გაკვეთილი მესამე
გაკვეთილი მესამე
მთარგმნელი: ლიკა მარღანია
უხსოვარი დროიდან, მატერია ითვლებოდა საოცარი იდუმალებით მოცულ საგნად, რომლის არსის ახსნასაც რელიგია და ფილოსოფია მეტნაკლები წარმატებით ცდილობდნენ. იმ რელიგიების უმეტესობა, რომელიც წარსულს ჩაბარდა და ამჟამად არსებული რელიგიებიც, მატერიას განსაზღვრავენ, როგორც გარდამავალს, დროებითს, სულის მარადიულობასთან მიმართებაში განსხვავებულს. ისინი მას უწოდებენ პირბადეს/ვუალს, სიზმარს, ილუზიას, მტვერს და ა.შ. ზოგიერთი რელიგიური მიმდინარეობა აბსოლუტურად უარყოფს მატერიის არსებობას. მათი სწავლებები სწორედ ამ ტოტალურ უარყოფას ეფუძნება, ისინი მატერიას უწოდებენ შეცდომას, ბოროტებას. დღემდე რელიგიებმა ვერ მოახერხეს დამაკმაყოფილებლად აეხსნათ მატერიის რაობა. ბოლოს და ბოლოს, ეს არც შეადგენდა მათ კომპეტენციას. ეს მხოლოდ მეცნიერების საქმეა - განსაკუთრებით კი, თანამედროვე მატერიალისტური მეცნიერების - რომელმაც შეძლო განემარტა, თუ რა არის სინამდვილეში მატერია.
ჰინდუს ენაზე მატერიას „მაია“ ეწოდება, „დიდი ილუზია“, რატომ? რადგან რეალურად ჩვენ მას ვერ ვეხებით. საკმარისია ვიფიქროთ, რომ მოვიხელთეთ მატერია, ის ხელიდან გვისხლტება. ის ყველაზე მოუხელთებელი რამ არის, რაც კი ვიცით გარშემო. მატერია ჩვენ წინაშე სამი განსაზღვრული ასპექტით წარმოდგება - მყარი, თხევადი და გაზისებრი ფორმით - ვიბრაციების განსხვავებულ დონეთა მიხედვით. ზოგიერთი მისი კონკრეტული გამოვლინება მყარი ასპექტია, როგორიცაა ქვა, ლითონი, ხე და ა.შ., ზოგი - თხევადი, როგორიცაა წყალი, ვერცხლისწყალი და ა.შ., ზოგი კი გაზისებრი - ორთქლი, ჰაერი, სხვადასხვა გაზები; მაგრამ, მატერიის თითოეულმა ფორმამ შესაძლებელია მიიღოს დანარჩენი ორი ასპექტის ფორმაც, თუ მათი ვიბრაციის დონე შეიცვლება. მაგალითად, მოდით ავიღოთ ყინული. თუკი ყინულს თბილ გარემოში მოვათავსებთ, ის დნება. ამდენად, მატერიის პირველი ტრანსფორმაცია უკვე სახეზეა; მყარიდან ის გადადის თხევადში. ყინული იქცევა წყლად. თუკი ტემპერატურას გავზრდით, წყალი აორთქლდება და იქცევა გაზად - კიდევ ერთი ტრანსფორმაცია, სითხემ მიიღო გაზისებრი ფორმა. ორთქლი როგორც ცნობილია, წყლის მოლეკულებს შეიცავს. წყლის მოლეკულების დეზინტეგრაციით/დაშლით აღმოჩენილ იქნა ბუნებრივი გაზების, წყალბადისა და ჟანგბადის ატომები, რომელთა კომბინაციამ გარკვეული ქიმიური პროპორციით (H2O) შეადგინა ეს მოლეკულა. ატომი მატერიის ისეთი მცირე ნაწილაკია, რომ ერთი წრფივი ინჩის სიგრძის ხაზი რომ მივიღოთ, საჭიროა 500 მილიონი ასეთი ატომის გვერდიგვერდ მიჯრით დალაგება. ატომის გახლეჩით კი, საბოლოოდ, ელექტრონები აღმოვაჩინეთ. ელექტრონი წარმოადგენს მატერიის უმცირეს ნაწილაკს, რომლის აღმოჩენაც კი მეცნიერებამ დღევანდელ დღემდე შეძლო. ელექტრონის ზომა ატომის ზომასთან შედარებით დაახლოებით იგივეა, თუკი დედამიწის ზომას შევადარებთ მთელი მზის სისტემას.
რა არის ელექტრონი? ელექტრონი არის პაწაწინა სფერო, რომელიც საკუთარი ღერძის გარშემო წარმოუდგენელი სიჩქარით ბრუნავს, ამასთან, ის ბრუნავს 10,000 მილი/წამი სიჩქარით მეორე მიკროსკოპული სფეროს გარშემო, რომელიც ცენტრალური მზის როლს ასრულებს. მათი ამგვარი ურთიერთობა შენარჩუნებულია სამყაროს მიზიდულობის კანონის მოქმედებით, ისევე, როგორც ჩვენი პლანეტარული სისტემა და სამყარო, ზოგადად. ეს, სწორედ ის არის მცირე მასშტაბებში, რასაც ვხედავთ ფართო მასშტაბით. არსებობს პოზიტიური და ნეგატიური ელექტრონები. ნეგატიური ელექტრონები ბრუნავენ ცენტრალური პოზიტიური ელექტრონის გარშემო. ატომს სწორედ ცენტრალური ელექტრონის გარშემო მბრუნავი ელექტრონების აგრეგაცია შეადგენს; და ამ ელექტრონების ერთმანეთთან დამოკიდებულება და მათი რიცხვი დაკვირვებად ატომში განსაზღვრავს მის ბუნებას. რაც მეტია ელექტრონების რაოდენობა მატერიის ატომში, მით უფრო მძიმე და მტკიცეა მატერიის ელემენტი.
წყალბადის ატომი, იმიტომ, რომ ის შედგება ერთი პოზიტიური ელექტრონისგან, რომლის გარშემოც ბრუნავს ერთი ნეგატიური ელექტრონი, მიჩნეულია თანამედროვე მეცნიერთა მიერ ატომის სტანდარტული წონის ერთეულად. ეს წონა შეიძლება ავიღოთ, როგორც I. ელექტრონის ბუნების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ის რადიოაქტიურია, და მუდმივად გამოყოფს ენერგიას. რატომ? რადგან ენერგია წარმოადგენს ელექტრონის საფუძველს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ელექტრონი შეკუმშული ენერგიისგან შედგება. ენერგია არის ძალა. რა დასკვნის გამოტანა შეგვიძლია აქედან? რომ ეგრეთ წოდებული მატერიალური საგნები სხვა არაფერია, თუ არა კონდენსირებული ენერგიები, რაც, თავის მხრივ ყველაზე არამატერიალური რამ არის, მათ შორის, რისი წარმოდგენაც კი შეგვიძლია. მატერიალისტურმა მეცნიერებამ, კვლევების საფუძველზე შეძლო დაემტკიცებინა, რომ მატერია, როგორც მატერია თავისთავად - აბსოლუტურად არ არსებობს, ამ სიტყვის საზოგადოდ აღიარებული მნიშვნელობით. მან დაამტკიცა, რომ ყველაფერი, სხვა არაფერია, თუ არა ძალები, ვიბრაციის სხვადასხვა დონეებით, სხვადასხვა კომბინაციებში და ურთიერთობაში ერთმანეთთან, და კონდენსირების სხვადასხვა დონეებზე. მტკიცებულება იმდენად სარწმუნოა, რამდენადაც იგი მეცნიერულია და მისი დამტკიცება შესაძლებელია. ის მუდმივად მუშაობს.
მაგალითად, ალმასი ცნობილია, როგორც ყველაზე მაგარი ქვა დედამიწაზე. მისი სიმაგრე სტანდარტულია. ის ათს უდრის. მერე მოდის ზუმფარა (კორუნდი) (ლალი, საფირონი) მისი სიმაგრე ცხრაა. ორივე ეს ქვა ძვირფასია, რადგან ისინი შექმნილი არიან ძლიერი კონდენსირებული ენერგიისგან. ქვიშაქვის სიმაგრე კი მხოლოდ სამია. თუკი ალმასში კონდენსირებულ ენერგიას გამოვათავისუფლებთ, იგი მეტი იქნება იმავე მოცულობის ქვიშაქვიდან გამოთავისუფლებული ენერგიაზე, იმავე პროპორციით, რა პროპორციითაც ალმასის სიმაგრე აღემატება ქვიშაქვისას. თანამედროვე სამეცნიერო ექსპერიმენტების საფუძველზე ჩატარებული გამოთვლების თანახმად, მატერიის ერთ უნციაში იმდენი ენერგიაა კონდენსირებული, რომ უცაბედად გამოთავისუფლებისას, ის საკმარისი იქნებოდა, რომ დიდი ომის დროს ჩაძირული ყველა გერმანული გემი ამოგვეზიდა ზღვის ფსკერიდან და აგვეტანა ევერესტზე, დედამიწის ყველაზე მაღალ მწვერვალზე. ასევე, თითოეული ადამიანის პატარა თითშიც კი იმდენი კონდენსირებული ენერგიაა, რაც რამდენიმე წუთის მანძილზე ინგლისში ყველა მატარებელს დაძრავდა და წაიყვანდა, რომელთაც ათასობით ცხენის ძალა გააჩნია. ეს მიუთითებს, რომ ჩვენში წარმოუდგენელი ძალა და ენერგია არსებობს ლატენტურად, რომელიც ელის დროს, როდესაც მოხდება მისი მანიფესტირება და საჭიროებისამებრ გამოყენება.
არსებობენ ლითონები, რომელთაც ძვირფას ლითონებს ვუწოდებთ, ასევე სხვა ლითონები, რომლებიც უბრალო ლითონებია. აქაც იგივე საკითხთან გვაქვს საქმე. ძვირფასი ლითონები იმიტომაა ძვირფასი, რომ ისინი თავის თავში იმდენ კონდენსირებულ ენერგიას შეიცავენ, რომ გაუძლონ ჰაერის დეზინტეგრაციულ გავლენას. ოქრო ერთ-ერთია იმ ლითონებიდან, რომლებიც ასეთ ძალას ფლობენ. ჩვეულებრივი ლითონები, იმის გამო, რომ თავის თავში ნაკლებ კონდენსირებულ ენერგიას შეიცავენ, ვერ უძლებენ იმ გავლენებს და ზემოქმედებებს ისევე იოლად, როგორც ოქრო, პლატინა, ირიდიუმი, პალადიუმი და სხვა ძვირფასი ლითონები უძლებენ, და ისინი იჟანგებიან - რაც დეზინტეგრაციას გულისხმობს, და კვდებიან. კონდენსირებული ენერგიის რაოდენობა არის სწორედ ის ელემენტი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რამდენად ძვირფასია ესა თუ ის ლითონი, ანუ მის რეალურ ფასეულობას გამოხატავს. ბრილიანტი ძვირფასია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ლამაზი და იშვიათია, არამედ განსაკუთრებით იმის გამო, რომ მას გააჩნია რეალური ფასეულობა სხვა ელემენტებთან შედარებით აბსოლუტური აღმატებულების თვალსაზრისით, მასში ძალების (ენერგიების) დიდი რაოდენობით შემცველობის ხარჯზე. და, ეს არამხოლოდ ძვირფას ქვებსა და ლითონებს ახასიათებს, არამედ - ადამიანებსაც.
ის ადამიანები, რომლებიც ცნობილებად/დიდებულებად იწოდებიან, ასეთები გახდნენ სწორედ მათი ხასიათის თვისების გამო, რადგან ისინი თავიანთ ძალებს უფრო მაღალ დონეზე გამოხატავენ, უფრო ძლიერი, მტკიცე და მაღალი ვიბრაციები ახასიათებთ, ვიდრე სხვებს, და ამიტომაც არიან უფრო გავლენიანი, ძლიერი და, შესაბამისად, უფრო მნიშვნელოვანი კაცობრიობისთვის. სიტყვა „დიდებული“ ამ შემთხვევაში გამოყენებულია, როგორც სულის თვისება, და არა კლასობრივი განსხვავების ნიშანი. ნათელია, რომ მატერიალისტური მეცნიერების ამგვარი კვლევები სრულყოფილად აღწერს და განმარტავს მატერიას. კაცობრიობა ამ ფაქტს მატერიალისტი მეცნიერების შეუპოვრობას უნდა უმადლოდეს, რომლებიც არ შეუშინდნენ საკუთარი მატერიალური რესურსების გამოყენებას იმისათვის, რომ მოეხდინათ იმ ელემენტების დეზინტეგრაცია, რომლებზეც მუშაობდნენ. როდესაც იცი კანონები, რომლებიც მართავენ ეგრეთ წოდებულ მატერიის ფენომენს, მატერიის წინამდებარე კონცეფცია მთლიანად უკუგდებულია. ეს ამ კანონის გამო ხდება და არა იმიტომ, რომ ვიღაცა ამტკიცებს, რომ მატერია არ არსებობს. მატერიის უგულებელყოფა ვერ გაანადგურებს მატერიას. ამიტომაცაა, რომ მენტალური გაჯანსაღების წარმატება დამოკიდებულია არა მატერიის უარყოფაზე, არამედ რაღაც სრულიად განსხვავებულზე. არსებობს კანონები, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, აბსოლუტურად გაუცნობიერებლად იყენებენ ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ ამ შედეგებს მიაღწიეს იმის ხარჯზე, რომ უარყვეს მატერია. მაგალითად, ავიღოთ ელექტრონული სინათლე. ვიღაცას შეუძლია ათასწლეულობით ამტკიცოს, რომ ის არ ანათებს, მაგრამ ის კვლავაც გაანათებს. ხოლო, თუკი ვიცით, რომ არსებობს ჩამრთველი, რომელსაც თუ გამოვრთავთ, სინათლე ვეღარ გაანათებს და დაბნელდება, აქ ფიზიკური კანონი სწორად მოქმედებს და სასურველი შედეგიც დადგება.
მატერიის შემდეგი მეცნიერული განსაზღვრება ნათლად გვიჩვენებს, თუ რა არის მატერია სინამდვილეში:
ის, რასაც მატერიას ვუწოდებთ, სხვა არაფერია, თუ არა პირველადი (პირველსაწყისი) ენერგიის სხვადასხვაგვარი მანიფესტაციების დროს წარმოქმნილი აღქმების (შეგრძნებების) ეფექტების გაცნობიერება. ამიტომაც, მატერია არის მხოლოდ ცნობიერების მდგომარეობა, იმ სახით, როგორც ეს ეფექტები აღიქმება.
წინამდებარე მტკიცებულება სრულად განსაზღვრავს მატერიის რაობას. რა გამოდის? რას ვგრძნობთ, რას ვხედავთ, რას აღვიქვამთ ჩვენი შეგრძნებებით? ენერგიას, ძალებს და სხვას არაფერს, ამ ძალების გარდა. ენერგიის ვიბრაციული ტალღები, რომლებიც ეხლება ჩვენს შეგრძნებებს, წარმოშობენ გარკვეულ შთაბეჭდილებებს და ამ შთაბეჭდილებებს ვუწოდებთ აღქმას, შეგრძნებებს. როდესაც ერთი გარკვეული ტიპის ვიბრაციას ვხვდებით, ჩვენ მას აღვიქვამთ, როგორც შეხებას, მეორე ტიპის ვიბრაციას - ვხედავთ, მესამე - გვესმის, მეოთხეს - ვიყნოსავთ, მეხუთეს- ვაგემოვნებთ. ამ დროს ვამბობთ, რომ ჩვენ აღვიქვით მატერიალური საგანი, მაგრამ, სინამდვილეში აქ მატერია არაფერ შუაშია, ეს ყველაფერი მხოლოდ ვიბრაციებია.
შესაძლებელია დაისვას კითხვა, თუ საიდან წარმოიშვა ელექტრონი და რატომ აქვს მას სფერული ფორმა? პირველად უნივერსალურ (სამყაროსეულ) ენერგიას ორი ძირითადი, ფუნდამენტური თვისება გააჩნია: მოძრაობა და მიზიდულობა. მოძრაობა, თავის მხრივ, ორი განსხვავებული ტიპის მოძრაობაში გამოიხატება: პირველი - ბრუნვითი (ცენტრისკენული) და მეორე - პროპულსური/წინსწრაფული (ცენტრიდანული) მოძრაობა. აღნიშნული დაიკვირვება მთელ სამყაროში, და, რა თქმა უნდა, ჩვენი მზის სისტემაშიც. აქ მდებარეობს სწორედ პლანეტა დედამიწა, რომელიც ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო და გამუდმებით წინ მოძრაობს, თუმცა მზის მიზიდულობა აიძულებს მას წრიულად იმოძრაოს მის გარშემო. ბრუნვითი მოძრაობა გამოიხატება დედამიწის მოძრაობაში საკუთარი ღერძის გარშემო. წინსწრაფული მოძრაობა კი დაიკვირვება დედამიწის ბრუნვაში მზის გარშემო. უფრო დიდი მასშტაბით, მთელი ჩვენი მზის სისტემა თავის თავის გარშემო ბრუნავს, და, გარდა ამისა, წინსწრაფულად მოძრაობს 1,000,000 მილის სიჩქარით 24 საათში ლირას თანავარსკვლავედისკენ. ჩვენი მზის სისტემა, ერთი შეხედვით, წრფივად მოძრაობს, მაგრამ, სინამდვილეში, ეს არ არის სწორხაზოვანი ტრაექტორია - ის ბრუნავს ცენტრალური მზის გარშემო, რომელიც ჯერ არ აღმოუჩენიათ ასტრონომებს დიდი სიშორის გამო. არ აქვს სასრული მუდმივად მზარდ ორბიტებს, რადგან სამყარო უსასრულოა. როდესაც უმცირეს ნაწილაკებამდე დავდივართ, ვხედავთ, რომ მათაც იგივე კანონები მართავენ. ელექტრონები, რომლისგანაც ატომები შედგებიან, საკუთარი პატარა ღერძების გარშემო ბრუნავენ, გამოხატავენ რა პირველადი ენერგიის პირველი ტიპის მოძრაობას, ხოლო, თავიანთი პაწაწინა მზის გარშემო ბრუნვით კი - მეორე ტიპის მოძრაობას. ახლა კი ვნახოთ, რომ პირველი ბრუნვითი მოძრაობა მაკონდენსირებელია. როდესაც პირველადი ენერგიის ვიბრაციების ინდივიდუალური ერთობა იწყებს საკუთარი პატარა ღერძების გარშემო ბრუნვას, მათი თანდაყოლილი მიზიდულობის ხარისხი აიძულებს მათ კონდენსირდნენ ელექტრონებად. ეს ელექტრონები სფეროს ფორმას იღებენ, რადგან სფერო წარმოადგენს სრულყოფილად დაბალანსებულ სხეულს, რომელსაც შეუძლია შეინარჩუნოს ეს ფორმა განუსაზღვრელი დროით, რამდენადაც მისი შემადგენელი ნაწილები სრულყოფილ ჰარმონიულ ურთიერთდამოკიდებულებაში არიან ერთმანეთთან. სწორედ ამ მიზეზით, ფიზიკური სხეულები, არსებობისთვის, ბუნებაში ამ მარტივ და მედეგ ფორმას იღებენ.
ამ პრინციპითაა აგებული მთელი სამყარო. ნებულასგან, რომელმაც დაიწყო მოძრაობა და კონდენსირება და ბრუნვა საკუთარი ღერძის გარშემო, წარმოიშვა ჩვენი მზის სისტემა. სხვა მზის სისტემებიც ამავე გზით წარმოიშვა; პატარა ატომიც და ელექტრონებიც ამავე კანონით შეიქმნა, რადგან არსებობს მხოლოდ ერთი უნივერსალური (სამყაროსეული) კანონი, რომელსაც დიადი კანონი ეწოდება და რომელიც მართავს ყოველივეს ერთნაირად, მიუხედავად იმისა, ეს ვარსკვლავია, თუ ელექტრონი. ელექტრონები წარმოიშვა იმ პირველი მოძრაობიდან, პირველადი ენერგიის ბრუნვითი მაკონდენსირებელი მოძრაობის შედეგად. ეს კანონები მართავენ სამყაროს და მუდმივად მოქმედებენ ჩვენს საკუთარ სხეულებშიც და მათი ცოდნა საშუალებას გვაძლევს გადავჭრათ ცხოვრებისეული პრობლემები მათემატიკური სიზუსტით. ჩვენი სხეული წარმოადგენს კონდენსირების სხვადასხვა ხარისხში მყოფი ენერგიების აგრეგაციას; ამიტომაც ის დინამიკური ცენტრია, რომლის სრულუფლებიანი ბატონებიც ჩვენ ვართ.
ხილული სამყარო შედგენილია უხილავი, პირველადი ენერგიისგან. ის, რაც ხილულია, შექმნილია უხილავისგან.
თითქმის ყველასთვის ცნობილია ფეთქებადი ნივთიერებების შესახებ. ისინი კარგ ილუსტრაციას წარმოადგენენ იმისა, თუ რეალურად როგორ შედგებიან ერთი შეხედვით მყარი საგნები არამატერიალური ელემენტებისგან. ავიღოთ დინამიტი. ის მყარია, აქვს წონა და სიმკვრივე და ა.შ. ამ დინამიტის ასაფეთქებლად, მასზე ვზემოქმედებთ ენერგიით - ის წარმოშობს გარკვეულ ვიბრაციებს, რომლებიც ცვლის მასში ატომების ურთიერთქმედებას იმგვარად, რომ დინამიტი ფეთქდება - ამ დროს რა ხდება? გამოთავისუფლდება ენერგია და ჩვენს წინაშეა გაზებად ტრანსფორმირებული დინამიტი. ეს ქიმიური რეაქციაა, რომელიც შოკის შედეგად წარმოიქმნება. არ არის აუცილებელი რამე ქიმიური ნაერთის დასხმა დინამიტზე, რომ მისი აფეთქება გამოვიწვიოთ. დარტყმა, სულ ეს არის საჭირო, ენერგიის გამოყენება სავსებით საკმარისია. ენერგია იწვევს რეაქციას. და რა მიიღება ამ რეაქციით? შესაძლოა ათასჯერ მეტი მოცულობა, ვიდრე თვით დინამიტს გააჩნდა. ეს მიიღება გაზის სახით. სახეზეა ძირეული ცვლილება. იმასთან შედარებით, რაც თავიდან იყო, რომლის შეხებაც შეიძლებოდა, ახლა ის ყოვლად არამატერიალურად გვეჩვენება. რა თქმა უნდა, გაზებიც - „მატერიალურია“ რადგან შეგვიძლია მათი აწონვა, ყნოსვა და ა.შ. მიუხედავად ამისა, ცვლილება უზარმაზარია. აღნიშნული გვიჩვენებს, რომ მატერია, მასზე გარკვეული ზემოქმედებისას სრულიად იცვლის თავის ასპექტს და ხდება სხვა, ასე რომ, როდესაც ის მოიპოვებს თავის ბოლო სავანეს ენერგიაში, მას ვეღარავინ უწოდებს „მატერიალურს“; ის უკვე ‘წმინდა სახის ენერგია’ ხდება.
ყოველივე ამ ერთი შეხედვით მატერიალურ სამყაროში სხვა არაფერია, თუ არა ენერგიების/ძალების კომბინაცია, კონდენსირებულ თუ არაკონდენსირებულ მდგომარეობაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთელი სამყარო სხვა არაფერია, თუ არა უსასრულო დინამიკური ცენტრი, რომელიც, უზარმაზარ მასშტაბში იგივეა, რაც ჩვენი სხეული - მცირე მასშტაბში.
მიზიდულობის დიადი კანონი მართავს მთელ სამყაროს და მარადიული ჰარმონიის საფუძველს შეადგენს.
პირველადი ენერგიის ანალიზის დროს განმარტებული იყო, რომ მას გააჩნია ძირითადი თვისება - მიზიდულობა, და რომ ეს მიზიდულობა მთელი სამყაროს არსებობას განაპირობებს, რადგანაც ყველაფერი ამ სამყაროში სრულყოფილ ურთიერთობაშია ერთმანეთთან სწორედ მიზიდულობის კანონით. მიზიდულობა და სიყვარული სინონიმებია. სიყვარული მიზიდულობის ემოციური სახელია. მიზიდულობის კანონის გამო, ყოველი უმცირესი ნაწილაკი ყველაფერში ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ერთ მთლიანს ქმნის. რატომ გვაქვს ჩვენ სხეული, რომლის შეხებაც შეგვიძლია და რომელსაც ფორმა გააჩნია? სწორედ მიზიდულობის კანონის დამსახურებით, რომელიც აიძულებს უჯრედებს ერთად იყონ. იგივე პრინციპი მოქმედებს ქვებთან, ან ნებისმიერ სხვა საგანთან მიმართებაში. რატომ ვრჩებით დედამიწის ზედაპირზე და არ გავიტყორცნებით კოსმოსში მისი ბრუნვისას თავისი ღერძის გარშემო? მიზიდულობის კანონის გამო. რატომ ბრუნავს დედამიწა მზის გარშემო? მიზიდულობის კანონის გამო. მის გარეშე, დედამიწა ჩაიკარგებოდა უსასრულო კოსმოსში. რატომ მოძრაობენ ციური სხეულები ასე ჰარმონიულად? მიზიდულობის კანონის გამო. მიზიდულობის კანონი ძირითადი კანონია, პირველადი ენერგიის ფუნდამენტური თვისება; და აქვე გვაქვს მოცემული განმარტება ბიბლიაში: „მასში ვცხოვრობთ და ვმოძრაობთ და ვარსებობთ“. როგორც ადრე ითქვა, მიზიდულობა და სიყვარული სინონიმებია.
როდესაც ჩვენ გვიყვარს, ის გვიზიდავს; როდესაც გვძულს - განგვიზიდავს. მიზიდულობის კანონი სამყაროს ჰარმონიას ქმნის და ინარჩუნებს, რადგან მის გარეშე ყველაფერი ქაოსში დაინთქმებოდა და სამყარო განადგურდებოდა. ის არის მდგრადობის უზრუნველმყოფი ძალა, რომელზეც საუბარია სიტყვა „წყარო“-ს ("Principle") განმარტებისას, რაც სამყაროს მარადიული არსებობის წინაპირობას ქმნის.
სივრცე, რომელიც მიჯნავს ერთ მსოფლიოს სხვა მსოფლიოსგან, არ ახდენს მათ იზოლირებას. ისინი უწყვეტ ურთიერთკავშირში რჩებიან მიზიდულობის დიადი კანონის მეშვეობით, რომელიც ზემოქმედებს ყოველწამიერად და მარადიულად კოსმოსის მთელ სივრცეში და ამგვარად ქმნის ურღვევ კავშირებს მსოფლიოებს შორის.
პირველ რიგში, უნდა განიმარტოს სხვაობა სიტყვებს შორის „მსოფლიო“ და „სამყარო“,რადგან დიდია განსხვავება მათ მნიშვნელობებს შორის. სამყარო ერთადერთია; თვითონ სიტყვა (ინგლისურად - Universe) მეტყველებს ამაზე. და ეს ერთი სამყაროშედგება უთვალავი მსოფლიოსგან.
ასტრონომები მსოფლიოს უწოდებენ ყველაფერს, რისი დანახვაც შეიძლება ტელესკოპის მეშვეობით, და ზოგჯერ იმაზე მეტსაც, რისი აღქმაც რეალურად შესაძლებელია. ერთი შეხედვით უსასრულო ვარსკვლავების, მზეების და პლანეტების აგლომერაცია, რომელიც ყველა მიმართულებით ფართოვდება - ზოგიერთი ამ ვარსკვლავთაგან იმდენად შორსაა დედამიწიდან, რომ მათი სინათლე დედამიწამდე მოღწევას მილიონობით წელი უნდება, თუმცა სინათლე კოსმოსში 186,000 მილი/წამში სიჩქარით მოძრაობს - შეადგენენ სწორედ ამ მსოფლიოს. უამრავი ვარსკვლავი გაქრა, აღარ არსებობს, თუმცა მათი შუქი ახლაღა აღწევს დედამიწამდე. ჩვენი ახლანდელი მენტალური განვითარების ფონზე შეუძლებელია აღვიქვათ და გავისიგრძეგანოთ ამ მსოფლიოს რეალური მასშტაბები. რამდენადაც, იმ ყველაფერს, რასაც ჩვენ გარშემო ვხედავთ და რაც, ერთი შეხედვით, უსასრულოდ გვეჩვენება, აქვს სასრული, ანუ სასრულია და ბოლოც აქვს; და თუკი მივუახლოვდებით იმ ზღვარს, რასაც მსოფლიოს დასასრული ჰქვია, ჩვენ ალბათ დავინახავთ შემდეგ სურათს: ერთ მხარეს უთვალავი, უთვალავი ვარსკვლავი, ირმის ნახტომი, ნათებების უმშვენიერესი კომბინაციები და ა.შ., რაც, ერთად აღებული, უსასრულოდ დიდ სფეროდ წარმოგვიდგება; ხოლო მეორე მხარეს, უკუნი სიბნელე, ისეთი სრული სიბნელე, ისეთი საშინელი სიბნელე, რომლის წარმოდგენაც აქ დედამიწაზე შეუძლებელია. ის თითქოს დაცლილია ყოველივესგან, მკვდარია; და თუ ვიმოგზაურებთ ამ სიბნელის გავლით, სადაც არც ვარსკვლავი ანათებს, არც ეთერის ვიბრაციის რამე ნიშანწყალი შეინიშნება, ერთი შეხედვით უსასრულო დროის და უკიდეგანო კოსმოსის გავლით, ჩვენ ახალ სხვა მსოფლიოს მივადგებით, სხვა უთვალავი ვარსკვლავისა და მზეებისა და პლანეტებისგან შედგენილ სხვა აგლომერაციას.
ეს სრულიად სხვა მსოფლიოა; და ეს მსოფლიო, ერთიანად აღებული, ისევ სფეროს წარმოადგენს, გიგანტურ სფეროს, მოტივტივეს იმ უსასრულო ოკეანეში, სადაც თითქოს სიცარიელე და მოჩვენებითი სიბნელე სუფევს; და ეს უსასრულო ოკეანე, რომელსაც არ აქვს საზღვარი, მასში მოტივტივე სფეროებით, რომლებიც მსოფლიოებს წარმოადგენენ, სწორედ ეს გახლავთ სამყარო; და ეს სამყარო, უსაზღვრო, უსასრულო, არის ერთადერთი პირმშო, ერთადერთი ვაჟი, რომელიც ერთადერთი ღმერთისგან იშვა, ერთი დიადი წყაროდან, აბსოლუტისგან.
როდესაც ვახდენთ ღვთაებრიობის ვიზუალიზებას, თუნდაც, ასტრონომიული თვალთახედვით, ჩვენ მივმართავთ იმ უზარმაზარ, ყოვლისმომცველ კონცეფციას, რასაც დიად წყაროს ვუწოდებთ და მის ფონზე ნებისმიერი რელიგიური იდეა არარად ჩანს, გარდა უფერული, შეზღუდული აზროვნებისა, რადგან ვერასდროს მოგვაწვდის, როგორც ამას მეცნიერება აკეთებს, ღმერთის სიდიადის, დიადი ერთის ბრწყინვალე მტკიცებულებას, რომელსაც აბსოლუტს ვუწოდებთ, და რომელიც არის ჩვენი მამა. ჩვენი დედამიწაც ერთი მშვენიერი ვარსკვლავია მოტივტივე ამ უსასრულო ოკეანეში, ამ სამყაროში. მიზიდულობის კანონი, უნივერსალური, სამყაროსეული ენერგიის ძირითადი კანონი, მთელ სამყაროზე ვრცელდება.
იმ ცარიელ კოსმოსშიც კი, სადაც თითქოს არაფერია, სადაც ხილული ნათელი ვიბრაციებიც კი ვერ აღწევენ თავისი ზედმეტი სიმკვრივის გამო და ამიტომ თავიანთ შესაბამისი მსოფლიოთი შემოიფარგლებიან, სადაც მიზიდულობის, სიყვარულის კანონი ჯერაც მოქმედებს. ამ კანონს გვერდს ვერავინ აუვლის; არ არსებობს სამყაროში ადგილი, სადაც მიზიდულობა, ანუ სიყვარული არ არსებობდეს; სიყვარული კი ღვთაებრიობის ასპექტია, უმაღლესი ჩვენთვის ამჟამად ცნობილ ასპექტთა შორის. აღნიშნული სამეცნიერო დებულებები ზუსტად ეხმიანებიან მეფსალმუნის სიტყვებს:
„თუკი ზეცად ავმაღლდები, შენ იქ იქნები; თუკი ჩემს სავანეს ჯოჯოხეთში ვიპოვი, ვიცი, შენ იქ იქნები; თუკი დილის ფრთებს შევისხამ და ზღვების უკიდეგანო სივრცეებში დავივანებ, იქაც შენი ხელი მატარებს, შენი მარჯვენა ხელი ჩამეჭიდება და დამიცავს მე.“
სიყვარულის კანონი, მიზიდულობის კანონი ვრცელდება თითქოს ცარიელ ვარსკვლავთშორის სივრცეში და განიცდება წამიერად და მარადიულად, რადგან ამ კანონისთვის არ არსებობს დრო და სივრცე. ის ისეთივე უსასრულოა, როგორც მარადიულობა და უსასრულობა. ხოლო მიზიდულობის კანონი გვევლინება სიყვარულის იმ შემკვრელ რგოლად, რომელიც აერთიანებს სამყაროებს, იმ რგოლად, რომელსაც კაცობრიობა ცნობიერად, თუ გაუცნობიერებლად მუდამ აღიარებდა, რადგანაც ის უნივერსალური სამყაროსეული კანონია. რატომ ერთიანდებიან ადამიანები და ქმნიან თემებს, ქალაქებს, ქვეყნებსა და ერებს? რატომ მოგვწონს ერთად ყოფნა საძმოებში, საზოგადოებებში, კავშირებში? სწორედ ამ კანონის გამო. სამყაროები და ვარსკვლავები ძმები არიან; ჩვენც ყველა ძმები ვართ; და თუ სამყაროები ამ სახით არიან კავშირში ერთმანეთთან და ასე ურთიერთობენ, და მიზიდულობის კანონი ასე უზადოდ მოქმედებს და ასე სასიკეთოდ ვლინდება მათთვის, ჩვენც ასე არ უნდა ვიყოთ? ჩვენც იგივეს არ უნდა განვიცდიდეთ ადამიანებო? ეს იქნებოდა სიყვარულის კანონის აღსრულება, ჩვენი მარადიული პრივილეგია და მოვალეობა.
მეცნიერები უკვე ხედავენ მიზიდულობის კანონის შედეგად აღმოცენებულ უამრავ შესაძლებლობას და ცდილობენ სხვადასხვა პლანეტებთან დაკავშირებას ვიბრაციების მეშვეობით, რადგან მათ იციან, რომ ვიბრაციები აღწევენ ყველგან, სამყაროს ნებისმიერ წერტილში. სწორედ ესაა უწყვეტი კავშირები სამყაროებს შორის, მიზიდულობის ვიბრაციებით გამყარებული, რაც სამყაროსეული უნივერსალური ჰარმონიის საფუძველს ქმნის. ამიტომაც, ეს სამყაროები, ეს ვარსკვლავები და პლანეტები, რომლებიც თითქოს განცალკევებულნი არიან, სინამდვილეში არ არიან იზოლირებულნი და ქმნიან ერთ დიად, სრულყოფილ, მარადიულ მთლიანობას. ისინი, შეიძლება ითქვას, ისევე არიან ერთმანეთისგან იზოლირებულნი, როგორც უჯრედები ჩვენს სხეულში.
ყოველივე ერთიანია, სრულყოფილი მთლიანობაა, და ჩვენც არ ვართ ცალ-ცალკე სხეულები, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს; ჩვენ ერთი დიადი სამყაროსეული უნივერსალური სხეულის ნაწილები ვართ, რომლებსაც ერთმანეთთან მიზიდულობის კანონი გვაკავშირებს და გვაერთიანებს.
ენერგია განუყოფელია და ამიტომ მარადიული. მატერია განუყოფელია და ამიტომ მარადიული. სამყარო განუყოფელია და ამიტომ მარადიული. სული განუყოფელია და ამიტომ მარადიული. ენერგია განუყოფელია და ამიტომ მარადიული.
პირველადი ენერგია, რომელიც ყველაფრის წყაროს წარმოადგენს, განუყოფელია. ეს პირველ გაკვეთილში აგიხსენით. მას არ შეუძლია გაქრეს სადმე, რადგან ის უსასრულო სივრცეს ავსებს, მასთან ერთიანია. არაფერს ძალუძს მისი განადგურება, რადგან ის ყველაფერშია და ყველაფერია და რადგან ის განუყოფელია, ცხადია, ის მარადიულიცაა, რადგან ის ასეთად რჩება სამუდამოდ და ინარჩუნებს ამ მდგომარეობას მარადიულად. ის ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს.
მატერია განუყოფელია და ამიტომ მარადიული. რა არის მატერია? რა განსხვავებაა მატერიასა და ნივთიერებას შორის? მატერია და ნივთიერება ორი სრულიად განსხვავებული რამ არის. ნივთიერება ფენომენია, ის მდგომარეობაა, რომელიც ექვემდებარება მუდმივ ცვალებადობას, ილუზორული და არამდგრადია. მატერია კი, ამის საპირისპიროდ, (a noumenon), რაღაც სტაბილური, მუდმივია. თვითონ სიტყვა - მატერია (Substance) - გამოხატავს ამას. ეს ნიშნავს რაღაცას, რაც ქვევითაა, რაც საფუძველს ქმნის, ლათინურიდან "Sub stare"—ნიშნავს ქვეშ დგომას, საყრდენს. მატერია პირველადი ენერგიის პირველი კონდენსირებული მდგომარეობაა, თავისი წრიული მბრუნავი მოძრაობიდან გამომდინარე. არსებობს თავისუფალი და, ეგრეთ წოდებული, კონდენსირებული ენერგია და ამ ორის კომბინაცია ქმნის ყოველივეს, რაც არსებობს. მატერია, შექმნილი განუყოფელი, მარადიული ელემენტისგან, პირველადი ენერგიისგან, ისეთივე განუყოფელი და მარადიულია, როგორც პირველადი ენერგია.
პირველად იყო არამანიფესტირებული, მიზეზგარეშე მიზეზი, დიადი წყარო, აბსოლუტი, რომელსაც ღმერთი ეწოდება. მისი პირველი მანიფესტაცია/გამოვლინება სწორედ პირველადი ენერგიაა. პირველადი ენერგია, თავის მხრივ, თავად ხდება მიზეზი. მისი პირველი მანიფესტაცია მატერიაა, საყრდენი საბაზისო ელემენტი, რომლისგანაც მთელი სამყარო შეიქმნა. ამდენად, მატერია უნივერსალურია. წარმოადგენს რა noumenon-ს, ის უცვლელია (immutable), თუმცა გამოხატავს და ავლენს თავს უამრავ სხვადასხვა და მუდმივად ცვალებად ფენომენში.
სამყარო განუყოფელია და ამიტომ მარადიული.
სამყარო უსასრულო და მარადიული სტრუქტურაა, რომელიც შეიქმნა მისი დიადი არქიტექტორის, კოსმიური გონის/ინტელექტის კრეატიულ წარმოდგენაში, მატერიიდან თავისუფალი ენერგიის მეშვეობით და სამარადისოდ იქნა შეკავშირებული უცვლელი მიზიდულობის კანონით. ყველა აღნიშნული ელემენტი სამყაროს განუყოფელობას უზრუნველყოფს, ამიტომ თავად სამყაროც განუყოფელია, და ამიტომ მარადიული.
სული განუყოფელია და ამიტომ მარადიული.
დაბოლოს, ეს არის სული, განუყოფელი და ამიტომ მარადიული. თავიდან, შესაძლოა გაჩნდეს კითხვა - „და რა არის სული? არსებობს სული და სად არის მტკიცებულება, რომ ის სულია?“ ლოგიკური დედუქციით ასეთი მტკიცებულება არსებობს. მაშ ასე, რა არის სული?
იმ ყოველივეს სული, იქნება ეს ადამიანი, ცხოველი, მცენარე, მინერალი თუ გაზი, წარმოადგენს არამანიფესტირებული, მარადიული დიადი წყაროსგან, აბსოლუტისგან წამოსულ თვით-პროექციებს მატერიაში, უმარტივესიდან ურთულესისკენ, რომლის კულმინაციაც ის ინდივიდუალიზებული, ცნობიერი, რთული პროექციაა, რასაც ადამიანი ეწოდება.
სული ქმნის არხებს, რომელთა მეშვეობითაც შეუძლია გამოხატოს თავისი ქმედებები. ამ არხებს გააჩნია განსაზღვრული ფორმები, რომელთა აგრეგაციას სხეულს ვუწოდებთ. ის პლანები, რომელშიც სული მოქმედებს, იქნება ეს ფიზიკური, მენტალური, თუ სულიერი, განსაზღვრავს სხეულის გარეგნობას და ელემენტებს, რომლისგანაც იგი შედგენილია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სხეული არის პირდაპირი შედეგი, მტკიცებულება სულის არსებობისა, მაგრამ სხეული კვდება. რა ემართება ამის შემდეგ სულს? სულიც დეზინტეგრირდება და კვდება? არა! სხეული სხვა არაფერია, თუ არა ეფექტი/შედეგი, მაშინ როდესაც სული - მიზეზია; ამიტომ შედეგის დესტრუქცია/კვდომა არც ერთ შემთხვევაში არ ეხება მიზეზს. როგორც კი ერთი სხეული კვდება სული იშენებს სხვა სხეულს, რომელსაც, როგორც წესი, უფრო ძლიერი, უკეთესი მატერიისგან ქმნის და ასე, ვიდრე არ მიაღწევს იმ ეტაპს, სადაც სხეული განუყოფელი ელემენტებისგან ხდება შექმნილი. ამ გზით სხეულიც მარადიული ხდება, რადგან ისიც განუყოფელია.
ამიტომაც სხეულის კვდომა არ გულისხმობს სულის ანიჰილაციას, რადგან სულს არ შეუძლია მოკვდეს და არც გაქრობა შეუძლია. მაგრამ სულის შეგრძნება შეიძლება დაიკარგოს და როდესაც ეს შეგრძნება იკარგება, მაშინ ხდება ის, რასაც აპოკალიფსს ვუწოდებთ, ანუ მეორე სიკვდილი, რაც ნიშნავს, რომ ის ერთეული, რასაც სული ეწოდება, გადასროლილია უკან, ინვოლუციის უღრმეს შრეებში, სადაც მან ნულიდან უნდა დაიწყოს განვითარება და თავიდან გაიაროს მილიონობით წლების გამოცდილებები, ვიდრე კიდევ ერთხელ არ მიაღწევს იმ ზღვარს, სადაც მან საკუთარი არსებობის შეგრძნება დაკარგა. თითოეული ჩვენგანი, ევოლუციის ამჟამინდელ ეტაპზე, არის პროდუქტი უთვალავი მილიონი წლის მანძილზე გაწეული უმძიმესი შრომისა. ჩვენ გამოვიარეთ ისეთი განსაცდელები და მივიღეთ ისეთი გამოცდილებები, რომ თუკი ჩვენს უმრავლესობას ექნებოდა უნარი ცნობიერად ახსოვდეს თავისი წარსული, ეს იქნებოდა ყველაზე დიდი და უმოწყალი წყევლა, რაც კი ოდესმე კაცობრიობას სმენია, რადგან ჩვენ იმდენად გასრესილი და დათრგუნული ვიქნებოდით ამ მოგონებებით. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი განვლილი ეტაპია. ღვთაებრივმა გონიერებამ გადაფარა ეს სევდიანი მონაკვეთი მივიწყების ფარდით. სხვაგვარად, სიცოცხლე დედამიწაზე თავისი ქმედებებით, მიზნებითა და ძალისხმევებით, თითქმის შეუძლებელი გახდებოდა წარსულის სასტიკი აჩრდილის გამო. ყოველ წარმატებულ ინკარნაციაში ადამიანებს ეძლევათ სიცოცხლის თავიდან, სუფთა ფურცლიდან დაწყების საშუალება.
სული ინდივიდუალურია. ჩვენ უამრავ პიროვნებას ვითავსებთ ჩვენში, რომლებიც წარსული ინკარნაციების გადმონაშთს წარმოადგენენ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ერთი ინდივიდუალობა გვახასიათებს. ინდივიდუალური არსება შეიძლება შევადაროთ მუსიკალურ ნოტს, ან ციფრს მათემატიკაში. ეს არის სწორედ ჩვენი ინდივიდუალობა, ჩვენი მარადიული იდენტობა. ადამიანი არის ინდივიდი. პიროვნება სხვა არაფერია, თუ არა ადამიანური კონცეპტი, რომელიც მოგვეცა ჩვენივე საკუთარი თავის ამ დროში განსაცდელად. ჩვენი ახლანდელი პიროვნება უამრავი პიროვნებისგანაა შემდგარი.
ადამიანის არსებობის საფუძველი და იდენტობა არის სული. სხეული მხოლოდ სატრანზიტო (გარდამავალი) მდგომარეობაა, ან სულის ახლანდელი ქმედებების გამოხატულება. ამიტომაც, რადგან სულის ქმედებები იცვლება, სხეულიც შესაბამისად განიცდის ცვლილებებს.
ამ მსჯელობაში ჩვენ ვეყრდნობით რაღაც საბაზისოს, ფუნდამენტურს - სულს; ეს არის დიადი წყაროს, აბსოლუტის, ღვთაებრივის უშუალო ემანაცია, ცნობიერი და სრულყოფილი ყოველმხრივ, მისი სახისა და ხატის მსგავსად. შესაძლოა დაისვას კითხვა: „არსებობს თუ არა სულების უსასრულო რაოდენობა?’ - დიახ, არსებობს. ვინაიდან თუნდაც ყოველი სული ახდენს აბსოლუტის სრულყოფილების მანიფესტირებას, რომელშიც მისი უზადო ხატება და მსგავსება ვლინდება, დიადი ყოველივეს უსასრულობა შეიძლება ასევე მხოლოდ სულების უსასრულო რაოდენობაში გამოვლინდეს, რომლებიც სწორედ ამ დიად ყოველივეს შეადგენენ, რადგან თავიანთ უსასრულობაში ისინი აბსოლუტის უსასრულობას იმეორებენ და ამყარებენ. ყოველი სული იდენტურია ღვთაებრიობასთან არა რაოდენობით, არამედ ხარისხით; თუმცა, ერთად აღებული, ისინი იდენტურნი არიან დიადი წყაროსი რაოდენობის კუთხითაც, და ამ გზით შეადგენენ სამყაროს დიად ერთიან სულს. ეს არის კანონი, რომელიც უწყვეტად ავლენს თავის თავს ბუნებაში. მაგალითად, ავიღოთ მარილის ხსნარი, ან ნებისმიერი სხვა ქიმიური ნივთიერების ხსნარი, და როცა ამ ხსნარის სატურაცია და კრისტალიზება იწყება, ის კრისტალიზდება ათასობით და ათიათასობით მცირე კრისტალად. რომელი კანონი დგას ამის უკან? ხსნარი სავსეა ენერგიით და მანიფესტირებულია ვიბრაციებში, რომლებიც ყველა მიმართულებით ვრცელდება. ამ უამრავი ვიბრაციებიდან, თითოეული ინდივიდუალურად გამოხატავს თავის თავს ქიმიურ ელემენტში მცირე კრისტალის ფორმით, სადაც ყველა კრისტალი ერთობლივად შეადგენს ხსნარის მოცულობას, ხოლო თითოეული კრისტალი ამ ხსნარის ყველა თვისების მატარებელია. ბუნება ამ გზით ქმედებს, ბუნება ყოველთვის გამოხატავს თავის თავს სამყაროსეული უნივერსალური კანონების მეშვეობით, რომელიც გამოვლინდა ამ ჩვეულებრივ ექსპერიმენტში, და არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სახის მარილხსნარს გამოვიყენებთ. იგივე კანონით იმართება ასევე სულების ურთიერთობა პირველმიზეზთან, დიად წყაროსთან.
ამდენად, სული არის ის, რაც ჩვენი არსებობის საფუძველს ქმნის, ჩვენი ცხოვრების, ჩვენი იდენტობისა და ინდივიდუალობის საძირკველს. ინდივიდუალობა თვით სულში მდგომარეობს. ყოველ სულს გააჩნია მარადიულისგან მონიჭებული განსაზღვრული იდენტობა, რომელიც არც ერთ სხვა სულს არ შეიძლება ჰქონდეს. არ არსებობს ორი სრულიად მსგავსი სული, ორი სრულიად მსგავსი სიცოცხლე. ყოველ სულს თავისი საკუთარი ადგილი აქვს მიჩნეული სამყაროში. როდესაც სული ამ ადგილს იპოვის, იგი მას სამუდამოდ იკავებს. ამიტომაც გვევლინება სული ადამიანის არსებობისა და იდენტობის საფუძვლად.
რა არის სხეული? სული ქმედებს. მისი თვისებები, მისი ძალები გამოხატავენ თავის თავს მის ქმედებებში, ხოლო ამ ქმედებათა აგრეგირებული მანიფესტირებები, რომელიც გარედანაც ხილულია, ქმნიან სხეულს. სხეული არ გულისხმობს მხოლოდ მატერიალურ ფორმას, ის შეიძლება იყოს მენტალური, ან ასტრალური სხეული. ეს დამოკიდებულია იმ სიბრტყეზე, რომელშიც სული ავლენს თავის ქმედებებს. რა ფუნქცია ეკისრება თვალებს? მათ აღქმის ფუნქცია ეკისრებათ. ჩვენ აღვიქვამთ, ვხედავთ თვალების მეშვეობით. ყურები რა ფუნქციას გამოხატავენ? ისინი განრჩევას გამოხატავენ. ჩვენი სხეულის ყოველი ნაწილი სულის რომელიმე ქმედების გამომხატველია - გული - ემოცია; ტვინი - ფიქრის უნარი, კოორდინაცია, ან მმართველი ძალა; მხრები - პასუხისმგებლობების აღების ძალაუფლება; წვივები - საყრდენი, რომელზეც ვდგავართ; ფეხები - ძალა, რომელსაც წინ მივყავართ; ხელები - ძალა, რაიმეს გასაკეთებლად და ა.შ. სხეული აქ სხვა არაფერია, თუ არა გარდამავალი, ტრანზიტული მდგომარეობა, ანუ სულის მიმდინარე ქმედებების გამოხატულება. როდესაც სულის ქმედებები იცვლება, სხეულიც მოდიფიცირდება სულის ცვალებადი ქმედებების კვალდაკვალ.
დღევანდელი ადამიანი მეხუთე რასად მიიჩნევა. მისი ემბლემა - პენტაგრამაა - ხუთქიმიანი ვარსკვლავი; ამიტომ ხდება ახლა რიცხვის - ხუთის მანიფესტირება, გამოხატვა, გამოვლინება. ჩვენ გვაქვს ხუთი თითი, ხუთი გრძნობა და ა.შ. წინა რასას, რომელშიც სულის ქმედებები ნაკლებად იყო განვითარებული, სავარაუდოდ, ოთხი გრძნობა ჰქონდა, და, შესაძლოა, მხოლოდ ოთხი თითი. მათი დომინანტური ციფრი იყო ოთხი. შემდეგ რასას, მეექვსე რასას ექვსი გრძნობა ექნება; იგი მოახდენს ამ ციფრის - ექვსის მანიფესტირებას. სხეული მოდიფიცირდება მისი სულის ქმედებების კვალად. მისი ემბლემა იქნება ექვსქიმიანი ვარსკვლავი - სიბრძნის ვარსკვლავი, სადაც ორი პრინციპი - ქალი და მამაკაცი ერთში გაერთიანდება.
მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია, რომ სხეული პერიოდულად განახლებას განიცდის. ყოველ შვიდ წელიწადში (თუმცა, ზოგიერთი ავტორიტეტის მტკიცებით, ეს ხდება - სამ წელიწადში ერთხელ, ან ყოველწლიურად) სხეულის თითოეული ნაწილი განახლდება - ქსოვილები, ძვლები და ა.შ. რამ გამოიწვია აზრთა ასეთი სხვადასხვაობა? რადგან ზოგიერთი დაბალი ვიბრაციების მქონე ინდივიდის სხეული შედარებით ნელა განიცდის განახლებას. ხოლო მათი სხეულები, ვინც ჩქარ ვიბრაციებში იმყოფება, სწრაფად განახლდებიან. რადგან ვიბრაციები უფრო მაღალია, ამიტომ მათში ცვლილებები უფრო სწრაფად მიმდინარეობს. მათ შეუძლიათ განახლება ყოველ სამ, შესაძლოა, ორ წელიწადშიც, ან თუნდაც ყოველწლიურად. აღნიშნული განახლების პროცესი სრულიად დამოკიდებულია სულის ქმედებებზე. მატერიალური სხეულის ეს პირველი ვერსია, ჩვენ ახლანდელ სხეულში ჯერ არ შემოდის, როგორც ცალკე კონცეპტი. ის ზოგადად „სხეულს“ შეეხება. ჩვენ ყოველთვის უნდა გაგვაჩნდეს სხეულის რამე სახე. სულს სჭირდება სხეული, რადგან ეს არის სულის შინაგანი თვისებების გარეგანი გამოვლინება/მანიფესტირების საშუალება. ახლა არ ვიცით, რა ფორმას მიიღებს სხეული, მაგრამ მას უსათუოდ ექნება რამე ფორმა და ის უფრო და უფრო მშვენიერი, უფრო სრულყოფილი გახდება. ყველაფერს აქვს ფორმა; ფორმა სულის თვისებაა; ამიტომ, სხეულებს ყოველთვის ექნება რამე ფორმა. უფრო მაღალ დონეებზე, სადაც სულის ქმედებები უფრო დახვეწილი ელემენტებით შეძლებენ თავის გამოვლენას, სხეულები მუდმივად შეიცვლიან თავიანთ გარეგნულ იერსახეს. მათ, ვისი თვალებიც საკმარისად გავარჯიშებულია სხეულის ვიბრაციების დასანახად, რასაც აურას ვუწოდებთ, იციან, რომ აურის ფერი და სიმძლავრე მუდმივცვალებადია. როდესაც გარკვეული ტიპის ფიქრი, ან ემოცია გვიჩნდება, აურა ერთი გარკვეული ფერისაა; სხვა ტიპის ფიქრის, ან ემოციის შემთხვევაში, ის სხვა ფერს იღებს; ეს ყველაფერი სულის ქმედებებზეა დამოკიდებული.
ადამიანის სული, ან რეალური მე-ს სული, რაც არის თავად ადამიანი, ჰარმონიული ვიბრაციების რთულ ერთობას, ინდივიდუალურ, თვით-ცნობიერ პროექციას წარმოადგენს, რომელიც ყველა ენერგიის უსასრულო წყაროდან მომდინარეობს და ამიტომ მარადიულია. მატერიალურ სამყაროში შესვლისას სული გარემომცველი სივრციდან (ჰაერი, წყალი, მიწა და ა.შ.) ყველა საჭირო ელემენტს იზიდავს ინსტრუმენტის, ანუ სხეულის შესაქმნელად, რომ მან თავისი თავის გამოხატვა შეძლოს დედამიწის პლანში. მას შემდეგ, რაც იგი გამოავლენს თავს დედამიწის პლანში შესატყვისი დროის მანძილზე, დიადი კანონი მოითხოვს მისგან განაგრძოს სვლა და კიდევ შეასრულოს გარკვეული სხვა სამუშაოც. სული ტოვებს სხეულს, რომელიც კარგავს რა შემაკავშირებელ ძალებს, ჩამოიშლება და უკან აბრუნებს იმ ბუნებრივ ელემენტებს, რომლისგანაც იგი თავის დროზე შეიქმნა.
და აი, კვლავ ადამიანის სულია ჩვენს წინაშე, რომელიც შინაგან „მე“-ს გულისხმობს, ნამდვილ „მე“-ს, მანიფესტირებას, აბსოლუტის სხივს, რომელსაც ასევე ღმერთის შვილს ვუწოდებთ, და რომელიც წარმოადგენს ჰარმონიული, თვითცნობიერი ვიბრაციების ინდივიდუალიზებულ რთულ პროექციას. როდესაც პირველ გაკვეთილში მოცემული იყო განმარტება, თუ რას ნიშნავს - ადამიანი, სხვა სიტყვებით გადმოგეცით ეს განსაზღვრება, რადგან ამ განმარტებამდე აბსოლუტის თვალთახედვით მივედით, სადაც ვიბრაციებიც კი არ გვიხსენებია, რადგან ძალზედ მატერიალური იყო ეს კონცეპტი. მაგრამ, ახლა იგივე საკითხს ვიბრაციების მეცნიერული ცოდნის გზით განვიხილავთ და, რამდენადაც ვიბრაციები საკმაოდ ხელშესახებია - იმდენად ხელშესახები, რამდენადაც საქმე მათ აღქმადობას შეეხება. სული სწორედ ამ ვიბრაციების ერთიანობას წარმოადგენს; ეს გულისხმობს, რომ აბსოლუტის ვიბრაციების უსასრულო ნაირსახეობების ერთობლიობა, კონცენტრირებული/ფოკუსირებული ინდივიდუალური წერტილების უსასრულო რაოდენობაზე - არიან სულები - თვითცნობიერის/გონის ცნობიერი, ჰარმონიული, ინდივიდუალური პროექციები, რომელიც ყველა ვიბრაციის უსასრულო წყაროდან მომდინარეობს და ამიტომაც მარადიულია, რადგან მათ მამის, დიადი წყაროს სამარადისო ბუნება აქვთ. როდესაც ეს სულები, ეს აგრეგირებული თვითცნობიერი ვიბრაციები, რომლებიც ინდივიდუალურ წერტილებში ფოკუსირდება, შემოდიან ამ მატერიალურ სამყაროში, იმისათვის რომ ჰქონდეთ სხეული, მატერიალური საშუალება, რომლის მეშვეობითაც გამოხატავენ თავს ამ პლანში, ისინი იზიდავენ (მიზიდულობის ძალა მათი თანდაყოლილი თვისებაა) და გარშემო შემოიკრებენ სხვადასხვა უმცირეს ელექტრონებს, ატომებს და ასე შემდეგ, და ამ ელემენტებისგან აშენებენ სხეულს. ამ მისიას დედა ასრულებს ორსულობის პერიოდში. სული, რომელიც გადაწყვეტს ინკარნირებას, აგზავნის თავის ვიბრაციებს დედის საშვილოსნოში; იქ ის მდედრ საკვერცხეში ეხება პატარა მამრ თესლს, რომელმაც იქ შეაღწია; ამ წამიდან სიცოცხლე იწყებს გაშლას და თავის გამოვლენას და სული თანდათან უფრო და უფრო გამოხატავს თავს ამ პატარა თესლის მეშვეობით და აერთიანებს თავის ქმედებებს დედის ქმედებებთან და ამ გზით ნელნელა ახდენს სხეულის ფორმირებას, რომელიც მისი საკუთარი სხეული უნდა გახდეს. დედა მას აწვდის საშენ მასალას სუნთქვის, საკვების მიღების და ა. შ. მეშვეობით და კვებავს მომავალი ბავშვის სხეულს; ხოლო სული თავისი ქმედებებით მუდმივად იზიდავს და შემოიკრებს თავის გარშემო მატერიალურ ელემენტებს, რომელსაც დედა აწვდის, რომელთაგანაც ახდენს თავისი მომავალი სხეულის ფორმირებას. ქალისა და მამაკაცის ამ ფიზიკური სიახლოვის და კავშირის დროს, რომლის ძირითადი მიზანი ახალი არსების შექმნის კონცეფციაა, უძლიერესი ფიზიკური, მენტალური და ემოციური ვიბრაციები იჩენს თავს და გამოდის წინა პლანზე. ამ მომენტში ხდება იმის განსაზღვრა, თუ რა სახის სულის ინკარნირება უნდა მოხდეს დედის საშვილოსნოში. მსგავსი იზიდავს მსგავსს. თუკი ორივე მშობლის ვიბრაციები ჰარმონიულია და მაღალი ხარისხისაა, მაღალგანვითარებული სული მოიზიდება. თუკი, ამის საპირისპიროდ, ორივე მხარე, ან თუნდაც ერთი მათგანი დისჰარმონიულ ვიბრაციებს ავლენს, მოიზიდება დაბალი ხარისხის ვიბრაციები, რომელიც ამ ვიბრაციებს ეთანადება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა მშობლებმა გაითვალისწინონ, რომ მათი სხეულების კავშირი რაღაც საკრალური და წმინდაა და მათ უნდა გაისიგრძეგანონ ეს მაღალი მიზანი და არ აღიქვან იგი მხოლოდ სექსუალური მადის დაკმაყოფილებად. ეს უნდა იყოს სიყვარულის უზენაესი ჰიმნი, რომელშიც მათი სამების განსხეულების - სხეულის, გონებისა და სულის ყოველი სიმი და ძაფი უსასრულოდ სრულყოფილ ვიბრაციებს გამოსცემს. არ უნდა მოხდეს ფიზიკური კავშირი ორ ადამიანს შორის, თუ იმ მომენტში ისინი არ იმყოფებიან სრულ ჰარმონიაში, სადაც თითოეული მათგანი აცნობიერებს, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ დისჰარმონიული კავშირის შედეგად ბავშვის ჩასახვას.
სული, რომელიც ინკარნირდება არ მდგომარებს თესლში; ის უბრალოდ ზემოდან ეფარება მას, აერთიანებს თავის ინდივიდუალურ სასიცოცხლო ძალას თესლის ძალასთან და ამით ეხმარება თესლის ზრდა-განვითარებას იმ ეტაპამდე, როდესაც ის იქცევა არხად, რომლითაც სული გამოხატავს თავის თავს დედამიწის პლანში. როდესაც ორსულობის ცხრა თვე დასრულდება, სხეული სრულად ფორმირდება და ბავშვი იბადება, როგორც დამოუკიდებელი არსება. სული ცხოველქმედებს ამ ბავშვის, როგორც დამოუკიდებელი არხის მეშვეობით, და აღარ საჭიროებს დედას. სული თავის ყველა ფუნქციას ავლენს ბავშვის სხეულის მეშვეობით მხოლოდ მაშინ, როცა ბავშვი აღწევს სქესობრივად მოწიფულ ასაკს და მზად არის გამრავლების ფუნქციის შესასრულებლად. როდესაც სული ყველა თავის ფუნქციას გამოავლენს სხეულის მეშვეობით, გამრავლების ფუნქციის ჩათვლით (ეს უზენაესი ღვთაებრივი ფუნქციაა, ყველა სხვა ფუნქციას შორის, რაც სულს გააჩნია), მხოლოდ მას შემდეგ ხდება სრულად მომზადებული თავისი მისიის სათანადოდ შესასრულებლად ამ დედამიწაზე. სული განუწყვეტლივ გამოხატავს თავის თავს სხეულის მეშვეობით, რომელიც თავად შექმნა საკუთარი თავისთვის. მატერიალური სხეული წარმოადგენს ინსტრუმენტს, არხს/გამტარს, რომლითაც სული ურთიერთქმედებს გარე სამყაროსთან და ავლენს თავის თავს და აღიქმება ამ მატერიალურ პლანში. როცა დრო მოდის, როცა სულმა უნდა მიაშუროს სხვა პლანს იქ ახალი სამუშაოს შსასრულებლად, ისე ხდება, რომ გარკვეული მდგომარეობის გავლით (ინდივიდუალური ადამიანი ან ავად ხდება, ან ბერდება) სული ტოვებს სხეულს; და როგორც კი ის სხეულიდან გადის, ეს უკანასკნელი კარგავს მთლიანობას, რჩება იმ შემაკავშირებელი ძალის გარეშე, სულის თანდაყოლილი მიზიდულობის ძალის გარეშე, ის იწყებს დაშლას, რომ უკანვე დააბრუნოს ის ელემენტები და მასალა, რომლისგანაც თავის დროზე შეიქმნა. ბიბლიაში არის სიტყვები: „მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი“. მტვრისგან შეიქმნა სხეული და მტვრადვე უნდა იქცეს. უმცირესი უხილავი ნაწილაკებისგან იქმნება მატერიალური სხეული — ზოგჯერ უმშვენიერესია ეს სხეული - მაგრამ როდესაც მას სული შორდება, ეს სხეული ისევ მტვრად მიიქცევა. ამდენად, ვხედავთ, რომ სხეული რეალურად კვლავ თავის საწყის მდგომარეობას უბრუნდება - პრიმიტიულ ელემენტებად იშლება. ამიტომ, როდესაც ჩვენს პლანში ვკარგავთ ვინმეს, არასოდეს უნდა ვიგლოვოთ ის სხეული, რომელიც ჩვენთვის ასეთი ძვირფასი იყო, როგორც ხილული მანიფესტირება იმ სულისა, რომელიც ასე გვიყვარდა. ის სხეული ისევე გაცვდა, როგორც ძველი პალტო, ან ტანსაცმელი. ის ჩვენთვის მოგონებაა, თუმცა უკვე გაცვეთილი გარსია, რომელსაც სული შეცვლის სხვა ახალი, ბევრად უფრო მშვენიერი გარსით. ბუნებაში მუდმივად ვხვდებით სხეულების ცვლას. ავიღოთ, მაგალითად, მუხლუხო. მუხლუხო კვდება, როგორც მუხლუხო, ის ჭუპრად იქცევა. მუხლუხოს სული ვეღარ კმაყოფილდება მხოლოდ მიწაზე ხოხვით; მას ფრენა სურს; თანდათან ეს ცნობიერება მასში იღვიძებს, და როდესაც სრულად გამოავლენს თავს და შექმნის ყველა იმ აპარატს, რაც საფრენად სჭირდება, ჭუპრი სკდება და იქიდან პეპელა გამოდის. ამიტომაც მიიჩნევა პეპელა სულის სიმბოლოდ, რომელიც ითავისუფლებს თავს ძველი სხეულისგან. სული, რომელიც თანმიმდევრულად იშენებს სხვადასხვა სხეულებს და შემდეგ ტოვებს მათ, უფრო და უფრო სრულყოფილ გარსს ქმნის თავის გამოსავლენად, იქამდე, ვიდრე საბოლოოდ არ მიაღწევს იმ ეტაპს, როდესაც მისი სხეული ისეთივე სრულყოფილი და განუყოფელი არ გახდება, როგორც თვითონ ეს სულია.
როდესაც თავიდან ვიბადებით, ჩვენ ვიწყებთ სრულიად ახალ ცხოვრებას. ჩვენშია ყველა წარსული გამოცდილება, თუმცა, მეტწილად, ამას ვერ ვაცნობიერებთ. მათაც კი, ვინც განვითარების შედარებით მაღალ ეტაპზეა, წლების მუშაობა სჭირდებათ, რათა თავის თავში აღმოაჩინონ ეს ცოდნა. იესოს ოცდაათი წელიწადი დასჭირდა იმისათვის, რომ თავის თავში აღმოეჩინა ის ყველაფერი, რაც თავისი ღვთიური მისიის შესასრულებლად სჭირდებოდა, თუმცა იმ დღიდანვე, როდესაც მატერიალურ პლანში შემოვიდა, მან იცოდა, რომ ეს სამყარო მას უნდა გადაერჩინა. გადმოცემებით ვიცით, რომ იესო ეფესის სკოლაში წავიდა, რათა ყოფიერების მეცნიერებას დაუფლებოდა. ეს სამეცნიერო სწავლება, შინაგანი განვითარების იმ ეტაპზე აუცილებელი იყო იესოს მატერიალურ განსხეულებაში დასაბრუნებლად, რაც მისთვის მარადისობიდანვე ნათელი იყო. თუკი ახლავე ცნობიერად აღვასრულებთ ჰარმონიულობის კანონებს, შევძლებთ ჩვენი სიცოცხლის გახანგრძლივებას, და, ამასთანავე, რაც უფრო მნიშვნელოვანია, შევძლებთ შევინარჩუნოთ ცხოვრების ბოლო დღემდე არამხოლოდ ქმედუნარიანი ძლიერი და ჯანსაღი, არამედ გარეგნულადაც ახალგაზრდა და ჰარმონიული სხეული. თუკი ადამიანები ისე იცხოვრებდნენ, როგორც იესომ იცხოვრა, მათ გარდაცვალება აღარ დასჭირდებოდათ. ისინი აიმაღლებდნენ თავიანთ ვიბრაციებს სულ უფრო და უფრო, ვიდრე საბოლოოდ არ გადავიდოდნენ ახალ უფრო მაღალ განზომილებაში, სადაც იმყოფებოდნენ იესო, ენოქი და სხვები, და ამ გზით დაამარცხებდნენ თავიანთ უკანასკნელ მტერს - სიკვდილს. ერთი სხეულის მეორით შეცვლის გამო კი არ ეშინიათ ადამიანებს სიკვდილის; ეს მასთან დაკავშირებული ტკივილის შიშია, რადგან ადამიანების უმეტესობა საოცრად იტანჯება, როდესაც სული სხეულს ეყრება და მათი დამაკავშირებელი ძაფები წყდება. ამას თან სასტიკი მენტალური აგონია ახლავს, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ძალიან უყვარს სიცოცხლე და არ სჯერა მიღმიერი ცხოვრების; ამიტომაც არის, რომ გარდაცვალების პროცესი ასე მტკივნეულად განიცდება. როდესაც მენტალური დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ შეიცვლება, ამ გარდასახვის ჩვენეული ფიზიკური გამოცდილებაც საგრძნობლად შეიცვლება და შიში სამუდამოდ გაქრება. ამის საპირისპიროდ, აბსოლუტის რწმენა, რომ ჩვენ გავიზრდებით და უკეთეს, უფრო სრულყოფილ სხეულში გადავალთ, რაც უფრო მაღალ პლანში გადაგვიყვანს, ფაქტობრივად, პირიქით მოგვანდომებს ამ ცვლილების მოახლოებას.
ადამიანის სხეული არის მუდმივი ნაკადი (მუდმივი დენი), რომელიც მუდმივად განახლდება სუნთქვის მეშვეობით გაზების ასიმილაციის და მოლეკულების კვების შედეგად, რაც იმართება, ორგანიზდება და ხორციელდება არამატერიალური ძალის მიერ, რომელსაც სული ეწოდება.
წინამდებარე ნაწილში შევიტყეთ ადამიანის დაბადების, სულის ინკარნაციის შესახებ, რომელიც თავის თავს მატერიალური სხეულის მეშვეობით ავლენს. აქ დეტალურად იყო მოთხრობილი ამ ინკარნაციის პროცესის, სხეულის შექმნის პროცესის შესახებ, მაგრამ არაფერი იყო ნათქვამი იმაზე, თუ როგორ უჭირავს მას ეს სხეული, ან როგორ ცხოვრობს ამ სხეულში. აღნიშნული ნაწილი განმარტავს, რომ სხეული მუდმივი დენია, რაც მეცნიერული თვალსაზრისით - სწორია. ეს ვიბრაციების ნაკადია, ჩვენი გავლით სიცოცხლის მუდმივად მომდინარე ნაკადი. ეს სასიცოცხლო ნაკადი, რომელიც მიედინება ნერვების გავლით, ძვლების გავლით და სხეულის ყოველი უჯრედის გავლით - ეს ნაკადი, უპირველეს ყოვლისა, სუნთქვით საზრდოობს, ანუ გაზების ასიმილაციის შედეგად. გაზები კვებავენ დენის ნაკადს. ჩვენ ჩვეულნი ვართ ვიფიქროთ, რომ სხეულის კვება მხოლოდ პირის და კუჭის გავლით ხორციელდება. მაგრამ, ეს სულაც არ გახლავთ ასე. 1920 წელს, კორკის მაიორმა, მაკსვაინმა დაგვანახა, რომ მას შეუძლია საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე, დაახლოებით, სამოცდათექვსმეტი დღის მანძილზე გაძლოს საკვების გარეშე, თუმცა მან ხუთი წუთიც ვერ გასტანა სუნთქვის გარეშე. ეს ამტკიცებს, თუ რამდენად უფრო მნიშვნელოვანია სუნთქვა რეალურ მატერიალურ საკვებთან შედარებით. ადამიანები დღეს უფრო და უფრო აცნობიერებენ ამას და ამიტომაც ჩნდება ამდენი სხვადასხვა სუნთქვითი სისტემები სამეცნიერო საფუძვლებზე. ზოგიერთი მათგანი გამორჩეულად კარგია. სწორად სუნთქვა ნიშნავს გაცნობიერებულად სუნთქვას, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნაა ჩვენთვის, რათა ვიყოთ ძლიერები და ჯანმრთელები; თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი ცოდნა ამ კუთხით საკმაოდ მწირია. ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის, როგორ უნდა ისუნთქოს სწორად. ისინი იმდენად ხელოვნურ ცხოვრებას ეწევიან, რომ სხეულის ამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ფუნქციის განვითარება ძალიან დაბალ საფეხურზე დგას. სუნთქვის უამრავი განსხვავებული სისტემა არსებობს; საუკეთეოები მათ შორის, ისინია, რომლებიც იმავე ქვეყანაში აღმოცენდნენ, სადაც უნდა გამოიყენონ. ამიტომაცაა, რომ აღმოსავლური სისტემები მაინცდამაინც ვერ მუშაობს დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრები ადამიანებისთვის, და პირიქით.
მსოფლიოში უამრავი კვების სისტემაა ცნობილი. დღეისათვის, ერთ-ერთ საუკეთესოდ მიჩნეულია ამერიკელი ჰორაკ ფლეტჩერის სისტემა. ადამიანები რომ ფლეტჩერის ან მსგავსი სისტემის მიმდევრები ყოფილიყვნენ, მათ არ ეცოდინებოდათ რა არის კუჭის პრობლემები, ასევე მათ არ დაუდგებოდათ საკვები პროდუქტების დეფიციტი, რადგან მან მეცნიერულად დაამტკიცა, რომ შეიძლება ადამიანმა მიიღოს იმის ნახევარი მოცულობის საკვები, რასაც ჩვეულებრივ მოიხმარს და ამასთანავე უფრო ძლიერი და ჯანმრთელი იყოს. ამისთვის საკმარისია, რომ საკვები სათანადოდ დავღეჭოთ.
საკვების მონელების პროცესი იწყება პირის ღრუში და შემდეგ კუჭში გრძელდება. როდესაც საკვები დაღეჭვის შედეგად ქუცმაცდება, ამ დროს გარკვეული მოცულობის ენერგია გამოთავისუფლდება, რაც პირი ღრუში მუკუსის მიერ შეიწოვება საიდანაც პირდაპირ ტვინს მიეწოდება, რომელიც პირველი იღებს ამ სასიცოცხლო ძალას ენერგიის გამოთავისუფლების შედეგად. დაქუცმაცებული საკვები ალიმენტური არხით კუჭში ჩადის, რომელიც იწყებს მის მონელებას. იმისათვის, რომ საკვები სათანადოდ აითვისოს, კუჭი იწყებს კუჭის წვენის გამოყოფას, რომლის ქიმიური თვისებები იმდენად ძლიერია, რომ მას შეუძლია დაშალოს ყველაფერი, რასაც კი შეეხება. კუჭის წვენი, რომელსაც კუჭი გამოიმუშავებს თითოეული საკვების სახეობისთვის განსხვავებულია. ამიტომ, დიეტოლოგები ყოველთვის გვირჩევენ მარტივი საკვების მეტი რაოდენობით მიღებას - სჯობს მეტი იყოს და ერთი სახეობის, ვიდრე სხვადასხვა სახის საკვების კომბინირება. თითოეული სახის საკვებისთვის, რომელსაც ჩვენ ვითვისებთ, კუჭი შესაბამის წვენს გამოყოფს. დავუშვათ, რომ მივირთმევთ კერძს, რომელიც ექვსი, ან შვიდი ინგრედიენტისგან შედგება. ასეთ შემთხვევაში, კუჭმა ერთდროულად ექვსი ან შვიდი განსხვავებული ტიპის კუჭის წვენი უნდა გამოიმუშავოს, რასაც, ბუნებრივია, ის ვერ ახერხებს, რადგან ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი სახის კუჭის წვენის გამომუშავება შეუძლია. რამდენადაც ამ პრობლემას ვერ ჭრის დამაკმაყოფილებლად, კუჭი იბნევა, ეს კი ნიშნავს, რომ საკვები მოუნელებელი რჩება; ამიტომაც, ადამიანები, რომლებიც მრავალფეროვანი რთული შემადგენლობის კერძებს მიირთმევენ, ჩეულებრივ აღმოაჩენენ ხოლმე, რომ დროთა განმავლობაში, ასაკში შესვლასთან ერთად, ზოგადად, სულ უფრო უჭირთ საკვების მიღება. ადამიანი, რომელიც მარტივ საკვებს იღებდა მთელი ცხოვრება, საბოლოოდ, უფრო ჯანმრთელი რჩება, იმის გამო, რომ არასოდეს აიძულებს კუჭს იმდენი სამუშაოს შესრულებას, რომელსაც ეს ორგანო თავს სათანადოდ ვერ გაართმევს. ახალი, ჯანსაღი და კარგად მომზადებული მარტივი კერძები, საკმარისი რაოდენობით, განსაკუთრებით კი, ბოსტნეული და ხილი, კარგად დაღეჭილი, არის ის, რაც ყველა ადამიანს სჭირდება საჭმლის სწორი მონელების უზრუნველსაყოფად. სასიცოცხლო ძალის ნაკადი ასევე საზრდოობს ქიმიური რეაქციების შედეგებით, რასაც წვის პროცესი ეწოდება, და რომელიც საკვების მონელებისას წარმოებს. ამას ვგულისხმობთ, როცა საუბარია მოლეკულების კვებაზე. სამუშაო, რომელიც შესრულებულია - დენი მიედინება, სათანადოდ ორგანიზებულია და მართული - იმ უხილავი, არამატერიალური, ინდივიდუალიზებული, ცნობიერი ძალის მიერ, რომელსაც სულს ვუწოდებთ. იქაც კი, იმ მატერიალურ სხეულში, ძალა არა ხილულ სხეულშია, არამედ იმ უხილავ ძალაში, რომელიც მასში მდგომარებს, მართავს და ინარჩუნებს მას - ეს სულია. ეს პროცესი იმდენად გამართულია სისტემურად, რომ იქმნება შთაბეჭდილება თითქოს ავტომატურია. არაფერია ამქვეყნად იმაზე უფრო საოცარი და მშვენიერი, ვიდრე სრულყოფილი ადამიანური სხეული, „ღმერთის ცოცხალი ციხესიმაგრე“, როგორც მას მოციქული უწოდებს.
ადამიანის სხეული, იმდენად მატერიალური, რამდენადაც მას ჩვენ აღვიქვამთ, სხვა არაფერია, თუ არა სულის არამატერიალური ძალების მიერ შედგენილი და ფორმირებული ჰარმონიული ნაკრები.
ეს ბოლო ნაწილი, რომელიც სხეულის წრედს კრავს, თითქოს ძალიან წააგავს პირველს, რომელშიც ნათქვამია, რომ სული არის ადამიანის არსებობის და იდენტობის საფუძველი, ხოლო სხეული მხოლოდ გარდამავალი მდგომარეობაა, ან სულის მიმდინარე ქმედებების გამოხატულება. ეს ორი ნაწილი თითქოს მსგავსია, თუმცა ეს მსგავსება მოჩვენებითია. პირველი მათგანი მიემართება „სხეულს“. იქ არ არის საუბარი მატერიალურ სხეულზე, იქ მხოლოდ სხეულია ნახსენები. ეს ასევე შეიძლება იყოს მენტალური სხეული, ასტრალური სხეული, ან სულიერი სხეული. ბოლო ნაწილი კი კონკრეტულად მატერიალურ სხეულს ეხება, რომელიც მატერიალურია იმდენად, რამდენადაც ჩვენ მას აღვიქვამთ, მხოლოდ და მხოლოდ უჯრედების, მოლეკულების, ატომების, ელექტრონების, ვიბრაციების ჰარმონიული დაჯგუფებაა, შექმნილი სულის არამატერიალური ძალების მეშვეობით, და რომლის შეკრულ მთლიანობასაც მიზიდულობის კანონი უზრუნველყოფს. სულის უხილავი ძალები ხორცს ასხამენ ამ ხილულ ფორმებს, ამ ცოცხალ სტატუეტს, რასაც ადამიანის სხეულს ვუწოდებთ; და ეს ძალები იმავდროულად განიფინებიან მასში და ინარჩუნებენ მას და ამ სხეულის ნივთიერ მასას წარმოადგენენ. მას შემდეგ, რაც ინვოლუცია უდაბლეს საფეხურს აღწევს, სადაც გგონია, რომ მატერიის ფსკერზე / საფუძველში იმყოფები, მის ყველაზე მკვრივ ასპექტში, შემდეგი მეცნიერული ფაქტი იქნა აღმოჩენილი, რომ აქაც კი, ეგრეთ წოდებული მატერიალური სხეულით კი არ იმართება ეს ძალები, არამედ, სულით, რომელმაც შექმნა ეს სხეული თავისი ქმედებებით. და რადგანაც სულმა შექმნა სხეული, სულსვე ძალუძს მისი მოდიფიცირება, შეცვლა აქ და ახლა, ამ მატერიალურ პლანში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მატერიას თუ ჩავუღრმავდებით, იქ ჩვენ სულს ვიპოვით; სულს, რომელიც ყველგანმყოფია. რაც მიემართება ადამიანის სხეულს, იგივე მიემართება ნებისმიერ სხვა სხეულს, ცხოველების, მცენარეების, მინერალებისა და გაზების სხეულებს. ისინი მსგავსადვე არიან შექმნილნი, იმავე პრინციპებით, იმავე კანონით, რითიც ადამიანის სხეული. მიზეზი, რატომაც მხოლოდ ადამიანის სულსა და სხეულზეა საუბარი, იმაში მდგომარეობს, რომ ეს უმაღლესი ფორმაა ბუნებაში; ამიტომაც, ბუნებრივია, როდესაც ვსაუბრობთ უმაღლესზე - იერარქიით შედარებით დაბალი ფორმებიც იქვე მოიაზრება. იესო, თავის მთაზე ქადაგებაში, არ ამბობს, რომ ჩვენ უნდა გვიყვარდეს ცხოველები, მცენარეები, და ა.შ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ის ძალიან იშვიათად თუ ახსენებდა მათ, რადგან სჯეროდა, რომ თუკი ჩვენ გვიყვარს ადამიანი, უმაღლესი არსება, ბუნებრივია, რომ ჩვენ უნდა გვიყვარდეს ყველაფერი, რაც იერარქიულად მის დაბლა იმყოფება. რატომ გვასწავლიდა ბუდა ერთიანი ბუნების პატივისცემას? ბუდა ცხოვრობდა იმ ქვეყანაში, სადაც ცხოველებისა და მცენარეების სამყარომ საოცარი განვითარება განიცადა; მათ გამოავლინეს თავი უმშვენიერეს ფორმებში და იქცნენ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად. ბუდა თავის თანამედროვეებს ასწავლიდა ბუნების და მასში შემავალი სამეფოების წარმომადგენლების, როგორც უმცროსი ძმების სიყვარულს, ასწავლიდა, პატივი მიეგოთ მათი სიცოცხლისთვის. ამ გზით, ის ამზადებდა თავის მიმდევრებს ესწავლათ ერთმანეთის, სხვა ადამიანების, როგორც ბუნების უმაღლესი ქმნილებების სიყვარული. საუკეთესო სწავლებები ყოველთვის პოულობენ საუკეთესო გამოყენებას უახლოეს გარემოცვაში, იქნება ეს დროის, თუ ადგილის/სივრცის თვალსაზრისით. ისინი ყოველთვის ეთანადებიან იმ პერიოდს, რომელშიც აღმოცენდებიან, რათა შეძლებისდაგვარად გააიოლონ ევოლუციის პროცესი. იესომ, როდესაც ის გადმოსცემდა თავის სწავლებებს, ასე მიაგო თავის მოსწავლეებს: „ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ახლა ამ ტვირთს თქვენ ვერ აწევთ“. მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით იესოს გვერდით იმყოფებოდნენ, მოსწავლეებისთვის ძნელი იყო მისი სწავლებების გაგება, რადგან ისინი ჯერ არ იყვნენ მზად ამისთვის. როდესაც კრიშნა, რომელიც ბუდაზე დიდი ხნით ადრე ცხოვრობდა, მოვიდა, რომ სახარების ჭეშმარიტება ექადაგა, მას არ უსაუბრია ბუნებაზე ისე, როგორც ამაზე ბუდა საუბრობდა; მისი სწავლებები უფრო იესოს სწავლებებს ჩამოჰგავდა. რატომ? რადგან ეს ისევ და ისევ სხვა დრო იყო, რომელშიც ის ცხოვრობდა. ამ პერიოდში კაცობრიობის ევოლუცია იმ ეტაპზე იმყოფებოდა, როდესაც ის უფრო იესოს მსგავს სწავლებებს მოითხოვდა, ვიდრე ბუდას მსგავსს. იგივეს თქმა შეიძლება ვიშნუზეც. მაგრამ, რამდენადაც, იესო, ბუდა, კრიშნა და ვიშნუ - ერთია, რადგან კაცობრიობის მხოლოდ ერთი მხსნელი მესია არსებობს, რომელიც ჩამოდის ამ დედამიწაზე სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სახელით გვევლინება, როგორც სხვადასხვა პიროვნება. მარადიული ინდივიდუალობა, რაც ამ პიროვნებების უკან დგას იყო, არის და ყოველთვის იქნება ერთი. ვიშნუ, კრიშნა და ბუდა ისეთივე მხსნელებად მოევლინნენ კაცობრიობას, როგორც იესო, და რადგანაც შეუძლებელია რამდენიმე მხსნელი არსებობდეს, ისინი ყველა ერთ მარადიულ მხსნელს წარმოადგენენ - ღვთაებრივ სიყვარულს.
„მე ჟამიდან ჟამ ვიბადები სიკეთის დასაცავად და ბოროტების გასანადგურებლად“ - ეს არის სიყვარულის გზავნილი ტანჯული კაცობრიობისადმი.
კითხვები და პასუხები
კითხვა: რა არის მატერია?
პასუხი: მატერია არის გარკვეული ვიბრაციული ფენომენი, რომელიც გრძნობის ორგანოების მეშვეობით აღიქმება. ის ბუნებით ცვალებადია.
კითხვა: საიდან წარმოიშვა მატერია?
პასუხი: პირველადი ენერგია არის ფენომენი, ანუ ბაზისი, რომლისგანაც ფენომენი სახელად მატერია წარმოიქმნა.
კითხვა: როგორია მატერიის ბუნება?
პასუხი: ის - მნიშვნელოვანწილად - ილუზორულია. მას ‘დიდ ილუზიას’ უწოდებენ.
კითხვა: რა ასპექტები ახასიათებს მატერიას?
პასუხი: ის შეიძლება იყოს მყარი, თხევადი ან გაზისებრი ფორმის.
კითხვა: როგორია მატერიის თვისებები?
პასუხი: მას აქვს წონა, სიმკვრივე და მოცულობა.
კითხვა: რა არის დღეისათვის ცნობილი მატერიის უმცირესი ნაწილაკი?
პასუხი: ელექტრონი.
კითხვა: რამდენი სახის ელექტრონი არსებობს?
პასუხი: ორი, დადებითი (მამრობითი) და უარყოფითი (მდედრობითი) ელექტრონი.
კითხვა: რა არის ელექტრონი?
პასუხი: ელექტრონი არის უმცირესი სფერო, რომელიც თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს და შექმნილია წმინდა, კონდენსირებული პირველადი ენერგიისგან.
კითხვა: როგორ წარმოიქმნა ელექტრონი?
პასუხი: პირველადი ენერგიის ვიბრაციების ინდივიდუალური ერთეულები, ბრუნავენ რა თავიანთი ღერძის გარშემო, კონდენსირდებიან და ქმნიან მიკროსკოპულ სფეროებს, სახელად ელექტრონებს.
კითხვა: რა არის ატომი?
პასუხი: ატომი არის ელექტრონების აგრეგაცია, იგივე მინიატურული პლანეტარული სისტემა.
კითხვა: რა არის მიღებული ატომის წონის ერთეულად?
პასუხი: წყალბადის ატომი, რომელსაც მხოლოდ ორი ელექტრონი აქვს: დადებითი ელექტრონი, რომლის გარშემოც ბრუნავს უარყოფითი ელექტრონი.
კითხვა: რა არის მოლეკულა?
პასუხი: მოლეკულა არის ატომების აგრეგაცია. მოლეკულა მხოლოდ მატერიალური ელემენტებისგან შედგება.
კითხვა: რა განსაზღვრავს მატერიალური ელემენტის წონასა და სიმყარეს?
პასუხი: მათ განსაზღვრავს ელექტრონების რაოდენობა მის ატომებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მასში კონდენსირებული ენერგიის რაოდენობა განსაზღვრავს ელემენტის ამ თვისებებს.
კითხვა: კიდევ რა თვისებები ახასიათებს მატერიას?
პასუხი: მატერია რადიოაქტიურია. ის პირველად ენერგიას ასხივებს.
პასუხი: რა არის რადიოაქტიურობის მიზეზი?
პასუხი: მატერიის დეზინტეგრაცია, მასში არსებული პირველადი ენერგიის გაცემა.
კითხვა: არის თუ არა ყველა მატერიალური ელემენტი რადიოაქტიური?
პასუხი: დიახ.
კითხვა: რომელია მათ შორის დღეისათვის ცნობილი, როგორც ყველაზე რადიოაქტიური?
პასუხი: რადიუმი.
კითხვა: რა განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად ძვირფასია ელემენტი?
პასუხი: მასში არსებული კონდენსირებული ენერგიის რაოდენობა.
კითხვა: რაში მდგომარეობს განსხვავება ცნობილ ადამიანსა და ჩვეულებრივ, რიგით ადამიანს შორის?
პასუხი: გამორჩეული თვისებების მქონე ცნობილი ადამიანი ავლენს და გამოხატავს თავის ენერგიებს უფრო მაღალ პლანზე, უფრო ძლიერ, უფრო მაღალ ვიბრაციებში და, შესაბამისად, უფრო მეტ ფასეულობას წარმოადგენს კაცობრიობისთვის.
კითხვა: რა არის მატერიის მეცნიერული განსაზღვრება?
პასუხი: ის, რასაც მატერიას ვუწოდებთ, სხვა არაფერია, თუ არა პირველადი ენერგიის სხვადასხვა მანიფესტაციების დროს წარმოქმნილი აღქმების (შეგრძნებების) ეფექტების გაცნობიერება. ამიტომაც, მატერია არის მხოლოდ ცნობიერების მდგომარეობა, იმ სახით, როგორც ეს ეფექტები აღიქმება.
კითხვა: რა არის ადამიანის სხეული?
პასუხი: ადამიანის სხეული არის კონდენსირების სხვადასხვა ხარისხში მყოფი ვიბრაციების აგრეგაცია. ის დინამიკური ცენტრია.
კითხვა: რა პრინციპებზე დაყრდნობით შეიქმნა სამყარო?
პასუხი: იმავე პრინციპით, რა პრინციპითაც ელექტრონი - პირველადი ენერგიის კონდენსირების გზით.
კითხვა: რა არის ხილული სამყაროს საფუძველი?
პასუხი: უხილავი, პირველადი ენერგია.
კითხვა: რა არის სამყაროს ფუნდამენტური კანონი?
პასუხი: ეს მიზიდულობის დიადი კანონია, რომელიც მართავს მთელ სამყაროს და მარადიული ჰარმონიის საფუძველია.
კითხვა: წარმოადგენენ თუ არა სინონიმებს სიტყვები „მიზიდულობა“ და „სიყვარული“?
პასუხი: დიახ, ეს სინონიმებია. მიზიდულობა სიყვარულის მეცნიერული სახელია.
კითხვა: რა არის ის ბმები, რაც აკავშირებს სამყაროს შემადგენელ ნაწილებს (მსოფლიოებს, სამყაროებს, პლანეტებს და ა.შ.) ?
პასუხი: დიადი მიზიდულობის კანონი, რომელიც ყოველწამიერად და მარადიულად მოქმედებს და ვრცელდება კოსმოსის მთელ სივრცეში.
კითხვა: რა განსხვავება სიტყვებს შორის: „სამყარო“ და „მსოფლიო“ ?
პასუხი: . არსებობს მხოლოდ ერთადერთი უსაზღვრო და მარადიული სამყარო, რომელიც შედგება უსასრულო რაოდენობის მსოფლიოებისგან.
კითხვა: რა არის დედამიწა?
პასუხი: მშვენიერი ვარსკვლავი, მოტივტივე ამ უსასრულო სამყაროში.
კითხვა: რა არის ადამიანის მარადიული პრივილეგია და მოვალეობა?
პასუხი: სიყვარულის კანონის ხორცშესხმა და რეალიზება.
კითხვა: რატომ არის პირველადი ენერგია განუყოფელი?
პასუხი: რადგან ის განუყოფელი მიზეზისგან წარმომავლობს, თვით დიადი წყაროსგან.
კითხვა: რა არის ნივთიერება და რატომ არის ის განუყოფელი?
პასუხი: ნივთიერება პირველადი ენერგიის პირველი კონდენსირებული მდგომარეობაა. და რადგან ის განუყოფელი ელემენტისგან - პირველადი ენერგიისგან წარმოიქმნა, მასავით განუყოფელია.
კითხვა: რატომ არის სამყარო განუყოფელი?
პასუხი: რადგანაც მისი საბაზისო ელემენტები - პირველადი ენერგია, მატერია, კოსმოსური გონი/ინტელექტი და მიზიდულობის კანონი - განუყოფელია.
კითხვა: რა არის სული და რატომ არის ის განუყოფელი?
პასუხი: სული არის არამანიფესტირებულის ინდივიდუალიზებული თვით-პროექცია მატერიაში. სული მარადიულია, რადგან იგი თვით დიადი წყაროს მანიფესტაციას წარმოადგენს.
კითხვა: ინდივიდუალურია თუ არა სული?
პასუხი: დიახ.
კითხვა: რა განსხვავებაა „ინდივიდუალობასა“ და „პიროვნულობას“ შორის?
პასუხი: ინდივიდუალობა ადამიანის სამარადისო იდენტობაა. პიროვნულობა კი ამ ინდივიდუალობის ადამიანური გარდამავალი კონცეფციაა.
კითხვა: რა არის ადამიანის არსებობისა და იდენტობის საფუძველი?
პასუხი: სული.
კითხვა: რა არის სხეული?
პასუხი: სხეული არის სულის ქმედებების აგრეგირებული გამოვლინება, რომელიც გარეგნულად გამოიკვეთება.
კითხვა: იცვლება თუ არა სხეული?
პასუხი: დიახ. სხეული იცვლება სულის ცვალებადი ქმედებების შესაბამისად.
კითხვა: რა სიხშირით განიცდის სხეული განახლების ცვლილებებს?
პასუხი: ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ, გააჩნია ინდივიდუალურ ადამიანს.
კითხვა: ყოველთვის გვექნება ამა თუ იმ სახის სხეული?
პასუხი: დიახ, რადგან სხეული არის სულის არსებობის გამოხატულება და მტკიცებულება.
კითხვა: აქვს თუ არა სულს მხოლოდ მატერიალური სხეული?
პასუხი: არა. ის იქმნის სხეულებს თავისი ევოლუციის სხვადასხვა საფეხურის შესატყვისად.
კითხვა: არის თუ არა განსხვავება ადამიანის სულსა (თავის რეალურ მე-ს) და თვით ადამიანს შორის?
პასუხი: არავითარი.
კითხვა: როგორ ახდენს სული თავის ინკარნაციას მატერიალულ პლანში?
პასუხი: იგი მოიზიდავს გარემომცველი სივრციდან (ჰაერი, წყალი, მიწა და ა.შ.) ყველა საჭირო ელემენტს, რაც ამ ინსტრუმენტის - სხეულის ასაშენებლად სჭირდება, რომლის მეშვეობითაც ის დედამიწის პლანში შეძლებს თავის გამოხატვას.
კითხვა: რა მედიუმის მეშვეობით ხდება სულის ინკარნაცია?
პასუხი: ადამიანის - დედის მეშვეობით, ორსულობის პროცესის გავლით.
კითხვა: რა მოიზიდავს სულს იმისათვის, რომ განიცადოს ინკარნირება?
პასუხი: განსაკუთრებული ძლიერი ვიბრაციები, რომლის პროეცირებასაც ახდენენ მშობლები თავიანთი ფიზიკური კავშირის დროს.
კითხვა: რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ასეთი ფიზიკური კავშირი იყოს საკრალური, უმაღლესი ემოციებით ინსპირირებული?
პასუხი: სულის ინკარნაციისთვის სწრაფად მოსაზიდად.
კითხვა: იმყოფება თუ არა სული, რომელიც ინკარნირდება, თესლში?
პასუხი: არა. იგი მხოლოდ ეფარება და იცავს მას.
კითხვა: როდის ავლენს სული ყველა თავის ფუნქციას ბავშვის სხეულში?
პასუხი: როდესაც ბავშვი სქესობრივი მოწიფულობის ასაკს აღწევს და მზად არის გამრავლებისთვის.
კითხვა: გამრავლება მატერიის თვისებაა თუ სულის?
პასუხი: სულის.
კითხვა: რატომ კვდება სხეული?
პასუხი: რადგან სული ტოვებს მას, რადგან იგი მიიზიდება სხვა პლანში, სადაც მას სხვა სახის სამუშაო ელის.
კითხვა: რა ემართება სხეულს?
პასუხი: ის დეზინტეგრირდება, იშლება კარგავს რა შემაკავშირებელ ენერგიებს, რომელიც სულში არსებობს და უბრუნდება თავის პირვანდელ ბუნებრივი ელემენტების მდგომარეობას, რომელთაგანაც თავის დროზე ის შეიქმნა.
კითხვა: განმარტეთ ფრაზა: „მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი."
პასუხი: მატერიალისტური მეცნიერების თვალსაზრისით, ეს თვით მატერიის ისტორიაა.
კითხვა: ხდება თუ არა სულის თავიდან ინკარნირება, ანუ რეინკარნაცია?
პასუხი: დიახ, იმისათვის, რომ ისწავლოს თავისი გაკვეთილები.
კითხვა: დასრულდება თუ არა ოდესმე რეინკარნაცია?
პასუხი: დიახ, როდესაც სული ისწავლის და გაივლის ყველა თავის გაკვეთილს და მიაღწევს თავის მარადიულ სულიერ სტატუსს და თავის ერთიანობას/მთლიანობას დიად წყაროსთან. სულიერ პლანში რეინკარნაცია აღარ ხდება.
კითხვა: რა არის ადამიანის სხეული?
პასუხი: ეს არის დენის უწყვეტი ნაკადი, რომელიც მუდმივად განახლდება სუნთქვის შედეგად გაზების ასიმილაციის და მოლეკულების კვების გზით.
კითხვა: რას მეტი მნიშვნელობა ენიჭება? სუნთქვას თუ კვებას?
პასუხი: სუნთქვას.
კითხვა: რა უპირატესობას ფლობს მეცნიერულად დასაბუთებული რიტმული სუნთქვა?
პასუხი: ის აჯანსაღებს და განწმენდს სხეულს და ასტიმულირებს მის ცხოველქმედებას.
კითხვა: რატომ არის აუცილებელი საჭმლის კარგად დაღეჭვა?
პასუხი: პირველ რიგში, იმისთვის, რომ მოხდეს პირველადი ენერგიის გამოთავისუფლება საჭმლის შემადგენელ ატომებად დაშლის გზით და მეორე, გარდაქმნას დაქუცმაცებული საჭმელი ჰომოგენურ მასად, რომელიც გაუადვილებს კუჭს მონელების პროცესს.
კითხვა: რატომ ენიჭება უპირატესობა მარტივ საჭმელს რთულთან/შედგენილთან შედარებით?
პასუხი: რადგან მარტივი შემადგენლობის საჭმელი, თუნდაც უფრო დაბალი ხარისხისა, დიდი რაოდენობით მიღებისას, უფრო ადვილად გადამუშავდება და მონელდება კუჭის მიერ რთულთან შედარებით.
კითხვა: რა არის ის უხილავი ძალა, რომელიც აწესრიგებს, აორგანიზებს და მართავს ადამიანის სხეულის ყველა აქტივობას და ქმედებას?
პასუხი: ეს სულია.
კითხვა: ადამიანის სხეული მატერიალურია?
პასუხი: არა. ეს მხოლოდ და მხოლოდ კონდენსირებული ვიბრაციების ჰარმონიული ერთობლიობაა, რომელსაც ქმნიან არამატერიალური სულის ძალები, ხოლო მთლიანობად მათ კრავს და ინარჩუნებს მიზიდულობის კანონი.
კითხვა: და როდესაც ადამიანი მიაღწევს მატერიის ყველაზე მკვრივ ასპექტს, ინვოლუციის ფსკერს, რას აღმოაჩენს იქ?
პასუხი: სული, ჩვენთვის ცნობილი ყველაზე არამატერიალური რამ დახვდება მათ იქ ფსკერზე. რადგან სული მატერიაზე მაღლაც დგას, ლოგიკური დასკვნა აქედან ისაა, რომ სული ყველგანმყოფია.
კითხვა: მიემართება თუ არა ამ ნაწილებში ახსნილი ადამიანის სულისა და სხეულის რაობა ცხოველებს, მცენარეებს, მინერალებს და ა.შ. ?
პასუხი: დიახ.
კითხვა: რატომ ქადაგებდა ბუდა ბუნებისადმი ასეთ დიდ სიყვარულს?
პასუხი: რადგან მან იცოდა, რომ ყველაფერი, რაც ბუნებაში არსებობს, დიადი წყაროს მანიფესტაციაა, მისი გამოვლინებაა და ამიტომ, მჭიდრო კავშირშია ადამიანთან.
კითხვა: იესო თავის სწავლებებში რატომ ეხებოდა ბუნების თემას ასე იშვიათად?
პასუხი: რადგან ადამიანებს ეყვარებოდათ ურთიერთი, ისინი ბუნების სიყვარულსაც ვერ აუვლიდნენ გვერდს. ვისაც დიადის ქმნა ძალუძს, მცირედიც ხელეწიფება.
კითხვა: რა არის სიყვარულის გზავნილი ტანჯული კაცობრიობისთვის?
პასუხი: „მე ჟამიდან ჟამ ვიბადები სიკეთის დასაცავად და ბოროტის გასანადგურებლად“.
(მომდევნო თავის სანახავად გადადით შემდეგ გვერდზე ისრით ან სარჩევით - ინსტრუმენტების მარჯვენა პანელის მეშვეობით)