გურჯიევი და მსოფლიო კულტურა
გურჯიევი და მსოფლიო კულტურა *
(* ეს წერილი პირველად დაიბეჭდა 2002 წელს, ამჯერად გთავაზობთ მის გადამუშავებულ და ჩასწორებულ ვარიანტს)
ავტორი: ლევან ხეთაგური
იმისთვის, რომ ვისაუბროთ გურჯიევის გავლენაზე მეოცე საუკუნის მსოფლიო კულტურაზე, ალბათ, რამდენიმე ავტორიტეტის მოშველიებაც იქნებოდა საკმარისი, ისეთი ხელოვანების, როგორებიც არიან: პიტერ ბრუკი, ეჟი გროტოვსკი, კეი ჯარეტი და სემ შეპარდი. არაფერს აღარ ვამბობ ამერიკელ პამელა ტრავერსზე (მერი პოპინსის ავტორი), რომელიც მისი უშუალო მოსწავლე იყო, მისი თანამოაზრე ტომას ჰარტმანზე (ცნობილი კომპოზიტორი) და ალექსანდრე ზალცმანზე (ცნობილი მხატვარი, თბილისის ოპერის თეატრის მთავარი მხატვარი მენშევიკური მთავრობის დროს).
მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, მათ მიღმა კიდევ მრავალი ხელოვანი იყო და არის მისი შემეცნებითი და პრაქტიკული მსოფხედველობის თუ მისტიკური წარმოსახვითი სამყაროს გავლენის ქვეშ.
პირველ რიგში, თქვენს ყურადღებას შევაჩერებდი ყოფილ საბჭოთა სივრცეზე მეიერჰოლდის, ბულგაკოვის, ვახვახიშვილისა და ახმეტელის შემოქმედებაზე. ამ ეჭვებს საფუძვლად უდევს მათი შემოქმედებითი გზის განმავლობაში ის თავისებურებანი, რომელსაც გურჯიევი ასე თამამად ამკვიდრებდა მსოფლიო კულტურაში.
რამდენიმე წლის წინ ცნობილ ჰოლანდიელ რეჟისორთან და მსახიობთან (იან ლანგედიკთან) გურჯიევზე საუბრის დროს მან საკმაოდ საინტერესო რამ მითხრა – ჩვენთვის სამოციან წლებში მისი ნაშრომი: ,,შეხვედრები განსაკუთრებულ ადამიანებთან’’ მთელი ევროპული თაობისათვის სამაგიდო წიგნი იყოო (სამწუხაროდ, ჩვენთვის ეს ეტაპი ისევე, როგორც სამოციანი წლების მიწურულს სტუდენტური მოძრაობები და მღელვარებანი ევროპაში ჩვენი ცნობიერების მიღმა დარჩა – მას ძალიან მკრთალად თუ ეხმაურებოდა ქართული კინემატოგრაფი, კერძოდ კი იოსელიანი, ისიც ,,ჩემთვის ყოველთვის უცნაური და კითხვის ნიშნის ქვეშ იყო – ვინ იყო გურჯიევი უდიდესი მოაზროვნე, ფილოსოფოსი თუ ავანტიურისტი, ბიზნესმენი’’. მსგავსი შეფასებაც იმდენად ლოგიკურია ბურჟუაზიული –კაპიტალისტური სამყაროს წარმომადგენელისათვის, რაც ჩვენთვის ჯერჯერობით ახალი ხილია, ჩვენ კაპიტალისტურ კანონებს მხოლოდ ახლა ვეხებით და ჩვენი ცნობიერება, რომელიც ფსევდო სოციალისტური ქვეყნის პირობებში ყალიბდებოდა, ძნელი იქნებოდა ასე სწრაფად არსებობის ერთი წესი მეორეთი შევცვალოთ. ჩვენი ცნობიერება ჯერ კიდევ გაორებულ და გარდამავალ მდგომარეობაშია.
ევროპელისთვის თუ კაპიტალისტური სამყაროს სხვა წარმომადგენელისათვის ვინმეს შეფასება კაპიტალისტად არ გახლავთ შეურაცხმყოფელი. ევროპული საზოგადოება და თავად კათოლიკური ეკლესია ამკვიდრებდა კერძო საკუთრების პატივისცემის ინტერესს საუკუნეების განმავლობაში და მრავალ საუკუნოვანი გამოცდილების შედეგად ყველა პირობა შეიქმნა იმისათვის, რომ თავად სახელმწიფო მანქანა გადაქცეულიყო გარანტად თავისუფლების, თვითგამოხატვის და მრავალი სხვა უფლების დასაცავად. პრაქტიკულად განვითარებული ბურჟუაზიული საზოგადოება ცდილობს, რომ მის ყოველ მოქალაქეს გარანტირებული კანონით დაცული პირობები შეუქმნას. ამიტომაც მითოლოგიური ბურჟუა დღეს საზოგადოების ის ნაწილია, რომლის გადასახადებითაც სარგებლობს ყველა მოქალაქე ისევე, როგორც ყოველი მოქალაქე გრძნობს საკუთარ თავს ქვეყნის – სახელმწიფოს დამფინანსებლად.
საუბარი, თითქოსდა, გამიგრძელდა და მთავარ თემას გადავუხვიე, მაგრამ ის გარკვეულწილად მაინც დაკავშირებული იყო ჰოლანდიელის მიერ გაკეთებულ გურჯიევის შეფასებასთან.
გურჯიევის აღნიშნულ ნაწარმოებში მრავლადაა მოთხრობილი ეპიზოდები კომერციული საქმიანობის შესახებ, რომელიც ყოველთვის ემსახურებოდა თვითგადარჩენას და ცოდნის, ჭეშმარიტების ძიების უზრუნველყოფას. შეიძლება არცთუ ისე მართებული შედარება იყოს, მაგრამ ფაუსტი სულსაც კი მიჰყიდის ეშმაკს იმისათვის, რომ ცოდნა გაიღრმავოს, ჭეშმარიტებას მიუახლოვდეს. ფულის კეთება წიგნში საკრალურ ცოდნის მისაღებ ძიებებს, ექსპედიციების დაფინანსებებს ხმარდება, ამდენად მისი კაპიტალისტობა – ე.წ. ბიზნესმენობა ევროპელისათვის განსაკუთრებულ ნიჭიერებასთანაა დაკავშირებული, რადგანაც ტრადიციულად ევროპული მეცნიერება საუკუნეების განმავლობაში მეცენატების, მოგვიანებით სახელმწიფოს მხარდაჭერით ვითარდებოდა და ძალიან მცირე შემთხვევებია, როცა ცნობილი მოღვაწენი აწარმოებდნენ რაიმე კომერციულ საქმიანობას, რათა საკუთარი სურვილები და ინტერესები დაეკმაყოფილებინათ, თუმცა ამის მაგალითებიც არის– შლიმანი, იგივე სტანისლავსკი, მაგრამ განსხვავება გურჯიევთან მაინც გვაქვს. არცერთ მათგანს და არც შეიძლება სხვა მრავალს ასე გულახდილად არ უამბია საკუთარი ფინანსური ოპერაციების შესახებ მკითხველისათვის, თუ მაყურებლისათვის.
გურჯიევი, თითქოსდა, დეტალურად აღწერს თავის საქმიანობას, ძიებებს, შეხვედრებს, პიროვნებებს ვინც დიდი გავლენა მოახდინა მის ჩამოყალიბებაზე, იგი თითქმის ყოველთვის გვერდს უვლის ვნებებს და გრძნობებს იმას, რაც სხვა ავტორებისათვის ხშირად მთავარი ხდება ამის მსგავსი ავტობიოგრაფიული აღწერების დროს და ამაშიც გურჯიევი უნიკალურ მაგალითს იძლევა ამისა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ წიგნში იკვეთება კავკასიური და აღმოსავლურ აზიური ცნობიერების ტრადიციები – კერძოდ კი, მეგობრების, ადამიანების, წინაპრებისა და ,,მასწავლებლების’’ პატივისცემა. გურჯიევი უძველეს ტრადიციებზე აგებულ ცნობიერებას ეყრდნობა, მასში თანაბრად არის მეგობრულ – რაინდული ურთიერთობები, რომელიც ინსტიტუციონალურ რანგშია აყვანილი და ხაზგასმა იმისა, რომ ადამიანი განათლებას იღებს და პიროვნებად ყალიბდება არა სწავლისაგან რაიმე სასწავლებლებში და უმაღლესებში, არამედ ადამიანებისაგან, პიროვნული შეხვედრებისაგან და ცოდნა–გამოცდილების, მაგალითების ჩვენების უანგარო გაცემისაგან. ამიტომაც გურჯიევის წიგნი ოდაა ბრწყინვალე ადამიანების პიროვნება–მასწავლებლობის შესახებ, არა მხოლოდ იმათზე, ვისაც იგი შეხვედრია, არამედ თავად ამ ცნობიერებაზე, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილა ამ სამყაროში.
ევროპული განვითარების გზამ პედაგოგი ჩაანაცვლა მასწავლებელს, პედაგოგობა ჩვეულებრივ პროფესიად იქცა, როცა მანამდე ეს გახლდათ მოწოდება და ცხოვრების არჩევანი, ცხოვრების წესი – სწორედ ეს გახლავთ შემორჩენილი ამ კავკასიურ აღმოსავლურ–აზიურ ცნობიერებაში. კავკასიის მთებში დღემდე ასაკოვანი ადამიანი ბრძენ მასწავლებლად ყალიბდება – ტრადიციების ცოდნის საფუძველზე და არა ემპირიული განათლების შედეგად. ეს წიგნი სწორედ ამით გახლავთ გამორჩეული, როცა საკუთარ ბიოგრაფიას ყვები სხვა ადამიანებთან შეხვედრების საფუძველზე, ანუ, გურჯიევი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ჩვენი ცხოვრება განსაკუთრებულ ადამიანებთან შეხვედრების ეპიზოდებისაგან შედგება. ეს არის ყველაზე ფასეული და მნიშვნელოვანი, რაც გვაქვს.
ეს წიგნი ეკრანიზირებულია პიტერ ბრუკის მიერაც (1979 წელს). როგორც ყოველთვის ეკრანიზაცია ყველაზე ნაკლებად გამოხატავს ნაწარმოებს. თავად ეს გახლავთ სრულმაშტაბიანი პატივისცემის გამოხატვა თავად პიტერ ბრუკისა გიორგი გურჯიევის მიმართ, თავისებური ხარკი XX საუკუნის უდიდესი მოაზროვნისადმი. თუმცაღა აქვეა აღსანიშნავი, რომ ეს ფილმი პირველად აძლევდა შესაძლებლობას მაყურებელთა ფართო ჯგუფს, ენახათ გურჯიევის საკრალური ცეკვები.
გურჯიევის ბიოგრაფიული ცნობების სიმწირის გამო დღესაც მრავალი კამათია: მას თანაბრად მიიწერს რუსეთი, სომხეთი, საბერძნეთი, საქართველო, თუმცა მე სრულად ვეთანხმები ბატონ მიხეილ კვესელავას მიერ სამოციან წლებში გამოქვეყნებულ სტატიაში ჩამოყალიბებულ არგუმენტებს, სადაც იგი თამამად და დასაბუთებულად ამტკიცებს მის ქართულ წარმომავლობას. საბედნიეროდ, სამოციან წლებში გამოქვეყნებული ეს სტატია რამდენიმეჯერ დაიბეჭდა უახლოეს რუსულ გამოცემებშიც, თუმცა ნაკლებად ითვალისწინებენ ენციკლოპედიური ტიპის გამოცემებში.
ჩვენთვის, თითქოსდა, უცხო არ უნდა გახლდეთ, რომ ბოლო სამასი წლის განმავლობაში აღმოსავლური გავლენით მრავალ ქართველს გურჯად მოიხსენიებდნენ, თუნდაც ამისი ნათელი მაგალითი გახლავთ ცნობილი მხატვარი შაჰაბასის პერიოდში სიაუშ გურჯი. მაგრამ თავად გურჯიევი ყოველთვის ერიდებოდა თავისი წარმომავლობის შესახებ საუბარს. იგი, როგორც პროფესიონალი მისტიკოსი (როგორც იგი არის აღიარებული მრავალ ამერიკულ და ევროპულ გამოცემებში), XX საუკუნის მნიშვნელოვან მისტიკოსად და ნეოსუფიზმის ფუძემდებლად, არ უხვევდა არჩეულ თამაშის წესს. განსაკუთრებით კი მის ფუნდამენტურ ნაშრომში ,,ბელზებელის საუბრები შვილიშვილთან’’ იგი ოსტატურად აბნევს მკითხველს დასაწყისში საკუთარი მშობლიური ენის შესახებ და წარმომავლობის შესახებ. მისთვის, თითქოსდა, დამახასიათებელი იყო მითხზვა, ამიტომაც დღემდე მრავალი მითია შემორჩენილი მის შესახებ.
ძნელი მოსაძებნია XX საუკუნეში ადამიანი, რომელსაც სრულად ჰქონდა პიროვნული შეხება XX საუკუნის მსოფლიო მოვლენებთან, თუნდაც ჩამონათვალი – სტალინი, დალაილამა, მუსოლინი, ჰიტლერი, აღარ ვუბრუნდები უკვე აღნიშნულ ხელოვანთ.
,,ბელზებელის საუბრები საკუთარ შვილიშვილთან’’ – განსაკუთრებული ნაწარმოებია, მე თითქმის არ მეგულება მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ანალოგი და მაგალითი ნაწარმოებისა, რომელიც კაცობრიობის ისტორიას მოიცავდეს ერთი პერსონაჟით – თვითმხილველის მიერ მოთხრობილ ისტორიად. ეს ნაწარმოები რთული განსასაზღვრია ჟანრობრივად, რომელ ერთს მიეკუთვნება: ისტორიულ რომანს, ფილოსოფიურ ტრაქტატს, ფანტასტიკას, მისტიკას, თეოლოგიას, სათავგადასავლო ნაწარმოებს და რომელ ერთს, თუ ყველაფერს ერთად. ამავე დროს წიგნის შესავალში თავად გურჯიევის მიერ დაწერილ შესავალ წერილში წიგნის გაყიდვის უნიკალური კომერციულად გენიალური ხერხია მოხმობილი, რომლის მაგალითიც მე ჯერ არა მსმენია რა სხვა ავტორებისაგან.
წიგნის მოქმედება ხდება ყველა იმ ცივილიზაციების დროს, რომლის შესახებაც ჩვენ არა გვაქვს ემპირიული ცოდნა. ეს გახლავთ საკრალური ისტორია ჩვენი პლანეტისა და კოსმოსისა, მოქმედება დედამიწაზე და კოსმოსში ერთდროულად ხდება. ბელზებელის პირით ჩვენ ვეცნობით გურჯიევის კოსმოგონიას, რელიგიათა და ქვეყანათა ისტორიას უძველესიდან უახლესამდე, ატლანტიდიდან ამერიკის შეერთებულ შტატებამდე.
წიგნი დასტურია გურჯიევის, მართლაც, უნიკალური ეზოთერული განათლებისა, მისი ღრმა ცოდნისა საკრალური ისტორიის, თეოლოგიისა და ოკულტიზმისა, მეცნიერებისა. წიგნი, თითქოსდა, მცდელობაა შეაჯამოს კაცობრიობის ისტორია, მიგვიყვანოს ერთიან ღმერთ–აბსოლუტამდე. გვიჩვენოს ადამიანის უნარი, მისი გონების შესაძლებლობა, შეაღწიოს ზედროულ განზომილებაში და ის, რაც დღემდე ჩვენთვის ფანტასტიკურის სამყაროში მოიაზრება, აქციოს ემპირიულ რეალობად.
გურჯიევის აზროვნების სტილი, თითქოსდა, ქაოტურია, აქ ვერ ნახავთ რაიმე ერთი სკოლის კონცეფციას ან რაიმე ერთი მიმართულების მემკვიდრეობითობას, იგი უნივერსალური სინთეზის მომხრეა და ეძებს სამყაროში საერთოს, ჰარმონიას შეერთებისაკენ და არა განსხვავებებს დანაწევრებისათვის.
თითქოსდა, ანტიკური სამყაროდან მოყოლებული ერთადერთი ფილოსოფოს მისტიკოსია, რომელიც სამყაროს კანონებს სწორედ ხელოვნებაში მუსიკასა და პლასტიკა–მოძრაობებში ეძებს, რომ განვაზოგადოდ მისი დამოკიდებულება, იგი პასუხს ცივილიზაციის ისტორიაში, რიტუალში ეძებს. მისი ჭეშმარიტება არა მხოლოდ რიტუალის ამოხსნაშია, არამედ მის აღდგენაში და შექმნაში. ალბათ, სწორედ ესეც განაპირობებს მის ასეთ სიახლოვეს XX საუკუნის ევროპული ტრადიციული თეატრის ფუნდამენტურ რეფორმატორებთან, როდესაც მათ ტრადიციული არისტოტელესეული თეატრის ძიება წინარე ფორმებისაკენ წაიყვანეს.
XX საუკუნის თეატრი ჩვენთვის ერთ–ერთ პირველ რეფორმატორ არტოსთანაა დაკავშირებული, როდესაც იგი იწყებს სერიოზულ ძიებებს კულტურათა საზღვარზე, კერძოდ ჩინურ, ეგვიპტურ და ამერიკელ ინდიელთა, მისი სერიოზული პუბლიკაციები იწყება რა XX საუკუნის 30–იან წლებში 40 –იან წლებში მთავრდება, მაგრამ აქვეა სერიოზულად ხაზგასასმელი ის გარემოება, რომ გურჯიევის ძიებები სწორედ 10–20–იან წლებზე მოდის, II მსოფლიო ომის წინა პერიოდიდან (10–20–იანი წლებიდან) მოყოლებული იგი სერიოზული ავტორიტეტია მსოფლიოს ინტელექტუალურ წრეებში თავისი საჯარო გამოსვლებით, საერთაშორისო ინსტიტუტებით და მრავალრიცხოვანი მიმდევრებით.
გურჯიევი ჯერ კიდევ ათიან წლებში ბევრს მუშაობს სპეციალურ ფიზიკურ სავარჯიშოებზე, რასაც მოგვიანებით თეატრალურ სამყაროში ტრეინინგებს დაარქმევენ – მისი საჯარო ჩვენებები თეატრალურ დარბაზებში სწორედ რუსეთში – მოსკოვსა და პეტერბურგში ხორციელდება, რის შესახებაც რუსული პრესა ბევრს წერდა და მას ხშირად არაერთმნიშვნელოვნად მოიხსენიებდნენ – ფიზიკური სავარჯიშოების შედეგების მიხედვით მას სატანასაც კი ადარებდნენ.
მაშ ასე, გურჯიევი ერთ–ერთი პირველი გახდა, ვინც ფიზიკური მომზადების სისტემას ქმნიდა (თუმცა აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ 1910 წლიდან მოყოლებული ჰელერაუს ექსპერიმენტები – დალკროზ, აპიას, ზალცმანის მიერ). მისი მიზანი გახლდათ სხეულის შესაძლებლობების დაუფლება, ადამიანის რესურსების ბოლომდე გამოყენება. განა მეირჰოლდის ბიომექანიკის სისტემა რაიმე სხვას ემსახურებოდა, განა მისი სისტემა არ იქმნება სწორედ გურჯიევის ლექციებისა და სანახაობების ციკლის შემდეგ რუსეთში? სამართლიანობისათვის მაინც უნდა აღინიშნოს, რომ საერთოდ სავარჯიშოების იდეა ძალიან პოპულარული ხდება და მხოლოდ გურჯიევსაც ვერ მივაწერთ, მაგრამ ვერც გამოვრიცხავთ.
1919 წელს გურჯიევი უბრუნდება ტიფლისს და სწორედ ეს მისი ,,მშობლიური’’ ქალაქი გახდა მისი მრავალწლიანი ოცნების–ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტის – შექმნის პირველი ადგილი. ინსტიტუტმა რამდენიმე წელი იარსება და გიორგი გურჯიევს მენშევიკური მთავრობის დახმარებით შენობაც გამოეყო, თუმცა ახალმა მთავრობამ ბოლომდე ვერ განახორციელა ყველა დაპირება, მიუხედავად ამისა ინსტიტუტმა ერთ წლამდე იარსება და იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა, როგორც მაშინდელი პრესა აღნიშნავს განსაკუთრებით თბილისელ მანდილოსნებში სარგებლობდა მისი საჯარო ლექციები დიდი პოპულარობით. 1921 წელს რუსეთის წითელი არმიის შემოსვლამდე გურჯიევი 1920 წლის ბოლოს მრავალ ქართველთან ერთად ბათუმიდან ტოვებს საქართველოს და კონსტანტინოპოლში გარბის, სადაც მცირე დროით დაჰყოფს და ასევე ლეგენდების მიხედვით ამ პერიოდში ახორციელებს იგი დერვიშთა ცეკვის უნიკალურ სანახაობას აიასოფიას ტაძარში დღევანდელ სტამბულში – მაშინდელ ბიზანტიის ყოფილ დედაქალაქში ორთოდოქსალური ქრისტიანობის მექაში – მოგვიანებით გამაჰმადიანებულ კონსტანტინოპოლში მსოფლიო კულტურის უნიკალურ ტაძარ აია სოფიაში.
დამეთანხმებით რომ შემთხვევითი არ უნდა გახლდეთ საქართველოში მისი ყოფნის შემდეგ განხორციელებული სრულყოფილი სპექტაკლი ,,მზეთამზე’’, რომელიც შეიძლება პირველ ქართულ მოძრაობის თეატრად მოვნათლოთ, თუმცა დღემდე, როგორც პანტომიმა, ისე მოიხსენიება. 20–იანი წლების ახმეტელის ძიებებიც და მსახიობთა მომზადების სისტემა ფიზიკურ სავარჯიშოებზეა აწყობილი ჩვენ მას დღეს რეფლექსების თეორიად მოვიხსენიებთ ხოლმე, ვიცით, რომ ახმეტელი იყენებდა ქართულ ფოლკლორს ამ სავარჯიშოების საფუძვლად – ქართული ფოლკლორი კი თავისთავად ქართული სარიტუალო კოსმოსია, ესე იგი, ახმეტელიც ქართული მითოლოგიიდან და რიტუალებიდან საზრდოობდა. აქაც თვალნათლივ ჩანს გურჯიევის ინსტიტუტის თბილისში ფუნქციონირების გავლენა, თუმცა არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ახმეტელი გურჯიევს ჯერ კიდევ რუსეთიდან იცნობდა.
გურჯიევი თავის წიგნში ,,ბელზებელის საუბრები შვილიშვილთან ‘’ შესავალში წერდა: საყვარელი ლოცვა შეიძლება შესმენილი და მიღებული იქნას უმაღლესი ძალების მიერ მხოლოდ მაშინ, თუკი იგი წარმოთქმული იქნება სამჯერ: პირველად – მშობლების კეთილდღეობისათვის და მათი სულების სიმშვიდისათვის; მეორედ– მეზობლების კეთილდღეობისათვის; და მხოლოდ მესამედ – საკუთარი კეთილდღეობისათვის’’. წაიკითხეთ ყველა ჩემი წიგნი სამჯერ – გურჯიევი მკითხველსაც კი რიტუალის მონაწილედ ხდის.
მიხეილ ბულგაკოვის, ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი რომანი ,,ოსტატი და მარგარიტაც’’ ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ გურჯიევის იდეების და შესაძლებელია, ამ წიგნის გავლენითაცაა შექმნილი, რადგანაც იგი არა მხოლოდ საერთო აზროვნებით ჰგავს, არამედ ამ ორი ნაწარმოების ფინალიც ჰგავს საოცრად ერთმანეთს, როცა მოქმედება სწორედ კოსმოსში მიდის და მთავარი პერსონაჟი ვოლანდიც ისევე მოგზაურობს დროში, როგორც ბელზებელი. ისინი ისტორიული მოვლენების თანამონაწილენი არიან და ორივე ავტორი დასმულ შეკითხვებზე პასუხს მხოლოდ კოსმოსში აბსოლუტთან ეძებენ, მათთვის მიწიერი მასშტაბები ძალიან მცირეა.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული მოსაზრებების შესახებ შემეკითხებით: რატომ არავის არა აქვს მოხსენიებული გურჯიევი საკუთარ ნაწარმოებებში, გამოსვლებში ან რაიმე სხვა წყაროებში, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, გარკვეული დროის შემდეგ ასეთი მასალა შეიძლება გამოჩნდეს კიდევაც; ერთი გარემოებაც აუცილებლად აღსანიშნავია, კერძოდ კი, წერილის დასაწყისში აღნიშნული უცხოელი მეტრები განსაკუთრებით კი ბრუკი, გროტოვსკი, შეპარდი ხშირად იღებდნენ შეკითხვებს გურჯიევის შესახებ, ყოველთვის ცდილობდნენ მათი კომენტარების მოსმენას, მაგრამ ისინი ერთმნიშვნელოვნად აფიქსირებდნენ, რომ ეს დახურული თემაა პრესისათვის და ძალიან პირადია ყოველი მათგანისათვის. ამ მისტიკური გარემოების გათვალისწინების გარდა ისიც გასათვალისწინებელია, რომ საბჭოთა სივრცეში გურჯიევი წლების განმავლობაში აკრძალული ავტორი გახლდათ და დახურულ თემას წარმოადგენდა. მისი არქივები სრულებით გაქრა ოციან წლებში და სუკის საცავებში განთავსდა. გურჯიევმა საქართველოს დატოვების დროს საკუთარი ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი ვერ წაიღო. რუსულ პერიოდიკაში 90–იან წლებში ერთი ფრიად საინტერესო ფაქტი გამოქვეყნდა. ლეგენდის სახით ცნობილი იყო, რომ, როდესაც სტალინი სასულიერო სემინარიაში სწავლობდა თბილისში, იგი სწორედ გურჯიევის ოჯახში ცხოვრობდა და მასთან ერთად იზრდებოდა, გამორიცხული არ არის, რომ სტალინის მისწრაფება მისტიციზმისადმი და მისი განსწავლულობა ამ სფეროში სწორედ გურჯიევისაგან მომდინარეობდეს, მაგრამ რუსულ პერიოდიკაში გამოქვეყნებულმა სტატიამ ეს ლეგენდა კიდევ უფრო გაამყარა. ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით, უფრო სავარაუდოა, რომ მათ ერთმანეთი სცოდნოდათ, ოჯახში ცხოვრება და ერთად აღზრდა ნაკლებად სარწმუნოა. თუმცა რუსული არქივების ბოლო წყაროების მიხედვით ცალსახაა, რომ გურჯიევი სტალინთან ერთად იყო ჭიათურის ცნობილი თავდასხმის დროს და დაიჭრა კიდევაც. ამჯერად სხვა ფაქტებზე აღარ გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.
გურჯიევი თავის წიგნში ,,შეხვედრები განსაკუთრებულ ადამიანებთან’’ ერთ–ერთ თავს უძღვნიდა ქართველ თავადს – ეს თავადი გახლდათ ნიჟარაძე, რომლის გვარს ამოფარებულიც ემალებოდა იოსებ ჯუღაშვილი რუსეთის მეფის მთავრობას – სტალინის უშუალო თხოვნით (როგორც ამას რუსული გამოცემები გადმოგვცემენ), გურჯიევმა ამოიღო ეს თავი, რომელიც არავის უნახავს მას შემდეგ. არავის არ აწყობდა სტალინისა და გურჯიევის კავშირის დაფიქსირება, მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც გურჯიევს მის მრავალრიცხოვან ტიტულებს მიემატა 30–იან წლებში როზენკრეიცერების უმაღლესი – ვარდის ორდენის მაგისტრობა– როგორც მისი ღვაწლისა ოკულტიზმისა და მაგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის (თუმცა ეს ფაქტიც სხვადასხვა წყაროში არ დასტურდება) – ეს გაერთიანება სწორედ ჰიტლერის ერთ–ერთი დასაყრდენი გახლდათ მის ოკულტურ ძიებებში და ტიბეტთან კავშირში, ამ დროისათვის კი გურჯიევს უკვე ჰქონდა ყველაზე დიდი წოდება – დალაილამას მასწავლებლის წოდება მისი გადარჩენისათვის რევოლუციის დროს ჩინეთში (ეს მითიც ხშირად არ დასტურდება ოფიციალურ წყაროებში, გურჯიევი ერევათ სხვა ცნობილ ბუდისტ ,,ნკვდ’’–ს აგენტში, რომელიც მართლაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული ტიბეტთან). ჰიტლერის გარდა მას ჰქონდა შეხვედრები მუსოლინთანაც, რობაქიძესთანაც (რობაქიძესთან შეხვედრაც ემიგრაციაში მისი აღიარებული ქრონოლოგიიდან არ დასტურდება, თუმცა არის წყარო, რომ მათ თბილისში უნდა ჰქონოდათ შეხვედრა). გურჯიევის შესახებ მრავალ საინტერესო მასალას მიხეილ კვესელავა სწორედ ნიურბერგის პროცესის დროს შეხვდა და არქივის ნაწილიც, როგორც ამბობენ, ვითომდაც დააბრუნა თბილისში, რომლის შესახებ სხვადასხვა ვერბალურ წყაროს მიხედვით გამსახურდიების ოჯახმაც ფრიად კარგად იცოდა.
გურჯიევის შესახებ მითოლოგიური სამყარო გადახლართულია მისტიკურ სამყაროსთან. დღევანდელი გადასახედიდან ძნელი გასამიჯნია მითი და სინამდვილე, მისი გავლენა დღევანდელი კულტურის განვითარებაზე მრავალგზის საკვლევია და მრავალი მკველვარისათვის კვლავ ზღვა მასალას ტოვებს, ამ წერილში აღნიშნული ყოველივე მხოლოდ მცირე და თანაც ძალიან სუბიექტური მოსაზრებებია, რომელსაც კვლავ მრავალი ფაქტობრივი მტკიცება ესაჭიროება, თუმცა ყოველივე შინაგან ლოგიკას ემყარება.
ამ წერილში არ ყოფილა მცდელობა სამეცნიერო კვლევისა და გურჯიევის სწავლების კონცეპტუალური გადმოცემისა, მსგავსი ამოცანების გადასაჭრელად იმედი მაქვს, სხვა წერილებს და ახალ გამოცემებს შემოგთავაზებთ.
მომდევნო თავები ეტაპობრივად დაემატება...