შესავალი
ავტორი: ბარონი იუჯინ ფერსენი
მთარგმნელები: ლიკა მარღანია და ეკატერინე სამხარაძე
შესავალი
დაე, ყველამ, ვინც ამ წიგნს კითხულობს, იცოდეს, რომ მისი მთავარი მიზანი კაცობრიობის გასხივოსნებაა სიყვარულით აგიზგიზებული წმინდა ცოდნის მეშვეობით, ხოლო მისია - მშვიდობის, ჰარმონიისა და ძლიერებისკენ გზის გაკვალვა.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ მეცნიერთათვის ეს წიგნი ჭეშმარიტი რელიგიებისა და ფილოსოფიების მეგობარია. ისინი მასში აღმოაჩენენ ყოფიერების მეცნიერების მიერ მეცნიერულად ახსნილ თავიანთ ფუნდამენტურ დოგმებსა და პოსტულატებს, რომელიც მათ ასევე დაანახებს, რომ ისინი ყველანი ძმები არიან, რადგან ჭეშმარიტება ერთია და იმ ოქროს ძაფს ჰგავს, რომელიც რელიგიებისა და ფილოსოფიების ნაირფერი მარგალიტებითაა მოოჭვილი.
დადგება დღე, როდესაც კაცობრიობა გადააფასებს ღვთაებრივის ამჟამინდელ კონცეფციას, სადაც ადამიანმა დაკარგა რწმენა მხოლოდ რწმენაზე დაფუძნებულ სწავლებებში; დღე, როდესაც უიმედო სასოწარკვეთა დაეუფლება იმ მსოფლიოს გულს, რომელმაც თავისი ღმერთი დაუტევა. მალე კაცობრიობა, იმ მეცნიერების მეშვეობით, რომელსაც ეს წიგნი გვასწავლის, აღმოაჩენს, რომ ღმერთი მუდამ ადამიანების გვერდით სუფევდა, თუმცა ისინი ამას ვერ აცნობიერებდნენ.
ავტორის მოკლე ბიოგრაფია
ბარონი იუჯინ ფერსენი იყო უფროსი ვაჟი რუსეთ/პოლონეთის დიდი ჰერცოგი ქალბატონისა, რომელიც ცნობილი გახლდათ სახელით მარია ოლგა ალექსანდრეს ასული მედემი, მედემებისა და დელეისების სამეფო ოჯახიდან - ორი უძველესი და ყველაზე განთქმული სისხლისა სამეფო დინასტიების ისტორიაში...რომელთა ასაკიც ათასობით წელს ითვლიდა. იუჯინის დედამ მის დაბადებამდე იცოდა, რომ მისი ვაჟი ამ სამყაროში ადამიანებს სინათლით უნდა გაძღოლოდა წინ; მან ბიჭს სვეტოზარი დაარქვა, რაც სინათლის მატარებელს ნიშნავს, და ამ ფსევდონიმით წერდა კიდეც იგი საჯაროდ მოგვიანებით, როდესაც მოხალისედ მუშაობდა რუსულ წითელ ჯვარში ომის დროს. ბარონის დედამ თადარიგი დაიჭირა, რომ მის ვაჟს კარგი მასწავლებლები ჰყოლოდა და კარგი განათლება მიეღო, რაც შემდგომში დაეხმარებოდა მისი სულის აბსოლუტურ მარადიულ ასპექტს თავისი ღვთაებრივი მისიის შესრულებაში.
ბარონი იუჯინი გახლდათ პირდაპირი შთამომავალი გრაფ აქსელ ფერსენისა მამის მხრიდან, ხოლო დედის მხრიდან ვილჰელმ დამპყრობლისა. იუჯინის ბიძა იყო გრაფი ლევ ტოლსტოი, მწერალი, ლიტერატურაში საყოველთაოდ ცნობილი თავისი რომანებით ომი და მშვიდობა და ანა კარენინა. ტოლსტოი გახლდათ განდის ერთ-ერთი უდიდესი შთაგონების წყარო და მეგობარი.
1904 წელს ბარონი იუჯინი ჩავიდა შეერთებულ შტატებში თავისი ლექციების მეორე ტურის ჩასატარებლად, რათა გაეზიარებინა უკვე პოპულარული სწავლებების და გაკვეთილები, რაც ცნობილი იყო ყოფიერების მეცნიერების სახელით. 1906 წლიდან 1921 წლამდე ბარონი იუჯინის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო სამართლის დეპარტამენტი ცნობებს აგროვებდა, როგორც შესაძლო რადიკალზე. ის ასწავლიდა, რასაც აშშ-ს მთავრობა უწოდებდა „რადიკალურ რელიგიურ აზროვნებას“. ეს დევნა განსაკუთრებით გამძაფრდა პირველი მსოფლიო ომის დროს, 1914-1918 წლებში. 1921 წლის სექტემბრის ბოლოს, შეერთებული შტატების ხელისუფლებამ შეწყვიტა თვალთვალი. 1923 წლის დასაწყისში, აშშ-ს მთავრობამ ნება დართო ბარონ იუჯინს გამხდარიყო ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე და აღუთქვა მას სრული თავისუფლების გარანტია დაებეჭდა და გაესაჯაროვებინა ამერიკულ პრესაში თავისი უკვე ცნობილი სწავლებები.
ვიდრე ბარონი იუჯინი ფიცს დადებდა, როგორც ამერიკის მოქალაქე, ერთ-ერთმა იქ მყოფმა მოსამართლემ იგი გააფრთხილა, რომ ამერიკის მოქალაქეობის ფიცის დადებით, მას ერთმეოდა უფლება ასულიყო პოლონეთის სამეფო ტახტზე, რომელიც მემკვიდრეობით ერგებოდა. მას აქეთ ბარონი იუჯინ ფერსენი ამერიკელი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, როგორც იუჯინ ფერსენი, როგორც მასწავლებელი და ავტორი. იუჯინმა იცოდა, რომ მისი ღვთაებრივი მისია და დანიშნულება არ შეადგენდა მეფის ტახტიდან კაცობრიობის მართვას, არამედ ეს იყო თავმდაბალი მსახურის ფუნქცია კაცობრიობის სულიერი პროგრესის გზაზე.
იუჯინ ფერსენი უშუალოდ ასოცირდებოდა მსოფლიოს მოწინავე მასწავლებლების, მეცნიერებისა და ფილოსოფოსების პლეადასთან. ზოგიერთი მისი ყველაზე ცნობილი პირადი მასწავლებელი დიდი მაგების საგვარეულო წრიდან გახლდათ. იუჯინ ფერსენმა „მასწავლებელთა მასწავლებელმა“, სათავე დაუდო იმ დროისათვის უდიდეს „კაცობრიობის პოტენციურ მოძრაობას“ , რომელიც მოგვიანებით გახდა ინსპირაცია იმისა, რასაც „ნიუ ეიჯი“ (New Age) ეწოდა. 1800-იანი წლების ბოლოდან დაწყებული, იუჯინის სწავლებებმა დიდი გავლენა იქონია მრავალ უდიდეს ისტორიულ მასწავლებელზე, როგორიც იყვნენ: ჩარლზ ჰაანელი (გასაღებების მთავარი სისტემა), დოქტორი ჰოტემა, ელიზაბეთ თოონი (ჟურნალ ნაუტილუსის გამომცემელი), უოლეს დ. უოთლსი (გამდიდრებისა და კეთილდღეობის მეცნიერება), ედგარ კეისი, ანი ბეზანტი (ბჰაგავატ გიტა-ს მთარგმნელი, თეოსოფი და ქალთა უფლებების ლიდერი), ჰუნა მაქს ფრიდომ ლონგი (დიდი მასწავლებელი ‘ჰუნას’ გზის და სასწაულების კურსის დამფუძნებელთა მასწავლებელი), ჩარლზ ფილმორი (ერთიანობის ეკლესიის დამფუძნებელი), სემუელ კლემენსი (მარკ ტვენის ავტორი), უილიამ უოლკერ ატკინსონი (‘ქიბალიონის’ სამ დამფუძნებელთაგან ერთ-ერთი), ნიკოლა ტესლა, მენლი პ. ჰოლი, ჯონ პენიელი და ეს უსასრულო ჩამონათვალი შორს წაგვიყვანდა.
თავად რუდოლფ შტაინერსაც ჰქონდა მჭიდრო შეხება იუჯინის სწავლებებთან და იწვევდა ხოლმე მას ‘სპიკერად’/მასწავლებლად შტაინერის სკოლებში, როდესაც კი იუჯინს ამის საშუალება გამოუჩნდებოდა. იუჯინის უნიკალური, ჯერაც გადაულახავი სიმაღლის მქონე სწავლებები დღესაც დიდ გავლენას ახდენს კაცობრიობაზე.
იუჯინ ფერსენი ასწავლიდა ნებისმიერს, ვინც გამოთქვამდა სწავლის ნამდვილ ინტერესს ‘ყოფიერების ცნობიერების’, სიმართლის, ჭეშმარიტების შეცნობის და სულიერების და ადამიანის განთავისუფლების კუთხით. მისი გარდაცვალების დროისათვის, როდესაც ის შეერწყა ‘დიად მიღმიერს’ 1956 წელს, მისი სწავლების კურსი გავლილი ჰქონდა უკვე 20, 000 სტუდენტს, ხოლო 100,000 მეტ ადამიანს მსოფლიოს მასშტაბით უკვე წაკითხული ჰქონდა ყოფიერების მეცნიერება, ან ჰქონდა საშუალება დასწრებოდა ამ სწავლებებს. ეს სწავლებები დღეს მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ლიტერატურულ მონაპოვრად, უდიდეს ინსპირაციად კვანტური მეცნიერების კვლევისა და შესწავლის, სულიერების მეცნიერების, კაცობრიობის განმანათლებლობისა და სულის კვლევის სფეროში.
იუჯინი მოევლინა სამყაროს, რათა ჩვენთვის გაეზიარებინა ამ სიბრძნეთა ჭეშმარიტება იმ იმედით, რომ კაცობრიობა თავს დააღწევდა მითებს, რომლის ტყვეობაშიც იმყოფებოდა და განწირული იყო ამ უუფლებო არსებობისთვის დედამიწაზე. მან გვითხრა, რომ კიდევ არსებობს უსასრულო რაოდენობა იმ სიბრძნეებისა, რომელიც ჯერ ისევ დაფარულია კაცობრიობის თვალთაგან, რადგან ტყვეობაში მყოფი ქვეცნობიერი გონება უძლურია დაინახოს და გააცნობიეროს ეს ჭეშმარიტებები. იუჯინმა იცოდა და სჯეროდა, რომ როდესაც ადამიანები გაასხივოსნებენ თავიანთ სხეულებს და გონებას და აიმაღლებენ სულიერ ვიბრაციებს ჯერ ისევ ფიზიკურ სამყაროში ყოფნისას, უფრო მეტი სიმართლე გაცხადდება მათთვის.
იუჯინ ფერსენმა, ‘მასწავლებელთა მასწავლებელმა’ გაუზიარა მსოფლიოს ეს ჭეშმარიტი სიმართლე წრფელი გულით, გონებითა და სულით, როგორც მისი ცხოვრების მიზანი, ძალა და პრივილეგია. მას ღრმად სწამდა, რომ მთელი კაცობრიობა, განურჩევლად რასობრივი, კლასობრივი, წოდებრივი, სქესობრივი სხვაობისა, უფლებამოსილია ხელი მიუწვდებოდეს ამ სიბრძნეებზე, რაც ოდესღაც მხოლოდ მდიდართა და ძალმოსილთა პრეროგატივას შეადგენდა. მან თავის სიცოცხლეშივე მიაღწია იმ ‘მანას’, სულიერი განვითარების მწვერვალს, რაზეც ყველა დროის ალქიმიკოსები ოცნებობენ . ეს ის მდგომარეობაა, სადაც სხეული, გონება და სული აღწევენ სულიერი ევოლუციის უმაღლეს ვიბრაციულ ასპექტს და ამავდროულად ფიზიკურ ფორმაში იმყოფებიან; სადაც ადამიანის სული მის წმინდა სულთან ერთიანდება.
იუჯინ ფერსენის ცხოვრების მიზანს შეადგენდა კაცობრიობისთვის იმ დაკარგული ცოდნის გაზიარება პირველ წინაპარზე, პირველსაწყისზე რათა დახმარებოდა ადამიანებს აღესრულებინათ თავიანთი დავალება - გამოღვიძება და აღმოეჩინათ ის ყოვლისმცოდნე ლატენტური ბრწყინვალე ვარსკვლავი, რომელიც თითოეული მათგანის აბსოლუტურ მარადიულ სულში სუფევს და ანათებს.
(მომდევნო თავის სანახავად გადადით შემდეგ გვერდზე ისრით ან სარჩევით - ინსტრუმენტების მარჯვენა პანელის მეშვეობით)