მეორე საუბარი
მეორე საუბარი
რომელიც იმავე ადგილას ჩავატარე და რომელსაც საგრძნობლად მეტი მსმენელი დაესწრო.
წინა შეხვედრაზე ჩემი საუბრის მეორე ნაწილში მე ვლაპარაკობდი ვარაუდზე, რომელიც, ჩემი იდეების არასწორად ახსნის შედეგად, ერთმანეთთან არანაირი კავშირის მქონე სხვადასხვა ჯგუფში მყოფ ადამიანთა საერთო ფსიქიკაში სრულიად არასასურველი თავისებურების მქონე შესაძლო მიზეზების აღმოცენებასთნ დაკავშირებით ჩამომიყალიბდა; დღეს საუბარს დავიწყებ იმავე თემაზე ახსნა–განმარტებით, მხოლოდ ხაზგასმით თქვენთან, ამერიკელებთან, დაკავშირებით, რომლებიც ადრეც და დღესაც მიეკუთვნებით ადამიანთა იმ ჯგუფს, რომელიც ჩემი იდეების მიმდევარი გახდა.
მაშ ასე, ამასთან დაკავშირებით მინდა წარმოგიდგინოთ, ბოლო დღეების სპეციალური დაკვირვებისა და კვლევის შემდეგ უკვე განსაზღვრული აზრი იმასთან დაკავშირებით, როგორ და რა მიმდევრობით მოხდა აქ, თქვენ შორისაც, თქვენს ფსიქიკაში იმ დამღუპველი ფაქტორის კრისტალიზების პირობების ფორმირება, რომლის შედეგადაც ახლა თქვენს უმრავლესობას, ჩემდა სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ სხვა ადამიანებთან შედარებით გქონდეთ ,,უმაღლესი დონის’’ მონაცემები – რომლებიც აუცილებლად უნდა ჩამოყალიბებულიყო ამ დროის განმავლობაში თქვენში, როგორც ადამიანებში, რომლებსაც უკვე დიდი ხანია შეხება გაქვთ ჭეშმარიტებასთან, რომელსაც ჩემი ნახევარსაუკუნოვანი კეთილსინდისიერი შრომის შედეგად ვეზიარე, რომელიც თითქმის მიუწვდომელია თანამედროვე ადამიანებისთვის და რომელიც თითოეულ ადამიანს აძლევს გზას და საშუალებას, მიაღწიოს რეალური ადამიანის ყოფიერებას – ჩამოყალიბდა, როგორც ახლა უკვე მიუკერძოებლად განვაცხადო, სრულიად საწინააღმდეგო რაღაც.
გულახდილად რომ გითხრათ, თითქმის ყველა თქვენგანი ტოვებს შთაბეჭდილებას, და სინამდვილეში ასეც არის, ადამიანისა, რომელსაც გააჩნია ყველა მონაცემი იმისათვის, რომ ნებისმიერ მომენტში გახდეს პაციენტი ნიუ–იორკში გახსნილი ამერიკული მასშტაბებით ორგანიზებული სახლებისა, რომლებსაც ,,საგიჟეთს’’ უწოდებენ და რომლებიც აქ ინგლისელი სუფრაჟისტი ქალების მიმდევრების მეურვეობის ქვეშაა.
თქვენთვის, ამერიკელებისთვის, ამ ბოროტების აღმოცენება, რომელიც ჩემს იდეებთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა, დაიწყო და თანდათან განსაზღვრული ფორმა მიიღო შმდეგი მოვლენების მიზეზით:
როცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, საფრანგეთში ინსტიტუტის არსებობის მეორე წლის დასაწყისში, იძულებული გავხდი მიმეღო გადაწყვეტილება, დემონსტრირებისთვის მასალის საბოლოოდ მომზადებას არ დავლოდებოდი და დაუყონებლივ წამოვსულიყავი თქვენთან, ამერიკელებთან, იმ მიზნით, რომ აქ, თქვენ გვერდით, ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობ ტიპებთან, იძულებული არ გავმხდარიყავი მეცხოვრა ,,ხელმოცარულს და ნემსებზე მჯდარს’’ ასეთი აურაცხელი რაოდენობის ხალხთან ერთად, რომლებიც შეუცვლელნი არიან იმ მიზნების განსახორციელებლად, რომელიც მხედველობაში მქონდა, რომელთაგან თითოეული, ჩემდა საუბედუროდ, ისევე როგორც შემდგომში, ბევრი თქვენი თანამემამულის საუბედუროდაც, რომლებიც მათ გამო ჩემი მუდმივი და ძირითადი სპეციალობის ობიექტებად იქცნენ, რაც მდგომარეობს თითოეულის ,,ნახევრად გაპარსვაში’’, ვინც კი მომიახლოვდება–იმ დროისთვის მოშლილი გახლდათ, რაც პაციენტის ფსიქიკაში სხვა დანარჩენთან ერთად ამკვიდრებს ჩვევას, ჯიბეცარიელი თუ ჯიბეგამოხეული დადიოდეს, მაშინ ჩავთვალე, რომ აუცილებელი წინასწარი ზომები უნდა მიმეღო იმ მიზნით, რომ აქ, ნიუ–იორკში რაღაც მაინც მომზადებულიყო ამდენი ხალხის ჩამოსვლისთვის და გემით, რომელიც ზუსტად ჩვენი გემის წინ გამოდიოდა, ჩემებიდან ვინმე საიმედო და გამოცდილი ადამიანი გამომეგზავნა.
იმ ფაქტის შედეგად, რომ ზუსტად ამ ამბამდე სულ ცოტა ხნით ადრე უმრავლესობა ჩემი ,,პირველი ხარისხის მოწაფეებისა’’, როგორც თავად უწოდებდნენ საკუთარ თავს, რომლებიც ამისთვის გამოდგებოდნენ, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩემ მიერ ევროპისა და აზიის ქვეყნებში იქნენ გაგზავნილნი სპეციალური მისიით, ჩემი არჩევანი მათგან, ვინც ჩემ გვერდით დარჩა, შედარებით შესაფერის ადამიანად ამ წინასწარი მისიისთვის შევაჩერე ჩემი იდეების ერთ ძველ მიმდევარზე, ექიმ სტერნვალზე, რომელიც მაშინ ინსტიტუტის მთავარი ექიმი იყო, მაგრამ ვინაიდან მან სრულიად არ იცოდა ინგლისური, გადავწყვიტე, მასთან ერთად ასისტენტად და თარჯიმნად გამეგზანა ერთ–ერთი ახლად მიღებული ინგლისელი სტუდენტი.
ბევრი ანალიზისა და იმის გათვალისწინებით, თუ თითოეულისთვის როგორი სასარგებლო იქნებოდა ასეთი მოგზაურობა, გადავწყვიტე ინსტიტუტში მიღებული ახალი მოწაფეების დიდი ნაკადიდან სწორედ ეს ინგლისელი სტუდენტი გამეშვა, რომელიც, ეგრეთ წოდებული ,,ინდივიდუალური სარეგისტრაციო მონაცემების’’ თანახმად, რომელსაც, ჩვეულებრივ, ინსტიტუტის ყველა სტუდენტი ავსებდა, ადრე ინგლისელი ჟურნალისტი იყო და, როგორც ვიფიქრე, როგორც ჟურნალისტს, ალბათ, ძალიან კარგად უნდა სცოდნოდა ინგლისური ენა.
ეს ყოფილი ინგლისელი ჟურნალისტი, რომელიც თავიდან ჩემი პირველი კაცის, ექიმ სტერნვალის, ასისტენტად და თარჯიმნად დაინიშნა, რომელიც ამერიკაში, ასე ვთქვათ, ,,ჩემი ახალი იდეების მაცნედ’’ გაიგზავნა, შემდგომში კი – ჩემი პირადი თარჯიმნის, ბატონ ფერაპონტოვის, თანაშემწედ, რომელიც ჩვენი ინსტიტუტის მოწაფე იყო, მონაწილეობას იღებდა ,,რიტმული მოძრაობების’’ ჩვენებაში, ჩემი აქ ყოფნის ბოლოს უკვე გახდა, როგორც მაშინ უწოდებდნენ ,,მენეჯერი’’, ანუ ორგანიზატორი, დემონსტრაციების, ლექციების და საქმიანი ინტერვიუებისა სხვადასხვა ადამიანთან, რომლებსაც უნდა შევხვედროდი და ეს გახლდათ კაცი, რომელიც შემთხვევითი გარემოებების წყალობით, რომლებიც ნაწილობრივ იმ კატასტროფის გამო შეიქმნა, რომელიც მე შემემთხვა, ნაწილობრივ კი ოჯახური ცხოვრების საფუძველში არსებული არანორმალურობის გამო, რომელიც თანამედროვე ადამიანების ცხოვრებაში ჩამოყალიბდა, რომელიც მდგომარეობს იმ ფაქტში, რომ სახლში წამყვანი როლი ქალს ენიჭება, შემდგომში მთავარ ლიდერად იქცა; მე ვლაპარაკობ, როგორც, ალბათ, უკვე თავადაც მიხვდით, მისტერ ორიჯზე.
შემდგომი მოვლენები, რამაც ცნობილ შედეგებამდე მიგვიყვანა და რაც დღევანდელი ჩვენი საუბრის თემას წარმოადგენს, ასეთი მიმდევრობით აღმოცენდა.
როდესაც, ამერიკაში ჩემი პირველი ვიზიტის დროს, ჩემი ყველა გეგმის საკმაოდ წარმატებულად განხორციელების შემდეგ მზად ვიყავი ევროპაში დასაბრუნებლად იმ განზრახვით, რომ, როგორც მაშინ ვთქვი, ექვს თვეში უკან დავბრუნებულიყავი თქვენს რამდენიმე ყველაზე დიდ ქალაქში ინსტიტუტის ძირითადი მუდმივი ცენტრების გასახსნელად და ჩემს გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ღიად ვმსჯელობდი იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩემთან ერთად ჩამოვიდნენ, თუ ვინ უნდა დამეტოვებინა აქ დაწყებული საქმიანობის გასაგრძელებლად, აგრეთვე სხვადასხვა ტიპის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ჩემი შემდგომი სავარაუდო ვიზიტისთვის, მისტერ ორიჯმა, რომელიც აგრეთვე ესწრებოდა ამ შეკრებას, მოულოდნელად თავისი სამსახური შემოგვთავაზა და თან დიდი მონდომებით დაიწყო იმის მტკიცება, თუ როგორ ბრწყინვალედ შეეძლო ამ საქმისთვის თავის გართმევა.
ვინაიდან საკმაოდ ვარგისად ჩავთვალე ამ მოსამზადებელი საქმიანობისთვის, ძირითადად მისი ინგლისური ენის უკვე შემოწმებული ცოდნის, რომელიც ჩემი აქ, ნიუ–იორკში, ყოფნის დროს დავრწმუნდი, აგრეთვე მისი ელეგანტური გარეგნობის გამო, რომელსაც, ადვილი გასაგებია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქმიან ურთიერთობებში, განსაკუთრებით თქვენთან, ამერიკელებთან, მისი წინადადება მივიღე და მაშინვე დავუწყე საჭირო სამზადისისთვის რამდენიმე დეტალის ახსნა.
როგორც შემდგომში შევიტყვე, მისი წინადადების და ენთუზიაზმის ნამდვილი მიზეზი იყო ის, რომ ჩვენი ნიუ–იორკში ყოფნის დროს მან გააბა რომანი, რომელმაც იმ მომენტისთვის თავის აპოგეას მიაღწია, წიგნების მაღაზიის გამყიდველთან, რომელსაც ძალიან ორიგინალური სახელწოდება ჰქონდა: ,,საათის ისრის მიმართულებით’’ და სადაც დავიწყე ნიუ–იორკში მცხოვრებ მცირერიცხოვან ჩვენს თანამემამულეთათვის, როგორც ამას ჩვეულებრივ ვაკეთებ ხოლმე, ლექციებისა და საუბრების ფორმით შეხვედრების მოწყობა, რომლის დროსაც სხვა დანარჩენთან ერთად სხვადასხვა ტიპის კითხვებზეც ვპასუხობდი ხოლმე, რომლებსაც ჩემს იდეებთან დაკავშირებით მისვამდნენ.
და აი, როგორც უკვე მოგახსენეთ, თქვენთან ვიზიტის შემდეგ ევროპაში დაბრუნებიდან ერთ კვირაში, შემემთხვა ის ავტოკატასტროფა, რომლის შედეგადაც სამ თვეზე მეტხანს სრულიად დაკარგული მქონდა მეხსიერება და მოძრაობის უნარი, მერე კი, ექვს თვეზე მეტხანს სანახევროდ უგონო მდგომარეობაში ვიწექი, რომლის დროსაც მხოლოდ სანახევროდ ვაკონტროლებდი ამ ორ ძირითად უნარს, რომელზეც დაფუძნებულია და რომლებსაც ჩვეულებრივ ეკისრებათ ხოლმე ადამიანის ინდივიდუალურობაზე პასუხისმგებლობა, და როცა, როგორც ამ ყველაფრის შედეგი, ჩემს საქმიანობაში დაიწყო დიდი კრიზისი, რომელიც თანდათანობით იძენდა პროპორციებს, რომელიც სრული კატასტროფის მაუწყებელი იყო, როცა მე ჩემი ფიზიკური მდგომარეობის სწორად ამ ზემოთ ხსენებული მეორე პერიოდის შემდეგ, როცა სრულიად უმწეო მდგომარეობაში ლოგინს ვიყავი მიჯაჭვული და ჩემს ცნობიერებაში წამიერი გამონათებების მომენტებში კარგად მესმოდა შექმნილი ვითარება, დავიწყე, ერთი მხრივ, განკარგულებების გაცემა და ყველანაირი შესაძლო ზომების მიღება იმ ყველაფრის სასწარფო ლიკვიდაციისა, რაც ინსტიტუტთან იყო დაკავშირებული, რადგან ის მუდმივ უზარმაზარ ხარჯებს მოითხოვდა შემოსავლების სრული არარსებობის დროს, აგრეთვე, ჩემ გვერდით მყოფ ადამიანთა შორის არ იყო არც ერთი ,,ბიზნესმენი’’, და, მეორე მხრივ, მიწევდა მომეფიქრებინა ათასგვარი კომბინაცია იმ აურაცხელი რაოდენობის გაუგებრობის დასარეგულირებლად, რაც ამ ხსენებულ ლიკვიდაციას მოჰყვა თან, აგრეთვე, ვიღაც ტიპების ზიანის მომტანი გამოვლინებების თავიდან ასაცილებლად, რასაც ჩვეულებრივ აქვს ხოლმე ადგილი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენი კლასის გადაგვარებულ ადამიანთა შორის.
მერე, სხვათა შორის, ერთხელ, სწორედ ამ პერიოდში, როცა ჩემი საკუთარი სხეულის ფლობის ჩვეულებრივ უნარის ფუნქციონირებამ ნელ–ნელა დაიწყო აღდგენა და უკვე შემეძლო ნათლად გამეაზრებინა, რა მოხდა და გონებაში შექმნილი სიტუაციიდან სხვადასხვაგვარი შესაძლო გამოსავალი წარმომედგინა, ჩემ გვერდით მყოფმა ერთ–ერთმა იმ ადამიანთაგანმა, რომელიც იმ დროს ფინანსთა მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, მომმართა რაღაც ფინანსური სირთულის თაობაზე, რომლის გადაჭრაც მის შესაძლებლობებს აღემატებოდა, მითხრა, რომ სწორედ იმ დღეს ამერიკიდან მისტერ ორიჯისგან 1000 დოლარი მიიღო, იქვე დაამატა, რომ უკვე მესამედ იღებს ასეთ თანხას და რომ ის თანხა სწორედ ყველაზე საჭირო მომენტში მოდის.
შემდგომი თვეების განმავლობაში, ვინაიდან ჩემი მდგომარეობა თითქმის უცვლელი იყო, ზემოხსენებული გამონათების პერიოდებში კი გაჭირვებით ვახერხებდი იმ საქმეებზე საუბარსაც კი, რომელიც დაკავშირებული იყო ლიკვიდაციასთან ან ახალი კომბინაციების გამოგონებასთან შექმნილი უიმედო მდგომარეობიდან გამოსასვლელად, სრულიად დამავიწყდა მისტერ ორიჯის არსებობაც და მისი კეთილსინდისიერი მზრუნველობაც ჩემთან და ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით.
ფულთან დაკავშირებით, რომელსაც მისტერ ორიჯი გზავნიდა ამერიკიდან, საუბრიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, როცა მეტ–ნაკლებად შევძელი მოსალოდნელი კატასტროფის ყველა შესაძლო საფრთხის ლიკვიდაცია და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუმჯობესდა, აღმოვაჩინე, რომ მისტერ ორიჯისგან, თუმცა უკვე ნაკლები ოდენობით, კვლავ მოდიოდა ,,გზავნილები’’ და ამაში თქვენი ზოგიერთი თანამემამულეც იღებდა მონაწილეობას. სწორედ მაშინ დაუყონებლივ შევცვალე ჩემი პირვანდელი გადაწყვეტილება ჩემი კარი ყველასთვის დამეკეტა და მხოლოდ თქვენთვის, ამერიკელებისთვის, რომლებიც სწორედ ამ ჯგუფში ხართ, აგრეთვე, იმათთვის, ვინც ინტერესს იჩენდა ჩემი იდეებისადმი, გავაკეთე გამონაკლისი და იმ დროიდან მოყოლებული ყოველთვის იყო ღია არა მხოლოდ ჩემი სახლის კარი ზოგიერთ თქვენგანთან, რომელთა ჩემი იდეებისადმი რეალური ინტერესის შესახებ წინასწარ ვიყავი ინფორმირებული და რომლებმაც უკვე დამიმტკიცეს თავიანთი ერთგულება ჩემი იდეებისადმი რეალური ინტერესის თვალსაზრისით, იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას მაძლევდა ის, რომ მწერლობასთან დაკავშირებული სერიოზული საკითხებით, მართლაც, ძალიან ვიყავი დაკავებული, ყოველთვის სიამოვნებით მქონდა ურთიერთობა.
რაც შეეხება თქვენს აზროვნებაში ხსენებული idee fix-ის ფორმირების უშუალო მიზეზს, რომელიც, თავის მხრივ, თქვენს ფსიქიკაში ხსენებული სპეციფიკური თავისებურებების თანდათანობითი კრისტალიზაციის ფაქტორად იქცა, ეს ყოველივე, როგორც ახლა მაქვს წარმოდგენილი, დეტალური შედარებისა და, ასე ვთქვათ, ,,სტატისტიკური ანალიზის’’ შემდეგ, რაც როგორც ამ ჯგუფის, აგრეთვე სხვა, მასთან ახლოს მდგომი ჯგუფების რამდენიმე წევრის პირადი შესწავლის საფუძველზე გაკეთდა, აშკარაა, რომ შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
მისტერ ორიჯმა, რომელიც ამერიკაში დავტოვე და რომელიც თავიდან მხოლოდ ჩემს დავალებებს ასრულებდა მეორე ვიზიტთან დაკავშირებით, კატასტროფის შემდეგ, რომელიც შემემთხვა, ძალიან იყო რა გატაცებული ჩემი იდეებით, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ იყო თავისი ,,მარცხენა მხარზე მჯდომი ანგელოზის’’ გავლენის ქვეშ, გაიგო თუ არა, რაც შემემთხვა, მაშინვე დაიწყო იმ ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ მოქმედება, რომელიც თქვენს თანამემამულეებზე მოვახდინე და რომელიც ჯერ კიდევ ვრცელდებოდა ინერციით და რამდენიმე თვის განმავლობაში აგროვებდა ფულს და თანხის ნაწილს Chateau du Priere-ში მიგზავნიდა.
სწორედ ამ დროს, როგორც ჩანს ამ თანხის შეგროვების გარეგნულად გამართლების მიზნით, ჩემი ნებართვის გარეშე დაიწყო ჩემ მიერ აქ, ნიუ–იორკში, გახსნილი ,,რიტმული მოძრაობის’’ გაკვეთილების ჩატარება; გარდა ამისა, გაიაზრა რა აუცილებლობა და ამავე დროს სახსრების მოპოვების მთელი სირთულე, ერთი მხრივ, ჩემთან გამოგზავნისა და, მეორე მხრივ, თავისი ახალი ოჯახური ცხოვრებისთვის საჭირო დიდძალი ხარჯების დასაფარავად–ვინაიდან იმ დროისთის ქორწინებით დამთავრდა მისი რომანი წიგნების მაღაზიის ,,ბრუნი საათის ისრის მიმართულებით’’ გამყიდველთან, ახალგაზრდა ამერიკელ ქალთან, რომელიც მისი მდგომარეობისთვის ზედმეტად განებივრებული იყო–მან, თავისი რესურსების გაზრდის მიზნით დაიწყო, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე ინსტიტუტის ცხოვრებაში, საუბრები თემებზე, რომლებსაც ინსტიტუტში ყოფნის დროს სწავლობდა.
როდესაც მთელი ეს მასალა ამოწურა, რადგან ის ჩემგან არ იღებდა არანაირ ახალ მასალას ან კონკრეტულ მითითებებს იმასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ რა უნდა გაეკეთებინა ან როგორ გაეგრძელებინა მუშაობა, ის, უნდოდა ეს თუ არა, წინ უნდა წაწეულიყო მის ხელთ არსებული მასალით, რომელიც ინსტიტუტში ყოფნის დროს აითვისა, სადაც ის მხოლოდ ჩვეულებრივი მოწაფის რანგში სწავლობდა და, ასე ვთქვათ, ძალიან შეზღუდული ცოდნის ,,მანიპულირებით’’.
როგორც სულ ცოტა ხნის წინ, ჩემი ამ ვიზიტის დროს გავარკვიე ზოგიერთ თქვენს ამხანაგთან, რომლებიც იმ ჯგუფის წევრები იყვნენ, რომელსაც მისტერ ორიჯი ხელმძღვანელობდა, საუბრებში, ის კარგი ,,ჟონგლიორივით’’, მანიპულირებდა მხოლოდ საწყისი ინფორმაციით იმ ერთიანი ინფორმაციიდან, რომელიც ნათელს ჰფენდა ჩემს იდეებს, რომელიც ეხებოდა იმ საკითხს, რომელზეც ბოლო ლექციაზე ვისაუბრე, ანუ, ეგრეთ წოდებული ,,თვითდაკვირვების’’ საკითხს, კერძოდ, იმ ინფორმაციის განზოგადებული ახსნით, რომლის ცოდნაც სინამდვილეში სრულიად შეუცვლელია დასაწყისში თითოეულისთვის, რომელიც ჭეშმარიტების შეცნობისკენ მიისწრაფვის, მაგრამ რომელიც, თუ კი ის ადამიანთა აზროვნების სიმძიმის ცენტრად იქცევა, როგორც დიდი ხნის წინ იყო ჩემ მიერ დადგენილი და შემოწმებული, აუცილებლად მიგვიყვანს სწორედ იმ შედეგამდე, რომელსაც, ჩემდა სამწუხაროდ, ახლა ვხედავ თითოეულ თქვენგანში.
ეს სიტუაცია, რომელიც ჩემი მწერლური საქმიანობის დასაწყისში შეიქმნა იმ კატასტროფის გამო, რომელიც მე შემემთხვა, ამ დრომდე გრძელდებოდა.
ახლა, ხსენებული დეტალური პროგრამის ცხოვრებაში თანმიმდევრულ სტადიებად გამოყენებაში შვიდწლიანი შესვენების შემდეგ, პროგრამისა, რომელიც ჩემი ცხოვრების მიზნად და აზრად იქცა, შევძელი რა ბოლოს და ბოლოს ამ მთავარი და ყველაზე რთული ამოცანის დასრულება, რომელიც მუდმივად მოითხოვდა მთელ ჩემს ყურადღებას და ჩემ მიერვე დადგენილ ძალისხმევას ამ წლების განმავლობაში, მინდა შედარებით მსუბუქი ამოცანის შესრულებასთან ერთად კვლავ დავიწყო ამ მიზნის განხორციელება, მაგრამ ამჯერად იმ შედეგების დახმარებით, რომლებიც ამ განვლილ წლებში მუდმივი დაძაბული შრომის შედეგად მივიღე და რომელიც რეალიზებულია დიდ ათტომეულში; უფრო ზუსტად კი, ვაპირებ განვაგრძო ჩემი ნაწერების საბოლოო დახვეწა, რათა ისინი ყველა საშუალო აზროვნების ადამიანისთვის გასაგები გახდეს და, მიწევს რა კვლავაც იმავე პირობებში მუშაობა, როგორშიც ადრე, ანუ კაფეებში, რესტორნებსა და სხვა საჯარო ადგილებში, მუდმივად მოგზაურობაში, იმავდროულად, წინასწარ დავგეგმო ან შემთხვევით გავჩერდე თანამედროვე ცივილიზაციის ამა თუ იმ ცენტრებში, რომლებიც აკმაყოფილებენ საჭირო მოთხოვნებს კლუბების ორგანიზებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად, რომელიც უკვე ვახსენე წინა ჯერზე.
ვინაიდან ჩემი ამჟამინდელი ვიზიტი ემთხვევა პირობების შექმნის მომენტს, რომელიც ჩემი გეგმების განხორციელების საშუალებას მომცემს, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი აქ, თქვენთან, ყოფნის პერიოდში მთელი დრო, რომელიც მთავარი ამოცანის შესრულების შემდეგ დამრჩება, დავუთმო აქ ამ ტიპის პირველი კლუბის ორგანიზებისა და გახსნის საქმეს.
აქ, ნიუ–იორკში, ამ ჯგუფში შემავალი ადამიანების მონაწილეობით არა მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში, არამედ მთელს დედამიწაზე მთავარი კლუბის, საფრანგეთში მდებარე Chateau du Priere-ის, პირველი ფილიალის გახსნა, ჩემი აზრით, ყველა თვალსაზრისით სწორი და ობიექტურად სამართლიანი იქნება.
ეს იქნება სწორი და სამართლიანი, რადგან ამერიკელები, ძირითადად თქვენ, ამ ჯგუფის წევრები, გარდა იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდით კონტაქტს ჩემს იდეებთან, იყავით ერთადერთნი, ვინც ჩემდამი თქვენი მადლიერება გამოხატეთ კრიზისის რთულ წლებში, და თქვენ აგრეთვე იყავით ერთადერთნი, ვისთანაც პირად ურთიერთობას ვინარჩუნებდი იმ წარუმატებლობის შემდეგ, როცა მთლიანად მივუძღვენი საკუთარი თავი მწერლის ახალ პროფესიას და გადავწყვიტე ყველა ურთიერთობა, რომელიც ადრე მქონდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ყველა კატეგორიისა და კლასის ადამიანთან, რა თქმა უნდა, კაფეებისა და რესტორნების პერსონალის გამოკლებით.
და აი, ღმერთისგან ნაბოძებო ჩემო ძვირფასო მეგობრებო! მიუხედავად ჩემი სრულიად ბუნებრივი გულწრფელი სურვილისა, რომელიც კარგად უნდა იცოდეთ იმისათვის, ჩემს იდეებთან დაკავშირებული ამ პირველი ორგანიზაციის ,,ძირითადი ღერძის’’ პირველი განშტოება სწორედ აქ, თქვენთან, დაარსდეს, მე მიუკერძოებლად გავაანალიზე რა მთელი შეგნებით ყველა განვლილი ფაქტი და შევაჯერე ზოგიერთ ამჟამინდელ თვალნათელ ფაქტთან, თავს უფლებას ვერ მივცემ ავისრულო ეს სურვილი, რომელიც ასეთი ძვირფასია ჩემთვის.
ჩემს საერთო შინაგან მდგომარეობაში ასეთი წინააღმდეგობრიობის მიზეზი გახლავთ ის, რომ ნათლად მესმის, რომ ზოგიერთი თქვენგანი, შესაძლოა, იმის გამო, რომ ყოველთვის ასეთი იყო ან რაღაც სხვა გაუგებრობების გამო, რომელსაც გასულ წლებში ადგილი ჰქონდა თქვენი ჯგუფის შინაგან ცხოვრებაში, სრულიად ვერ პასუხობს მოთხოვნებს, რომლებსაც ვუყენებთ ამ პირველი ორგანიზაციის წევრებს, რომლის დაარსებასაც აქ ვვარაუდობთ, სახელდობრ კი, ისეთი ორგანიზაციისა, რომელსაც, ჩემი აზრით, მომავალში ძალიან დიდი ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს.
ჩემი აქ, თქვენ გვერდით, ყოფნის დროს, არაერთხელ სერიოზულად დავფიქრდი შექმნილ სიტუაციაზე, მაგრამ ამ დრომდე ვერ ვპოულობდი იქიდან კონკრეტულ გამოსავალს და მხოლოდ დღეს, როცა ნათელი გახდა, რომ კვლავ უნდა ჩამოვიდე აქ რაღაც საქმეებთან დაკავშრებით, რომელსაც თქვენთან არანაირი კავშირი არა აქვს და მივხვდი, გარდა ამისა, რომ სულ მცირე ერთი წელი ან შეიძლება მეტხანსაც მომიწევს ჩემს მწერლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა, კატეგორიული გადაწყვეტილება მივიღე: მომავალ წლამდე გადავდო ამ კლუბების ორგანიზების საქმე და მთელი ის დრო, რომელიც ახლანდელი ვიზიტის ბოლომდე მრჩება, თქვენი ჯგუფის სრულ რეორგანიზაციას მივუძღვნა იმ თვალსაზრისით, რომ მის შინაგან ცხოვრებაში დავნერგო პრინციპები, რომლებიც ჩემს იდეებს მიესადაგება, რომელთა რეალიზებაც აუცილებლად უნდა მოხდეს და რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ ზოგიერთი თქვენგანის ზოგად ფსიქიკაში შესაბამისი მონაცემების კრისტალიზების პროცესის დაჩქარებას, რათა მომავალ წელს ჩემი აქ ჩამოსვლისთვის შესაძლებელი გახდეს ღირსეულად იწოდებოდეთ ამ პირველი ორგანიზაციის ,,ბირთვის’’ სრულუფლებიან წევრებად; აგრეთვე, ის პრინციპები, რომლებიც ხელს შეუწყობენ დანარჩენების ზოგად ფსიქიკაში მონაცემების გამოვლენას ამ პირველი მოდელის ორგანიზაციის წევრებად თავიანთი გამოუსადეგარობის გულწრფელი აღიარებისთვის, იმ რეზულტატით, რომ, როგორც კი ამას მიხვდებიან, თვითონვე დატოვებენ ჯგუფს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთელი ჩემი თავისუფალი დრო მივუძღვნა, პირველი, აუცილებელ ტემპში სწორი მუშაობის დადგენას იმ ადამიანთან, რომლის გამოგზავნასაც ვაპირებ თქვენთან იმისათვის, რომ უხელმძღვანელოს ყველაფერს, რაც საჭიროა ჩემს იდეებთან მკაცრ შესაბამისობით ჩემი მიზნების მიღწევისთვის; და მეორე თქვენი ჯგუფის გაწმენდას იმ ელემენტებისგან, რომლებსაც არსებულ პირობებში არა მხოლოდ არანაირი სარგებლობის მიღება არ შეუძლიათ, არამედ საერთო მიზნების ფორმირებისა და რეალიზებისთვის ამ ახლად შექმნილ ჯგუფს შესაძლოა, დიდი ზიანიც მოუტანონ.
ჩემ მიერ ჩაფიქრებული გეგმის მეორე ნაწილი, ანუ, თქვენი ჯგუფის არასასურველი ელემენტებისგან გაწმენდა, ამ ახალი ჯგუფის ფორმირების დაწყებისთანავე გამოვლინდება, რადგან მის წევრებს სხვა დანარჩენთან ერთად წაყენებული ექნებათ, რამდენიმე პირობა, რომლებიც არანაირ კომპრომისს არ ითვალისწინებს და რომლებსაც, ალბათ, ყველა თქენგანი არ გაიზიარებს და ამრიგად, ძველი ჯგუფის წევრების ნაწილი ბუნებრივად გამოგვეთიშება.
ჩემ მიერ დადგენილი იქნება 13 აუცილებელი პირობა ამ ახალი ჯგუფის წევრად ყოფნისა მისი შექმნის პირველ თვეებში; მათგან შვიდს ,,ობიექტური ხასიათი" ექნება, ანუ, ყველა თქვენგანს შეეხება და უკლებლივ ყველამ უნდა შეასრულოს, დანარჩენი ექვსი კი "სუბიექტური ხასიათისა" იქნება, ანუ, პირადად შეეხება ძველი ჯგუფის ყოფილ წევრებს, რომლებსაც პერსონალურად დავადგენ თითოეულისთვის.
ამ სუბიექტურ პირობებთან დაკავშირებით აუცილებელია ითქვას ის, რომ მათი ხასიათი იმ ახსნა-განმარტებებიდან გამომდინარე იქნება, რომლებიც ან უკვე მოგეცით, ან ვაპირებ რომ ან პირადად, ან მათი დახმარებით გადმოგცეთ, ვისაც დავნიშნავ, თითოეული თქვენგანის სპეციფიკურ სუბიექტურობასთან დაკავშირებით , რომელიც ჩამოგიყალიბდათ განსაზღვრული სახის როგორც მემკვიდრეობითი, ასევე წინა ჯგუფში თანაბარუფლებიანი წევრობის პერიოდში შეძენილი ფსიქიკური მონაცემების ზემოქმედების შედეგად აღმოცენდა თქვენში.
ცამეტივე პირობის მნიშვნელობის დაწვრილებითი ახსნა, აგრეთვე ახსნა იმ მოტივებისა, რომლებიც ლოგიკურად ამართლებს ამ პირობების აუცილებლობას, წინასწარ მოგეცემათ ძველი ჯგუფის მხოლოდ იმ წევრებს, რომლებიც თანახმა იქნებით და ფიცსაც დადებთ, რომლის ფორმასაც ნაწილობრივ ახლავე გაგაცნობთ, ნაწილს კი შემდგომში, ზედმიწევნით შეასრულოთ ზემოთ უკვე ნახსენები შვიდი ობიექტური პირობა.
დავასრულე რა ამის თქმა, ჩემს მდივანს დავუძახე და შემდეგი ტექსტი ვუკარნახე:
"მე, ქვემეორე ხელმომწერი, ყოველივეს საფუძვლიანად და ღრმად გააზრების შემდეგ, ვარ რა თავისუფალი ყველანაირი ზეგავლენისგან, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ნებით, ფიცს ვდებ, მისტერ გურჯიევის ან მისი ოფიციალური წარმომადგენლის ზეპირი ან წერილობითი ინსტრუქციის გარეშე, არანაირი კავშირი არ ვიქონიო ძველი, დღემდე "მისტერ ორიჯის ჯგუფის" სახელით ცნობილ მისტერ გურჯიევის იდეების მიმდევართა ჯგუფის არც ერთ წევრთან, აგრეთვე, მისტერ გურჯიევის ან მისი მოადგილის სპეციალური ნებართვის გარეშე არანაირი კავშირი არ ვიქონიო თავად მისტერ ორიჯისთან.
მე ძველი ჯგუფის მხოლოდ იმ წევრებთნ შემიძლია მქონდეს კავშირი, რომელთა სიაც გადმომეცემა ახლად შექმნილი ეგზოთერიული ჯგუფის საერთო კრებაზე".
ხმამაღლა წავიკითხე ეს მოვალეობა და დავძინე:
"დღეს ამით ვამთავრებთ ჩვენს შეხვედრას, უბრალოდ მხოლოდ ამასღა დავამატებ:
ის, ვინც, როგორც ჩემს მიერ წაკითხული დოკუმენტის ტექსტშია ნათქვამი, "საფუძვლიანად და ღრამდ გააზრების შემდეგ" თანახმაა, ხელი მოაწეროს ამ დოკუმენტს, ეს უნდა გააკეთოს არა უგვიანეს ზეგ, დღის 12 საათისა, ჩემი მდივან-თარჯიმნის თანდასწრებით.
იმასთან დაკავშირებით, თუ როდის და სად გაიმართება ამ ახლადშექმნილი ეგზოთერიული ჯგუფის შეხვედრა, ყველა ის, ვინც დადგენილ ვადაში მოაწერს ხელს ამ დოკუმენტს, დროულად იქნება ინფორმირებული".