ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება, მრავალი მასწავლებელი"

ბრაიან ვაისი
3.75
2

თავი მეორე

თავი მეორე
 
გავიდა ინტენსიური ფსიქოთერაპიის თვრამეტი თვე, რომლის განმავლობაშიც კატერინა კვირაში ერთხელ ან ორჯერ მოდიოდა ხოლმე. ის კარგი პაციენტი იყო, კარგი მოსაუბრე, გამგები და რაც მთავარია, ძალიან სურდა გამოჯანმრთელება. 
 
ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვიკვლევდით მის გრძნობებს, აზრებს და ოცნებებს. ქცევის განმეორებადი სტერეოტიპების გაცნობიერებამ გაგება და გამონათება მისცა მას. ბევრად მეტი მნიშვნელოვანი დეტალი გაიხსენა წარსულიდან, ისეთები, როგორიცაა მამის, სავაჭრო გემის მეზღვაურის გამგზავრებები, და უეცარი რისხვის აფეთქებები მეტისმეტად ბევრი სმის შემდეგ. უფრო გასაგები გახდა მისი მღელვარე ურთიერთობები სტიუარტთან, და შედეგად უფრო კარგად აკონტროლებდა თავისი აგრესიის გამოვლინებებს. ვგრძნობდი, რომ მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ უნდა შეცვლილიყო. პაციენტებს თითქმის ყოველთვის აქვთ გაუმჯობესება მას შემდეგ, რაც თავიანთი წარსულის ნეგატიურ გავლენას იხსენებენ, როცა ახერხებენ, რომ ამოიცნონ და შეცვალონ ქცევის ავადმყოფური ფორმები და განავითარონ თავიანთი პრობლემების გაგება და აღქმა შედარებით განზე მდგარი პოზიციიდან. მაგრამ კატერინასთან გაუმჯობესება არ მომხდარა. 
 
მას კვლავაც ტანჯავდნენ შფოთვის და პანიკის შემოტევები. კოშმარებიც მეორდებოდა, და მას კვლავაც ეშინოდა სიბნელის, წყლის და ჩაკეტილი სივრცის. ძილიც ისევ ზედაპირული და ფრაგმენტული იყო, და დასვენების საშუალებას არ აძლევდა. გულისცემაც აჩქარებული ჰქონდა, მაგრამ კვლავაც უარს ამბობდა წამლების მიღებაზე, რადგან ეშინოდა ტაბლეტებს არ გაეგუდათ. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს კედელს მივადექი, და რაც არ უნდა მექნა, კედელი გადაულახავი იყო ჩვენთვის, ორივესთვის. მაგრამ რაც არ უნდა უცნაური იყოს, შეუპოვრობა უფრო და უფრო მემატებოდა. ასე თუ ისე, მაინც ვაპირებდი დავხმარებოდი კატერინას. 
 
შემდეგ უცნაური რამ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ეშინოდა თვითმფრინავების და ალკოჰოლით იმხნევებდა თავს ფრენების დროს, იგი მაინც გაფრინდა სტიუარტთან ერთად სამედიცინო კონფერენციაზე ჩიკაგოში, 1982 წლის გაზაფხულზე. იქ ყოფნისას, დაითანხმა სტიუარტი, რომ სამხატვრო მუზეუმში, ეგვიპტურ გამოფენაზე წასულიყვნენ, სადაც ექსკურსანტების ჯგუფს შეუერთდნენ. 
 
კატერინას ყოველთვის აინტერესებდა არტეფაქტები და იმ ეპოქის რელიქვიათა რეპროდუქციები. ისტორიის ეს პერიოდი არასოდეს შეუსწავლია, მაგრამ რაღაცნაირად ბევრი რამ ნაცნობი იყო მისთვის.
 
როცა გიდმა გამოფენაზე წარმოდგენილი ზოგიერთი ნივთის აღწერა დაიწყო, კატერინამ მოულოდნელად შესწორება დაუწყო მას... და მართალი აღმოჩნდა! გიდს გაუკვირდა, და კატერინაც გაოცებული იყო. საიდან უნდა ცოდნოდა ეს ყველაფერი? რატომ იყო დარწმუნებული, რომ მართალი იყო, - იმდენად, რომ ყველას თანდასწრებით შეუსწორა გიდს? შესაძლოა რაღაც დაავიწყდა თავისი ბავშვობიდან. 
 
მომდევნო ვიზიტის დროს მომხდარის შესახებ მომითხრო. რამდენიმე თვის წინ შევთავაზე კატერინას, ჰიპნოზი გვეცადა, მაგრამ შეეშინდა და უარი თქვა. მაგრამ ახლა, გამოფენაზე უცნაური გამოცდილების შემდეგ, თუმც კი უხალისოდ, მაგრამ მაინც დამთანხმდა. 
 
ჰიპნოზი - შესანიშნავი მეთოდია, რომელიც ეხმარება პაციენტს დიდი ხნის დავიწყებული მოვლენების გახსენებაში. და ამაში არაფერია მისტიური. ეს უბრალოდ ფოკუსირებული კონცენტრაციის მდგომარეობაა. პაციენტის სხეული ჰიპნოტიზიორის მითითებებს ემორჩილება და დუნდება, რაც ხელს უწყობს მას მეხსიერების გამახვილებაში. ჰიპნოზის მდგომარეობაში ასობით პაციენტი შემყავდა და დავრწმუნდი, რომ ის გვეხმარება შფოთვის შემცირებაში, ფობიების მოხსნაში, მავნე ჩვევებისგან განთავისუფლებაში და ღრმად ჩამარხული მოგონებების გახსენებაში. ზოგჯერ ვახერხებდი, რომ პაციენტი მის ადრეულ ბავშვობაში დამებრუნებინა და გამეხსენებინა მისთვის დიდი ხნით დავიწყებული ტრავმები, რომლებიც დამანგრევლად მოქმედებდნენ მის ცხოვრებაზე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჰიპნოზი დაეხმარებოდა კატერინას. 
 
კატერინას ვთხოვე, რომ სავარძელზე წამოწოლილიყო, თავი პატარა ბალიშზე დაედო და თვალები ოდნავ გაეხილა. თავიდან მის სუნთქვაზე ვკონცენტრირდით. ყოველ ამოსუნთქვასთან ერთად იგი ათავისუფლებდა დაგროვილ შფოთვას და დაძაბულობას და ყოველ ჩასუნთქვასთან ერთად კიდევ უფრო დუნდებოდა. რამდენიმე წუთში ვთხოვე, გაეკეთებინა ვიზუალიზაცია, თუ როგორ დუნდებოდნენ მისი კუნთები, დაწყებული სახის და ყბის კუნთებით, შემდეგ მხრების და ხელების, ზურგის და მუცლის, და ბოლოს ფეხების. კატერინა გრძნობდა, როგორ მოდუნდა და დამძიმდა მთელი მისი სხეული. 
 
შემდეგ მივუთითე, რომ მოეხდინა დიდი თეთრი სინათლის ვიზუალიზაცია თხემზე, შინაგანი მხრიდან. მოგვიანებით, როცა ეს სინათლე ნელა, მთელ სხეულში გავრცელდა, ყოველი კუნთი, ყოველი ნერვი, ყოველი ორგანო ბოლომდე მოდუნდა და ღრმა სიმშვიდის მდგომარეობაში ჩაძირა იგი. სინათლემ მთელი მისი სხეული აღავსო, როგორც შიგნიდან, ასევე გარედანაც, ყველა მხრიდან მოიცვა. 
 
ნელა ვითვლიდი ათიდან ერთამდე. ყოველ თვლაზე კატერინა უფრო და უფრო ღრმად დუნდებოდა. მისი ტრანსის მდგომარეობაც ასევე ღრმავდებოდა. მას შეეძლო ჩემს ხმაზე მოეხდინა კონცენტრირება და ამავე დროს ყველა დანარჩენი ხმისგან გამოთიშულიყო. თვლაზე - „ერთი“, იგი უკვე ჰიპნოზის საკმაოდ ღრმა მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამ პროცესს დაახლოებით ოცი წუთი დასჭირდა. 
 
მალე მისი რეგრესიის წარმართვა დავიწყე. ვთხოვდი, რომ მეხსიერებაში წარსულისკენ წასულიყო, დიდი ხნის წინ განვლილ წლებში. მას შეეძლო ღრმა ჰიპნოზის მდგომარეობაში დარჩენილიყო და თან ჩემს კითხვებზე ეპახუხა. გაიხსენა ტრავმული გამოცდილება დანტისტთან, როცა ექვსი წლის იყო. კარგად ახსოვდა საშინელი გამოცდილება ხუთი წლის ასაკში, როცა აუზში ჩააგდეს. მაშინ, როცა ბევრი წყალი ყლაპა, იხრჩობოდა და იგუდებოდა, და ახლაც, როცა ამაზე საუბრობდა, გაგუდვის შეგრძნება ჰქონდა. მე შთავაგონე, რომ უკვე ამოიყვანეს წყლიდან და ყველაფერმა ჩაიარა. სპაზმები შეწყდა და ნორმალური სუნთქვაც აღდგა. იგი კვლავაც ღრმა ტრანსში რჩებოდა. 
 
სამი წლის ასაკში ყველაზე უარესი რამ შეემთხვა. გაიხსენა, როგორ გაიღვიძა თავის ბნელ საძინებელში და მიხვდა, რომ მამამისიც იქ იყო.  იგი ალკოჰოლის სუნით ყარდა,  და ახლაც კი იგრძნო ეს სუნი. მამა „იქ, ქვემოთ“ ეხებოდა. კატერინას შეეშინდა და ტირილი დაიწყო, მან კი  თავისი უხეში ხელი ისე მიაჭირა პირზე, რომ ჩასუნტქვაც კი აღარ შეეძლო.  და ახლა, ოცდახუთი წლის შემდეგ, კატერინა ჩემი კაბინეტის სავარძელში  ქვითინდებდა. ვიგრძენი,  რომ საკვანძო ინფორმაციას მივაგენით, და გასაღებიც ნაპოვნია.  დარწმუნებული ვიყავი, რომ ახლა მისი მდგომარეობა სწრაფად და კარდინალურად შეიცვლებოდა. რბილად შთავაგონე, რომ გამოცდილება დასრულებულია, და ახლა ის აღარაა თავის საბავშვო საძინებელში, არამედ მშვიდად ისვენებს ტრანსის მდგომარეობაში. ქვითინი შეწყდა. აწმყოში დავაბრუნე და გავაღვიძე, მას შემდეგ, რაც პოსტჰიპნოზური შთაგონებით  მივეცი ბრძანება, რომ არ დავიწყებოდა არაფერი, რაც მომიყვა. სეანსის ბოლომდე დარჩენილ დროში ჩვენ განვიხილავდით მის მოულოდნელ და მკაფიო მოგონებას მამის მიერ მიყენებულ ტრავმაზე. ვცდილობდი დავხმარებოდი „ახალი“ ცოდნის მიღებასა და მონელებაში.  ახლა უკვე ესმოდა  თავისი ურთიერთობა მამასთან, მამის გულგრილობა მის მიმართ, და მისი შიში მამის მიმართ. იგი კანკალებდა, როცა ჩემს კაბინეტს ტოვებდა, მაგრამ ვიცოდი, რომ მოპოვებული გაგება ღირდა ამად, რომ დროებითი დისკომფორტი გაევლო. 
 
მისი ბავშობის მოგონებებთან მუშაობისას მე საერთოდ დამავიწყდა შემემოწმებინა შესაძლო კავშირი ბავშვობაში ეგვიპტური არტეფაქტების შესახებ მის ცოდნასთან. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მან უკეთ გაიგო თავისი წარსული. რამდენიმე საშინელი შემთხვევა გაიხსენა, და იმედი მქონდა, რომ მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა. 
 
მაგრამ მიუხედავად ახალი გაგებისა, მომდევნო კვირას კატერინამ შემატყობინა, რომ არაფერი არ შეცვლია, და შემოტევები კვლავაც ისეთი მძიმე ჰქონდა, როგორც მანამდე. მე გაკვირვებული ვიყავი. ვერ ვხვდებოდი, რა ვერ იყო რიგზე. დაემართა თუ არა კიდევ სხვა რამ სამ წლამდე ასაკში? ჩვენ საკმარისზე მეტი მიზეზი ამოვქექეთ მისი შიშებისა დახრჩობის, წყლის, სიბნელის და ჩაკეტილი სივრცისადმი, და მაინც, გაღვიძების მომენტებში მწვავე შიშები და უკონტროლო შფოთვა იპყრობდნენ. ღამის კოშმარები კვლავაც არ აძლევდნენ მოსვენებას. გადავწყვიტე ბავშვობის კიდევ უფრო ადრეულ წლებში დამებრუნებინა. 
 
ჰიპნოზის მდგომარეობაში კატერინა ჩურჩულით საუბრობდა და ნელა არჩევდა სიტყვებს. ამიტომ შემეძლო მისი მონაყოლი სიტყვა-სიტყვით ჩამეწერა. მრავალწერტილი მის ციტატებში პაუზებს აღნიშნავს, და არა ჩემს რედაქტირებას. თუმცაღა ზოგიერთი ფრაგმენტი, რომელიც მეორდებოდა, გამოვტოვე. 
 
ნელ-ნელა კატერინა ორი წლის მდგომარეობაში დავაბრუნე, მაგრამ ვერაფერი ღირებული ვერ გაიხსენა. მე მკაფიო ბრძანება მივეცი: „დაბრუნდით იმ დროში, როცა თქვენი ავადმყოფური სიმპტომები წარმოიშვა“. იმისთვის, რაც ამის შემდეგ მოხდა, საერთოდ არ ვიყავი მზად. 
 
„მე ვხედავ თეთრ საფეხურებს, რომლებსაც ზემოთ, დიდი თეთრი კოლონებიანი შენობისკენ მივყავარ. იქ კარები არაა. მე გრძელი კაბა მაცვია... უხეში მასალის ბალახონი. ჩემი თმა დაწნულია, გრძელი ნათელი თმა“. 
 
მე დავიბენი. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. ვკითხე, რომელი წელი იყო და რა ერქვა. „არონდა... მე თვრამეტის ვარ. შენობის წინ ბაზარს ვხედავ. კალათებს... კალათებს მხრებით ატარებენ. ჩვენ ველზე ვცხოვრობთ... იქ წყალი არაა. 1863 წელი ჩვენს ერამდე. ადგილი უნაყოფო, ცხელი და ქვიშიანია. არის ჭა, მაგრამ არ არის მდინარე. წყალი გორებიდან მოდის.“ 
 
მას შემდეგ, რაც უფრო მეტი ტოპოგრაფიული დეტალი აღწერა, ვთხოვე, რომ რამდენიმე წლით წინ წასულიყო და მოეყოლა, რას ხედავდა. 
 
„იქ ხეები და ქვიანი გზაა. ცეცხლს ვხედავ, მასზე რაღაც იხარშება. მე ნათელი თმა მაქვს. გრძელი, უბრალო, ყავისფერი კაბა და სანდლები მაცვია. ოცდახუთის ვარ. ქალიშვილი მყავს, სახელად კლესტრა... ეს რაშელია (რაშელი - ამ მომენტში მისი ძმიშვილია; მათ ყოველთვის ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.) ძალიან ცხელა“.
 
მე გაოგნებული ვიყავი. მუცელში კოლიკები დამეწყო და შემცივდა. მისი ვიზუალიზაციები და მოგონებები ისეთი მკაფიო ჩანდა. საერთოდ არ ყოყმანობდა. სახელები, თარიღები, ჩაცმულობა, ხეები - ყველაფერი ისე მკაფიოდ იყო წარმოდგენილი! რა იყო ეს? როგორ შეიძლება მისი ქალიშვილი ახლა მისი ძმიშვილი ყოფილიყო? მე გაოგნებული ვიყავი. ათასობით პაციენტი გამოვიკვლიე ფსიქიატრიული პრობლემებით, ბევრი - ჰიპნოზის ქვეშ, მაგრამ ასეთ ფანტაზიას არასოდეს არასოდეს შევხვედრილვარ. ვუბრძანე, რომ წინ, მისი სიკვდილის მომენტში გადასულიყო. მე არ ვიყავი დარწმუნებული, როგორ უნდა გამომეკითხა პაციენტი ასეთ მკაფიო ფანტაზიებზე (ან მოგონებებზე?), მაგრამ იმ ტრავმულ მოვლენებს ვეძებდი, რომლებიც შესაძლოა მისი შიშების და ავადმყოფური სიმპტომების საფუძველი ყოფილიყვნენ. მოვლენები, რომლებიც სიკვდილს ახლდნენ თან, შესაძლოა განსაკუთრებით ტრავმულნი აღმოჩენილიყვნენ. ცხადი იყო, რომ დატბორვამ ან დიდმა ტალღამ გაანადგურა დასახლება. 
 
„დიდი ტალღები, მოტეხილი ხეები... გასაქცევი არსადაა. ცივა; წყალი ცივია. ჩემი ბავში უნდა გადავარჩინო, მაგრამ არ შემიძლია... უბრალოდ იძულებული ვარ, რომ მაგრად მეჭიროს ხელში. ვიხრჩობი, ფილტვები წყლით მევსება. ვეღარ ვსუნთქავ, ვეღარ ვყლაპავ... წყალი მარილიანია. ბავშვი ხელიდან მისხლტება“. კატერინა იხრჩობოდა. უეცრად მისი დაძაბული სხეული სრულიად მოდუნდა, და სუნთქვაც ღრმა და თანაბარი გახდა. 
 
„ღრუბლებს ვხედავ... ჩემი შვილი ჩემთანაა. სხვებიც, ჩემი სოფლიდან. ჩემს ძმას ვხედავ“.
 
ის ისვენებდა. ეს ცხოვრება დასრულდა. ის კვლავაც ღრმა ტრანსში იმყოფებოდა. მე გაოცებული ვიყავი! წინა ცხოვრებები? რეინკარნაცია? ჩემი კლინიკური გონება მეუბნებოდა, რომ ის არ ფანტაზიორობდა და არ იგონებდა ამ ყველაფერს. მისი აზრები, გამოთქმები, ყურადღება განსაკუთრებული დეტალებისადმი - ყველაფერი განსხვავდებოდა მისი ცნობიერების მდგომარეობისგან. თვალწინ ყველა შესაძლო ფსიქიატრიული დიაგნოზების სპექტრი დამიდგა, მაგრამ მისი ფსიქიკური მდგომარეობა და მისი ხასიათის სტრუქტურა ვერანაირად ვერ შეესაბამებოდა ამ გამოცხადებებს. შიზოფრენია? არა, მას არასოდეს ჰქონია კოგნიტური აშლილობის ან აზროვნების დარღვევის არანაირი ნიშანი. არასოდეს ჰქონია ბგერითი ჰალუცინაციები, ხმები, ცხადში ხილვები ან რაიმე სხვა ფსიქოზური მოვლენები. იგი არ ბოდავდა და არ კარგავდა კავშირს რეალობასთან. მას არ ჰქონია პიროვნების გახლეჩა ან გაორება. იყო მხოლოდ ერთი კატერინა, და მისი გონება ბოლომდე აცნობიერებდა ამას. მას არ უვლინდებოდა ფსიქოპათური ან ასოციალური მიდრეკილებები. ის არ იყო მსახიობი, არ იყენებდა ნარკოტიკებს და არ იღებდა ჰალუცინოგენებს. ალკოჰოლსაც მინიმალურად იღებდა. არ ჰქონია ნევრლოგიური ან ფსიქოლოგიური დაავადებები, რომლითაც ჰიპნოზის ამ გამოცდილებას ავხსნიდით. 
 
ეს კონკრეტული მოგონება იყო, მაგრამ საიდან? ჩემი პირველი რეაქცია იმაზე, რასაც მცირედ ვიცნობდი, ანუ რეინკარნაციაზე და წინა ცხოვრების მოგონებებზე, გაოგნება იყო. ეს შეუძლებელია, ვეუბნებოდი საკუთარ თავს; ჩემი მეცნიერულად გაწაფული გონება ამას მიმტკიცებდა. მაგრამ ეს ჩემს თვალწინ მოხდა. არ შემეძლო ამის ახსნა, მაგრამ ვერც ვუარყოფდი ამ ყველაფრის რეალურობას. 
 
„განაგრძეთ, - ვუთხარი კატერინას, აღელვებულმა და ამავდროულად მონუსხულმა იმით, რაც ხდებოდა. - კიდევ გახსოვთ რამე?“ მან კიდევ ორი ცხოვრების ფრაგმენტები გაიხსენა. 
 
„შავმაქმანებიანი კაბა მაცვია, თავზეც შავი მაქმანი მაქვს. შავი, ოდნავ ჭაღარა თმა მაქვს. 1756 წელია. ესპანელი ვარ. ლუიზა მქვია, ორმოცდათექვსმეტი წლის ვარ. ვცეკვავ. სხვებიც ცეკვავენ. (ხანგრძლივი პაუზა). ავად ვარ, სიცხე მაქვს, ცივი ოფლი... ბევრი ადამიანია ავად; ადამიანები კვდებიან... ექიმებმა არ იციან, რომ ეს წყლის გამოა“. მე იგი დროში გადავიყვანე. „მე გამოვჯანმრთელდი, მაგრამ თავი ისევ მტკივა; თვალები და თავი კიდევ მტკივა სიცხისგან, წყლისგან... ბევრი კვდება.“
 
მოგვიანებით კატერინამ მომიყვა, რომ იმ ცხოვრებაში მეძავი იყო, მაგრამ არ აღიარა ეს, რადგან შეცბუნებული იყო. აშკარაა, რომ ჰიპნოზის მდგომარეობაში მას შეეძლო დაემალა გარკვეული მოგონებები.
 
რადგანაც კატერინამ ერთ-ერთ ცხოვრებაში თავისი ძმიშვილი იცნო, მე იმპულსურად ვკითხე, მეც ხომ არ შევხვედრივარ რომელიმე ცხოვრებაში. მაინტერესებდა ჩემი როლი, თუკი ის არსებობდა, მის მოგონებებში. მან სწრაფად მიპასუხა - განსხვავებით წინა ძალიან ნელი და აუჩქარებელი პასუხებისგან:
 
„თქვენ ჩემი მასწავლებელი ხართ. წიგნებით გვასწავლით. ხანშიშესული ხართ და ჭაღარა თმა გაქვთ. თეთრი სამოსი (ტოგა) გაცვიათ ოქროსფერი არშინით... დიოგენე გქვიათ. სიმბოლოებს და სამკუთხედებს გვასწავლით. ძალიან ბრძენი ხართ, მაგრამ მე არ მესმის. ახლა ჩვენს ერამდე 1568 წელია (ეს დაახლოებით ათასორიასი წელია სახელგანთქმული ბერძენი ფილოსოფოსის - დიოგენეს დაბადებამდე. ეს სახელი საკმაოდ გავრცელებული იყო.)“
 
პირველი სეანსი დასრულდა. წინ კიდევ უფრო მეტი საოცრებები გველოდა. 
 
პირველი სეანსიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ჰიპნოზური რეგრესიის დეტალებზე ვფიქრობდი. ძალიან ცოტა დეტალი თუ გამორჩებოდა ჩემს დაჟინებულ მენტალურ ანალიზს „ჩვეულებრივი“ სეანსის დროს, მაგრამ ამ სეანსს „ჩვეულებრივს“ ვერ დავარქმევდი. გარდა ამისა, მე ძალზე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი რეინკარნაციის, სხეულსგარე გამოცდილებების და სხვა მსგავსი მოვლენების მიმართ. ბოლოს და ბოლოს ჩემი ლოგიკა მკარნახობდა, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა ფანტაზიის ნაყოფი ყოფილიყო. მე ვერ დავამტკიცებდი მის მტკიცებულებებს ან ვიზუალიზაციებს. მაგრამ ასევე ვაცნობიერებდი, თუმც კი უფრო ბუნდოვნად, შემდეგ, ნაკლებად ემოციურ აზრს: „გახსენი გონება, - მეუბნებოდა ჩემი გონების ხმა, - ჭეშმარიტი მეცნიერება დაკვირვებით იწყება.მისი „მოგონებები“ შესაძლოა არც იყოს ფანტაზია ან წარმოსახვის ნაყოფი. აქ შეიძლება რაღაც მეტი იყოს, ვიდრე ამის აღქმა თვალს ან ნებისმიერ სხვა გრძნობის ორგანოს შეუძლია. გახსენი გონება. მოაგროვე მეტი ინფორმაცია“. 
 
კიდევ ერთი აზრი არ მაძლევდა მოსვენებას. რა იქნებოდა, თუ შფოთვებისადმი და შიშებისადმი მიდრეკილი კატერინა მეტისმეტად შეშინდა და მეტჯერ აღარ მოვიდოდა ჰიპნოზის სეანსზე? გადავწყვიტ ჯერ თავი შემეკავებინა მასთან დარეკვისგან. დაე, მანაც გადახარშოს ეს გამოცდილება. შემდეგ კვირას დაველოდები. 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff