შესავალი
შესავალი
1934 წლის 6 ნოემბერი
რესტორანი ,,ჩაილდსი’’
კოლუმბს სირქლი,
ნიუ–იორკი
იმ დროს, როცა, შეიძლება ითქვას, ,,ვკვნესოდი’’ და ,,ვოხრავდი’’ ჩემი ნაწერების მეორე სერიის მესამე წიგნის ბოლო თავში, ჩემი ,,ქვეცნობიერი აზროვნების’’ პროცესში, ჩემი ავტომატურად მიმდინარე აზრებში თავისთავად მოხდა ინტერესის სიმძიმის ცენტრის კონცენტრირება კითხვაზე: როგორ უნდა დავიწყო მესამე სერიის წიგნები, რომელთა დაწერაც დაგეგმილი მქონდა, კერძოდ, იმ სერიის წიგნებისა, რომელთა დანიშნულებაც, ჩემი აზრით, იმაში იყო, რომ ძალიან მოკლე დროში გამხდარიყო, ასე ვთქვათ, ,,დამრიგებლურ–ინსტრუქციული’’ ჩვენი საერთო მამის მიერ შექმნილი ჩემივე მსგავსი ყველა არსებისთვის; მაგრამ აქ გულახდილად უნდა ვთქვა, რომ ავირჩიე რა მწერლის პროფესია, რადგან ის მეტად შეესატყვისებოდა ჩემს მოულოდნელად აღმოცენებულ ფიზიკურ მდგომარეობას და როცა ჩემი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესების პარალელურად ნათლად მივხვდი, რომ ჩემი პირადი წერილობითი ახსნა–განმარტებები უზარმაზარ სარგებლობას მოუტანს თანამედროვე ადამიანთა უმრავლესობას ისევე, როგორც მომავალ თაობას, გადავწყვიტე თავად ამ სერიის წიგნებით შეგნებულად გადამეხადა საზღაური დედა ბუნებისთვის ჩემი ამქვეყნად გაჩენისა და არსებობისთვის, ამაში უმთავრესად ვგულისხმობ არსებობას როგორც არა უბრალოდ ,,ჩვეულებრივ ცხოვრებას’’, ასრულებ რა ავტომატურად რაღაც დანიშნულებას, რომელიც აუცილებელია დედა ბუნების საერთო საჭიროებისთვის, როცა მიუკერძოებლად აფასებ საკუთარ თავს, დაჯილდოვებული ხარ ყოველმხრივი სრულყოფისა და დამოუკიდებელი მთლიანობის ნიჭით.
ცოტა ხნის წინ ფიქრის დროს გაკეთებულმა დასკვნამ დღეს ამ ბოლო წიგნის დამთავრებასთან დაკავშირებით შეგნებულ ფიქრთან ერთად მიმიყვანა კატეგორიულ გადაწყვეტილებამდე, წიგნების ეს ,,დამრიგებლურ–ინსტრუქციული’’ სერია დამეწყო იმ მოვლენათა აღწერით, რომლებიც სამხრეთ ამერიკაში ჩემს ბოლო ორ მოგზაურობას ეხებოდა და შემჭიდროებული სახით მომეტანა ის საუბრები, რომლებიც ჩავატარე ჩემი იდეების მიმდევართა ერთ–ერთ ჯგუფთან, რომელიც ნიუ–იორკში ჩემს პირველ ვიზიტამდე ათი წლით ადრე იყო ორგანიზებული.
უმთავრესად იმიტომ მინდოდა ამის აღწერით დამეწყო, რომ ამ საუბრების საფუძველზე, როგორც გონებაში ფიქრისას ვგეგმავდი ამას, შესაძლოა აშენდეს აუცილებელი ფუნდამენტი იმისთვის, ადამიანთა შეგნებულ ცხოვრებაში რისი დამკვიდრებაც მინდა ჩემი ნაწერების ამ მესამე და ბოლო სერიის საშუალებით; და, გარდა ამისა, იმიტომაც, რომ ამ ლექციების გამოქვეყნება მოვლენათა და მიზეზთა აღწერასთან ერთად, რომლებიც ამას იწვევდა და რომლებზეც განსაზღვრული ფორმითა და მიმდევრობით სწორედ ამ საუბრებით ვრეაგირებდი, ერთობლიობაში ჩამოაყალიბებს, დიახ, ამაში ეჭვი არ მეპარება, რაღაც, ასე ვთქვათ, ,,ავტომატურად მომქმედ ფაქტორს’’ ევროპის, აზიისა და ამერიკის ორივე სქესის ათასობით ადამიანის სრული დაღუპვისგან შესაძლო გადარჩენისთვის.
მესამე სერიის ამ შესავალ წიგნში გადმოგცემთ ,,კვინტესენციას’’ ხუთი საუბრისას, რომელთაგან ოთხი 1930 წლის ბოლოსა და 1931 წლის დასაწყისში, ხოლო ერთი 1931 წლის ბოლოსა და 1932 წლის დასაწყისში ჩავატარე.
ჩემი ნაწერების მესამე სერიის მკითხველებისთვის, იმისდა მიუხედავად, ცნობიერების რომელ საფეხურს მიაკუთვნებენ ისინი საკუთარ თავს, ჩემი აზრით, ყველაფერთან ერთად ზედმეტი არ იქნება იმის გაგება, თუ ჩემი რომელი წარმოდგენებისა და ინსტინქტური ვარაუდებისგან წარმოიშვა ფრაზა, რომელიც ზემოთ გამოვიყენე: ,,შეგნებულად გადამეხადა საზღაური დედა ბუნებისთვის’’.
ეს ფრაზა თითქმის უნებლიედ წამომცდა და მან მიიღო ფორმა, რომელიც ჩემი ინსტინქტური შეგნებული შეხედულებების ერთობლიობიდან გამომდინარეობდა, რომ ჩემი ნაწერების მესამე სერიის წიგნების გამოქვეყნების აქტით შემეძლო იმის შესრულების იმედი მქონოდა, რაც, ჩემი აზრით, არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვალეობა ადამიანისა, რომელმაც საპასუხისმგებლო ასაკს მიაღწია და შთამომავლობისთვის მზადების პროცესშია, საკუთარი ინდივიდუალურობისა და ზოგიერთი სასარგებლო ინსტრუქციის შესაბამისად; უფრო მეტიც, მე შემეძლო ამ აქტით, თუნდაც სრულიად სუბიექტურად მნიშვნელობა მიმენიჭებინა ყველა ჩემი უწინდელი წინასწარგანზრახული შრომისა და შეგნებული უარისთვის ყველა იმ სახის კეთილდღეობაზე, რომელიც, ჩვეულებრივ, კრისტალიზებულია თანამედროვე ადამიანების ცხოვრებაში და რომელიც ჩემთვის მუდამ ადვილად მისაღწევი იყო; დაბოლოს, იმედი მაქვს ჩემი უკანასკნელი ამოსუნთქვის მომენტში, ყოველგვარი გონებრივი, ემოციური ან ინსტინქტური ეჭვების გარეშე განვიცადო ის ადამიანისთვის წმინდა იმპულსი, რომელსაც ძველი ესეები ასე უწოდებდნენ: ,,მიუკერძოებელი კმაყოფილება საკუთარი თავით’’.
იმ მიზნით, რომ ამ წიგნის მკითხველის აზროვნებაში გაჩნდეს ,,რაღაც’’, უფრო უკეთესი ორიენტაციისა და უფრო იოლი ლოგიკური შედარებისთვის იმასთან, რაც ამას მოჰყვება, ანუ, რაღაც, რაც აღმოსავლეთში ცივილიზაციამდე არსებობდა ცოდნის სფეროში, რომელსაც ,,თეომატოსი’’ ერქვა და ,,ობიექტური ვარაუდისთვის გამომაცოცხლებელი ფაქტორის’’ სახელით იყო ცნობილი – მხედველობაში მაქვს, რა თქმა უნდა, იმ მკითხველთა აზროვნება, რომლებიც გაეცნობიან თუ არა ჩემს ნაწერებს, ჩემი რჩევებით იხელმძღვანელებენ და ზედმიწევნით შეეცდებიან მათ დაცვას, – მინდა, უპირველეს ყოვლისა, შევეცადო, მათი შინაგანი მზერისთვის, სიტყვიერი აღწერილობით გადავცე მრავალგვარი ინფორმაცია, რომლის ერთობლიობასაც შეუძლია დაეხმაროს მათ ნამდვილი სახით დაინახონ და ნათლად წარმოიდგინონ ორი სიტუაცია, რომელიც ჩემი მწერლური მოღვაწეობის დროს შეიქმნა ჩემი ჩვეულებრივი ცხოვრების პროცესში.
პირველი სიტუაცია ჩემი მწერლური მოღვაწეობის დაწყებისთანავე აღმოცენდა, საავტომობილო ავარიის, იმ უზარმაზარი უბედურების შემდეგ, რომელიც მაშინ მეწვია, როცა ჩემს გარშემომყოფთა კეთილდღეობისთვის ლიკვიდირება გავუკეთე ყველაფერს, რაც დაკავშირებული იყო ჩემი შეგნებული მოღვაწეობის უწინდელ ფორმებთან და წერა დავიწყე. იმ მომენტიდან ყველანაირად გავურბოდი შეხვედრებსა და საუბრებს ადამიანებთან, რომლებიც რაღაც სახით მაინც იცნობდნენ ჩემს იდეებს და, ბუნებრივია, ჩემთან საუბარი სურდათ, რათა უფრო ახლოს გაცნობოდნენ ამ იდეებს.
ეს ზომა ჩემი მწერლური მოღვაწეობის დაწყებისთანავე მივიღე იმ მიზნით, რომ არ მიმეღო – ან, უკიდურეს შემთხვევაში, მცირე ხარისხით მიმეღო – შოკი, რომელიც რამე სახით მაინც შეეხებოდა ჩემი აზროვნების ასოციაციებს, იმ ,,დახვეწილი’’აბსტრაქტული შეკითხვებისგან, რომლებთან დაკავშირებითაც ბოლო წლებში ვალდებული ვიყავი სხვადასხვანაირ ადამიანებთან საუბრებისას შევწყობოდი მათი გაგების სხვადასხვა დონეს და ამგვარად ვეჩვეოდი ამ შეკითხვებზე თითქმის ავტომატური პასუხების გაცემას. მინდოდა საერთოდ არ შემესრუტა ჩვეულებრივი ცხოვრების შთაბეჭდილებები, რომლებიც აუცილებელი არ იყო ჩემთვის და შეეძლოთ ხელი შეეშალათ ჩემი აზროვნების დადგენილი ტემპისთვის ამ ამოცანასთან დაკავშირებით, რომელიც საკუთარი ნებით მივეცი ჩემს თავს.
იმისათვის, რომ დავახასიათო ჩემი შეგნებული ,,შინაგანი იზოლაცია’’ გარეგანი შთაბეჭდილებებისგან, რომლებიც ხელს უშლიდნენ ჩემს მწერლურ მოღვაწეობას, საკმარისი იქნება იმის თქმა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში არც ერთხელ არც ერთი გაზეთი არ წამიკითხავს, უფრო მეტიც, ხელშიც კი არ მჭერია ის. თითქმის იგივე შემიძლია ვთქვა წერილებსა და ტელეგრამებთან დაკავშირებით. თითქმის–მეთქი, – ვთქვი, იმიტომ რომ ამ ხნის განმავლობაში მაინც წავიკითხე ცამეტი თუ თხუთმეტი და დავწერე ექვსი თუ შვიდი წერილი, მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით პირველ წელს დღეში ასობით მომდიოდა ისინი.
რადგან გიამბეთ რა ჩემი ასეთი თავისუფალი დამოკიდებულება კორესპონდენციისადმი, რაღაც თვალსაზრისით გავეცი ჩემი ერთ–ერთი საიდუმლო, რაც ყოველგვარი წინასწარი განზრახვის გარეშე მოხდა, მოთხოვნა გამიჩნდა კიდევ ერთ რამეში გამოგიტყდეთ კორესპონდენციასთან დაკავშირებით, რომელიც იმ დროს მოდიოდა ჩემს სახელზე. ეს სრულიად ჰარმონიულად შეეწყობა ჩემს ფუნდამენტურ პრინციპს, რომელსაც მუდამ ვიყენებ ჩემს ჩვეულებრივ ცხოვრებაში და რომელიც ამგვარად ჟღერს: ,,თუ ხარჯია, ხარჯი იყოს, ხოლომდე დაიხარჯე’’ (იხილეთ: ,,ბელზებელის საუბრები შვილიშვილთან’’, თავი: ,,აზრის გამოღვიძება’’).
ჩემი საავტომობილო ავარიის შემდეგ, რომლის შესახებაც ზემოთ უკვე მოგახსენეთ, დავუშვი რა გამონაკლისი მხოლოდ საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ჩემი სახლის კარი ჩავკეტე ყველასთვის – როგორც მათთვის, ვინც უკვე მიცნობდა, ისევე მათთვის, ვისაც გაგონილი ჰქონდათ ჩემ შესახებ და ჩემი ნახვით ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება უნდოდათ– ალბათ, იმ მიზნით, როგორც მათი უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ თავისთვის გაერკვია, თუ რას წარმოვადგენდი და როგორი იყო ჩემი იდეები. როცა მეორე წელს განსაკუთრებული ,,დაბომბვა’’ დაიწყეს წარმოუდგენელი რაოდენობის წერილებით, ჩემს ერთ–ერთ ახლობელს დავავალე, გაეხსნა ეს წერილები და არ გადმოეცა ჩემთვის ისინი, რომლებშიც არ იქნებოდა ეგრეთ წოდებული ,,ჩეკის დანართები’’, ან მითითება, რომ სასწრაფოდ მოითხოვენ წერილზე პასუხს და ისე გაენადგურებინა, რომ მათი ,,ასტრალური სუნიც’’ კი არ დარჩენილიყო ჩემს სახლში, მაგრამ თუ კი კონვერტში ,,ჩეკის დანართები’’ იყო, ჩვეულებრივ როგორც ვამბობდი ხოლმე, ინგლისური ან, უარეს შემთხვევაში, ამერიკული ნულების რაოდენობის მიხედვით, რომელიც მას ამშვენებდა, ჩემი ნდობით აღჭურვილი პირი შემდეგნაირად მოქცეულიყო:
თუ დანართს ერთი ნული ამშვენებდა, მაშინ წერილი მთლიანად უნდა განადგურებულიყო, ხოლო დანართი სათამაშოების შესაძენად უნდა გადასცემოდათ ბავშვებს, რომლებიც ჩემს სახლში ცხოვრობდნენ; თუ დანართი ორი ნულით იყო, წერილი უნდა გადასცემოდა ჩემს მდივანს, დანართი – სამზარეულოს მმართველს, რომელიც ,,La Priere’’ – ში მორიგეობდა; და მხოლოდ ის წერილები უნდა გადმოეცათ პირადად ჩემთვის, რომლებსაც სამი ან უფრო მეტი ზემოთ ხსენებული ნული ამშვენებდა.
ჩემ მიერ შემოღებული ეს წესი, სხვათა შორის, დღემდე მოქმედებს, მაგრამ უახლოეს მომავალში, ანუ, იმ მომენტისთვის, როცა ჩემი ნაწერების მესამე სერიის ამ პირველ წიგნს დავასრულებ, ამ წესის შეცვლას ვაპირებ იმგვარად, რომ უკლებლივ ყველა წერილი და ტელეგრამა განადგურდეს, დანართები, რომლებზეც არანაკლებ ოთხნულიანი ციფრები იქნება, მე გადმომეცეს, სამიანი – ჩემს მდივანს, ორიანი – ბავშვებს, რომლებიც ჩემს სახლში ცხოვრობენ, ერთნულიანები კი ფონტენებლოსა და ავონში მცხოვრებ ღარიბ ბავშვებთან გაიგზავნოს.
ახლა, როცა საჯაროდ ვაღიარე ასეთი უცერემონიო დამოკიდებულება არა მხოლოდ ჩემი კორესპონდენციისადმი, არამედ ადამიანებისადმიც, რომელთაგან ზოგი ბევრ ევროპულ ქვეყანაში იმ დროისთვის და, შესაძლოა, დღემდე ასეა, გავლენიან და ,,სახელგანთქმულ’’ პირადაც კი ითვლებოდა, სწორი იქნება ვთქვათ, რომ თუ ჩემმა ცნობიერებამ ჩემს განსაკუთრებულ ნატურას უფლება მისცა, ამგვარი ,,თავხედობა’’ გამოეჩინა და ეს წერილობითი სახითაც კი გადმოეცა, რითიც ეს ხელმისაწვდომი გახდა ყველა ორფეხა სულიერი არსების აღქმისთვის, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გეომეტრიულ ფიგურას წარმოადგენს ის, თავის აღქმის საზღვრების თვალსაზრისით – ,,კუბს’’, ,,კვადრატს’’ თუ ,,ზიგზაგს’’, რადგან მე უკვე მივაღწიე წარმატებას იმ ამოცანის დიდი ნაწილის შესრულებაში, რომელიც საკუთარ თავს დავუსახე მიზნად, მიუხედავად ათასგვარი შემაფერხებელი ფაქტორისა, როგორც კანონზომიერად აღმოცენებული, ასევე ჩვენ შორის მცხოვრებ იმ ტიპების მიერ გამოწვეული, რომლებიც, სამწუხაროდ, აგრეთვე ,,ადამიანებად’’ იწოდებიან და რომლებიც, როგორც ერთი ძველი ლეგენდა გვეუბნება, ჩნდებიან რა ამქვეყნად და არსებობენ ჩვენ შორის, ჩვეულებრივ ადამიანებს შორის, ბუნების მიერ იმგვარად იქმნებიან, რომ ორი შედეგი მივიღოთ: პირველი, კოსმოსურმა ნივთიერებებმა, რომლებიც ტრანსფორმირდება მათ მიერ მათსავე ზრდის პროცესში და არა, როგორც თავად მიიჩნევენ, მთელი ცხოვრების განმავლობაში, უნდა შეასრულონ ,,კათოდური ელემენტების’’ როლი დედამიწაზე ,,ობიექტური სიკეთის’’ შესანარჩუნებლად მთელი კაცობრიობის ცხოვრებისთვის და რათა, მეორე, მათი საერთო ყოფიერების შემადგენელი ელემენტები მათი სიკვდილის შემდეგ ტრანსფორმირდეს იმ პროდუქტების მარაგის შესავსებად, რომლებიც ჯოჯოხეთის საჭიროებებისთვის გამოიყენება.
მოკლედ, ჩემი ასეთი დამოკიდებულება შეხვედრებისა და საუბრების მიმართ ათასგვარ ხალხთან მყარად დაკანონდა მწერლური მოღვაწეობის პირველსავე წელს ჩემი გარეგანი ავტომატური ცხოვრების მსვლელობისას და ვცდილობდი, არ შემეცვალა ის იმ დრომდე, ვიდრე არ დავიწყე ჩემი ამერიკაში ბოლო მოგზაურობისთვის მზადება: უფრო ზუსტად, როცა მთელი მასალის, რომლის დაწერასაც ვაპირებდი, პირველი მონახაზი გავაკეთე – ეს იყო პირველი სერია დასრულებული ფორმით, მეორე – მისი პირველი ვერსიით, მესამე კი – ნაწილობრივ.
მეორე ზემოხსენებულ ფაქტორთაგან იყო ის, რომ როცა მწერლური მოღვაწეობის პროცესში ჩემი მეხსიერება წერის საკითხებთან დაკავშირებით განსაკუთრებული ხარისხით გამახვილდა, ისე რომ, მაგალითად, შემეძლო და ახლაც კი შემიძლია გავიხსენო, სად, ათასობით ხელნაწერ რომელ რვეულში სხვა აზრებთან რა მიმართებაშია გამოთქმული ესა თუ ის აზრი და სად უნდა გამეორდეს სხვა ფორმით და სად უნდა გამეორდეს კონკრეტულად, შემეძლო და ახლაც კი შემიძლია გავიხსენო, ჩემი ნაწერებით გავსებული ამ რვეულების უკვე ათიათასობით სტრიქონიდან რომელ წინადადებაში და რომელ სიტყვაში იყო ასოები, რომლებიც ავტომატურად როგორღაც არასწორად დავწერე, თუმცა ამავე დროს, იმ პერიოდში, როცა აუცილებლად უნდა ახალ ხალხს – არ მახსენდება ერთი შეხვედრა ან საუბარიც კი, რომელიც ადრე აუცილებლად მოახდენდა ჩემზე შთაბეჭდილებას, რომელსაც უმნიშვნელო შთაბეჭდილება მაინც დაეტოვებინა ჩემს ხსოვნაში; მომდევნო დღესაც კი, როცა უბრალოდ აუცილებელი იყო ჩემთვის მისი გახსენება, ჩემი დიდი სურვილისა და დაძაბვის მიუხედავად, რამე მაინც გამეხსენებინა წინა დღის შეხვედრებიდან და საუბრებიდან, არაფერი გამომდიოდა.
მაგრამ, როცა წერის საკითხებით ჩემი შინაგანი მოუცლელობა შემცირდა, წერითი საქმიანობის დასასრულის მოახლოების გამო ჩემმა ბუნებამ შეიძინა უნარი, რომელიც, როგორც ზოგჯერ ხდება ხოლმე, განსაკუთრებული სახით ყალიბდება, ცოდნისა, არ განეცადა ,,სინდისის ქენჯნის’’ მსგავსი გრძნობა, დაინტერესებულიყო სხვა ცხოვრებისეული საკითხებით, რომლებიც არაფრით არ იყო დაკავშირებული ამოცანასთან, რომელიც საკუთარ თავს დავუსახე მოცემულ პერიოდში და თან სპეციალური ფიციც კი დავდე განსაზღვრულ მდგომარეობაში მყოფმა, რომელიც ბავშვობაშივე მაჩვენა და აღზარდა კიდეც ჩემში მამაჩემმა. ამ ,,ფსიქიკურ მდგომარეობაში’’ მეორე სერიის საბოლოო შესწორებები დავასრულე, ვაგრძელებდი რა მუშაობას, რა თქმა უნდა, ძველებურად, ანუ, უმეტესწილად ვმოგზაურობდი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ძირითადად საფრანგეთში, კვლავაც ვაგრძელებდი წერას მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ისეთ ადგილებში, როგორებიცაა: რესტორნები, კაფეები, ,,საცეკვაო დარბაზები’’ და სხვა მსგავსი სულისკვეთების თანამედროვე მორალის ,,ტაძრებში“.
როდესაც ამ დროიდან ჩემი სრულიად განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობების აღდგენის პროცესი წავიდა, მე კვლავ დავიწყე მათზე დაკვირვება, ჩემი სანახევროდ გათავისუფლებული ყურადღების წყალობით, ჩემს ადრეული ახალგაზრდობის დროს შეგნებულად განვითარებული უნარით, ეს არის ,,უნარი, არ გააიგივო თავი სხვების გარეგნულ გამოვლინებებთან’’ და მალე შევნიშნე, შეხვედრების გამეორების კვალდაკვალ კი მეტად ვრწმუნდებოდი, რომ ყველა მათგანის ფსიქიკაში, როგორც კაცების, ასევე ქალების, რომლებსაც რაღაც ცოდნა და ინტერესი ჰქონდათ ჩემი იდეებისა, განსაკუთრებით კი მათ ფსიქიკაში, რომლებმაც უკვე ცადეს საკუთარ თავზე პრაქტიკაში განეხორციელებინათ ზოგიერთი ექსპერიმენტი, რომელიც ვითომდა ჩემს იდეებს შეესატყვისებოდა, ,,სხვა რაღაც’’ ხდებოდა, აშკარად ,,სულ სხვა რაღაც’’ ხდებოდა, რაც შესამჩნევი იყო, რა თქმა უნდა, დაკვირვების გარკვეული უნარის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი ჩვეულებრივი ადამიანისთვისაც კი.
ამ განმეორებადმა კონსტატაციებმა არა მხოლოდ შემაშფოთეს, ჩემს ფსიქიკაში თანდათან აღძრეს ,,დაუოკებელი წყურვილი ცოდნისა’’, ამ ფაქტის მიზეზების გაგების მიზნით.
ამის შედეგი იყო ის, რომ ასეთ ადამიანებთან შეხვედრებისას გამოკვლევის მიზნით განსაკუთრებული ყურადღებით დავიწყე მათზე დაკვირვება და მიზანმიმართული კითხვების საშუალებით მათგან ამომეღო, რაც შეიძლება მეტი მასალა, რაც საშუალებას მომცემდა გამერკვია ამ უცნაური და პირადად ჩემთვის სამწუხარო ფაქტის წარმომავლობა.
ასეთ ადამიანებთან ყოველი ახალი შეხვედრა და ამ ჯერ კიდევ აუხსნელი ფაქტის გახსენებით გამოწვეული ასოციაციებიც კი, ერთი მხრივ, იმ ზომამდე აძლიერებდა ჩემს ინტერესსა და ცოდნის წყურვილს, რომ ეს თითქმის idee fix - ად გადამექცა, მეორე მხრივ კი, ამის შესახებ ავტომატური ფიქრები უკვე სერიოზულად მიშლიდა ხელს ჩვეულ შინაგან ბრძოლაში ჩემი ნატურის კანონიერ უართან, დამორჩილებოდა ჩემს ცნობიერს და, ამგვარად, მართმევდნენ სრული კონცენტრაციის საშუალებას, რათა გამეგრძელებინა ჩემი სამუშაო, რომელიც უდიდეს ყურადღებას მოითხოვდა.
მაგრამ როცა, როგორც იქნა, 1930 წლის ბოლოს ნიუ–იორკში ჩავედი და პირველსავე დღეს ჩემი იდეების მიმდევარ დიდი რაოდენობით ამერიკელს შორის აღმოვჩნდი და როცა იგივე მოვლენა იქაც დავინახე, ამან ისეთი სიღრმისეული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და რეაქცია ისეთი ძლიერი იყო, რომ ციება დამეწყო, აი, იმის მსგავსი, ე.წ. ,,კუსაკის ყვითელი მალარიით’’ დაავადებულ ადამიანებს რომ ემართებათ ხოლმე.
მაშინ მათთვის ,,თვალებში ნაცრის შესაყრელად’’ ჩემი ჩვეულებრივი ხუმრობით საუბრის მანერა გავაძლიერე კიდეც, რათა შინაგანი მდგომარეობა დამეფარა.
საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ, როცა ცოტათი დავწყნარდი, დავფიქრდი და მივხვდი, რომ ამერიკაში ჩემი იმჟამინდელი მოგზაურობის მიზნის განხორციელება, რომელიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ფინანსურ საკითხებთანაც იყო დაკავშირებული, ადამიანთა ამ გამოყენების გარეშეც შესაძლებელი იყო ჩემთვის, გადავწყვიტე, ვიდრე იქ ვიქნებოდი, ამ ჯგუფში მყოფ ადამიანებთან პირადი კონტაქტით ჩემთვისვე გამერკვია მათ ინდივიდუალურობაში ამ ორიგინალური ფსიქიური თავისებურებების თანდათანობითი ფორმირების ყველა დეტალი და პირობა და რაც შემეძლო, ყველაფერი გამეკეთებინა, რათა, თუ ყველაში არა, უმრავლესობაში მაინც ამომეძირკვა ეს ბოროტება, რომელიც გამოწვეული იყო ჩემი იდეების არასწორად გაგებითა და აგრეთვე სხვა მიზეზებითაც, რომელთა ბუნებაც ნაწილობრივ უკვე ცნობილი იყო ჩემთვის.
გულახდილად უნდა გითხრათ, რომ თუკი ასეთი მძაფრი რეაქცია მქონდა, რომლის გავლენითაც მაშინვე გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, გამერკვია და ყოველმხრივ გამეშუქებინა ამ ფსიქიკური თავისებურებების მიზეზები და შეძლებისდაგვარად მიმეღო შესაბამისი ზომები, ეს ძირითადად იმიტომ მოხდა, რომ იმ ადამიანებისადმი, რომლებიც სწორედ ამ ჯგუფში იყვნენ, დიდი ხნით ადრე, ჩემ მიმართ კეთილი დამოკიდებულების მიმართ იმ რთულ პერიოდში, რომელიც უბედური შემთხვევის შემდეგ მქონდა, დიდი ხნის განმავლობაში ჩემში თანდათან ჩამოყალიბდა ,,რაღაც’’, რაც მაიძულებდა მეფიქრა, რომ გარკვეული თვალსაზრისით, ვალში ვიყავი მათთან, ყველასთან ერთად.
და მაშინ, ვინაიდან იმ მოვლენათა აღწერით, რომლებიც ამ ჩემს გადაწყვეტილებას მოჰყვა, ყველა მკითხველისთვის, რომელიც ჩემი იდეების მიმდევარი გახდა, შესაძლოა აიხსნას, ობიექტური თვალსაზრისით დანაშაულებრივი, პირადად ჩემთვის კი მტანჯველი და მწარე ფაქტის აღმოცენების მიზეზები და იმ მიზნით, რომ იქნებ ზოგიერთებმა მაინც, რომლებმაც მცდარად გაიგეს ჩემი იდეების არსი და რომლებიც კვლავაც განაგრძობენ საკუთარი თავისთვის, ასე ვთქვათ, საკუთარი ,,კეთილდღეობისთვის’’ ამის გამოყენებას, მხედველობაში მყავს ისინი, ვისაც ბოლომდე არა აქვთ ატროფირებული საღად აზროვნების უნარი – უნარი, რომელიც ადამიანის ფსიქიკაში მოსამზადებელ ასაკში ფორმირდება – შეძლონ, ჯერ კიდევ მოახერხონ და შეწყვიტონ, ასე ვთქვათ, ,,თვითგანადგურება’’; გარდა ამისა, ვინაიდან ზემოთ ხსენებული ხუთი საუბრის შინაარსის გაცნობა, საუბრებისა, რომლებიც ნიუ–იორკში ორი მოგზაურობის დროს სწორედ იმ ადამიანებთან ჩავატარე, რომლებიც ამ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ – ეს, სხვათა შორის, ჩემი იდეების არასწორად გაგების გამო აღმოცენებული დამღუპველი შედეგის გამოსასწორებლად მიღებული ერთ–ერთი ზომათაგანი იყო – ჩემი აზრით, შეიძლება ნებისმიერი მკითხველისთვის ,,ჭეშმარიტების პირველ გამობრწყინებად’’ იქცეს, უფრო მეტად მისაღებად მიმაჩნია, ჩემი ნაწერების ,,გამოუცემელი სერიის’’ ამ პირველი წიგნის მთელი თემის საფუძველად ამ მოვლენების აღწერა ავიღო.
ნიუ–იორკში ჩასვლის პირველსავე სარამოს, 1930 წლის 13 ნოემბერს, ამ ჯგუფის ზოგიერთი წევრის, დროის ეკონომიის საშუალებების პოვნის უნარით თუ ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ, ,,წმინდა სისხლის’’ ამერიკელების მიერ, იმისათვის, რომ ყველას მისცემოდა ჩემი ნახვისა და მისალმების საშუალება, საერთო შეხვედრა გაიმართა ცნობილი თეატრის ,,კარნეგი ჰოლის’’ ერთ–ერთ სტუდიაში, სადაც მისტერ ს–სთან ერთად მიმიწვიეს ნიუ–იორკში ჩასვლისთანავე, ჯერ კიდევ გემზე ყოფნისას.
მისტერ ს. იყო მოადგილე მისტერ ორიჯისა, რომელიც, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე ცხოვრებაში, ზოგიერთი გარემოებების გამო, რომლებიც ძირითადად ჩემს თავს მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ გამოიწვია, ამერიკაში ჩემი იდეების პირველი და მთავარი წარმომადგენელი, აგრეთვე ამერიკელების ამ ჯგუფის ძირითადი ხელმძღვანელი გახდა და რომელიც დროებით ინგლისში ბრძანდებოდა.
იმ საღამოს იქ შეკრებილთა უმრავლესობას, როგორც აღმოჩნდა, პირადად ვიცნობდი, ანუ, უკვე შევხვედროდი ან ამერიკაში წინა ჩამოსვლების დროს, ანდა როდესაც თვითონ ჩამოდიოდნენ საფრანგეთში და მოდიოდნენ Chateau de Priere - ში, რომელიც ბოლო წლებში ჩემი მუდმივი რეზიდენცია იყო.
სპეციალურად ჩემთვის მოწვეულ საერთო კრებაზე რამდენიმე ,,თარჯიმანთან’’ ერთად წავედი, რომლებიც ჩემთან ერთად ჩამოვიდნენ ამერიკაში. პირველი მისალმებისა და, ეგრეთ წოდებული, ,,ხელის ჩამორთმევის’’ცნობილი მანიპულაციის შემდეგ, მათ სახეებსა და თვალებში შევნიშნე ის ,,რაღაც’’, რაც მანამდე უკვე მქონდა შენიშნული გერმანიაში, ინგლისში, თურქეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში იმ ადამიანებთან, რომლებიც ამა თუ იმ სახით ჩემი იდეების მიმდევრები გახდნენ. მაშინ ჩემში ამოტივტივდა ზევით უკვე ნახსენები მონაცემები, რომლებიც მანამდე ჩამომიყალიბდა ამ ამერიკელებთან დაკავშირებით და რომლებმაც განსაზღვრული დროის შემდეგ, თუკი ეს უკვე დაგვიანებული არ იყო, შინაგანად კატეგორიულ გადაწყვეტილებამდე მიმიყვანეს, ყველა აუცილებელი ზომა მიმეღო მათი კეთილდღეობისთვის.
,,ხელის ჩამორთმევის’’ ცერემონიისა და განსაკუთრებით ამერიკელებს შორის მიღებული, ,,თავაზიანობის’’ სახელით ცნობილი ჩვეულებრივი უაზრო სიტყვების გაცვლა–გამოცვლის დასრულების შემდეგ ჩემს მდივანს ვთხოვე, ხმამაღლა წაეკითხა ჩემი თხზულებების პირველი სერიის ბოლო თავი, რომელიც ცოტა ხნის წინ დავასრულე და მას თან ჰქონდა, რადგან ჩემ მიერ დადგენილი წესის მიხედვით, პორტფელით თან უნდა ეტარებინა ყველაფერი, რაზეც ამა თუ იმ მოცემულ დროს ვმუშაობდი. ეს ძირითადად იმის გამო გავაკეთე, რომ ამგვარად შემექმნა აუცილებელი პირობები, წინააღმდეგობის გარეშე შემძლებოდა დამსწრეთათვის თვალყურის დევნება.
თავად, ვიჯექი რა ყველასგან განცალკევებით კუთხეში, ყურადღებით ვაკვირდებოდი თითოეულ დამსწრეს და ამავე დროს გონებაში მომავალ სამოქმედო გეგმას ვაწყობდი ყველასთან ერთად და ამავე დროს – თითოეულთან მიმართებაში.
ამ პირველ საღამოს, ვინაიდან უკვე გვიანი იყო, იმ თავის კითხვა შუაში გავაწყვეტინე და მივმართე რა მთელ დამსწრე საზოგადოებას, პირველ რიგში, შევპირდი, რომ უახლოეს დღეებში მოვაწყობდი საჯარო კითხვას, რათა ეს თავი დაგვესრულებინა, შემდეგ კი შევთავაზე დამსწრეთაგან სამი–ოთხი ადამიანი ამოერჩიათ და მათ ვთხოვე, მისტერ ს–სთან ერთად მოსულიყვნენ ჩემთან, რათა ერთად გადაგვეწყვიტა ყველა საკითხი, რომელიც ჩემს ნიუ–იორკში ყოფნას ეხებოდა.
მართალი რომ გითხრათ, ეს წინადადება წინასწარმოფიქრებული მიზნით შევთავაზე მათ – მინდოდა, ოთხ – ხუთ კაცთან ინტიმურ საუბარში გამერკვია, რა თქმა უნდა, არა პირდაპირ, ცალკეული დეტალები, რომლებიც ბოლომდე ნათლად არ მქონდა წარმოდგენილი იმ ეჭვებთან დაკავშირებით, რომელიც იმ საღამოს კითხვის დროს გამიჩნდა; ეჭვები მოცემულ შემთხვევაში ჩემი იდეების ამ ამერიკელ ,,ვაი–მიმდევრებს’’ ეხებოდა.
მოველოდი რა უეჭველი დარწმუნებით, რომ ჩემი ნაწერების ეს სერიები, როგორც უკვე აღვნიშნე, იქნებოდა, მართლაც, ,,დამრიგებლურ–ინსტრუქციული’’, ანუ, ხელს შეუწყობდა ჩვენი ზეციური მამის მიერ შექმნილ ყველა ჩემს მსგავს არსებაში ყველა სახის მონაცემის თუნდაც მხოლოდ ავტომატურ ფორმირებაში, რომელიც, ჩემი გაგების თანახმად, ყველა რეალურ ადამიანში უნდა იყოს და არა მხოლოდ იმ მონაცემების, რომლებიც ადამიანების, განსაკუთრებით თანამედროვე ადამიანების ჩვეულებრივ ყოფაში ფორმირდება ხოლმე და მათ უნებისყოფო არსებებად აქცევს, რომლებიც უბრალოდ ცხოველებივით ავლენენ თავს მხოლოდ და მხოლოდ მათი ორგანიზმის ფუნქციონირების რეფლექსებით, მინდა, ამ სერიის დასაწყისშივე ვისაუბრო ისეთ შინაგან ფაქტებზეც, რომელთა აღწერაც დამწყები მკითხველისთვის შეიძლება ერთი შეხედვით უაზრობა, უბრალოდ რაღაც სიტყვების ერთობლიობა იყოს; მაშინ როცა ადამიანისთვის, რომელიც ფიქრსა და ეგრეთ წოდებულ ,,ალეგორიულ აღწერაში’’ აზრის ძიებასაა მიჩვეული, ფიქრისას სულ ოდნავი ძალისხმევის გამოჩენის შემთხვევაშიც კი, სავსე იქნება შინაარსით, სულ ოდნავ მეტ ძალისხმევას თუ გამოიჩენს იმაში, რომ ,,არ იყოს თავისი ავტომატური ფიქრების მარიონეტი’’, მაშინ ძალიან ბევრ რამეს დაინახავს და გაიგებს.
ერთმანეთის მსგავსი, ერთი შეხედვით უაზრო გარეგანი ფაქტორების შინაგანი აზრის ძებნისა და გაგებისთვის შეიძლება შესანიშნავ ,,თვალსაჩინოებად’’ გამოდგეს ის, რაც სტუდიიდან გამოსვლისას ვთქვი იმ შეხვედრის დასასრულს, რომელიც იქ შეკრებილმა ამერიკელებმა მომიწყვეს, რათა პირადად მომსალმებოდნენ და ეთქვათ: ,,კეთილი იყოს თქვენი მობრძანებაო!’’
გარეთ რომ გავდიოდი, ზღურბლზე გავჩერდი, მივტრიალდი და ზოგჯერ ჩემთვის ჩვეული ნახევრადხუმრობის–ნახევრადსერიოზული ტონით მივმართე მათ:
,,სამი მეოთხედით ძლევამოსილო ბატონებო და სრულიად ძლევამოსილო ქალბატონებო, ამ ,,დოლარების მოსავლის კონტინენტიდან’’... ძალიან, ძალიან მიხარია, რომ გნახეთ, თუმცა ამ საღამოს საკმაოდ დიდ ხანს ვიჯექი თქვენი ,,განკონსერვირებული’’ გამოსხივების ნეტარ ატმოსფეროში, მაინც საკმარისი ენერგია მივიღე – შესაძლოა უფრო მეტიც, ვიდრე საჭირო იყო – ჩემი მიზნის განსახორციელებლად, რომლის გამოც ჩამოვედი აქ. ამავე დროს, სამწუხაროდ – თუმცა არ ვიცი, ჩემდა თუ თქვენდა სამწუხაროდ – ჩემში კვლავ გაიღვიძა იმ იმპულსმა, რომელიც მუდამ მქონდა, მაგრამ რომელსაც არც ერთხელ არ შეუხსენებია თავი ჩემი მწერლური მოღვაწეობის პერიოდში. სახელდობრ, სიბრალულის იმპულსმა ზოგიერთებისადმი, რომელთა რაოდენობამაც უზარმაზარ ციფრს მიაღწია, რომელთა პატივმოყვარე მშობლებმა ან მასწავლებლებმა ისარგებლეს რა იმით, რომ ამ მომავალ ,,განდგომილებს’’ საკუთარი სიბრძნე არ გააჩნდათ, დაარწმუნეს ისინი, რა თქმა უნდა, ეხმარებოდნენ რა ფულით, რომელიც კარგადაა ცნობილი იტალიურ ,,ბუღალტერიაში’’, საპასუხისმგებლო ასაკში ,,ექიმი–ფსიქიატრები’’ გამხდარიყვნენ, მოცემულ შემთხვევაში კი ლაპარაკია საკმაოდ ზრდასრულ უბედურ ადამიანებზე, რომლებიც ამერიკული მასშტაბის კარგად ორგანიზებულ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ცხოვრობენ.
გულახდილად რომ გითხრათ, ჯერ ზუსტად არ ვიცი ჩემში მანამდე არსებული არასასურველი იმპულსის გამოღვიძების მიზეზი: მხოლოდ ის კი ვიცი, რომ ამ მონაცემებზე რეაქციამ ნელ–ნელა დაიწყო ჩემში გამომჟღავნება იმ ფაქტის გამო, რომ ჩემი ნაწერების პირველი სერიის ბოლო თავის კითხვის დროს, ვიჯექი რა კუთხეში და მოწყენილი ვაკვირდებოდი თქვენი სახის გამომეტყველებას, ნათლად დავინახე, ხან ერთს და ხან მეორეს როგორ გეწერებოდათ სახეზე: ,,საგიჟეთის კანდიდატი’’.
,,მოწყენილი – მეთქი’’, – ვთქვი, რადგან ამ თავის შინაარსი, რომლის თითოეულ წინადადებაზე სამი თვის განმავლობაში დღე და ღამე გამუდმებით ვფიქრობდი, არა ნაკლებ მაქვს მობეზრებული, ვიდრე თქვენი თევზი ,,მაკრელი’’, რომელსაც აქ ჩემი ვიზიტის დროს მთელი ექვსი თვის განმავლობაში დილა–საღამოს ვჭამდი იძულების წესით, რადგან ეს ერთადერთი ახალი პროდუქტი იყო, რომლის შოვნაც ამ ქალაქში შეიძლებოდა’’.
ამის შემდეგ, მივეცი რა ჩემს ხმას ტონი, რომელსაც მონასტებში ასწავლიან და ,,მორიდებული თავმდაბლობის’’ ტონი ჰქვია, დავამატე: ,,მე ჯერ არა ვარ დარწმუნებული, ეს მართლა ასეა, თუ მეჩვენება, რაც საკმაოდ ხშირად ხდება ადამიანის ფსიქიკაში, რომელმაც ბევრი ,,უსიამოვნება გადაიტანა’’. უკიდეგანო ოკეანის ტალღებზე ექვსდღიანი განუწყვეტელი რყევის, აგრეთვე, კეთილშობილი ფრანგული ,,არმანიაკის’’ ხშირი წრუპვისა და მისი ვიბრაციების მუდმივად დასარეგულირებლად არანაკლებ კეთილშობილი ,,hors d’oeuvres’’ * - ის მიღების გამო, დღეს რაღაც, როგორც იტყვიან, ,,fishy’’ ** მდგომარეობაში ვარ. ( * საუზმე – ფრ. ** საეჭვო, სუსტი – ინგლ).
ჩემ მიერ აღწერილი მნიშვნელოვანი ამერიკული შეხვედრიდან სამი დღის შემდეგ, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებლები სხვადასხვა ნაირად დაახასიათებდნენ – ისინი, ვისაც ჯიბეები დოლარებით ჰქონდათ გამოტენილი, იმისდა მიუხედავად, თუ რა გზით იყო ნაშოვნი ის ფული, იტყოდნენ, რომ დღეებმა ,,არამონოტონურად’’ ჩაიარა მაშინ, როცა ისინი, ვინც ქრონიკულად განიცდიდნენ ფულის ნაკლებობას, იტყოდნენ, კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით ჩვენს აღსასრულსო, – ჩემთან მოვიდა ზემოთ ხსენებული ამერიკელების ხუთკაციანი ჯგუფი მისტერ ს–ს მეთაურობით.
ვილაპარაკე რა მათთან ბუნებრივად მიმდინარე ასოციაციებზე და თან ჩემთვის საინტერესო ყველა დეტალი გავარკვიე, რაც ჩემი ჩამოსვლის პირველ საღამოს ხმამაღლა კითხვის დროს გაჩენილ ეჭვებთან დაკავშირებით მაინტერესებდა, მათ წინაშე დავიწყე ჩემი იდეების მიმდევართა ფსიქიკაში გაჩენილი ამ უცნაური თვისებების, აგრეთვე, იქიდან გამომდინარე პერსპექტივების ჩემ მიერ უკვე აღწერილი კონსტატაციების საკმაოდ რელიეფური ხატვა, მერე მოკლედ გავაცანი ჩემი ამერიკაში ჩასვლის მიზეზები და რადგან არ მქონდა იმის საშუალება, რომ ძალიან დიდი დრო დამეთმო მათი ჯგუფის წევრებისთვის, ვთხოვე, აღარ გამეორებულიყო ის, რაც იმ დღეებში ხდებოდა, როცა ჯგუფის ამა თუ იმ წევრის ვიზიტებისა და ზოგჯერ სრულიად იდიოტური შეკითხვების გამო, რომლებსაც ისინი მისვამდნენ, საშუალება არ მომეცა, თუნდაც ერთი სიტყვა დამეწერა.
ამიტომ შევთავაზე მათ, შეექმნათ კომიტეტის მსგავსი რაღაც, თავის თავზე აეღოთ საორგანიზაციო საკითხების მოგვარება საკუთარი ჯგუფის წევრებისთვის კვირაში ორჯერ საერთო შეხვედრების მოსაწყობად, სადაც აუცილებლად შევეცდებოდი დასწრებას; აგრეთვე თვალი მოედევნებინათ იმისთვის, რომ სხვა დღეებში არავის შევეწუხებინე პირადი ვიზიტებით, წერილებითა და ტელეფონითაც კი.
ამის შემდეგ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, ჩემი დროის დაზოგვისა და აგრეთვე ბევრი სხვა მოსაზრების გამო ეს საერთო შეხვედრები ჩემს ბინაში ჩაგვეტარებინა. დარბაზისმაგვარი ყველაზე დიდი ოთახის შეზღუდული ზომის გამო ამ შეხვედრებზე 50 კაცზე მეტი არ დაიშვებოდა. ჯგუფის დანარჩენი წევრებისთის კი ,,კარნეგი ჰოლის’’ სტუდიაში ან სხვა კერძო ბინებში გაიმართებოდა შეხვედრები, რომელზეც აუცილებელი არ იქნებოდა ჩემი მონაწილეობა, ჩემი ერთ–ერთი თარჯიმან – მდივანი ჩემთვის დასმული ყველა შეკითხვისა და ამ შეკითხვებზე ჩემი პასუხების სტენოგრაფიულ ჩანაწერს წაიკითხავდა ხოლმე.
დასასრულისთვის, დაჟინებით ვთხოვე, ჯერჯერობით არავისთვის, ჯგუფის არც ერთი წევრისთვის არ ეთქვათ ჩვენი საუბრის შესახებ და ბოლოს დავამატე:
,,ჩემ მიერ ამ დღეებში ჩატარებული დაკვირვებისა და კვლევის შედეგად გაკეთებული დასკვნების თანახმად, ჩემდა სამწუხაროდ, ნიუ–იორკში ყოფნის დროს იძულებული ვიქნები, თქვენი ამხანაგების მიმართ სხვადასხვა სახის ზომები მივიღო იმ მიზნით, რომ ან სრულიად იმედგაცრუებულნი დარჩნენ ჩემი იდეების მიმართ, ან მთლიანად დაკარგონ ბოლო წლების განმავლობაში მათ ინდივიდუალურობაში კრისტალიზებული რწმენა მისტერ ორიჯისა და მისი ავტორიტეტისადმი’’.