ცხოვრება რეალურია მხოლოდ მაშინ, როცა "მე ვარ"

გიორგი გურჯიევი
0
0

ავტორი: გიორგი გურჯიევი მთარგმნელი: მზია ქურცაძე წიგნი გამოიცა ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდ "კავკასიის" და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მიერ ბატონ დ...

მეხუთე საუბარი

მეხუთე საუბარი

1930 წლის 19 დეკემბრის იმავე ჯგუფში

შემდეგნაირად დავიწყე:

სანამ, ჩვეულებისამებრ, გამოგკითხავთ, რათა უკეთ ჩამოვყალიბდე, თუ რა მიმართულებით მოგცეთ შემდგომი მითითებები – მაგალითად, ახლა გეკითხებით, თუ გასული კვირის განმავლობაში ,,თავისუფალ დროს’’ თქვენი განსჯის საფუძველზე როგორ გაიაზრეთ და გაითავისეთ ჩემი მითითებები პირველ სავარჯიშოსთან დაკავშირებით, რომელიც მესამე შეხვედრის დროს მოგაწოდეთ, რათა თქვენს ყოფაში მომზადდეს ,,ნაყოფიერი ნიადაგი’’ ადამიანის უწმინდესი იმპულსების მონაცემთა განზრახ შესაქმნელად – მე აუცილებლად მივიჩნევ მიგითითოთ სხვა ორი დამოუკიდებელი სავარჯიშო, რომლებიც შედიოდა ჩემ მიერ დაარსებული ინსტიტუტის საერთო პროგრამაში, მაგრამ განეკუთვნებოდა სრულიად განსხვავებულ სავარჯიშოთა რიგს, რომელიც მოსწავლეთა განსაზღვრული კატეგორიისათვის საკუთარი რეალური ,,მეს’’ მოსაპოვებლად ერთ–ერთ ე.წ. ,,დამხმარე საშუალებას’’ წარმოადგენს.

გარდა ამ სავარჯიშოებისა, რომელთა შესახებაც ახლა ვსაუბრობ და ასევე მათ შესახებ ინფორმაციისა, რომელიც მინდა გაგიზიაროთ, ისინი, წარმოადგენენ რა თქვენთვის ჭეშმარიტად კარგ საშუალებას ამ მიზნისათვის, ჯერ ერთი, დაგეხმარებიან, ჩაწვდეთ ჩემ მიერ აღნიშნული შვიდი, როგორც უწოდებენ, ,,კარდინალური’’ სავარჯიშოდან პირველი სავარჯიშოს მრავალი დეტალის აზრსა და მნიშვნელობას, და მეორე, სხვათა შორის, თქვენ ამ ინფორმაციის წყალობით შეიტყობთ ორი განსაზღვრული ცნების შესახებ, რომლებიც ადრეულ საუკუნეებში დედამიწაზე ხელდასხმულ ადამიანთა ყველა კატეგორიისათვის ითვლებოდნენ და დღესაც ითვლებიან ,,საიდუმლოებად’’ და ხელდასხმულთა აზრით, მათთან შეხება ჩვეულებრივი ადამიანისათვის შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს.

თქვენ უნდა იცოდეთ, რომ დედამიწაზე თითქმის ყველა ეპოქაში ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტად ხელდასხმულები იყვნენ, იყოფოდნენ სამ კატეგორიად.

ხელდასხმულთა პირველ კატეგორიას მიეკუთვნებოდა ის, ვინც თავისი განზრახ გვემისა და შრომის წყალობით მიაღწია მაღალ ხარისხს, რასაც ,,ყოფიერება’’ ეწოდება და ამისათვის დაიმსახურა ,,წმინდანის’’ სახელი. მეორე კატეგორიას მიეკუთვნებოდა ის, ვინც ყველა სფეროში, იმავე ფაქტორების წყალობით, მოიპოვა უზარმაზარი მოცულობის ინფორმაცია და მის სახელს დაემატა ,,სწავლულის’’ტიტული; ხოლო მესამე კატეგორიას მიეკუთვნებოდა ის, ვინც ამავე ფაქტორების წყალობით მიაღწია ყოფიერებას და ასევე დიდი რაოდენობით ეზიარა ობიექტურ ჭეშმარიტებას და მის სახელს დაემატა ,,ბრძენის’’ წოდება.

ზემოაღნიშნულ საიდუმლოებათაგან პირველი იმაში მდგომარეობს, რომ თვითსრულყოფის საშუალებად ადამიანს შეუძლია გამოიყენოს განსაზღვრული მახასიათებელი, რომელიც არსებობს მის ფსიქიკაში და რომელიც შიძლება ნეგატიური ხასიათისაც კი იყოს. ამ მახასიათებელს შეუძლია, ბიძგი მისცეს თვითსრულყოფას და არსებობს ადამიანებში, განსაკუთრებით თანამედროვე ადამიანებში და განსაკუთრებით თქვენში და წარმოადგენს სხვა არაფერს, თუ არა იმას, რაც მრავალგზის განვიხილე და რის გამოხატვასაც თავად ადამიანები ზრდასრული ადამიანისათვის უკადრისად მიიჩნევენ – რა თქმა უნდა, მათ არასოდეს ჰყავთ მხედველობაში საკუთარი თავი – და ამას ,,თვითმოტყუება’’ ჰქვია.

ასეთი, ერთი შეხედვით, ალოგიკურობა და ადამიანის საღი გონებისათვის მიუღებელი მტკიცება, კერძოდ, ის, რომ ზრდასრული ადამიანის ფსიქიკისათვის ასეთი შეუფერებელი მახასიათებელი შეიძლება გაცნობიერებულად იქნეს გამოყენებული ამ განუზომლად დიდი მიზნისთვის, მიიღება იმ ფაქტის შედეგად, რომ თვითსრულყოფის შესაძლებლობების ჭეშმარიტად წვდომა და საკუთარ თავში იმის რეალურად ფორმირება, რაც ამისათვის საჭიროა, უნდა ხორციელდებოდეს არა ადამიანის ჩვეულებრივ ცნობიერებაში, რასაც ქვეცნობიერი ეწოდება და ვინაიდან ჩვენი ყოველდღიური ყოფის სხვადასხვა არანორმალურობებიდან გამომდინარე, შემთხვევითობის ყველა სახეობის წყალობით ადამიანისთვის, განსაკუთრებით თანამედროვე ადამიანისათვის, შეუძლებელი გახდა საერთოდ რაიმე აღიქვას და ეს უშუალოდ თავის არაცნობიერში, ასე ვთქვათ, ,,გადაამუშაოს’’, ამიტომ, როგორც საუკუნეების განმავლობაში ექსპერიმენტულად დაამტკიცეს წმინდა გონების ადამიანებმა, საკუთარ არაცნობიერში ზოგიერთი გონივრული მითითებების დასანერგად მისთვის აუცილებელია გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, რომლებიც შემთხვევით აღიქმება მისი ჩვეული ცნობიერის მიერ და არ ეწინააღმდეგება მის ინსტინქტს და ეს შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მასში არსებული თვითმოტყუებადი წარმოსახვის მახასიათებელის მეშვეობით.

თუ ნამდვილად გაიგეთ, რა და როგორ უნდა გააკეთოთ და მტკიცედ გადაწყვიტეთ, რომ ოდესმე ამას რეალურად განახორციელებთ, დასაწყისისათვის ეს ხშირად უნდა წარმოიდგინოთ, ოღონდ უნდა წარმოიდგინოთ ისე, რომ თითქოს ეს უკვე თქვენშია.

ეს ძირითადად აუცილებელია იმისათვის, რომ ცნობიერება, რომელიც ადამიანში აქტიურ მდგომარეობაში ფორმირდება, ასევე გაგრძელდეს პასიურ მდგომარეობაშიც.

ამ პირველი დამხმარე სავარჯიშოს მნიშვნელობის სწორედ გაგებისთვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია იმის ცოდნა, რომ როცა ნორმალური ადამიანი, ანუ ადამიანი, რომელსაც უკვე გააჩნია თავისი რეალური ,,მე’’, საკუთარი ნებისყოფა, რეალური ადამიანის სხვა მახასიათებლები, ხმამაღლა ან გულში წარმოთქვამს სიტყვებს, ,,მე ვარ’’, მასში, მისი ,,მზის წნულში’’, როგორც უწოდებენ, ყოველთვის მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, ,,რევერბერაცია’’, ანუ, რაღაც ვიბრაციის, გრძნობის მსგავსი რამ.

ასეთი რევერბერაცია შეიძლება მიმდინარეობდეს მისი სხეულის სხვა ნაწილშიც, მაგრამ ერთი პირობის დაცვით, ამ სიტყვების წარმოთქმისას მისი ყურადღება კონცენტრირებული უნდა იყოს სხეულის შესაბამის ნაწილზე.

თუ ჩვეულებრივ ადამიანს, რომელსაც ჯერ არ გააჩნია ბუნებრივი რევერბერაციის მონაცემები, მაგრამ იცის ამ ფაქტის არსებობის შესახებ, გაუჩნდა საკუთარ თავში ამ მონაცემთა შეგნებული ფორმირების სურვილი, რომლებიც უნდა არსებობდნენ რეალური ადამიანის ყოფაში, დაიწყებს ამისთვის ჯერ კიდევ ცარიელი სიტყვების ხშირად და სწორედ წარმოთქმას და წარმოიდგენს, რომ ეს რევერბერაცია მასში მიმდინარეობს; ბოლოს და ბოლოს, ხშირი გამეორების ხარჯზე, ის საკუთარ თავში მოიპოვებს, ასე ვთქვათ, თეორიულ ,,საწყისს’’ ამ მონაცემთა რეალურად პრაქტიკული ფორმირებისათვის.

მან, ვინც ამაში ვარჯიშობს, დასაწყისში, წარმოთქვამს რა სიტყვებს: ,,მე ვარ’’, უნდა წარმოიდგინოს, რომ ეს რევერბერაცია უკვე მიმდინარეობს მის მზის წნულში.

აქ, სხვათა შორის, საგულისხმოა აღვნიშნოთ, რომ ადამიანს საკუთარი სხეულის ნებისმიერ ნაწილზე რევერბერაციის განზრახ კონცენტრაციით შეუძლია სხეულის ამ ნაწილში წარმოქმნილი ნებისმიერი დისჰარმონიის შეჩერება, ანუ, მას შეუძლია მოირჩინოს თავის ტკივილი, მოახდენს რა რევერბერაციის კონცენტრირებას თავის იმ ნაწილზე, სადაც შეიგრძნობს ტკივილს.

დასაწყისში აუცილებელია, ძალიან ხშირად წარმოთქვათ სიტყვები: ,,მე ვარ’’ და ეცადოთ არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ ეს რევერბერაცია თქვენს მზის წნულში უნდა მიიღოთ.

ამ წარმოსახვით განცდადი რევერბერაციის გარეშე, სიტყვების: ,,მე ვარ’’ ხმამაღლა ან გულში წარმოთქმას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება.

მათ წარმოთქმას ამ რევერბერაციის გარეშე ისეთივე შედეგი ექნება, როგორც ადამიანის ავტომატურ ასოციაციურ აზროვნებას, კერძოდ, ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში იმ სუბსტანციის გაზრდას, რომლის აღქმითაც ჩვენს მეორე საზრდოსთან შერწყმითაც ჩვენში წარმოიქმნება დაუძლეველი სწრაფვა, დავანგრიოთ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა რიტმი.

როგორც უკვე აღვნიშნე, ეს მეორე სავარჯიშო, მხოლოდ მოსამზადებელია და როდესაც თქვენ უკვე შეიძენთ, ასე ვთქვათ, უნარს, განიცადოთ ეს წარმოსახვითი პროცესი საკუთარ თავში, მხოლოდ მაშინ მოგაწვდით შემდგომ კონკრეტულ რეალურ მითითებებს თქვენში რეალური შედეგების განხორციელებისათვის.

უპირველეს ყოვლისა, ყურადღების დიდი ნაწილის კონცენტრირება მოახდინეთ სიტყვებზე; ,,მე ვარ’’, ხოლო მცირე ნაწილის – მზის წნულზე და რევერბერაცია თავისთავად განხორციელდება.

დასაწყისისათვის აუცილებელია შეიგრძნოთ მხოლოდ ამ იმპულსების, ასე ვთქვათ, ,,გემო’’, რომლებიც თქვენში ჯერ არ არის და რომელთა აღნიშვნა ამ ეტაპზე შეგიძლიათ მხოლოდ სიტყვებით: ,,მე ვარ’’, ,,მე შემიძლია’’, ,,მე მინდა’’.

მე ვარ, მე შემიძლია, მე ვარ თავად შეძლება.

მე ვარ, მე მინდა, მე ვარ თავად ნდომა.

ამ დამხმარე სავარჯიშოს განმარტებების დასასრულს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი, ოღონდ სხვა ფორმულირებით.

თუ ,,მე ვარ’’, მხოლოდ მაშინ ,,შემიძლია’’; თუ ,,მე შემიძლია’’, მხოლოდ მაშინ ვიმსახურებ და გამაჩნია ობიექტური უფლება, რომ მინდოდეს.

,,შეძლების’’ უნარის გარეშე არ არსებობს რაიმეს ქონების შესაძლებლობა და ასევე მასზე უფლება.

ჩვენ ჯერ უნდა ავითვისოთ ეს გამოთქმები, როგორც ამ იმპულსების შინაგანი აღნიშვნები იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს შევძლოთ მათი შეძენა.

თუ რამდენჯერმე მაინც გამოცდით იმის შეგრძნებას, რასაც ადამიანისთვის წმინდა იმპულსების ,,გემო’’ ვუწოდე, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ძალიან გაგიმართლათ, რადგან ამ დროს იგრძნობთ რეალურ შესაძლებლობას, რომ ოდესმე თქვენს ყოფიერებაში მოიპოვებთ მხოლოდ ადამიანისათვის დამახასიათებელი ჭეშმარიტად ღვთაებრივი იმპულსებისათვის საჭირო მონაცემებს.

ამ ღვთაებრივ მონაცემებზეა დაფუძნებული კაცობრიობისათვის სამყაროში ყოველივე არსებულის მთელი არსი, ატომიდან დაწყებული და ყოველივე არსებულით დამთავრებული, მათ შორის, თქვენი დოლარებითაც.

ამ ორივე ,,დამხმარე’’ ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ,,სამუშაო’’ სავარჯიშოს ყოველმხრივ ასათვისებლად, რათა დაეუფლოთ მთავარ სავარჯიშოს, ახლა, ამ ახალი ჯგუფის ფორმირების დასაწყისშივე, ჯგუფისა, რომელიც ერთი მიზნით გაერთიანებული სხვადასხვა ტიპის ადამიანებისაგან შედგება, აუცილებლად მივიჩნევ გაგაფრთხილოთ უსათუო პირობის შესახებ ამ საერთო მიზნის წარმატებულად განხორციელებისთვის, ის კი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენს ურთიერთობებში გულწრფელები უნდა იყოთ.

ასეთი გულწრფელობის უსათუო მოთხოვნა არსებობდა მრავალნაირ პირობებში, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი სხვადასხვა სარწმუნო წყაროდან, ყველა დროის და ყველა დონის ინტელექტის მქონე ადამიანთა შორის, სადაც არ უნდა შეკრებილიყვნენ ისინი რომელიმე საერთო მიზნის კოლექტიურად მისაღწევად.

ჩემი აზრით, მოცემული სავარაუდო კოლექტიური მუშაობის მხოლოდ ამ პირობის შესრულების შემთხვევაშია შესაძლებელი რეალური შედეგის მიღება ამ მიზნის მისაღწევად, რომელიც თავად დაისახა ადამიანმა და რომელიც თანამედროვე ადამიანებისთვის თითქმის მიუღწევადი გახდა.

თითოეულმა თქვენგანმა, გახდებით რა თანაბარუფლებიანი მონაწილე ამ ჯგუფისა, რომელიც ჩამოყალიბდა, ასე ვთქვათ, იმავე ,,იდეალის’’ მისაღწევად, ყოველთვის უნდა იბრძოლოს ისეთი იმპულსების წინააღმდეგ, რომლებიც უსათუოდ ჩნდება თითოეულ თქვენგანში და შეუფერებელია ადამიანისთვის. ეს იმპულსებია: ,,საკუთარი თავის სიყვარული’’, ,,სიამაყე’’, ,,ამპარტავნება’’ და ა.შ. ამასთან, არ უნდა შერცხვეს გულწრფელობის ჩემ მიერ რეკომენდირებულ სავარჯიშოებთან დაკავშირებით წარმოებულ დაკვირვებებსა და კონსტატაციებზე არსებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემის.

ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც თითოეული თქვენგანიდან მომდინარეობს და რომელსაც რამე კავშირი აქვს ამ პირველი სავარჯიშოს ნებისმიერი დეტალის ახსნასთან, რომელიც ახლა ყველა თქვენგანისთვის სიმძიმის ცენტრს წარმოადგენს, შესაძლოა, კოლექტიური მუშაობის დროს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდეს ერთმანეთის დახმარების საქმეში.

მოცემულ შემთხვევაში არ უნდა გეშინოდეთ იმის, რომ ერთმანეთთან გულახდილი იყოთ.

ამ საკითხების გადაწყვეტაზე მუშაობის დროს, რომელიც საერთო დიდ მიზანს ეხება, თითოეულ თქვენგანს მუდამ უნდა ესმოდეს და ინსტინქტურად გრძნობდეს, რომ თითოეული თქვენგანი გარკვეული თვალსაზრისით ერთმანეთის მსგავსნი ხართ და რომ ერთის წარმატება ყველას წარმატებაზეა დამოკიდებული.

თავისთავად არც ერთ თქვენგანს არ შესწევს რამე რეალურის გაკეთების უნარი; ამიტომ თუნდაც ეგოისტური მიზნით დაეხმარეთ ერთმანეთს ამ ახლად ფორმირებულ ჯგუფში, რომელსაც სხვაგვარად შეგვიძლია, საძმოც ვუწოდოთ. რაც უფრო გულწრფელები იქნებით ერთმანეთთან, მით უფრო სასარგებლოც იქნებით ერთმანეთისთვის.

რასაკვირველია, გულწრფელობა საჭიროა მხოლოდ აქ, ამ ჯგუფში და საერთო მიზანთან დაკავშირებულ საკითხებში.

ყველასთან გულწრფელობა სისუსტეა, მონობაა და ისტერიის ნიშანიც კია.

თუმცა ნორმალურ ადამიანს უნდა შეეძლოს, იყოს გულწრფელი, თუმცა მან ისიც უნდა იცოდეს, რომ როდის, სად და რა მიზნითაა აუცილებელი გულწრფელობა.

ამ მოცემულ შემთხვევაში გულწრფელობა ძალიან სასურველია. ამიტომ მორიდების გარეშე ისაუბრეთ ყველა რეზულტატზე, რომელსაც ამ სავარჯიშოს შესრულებისას მიიღებთ.

ვიდრე ზოგიერთ დეტალს აგიხსნიდეთ, აუცილებლად მივიჩნევ, კიდევ ერთხელ გითხრათ ცოტა რამ ადამიანის ფსიქიკაში შედეგების სპეციფიკური ერთობლიობის საერთო ფუნქციონირების შესახებ, რასაც ,,ყურადღება’’ ჰქვია.

თუმცა ნორმალურ ადამიანში პასიურ მდგომარეობაში ეს ყურადღება არის ,,რაღაც’’, რაც შედგება მისი ინდივიდუალურობის ყველა იმ დამოუკიდებელი ავტომატიზებული ნაწილის კოორდინირებული მოქმედების განსაზღვრულ პროპორციებში შერეული შედეგებისგან და ყოველთვის ერთ მთლიანობას წარმოადგენს, თუმცა აქტიურ მდგომარეობაში ასეთ ადამიანს შეუძლია, მთელი თავისი ყურადღების შეგნებულად კონცენტრირება მოახდინოს მხოლოდ ერთ რამეზე – თავის არსების ერთ რომელიმე ნაწილზე ან ერთ გარეგან რამეზე – ისეთი, ასე ვთქვათ, ,,მობილიზებით’’, რომ მასში ავტომატურად მიმდინარე ყველა ასოციაცია, რომელიც მის ორგანიზმის საერთო ფუნქციონირების კანონზომიერი შედეგია, მუდამ უნდა ხდებოდეს, ვიდრე ის სუნთქვას არ შეწყვეტს, სრულიად აღარ შეუშლის მას ხელს.

აქვე შეიძლება იმის აღნიშვნა, რომ, სარწმუნო ინფორმაციის თანახმად, რომელმაც უძველესი წარსულიდან მოაღწია ჩვენამდე, სწავლული ადამიანების მიერ მაშინ მკაფიოდ დადგინდა და ძალიან განსაზღვრულად დადასტურდა, რომ ეს ავტომატურად მიმდინარე ასოციაციები არასოდეს წყდება, სანამ ადამიანი ცოცხალია, ზოგიერთ ადამიანში კი ინერცია სიკვდილის შემდეგაც გრძელდება რამდენიმე დღე.

ამ ასოციაციებზე საუბრისას, რომლებიც ავტომატურად მიედინება ადამიანებში, სხვათა შორის, შემიძლია, ასე ვთქვათ, ,,გასაგებად აგიხსნათ’’ ერთი შეხედვით, კიდევ ერთი უმნიშვნელო ასპექტი ადამიანების ფენომენალური სიჩლუნგისა, რომლებსაც სჯერათ და რაღაც მნიშვნელობას ანიჭებენ თავიანთ ბრიყვულ ,,სიზმრებს’’.

ადამიანს როცა მართლა ნორმალურად სძინავს, მის ყურადღებასაც – რომლის ხარისხითაცაა განპირობებული სწორედ ეს, ასე ვთქვათ, სიფხიზლესა და ძილს შორის განსხვავების ,,გრადაცია’’ – სძინავს, ანუ, მისი ყურადღება, მისი ორგანიზმის ბუნებრივი თვისებების შესაბამისად ინტენსიური გამოვლინებისთვის.

მაგრამ როცა ადამიანის ორგანიზმის საერთო ფუნქციონირებაში რაღაც დისჰარმონიის გამო – მისი ფხიზელი მდგომარეობის საერთო ფსიქიკის ამ ნაწილს ძილის დროს ნორმალურად აღდგენის უნარი არ შესწევს, მაშინ მასში მიმდინარე ასოციაციებში, რომლის ფრაგმენტულ კონსტატაციასაც ახდენს მისი ყურადღება, ასე ვთქვათ, ,,ნაწილი აქ, ნაწილი იქ’’, შედეგად ვიღებთ ამ ცნობილ ,,სიზმრებს’’, ანუ ადამიანის სიბრიყვეს.

მერე, როგორც უკვე გითხარით, ნორმალურ ადამიანს შეუძლია, შეგნებულად გაყოს მთელი თავისი ყურადღება ორ ან სამ ცალკეულ ნაწილად და მოახდინოს თითოეულის კონცენტრირება თავის შიგნით ან გარშემო სხვადასხვა დამოუკიდებელ ობიექტზე.

ძალიან სასარგებლო იქნება, ჩემი აზრით, ამ ახლად ფორმირებულ ჯგუფში შემდგომი მუშაობის პოროდუქტიულობისთვის, თუკი ახლა, სწორედ ამ მეორე დამხმარე სავარჯიშოს ახსნამდე, იმასაც გეტყვით, რომ როცა დეტალურ გეგმას ვადგენთ ჩემი ინსტიტუტისთვის, რომელიც უკვე მრავალჯერ ვახსენე ზემოთ, უკვე მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ სხვადასხვა ფაქიზი ნიუანსის გამო თვითსრულყოფის მიზნით წინასწარგანზრახული ცდებისა და ვარჯიშების შესრულების ზუსტი ახსნა და სიტყვებით სრულად ფორმულირება შეუძლებელი იყო და, ამასთან, ვიცოდი რა, რომ ჩვენს ძველ წინაპრებს ჰქონდათ სპეციალური მეთოდი, რომელსაც მაშინ ეწოდებოდა ,,ილუსტრატიული შთაგონების პრინციპი’’ ახალი ინფორმაციის უკეთ აღქმის მიზნით, ამიტომაც ეს მეთოდიც შევიტანე საერთო პროგრამაში და ხშირად ვიყენებთ მას ზოგიერთ ვითარებაში; და ახლა ამ ფაქტის გამო რომ ვაპირებ, როცა ჩემი იდეების მიმდევრების ახლად ფორმირებულ ჯგუფში დაიწყება მუშაობა, ასევე გამოვიყენო ეს მეთოდი, ამიტომაც გონივრულად და მართებულად მიმაჩნია, ამ მეორე დამხმარე ვარჯიშის შესრულების ხერხების ასახსნელად ნაწილობრივ მივდიო ამას, ჩემი აზრით, ასეთი შემთხვევებისთვის ერთადერთ ყველაზე სწორ და სასარგებლო მეთოდს.

და აი, როგორც ხედავთ, ახლა თქვენ გვერდით ვზივარ და თუმცა ვუყურებ მისტერ ლ–ს, ამავე დროს მთელი ჩემი ყურადღება, რომლის დანახვის უნარიც თქვენ არ გაქვთ, შეგნებულად მაქვს მიმართული ჩემი ტერფისკენ და ამრიგად მისტერ ლ –ის ნებისმიერ გამოვლინებას, რომელიც ჩემი მხედველობის არეშია, ვხედავ მხოლოდ ავტომატურად – მთელი ჩემი ყურადღება, რომელიც ერთ მთლიანობას წარმოადგენს, სხვა ადგილას იმყოფება.

ახლა მთელ ჩემს ყურადღებას განზრახულად ვყოფ ორ თანაბარ ნაწილად.

პირველ ნაწილს შეგნებულად მივმართავ ჩემში მიმდინარე სუნთქვის პროცესის შეგრძნების უწყვეტ კონსტატაციაზე.

ჩემი ამ ყურადღების ნაწილის საშუალებით განსაზღვრულად ვგრძნობ, რომ ჩემში რაღაც ემართება ჰაერს, რომელსაც შევისუნთქავ.

პირველ ყოვლისა, ნათლად ვგრძნობ, რომ, როცა ჰაერს შევისუნთქავ, მისი დიდი ნაწილი, რომელიც ჩემი ფილტვების გავლით ისევ გარეთ გამოდის, მცირე ნაწილი კი რჩება და ასე ვთქვათ, ის ილექება და მერე ვგრძნობ, რომ ეს დალექილი ნაწილი თანდათან აღწევს შიგნით და თითქოს ვრცელდება მთელ ჩემს ორგანიზმში.

იმ ფაქტის შედეგად, რომ ჩემი ყურადღების მხოლოდ ნაწილი არის დაკავებული სუნთქვის პროცესზე დაკვირვებით, რომელიც ჩემში ხდება, მთელი აზრობრივი, ემოციური და რეფლექტორული ასოციაციები, ავტომატურად მიმდინარე ჩემს არსებაში, კვლავ ჩემი ყურადღების თავისუფალი ნაწილის დაკვირვების ქვეშ არიან და ცდილობენ გაფანტონ ჩემი ყურადღების პირველი ნაწილი, რომელიც განზრახ არის მიმართული გარკვეულ ობიექტზე, თუმცა უკვე ნაკლებად.

ახლა ჩემი ყურადღების მეორე ნაწილს მივმართავ ჩემი თავის ტვინისკენ დაკვირვების მიზნით და მასში მიმდინარე რომელიმე პროცესის შესაძლო კონსტატაციისთვის.

და მე უკვე ვგრძნობ მასში, ავტომატურად მიმდინარე ასოციაციების ერთობლიობიდან რაღაც ძალიან ფაქიზის აღმოცენებას, რომელიც ჩემთვის თითქმის შეუმჩნეველია.

ზუსტად არ ვიცი, ეს რა არის და არც მინდა ვიცოდე, მაგრამ განსაზღვრულად ვადასტურებ, ვგრძნობ და შევიგრძნობ, რომ ეს არის რომელიღაც განსაზღვრული ,,რაღაც’’, რომელიც წარმოიქმნება ჩემი თავის ტვინში ავტომატურად მიმდინარე პროცესიდან ადრე შეგნებულად აღქმული შთაბეჭდილებების გამო.

იმ დროს, როცა ჩემი ყურადღების მეორე ნაწილი დაკავებულია ზემოაღწერილი პროცესით, პირველი ნაწილი უწყვეტად განაგრძობს, ასე ვთქვათ, ,,დაძაბული ინტერესით’’ ჩემში მიმდინარე სუნთქვის პროცესების შედეგებზე დაკვირვებას.

ახლა შეგნებულად ვცვლი ჩემი ყურადღების ამ მეორე ნაწილის მიმართულებას და უწყვეტლივ ,,მახსოვს რა საკუთარი თავის მთლიანობა’’, ვეხმარები ამ ,,რაღაცას’’, რომელიც აღმოცენდება ჩემი თავის ტვინში, მიედინებოდეს პირდაპირ ჩემს მზის წნულში. ახლა ვგრძნობ, რომ ის მიედინება და ჩემში ვეღარ ვამჩნევ ვერანაირი ავტომატური ასოციაციების მიმდინარეობას.

დავასრულე რა ჩემი, ეგრეთ წოდებული ,,მონოლოგი’’, განვაგრძე მათთან საუბარი და უკვე ჩვეულებრივი მანერით ვუთხარი შემდეგი რამ:

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ახლა აქ თქვენ წინაშე შევასრულე ეს ვარჯიში თქვენთვის მისი დეტალების ილუსტრატიული ახსნისთვის და, შესაბამისად, შევასრულე რა ის პირობებში, რომელიც სრულად არ შეესატყვისება ჩემს არსებაში ამ ვარჯიშის ყველა სასიკეთო შედეგის დაგროვების შესაძლებლობებს, მიუხედავად ამისა, უკვე ახლა, ამ მომენტში შეუდარებლად უკეთესად ვგრძნობ თავს ვიდრე ვარჯიშის დემონსტრირებამდე.

იმის წყალობით, რომ ჩემი მზის წნული განზრახ და უშუალოდ იღებს ჰაერის გადამუშავების ბუნებრივ პროდუქტებს, რომლითაც მე ვსუნთქავდი და პროდუქტებს, რომლებიც აღმოცენებულია ჩემი თავის ტვინში გააზრებულად აღქმული შთაბეჭდილებებიდან, ახლა გაცილებით სრულად ვგრძნობ, რომ ,,მე ვარ’’, ,,მე მინდა’’ და ,,მე შემიძლია მინდოდეს’’.

მაგრამ თქვენ, თუ შეიძლება, ძალიან დიდი ენთუზიაზმით ნუ განიმსჭვალებით და ძალიან ნუ აღფრთოვანდებით, ჩემი ამ მდგომარეობით, რომელსაც ახლა ცხადად გრძნობთ და რომლის მიღწევაც თავადაც გსურთ.

ის ჯერ ვერ აღმოცენდება თითოეულ თქვენგანში. ამ ჩემი ვარჯიშით, რომლის გაკეთებაც მომიხდა აქ თქვენი თანდასწრებით ახსნა–განმარტების მიზნით ჩემს არსებაში შეიქმნა შედეგი, რომელსაც ყველანი რეალურად შეიგრძნობთ, იმიტომ რომ მე უკვე სრულად გამაჩნია განსაზღვრული სუბიექტური მე და ყოველივე მისი შემადგენელი მეტ–ნაკლებად უკვე შეეგუა შესაბამისი შთაბეჭდილებების პროდუქტებს და ორგანიზმის ბუნებრივ რეგულირებას.

და ამიტომ ჩემი ,,მე’’ შთანთქავს ამ ბუნებრივ საკვებს, რომელიც უფრო ინტენსიურად შეესაბამება მას.

თქვენ კი განსაზღვრულ დრომდე ამ ვარჯიშის გამიზნულად გამეორებით არ უნდა ელოდეთ ასეთ აშკარად გამოხატულ შედეგებს.

განსაზღვრულ დრომდე ნუ გააკეთებთ ამ ვარჯიშის გამიზნულად გამეორებით არ უნდა ელოდეთ ასეთ აშკარად გამოხატულ შედეგებს.

განსაზღვრულ დრომდე ნუ გააკეთებთ ამ ვარჯიშს იმ მიზნით, რომ უფრო ძლიერი იყოთ; ეს თქვენთვის მხოლოდ მზადებაა საიმისოდ, რომ ოდესმე იქონიოთ თქვენი საკუთარი ,,მე’’ და გარდა ამისა, უეჭველი რწმენით კონსტატაციისთვის იმ ორი რეალური წყაროსი, საიდანაც შესაძლებელია ამ ,,მეს’’ აღმოცენება.

ასევე ფილოსოფოსობისა და თქვენთვის დამღუპველი დისკუსიების გარეშე სცადეთ, პირველ ყოვლისა, გაიგოთ ამ ყველაფრის მთლიანობა, რაც დღეს გითხარით და შემდგომ გააკეთეთ ეს ვარჯიში, მაგრამ ნუ გექნებათ ნურც იმედი და ნურც მოლოდინი იმისა, რომ განსაზღვრულ შედეგებს მიიღებთ.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff