პირველი საუბარი
პირველი საუბარი
ჩემ მიერ ჩატარებული 1930 წლის 28 ნოემბერს თავისუფალი დასწრების უფლებით ჩემი იდეების უკლებლივ ყველა მიმდევრისთვის, რომელიც ზემოთ ხსენებულ ჯგუფს მიეკუთვნებოდა
ასე დავიწყე:
დღეს და გუშინ სერიოზულად ვფიქრობდი იმაზე, როგორ მოვძებნო ისეთი საშუალება ჩემი ახსნა–განმარტებებისთვის, დღეს და შემდგომ, ორ ან სამ შეხვედრაზე მთლიანობაში როგორ მოვახერხო თქვენს ცხოვრებასთან მჭიდროდ დაკავშირებული განსაზღვრული ინფორმაციის თქვენამდე მოტანა და ჩემს თხრობას როგორ მივცე ისეთი ფორმა და თანმიმდევრობა, რომ მათ შეძლონ თქვენ მიერ, ჩრდილოამერიკელების მიერ შექმნილ პირობებში – ვგულისხმობ სხვა ადამიანების აზროვნების მექანიზმთან შედარებით გაცილებით უფრო დიდ არანორმალურობას – თქვენი დახმარება, ნორმალურად და მიუკერძოებლად გაიგოთ მთელი ეს ინფორმაცია.
დიდხანს დამჭირდა ამაზე ფიქრი უმთავრესად ჩემი გულწრფელი სურვილის გამო, ახლა, როცა საშუალება მაქვს, ჩემი ახსნა–განმარტებებით რაღაც სახის დახმარება მაინც გაგიწიოთ თქვენ, ამერიკელებს, რომლებიც ჩემი მიმდევრების სწორედ ამ ჯგუფს წარმოადგენთ, წარმოადგენთ ადამიანებს, რომელთა მიმართაც ჩემი თქვენთან ურთიერთობის დროს როგორც ჩემდამი, ისე ჩემი სამუშაოსადმი იმ რთულ წლებში, რომელიც იმ უბედური შემთხვევის შემდეგ მქონდა, თქვენი კეთილგანწყობილი ურთიერთობის შედეგად ჩამომიყალიბდა და დღემდე მუდმივად მოქმედებს, ასე ვთქვათ, ,,მასტიმულირებელი მონაცემები’’ კეთილგანწყობისთვის; გარდა ამისა, ამავე პერიოდში ჩამომიყალიბდა მყარი რწმენა იმისა, რომ თქვენ, ყველას, აშკარად პრესის არანორმალური დოზით კითხვის გამო სხვა ადამიანებზე მეტად განგივითარდათ ის არანორმალური ფსიქიკური ფაქტორი, რომელიც საუკუნის განმავლობაში თანამედროვე ადამიანების განუყოფელ თვისებად იქცა და რომელიც სრულიად აშკარად, რამდენადაც ძალიან ადვილია ამის ექსპერიმენტულად დადგენა, ადამიანების საერთო ფსიქიკაზე იმგვარად მოქმედებს, რომ მათი ყოფიერება კმაყოფილდებოდეს ყველა სახის შთაბეჭდილებების, როგორც წაკითხულის, ასევე მოსმენილის ზედაპირული აღქმით, ისე რომ მათში არ აღძრავდეს არანაირ წინათგრძნობას მისგან გამოწვეულ რაიმე სახის შესაძლო მავნე შედეგების თაობაზე.
ამ ფიქრის შედეგად, ვფიქრობ, ბოლოს და ბოლოს შევძელი, გონებაში ჩამომეყალიბებინა თხრობის ფორმა, რომელიც დაახლოებით მაინც მიესადაგებოდა ჩემს მიზანს.
ამ, ასე ვთქვათ, ,,თხრობის სქემის’’თანახმად, თქვენში, პირველ რიგში, აღვძრავ და მერე კი განგიმარტავთ რამდენიმე ისეთ საკითხს, რომლებიც, როგორც ვვარაუდობ, ერთი შეხედვით, მოგეჩვენებათ, რომ სრულიად არ შეესატყვისება იმას, ჩემგან რის გაგონებასაც ელოდებოდით იმ თვალსაზრისით, რომ მე შეგპირდით, ეს ყველაფერი თქვენს საკეთილდღეოდ ხდება – მეთქი მაშინ, როცა, ჩემი აზრით, სინამდვილეში შეპირებული ახსნა–განმარტებების მხოლოდ ასეთი თანმიმდევრული განვითარების სქემას შეუძლია თქვენს არანორმალურად მოწყობილ ,,აზროვნების აპარატში’’ იმ წარმოდგენების კრისტალიზება, რომელთა წვდომაც არა მხოლოდ სასარგებლოდ, არამედ აბსოლუტურად აუცილებლადაც კი მიმაჩნია თქვენთვის.
უპირველეს ყოვლისა, მინდა გაგაცნოთ ორი ძირითადი პუნქტი ჩემ მიერ შედგენილი იმ დეტალური პროგრამისა, რომელიც, როგორც განსაზღვრული იყო, თანმიმდევრულად უნდა განხორციელებულიყო ადამიანთა ცხოვრებაში ჩემ მიერ დაარსებული ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტის საშუალებით.
ეს ინსტიტუტი, სხვათა შორის, ეგრეთ წოდებული, მსოფლიო ომის დაწყებამდე ორი წლით ადრე დავაარსე რუსეთში, მაგრამ მაინც მოვასწარი ჩემი ,,პირმშოს’’, როგორც იტყვიან, ,,ფეხზე დაყენება’’. მიუხედავად მრავალჯერადი მცდელობისა სხვა ქვეყნებშიც გამეხსნა ის, ამ ომის გამო ყველა მცდელობა ,,კრახით’’ მთავრდებოდა, რასაც ჩემთვის მოჰყვებოდა დიდი მატერიალური ზარალი და ძალისხმევის ფუჭად ხარჯვა, რაც ჩემი მხრიდან ფიზიკური და მორალური ძალების ზეადამიანურ დაძაბვას მოითხოვდა, ვიდრე ბოლოს და ბოლოს, როგორც უკვე მოგახსენეთ, რვა წლის წინ არ შევძელი მისი გახსნა კეთილშობილ საფრანგეთში.
ამ საფუძვლიანი პროგრამის ერთი პარაგრაფი ჩემი გეგმის განხორციელების დეტალურ აღწერას შეიცავდა, სახელდობრ, როგორც კი ინსტიტუტის მთავარ განყოფილებაში, აგრეთვე სხვა სექციებშიც, რომლებიც იმ დროისთვის უკვე ჩამოყალიბებული იყო, მეტ – ნაკლებად დარეგულირებული იქნება ეკონომიკური საკითხი და აგრეთვე მეტ–ნაკლებად მოგვარებული იქნება ეგრეთ წოდებული ,,გაგების’’ შეძენის პროცესი ადამიანთა ბუნებაში, რომლებიც საკუთარ თავზე მუშაობდნენ და ამ სექციებში ცხოვრობდნენ იმ ადამიანთა დახმარებით, რომლებმაც ამ სექციებში უკვე მიაღწიეს ,,ყოფნისა და გაგების’’ გარკვეულ საფეხურს, როგორც ამას უწოდებდნენ აქამდე არსებულ ყველა ეზოთერულ სკოლაში, აზიის, ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ყველა დიდ ქალაქში, სადაც ხდება მოცემული განსაკუთრებული ტიპის ადამიანთა ძალიან დიდი დაჯგუფებების ინტერესთა კონცენტრირება, დავიწყებ ახალი ტიპის საჯარო დაწესებულებების გახსნას, რომლებიც იმ ,,კლუბების’’ მსგავსი იქნება, რომლებიც თითქმის ყველგან ადამიანთა ჩვეულებრივი ცხოვრების ნაწილია და ამ ახალი ტიპის საჯარო დაწესებულებების შიგნით იმის ნაცვლად, რაც ასეთ ადგილებში ჩვეულებრივ დადგენილია ადამიანთა რომელიღაც განსაზღვრული ჯგუფისთვის, ანუ მათი საკუთარი წესების, პრინციპების, რელიგიური და ეკონომიკური შეხედულებების და ა.შ. გათვალისწინებით და დროის ტარების ჩვეულებრივ მიღებული წესების ნაცვლად, ანუ, ჟურნალ–გაზეთების კითხვის, ბანქოს თამაშის, მეჯლისების, მასკარადებისა და კონცერტების მოწყობის ნაცვლად, რომლებიც ხშირად, განსაკუთრებით ჩვენს დროში, რომლებიც ტარდება იმ ადამიანთა ,,ზერელე მონაწილეობით’’, რომლებიც, თანამედროვე ადამიანების უმრავლესობის აზრით, ,,ცნობილები’’ და ,,გამოჩენილები’’ არიან, ჩემი აზრით კი, ძირითადად იმ ადამიანების მონაწილეობით, რომლებიც როგორც თავიანთი წინაპრების, ისევე საკუთარი არანორმალური ცხოვრების გამო სხვა არაფერს წარმოადგენენ, თუ არა ტიპებს, რომლებიც ბაბილონური ცივილიზაციის პერიოდში ,,მავნე გამოსხივების მატარებელ’’ ტიპებად ითვლებოდნენ – და აი, ყოველივე იმის ნაცვლად, რაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე ასეთ კლუბებში, და რაც აბსოლუტურად არაფრის მიმცეი არ არის მისი წევრებისთვისა და მათი ინდივიდუალურობის რეალური განვითარებისთვის, კოლექტიური კითხვის, ლექციებისა და ახსნა–განმარტებების საშუალებით თანდათანობითი და მკაცრი თანმიმდევრულობით გაცნობის ჩვეულება დამენერგა და ამას განახორციელებდნენ ის ადამიანები, რომლებიც სპეციალურად იყვნენ მომზადებული და გაგზავნილი ზემოხსენებული სექციებიდან და რომლებიც აღჭურვილი იყვნენ თეორიული ინფორმაციის ერთობლიობის სხვადასხვა ფრაგმენტით, რომლის პრინციპებსაც ეფუძნება ჩემ მიერ დაარსებული ინსტიტუტი, კერძოდ კი, იმ ინფორმაციის ერთობლიობას, რომლის გაგების უნარიც გააჩნია ყველა თანამედროვე ადამიანს და რომლის შესწავლის შემდეგაც თითოეულმა უნდა აღიაროს, რომ ეს ჯერ თუნდაც რომ არ იყოს ცნობილი ადამიანთა ცხოვრებაში, მიუხედავად ამისა, თავისი ჭეშმარიტებით ეს ისევე აქსიომა, როგორც, მაგალითად, ის, რომ, ,,როცა წვიმს, ტროტუარები სველია’’, ეს იმ ყველაფრიდან, რისი წვდომაც ევალება ადამიანს, რათა ის ცხოვრობდეს არა ველური ცხოველივით, არამედ ეწეოდეს ღირსეულ ცხოვრებას, როგორიც ადამიანს ეკადრება, იქცეს ჭეშმარიტად ყველაზე მნიშვნელოვანი, გახდეს, უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ, მერე კი, იმ შეხედულებების საფუძველზე და მათ შესაბამისად, რასაც საკუთარი კეთილდღეობის მიღწევის შესაძლებლობებისა და საშუალებების თაობაზე საჭირო მონაცემებს მიიღებენ ამ თეორიული ინფორმაციის წყალობით, ყველაფერს გააკეთებენ ამის პრაქტიკაში განსახორციელებლად.
მეორე იმ პუნქტებიდან, რომლის გაგებაც, ჩემი აზრით, აბსოლუტურად აუცილებელია თქვენთვის, შეიცავდა ჩემი განზრახვის შინაარსისა და ფორმის დეტალურ აღწერას, ინსტიტუტის მთავარი სექციის ცხოვრების მეტ–ნაკლებად დაბალანსებული ,,ტემპის’’ დადგენის პარალელურად უნდა მომხდარიყო სტუდენტთა დაყოფა სამ დამოუკიდებელ ჯგუფად იმ შედეგების შესაბამისად, რომელსაც საკუთარ თავზე შინაგანი მუშაობის შედეგად მიაღწიეს: პირველი ჯგუფი იყო ეგზოთერული, ანუ გარეგანი ჯგუფი; მეორე – მეზოთერული, ანუ შუალედური ჯგუფი; და მესამე – ეზოთერული, ანუ შინაგანი ჯგუფი.
პირველ, ეგზოთერულ ჯგუფში გაერთიანდებოდა ყველა ახალშემომატებული სტუდენტი, აგრეთვე ისინი, ვინც თავიანთი სუბიექტური თვისებებით ჯერ ვერ მოიპოვეს მისი უფლება, რომ მეორე, ანუ მეზოთერული, ჯგუფის წევრები გამხდარიყვნენ.
მეორე, მეზოთერული ჯგუფის სტუდენტებს, ძირითადი პროგრამის თანახმად, ყველა საკითხთან დაკავშირებით მიეწოდებოდათ მხოლოდ თეორიული ცოდნა, რომელიც მიუწვდომელია საშუალო ადამიანისთვის, ცოდნა, რომელიც ჩემი ნახევარსაუკუნოვანი სპეციალური კვლევების საფუძველზე დავადგინე და რომელსაც ვეწეოდი როგორც მარტო, ისე უმაღლესი თანამედროვე კულტურის შემსწავლელ სპეციალურ ჯგუფთან ერთად, რომელმაც ობიექტური ჭეშმარიტების ძიებას უძღვნა თავი.
მესამე, ეზოთერული ჯგუფის წევრები, იმავე დაწვრილებითი პროგრამის თანახმად, ამ საკითხებს ნაზიარები უნდა ყოფილიყვნენ არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც და უნდა გაცნობოდნენ თვითსრულყოფის რეალური საშუალების ყველა ხერხს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოხდებოდა მათი ექსპერიმენტული გამოცდა და შემოწმება სრულიად უჩვეულო, ხელოვნურად შექმნილ გარემოებებში.
ალბათ, დროული იქნება იმის თქმა, რომ ამ მესამე ჯგუფთან მუშაობისას ვაპირებდი, საკუთარი თავი მიმეძღვნა იმ საშუალებების გამოცდისთვის, რომლებიც უკვე ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვაპირებდი გამომეყენებინა ყველაფერი, რისი მიგნებაც და ზედმიწევნით შემოწმებაც მოხერხდებოდა ამ გზით მთელი კაცობრიობის საკეთილდღეოდ.
ახლა მინდა კიდევ, უმთავრესად თქვენს, როგორც უკვე ვთქვი, ,,არასოდეს აქამდე დედამიწის არსებობის მთელი ხანგრძლივობის დროს ასე სრულიად არამექანიზებულ აზროვნებაში’’ შედარებითობის, როგორც ამას ძველი სწავლული ფსიქოლოგები უწოდებდნენ, ,,დამაკავშირებელ საფუძველს ლოგიკური შეპირისპირებისთვის’’, ჩემი შემდგომი განმარტებებისთვის, აგრეთვე იმისთის, რომ შეძლოთ, მიახლოებით მაინც, როგორც იტყვიან, ,,გამოიცნოთ’’, რატომ ვახსენე მაინცდამაინც ეს ორი პუნქტი და დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეთ მათ ჩემ მიერ ჩაფიქრებულ შემდგომ ახსნა–განმარტებებთან თქვენს საკეთილდღეოდ, მე აგრეთვე აუცილებლადაც კი მიმაჩნია, განმარტებების იმავე თანმიმდევრობის სქემის შესაბამისად, რომელიც ადრე მქონდა გონებაში შედგენილი, ვიდრე დავიწყებ იმაზე საუბარს, რასაც უშუალო მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, გიამბოთ ან, უფრო სწორად, გამოგიტყდეთ, რომ რამდენიმე ძალიან განსაზღვრულ, ეგრეთ წოდებულ, ,,მოტივირების ფაქტორს’’ შორის, რომლის კრისტალიზებაც მოხდა ჩემს ,,სუბიექტივიზმში’’ ინტენსიური, ძალიან არასასიამოვნო განცდების შედეგად და რაც ბევრჯერ გამეორდა ზემოთ ხსენებული პროგრამების დამუშავებისა და ცხოვრებაში გამოყენების პერიოდში, არის ორი ფაქტორი, რომლებიც ყოველთვის მოქმედებენ როგორც კანონზომიერი მიზეზების შედეგები და აზროვნებისა და ემოციურ ასოციაციებში თითქმის ყოველთვის იწვევენ გრძნობას, რომელთან შეგუებაც ძალიან მიჭირს, ეს არის ,,სიმწარე’’.
პირველი ამ ,,მოტივირებულ ფსიქიკურ ფაქტორთაგან’’, რომელიც დღემდე მირყევს ძალებს, ჩამოყალიბდა ამ პროგრამის შემუშავების დროს, რაც ჩემს ცნობიერებასა და ბუნებას შორის განუწყვეტელი ბრძოლის შედეგი იყო.
უნდა გითხრათ, რომ მრავალი წლის წინ, ეს იყო ინსტიტუტის შექმნამდე, როცა დეტალებში ვგეგმავდი და ვამუშავებდი ამ პროგრამას, ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით რჩევებისა და მიმართულების მისაცემად მიმემართა ძალიან პატივცემული და მიუკერძოებელი ადამიანებისთვის, რომლებთან შეხვედრის ბედნიერებაც მქონდა ჩემი ცხოვრების მანძილზე და რომლებმაც, სხვათა შორის, ადამიანის სიცოცხლის განსაზღვრული ხანგრძლივობის არსებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ უკვე გადააბიჯეს თავიანთი არსებობის ორსაუკუნოვან მიჯნას, მათგან ზოგი კი ისეთ სითამამესაც კი იჩენდა, რომ სამსაუკუნოვანი მიჯნის გადალახვის იმედიც ჰქონდა, ზოგიერთ სპეციალურ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის ხშრად მივმართავდი სრულიად არაცნობილ ადამიანებსაც, რომლებიც, თუმცა ავტორიტეტულ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებოდნენ თანამედროვე ცხოვრების გარკვეულ სფეროებში, ამ საკითხებში, როგორც ამ ტიპის თანამედროვე ადამიანებს სჩვევიათ ხოლმე, მაინც ძალიან ,,სავსენი’’ იყვნენ ისეთი ტიპის ,,შესანიშნავი თვისებებით’’, როგორებიცაა: ,,პატივმოყვარეობა’’, ,,საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა’’, ,,ამბიცია’’, ,,თვითმაცდუნებლობა’’ და ასე შემდეგ.
ამ ფაქტმა, რაც ჩემში დიდი შინაგანი ძალისხმევის, როგორც იტყვიან, ,,განცდების’’ და გარეგანი დამოკიდებულებების გათვალისწინების ფასად მიჯდებოდა, ჩაუყარა საფუძველი ჩემში პირველი ზემოთ ხსენებული ,,მოტივირების ფაქტორების’’ საწყის მონაცემებს.
ზემოთ ხსენებული ,,ფსიქოლოგიური ფაქტორებიდან’’ მეორე ჩამოყალიბდა უკვე ევროპაში ჩემი საფრანგეთში დაფუძნებიდან ორი წლის თავზე, როგორც უკვე მოგახსენებთ, ჩემთვის ასე თუ ისე ხელსაყრელ პირობებში, სადაც დავიწყე კიდეც ადრე შემუშავებული პროგრამის შესაბამისად; ამ ფაქტორის ფორმირება იყო შედეგი რამდენიმე ადამიანის ,,თვითკმაყოფილებისა’’, რომლებსაც იმ დროს, ზემოაღნიშნული პირობებში კონტაქტი ჰქონდა ჩემთან.
მიუხედავად ევროპაში ჩემი ჩასვლის პირველივე დღიდან არსებული სასიცოცხლო აუცილებლობისა, ჩემი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალების ნახევარზე ნაკლები არ დამეთმო უდიდესი ფინანსური კრიზისის მოგვარებისთვის, რომელიც რუსეთის ხელისუფლების ,,სამარცხვინო სიჩლუნგის’’ მიზეზით შემექმნა და მიუხედავად იმისა, რომ დროის მეორე ნახევარი უნდა დამეთმო 70 მოწაფის თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის, რომლებიც სპეციალურად მომზადნენ, ასე ვთქვათ საილუსტრაციო მასალის დემონსტრირებისთვის, რომლის ჩვენებაც მომდევნო წელს ნავარაუდევი იყო მთელს ევროპასა და ამერიკაში ჩემი ახალი იდეების ცხოვრებაში გამოყენების შედეგების ჩვენების მიზნით, მაინც მოვახერხე, ისე წარმემართა ჩემი მუშაობა, რომ საფრანგეთში ინსტიტუტის გახსნიდან მეორე წელს ჩემში, ისევე როგორც ბევრ სხვა ადამიანში, რომლებსაც იმ დროს კონტაქტი ჰქონდათ ჩემთან და მეტ–ნაკლებად იცნობდნენ ჩემს ინსტრუქციებს, უკვე გაჩნდა მონაცემები ძლიერი რწმენისა, რომ ძალიან მალე უკვე შესაძლებელი იქნებოდა ჩემ მიერ ზემოთ განმარტებული დაწვრილებითი პროგრამის ორი პუნქტის პრაქტიკული განხორციელებაც, ანუ: ინსტიტუტში მცხოვრები მოწაფეების სამ ჯგუფად კლასიფიცირება და თითოეულ ჯგუფთან წინასწარ გათვალისწინებული ,,თეორიული’’ მეცადინეობების დაწყება; ამავე დროს, იმ ადგილებზე, სადაც ადამიანთა დიდი ჯგუფების ინტერესები იყო კონცენტრირებული, უკვე ხსენებული ახალი ტიპის ,,კლუბების’’გახსნა.
სამწუხაროდ, ადამიანების კეთილდღეობისთვის არანაირი კონკრეტული შედეგების განხორციელება, რომელსაც ამ პროგრამიდან ველოდი, პროგრამიდან, რომელიც უმცირეს დეტალებამდე იყო დამუშავებული, არ მოხერხდა იმ ყველასთვის ცნობილი შემთხვევის გამო, რომელიც ექვსი წლის წინ მოხდა ჩემს ცხოვრებაში და რომელიც როგორც ყველა მეცნიერმა, ასევე ჩვეულებრივმა ადამიანებმა და აგრეთვე მათ, ვინც მე მიცნობდა ან ამ შემთხვევის შესახებ უბრალოდ გაგონილი ჰქონდათ, თავიანთი ზერელე შეხედულებების გამო ეს უბრალო ,,საგზაო შემთხვევად’’ განიხილეს, თუმცა რეალურად, როგორც თავიდანვე ვივარაუდე, როგორც კი გონს მოვედი და რაშიც ახლა სრულიად დარწმუნებული ვარ – ეს იყო ჩემთან მიმართებაში ბოლო აკორდის გამოვლინება იმ ,,რაღაცისა’’, რაც ჩვეულებრივ გროვდება ხოლმე ადამიანის ცხოვრებაში და რასაც ზემოთ უკვე ვუწოდე ,,მომავალი სიკეთის მაცნე’’ და რაც პირველად იუდეველთა დიდმა, ნამდვილად დიდმა მეფე სოლომონმა და უწოდა მას ,,ცვარნოხარნო’’.
ვუბრუნდები რა იმ პერიოდის ფაქტების უფრო დეტალურ აღწერას, რაც აუცილებელია ჩემი ამჟამინდელი განმარტებების გასაგებად, უნდა ითქვას, რომ სულ თავიდან, როცა უკვე ასე თუ ისე ყველაფერი მოგვარებული იყო ადამიანთა დიდი ჯგუფის საცხოვრებლად იმ ორ სახლში, რომლებიც საფრანგეთში შევიძინე და რომლებსაც ვუწოდე Chateao du Priere da Le Paradou, აგრეთვე ნაჩქარევად დასრულდა ნაგებობა, რომელსაც შემდგომში ,,მეცადინეობების სახლი’’ დაერქვა, თითქმის ყოველდღიური ლექციების სერია დავიწყე ინსტიტუტის როგორც ახლად მიღებული ევროპელი სტუდენტებისთვის, ასევე მათთვის, ვინც რუსეთიდან ჩამოვიდა ჩემთან ერთად ან გზაში შემომიერთდა ჩემი კავკასიიდან ევროპაში მოგზაურობის დროს, როცა სხვადასხვა პოლიტიკური სირთულის გამო არანაირი საშუალება არ არსებობდა ხსენებული პროგრამის თუნდაც ერთი პარაგრაფის განსახორციელებლად, არც სადმე დიდხანს გასაჩერებლად, რათა ადრეული ზედაპირული მონახაზის პარალელურად განმეხილა დეტალები, რომლებიც ერთიანობაში ჩემი იდეის არსის ილუსტრირებას ახდენდნენ და საერთო მასალის 24 ქვეთავიდან უფრო სიღრმისეულად ამეხსნა ის ნაწილი, რომლის გაგებაც აუცილებელია თითოეულისთვის, რათა საკუთარ თავზე პროდუქტიული მუშაობა დაიწყოს.
იმისათვის, რომ თქვენთვის უფრო ადვილად გასაგები იყოს შემდგომი განმარტებები, რომლებიც მაშინ მივეცი მათ, აუცილებლად მიმაჩნია, ზოგიერთი მათგანი აქაც გავიმეორო.
ყველაფერთან ერთად მაშინ ისიც ვთქვი, რომ უმნიშვნელოვანესი სამუშაო ადამიანისთვის, რომელიც გონებით უკვე ჩასწვდა თავის რეალურ მნიშვნელობას, ანუ, რომელიც უკვე მიხვდა შეცდომას, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ის აზვიადებდა საკუთარ ინდივიდუალურობის მნიშვნელობას, რომელიც სინამდვილეში მშვიდ მდგომარეობაში მიუკერძოებელი შეფასებისას თითქმის სრულ ,,არარაობას’’ წარმოადგენს – საჭიროა შეიძინოს უნარი, გარკვეული დროის განმავლობაში მთელი თავისი შესაძლებლობები და ძალა მიმართოს იმაზე, რომ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მოახდინოს კონსტატირება როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური არანორმალური ფაქტებისა, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციაში ვლინდება, ანუ, შეეცადოს პრაქტიკულად განახორციელოს ის, რასაც ,,თვითდაკვირვებას’’ ვუწოდებთ.
ამის გაკეთება საჭირო და აუცილებელია უმთავრესად იმიტომ, რომ ისეთმა არასასურველმა ფაქტებმა, რომლებსაც მხოლოდ გონებით ამჩნევს ადამიანი და ჯერ მისი ყოფიერებისთვის კვლავინდებურად არანაირი მნიშვნელობა არა აქვთ, თანდათანობით გროვდებოდნენ რა მის ნატურაში, დაიწყეს კრისტალიზება მყარი რწმენისა ამ გზით შეძენილი ცოდნისადმი და ამის ხარჯზე, ეს კანონზომიერად ასე უნდა მოხდეს, იმისათვის, რომ საკუთარ თავზე მუშაობის საშუალება მიეცეს, მის ზოგად ყოფიერებაში უნდა წარმოიშვას უდიდესი ძალის ენერგია, მხოლოდ ამ ენერგიის საშუალებითაა შესაძლებელი საკუთრ თავზე მუშაობის გაგრძელება და რომელიც ვლინდება, სხვათა შორის, ,,ძალის’’ შეძენისკენ მუდმივი სწრაფვისას დღისით, ასე ვთქვათ, ,,ფხიზლად ყოფნის მდგომარეობაში’’, განსაზღვრული დროით ,,ახსოვდეს საკუთარი თავი’’.
ეს, თავის მხრივ, აუცილებელია იმისათვის, რომ ასეთმა ადამიანმა, რომელიც მხოლოდ გონებით მიხვდა საკუთარი ინდივიდუალურობის არარაობას და რომელმაც გადაწყვიტა, შეგნებულად ებრძოლოს კონსტატირებულ არანორმალურობებს, რომლის კრისტალიზებაც მოხდა მის ინდივიდუალურობაში მისი მოსამზადებელი ასაკის არახელსაყრელი გარემო–პირობების შედეგად და რომლებიც ვლინდება ყველა შესაძლებელ სისუსტეში, რომლებიც თავის ერთობლიობაში წარმოშობს უნებისყოფობას, უპრინციპობას, ინერტულობასა და ასე შემდეგ, შეძლოს არ გააიგივოს საკუთარი თავი გარემო პირობებთან და, განაგრძობს რა ერთდროულად სხვადასხვა გრძნობებით გატაცების მიდრეკილებისადმი თავის შინაგან და გარეგან გამოვლინებებზე დაკვირვებას, რომლებიც უკვე მის განუყოფელ ნაწილად იქცნენ, ამგვარად კიდევ უფრო სიღრმისეული კონსტატირება მოახდინოს სხვადასხვა ფაქტორებისა, რომლებიც მისი საკუთარი ცნობიერებისთვისაც კი არანორმალურია და მრავლად არსებობს მის ფიზიკურ სხეულში – და ეს ყველაფერი იმისთვის არის საჭირო, რომ ის მთელი თავისი არსებით დარწმუნდეს თავის უარყოფით თვისებებში, რომლებიც პირადად მისი შეფასებითაც კი შეუფერებელია ადამიანისთვის, მთელი არსებით და არა მხოლოდ, ამ შემთხვევაში არაფრისმაქნისი ,,ტვინით’’; ისე რომ ამგვარად მან კვლავ შეძლოს იქცეს ადამიანად, რომელსაც სურს კვლავ იმუშაოს საკუთარ თავზე მთელი არსებით და არა მხოლოდ, როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, არაფრისმაქნისი ცნობიერებით.
ამ საკითხის უდიდესი მნიშვნელობის გამო ვიმეორებ და ხაზს ვუსვამ, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ადამიანში, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობს, აღმოცენდეს და დაგროვდეს, როგორც ეს კანონზომიერად ხდება სურვილის ძალისა და მოქმედების ნებელობის შესაბამისად, აუცილებელი ენერგია, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობის გაგრძელების საშუალებას იძლევა, რადგან ეს ერთადერთია, რაც ადამიანს ამ ,,არარაობის’’ ,,რამედ’’, ტრანსფორმაციის განხორციელების საშუალებას აძლევს, ანუ, იმად, რაც ის უნდა ყოფილიყო საკუთარი ,,საღი აზრის’’ თანახმადაც კი, ანუ, ყოფილიყო ისეთი, როგორიც უნდა იყოს ადამიანი, ასე ვთქვათ, ,,ქმნილებათა გვირგვინი’’ და არა ისეთი, როგორ არსებადაც იქცა რეალურად, განსაკუთრებით ბოლო დროს, სახელდობრ, როგორც საკუთარ თავთან გულახდილობის მომენტში თავადაც იცის საკუთარ თავზე – არსებად, რომელიც ავტომატურად აღიქვამს ყველაფერს და ყველაფერში შინაურ ცხოველად ამჟღავნებს თავს.
ახლა მიმოხილვითი ფორმით გიამბობთ მოვლენებზე, რომლებიც ამერიკაში ჩემი პირველი მოგზაურობის მიზეზი გახდა.
როდესაც ზემოთ უკვე აღწერილი მოღვაწეობის შუაში უსიამოვნებებმა დიდი მასშტაბებით ზრდა და გამრავლება დაიწყეს იმ ,,სხვადასხვაგვარი სკანდალის აღმოცენებისთვის ნაყოფიერ ნიადაგზე’’, რომელსაც რუსეთი ეწოდებოდა, უსიამოვნებები, რომლებიც ჩემთან მხოლოდ იმიტომ იყვნენ დაკავშირებულნი, რომ ჩემთან ერთად ცხოვრობდა ბევრი უბედური ორფეხა არსება, რომლებთან მიმართებაში განგების ნებით ჩემში ჩამოყალიბდა ,,რაღაც’’ რაც მუდმივად მახსენებდა და მავალდებულებდა, ხელი შემეწყო უცილობელი კოსმიური წარმონაქმნების სუნთქვის რამე ფორმით გაგრძელებისთვის, რომლებსაც დიადი ბუნება, ითვალისწინებს რა აპარატის სირთულეს ორგანიზმისთვის ჰაერის ადვილად შეთვისებისთვის, და, აშკარაა, რომ დროის უკმარისობის გამო ამ აპარატს რაღაც დააკლო, რის გამოც ჩემი საწყალი ,,ფინანსთა მინისტრი’’ ყოველ ჯერზე ხმამაღლა ყვიროდა ,,მიშველეთ! მიშველეთო!’’, იძულებული ვიყავი მიმეღო გადაწყვეტილება ისე, რომ არ დავლოდებოდი მასალის სრულ მზადყოფნას, რომლის დასრულებასაც ვგეგმავდი, დაუყონებლივ წამოვსულიყავი თქვენთან, ამერიკელებთან – ადამიანებთან, რომლებიც იმ დროს დაცული იყავით ეგრეთ წოდებული ,,დოლარის დეპოზიტით’’* – და მხოლოდ იმ მასალით წამოვსულიყავი, რომელიც მეტ–ნაკლებად მზად იყო. (* –კანონი, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ ბანკის გაკოტრების შემთხვევაში სახელმწიფო აანაზღაურებს საბანკო ანაბრებს).
ამერიკაში ჩემი პირველი მოგზაურობის დროს, როცა ექვსი თვე დავყავი აქ, თქვენ შორის, მე არა მხოლოდ საკმაოდ წარმატებულად მოვახერხე ინსტიტუტის ,,მატერიალური საკითხის’’ დარეგულირება, აგრეთვე მოვამზადე აუცილებელი ნიადაგი აქ, ამერიკაში, რამდენიმე მუდმივი სექციის გასახსნელად.
სრულიად დავრწმუნდი რა მაშინ მომავალში ჩრდილოეთ ამერიკაში ფართო მასშტაბიანი გეგმების განხორციელების შესაძლებლობაში, რომლებიც ჩემს იდეებთან იყო დაკავშირებული, მაშინვე ისე, რომ დრო არ დამიკარგავს, გავხსენი, სხვათა შორის, აქ ნიუ–იორკში, რიტმული მოძრაობისა და მუსიკის შემსწავლელი დროებითი კლასები იმ განზრახვით, რომ ჩემი შემდგომი ვიზიტის დროს, რომელიც ექვსი თვის შემდეგ უნდა შემდგარიყო, ეს კლასები ამერიკაში ინსტიტუტის პირველ ძირითად შტოდ მექცია.
სწორედ ჩემი მოღვაწეობის ამ სტადიაზე, რომელიც გულისხმობდა მთელი კაცობრიობის კეთილდღეობისთვის იმ პროგრამის ცხოვრებაში დანერგვას, რომელიც უმცირეს დეტალებში იყო დამუშავებული, თითქმის ჩემი ევროპაში დაბრუნებისთანავე მოხდა ის ,,მარცხი’’, რომელმაც, გარდა იმისა, რომ ხელი შემიშალა ბევრ რამეში აქ დაგეგმილი მოგზაურობის ჩათვლით, იქცა, ასე ვთქვათ, ყველა შემდგომი გაუგებრობისა როგორც ჩემს იდეებთან, ასევე პირადად ჩემთან მიმართებაში.
ამ გაუგებრობების–როგორც უკვე არსებული ჩანასახებისა, რომლებიც ისედაც ბევრი იყო ჩემს ცხოვრებაში და ჩემი მიზნების ირგვლივ, აგრეთვე ახლად აღმოცენებულისა–გამრავლებისა და გაფურჩქვნის დაწყება ძირითადად დაკავშირებული იყო იმ ფაქტთან, რომ იმ ,,მარცხის’’ შემდეგ რამდენიმე თვით სრულიად დავკარგე მეხსიერება, მერე კი კიდევ რამდენიმე თვე ნახევრად უგონო მდგომარეობაში ვიწექი.
ნიადაგი ჩემს იდეებთან მიმართებაში ყოველგვარი შესაძლო გაუგებრობის შესანიშნავად გაფურჩქვნისთვის განსაკუთრებით ნაყოფიერად გადაიქცა იმის გამო, რომ ხსენებული მარცხის შემდეგ, როცა თანდათანობით დავიწყე საკუთარი სხეულისა და მეხსიერების ფლობის ჩვეული უნარის აღდგენა და იმ მიზეზთა შედეგად, რომლებიც უკვე აღვწერე ჩემი ნაწერების პირველი სერიის ბოლო თავში, დავიწყე ჩემ მიერ დაარსებული ინსტიტუტის, რომელიც რეორგანიზებული იყო ინსტიტუტის სტატუსის შესატყვისი ახალი პრინციპების შესაბამისად, ძირითადი სექციის, აგრეთვე, სხვა სექციების ლიკვიდაცია, ,,ყოფიერებისა და ცნობიერების’’ სხვადასხვა დონეზე მყოფ იქ მცხოვრებ ადამიანებს, რომელთა უმრავლესობაც სხვადასხვა დამოუკიდებელი ეროვნების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც ყოფილი რუსეთის იმპერიის მოსახლეობას შეადგენდნენ, არ ჰქონდათ რა სამშობლოში დაბრუნების საშუალება, რადგან მთელ იმ ტერიტორიაზე კვლავ გრძელდებოდა მასობრივი ფსიქოზი, რომელიც რამდენიმე წლით ადრე დაიწყო, იძულებულები იყვნენ, მოულოდნელი გარემოებების მიზეზით გაფანტულიყვნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ინგლისსა და ამერიკაშიც კი, იმისდა მიხედვით, სად ჰყავდათ მეგობრები ან ნათესავები და ჩემი ინსტიტუტის ყოფილი მოწაფეების უმრავლესობას, მიმოიფანტა რა მთელს მსოფლიოში და საკმაოდ რთულ პირობებში აღმოჩნდა, რაც ჩვეულებრივ მოვლენად რჩება დღემდე წარსულში საკმაოდ მდიდარი რუსეთიდან გამოქცეული თითქმის ყველა ,,ლტოლვილისთვის’’, რომლებსაც არ გააჩნიათ მონაცემები, რაც აუცილებელია ადგილობრივ პირობებში ნორმალური შემოსავლის მოპოვებისათვის, უცებ, როგორც ჩანს, გაახსენდათ რაღაც ნამცეცები ინფორმაციის საერთო მასიდან, რომელიც ინსტიტუტში ჰქონდათ მოსმენილი და ისარგებლეს რა შეგნებულად ან შეუგნებლად – ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არა აქვს – გონების საერთო გაუწონასწორებლობით, რაც აღმოცენდა როგორც მსოფლიო ომის კანონზომიერი შედეგი და მათ ჩემი იდეების ,,ქადაგება’’ გადაწყვიტეს.
ვინაიდან ჩემ მიერ დაარსებული ინსტიტუტის თითოეული მოწაფე, თავისი ,,სუბიექტური ყოფიერებიდან’’ გამომდინარე, მიეკუთვნებოდა მხოლოდ კონკრეტულ ეზოთერიულ ჯგუფს, ანუ, ჯერ კიდევ ჩვეულებრივი საშუალო ადამიანის ყოფიერებით ცხოვრობდა და, შესაბამისად, სრულიად ფლობდა თანამედროვე ადამიანისთვის დამახასიათებელ ყველა იმ თვისებას, რომელთა შორისაც აუცილებლად და გარდაუვალად არის ის, რომ მას შეუძლია ყოველი ახალი ინფორმაციის მოწოდებისას დაინტერესდეს და შეითვისოს მხოლოდ ის, რაც შეესატყვისება მის უკვე დადგენილ სუბიექტურობას და სწორედ ეს აქციოს მისი აზროვნების სიმძიმის ცენტრად, მათ, აიღეს რა ეს საფუძვლად, დაიწყეს ზემოხსენებული ,,გაუწონასწორებელი გონებით’’ ადამიან–მსხვერპლთათვის სიტყვიერად, აგრეთვე ლიტერატურის გამოყენებით იმ ინფორმაციის ცალმხრივად სწავლება, რომელიც აქა–იქ ჰქონდათ ყურმოკრული ან პირადად ჩემგან ან ჩემი ძველი მოწაფეებისგან, რომლებიც მომავალში ჩემი იდეების ფართო მასშტაბიანი გავრცელებისთვის მოვამზადე.
აქ საინტერესოა აღინიშნოს, რომ იმ დროისთვის მე თითქმის არანაირად აღარ ,,ვიქცევდი’’ იმ ადამიანების ყურადღებას, რომლებიც მეტ–ნაკლებად იცნობდნენ ჩემს ინსტრუქციებს.
ბევრი სრულიად განსაზღვრული ფაქტიდან, რომელიც ზოგიერთი სპეციფიკური თვისების გაჩენის მიზეზებთან დაკავშირებით ჩემ მიერ სპეციალური დაკვირვების დროს გამოვლინდა ფსიქიკაში, რომლებიც ჩემი იდეების მიმდევრები იყვნენ, ვფიქრობ, ახლა საკმარისი იქნება მხოლოდ იმის აღნიშვნა, სხვათა შორის, რომ აღნიშნულ მომენტში, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც ამა თუ იმ გზით გახდნენ ჩემი იდეების მიმდევრები, მათი ფსიქიკური ფუნქციონირებისთვის მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებში სხვადასხვა მექანიკური გარემო ზემოქმედების შედეგად კრისტალიზდება, შემდგომში ავტომატური სტიმულირების ფაქტორი ხდება მათი სუბიექტურობის გამოვლენისთვის, რის შედეგადაც ეს ადამიანები ავტომატურად მიმდინარე ასოციაციების პროცესში, ისევე როგორც ურთიერთშორის ნახევრად გაცნობიერებული აზრთა გაცვლა–გამოცვლის დროს, რაც ენთუზიაზმითა და დაჟინებული კამათის აუცილებლობით იმართება, რაც ამგვარად ქმნის რეალურად აღქმად და ძალიან მძლავრად გამოვლინებად idee fix - ის მხოლოდ ზოგიერთ, ზოგჯერ სრულიად უმნიშვნელო ინფორმაციასთან მიმართებაში, რომელიც მხოლოდ ერთ კერძო საკითხს ხსნის საკითხთა აურაცხელი რაოდენობიდან, რომლებიც მხოლოდ ერთობლიობაში წარმოადგენენ და ხსნიან ჩემი იდეების არსს.
მაგალითად, რუსეთის ერთ ნაწილში მცხოვრები ადამიანების ეგრეთ წოდებულ ,,ცნობიერებაში’’ მიწოდებული ინფორმაციის საერთო მასიდან, რომელიც, რა თქმა უნდა, ზერელედ ,,ალაგ–ალაგ’’ ჰქონდათ ათვისებული, მყარი კრისტალიზება განიცადა მხოლოდ იმ ნაწილმა, რომელიც სხვა დანარჩენი საკითხებიდან ანალოგიებისა და მაგალითების საშუალებით თეორიულად ხსნის იმ ფაქტს, რომ ადამიანის საზოგადო ყოფიერება შედგება სამი დამოუკიდებლად ფორმირებული და აღზრდილი ნაწილისგან და ამაზე დააფუძნეს ჩემი იდეების სავარაუდო ჭეშმარიტება; ადამიანთა სხვა ჯგუფში, რომელიც რუსეთის სხვა ნაწილში ცხოვრობს, განმარტებული და დადასტურებული ინფორმაციის რაღაც ფრაგმენტების შედეგად კრისტალიზება განიცადა ერთმა იდეამ იმის შესახებ, რომ ადამიანს, რომელსაც განზრახ არასოდეს უმუშავია საკუთარი თავის სრულყოფაზე, არ გააჩნია არა მხოლოდ სულიერება, არამედ მას არა აქვს არც სული.
გერმანელებმა, განსაკუთრებით მათ, ვინც ბავარიიდან არის, ათვისებული ინფორმაციის შედეგად, რომელიც არა მხოლოდ ჩვეულებრივი საკვებით, არამედ, ვთქვათ, ჰაერით ეფექტური კვების შესაძლებლობას ეხება, განსაკუთრებით შეიყვარეს საკუთარი სისხლის შემადგენლობისთვის ფიზიკური სხეულის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების უნარის მიცემის და, იმავდროულად, ასტრალური სხეულის კრისტალიზებისა და სრულყოფისთვის ხელშეწყობის იდეა.
ინგლისის დედაქალაქის მცხოვრებლები ,,გაგიჟდნენ’’ ან აჯობებდა მეთქვა: ,,მათი ინგლისური სულისთვის უფრო მოსაწონი აღმოჩნდა’’ და მათი ფსიქიკის idee fix-ად იქცა მთელი ჩემი თეორიული ინფორმაციის ერთობლიობიდან გაკეთებული განზოგადებული დასკვნა, რომელიც შეიძლება მოკლედ ამგვარად გადმოიცეს: ,,გახსოვდეს საკუთარი თავი’’ და რომელსაც როგორც აუცილებლობას, ისე განიხილავდნენ.
ადამიანებმა, რომლებიც თანამედროვე ჩრდილოეთ საბერძნეთში ცხოვრობდნენ, უპირატესობა მიანიჭეს და ჩემი იდეებისადმი საკუთარი ინტერესების სიმძიმის ცენტრად ეგრეთ წოდებული ,,ოჯახის კანონი’’ და ყველა მოვლენის ,,სამი ასპექტი’’ აქციეს და ასე შემდეგ.
რაც შეგეხებათ თქვენ, ამერიკელებს, რომლებიც ამ ჯგუფში ხართ გაერთიანებული, თქვენი idee fix დაფუძნებულია ცალკეულ ფრაგმენტებზე, რომლებიც ნაწილ–ნაწილ გაქვთ ამოკრებილი იმ ერთიანი თეორიიდან, რომელიც 24 ნაწილისგან შედგება, რომელიც ჩემი იდეების თეორიულ ახსნას, ინფორმაციის ერთობლიობას და წარმოადგენს, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ, რომ ეს ნაწილი შეეხება ,,თვითდაკვირვების’’ საკითხს და ხაზგასმით გითხრით, რომ ეს ინფორმაცია წარმოადგენს არსებით აუცილებლობას საკუთარ თავზე მუშაობის დაწყებისას.