჯიშოები. თუ ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მულადჰარას ჩაკრის სიმბოლოს, აღმოვაჩენთ, რომ შედარებით მოყვითალო კვადრატის ფორმაში ჩასმულია წითელი სამკუთხედი. მის ცენტრში არის ფალოსი, რომელიც გველის მსგავსად, სამ-ნახევარჯერ არის დახვეული. მულადჰარა ჩაკრა არის პირველი, ყველაზე პრიმიტიული და უხეში ცენტრი, რომელიც კუთხეში მოთავსებულ სპილოსთან და შესაბამის ქალღმერთთან ერთად გამოისახება. 
   
ზემოთ ნახსენები სიმბოლურ-გამომხატველობითი ფორმა, რომელსაც ლაია-იოგა ეწოდება, საკმაოდ ცალსახაა და იოგას პირველი ეტაპის გასაღებად ითვლება. მულადჰარას ჩაკრის სიმბოლიზმის რამდენიმე ინტერპრეტაცია არსებობს, მაგრამ მათ შორის სწორი ის არის, რომ კვადრატი წარმოადგენს დედამიწის სამეფოს, სამკუთხედი კი მატერიალურ, მენტალურ და ასტრალურ სფეროებს; ფალოსი გენერაციული ძალაა, შეგვიძლია მას წარმოსახვის ძალაც დავარქვათ, ხოლო გველი უშუალოდ ცოდნისკენ მიმავალ გზას განასახიერებს. განდობილმა კარგად იცის, რომ დედამიწის პრინციპი ოთხივე ელემენტისგან შედგება და მის ახსნას არანაირი კომენტარი არ სჭირდება. დამწყებმა იოგმა, ჯერ საფუძვლიანად უნდა შეისწავლოს და გააკონტროლოს სამივე სფერო. (მატერიალური, მენტალური და ასტრალური). 
   

შესაბამისად, მულადჰარა ჩაკრა სხვა არაფერია, თუ არა ინიციაციური დიაგრამა, რომელიც პირველ მაღალ არკანს შეესაბამება. ასეთ ზედაპირულ განმარტებებს ინდოეთში არ იძლევიან, ამიტომ, მე მთლიანად განდობილს ვუტოვებ სამუშაოს, თავად გაარკვიოს რა სიმბოლიზმი იმალება ამაში. დაე განდობილი დაეუფლოს მულადჰარას ცენტრს, თუკი მან უკვე დაამთავრა მულადჰარას დიაგრამის შესაბამისი განვითარება. მულადჰარას ჩაკრას, მეორენაირად ბრაჰმას ცენტრსაც უწოდებენ, რადგან სწორედ ამ დონეზე აღმოაჩენს განდობილი ბრაჰმას, როგორც ღმრთეების ყველაზე დახვეწილ მანიფესტაციას. ბრაჰმა არის მარადიული, შეუცნობელი, უნივერსალური, განუსაზღვრელი, სტაბილური, მშვიდი და შესაბამისად, დადებითი ნაწილი. ბრაჰმა არაფერს ქმნის საკუთარი თავიდან, არამედ ის რაც იქმნება, მისი ფემინური პრინციპით,  ანუ შაქტის მეშვეობით ხორციელდება. შაქტი, მულადჰარა ჩაკრაში სიმბოლურად განასახიერებს გველს, რომელიც ფალოსის გარშემო ტრიალებს, სწორედ ესაა წარმოსახვისა და შემოქმედებითობის პრინციპი. ამ ჩაკრაზე კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ გამოცდილი მაგი მოცემული მითითებებით დაკმაყოფილდება და გაიგებს, რა კავშირი არსებობს რელიგიურ და ინიციაციურ სისტემებს შორის. შედაბამისად, კუნდალინის ძალა (ან შაქტი) წარმოადგენს წარმოსახვას, რომელიც მაგმა სისტემატიურად უნდა განავითაროს. ფალოსის შემოქმედებითი ძალა, ანუ ფანტაზია, მაგიურ ვარჯიშში მთავარ როლს ასრულებს და განდობილი უკვე აფასებს ამ ფაქტის მნიშვნელობას. 
   
მე უკვე დავასრულე სხეულის მაგიის სავარჯიშოების შესახებ საუბარი განდობის მეცხრე საფეხურში. ახლა, თავს უფლებას მივცემ, მომდევნო რამდენიმე ქვეთავში ვისაუბრო სხვადასხვა ოკულტური შესაძლებლობების შესახებ. აუცილებელი არ არის ყველა მათგანის დაუფლება, მაგრამ განვითარების გზაზე მაგისთვის მოულოდნელი არაფერი უნდა იყოს და მას უნდა შეეძლოს ყველა ოკულტური ფენომენისთვის შესაფერისი ახსნის მოძებნა.
   
2. შთაგონება. 
 
ქვეცნობიერის შესახებ მიძღვნილ თავში მე ვისაუბრე შთაგონებისა და თვით-შთაგონების (ავტოსუგესტიის) შესახებ. აქ აუცილებელია წინადადება ან აფირმაცია მკაცრად განსაზღვრულ აწმყო დროში დავაფიქსიროთ. 
   
მაგი ყოველთვის გადასცემს სასურველ აფირმაციას ქვეცნობიერს. იგივეს გაკეთება შეიძლება სხვა ადამიანის ქვეცნობიერშიც, უმეტესად მაშინ, როცა ადამიანის მენტალური სფერო საკმარისად მომწიფებული არ არის. შთაგონების გამოწვევა შესაძლებელია ხმამაღალი გამოთქმის ან მდუმარე ტელეპათიის სახით. მაგისთვის ეს ამოცანა ერთ-ერთი ყველაზე მარტივად შესასრულებელია, თუნდაც ათასობით მილი აშორებდეს სხვა ადამიანთან. შეგვიძლია ადამიანს ვესტუმროთ მენტალურ სფეროში, მაგრამ საუკეთესოა შთაგონების ძილის პროცესში შთანერგვა. იგივე ეფექტის მოხდენა შეიძლება მაგიური სარკის ან აკაშას პრინციპის დახმარებით. შესაძლებელია შთაგონების დროში ფიქსაციაც. 
  
3. ტელეპათია. 
  
ტელეპათიის ფენომენი არსობრივად ახლოსაა შთაგონებასთან. განდობილისთვის ელემენტარულ წვრილმანს წარმოადგენს, რომ საკუთარი აზრი სხვის გონებას გადასცეს. ყველაფერი რაც მან უნდა გააკეთოს, ისაა, რომ აზრი არა სხეულსა და სულს, არამედ სამშვინველს უნდა მიაწოდოს. განდობილი წარმოიდგენს პიროვნების სამშვინველს, რომელსაც შემდგომ აზრს გადასცემს. ამ დროს განდობილი აიგნორებს და ყურადღებას არ აქცევს მატერიალურ და ასტრალურ სხეულებს. მთლიანად მაგის გადასაწყვეტია, პიროვნება მიხვდეს რომ ეს აზრი მან მიაწოდა თუ საკუთარ აზრად ჩათვალოს. არა მარტო აზრები, არამედ შეგრძნებების ტელეპათიური გადაცემაც შესაძლებელია, ახლო თუ შორ მანძილებზე. განდობილისთვის აკრძალულია ამ უნარის გამოყენება სხვისთვის ზიანის მისაყენებლად; მან უნდა გადასცეს მხოლოდ კეთილშობილური და პოზიტიური აზრები. დარწმუნებული ვარ, ამ წიგნის პრაქტიკულად შემსწავლელი არც ერთი ადეპტი თავს არ დაიმცირებს საკუთარი ძალების ბოროტად გამოყენების გამო. განდობილს შეუძლია სხვა ადამიანში ახალი განზრახვის შთანერგვა, ასევე მის გონებაში არსებული აზრების საერთოდ აღმოფხვრა და მათი სხვა ტიპის აზრებით ჩანაცვლება. 
  
4. ჰიპნოზი.
  
კიდევ ერთი სფერო, რომელიც ძალიან ჰგავს შთაგონებას და ტელეპათიას, არის ჰიპნოზი. ეს არის მეთოდი, როდესაც ადამიანს ხელოვნურად ჰგვრიან ძილს და საკუთარ ნებას ართმევენ. მაგიური თვალსაზრისით, ჰიპნოზი ძალიან არასწორი ქმედებაა და მე არ გირჩევთ ამ დარგში სპეციალიზებას. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ განდობილს ასობით ადამიანის ერთდროულად დაძინება არ შეუძლია. პრაქტიკა მარტივია: მაგი განზრახვის მეშვეობით აჩერებს სამშვინველის ფუნქციონირებას ელექტრომაგნიტური ფლუიდის დახმარებით, რაც პიროვნების მყისიერ ჩაძინებას იწვევს. განდობილს ასეთ დროს შეუძლია შთაგონების, ტელეპათიის ან ორივე მათგანის ერთდროულად გამოყენება, მაგრამ თავად ჰიპნოზი არც ერთ მათგანზე დამოკიდებული არ არის. ჰიპნოზის ზემოქმედების ქვეშ ნებისმიერი აზრის ჩანერგვა ძალიან მარიტივია. მაგიურად, ასეთი ქმედება ძალადობის აქტად ითვლება და მაგისთვის არ არის რეკომენდირებული მისი გამოყენება. განდობილს უფლება აქვს უკიდურესად იშვიათად გამოიყენოს ჰიპნოზი, თანაც მხოლოდ მაშინ, თუ იგი ძალიან ძლიერი ეფექტით ჩანერგავს ადამიანში პოზიტიურ შთაგონებას. მოუხედავად ამისა, რამდენადაც შესაძლებელია თავი აარიდეთ ჰიპნოზის გამოყენებას. ჭეშმარიტი მაგი ყოველთვის თავს იკავებს სხვისი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების გამო, სხვადასხვა ქმედებების განხორციელებისგან. დიდი საფრთხისა და გადაუდებელი საჭიროების დროს, განდობილს შეუძლია შოკური ჰიპნოზის გამოწვევა, რომელიც სამშვინველის აბსოლიტურ პარალიზებას ახდენს; ასეთი სახის ჩარევა ხდება მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევის დროს, და იმედი მაქვს, იგი არასოდეს მოხდება არც ერთი მაგის ცხოვრებაში. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ შესაძლებელია ცხოველების დაჰიპნოზებაც. თუ განდობილს ამის სურვილი გაუჩნდება, იგი შეეხება ცხოველის ინსტინქტურ მხარეს და ყველაზე ძლიერი და დაუნდობელი მხეციც კი უგონოდ დაეცემა მიწაზე.
  
5. ფაკირების მასობრივი ჰიპნოზი.
  
ინდოელი ფაკირების მიერ ფართოდ გამოყენებული მასიური ჰიპნოზი მაგისთვის სირთულეს არ წარმოადგენს. უამრავი ფაკირი თავადვე არ უწყის როგორ ხორციელდება ეს პროცესი, მაგრამ უნარი თაობიდან თაობას გადაეცემა. დავუშვათ, რომ გარკვეული ადგილი ან ოთახი დატვირთულია აკაშას პრინციპით, რომელიც ხალხითაა სავსე; ამგვარად, აკაშას პრინციპის ზემოქმედება თითოეულ ადამიანზე აისახება. რაც არ უნდა მოხვდეს აკაშას პრინციპში, იგი აუცილებლად რეალიზდება, რადგან აკაშა ყველაფრის მიზეზთ-მიზეზია. ამ კანონის ფონზე, ფაკირების მიერ შესრულებული მასობრივი ბრბოს ჰიპნოზი გასაგებად რთულ ფენომენს არ წარმოადგენს. მაგს ყოველგვარი სირთულის გარეშე შეუძლია იგივეს გაკეთება. ტრადიციული სიტყვის ან ფორმულის დახმარებით, ფაკირი იხმობს აკაშას პრინციპს ოთახში და გადასცემს აკაშას იმ ხატ-სახეებსა და შეგრძნებებს, რომლებიც სურს რომ დამსწრე საზოგადოებამ ნახოს. ფაკირი ამ ექსპერიმენტს იმდენჯერ იმეორებს, რომ  ეფექტი დროთა განმავლობაში ავტომატური ხდება. ბრბოს თვალწინ ყოფნისას ფაკირს აღარ სჭირდება წარმოსახვისა და მედიტაციის დახმარება, მან შესაძლოა ერთადერთი ფორმულა ან მანტრა წარმოთქვას და შედეგად თითოეულ ადამიანში თანმიმდევრულად მოხდება შესაბამისი ხატ-სახეებისა და შეგრძნებების პროვოცირება. ფორმულა აბსოლიტურად წარმოუდგენლად ჟღერს, და იგი ასობით წლის მანძილზე თაობიდან თაობას გადაეცემა. ხშირად ფორმულის წარმომთქმელმა ფაკირებმაც არ იციან რას იძახიან სინამდვილეში ან რა ეფექტი ექნება მას ხალხმრავალ მასაზე. ასეთი სპექტაკლები განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს, განსაკუთრებით მათში, რომელთაც წარმოდგენა არ აქვთ უმაღლესი მაგიის კანონთა შესახებ. ინდოეთში ზოგიერთი ილუზიონისტი ამით ფულსაც აკეთებს. მაგის ამაღლებისთვის და განვითარებისთვის, ასეთი ექსპერიმენტები სრულიად უსარგებლოა. 
  
6. აზრების კითხვა. 
  
ამ საკითხზე უამრავი განხილვა და პროპაგანდა არსებობს. როგორც ჩანს, ამ ხარისხის დაუფლება მთლიანად მაგის სურვილზეა დამოკიდებული. აზრების კითხვა შეიძლება შესრულდეს სურათებით, ინტუიციით, შთაგონებით და ასე შემდეგ, გააჩნია რამდენად განვითარებულია მაგის მენტალური სფერო. თითქმის ყველა ხაზს უსვამს, რომ აზრების წასაკითხად პიროვნება ჩვენს გვერდით უბდა იმყოფებოდეს, მაგრამ კარგად განვითარებულ მაგს კილომეტრების მიღმაც შეუძლია აზრების წაკითხვა; ასეთი ეფექტი სხვა არაფერია, თუ არა აკაშას პრინციპთან მუშაობის შედეგი. ყოველი იდეა, ყოველი სიტყვა და ქმედება, დეტალურად აისახება აკაშას პრინციპში, რის შესახებაც უკვე ვისაუბრე წინა საფერუხებში. როცა მაგი ადამიანის სამშვინველზე კონცენტრირდება, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მას შეუძლია პიროვნების მიერ წარსულში ნაფიქრი აზრების წაკითხვაც. განდობილი ამგვარი ვარჯიშის შედეგად, ყველაზე დაფარული აზრების წაკითხვასაც შეძლებს. აზრების ფორმირება შეიძლება იყოს ინტელექტუალური ან წარმოსახვითი აქტი. წარმოსახვითი აზრები უფრო ადვილად წასაკითხია. აზრების კითხვის სრულყოფილად დაოსტატება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განდობილი აბსოლიტურად ფლობს საკუთარ სამშვინველს და ამასთან ერთად, იდეათა სამყაროს. ეს არის ფუნდამენტური პირობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრების კითხვა მხოლოდ ნაწილობრივაა შესაძლებელი, თუმცა, იგი პრაქტიკულად რთული ფენომენი არ არის; აზრების კითხვა გონებიდან-გონებამდე კონტაქტს მოითხოვს. განდობილმა მკაფიოდ უნდა იგრძნოს საკუთარი სამშვინველი და ეცადოს კავშირის დამყარებას პიროვნების სამშვინველთან, სხეულისა და სულის წარმოსახვაში ჩართვის გარეშე; ხოლო განზრახვას მივმართავთ პიროვნების აზრთა დინების წაკითხვისაკენ.
  
7. გავლენა მეხსიერებაზე.  
 
როგორც ვიცით, მეხსიერება არის ინტელექტუალური თვისება, რომელსაც ყველა ადამიანი ფლობს. მაგრამ, ამავდროულად მეხსიერება შესაძლოა აზრებს ღებულობდეს მენტალური სფეროდან და თავად აკაშას პრინციპის სამყაროდანაც. ჩვენ ვიცით, რომ ყველა აზრი და იდეა იგზავნება აკაშას პრინციპში, ხოლო იქიდან, იდეაში ჩადებული ხარისხის მიხედვით, ადამიანს ეს იდეები უკან უბრუნდება, საკუთარ მენტალურ სფეროში და ცნობიერებაში. აკაშას პრინციპში კარგად დაუფლებულ მაგს შეუძლია გავლენა მოახდინოს მეხსიერებაზე პირდაპირი ან ირიბი გზით. პირდაპირი გზით გავლენა ნიშნავს შესაბამისი ელემენტით, ელექტრომაგნიტური ფლუიდით ან უბრალო გავლენით ქვეცნობიერზე ზემოქმედებას, სადაც წარმოსახვასაც ვიყენებთ. მეხსიერებასთან მუშაობისას,  სურვილისამებრ შესაძლებელია ცნობიერებაში არსებული ინფორმაციისა და შთაბეჭდილებების შესუსტება ან საერთოდ გაქრობა. მეხსიერებაზე ირიბი გზით ზემოქმედება ხორციელდება აკაშას პრინციპის დახმარებით. მაგი ხედავს, რომ ადამიანი მუდმივად ურთიერთქმედებს აკაშასთან აზრობრივი ხატ-სახეების მიმოცვლით, მას კი შეუძლია აბსოლიტურად გაანადგუროს კავშირი აკაშას პრინციპსა და ადამიანის აზროვნებას შორის. იმის გამო, რომ მაგს ნებისმიერი ადამიანის მეხსიერების გაქრობა შეუძლია, მას ეძლევა სერიოზული გაფრთხილება, არასოდეს გამოიყენოს ეს აშკარად ძლიერი უნარი ბოროტი მიზნებისთვის. 
   
ცხადია, ჭეშმარიტი განდობილი ამ უნარს მხოლოდ მაშინ გამოიყენებს, როდესაც ადამიანის ფსიქიკაზე კონკრეტული მოვლენა ძალზედ ნეგატიურად აისახება და როცა პიროვნებას უჭირს ფსიქიკაში მყოფი მძიმე შთაბეჭდილების დავიწყება. ამგვარად, მაგს შეუძლია ადამიანს გაუქროს ღრმა მწუხარება და დეპრესია, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ ერევა.  განდობილს შეუძლია მსგავსი ექსპერიმენტი საკუთარ გონებაშიც ჩაატაროს; თუ მან ოდესმე ძლიერი ფსიქიკური შოკი ან მწარე იმედგაცრუება გადაიტანა, რომელიც დრო და დრო უბრუნდება მის ფსიქიკას, იგი წარმატებით შეძლებს საკუთარი გონებიდან ასეთი მეხსიერების გაქრობას. როგორც კი განდობილი ამ ხსოვნას აკაშადან გააქრობს, იგი ერთხელაც აღარ გაახსენდება. მაგრამ, როცა განდობილი საკუთარ განზრახვას ანვითარებს, როცა თვით-შთაგონებას და სხვადასხვა მეთოდებს იყენებს, უბრალოდ არ არსებობს აკაშას პრინციპში დრამატული და მკვეთრი ჩარევის საჭიროება, რათა რომელიმე ხსოვნა სამუდამოდ გავაქროთ. მეხსიერების პათოლოგიური ჩავარდნა იხსნება ფაქტით, რომ მენტალურ სფეროსა და აკაშას სფეროს შორის კავშირი გამწყდარია ან დრო და დრო წყდება. ასეთი მოვლენა დისჰარმონიად, ავადმყოფობად და ფსიქიკურ აშლილობად ითვლება, რასაც სხვადასხვა მიზეზები იწვევს, როგორიცაა შოკი და ასე შემდეგ. 
  
8. აკაშას პრინციპთან მუშაობა. 
  
ისევე, როგორც შესაძლებელია გავლენის მოხდენა მეხსიერებაზე, ასევე შესაძლებელია არა მარტო გარკვეული იდეებისა და მოგონებების შეცვლა, არამედ აკაშას პრინციპში რეგისტრირებული მიზეზებისა და შედეგების ცვლილებაც, რასაც შეგვიძლია ბედისწერის შეცვლა ვუწოდოთ. ამის გაკეთება შესაძლებელია როგორც საკუთარ, ასევე სხვა ადამიანის ცხოვრებაზეც, ცხადია მხოლოდ იმ პირობით, როდესაც გვაქვს სწორი მოტივაცია. დავუშვათ, მაგი შლის მიზეზს, რომელიც თავად შექმნა; ამის შემდეგ, მან უნდა დაადგინოს ახალი მიზეზი განადგურებული მიზეზის ადგილას, რათა ბედისწერამ შესაბამისი ეფექტი გამოიღოს. ასეთი ჩარევა დაუშვებელია არასერიოზული მიზეზების გამო, თუნდაც მხოლოდ განდობილს ეხებოდეს საკითხი, მაინც დაუშვებელია. ასევე, განდობილი ამ გზას მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს, როდესაც აბსოლიტურ პასუხისმგებლობას ღებულობს ღვთაებრივი განგებულების წინაშე. მიზეზის აღმოფხვრა და ახალი მიზეზის შექმნა, საუკეთესოდ ხორციელდება ელექტრომაგნიტური ვოლტის დახმარებით. არსებობს კიდევ რამდენიმე მეთოდი, მაგრამ ისინი ძირითადად განზრახვას და შესაბამის წარმოსახვას ეფუძნება, რის გამოც პრაქტიკის შემუშავება მთლიანად მაგის ნებაზეა დამოკიდებული. ის ფაქტი, რომ მაგს ბედისწერის შეცვლა და თავად ცოდვების აღმოფხვრაც შეუძლია, (ცოდვა სხვა არაფერია, გარდა რელიგიების მორალური შეხედულებებისა) დაფარულია ქრისტეს სიტყვებში: "ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, სამუდამოდ მიეტევებათ, და ვისაც დაუტოვებთ, დარჩებათ მათ". (იოანე 20:23).
   
9. ექსტერიორიზაცია. 
 
განდობილმა წინა საფეხურებში საფუძვლიანად შეისწავლა ფიზიკური სხეულიდან მენტალური და ასტრალური სხეულის ცნობიერი განცალკევება, შესაბამისად, ეს სფერო მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ის, რასაც განდობილი პრაქტიკისას უგულებელყობს, პატარა დეტალია: მან ამჯერად არ უნდა ამოიღოს მისი სხეულიდან მენტალური და ასტრლაური სხეულების მთლიანი ნაწილი, არამედ ის ნაწილები, რომლებიც სჭირდება; მენტალური და ასტრალური სხეულები არ შემოიფარგლება დროით ან სივრცით, რის გამოც განდობილს მყისიერად შეუძლია მათი ნაწილების ყველაზე შორეულ ადგილებში გადატანა, როგორც კი წარმოსახვით გაანცალკევებს აკაშას პრინციპში საჭირო ნაწილებს; მაგალითად: სხეულიდან მთლიანად ამოსვლის მაგივრად, განდობილს შეუძლია მხოლოდ ერთი ან ორივე თვალის ნებისმიერ ადგილას გადატანა, შესაბამისი ხედის დასაფიქსირებლად. დანახული იმდენად ცხადი იქნება, თითქოს განდობილი თავად იმყოფება ამ ადგილას. იგივეს გაკეთება შესაძლებელია მენტალური ან ასტრალური ყურებით; თქვენ მკაფიოდ შეძლებთ ყველაფრის მოსმენას შორეულ მანძილებშიც, თანაც ისე, რომ არ დახარჯავთ მენტალურ და ასტრალურ სხეულში დაგროვებული ენერგიის დიდ ნაწილს. თავდაპირველად შეასრულეთ სავარჯიშო წარმოსახვის დახმარებით და მენტალური სხეულით, ხოლო მოგვიანებით ასტრალური სხეულით. 
   
როგორც კი გარკვეულ წარმატებას მივაღწევთ თვალ-ყურის პრაქტიკაში, ვცადოთ იგივე ექსპერიმენტი ხელების და ფეხების გამოყენებით. თავდაპირველად სავარჯიშოს ვასრულებთ მენტალური სხეულით, შემდეგ ასტრალურით, ხოლო მიწის ელემენტის აკუმულაციის გზით, ხელების მატერიალიზებაც შეგვიძლია. ამ საშუალებით ბევრი საინტერესო ქმედების ჩადენა შეიძლება, მაგრამ ჭეშმარიტი მაგი არასოდეს დახარჯავს დროს ასეთ ბავშვურ ხრიკებში. 
   
როცა ამაშიც გარკვეულ წარმატებას მიაღწევთ, შეგიძლიათ განსხვავებული საგნები გადაიტანოთ სხვადასხვა დონეზე. მომდევნო ქვეთავში განვიხილავ, როგორ უნდა გავხადოთ ობიექტი უხილავი. განდობილი შეამჩნევს, რომ მატერიალური ყურები და თვალები ვერაფერს ისმენენ და ხედავენ ამ ექსპერიმენტის შესრულების დროს, თუნდაც თვალები ღია გვქონდეს. რაც შეეხება ხელის ექსტერიორიზაციას, მატერიალური ნაწილი სრულიად უსიცოცხლო ხდება, სანამ მენტალური და ასტრალური კიდური კვლავ არ დაუკავშირდება მატერიალურს.
   
10. უჩინრად გახდომის მაგია.
  
უამრავ ზღაპარში გვხვდება ამბები უჩინრად გახდომის შესახებ. მათში ნათქვამია, რომ შელოცვის ან თითზე დახვეული ძაფის გამოყენებით ადამიანი უჩინარი ხდება. ბევრი წიგნი აღწერს სხვადასხვა თილისმებსა და ქვებს, რომლებიც მის მფლობელს უჩინრად გახდომის საჩუქარს ანიჭებენ და ამ ასპექტში უამრავ ინსტრუქციასაც იძლევიან. მაგრამ, აქედან არც ერთი დეტალი დასაყრდნობად სანდო არ არის და არც რაიმე სახის პრაქტიკული ღირებულება გააჩნია. მეორე მხრივ, უნივერსალურ კანონებზე და ჩვენს მიერ შესწავლილ მეთოდებზე დაყრდნობით, შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ უჩინრად გახდომა მაგიური თვალსაზრისით სრულიად შესაძლებელი ფენომენია.
   
დასაწყისისთვის, ჩვენ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან მენტალური და სულიერი, ან ასტრალური, ფსიქიკური და მატერიალური უხილავობა. მენტალურ სხეულში გაუჩინარებას განსაკუთრებული ღირებულება არ გააჩნია, მაგრამ შესაძლოა ზოგჯერ აღინიშნოს ისეთი სიტუაციები, როდესაც ეს პრაქტიკა სასარგებლო იქნება. დავუშვათ, განდობილს სურს, რომ გადაიტანოს საკუთარი მენტალური სხეული სადმე სხვაგან და ამავდროულად, არ სურს, რომ იქ მყოფმა არსებებმა დააფიქსირონ, ამ შემთხვევაში მან უნდა გამოიყენოს მენტალური გაუჩინარება. მარტივი მაგალითის სახით წარმოიდგინეთ, რომ მაღალგანვითარებულ გურუს სურს საკუთარი მოსწავლის მონახულება. გურუ შეამოწმებს მოსწავლეს, თანაც ისე, რომ მოსწავლე არამარტო ვერ დაინახავს, არამედ ვერც კი იგრძნობს მისი მასწავლებლის თანმყოფობას, თუნდაც გრძნობითი აღქმა საკმაოდ განვითარებული ჰქონდეს. გარდა ამისა, მაგს შეუძლია დაესწროს ე.წ. შავი მაგიის მსახურთა ბოროტ საქმეებს. განდობილი ახლო დაკვირვების საფუძველზე ყველაფერს ისწავლის მათი მეთოდების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, გარკვეულ გავლენასაც მოახდენს შავ მაგებზე, მათი მხრიდან ან მათი დამხმარე არსებებისგან შემჩნევის გარეშე. 
   
მენტალურ სხეულში უჩინრად გახდომა ძალიან ადვილია და იგი თავიდან ფეხებამდე აკაშას დაგროვებით ხორციელდება. მენტალური სხეული მყისიერად გაქრება ნებისმიერი არსების თვალთახედვიდან, რადგან აკაშა უფერულია და არც რაიმე სახის ვიბრაციას გამოყოფს. თუ მაგი მენტალურ სფეროში უჩინრად მყოფობის დროს რაიმე ქმედებას შეასრულებს, ეს მაინც დაფიქსირდება აკაშას პრინციპში და მიუხედავად უჩინრად ყოფნისა, ქმედების ხილვა შესაძლებელია ნათელმხილველობის დახმარებით. ამის თავიდან ასაცილებლად, განდობილმა მთელს სხეულზე უნდა შემოიხვიოს შავი საფარი, როგორც კი მენტალურ სხეულს აკაშას პრინციპოთ შეავსებს. არ აქვს მნიშვნელობა, საფარს ბურთის ფორმა ექნება თუ კვერცხის; მთავარია სხეული ბოლომდე დაიფაროს, ანუ ფეხქვეშ და თავს ზემოთაც. უჩინრად შესრულებული გავლენის დროს, განდობილმა უნდა გაამახვილოს ყურადღება იმაზე, რომ მისი ქმედება არ უნდა აისახოს აკაშას პრინციპში, ანუ კვალი საერთოდ არ უნდა დარჩეს. ამ დავალების შესრულება აუცილებელია; სხვა მხრივ განდობილს უნდა ეშინოდეს, რადგან შესაძლოა აკაშას პრინციპში დარეგისტრირდეს რამდენიმე ახალი მიზეზი. მაგი აბსოლიტურად პასუხისმგებელია ყოველ მის ქმედებაზე მენტალურ სფეროში,  უჩინრად მყოფობის დროსაც. ბედისწერა განდობილს ზიანს ვეღარ მიაყენებს, რადგან მაგი უკვე აკაშას მმართველია, ანუ საკუთარი ბედის ოსტატი. ამიერიდან იგი მხოლოდ ღვთაებრივ განგებულებას ექვემდებარება. თუ განდობილი საკუთარ ცოდნასა და ძალას ბოროტად გამოიყენებს, ბედისწერის ნაცვლად მას ღვთაებრივი განგებულება დასჯის. ღვთაებრივი განგებულება წაართმევს მას ყოველივეს, და განდობილს მოუწევს ყველასგან მოშორებით, მიტოვებულ და მარტოსულ ინდივიდად ცხოვრება. ღვთაებრივი განგებულების სასჯელი, ყველა წყევლაზე უარესია. ასეთი მაგი განწირულია განადგურებისთვის, და განვითარებულ განდობილს ადვილად შეუძლია გაიაზროს, რას ნიშნავს ეს მაგიური პერსპექტივიდან. 
  
იმ პირობით, თუ განდობილი წარმატებით დაეუფლა მენტალურ გაუჩინარებას, შეუძლია გადავიდეს ასტრალური სხეულის გაუჩინარებაზე. აქაც, მთელს სხეულში ვაგროვებთ აკაშას პრინციპს. სხვა მხრივ, დეტალები იგივეა რაც მენტალურ ასპექტში აღვნიშნე. მაგიური თვალსაზრისით, შესაძლებელია მატერიალურ სხეულში უჩინრად გახდომაც, მაგრამ აქ აკაშას დაგროვება გაუჩინარებას არ წარმოქმნის. მატერიალური სხეული უნდა შევავსოთ სინათლით, ამავდროულად, იგი ჰარმონიაში უნდა მოდიოდეს სინათლის ინტენსივობასთან და ჭარბად უნდა ასხივებდეს. როცა სინათლის დაგროვება აუცილებელზე უფრო ძლიერია, ადამიანი მატერიალურ სხეულში აბსოლიტურად უხილავი არ გახდება, მაგრამ გამჭვირვალედ და მანათობელად იქცევა. მაგი მზეს დაემსგავსება, რომელიც შიგნით და გარეთ ანათებს. მატერიალურ სხეულში გაუჩინარება ძალიან რთულად შესასრულებელია; იგი მოითხოვს წვრთნას და გამუდმებულ პრაქტიკას, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, მხოლოდ იშვიათად, უმაღლესი რანგის ადეპტებს შეუძლიათ ამის სწორად გაკეთება. 
   
დავუშვათ, განდობილმა შეძლო საკუთარი მენტალური, ასტრალური და მატერიალური სხეულების წარმატებით გაუჩინარება. ამის შემდეგ, იგი უნდა გადავიდეს ნებისმიერი მატერიალური ობიექტის გაუჩინარებაზე. სავარჯიშოს შესრულების ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს მატერიალური ობიექტის ასტრალურ სფეროში გადატანა, რომელიც წარმოსახვის დახმარებით, აკაშას პრინციპთან კავშირში ხორციელდება. ობიექტი მყისიერად ქრება ნებისმიერი ადამიანის თვალთახედვიდან, რომლის აღქმაც მაგიურად გაწვრთნილი არ არის. სავარჯიშოს ნაწილს წარმოადგენს გაუჩინარებული ობიექტის ისევ მატერიალურ ფორმაში დაბრუნება. ობიექტების ამგვარი გადატანის სავარჯიშოს ხშირად ახორციელებენ სპირიტუალისტი მედიუმები, იმ პირობით, რომ მატერიალიზება დაფუძნებულია შეუცდომელ სიზუსტეზე; თუმცა, ასეთი ფენომენი მაინც ძალიან იშვიათია. 
   
რამდენიმე ინსტრუქციას ამ პრობლემის შესახებ, იხილავთ ჩემს მეორე ნაშრომ: "მაგიური ევოკაციის პრაქტიკაში".
  
11. ელემენტების დაუფლება.
 
უამრავი პრაქტიკული შესაძლებლობა ეძლევა განდობილს, რომელსაც სურს სპეციალიზება აიმაღლოს ელემენტების დაუფლების საკითხში იმ პირობით, რომ იგი კარგად ფლობს კონდენსირებულ და მატერიალურ ელემენტებს, რომლებთან მუშაობის დროსაც ელემენტები ნამდვილ ფიზიკურ ძალად იქცევა. მაგალითად: ინდოელი ფაკირების მიერ შესრულებული სპექტაკლების მსგავსად, განდობილს მიწის ელემენტის კონდენსაციის გზით შეუძლია საკუთარი სხეული აბსოლიტურად ხელშეუხებელი გახადოს; იგი გაუძლებს ნებისმიერი სიმძლავრის დარტყმას და ბასრი საგნების სხეულთან შეხებას, წვეთი სისხლის დაკარგვისა და ყოველგვარი დაჟეჟილობის გარეშე. ფაკირების უგძრძნობლობა ტკივილის მიმართ, გარკვეულწილად თვით-შთაგონების შედეგია, მაგრამ განდობილი იგივე ეფექტს ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურად მიაღწევს მიწის ელემენტის კონდენსაციის გზით. მაგს შეუძლია ღრმა ჭრილობების განკურნება და შეხორცება საკუთარ ან სხვის სხეულზე, პატარა შრამის დატოვების გარეშე. ღია ჭრილობა, რიმელიც ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს, განვითარებული მაგისთვის ადვილად შესახორცებელია; იგი ამ პროცესს რამდენიმე წუთში დაასრულებს. მიწის ელემენტის კონდენსაციის გზით შესაძლებელია ნებისმიერი აზრის, შთაბეჭდილების, გარდაცვლილი ან ცოცხალი პიროვნების მატერიალიზება, რომელსაც ყველა ადამიანი ცხადად დაინახავს. 
  
განდობილს შეუძლია ნებისმიერი ცხოველისა თუ ადამიანის მყისიერი პარალიზება, განსაკუთრებით სწრაფი მიწის ელემენტის პროექციის მეშვეობით. ამ ელემენტის დახმარებით არსებობს კიდევ რამდენიმე შესაძლებლობა, მაგრამ იმედი მაქვს, ზემოთ აღნიშნული დეტალები დასკვნის გამოსატანად საკმარისი იქნება. 
   
წყლის ელემენტის ძლიერი კონდენირების გზით, მაგს შეუძლია გაუძლოს უსაშინლეს სიცხეს, სხეულზე უმცირესი დამწვრობის გარეშე. წყლის ელემენტის ხელებში კონდენსირებით, მაგს შეუძლია მცირე ტკივილის შეგრძნების გარეშე აიღოს ნაკვერჩხალი, უთო და ასე შემდეგ. მეტიც, მას შეუძლია თავისუფლად დადგეს შუაგულ კოცონში, მაგრამ მის სხეულს არაფერი დაემართება. ნება მომეცით თქვენი ყურადღება გავამახვილო სახარებისეულ იგავზე, როდესაც ჩვენი უფალის უსაყვარლესი მოწაფე, მოციქული იოანე, ცეცხლმოკიდებული ზეთით სავსე ქვაბში აღმოჩნდა, მაგრამ მას არაფერი დაშავებია. იდენტური ამბავია მოთხრობილი ძველ აღთქმაში, დანიელ წინასწარმეტყველის გრიმუარში.  განდობილი ახლა ხედავს, რომ ასეთ ტექსტებში აღწერილი დაუჯერებელი ამბები მხოლოდ ლეგენდებს არ წარმოადგენენ, არამედ ამ მოვლენებს მართლაც ჰქონდათ ადგილი, და მათი შესრულება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ელემენტების დაუფლების მეშვეობით. უდიდესი ფართობის მქონე ხანძრის ჩაქრობაც ასევე შესაძლებელია წყლის ელემენტის პროექციითა და კონდენსაციით. 
  
ცხადია, განდობილს ასეთივე სასწაულებრივი ქმედებების ჩადენა შეუძლია ჰაერის ელემენტის დახმარებით. 
   
ცეცხლის ელემენტის აკუმულაციის გზით, განდობილი თბილად იგრძნობს თავს ყველაზე ყინულოვან ადგილებში. ტიბეტელი ლამები საკუთარ სხეულში აწარმოებენ ცეცხლის ელემენტის აკუმულაციას, მაგალითად მაშინ, როდესაც შუა ზამთარში წვიმის დროს დასველებული ტანისამოსის გაშრობა უნდათ. ეს ექსპერიმენტი ტიბეტში "ტუმოს" სახელით არის ცნობილი. ნებისმიერი აალებადი მასალის დაწვა შესაძლებელია ცეცლხის ელემენტის პროექციის გზით. ცეცხლის ელემენტის მიზანმიმართული პროექცია ახმობს ნებისმიერ ხეს. განა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, არ შეაჩვენა ლეღვის ხე უნაყოფობის გამო? სახარებაში ვკითხულობთ, რომ მთელი ხე წამიერად დაჭკნა და ჩამოხმა. უფალმა წარმოთქვა შესაბამისი სიტყვა - კაბალა - რამაც ირიბად გამოიწვია ცეცხლის ელემენტის პროექცია, ქრისტეს ბრძანების შესასრულებლად. უნივერსალური კანონების მიხედვით, ამ მაგალითების საფუძველზე განდობილი თავად აღმოჩენს კიდევ მრავალ საშუალებას, რისი განხორციელებაც ელემენტების დახმარებითაა შესაძლებელი.
   
12. ძალაუფლება სიცოცხლესა და სიკვდილზე. 
  
განდობილი, რომელიც შესანიშნავად ფლობს ოთხივე ელემენტსა და ელექტრომაგნიტურ ფლუიდებს, იგი ბატონობს ყოველი ადამიანის სიცოცხლესა და სიკვდილზე. ცხადია, იგი არასოდეს გაბედავს მოყვასისათვის ზიანის მიყენებას, მაგრამ განდობილმა ზუსტად იცის, როგორ გამოიწვიოს ნებისმიერ ადამიანში მყისიერი, მაგიური სიკვდილი. ამის გაკეთების უამრავი შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ მე თავს შევიკავებ ასეთი მეთოდების ციტირებისგან. უნივერსალური კანონების მიხედვით, ჭეშმარიტი სინათლის სულის მქონე ადეპტი, ოკულტური ძალებისა და უნარების გამოყენებით, შეძლებს ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ადამიანის გაცოცხლებასაც. მაღალი დონის მისტიური გამოცდილებით დახუნძულ მაგს შეუძლია ადამიანის სხეულში, სამშვინველსა და სულში არამარტო ელემენტების დანახვა, არამედ ელექტრომაგნიტური ფლუიდის ფუნქციონირების დაკვირვებაც. იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი სასიცოცხლო ორგანო განადგურებული არ არის, მაგს შეუძლია გარდაცვლილი ადამიანის გაცოცხლება; ცხადია, მხოლოდ მაშინ, თუ იგი ღვთაებრივ განგებულებასთან თანხმობაში მოქმედებს. განდობილს შეუძლია ელექტრული შოკის მიერ დაღუპული ადამიანის ან ცხოველის გაცოცხლება (მაგალითად: მეხის დაცემით გამოწვეული ან რაიმე სხვა). ერთადერთი, რაც მან ასეთ დროს უნდა გააკეთოს, არის აკაშას პრინციპში სულთან კავშირის დამყარება და ელექტრომაგნიტური ფლუიდის ფიქსირებული ამოქმედება სხეულსა და სამშვინველს შორის, რათა მათ შორის კავშირი აღდგეს. შემდეგ, განდობილმა იგივე უნდა გააკეთოს ასტრალური მატრიცის მიმართ და უნდა დააკავშიროს სული და სხეული ელემენტების და ელექტრომაგნიტური ფლუიდის დახმარებით. გარდაცვლილი ადამიანის მყისიერი გაცოცხლება შესაძლებელია მასში სინათლის პრინციპის დაგროვებით. ცნობილია, რომ უმაღლესმა ადეპტებმა მიაღწიეს მკვდრეთით აღდგინების უნარს. 
   
სანამ მეათე საფეხურს დავასრულებ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არაა აუცილებელი ყველა აქ აღწერილი ოკულტური უნარი აითვისოთ. სულიერი კანონებისადმი მორჩილების გათვალისწინებით, რომელიც სამყაროს მართავს, მე მოგეცით ინსტრუქციები, თუ რა პრინციპები მოქმედებენ ე.წ. სასწაულებს მიღმა. მთლიანად განდობილზეა დამოკიდებული, რამდენად ღრმად სურს სპეციალიზდეს ამა თუ იმ უნარში. სრულყოფილად დახელოვნებულ მაგს შეუძლია აქ აღწერილი მეთოდებიდან ყველაფრის შესრულება და კიდევ უფრო დიადი ქმედებების განხორციელება, რომლებიც არც კი მიხსენებია. 
  
შესაბამისად, სწავლების სრული კურსი პირველი მაღალი არკანის რეალიზაციის შესახებ, დასრულდა. პრაქტიკული თვალსაზრისით, არ არსებობს იმაზე უფრი გასაგები ტექსტი, ვიდრე ის, რომელსაც ახლა კითხულობთ. სავარჯიშოები და საკითხები, რომლებიც ამ წიგნში გავშალე, აქამდე დაფარული იყო სხვადასხვა სულიერ ტაძარში ან საიდუმლო სასწავლებლებში, რომლებიც ყველაზე სანდო და რჩეულ ადეპტებს გადაეცემოდა. ვისაც სწრაფი შედეგები სურს, იმედებს გავუცრუებ და ვეტყვი, რომ სწორედ მას მოუწევს წლობით ვარჯიში. ამრიგად, პირველი მაღალი არკანი, მაგი, წარმოადგენს კარიბჭეს ჭეშმარიტი ინიციაციისკენ. უამრავი ადამიანი, რომელიც ირონიულად იღიმოდა სიტყვა "მაგიის" გაგონებაზე, ალბათ შეიცვლის საკუთარ წარმოდგენას ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ. მაგიის შესახებ უამრავი მცდარი შეხედულება არსებობს და არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საგნებს ხშირად არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ. მაგია ყველაზე რთული და კომპლექსური ცოდნაა დედამიწაზე, რომელსაც არ უნდა დავეუფლოთ მხოლოდ თეორიულად, არამედ პირველ რიგში პრაქტიკულად. გაცილებით ადვილია, გახდე უჭკვიანესი ინტელექტუალი, ვიდრე ჭეშმარიტი მაგი.
   
მეათე საფეხურის სავარჯიშოების შეჯამება:
 
I. მენტალური მაგიის შესწავლა (X)
1. სამშვინველის უმაღლეს დონეზე განვითარება.
 
II. სამშვინველის მაგიის შესწავლა (X)
1. პერსონალურ ღმრთეებასთან ცნობიერი კომუნიკაცია. 
2. განსხვავებულ ღვთაებებთან, ქმნილებებთან და ა.შ. კომუნიკაცია. 
 
III. სხეულის მაგიის შესწავლა (X)
1.     რამდენიმე მეთოდი, ოკულტური უნარების განსავითარებლად.
 
ეპილოგი
 
როგორც უკვე ამ სახელმძღვანელოს შესავალ ნაწილში აღვნიშნე, მოცემული ტექსტი არ არის განზრახული საკუთარი დიდებისა და ღირსების მოხვეჭისათვის, არამედ იგი უნდა ემსახურებოდეს ადამიანის მიკროკოსმოსის შესწავლას, მაკროკოსმოსის სამყაროსა და მათსავე კანონებთან ერთად. ასე რომ, მკითხველის შეხედულება მაგიის შესახებ შესამჩნევად შეიცვლება, ხოლო პირადად მე ვიმედოვნებ, რომ ამიერიდან აღარასოდეს დაამცირებთ ამ უძველესსა და უწმინდეს სიბრძნეს, მისი ეშმაკთან გაიგივებით. გასაგებია, რომ თითოეული მკითხველი ამ წიგნს, ინდივიდუალური გადმოსახედიდან შეაფასებს. ის, ვინც დგას წმინდად მატერიალისტურ პოზიციაზე, ან რელიგიური კუთხით ზედმეტად ურწმუნოა, წარმოუდგენელ უინტერესობას გამოიჩენს ზებუნებრივი ფენომენების მიმართ და მხოლოდ მატერიალური ინტერესებით დაკავდება. ცხადია, ასეთი ადამიანი ამ წიგნსაც წმინდა წყლის სისულელედ ჩათვლის და ჩემს მიზანს არ წარმოადგენს, რომ ასეთ ადამიანებს რამენაირად აზრი შევაცვლევინო. ეს ნაშრომი დაწერილია მხოლოდ მათთვის, ვინც ეძებს წმინდა ჭეშმარიტებას და უზენაეს სიბრძნეს, რადგან ისინი ნამდვილად იპოვნიან მასში ამ ყველაფერს. 
   
თქვენ დარწმუნდებით, რომ სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე ადამიანები შურისძიების სურვილს და ეჭვიანობას განიცდიან ცოდნით მასზე უპირატესი ადამიანის მიმართ. ჭეშმარიტი მაგი, ასეთი ადამიანების მიმართ სიბრალულის გარდა ვერაფერს იგრძნობს, მაგრამ არასოდეს შეიძულებს და შეიზიზღებს მათ. ნებისმიერი, ვიცნ ღმერთს ეძიებს, როგორიც არ უნდა იყოს ძიების გზა, მიაგოს მას სათანადო პატივისცემა. სამწუხაროა, მაგრამ სიმართლე, რომ სასულიერო პირები, თეოსოფები, სპირიტუალები თუ სხვები, ერთხმად ამტკიცებენ, რომ მხოლოდ მათ მიერ არჩეულ გზას მივყავართ ღმერთამდე. ყოველ ადამიანს, რომელიც ღმერთთან ერთობის გზას ეძებს, არასოდეს დაავიწყდეს ქრისტეს სიტყვები: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი". ეს წინადადება არის უწმინდესი ლამპარი, ცოდნის ძიების გზაზე. 
  
უამრავი სული, რომელთაც ჩვენი პლანეტის დატოვება მოუწიათ, და რომელთაც მატერიალურ სამყაროში არ მიეცათ სულის ჭეშმარიტი რეალიზაციისა და შემეცნების შესაძლებლობა, უმაღლეს სფეროებში ჩიოდნენ იმის გამო, რომ ჭეშმარიტი ცოდნა დედამიწაზე უკიდურესად იშვიათად და ზედმეტად რთულად მოიპოვება. შესაბამისად, საიდუმლოებები, რომლებიც ათასობით წლის მანძილზე დაფარული გახლდათ, ნაბიჯ-ნაბიჯ ცხადდება და ღვთაებრივი განგებულების მიერ ევლინება დედამიწის მკვიდრთ, რომელთაც გულწრფელად სწყურიათ ჭეშმარიტება. აშკარაა, რომ ჭეშმარიტების აღქმა ერთ ღამეში არასოდეს მოვა; იგი შეძენილი უნდა იქნეს ძალიან მძიმე შრომით და უამრავი დაბრკოლებისა და სირთულეების გავლით. ადამიანთა დიდი ნაწილი (თუ ყველა არა) ფიქრობს, რომ სანამ ინიციაციის გზაზე დადგება, ჯერ ურყევი რწმენა უნდა გამოიმუშავოს საკუთარ თავში. მაგი ხვდება, რომ ასეთი დამოკიდებულება არასწორია. შესაძლოა ამ გზით მივაღწიოთ ინტელექტუალურ ცოდნას, მაგრამ ვერ მივაღწევთ სიბრძნეს. ცოდნის მიღება მხოლოდ კითხვითაც შესაძლებელია, მაგრამ სიბრძნეს მხოლოდ გამოცდილება იძლევა, ეს უკანასკნელი კი სულიერ სიმწიფეზეა დამოკიდებული; ამ სულიერ სიმწიფეს განსაზღვრავს განვითარება, რომელიც ინიციაციის გზაზე ყალიბდება. 
  
ვისაც ზოგადი წაოდგენა მაინც აქვს ტაროს შესახებ, ეცოდინება, რომ მაღალ არკანებს შორის არსებობს კიდევ 21 არკანი პირველი მაღალი არკანის გარდა, რომელიც ეგვიპტურ მისტერიებში მაგის სიმბოლოა და რომელიც არის კიდეც ყველანაირი სიბრძნის აკვანი. თითოეულ მაღალ არკანს ასევე გააჩნია საკუთარი ინიციაციის სისტემა. გარდა 22 მაღალი არკანისა, არსებობს 56 დაბალი არკანი, რომლებიც პატარ-პატარა საიდუმლოებებს ატარებენ და თოთოეული მათგანი შესწავლას მოითხოვს. 
  
ღვთაებრივი განგებულება თავად გადაწყვეტს, რის უფლებას მომცემს და რამდენი უნდა დავწერო თავის დროზე, ტაროს არკანების შესახებ. ამ წიგნის ნამდვილი შინაგანი მექანიზმის გაგების შემდეგ, განდობილი მივა დასკვნამდე, რომ არ არსებობს თეთრი და შავი მაგია. სინამდვილეში, მათ შორის განსხვავება არ არსებობს. ნებისმიერი მეცნიერება, არც კარგია და არც ცუდი; გააჩნია, რა კუთხით იყენებს მას ადამიანი. შავი მაგიის ტერმინოლოგიური არსებობა იმ ფაქტს უნდა მივაწეროთ, რომ ასეთ ადამიანებს მიახლოებითი წარმოდგენაც კი არ აქვთ რა არის ნამდვილი მაგია. აქამდე უამრავჯერ აღვნიშნე, რომ მაგია განკუთვნილია მხოლოდ უმაღლესი და უკეთილშობელიესი მიზნებისათვის. უფრო მეტიც, მე იმასაც ხშირად ვახსენებ განდობილს, რომ განვითარების ფარგლებში იგი ვალდებულია გააკეთილშობილოს საკუთარი ბუნება/ხასიათი, რათა თავიდან აიცილოს შეფერხება ან უარესი, ზემოდან ვარდნა. ტრაბახის სურვილით აღვსილი განდობილი მალევე განადგურდება. თქვენ უნდა გაიგოთ, რომ ოკულტური უნარები ერთგვარი კომპასია, რომელსაც სათავეში კეთილშობილური ზრახვები უდგას, და სამყარო ამ უნარებს გასცემს მხოლოდ ექსკლუზიურად იშვიათ და ჭეშმარიტ მაგებზე. 
   
ინიციაციის გზაზე დამდგარმა ადეპტმა არ უნდა შეცვალოს საკუთარი მრწამსი. ჭეშმარიტი რელიგია სხვა არაფერია, თუ არა აქ მოცემული ინსტრუქციების პრაქტიკა, რადგან იგივეს აღასრულებს ნებისმიერი რელიგია, საკუთარი ინიციცაციის სისტემის შესაბამისად. 
  
სანამ ინიციაციის გზაზე შედგება, ყველა დამწყებმა ადეპტმა ჰკითხოს საკუთარ თავს, არის თუ არა მზად, რათა გულმოდგინედ შეუდგეს ამ გზას და პირველი დაბრკოლებისთანავე არ დატოვოს იგი. უზარმაზარი, თითქმის ზეადამიანური გამძლეობა და მოთმინებაა საჭირო, ასევე მტკიცე ნებისყოფა და საიდუმლოთა გაუთქმელობა; ესენია ფუნდამენტური პირობები, სწავლის დასაწყისშივე.
   
ყველა მკითხველს, ვისაც სურს სრულყოფილება და ვინც ეს წიგნი საკუთარ მასწავლებლად აირჩია, გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას და ღვთაებრივ კურთხევას. 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff