ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი

ბარონი იუჯინ ფერსენი
0
0

ავტორი: ბარონი იუჯინ ფერსენი მთარგმნელი: ლიკა მარღანია შესავალი დაე, ყველამ, ვინც ამ წიგნს კითხულობს, იცოდეს, რომ მისი მთავარი მიზანი კაცობრიობის გასხივოსნებაა სიყვარულით აგიზგიზებული წმინდა ც...

გაკვეთილი მეორე

fers55

გაკვეთილი მეორე

მთარგმნელი: ლიკა მარღანია

პირველადი ენერგია, როგორც ეს პირველ გაკვეთილში იყო ახსნილი, შეადგენს სამყაროს ფუნდამენტურ ძალას. იგი საფუძველია, ავსებს და ინარჩუნებს ყველაფერს, ვრცელდება მთელ კოსმოსში, მარადიულია და ყველა ძალის წყაროდ გვევლინება. ის ნამდვილად წარმოადგენს სამყაროს სასიცოცხლო ძალას. როგორც ასეთი, ის მუდმივი მოძრაობაა, რომელიც თავის თავს ავლენს იმაში, რასაც ვიბრაციები ეწოდება.

აბსოლუტში მხოლოდ ერთი სახის ვიბრაციებია, სულიერი ვიბრაციები. ადამიანის ცნობიერების დღევანდელ დონეზე ეს სულიერი ვიბრაციები ვლინდება სამმაგი სხივის სახით -

1. სიცოცხლის ვიბრაციები (მაგნიტური)

2. გონების ვიბრაციები (მენტალური)

3. სულის ვიბრაციები (სულიერი)

ადამიანის ცნობიერების დღევანდელ მდგომარეობას სამობრივ დონეს უწოდებენ, ის პრიზმის როლშია, რომლის გავლითაც ჩვენ სულიერ ვიბრაციებს ვხედავთ, რომლებიც სამ გამოკვეთილ სხივად იყოფა, სამი ფენის/პლასტის მიხედვით, ფიზიკური, მენტალური და სულიერი პლასტების. ყოველი სახის ვიბრაცია თავის თავს სხვადასხვა სახით გამოხატავს, რომელიც მის საკუთარ კონკრეტულ კანონებს ეთანადება. თუმცა, ისინი ყველანი მომდინარეობენ და ბრუნდებიან უკან იგივე წყაროში, და იმართებიან ერთი სამყაროსმიერი უნივერსალური კანონით რომელსაც ‘დიადი კანონი’ ეწოდება, რაც საფუძვლად უდევს ყველა სხვა ცალკეულ კანონს, რომელსაც იგი მართავს. როგორც პრიზმული ლინზა შლის მზის თეთრი სინათლის სხივს შემადგენელ ფერებად, ასევე ჩვენი ცნობიერების სამობრივი ბუნება განშლის სამყაროსეულ სულიერ ვიბრაციებს მათ სამ ძირითად ასპექტში.

სიცოცხლის, ანუ მაგნიტური ვიბრაციების და გონების, ანუ მენტალური ვიბრაციების დემონსტრირებას ადვილად ვახდენთ ნებისმიერ დროს. სიცოცხლის ვიბრაციები, რაც ჩვენი გაგებისთვის ყველაზე ხელშესახები ობიექტია, ბუნებრივად მარტივი საურთიერთოა, რამდენადაც იმ ფიზიკურ პლანს მიეკუთვნებიან, რომელშიც ჩვენ ამჟამად ვცხოვრობთ. გონების ვიბრაციები უფრო რთულად საურთიერთოა, ვინაიდან ჩვენ არ ვცხოვრობთ მთლიანად მენტალურ პლანში. იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ ჯერჯერობით არ ვცხოვრობთ მთლიანად მენტალურ პლანში, თუნდაც იმაში გამოიხატება, რომ ჩვენი ფიქრები საჭიროებენ მატერიალურ ფორმაში გარდაქმნას იმისათვის, რომ ჩვენი შეგრძნებებისთვის მისაწვდომნი გახდნენ.

რაც შეეხება სულიერ ვიბრაციებს, მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ვამყარებთ მათთან ცნობიერ კონტაქტს. იშვიათად აღვიქვამთ სულს ახლა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვეცნობიერად პირდაპირ და მუდმივ კონტაქტში ვიმყოფებით მასთან. მეექვსე გაკვეთილში განმარტებულია მენტალური ვიბრაციების რაობა, ხოლო მეშვიდე გაკვეთილში - როგორ მივაღწიოთ უმაღლეს, სულიერ ვიბრაციებს.

სიცოცხლის ვიბრაციებს ასევე მაგნიტურ ვიბრაციებს უწოდებენ, რადგან მათ გააჩნიათ მიზიდულობის ფუნდამენტური თვისება. პირველ გაკვეთილში, პირველადი ენერგიის აღწერისას, ითქვა, რომ მას ორი ძირითადი თვისება გააჩნია: მოძრაობა და მიზიდულობა. მაგნიტური ვიბრაციების პრაქტიკული გამოყენებისას, ეს თვისებები მუდმივად გვეხმარება სასურველი კონსტრუქციული შედეგის მიღწევაში. მაგნიტური ვიბრაციები უმნიშვნელოვანესია, რადგან ისინი არამხოლოდ განმსჭვალავენ მთელ სამყაროს და ყველაფრის საფუძველს ქმნიან, არამედ იმიტომ, რომ ისინი შეადგენენ სწორედ იმ ელემენტს, რომლისგანაც ჩვენი სხეულები და მთელი ხილული სამყაროა შექმნილი. სიცოცხლის ამ ვიბრაციების უდიდესი პრაქტიკული ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ გვჭირდება კონცენტრირება ან დიდი გონებრივი ძალისხმევა მათთან კონტაქტისთვის. საკმარისია მხოლოდ ჩვენში მათი მუდმივი შემოდინების ცნობიერად აღქმა და, ამ სახით, ეგრეთ წოდებული კონტაქტის დამყარება. არ აქვს მნიშვნელობა, რას ვაკეთებთ, იქნება ეს ფიზიკური, გონებრივი, თუ ემოციური ქმედება, არასოდეს არ უნდა დავხარჯოთ ამაზე ჩვენი საკუთარი სასიცოცხლო ენერგიის ლიმიტირებული მარაგი. ეს უნდა იყოს კარდინალური საკითხი, რაც მუდამ უნდა გვახსოვდეს. ყოველთვის უნდა მივმართოთ ამ ძალის სამყაროსეულ რეზერვუარს და შემდეგ, რაც მეტად გამოვიყენებთ მას, მით მეტი გვექნება, რადგან ის სიცოცხლის მუდმივი შადრევანია, რომელიც ყოველთვის იმაზე მეტს გვაძლევს, ვიდრე მიღება შეგვიძლია.

შესაძლოა აღიძრას კითხვა, რატომაა აუცილებელი ამ კონტაქტის დამყარება სამყაროსეულ სოცოხლის ენერგიასთან? ჩვენ ხომ მასთან პირდაპირ და მუდმივ კავშირში ვიმყოფებით ნებისმიერ დროს? დიახ, მაგრამ ჩვენ არ ვაცნობიერებთ ამას. პირიქით, ჩვენ ცნობიერად გვჯერა, რომ ჩვენ მისგან დამოუკიდებლად ვარსებობთ, რომ ჩვენ ჩვენი საკუთარი სასიცოცხლო ძალა გაგვაჩნია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ განცალკევებულნი ვართ ყველა ძალისგან და, მოგეხსენებათ, „როგორც ადამიანი თავის გულში ფიქრობს, ასეც არის“. ამიტომ, ჩვენ უნდა აღვადგინოთ მენტალურ პლანში ის, რაც იქ დაიკარგა, თუმცა, რეალურად ჩვენ არც არასოდეს დაგვიკარგავს ეს კონტაქტი სულიერ პლანში. სულმა იცის, რომ ეს კონტაქტი მარადიული მოვლენაა. ფიზიკურ პლანში ადამიანი ვერ აცნობიერებს მას. თუმცა გონება, მენტალურ პლანში, სადაც ყველა შეცდომა და არასწორი ქმედება იბადება ოდითგან, იმ თავდაპირველი შეცდომის გამო, რომელიც ყველა ძალისგან განცალკევებულობას გულისხმობდა, ცდება და ადამიანს სჯერა ამ ცალკეულობის, და ამით რეალურს ხდის მას. რამდენადაც ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ სამყაროსეული სასიცოცხლო ენერგიის ნაკადის დინებას ჩვენში, ჩვენ ვერ ვიღებთ სარგებელს მისგან, მიუხედავად იმისა, რომ ის აქ ჩვენშია.

პირველად ენერგიასთან კონტაქტის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ყველაზე იოლი და მარტივი გზა გადის მენტალურ კონტაქტზე. ამის მისაღწევად უნდა მოვდუნდეთ, რამდენადაც კი შესაძლებელია, ფიზიკურად, მენტალურად და ემოციურად. და როდესაც ჩვენ ვიგრძნობთ ჰარმონიას ჩვენს შიგნით ამ რელაქსაციის შედეგად, საკუთარ თავს უნდა ვუთხრათ შემდეგი სიტყვები:

"მე ერთიანი ვარ სამყაროსეულ სიცოცხლის ენერგიასთან. ის მოედინება ჩემი გავლით ახლა. მე ამას შევიგრძნობ".

ამ გზით ჩვენ ვაღებთ მენტალურ კარს, რომელიც ყოფდა სიცოცხლის ძალას ჩვენში სიცოცხლის ენერგიისგან ჩვენს გარეთ. და ეს ძალა ჩვენს შიგნით, თავისი მიზიდულობის თანდაყოლილი თვისების წყალობით, უკავშირდება გარედან მოსულ ძალას, რომელიც იწყებს ჩვენში ჩქეფას წამოუდგენლად მზარდი ძალით. რაც უფრო მეტად გამოვიყენებთ ამ ძალას, მით მეტი მოედინება უსასრულო წყაროდან. მიუხედავად ამ მეთოდის სიმარტივისა, ნაკლებად თუ ვინმე ახერხებს თავიდანვე ამ ძალის წარმატებით გამოყენებას, იმ ეჭვის ჭიის გამო, რომელიც ადამიანთა გულებში ხარობს ამ მენტალური კონტაქტის ეფექტურობასთან მიმართებაში. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ მენტალურ პლანში ჩვენ თავად ვუწესებთ ჩვენივე თავს კანონებს. თუ ჩვენ რაღაცის გვჯერა, და ვაცხადებთ ამ მრწამსს, ის ასეც იქნება. მაგრამ, თუ ჩვენ ვეჭვობთ ან ვშიშობთ, ამით ჩვენივე თავს ვუქმნით ბარიერებს მის რეალიზებაში. იმისათვის, რომ ეს სიძნელე დავძლიოთ და ყველას მივცეთ საშუალება, თუნდაც ყველაზე სკეპტიკურად განწყობილ და ჯიუტ ადამიანებს, რომ წარმატებით დაამყარონ ცნობიერი კონტაქტი სამყაროსეულ სიცოცხლის ენერგიასთან, არსებობს მეორე მეთოდიც, რომელსაც აქვე აგიხსნით - ეს არის წმინდა ფიზიკური კონტაქტის მეთოდი, რომელიც ფიზიკური კანონების ქმედებას ეფუძნება.

ამ მეორე მეთოდს თავისი უპირატესობა გააჩნია მენტალურთან შედარებით - ის არ საჭიროებს რამე სახის რწმენას. აღნიშნული მეთოდი მდგომარეობს იმაში, რომ მასში ფიზიკური კანონებია ჩართული, და ფიზიკური კონტაქტი მყარდება სამყაროს ენერგიასთან, არა იმიტომ, რომ ჩვენ ასე ვიფიქრეთ, ან ასე გვსურდა, არამედ, რადგან ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. რასაკვირველია, თუკი ჩვენ ამ ფიზიკური კონტაქტის მომენტში ვიფიქრებთ კიდეც იმაზე, რომ სამყაროსეული სასიცოცხლო ენერგია მოედინება ჩვენი გავლით, ეს მხოლოდ გაზრდის მის სარგებლობას.

და, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამაზე სულაც არ ვფიქრობთ, ის მაინც მუშაობს, ზემოთ ახსნილ მიზეზთა გამო. ეს მეორე, ფიზიკური მეთოდი ეყრდნობა განსაზღვრულ ვარჯიშს, რომელსაც „ვარსკვლავის ვარჯიში“ ეწოდება. მიზეზი, რის გამოც მას „ვარსკვლავის ვარჯიში“ ეწოდა, ისაა, რომ ადამიანმა, რომელიც ამ ვარჯიშს აკეთებს, სხეულით უნდა დაიკავოს ისეთი პოზიცია, რომ დაემთხვეს ვარსკვლავის ხუთი ქიმს.

star

ხუთქიმიან ვარსკვლავს, დღევანდელი კაცობრიობის სიმბოლოს, კაცობრიობის ევოლუციის მეხუთე ეპოქის ოკულტურ ნიშანს, პენტაგრამასაც უწოდებენ. შუასაუკუნეების ალქიმიკოსების მიხედვით, პენტაგრამა ითვლებოდა ყველა ძალის გასაღებად. ფილოსოფიის ქვა, სიცოცხლის ელექსირი და მრავალი სხვა მშვენიერი რამ ხელმისაწვდომი მხოლოდ მაშინ გახდებოდა, თუ ამ ნიშანს სწორად გამოიყენებდნენ. მაგრამ, ალქიმიკოსები, აღიქვამდნენ მხოლოდ ამ ნიშნის ნამდვილ ხილულ მხარეს, ხედავდნენ რა მხოლოდ გეომეტრიულ ფორმას; ეს არის მკვდარი ნიშანი, რომელსაც არავითარი ძალა არ გააჩნია. მისი სასიცოცხლო ძალა, მისი სული, მათთვის დაფარული რჩებოდა. ამ ეპოქაში ეს ფარდა გადაიწევა, და სრული სიმართლე გაცხადდება. და ეს იდუმალი ნიშანი, პენტაგრამა, იქცევა გასაღებად ყველა ძალისთვის და ის გახსნის და წარმოაჩენს ადამიანში ყველა მის ლატენტურ ძალებსა და შესაძლებლობებს. ამ დროს ადამიანის სხეული იკავებს პოზიციას, როგორც ეს დიაგარამაზეა ნაჩვენები და ამის შემდეგ მყარდება რეალური კავშირი შიგნით მყოფი სასიცოცხლო ენერგიისა გარედან მომდინარე სამყაროსეულ სიცოცხლის ენერგიასთან. და ადამიანის ფიზიკური, მენტალური და ემოციური განვითარება სტიმულირდება ამ მუდმივად ზრდადი ენერგიის მეშვეობით. დგახართ სწორად, მაგრამ მოდუნებულად, ფეხები განზეა გადგმული (ვარსკვლავის) დიზაინის მიხედვით, მკლავები განზეა გაშლილი ორივე მხარეს მხრების სიმაღლეზე, თავი მაღლაა აწეული, ისე რომ ადამიანის სხეული ხუთქიმიანი ვარსკვლავის ფორმაში ეწერება. ადამიანის სხეულის აგებულების პროპორციებიც კი შეესაბამება ამ ვარსკვლავის ფორმას. თავი შეესატყვისება ზედა ქიმს, ორი მკლავი მომდევნო ორ ქიმს ორივე მხარეს, ტანი - ცენტრს, ხოლო ქვედა კიდურები ორ ქვედა ქიმს. მარცხენა ხელისგული მაღლა უნდა იმზირებოდეს, ხოლო მარჯვენა - დაბლა. მთელი სხეული უნდა რჩებოდეს აზიდულ მდგომარეობაში, მაგრამ, დაძაბვის გარეშე. გული, რომელიც მდებარეობს ადამიანის სხეულის მარცხენა მხარეს, წარმოადგენს არამხოლოდ ცენტრალურ სატუმბ სისტემას, რომელიც იღებს და უშვებს სისხლს მთელი სხეულის მიმართულებით, არამედ, ასევე არის აპარატი, რომელიც ისრუტავს და გამოტყორცნის სიცოცხლის ენერგიას. მარცხენა ხელისგული, რომელიც მაღლა იმზირება, ნერვების რთული ქსელის მეშვეობით იღებს სამყაროსეულ ენერგიას, რაც გარემომცველ ატმოსფეროში არსებობს. ეს მიღების პროცესი გულის ტუმბოს მუშაობას უკავშირდება, და სიცოცხლის ძალის ნაკადი იღვრება სხეულში მასში არსებული შიდა სიცოცხლის ძალის მიზიდულობის გამო. ხელის, მკლავის და გულის გავლით სასიცოცხლო ენერგია ჩაედინება მზის წნულში, საიდანაც ის ნაწილდება სპინალური ნერვის მეშვეობით მთელ სხეულში. გარკვეული ნაწილი რჩება მზის წნულში, ხოლო დანარჩენი ჩაედინება მარჯვენა ხელის გავლით, რომლის ხელისგული დაბლაა მიმართული. ეს ძალა, განსაკუთრებით, მარჯვენა ხელის თითების დაბოლოებების გავლით გაედინება სხეულიდან მიწაში, რომელიც იზიდავს მას იმავე მიზიდულობის კანონის მიზეზით. ამგვარად იქმნება სამყაროსეული ენერგიის (უწყვეტი) ნაკადი, რომელიც უსასრულო წყაროდან მოედინება და აღწევს ადამიანის სხეულში, ახალ სიცოცხლეს შთაბერავს და განწმენდს მას, და ტოვებს სხეულს მხოლოდ იმიტომ, რომ კვლავ დაბრუნდეს გაძლიერებული.

მარცხენა ხელისგული, რომელიც ზევითაა მიმართული, მიმღები ხელის პოზიციაშია, ხოლო მარჯვენა, დაბლა მიმართული ხელისგულით, თითქოს გლოცავთ. ფაქტობრივად, ასეც არის. ჩვენი მარცხენა ხელი უსასრულო წყაროდან იღებს ლოცვა-კურთხევას, რომელსაც ჩვენი არსება, ასიმილირების შემდეგ, თავის მხრივ, გასცემს მას მარჯვენა ხელის გავლით და ლოცვით. არამხოლოდ მარცხენა ხელის მეშვეობით შემოდის ჩვენს სხეულში სიცოცხლის ენერგია; ის შემოედინება თითოეული უჯრედის, ასევე ძალიან ძლიერად - მზის წნულის გავლით. ვარჯიშის შესრულების დროს ძირითადი ენერგია შემოდის იმგვარად, როგორც ეს ზემოთაა აღწერილი. მოკლედ, პოზიციის დაკავების შემდეგ, იგრძნობთ გარკვეულ სიმძიმეს მარცხენა ხელის ხელისგულზე. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, თითქოს მძიმე ბურთი გაწვებათ ხელისგულზე. და მარჯვენა ხელის თითების დაბოლოებებში შეიგრძნობთ წიწკნას. ამ ორ განსხვავებულ შეგრძნებას იწვევს სიცოცხლის ძალის შემოდინება და გადინება. ამ გზით ადამიანი გრძნობს, რომ კონტაქტი შედგა.

არის კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უნდა გვახსოვდეს ამ სავარჯიშოსთან დაკავშირებით. საუკეთესო დრო ვარჯიშისთვის დილაა, როგორც კი ადგებით ლოგინიდან, ვიდრე სხვა რამეს მოიმოქმედებდეთ, და საღამოს, ძილის წინ. თუ დილით შეასრულებთ, ეს სავარჯიშო თქვენს ფიზიკურ, მენტალურ და ემოციურ აქტივობას ასტიმულირებს, რადგან დილაობით ძლიერია ახალი დღის აღმავალი მაგნიტური ენერგიები, რომლებიც თავის ფერებს აქსოვენ ვარჯიშში. საღამოს კი, პირიქით, იგივე ვარჯიში წარმოშობს საპირისპირო ეფექტს. ის ამშვიდებს და განაწყობს ძილისთვის, ჰარმონიაში ბუნებასთან, ადგილობრივი მაგნიტური ენერგიების დაღმავალი დინების გამო.

სამიდან ხუთ წუთამდე დრო სავსებით საკმარისია ვარსკვლავის ვარჯიშის შესასრულებლად. დამწყებთათვის არ არის რეკომენდებული მისი უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე შესრულება, მაგნიტური ენერგიების ძლიერი ნაკადის შემოდინების გამო. მაგრამ, დროთა განმავლობაში, როდესაც სხეული შეეჩევა ამ მაგნიტური ენერგიების შემოდინება-გადინებას, ვარსკვლავის ვარჯიშის ხანგრძლივობა შესაძლოა თხუთმეტ წუთამდე გაიზარდოს, ხოლო სავარჯიშო დღეში ორზე მეტჯერ შესრულდეს. ამ ვარჯიშის დროს, სასურველია შეძლებისდაგვარად მსუბუქად გვეცვას, რათა სხეული იყოს თავისუფლად თავის ნებისმიერ ნაწილში, ანუ, მას არ ეტმასნებოდეს მჭიდროდ ტანისამოსი. სხეული სრულიად სამოსის გარეშე უფრო მეტად მიმღები იქნება, თავისთავად. ვარჯიში უნდა შესრულდეს ღია ფანჯარასთან, და, თუ ტემპერატურა და პირობები ამის საშუალებას იძლევა, გარეთ, ღია ცის ქვეშ. ვარსკვლავის ვარჯიში არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაკეთდეს საჭმლის მიღებისთანავე. სულ მცირე ერთი საათი მაინც უნდა გავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგად საკმაოდ ძლიერი გულისრევა, ზოგჯერ კი, მოუნელებლობა შეიძლება მივიღოთ, რადგან მაგნიტურ ენერგიას შეუძლია იგივე გავლენა მოახდინოს მონელებაზე, რასაც რძეზე ელექტრულ ქარიშხალს. იგი გადამუშავების პროცესში თავისი ქიმიური ზემოქმედებით შლის საკვებს. ღრმა, რითმული სუნთქვა სასურველია და დაგეხმარებათ ვარჯიშის დროს, რაც ჟანგბადის სტიმულირებას ახდენს ორგანიზმში. ვარჯიშის შესრულებისას, დასაწყისში, შესაძლოა მკლავები დაგეღალოთ. არ არის საჭირო ძალდატანება, რომ მკლავები საჭირო პოზიციაში გეჭიროთ. შეგიძლიათ დაუშვათ და შესვენების შემდეგ კვლავ აწიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაძაბულობა კუნთებსა და ნერვებში, რაც წარმოიშობა მკლავების აწეულ მდგომარეობაში ძალად შენარჩუნებით ხანგრძლივი დროის მანძილზე, საპირისპირო ეფექტს მოგვცემს, ხელს შეუშლის ძალის შემოდინებას მათი გავლით.

სავარჯიშო იმდენად ავტომატურად მუშაობს, რომ არ არსებობს გადამწყვეტი აუცილებლობა იფიქროთ იმაზე, თუ როგორ მოედინება ენერგიის ძალა სხეულის გავლით. ის მაინც შემოედინება, ნებისმიერ შემთხვევაში, მიზიდულობის კანონის გამო. არ არსებობს საჭიროება სახით ჩრდილოეთისკენ იდგეთ, რადგან კომპასის ისრებს ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება მათთვის, ვინც სამყაროსეულ ენერგიას იყენებს, რომელიც უსაზღვროა.

ვარსკვლავის სავარჯიშო განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის. ის ასტიმულირებს მთელ მათ სხეულს, განსაკუთრებით მათი ტვინის ცენტრებს და იმ ჯირკვლებს (გლანდებს), რომლებიც მათ ზრდა-განვითარებაში დიდ როლს ასრულებენ. იგი ასევე ახდენს ემოციური მხარის ჰარმონიზებას ყოფიერების სხვა მხარეებთან და მოაქვს ძალისა და სიმშვიდის შეგრძნება, იქ, სადაც სისუსტეს და მოუსვენრობას ჰქონდა ადგილი.

სასურველია, რომ ვარსკვლავის სავარჯიშო ყოვედღიურ რუტინად იქცეს ნებისმიერისთვის, ახალგაზრდისა თუ ასაკოვანისთვის, ავადმყოფისა თუ ჯანმრთელისთვის, სუსტისა თუ ძლიერისთვის. ამ ვარჯიშის გაკეთება აუცილებელია რეგულარულად, ვიდრე ცოცხალი ვართ და თქვენ იხილავთ გასაოცარ დადებით შედეგებს, რომლებიც თქვენს ყოველგვარ ოპტიმისტურ მოლოდინს გადააჭარბებენ. ეს ვარჯიში შეიძლება მცენარის თვით სიცოცხლით მორწყვას შევადაროთ, რაც მას გაზრდის და საოცარ ძალას მიანიჭებს. ეს არის სიცოცხლე თავისი უძლიერესი და უწმინდესი ფორმით, რომელსაც ადამიანი ეკონტაქტება ამ ვარჯიშის მეშვეობით და იყენებს მას თავისი სხეულის, გონებისა და სულის გასახსნელად. გარკვეული დროის განმავლობაში დაწყებიდან აღნიშნული გახსნის პროცესი შედარებით ნელი იქნება, მაგრამ არ უნდა დანებდეთ, და ის წარმატება, რაც წინ გელით, იქნება ჯილდო თქვენი მოთმინებისა და შეუპოვრობისთვის.

მაგნიტური ვიბრაციების გამოყენებისას, რწმენა არ გჭირდებათ. ამის გარეშეც შეძლებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, რწმენა ყოველთვის ძალიან დაგეხმარებათ. ეგრეთ წოდებული ჯადოსნური მკურნალობა, რომელიც ხორციელდება ხალხის დიდ მასაზე, რომლებიც სამკურნალოდ მოვიდნენ რომელიმე ევანგელისტურ მკურნალთან, უმარტივესი ჩასატარებელია. ბევრად უფრო ძნელია, ცალკეული ადამიანის მკურნალობა. ყოველ ადამიანს მასაში თან თავისი რწმენის სინათლე მოაქვს, რაც ღია არხია სიცოცხლის ძალისთვის, რათა თავისუფლად შემოედინოს ორგანიზმში. ინდივიდუალურად, ეს ასე თვალსაჩინო არ არის ხოლმე, მაგრამ როცა ასობით, ან ათასობით ადამიანზეა საუბარი, მაშინ ისინი დიდ სინათლეს ქმნიან, უდიდეს ძალას, რწმენის უზარმაზარ ბილიკს, რომლითაც სიცოცხლის მაგნიტური ძალა შემოდის, როგორც თითოეულ ადამიანში ინდივიდუალურად, ასევე მთელ მასაში კოლექტიურად. თითოეულ ადამიანის რწმენას მასაში ყველა იქ მყოფი ადამიანის რწმენა ემატება, რაც მისთვის ძალიან სასარგებლოა. ბუნებრივია, რომ ამ გზით მიღწეული წარმატება უდიდესია.

პირველად ენერგიას, როგორც ეს ახსნილი იყო პირველ გაკვეთილში, ორი ფუნდამენტური თვისება ახასიათებს - მოძრაობა და მიზიდულობა. სიცოცხლის ენერგიის მისეულ ასპექტში, მას ასევე ორი სხვა თვისება ემატება. პირველი, ესაა თვითრეგულირება: მეორე - სრული ჰარმონიულობა. ყველა სხვა ელემენტის მსგავსად, სიცოცხლის ენერგია თვითრეგულირებადია. ფიზიკური კანონები, რომლებიც თავის თავს ავლენენ ელემენტების მეშვეობით, სწორედ თვითრეგულირებადნი არიან. მაგალითად, წყალი, რომელიც ჭურჭელშია, მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიციას დაიკავებს ჭურჭელი, მაინც ავტომატურად ზღვის დონის პარალელურ ზედაპირს ქმნის.

ჰაერი ავსებს ვაკუუმს მომენტალურად. ვერცხლისწყლის თითოეული ნაწილი, მისი მრავალ პატარა ნაწილაკად დაშლისას, ავტომატურად იღებს სფეროს ფორმას და ა. შ. ელემენტები ყოველთვის ირჩევენ ნაკლები წინააღმდეგობის მქონე გამოსავალს და ილტვიან წონასწორობის აღდგენისკენ. თვითრეგულირების ხარისხი, რომელიც სიცოცხლის ენერგიას ახასიათებს, განსაკუთრებულად პრაქტიკული და ღირებულია და დიდად ამარტივებს მის გამოყენებას. შემდეგი მაგალითი ნათელჰყოფს, თუ როგორ მუშაობს ის. დავუშვათ არის ორი ადამიანი, რომელთაგან ერთი ოპერატორის მარჯვენა მხარეს ზის, მეორე კი, მარცხენა მხარეს. იმ ადამიანს, რომელიც მარჯვენა მხარეს ზის, რატომღაც ძალიან სცივა; მეორეს, მარცხნივ კი - სცხელა. იმისათვის, რომ ორივეს ნორმალური პირობები შეუქმნას, ოპერატორს ესაჭიროება დაამყაროს სამყაროსეულ სიცოცხლის ენერგიასთან მენტალური კავშირი და შემდეგ თითოეულ პაციენტს ჩაჰკიდოს ხელი. ამ გზით დამყარებული კონტაქტის შედეგად, ძალა მოედინება ოპერატორის გავლით თავის პაციენტებში. თვითრეგულირებადი ძალა ავტომატურად მუშაობს, მდგომარეობის შესაბამისად. პირველ შემთხვევაში, ის ათბობს, ხოლო მეორეში - აგრილებს და ამ გზით ერთდროულად აღადგენს წონასწორობას ორივე პაციენტში. სწორედ მკურნალობისას იძენს ეს თვისება განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მას არ სჭირდება იმის გაგება, თუ რა დაავადება აწუხებს პაციენტს და სად. ერთადერთი, რაც უნდა გაკეთდეს მაგნიტური მკურნალობის დროს, ეს არის სიცოცხლის ძალის პაციენტში შედინება. ხოლო ძალა, რომელიც თითრეგულირებადია, ყოველთვის თავად მოძებნის იმ ადგილს, სადაც დახმარებაა საჭირო. მაგალითად, თუ პაციენტი გულს უჩივის, ოპერატორი გზავნის მაგნიტურ ძალას პაციენტისკენ. თუ ძალა თვითონ აღმოაჩენს პაციენტში შესაძლო სხვა დაფარულ, უფრო სერიოზულ დაავადებას, ფილტვებში ან თირკმელებში, მაშინ ის ავტომატურად უფრო ფილტვებისკენ და თირკმელებისკენ დაიწყებს დინებას, ვიდრე გულისკენ, რამდენადაც იქ უფრო მეტ საჭიროებას ხედავს. ამიტომ არის, რომ ნებისმიერ ადამიანს, მცირეწლოვან ბავშვებსაც კი, სწორედ ამ კანონის მეშვეობით შეუძლიათ წარმატებით გამოიყენონ მაგნიტური ენერგია.

(პირველადი ენერგია, რომელიც არის საფუძველი ყოველივესი, რაც არსებობს, ბუნებით სრულიად ჰარმონიულია. ამიტომაც სიცოცხლის ენერგიას, როგორც მის პირველ ასპექტს, უნდა გააჩნდეს მსგავსი ბუნებრივად თანდაყოლილი თვისება. ეს ნიშნავს, რომ ის სრულიად ჰარმონიული უნდა იყოს. მხოლოდ გონებაა ის, რასაც შეუძლია ეს სიცოცხლის ენერგია უარყოფითი გარსით შემოსოს. მაგრამ, როდესაც სიცოცხლის ენერგია შემოედინება სხეულში პირდაპირ უსასრულო წყაროდან, ის სრულიად ჰარმონიულია, მკურნალია და კონსტრუქციული ყველა გაგებით. მაგნიტური ენერგია, რომელიც უსასრულო წყაროდან მოედინება, თავად ატარებს თავის თავში ჰარმონიულობის შეგრძნებას, რომელიც ყველა იმ არხის ჰარმონიზებას იწვევს, რომლითაც შემოედინება - ამ შემთხვევაში - ოპერატორის, თუმცა ის, შესაძლოა, სულაც არ გრძნობდა თავს ჰარმონიულად სეანსის დასაწყისში. ეს უკანასკნელი თვისება მაგნიტურ ვიბრაციებს დიდ უპირატესობას ანიჭებს მენტალურ ვიბრაციებთან შედარებით, რადგან ვერ განხორციელდება ვერც წარმატებით განკურნვა, ან სხვა რამე სამუშაო, თუკი ოპერატორის ფიქრები არაჰარმონიულია სეანსის დაწყების წინ. სულ მცირე დისჰარმონიაც კი გონების პლანში ყველაზე დესტრუქციული შედეგის მომტანია იმ საკითხისთვის, რომელზეც მიმართულია ფიქრი.

ფიზიკური დისკომფორტის მიზეზი უმთავრესწილად არის ხოლმე ან მაგნიტური ძალების დაგროვება, ან დეფიციტი სხეულის გარკვეულ ნაწილებში. ამ დროს საჭიროა გარეშე მაგნიტურ ენერგიასთან კონტაქტი, რომ აღდგეს წონასწორობა. მაგალითად, მყისიერი შოკი იწვევს ადამიანის გულის შეკუმშვას.

ამ დროს სიცოცხლის ძალა გამოიტყორცნება. შედეგად, ადამიანი ტკივილს გრძნობს გულის არეში. უნებლიედ მას ხელი გულთან მიაქვს და აჭერს მას. სხეულის მაგნიტური ენერგია, რომელიც მზის წნულიდან გამოედინება ხელის გავლით, ავსებს გულს სასიცოცხლო აღმდგენი ძალით. გული უბრუნდება თავის ჩვეულ მდგომარეობას და ტკივილი ქრება. ან კიდევ, ყველას შეგინიშნავთ ალბათ, რომ როდესაც ადამიანი ღრმა ფიქრს მიეცემა, გაუაზრებლად აყრდნობს თავს ხელებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ტვინი, როდესაც ძალიან აქტიურობს, ან ზედმეტ ენერგიას იმარაგებს, ან არასაკმარისს, ორივე შემთხვევაში ფუნქცია ირღვევა. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა მაგნიტური ენერგია ამ შეუსაბამობის დასაკორექტირებლად. ბუნება ხედავს, რაცაა გასაკეთებელი. ინსტინქტურად მიაქვს ხელი, რომ თავთან დაამყაროს კონტაქტი და მაგნიტური ენერგია, რომელიც ხელიდან თავისკენ, ან პირიქით მიედინება, აღადგენს საჭირო ბალანსს. ამიტომაც ძალიან ძვირფასია ის ცოდნა, თუ როგორ უნდა დაამყარო ეს კონტაქტი და როგორ გამოიყენო მაგნიტური ენერგია, რადგან ეს საშუალებას აძლევს ადამიანს ცნობიერად და მეცნიერულად გამოიყენოს ეს ძალა, როდესაც კი ამის საჭიროება დადგება. იმის გაკეთება, რასაც ბუნება გვაიძულებს გავაკეთოთ ინსტინქტურად, ჩვენ თვითონ შეგვიძლია ბევრად უკეთესი შედეგებით, თუკი გავაცნობიერებთ რა კანონები უმაგრებენ ზურგს მათ და გვეცოდინება როგორ გამოვიყენოთ ეს ძალა. ნებისმიერი ადამიანური ემოციის უკან დგას მაგნიტური ძალა და ის, თუ როგორ მუშაობენ ეს კანონები, იმდენად მეცნიერულად ახსნადია, იმდენად მოწესრიგებული, რომ ადამიანს შეუძლია განსაზღვროს ნებისმიერი სახის ემოცია, ან ის, თუ როგორ უნდა შევხვდეთ მას, იმის მიხედვით, როგორც ის ავლენს თავის თავს.

ზოგადად, ნებისმიერი ემოცია, დადებითია ის თუ უარყოფითი, წარმოიქმნება სხეულის გარკვეულ ნაწილში, რომელიც ზუსტად შეესაბამება ყოველი ემოციის ვიბრაციის დონეს, მაგნიტური ძალის აკუმულირების ადგილს. ამგვარი აკუმულირება ადამიანს დისკომფორტის შეგრძნებას უქმნის და ის გაუაზრებლად ეძებს განმუხტვის (დემაგნიტიზების) გზებს და ცდილობს სხეულის ამ ადგილით შეეხოს სხვა ადამიანის სხეულის იმ ნაწილს, რომელიც გამოეხმაურება მისი აკუმულირებული მაგნიტური ძალის ვიბრაციის დონეს. მაგალითად, როდესაც ადამიანი შეყვარებულია, სიყვარულის ემოცია ასტიმულირებს სასიცოცხლო ენერგიებს მთელ სხეულში. დაწყებული გულიდან, მაგნიტური ენერგია თანდათან ვრცელდება მთელ სხეულში, მაგრამ კონცენტრირდება განსაკუთრებულად ისეთ ცენტრებში, რომელიც, მათი დელიკატური და რთული ბუნების (ფორმირების) გათვალისწინებით, უფრო შესაფერისია გამოხატვის კუთხით. ფიზიკური კანონის მიხედვით, ნებისმიერი ვიბრაცია ბუნებრივად აღმავალია. ამიტომ, გასაგებია, რომ ისინი ჯერ გულიდან თავისკენ მიემართებიან, სადაც ხდება მათი კონცენტრირება, განსაკუთრებით, თვალებისა და ტუჩების არეში. თვალის გუგები ფართოვდება და თვალები ბრწყინვას იწყებენ, ამ დროს მაგნიტური ტალღები გამოიტყორცნება, რომლებიც ეძებენ მეორე ადამიანის თვალებს, რომ მოხდეს მათი დემაგნეტიზება. ტუჩებიც, თავის მხრივ, თანდათან უფრო და უფრო ივსებიან სიცოცხლის ძალით, ასევე გაუცნობიერებლად ცდილობენ განმუხტვას, რასაც ისინი აღწევენ გარკვეული ქმედების მეშვეობით, რომელსაც „კოცნას“ ვუწოდებთ. თუკი ორ ადამიანს ერთნაირი ძალით უყვართ ერთმანეთი, მათი ტუჩები ერთმანეთს შეხვდება, რადგან მაგნიტური ძალები ორივე მხარეს ერთნაირი ვიბრაციისაა და ეძებენ გამოხატვას ტუჩების მეშვეობით. მაგრამ, თუკი ერთ-ერთი მათგანი უფრო მენტალური ტიპისაა, მისი ტუჩები ეცდებიან აკოცონ მეორე ადამიანს არა ტუჩებში, არამედ, შუბლზე, სადაც ფიქრის ძალაა თავმოყრილი. ამისთვის სახის არც ერთი სხვა ადგილი არ გამოდგება, რადგან სხვაგან ვერსად მოხდება განმუხტვა, ვიბრაციის განსხვავებული დონეების გამო. მსგავსი მსგავსს იზიდავს. თუკი ერთი მათგანის სიყვარული უფრო აღზევებულია, მაშინ მაგნიტური ძალებით დამუხტული ტუჩები, განმუხტვის ძიებას იწყებენ, სავარაუდოდ, მეორე ადამიანის ხელებზე, ან მუხლებზე, ზოგჯერ ფეხზეც, კვლავ იმ პრინციპით, რომ მსგავსი (ვიბრაცია) იზიდავს მსგავსს. იგივე ხდება ნებისმიერ სხვა ემოციასთან დაკავშირებითაც.

მაგალითად, ავიღოთ მეგობრობა. ამ დროს ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა ჩამოართვას ხელი მეორე ადამიანს, რომელიც უყვარს, ან მხარზე დაადოს ხელი, ან წელზე მოხვიოს. აქ ხელი, ძალა ხდება, ივსება მაგნიტური ენერგიით და გაუცნობიერებლად ილტვის განმუხტვისკენ სხვა ადამიანის ხელში. ან, როდესაც ადამიანი განიცდის დაცვის ემოციას, იმპულსი მას ხელს ადებინებს მეორე ადამიანის მხარზე - დაცვის ჟესტი. თითქმის ყველას გქონიათ გამოცდილება, როდესაც ორი ადამიანი ჩხუბობს და მესამე ერევა, ის ორი იმ მესამის წინააღმდეგ განეწყობა ხოლმე, და ის მესამე ორივესგან იმ ნეგატივს იღებს, რომლის ჩაქრობასაც ამათში ცდილობდა. რატომ ხდება ასე? რადგან, მან გაუცნობიერებლად მიიზიდა მოჩხუბარი მხარეების ერთობლივი ნეგატიური სიძულვილის და შურისძიების ემოცია თავისკენ. ისინი იმდენად სავსენი იყვნენ უარყოფითი ვიბრაციებით, რომ მათ ორივეს სჭირდებოდა დემაგნეტიზება, რისი მოთხოვნილებაც ჩხუბის დროს გაჩნდა. მესამე მხარის ჩარევა ამ მომენტში ამ ნეგატიურ ენერგიას ორივე მხრიდან ამ ახალი და ღია არხისკენ მიმართავს. ამიტომ, თუ ადამიანმა არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევებში, ჯობს თავი შეიკავოს ჩარევისგან, და აცალოს იმ ადამიანებს თავად დაარეგულირონ კონფლიქტი, როგორც შეძლებენ. ერთადერთი, რაც მათ სჭირდებათ ამ დროს, არის განმუხტვა, და მას შემდეგ, რაც ეს მოხდება, ისინი დამშვიდდებიან, მიუხედავად იმისა, თუ რად დაუჯდათ ეს, ფიზიკურ, მენტალურ თუ მორალურ ზიანად. ის აუტანელი დაძაბულობა ჩავლილია, და ისინიც მშვიდდებიან. ეს ზემოთ აღწერილი რამდენიმე მაგალითი გასაგებად განმარტავს, თუ რა პრინციპით მუშაობს მაგნიტური ენერგია ჩვენს ადამიანურ ემოციებთან.

ნებისმიერი ცნობილი ქალი თუ მამაკაცი წარსულში, ან თანამედროვეობაში, ცნობიერად თუ არაცნობიერად იყენებდა მაგნიტურ ძალებს თავის ცხოვრებაში. ისინი ექსტრაორდინალური სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩეოდნენ, რაც მათკენ იზიდავდა ყველას და ყველაფერს. მათ ჰქონდათ ის, რასაც მაგნიტურ - მიმზიდველ პიროვნებას ვეძახით. ასეთი პიროვნებად, ასეთი სიცოცხლისუნარიანობითა და ძალით, ნებისმიერს შეუძლია ჩამოყალიბდეს ვარსკვლავის სავარჯიშოს რეგულარული გამოყენებით, და მუდმივი კავშირით სიცოცხლის ენერგიასთან მენტალური მეთოდის გამოყენებით. თანდათან ადამიანი ცოცხალ მაგნიტს ემსგავსება, რომლის ძალაც მუდმივად ზრდადია უწყვეტი კავშირის გამო.

უძველეს დროში ბრძენებმა და წინასწარმეტყველებმა კარგად უწყოდნენ ამ მაგნიტური ძალის შესახებ, და ეგრეთ წოდებული "სასწაულების" უმეტესობა, მათ მიერ სწორედ ამ ძალის გამოყენებით ხდებოდა. ყველაზე ფართო გამოყენება მან სამკურნალო სფეროში ჰპოვა, სადაც სიცოცხლის ენერგია წარმატებით გამოიყენებოდა ნებისმიერი სახის ფიზიკური დაავადების მოსარჩენად. გამოყენებული მეთოდები ზოგჯერ ძალზედ ექსტრაორდინალურ ხასიათს ატარებდა. შემდეგი მაგალითები უკეთ შეგიქმნით წარმოდგენას მიღწეული შედეგების შესახებ. წითელი ზღვის გადაკვეთის დროს, მოსემ, რომელიც ფრიად განსწავლული გახლდათ, ილოცა ღმერთის წინაშე - რაც გულისხმობს, რომ დაამყარა მენტალური კავშირი სიცოცხლის ენერგიასთან - და შემდეგ ხელი, რომელშიც ეპყრა ჯოხი, წითელი ზღვისკენ გაიწვდინა. მაგნიტური ენერგია მისი ხელისა და ჯოხის გავლით დაუძლეველი ძალით გადადინდა გარემომცველ ატმოსფეროში და შეაშფოთა იგი. შედეგად, ძლიერი ქარი ამოვარდა და ზღვის წყალმა უკან დაიხია, და გამოაჩინა მეჩეჩი იმ კონკრეტულ ადგილზე, და ისრაელის ხალხმა გაიარა ზღვის ფსკერზე და გადავიდა მეორე ნაპირზე. როგორც კი სამშვიდობოს გავიდნენ, მოსემ კვლავ ილოცა, გაიწვდინა თავისი ჯოხი და უბრძანა სამყაროს მაგნიტურ ძალას, კვლავ წინასწორობაში მოეყვანა გარემომცველი ბუნება. ქარი დაცხრა, და წყალმაც, რომელსაც აღარ აიძულებდა ძალა უკან დაეხია, პირვანდელი მდგომარეობა მიიღო და შემთხვევით დაახრჩო ეგვიპტელები, რომლებიც მათ ფეხდაფეხ მოჰყვებოდნენ ზღვის ფსკერზე.

ელიას, რომელმაც სიცოცხლე შთაბერა ღარიბი ქვრივის გარდაცვლილ ვაჟს, ვის სახლშიც დროებით ცხოვრობდა, რა თქმა უნდა, სხვა რა ძალა უნდა გამოეყენებინა, გარდა მაგნიტური ძალისა. სამგზის, ლოცვის აღვლინების შემდეგ, რაც იმას გულისხმობს, რომ დაამყარა კონტაქტი სამყაროს სიცოცხლის ენერგიასთან, იგი თავისი სხეულით გადაეფარებოდა უსულოდ მწოლიარე ბიჭს — რომ თავისი სხეულიდან ენერგია ბიჭის სხეულში გადადინებულიყო, რომელშიც ეს ენერგია უკვე დაკარგულიყო. და მესამე ცდაზე, ბიჭი გაცოცხლდა.

მაგნიტური ძალის გამოყენებით მოახდინა იესომ გალილეის ზღვაზე შტორმის დაწყნარება. და როდესაც მას ჯგლეთაში შეეხო სისხლის მძიმე დაავადებით სნეული ქალის ხელი, მისი სიტყვები: „მე ვიგრძენი ჩემგან გამომავალი ძალა“ - გვიჩვენებს, რომ ეს იყო მაგნიტური ძალა, სამყაროს სიცოცხლის ენერგია, რომელიც მისი გავლით გადმოდინდა და რომელმაც განჰკურნა სნეული.

მაგნიტური ენერგია შესაძლოა იოლად კონცენტრირდეს უსულო საგნებშიც. ისინიც შეიძლება დაიმუხტონ მაგნიტური ძალით ისე, რომ თავად გადაიქცნენ დინამიურ ცენტრებად, საიდანაც გადმოდინდება ძალის ნაკადი და მოუტანს სამკურნალო ვიბრაციებს ნებისმიერს, ვინც მოახერხებს მასთან შეხებას. ამდენად, მეცნიერულად აიხსნება ის სამკურნალო თვისებები, რომლებიც, მთელ მსოფლიოში „სასწაულმოქმედ“ წმინდა თვისებებად აღიქმება. ან თავისით, ან ცნობიერი მიმართვით, მაგნიტური ძალა კონცენტრირდა ამ ადამიანებში და ისინი რეალურ მკურნალ მედიუმებად იქცნენ. მათ მიერ ჩატარებული მკურნალობები არ გულისხმობს რწმენით განკურნებას, როგორც ეს ზოგს წარმოუდგენია. რა თქმა უნდა, რწმენა ძალიან მნიშვნელოვანი აგენტია, რადგან ის ამზადებს ადამიანებს ამ ძალის მისაღებად. მაგრამ თვით განკურნება მაგნიტური ძალის ზემოქმედებით ხორციელდება, რომელიც სინამდვილეში ამ მედიუმი ადამიანებისგან გადმოდის. როგორც დაკვირვებებმა გვიჩვენა, წყალი წარმოუდგენელ დონეზე ფლობს თავის თავში მაგნიტურ ენერგიების დიდი რაოდენობით დაგროვების უნარს, რომელსაც გასცემს, როდესაც ამის საჭიროება დგება. ათასობით წლის წინ, წყლის ეს თვისება ცნობილი იყო ძველი ხალხებისთვის, განსაკუთრებით, ეგვიპტეში, ინდოეთში და სხვა სამხრეთის ქვეყნებში, სადაც წყალი, თბილი კლიმატის გამო, უკვე ძლიერ სიცოცხლისუნარიან აგენტს წარმოადგენდა, და გამოიყენებოდა სამკურნალო მიზნებით. მათ ტაძრებში წმინდა წყლის ავზები იდგა, რომლის წყალიც ნაკურთხი, ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დამაგნიტებული იყო. ისინი, ვისაც სურდა განკურნება სხვადასხვა დაავადებათაგან, ჩაყვინთავდნენ ამ წყალში და ამოყვინთავდნენ სრულიად საღნი და ჯანმრთელნი. ინდოეთში დღემდე იყენებენ ასეთ აუზებს, თუმცა იმ წყლების სამკურნალო თვისებები, რომელიც ზოგჯერ მიჩნეულია დაბინძურებულად სხვადასხვა ბაქტერიებით და ინფექციური დაავადებებით, იმ ადამიანების გამო, ვინც მასში განიკურნა, არ არის ამის გამო შესუსტებული ან დარღვეული. მაგნიტური ძალა ამ წყლებში უფრო ძლიერია და მას ძალუძს განკურნება მიუხედავად იმ სასიკვდილო ბაქტერიებისა.

ნებისმიერს შეუძლია ჩაატაროს საინტერესო ექსპერიმენტი ამ მიმართულებით. მაგალითად, დაამაგნიტეთ წყალი აბაზანაში, ან ის წყალი, რომლითაც პირს იბანთ, ან რომელსაც სვამთ. ამგვარ მაგნეტიზებას ინდოეთში „პრანიზაციას“ უწოდებენ, ინდური სიტყვიდან „პრანა“, ანუ - სიცოცხლის ძალა. ერთადერთი, რაც მოგეთხოვებათ, რომ გააკეთოთ, ეს არის, დაამყაროთ მენტალური კონტაქტი სამყაროს ენერგიასთან იმ წყლის წინაშე დგომის დროს, რომლის დამაგნიტებაც გსურთ, ხელები წყლისკენ გაქვთ გაწვდილი და თითებიც მისკენ მიმართული, და დარჩეთ ამ პოზაში რამდენიმე წუთი. სიცოცხლის ენერგია გადმოდინდება ხელებიდან და თითებიდან და დამუხტავს მას მაგნიტური ძალით. ეს წყალი ამის შემდგომ შეიძლება გამოყენებულ იქნეს, ხოლო მისგან მიღებული სარგებელი საკმაოდ მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი იქნება. მათ, ვისაც უძილობა აწუხებს, შეუძლიათ ამავე მეთოდით დაამაგნიტონ თავიანთი ბალიშები, ზეწრები, საბნები და ისიამოვნონ ჯანმრთელი, უშფოთველი ძილით, როგორც ამ ქმედების შედეგით. უსასრულოა ამ ძალის გამოყენების შესაძლებლობები. მეოთხე გაკვეთილში მოცემულია დეტალური ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ძალა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ბიზნესში, ზოგადად, მუშაობის დროს, სამკურნალო მიზნით, წარმატებისა და კეთილდღეობის მისაღწევად და ასაკის დასაძლევად, ნებისმიერი სხეულის უჯრედების რეგენერაციის გზით.

კითხვები და პასუხები

1. კითხვა: რა არის ვიბრაცია?

პასუხი: პირველადი ენერგიის გარკვეული რხევითი რითმული მოძრაობა.

2. კითხვა: რამდენი სახის ვიბრაცია არსებობს აბსოლუტში?
პასუხი: ერთი სახის, სულიერი ვიბრაცია.

3. კითხვა: რამდენი სახის ვიბრაცია არსებობს თანამედროვე ადამიანის ცნობიერებაში?
პასუხი: სამი სახის: მაგნიტური, მენტალური და სულიერი.

4. კითხვა: რატომ არსებობს სამი სახის ვიბრაცია?
პასუხი: რადგან ადამიანის ახლანდელი ცნობიერება სამობრივ მდგომარეობაშია, საიდანაც ყველაფერი აღიქმება, როგორც სამმაგი სხივი.

5. კითხვა: რომელი ვიბრაციაა ყველაზე ადვილად ასათვისებელი და სამართავი?

პასუხი: მაგნიტური, ან სიცოცხლის ვიბრაციები, რადგან ისინი ჩვენი გაგებისთვის ყველაზე ახლო ობიექტს და ამავდროულად, ვიბრაციის ფუნდამენტურ სახეტიპებს წარმოადგენენ.

6. კითხვა: საიდან იღებენ სათავეს ეს ვიბრაციები?
პასუხი: თავისი უსასრულო წყაროდან, რომელსაც სამყაროსეული ენერგია ეწოდება.

7. კითხვა: ნიშნავს თუ არა ეს, რომ მაგნიტური ვიბრაციები ასევე სულიერი ვიბრაციების სახეტიპს შეადგენენ?

პასუხი: დიახ, შეადგენენ, ოღონდ უფრო შენელებული ტიპის.

8. კითხვა: რა მეთოდებითაა შესაძლებლი, რომ სამყაროსეული სიცოცხლის ენერგიას დავუკავშირდეთ?

პასუხი: მენტალური და ფიზიკური მეთოდებით.

9. კითხვა: რა ფორმულა გამოიყენება მენტალური კავშირისთვის?

პასუხი: „მე ვარ ერთიანი სამყაროსეულ სიცოცხლის ენერგიასთან. ის მოედინება ახლა ჩემი გავლით, და მე მას შევიგრძნობ“

10. კითხვა: რატომ არის აუცილებელი სამყაროსეულ სასიცოცხლო ენერგიასთან მენტალურ პლანში კონტაქტი?

პასუხი: რადგან ეს კონტაქტი ოდესღაც გაწყდა მენტალურ პლანში და ამიტომ ყოველ ჯერზე საჭიროა მისი აღდგენა ამავე პლანში.
11. კითხვა: დაკარგულა თუ არა ოდესმე ეს კონტაქტი სულიერ პლანში?

პასუხი: არა

12. კითხვა: როგორია სამყაროსეულ სასიცოცხლო ენერგიასთან კონტაქტის ფიზიკური მეთოდი?

პასუხი: ეგრეთ წოდებული ვარსკვლავის სავარჯიშო.

13. კითხვა: რა არის ვარსკვლავის სავარჯიშო?

პასუხი: ეს არის გარკვეული პოზა, რომლის მიზანია შეავსოს მთელი სხეული და განსაკუთრებით მზის წნული სამყაროსეული სასიცოცხლო ენერგიით.

14. კითხვა: რა არის მზის წნული და სად მდებარეობს იგი?

პასუხი: ეს არის ნერვების ქსელი, რომელსაც მზის წნული ეწოდება, რადგან ეს ნერვები ასხივებენ. ის მდებარეობს მუცლის ზედა ნაწილში ზურგის მხარეს. მას ასევე უწოდებენ ‘მუცლის ტვინს’.

15. კითხვა: როგორ სრულდება ვარსკვლავის სავარჯიშო?

პასუხი: დადექით თავისუფლად, ფეხები განზე გაშალეთ, მკლავები გაიწვდინეთ მხრების სიმაღლეზე, მარჯვენა ხელის ხელისგული და თითები ქვევითაა მიმართული, ხოლო მარცხენა ხელისა - ზევით, ოდნავ მოხრილად, თითქოს სამყაროსეულ სასიცოცხლო ენერგიას პეშვით იღებენ, რომელიც შესამჩნევად მოედინება მისი გავლით სხეულში და მზის წნულის გავლით სხეულის ნებისმიერ სუსტ დაავადებულ ნაწილში, რომელსაც აჯანსაღებს და შემდეგ გამოედინება მარჯვენა ხელის გავლით.

16. კითხვა: რატომ ეწოდება მას ვარსკვლავის სავარჯიშო?

პასუხი: რადგან ეს პოზა ემთხვევა პენტ-ალფა, ანუ პენტოგრამის გეომეტრიულ ფიგურას, რომელიც დღვანდელი მეხუთე რასის, შექმნის მეხუთე დღის, კაცობრიობის ევოლუციის მეხუთე პერიოდის სიმბოლოა.

17. კითხვა: უნდა გავითვალისწინოთ თუ არა რამე კარდინალური პოზიცია, როგორიცაა, მაგალითად აღმოსავლეთისკენ პირით დადგომა, ან ჩრდილოეთის ვარსკვლავისკენ მზერა?

პასუხი: არა. არ არსებობს რამე შეზღუდვები დედამიწის მაგნიტური ენერგიის მისაღებად.

18. კითხვა: აუცილებელია, თუ არა ადამიანს სჯეროდეს სამყაროსეული სასიცოცხლო ენერგიის გადმოდინების ფაქტისა ვარსკვლავის სავარჯიშოს შესრულების დროს?

პასუხი: არა. სამყაროს სასიცოცხლო ენერგია შემოედინება ადამიანის სხეულში, რადგან ის ფიზიკურ კანონებს ექვემდებარება.

19. კითხვა: ახდენს თუ არა ეს სავარჯიშო ყველაზე ერთნაირ ზეგავლენას?

პასუხი: არა. მან შეიძლება გააგრილოს ერთი სხეული და გაათბოს - მეორე, მაგრამ ის სწორედ იმას მისცემს თითოეულ სხეულს, რაც მას სჭირდება, და როდესაც მას სჭირდება და სადაც სჭირდება.
20. კითხვა: რა თვისებებით ხასიათდება სამყაროსეული სასიცოცხლო ენერგია?

პასუხი: ის არის თითრეგულირებადი და სრულიად ჰარმონიული.

21. კითხვა: გააჩნია თუ არა სამყაროსეულ სასიცოცხლო ენერგიას სხვა თვისებები?

პასუხი: დიახ. მას ორი ფუნდამენტური თვისება გააჩნია, რომელზეც პირველ გაკვეთილში გვქონდა საუბარი. ეს არის მოძრაობა და მიზიდულობა.

22. კითხვა: რა პრაქტიკული ღირებულება ენიჭება ამ თვისებებს ყოველდღიურ ცხოვრებაში?

პასუხი: მათი პრაქტიკული ღირებულება იმ ფაქტში გამოიხატება, რომ ამ თვისებების გამო, სამყაროსეული სასიცოცხლო ენერგია შეიძლება ავტომატურად გამოვიყენოთ, რამე სპეციალური მენტალური კონცენტრირების ან განზრახვის ძალის ჩართვის გარეშე. მაგნიტური ვიბრაციები მუდამ კონსტრუქციულ და ჰარმონიულ შედეგებს იწვევენ, მათი თანდაყოლილი თვისებების გამო.

23. კითხვა: რამდენად ხშირად, ან რა ხანგრძლივობით უნდა შეასრულოს ადამიანმა ვარსკვლავის სავარჯიშო?

პასუხი: დამწყებებმა შეიძლება დღეში ორჯერ აკეთონ - დილით და საღამოს, სამიდან ხუთ წუთამდე ყოველ ჯერზე, ასევე, დაღლილობისას, მაგრამ არასოდეს ჭამისთანავე.
24. კითხვა: რატომ არის მაგნიტური ძალა ბოროტებისგან თავისუფალი, კონსტრუქციული და ჰარმონიული?

პასუხი: რადგან ის სათავეს იღებს, როგორც წმინდა ნაკადი თავისი უსასრულო და მარადიული წყაროდან, პირველადი ენერგიიდან.

25. კითხვა: შესაძლებელია, რომ ის ბოროტი გახდეს?

პასუხი: დიახ, ფიქრს, აზრს შეუძლია გახადოს იგი არაჰარმონიული, თუკი მას ნეგატიურ მენტალურ გარსში გაახვევს.

26. კითხვა: მაგნიტური ენერგია იზიდავს, თუ განიზიდავს?

პასუხი: ის იზიდავს, მაგრამ განზრახვის ძალით და ფიქრით ის შეიძლება განიზიდოთ.

27. კითხვა: რა გავლენას ახდენენ მაგნიტური ვიბრაციები ტვინზე?

პასუხი: ისინი ასტიმულირებენ ტვინის უჯრედებს, და ამით ზრდიან ტვინის აქტივობას.

28. კითხვა: რამდენად ხშირად შეიძლება, რომ ადამიანმა დაამყაროს მენტალური კონტაქტი სამყაროსეულ სასიცოცხლო ენერგიასთან?

პასუხი: იმ სიხშირით, რაც საჭიროა ჩასატარებელი სამუშაოდან გამომდინარე, ნებისმიერი სახის ქმედების, ფიზიკური, მენტალური, თუ ემოციური სამუშაოს შემთხვევაში.
29. კითხვა: რა არის პრაქტიკული შედეგი ხშირი მენტალური კონტაქტისა სამყაროს სასიცოცხლო ენერგიასთან?

პასუხი: ნებისმიერი სამუშაო გაგიადვილდებათ, სასიცოცხლო ენერგიის მანიფესტაციის მზარდი შესაძლებლობის გამო.

30. კითხვა: შესაძლებელია თუ არა სამყაროსეული სასიცოცხლო ენერგიის ბიზნესში გამოყენება და როგორ?

პასუხი: დიახ. მენტალური კონტაქტის გამოყენებით სამყაროს სასიცოცხლო ენერგიასთან ყოველ ჯერზე, როდესაც ბიზნეს წინადადებას, ან რამე სტატიას სთავაზობთ, რათა ეს ძალა გადადინდეს და გააძლიეროს ისინი ტრანზაქციების პროცესში.

31. კითხვა: რა შედეგს მოიტანს ეს?

პასუხი: წარმატებას.

32. კითხვა: როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ადამიანი მაგნიტურ პიროვნებად?

პასუხი: ცოცხალ მაგნიტად უნდა იქცეს სამყაროსეულ სასიცოცხლო ენერგიასთან მუდმივი კონტაქტის შედეგად.

33. კითხვა: რა იწვევს მეტწილად ფიზიკურ დისკომფორტსა და ტკივილს?

პასუხი: მაგნიტური ენერგიების ჭარბი აკუმულირება ან დაგუბება სხეულის გარკვეულ ნაწილებში.
34. კითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ეს განვტვირთოთ?

პასუხი: დაგუბებული წერტილის დემაგნეტიზებით მასზე ხელის დადების გზით.

35. კითხვა: რა არის ემოციები?

პასუხი: ემოციები არის მაგნიტური ვიბრაციების სხვადასხვა დონეები, რომლებიც სხეულის სხვადასხვა ნაწილში აკუმულირების დროს, ქმნიან დაგუბებებს, რომელთა დაშლა შეიძლება მათი დემაგნეტიზებით. ამგვარი დემაგნეტიზება მიიღწევა კოცნის, ხელის ჩამორთმევის, ხელის ხელზე დადების, კეთილი სიტყვების, კეთილი მზერის, ფიქრების და ა.შ. მეშვეობით. ნეგატიური ვიბრაციების დაგროვებები გაუთვითცნობიერებლად იშლება მუშტის ჩვენებით, უხეში სიტყვებით, მზერით, ფიქრებით, და ა.შ.

36. კითხვა: რას ნიშნავს მაგნიტური ქიმიკალიზაცია?

პასუხი: ეს არის რეაქცია, რაც მაგნიტურ ვიბრაციას თან სდევს. სადღაც, პაციენტის სხეულში შესაძლოა არსებობდნენ ნეგატიური ფიქრები-ჩანასახები, დისონანსური, მაგრამ თითქმის შეუმჩნეველი, რადგან მცირე სასიცოცხლო ენერგიას ფლობენ. როდესაც მაგნიტური ენერგია შეეხება მათ, ისინი ცოცხლდებიან, იბერებიან რაღაც ზღვრამდე და მერე სკდებიან. გასკდომის შემდეგ, ისინი სრულიად ნადგურდებიან და პაციენტიც იკურნება.

37. კითხვა: როგორ განმარტავდით წარმატებას ცხოვრებაში?

პასუხი: სამყაროსეული სასიცოცხლო ენერგიის გამოყენებად.
38. კითხვა: ხდება თუ არა მისი გამოყენება მუდამ ცნობიერად?

პასუხი: არა. ზოგჯერ ცნობიერად, უმეტესწილად კი - არაცნობიერად.

39. კითხვა: რა ძალა იყო გამოყენებული წარსულში სასწაულების უმეტესობის მოსახდენად, ხოლო ამჟამად, ეგრეთ წოდებული „რწმენით განკურნების“ დროს?

პასუხი: მაგნიტური ძალა.

40. კითხვა: სინონიმებია თუ არა სიტყვები: „სამყაროსეული სასიცოცხლო ენერგია, მაგნიტური ძალა, მაგნიტური ენერგია, მაგნიტური ვიბრაციები“?
პასუხი: დიახ.

41. კითხვა: რატომ არსებობს ამდენი ტერმინი?

პასუხი: რათა გაკეთდეს აქცენტი ამა თუ იმ თვისებაზე, რომელსაც ვანიჭებთ ამ ტერმინს. „ენერგია“ მიემართება - ძალას, „სიცოცხლე“ - მოძრაობის თვისებას, ხოლო „მაგნიტური“ - მიზიდულობას, როგორც სამყაროსეული სასიცოცხლო ენერგიის თანდაყოლილ თვისებას.

(მომდევნო თავის სანახავად გადადით შემდეგ გვერდზე ისრით ან სარჩევით - ინსტრუმენტების მარჯვენა პანელის მეშვეობით)

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff