მეოთხე საუბარი
მეოთხე საუბარი
რომელიც 1930 წლის 12 დეკემბერს ჩავატარე ახლადშექმნილ ჯგუფთან ერთად, რომელზეც კვლავ იყვნენ დაშვებულნი ეგრეთ წოდებული მისტერ ორიჯის ჯგუფის წევრები. დარბაზი სავსე იყო.
მინდა მანამ, სანამ მეოთხე საუბრის არსზე დავიწყებ საუბარს, აგიღწეროთ და შეძლებისდაგვარად განვასახიერო კიდეც რამდენიმე მოვლენა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მისტერ ორიჯის ჯგუფის წევრებს შორის მას შემდეგ, როცა იმ "აუცილებელი ხელწერილის" დადება შევთავაზე მათ, რომლის შესახებაც უკვე მოგახსენეთ წინა თავში.
მინდა აგიღწეროთ ეს მოვლენები და მათგან გამომდინარე სხვადასხვაგვარი შედეგები, რომლებმაც მოულოდნელად წარმოშვეს თავად ჩემთვისაც კი მეტად ხელსაყრელი გარემოებები, უმთავრესად იმიტომ, რომ ნამდვილად და არა რეკლამისთვის როგორც ეს თქვენთან, ამერიკაშია მიღებული, გაშუქებისას მათი წყალობით შესაძლებელი იყო თითოეული მკითხველის შინაგანი მზერისთვის ძალიან კარგი სურათის მიცემა იმის გასაგებად, როგორ ძლიერად არის განვითარებული ამ ამერიკელებში, რომლებიც თანამედროვე ადამიანებში ყველაზე კულტურულებად ითვლებიან მთელს დედამიწაზე, გრძნობა, რომელიც "ჯოგურ ინსტიქტად" იწოდება, რომელიც ზოგადად თანამედროვე ადამიანის განუყოფელ თვისებად იქცა და იმ ფაქტში ვლინდება, რომ ადამიანი თავის ქცევაში საკუთარი გონებით არ ხელმძღვანელობს, არამედ ბრმად მიჰყვება სხვების მაგალითს და რომ მისი აზროვნების განვითარების დონე - ლოგიკური შედარებების გაკეთების უნარის თვალსაზრისით - ძალიან დაბალია. მე, აგრეთვე, მინდა გაჩვენოთ, რომ ამ აღწერის საშუალებით, გაშუქდება და თვალნათელი გახდება ამ აღწერის თითოეული მკითხველისთვის ბოლოს და ბოლოს ერთი მხარე მაინც იმ ჩვეულებისა, რომელიც ჩვენი ზოგადი ცხოვრების პროცესში არსებობს, რომელიც გავრცელებულია ყველგან, განსაკუთრებით ამერიკელებში, და მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანები, ერთი და იმავე მიზნისკენ მისწრაფებისას იყოფიან სხვადასხვა ეგრეთ წოდებულ "პარტიად", რომლებმაც, ჩემი აზრით, განსაკუთრებით ამ ბოლო წლებში მიიღეს ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, "ჭირის" ხასიათი ჩვენს თანამეროვე ზოგად ცხოვრებაში.
ეს მოვლენები, რომლებიც თავიანთი შინაარსითაც შეიძლება ემსახურებოდნენ ამ სერიის თხრობისას დასახულ მიზანსაც, ანუ, შეიძლება ინსტრუქციული ხასიათიც ჰქონდეთ - ასეთი თანმიმდევრობით ხდებოდა:
მას შემდეგ, რაც საერთო შეხვედრაზე გამოვაცხადე, რომ ზემოხსენებულ ხელწერილზე უნდა მოეწერათ ხელი და განსაზღვრული ვადა დავადგინე, რომელშიც უნდა მოეწერათ ხელი, ისინი თითქმის იმავე საღამოს, როგორც შემდგომში გავიგე, ცალკეულ ჯგუფებად დაიყვნენ, ჯერ ქუჩებში დადიოდნენ, მერე გაეშურნენ სხვადასხვა ღამის "ჩაილდსში", როგორც თავად უწოდებენ ამას ან მათ ბინებში, რომელთა ეგრეთ წოდებული "სახლის ტირანები", რომლებიც ჩვეულებრივ ყველა თანამედროვე სახლში არსებობს, იმ დღეს სახლში არ ბრძანდებოდნენ და გამთენიამდე აღგზნებულები მსჯელობდნენ და კამათობდნენ იმაზე, თუ როგორ მოქცეულიყვნენ.
მეორე დღეს, დილიდანვე, იმ მეგობრებთან შეხვედრების ან ტელეფონზე ლაპარაკის დროს, რომლებიც იმ საერთო შეხვედრას არ ესწრებოდნენ, კვლავ განაგრძობდნენ თავიანთი აზრებისა და თვალსაზრისების გაცვლა-გამოცვლას და ყველა ამ დისკუსიის და მსჯელობის შედეგად იმავე საღამოს მათგან ჩამოყალიბდა სამი დამოუკიდებელი პარტია განსხვავებული დამოკიდებულებებით იმისადმი, რაც ხდებოდა.
პირველი პარტია შედგებოდა მათგან, ვინც გადაწყვიტა არა მხოლოდ ხელი მოეწერა იმ მოთხოვნებზე, არამედ მომავალშიც უსიტყვოდ შეესრულებინათ ყველა ტიპის განკარგულება და მითითება, რომლებიც პირადად ჩემს მიერ იქნებოდა გაცემული.
მეორე შედგებოდა მათგან, რომელთა ფსიქიკაშიც გაუგებარი, ყოველ შემთხვევაში ჩემი ტვინისთვის, მიზეზების გამო ამ ხანმოკლე დროში ჩამოყალიბდა უცნაური ფაქტორი, რომელიც მთელ მათ ინდივიდუალურობას აიძულებდა, არ ეცნო აბსოლუტურად არაფერი, რაც ჩემგან იქნებოდა წამოსული, მაგრამ დარჩენილიყო იმის ერთგული, ვინც რამდენიმე წლის განმავლობაში მთთვის იყო, როგორც ერთ-ერთმა მათგანმა თვითონ თქვა, "არა მხოლოდ მასწავლებელი და აღმზრდელი", არამედ "მოსიყვარულე მამაც", ანუ, დარჩენილიყვნენ მისტერ ორიჯის ერთგულები.
მესამე ნაწილი შედგებოდა მათგან, რომლმაც დროებით გადადო ამ გადაწყვეტილების მიღება და ელოდებოდა პასუხს ტელეგრამაზე, რომელიც მისტერ ორიჯს გაუგზავნეს შეკითხვით, თუ როგორ მოქცეულიყვნენ.
ვინც პირველ ჯგუფში გაერთიანდნენ, უკლებლივ ყველამ დათქმულ ვადამდე მოაწერა ხელი იმ ვალდებულებების წერილს.
მათ ფსიქიკაში, ვინც მეორე პარტიას შეადგენდნენ, როგორც შემდგომში გაირკვა, ეს ხსენებული უცნაური ფაქტორი ხელწერილზე ხელის მოწერისთვის დათქმული ვადის ამოწურვის პროპორციულად ძლიერდებოდა და ისეთ ხარისხს მიაღწია, რომ თითოეული თავისებურად, ასე ვთქვათ "საბრძოლო აღმაფრენით" და ჩემ წინააღმდეგ გალაშქრების ჟინით შეპრყობილი, უტოლდებოდა თორმეტ ძველ ბალშაკარელს, რომლებიც თავის კერპს, ტანტსატრატას იცავდნენ ჯოჯოხეთიდან სპეციალურად გამოგზავნილი ეშმაკებისგან.
რაც შეეხება ჩემი იდეების მიმდევარ იმ ჩემს ბრწყინვალე "დელიკატურ" ამერიკელებს, რომლებმაც მესამე ჯგუფი შეადგინეს, სწორედ მათ, მთელმა ჯგუფმა ერთად, აჩვენეს და დაადასტურეს ლოგიკური აზროვნების თანამედროვე დონე, რომელიც თანამედროვე ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე ცივილიზებულად ითვლება მთელს დედამიწაზე.
ამ "ლოგიკური აზროვნების" რთული, დახვეწილი და გონივრული შედეგების სხვადასხვა ნიუანსი თვალნათელი გახდა გარშემომყოფთათვის და განსაკუთრებით ჩემთვის, იმ ფაქტიდან, რომ, მიიღეს თუ არა ცნობა იმის შესახებ, რომ სულ მალე მოქმედების ადგილას მისტერ ორიჯი ჩამოდიოდა, რადგან ის უკვე გზაში იყო, დაიწყეს ათასნაირი "ვერაგული" გარემოების გამოგონება, რომლებიც თითქოს მათზე არ იყო დამოკიდებული და დაიწყეს ზომების მიღება იმისთვის, რომ ეს "იდეალურად კარგად მოფიქრებული" გარემოებები ჩემი საბრალო მდივნის ყურამდე მისულიყო და ამას უმეტესად ან თავადვე აკეთებდნენ, ან სხვებს არეკინებდნენ ტლეფონზე.
ამ ყველაფერს იმის გამო აკეთებდნენ, რომ თავიანთი საბოლოო გადაწყვეტილების მიღება როგორმე გადაევადებინათ მისტერ ორიჯის ჩამოსვლამდე და ამგვარად ცდილობდნენ ყოველი შემთხვევისთვის ნიადაგის მომზადებას საპატიო მიზეზისთვის დათქმულ ვადებში ხელწერილზე ხელის მოუწერლობის გამო.
ჩემს მიერ ახალი პრინციპების შესაბამისად რეორგანიზებული ამ ჯგუფის მეოთხე საერთო შეხვედრემდე ორი დღით ადრე როგორც იქნა ნიუ-იორკში ჩამოვიდა თვად მისტერ ორიჯიც, რომელიც უკვე ინფორმირებული იყო იმის შესახებ, რაც მის აქ არყოფნაში ხდებოდა.
ჩამოსვლის დღეს ჩემი მდივნის საშუალებით მთხოვა, პირადად შევხვედროდი მას.
გამოგიტყდებით, ამას არ ველოდი, იმიტომ რომ, როგორც ვიცოდი, ჯგუფის ბევრი წევრი წერდა მას აქ მომხდარი ამბების შესახებ და, კერძოდ, რა თქმა უნდა, იმის შესახებ, რომ არც თუ ისე კარგი აზრის ვიყავი მასზე, რაც არაერთხელ გავიმეორე წინა შეხვედრებზე.
თავიდან მის ამ მოთხოვნაზე მინდოდა მეპასუხა, რომ შემეძლო სიამოვნებით შევხვედროდი მას როგორც ძველ მეგობარს, მხოლოდ ერთი პირობით, ამ შეხვედრაზე არ იქნებოდა საუბარი არანაირ გაუგებრობაზე, არც ჩემს ამა თუ იმ განცხადებაზე, რომლებსაც ვაკეთებდი მის აქ არყოფნაში მისი ჯგუფის ყოფილი წევრების თანდასწრებით, მაგრამ ამასთან, მახსოვდა რა საგანგაშო ახალი ამბავი, რომელიც ერთ საათის წინ გავიგე ჩემი მატერიალური საქმეების ცუდ ბრუნვასთან დაკავშირებით, ეს ეხებოდა საქონლის გასაღებას, რომლებიც ჩემმა კომპანიონებმა ჩამოიტანეს აქ, გადავწყვიტე, პასუხი დამეყოვნებინა, რათა კარგად მომეფიქრებინა ის, რადგან სწორედ იმ დროს გამიჩნდა ასეთი აზრი: ხომ არ შეიძლება ეს თხოვნა საკუთარი მიზნებისთვის გამომეყენებინა იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი პირვანდელი გადაწყვეტილება არ გამომეყენებინა ამ ჯგუფის წევრები ჩემი ამ ვიზიტის მიზნების განსახორციელებლად ამ დროისთვის უკვე შეიცვალა ზოგიერთი მათგანის საქციელის გამო, საქციელისა, რომელიც დაუშვებელია და უკადრისია ადამიანებისთვის, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია კონტაქტში იყვნენ ჩემს იდეებთან, და განსაკუთრებით იმის გამო, რომ, როგორც მეგონა, ისინი ბევრს ფიქრობდნენ და კარგათაც გაითავისეს ეს ყველაფერი.
ვფიქრობდი და ვადარებდი რა ერთმანეთს შესაძლო შედეგებს, რომლებიც შეიძლებოდა მოჰყოლოდა სხვადასხვა შემთხვევას, გადავწყვიტე ჩემი მდივნის საშუალებით ასეთი პასუხი მიმეცა მისთვის:
"ყველაზე მშვიდო, გაწონასწორებულო, ყველაზე იმედისმომცემო და ჩემთვის ყველაზე ძვირფასო მისტერ ორიჯ!
მას შემდეგ, აქ რაც მოხდა, რადგან კარგად მიცნობთ, მიხვდებით, რომ უფლება აღარ მაქვს უწინდელი პირობებით შეგხვდეთ, თუნდაც როგორც ძველმეგობარს.
ახლა, როცა არ ვარღვევ ჩემს პრინციპებს, რომელთაგან უმრავლესობა ცნობილია თქვენთვის, შემიძლია შეგხვდეთ და უწინდელივით "დროის ფუჭად ხარჯვის" პროცესიც გავაგრძელო მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი თქვენც, მისტერ ორიჯ, მოაწერთ ხელს იმ მოვალეობებს, რომლებიც შევთავაზე ჯგუფის ყველა წევრს, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობდით".
მიიღო რა ეს პასუხი, მისტერ ორიჯი, ჩემი ახლობლების გასაოცრად, რომლებიც ჩემთან ერთად ჩამოვიდნენ აქ, დაუყოვნებლივ მოვიდა იმ ბინაში, სადაც ზოგიერთი მათგანი ცხოვრობდა, მათ შორის ჩემი მდივანიც და, პირველ რიგში, უსიტყვოდ მოაწერა ხელი ამ ვალდებულებებს; მერე აშკარად ჩემი მიბაძვით, დაჯდა ჩემთვის ჩვეულ პოზაში და ძალიან მშვიდად დაიწყო საუბარი:
"კარგად ვიცი რა, მისტერ გურჯიევის წყალობით, განსხვავება ადამიანის გამოვლინებებს შორის, რომლებიც წარმოიშობა მისი რეალური ბუნებიდან, რაც პირწმინდად მისი მემკვიდრეობითობის შედეგია, და რომლებიც მისი"ავტომატური აზროვნებიდან" წარმოიშობა, რომელიც როგორც თავად განსაზღვრავს ამას, წარმოადგენს ათასგვარი შემთხვევითი შთაბეჭდილებების შედეგს, რომელსაც ყოველგვარი წესრიგის გარეშე ითვისებს და ამავე დროს ვარ რა კარგად ინფორმირებული წერილების საშუალებით, რომლებსაც აქაური ჯგუფის სხვადასხვა წევრისგან ვიღებდი, იმის თაობაზე აქ რაც ხდებოდა ჩემს აქ არყოფნაში, მაშინვე მივხვდი ყოველგვარი დაეჭვების გარეშე, რა იმალება ამ წინადადებების უკან, რომელიც მისტერ გურჯიევისგან მივიღე და რომელიც ერთი შეხედვით სრულიდ აფსურდული ჩანდა, - ისევე, როგორც სხვებს, მეც მომეწერა ხელი ამ მოვალეობებისთვის, რომლის მიხედვითაც უფლება არ მეძლეოდა, რამე ურთიერთობა მქონოდა არა მხოლოდ იმ ჯგუფის წევრებთან, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი, არამედ, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, საკუთრ თავთანაც.
ამას მაშინვე მივხვდი, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ამ ბოლო დღეებში ძალიან ბევრს ვფიქრობდი იმ შეუსაბამობაზე ჩემს შინაგან რწმენასა და იმას შორის, რასაც მისტერ გურჯიევი უწოდებს ,,აქ ჩემი როლის შესრულებას’’ და მძიმე, არასასიამოვნო გრძნობა, რომელიც გამოწვეული იყო ამ შეუსაბამობის გულწრფელად გააზრებით, სულ უფრო მეტად მიძლიერდებოდა.
ჩემი მშვიდად ყოფნის მომენტებში, განსაკუთრებით გასული წლის განმავლობაში, შინაგანად ხშირად გულწრფელად ვაღიარებდი ამ წინააღმდეგობას ჩემს გარეგან გამოვლინებებსა და მისტერ გურჯიევის იდეებს შორის და, შესაბამისად, ადამიანებზე, რომლებსაც მე ვხელმძღვანელობდი, ასე ვთქვათ, მისი იდეების თანახმად, ჩემი სიტყვიერი გავლენის მავნებლობას.
გულახდილად რომ გითხრათ, თითქმის ყველა შთაბეჭდილება, რომელსაც ვიღებდი იქიდან, რასაც მისტერ გურჯიევი ამბობდა აქ საერთო შეხვედრებზე და ჩემი ჯგუფის ცალკეულ წევრებთან ჩემზე და ჩემს საქმიანობაზე, ზუსტად შეესატყვისება ჩემს შინაგან რწმენას.
ბევრჯერ ვაპირებდი, ბოლო მომეღო ამ ორმაგი გამოვლინებისთვის, მაგრამ ცხოვრების გარემოებები ხელს მიშლიდა საჭირო შემართებით დამეწყო ამის გაკეთება.
ახლა, მივიღე რა მისგან, – განაგრძობდა ის, – ერთი შეხედვით, აბსურდული წინადადება, მაგრამ ამავე დროს ვიცოდი ჩემი მასწავლებლის ჩვევა: ,,მას ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, უაზრო გარეგნული გამოვლინებების უკან მუდამ ჰქონდა ღრმა ნააზრევი’’, ნათლად მივხვდი, რომ ახლა თუ არ გამოვიყენებ ამ საშუალებას, ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლდე ჩემი ასეთი, პირდაპირ ვიტყვი, ,,ორსახოვნებისგან’’, ვერასდროს შევძლებ ამის გაკეთებას.
გადავწყვიტე ეს იმ ვალდებულებებზე ხელის მოწერით დამეწყო, რომელსაც მისტერ გურჯიევი ითხოვდა და ამავე დროს აქ მყოფთა წინაშე პირობას ვდებ, რომ ამ მომენტიდან არანაირი კავშირი არ მექნება უწინდელი ჯგუფის არც ერთ წევრთან, უწინდელ საკუთარ თავთანაც კი, ძველი ურთიერთობებისა და გავლენების საფუძველზე.
მე ძალიან მინდა, რასაკვირველია, თუკი მისტერ გურჯიევი ამის ნებას მომცემს, დღეიდან ამ ახალი რეორგანიზებული ჯგუფის ჩვეულებრივი წევრი გავხდე’’.
მისტერ ორიჯის ამ ფილოსოფოსობამ ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ისეთი უცნაური რეაქცია გამოიწვია ჩემს ფსიქიკაში, რომ ახლა, ძალიან დიდი სურვილის მიუხედავად, თავს ვერ ვიკავებ, რომ არ გიამბოთ ეს და თან არ აგიწეროთ ჩემი ყოფილი მასწავლებლის, ახლა თითქმის უკვე წმინდანის, მოლა ნასრედინის, სტილში, გარემო პირობები, რომელშიც ხდებოდა ჩემს ყოფიერებაში მიმდინარე, ჩემი ძვირფასი ,,ანგლო–ამერიკელი delicatesse ‘’ – ის, მისტერ ორიჯის, ზემოხსენებული ფილოსოფოსობის, ასე ვთქვათ, ,,ციმესის’’ ათვისება, მისტერ ორიჯისა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში თითქმის მთავარი წარმომადგენელი და ჩემი იდეების მთავარი განმმარტებელი იყო ამერიკაში.
როდესაც მიამბეს მისი იქ მისვლისა და ფილოსოფოსობის შესახებ იმ წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩემგან მიიღო, და მისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ აუცილებლად მოეწერა ხელი ამ მოვალეობებზე, სამზარეულოში ვიყავი და, ასე ვთქვათ, ვამზადებდი ,,სიმძიმის ცენტრის კერძს’’, როგორც ჩემი ,,მუქთახორები’’ უწოდებენ, რომელსაც ვამზადებდი ყოველ დღე ჩემი ნიუ–იორკში ყოფნის მთელი დროის განმავლობაში იმ მიზნით, უმთავრესად, რომ რამე ტიპის ფიზიკური ვარჯიში მეკეთებინა, ამასთან, თითო დღეს ყველა კონტინენტის ხალხების რომელიმე ახალი ნაციონალური კერძის მომზადებას ვუძღვნიდი.
იმ დღეს ვამზადებდი იმ ხალხის საყვარელ კერძს, რომელიც ჩინეთისა და რუსეთის თურქისტანს შორის ტერიტორიაზე ცხოვრობს.
იმ მომენტში, როდესაც მისტერ ორიჯის მოსვლისა და მისი ფილოსოფიური მსჯელობის ამბავს მიყვებოდნენ, კვერცხის გულსა და დარიჩინს ვთქვეფდი.
და როდესაც მათ მიერ წარმოთქმულ წინადადებათაგან ზოგიერთის გარეგანი ჟღერადობა ჩემ მიერ აღქმული იქნა – არავინ არ იცის, რატომ – სწორედ ჩემი ტვინის ორ ნახევარსფეროს შორის არსებული ცენტრით, ჩემი ორგანიზმის ფუნქციონირების იმ ერთიანობაში, რომელიც საერთოდ ბადებს ადამიანში ,,გრძნობას’’, თანდათან დაიწყო პროცესი, რომელიც ძალიან ჰგავს იმ გრძნობის განცდას, რომელსაც ,,ემოციური გულაჩუყება’’ ჰქვია და უცებ, სრულიად დაუფიქრებლად ერთი მწიკვი ჯანჯაფილის ნაცვლად ქვაბში მოვაპირქვავე, რაც კი სახლში დაფქული მწარე წიწაკა იყო, ეს იყო მოქმედება, რომელიც სრულიად არ იყო ჩემთის ჩვეული, ისეთი წმინდა რიტუალის შესრულების დროს, როგორიცაა, კომპოზიციის მომზადება აუცილებელი ჰარმონიული გემოს მისაღებად რომელიმე კერძისთვის, რომელიც უხსოვარი დროიდან არსებობს დედამიწაზე; და, დავიწყე რა რიტმულად და მთელი ძალით მარჯვენა ხელის ქნევა, ,,ზურგში დარტყმა მივაყენე’’ ჩემს საბრალო მდივანს მუსიკის საკითხებში, რომელიც იმ დროს სამზარეულოში ჭურჭელს რეცხავდა, მერე კი გავვარდი ჩემს ოთახში, დივანზე დავემხე, თავი ჩავრგე ბალიშებში, რომლებიც, სხვათა შორის, ნახევრად ჩრჩილისგან იყო შეჭმული და ცხარე ცრემლით ავტირდი.
განვაგრძობდი ტირილს, რა თქმა უნდა, ყოველგვარი გონივრული საფუძვლის გარეშე, მაგრამ რომელმაც მთლიანად მომიცვა და ინერციით გრძელდებოდა ზემოხსენებული ემოციის განცდით, ვიდრე ჩემი მეგობარი ექიმი, რომელიც ამერიკაში მახლდა, შემთხვევით შენიშნა რა ფსიქიკური მდგომარეობის დაწყება, რომელიც მანამდე უცნობი იყო მისთვის, ოთახში შემოვიდა ვისკის დიდი ბოთლით, რომელიც სპეციალურად ამერიკელებისთვის ჰქონდა მომზადებული. მას შემდეგ, რაც მოვყლუპე ეს სამედიცინო საშუალება, თუმცა ფიზიკურად ცოტა დავწყნარდი, მაგრამ კრუნჩხვა, რომელიც სხეულის მარცხენა ნაწილში დამეწყო, ვახშმამდე გაგრძელდა, კერძოდ კი, იმ მომენტამდე, როცა მეც და ჩემ გვერდით მყოფი ადამიანებიც იძულებული ვიყავით, სხვა საკვების არარსებობის გამო გვეჭამა კერძი, რომელიც ასე უზომოდ მწარე გამოვიდა.
როგორი განცდები დაიწყო ჩემში და როგორი შედეგები ჩამოყალიბდა ჩემს ცნობიერებაში იმ ასოციაციებისგან, რომლებიც ჩემს აზროვნებაში ხდებოდა ამ კერძის გამო, რომელიც ასე უზომოდ მწარე გამოვიდა, ახლა ამ წიგნში ამის აღწერას არ შევუდგები, ვინაიდან სწორედ ახლა მომივიდა იდეა, ეს ინფორმაცია საწყის ბაზად ვაქციო ზოგიერთი მაღალი ხარისხის დამრიგებლობით–ინსტრუქციული საკითხისთვის, თანამედროვე ადამიანის ფსიქიკასთან დაკავშირებით, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ევროპის კონტინენტზე და რომლის გაშუქებასაც ვაპირებ ჩემი თხზულებების მესამე სერიის შემდგომ წიგნში.
ის, თუ როგორ ვიყენებდი ჩემი, ობიექტური თვალსაზრისით, სამართლიანი მიზნებისთვის ამ შემთხვევაში უმაღლეს დონემდე განვითარებული თანამედროვე ცივილიზაციის ამ, ასე ვთქვათ, ამერიკელების წარმომადგენლების აზროვნების გამოვლინებას, აქედან შეიტყობთ:
როცა მისტერ ორიჯის ვიზიტის მეორე დღეს, დილიდანვე ატყდა რა მისი ადეპტების ზარები, რომლებიც მთხოვდნენ, თითქმის მეხვეწებოდნენ, შემეყვანა ისინი ამ ახალი ჯგუფის წევრების სიაში, განკარგულება გავეცი, ასეთი პასუხი გაეცათ ყველასთვის:
,,ახლადშექმნილი ჯგუფის მორიგ საერთო შეხვედრაზე დაიშვება მისტერ ორიჯის ჯგუფის ყოფილი წევრებიდან ნებისმიერი მხოლოდ ორი პირობით:
პირველი პირობა – იმისათვის, რომ დათქმულ ვადაში არ მოაწერა ხელი ვალდებულებების ხელწერილს, მან უნდა გადაიხადოს ჯარიმა დოლარებში იმ ოდენობით, რომელიც მოცემული ადამიანის მატერიალურ შესაძლებლობებს შეესაბამება და რომლის ოდენობასაც დაადგენს კომიტეტი, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით შეირჩევა და ძველი ჯგუფის რამდენიმე წევრისგან იქნება შემდგარი.
მეორე პირობა იმაში მდგომარეობს, რომ ყველანი, ვინც დროულად შეასრულებენ პირველ პირობას, ანუ, დაუყოვნებლივ გადაიხდიან დაკისრებულ ჯარიმას, რომელიც არანაირ ვითარებაში უკან აღარ დაუბრუნდებათ, დროებით ჩაიწერებიან მხოლოდ კანდიდატებად ახალ ჯგუფში და მხოლოდ განსაზღვრული დადგენილი ვადის შემდეგ გადაწყდება, შემდგომი პირობების შესრულების ან არშესრულების მიხედვით, ვინ არის იმის ღირსი, რომ ჯგუფში სრულუფლებიან წევრად დარჩეს და ვინ უნდა დატოვოს ჯგუფი უსათუოდ’’.
იმავე დღეს ჩამოყალიბდა ოთხკაციანი კომიტეტი ძველი ჯგუფიდან, რომლებიც თავადვე შევარჩიე და მათთან ერთად დავადგინე ჯარიმის შვიდი საფეხური.
პირველი და ყველაზე დიდი ჯარიმა იყო 3 648 დოლარის ოდენობის, მეორე – 1 824, მესამე – 912, მეოთხე – 456, მეხუთე – 228, მეექვსე –114 და ბოლო, მეშვიდე და ყველაზე დაბალი – 57.
ყველა ჯარიმის საერთო თანხას დაემატა საფასური, რომელიც დავაწესე იმ საუბრების სტენოგრაფიების ასლებისთვის, რომლებიც ახალი ეგზოთერული ჯგუფის პირველ სამ შეხვედრაზე ჩავატარე და რომლებიც აუცილებელი იყო მათთვის, ვინც ამ შეხვედრებს არ ესწრებოდნენ, რათა ჩემი შემდგომი საუბრების გაგება შესძლებოდათ პირველი ჯგუფისთვის, ვინც მაშინვე მოაწერა ხელი მოვალეობებს – 10 დოლარი; მათთვის, ვინც მეორე ჯგუფს მიეკუთვნებოდა, ანუ, ვინც არაფერს არ სცნობდა, რაც ჩემგან მოდიოდა – 40 დოლარი; მათთვის, კი, ვინც მესამე ჯგუფს მიეკუთვნებოდა, ანუ გადაწყვიტა, რომ მისტერ ორიჯის ჩამოსვლას დალოდებოდა – 20 დოლარი.
ამ ყველაფერმა ერთად 113 000 დოლარი შეადგინა, რომელიც ორ თანაბარ ნაწილად გავყავი, საიდანაც ერთი ნაწილი მე ავიღე, მეორეთი კი ურთიერთდახმარების ფონდის ჩამოყალიბება დავიწყე ჩემ მიერ ორგანიზებული ამ პირველი ეგზოთერული ჯგუფის მატერიალურად გაჭირვებული წევრებისთვის, ჯგუფებისა, რომელიც კოლექტიური თვითსრულყოფის იმ პროგრამით იმუშავებდა, რომელიც უკვე ზუსტად ჩემი იდეების შესაბამისად იყო აგებული.
და აი, ეს ხსენებული მეოთხე საუბარი, რომლის შინაარსიც ახლა მინდა გადმოგცეთ, ჩატარდა ამჯერად უკვე მისტერ ორიჯისა და რამდენიმე მისი ყოფილი, ასე ვთქვათ, ,,პირველხარისხოვანი’’ დამცველების თანდასწრებით, რომლებიც ახლა, რა თქმა უნდა, ნირწამხდარნი და მაინც უცვლელად ,,დათაფლული’’ გამომეტყველებით ისხდნენ.
იმ საღამოს, მუსიკის დემონსტრირებისას, რომელიც, ჩვეულებრივ, წინა დღეს იწერებოდა ხოლმე და ჩემი ორი ძველი მუსიკალური ნაწარმოების შესრულების შემდეგ, რომელსაც, ჩვეულებისამებრ, ასრულებდა ჩემი მდივანი მუსიკის საკითხებში, იქ დამსწრე საზოგადოების არჩევითა და სურვილით, ასე დავიწყე საუბარი:
,,ყველა ისტორიული მონაცემისა და საღი ლოგიკური აზროვნების თანახმად, ადამიანი, სიცოცხლის სხვა გარეგნულ ფორმებთან შედარებით, რომლებიც ვლინდებიან და არსებობენ დედამიწაზე როგორც სხეულის ორგანიზებით, ასევე მისი ფსიქიკის ფუნქციონირების ფორმის სირთულის დონით ყველა სახის აღქმასა და გამოვლინებაში, უნდა იყოს, სიცოცხლის სხვა გარეგნულ ფორმებს შორის, მართლაც, აღმატებული და, ასე ვთქვათ, ,,წამყვანი’’ ჩვეულებრივი ცხოვრების სისწორის რეგულირებაში, აგრეთვე, აზრის ღირსეულ გამართლების ნიშნების გამოვლინებასა და საკუთარი არსებობის აზრის განხორციელების პროცესში, რომელიც წინასწარ არის განსაზღვრული ჩვენი საერთო მამის მიერ.
დედამიწაზე მრავალფეროვანი ცხოვრების ზოგად პროცესში, როგორც ისტორიული მონაცემები გვიჩვენებს, ეს სწორედ ასე იყო დასაწყისში და მხოლოდ შემდგომში, როდესაც ადამიანების ფსიქიკაში წარმოიშვა – უმთავრესად მათი იმ ნაკლის გამო, რომელსაც სიზარმაცე ეწოდება – და ყოველ მომდევნო თაობაში ზრდიდა თავის მოქმედების ძალას მათ ზოგად ყოფიერებაზე, ის ,,რაღაც’’, რომელიც ავტომატურად აიძულებს ამ ყოფიერებას, მუდმივად ჰქონდეთ იმის სურვილი და ისწრაფვოდნენ სიმშვიდისკენ და იმ დროიდან ადამიანებში ამ ფუნდამენტური ბოროტების გაძლიერებასთან ერთად იმავე ზრდადი პროპორციით დაიწყო მათი ჩამოშორება საერთო ცხოვრებიდან, რომელიც მიდის დედამიწაზე.
ისევე, როგორც ჩვენი შედარებით დამოუკიდებელი ორგანოების ფუნქციონირების სისწორე არის დამოკიდებული მთელი ორგანიზმის ფუნქციონირების რიტმის სისწორეზე, ასევე ჩვენი ცხოვრების სისწორე დამოკიდებულია ცხოვრების ყველა გარეგნული ფორმის ავტომატური ცხოვრების სისწორეზე.
ვინაიდან დედამიწაზე ცხოვრების საერთო რიტმი, წარმოშობილი კოსმიური კანონებით, შედგება როგორც ადამიანის ცხოვრების, აგრეთვე ცხოვრების სხვა გარეგნული ფორმების ყველა რიტმის ერთობლიობისგან, მაშინ ცხოვრების ერთი ნებისმიერი ფორმის რიტმის არანორმალურობა ან თუნდაც მხოლოდ დისჰარმონია, აუცილებლად უნდა იწვევდეს არანორმალურობასა და დისჰარმონიას ცხოვრების სხვა ფორმებში.
მე დავიწყე ლაპარაკი ასეთ აბსტრაქტულ თემაზე, რომელიც ერთი შეხედვით, შორს არის იმისგან, რაც დასაწყისში განვსაზღვრე თქვენი უშუალო ინტერესისთვის, უმთავრესად იმიტომ, რომ მსურდა რა დღეს ამეხსნა თქვენთვის, ასე ვთქვათ, შესრულების მეთოდი ,,კარდინალური’’ ვარჯიშისა, რომელიც თქვენში შვიდი ფსიქიკური მონაცემიდან პირველის შეგნებული კრისტალიზაციისთვის, რომელიც მხოლოდ ადამიანს ახასიათებს, მინდა მოგცეთ ინფორმაცია ობიექტური ჭეშმარიტების ამ ასპექტზე, რომლის ზუსტი და ფართო გაგებისთვის აუცილებელია ასეთი ზოგადი გადახედვის გაკეთება.
მე მიმაჩნია მნიშვნელოვნად და თქვენთვის ძალიან სასარგებლოდ, აღვნიშნო, რომ ობიექტური ჭეშმარიტების ეს ასპექტი ადამიანის ცხოვრების პროცესში ყოველთვის არსებობდა უძველესი დროიდან, ეს იყო ყველა ეპოქისა და რანგის ხელდასხმულთა ერთ–ერთი ძირითადი საიდუმლოება და ამის ცოდნას, როგორც უკვე დადგენილია, თავისთავად შეეძლო გაძლიერება რეზულტატების ათვისების ძალისა, რომლებიც წარმოიშობა როგორც ამ პირველიდან, ასევე სხვა ვარჯიშებიდან.
მინდა ზოგიერთი რამ განგიმარტოთ მხოლოდ იმ კოსმიური ნივთიერებების და თვისებების ერთობლიობაზე, რომელიც ამ ერთობლიობას ახლავს, რომელიც არა მხოლოდ ადამიანების ცხოვრებაში, არამედ სხვა ცხოვრების სხვა გარეგნულ ფორმებშიც წარმოადგენს მთავარ მარეალიზირებელ ფაქტორს და რომელიც წარმოადგენს ,,მეორე ძირითად საკვებს’’, არის სხვა არაფერი, თუ არა ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ.
ჰაერი, რომლისგანაც შედგება ელემენტები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი სიცოცხლისთვის, რათა შემდგომში გარდაიქმნენ ჩვენს ორგანიზმში სხვა კოსმიურ სუბსტანციებად სამყაროს რეალიზაციის ზოგადი საჭიროებებისთვის, როგორც ყოველი განსაზღვრული კოსმიური კონცენტრაცია, შედგება აქტიური ელემენტების ორი სახეობისგან თავისი თვისებებით, რომლებიც თავიანთ ერთობლიობაში სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგონი არიან.
აქტიური ელემენტის ერთ სახეობას აქვს ევოლუციური, მეორეს კი ინვოლუციური სწრაფვის სუბიექტური პროცესი.
ჰაერი, როგორც ყოველი კოსმიური კონცენტრაცია, რომელიც წარმოქმნილია ყველა სახის ზოგადკოსმიური და სხვადასხვა, მათგან გამომდინარე მეორადი კანონების წყალობით, რომლებიც დამოკიდებულია, ამ შემთხვევაში, ჩვენი პლანეტის სხვა მსხვილი კოსმიური კონცენტრაციების ნივთიერებათა ერთობლიობასთან მდგომარეობასა და ურთიერთქმედებაზე, იძენს და გააჩნია ბევრი სპეციფიკური თვისება.
ამ მრავალ თვისებათაგან თქვენ ამ შემთხვევაში უნდა იცოდეთ იმ თვისების შესახებ, რომელიც უძველესი დროიდან იყო ადამიანის ცხოვრების პროცესში ყველა ეპოქის ყველა რანგის ხელდასხმულთა ერთ–ერთი მთავარი საიდუმლო.
ეს თვისება არის ის, რომ...’’