ფრანც ბარდონი - ინიციაცია ჰერმეტიზმში

ფრანც ბარდონი
0
0

მეხუთე საფეხური

მეხუთე საფეხური

მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე
 
ბრძენმა არქიმედემ ერთხელ თქვა: "მომეცით საყრდენი წერტილი და მე ადგილიდან დავძრავ დედამიწას!"
  
ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, რომ ამ სიტყვებში უდიდესი ოკულტური საიდუმლო იმალება; კერძოდ, მეოთხე განზომილების საიდუმლო. ჩვენ, ყველას გვახსოვს სკოლის პერიოდიდან, რომ ყველა ნივთს გააჩნია ფორმა, ყველა სხეულს აქვს სიგრძე, სიგანე და სიმაღლე, - განმარტებები, რომლებიც ჩვენთვის, ყველასთვის ნაცნობია. თუკი კონკრეტული ფორმის, მაგალითად, სფეროს შუაში წარმოვიდგენთ ორმაგ გადაკვეთას, გადაკვეთის ადგილზე მივიღებთ წერტილს, ე.წ სიღრმის წერტილს. არქიმედე, რა საკვირველია  ამ წერტილს გულისხმობდა, რადგან სწორედ ეს არის საყრდენი და საწყისი წერტილი, ყოველი ფორმის ბირთვი.  ამ თვალსაზრისით, ყველა წერტილი სიმეტრიულად ობიექტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნამდვილ წონასწორობაში იმყოფება. სწორედ ეს წარმოადგენს მეოთხე განზომილების საიდუმლოს საფუძველს, აქედან მოდის დროისა და სივრცის, უდროობისა და სივრცის არარსებობის კონცეფცია და შესაბამისად, სივრცის მაგიის საიდუმლოც. განდობილს ეძლევა რჩევა, ძალიან ინტენსიურად იმედიტიროს ამ პრობლემატური საკითხის შესახებ. ღრმა მეტიდაციის მეშვეობით პრაქტიკოსი შეძლებს გახსნას იმ საიდუმლოთა სიღრმეები, რომელთა შესახებაც არასოდეს უოცნებია, ხოლო მაღალი დონის ინტუიცია, მას ჯილდოდ მიეცემა. მეხუთე საფეხურის მენტალური მაგიის სავარჯიშოებთან ერთად, ჩვენ ვისაუბრებთ სივრცის მაგიაზე.
 
მენტალური მაგიის შესწავლა (V)
  
ყოველი წინა სავარჯიშოს მეშვეობით, განდობილმა მიაღწია კონცენტრაციის გარკვეულ შესაძლებლობებს, მან ასევე ისწავლა თავისი ცნობიერების სურვილისამებრ ტრანსფორმაცია ნებისმიერ ფორმაში. მას შეუძლია დაინახოს უფრო შორს და უფრო ღრმად. მეხუთე საფეხურში მოყვანილი ინსტრუქციები გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა გადავნერგოთ (ტრანსპლანტირება) ჩვენი ცნობიერება ნებისმიერი ფორმის ცენტრში, დაწყებული უმცირესი ატომიდან, უმაღლეს სამყაროებამდე. ამ გზით განდობილი არა მხოლოდ ისწავლის ყოველი ფორმის გაგებასა და ინტერპრეტაციას მისი ცენტრიდან, იგი ასევე ისწავლის ფორმის დაუფლებას მოცემული ცენტრიდან. მომდევნო სავარჯიშოებით შეძენილი უნარები განუზომლად დიდია. მენტალური ბალანსი, ფუნდამენტური აკაშას მიზეზ-შედეგობრივი პრინციპის საკუთრებას წარმოადგენს. ამიტომ, მოდით, დაუყოვნებლივ მივმართოთ პრაქტიკულ სავარჯიშოებს:
   
დაიკავეთ თქვენი ჩვეული პოზიცია. ახლა, დაიდეთ შედარებით დიდი ზომის საგნები თქვენს წინ, მაგალითად: ბურთი, კუბი და ა.შ. მცირე ხნით დააფიქსირეთ თქვენი მზერა ობიექტზე, შემდეგ დახუჭეთ თვალები და გადაიტანეთ თქვენი ცნობიერება სიღრმეში, ანუ ცენტრისკენ. თქვენი ცნობიერების ტრანსპლანტაცია იმდენად მკაფიო და ძლიერი ინდა იყოს, რომ მთლიანად უნდა დაივიწყოთ მთელი სხეული, მას ვეღარ უნდა გრძნობდეთ. ეს სავარჯიშო მართლაც ძალიან რთულია, მაგრამ პრაქტიკა სრულყოფილად დახვეწავს! არავის არ უნდა შეეშინდეს თავდაპირველად განცდილი წარუმატებლობის გამო. განაგრძეთ გულმოდგინედ მუშაობა. ადამიანი სამ განზომილებაში მოქცეული არსებაა და მის ფარგლებში არსებობასაა მიჩვეული, სწორედ ამის გამო, მსგავსი პრაქტიკებისას გარკვეული სირთულეები წარმოიქმნება, მაგრამ მხოლოდ თავდაპირველად. მსგავსი სირთულეები ერთიდან მეორე ვარჯიშამდე თან და თან მცირდება, ბოლოს კი ცნობიერება ეჩვევა ნებისმიერი საგნის სიღრმის წერტილში კონცენტრაციას. თუ თქვენ წარმატებით შეძლებთ კონკრეტული ობიექტის ცენტრში ცნობიერების მინიმუმ ხუთი წუთით შენარჩუნებას, შეგიძლიათ აირჩიოთ ახალი ობიექტი. სხვა ობიექტზე იგივე შედეგის მიღწევის შემდეგ, შეარჩიეთ სხვადასხვა ობიექტები, მაგრამ ამჯერად, ისინი ასიმეტრიულები უნდა იყვნენ. მსგავს ობიექტებზე სიღრმის წერტილში ცნობიერების ტრანსპლანტირებით, თქვენ საკუთარ თავს იგრძნობთ ყაყაჩოს თესლივით დაპატარავებულად და თვით ატომის ზომაზე შემცირებულადაც. თუ შეგიძლიათ ამ პროცესის წარმატებით მართვა ყოველგვარი დარღვევის გარეშე,  გადადით შემდეგ ვარჯიშზე, გააფართოვეთ თქვენი მოცულობა სივრცეში სიღრმის წერტილიდან. რაც უფრო შემცირებულად გრძნობთ თავს და რაც უფრო შეკუმშულია თქვენი ცნობიერება, მით უფრო დიდად მოგეჩვენებათ თქვენს გარშემო არსებული გარშემოწერილობა. თქვენი გადმოსახედიდან, შერჩეული ობიექტი უნდა წარმოადგენდეს მთელი სამყაროს პერსონიფიკაციას, და თქვენ უნდა ეცადოთ, რაც შეიძლება დიდხანს დაიჭიროთ ეს შეგრძნება. მას შემდეგ, რაც წარმატებით შეასრულებთ ამ სავარჯიშოს როგორც სიმეტრიულ, ასევე ასიმეტრიულ ობიექტთებთან, შეგიძლიათ მიმართოთ განსხვავებულ ობიექტს. დარწმუნდით, რომ სავარჯიშოს წარმატებით გაართვით თავი, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნებისმიერ ობიექტთან მიმართებაში იდენტური შედეგი გექნებათ. სიღრმის წერტილის მრავალ ობიექტზე ჩატარებული სავარჯიშოს შემდეგ, თქვენ მიაღწევთ ნებისმიერი ობიექტის მეშვეობით დანახვის უნარს და ინტუიციურად ამოიცნობთ ასეთი ობიექტის მატერიალურ და გონებრივ აგებულებას. ამავდროულად, თქვენ მიიღებთ უნარს, რომ გავლენა მოახდინოთ ყველა ობიექტზე მისი ბირთვის მეშვეობით, დატვირთოთ და გაჟღინთოთ იგი საკუთარი ცნობიერებით, თქვენი სურვილისამებრ. ჩვენ, განდობის მეოთხე საფეხურზე შევისწავლეთ ამ პრობლემის დაუფლება, სასიცოცხლო ძალის დაგროვების გზით, გარედან შიგნით. ეს სავარჯიშოც გვასწავლის იგივეს გაკეთებას, მაგრამ ბევრად უფრო შთამბეჭდავი მანერით; - შიგნიდან გარეთ.
   
მაგმა უნდა შეძლოს იგივე ეფექტის მიღწევა ცხოველებთან და ადამიანებთან მიმართებაში. მას უნდა შეეძლოს იმ საგნებში შეღწევაც, რომლებიც მის თვალწინ არ არის. ცნობიერებას საზღვრები არ გააჩნია, სწორედ ამიტომ, მას შეუძლია ამ სავარჯიშოს დაპრაქტიკება უშორეს მანძილებზეც. როდესაც განდობილი ამ საფეხურამდე მიაღწევს, მას შეუძლია დაიწყოს ცნობიერების მეოთხე განზომილებაში გადატანა - საკუთარ სხეულში, მიკროკოსმოსში, საკუთარი არსების აკაშას პრინციპში. პრაქტიკა ტარდება შემდეგნაირად:
   
მდუმარედ დაჯექით თქვენს ნაცნობ პოზაში, თვალები დახუჭულ მდგომარეობაში გვაქვს. მოახდინეთ თქვენი ცნობიერების სხეულის შუა ნაწილში კონცენტრაცია; კუჭის, მზის წნულის არეალში. თქვენ უნდა იგრძნოთ საკუთარი თავი უბრალო წერტილად, ატომურ ცენტრად, ხერხემალსა და კუჭს შორის. ეს ცენტრი, თქვენი სხეულის სიმძიმის ცენტრს წარმოადგენს. შეეცადეთ დარჩეთ ამ წერტილში თქვენი ცნობიერებით, მინიმუმ ხუთი წუთი. დროის შესამოწმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მაღვიძარა. დააკვირდით თქვენს სხეულს ამ წერტილიდან. რაც უფრო მცირე ზომით აღიქვამთ საკუთარ თავს, მით უფრო დიდად წარმოგიდგებათ თქვენი სხეულის გარშემოწერილობა, იგი თქვენთვის აღიქმება, როგორც მთელი სამყარო. ამ მომენტში, ვიწყებთ მედიტაციას შემდეგი პოსტულატების ცნობიერად გამეორებით: "მე ვარ ჩემი სხეულის ცენტრი; მე ვარ მასში განმსაზღვრელი ძალა!" სირთულეებმა, დასაწყისში არ უნდა დათრგუნონ განდობილი. იმ შემთხვევაშიც, თუ პრაქტიკოსი ამას რამდენიმე წამის განმავლობაში ახერხებს, მუდმივი ვარჯიშის შედეგად წამი წუთად იქცევა. საკუთარ სხეულში, სიღრმის წერტილში დარჩენის ლიმიტი არის ხუთი წუთი. ამ საფეხურზე, განდობილს უნდა შეეძლოს ნებისმიერ დროსა და მომენტში საკუთარი ცნობიერების სიღრმის წერტილში, აკაშას პრინციპში გადატანა. აქედან მოქმედება, გავლენას ახდენს ყველაფერზე, რაც ჩვენს არსებას ეხება. ცნობიერების გადატანა აკაშას პრინციპში, წარმოადგენს ტრანსის ჭეშმარიტ მაგიურ მდგომარეობას და ასევე წარმოადგენს კოსმიურ ცნობიერებასთან კავშირის წინასწარ ეტაპს. მომდევნო თავში ჩვენ აღვწერთ პრაქტიკას, რომელიც უკავშირდება კოსმიურ ცნობიერებასთან კონტაქტს. 
   
მაგიური ტრანსი არ უნდა აგვერიოს მდგომარეობაში, რომელშიც სხვადასხვა სპირიტუალური საშუალებები შედიან. ძირითადად, ამ მდგომერეობებში ბევრი ბოროტება კეთდება, რათა სხვა ადამიანები შეცდომაში შევიდნენ. ჭეშმარიტი სპირიტუალური საშუალებების ტრანსული გამოცდილების მაგალითია ლოცვა, საგალობელი ან სხვა სახის მედიტაციური საშუალებები. შესაძლოა, ეს იყოს გონების პასიურობის (სიცარიელის) მეშვეობით, ცნობიერების სპონტანური გადაადგილება. ამ მდგომარეობაში შესაძლებელია ცალკეული ელემენტალების, გარდაცვლილი ადამიანების ან დაბალი რანგის არსებების ასტრალური და მატერიალური სხეულების გაერთიანება მანიფესტაციაში, სხვადასხვა მიზნებისათვის.  ჰერმეტისტული თვალსაზრისით, მსგავსი ექსპერიმენტები განიხილება, როგორც ერთგვარი აკვიატება, იმ შემთხვევაშიც, თუ ზემოთ ნახსენები არსებები კეთილი ბუნებით ხასიათდებიან. ჭეშმარიტ მაგს, ბუნებრივია, ეჭვი არ ეპარება მსგავსი ექსპერიმენტების შესრულების ნამდვილობაში, - იმ შემთხვევაში, თუ ისინი ძალიან სერიოზულად განიხილება, - მაგრამ ამავე დროს ძალიან აწუხებს მსგავსი საშუალებების არსებობა. მაგს დამოუკიდებლად შეუძლია ცნობიერად ჩამოაყალიბოს მსგავს არსებებთან ურთიერთობა სრულიად სხვა გზების მეშვეობით და იმის ტოტალური გაცნობიერებით, რომ მან იცის, რასაც აკეთებს. დეტალები მოცემულია კონკრეტულად ამ საკითხისთვის განკუთვნილ თავში.
   
სამშვინველის მაგიის შესწავლა (V)
 
მეოთხე საფეხურის პრაქტიკულმა სავარჯიშოებმა გვასწავლეს ელემენტების სამყაროდან ელემენტთა გამოხმობა და მათი ენერგიით ჩვენი სხეულის დამუხტვა, რათა პირველ რიგში მოცემული ელემენტები დაგროვდნენ ჩვენს სხეულში, ხოლო შემდგომ, სხეულის თითოეული ნაწილში გადანაწილდნენ. ამის შედეგად ორგანიზმში წარმოიქმნება ერთგვარი ძაბვა, რომელსაც ჩვენ დინამიდს ვუწოდებთ; სხეული ხდება უფრო ელასტიური და ვარჯიშიდან ვარჯიშამდე უფრო და უფრო უკეთ უძლებს ორგანიზმში არსებული წნევის ზემოქმედებას. სამშვინველის მაგიის მეხუთე საფეხურში ჩვენ ეტაპობრივად ვისწავლით ელემენტების მართვას გარედან, რადგან ელემენტთა გარეგანი დაუფლების გარეშე ნებისმიერი სახის პრაქტიკულ მაგიასთან მუშაობა, შეუძლებელია. ჩვენ, მთელი ჩვენი ყურადღება პრაქტიკულ სამუშაოს უნდა დავუთმოთ. 
   
დაჯექით თქვენს ჩვეულ პოზაში. ჩაისუნთქეთ ჰაერი ფილტვებისა და კანის ფორების მეშვეობით, ამავდროულად, თქვენი წარმოსახვის დახმარებით, გაააქტიურეთ ორგანიზმში ცეცხლის ელემენტი. ვისუნთქავთ ცეცხლის ელემენტს სითბოს სპეციფიკური თვისებით, ხოლო ამოვუნთქვისას ვუშვებთ უბრალო ჰაერს. თუ თქვენს სხეულში სითბო სათანადოდ გაძლიერდა და მხურვალების შეგრძნებას გაუტოლდა, ეს მიანიშნებს რომ ორგანიზმში ელემენტი საკმარისად დაგროვდა, რის შედეგადაც სავარჯიშოს ახალ დეტალს ვამატებთ: წარმოსახვის მეშვეობით, გამოვდევნოთ ორგანიზმში დაგროვებული სითბო მზის წნულიდან, და გავავრცელოთ იგი მთელს ოთახში. ცეცხლის ელემენტის სიმხურვალემ ოთახი უნდა აავსოს. სანამ ელემენტს სხეულიდან ანთავისუფლებთ, თქვენ უნდა გქონდეთ განცდა, რომ თქვენს სხეულში მხურვალება კლებულობს, ხოლო სანაცვლოდ, სითბო მთელს ოთახში ვრცელდება. გაიმეორეთ ელემენტის დაგროვებისა და გამონთავისუფლების სავარჯიშო რამდენჯერმე. ამ სავარჯიშოს მეშვეობით ოთახი უფრო და უფრო მეტად უნდა გათბეს. თქვენ თავად უნდა იგრძნოთ, რომ ოთახი საგრძნობლად გათბა. სავარჯიშოს კარგად დაპრაქტიკების შედეგად, ოთახში არსებული სითბოს შეგრნება ფაქტად იქცევა ნებისმიერი ადამიანისთვის. ოთახში შემოსული თითოეული ადამიანი იგრძნობს მასში დაგროვილ სითბოს. თერმომეტრი გვაჩვენებს, თუ რამდენად ეფექტურად შეუძლია ჩვენს წარმოსახვას ცეცხლის ელემენტთან თანამშრომლობა იმ დონეზე, რომ ოთახში მატერიალურად აღქმადი სითბოს წარმოქმნაა შესაძლებელი. ამ სავარჯიშოს წარმატებულობა მთლიანად დამოკიდებულია ნების ძალაზე და პლასტიკური წარმოსახვის უნარზე. ამ დონეზე, აუცილებელი არ არის სითბოს იმ რაოდენობით დაგროვება, რომ მისი გაზომვა თერმომეტრით იყოს შესაძლებელი. მაგრამ, თუ ვივარაუდებთ, რომ მაგს შესაძლოა სურდეს საკუთარი დავალების სანახაობრივი გზით წარმოჩენა, მაშინ მსგავსი ინსტრუმენტების დახმარებით სასურველ შედეგს მიიღებს. თუმცა, ჭეშმარიტი მაგი, არ დაკმაყოფილდება ამ უმნიშვნელო მიღწევებით და მოინდომებს საკუთარი უნარების უფრო მეტად განვითარებასა და დახვეწას, რადგან ის მტკიცედაა დარწმუნებული, რომ დროთა განმავლობაში, გაცილებით მეტის მიღება შეუძლია.
   
ელემენტთა გარეგანი პროექციის სავარჯიშო დასრულებულია, როგორც კი მაგს შეუძლია მკაფიოდ იგრძნოს სითბო ოთახში. სავარჯიშოს წარმატებით შესრულების შემდეგ, მაგმა უნდა გაანთავისუფლოს, გარესამყაროში უნდა გაუშვას აკუმულირებული ცეცხლის ელემენტი, უსასრულო სამყაროში, სადაც ელემენტი სფერულად იშლება, ყველა მიმართულებით. 
    
განდობილს შეუძლია ნებისმიერ მომენტში გაანიავოს ოთახი ან გარკვეული დროით შეინარჩუნოს ცეცხლის ელემენტით დამუხტული ოთახის სითბო. გავიმეორებ, ყველა წარმატება დამოკიდებულია პრაქტიკოსის ნების ძალაზე და წარმოსახვის უნარზე. მეორეს მხრივ, მიზანშეწონილი არ არის დამუხტული ოთახის დიდი ხნით დატოვება განიავების გარეშე, რადგან არსებებმა, რომლებიც ამ ელემენტებს განეკუთვნებიან, შესაძლოა დაიწყონ სხვადასხვა ოხუნჯობების და გაუთვალისწინებელი ქმედებების განხორციელება მსგავს ატმოსფეროში. ამ საკითხის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას იხილავთ ელემენტალ-არსებებისადმი მიძღვნილი სამუშაოს პარაგრაფში.
   
ამ ეტაპზე, აღვნიშნოთ განსხვავებული საკითხიც. საწყის ეტაპზე მაგს ეძლევა რეკომენდაცია, არ ჩაატაროს მოცემული სავარჯიშო ღია ცის ქვეშ, გაშლილ სივრცეში. გარკვეული დროით საჭიროა ჩაკეტილი სივრცე, სავარჯიშოს სრულყოფილად დახვეწისათვის. წარმოსახვას საზღვრები არ გააჩნია. მაგმა, ცეცხლის ელემენტთან ერთად, უნდა ივარჯიშოს დარჩენილ სამ ელემენტთანაც. ცეცხლის შემდეგ, მან უნდა აიღოს ჰაერის ელემენტი, ჰაერის შემდეგ წყალი, ბოლოს კი მიწა. სავარჯიშოების შეწყვეტა დამოკიდებულია განდობილის დროსა და შესაძლებლობებზე. მას შეუძლია თითო ელემენტს დაუთმოს ერთი დღე, მეორე ელემენტს მომდევნო და ასე შემდეგ, ან შეუძლია ერთ ელემენტთან ივარჯიშოს დილით, მეორესთან შუა დღისას, მესამესთან საღამოს, მეოთხესთან მომდევნო დილით და ასე შემდეგ. განდობილებს, რომელთაც აქვთ უამრავი დრო და საკმარისი ნებისყოფა, შეუძლიათ მორიგეობით გაიარონ ოთხივე სავარჯიშო.  ეს განდობილები უზარმაზარ პროგრესს მიაღწევენ ელემენტთა დაუფლების ამოცანაში. განდობილს, რომელიც ამ მიმართულებით ოთხივე ელემენტს დაეუფლა, შეუძლია სწავლა განაგრძოს. 
  
წინა სავარჯიშომ განდობილს ასწავლა როგორ დაეგროვებინა მზის წნულის მეშვეობით, სივრციდან მოზიდული ელემენტები. მომდევნო სავარჯიშოში იგი შეისწავლის ორგანიზმში დაგროვილი ელემენტის სივრცეში გაბნევას არამარტო მზის წნულის მეშვეობით, არამედ მთელი სხეულის სასუნთქი ფორების მეშვეობითაც და ამგვარად წარმოქმნის ელენტების დაგროვებას სივრცეში. სავარჯიშო შესასრულებელია ყველა ელემენტთან. როგორც კი განდობილი ამ სავარჯიშოსაც დაეუფლება, უნდა გააგრძელოს ვარჯიშის შესრულება არა მხოლოდ მთელი სხეულით, არამედ სხეულის სხვადასხვა ნაწილით. ხელები და თითები, როგორც წესი, მაგიურ ინსტრუმენტებს წარმოადგენენ, ამიტომ განდობილმა უდიდესი ყურადღება სხეულის სწორედ ამ ნაწილებს უნდა დაუთმოს, მან ფორებით სუნთქვის მეშვეობით უნდა დააგროვოს ელემენტი ცალ ხელში ან ორივე ხელში ერთდროულად და უნდა გამოუშვას ხელებში დაგროვებული ელემენტი სივრცეში. განდობილმა უნდა იგრძნოს, თითქოს ციმციმის მსგავსი რხევებით როგორ ასხივებს კონკრეტულ ელემენტს სივრცეში. მუდმივი პრაქტიკა აქაც სრულყოფილ შედეგებამდე მიგვიყვანს. განდობილმა სავარჯიშო ყველა ელემენტზე უნდა აპრაქტიკოს და სრულყოფილად დაეუფლოს მათ. შეგვიძლია განვაგრძოთ:
   
დაჯექით თქვენთვის ნაცნობ მდგომარეობაში. შეისუნთქეთ ცეცხლის ელემენტი ფილტვებისა და თქვენი ფორების მეშვეობით, დააგროვეთ იგი მანამ, სანამ ორგანიზმში მკაფიო სითბოს შეგრძნება არ გაჩნდება. ახლა, წარმოიდგინეთ ორგანიზმში აკუმულირებული ცეცხლის ელემენტი, 4-8 ინჩის დიამეტრის ცეცხლოვანი ბურთის სახით, რომელიც მზის წნულში უნდა მდებარეობდეს. ცეცხლოვანი ბურთი უნდა იყოს მცხუნვარე და მანათობელი; ერთი სიტყვით, ძალიან უნდა ჰგავდეს მზეს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ბურთულა მოძრაობს მზის წნულის გარეთ და ჰაერში თავისუფლად დაცურავს. მზის მსგავსი ცეცხლოვანი სფერო, უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც თეთრად მანათობელი და მცხუნვარე. მიჰყევით ამ ხატ-სახეს იმდენ ხანს, რამდენსაც შეძლებთ. თუ მას ხელს მიუახლოვებთ, ან ის თავად მოგიახლოვდებათ, სითბოს გამოსხივება უნდა იგრძნოთ. დაასრულეთ სავარჯიშო სამყაროში ცეცხლის ბურთულის ნელა დაშლით ან მისი უეცარი აფეთქებით არარაობაში. სავარჯიშოს დასრულების ორივე მეთოდი თქვენთვის ნაცნობი უნდა გახდეს. თქვენ ამგვარად უნდა გაუმკლავდეთ ჰაერის, წყლის და ბოლოს, მიწის ელემენტსაც. უკეთ წარმოსახვისთვის, მიეცით ჰაერის ელემენტს ცისფერი ფერის შეფერილობა. წყლის ელემენტი გაცილებით უნდა გაგიადვილდეთ, თუმცა შესაძლოა გარკვეული სირთულეც შეგექმნათ; წარმოიდგინეთ იგი ყინულის გამჭვირვალე სფეროს სახით, ხოლო მიწის ელემენტზე წარმოიდგინეთ თიხა. როდესაც ამ სავარჯიშოს ოთხივე ელემენტთან შეასრულებთ და მათ სრულყოფილად დაეუფლებით, მიმართეთ ელემენტთა სხვადასხვა ფორმებს, იგივე მეთოდის მიხედვით. თავდაპირველად, აირჩიეთ მარტივი ფორმები, როგორიცაა კუბი, პირამიდა, კონუსი და ა.შ. სავარჯიშო დასრულებულია, როგორც კი წარმატებით მოახერხებთ თითოეული ელემენტის საკუთარ სხეულში კონდენსაციის სახით, გარკვეული ფორმით გამოსახვას და მის სხეულს გარეთ პროექციას. 
   
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა სავარჯიშო სრულყოფილად შევასრულეთ, შეგვიძლია შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, რომელიც ეხება სამყაროდან, ელემენტების პირდაპირი სახით პროექციას. პრაქტიკა ტარდება შემდეგნაირად: დაჯექოთ ასანას პოზიციაში. ისუნთქეთ მშვიდად და ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. წარმოიდგინეთ, რომ, თქვენ ხატავთ ცეცხლის ელემენტს უსასსრულო სივრციდან და ავსებთ იმ ოთახს, რომელშიც იმყოფებით. წარმოიდგინეთ სამყარო უზარმაზარი ბურთის სახით, საიდანაც თქვენ ხატავთ, იხმობთ ცეცხლის ელემენტს ყველა მიმართულებიდან - თქვენი ოთახისკენ. გახსოვდეთ, რომ ცეცხლის ელემენტის პირველად წყარო, ყველაზე ეთერული და დახვეწილია; რაც უფრო მეტი ძალისხმევით წარმოიდგენთ, მით უფრო მკვრივი, მატერიალური და ცხელი გახდება. ამ სავარჯიშოს დროს, აუცილებლად იგრძნობთ სითბოს თქვენს სხეულზე. რაც უფრო შეიკუმშება და კონდენსირდება ელემენტი ოთახში, მით უფრო გაიზრდება ოთახის სიმხურვალეც. თქვენ რეალურად უნდა გქონდეთ საცხობ ღუმელში ყოფნის შეგრძნება. ახლა, დაშალეთ ელემენტი უსასრულობაში თქვენი ნების ძალისა და წარმოსახვის გამოყენებით.
    
გაიმეორეთ იგივე პროცედურა ჰაერის ელემენტთან. ამ სავარჯიშოს სწორად შესრულებისას, თქვენ უნდა გქონდეთ უსასრულო, ჰაერის ოკეანეში ცურვის შეგრძნება, ყოველგვარი გრავიტაციისა და მიზიდულობის ძალისაგან თავისუფალი შეგრძნება. თავს უნდა გრძნობდეთ ისევე მსუბუქად, როგორც ჰაერის ბალონი. ამის შემდეგ, შეგიძლიათ დაშალოთ შედედებული ჰაერი ცეცხლის ელემენტის მსგავსად. იგივე გააკეთეთ წყლის ელემენტთან. წარმოიდგინეთ, რომ ამ ელემენტს ხატავთ უსასრულო ოკეანიდან, თავდაპირველად, როგორც ერთგვარი ცივი ორთქლი, რომელიც რაც უფრო გიახლოვდებათ, უფრო და უფრო კონდენსირდება. გაავსეთ მთელი სავარჯიშო ოთახი ამ ცივი ორთქლით, და წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ამ ილუზორული/მოჩვენებითი წყლის ელემენტის ცენტრში. თქვენ, ყინულივით სიცივეს უნდა გრძნობდეთ. იმ მომენტში, როდესაც ნამდვილად იგრძნობთ ამ სიცივეს, დაშალეთ წყლის ელემენტი თავდაპირველ ფორმაში და ნება მიეცით გადავიდეს იგი არარაობაში. ამ გზით, მაგს შეუძლია ნებისმიერ დროს გააგრილოს თავისი ოთახი, ზაფხულით დახუთულ დღეებშიც კი. ახლა სცადეთ იგივე ექსპერიმენტი მიწის ელემენტთან. სამყაროდან გამოიხმეთ თიხის მსგავსი ნაცრისფერი მასა. რაც უფრო გიახლოვდებათ, უფრო და უფრო ყავისფერი ხდება. შეავსეთ მთელი ოთახი ამ მძიმე მასით. ამით თქვენ უნდა განიცადოთ სიმძიმე და შეკრულობა, თითქოს რაღაც ზეწოლას ახდენს თქვენს სხეულზე. თქვენი კონტროლის ქვეშ წარმატებულად მყოფი მიწის ელემენტი, დაშალეთ თავდაპირველ მდგომარეობაში ისე, როგორც წინა ელემენტებთან. 
   
ამ დროისათვის ჩვენთვის აშკარაა, რომ ელემენტების ჩამოყალიბება და მატერიალიზება ხდება იქ, სადაც განდობილი მოახდენს კონცენტრირებას, ელემენტების სხეულის გავლით მოძრაობის გარეშე. ეს ყველაფერი ჩვენი სხეულის გარეთ მიმდინარეობს. მაგი ორივე მეთოდს შესანიშნავად უნდა დაეუფლოს, რადგან ზოგიერთი მაგიური დავალებისას, მას დასჭირდება ელემენტი, რომლის ზემოქმედებაც საკუთარი სხეულიდან უნდა განახორციელოს, მაგალითად, ავადმყოფების განკურნების შემთხვევაში. მეორეს მხრივ, მას დასჭირდება პირდაპირი, უნივერსალურად მიღებული ელემენტები, მისთვის დაქვემდებარებული მოჩვენებების და ელემენტალების შესაქმნელად. ამ პრაქტიკის დაუფლებითაც, განდობილი კვალიფიცირებულია, რომ წინ წავიდეს. 
   
შემდეგი სავარჯიშო იქნება ელემენტების სამყაროდან გამოხმობა, მაგრამ, არა წინა სავარჯიშოში აღწერილი სივრცის შევსების სახით, არამედ შერჩეული თვით-შწკუმშვის გამოყენებით, იმ სავარჯიშოს მსგავსად, სადაც ელემენტების ფორმები კონდენსირებულნი იყვნენ მზის წნულში  და გამოგვყავდა სივრცეში, ჰაერში ლივლივის სახით; განსხვავება ისაა, რომ ელემენტის ფორმირება აღარ ხდება ჩვენი სხეულის შიგნით, არამედ მაშინვე, ჰაერში ცურვის დროს. შესაბამისად, მაგმა უნდა იცოდეს, როგორ აწარმოოს ცეცხლოვანი ბურთი, ჰაერის ბურთი, წყლის ბურთი და მიწის ბურთი. თუ ამ სავარჯიშოს შესრულებას მაგი უშეცდომოდ მიაღწევს, მან სივრცეში მცურავი ელემენტებისგან განსხვავებული ფორმები უნდა ჩამოაყალიბოს და გარკვეული დროის შემდეგ კვლავ დაშალოს სამყაროში. თითოეულ ელემენტთან მუშაობისას მკაფიოდ უნდა ვიგრძნოთ სპეციფიკური თვისება, რომელიც კონკრეტული ელემენტისთვისაა დამახასიათებელი; მაგს უნდა შეეძლოს სრულიად უბრალო ადამიანსაც აგრძნობინოს ამ ელემენტების თვისებები. ესენი მართლაც მაღალი დონის მიღწევებს წარმოადგენენ, რომლებიც ამ მიმართულებით ჩადებული დიდი ძალისხმევის შედეგია. ამ სავარჯიშოების მსვლელობისას, განდობილს უნდა ესწავლა ყოველი ელემენტის კონდენსაცია და შეკუმშვა ნებისმიერ ფორმაში, რომელსაც თავად აირჩევს.
   
ამ საფეხურზე გაწვრთნილ მაგებს ელემენტის კონდენსირება იმ დონეზე შეუძლიათ, რომ ელემენტი მატერიალური ძალა ხდება. სწორედ ამიტომ, განდობილს შეუძლია ცეცხლის ელემენტის დახმარებით ცეცხლის დანთება ძალიან დიდ მანძილზეც. თავდაპირველად, ივარჯიშეთ ცეცხლოვანი ბურთის შექმნაში  პირდაპირ სამყაროდან და მისი სხეულში გავლის გარეშე, შემდეგ ეცადეთ უფრო დააპატარაოთ იგი მძივის ბურთულას ზომის ნაპერწკალამდე. მოათავსეთ ეს ნაპერწკალი ადგილას, რომელიც ადვილად აალებათი სითხით იქნება გაჟღენთილი, მაგალითად, ბამბის გორგალში ან ნავთით გაჟღენთილ ნივთში. შეგიძლიათ გამოიყენოთ ალკოჰოლიც და ბენზინიც. ზუსტად იგივე ასპექტში, უნდა წარმოიდგინოთ ჰაერის ელემენტის ნაპერწკალი, ხოლო იმ მომენტში, როდესაც ორივე ნაპერწკალი ბამბის გორგალს შეეხება, თქვენ დაინახავთ როგორ გაჩნდება მაშინვე ცეცხლი. ამ პატარა ხრიკში წარმატების მიღწევის შემდეგ, მაგს შეუძლია იგივეს გაკეთება სცადოს სანთელზე და შემდეგ პარაფინის სანათზე. მაგს წარმატებული შედეგის მიღწევა შეუძლია ახლო მანძილზეც და შორ მანძილზეც. გარდა ამისა, მაგს შეუძლია ცეცხლის ნაპერწკალის დახურულ ბოთლში ან ჭიქაში მოთავსება, რომელსაც წყლის ნაპერწკალსაც დაუმატებს. როგორც კი ისინი ერთმანეთს შეეხებიან, მაგი იხილავს, როგორ გასკდება აფეთქებისგან ბოთლი. მაგს შეუძლია თავად შეადგინოს მსგავსი ექსპერიმენტები, რადგან იგი ფლობს წესებს. ჭეშმარიტი მაგი თავის დროს მსგავს ოხუნჯობებში არ დაკარგავს. მან ძალიან კარგად იცის, რომ ჭეშმარიტად შეუძლია ისეთი სამყაროესული ფენომენების წარმოქმნა და შეჩერება, როგორიცაა ელვა, ჭექა-ქუხილი, წვიმა  და ა.შ. და ეს ყველაფერი, ელემენტების დახმარებითაა შესაძლებელი. ყველა ეს ძალა, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანისთვის ბუნების გასაოცარი გამოვლინებებს წარმოადგენს, მაგისთვის სამართავად შესაძლებელი და ცხადი გამოვლინებებია, მან იცის რომ ელემენტები მის ხელთაა. ცნობილი ფაქტია, რომ აღმოსავლელმა ფაკირებმა შეასრულეს ნამდვილი მანგოს ხის სასწაული: მათ მიერ დაუფლებული ელემენტების მეშვეობით, ფაკირებმა შეძლეს თესლიდან - ზრდასრულ ნაყოფებამდე, მანგოს ხის სულ რაღაც ერთ საათში გაზრდა.
   
გარდა ამისა, განდობილს შეუძლია ელემენტების კონდენსაციის კონტროლიც და მისი დაგემოვნებაც, წყლით სავსე ჭიქაში ელემენტების ჩაშვებით. ცეცხლის ელემენტს ექნება მომჟავო გემო, ჰაერის ელემენტს ტკბილი, წყლის ელემენტს მლაშე, ხოლო მიწის ელემენტს უგემური. 
   
რომელს არ გაახსენდება ქორწილი ქანაანში, სადაც ჩვენმა უფალმა წყალი ღვინოდ აქცია? მხოლოდ ისეთი მაღალი დონის განდობილს, როგორიც იესო ქრისტე იყო, შეეძლო შეესრულებინა ეს სასწაული არა გარეგანი ელემენტების გავლენით, არამედ წყლის გარდაქმნით აკაშას პრინციპის მეშვეობით, თავად მის შიგნით. 
   
ამ ეტაპზე, დავასრულებ ელემენტების დაუფლების სავარჯიშოებს. არავინ მოელოდეს წინსვლას მანამ, სანამ საფუძვლიანად არ შეასრულებს ყველა დავალებასა და სავარჯიშოს. ყველა მოცემული სავარჯიშო ერთმანეთთან კავშირშია და ერთმანეთზეა დამოკიდებული. მე თავისთავად ვიმედოვნებ, რომ თავში არავის მოუვა მხოლოდ ერთი ვარჯიშის პრაქტიკა და სხვების დაიგნორება. შედეგი საბედისწერო იქნება ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ხოლო წარმატება არასოდეს მოვა. ეს ფაქტები ძალიან ფრთხილად უნდა იქნეს განხილული. მაგრამ, ის, ვინც ასრულებს ყველა ვარჯიშს კეთილსინდისიერად და ერთმანეთის მიყოლებით, შეუძლია განაგრძოს წინსვლა სუფთა სინდისით და მთელი სისწრაფით.
   
სხეულის მაგიის შესავლა (V)
  
ამ ეტაპზე მე მოვიყვან რამდენიმე სავარჯიშოს, რომელიც შესაძლებელს ხდის დავამყაროთ პასიური კომუნიკაცია უხილავ არსებებთან, მაგიური თვალსაზრისით. მეხუთე საფეხურში მოყვანილი სავარჯიშოები გარკვეულწილად ჰგავს სხვადასხვა სპირიტუალურ მეთოდებს, მაგრამ მაგი მალევე შეამჩნევს, რომ, ის არ ავარჯიშებს საკუთარ თავს იმ კუთხით, რომელთაც სპირიტუალისტი მედიუმები აკეთებენ. მაგი არ უნდა გახდეს სათამაშო, უკონტროლო ძალების ხელში; პირიქით, მან უნდა უხელმძღვანელოს თავის ძალაუფლებას ცნობიერად და უნდა ისწავლოს მათი მახვილგონივრულად გამოყენება. ამ მხრივ განდობილი ისევე ითვალისწინებს უხილავი სამყაროს კანონებს, როგორც ხილული ფიზიკური სამყაროსას ითვალისწინებს. უხილავ არსებებთან პასიური კომუნიკაციის დასამყარებლად, ძირითადად რეკომენდირებულია ლევიტაციური სავარჯიშოები. განდობილმა მისი სხეულის ნებისმიერი ნაწილი ისე უნდა მოამზადოს, რომ უხილავი არსებები ლევიტაციის მეშვეობით გამოჩნდნენ. შევუდგეთ პრაქტიკულ სავარჯიშოებს:
   
მოთავსდით კომფორტულად მაგიდის წინ. ხელები მაგიდაზე დაალაგეთ. შეასრულეთ სასიცოცხლო ძალის დაგროვების სავარჯიშო თქვენს მარჯვენა ხელში და კონცენტრირება მოახდინეთ ფაქტზე, რომ თქვენი ხელისა და თითების მართვა შეგიძლიათ თქვენი ნების ძალის მეშვეობით, ანუ, არა კუნთების დახმარებით. ამის შემდეგ, წარმოსახვის გზით, გაავრცელეთ თქვენს ხელში დაგროვილი სასიცოცხლო ძალა სამყაროში.  ახლა, დაიწყეთ ლევიტაციის სათანადო ვარჯიში; დააგროვეთ ჰაერის ელემენტი მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითში, კონცენტრირება მოახდინეთ მასზე, საჩვენებელი თითი ჰაერივით მსუბუქი უნდა გახდეს. შემდეგ, ეცადეთ წარმოიდგინოთ, რომ ნების ძალით თქვენ შეგიძლიათ ჰაერში ასწიოთ საჩვენებელი თითი, დანარჩენი ხელის თითები მაგიდაზე უნდა დარჩეს მშვიდად და გაუნძრევლად. უნდა გქონდეთ მკაფიო განცდა, რომ, თითს მაღლა თქვენი კუნთები კი არა, თქვენი ნების ძალა სწევს. როგორც კი თითის აწევას მოახერხებთ, დაუშვით იგი ასევე ნების ძალით. თუ კონცენტრირებას ნაადრევად მორჩებით, თითი მყისიერად ჩამოვარდება. თქვენ შეგიძლიათ სცადოთ ეს იმის დასადგენად, თუ რამდენად ერევა კუნთები ან ნების ძალა თითის აწევაში. თუ თქვენ შეძლებთ მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ლევიტაციას ნების ძალით, შეგიძლიათ იგივე სცადოთ სხვა თითებზეც. ლევიტაციის სავარჯიშო სრულდება, როცა წარმატებით შეძლებთ მარჯვენა ხელის ყველა თითის წარმატებით ლევიტირებას და მის დაწევას. ახლა, გააკეთეთ იგივე მარცხენა ხელის თითებზე. თუ ამასაც მოახერხებთ, შეეცადეთ აწიოთ იგივე მეთოდით მთელი ხელი. ჯერ მარჯვენა, შემდეგ მარცხენა. იმ პირობით, რომ თქვენ შეამჩნიეთ წარმატება რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ, ეცადეთ ასწიოთ ხელი არა მხოლოდ მაჯამდე, არამედ იდაყვამდე. შემდგომში შეგიძლიათ ეცადოთ ერთდროულად ორივე ხელის აწევას, ნების ძალის მეშვეობით. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაგმა ვარჯიშის გაგრძელებას უნდა ეცადოს მთელი სხეულის ჩართვით. ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ნების ძალით მაგი შეძლებს მთელი სხეულის ლევიტაციას. მას შეეძლება წყალზე სიარული, ჩაძირვის გარეშე; მას შეეძლება მთელი სხეულით ჰაერში ასვლაც და მრავალი სხვა ქმედების განხორციელება. რა თქმა უნდა აშკარაა, რომ, ზემოთ აღნიშნული წარმატების მისაღწევად მოცემული სავარჯიშოების შესრულება წლების განმავლობაში მოგიწევთ. მაღალი გრადუსის ("გრადუსი" - ოკულტური ინიციაციის საფეხურების განმსაზღვრელი ტერმინი. მთარგმნ. შენ.) ადეპტები მსგავსი ქმედებების ჩადენას ყოველგვარი სირთულის გარეშე ახერხებენ. ყველაფერი დამოკიდებულია მაგიურ სიმწიფესა და განვითარებაზე. არც ერთი მაღალი რანგის მაგი, არასოდეს ახორციელებს მსგავს მოქმედებებს გადაუდებელი საჭიროების გარეშე, ან სხვისი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. ჩვენი განვითარების საფეხურზე, სავსებით შეგვიძლია დავკმაყოფილდეთ ხელების ლევიტაციის წარმატებით შესრულებით. აქამდე მიღწევის შემდეგ, უნდა მივმართოთ სხვადასხვა მოსამზადებელ  სავარჯიშოებს, რომლებიც აბსოლიტურად აუცილებელია უხილავ არაებებთან პასიური კომუნიკაციისთვის. პრაქტიკა ტარდება შემდეგნაირად:
   
დაჯექოთ მაგიდის წინ, და მშვიდად დააწყვეთ ხელები მაგიდაზე. ახლა, ეცადეთ წარმოიდგინოთ, რომ, თქვენი სულიერი ხელი, თქვენი ფიზიკური ხელიდან ამოდის. გააჩერეთ სულიერი ხელი ფიზიკურ ხელთან ახლოს. უნდა ჩათვალოთ, რომ სულიერი ხელი, თქვენს ფიზიკურ ხელს წარმოადგენს. იფიქრეთ, რომ ხორციელი ხელი უვნებელია, რადგან იგი უკვე მეოთხე განზომილებაში, აკაშას პრინციპშია გადასული. თუ ამ სავარჯიშოს მცირე ხნის განმავლობაში წარმატებით გაუმკლავდით, დაუბრუნდით გონებით თქვენს ხორციელ ხელს და დაასრულეთ ვარჯიში. გაიმეორეთ სავარჯიშო რამდენჯერმე - სანამ არ მიაღწევთ წარმატებას ზემოთ აღწერილის მიხედვით, მინიმუმ ხუთი წუთის განმავლობაში. იგივე მეთოდით შეგიძლიათ მუშაობა მეორე ხელზეც. როდესაც ამ ყველაფერს ძალიან კარგად გაართმევთ თავს, თქვენ მზად ხართ უხილავებთან კონტაქტის დასამყარებლად.
   
ჩვენ უკვე მკაფიოდ შეგვიძლია დავინახოთ, რომ, მაგიური მომზადება ძალიან განსხვავდება სპირიტუალების მომზადებისგან, რომლებიც პასიური კომუნიკაციის დამყარების გზით რაღაცეებს წერენ და ხატავენ. სპირიტუალი მედიუმების მიერ დასმულ კითხვებზე მიღებული პასუხები, ნუთუ მართლა მეოთხე განზომილებიდან მოდის, - ან, როგორც ისინი ეძახიან, "სხვა სამყაროდან", - თუ, უბრალოდ მათივე პასუხები, საკუთარი ქვეცნობიერიდან მოდიან? ამ საკითხის განსჯა მთლიანად მაგებს მივანდოთ. 
   
ჩვენს მიერ ჩატარებული ხელის სავარჯიშოები, ნამდვილად წარმოადგენს მისი მეოთხე განზომილებაში გადატანის საშუალებას, საიდანაც მისი დანახვა შესაძლებელია ნებისმიერი სფეროდან და ნებისმიერი არსებისთვის, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია შეტყობინების გამოგზავნა, ჩვენს, მატერიალურ სამყაროში. როგორც კი დამწყები ამ სავარჯიშოებს წარმატებით შეასრულებს, მას შეეძლება კომუნიკაციის დამყარება მეოთხე განზომილების არსებებთან. მაგი უპირველეს ყოვლისა, კონტაქტში შესვლას შეეცდება მის წმინდა მფარველ ანგელოზთან, მის სულიერ მეგზურთან, რომელსაც აქვს კიდეც მასთან ყველაზე ახლო ურთიერთობა. მაგიის ყოველმა განდობილმა კარგად იცის, რომ მისი დაბადების წამიდან, ღვთაებრივი ზედამხედველობის სახით, მას ჰყავს მფარველი არსება, რომელიც აკვირდება, იცავს, ხელმძღვანელობს და შთააგონებს თავისი მზრუნველობის ქვეშ მყოფს. განვითარებისა და კარმული პროგრესის შესაბამისად, ეს არსება შეიძლება იყოს გარდაცვლილი ადამიანი ან სხვა ინტელექტუალური ქმნილება, რომელიც დედამიწაზე არც განსხეულებულა. ეს არსება ყველაზე აშკარად ზრუნავს მისი მფარველობის ქვეშ მყოფზე, პიროვნების სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე. რაც უფრო მეტად მწიფდება ადამიანი ინტელექტუალურად, მით ნაკლებ ყურადღებას უთმობს სულიერი წინამძღვარი მას; განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი თავად არ აქცევს წმინდა მფარველ ანგელოზს ყურადღებას და სრულიად ივიწყებს საკუთარ ცხოვრებაში მის არსებობას. კონტაქტი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო სუსტდება. ბევრი შეიძლება ითქვას ასეთი მეურვეების წოდებებზეც და მათ მოვალეობებზეც, მაგრამ, ამაზე დაწვრილებით მსჯელობა ჩვენი სამუშაოს ჩარჩოებს გასცდებოდა. მაგს, რა თქმა უნდა აქვს უნარი, დაუკავშირდეს თავის მეგზურს, რათა ისწავლოს ყველაფერი რისი ცოდნაც მას უნდა და მიიღოს ყველაფერი, რაც მას სჭირდება. იმ პირობით, რომ განდობილი გულწრფელად არის დაინტერესებული საკუთარი განვითარებით და მთელი გულმოდგინებით სურს კეთილშობილური მუშაობა, შეუძლია სრულიად დარწმუნებული იყოს, რომ მისი მფარველი პირველ რიგში შეეცდება მისთვის ნაცნობი და ახლობელი გახდეს. განდობილი უნდა ესწრაფვოდეს საკუთარ მფარველთან და ზედამხედველთან კონტაქტში შესვლას. პრაქტიკა ტარდება შემდეგნაირად:
   
აიღეთ ქანქარა. ეს არ უნდა იყოს გულსაკიდი. შეგიძლიათ ბეჭდის ან სხვა მცირე ზომის საგნის გამოყენებაც; თუნდაც ძაფზე გამობმული წვეტიანი ლურსმანი,თუ სხვა არაფერი გვაქვს ახლომახლო. ძაფის ბოლო, საჩვენებლ თითზე რამდენჯერმე შემოიხვიეთ. დაიჭირეთ ქანქარა 8-12 ინჩის სიმაღლეზე, რათა თავისუფლად იმოძრაოს. დაჯექით მაგიდასთან და ორივე ხელი მაგიდის ზედაპირზე მოათავსეთ. იმ ხელის იდაყვი, რომელზეც ქანქარა გაქვთ გამობმული, მაგიდაზე უნდა იდოს. ქანქარის წვერი მაგიდის ზედაპირიდან 2-3 ინჩით ზემოთ უნდა იმყოფებოდეს. ასევე, ქანქარისგან 2-3 ინჩის მოშორებით დაიდეთ წყლის ჭიქა, ვაზა ან ნებისმიერი გამჭვრივალე საგანი, რომელიც წკრიალებს. მას შემდეგ, რაც ყველა მოსამზადებელ ინსტრუქციას დაასრულებთ, ასწიეთ თქვენი სულიერი ხელი, რომლითაც ქანქარა გიჭირავთ; მოაცილეთ იგი ხორციელ ხელს და შეაჩერეთ მასთან ახლოს. ამის შემდეგ, შედით ტრანსის მდგომარეობაში რამდენიმე წამით, იგივე მეთოდის მეშვეობით, რომელიც განვიხილეთ მენტალური მაგიის სავარჯიშოს მეხუთე საფეხურში, ცნობიერების მზის წნულში გადანაცვლებით. თქვენ ახლა მეოთხე განზომილებაში იმყოფებით. ამ მდგომარეობაში, მოუხმეთ თქვენს მფარველს და გონებით სთხოვეთ, მანიფესტირდეს, თქვენი, მაგიურად მომზადებული ხელის დახმარებით. დაიცავით სიჩუმე და დააკვირდით ქანქარას. ევედრეთ თქვენს მფარველს და ამავდროულად დააკვირდით ქანქარას. ჩათვალეთ, რომ გამჭვირვალე მინაზე ერთი წკარუნი ნიშნავს "არას", ორი წკარუნი "შესაძლოას", ხოლო სამი წკარუნი "დიახს". თქვენ ნამდვილად გაოცდებით, როცა შეამჩნევთ, რომ, ქანქარა მოძრაობას დაიწყებს, რათა მოგცეთ შესაბამისი პასუხი. მგრძნობიარე ადამიანები შეამჩნევენ, რომ ხელს, რომელსაც ქანქარა უჭირავს, ვიღაც სხვა ამოძრავებს. გექნებათ განცდა, რომ, თქვენი ხელი არის ერთგვარი ხელთათმანი, რომელშიც ვიღაც მოქმედებს. სხვა ადამიანები ვერაფერს შეამჩნევენ, სამაგიეროდ, ექნებათ შეგრძნება, რომ, რაღაცას არასწორად აკეთებენ და ქანქარა მათი ხელის კუნთების მოძრაობის გამო ირხევა. შედეგი აბსოლიტურად ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ათვისებულ უნარებზე. ვივარაუდოთ, რომ, სულიერ ლიდერთან კომუნიკაციის პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდება, მაგრამ, იმედგაცრუების მიზეზი არ არსებობს. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, ყველა განდობილი აუცილებლად შეძლებს კონტაქტის დამყარებას. როდესაც კონტაქტი დამყარდება, შეგიძლიათ კითხვები დაუსვათ მდუმარედ, მენტალურ დონეზე ან ხმამაღლა; - ისეთი კითხვები, რომელზეც პასუხი უნდა იყოს: "დიახ", "არა", ან "შესაძლოა". კითხვები ძირითადად თავად მფარველს უნდა ეხებოდეს. მაგალითად, მზად არის თუ არა გამოავლინოს საკუთარი თავი, ან, განსხეულებულა თუ არა აქამდე დედამიწაზე და ასე შემდეგ.
  
როგორც კი ქანქარის დახმარებით კონტაქტი წარმატებით განხორციელდება, მინის კწრიალის მოლოდინის ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური დაფა. ეს დაფა წარმოადგენს წრიულ დისკს, რომელიც დაყოფილია სხვადასხვა ნაწილად, მასზე დატანილია ანბანის ასოები. მის ცენტრში, პატარა, ცარიელი წრიული ადგილია. ამ შემთხვევაში, ქანქარა მიუთითებს კონკრეტულ ასოებს, ხოლო ამ ასოების წაკითხვით, განდობილი მიიღებს დეტალურ შეტყობინებებს მფარველისგან. კარგი შედეგის მიღწევის შემდეგ, გააკეთეთ უფრო დიდი დაფა, რომელსაც ექნება ანბანის ასოები, ციფრები, "დიახ" და "არას" განყოფილებები და შესაძლოა, დღეებიც და საათებიც. ცენტრში დატოვეთ ცარიელი სივრცე, საიდანაც დაიწყებთ პროცედურას. დიდი დაფით სარგებლობისთვის, ქანქარა შეცვალეთ პატარა თეფშით ან ჭიქით, რომელსაც ძირზე დაახატავთ ისარს, მიმართულების საჩვენებლად. ახლა, დაიჭირეთ თქვენი თეფში შუა თითსა და საჩვენებელ თითს შორის, და მიეცით მას გადაადგილების საშუალება თქვენი მფარველის ხელით. ისარი მიუთითებს შესაბამის ასოზე. სიმარტივისთვის, შეგიძლიათ თეფში დაფაზე მოათავსოთ. განდობილს შეუძლია დამოუკიდებლად გაარკვიოს, რომელი მეთოდი იქნება მისთვის უფრო კომფორტული. იგი ბევრ ვარიაციას და კვლევას იპოვის ოკულტურ ლიტერატურაში. 
   
შემდეგი მეთოდია, ვთხოვოთ მფარველს, ასწიოს ჩვენი მაგიურად მომზადებული ხელის საჩვენებელი თითი ერთხელ, რაც ნიშნავს "არას", ორჯერ "შესაძლოას", ხოლო სამჯერ "დიახს". როცა შევამჩნევთ წარმატებას საჩვენებელ თითზე, ვცადოთ იგივე სხვა თითებითაც. შეამჩნევთ, რომ, ყოველთვის არსებობს ერთი კონკრეტული თითი, რომელიც განსაკუთრებით ადვილად მოძრაობს. 
   
მაგი ძალიან დააფასებს ამ მეთოდს, რადგან ეს მას საშუალებას მისცემს აწარმოოს პასიური კავშირი უხილავ სამყაროსთან, მის მფარველთან ან გარდაცვლილ ადამიანთან, ისეთ სიტუაციებშიც, სადაც დაფას ვერ გამოვიყენებთ, მაგალითად  გარეთ, ხალხმრავლობაში და ა.შ. თუ განდიბილი წარმატებით შეძლებს ამ მეთოდის დაპრაქტიკებას, მას ხალხმრავლობაში, ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილსაც შეეძლება პასუხების მიღება. ყველა ამ ექსპერიმენტის დაუფლების შემდეგ, განდობილმა უნდა აიღოს მედიუმური დამწერლობის სავარჯიშო. მეთოდი ასეთია:
   
დაიდეთ ცარიელი ფურცელი თქვენს წინ. აიღეთ ფანქარი და მოათავსეთ ცერა და საჩვენებელ თითებს შორის; - ჩვეულებრივ, როგორც იჭერთ ხოლმე. არ კონცენტრირდეთ მთლიანად იმაზე, რომ ფანქარი გიჭირავთ. ახლა, შედით ტრანსის მდგომარეიბაში, მოუხმეთ თქვენს სულიერ ლიდერს, და მოამზადეთ თქვენი მარჯვენა (თუ ცაცია ხართ, მარცხენა) ხელი მაგიურად, დაწერისათვის. დასაწყისში შეამჩნებთ რამდენიმე არათანაბარ ხაზს, შემდეგ გაუგებარ სიტყვებს გამოიყვანთ, გარკვეული ვარჯიშის შემდეგ შეძლებთ ჩაიწეროთ სიტყვები და წინადადებები. როცა ერთი ფურცელი ნაწერით გაივსება, შეცვალეთ იგი ახლით. ამ გზით შეგიძლიათ მიიღოთ პასუხი ყველა კითხვაზე. მუდმივი ვარჯიშით თქვენ მიიღებთ ისეთ უნარს, რომ, მედიალური წერა საერთოდ არ გამოწვევს რაიმე სახის სირთულეს. ამ გზით თქვენ შეძლებთ დაუკავშირდეთ გარდაცვლილ მეგობრებს, ნათესავებს და ოჯახის წევრებს. მაგი დარწმუნდება, რომ არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა "მიღმიერი" და "შორეული", არსებობს მხოლოდ განსხვავებული სიმკვრივის ხარისხები მეოთხე განზომილებაში, სადაც ყველა ეს ქმნილება არსებობს. მაგისთვის სიკვდილი, მისთვის ყველაფრის დასასრულის მაგივრად, უბრალოდ მეოთხე განზომილებაში გადასვლას ნიშნავს.
   
ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ, მედიალური წერის რამდენიმე სახეობა არსებობს, რომლებიც დაუფლებული უნარების მიხედვით განისაზღვრება. ესეც მათი მოკლე განმარტება:

1. ავტომატური (მექანიკური) მეთოდი: ამ შემთხვევაში ხელი მოძრაობს აბსოლიტურად ავტომატურად, მაგმა არ იცის რას წერს და არც ის, რის დაწერას აპირებს მოქმედებაში ჩართული სული. მსგავსი დამწერლობისას შეიძლება მივიღოთ უცნაური და გაუგებარ ენაც, რომლის არსებობის შესახებ მაგს არც კი სმენია. ასეთ დროს შესაძლებელია ჩანახატების შექმნაც. 

2. ინსპირაციული მეთოდი: ეს ყველაზე ხშირი მეთოდია. ამ შემთხვევაში, შეტყობინება იქმნება ხმამაღალი ფიქრის შედეგად, რომელიც ან მაგში, ან მაგის პიროვნების გარეთ მიმდინარეობს. ასეთ დროს, ადამიანმა პრაქტიკულად წინასწარ იცის, რის დაწერას აპირებს სულიერი ქმნილება. კონკრეტულ შემთხვევებში, მაგს შეიძლება გარკვეულწილად საუბარიც ესმოდეს. ასეთი შეტყობინებების მიღება, ხდება როგორც საკუთარი სულის სიღრმიდან, ასევე საკუთარი თავის გარედან. 

3. ინტუიციური მეთოდი: აქ ყველაზე მკაფიოა განცდა, რომ, ჩვენ თავად ვწერთ იმას, რასაც ვწერთ. ამ შემთხვევაში, ნებისმიერ კითხვას, პასუხი მომენტალურად გაეცემა. როგორც ჩანს, საკუთარი თავის გარდა არავინ იცის ასეთ კითხვებზე პასუხი. ეს, ერთგვარი მჭერმეტყველი ცოდნაა. ხელს გამოჰყავს სიტყვები და წინადადებები აბსოლიტურად გაცნობიერებულად, სადაც მაგს არ ჩაესმის არაფერი და არაა შთაგონებული გარეგანი არსების მიერ. 
   
მედიალური წერის მსგავსი მეთოდიკა შეიძლება გამოჩნდეს შერეული სახითაც. მაგალითად, ნახევრად ავტომატური და ნახევრად ინსპირაციული ან ყველა ერთად. ამ შემთხვევაში, რომელი მეთოდები იქნება დომინანტური, მხოლოდ დიდი ხნის ვარჯიშის შემდეგ გახდება ცნობილი. თითოეული მეთოდი კარგი და საიმედოა, იმ პირობით, რომ, თქვენ მას გულწრფელობით და პატივისცემით იყენებთ. პრაქტიკას მივყავართ სრულყოფილებამდე!
   
ახლა, მინდა კომენტარი გავაკეთო იმ დასასმელ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც მაგმა უნდა დასვას, და იმ პასუხებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება მან მიიღოს. პირველ რიგში, მაგი არ უნდა იკვეხნიდეს თავის წარმატებას და შედეგებს. რაც უფრო ჩუმად იქნება უხილავ არსებებთან კომუნიკაციის დამყარებისას, მით უკეთესი მისთვის. უფრო მეტიც, დასასმელი კითხვების არჩევისას, ყოველთვის დაიმახსოვრეთ, რომ, არსებები, რომლებთანაც თქვენ კონტაქტობთ, ფიზიკურ პლანზე არსებული კანონებისგან რადიკალურად განსხვავებულ კანონებს ექვემდებარებიან. გარდა ამისა, არსებები, რომლებიც ადრე დედამიწაზე ცხივრობდნენ, მალევე დაკარგავენ ორიენტაციას, რადგან, ჩვენი ფიზიკური სიბრტყე სამგანზომილებიანია, რომელიც დროსა და სივრცეზეა დამოკიდებული, ხოლო ეს სფერო, მათი, მეოთხე განზომილების სფეროსგან ძალიან განსხვავდება. მხოლოდ მაღალგანვითარებულ არსებებს შეუძლიათ სწორი ინფორნაციის მოწოდება დროის, მოვლენების, მომავლის და ა.შ. შესახებ. შესაბამისად, მაგი ჯერ გამოიკითხავს ამ არსებების "სახლის" მდებარეობას. მოგვიანებით, როცა განდობილი სულიერ შეგრძნებებს განივითარებს, მას აღარ დასჭირდება პასიური ურთიერთობა უხილავ არსებებთან, რადგან მას შეეძლება, რომ დამოუკიდებლად მიაღწიოს ყველაფერს, რის შესახებაც უხილავ არსებებს შეეძლოთ ეცნობებინათ. პასიური კომუნიკაცია ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ განდობილი დარწმუნდეს სხვა სამყაროს არსებობაში, რომელშიც ყველა მოხვდება და იცხოვრებს, გარდაცვალების შემდეგ. 
 
მეხუთე საფეხურის სავარჯიშოების შეჯამება:

I. მენტალური მაგიის შესწავლა 
1. სივრცის მაგია

II. სამშვინველის მაგიის შესწავლა
1. ელემენტების პროექცია გარედან.
ა) სხეულის მეშვეობით. ელემენტების მზის წნულში დაგროვება. 
ბ) ელემენტების დაგროვება ხელებით. განსაკუთრებით, თითების მეშვეობით.

III. სხეულის მაგიის შესწავლა
1. უხილავ არსებებთან პასიური კომუნიკაციისთვის მზადება.
ა) ხელის ლევიტაცია. 
ბ) თითების მომზადება, ქანქარის, ფანქრის და დაფის გამოყენება და ა.შ.
2. პასიური კომუნიკაცია
ა) წმინდა მფარველ ანგელოზთან 
ბ) გარდაცვლილ ადამიანებთან და სხვა არსებებთან.
მეხუთე საფეხურის დასასრული.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff