ფრანც ბარდონი - ინიციაცია ჰერმეტიზმში

ფრანც ბარდონი
0
0

მეექვსე საფეხური

მეექვსე საფეხური

მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე
 
სანამ მეექვსე საფეხურის სავარჯიშოების აღწერაზე გადავალ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ, ყველა წინა სავარჯიშო სრულყოფილად უნდა იქნეს დაუფლებული, რათა შევინარჩუნოთ ბალანსი განვითარების უფრო მაღალ ხარისხებზეც. აბსოლიტურად უსარგებლო შედეგებს მოგვცემს, თუ რომელიმე საფეხურს ან სავარჯიშოს გამოვტოვებთ და უგულებელვყოფთ. მსგავსი უფსკრული ძალიან შესამჩნევი გახდება და განდობილს ძალიან გაუჭირდება გამოტოვებული სავარჯიშოების ანაზღაურება, სხვადასხვა სირთულეებისთვის თავის გართმევის ჩათვლით. შესაბამისად, წარმატების მთავარ პირობად რჩება შესანიშნავად შესრულებული საბაზისო ტრენინგი. 
  
მენტალური მაგიის შესწავლა (VI)
  
ამ საფეხურზე, ჩვენ ვდგავართ საკუთარ სამშვინველზე მედიტაციის წინაშე. მე უკვე დაწვრილებით ვისაუბრე მენტალურ სფეროებზე, მენტალურ სხეულზე და მათ შორის, სამშვინველზეც, ამ წიგნის თეორიულ ნაწილში. ახლა, ყურადღება უნდა გავამახვილოთ სამშვინველის თვისებებზე, რომლებიც ოთხ ელემენტს განეკუთვნება. მისი თვისებები ერთმანეთისგან განსხვავებულია, რომელთა მიღწევაც, სპეციალური მედიტაციის მეშვეობითაა შესაძლებელი. სამშვინველის თვისებები, ოთხი ელემენტის შესაბამისად, შემდეგნაირად გამოიყურება: ნების ძალა, იგივე განზრახვა, ექვემდებარება ცეცხლის პრინციპს; ინტელექტი, თავისი ყველა პარალელური ასპექტით, სიბრძნესთან და მეხსიერებასთან ერთად, ჰაერის პრინციპს ეკუთვნის; ემოციები და შეგრძნებები, ყველა თავისი ასპექტით, წყლის პრინციპს განეკუთვნება; ხოლო, ამ სამი ელემენტის კავშირის შედეგად წარმოქმნილი ცნობიერება, მიწის პრინციპს ექვემდებარება. 
  
 ჩაიხედეთ ღრმად, თქვენს შიგნით, საკუთარ სამშვინველში. დააკვირდით საკუთარ თავს, დააკვირდით სამშვინველის ამ თვისებებს და იმედიტირეთ მათზე. თქვენ, უბრალოდ უნდა იცოდეთ, როგორ წარმოიდგინოთ თითოეული ელემენტის შესაბამისი სამშვინველის თვისება. თუ თქვენ ზოგადი წარმოდგენა მაინც გაქვთ, როგორ განსხვავდებიან ეს თვისებები ერთმანეთისგან და თუ შეგიძლიათ მათი გარჩევა, შეგვიძლია სწავლა განვაგრძოთ. ეს წინასწარი სავარჯიშო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი მაგს საშუალებას მისცემს, მენტალური პლანის მეშვეობით, გავლენა მოახდინოს ამ თვისებებზე საკუთარ თავშიც და სხვებშიც; დაეუფლოს, გააძლიეროს ან საერთოდ აღმოფხვრას ისინი. კიდევ ერთ სავარჯიშოს წარმოადგენს მთელი მენტალური სხეულის ასტრალურ სხეულში გადატანა და შემდგომ, ორივე მათგანის მატერიალურ სხეულში მოთავსება. ანალოგიის სახით წარმოიდგინეთ თხელი აბრეშუმის ხელთათმანი, რომელიც სქელ ხელთათმანშია მოთავსებული. თქვენს ხელზე მორგებისას, რა საკვირველია ორივე ხელთათმანს იგრძნობთ. ზუსტად იგივე უნდა მოხდეს მთლიანად მენტალურ სხეულშიც. თქვენ უნდა იგრძნოთ საკუთარი სამშვინველი მკვრივ, ასტრალურ სხეულში და შემდეგ, ისევ მატერიალურ სხეულში. სწორედ ეს შეგრძნებაა სამშვინველი. იმედიტირეთ ამ პრობლემაზე ნებსიმიერი შესაძლებლობისას. როგორც კი დარწმუნდებით, რომ, თქვენი სხეული იპყრობს ასტრალურ სხეულს ისევე, როგორც მატერიალურ სხეულს, დააკვირდით ამ შეგრძნებას და მის მოძრაობას. გააცნობიერეთ, რომ, სწორედ სამშვინველი ასრულებს ამ ორმხრივ მოძრაობას. როდესაც ამას მიხვდებით და შეიგრძნობთ, შეგიძლიათ ერთი ნაბიჯით წინ წახვიდეთ.
  
ცნობიერად, ნახევრად ცნობიერად ან თითქმის არაცნობიერად, ყოველი ადამიანი, შინაგანი ან გარეგანი იმპულსების გავლენით ასრულებს ისეთ მოქმედებებს, რომლებიც ყოველგვარი ყურადღების გარეშე ხორციელდებიან. მომდევნო სავარჯიშო გვასწავლის მოქმედებების სრულიად შეგნებულად/გაცნობიერებულად შესრულებას; მცირე მოქმედებები დასაწყისში - დიდი მოქმედებები მოგვიანებით. თქვენ უნდა ეცადოთ და გაზარდოთ თითოეული ცნობიერი მოქმედების ხანგრძლივობა. სიტყვა "ცნობიერი" იმას კი არ ნიშნავს, რომ ადამიანი საკუთარ სამშვინველთან ღრმა კონტაქტში იმყოფება, არამედ იგი იმ წარმოსახვით განცდასთან ასოცირდება, რომელშიც მატერიალური სხეული, სამშვინველის მეშვეობით და სულის დახმარებით ასრულებს მოქმედებას. მაგალითისთვის, თუ მე ტროტუარზე ფეხით ვმოძრაობ, ამ მომენტში არ ვფიქრობ იმაზე, რომ უბრალოდ ფეხით მივდივარ; არამედ იმაზე, რომ, ჩემი სამშვინველი, საკუთარი ასტრალური და მატერიალური ფეხების მეშვეობით მოძრაობს. იგივე ხდება ხელებზე და სხეულის ყველა ნაწილზე. თუ შეძლებთ ამ გზით შეასრულოთ ნებისმიერი მოქმედება მინიმუმ ათი წუთის განმავლობაში, ესე იგი სავარჯიშოს იდეალურად ითვისებთ. რაც უფრო დიდხანს შეგიძლიათ გაუძლოთ ამ გაცნობიერებას, ყოველგვარი გვერდითი ეფექტის გარეშე, - როგორიცაა მაგალითად, თავბრუსხვევა ან წონასწორობის დარღვევა, - მით უკეთესი თქვენთვის. ამ კონკრეტული მიზეზის გამო (იგულისხმება გვერდითი ეფექტები) მიზანშეწონილია დავიწყოთ მცირე მოქმედებებით, დროის მოკლე მონაკვეთში, ხოლო შემდგომში, შეგიძლიათ დროის გახანგრძლივებაც, თქვენი სურვილისა და შეძლებისამებრ. 
   
ეს ექსპერიმენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი განდობილს შესაძლებლობას მისცემს, განახორციელოს ნებისმიერი მოქმედება როგორც მენტალური, ასევე ასტრალური სფეროს მეშვეობით - მატერიალურ სხეულთან კავშირში. გააჩნია, მოცემულ მომენტში რომელ სფეროსთან მიმდინარეობს მუშაობა. ასეთ მოქმედებას, მაგიური მოქმედება ეწოდება. განდობილი უკვე ხვდება, რატომ არ აჩვენებს რიტუალური მაგია იოტისოდენა წარმატებას იმ ადამიანებთან, ვინც ინიცირებულნი არ არიან ან რომელთაც სისტემატიურად არ უვარჯიშიათ მაგიაში. მიზეზი ისაა, რომ ასეთ ადამიანებს არ შესწევთ რიტუალის მაგიურად შესრულების უნარი. უფრო კონკრეტულად, ისინი მზად არ არიან იმუშაონ მატერიალურ მასალაზე, მენტალური და ასტრალური სფეროების გავლით. 
   
ავიღოთ მაგნეტიზატორის მაგალითი; პაციენტის სხეულზე მკურნალი მაგნიტურ მუხტს გადასცემს. თუ მკურნალი ამ მომენტში არ ფიქრობს, რომ, იგი მოცემულ მოქმედებას ასტრალური და მენტალური სფეროს გავლით, სამშვინველის მეშვეობით და ამავდროულად სულის დახმარებით ასრულებს, ან თუ არ ფიქრობს, რომ იგი ასტრალურ სხეულზეც იგივე გავლენას ახორციელებს, როგორსაც ფიზიკურზე, მკურნალი ვერასოდეს მიაღწევს წარმატებას, ნაწილობრივი წარმატების გარდა, რადგან პაციენტი ნამდვილად შედგება სამივე კომპონენტისგან: სხეულისგან, სამშვინველისგან და სულისგან. განდობილისთვის სავსებით ცხადია, რომ მენტალური სხეული, მენტალურ სფეროზე და სამშვინველზე ახდენს გავლენას, ისევე, როგორც ასტრალური სხეული მოქმედებს მხოლოდ ასტრალურ სფეროში. მაშასადამე, სული და მატერიალური სხეული, მხოლოდ მატერიალურ სხეულში მოქმედებს. ეს კანონი  პატივცემული უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ განდობილმა მენტალური განწყობილების სფერო კარგად აითვისოს, რათა შეასრულოს მოქმედებები, რომლებიც სამშვინველთან ერთად, სულთან კავშირში იქნება. თუ ერთხელაც, კარგად გაიაზრებთ ამ პრობლემის არსს და შესანიშნავად დაეუფლებით პრაქტიკას, შეგიძლიათ განაგრძოთ წინსვლა განვითარებაში.
   
მომდევნო დავალება ეხება შეგრძნებების მაგიურ წვრთნას. პირველ რიგში, განვიხილოთ მნიშვნელოვანი წინასწარი სავარჯიშო: წინა სავარჯიშოს მსგავსად, გააცნობიერეთ, რომ, ყველაფერს თქვენი მატერიალური თვალები კი არ ხედავენ, არამედ, ეს სამშვინველია, რომელიც ასტრალური და ფიზიკური თვალების დახმარებით იყურება. იმედიტირეთ ამ პრობლემაზე რაც შეიძლება ხშირად. სულ მცირე ხუთი წუთის განმავლობაში უნდა წარმოიდგინოთ, რომ, თვალებიდან სამშვინველით იყურებით და სწორედ ის ხედავს. რაც უფრო დიდი ხნით შეძლებთ ამის გაცნობიერებას, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ. ამ ექსპერიმენტული სავარჯიშოს გამუდმებული შესრულებით, აქაც ოსტატი გახდებით. თვალების ამ ვარჯიშში წარმატების მიღწევის შემდეგ, გადადით ყურებზე. გააცნობიერეთ, რომ, უბრალოდ ფიზიკური ყურებით კი არ გესმით, არამედ, ეს სამშვინველის მენტალური ყურია, რომელიც ყველაფერს ასტრალური და მატერიალური ყურების დახმარებით აღიქვამს. თუ ამაშიც შეძლებთ კარგი შედეგის მიღებას, გადადით სხვა შეგრძნებებზე და წარმოიდგინეთ რომ, სამშვინველი, ასტრალური და მატერიალური სხეულების დახმარებით გრძნობს საგნებს, სიცივეს, სითბოს და ა.შ. ივარჯიშეთ ამ ექსპერიმენტში გულმოდგინედ, სანამ არ დაეუფლებით მას თვალებით, ყურებით და გრძნობებით. თუ გსურთ განივითაროთ განსაკუთრებული უნარები, პრაქტიკაში ჩართეთ ყნოსვაც და გემოვნებაც. მაგრამ, ყველაზე დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ხედვას, სმენას და გრძნობას, რომლებიც ყველაზე სასარგებლონი არიან პრაქტიკული მაგიისათვის. გრძნობების გაცნობიერების მენტალურ სავარჯიშოში წარმატების შემდეგ, შეგიძლიათ პრაქტიკაში ჩართოთ ერთდროულად ორი გრძნობა. დაიწყეთ თვალებით და ყურებით. თუ ამის გაკეთებას მინიმუმ ხუთი წუთის განმავლობაში მოახერხებთ, გადადით ერთდროულად სამ გრძნობაზე; ესენია, ხედვა, სმენა და შეგრძნება. თუ ამასაც წარმატებით უმკლავდებით, თქვენ ნამდვილად მიაღწიეთ პროგრესს მაგიურ განვითარებაში. ეს წინასწარი სავარჯიშო ძალიან მნიშვნელოვანია ნათელმხილველობის, წინასწარ სმენის და წინასწარ შეგრძნების დახვეწასა და ათვისებაში. განდობილი პრინციპულ სავარჯიშოებს განდობის მეშვიდე საფეხურში იპოვის. 
  
სამშვინველის მაგიის შესწავლა (VI)
  
მეხუთე საფეხურში ჩვენ შევისწავლეთ ელემენტთა პროექცია გარედან. ახლა, ჩვენ წავალთ უფრო შორს და ვისწავლით როგორ დავეუფლოთ აკაშას პრინციპს. ამ წიგნის თეორიულ ნაწილში აღვნიშნე, რომ ელემენტები სათავეს იღებენ აკაშას პრინციპიდან, რომლის მეშვეობითაც ისინი იმართებიან და სწორ ბალანსში ნარჩუნდებიან. დიდი ხნის ვარჯიშის შემდეგ, მაგი, რომელმაც მიაღწია კარგ შედეგს ელემენტებთან მუშაობაში, შეძლებს დაეუფლოს უმაღლეს პრინციპს; ესაა ასტრალური ეთერი. სავარჯიშო ასეთია:
    
დაიკავეთ თქვენი ჩვეული პოზიცია (ასანა) და დახუჭეთ თვალები. წარმოიდგინეთ, რომ, იმყოფებით უსასრულო სივრცის ცენტრში. არ არსებობს არც ზედა, არც ქვედა, არც ვერტიკალი და არც ჰორიზონტალი. ეს შეუზღუდავი სივრცე სავსეა საუკეთესო ენერგეტიკული მატერიით, უნივერსალური ეთერით. ეთერი უფერულია, მაგრამ, ჩვენს მიერ აღიქმება, როგორც ულტრა-იისფერი შეფერილობის მქონე. ესაა ფერი, რომლითაც ჩვენ წარმოვიდგენთ ეთერულ მატერიას. თქვენ ისუნთქავთ ამ ეთერულ მატერიას და ფილტვების მეშვეობით სისხლში ავრცელებთ. შეასრულეთ ნაცნობი ოპერაცია, შეისუნთქეთ ჰაერი ფილტვებისა და სხეულის ფორების მეშვეობით, როგორც ვაკეთებთ ამას სასიცოცხლო ძალის დაგროვებისას; მაგრამ, განსხვავება იმაშია, რომ, სასიცოცხლო ძალის ნაცვლად ახლა ფერად ეთერს შევისუნთქავთ და ვცდილობთ სხეულის ამ სუბსტანციით შევსებას. ამ ვარჯიშის შესრულების პარალელურად, თქვენ უნდა შეინარჩუნოთ უსასრულო სივრცესთან ერთიანობის განცდა. საკუთარი თავი ჩვეულებრივი სამყაროსგან სრულიად განცალკევებულად უნდა იგრძნოთ. აუცილებელია კარგად გაეცნოთ ამ უჩვეულო, გონების მდგომარეობას. ნებისმიერ შემთხვევაში, სავარჯიშოს შესრულებისას უნდა ერიდოთ ცნობიერების დაკარგვას და ჩაძინებას. თუ თავს დაღლილად გრძნობთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ვარჯიში და აირჩიეთ სხვა დრო. მთელი სხეულის ფორებით, აკაშას შესუნთქვის რამდენიმე წარმატებულად შეარულებული ვარჯიშის შემდეგ, შეგიძლიათ წინ წახვიდეთ. 
  
ჩვენ გავიგეთ, რომ, აკაშა წარმოადგენს ძირითად წყაროს; ყოველგვარი მიზეზის სფეროს. ნებისმიერი მიზანმიმართული ქმედება, როგორიცაა სურვილი, აზრი, წარმოსახვა და სხვა, - რწმენასთან ერთად, აუცილებლად უნდა მანიფესტირდეს ელემენტების დახმარებით, განურჩევლად რეალიზაციის დონისა. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი მაგიური საიდუმლო  და უნივერსალური გასაღები მაგისთვის, რომელიც ამ ფაქტის დიაპაზონს მხოლოდ მოგვიანებით გაიგებს, მისი განვითარების პროცესში. განდობილი ყოველთვის უნდა ფიქრობდეს თავის ეთიკურ განვითარებაზე, რაც აუცილებლად დაეხმარება მხოლოდ კეთილშობილური საქმეების ჩადენაში. ჩვენი შემდეგი სავარჯიშო იქნება ელემენტებზე აბსოლიტური კონტროლის მოპოვება, აკაშას პრინციპის დახმარებით - სამივე სფეროში. პრაქტიკა ტარდება შემდეგნაირად:
  
ზიხართ თქვენს ჩვეულ მდგომარეობაში. ისუნთქავთ აკაშას ნაკადს ფილტვებისა და კანის ფორების მეშვეობით. ამით ავსებთ თქვენს სხეულს. ამ ეტაპზე, მინდა აღვნიშნო, რომ, აკაშას დაგროვება არ შეიძლება ისე, როგორც სასიცოცხლო ძალას აგროვებთ. ჩასუნთქვისას, თქვენ უნდა წარმოიდგინოთ, რომ თქვენ იწყებთ ოთხივე ელემენტის კონტროლს. ჩათვალეთ, რომ, თქვენ უკვე გაგაჩნიათ ელემენტთა დაუფლების ძალა და რომ ისინი შეასრულებენ ყველაფერს, რასაც თქვენ ბრძანებთ ან ისურვებთ, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სფეროზე უნდა მოხდეს თქვენი სურვილების რეალიზება. ყოველ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაში, თქვენ უნდა გრძნობდეთ ელემენტების დაუფლებას. რწმენა და ელემენტების კონტროლისადმი ნდობა, უნდა იყოს ურყევი და აუღელვებელი. არ უნდა მისცეთ საკუთარ თავს სუსტი ეჭვის გაჩენის უფლებაც. ნებისმიერი, ვინც ამ წიგნში მოყვანილ ვარჯიშებს კეთილსინდისიერად შეასრულებს, მოიპოვებს ელემენტების აბსოლიტური კონტროლის შესაძლებლობას. განდობილმა, რომელმაც დაამყარა მაგიური წონასწორობა საკუთარ თავში - ელემენტებთან მიმართებაში; მან, რომელმაც გააკეთილშობილა მისი ხასიათი და საკუთარი ბუნება, ძალიან მალე მიაღწევს ამ ძალას. იგი მალევე იგრძნობს, რომ, მისი რწმენა ქვასავით მტკიცე ხდება და აბსოლიტურად რწმუნდება საკუთარ შესაძლებლობებში, რომელიც ყოველგვარ ეჭვს გამორიცხავს. მეორეს მხრივ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საკმარისად გულმოდგინედ არ მუშაობდა ან რომელიმე სავარჯიშოზე უარი თქვა, უეჭველად იგრძნობს, რომ, მას არ შესწევს ელემენტების კონტროლის ძალა. განდობილი უკვე ხვდება, რატომ არის დაწესებული ასეთი მაღალი სტანდარტები სავარჯიშოების შესრულებაში. ყველა სავარჯიშოს ზედმიწევნით შესრულებისას, არ არსებობს უფსკრული, რომელიც განვითარების პროცესში ხელს შეგიშლით. წინააღმდეგ შემთხვევაში, განდობილი უდიდესი სირთულეების წინაშე დადგება.
   
განდობილი, რომელიც სრულიად დარწმუნებულია ელემენტების დაუფლების ამოცანის შესრულებაში, მალევე შეამჩნევს, რომ, მას ძალზედ ადვილად შეუძლია ელემენტთა პროექცია ყველა დონეზე, როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანად; ეს მისთვის ბავშვური თამაშივით მარტივი გასაკეთებელი იქნება. ამ დონეზე მიღწევის შემდეგ, მაგს შეუძლია მიმართოს ელემენტების შესაბამის რიტუალს. მე დეტალურად ვისაუბრე ამ პრობლემაზე, რიტუალისადმი მიძღვნილ ქვეთავში. მაგი, საკუთარი სურვილისამებრ აყალიბებს ნებისმიერ რიტუალს თითების პოზიციისა და ხელების ჟესტიკულაციის საშუალებით, რომლითაც იგი ძალას გადასცემს. მაგიური განვითარების მიხედვით, განდობილს გააჩნია საკმარისი ინტუიცია, რათა შეძლოს და შეადგინოს მოცემული ელემენტისთვის შესაფერისი რიტუალი. მაგს შეუძლია გამოიყენოს თავად მის მიერ შერჩეული სიტყვა (ფორმულა), და დააკავშიროს ელემენტი შესაბამის ბგერასთან (კაბალა). აქ, შეცდომის დაშვება სრულიად შეუძლებელია, რადგან, რიტუალი აბსოლიტურად ინდივიდუალურია; წმინდად პირადია, პერსონალურია. ამიტომ, რიტუალი, რომელსაც განდობილი შეადგენს, მის გარდა არავინ უნდა გამოიყენოს! სხვა ადამიანს ასეთი რიტუალისგან იგივე წარმატების მიღება შეუძლია, თუმცა, ეს რა თქმა უნდა იმ მაგის ძალის ხარჯზე მოხდება, ვინც რეალურად შექმნა რიტუალი. ადამიანებს, რომელთაც არ გააჩნიათ საკმარისი მაგიური სიმწიფე, სარგებლობენ ისეთი რიტუალებით, რომლებსაც დიდი ზიანი და უბედურება მოაქვთ მათთვის. ამიტომ, იყავით ძალიან ფრთხილად და შეარჩიეთ მხოლოდ ისეთი რიტუალი, რომელიც უსაფრთხოა, მაგალითად, ხალხმრავლობაში, ჯიბეში თითების პოზიციით შესრულებული რიტუალი, რომელიც არავინ უნდა დაინახოს. ჭეშმარიტი მაგი, ამ გაფრთხილებას სრულიად გამართლებულად ჩათვლის. 
  
უპირველეს ყოვლისა, მაგმა უნდა ეცადოს ელემენტების რიტუალის ასტრალურ სფეროზე შესრულებას, რომლითაც იგი ერთ ელემენტს აირჩევს; ამავდროულად, მაგმა უნდა შეადგინოს სხვა რიტუალი, რომლის დახმარებითაც, მას შეეძლება დაშალოს ეს ძალა მყისიერად, სურვილისამებრ. მსგავსი მეთოდით მან უნდა იმუშაოს დანარჩენ სამ ელენტთანაც; განდობილმა უნდა შექმნას რვა რიტუალი ასტრალურ სფეროსთვის და რვა მატერიალური წარმოებისთვისაც. როგორც კი რიტუალები ავტომატურად შესრულდება ხანგრძლივი ვარჯიშის შედეგად, განდობილს უნდა შეეძლოს რიტუალების ჩატარება დაუყოვნებლივ, შესასრულებელი მიზნის მიხედვით. თუ მაგს ეფექტის გაუქმება მოესურვება, საჭირო იქნება რიტუალის გაუქმება. ეს მეთოდი უნდა იქცეს ჩვევად, რომელიც უნდა სრულდებოდეს ყოველგვარი ძალისხმევისა და წარმოსახვის გამოყენების გარეშე. 
   
ადრეც აღვნიშნე, რომ, მაგიის მეშვეობით, ელემენტების დახმარების გზით, ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი როგორც ასტრალურ, ასევე მატერიალურ სამყაროში. იმისათვის, რომ მიაღწიოთ ამ მაგიური სიმწიფის მდგომარეობას, დიდი მოთმინება და გამძლეობა იქნება საჭირო. მაშინაც კი, როცა განდობილი საკმაოდ მაღალი განვითარების დონეზე ასვლას შეძლებს, მან უნდა გააგრძელოს ელემენტების დაუფლებაზე მუშაობა მანამ, სანამ ნამდვილი ოსტატი არ გახდება. იმ პირობით, რომ, განდობილი ფლობს მაღალ იდეალებს და სურს კაცობრიობისთვის გააკეთოს მხოლოდ კარგი საქმეები, ღვთაებრივი განგება დალოცავს მას, მიანიჭებს მისთვის მოულოდნელ შესაძლებლობებს, რათა მაქსიმალურად გამოიყენოს ისინი.
     
სხეულის მაგიის შესწავლა (VI)
 
ამ ეტაპზე, სხეულისთვის განკუთვნილი რაიმე სპეციალური სავარჯიშო აღარ გვჭირდება, ჩვენ უკვე პრაქტიკულად გამოვიყენებთ ყველა ოკულტურ ძალას, რომელიც განდობილმა, სავარჯიშოების კეთილსინდისიერად და ბოლომდე გავლით მოიპოვა. განდობილს, რა თქმა უნდა შეუძლია გააღრმავოს სავარჯიშოების შესრულება უკეთესი შედეგების მისაღწევად. შეუძლებელია მთლიანად აღვწეროთ მაგიის პრაქტიკა რომელსაც განდობილი უნდა დაეუფლოს, რადგან ეს კიდევ ერთი ტომის დაწერას მოითხოვს. მე, უამრავიდან მხოლოდ რამდენიმე საინტერესო ფაქტს გამოვარჩევ. ამასობაში, განდობილი იმდენად მომწიფდა, რომ, დაბალი დონის მაგიის პრაქტიკაში ჭეშმარიტ წარმატებას მიაღწევს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იგი მიზნად ისახავს მაღალ და კეთილშობილურ იდეალებს. 
  
ელემენტალების განზრახულად შექმნა
  
მენტალურ ან სულიერ სფეროში არსებული აზრობრივი ფორმებისგან განსხვავებით, ელემენტალები არიან ქმნილებები, რომელთაც გააჩნიათ ინტელექტის გარკვეული ხარისხი, რომლის შექმნაც მაგს საკუთარი განზრახვისამებრ შეუძლია. ასეთ ელემენტალებს, მენტალურ სფეროში გარკვეული ამოცანების შესრულება შეუძლიათ, ისინი ემსახურებიან მაგს საკუთარი მიზნის მიხედვით. ეგრეთწოდებული "ელემენტალური მაგიის" მეშვეობით, ელემენტალების შექმნით მაგს შეუძლია მენტალურ სფეროში ყველანაირი ამოცანის შესრულება, საკუთარი უნარების დისკრიმინაციის გარეშე. მრავალფეროვანი ვარიაციებიდან, მე მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან; ელემენტალების დახმარებით შესაძლებელია: გავლენის მოხდენა ნებისმიერი ადამიანის გონებაზე, შესაძლებელია პიროვნების მენტალური და ინტელექტუალური უნარების გაძლიერება ან შესუსტება, შესაძლებელია საკუთარი თავის დაცვა უცხო ზეგავლენებისგან, ასევე, შეიძლება მეგობრობის მტრობად და მტრობის მეგობრობად გადაქცევა, თანამოაზრეებთან ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნა და სხვა ადამიანის ნების ძალის კონტროლიც, რომელიც საკმარისად განვითარებული არ არის. ჭეშმარიტი მაგი ყოველთვის შთაგონებული იქნება კეთილშობილური ზრახვებით და გაითვალისწინებს ალტრუისტულ მოტივს, თუ იგი ჭეშმარიტად ისახავს უმაღლესი დონის მაგიური სიმწიფის მიღწევას. ელემენტალების შექმნის პრაქტიკა ძალიან მარტივია და დამოკიდებულია მაგის წარმოსახვის უნარზე; თუმცა, აუცილებლად გასათვალისწინებელია შემდეგი წესები:
 
1. ელემენტალს უნდა მიეცეს საკუთარი სურვილის შესაბამისი ფორმა, რათა სურვილი ასრულდეს. ეს ფორმა უნდა შეიქმნას ინტენსიური წარმოსახვის მეშვეობით. 
 
2. ფორმას, ანუ, ეგრეთწოდებულ ჭურჭელს, ფორმითს თუ უფორმოს, ამ ქვეყნად ყველაფერს გააჩნია სახელი. თუ მას სახელი არ აქვს, იგი არ არსებობს. 
 
3. ელემენტალებზე სასურველი გავლენის მოხდენა უნდა მოხდეს ნების ძალის და წარმოსახვის დახმარებით. აქაც, უნდა წარმოვთქვათ ბრძანება აწმყო დროში, ზუსტად ისევე, როგორც აღწერილია ქვეცნობიერისადმი მიძღვნილ ქვეთავში, განდობის მეორე საფეხურში. 
 
4. ეფექტურობა უნდა გამოჩნდეს ორივე შემთხვევაში, იქნება ეს მუდმივი თუ შეზღუდული ეფექტი. 
  
ეს ოთხი ფუნდამენტური წესი აუცილებლად უნდა დავიცვათ, თუ ვაპირებთ ელემენტალებთან წარმატებით მუშაობას. კიდევ უფრო გასაგები რომ გახდეს, მოვიყვან საილუსტრაციო შემთხვევას, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება:
   
დავუშვათ, რომ მაგი აპირებს ელემენტალების დახმარებით კონკრეტული პიროვნების მეხსიერების ან ინტელექტუალური უნარის გაუმჯობესებას. პროცედურა ასეთია:
    
მაგი წარმოიდგენს სინათლის უნივერსალურ ოკეანეს; ამ მანათობელი მატერიისგან იგი აყალიბებს სინათლის უზარმაზარ ბურთულას, რომელსაც წარმოსახვის დახმარებით კუმშავს ზომამდე, სანამ იგი არ მიაღწევს 12-20 ინჩს. სინათლის მსგავსი დაგროვების გზით, ბურთი ემგვანება მანათობელ მზეს. ახლა, მაგი ამ მანათობეკ ბურთულას ავსებს სურვილითა და მტკიცე რწმენით, რომ იგი აძლიერებს სასურველ გონებრივ უნარებს კონკრეტულ ადამიანში, როგორიცაა მეხსიერება, მჭერმეტყველება და ა.შ. როგორც კი მაგი ჩამოაყალიბებს გონებრივად ასეთ ბურთს, მან უნდა მიანიჭოს ქმნილებას კონკრეტული სახელი; მაგალითად, "მანათობელი", ან რაიმე მსგავსი. ამას გარდა, მაგი აფიქსირებს დროს, რომლის ფარგლებშიც ბურთმა უნდა იმოქმედოს მენტალურ სფეროში. მაგი იყენებს მსგავს ვერბალიზაციას: "შენ მუშაობ მენტალურ სფეროში იქამდე, სანამ (კონკრეტული პიროვნება) არ მიაღწევს სასურველ შედეგს (კონკრეტული უნარი), სანამ ეს მისთვის ჩვევად იქცევა". როგორც კი ელემენტალი დავალებას შეასრულებს, მაგი შლის და აბრუნებს ბურთს სინათლის ოკეანეში. (ბურთი მიზნის შესრულების შემდეგ თავად იშლება, მაგრამ უკეთესია ეს პროცედურა მაგმაც გაიმეოროს). ეს მაგიური ჟესტი გამოხატავს დაბადებისა და სიკვდილის პერსონიფიკაციას, რომელიც ადამიანის და ნებისმიერი სხვა არსების გარდაუვალ ბედისწერას წარმოადგენს. 
   
იმის გათვალისწინებით, რომ ელემენტალმა არც დრო იცის და არც სივრცე, შეგვიძლია პირდაპირ მივმართოთ შესაბამისი პიროვნების მენტალურ სფეროზე. მისი გაგზავნა ხდება სრულიად მყისიერად, თქვენსა და ელემენტალს შორის მენტალური კავშირის გაწყვეტით. მაგი, სხვა საქმეებზე გადადის, იგი წყვეტს მის მიერ შექმნილ ელემენტალზე ფიქრს. ურთიერთობის გაწყვეტისას, შეგვიძლია გამოვიყენოთ ერთგვარი გამოსამშვიდობებელი ჟესტი. მსგავსი ჟესტი (არა იდენტური) ელემენტალის შექმნის დროსაც კეთდება. ყოველივე, განდობილის შეხედულებისამებრ კეთდება. განვითარების ამ საფეხურზე, მას თავად უნდა შეეძლოს მაგიური ინსტრუქციების შედგენა. რაც უფრო დაშორდება ელემენტალი მაგს, მით უფრო ეფექტური იქნება იგი სხვის მენტალურ სფეროში. ელემენტალმა დამოუკიდებლად უნდა იმუშაოს მენტალურ სფეროში და არ უნდა იზღუდებოდეს მაგის გონებით. ახლა, ისევ მიზანშეწონილია ელემენტალის გადატვირთვა, რათა მას მეტი ძალა და გაფართოების შესაძლებლობა მიეცეს. ეს მიიღწევა ელემენტალისთვის დარქმეული სახელის წარმოთქმის შედეგად მისი გამოხმობით, მისი ხელახლა დამუხტვით და ხელახლა გაგზავნით. როგორც კი ელემენტალი დავალებას შეასრულებს, იგი თავისთავად დაიშლება სინათლის ოკეანეში. ეს მაგალითები საკმარისი უნდა იყოს მაგისთვის ზოგადი შეხედულების შესაქმნელად, თუ როგორ უნდა შევქმნათ ელემენტალები. აქ აღწერილი ექსპერიმენტი ხშირად გამოიყენება განდიბილის მიერ, დაბალი ხარისხის დამწყებთათვის მოტივაციის გაძლიერების მიზნით. ახლა გადავიდეთ კიდევ ერთ თემაზე, რომელიც გაგვაცნობს ეგრეთწოდებულ ლარვებს:
   
ლარვა - (მატლის აღმნიშვნელი ტერმინი)
   
ელემენტალებსა და ლარვებს შორის ძირითად განსხვავებას წარმოადგენს ფაქტი, რომ ელემენტალი შეგნებულად იქმნება მაგის მიერ, ხოლო ლარვები თავისდა უნებურად წარმოიქმნება მენტალურ სფეროში, პიროვნების მიერ განცდილი ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური აღგზნების/მღელვარების გამო. არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის მღელვარებაზეა საუბარი. რაც უფრო ძლიერია მღელვარება/აღგზნება, მით უფრო ძლიერი, მკვრივი და სიცოცხლისუნარიანი ხდება ლარვა. ლარვების ეს უნებლიე წარმოქმნა ხდება ნებისმიერ ადამიანში, ახალგაზრდასა თუ მოხუცში, მაგიურად გაწვრთნილში თუ უმწიფარში, იმაშიც, ვინც ეს იცის და იმაშიც, ვინც ამას უგულებელყოფს. თუ ფიზიკური მღელვარება ქრება იმ მიზეზით, რომ შემაშფოთებელ და მღელვარე განცდას ყურადღება ცნობიერად არ ექცევა, ლარვა ნელ-ნელა დაშლას დაიწყებს, სანამ საბოლოოდ არ გაქრება. მენტალურ სფეროში, ლარვების მუდმივი წარმოქმნა და კვდომა მიმდინარეობს. ბუნებრივია, ეს პროცესი თითოეული ადამიანის ფსიქიკური სიჯანსაღის ფასად ხორციელდება. ამ მოვლენას ჩვენ თავად ვიწვევთ, საკუთარი ფსიქიკური მღელვარების გამო. ლარვას წარმომქმნელი მიზეზები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს; როგორც წესი, მისი წარმოქმნის მიზეზია: შიში, მწუხარება, სიძულვილი, შური და მათი მსგავსი ემოციები. ფორმა, რომელშიც ლარვა ვლინდება, დამოკიდებულია ფსიქიკის აღგზნების მიზეზზე და იგი ყოველთვის სიმბოლურია. ვისაც რაიმე გაეგება სიმბოლიზმის მნიშვნელობის შესახებ, შეუძლია ამ პრობლემასთან დაკავშირებით მკაფიო წარმოდგენა შეექმნას; მაგალითისთვის, სიყვარულზე ფიქრის სიმბოლო არის გული, სიძულვილზე ფიქრის სიმბოლო კი ისარი ან ელვა და ა.შ  მიუხედავად იმისა, რომ ლარვები - ეს არასასურველი ფსიქიკური ბინადრები - ნორმალური ადამიანისთვის შეუმჩნევლები არიან, ისინი მართლა არსებობენ და კარგად გაწვრთნილ მაგს მათი დანახვა დანამდვილებით შეუძლია მენტალურ პლანზე. მრგძნობიარე ან ადვილად აღგზნებად ადამიანებში მენტალური მატერია ბევრად უფრო მყიფეა და ლარვების გამრავლებაც ბევრად უფრო ადვილად და ინტენსიურად მიმდინარეობს. ასეთი ხალხი ანადგურებს საკუთარ თავს, საკუთარ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით საკუთარ ნერვულ სისტემას და ასევე იზიანებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. ამ პროცესში, ხშირად ხდება სხვა ადამიანის ჩათრევაც. ყველა სახის მასობრივი ფსიქოზი სწორედ აქ წარმოიქმნება. ჩვენთვის საჭიროებას არ წარმოადგენს მასობრივი ფსიქოზის დეტალური აღწერა, რადგან ყველას ექნება დაკვირვების მეთოდი და გამოცდილება ამ პრობლემასთან დაკავშირებით.   
   
რაც უფრო ხშირად უბრუნდება გონებრივად ადამიანი ფსიქიკური მღელვარების მიზეზს და რაც უფრო მეტ ყურადღებას უთმობს მას, მით უფრო ძლიერი ხდება ლარვა. ნებისმიერი ლარვა, რომელიც საკმარისად ძლიერადაა გონებაში ფიქსირებული, გამოავლენს თვითგადარჩენის გაძლიერებულ ინსტინქტს და შეეცდება შეძლებისდაგვარად გაახანგრძლივოს მისი სიცოცხლე. სწორედ ამ მიზეზით, ლარვა ასტიმულირებს ადამიანის გონებას და ცდილობს ყოველი შესაძლებლობისას პიროვნების ყურადღება გაამახვილოს მღელვარების მიზეზებზე, რათა მუდმივად არსებობის შესაძლებლობა მიეცეს. კარგად გამოკვებილი ლარვა შეიძლება საბედისწერო გახდეს მგრძნობიარე და ემოციური ინდივიდისთვის; იგი იწვევს ფსიქიკური აშლილობების ისეთ ნაირსახეობებს, როგორიცაა მაგალითად დევნის მანია. უამრავი ადამიანი ცხოვრობს მცდარი ვარაუდის ქვეშ, რომ მათ ჯადო აქვთ გაკეთებული და შავი მაგები ყოველ ფეხის ნაბიჯზე მახეებს უგებენ; სინამდვილეში ისინი საკუთარი ფანტაზიების მსხვერპლნი არიან, - უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ისინი საკუთარი ლარვების მსხვერპლნი არიან. ასეთი ადამიანები, როგორც წესი ამ პრობლემის შესახებ იქამდე ვერ იგებენ, სანამ მოკვდავობის ჩარჩოდან არ გავლენ. სინამდვილეში, ძალიან ცოტა ადამიანია ნამდვილი მაგიური ზემოქმედების ქვეშ. დაფიქრდით წარსულში მომხდარი ინკვიზიციის მრავალრიცხოვან მსხვერპლზე! ეჭვგარეშეა, მათთვის გარკვეული უპირატესობა ჰქონდა იმას, რომ თითქოს ძველი წესი ახლით შეიცვალა; რადგან სინამდვილეში, "თუ ადამიანის რწმენა ცუდია, იგი დაწვით არ შეიცვლება". ახლა, ბავშვები ამოჰყავთ ნათლობის წყლიდან, უღრმესი საკითხების ფესვებთან შეხების და უმაღლესი კანონების დამოწმების გარეშე. 
  
ახლა განდობილი მიხვდება რატომ გაკეთდა ასეთი გულმოდგინე და თავდაუზოგავი სამუშაო ინსტროსპექციაზე, აზრების დაუფლებაზე და მათ კონტროლზე, პრაქტიკული სამუშაოს საწყის ნაწილში. ვიმედოვნოთ, რომ განდობილმა საკუთარი ნების ძალის მიღმა არ მოახდინა არასაჭირო აზრების წარმოება და ამით გაუცნობიერებლად არ შექმნა ლარვები, რომლებიც შესაძლოა ადრე თუ გვიან მისთვის საბედისწერო გახდეს.
    
ახლა, მე ვაპირებ აღვწერო მენტალურ სფეროში მყოფი არსებების კიდევ ერთი ჯგუფი, რომელთაც ფანტომები და ფანტაზმები ეწოდებათ. განსხვავება ლარვასა და ფანტომს შორის ასეთია: ლარვა გარკვეულწილად არაცნობიერად ფორმირდება მენტალურ სფეროში, რომლის წარმოქმნასაც განმეორებადი ნეგატიური ფსიქიკური ემოცია ან აზრობრივი ფორმა იწვევს, ხოლო ფანტომი, გარკვეულ ფორმას ადამიანის წარმოსახვაში ღებულობს. ზუსტად ისევე, როგორც ლარვების შემთხვევაში, ფანტომი ძლიერდება და ცოცხლდება წარმოსახვითი სურათის განმეორებითი გამოძახილის შედეგად, თანაც იმ დონეზე, რომ მას გავლენის მოახდენა შეუძლია არამარტო მენტალურ და ასტრალურ სფეროებზე, არამედ მატერიალურ დონეზეც. ამის საილუსტრაციოდ ორი მაგალითი გამოდგება: ძალიან თვალსაჩინო მაგალითია ეგრეთწოდებული მაგიური დევნის მანია, რომელიც მკაფიოდ აღწერს ფანტომების მოქმედების მაგალითს. არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომელთაც თანდაყოლილი ნეგატიური ენერგეტიკა ან თანდაყოლილი დემონური თვისებები გააჩნიათ, რომლებიც გარეგნული იმიჯის შესაბამისად მაგიაში გათვიცნობიერებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ. სინამდვილეში, მათ მიახლოებითი წარმოდგენაც კი არ აქვთ ნებისმიერი მეცნიერების დარგზე, რომ არაფერი ვთქვათ მაგიაზე...  საკმარისია შევხვდეთ ადვილად აღგზნებად, ამაყ ან თვითკმაყოფილი ტიპის ადამიანს, რომ ჩვენი "სუბიექტის ტესტირების" ფუნქციას მყისიერად ექნება ძლიერი ზიზღის და ანტიპათიის შეგრძნება ასეთი პიროვნების მიმართ. პირველი აზრი რაც ჩვენში შემოდის, ისაა, რომ ეს ადამიანი შავი მაგიის ზეგავლენის ქვეშაა. ადრე თუ გვიან, პატარ-პატარა უხერხული ინციდენტები საბოლოოდ არასოდეს გაირკვევა, ხოლო პრობლემების წარმოქმნა ყოველთვის ჩვენს პიროვნებას ბრალდება. ამ მომენტიდან, კონცენტრაცია კეთდება საკუთარ თავზე და ჩნდება სურვილი გავემიჯნოთ მსგავსი "ტიპის" ადამიანებს; ამავე დროს მისი იმიჯი უფრო მკაფიო ხდება. ამიერიდან, პიროვნება განიცდის დევნის შეგრძნებას. თვალები ხდება უფრო ბრჭყვიალა, პიროვნების გარეგნობა ვლინდება სიზმრებშიც, იმიჯი იმდენად ნათელი ხდება, რომ იგი შესაძლოა დღისითაც გამოჩნდეს. საბოლოოდ, ადამიანი მუდმივად  დევნის შთაბეჭდილების ქვეშაა. ძალიან ცოცხალი წარმოსახვის მეშვეობით იმიჯი შეიძლება იმ დონეზე კონდენსირდეს, რომ იგი ხილული გახდეს სხვა ადამიანებისთვისაც. შექმნილი იმიჯი მუდმივად მუშაობს ადამიანის მენტალურ სფეროში, პიროვნება ყველაფერზე კამათობს და აწუხებს დაუცველობის შეგრძნება. იგი გულმოდგინედ ეძებს დახმარებას, იწყებს ლოცვას, ყველაფერს აკეთებს ამ საშინელი გავლენისგან განსათავისუფლებლად; ეწყება ნერვული აშლილობა, თანდათან გიჟდება და ასრულებს ან თვითმკვლელობით, ან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სიცოცხლის ბოლომდე დარჩენით; - ფანტომმა შეასრულა თავისი დავალება...
    
როგორი შოკისმომგვრელია, რომ სხვა არსების მანიპულაციის ქვეშ მყოფ მენტალურ სფეროს "კარგად" ორგანიზებული მაგიური თვითმკვლელობის ჩადენა შეუძლია. რა მწარე იმედგაცრუებაა! ასეთი და მსგავსი სამწუხარო მაგალითები უფრო ხშირად ხდება, ვიდრე თქვენ დაიჯერებთ, ზოგჯერ უფრო სწრაფად, ზოგჯერ შედარებით ნელა; ქურდულად, მზაკვრულად. რომც გაბედოთ და ასეთ ადამიანს სიმართლე უთხრათ, იგი არასოდეს დაგიჯერებთ, რადგან ფანტომმა კარგად იცის, როგორ შეუშალოს ხელი საკუთარ მსხვერპლს გაქცევაში. თუკი ღვთაებრივი მეგზურის წმინდა ხელი ასეთ ადამიანს ნამდვილ მაგთან მიიყვანს, რომელიც აღმოაჩენს ფანტომის ხრიკებს, მაგი ძალიან რთული ამოცანის წინაშე დადგება რათა დაარწმუნოს მსხვერპლი, დააყენოს  სწორ გზაზე და ასწავლოს განსხვავებული, ნორნალური აზროვნების რეჟიმი. ზოგ შემთხვევაში, მაგალითად მაშინ, თუ მსხვერპლი ფანტომის შელოცვის ქვეშ იმყოფება, დამხმარეს მოუწევს ძალიან მკვეთრად და მტკიცედ ჩარევა რათა მკაფიოდ აღადგინოს პიროვნების ფსიქიკური წონასწორობა. 
   
მეორე მაგალითი გვიჩვენებს იგივე მოვლენას, მაგრამ განსხვავებული ძირითადი მოტივით:
    
ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ეროტიზმის ფანტომთან; ასეთი ფანტომის დაბადება, - თუკი შესაძლებელია სიტყვა დაბადება გამოვიყენოთ, - ხდება ცოცხალი ადამიანის სხეულის, ხანდახან მხოლოდ ფოტოსურათის მეშვეობით, პორნოგრაფიული ილუსტრაციის ან მსგავსი სექსუალური ინსტინქტის, ვნების პროვოცირების სახით, განურჩევლად მდედრობითი თუ მამრობითი სქესისა. თუ ვინმე "შეყვარებულია", და ამავე დროს მისი პირადი ლტოლვის დაკმაყოფილებისთვის არავითარი შესაძლებლობა არ ეძლევა, - რაც უფრო ძლიერი და მძვინვარეა ეს ლტოლვა, მით უფრო გაძლიერდება ფანტომური ნიუანსები, რადგან იგი მთლიანად ხარობს ლტოლვის შესახებ ფიქრებზე. რაც უდრო მეტად ეცდება ადამიანი, წინააღმდეგობა გაუწიოს ამ დაუკმაყოფილებელ სიყვარულს, მით უფრო შემაწუხებელი გახდება ფანტომი. თავდაპირველად იგი ცხადად გამოჩნდება სიზმარში და მსხვერპლს გამოკვებავს თავბრუდამხვევი ეროტიული შეგრძნებებით. ცოტა მოგვიანებით, ძილის დროს სექსუალური აქტი შეიძლება მოხდეს ფიზიკურ დონეზეც. ამ გზით წარმოქმნილი დაბინძურება ფანტომს ეხმარება გახდეს უფრო მკვრივი და უფრო მეტი გავლენა მოახდინოს მსხვერპლზე, რადგან, სპერმა წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის ძალას, რომელსაც ფანტომი ვამპირივით შთანთქავს. აქ სადავო საკთხს წარმოადგენს არა მატერიალური სპერმა, არამედ სპერმაში არსებული ცხოველური სასიცოცხლო ძალა. მსხვერპლს ფეხქვეშ მყარი ნიადაგი ეცლება, მისი ნებისყოფა თან და თან მცირდება და ფანტომი ეტაპობრივად უპირატესობას მოიპოვებს. თუკი ბედისწერა არც ისე კეთილია, რომ ადამიანმა ამ მახიდან თავის დაღწევა შეძლოს, ფანტომის მოქმედების რეჟიმი ბევრად უფრო საშიშ ეფექტს გამოიწვევს. პიროვნება ხდება დაბნეული, წყვეტს ჭამას, უჭირს ნერვების მოთოკვა, ღიზიანდება ყველაფერზე და არის ზედმეტად აღელვებული. ათასობით ადამიანი ხდება ფანტომების მსხვერპლი, უამრავმა მათგანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა სიყვარულში იმედგაცრუების და დაუკმაყოფილებელი ვნებების გამო. ეს პრობლემა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს, ეგრეთწოდებული სუკუბუსებისა და ინკუბუსების გამოჩენით გამოწვეული განსაცდელებით და მათთან დაკავშირებული ჯადოქრობებით. მართლაც რომ ძალიან საშიში სიამოვნებაა!  
   
ორივე ზემოთაღნიშნული შემთხვევის გათვალისწინებით, მაგს შეუძლია დააკვირდეს ფანტომების აქტივობას და რა თქმა უნდა შეუძლია თავადვე შექმნას ისინი. მაგრამ, არ დაგავიწყდეთ: ადრე თუ გვიან, მაგი ყოველთვის რისკავს მათი გავლენის ქვეშ მოქცევით. ჭეშმარიტმა მაგმა ზედმიწევნით კარგად იცის, რა გავლენას ახდენენ მსგავსი არსებები ინდივიდზე, მას გააჩნია ცოდნა, ასეთი ქმნილებების შექმნისთვისაც, მაგრამ, იგი არასოდეს იქნება იმ სურვილით აღძრული, რომ თავად განახორციელოს მსგავსი პრაქტიკა; მაგს ყოველთვის ახსოვს მაგიური წინადადება: "სიყვარული – კანონია, სიყვარული ძლიერი ნების ხელმძღვანელობით."
   
განსახილველი დაგვრჩა ერთი საკითხიც; ესენია ფანტაზმები ანუ ჩრდილები:
   
ფანტაზმები გარდაცვლილი ადამიანების განსახიერებები არიან. მე ამ თემას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ, რადგან თავიდან ავიცილოთ ბევრი შეცდომა და მოგვეცეს საშუალება, სწორად გავცრათ ხორბალი. როგორც კი ადამიანი მოკვდავობის ჩარჩოს ტოვებს,  იგი აგრეგაციის მეოთხე მდგომარეობაში, ე.წ მეოთხე განზომილებაში გადადის, რომელსაც ჩვეულებრივ "მიღმიერ სამყაროს" ეძახიან. ყოველგვარი შუამავალი სუბსტანციის გარეშე, ამ განზომილებაში მყოფი ქმნილებისთვის შეუძლებელია იმოქმედოს ჩვენს სამგანზომილებიან სამყაროში, ისევე როგორც თევზს არ შეუძლია ცურვა წყალის გარეშე. იგივე ხდება ჩვენი სამყაროს შემთხვევაშიც; გარდაცვლილი ადამიანის გახსენება, ქება, გლოვა, ხსოვნის მოსაგონარად სხვადასხვა სახის მსხვერპლის და "ხარკის" გაღება, აცოცხლებს გარდაცვლილის წარმოსახვით სურათს, რომლის ხანგრძლივად განმეორების შემთხვევაშიც, მას სიცოცხლის შესაძლებლობა ეძლევა. ცოცხალთა მიერ შექმნილ ამგვარ წარმოსახვით სურათებს ფანტაზმებს ვუწოდებთ. სწორედ ასეთი ფანტაზმები გამოიყენება ე.წ "სპირიტუალების", "ევოკატორების" და "მკითხავების" მიერ.  ეს სხვა არაფერია, თუ არა სიყვარულისა და მიჯაჭვულობის პერსონიფიკაცია, რომელიც ცოცხალ ადამიანს გარდაცვილი ადამიანისადმი გააჩნია. ასეთი არსებები ყოველგვარი სირთულის გარეშე ჩნდებიან ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა ადგილას. ე.წ მედიუმების გამოძახებული არსებები სხვა არაფერია თუ არა გარდაცვლილი ადამიანის მოჩვენება, რადგან ფანტაზმები შეიძლება რომ ასობით შეიქმნას. ძალიან სამწუხაროა, რომ მედიუმებს, ფანტაზმები გარდაცვლილი ადამიანის ჭეშმარიტი გამოვლინებები ჰგონიათ. ასეთ დროს ბევრი ბოროტება, ტყუილი და თაღლითობა ხდება. შეგიძლიათ დააკვირდეთ, რომ ერთი მედიუმი ცნობილ გენერალთან ურთიერთობას იკვეხნის, მეორე ხელოვანთან, მესამე წმინდანთან, მეოთხე ფარაონთან, ხოლო სხვა ანგელოზთან. სულაც არ არის გასაკვირი, რომ კონკრეტულად ეს ცოდნის სფერო უამრავ მოწინააღმდეგესა და დაცინვას ღებულობს, რადგან აქ დიდია თავის მოტყუების ხარისხი. არ გაგიკვირდეთ, რომ ფანტაზმს აქვს ძლიერი თვითგადარჩენის ინსტინქტი, მას შეუძლია ძლიერ ენერგოვამპირად იქცეს მედიუმისთვის და ხშირად საბედისწერო ხდება ახლო მყოფი მეზობლებისთვისაც. 
   
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ნამდვილი მაგი, რომელიც აგრეგაციის მეოთხე მდგომარეობას, აკაშას პრინციპს ფლობს, ვერ დაუკავშირდება გარდაცვლილ ადამიანს ან ისეთ ინტელექტს, რომელიც არც კი განსხეულებულა. მე უკვე მოვიყვანე პრაქტიკა მედიუმური დამწერლობის ქვეთავში, წინა საფეხურში. ნებისმიერ ძლიერ მაგს შეუძლია წარმოსახვის მეშვეობით მეოთხე განზომილებაში წარმატებით შესვლა და იქიდან ნამდვილ არსებასთან კონტაქტი, შეუძლია დაარწმუნოს ან პირდაპირ აიძულოს ქმნილება მატერიალურ სამყაროში მანიფესტირებისთვის. ეს პრაქტიკა ეკუთვნის ნერკომანტიას და დაწყევლილ მაგიის სფეროებს, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო სულიერებასთან. ჭეშმარიტი მაგი ამ მეთოდს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს და არ გამოიძახებს არსებას საკუთარი სფეროდან მოშორებით, რადგან მაგს თავად შეუძლია ნებისმიერი ქმედების შესრულება საკუთარი სიმწიფის ხარისხის მეშვეობით. 
  
მეექვსე საფეხურის სავარჯიშოების შეჯამება:
 
I. მენტალური მაგიის შესწავლა
 
1. მედიტაცია საკუთარ სამშვინველზე.
2. სამშვინველის შეგრძნებების გაცნობიერება.
 
II. სამშვინველის მაგიის შესწავლა
1. მზადება აკაშას პრინციპის დაუფლებისთვის.
2. მიზანმიმართული ტრანსი აკაშას დახმარებით.
3. ელემენტების დაუფლება აკაშას ინდივიდუალური რიტუალის მეშვეობით.
 
III. სხეულის მაგიის შესწავლა
1. სხვადასხვა არსებების განზრახულად შექმნა.
ა) ელემენტალები
ბ) ლარვები
გ) ფანტაზმები (ჩრდილები)
დ) ფანტომები

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff