ცხოვრება რეალურია მხოლოდ მაშინ, როცა "მე ვარ"

გიორგი გურჯიევი
0
0

ავტორი: გიორგი გურჯიევი მთარგმნელი: მზია ქურცაძე წიგნი გამოიცა ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდ "კავკასიის" და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მიერ ბატონ დ...

პროლოგი

 

პროლოგი

მე ვარ? მაგრამ სად გაქრა საკუთარი თავის სრულად აღქმის ის შეგრძნება, რომელიც მანამდე მუდამ ჩემთან იყო თვითგახსენების პროცესში, თვითკვლევის სწორედ ასეთივე მომენტებში...

ნუთუ ეს შინაგანი უნარი, რომელიც თვითუარყოფის ყველა სახეობის და ხშირი სტიმულირების შევიძინე, მხოლოდ იმისთვის იყო საჭირო, რომ ახლა, როცა მისი ჩემს ყოფაზე ზემოქმედება ჰაერივით აუცილებელია, უკვალოდ უნდა გაქრეს?

არა! ეს შეუძლებელია!

აქ რაღაც არასწორია!

ეს თუ მართალია, მაშინ გონების სფეროში ყველაფერი ალოგიკურია!

მაგრამ ჩემში ჯერ კიდევ არ არის ატროფირებული შეგნებული მუშაობისა და გამიზნული ტანჯვის უნარი!

წარსულის მოვლენების გათვალილსწინებით, მე ჯერ კიდევ უნდა ვიყო!

მე მინდა ყოფნა! და მე ვიქნები!

გარდა ამისა, ჩემი ყოფნა საჭიროა არა მხოლოდ ჩემი პირადი ეგოიზმისთვის, არამედ კაცობრიობის საერთო კეთილდღეობისა და ბედნიერებისთვის!

მე მინდა რომ ჯერ კიდევ ვიყო... და მე ვარ!

ადამიანთა აზრების ასოციაციის ამოუცნობ კანონთა მიხედვით, ახლა, ვიდრე შევუდგებოდე ამ წიგნის წერას, რომელიც იქნება რიგით მესამე - ანუ ჩემი საინსტრუქციო - სერია ნაწერებისა და, საერთოდაც, ჩემი ბოლო წიგნი, რომელშიც მინდა ჩვენი ზეციური მამის მიერ შექმნილ სხვა, ჩემსავე მსგავს არსებებს გავუზიარო ადამიანის შინაგანი სამყაროს მანამდე თითქმის უცნობი ყველა საიდუმლო, რომელიც შემხვევით შევიტყვე, თავში კვლავ მომივიდა ზემოთ უკვე ციტირებული აზრი, თვითდაჯერება, რომელიც მაშინ დაიბადა ჩემში, როცა თითქმის ბოდვის მდგომარეობაშივიყავი ზუსტად შვიდი წლის წინ და, მე მგონი, ზუსტად ამ დროს.

ეს ფანტასტიკური მონოლოგი მიდიოდა ჩემში 1927 წლის 6 ნოემბერს, დილით ადრე, პარიზში, მონმარტრის ერთ-ერთ ღამის კაფეში, როცა უკვე საშინლად დამღალა და გამომაცალა ძალა ჩემმა „შავმა“ ფიქრებმა და გადავწყვიტე, სახლში წავსულიყავი და იქ კიდევ ერთხელ მეცადა ცოტა ხნით დაძინება.

თუმცა ჯანმრთელობა მაშინაც, შეიძლება ითქვას, საკმაოდ ცუდი მქონდა, იმ დილით მაინც განსაკუთრებით საშინლად ვგრძნობდი თავს.

ჩემს საცოდავ მდგომარეობას იმ დილით ის ფაქტიც ამძომებდა, რომ ბოლო ორი თუ სამი კვირა დღეში ერთ-ორ საათზე მეტ ხანს ვერ ვიძინებდი, წინა ღამეს კი საერთოდ არ მძინებია.

მიზეზი ასეთი უძილობისა და საერთო მოშლილობისა, რამაც იმ დღეებში უფრო მწვავე სახე მიიღო და რაც ჩემი ორგანიზმის თითქმის ყველა მნიშვნელოვან ფაქტორზე აისახა, იყო ჩემს ცნობიერებაში „მძიმე“ აზრთა დინება, იმ, როგორც ჩანს, გადაუჭრელ სიტუაციასთან დაკავშირებით რომელიც სრულიად მოულოდნელად შემექმნა.

იმისათვის, დაახლოებით მაინც რომ აგიხსნათ, თუ რა გადაუჭრელი სიტუაცია იყო ეს, ჯერ სხვა რამის შესახებ უნდა მოგახსენოთ:

მანამდე სამ წელზე მეტ ხანს, განუწყვეტლივ ვწერდი, დღე და ღამე გამუდმებით ვაჩქარებდი საკუთარ თავს, ვწერდი წიგნებს, რომელთა გამოქვეყნებაც გადავწყვიტე. 

ზემოთ ვთქვი, „გამუდმებით ვაჩქარებდი - მეთქი საკუთარ თავს“, იმიტომ, რომ იმ საავტომობილო კატასტროფის შემდეგ, რომელიც სწორედ მანამდე შემემთხვა, ვიდრე ამ იგნის დაწერას გადავწყვეტდი ძალიან ცუდად ვიყავი და სწორედ ამის გამო, რა თქმა უნდა, არანაირი აქტიური მოქმედების უნარი არ გამაჩნდა. 

მიუხედავად ამისა, თავს არ ვზოგავდი და ასეთ მდგომარეობაშიც კი ვაგრძლებდი მძიმე დატვირთვით მუშაობას, უმთავრესად იმ ფაქტორების წყალობით, რომლებმაც ცნობიერებაში თავიდანვე ჩამომიყალიბა რწმენა, რამაც  idee fix-ის ხასითი მიიღო:

ვინაიდან, სანამ ძალ-ღონით სავსე და ჯანმრთელი ვიყავი, ვერ მოვახერხე პრაქტიკულად განმეხორციელებინა ადამიანთა ცხოვრებაში ის კეთილისმყოფელი ჭეშმარიტებები, რომლებიც მათთვის გავაცხადე. ნებისმიერ საფასურად ის მაინც უნდა მომეხერხებინა, რომ სიკვდილამდე თეორიის სახით მაინც მომესწრო ჩამოყალიბება.

მონახაზებზე, პუბლიკაციებისთვის განკუთვნილ ფრაგმენტებზე მუშაობისას, ჯერ კიდევ პირველსავე წელს გადავწყვიტე, რომ წიგნების სამი სერია დამეწერა.

გადავწყვიტე, პირველი სერიის წიგნების შინაარსით დამენგრია ადამიანთა ცნობიერებასა და გრძნობებში ღრმად ფესვგადგმული შეხედულებები, რომლებიც ჩემი აზრით ყალბია და სრულიად ეწინააღმდეგება რეალობას. 

მეორე სერიის წიგნების შინაარსით მინდოდა დამემტკიცებინა, რომ არსებობს რეალობის აღქმის სხვა ხერხებიც და მათკებ მიმავალი გზა მეჩვენებინა.

მესამე სერიის წიგნების შინაარსით მინდოდა გამეზიარებინა რეალობასთან შეხების და დიდი მონდომების შემთხვევაში მასთან შერწყმის შესაძლებლობები, რომლებიც მე აღმოვაჩინე. 

ასეთი განზრახვით დავიწყე უკვე მეორე წელს წერილობით ამ მასალისთვის ცალკეული წიგნების ფორმის მიცემა, რომელიც გასაგები იქნებოდა ჩვეულებრივი მკითხველისთვის. 

სწორედ იმ მოვლენების წინ, რომლებსაც ახლა აგიწერთ, დავასრულე პირველი სერიის ყველა წიგნი და მეორე სერიის წიგნებზ მუშაობა დავიწყე. 

რადგან ვაპირებდი, ჩემი ნაწერების პირველი სერია მომდევნო წელს გამომეცა, გადავწყვიტე, პარალელურად მეორე სერიის წიგნებზეც მემუშავა და პირველი სერიის წიგნების ხშირი საჯარო კითხვაც მომეწყო.

ამის გაკეთება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ვიდრე მასალას დასაბეჭდად გადავცემდი, კიდევ ერთხელ გადამეხედა, მხოლოდ ამჯერად უკვე იმ კუთხით, თუ რა შთაბეწდილებას ახდენდა სხვადასხვა ფრაგმენტი განსხვავებული ტიპისა და გონებრივი განვითარების განსხვავებულ საფეხურზე მყოფ ადამიანებზე. 

ამ  მიზნის გათვალისწინებით, ჩემი ქალაქის ბინაში დავიწყე განსხვავებული ტიპის ადამიანების, შესაბამისიინდივიდუალობის მქონე ნაცნობების მოწვევა ამა თუ იმ თავის მოსასმენად, რომელის შესწორებასაც ვაპირებდი და რომელსაც რომელიმე მატგანის თანდასწრებიტ ხმამაღლა ვკითხულობდით.

იმ დროს როგორც მთელი ჩემი ოჯახისთვის, ასევე ჩემთვის ძირითადი საცხოვრებელი ფონტებლო იყო, მაგრამ პარიზში ხშირი მიმოსვლის გამო იძულებული ვიყავი იქაც მქონოდა ბინა. 

ამ საჯარო კითხვის დროს, რომელსაც ბევრი სხვადასხვა ტიპის მსმენელი ესწრებოდა, ვაკვირდებოდი რა აუდიტორიას და თან ვუსმენდი ჩემს დაწერილ ტექსტს, რომელიც გამოსაცემად მზადდებოდა, პირველად დავასკვენი ძალიან გარკვევად და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ნათლად მივხვდი შემდეგს:

ამ ნაწერებში ჩემი აზრების გადმოცემის ფორმა შეიძლებოდა გასაგები  ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ იმ მკითხველთათსთვის რომელნიც ამა თუ იმ გზით უკვე იცნობდნენ ჩემი აზროვენბის განსაკუთრებულ სტილს. 

მაგრამ სხვა მკითხველნი, რომელთათვისაც, პირდაპირ ვიტყვი, დღე და ღამე თავდაუზოგავად ვმუშაობდი, თითქმის ვერაფერს გაიგებდნენ. 

სხვათა შორის, ამ საჯარო კითხვის პროცესში პირველად მივხვდი ნათლად, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ფორმა, რომლითაც უნდა მეწერა, რათა ის ნებისმიერი მკითხველისთვის სწორხაზოვნად გასაგები ყოფილიყო.

ამრიგად, როცა ეს ყველაფერი გავაცნობიერე, მხოლოდ მაშინ დადგა ჩემ წინ მთელი ბრწყინვალებითა და სიდიადით ჩემი ჯანმრთელობის საკითხი.

გარდა ამისა გონებაში განუწყვეტლივ მიტრიალებდა ეს აზრები:

თუ ეს ყველაფერი, რაც სამი თუ ოთხი წლის განუწყვეტელი შრომის შედეგად დაიწერა, თავიდან იქნებოდა გადასაწერი სხვა ფორმით, რომელიც უფრო მისაღები იქნებოდა ნებისმიერი მკითხველის აღქმისთვის, ამას დასჭირდებოდა დროის დაახლოებით იგივე მონაკვეთი... დრო მჭირდებოდა მეორე და მესამე სერიის დასაწერადაც; დრო მჭირდებოდა აგრეთვე ჩემი ნაწერების არსის პრაქტიკულ ცხოვრებაში დასამკვიდრებლად, მაგრამ საიდან უნდა მომეტანა ამდენი დრო? 

ჩემი დრო მხოლოდ ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, მე, რა თქმა უნდა, შემეძლო გადამეწერა ეს ყველაფერი. 

უფრო მეტიც, გადაწერის დაწყებისთანავე მექნებოდა რწმენა ბედნიერი დასასრულისა, იმიტომ რომ ახლა, როცა უკვე ვიცოდი, როგორ უნდა მეწერა, თავისუფლად შემეძლო, იმედი მქონოდა, რომ უკიდურეს შემთხვევაში, ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემი ცხოვრების ძირითადი მიზნები უთუოდ განხორციელდებოდა. 

მაგრამ განვლილი ცხოვრების გზაზე დაგროვილი სხვადასხვა სახის გამოცდილების გამო, ისე გამოვიდა, რომ სწორედ ახლა ჩემი დრო ჩემზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ მხოლოდ და მხოლოდ „თავნება“ მთავარანგელოზ გაბრიელზე; დიახ, სინამდვილეში მე ერთი ან ორი, ან, ყველაზე მეტი, სამი წლის სიცოცხლეღა დამრჩა. 

ახლა იმის დადასტურება, რომ  მალე უნდა მოვკვდე, შეუძლია ასობით ექიმ-სპეციალისტს, რომელიც მე მიცნობს. 

გარდა ამისა, თავად მე ჩემი ცხოვრების წინა პერიოდში ტყუილად არ ვიყავი ცნობილი კარგ, საშუალოზე მაღალი დონის დიაგნოსტად. მთელი ცხოვრების მანძილზე ტყულად ხომ არ მქონია საუბარი საიქიოში სწრაფად გამგზავრების ათასობით კანდიდატთან.

პირდაპირ გეტყვით, ეს არაბუნებრივიც კი იქნებოდა, სხვაგვარად რომ ყოფილიყო... იმიტომ რომ ჩემი ჯანმრთელობის ენვოლუციის პროცესი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში გაცილებით უფრო სწრაფად მიდიოდა, ვიდრე ევოლუციისა. 

ფაქტობრივად, ყველა ფუნქცია ჩემი ორგანიზმისა, რომელიც ადრე, როგორც ჩემი მეგობრები იტყოდნენ, „ფოლადისგან იყო ჩამოსხმული“ , თანდათან მოიშალა; ასე რომ, ამჟამად მუდმივი გადაღლილობის გამო არც ერთი მათგანი მიალოებით საჭირო დონეზეც კი არ ფუნქციონირებს.

და ეს სულა არ არის გასაკვირი... მხედველობაში რომ არ მივიღო ბევრი სხვა მოვლენა, რომელიც ადამიანის გამოცდილებისთვის ჩვეულებრივად ვერ ჩაითვლება და რომელსაც ჩემს განვლილ ცხოვრებაში საოცარი, თავისებური ფორმით ჰქონდა ადგილი, საკმარისია გავიხსენო მხოლოდ ის უცნაური და აუხსნელი ბედისწერა, რომელიც თან მდევდა და იმაში მდგომარეობდა, რომ სამჯერ ვიყავი დაჭრილი სრულიად განსხვავებულ გარემოებებში, სამჯერვე სასიკვდილოდ და სამჯერვე ბრმა ტყვიით.

მხოლოდ ამ სამი ინციდენტის სრულად გააზრების შემთხვევაში, რომელმაც, რა თქმა უნდა, წარუშლელი კვალი დატოვა ჩემს სხეულზე, ადვილად შეიძლება იმის გაგება, რომ თითოეული მათგანი შეიძლებოდა, უკვე დიდი ხნის წინ ჩემი აღსასრულისთვის საკმარის მიზეზად ქცეულიყო. 

ამ სამიდან პირველი სრულიად გაუგებარი ფატალური შემთხვევა 1896 წელს მოხდა კუნძულ კრეტაზე საბერძნეთ-თურქეთის ომის დაწყებამდე 1 წლით ადრე. 

იქიდან არ ვიცი, რატომ, ვიღაც უცნობმა ბერძნებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი იერუსალიმში გადამიყვანეს.

მალე უკვე გონს მოსული, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან დასუსტებული, მეგობრებთან ერთად, რომლებიც ჩემსავით „ნეხვში მარგალიტის მაძიებლები“ იყვნენ, იერუსალიმიდან რუსეთში გავემგზავრე, მაგრამ არა ზღვით, როგორც ნორმალური ადამიანები იქცევიან ხოლმე, არამედ ხმელეთით, ფეხით. 

ამ მოგზაურობის შედეგად, რომელიც დაახლოებით ოთხ თვეს გრძელდებოდა, ჩვეულებრივ, თითქმის გაუვალ ადგილებში ჩემი ჯერ კიდევ საეჭვო ჯანმრთელობით, რასაკვირველია, ჩემს ორგანიზმში სამუდამოდ უნდა დალექილიყო ჩემს ჯანმრთელობაზე „ქრონიკულად გამომჟღავნებადი“ მავნე ზემოქმედების ფაქტორები. 

ყველაფერთან ერთად ამ სულელური მოგზაურობის დროს მეწვია და საკმაოდ დიდი ხანიც დარჩა ჩემთან, იპოვა რა ჩემს ორგანიზმში სასიამოვნო თავშესაფარი, ადგილობრივი ხასიათის ზოგიერთი განსაკუთრებული „დელიკატესი“, რომელთა შორისაც იყო კეთილშობილური და ცნობილი „ქურთული სურავანდი“, არანაკლებ ცნობილი „ამერიკული დიზინტერია“ და. რა თქმა უნდა, საყოველთაოდ ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ავადმოფობა, რომელიც ყველგან გვხვდება და რომელსაც უამრავი სახელი აქვს: la grippe, ანუ ინფლუენცა.

ამის შემდეგ მინდოდა თუ არა, იძულებული ვიყავი, რამდენიმე თვე ფეხმოუცვლელად გამეტარებინა სახლში, ამიერკავკასიაში, მერე კი, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ბიძგი კვლავ ჩემი შინაგანი სამყაროს idee fix-მა მომცა და კვლავ დავიწყე მოგზაურობა უდაბნოსა, ყიმირ მიწებზე თუ ჯუნგლებში. 

ამ დროს ისევ სტუმართმოყვარე მასპინძლის როლს ვთამაშობდი ადგილობრივი ხასიათის ბევრი სხვა „დელიკატესისთვის“ ჩემს უბედურ ფიზიკურ სხეულში მათი დიდხნიანი ვიზიტების დროს.

ასეთ ახალ სტუმართა შორის იყვნენ „აშხაბადის ბედინკა“, „ბუქარის მალარია“, „ტიბეტური წყალმანკი“ და სხვა მრავალი, რომლებმაც სტუმრობის შემდეგ ცხოვრების ბოლომდე დამიტოვეს საკუთარი სავიზიტო ბარათები.

შემდგომი წლების განმავლობაში ჩემმა ორგანიზმმა თუმცა გამოიმუშავა იმუნიტეტი ასეთი ადგილობრივი წვრილმანების მიმართ, მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, მუდმივი მზარდი დაძაბულობის გამო ვერ შეძლო წინა „დელიკატესების“ შედეგების აღმოფხვრა. 

ასეთი დაძაბულობის პირობებში გადიოდა წლები; მერე ჩემი საწყალი ფიზიკური სხეულისთვის კიდევ ერთი საბედისწერო წელი დადგა. ლაპარაკია 1902-ზე, როცა მეორედ დავიჭერი ბრმა ტყვიით.

ეს მოხდა ტიბეტის დიდებულ მთებში ინგლის-ტიბეტის ომის დაწყებამდე ერთი წლით ადრე.

ჩემმა საბრალო ფიზიკურმა სხეულმა მეორე ჯერზეც შეძლო საბედისწერო შედეგისთვის თავის დაღწევა იმის წყალობით, რომ ჩემ გვერდით ხუთი კარგი ექიმი აღმოჩნდა - მათგან სამი ევროპული განათლებით, ორი ტიბეტური მედიცინის სპეციალისტი; ხუთივე ჩემთვის ნამდვილად თავდადებული ადამიანი იყო. 

სამი თუ ოთხი თვის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში ყოფნის შემდეგ ჩემთვის კვლავ დაიწყო მუდმივი ფიზიკური დაძაბულობისა და უჩვეულო ფსიქიკური ძიებისა და სიახლეების წელი, რასაც მოჰყვა ჩემი მესამე საბედისწერო წელი.

ეს 1904 წლის ბოლოს მოხდა ამიერკავკასიაში, ჭიათურის გვირაბთან ახლოს. 

მესამე ბრმა ტყვიაზე საუბრისას არ შემიძლია, არ ვისარგებლო შემთხვევით და,ჩემს ამჟამინდელ ნაცნობთაგან, ზოგიერთის  კამყოფილებისა და ზოგის უკმაყოფილების მიუხედავად, ღიად არ განვაცხადო ამ მესამე ბრმა ტყვიის შესახებ, რომ ის, რა თქმა უნდა, შეუგნებლად გაისროლა ჩემი მიმართულებით ვიღაც „მომხიბვლელმა ადამიანმა“ იმ ორი დაჯგფებიდან - რომელთაგან ერთი რევოლუციური ფსიქოზის გავლენისქვეშ იყო მოქცეული, მეორე კი - დესპოტი უფროსების, ვიღაც მეტიჩრების ძალაუფლების ქვეშ - რომლებმაც ერთად ჩაუყარეს საფუძველი, რა თქმა უნდა, აგრეთვე შეუგნებლად , მართლაც რომ „დიდი რუსეთის“ ყოველ შემთხვევაში დღეისთვის ასეა, საძირკველს.

მაშინ იქ საბრძოლო მოქმედებები მიდიოდა, ეგრეთ წოდებულ, გურულების დაჯგუფებებს შორის.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჩემი ცხოვრების რომელიღაც კონკრეტულ მოვლენებს, დაწყებული ამ მესამე, თითქმის ფატალური ჭრილობით, ბოლო დროის მოვლენების ჩათვლით, ერთმანეთთან, როგორც ცოტა ხნის წინ დავასკვენი, ერთი ფიზიკური კანონის თვალსაზრისით, ძალიან უცნაური და იმავდროულად კონკრეტულად განსაზღვრული კავშირი ქონდათ, ამიტომ ამ მოვლენათაგან ზოგიერთს რაც შეიძლება დაწვრილებით აღვწერ.

ვიდრე თხრობას განვაგრძობ, აუცილებელია, აქვე აღვნიშნო, რომ 1927 წლის 6 ნოემბრის საღამოს, როცა კარგად გამოძინებულმა ჩემს ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე დავიწყე ფიქრი, სხვა მრავალ იდეათა შორის ერთი იდეა გამიჩნდა, რომელიც მაშინ სრულიად აბსურდულად მომეჩვენა; მაგრამ ეხლა, როცა მოულოდნელად დავადგინე და ბოლო შვიდი წლის განმავლობაში შევძელი საკუთარი თავისთვის ამეხსნა რაღაც ფაქტები, რომლებიც ადრე უცნობი იყო ჩემთვის, უტყუარად ავრწმუნდი, რომ ის ჭეშმარიტება იყო.

მოკლედ, როცა მესამე დავიჭერი ბრმა ტყვიით, ჩემ გვერდით მხოლოდ ერთი ადამიანი იყო, თანაც ძალიან სუსტი. როგორც მერე შევიტყე, მან იფიქრა რა, რომ შესაძლებელი იყო არსებულ სიტუაციასა და გარემო პირობებს ჩემთვის სრულიად არასასურველი შედეგები გამოეწვიათ, სადღაც სასწრაფოდ იშოვა ვირი, გონდაკარგული ზედ შემსვა და მაშინვე გამარიდა იმ მთას.

გზად რაღაც გამოქვაბული იპოვა, იქ დამაწვინა და თვითონ დახმარების საძებნელად წავიდა. 

სახვევები იშოვა, ვიღაც „მკურნალი-დალაქიც“ იპოვა და გვიან საღამოს დაბრუნდა მასთან ერთად. 

გამოქვაბულში არავინ აღარ დახვდათ, რაც ძალიან გაუკვირდათ, რადგან იცოდნენ, მარტო წასვლას ვერ შევძლებდი, ვერც სხვა ვინმე შეძლებდა იქ შემოსვლას; რაც შეეხება მტაცებელ ცხოველებს, მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ ამ მხარეში ირმების, თხებისა და ცხვრების გარდა ვერაფერს ნახავდა კაცი. 

სისხლის კვალი შენიშნეს, მაგრამ ამ კვალს ვერ გამოყვნენ, რადგან უკვე ღამე იყო.

მხოლოდ მეორე დღეს, როცა ინათა, გაატარეს რა მთელი ღამე ნერვიულობასა და ტყე-ტყე ჩემს უშედეგო ძებნაში, ძლივს მომაგნეს: ლოდებს შორის ვიწექი, ჯერ კიდევ ცოცხალი ვიყავი და, როგორც ჩანს ღრმად მეძინა. 

დალაქმა მაშინვე მოძებნა რაღაც მცენარეების ფესვები, დროებითი სახვევი დამადო და, მისცა რა ინსტრუქციები ჩემს სუსტ მეგობარს იმის თაობაზე, თუ რა უნდა გვექნა, სასწრაფოდ სადღაც გაუჩინარდა. 

გვიან საღამოს ორ ხევსურ მეგობართან ერთად დაბრუნდა ორთვალა ურმით, რომელშიც ორი ჯორი იყო შებმული.

იმ საღამოს კიდევ უფრო მაღლა წამიყვანეს მთაში და კვლავ სადღაც გამოქვაბულში დამაწვინეს, მაგრამ ამჯერად უფრო დიდში, რომელიც კიდევ ერთ უზარმაზარ გამოქვაბულს ესაზღვრებოდა, რომელშიც როგორც მერე გაირკვა, მჯდომარე ან ნახევრადმწოლიარე მდგომარეობაში მყოფ, შესაძლოა, წარსული და მომავალი ეპოქების ადამიანტა ცხოვრებაზე დაფიქრებულ, ამ მაღალმთიანი, გაუხშოებული ჰაერის წყალობით, უკვე „მუმიფიცირებულ“ ათობით მკვდარ ხევსურს დაედო ბინა.

ამ გამოქვაბულში, სადაც მათ დამაწვინეს, ზემოთ ხსენებული სუსტი კაცის, ექიმბაშისა და ახალგაზრდა ხევსურის თანდასწრებით  ჩემს სხეულში ორი კვირის განმავლობაში მიდიოდა ბრძოლა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. 

მერე უცებ ისე სწრაფად დავიწყე გამოჯანმრთელება, რომ ერთ კვირაში სრულიად საღ გონებაზე ვიყავი, ჯოხის დახმარებითგადაადგილებასაც ვახერხებდი და ერთი-ორჯერ ჩემს „უკვდავ მეზობლებს“ „საიდუმლო სერობაზეც“ კი ვეწვიე.

ამ დროისთვის სამოქალაქო ომის მსვლელობისას უკვე ცნობილი გახდა, რომ, როგორც იტყვიან, გამარჯვება რუსეთის არმიამ მოიპოვა და კაზაკები უკვე ყველგან ეძებდნენ და აპატირებდნენ ყველა „საეჭვო“ პირს რომელიც იქაური არ იყო.

ვინაიდან მე იქაური არ ვიყავი და თან კარგად ვიცნობდი „რევოლუციური ფსიქოზის“ გავლენის ქვეშ მყოფ ადამიანთა აზროვნების ფორმებს, გადავწყვიტე, სასწრაფოდ გავცლოდი იქაურობას. 

მთლიანად ამიერკავკასიში შექმნილი ვითარებისა და ჩემი შემდგომი გეგმების გათვალისწინებით, ვარჩიე, ამიერკასპიისპირეთისკენ ამეღო გეზი. 

მიუხედავად აუტანელი ფიზიკური ტანჯვისა, მაინც განვაგრძე გზა ზემოთ ხსენებული სუსტი კაცის კომპანიაში. 

ასეთი წარმოუდგენელი ფიზიკური ტანჯვის მიზეზი უმთავრესად ის გახლდათ, რომ გზაში ისე უნდა მევლო ეჭვი არავის გასჩენოდა. 

ეჭვს რომ არ გამოიწვევდა ისეთი იერით სიარული აუცილებელი იყო იმისთვის, რომ არსებული „პოლიტიკური ფსიქოზის“ მსხვერპლი არ გავმხდარიყავი. 

საქმე ის გახლდათ, რომ იმ ადგილებში, სადაც რკინიგზის ხაზი გადიოდა, სულ ცოტა ხნის წინ „ნაციონალურმა ფსიქოზმა“ ამ შემთხვევაში სომხებსა და თათრებს შორის, ასე ვთქვათ, დაძაბულობის „უმაღლეს გრადუსს“ მიაღწია და ადამიანური უბედურების ზოგი განსაკუთრებული შედეგი ინერციით კვლავ ვლინდებოდა ხოლმე. 

ჩემი უბედურება ამ შემთხვევაში ის გახლდათ, რომ „უნივერსალური გარეგნობის“ გამო, სომხებისთვის ნამდვილ თათარს ვგავდი, თათრებისთვის კი - წმინდა სისხლის სომეხს.  

თხრობა ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, მოგახსენებთ, რომ, ასე იყო თუ ისე, ჩემი სუსტი მეგობრის კომპანიაში ტუჩის გარმონის დახმარებით ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, ჩავაღწიე იმიერკასპიისპირეთში.

ტუჩის გარმონმა, რომელიც პალტოს ჯიბეში ვიპოვე, კარგი სამსახური გაგვიწია.

ამ ორიგინალურ ინსტრუმენტზე მაშინ, გამოგიტყდებით, არც თუ ისე ცუდად ვუკრავდი, თუმცა მხოლოდ ორ მელოდიას ვასრულებდი: "მანჯურიის სოპკებს" და ვალსს სახელწოდებით "მოლოდინი".

იმიერკასპიისპირეთში ჩასვლისთანავე გადავწყვიტე, ცოტა ხანს ქალაქ აშხაბადში გავჩერებულიყავი.

ორი კარგი ოთახი ვიქირავეთ კერძო სახლში, რომელსაც არაჩვეულებრივი ბაღი ჰქონდა და როგორც იქნა, დასვენების საშუალება მომეცა.

თუმცა მეორე დილას ჩემი ერთადერთი ამხანაგი, რომელიც აფთიაქში წავიდა ჩემთვის საჭირო მედიკამენტების საშოვნელად, დიდ ხანს არ გამოჩნდა.

დაღამდა, მეტის მოთმენა არ შემეძლო... ჰოდა მის საძებნელად გავეშურე.

შემთხვევით ყური მოკრა რა ჩემს შეკითხვებს, მეაფთიაქის შვილმა მითხრა, რომ დაინახა ის ახალგაზრდა კაცი, რომელიც მათთან იყო დილით, როგორ დააპატიმრეს პოლიციელებმა იქვე ახლოს, მეზობელ ქუჩაზე და სადღაც წაიყვანეს.

რა უნდა მექნა? სად უნდა მომეძებნა? იქ არავის ვიცნობდი. თან მოძრაობაც მიჭირდა, რადგან ბოლო რამდენიმე დღის მგზავრობამ სულ მთლად დამასუსტა.

აფთიაქიადან გამოვდივარ, თითქმის ბნელა.

მოულოდნელად თავისუფალი ეკიპაჟი გამოჩნდა გზაზე, მეეტლეს ვთხოვ, ქალაქის ცენტრში წამიყვანოს, სადმე ბაზართან ახლოს, სადაც მაღაზიები როცა იკეტება, მერეც გრძელდება ცხოვრება.

იქ იმ იმედით მივდივარ, რომ იქნებ რომელიმე კუთხეში ან ჩაიხანაში ვინმე ნაცნობს წავაწყდე.

გაჭირვებით მივიკლვლევ გზას ვიწრო ქუჩებში, სადაც პატარა აშხანების გარდა, რომლებშიც მხოლოდ ტეკინელები სხედან, არაფერი ჩანს.

სულ უფრო მეტად ვსუსტდები და უკვე მიჩნდება აზრი იმის შესახებ, რომ შეიძლება გონება დავკარგო.

პირველივე ჩაიხანის ტერასაზე ვჯდები და ვთხოვ, ცოტა მწვანე ჩაი მომიტანონ.

რამდენიმე ყლუპს ვსვამ, მადლობა ღმერთს, გონს მოვდივარ! - და გავცქერი ქუჩის ფარნებით მკრთალად განათებულ სივრცეს.

ვხედავ, ვიღაც ევროპულ ყაიდაზე ჩაცმული მაღალი, გრძელწვერიანი კაცი მოდის ჩაიხანასთან.

სახეზე მეცნობა, ვუყურებ, მიახლოვდება, ისიც ძალიან დაკვირვებით მიყურებს, მაგრამ თავის გზაზე მიდის.

გზას აგრძელებს, რამდენჯერმე ტრიალდება და კვლავ მიყურებს.

რისკზე მივდივარ და სომხურად ვეძახი: "ან მე გიცნობთ, ან თქვენ მიცნობთ-მეთქი!"

ჩერდება, მაშტერდება და ყვირის: "ა! შავო ეშმაკოო!" და ჩემსკენ მოდის.

საკმარისი იყო, მისი ხმა გამეგონა და მაშინვე მივხვდი, ვინც იყო.

ეს გახლდათ ჩემი შორეული ნათესავი, პოლიციის სამმართველოს ყოფილი თარჯიმანი.

ისიც ვიცოდი, რომ მისი გადასახლების მიზეზი პოლიციის უროსის საყვარელთან საიდუმლო ფლირტის გაბმა გახლდათ.

შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ ის შინაგანი სიხარული, რომელიც მისი დანახვისას განვიცადე?

არ დავიწყებ იმის აღწერას, როგორ და რაზე ვლაპარაკობდით, როცა ჩაიხანის ტერასაზე ვისხედით და მწვანე ჩაის სმას განვაგრძობდით.

მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მეორე დღეს, დილით, ჩემი შორეული ნათესავი, ყოფილი პოლიციის ჩინოვნიკი თავის მეგობართან, პოლიციის ლეიტენანტთან ერთად მეწვია.

მათგან შევიტყვე, ჯერ ერთი, ის, რომ ჩემს ამხანაგს სერიოზული არაფერი სჭირდა.

ის მხოლოდ იმის გამო დაეპატიმრებინათ, რომ იქ პირველად იყო და მანამდე არავის ენახა იმ მხარეში.

და რადგან ირგვლივ ბევრი საშიში რევოლუციონერი დადიოდა, ის ერთადერთი მიზნით, ვინაობის დასადგენად დააპატიმრეს.

ეს, მათი თქმით, რთული არ იყო. ისინი იქ, სადაც მისი პასპორტი იყო გაცემული, გაგზავნიდნენ წერილს მისი პოლიტიკური საიმედოობის დადასტურების მოთხოვნით, და პასუხის მოსვლამდე თუ რწყილებისა და ტილების კომპანიაში მოუწევდა დროის გატარება, ამით განა რა დაშავდებოდა? ასეთი გამოცდილების მიღება კარგია, რადგან შემდგომი ცხოვრებისთვის მოსამზადებელ ცოდნად ითვლება.

მეორეც, დაამატა ჩემმა შორეულმა ნათესავმა და ხმას დაუწია, - შენი სახელი "მონმარტის" ფრივოლური გართობის ადგილების სტუმრების სიმშვიდის დამრღვევთა შორის გამოჩნდაო.

ამის გათვალისწინებით, აგრეთვე, სხვა მოსაზრების გამო, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ცუდად ვიყავი, გადავწყვიტე, იმ ადგილს გავცლოდი, თან რაც შეიძლება სწრაფად, მით უმეტეს, რომ ჩემს მეგობარს მაინც ვერაფრით ვეხმარებოდი.

ახლა უკვე სრულიად მარტო თანაც ძალიან მცირე თანხით ცენტრალური აზიის მიმართულებით დავიძარი.

წარმოუდგენელი გაჭირვებით გადავლახე ათასგვარი დიდი თუ პატარა წინააღმდეგობა და ასე ჩავედი ქალაქ იანგიხისარში, ყოფილ ჩინეთის თურქისტანში, სადაც ჩემი ძველი მეგობრის დახმარებით ფული მოვიმარაგე და ამის შემდეგ აღმოვჩნდი სწორედ იმ ადგილას, სადაც რამდენიმე წლის წინ ვცხოვრობდი, როცა მეორე ბრმა ტყვიის გამო შერყეულ ჯანმრთელობას ვმკურნალობდი.

ეს ადგილი გობის უდაბნოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და ჩემს წარმოდგენაში ერთ-ერთი ყველაზე ბარაქიანი და აყვავებული მხარეა მთელს დედამიწაზე.

რაც შეეხება ამ მხარის ჰაერს და მის სამკურნალო გავლენას, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც კი ამ ჰაერს სუნთქავს, ის ნამდვილად განმწმენდია.

თუ სამოთხე და ჯოჯოხეთი რეალურად არსებობს და თუ ორივე ერთად რაღაცას მაინც ასხივებს, მაშინ ამ ორ წყაროს შორის არსებულ სივრცეში ჰაერი სწორედ ასეთი იქნება.

რადგან ერთი მხარეს ნიადაგია, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით უხვად აფრქვევს ფლორის, ფაუნის და ფოსკალიის სიმდიდრეს, იქვე ამ მდიდარი მიწის გვერდით კი მრავალ ათას კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმულია სივრცე, რომელიც აგრეთვე პირდაპირი მნიშვნელობით ჯოჯოხეთია, სადაც არა თუ არაფერი არ ხარობს, არამედ ისიც კი, რამაც სხვა ადგილას გაიხარა და შემთხვევით აქ მოხვდა, ძალიან მოკლე დროში ბოლომდე ნადგურდება ისე, რომ მისგან კვალიც არ რჩება.

სწორედ აქ, დედამიწის ამ თავისებურად განუმეორებელი მიწის მცირე მონაკვეთზე, რომლის ჰაერიც, ანუ ჩვენი მეორე საკვები, სათავეს იღებს და ტრანსფორმირდება სამოთხისა და ჯოჯოხეთის ძალებს შორის, ამ მხარეში სტუმრობის ბოლო პერიოდში და აგრეთვე მეორედაც, როცა უგონო მდგომარეობაში მოვხვდი აქ, ჩემში ხდებოდა სწორედ ისეთი თვითდარწმუნება, რომელთან დაკავშირებითაც ჩემს ცნობიერში ზემოთ ხსენებული 6 ნოემბრის საღამოს გაიელვა აზრმა, რომელიც მაშინ სრულიად აბსურდულად მომეჩვენა.

პირველად ჩემმა მეგობრებმა მომიყვანეს აქ უგონო მდგომარეობაში, როცა მეორედ დავიჭერი ბრმა ტყვიით.

თავიდან ჩემ გვერდით ბევრი მეგობარი ტრიალებდა, რომელთა შორისაც იყო ზემოთხსენებული ის ხუთი ექიმიც.

როცა გონს მოვედი და ნელ-ნელა მომჯობინება დავიწყე, თანდათან ისინიც წავიდ-წამოვიდნენ და ერთ ტიბეტელსა და ერთ ძალიან ახალგაზრდა ყირგიზთან ერთად დავრჩი.

ვცხოვრობდი რა იქ, ყველა ტიპისა და ჯიშის ადამიანისგან მოშორებით, ამ ორი სიმპათიური ადამიანის კომპანიაში, რომელიც ლამის დედობრივ მზრუნველობას იჩენდა ჩემს მიმართ და თან ვსაზრდოობდი ზემოთ ხსენებული "განმწმენდი ჰაერით", 6 კვირაში ისე გამოვკეთდი, რომ უკვე მინდოდა და შემეძლო კიდეც ნებისმიერ მომენტში დამეტოვებინა ეს განმკურნავი ადგილი.

ყველაფერი უკვე ჩალაგებული და შეკრული გვქონდა და მოგზაურობის გასაგრძელებლად მხოლოდ ახალგაზრდა ყირგიზელის მამის მოსვლასღა ველოდებოდით, რომელსაც თან 3 აქლემი უნდა მოეყვანა.

ვინაიდან შევიტყვე, რომ ერთ-ერთი მთის, რომელსაც მაშინ "ალექსანდრე მესამის პიკს" უწოდებდნენ, ხეობაში იმხანად იმყოფებოდა რამდენიმე რუსი ოფიცერი, თურქისტანის ტოპოგრაფიის სამმართველოს ტოპოგრაფი, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ჩემი ძალიან კარგი მეგობარი იყო, დავიჟინე, რომ ჯერ მათთან შეგვევლო და იქიდან შევუერთდებოდით რომელიმე დიდ ქარავანს და ჩავიდოდით ჯერ ანდიჟანში, შემდეგ კი - ამიერკავკასიაში, სადაც ჩემს მშობლებს მოვინახულებდი.

იმ დროისთვის, თუმცა, როგორც იტყვიან, მთლად "მყარად ვერ ვიდექი ფეხზე", მაინც უკვე საკმაოდ კარგად ვგრძნობდი თავს.

დაღამდა. სავსე მთვარე ამოვიდა. მივყვებოდი რა შემთხვევითი ასოციაციების დინებას, ჩემი აზრები კვლავაც იქცა შეკითხვად, რომელიც იმ დროისთვის საბოლოოდ ჩემი შინაგანი სამყაროს idee fix-ად ჩამოყალიბდა.

ვიყავი რა მოცული ამაზე ფიქრით და, ერთი მხრივ, შორეული ყრუ გუგუნის ხმით, რომელიც ათასგვარი ფორმის მილარდობით სიცოცხლეს ქმნიდა, მეორე მხრივ კი - შიშისმომგვრელი სიჩუმით, ჩემში საკუთარი თავისადმი თვითკრიტიკულობის განცდა განუზომლად გაიზარდა.

ჯერ ჩემს უწინდელ ძიებაში დაშვებული ყველა შეცდომა გამახსენდა.

იმ დროს, როცა, ერთი მხრივ, განვაგრძობდი საკუთარი შეცდომების კონსტატირებას, მეორე მხრივ, ჩემთვის ნათელი ხდებოდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი ამა თუ იმ შემთხვევაში.

ძალიან კარგად მახსოვს, როგორ მეცლებოდა ძალა ამ დაძაბული ფიქრის დროს და სანამ ეს პროცესი გრძელდებოდა, ჩემი რომელიღაც სხვა ნაწილი კვლავ მაქეზებდა ადგომისა და გამოფხიზლებისკენ, რათა ფიქრის ეს ნაკადი შემეჩერებინა, მაგრამ ამის გაკეთება არ შემეძლო, იმდენად ძლიერად ვიყავი მოცული თავად ამ ფიქრებით.

არ ვიცი, რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, სწორედ იმ მომენტში, როცა ინსტიქტურად ვიგრძენი, რომ გონებას ვკარგავდი, ჩემ გვერდით იმ სამ აქლემს არ ჩაემუხლა.

ამის დანახვაზე გამოვფხიზლდი და ფეხზე წამოვდექი.

ამ დროისთვის ინათა კიდეც. არც ჩემს ახალგაზრდა კომპანიონებს ეძინათ. ისინი უკვე ემზადებოდნენ უდაბნოში დილის ცხოვრებისათვის.

მოხუცთან გასაუბრების შემდეგ გადავწყვიტეთ, მთვარის შუქი გამოგვეყენებინა და მხოლოდ ღამე გვევლო, თანაც დღისით აქლემებიც კარგად დაისვენებდნენ.

ნაცვლად იმისა, რომ დავწოლილიყავი და ცოტა ხანს დამეძინა, ავიღე შაშხანა და ბრეზენტისაგან დამზადებული სათლი და გავეშურე უახლოესი ძალიან ცივი წყაროსკენ, რომელიც უდაბნოს სულ მთლად განაპირას იყო.

გავიხადე და ნელ-ნელა დავიწყე ცივი წყლის გადავლება.

ამის შემდეგ, თუმცა გონებრივად ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, ფიზიკურად იმდენად დავსუსტდი, რომ, როცა ჩავიცვი, იძულებული გავხდი, იქვე წყაროსთან მიწაზე დავწოლილიყავი.

მაშინ, როცა ფიზიკურად ასე სუსტად ვგრძნობდი თავს, გონება კი ასე განათებული მქონდა, ჩემში კვლავ გაგრძელდა თვითდარწმუნების პროცესი, რომლის არსიც ჩემს ცნობიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა და რომელთან დაკავშირებითაც 6 ნოემბრის საღამოს ზემოთ ხსენებულმა იდეამ გამიელვა გონებაში.

ეს საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო და ამიტომ არ მახსოვს ზუსტად რა სიტყვებით ხდებოდა ეს თვითდარწმუნება, რომელიც ასე არ ჰგავდა ჩემს ჩვეულ საერთო მდგომარეობას.

მაგრამ შევინახე რა ჩემში, ასე ვთქვათ, მისი "გემო", შემიძლია ადვილად აღვიდგინო ის, მხოლოდ აზრი სხვა სიტყვებით გადმოგცეთ. ეს აზრი შემდეგში მდგომარეობდა:

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემი ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ასე მგონია, რომ კვლავ დავუბრუნდი ცხოვრებას და ძალაუნებურად უნდა განვაგრძო ჩემი უბადრუკი არსებობა და კვლავაც ვირივით უნდა ვიშრომო, როგორც აქამდე ვაკეთებდი ამას.

ღმერთო ჩემო! ნუთუ შესაძლებელია, კლავ მომიწიოს ამის თავიდან გამოცდა, რაც უკვე გავიარე აქტიურ მდგომარეობაში ყოფნის ყველა პერიოდში ამ ჩემს უბედურებამდე ნახევარი წლით ადრე?

გამოვცადო არა მხოლოდ სირცხვილის გრძნობა, რომელიც მეუფლება ხოლმე ჩვეულ ფხიზელ მდგომარეობაში ამა თუ იმ შინაგანი თუ გარეგანი გამოვლინების გამო, რომელიც თითქმის რეგულარულად ენაცვლებიან ერთმანეთს, არამედ უნდა გამოვცადო მარტოობა, იმედგაცრუება, მეტისმეტი სიმაძღრე, აგრეთვე სხვა შეგრძნებები და, რაც მთავარია, ყველგან უნდა მდევდეს შიში "შინაგანი სიცარიელისა"?

რა არ ვქენი, რა რესურსები არ ავამოქმედე და ამოვწურე კიდეც ამისთვის, რომ სისრულეში მომეყვანა ჩემი გადაწყვეტილება, მიმეღწია იმ მდგომარეობისთვის, რომ ჩვეულებრივ ფხიზლად ყოფნისას ჩემი სულის ფუნქციონირება წარმართულიყო ჩემი აქტიური მდგომარეობის წინასწრი მითითების შესაბამისად, მაგრამ ამაოდ!

ჩემს უწინდელ მდგომარეობაში ვიყავი რა უმოწყალო ჩემი ბუნებრივი სისუსტეებისადმი და თითქმის მუდმივად ვეწეოდი თვითდაკვირვებას, მოვახერხე მიმეღწია თითქმის ყველაფრისათვის, რაც ადამიანის შესაძლებლობების ფარგლებშია, ზოგიერთ სფეროში კი ისეთი ხარისხის ძალა გამოვიმუშავე, როგორც შესაძლოა, წინა ეპოქებშიც არავის ჰქონია.

მაგალითად, ჩემი აზრების ძალა იმ დონემდე განვავითარე, რომ სულ რამდენიმე საათი მჭირდებოდა საკუთარი თავის შესამზადებლად, იმისთვის, რომ 10-ობით მილის მანძილზე იაკი მომეკლა ან შემეძლო 24 საათში ისეთი ინტენსივობის სასიცოცხლო ძალები მომეკრიბა, ხუთ წუთში სპილო დამეძინებინა.

ამავე დროს, მიუხედავად დიდი სურვილისა და მცდელობისა, ჩვეულებრივ ცხოვრებაში სხვა ადამიანებთან ურთიერთობის პროცესში ვერაფრით ვერ მივაღწიე "თვითგახსენებაში" წარმატებას: ვერ მოვახერხე, შემძლებოდა თავის გამოვლენა არა ჩემი ბუნების, არამედ ჩემი "კონცენტრირებული გონების" წინასწარი მითითების შესაბამისდ.

ვერაფრით მივაღწიე "თვითგახსენების" მდგომარეობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა თუნდაც ასოციაციების ნაკადის შესაჩერებლად, რომელიც ავტომატურად მიედინებოდა ჩემს ცნობიერში, როგორც ჩემი ბუნების ზოგიერთი არასასურველი მემკვიდრეობითი ფაქტორის შედეგი.

როგორც კი ჩემში დაგროვილი ენერგია, რომელიც აქტიურ მდგომარეობაში ყოფნის საშუალებას მაძლევდა, გამომეცალა, მაშინვე დაიწყო ასოციაციური აზრებისა და გრძნობების დინება იმ ობიექტების მიმართულებით, რომლებიც ჩემი ცნობიერების იდეალებისგან დიამეტრიულად განსხვავდებოდნენ.

როცა არ მქონდა დაკმაყოფილების გრძნობა საკვებითა და სექსით, ჩემი ასოციაციების წამყვანი ფაქტორებით, მეჩვენებოდა, რომ სამაგიეროს მიხდიდნენ, ხოლო სრული დაკმაყოფილების მდგომარეობაში ასოციაციები საკვებითა და სექსით მომავალში სიამოვნების მიღების ან საკუთარი თავით ტკბობის, ამპარტავნების, სიამაყის, ეჭვიანობისა და სხვა ტიპის ვნებების თემებისკენ მიემართებოდნენ.

ბევრს ვფიქრობდი და ვცდილობდი, სხვებთანაც გამერკვია ჩემს შინაგან სამყაროში ასეთი საშინელი სიტუაციის შექმნის მიზეზები, მაგრამ აბსოლუტურად ვერაფერი გავარკვიე.

ერთი მხრივ, ნათელია, რომ აუცილებელია "გახსოვდეს საკუთარი თავი" ყოველდღიური ცხოვრების პროცესშიც, მეორე მხრივ კი, აშკარად საჭიროა გამოიჩინო ყურადღება, რომელიც სხვა ადამიანებთან კონტაქტის საშუალებას მოგცემს.

თუმცა ცხოვრების განვლილ გზაზე ყველაფერი ვცადე, ვატარებდი ათასგვარ ნიშანს, როგორც ფაქტორს, რომელიც მუდმივად გამახსენებდა ამას, მაგრამ არაფერი მშველოდა, შესაძლოა, ცოტათი მშველოდა კიდეც, ვიდრე ამა თუ იმ ნიშანს ვატარებდი, მაგრამ როგორც კი მის ტარებას ვწყვეტდი ან ვეჩვეოდი ამას, იმავე წამს ყველაფერი უწინდელ მდგომარეობას უბრუნდებოდა.

არანაირი გამოსავალი არ არსებობს...

არა, მიუხედავად ამისა, ის მაინც არსებობს, არის ერთადერთი გამოსავალი - სადღაც ჩემს გარეთ უნდა მქონდეს, ასე ვთქვათ ''მმართველი ფაქტორი", რომელსაც არასდროს სძინავს.

უფრო ზუსტად კი, ფაქტორი, რომელიც ნებისმიერ ჩემთვის ჩვეულ მდგომარეობაში ყოველთვის შემახსენებს ამას, რომ "საკუთარი თავი უნდა მახსოვდეს".

მაგრამ რა არის ეს!!! შესაძლებელია კი ასეთი რამ?!!!

ეს ახალი აზრია!!!

რატომ აქამდე არ მომივიდა თავში ასეთი მარტივი აზრი?

ნუთუ აუცილებელი იყო ამდენ ხანს ასე დავტანჯულიყავი ფიზიკურადაც, მორალურადაც მხოლოდ იმისთვის, რომ ახლა მომცემოდა ასეთ შესაძლებლობაზე ფიქრის საშუალება?

თუნდაც ამ შემთხვევაში რატომ არ შემეძლო "უნივერსალური ანალოგიის "პოვნა?

აქაც ღმერთია!!! ისევ ღმერთი!!!

მხოლოდ ის არის ყველგან და მასთანაა ყველაფერი დაკავშირებული.

მე ადამიანი ვარ და ასეთად სწორედ მან შემქმნა, სხვა დანარჩენი ცოცხალი ორგანზმების გარეგნული ფორმებისგან განსხვავებით, სახედ თვისად შემქმნა!

ის ღმერთია! მაშინ გამოდის, რომ მეც ვარ ყველა იმ შესაძლებლობისა თუ შეუძლებლობის მატარებელი, რომელიც მას გააჩნია. ჩემსა და მას შორის განსხვავება მხოლოდ მასშტაბებში უნდა იყოს.

რადგან ის ღმერთია ყოველივესი, რაც სამყაროში არსებობს, მაშ, შესაბამისად, რაღაც არსებულის ღმერთი მეც უნდა ვიყო ჩემს შკალაზე.

ის ღმერთია! და მეც ღმერთი ვარ! რა შესაძლებლობებიც მას გააჩნია ყოველივე არსებულისადმი მთელს სამყაროში, ასეთივე შესაძლებლობები და შეუძლებლობები უნდა მქონდეს მეც იმ სამყაროსთან მიმართებაში, რომელიც ჩემს დაქვემდებარებაშია.

ის მთელი სამყაროს ღმერთია, მე კი - ჩემი შინაგანი სამყაროსი.

მეც ღმერთი ვარ, მხოლოდ ჩემი შინაგანი სამყაროსი.

ის ღმერთია! და მეც ღმერთი ვარ!

ყველაფერში და ყველაფრისთვის ერთნაირი შესაძლებლობები და შეუძლებლობები გვაქვს!

რაც შესაძლებელი ან შეუძლებელია მისი დიდი სამყაროს სფეროში, შესაძლებელი ან შეუძლებელი უნდა იყოს ჩემი პატარა სამყაროს სფეროშიც.

ეს ისევე ნათელია, როგორც ის, რომ ღამეს აუცილებლად დღე უნდა მოჰყვეს, კი მაგრამ, აქამდე როგორ ვერ შევნიშნე ასეთი გასაოცარი ანალოგია?

ყოველთვის ძალიან ბევრს ვფიქრობდი სამყაროს შექმნასა და სიცოცხლის არსებობის შენარჩუნებაზე; საერთოდ, ღმერთზე, მის საქმეებზე, ბევრ ადამიანს ველაპარაკებოდი ამ მატერიებზე, მაგრამ არასოდეს მომსვლია თავში ასეთი მარტივი აზრი.

მიუხედავად ამისა, ეს სხვაგვარად მაინც ვერ იქნება, ყველაფერი, გამონაკლისის გარეშე, მთელი მკაცრი ლოგიკა, ყველა ისტორიული მონაცემი იქამდე მიდის, იმას ადასტურებს, რომ ღმერთი აბსოლუტურ სიკეთეს წარმოადგენს; ის ყოვლისმოყვარე და ყველაფრის მიმტევებელია, ის სამართლიანი სიმშვიდისმყოფელია ყოველივესი, რაც არსებობს.

ამავე დროს, ჩნდება კითხვა: მან, არის ის რა, ვინც არის, რატომ უნდა მოიკვეთოს თავისაგან ერთ-ერთი უახლოესი არსება, მის მიერვე შექმნილი უსაყვარლესი ძე, მხოლოდ "ამპარტავნების გზაზე" შედგომის გამო, რაც დამახასიათებელია ნებისმიერი ახალგაზრდისთვის - ინდივიდისთვის, რომლის ფორმირებაც ჯერ არ დასრულებულა - და რატომ უნდა მიანიჭოს მას თავისივე თანაბარი, მხოლოდ საწინააღმდეგო თვისებების მატარებელი ძალა?

მხედველობაში მყავს "ეშმაკი".

ამ აზრმა მზესავით გაანათა მთელი ჩემი შინაგანი სამყარო და აშკარა ფაქტად აქცია ის, ამ უზარმაზარ სამყაროში ჰარმონიული წყობის შესანარჩუნებლად აუცილებელია რაღაც ტიპის გამახსენებელი ფაქტორის მუდმივად შენარჩუნება.

სწორედ ამ მიზეზით, ანუ, ყოველივეს შესანარჩუნებლად, რაც შექმნა, თავად ჩვენი შემოქმედი იძულებული იყო, თავის ძეთაგან ერთ-ერთი უსაყვარლესი ასეთ, ობიექტური თვალსაზრისით, დამამცირებელ გარემოებაში ჩაეყენებინა.

ამიტომ ახლა მეც საკუთარი პატარა შინაგანი სამყაროსთვის ჩემს გარეთ რომელიმე საყვარელი ფაქტორისგან უნდა შევქმნა მსგავსი უშრეტი წყარო.

ჩნდება კითხვა:

რა არის ჩემს ჩვეულებრივ არსებობაში ისეთი, რაც, თუ კი მას მოვიშორებ, ყოველთვის შემახსენებს ჩემი სხვადასხვაგვარი მდგომარეობის შესახებ?

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, იმ დასკვნამდე მივედი, რომ საერთოდ უნდა შემეწყვიტა იმ განსაკუთრებული ძალის გამოყენება, რომელიც მქონდა, რომელიც შეგნებულად განვავითარე ჩემში და, ალბათ, სწორედ მაშინ მოხდებოდა ჩემგან ასეთი მუდმივშემხსენებელი წყაროს გამოდევნა.

კერძოდ, ლაპარაკია ძალაუფლებაზე, რომელიც დამყარებულია "ხაბ-ბლედზოინის" არეში კონცენტრირებულ ძალაზე, ან, როგორც სხვები უწოდებენ, ტელეპათიისა და ჰიპნოზის ძალაზე.

უმთავრესად ამ ჩემი უნარის წყალობით, რომელიც თავად გამოვიმუშავე ჩვეულებრივი ცხოვრების პროცესში, განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში, სიღრმისეულად გავფუჭდი და გავირყვენი, რის გამოც, დიდია ალბათობა იმისა, რომ ეს უნარი ცხოვრების ბოლომდე დარჩება ჩემში.

ამიტომ, თუ შეგნებულად მოვიკლებ ამ სიკეთეს, რომელიც ჩემი არსების ნაწილია, ეჭვგარეშეა, ყოველთვის და ყველაფერში ვიგრძნობ რომ ის მაკლია.

ვფიცავ, მუდამ მახსოვდეს, რომ არასოდეს გამოვიყენო ჩემი ეს ნიჭი და ამით საკუთარ თავს მოვაკლო მანკიერებათა დაკმაყოფილების საშუალება. სხვა ადამიანებთან ერთად ცხოვრების პროცესში ეს საყვარელი უნარი ჩემთვის საკუთრი თავის მუდმივად გახსენების ფაქტორად იქცევა.

არასოდეს, რამდენ ხანსაც არ უნდა ვიცხოვრო, არ დამავიწყდება, ჩემი განცდა, რომელიც მაშინ გამიჩნდა, როცა იქ ყოფნის ბოლო დღეს ზემოთ ხსენებული თვითდარწმუნება მოხდა ჩემში; ამას მოჰყვა დასკვნა, რომელიც, აგრეთვე, უკვე მოგახსენეთ ზემოთ.

როგორც კი ბოლომდე გავიაზრე ამ იდეის არსი, თითქოს ხელახლა დავიბადე; წამოვხტი და წყაროს გარშემო დავიწყე სირბილი, არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი, პატარა ხბოსავით დავკუნტრუშებდი.

ეს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ გადავწყვიტე, მთელი ჩემი არსებით ფიცი დამედო საკუთარ თავთან იმ დროს, როცა გონება ჩემთვის კარგად ნაცნობ მდგომარეობაში იყო, არასოდეს აღარ გამომეყენებინა ჩემი ეს ნიჭი.

აგრეთვე უნდა ავღნიშნო, რომ, როცა ფიცს ვდებდი, ცხოვრებაში არასდროს არ გამომეყენებინა ჩემი ეს თვისება, იქვე ერთი შენიშვნა გავაკეთე: ჩემი ფიცი არ ვრცელდებოდა ამ ნიჭის სამეცნიერო მიზნებისთვის გამოყენების შემთხვევებზე.

მაგალითად, მაშინ ძალიან მაინტერესებდა და ინტერესი ბოლომდე ახლაც არ გამნელებია, მედიუმის გამოყენების გზით შორეული კოსმოსური ობიექტების ხილვადობის რამოდენიმე ათასჯერ გაუმჯობესების, აგრეთვე, შთაგონების ძალით კიბოს მკურნალობის საკითხები.

ეს ყველაფერი იქ ჩემს მეორედ ჩასვლამდე დაახლოებით ორი წლით ადრე ხდებოდა.

მეორე ვიზიტის ბოლოს მთელი ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი ორ ნაწილად გაიყო, ამჯერად ჩემი თავისუფალი აზროვნების წყალობით, ანუ აზროვნებისა, რომელიც არ ექვემდებარება სხვა ადამიანების ავტომატურ ზეგავლენას.

უბედურება ისაა, რომ ამ დრომდე ჩემი შინაგანი სამყაროს მიზანი კონცენტრირებული იყო მხოლოდ ერთ დაუოკებელ სურვილში, ყველა მხრიდან გამომეკვლია და ჩავწვდომოდი ადამიანის ცხოვრების ზუსტ აზრსა და მიზანს.

დღემდე ჩემი თითოეული საქმიანობა, რომელსაც ვიწყებდი, ყველა შეცდომა ან წარმატება ჩემი შინაგანი სამყაროს ამ ერთადერთ მიზანთან იყო დაკავშირებული.

იმ დროს ჩემი მუდმივი მოგზაურობებისადმი მიდრეკილება და მისწრაფებაც, ხელი შემეწყო ადამიანთა თანაცხოვრების მოწესრიგების პროცესისთვის იმ ადგილებში, სადაც ასეთი მკვეთრი ენერგიული მოვლენები ხდებოდა, როგორებიცაა: სამოქალაქო ომი, რევოლუციები და ასე შემდეგ, აგრეთვე, ამ ერთადერთი მიზნიდან გამომდინარეობდა.

პირველ რიგში, ამ მოვლენების დროს იმ საკითხების გასარკვევად, რომლებიც ჩემს ძირითად მიზანთან იყო დაკავშირებული, შევკრიბე მასალა, რომელიც უფრო კონცენტრირებული და, ამდენად, უფრო პროდუქტიული იყო.

მეორეც, როგორც მეხსიერების შედეგი ჩემს ავტომატურ აზროვნებაში ყველა იმ საშინელებაზე, რაც დამახასიათებელია ძალადობრივი მოვლენებისთვის, რომელთა მომსწრეც გავხდი, და ბოლოს, იმ დაგროვილი შთაბეჭდილებებიდან, რაც რევოლუციონერებთან საუბრების დროს მივიღე წინა წლებში ჯერ იტალიაში, შემდეგ - შვეიცარიაში, და ბოლოს, სულ ცოტა ხნის წინ - ამიერკავკასიაში, ჩემში ნელ-ნელა ჩამოყალიბდა, გარდა უწინდელი ერთადერთი მიზნისა, კიდევ ერთი დაუოკებელი მიზანი.

ჩემი შინაგანი სამყაროს ახლად გაჩენილი მეორე მიზანი ზოგადად შემდეგში მდგომარეობდა: რადაც არ უნდა დამჯდომოდა, უნდა მეპოვნა რაღაც გზა ან საშუალება, რომ დამენგრია ადამიანებში შთაგონებისკენ მიდრეკილება, რომელიც მათ აიძულებს, ადვილად მოექცნენ "მასობრივი ჰიპნოზის" გავლენის ქვეშ.

ამიტომაც, ამ ჩემი შინაგანი მიზნის ზემოთ აღნიშნული "აღორძინების" შემდეგ , როცა პარალელურად ჩემი ჯანმრთელობის აღდგენის პროცესიც მიდიოდა, გონებაში ჩემი მომავალი მოქმედებების წინასწარი გეგმა შევადგინე.

მაშ ასე, იდეა, რომელმაც 6 ნოემბრის საღამოს უცებ იფეთქა ჩემში, შემდეგში მდგომარეობდა:

როგორც ჩანს, ბოლო დღეებში ჩემ მიერ განცდილი საშინელი უიმედობა და შინაგანი ძალების უჩვეულოდ დაძაბული ბრძოლა, რომელიც იმ დილას თითქმის ბოდვისმაგვარ თავდაჯერებაში გამოიხატა, სინამდვილეში სხვა არაფერი იყო, თუ არა პირდაპირი შედეგი იმ თავდაჯერებისა რომელიც დაახლოებით 30 წლის წინ ხდებოდა გობის უდაბნოს განაპირას, როცა თითქმის იმავე მდგომარეობაში ვიყავი, როგორშიც ახლა ვარ.

ამიტომ ოდნავ მოვმჯობინდი თუ არა, მაშინვე განვაგრძე ჩემი კვლევა, მაგრამ ამჯერად - ერთის ნაცვლად უკვე ორი განსაზღვრული მიზნით.

აქ აღარ ვილაპარაკებ იმაზე, ამის შემდეგ რა მოვიმოქმედე, არც იმის შესახებ გიამბობთ, როგორ ვიკმაყოფილებდი ჩემს შინაგან "ორთავიან ცნობისმოყვარეობის ჭიას", რადგან ეს უკვე ავღწერე დაწვრილებით ჩემი ნაწერების მესამე სერიის ერთ-ერთ წიგნში.

მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ აუცილებლად მივიჩნიე, სადმე შემექმნა "დამხმარე ინსტრუქტორების მოსამზადებელი" დაწესებულება იმ მიზნით, რომ ადამიანების ცხოვრებაში შემეტანა ის ცოდნა, რომელსაც უკვე დავეუფლე.

როცა ეს აუცილებლობა გაჩნდა, მაშინ "შედარებითი ანალიზის" შედეგად ამ მიზნისთვის ყველაზე შესაფერის ქვეყანად რუსეთი ჩავთვალე.

ამ მიზნით 1912 წელს რუსეთის გულში, ქალაქ მოსკოვში აღმოვჩნდი, სადაც დავიწყე ასეთი დაწესებულების შექმნა და მას "ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი" ვუწოდე.

ორწლიანი მუდმივი ფსიქო-ფიზიკური დაძაბული მუშაობის შედეგად საქმე სწრაფად მიიწევდა წინ და უკვე უნდა დასრულებულიყო კიდეც, მაგრამ მოულოდნელად ომი დაიწყო; ომი, რომელზეც არავინ ფიქრობდა რომ ამდენ ხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ რომელმაც ნელ-ნელა ქრონიკული სახე მიიღო და ახლა უკვე მეორე მსოფლიო ომის სახელითაა ცნობილი.

ნელა გადიოდა წლები, ეს წლები ჩემი საწყალი ფიზიკური სხეულისგან უკვე განუწყვეტლივ მოითხოვდა არა მარტო დაძაბულ შრომას, არამედ დღეში რამდენჯერმე წოვდა მისგან ყოველგვარ სასიცოცხლო ძალას, რომელიც ნებისყოფისა და მოთმინებისთვის იყო დაგროვილი.

რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, მე უკვე ვიწყებდი შეგუებას იმ პირობებთან, რომელიც კაცობრიობის ამ საერთო ბოროტების მიერ იყო შექმნილი, როცა მოულოდნელად, ძალიან ნ-ე-ლ-ა და ძალიან ა-რ-ა-მ-ო-მ-ა-ბ-ე-ზ-რ-ე-ბ-ლ-ა-დ გამოჩნდა მადამ რუსეთის რევოლუცია.

ამ პატივცემულმა ლედიმ, თუმცა ჯერ არც თუ ისე მყარად იდგა მიწაზე, ჩემს საბრალო ფიზიკურ სხეულს მაშინვე ისეთი იარები და დაზიანებები მიაყენა, სულ მალე მისი ყოველი ატომი შეიკუმშა შიშისგან და ვერც ერთი წუთით ვეღარ პოულობდა სიმშვიდეს.

ნელა გადიოდა თვეები, მე კი ისეთი გრძნობა მქონდა, რომ საუკუნეები გავიდა; ჩემი გარეგანი სამყარო უჰაერობისგან კონვულსიებში ჩავარდა, მაგრამ მაინც მიდიოდა გამოცოცხლების პროცესი, რომელსაც მუდმივად ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტორები იწვევდა ჩემს შინაგან სამყაროში; ამ გამოცოცხლებამ უმაღლეს ხარისხს მიაღწია.

ამ შინაგან გამოცოცხლების მდგომარეობაში ისე დავიწყე მოქმედება, რომ საერთოდ არ ვფიქრობდი მომავლის პერსპექტივებზე.

აქ ჩემი ფიზიკური სხეულისთვის კიდევ ერთხელ დაიწყო "ფოკუსების" წყება, რომლებიც უჩვეულოა ადამიანის ფსიქიკისთვის.

მაშინვე გავაგრძელე ჩემი მოგზაურობა ისევ გაუვალი გზებით, ამჯერად - კავკასიის მთებში. რა თქმა უნდა, მას, როგორც ასეთი მოგზაურობების დროს ხდება ხოლმე, ხშირად შიმშილი და სიცივე ახლდა თან; ეს ემატებოდა იმ მუდმივ ღელვას ჩემს ახლობელ ადამიანებზე, როგორც მათზე, ვინც ამ ქაოსში უკან დამრჩნენ, ისევე მათზე, ვინც ჩემს გვერდით იყვნენ. მერე, გარდა იმისა, რომ მძიმე ფორმის დიზინტერია დამემართა, გამიხსენა "ანგინამაც" (ანგინა პეცტორის), ძველმა ავადმყოფობამ, რომლისგანაც სრულიად განკურნებული მეგონა თავი.

ამის მერე იყო რამდენიმე თვე უმკაცრეს პირობებში ცხოვრებისა და ერთი ადგილიდან მეორეზე მოგზაურობისა, რომელსაც სხვა დანარჩენთან ერთად თან სდევდა გარდაუვალი აუცილებლობა მუდმივად "დადარაჯებულად" ყოფნისა, რათა მე ან ჩემი ახალგაზრდა თანამგზავრები, რომლებსაც ჯერ არ გაესინჯათ ცხოვრების "დელიკატესების" გემო, იმ დროისთვის საერთო ევროპული "პოლიტიკური ფსიქოზის" მსხვერპლად არ ვქცეულიყავით.

მერე - ორწლიანი განუწყვეტელი ფსიქოფიზიკური მუშაობა ინსტიტუტის ორგანიზებისთვის, ამჯერად უკვე საფრანგეთში.

ჩემი ხანგრძლივი და უცნაური ცხოვრების სწორედ ამ მომენტში კაპრიზულმა და თავნება ბედმა ახალი სიურპრიზი მომიმზადა, ეს იყო მისი მთავარი ხუმრობა.

იმ დროისთვის უკვე ნათელი გახდა,რომ, ერთი მხრივ, მთელი ის მატერიალური რესურსები, რაც ყოფილი რუსეთის ტერიტორიაზე მქონდა, სამუდამოდ დავკარგე და, მეორე მხრივ, სამ თვეში თუ სულ ცოტა ერთი მილიონი ფრანკი მაინც არ მექნება, ნამდვილად სრული ბანკროტი ვიქნები, თანაც სამუდამოდ.

ჩემს უბედურ ფიზიკურ სხეულში, რომელიც მთლად ძალაგამოცლილი, უკიდურეს ზღვარზე იყო მისული, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის დაძაბული მუშაობით, ამ ორი სიურპრიზის გამო ჩემი აზროვნება ისეთი პროპორციებით გაიზარდა, რომ ტვინი თავის ქალაში ვერ ეტეოდა.

მაგრამ მოხდა სასწაული და თავი არ გამისკდა, ამიტომ გადავწყვიტე, სარისკო მოგზაურობა მომეწყო ამერიკაში; იქ ბევრ ხალხთან ერთად ვიმგზავრე, რომელთაგან უმრავლესობამ ჩემსავით არც ერთი სიტყვა არ იცოდა ადგილობრივ ენაზე და არც ერთს გროშიც არ ედო ჯიბეში.

და აი, მაშინ ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელ ფინალურ აკორდად ჩემი დაუძლურებული სხეული, რომელსაც უკვე აჩნდა ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების კვალი, რომლებიც განვლილი ცხოვრების გზაზე ჰქონდა მიღებული, 90 კილომეტრი საათში სიჩქარით მიმავალი ავტომობილით ყველაზე უმსხვილეს ხეს შეასკდა. ეს ამერიკიდან ევროპაში დაბრუნებიდან ერთი თვეში მოხდა.

როგორც გაირკვა, ასეთი "პრომენადის" შემდეგაც ვერ გავნადგურდი საბოლოოდ და რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემდა საუბედუროდ, ჩემს სრულიად დასახიჩრებულ სხეულში კვლავ დამიბრუნდა გონება სრული ძალითა და მთელი თავისი უწინდელი ატრიბუტებით.

ამის მერე ძალიან მალე ჩემ წინაშე წამოიჭრა და სრულიად აშკარა გახდა ორი ფაქტი:

პირველი ფაქტი იმაში მდგომარეობდა, რომ ყველაფერს, რაც მეტ-ნაკლებად მაინც მოვამზადე ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩემი შინაგნი სამყაროს მეორე მთავარი მიზნის მისაღწევად, ხანგრძლივი პაუზის გამო, ვგულისხმობ ჩემს უშუალო მონაწილეობას, უსათუოდ დაღუპვა ემუქრებოდა.

მეორე იმაში მდგომარეობდა, რომ ის ზიანი, რომელიც საავტომობილო ავარიის გამო მიადგა ჩემს ფიზიკურ სხეულს, თუკი ოდესმე აინაზღაურებდა და ჩემი ფიზიკური ჯანმრთელობა აღდგება, ეს მალე ნამდვილად არ მოხდება.

როცა ეს ორი უტყუარი ფაქტი სრულიად გავაცნობიერე, ჩემში დაიწყო ამ ორი ფაქტის როგორც ფიზიკური, ასევე მორალური სფეროების მომცველი შინაგანი ტანჯვა.

იმ დროისთვის უკვე შემეძლო სახლში გადაადგილება და ავტომობილით მოძრობაც კი, მხოლოდ ამას, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვინმეს დახმარებით ვაკეთებდი.

ვცდილობდი რა, გარეგნულად მუდამ მშვიდი იერი შემენარჩუნებინა, რათა ჩემი ახლობლებისთვის დამატებითი საზრუნავი არ გამეჩინა, ამ შინაგანი ორი სახის ტანჯვის აკომპანიმენტის თანხლებით სულ ვფიქრობდი, ვფიქროდი, განუწყვეტლივ ვფიქრობდი ჩემს მდგომარეობაზე.

სწორედ ამ ფიქრის პარალელურად ჩემში აგორდა მორალური სატანჯველის მეორე ტალღა.

უფრო ზუსტად რომ გითხრათ: მე მივხვდი და რამდენიმე დღის შეუმჩნეველი დაკვირვების შემდეგ გარკვევით დავადგინე ის ფაქტი, რომ ჩემი გულით საყვარელი ცოლის ავადმყოფობა იმ სპეციალური მკურნალობის შეწყვეტის მიზეზით, რომელსაც მე ვუტარებდი, აგრეთვე, იმის გამო, რომ ჩემი ავადმყოფობის დროს ჩემი მოვლის პროცესში მან სრულიად დაივიწყა საკუთარი თავი, ისე იყო მიშვებული, რომ იმ დროისთვის უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა მისი განკურნების შესაძლებლობა.

ამას ისიც დაემატა, რომ ექიმები, რომლებიც დედაჩემს მკურნალობდნენ და რომლებიც ჩემთან ისე მოდიოდნენ, როგორც ძველი მეგობრები, ხშირად მიმანიშნებდნენ რომ სულ უფრო სწრაფად ხდებოდა მისი ქრონიკული ავადმყოფობის პროგრესირება.

მე შეგნებულად მოვიშორე თვიდან ამ მეორე ტალღის მორალური სატანჯველის მიზეზებზე ფიქრი, რადგან აშკარად ვგრძნობდი საკუთარ უსუსურობას.

მთელი ყურადღება შეგნებულად გადავიტანე პირველი ტალღის მორალური ტანჯვის მიზეზებსა და მათი შედეგების გააზრებაზე, რათა ტანჯვის მეორე ტალღისთვის ამერიდებინა თავი.

მხოლოდ მაშინ, მრავალი დღის აქტიური და სერიოზული ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე საკუთარი მიზნებისთვის გამომეყენებინა ის ერთადერთი საშუალება, რომელიც ჩემს იმჟამინდელ მდგომარეობაში იყო ჩემთვის ხელმისაწვდომი.

გადავწყვიტე, ჩემი შინაგანი სამყაროს ყველა ფუნქცია ერთი მიზნისკენ მიმექცია - როგორმე უნდა მომეხერხებინა, გადმომეცა თავად არსი იმ მასალისა, რომელსაც შუქი მოვფინე მთელი კაცობრიობის საკეთილდღეოდ და სულ ერთი იყო, როგორი აღწერილობითი ფორმით გავაკეთებდი ამას.

ამ გადაწყვეტილებით იმავე დღეს დავიწყე კარნახი. ეს მოხდა 1925 წლის 1 იანვარს.

ზემოთ ვთქვი, კარნახი დავიწყე-მეთქი, რდგან იმდენად დასუსტებული ვიყავი, რომ წერა არ შემეძლო, მხოლოდ კარნახს ვახერხებდი.

იმ მომენტიდან ფიზიკური ტანჯვით, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდებოდა და რომელსაც ხშირად თან ახლდა მეორე ტალღის მორალური ტანჯვა, ვწერდი, განუწყვეტლივ ვწერდი, ცვლილებები შემქონდა და კვლავ ვწერდი.

სულ თავიდან, ჩემთვის უფრო ნათელი რომ გამეხადა ჩემი იდეის თხრობის ლოგიკური კავშირი და თანმიმდევრული განვითარება, წესად შემოვიღე როგორც სახლში, ასევე მოგზაურობისას ხმამაღლა კითხვის საღამოები, რომლის დროსაც სხვა ადამიანების თანდასწრებით ვუსმენდი ამა თუ იმ ნაწყვეტს, რომელზეც იმ დროს ვმუშაობდი.

ეს ადამიანები ყოველთვის იყვნენ ჩემს მიერ დაარსებული ინსტიტუტის სტუდენტები, რომლებიც კვლავ ჩემს გვერდით რჩებოდნენ, ან ჩემი იდეების ძველი მიმდევრები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელებსაც შემთხვევით გადავეყარე მოგზაურობის დროს, ანდა ისინი, ვინც ძველი ჩვეულების თანახმად პერიოდულად განაგრძობდნენ ჩემთან სტუმრობას.

იმ დროს ჩემს მდგომარეობას, როგორც ზემოთ აგიღწერეთ, უკვე ვაკონტროლებდი და როცა სექტემბერში ზუსტად გავარკვიე რასთან მქონდა საქმე, მას შემდეგ ხშირად ვფიქრობდი ამაზე, ეს ფიქრი კი იმ შედეგით დასრულდა, რომ ბოლოს და ბოლოს, 6 ნოემბერს კატეგორიულ გადაწყვეტილებამდე მივედი, რომლის შესახებაც ქვემოთ გიამბობთ.

ამიტომ ახლა, ყველა ამ ახსნა-განმარტების შემდეგ, ვფიქრობ, ნებისმიერ მკითხველს ადვილად შეუძლია წარმოიდგინოს, როგორი დილემა იდგა ჩემს წინაშე, როცა თითქმის სამი წელი წარმოუდგენელი სირთულეების პერიოდში ვიმუშავე და უკვე მშვიდ სიკვდილს ვაპირებდი, გარკვევით და ნათლად მივხვდი, და ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ადამიანები, რომლებიც არ მიცნობდნენ, ჩემი ნაწერებიდან აფსოლუტურად ვერაფერს გაიგებდნენ.

ჩემი კატეგორიული გადაწყვეტილება, რომლამდეც 1927 წლის 6 ნოემბერს მივედი, შემდეგში მდგომარეობდა:

უნდა მომეხდინა მთელი ჩემი არსების როგორც შეძენილი, ასევე მემკვიდრეობითი უნარებისა და შესაძლებლობების მობილიზება და დამდეგი ახალი წლის მოსვლამდე, ეს სწორედ ის დროა, როცა ღმერთის მიერ შექმნილ ქვეყანას მოვევლინე, მომეძებნა ამ სიტუაციიდან დამაკმაყოფილებლად გამოსვლის რაიმე საშუალება.

თუ ასეთი საშუალების მოძებნას ვერ მოვახერხებდი, იმ შემთხვევაში ძველი წლის ბოლო საღამოს უნდა დამეწყო ჩემი ჩანაწერების განადგურება და დრო ისე უნდა განმესაზღვრა, რომ ზუსტად ღამის 12 საათზე ჩანაწერების ბოლო გვერდთან ერთად საკუთარი თავიც უნდა გამენადგურებინა.

ამ დღიდან მოყოლებული ვცდილობდი რა, გარეგნულად კვლავაც ისე მემუშავა, როგორც მანამდე, ისე რომ ჩემი უჩვეულო მდგომარეობა გარშემომყოფებისთვის შესამჩნევი არ ყოფილიყო, ჩემი აზრები ამ ერთადერთი კითხვისკენ მივმართე: როგორ გამოვსულიყავი ამ სასოწარკვეთილი მდგომარეობიდან.

ვინაიდან ჩემს კითხვაზე ძალიან დაძაბული ვფიქრობდი, ერთ-ორ დღეში ყველა აზრი, რომელიც ავტომატურად ჩნდებოდა ჩემში, აგრეთვე ავტომატურად მხოლოდ ამ საკითხთან მიმართბაში ვითარდებოდა.

დრო მიდიოდა. საშობაო არდადეგები ახლოვდებოდა.

ვიყავი რა შინაგანად სულ ამ ფიქრებით მოცული, საგრძნობლად გავხდი და დავსუსტდი; თან, რაც ყველაზე ცუდი იყო, ამას ისიც დაემატა რომ რატომღაც კვლავ იჩინა თვი ჩემი წარსულის ავადმყოფობებმა, რომლებიც წლების წინ მქონდა გადატანილი.

კარგად მახსოვს, სწორედ ამ პერიოდში, ერთხელ, როცა ფიზიკურად, სრულიად ძალაგამოცლილმა და დაქანცულმა ავტომობილით როგორც იქნა გადმოვიარე პირინეის უღელტეხილის ყველაზე სახიფათო მოყინული დაღმართი და ერთ პროვინციულ უსახურ კაფეში ვიჯექი, საყვედურით ვკითხე საკუთარ თავს:

აი, ახლა, კონკრეტულად რისი გაკეთებაა აუცილებელი იმისთვის, რომ, პირველ რიგში, ბოლომდე კმაყოფილი ვიყო იმით, რასაც ვწერ; მეორეც, იმისთვის, რომ შესაფერისი პირობები შევქმნა მათი გავრცელებისთვის?

მას შემდეგ, რაც ადგილობრივი „მშვენების“, „არმანიაკის“, ბევრი ჭიქა გამოვცალე და საკმაოდ დიდხანს და სერიოზულად ვიფიქრე ამ კონკრეტულ კითხვაზე, პასუხს ასეთი ფორმულირება მივეცი:

ჩემი ეს ორი სურვილი, რომელიც აბსოლუტურად მაკმაყოფილებდა, შესრულდებოდა სამი სრულიად განსაზღვრული პირობის შემთხვევაში.

პირველი - თავიდან უნდა გადამეწერა ჩემი ჩანაწერები, მხოლოდ ახალი ფორმით; ფორმით, რომელსა ახლა მივხვდი.

მეორე - ამის პარალელურად უნდა შემესწავლა და ყოველ მხრივ უნდა გამერკვია დეტალები ადამიანის ზოგადი ფსიქიკის ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობი და ძალიან სიღრმისეული ზოგიერთი საკითხის შესახებ და ეს ინფორმაცია ჩემს ნაწერებში უნდა გამომეყენებინა.

და მესამე - ამ პერიოდში, ვიდრე წიგნებზე მუშაობას დავასრულებდი, უნდა მქონოდა საშულაება, ჩემი ფიზიკური სხეული და სული იმ დონემდე განმეახლებინა, რომ იმ დროისთვის, როცა ყველაფერს დავასრულებდი, თავად შემძლებოდა მათი გავრცელების პროცესის მართვა, თანაც იმ ენერგიულობითა და დაჟინებით, ახალგაზრდობაში რომ მჩვეოდა.

იმავე დღეს გზაში, როცა ამ ფანტასტიკური აზრებით ვიყავი მოცული, გამოვითვალე, სხვათა შორის, რომ ზემოთ ნახსენები ადამიანის ფსიქიკის უცნობი მონაცემების შესასწავლად და ჩემი ჩანაწერების ახალი ფორმით გადმოსაცემად დაახლოებით 7 წელი მაინც დამჭირდებოდა.

სხვათა შორის, აქვე მოგახსენებთ, რომ ამ შვიდწლაინი პერიოდის გამოთვლასთან დაკავშირებით საკუთარი თავისადმი ირონიული გრძნობაც კი გამოჩნდა და სწორედ მაშინ ვიფიქრე:

განა საინტერესო არ იქნება, მართლა ასე რომ მოხდეს, 7 წელი კიდევ რომ ვიცოცხლო და ამ პერიოდში ყველაფერი დავამთავრო, რაც განვიზრახე?

თუ მართლა ასე მოხდება, მაშინ, იმ ყველაფერთან ერთად, რაც დასრულდება, ეს სულ მცირე ერთი შესანიშნავი და ექსტრაორდინარული მაგალითი მაინც იქნება დეტალური პრაქტიკული მტკიცებულებისთვის შედეგის მიღების კანონზომირებისა, რომელიც კოსმიური „შვიდგზისობის“ კანონიდან გამომდინარეობს და რომელიც ჩემს ნაწერებში საკმაოდ დეტალურადაა თეორიულად ახსნილი.

შობის წინა დღეს, უკვე უკიდურესად დაღლილი და ძალგამოცლილი როგორც მუდმივად აქტიური ფიქრით, ასევე ავტომობილით გადაბმული მგზავრობით, ჩემს სახლში, ფონტენებლოში, დავბრუნდი.

ავტომობილიდან რომ გადმოვედი, მაშინვე საწოლისკენ არ წავსულვარ, რომ დავწოლილიყავი, როგორც უკვე მიჩვეული ვიყავი; ამის ნაცვლად ბაღისკენ გავემართე იმ იმედით, რომ იქ სიჩუმეში, ნაცნობ და მყუდრო გარემოში დაძაბულობას მოვიხსნიდი და ცოტა დავისვენებდი.

მცირე მაძნილი ბორძიკით გავიარე და ვინაიდან ძალიან დაღლილი ვიყავი, პირველივე სკამზე ჩამოვჯექი, რომლამდეც ძლივს მივაღწიე.

ისე მოხდა, რომ სწორედ იმ სკამზე დავჯექი, რომელზეც ჩემი მწერლობის დაწყების პირველ წელს ჩვევად მქონდა ჯდომა და მუშაობა.

იმ დროს იქ ხშირად მოდიოდა ჩემი ორი უახლოესი ადამიანი. ეს ის ორადორი ადამიანი იყო, რომელთანაც ნამდვილ სულიერ ნათესაობას ვგრძნობდი. ისინი ჩემს გვერდით აქეთ-იქით სხდებოდნენ.

ერთი ჩემი უსაყვარლესი მოხუცი დედა იყო, მეორე კი - ჩემი ერთადერთი და გულით საყვარელი ცოლი.

ამჯამად ორივე ეს ადამიანი, ჩემი, შინაგანი სამყაროს ორადორი უახლოესი ადამიანი გვერდიგვერდ მშვიდად განისვენებს სასაფლაოზე, რომელიც ორივესთვის, ისევე როგორც ჩემთვის, სრულიად უცხო ქვეყანაშია.

ჯერ დედაჩემი გარდაიცვალა ღვიძლის დაავადებით ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ; რამდენიმე თვეში, ჩვენი დროის საშინელი დაავადებით, კიბოთი, გარდაიცვალა ჩემი ცოლი.

ეს ქვეყანა, საფრანგეთი, სხვათა შორის, ამ ჩემი ორადორი უახლოესი ადამიანისთვის სამუდამო ნავსაყუდელად რომ იქცა, მაგრამ რომელიც ჩემი ბუნებისთვის მართლა სრულიად უცხო იყო, ჩემს განცდებში მხოლოდ ამ მიზეზით, ჩემს მშობლიურ მიწად დარჩება მუდამ.

და აი, როცა ამ სკამზე ვიჯექი და თითქმის მექანიკურად ვაკვირდებოდი ნაცნობ გარემოს, ჩემში იდეების ასოციაციით ამოტივტივება დაიწყო ემოციებმა, რომლებიც ამ ადგილზე მქონდა განცდილი.

უცებ გამახსენდა და ცხადად წარმოვიდგინე სურათი, რომელსაც აქტიური ფიქრისგან დასვენების ხანმოკლე პერიოდში ვხედავდი ხოლმე.

სახელდობრ, ვხედავდი, ჩემგან ხელმარცხნივ ბილიკს ორი ფარშევანგის, კატისა და ძაღლის თანხლებით ნელი ნაბიჯით როგორ მოუყვებოდა მოხუცი დედა, რომელიც მუდამ მეხსომება.

აქ არ შემიძლია, არ გიამბოთ დედაჩემის და ზემოთ ხსენებული ცხოველების ურთიერთობის შესახებ, ვინაიდან ეს, მართლაც უჩვეულო ამბავი იყო თანამედროვე ადამიანების ცხობრებაში.

ამ ოთხმა, ხასიათით სრულიად განსხვავებულმა ცხოველმა წინასწარ იცოდა, როდის გამოვიდოდა დედაჩემი სახლიდან. კართან იყრიდნენ თავს და მის გამოჩენას ელოდნენ. ამის შემდეგ, სადაც არ უნდა წასულიყო ის, ისინიც მწყობრი ნაბიჯით მიყვებოდნენ თან.

კატა ყოველთვის წინ მიდიოდა, ფარშევანგები აქეთ-იქით გვერდზე მიყვებოდნენ, ძაღლი კი უკან მისდევდა.

ჩვეულებრივ, სწორედ იმ დროს, როცა დედაჩემი გამოდიოდა სახლიდან, რომელსაც „Le Paradou“ ერქვა და ჩემი მიმართულებით მოდიოდა, თავისი სახლიდან, რომელსაც “La Priére” ერქვა, გამოდიოდა ჩემი ცოლი, რომელიც აგრეთვე ჩემკენ მოემართებოდა.

ორივე ტროსტით და ორივე წელში მოხრილი დადიოდა.

გამოგიტყდებით, პირველის წელში მოხრილი ფიგურა ისე ძალიან არ მაფიქრებდა, რადგან ეს ნორმად მიმაჩნდა ნებისმიერი მის ასაკში მყოფი ადამიანისთვის.

რაც შეეხება მეორის მოხრილ პოზას, ვერაფრით ვეგუებოდი; ყოველ ჯერზე, როცა ამას ვხედავდი, ჩემში პროტესტის გრძნობა იღვიძებდა და გული ისე მიძგერდა, როგორც სირბილის დროს უცებ გაჩერებულ ცხენს.

ამის მიზეზი ის იყო, რომ სულ რაღაც 18 წლის წინ ამ, ახლა წელში მოხრილი და სახეგაყვითლებული ქალის გამო, რომელიც სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა სანკტ-პეტერბურგში გამართულ სილამაზის კონკურსზე, იმ დროს გაფურჩქვნის ხანაში მყოფმა ცნობილმა ლენა კავალერიმ თავისი პირველი პრიზი დაკარგა.

ვიჯექი რა მშვიდად და არანაირად არ ვუშლიდი ხელს ამ ორ უძვირფასეს ქალზე ფიქრთა ავტომატურ დინებას, რომელიც ამ ადგილთან იყო დაკავშირებული, გამახსენდა და თავიდან განვიცადე ის ძალზედ გულის ამაჩუყებელი გრძნობა, რომელსაც არც თუ იშვიათად განვიცდიდი, როცა ისინი ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ ხოლმე.

გამახსენდა, რა ხშირად ხდებოდა, როცა ისინი ჩემ გვერდით ისხდნენ, ერთი - მარჯვნივ, მეორე - მარცხნივ, თან ისე ახლოს, რომ შეხებას ვგრძნობდი, ზოგჯერ, როცა წინ ვიხრებოდი ჩემს სამუშაოზე კონცეტრირებული, შეეძლოთ ჩემს ზურგს უკან ეჩურჩულათ, მხოლოდ ჩუმად, ძალიან ჩუმად, ისე, რომ ჩემთვის ხელი არ შეეშალათ.

მათი ეს ჩურჩული და ასეთი ურთიერთგაგება ყოველთვის ძალიან მიჩუყებდა გულს.

საქმე ისაა, რომ დედაჩემმა არც ერთი სიტყვა არ იცოდა ჩემი ცოლის ენაზე, ჩემს ცოლს კი სიტყვა არ ესმოდა იმ ენაზე. რომელზეც დედაჩემი ლაპარაკობდა.

მიუხედავად ამისა, ისინი არა მარტო ძალიან თავისუფლად ახერხებდნენ აზრების გაცვლა-გამოცვლას, არამედ ძალიან მოკლე, დროში შეძლეს ერთმანეთისთვის ცხოვრებისეული გამოცდილებისა და მთელი თვიანთი ცხოვრების ისტორიის გაზიარება.

ამ ცენტრისკენული სიყვარულის საერთო ობიექტის გამო ძალიან მალე შექმნეს თავისებური დამოუკიდებელი დიალექტი, რომელიც რამდენიმე ენის ნაკრები იყო.

რადგან ჯერ კიდევ გრძელდებოდა ზემოთ ხსენებული განცდები, ჩემი ფიქრი შეუმჩნევლად კვლავ დაუბრუნდა თემას, რომელიც თვითდაკვირვების დროს მტანჯავდა.

ამ ფიქრში წამოვდექი და სახლში წასვლა დავაპირე, რადგან უკვე საგრძნობლად გრილოდა.

რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და მოულოდნელად გამიჩნდა აზრი, რომელიც მცირე ხნის დაკვირვების შემდეგ აბსოლუტურად ნათელი გახდა ჩემთვის:

ამ ხნის განმავლობაში, როცა უაღრესად დაკავებული ვიყავი წერითი საქმიანობით, ჩემი შრომისუნარიანობის ხარისხი და პროდუქტიულობა იყო შედეგი და მას განაპირობებდა ის, თუ რამდენად ხანგრძლივად და მძიმედ ახდენდა ჩემი აქტიური აზროვნება ამ ორ უახლოეს ქალთან დაკავშირებით ჩემში მიმდინარე ტანჯვის ავტომატურ, ანუ პასიური, განცდის კონსტატაციას.

რადგან თავიდანვე, როცა ფიზიკურად ჯერ კიდევ სრულიად დაუძლურებულმა ჩემს ნაწერებზე მუშაობა დავიწყე, დარწმუნებული ვიყავი და ამაში არც ერთი წამით არ მეპარებოდა ეჭვი მათი ჯანმრთელობის უიმედო მდგომარეობასა და მოახლოებულ სიკვდილში.

ამის შემდეგ კი, აი, რა ხდებოდა: თუ ოდნავ მაინც სუსტდებოდა ჩემი აქტიური ფიქრი წერის საკითხებთან დაკავშირებით, ჩემი არსების ყველა სულიერი ნაწილი ასოციაციურად დაუყოვნებლივ მათ გარშემო იწყებდა ტრიალს.

და ვინაიდან ნებისმიერ ასოციაციას, რომელიც მათთან იყო დაკავშირებული, თან სდევდა მტანჯველი პროცესი, ამ არასასიამოვნო პროცესისთვის თავი რომ ამერიდებინა, დაუყონებლივ ვეფლობოდი წერის საკითხებში.

აქვე აუცილებლად უნდა ვაღიარო ისიც, რომ ჩემი ტანჯვის ძირითადი მიზეზი ჩემი ცოლი იყო.

ამაში, როგორც ახლა ვხვდები, დიდ როლს თამაშობდა ჩემი, ასე ვთქვათ „შეურიგებელი პროტესტი“ შემთხვევითი და თავნება ბედისწერის უსამართლობის წინააღმდეგ.

უბედურება ის იყო, რომ, როგორც ბევრი ადამიანი მიიჩნევდა იმ დროს (და არ ვიცი, იქნებ ბევრი ახლაც ასე მიიჩნევს), დედამიწაზე ერთადერთი ადამიანი, ვისაც მისი ამ ავადმყოფობისგან სრულად განკურნება შეეძლო, მე ვიყავი, მაგრამ იმ დროს, ჩემი საკუთარი ავადმყოფობის გამო ამის გაკეთება ვერ შევძელი.

თავდაჯერებულობა, რომლითაც ამას ვაცხადებ, შესაძლოა, სურვილის შემთხვევაში გამართლებულად და ადეკვატურად გაიგოს თითოეულმა მკითხველმა, რომელიც ჩემი თხზულებებიდან მხოლოდ ერთ თავს მაინც წაიკითხავს „ვიბრაციის კანონის“ თემაზე.

მოკლედ, მძაფრი გრძნობებითა და საშინელი ფიქრებით შეპყრობილი გამოვედი ბაღიდან, გალეშილი მთვრალივით ბარბაცით გავუყევი ბილიკს და ძლივს მივაღწიე ჩემს ოთახამდე.

არ გამიხდია, ისე დავწექი და, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რამ არ მჩვეოდა, მაშინვე ჩამეძინა და მთელი ღამე მეძინა.

მეორე დილას, გავიღვიძე თუ არა, მაშინვე გამახსენდა ის აღმოჩენა, რომლის კონსტატირებაც წინა საღამოს მოვახდინე.

კიდევ ერთხელ ვცადე ამ ყველაფრის გახსენება და შედარება.

ამჯერად ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე კვლავ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ჩემი ავტორობის პირველი სამი წლის განმავლობაში ჩემი შრომისუნარიანობა ისევე, როგორც პროდუქტიულობა, მართლაც პირდაპირპროპორციული იყო ამ, ასე ვთქვათ, ჩემი ცნობიერებისა და ჩემი ტანჯვის „კონტაქტის“ ხანგრძლივობისა და სიღრმისა, რომელსაც დედაჩემისა და ჩემი ცოლის გამო განვიცდიდი.

არა და, ჩემი შრომისუნარიანობა იმ დროს, მართლაც, ფენომენალური გახლდათ, რადგან სულ ცოტა 10 000 კილოგრამი ქაღალდი მაინც გავავსე ჩემი ნაწერებით და შევეხე თითქმის ყველა საკითხს, რომელიც კი შეიძლება ადამიანის გონებაში გაჩნდეს.

ახლა უკვე ფხიზელ გონებაზე ამ ფაქტის დადასტურებამ სეიოზულად შემაშფოთა.

დიახ, სერიოზულად შემაშფოთა, რადგან ჩემი მრავალმხრივი გამოცდილების წყალობით, უკვე ვიცოდი და ამაში ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მართალია, ყველაფრის მიღწევა შეიძლება, რასაც მიზნად დაისახავ, მაგრამ ეს მხოლოდ გაცნობიერებული ტანჯვის შედეგად ხდება.

თუმცა, ჩემი შემთხვევის ობიექტური შესაძლებლობებით ახსნა სრულიად შეუძლებელი იყო.

ამის ახსნა შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ ამ კერძო შემთხვევაში, შეგნებულად არ ვიტანჯებოდი, როცა ეს პროცესი ავტომატურად მიდიოდა ჩემი ტიპისა და მასში შესაბამისი ფსიქოლოგიური ფაქტორების შემთხვევითი კრისტალიზაციის შესატყვისად.

ინტერესი, რომელიც ამ დილას გაჩნდა ჩემში, ისეთი ძლიერი იყო, რომ „ყოფნის წყურვილი“, რომლითაც მანამდე ვიყავი შეპყრობილი - რადაც არ უნდა დამჯდომოდა, გამოსავალი მეპოვა ამ უმძიმესი მდგომარეობიდან - მთლიანად გაქრა, მისი ადგილი კი ამ ფაქტის მიზეზის გარკვევის დაუოკებელმა სურვილმა დაიკავა.

კერძოდ, მსურდა გამეგო, რატომ და როგორ შეეძლო ჩემს ტანჯვას ამ შემთხვევაში ხელი შეეწყო ჩემი შრომისუნარიანობის გაზრდაში.

ჩემში მომხდარი ამ „შინაგანი სამყაროს რევოლუციის“ სასიკეთო რეზულტატი ის იყო, რომ ამ მომენტიდან შემეძლო თავისუფლად, აკვიატებული გრძნობების აყოლის გარეშე, კვლავ ჩვეული ფორმით მეფიქრა.

ჩემი აზროვნების ასეთმა ერთობლიობამ იქამდე მიმიყვანა, რომ იმავე საღამოს, როცა საშობაო ნაძვის ხის გარშემო შეკრებილ ბავშვებს და მათ თავშეუკავებელ მხიარულებას ვუყურებდი, უცებ, თითქოს თავისთავად გამიჩნდა რწმენა იმისა, რომ სრულიად შესაძლებელი იყო იმ სამივე ამოცანის შესრულება, რომელიც ასეთი აუცილებელი იყო ჩემთვის; და ეს შესაძლებელი იყო იმ ძალების საშუალებით, რომლებიც შინაგან სამყაროში მიმდინარე ბრძოლის შედეგად ჩნდება კერძოდ, იმ ძალებისა, რომლებიც თითოეულ ადამიანში ჩნდება მის ცნობიერსა და ბუნებრივ ავტომატურ განცდებს შორის მიმდინარე ჭიდილის შედეგად.

ძალიან კარგად მახსოვს, რომ ამ რწმენის გაჩენისთანავე მთელი არსებით რაღაც ერთიანი სიხარულის გრძნობით განვიმსჭვალე, რომელიც მანამდე არასოდეს განმეცადა.

ამასთან, ჩემი მხრიდან ყოველგვარი მანიპულაციის გარეშე შინაგანად გამიჩნდა ისეთი ძალის, ასე ვთქვათ, „თვითგახსენების“ გრძნობა, რომლის მსგავსიც მანამდე არასოდეს მქონია.

ბავშვების ზეიმი დასრულდა თუ არა, მაშინვე ჩემს ოთახში დავბრუნდი და ჩავიკეტე; რა თქმა უნდა, წინასწარ მოვიმარაგე ყავა და დავიწყე იმაზე ფიქრი, ამის შემდეგ რა უნდა მექნა.

სწორედ იმ ღამეს, აზრების ხანგრძლივი დაპირისპირების შემდეგ, ასეთი გადაწყვეტილება მივიღე:

1-ლი იანვრიდან თავიდან უნდა დამეწყო იმაზე მუშაობა, რისი გადმოცემაც მქონდა ჩაფიქრებული და ამისათვის ჩემი ფხიზლად ყოფნის მხოლოდ ერთი ნახევარი უნდა დამეთმო, ჩემი სიფხიზლის დროის მეორე ნახევარი კი 23 აპრილამდე, ჩემს დღეობამდე - მხოლოდ მუშაობის შესაძლო ხერხების კვლევისა და შემდგომი თანმიმდევრული შესრულების მიახლოებითი გეგმის ფორმულირებისთვის.

1-ლი იანვრიდან მოყოლებული, უკვე მთელ დღეს კი არ ვმუშაობდი, როგორც ადრე, არამედ დილას და საღამოს, განსაზღვრულ საათებში, დანარჩენ დროს კი ვუთმობდი ამა თუ იმ მეგობრისთვის, ჩემთვის პატივსაცემი ადამიანებისთვის, მოთხოვნების წერას ან ჩემ მიერ მოკვლეულ, აგრეთვე, ჩემთვის ცნობილი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური კანონების ცნებებზე დაყრდნობით, საერთო პროგრამის ცალკეულ დეტალებზე ფიქრსა და მის შემუშავებას.

შემდგომი ორი კვირის განმავლობაში ფიქრის დროს გაკეთებულმა დასკვნებმა იმ აზრამდე მიმიყვანა, რომ გადავწყვიტე, რომ აღარ შემედგინა დეტალური პროგრამა მთელი შემდგომი მომავალი ცხოვრებისთვის, არამედ გამეკეთებინა პროგრამა, რომელიც ყოველ სამ თვეზე იქნებოდა გათვლილი.

სამ თვეში ერთხელ საკუთარი თავი უნდა ჩამეყენებინა, ეგრეთ წოდებული. „ყველა ცენტრის წონასწორობის“ მდგომარეობაში და ამ მდგომარეობაში, შესაბამისად ცხოვრების უკვე არსებული გარემო პირობებისა ანდა იმ პირობებისა, რომელთა აღმოცენებაც შესაძლებელი იყო ალბათობის თეორიის შესაბამისად, შემედგინა დეტალური პროგრამა მომდევნო სამი თვისთვის.

ჩემი დღეობის წინა დღეს დასკვნის შესაბამისად, რომელიც ამ დროის განმავლობაში გავაკეთე, აგრეთვე, ერთი ბრძნული რჩევის წყალობით, რომელიც ჩემმა ძველმა მეგობარმა, ძალზედ პატივცემულმა ადამიანმა მომცა, ბოლოს და ბოლოს ასეთი გადაწყვეტილება მივიღე:

დეტალური პროგრამის დასრულების პარალელურად, რომელიც პირველი სამი თვისთვის უნდა შევადგინო, ჩემი დღეობიდან მოყოლებული ცხოვრებაში განუხრელად საბოლოო შესრულებამდე გავატარო სამი ამოცანა.

პირველი: მუშაობის დასაწყისშივე, აგრეთვე, პროცესის განმავლობაში რამდენჯერმე საკუთარ თავში ხელოვნურდ უნდა მოვახდინო სამი იმპულსის სტიმულირება;

პირველი მიზნისთვის, ანუ წერისთვის, გამოვიმუშავო „დაჟინებულობის“ იმპულსი; მეორე მიზნისთვის, ანუ, ადამიანის ზოგად ფსიქიკაში ღრმად ფესვგადგმული წვრილმანების შესწავლისთვის - „მოთმინების“ იმპულსი; ხოლო მესამისთვის, ანუ, ჩემი ორგანიზმის განახლებისთვის - „ტანჯვის“ იმპულსი, რომელიც ავტომატური განცდებით წარმოიშვება.

მეორე: ვისაც არ უნდა შევხვედროდი, კომერციულ საქმეებზე ან სხვა ნებისმიერი მიზნით, დიდი ხნის თუ ახალ ნაცნობს, რა სოციალური სტატუსისაც არ უნდა ყოფილიყო ის, დაუყოვნებლივ უნდა აღმომეჩინა მისი ყველაზე „მგრძნობიარე წერტილი“ და საკმაოდ ძლიერად დამეჭირა მასზე.

და მესამე: ჩემი ფიზიკური სხეულისთვის უარი არ მეთქვა არაფერზე, განსაკუთრებით საკვებთან მიმართებაში, და, იმავდროულად, მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და შემდეგ, უკვე მონელების პროცესში, მინიმუმ 15 წუთით მაინც ჩემ შიგნით მომეხდინა სიბრალულის გრძნობის სტიმულირება იმ ხალხზე ფიქრით, რომელსაც არა აქვს იმის საშუალება, რომ ასეთი საკვები ქონდეს.

ზემოთ ჩამოთვლილი ეს სამი „ნებელობითი ამოცანა“, რომელიც, უნდა აღინიშნოს, რომ ჩემ მიერ განზრახული მოქმედების წარმმართველ საწყისს ემსახურებოდა, ჩემ მიერვე გაერთიანებულ იქნა ერთდროულად რამდენიმე აბსოლიტურად სხვადასხვა მიზნის მისაღწევად.

თუმცაღა, ეს სამი მიზანი სხვა მიზნებთან ერთად განმარტებული იქნება ამ წიგნის შემდგომ ტექსტში, მინდოდა აქვე მეთქვა, რომ მათ გაერთიანებაში დიდი როლი ითამაშა ერთი პატარა ფაქტის კონსტატაციამ.

სახელდობრ, ერთი ადამიანის ნერვული სისტემის ფუნქციონირებისა და აგებულობის შესახებ ფიქრისას, სხვათა შორის, გამახსენდა და შემდგომი გააზრებისას ძალიან ნათლად დავადგინე შემდეგი:

საავტომობილო კატასტროფის შემდეგ ჩემი, ასე ვთქვათ, „დიდი ავადმყოფობის“ მთელი მეორე პერიოდის განმავლობაში, როცა ცნობიერება დამიბრუნდა, სხეული კი ჯერ ისევ უსუსურ მდგომარეობაში იყო და როცა მეგობრები მოდიოდნენ სანახავად, იმისდა მიუხედავად, მელაპარაკებოდნენ თუ უბრალოდ ჩემ გვერდით იყვნენ, მათი წასვლიდან რამდენიმე საათის განმავლობაში თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი.

მათი გულწრფელი თანაგრძნობა ყოველ ჯერზე, მართლაც, ბადებდა ჩემში აზრს, რომელიც შეიძლება ამგვარად გამოიხატოს: „მოვიდნენ, გამომწოვეს როგორც ვამპირებმა და წავიდნენ“.

ამიტომ გადავწყვიტე რა, გავყოლოდი ჩემს პროგრამას, ჩემი ჩანაფიქრის პრაქტიკულად განხორციელების დაწყებამდე და მისი აუცილებელი შესრულებისთვის ფიცი დავდე საკუთარ თავთან:

ეს მოხდა 1928 წლის 6 მაისს, ახალი კალენდრით.

ჩემი სახლისთვის ჩვეულ, ასე ვთქვათ, „მრავალრიცხოვან პარაზიტთა ერთდროულად დაწყნარების“ შემდეგ, როცა კვლავ ჩავიკეტე ოთახში და თავი საჭირო მდგომარეობაში მოვიყვანე, პირველი საზეიმო ფიცი დავდე:

გონივრული იქნებოდა, კვლავ აღმენიშნა, სხვათა შორის, ჩემს დღეობაზე მყოფი ერთერთი ადამიანი მხრიდან ჩემს მიმართ ზოგიერთი ქმედების გამო ასეთი რამ გადავწყვიტე:

სამომავლოდ სხვადასხვა სერიოზული საბაბით ჩემი თვალთახედვიდან მომეშორებინა ყველა ადამიანი, ვინც ამა თუ იმ სახით ზედმეტად კომფორტულს ხდიდა ჩემს ცხოვრებას.

რათა ამ შვიდი წლის განმავლობაში შესაძლებელი გამეხადა მაშინ ჩემ წინაშე დასახული მიზნების მიღწევა, ჩემი შინაგანი და გარეგანი სამყაროს სფეროში განუხრელად ვასრულებდი სხვადასხვა ხანგრძლივობის განსაკუთრებულ „ნებელობით ამოცანებს“.

საკუთარ თავს ვუყენებდი ამ ამოცანებს, მერე ვცვლიდი, კვლავ ვცვლიდი ან საერთოდ თავს ვანებებდი, ერთი ხრივ, ჩემი ჩვეულებრივი ცხოვრების უკვე არსებული ან მოსალოდნელი გარემოებებისა და, მეორე მხრივ, წერასთან დაკავშირებით აღმოცენებული ახალი იდეებისა და სურვილების შესაბამისად.

დღეს 1935 წლის 2 აპრილია, ახალი კალენდრით, ჩემ მიერ დასახული მიზნების ცხოვრებაში შეგნებულად დანერგვისა და ზემოთ აღნიშნული სამი ფუნდამენტური მიზნის მიღწევის შესაძლებლობისთვის „ნებელობითი ამოცანების“ ბოლო ვადა კი დადგება ამავე წლის 23 აპრილს, ძველი კალენდრით.

ამ პერიოდში „ჩემი თავქარიანი ტრიუკის“ წყალობით, რაც, მართლა, უჩვეულო იყო ადამიანების ცხოვრებაში, დამაკმაყოფილებელზე უკეთესი ხარისხით შევასრულე შემდეგი:

პირველი: სამი პატარა ბროშურა 10 სქელტანიან ბროშურად „გავბერე“.

მეორე: არა მარტო მრავალმხრივ გამოვიკვლიე და გავიგე ადამიანის ჩვეულებრივ ფსიქიკაში ღრმად ჩანერგილი სხვადასხვა წვრილმანი, რაზეც ეჭვი მქონდა და რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მაინტრიგებდა, არამედ მოულოდნელად დავადგინე ბევრი ისეთი „ფაქიზი ნიუანსი“, რომელიც ბატონი ბელზებელისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო, თავს უფლებას მივცემ, განვაცხადო, რომ რქები, რომლებსაც ჩემი პირველი სერიის ბოლოს წინა თავში ვახსენებ, შესაძლოა, ჩლიქებზე ამოსვლოდა.

მესამე: ჩემი ჯანმრთელობა ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ, როგორც ხედავთ, არა მარტო ცოცხალი ვარ და ასეთ ულტრაფანტასტიკურ წიგნს ვწერ, არამედ ვაპირებ ჩემს ძველ, ახლანდელ და მომავალ მტრებზე მეტ ხანს ვიცოცხლო.

ვვარაუდობ, რომ შვიდი წლის წინ ჩემ წინაშე დასახული სამივე მიზანი უკვე განვახორციელე გასულ წელს, მაგრამ გადავწყვიტე, 7-წლიანი პერიოდის ამოწურვამდე სხვადსხვა ნებელობითი ამოცანის შესრულების გაგრძელება ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი სამი მიზეზის გამო:

პირველი: გასულ წელს ბოლომდე კმაყოფილი არ ვიყავი ჩემი მესამე ფუნდამენტური მიზნის მიღწევის დონით; სახელდობრ, ამინდის ცვლილებისას ჯერ კიდევ ვგრძნობდი საკმაოდ სერიოზულ ტკივილებს.

მეორე მიზეზი მდგომარეობდა იმაში, რომ ამ წლებში დედამიწის მიმართ „სოლიონენსიუსის“ კოსმიური კანონის პერიოდული მაქსიმალური მოქმედების გამო ჩემი ნაწერების გამოქვეყნება ჯერ უდროოდ მივიჩნიე.

ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა თავად ამ კანონის სახელს პირველად წავაწყდი ერთ ძალიან ძველ სომხურ პაპირუსში, უკვე მრავალი წლის შემდეგ კი ამ კანონის შესახებ დეტალები, ეგრეთ წოდებული, „ქვიშამდელი ეგვიპტის რუკის“ შესწავლისას გავარკვიე, რომელიც ასევე შემთხვევით ჩამივარდა ხელში.

რამდენიმე ნაწყვეტი მთელი იმ ინფორმაციიდან, რაც „სოლიონენსიუსის“ კანონის შესახებ გავარკვიე, მოყვანილი მაქვს ჩემი ნაწერების მგონი პირველი სერიის მეორე წიგნის ერთ-ერთ თავში, რომლის სათაურია „რუსეთი“.

რაც შეეხება მესამე მიზეზს, მის გასაშუქებლად მოგახსენებთ:

ეს წიგნი, რომელსაც ახლა ვწერ (როგორც თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული), ჩემი ნაწერების მესამე სერიის უკანასკნელი წიგნია, რომელიც გამოქვეყნდება; პირველი დიდი ხნის წინ დავიწყე და დავამთავრე სწორედ იმ ფორმით, რომელიც სრულიად მაკმაყოფილებს.

ამ წიგნზე მუშაობას ჩემი ლიტერატურული მოღვაწეობის მესამე წლის ბოლოს შევუდექი, მასზე მხოლოდ ინტერვალებში ვმუშაობდი და სამ წელიწადში დავასრულე.

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ, „შემაჯამებელ-დასკვნითი“ წიგნის წერაში უნდა ჩამედო დიდი შრომა, არასასიამოვნო განცდები, ფული და ა.შ., ბოლოს და ბოლოს, როცა დავამთავრე იძულებული ვიყავი, თითქმის იმავე დღეს მთლიანად გამენადგურებინა ჩემი ეს მრავალწლიანი მომქანცველი შრომის ნაყოფი.

იძულებული ვიყავი, გამენადგურებინა არა მხოლოდ ეს წიგნი, არამედ მისი არსის გამაძლიერებელი ყველა სამზადისი.

სწორედ ამ პერიოდში, როცა ამ „დასკვნითი“ წიგნის წერას ვამთავრებდი, ჩემი ორივე, ანუ აქტიური და პასიური, აზროვნების ფუნქციონირება ძალიან დაძაბულად და უჩვეულო სიძლიერით მიმდინარეობდა.

ჩემი აქტიური აზროვნება მიმართული იყო ამ წიგნის შინაარსისკენ, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანი იყო ჩემი ნაწერების ერთიანობისთვის, „საბოლოო გარანდვისთვის“, პასიური კი დაკავებული იყო სწორედ იმ მასალის ტრანსფორმაციით, რომელიც სხვა ფაქტორებზე მეტად მეხმარებოდა მოცემული მომენტისთვის იდეალური ჯანმრთელობის მიღწევაში.

და აი, სწორედ იმ დროს, სხვადასხვა ნებელობითი ამოცანის შესრულებისას აზროვნების უწყვეტი დაძაბულობით ჩემს შინაგან სამყაროში, აგრეთვე, სხვა ადამიანებთან შევამჩნიე მრავალი თავისებურება, რაც მანამდე უცნობი იყო ჩემთვის.

საკუთარი თავის დასარწმუნებლად ამ უეცრად შემჩნეული თავისებურებების სტატისტიკური შემოწმება და მათი რეალურად არსებობის ფაქტის დადგენა რომ დავიწყე, აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი, რასაც ამ უკანასკნელ წიგნში ვწერდი, აბსოლუტურად უსარგებლო იყო ჩემ მიერ თავდაპირველად დასახული მიზნისთვის.

ამგვარად, მესამე მიზეზი იმაში მდგომარეობდა, რომ საჭირო იყო იმ ადრე განსაზღვრული მიზნისთვის თვიდან დამეწერა მთლიანად ახალი შინაარსის სრულიად ახალი წიგნი.

რადგან ამ წიგნის პუბლიკაციის თაობაზე ჩამოვარდა სიტყვა, მინდა - არ მინდა, უნდა მოვყვე ერთი ხერხის შესახებ, რომელის დასახული მიზნის მიღწევის შესაძლებლობებთან მიმართებაში გამოვიყენე და მისი ნათლად გაგებისთვის საჭიროა შემდეგი რამის თქმა:

მასში უნდა ამეხსნა ყველა სიტყვა იმ თავისებურებებისა და კანონებისთვის, რომლებიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი ადამიანებისთვის, ე.წ. „რადიოგრაფის“, „ტელეპატიის“ საშუალებით; სრულად უნდა აღმეწერა თეთრი და შავი მაგიის მთელი მეცნიერება.

ვინაიდან ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, ამიტომ მხოლოდ ამის თქმით შემოვიფარგლე:

სამი წლის წინ, როცა ერთდროულად სამი ძალიან სერიოზული ფაქტი წარმოიშვა, რომელიც ძალიან მიშლიდა ხელს მუშაობაში და რომლის ჩვეულებრივი ხერხებით დაძლევა შეუძლებელი იყო სხვა ხერხების გამოყენებასთან ერთად, რომლებიც უჩვეულოა ადამიანების ცხოვრებაში, ამ „დაუპატიჯებელი სტუმრების“ დასაძლევად ერთი პატარა ბროშურაც დავწერე სათაურით: „მომავალი სიკეთის მაცნე“.

ეს სპეციალურად მათთვის დავწერე, ვინც უკვე დიდი ხანია, ჩემი იდეების მიმდევრებად ითვლებოდნენ და ჩემ მიერ დაარსებული ინსტიტუტის არსებობის მისი ამა თუ იმ განშტოების მოწაფეები იყვნენ.

ბროშურა ცხრა ენაზე დაიბეჭდა, თითოეულზე - ათას ეგზემპლარად.

თუმცა ყველა ზომა გატარდა იმისათვის, რომ ბროშურები იმ ადამიანის ხელში არ მოხვედრილიყო, რომლებიც მანამდე არ მიცნობდნენ, ამის ბოლომდე თავიდან აცილება მაინც არ მოხერხდა და ახლა ასობით ეგზემპლარი, სამწუხაროდ, როგორც იტყვიან ხოლმე, „ხელიდან ხელში გადადის“.

ამიტომ მახსოვს რა ეს, თავს მოვალედ თვლი, ჩემი მესამე ფუნდამენტური მიზნის ასევე სრულად დაკმაყოფილების მიღწევის შესაძლებლობებისთვის შემდეგი რჩევა მოგცეთ:

თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ წიგნი სათაურით: „მომავალი სიკეთის მაცნე“, გარემოებებს უმადლოდეთ და ნურც წაიკითხავთ მას.

აქ ზედმეტი არ იქნება იმის თქმა, რომ ჩემი მესამე ფუნდამენტური მიზნის ასევე სრულად დაკმაყოფილების მიღწევის შესაძლებლობისთვის მთელი გასული წლის განმავლობაში წერაც კი შევწყვიტე.

განზრახ შევწყვიტე არა მხოლოდ წერა, არამედ მთელი გასული წლის განმავლობაში სულ ვცდილობდი, რამდენადაც შესაძლებელი იყო, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შინაგანი ბრძოლით ჩემში არ დამეშვა რაიმე სახის აქტიური აზროვნების გამოვლენა.

ჭეშმარიტად „ბარბაროსულ“ ზომას მივმართე იმისათვის, რომ ჩემში ავტომატურად განცდილი ტანჯვა, რომლის მეშვეობითაც მივაღწიე ჩემს მიზანს, უფრო პროდუქტიულად განხორციელებულიყო.

ამერიკაში ჩემი უკანასკნელი მოგზაურობაც კი უმთავრესად ასეთი პროდუქტიულობის მიღწევის მიზნით განვახორციელე.

ეს იყო იმ ფაქტის გამო, რომ საშინელი ავტოკატასტროფის შემდეგ, რომელიც შემემთხვა, მხოლოდ ამერიკელებთან მქონდა ურთიერთობა და ამიტომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში თითქმის ყველა ჩემი ნაცნობი იქ იმყოფებოდა და ამის გამო, რაიმე სპეციალური ზომების გარეშე, ძალიან ადვილად შემეძლო ჩემი ყოფიერებისთვის ხელსაყრელი ფაქტორების აღმოსაცენებლად ყველა ტიპისა და ხარისხის ღვთიური მარცვლისთვის ნაყოფიერი ნიადაგი მქონოდა ხელთ.

მართალია, ყველა ის უცნაური და ორიგინალური პრინციპი, რომელიც უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში გამოვიყენე ცხოვრების მიმართ, განხილულია ამ წიგნის შემდგომ ტექსტში, თუმცა აღფრთოვანებისა და მადლიერების გრძნობა, რომლითაც ვარ აღვსილი, მაიძულებს აქვე, პროლოგში, გავაკეთო ჩემი ცხოვრების იმ პრინციპის კომენტირება, რომელიც ჩემთვის მოულოდნელად, ასე „ვთქვათ უშრეტ წყაროდ“ იქცა.

მხედველობაში მაქვს პრინციპი, რომლის შესახებაც ვთქვი: გადავწყვიტე, „ყველაზე მრძნობიარე წერტილზე დავაჭირო ყველას ვისაც შევხვდები-მეთქი“.

ამ პრინციპის წყალობით, რომელიც ჩემთვის ჭეშმარიტად სასწაულმოქმედი აღმოჩნდა, მე, გარდა იმისა, რომ ყოველთვის და ყველგან უხვად მქონდა მასალა ჩემი ძირითადი მიზნისთვის, ანუ ჩემი ხელახლა დაბადებისთვის, აგრეთვე, მხოლოდ ამის წყალობით, ისეთ ზემოქმედებას ვახდენდი თითოეულზე, ვინც მხვდებოდა, რომ ის თავად, ჩემი მხრიდან რაიმე ძალისხმევის გარეშე, მე ვიტყოდი, პირიქით, თითქოს დიდი სიამოვნებითა და სრული მზადყოფნით, იხსნიდა ნიღაბს, რომელიც დიდი ზარ-ზეიმით აჩუქეს დედ-მამამ და ამის წყალობით, მეძლეოდა უპრეცედენტოდ ადვილი შესაძლებლობა, საკუთარი თვალით აუჩქარებელი და მშვიდი ტკბობისა იმით, თუ რისგან შედგება შინაგანი სამყარო, თანაც არა მხოლოდ იმ შემთხვევითი მოცემულობით, რომელიც აუცილებელია თითოეული ადამიანის გადარჩენისთვის, არამედ მთელი გულისამრევი საზიზღრობით, რომელიც დაგროვილია მასში აბსოლუტურად არანორმალური, ე.წ. „განათლების შედეგად“.

ამ და მხოლოდ ამ, ჩემთვის ღვთაებრივმა, პრინციპმა მომცა საშუალება, დამენახა და, ბოლოს და ბოლოს, გამეგო ადამიანის სულის ის ღრმად დაფარული ნიუანსები, რომლებიც მთელი ცხოვრება მაინტრიგებდა.

მას და მხოლოდ მას, ერთადერთს უნდა ვუმადლოდე ყველაფერ იმას, რაც გამაჩნია.

არა დე, მე გამაჩნია ისეთი „შინაგანი სიმდიდრე“, რომელიც, ობიექტური გაგებით, გაცილებით უფრო მეტი ღირს, ვიდრე მთელი ის ფული, რისი წარმოდგენაც ადამიანის გონებას შეუძლია: როგორიცაა, მაგალითად: ერთად აღებული „New York five-and-ten“-ის* მემკვიდრის მთელი ქონება, ამას პლუს ფრანგი გლეხების მიერ გადანახული ნაღდი ფული.

თუმცა ჩემ მიერ შეძენილი შინაგანი სიმდიდრის ფასსა და მნიშვნელობას ამ უკანასკნელი წიგნის ბოლოს დაწვრილებით განვმარტავ.

მანამდე კი, რათა სათანადო პატივი მივაგო ამ პრინციპს, ვიტყვი, რომ მის ხარჯზე იქიდან, რასაც ადამიანები სიმდიდრეს უწოდებენ, უნაშთოდ დავკარგე ყველაფერი.

მის გამო დავკარგე არა მარტო სიმდიდრე, რომელსაც ვფლობდი, ასევე ყველა, ე.წ. „მეგობარი“ და, ასე ვთქვათ, „შურის საგნად ყოფნის პრივილეგიაც“ კი; ერთი სიტყვით, ყველაფერი, რის გამოც რამდენიმე წლის წინ, ბევრი ადამიანის აზრით, ვიყავი არა ვიღაც „მაჩანჩალა“, არამედ თანამედროვე ცხოვრების პირველი კლასის ერთ-ერთი მესაჭე.

მიუხედავად ყველაფერი ამისა, დღეს, როცა ამ სტრიქონებს ვწერ და ჩემი ჩვეულებრივი ცხოვრების გარემო პირობები, რომლებიც კანონზომიერად სულ უფრო უარესდება ჩემ მიერ დასახული მიზნების და აგრეთვე, ამ პრინციპის განუხრელად განხორციელების წყალობით, უკვე იმდენად სიღრმისეული გახდა, რომ წარმოდგენაც არა მაქვს, ამას როგორ დავაღწევ თავს, მაინც მთელი ჩემი არსებით ვლოცავ ამ პრინციპს.

ჩვეულებრივი ცხოვრების პირობებს, რომლებიც ზემოთ ნახსენები მიზეზების გამო შემექმნა, ასევე აუცილებლად მიმოვიხილავ ამ წიგნის ბოლოს, თუ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთ თვეს მაინც გავძელი.

და უკვე მაშინ ავხსნი იმას, თუ რატომ გამოვიყენე გამოთქმა: „კანონზომიერად სულ უფრო უარესდება“.
• * New York five-and-ten - მაღაზიების ქსელი, რომელშიც ნებისმიერი საქონლის ფასი ხუთი ან ათი ცენტია.

აუცილებლად ავხსნი ამას არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამაში ბევრია დიდაქტიკური ხასიათის სიბრძნე, არამედ ეს იმდენად კომიკურია, რომ მთელი მსოფლიოს ენამოსწრებული ადამიანები ერთად რომ შეგეკრიბა, ამის მეათედის მოფიქრებასაც ვერ შეძლებდნენ.

სულიერი სიმდიდრის შეძენის გამო ამ პრინციპისადმი მადლიერების გრძნობის გამოხატვის შემდეგ აბსოლუტურად მიუკერძოებელი უნდა ვიყო და პირდაპირ დავსვა კითხვა... ასეა კი ეს სინამდვილეში?

შეეძლო კი ჩემ მიერ გამოგონილ პრინციპს ჩვეულებრივი ცხოვრების ყველანაირ გარემო პირობებში ასეთივე გამომაცოცხლებელი ფაქტორი ყოფილიყო?

გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემი ქვეცნობიერი მკარნახობს, რომ... არა.

ეს შეიძლება მხოლოდ ზოგადი მატერიალური კრიზისის მიზეზით მომხდარიყო.

ამიტომ, წესით, ჩემი მადლიერება უნდა გამოვხატო ასეთი ზოგადსაკაცობრიო უბედურების მიმართ.

მაგრამ იმის გამო, რომ ეს არც ისე ლამაზი იქნება, ისევ ჩემს უწინდელ აზრზე დავრჩები.

ახლა, ვუხდი რა მადლობას ნახევრად დაცინვით ამ არასაიმედო ფაქტორს შინაგანი სიმდიდრის გამო, რომელიც გამაჩნია, მახსენდება მრავალი ადამიანი, რომელიც ჩემს გვერდით ცხოვრობდა და ჩემი ზემოთ ხსენებული ეგოისტური იდეების გამო ბევრი იმედგაცრუება უნდა ჰქონოდა.

ასეთ ადამიანების შორის, რომლებსაც ნებსით თუ უნებლიეთ არც თუ ისე „ტკბილი“ ცხოვრება ჰქონდათ, იყო ჩემთვის სისხლით თუ სულიერად, მართლაც, ძალიან ახლობელი ადამიანი.

ჩემი ნაწერების მესამე სერიის ამ თავის ბოლოს ჩემი ეგოისტური მიზნების დაგეგმილი განხორციელების თითქმის წინა დღეს მივმართავ რა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს გვერდით არის, ვილაპარაკებ მხოლოდ ორ „არსებით ფაქტორზე“, რომელიც ჩემს შინაგან სამყაროში ჩამოყალიბდა.

პირველი, რომელიც ჯერ კიდევ ბავშობაში ჩამოყალიბდა ჩემს ყოფაში და რომელიც უზენაესია ჩემს რწმენათა შორის, შეიძლება შემდეგნაირად იქნეს ფორმულირებული: „ადამიანს შეუძლია იყოს კარგი ალტრუისტი ახლობლების მიმართ მხოლოდ მაშინ, თუ დრო და დრო შეუძლია იყოს სრული ეგოისტი“.

მეორე ფაქტორი კი 7-წლიანი ამოცანის ამ სამი მიზნის განხორციელების დაწყებიდან ორი წლის შემდეგ ჩამოყალიბდა ჩემში.

პუბლიკაციისთვის განკუთვნილ წიგნებზე მუშაობის დროს კანონზომიერად აღმოცენებული უბედურებების პირობებში - შევნიშნე რა, რომ ჩემ გვერდით მყოფი ადამიანები სულ უფრო უარესები ხდებოდნენ იმის გამო, რომ ჩემს ეგოისტურ იდეებს მივდევდი, ერთხელ, იმ ტექნიკის საშუალებით, რომელსაც მამაჩემი იყენებდა, საკუთარი თავი ჩავაყენე გონების განსაკუთრებულ მდგომარეობაში და ჩემს ყოფაში თვითშთაგონებით მოვახდინე ამ ფაქტორის კრისტალიზება შემდეგი ჰიპოთეზის სახით:

თუ შევძლებ ჩემ წინაშე დასახული მიზნების განხორციელებას და, ამასთან, ცოცხალი დავრჩები, მაშინ, დაახლოებით ამგვარი განსაზღვრული პროგრამით უნდა ვიცხოვრო:

ჩემი ფხიზლად ყოფნის მდგომარეობის ერთ მესამედს დავუთმობ ჩემი სხეულის სიამოვნებებს, მეორე მესამედს - მხოლოდ და მხოლოდ სისხლით თუ სულიერად ახლობელ ადამიანებს, რომლებიც იმ დროისთვის ჯერ კიდევ ჩემ გვერდით იქნებიან და მესამეს - მეცნიერებას, ანუ, მთელ კაცობრიობას.

და ახლა, ამ შესავალ სტატიაში მოცემული განმარტებების შემდეგ, ჩემს ყველა მკითხველს, როგორც მათ, ვინც მიცნობს, ასევე მათ, ვინც არ მიცნობს, ასევე ჩემს ძვირფას მეგობრებს და არანკლებ ძვირფას მტრებს ვურჩევ, თან ძალიან გულწრფელად შეეცადოს, სწორედ გაიგოს ამ ჩემი ბოლო წიგნის ტექსტის და, განსკუთებით, მისი უკანასკნელი თავის არსი.

გადაწყვეტილი მაქვს, ჩემი უკანასკნელი წიგნის ბოლო თავს „ადამიანთა შინაგანი და გარეგანი სამყარო“ დავარქვა და მასში ერთი საკითხი ავხსნა, რომელიც უჩვეულოა ადამიანის აზროვნებისთვის, მაგრამ, მიუხედევად ამისა, ყველაზე არსებითია ყველა საკითხთა შორის და რომლის მთლიანობიდანაც გამომდინარეობს ჩვენი ჩვეულებრივი ცხოვრების თითქმის ყველა გაუგებრობა.

გულწრფელად გთხოვთ, ეს გაიგოთ, რადგან ამის მეშვეობით თითოეული თავის ჩვეული ყოფისთვის უსათუოდ შეიძენს სხვას თუ ვერაფერს, ერთ, შესაძლოა მის ცხოვრებაში აღმოცენებული უმიზნო მღელვარებისა და მორალური ტნჯვის უდიდესი ნაწილისთვის „სიმშვიდისმყოფელ“ ფაქტორს, რომელიც შესაძლოა, ქვეცნობიერადანაც კი მოქმედებდეს.

სიტყვა „მტრები“ ზემოთ ტყუილად არ ვახსენე, იმიტომ რომ, პირველი - რაც არ უნდა უცნაურად გეჩვენოთ, ჩემი მრავალრიცხოვანი შეურიგებელი მტრების რიგებიდან, რომლებიც ახლა მთელ მსოფლიოში არიან გაფანტულნი, ზოგიერთ ჩემ რეალურ მეს, ანუ, ჩემი შინაგანი სამყაროს ყველაზე საუკეთესო მეგობარი აღმოჩნდა; აგრეთვე, იმიტომ რომ ამან, როგორც კარგმა მაგალითმა, შეიძლება იდეალური სამსახური გამიწიოს წინამდებარე წიგნის უკანესკნელ თავში, ასე რომ, ამ სიტყვას კვლავ გამოვიყენებ.

ვიხსენებ რა ასოციციურად ზოგიერთს ამ მტერთაგან, რომელიც ძალიან ძვირფასია ჩემი შინაგანი სამყაროსთვის, გულწრფელად გულაჩუყებულს მინდა უკვე აქვე, ჩემი ბოლო წიგნის ამ შესავალ თავში, მათი კმაყოფილებისა ან უკმაყოფილებისთვის მოვახდინო ციტირება ჩემთვის ცნობილი რამდენიმე გამონათქვამისა, რომელმაც უხსოვარი დროიდან მოაღწია ჩვენამდე „ლეგომინიზმების“ მეშვეობით.

ზემოთ ვთქვი, მათი კმაყოფილებისა ან უკმაყოფილებისთვის-მეთქი, იმიტომ რომ მე არ ვიცი, ცხოვრების მდინარის რომელ დინებას მიჰყვებიან ახლა ისინი.

მას მერე დიდმა დრომ გაიარა. დარჩნენ კი ისინი ცხოვრების მდინარის იმ დინებაში, რომელშიც მე, საკუთარი თვისადმი უმოწყალომ, მოვაქციე, ანუ, სწორედ იმ დინებაში, რომელიც ადრე თუ გვიან გამოიყვანს მათ უკიდეგანო ოკეანესთან? არ ვიცი; ან შესაძლოა, ცხოვრების ცდუნებამ ასევე კანონზომიერად უბიძგა იმ დინებისკენ, რომელიც ადრე თუ გვიან შემდგომი ევოლუციისთვის უფსკრულში წაიყოლებს მათ.

აი, იმ ხალხური სიბრძნის პირველი გამონათქვამი ამგვარად ჟღერს:

„ადამიანი ღორი არ არის, სიკეთე რომ დაივიწყოს; ის არც კატაა, რომ ბოროტება ახოვდეს“.

„პირველივე უარი ადამიანისთვის, რომელსაც არ გააჩნია სინდისი ან მადლიერების გრძნობა, გაანადგურებს იმ ათასობით კეთილი საქმის შედეგსაც კი, რომელიც მანამდე გაგიკეთებიათ მისთვის“.

„მხოლოდ ის ადამიანია ღირსი, რომელიმე რელიგიის მიმდევარი იყოს, რომელსაც თუმცა ახსოვს ბოროტება, რომელიც ვინმეს გაუკეთებია მისთვის, მაგრამ თავად იმ ადამიანის მიმართ არანაირ ბოროტებას არ ჩაიდენს“.

„გონიერი მაშინ იქნები, როცა შენი მომავალი სიკეთისა და ბოროტების შენი აწმყოს სიკეთისა და ბოროტებისგან გარჩევას ისწავლი“.

„ადამიანის ბუნება იმგვარია, რომ პირველი საჩუქრისთვის პირქვე ემხობა შენ წინაშე;

მეორისთვის - ხელზე გკოცნის;

მესამისთვის - გეპირფერება;

მეოთხისთვის - მხოლოდ ერთხელ დაგიკრავს თავს მადლიერიბის ნიშნად;

მეხუთისთვის - ზედმეტად ფამილარული ხდება;

მეექვსისთვის - შეურაცხყოფას გაყენებს;

მეშვიდისთვის კი - გედავება, რომ საკმარისად არ დაიხარჯე მისთვის“.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff