ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება, მრავალი მასწავლებელი"

ბრაიან ვაისი
2.5
1

თავი მეშვიდე

თავი მეშვიდე
 
როცა კატერინა ერთი კვირის შემდეგ მომდევნო სეანსზე მოვიდა, მე მზად ვიყავი კასეტაზე ჩამერთო წინა სეანსის საოცარი ჩანაწერი. ბოლოს და ბოლოს სწორედ მისი მეშეობით მოვისმინე ზეციური პოეზია წინა ცხოვრების მოგონებებთან ერთად. ვუთხარი, რომ მან ინფორმაცია სიკვდილსა და დაბადებას შორის შუალედური, ანუ სულიერი მდგომარეობიდან გადმომცა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არაფერი ახსოვდა ამ მდგომარეობის შესახებ. მას არ უნდოდა მოსმენა. განიცდიდა რა საუცარ გაუმჯობესებას, არ სჭირდებოდა ამ მასალაში ჩაღრმავება. გარდა ამისა, ეს ყველაფერი ზებუნებრივს განეკუთვნებოდა. მე დავარწმუნე, რომ ჩანაწერიმოესმინა. ეს ინფორმაცია შესანიშნავი, მშვენიერი და შთამაგონებელი იყო. და იგი კატერინას მეშვობით მოვიდა ჩემამდე. უბრალოდ მინდოდა გამეზიარებინა მისთვის. მაგრამ მან მხოლოდ რამდენიმე წუთით მოისმინა თავისი ჩურჩული და შემდეგ მაიძულა, რომ ჩანაწერი გამომერთო. მითხრა, რომ ამის მოსმენით დისკომფორტს განიცდიდა. აქ გამახსენდა ფრაზა დიალოგიდან: „ეს თქვენთვისაა, და არა მისთვის“. 
 
მაინტერესებდა, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს სეანსები, რადგან კატერინას მდგომარეობა ყოველ კვირას უმჯობესდებოდა. ახლა, მისი სულიერი მდგომარეობის ოდესღაც ძალზე მღელვარე ოკეანეში მხოლოდ მცირდი ტალღები ირწეოდნენ მშვიდად. მას კვლავ ეშინოდა ჩაკეტილი სივრცეების, და სტიუარტთან ურთიერთობაც საკმაოდ დაძაბული იყო. ყველაფერ დანარჩენში მისი პროგრესი სახეზე იყო.
 
ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა არ ჩაგვიტარებია ტრადიციული ფსიქოთერაპია. ამის აუცილებელი საჭიროება არ იყო. ჩვეულებივ, რამდენიმე წუთი ვსაუბრობდით და განვლილი კვირის მოვლენებს განვიხილავდით, შემდეგ კი სწრაფად გადავდიოდით ჰიპნოზურ რეგრესიაზე. შესაძლოა მთავარი ტრავმების და ყოველდღიური მინიტრავმების რეალური მოგონებების, ან შესაძლოა ტრავმული მოვლენების განმეორებითი განცდის მეშვეობით, კატერინა პრაქტიკულად გამოჯანმრთელდა. ფობიები და პანიკური შემოტევები თითქმის გაუქრა. სიკვდილის აღარ ეშინოდა. არ ეშინოდა საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვისაც. ამჟამად ფსიქიატრები ტრანკვილიზატორების და ანტიდეპრესანტების დიდ დოზებს იყენებენ კატერინას მსგავსი სიმპტომების მქონე ადამიანების სამკურნალოდ. მედიკამენტებთან ერთად პაციენტები ასევე ხშირად გადიან ინტენსიური ფსიქოთერაპიის ან ჯგუფური თერაპიის კურსებს. ბევრი ფსიქიატრი დარწმუნებულია, რომ ისეთ სიმპტომებს, როგორიც კატერინას აქვს, ბიოლოგიური საფუძველი გააჩნიათ, და რომ ამ დროს ტვინში ერთი ან რამდენიმე ქიმიური კომპონენტის უკმარისობაა. როცა კატერინა ღრმა ჰიპნოზურ ტრანსში გადამყავდა, მე ვფიქრობდი იმაზე, თუ რა კარგია, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში ის მედიკამენტების, ტრადიციული ფსიქოთერაპიის ან ჯგუფური თერაპიის გარეშე განიკურნა. და ეს არაა უბრალოდ სიმპტომების დათრგუნვა ან კრიჭაშეკრული და შიშით სავსე ცხოვრება. ეს ნამდვილი გამოჯანმრთელებაა და სიმპტომებისგან გათავისუფლებაა. იგი მშვიდი, მბრწყინავი და ბედნიერი გახდა, და ჩემს ყველა მოლოდინს გადააჭარბა. 
 
კატერინამ კვლავ ჩურჩულით დაიწყო საუბარი: „მე ვიმყოფები შენობაში კამარიანი ჭერით. ჩემთან ერთად სხვა ადამიანები არიან. ისინი ჩაცმულები არიან... ძველ... რაღაც კაბებისმაგვარში, ძალიან ძველებსა და ჭუჭყიანებში. არ ვიცი აქ როგორ მოვხვდით. ოთახში ბევრი ფიგურაა. აქ ასევე ქვის კონსტრუქციებზე დალაგებული რაღაც ნივთებია. ოთახის ბოლოს დიდი ოქროსფერი ფიგურაა აღმართული. ის ჩნდება.... ის ძალიან დიდია, ფრთებით. ის ძალიან ბოროტია. ოთახში ძალიან ცხელა, რადგან არც ფანჯრებია და არც კარები. იძულებულნი ვართ, რომ სოფლის საზღვრებს გარეთ ვიმყოფებოდეთ. ჩვენს თავს რაღაც რიგზე ვერაა“. 
 
„თქვენ ავად ხართ?“
 
„დიახ, ჩვენ ყველანი ავად ვართ. არ ვიცი რა არის ეს, მაგრამ ჩვენი კანი კვდება. ის შავდება. ძალიან მცივა. ჰაერი ძალზე მშრალი და დამყაყებულია. სოფელში დაბრუნება არ შეგვიძლია. აქ უნდა დავრჩეთ. ზოგიერთს სახე დეფორმირებული აქვს“.
 
ეს საშინელ დაავადებას ჰგავდა, რაღაც კეთრის მაგვარს. თუკი კატერინას ოდესღაც ჰქონია მშვენიერი ცხოვრება, ჩვენ ის ჯერ არ გვინახავს. „რამდენი ხანი უნდა იყოთ აქ?“
 
„სამუდამოდ, - მიპასუხა სევდიანად, - სანამ არ მოვკვდებით. ამისგან არ იკურნებიან“. 
 
„იცით, რა ჰქვია ამ ავადმყოფობას?“
 
„არა. კანი ძალიან შრება. აქ უკვე ბევრი წელია რაც ვარ. ახლებიც არიან. უკან გზა არაა. ჩვენ მოკვეთილები ვართ... სიკვდილისთვის განწირულები“.
 
იგი განწირული იყო გამოქვაბულში უბადრუკი არსებობისთვის. 
 
„ჩვენ უნდა ვინადიროთ, რომ თავი გამოვიკვებით. რაღაც ველურ ცხოველს ვხედავ, რომელზეც ვნადირობთ... რქებით. ის ყავისფერია, რქებით, დიდი რქებით“. 
 
„ვინმე მოდის თქვენთან?“
 
„არა, ყველას ეკრძალება ახლოს მოსვლაც კი, რადგან ბოროტება მათაც დაასნებოვნებს. ჩვენ დაწყევლილები ვართ... რაღაც ცუდი საქმეებისთვის. და ეს ჩვენი სასჯელია“. 
 
„იცით, რომელი წელია?“
 
„ჩვენ დროის შეგრძნება დავკარგეთ. ავად ვართ და უბრალოდ სიკვდილს ველოდებით“. 
 
„არანაირი იმედი არ დარჩა?“ მე მის საშინელ სასოწარკვეთილებას ვგრძნობდი. 
 
„არანაირი იმედი. ყველანი მოვკვდებით. ხელები ძალიან მტკივა. მთელ სხეულში საშინელი სისუსტე მაქვს. მოხუცი ვარ. გადაადგილება მიჭირს“. 
 
„რა ხდება, როცა უკვე აღარ შეგიძლია მოძრაობა?“
 
„სხვა გამოქვაბულში გადაჰყავხარ და იქ გტოვებენ, სანამ მოკვდები“.
 
„გამოქვაბულს ჯერ კიდევ ადამიანის სიკვდილამდე კეტავენ?“ - ჩაკეტილი სივრცისადმი მისი შიშის გასაღებს ვეძებდი. 
 
„არ ვიცი. იქ არასოდეს ვყოფილვარ. სხვა ადამიანებთან ერთად ვარ ოთახში. ძალიან ცხელა. ჩემს წინ კედელია. მე უბრალოდ ვწევარ“.
 
„რა ოთახია ეს?“
 
„თაყვანისცემისთვის... მრავალი ღმერთისადმი. ძალიან ცხელა“.
 
მე იგი დროში წინ გადავიყვანე. „რაღაც თეთრს ვხედავ, ზეწარივით. ვიღაც გადაჰყავთ“.
 
„ეს თქვენ ხართ?“
 
„არ ვიცი. გამიხარდება სიკვდილი. მთელ სხეულში ტკივილს ვგრძნობ“. კატერინას ტკივილისგან ტუჩები მოეკუმა. სუნთქვა იმ სიცხის გამო გაუხშირდა, რომელსაც გამოქვაბულში განიცდიდა. მე იგი სიკვდილის დღეზე გადავანაცვლე. ის ჯერ კიდევ იგუდებოდა. 
 
„გიჭირთ სუნთქვა?“ - ვკითხე მე. 
 
„დიახ, აქ ისე ცხელა... ძალიან ბნელა. ვერაფერს ვხედავ... და განძრევა არ შემიძლია“. იგი კვდებოდა, პარალიზებული და მარტოსული, ცხელ, ბნელ გამოქვაბულში. გამოქვაბულიდან გამოსასვლელი უკვე ჩაკეტილი იყო. მას ეშინოდა. სუნთქვა გახშირდა და არარეგულარული გახდა, და როგორც იქნა, გარდაიცვალა და დაასრულა ეს ტანჯული ცხოვრება. 
 
„სიმსუბუქეს ვგრძნობ... თითქოს ვცურავ. აქ ძალიან კაშკაშა სინათლეა. აქ მშვენიერია!“
 
„ტკივილს გრძნობთ?“
 
„არა! - იგი გაჩუმდა, და მე მასწავლებლების გამოჩენას ველოდი. ამის ნაცვლად სადღაც გვერდზე გადაინაცვლა: „ვვარდები. სხეულში ვბრუნდები!“ კატერინაც ჩემსავით გაკვირვებული იყო. 
 
„შენობებს ვხედავ... შენობებს მრგვალი კოლონებით. აქ ბევრი შენობაა. ჩვენ გარეთ ვართ. გარშემო ზეთისხილის ხეებია. ძალიან ლამაზია ყველაფერი. ჩვენ რაღაცას ვუცქერთ... ადამიანებს სახეებზე სასაცილო ნიღბები აქვთ. რაღაც დღესასწაულია.  მათ გრძელი სამოსები აცვიათ, სახეებს კი ნიღბები უფარავთ. ისინი იმად გვაჩვენებენ თავს, ვინც არ არიან. შემაღლებულ ადგილზე არიან. იმ ადგილზე მაღლა, სადაც ჩვენ ვზივართ“. 
 
„სპექტაკლს უყურებთ?“
 
„დიახ“.
 
„როგორ გამოიყურებით? შეხედეთ საკუთარ თავს“.
 
წაბლისფერი თმა მაქვს. დაწნული“, - კატერინა გაჩუმდა. მისმა აღწერამ და გარშემო ზეთისხილის ხეებმა ქრისტემდე თხუთმეტი საუკუნით ადრე მისი საბერძნეთში ცხოვრება გამახსენა, როცა მე მისი მასწავლებელი ვიყავი, სახელად დიოგენე. გადავწყვიტე დამეზუსტებინა. 
 
„იცით, რომელი წელია?“
 
„არა“.
 
„იქ არიან ადამიანები, რომლებსაც იცნობთ?“
 
„დიახ, გვერდით ქმარი მიზის. მას არ ვიცნობ (ამ ცხოვრებაში)“.
 
„შვილები გყავთ?“
 
„ორსულად ვარ“. სიტყვების არჩევა და ფრაზების დაწყობა უჩვეულო იყო, და ძველი დროის საუბარს მაგონებდა. ეს კატერინასთვის არ იყო დამახასიათებელი მის ცნობიერ მდგომარეობაში. 
 
„იქ არის მამათქვენი?“
 
„ვერ ვხედავ მას. თქვენც სადღაც აქ ხართ... მაგრამ არა ჩემთაბ“. ამრიგად, მე მართალი ვიყავი. ჩვენ ოცდათხუთმეტი საუკუნით უკან დავბრუნდით. 
 
„რას ვაკეთებ იქ?“
 
„თქვენ უბრალოდ უყურებთ, მაგრამ ასევე ასწავლით... თქვენ ასწავლით... თქვენგან კვადრატებისა და წრეების შესახებ, და უცნაური რაღაცეების შესახებ გავიგეთ. დიოგენე, თქვენ იქ ხართ“. 
 
კიდევ რა იცით ჩემს შესახებ?“
 
„საკმაოდ ხანდაზმულ ასაკში ხართ. ჩვენ რაღაცით დაკავშირებულნი ვართ... თქვენ დედაჩემის ძმა ხართ“. 
 
„ჩემი ოჯახის სხვა წევრებს თუ იცნობთ?“
 
„მე თქვენს ცოლს ვიცნობ... და თქვენს შვილებს. თქვენ ვაჟები გყავთ. ორი მათგანი ჩემზე უფროსია. დედაჩემი ძალიან ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა“.
 
„მამა გზრდიდათ?“
 
„დიახ, მაგრამ ახლა გათხოვილი ვარ“.
 
„ბავშვს ელოდებით?“
 
„დიახ, მე მეშინია. არ მინდა მშობიარობის დროს მოვკვდე“.
 
„სწორედ ამის გამო გარდაიცვალა დედათქვენი?“
 
„დიახ“.  
 
„და თქვენ გეშინიათ, რომ იგივე დაგემართებათ?“
 
„ეს ხშირად ხდება“.
 
„ეს თქვენი პირველი ბავშვია?“
 
„დიახ. მე შეშინებული ვარ. უკვე მალე... მე იმხელა ვარ. მოძრაობა მიჭირს... ცივა“. მან დროში წინ გადაინაცვლა. ბავშვი სადაცაა დაიბადებოდა. კატერინას არასოდეს ჰყოლია შვილები, და მეც თოთხმეტი წელი არასოდეს მიმიღია მშობიარობა მას შემდეგ, რაც სამედიცინო სკოლაში მქონდა ამის პრაქტიკა. 
 
„სად იმყოფებით?“ - ვკითხე მე. 
 
„რაღაც ქვისაზე ვწევარ. ძალიან ცივა. ტკივილები მაქვს... ვიღაც უნდა დამეხმაროს“. ვუთხარი, რომ უფრო ღრმად ესუნთქა. იგი მძიმედ სუნთქავდა და კვნესოდა. მტანჯველი პროცესი რამდენიმე წუთით გაგრძელდა, და როგორც იქნა ბავშვი დაიბადა. მას ქალიშვილი შეეძინა. 
 
„ახლა უკეთ გრძნობთ თავს?“
 
„ძლიერი სისუსტე მაქვს... ამდენი სისხლი დავკარგე!“
 
„უკვე იცით, რას დაარქმევთ შვილს?“
 
„არა, ძალიან დავიღალე... საკუთარი შვილი მინდა“.
 
„თქვენი შვილი აქაა, - გავაკეთე იმპროვიზაცია, - პატარა გოგო“.
 
„დიახ, ჩემი ქმარი კმაყოფილია“, - თქვა ძალაგამოცლილ,ა. ვუთხარი, რომ წაეთვლიმა და ძალები აღედგინა. რამდენიმე წუთის შემდეგ გავაღვიძე. 
 
„თავს უკეთ გრძნობთ?“
 
„დიახ, ცხოველებს ვხედავ. ისინი რაღაცას ატარებენ ზურგით. ეს კალათებია. კალათებში ბევრი სხვადასხვა ნივთია... საჭმელი... წიტელი ხილი...“
 
„ეს კარგი ადგილია?“
 
„დიახ, ბევრი საჭმელია“. 
 
„იცით, რა ჰქვია დასახლებას?“
 
„კატენია... კატენია“.
 
ეს ბერძნული ქალაქის სახელს ჰგავს“.
 
„არ ვიცი. და თქვენ იცით? თქვენ წახვედით და შემდეგ დაბრუნდით. მე კი აქ დავრჩი“. ეს მოულოდნელი ფრაზა იყო. რადგან იმ ცხოვრებაში მისი ბიძა ვიყავი, მასზე უფროსი და ბრძენი, ამიტომ მკითხა, ხომ არ ვიცოდი პასუხი ჩემივე საკუთარ კითხვაზე. სამწუხაროდ ამ ინფორმაციაზე წვდომა არ მქონდა. 
 
„მთელი თქვენი ცხოვრება ამ სოფელში იცხოვრეთ?“ - ვკითხე მე. 
 
„დიახ, - დაიჩურჩულა მან, - მაგრამ თქვენ მოგზაურობთ, ამიტომ იცით ის, რასაც ასწავლით. თქვენ მოგზაურობთ, რომ შეისწავლოთ, შეისწავლოთ დედამიწა... სხვადასხვა სავაჭრო მარშრუტები... იწერთ მათ და რუკებს ადგენთ. ხანდაზმულ ასაკში ხართ. ახალგაზრდებთან ერთად დადიხართ, რადგან რუკებში ერკვევით. ძალიან ბრძენი ხართ“. 
 
„რა რუკებზე საუბრობთ? ვარსკვლავების რუკებზე?“
 
თქვენ სიმბოლოებში ერკვევით. შეგიძლიათ რუკების შედგენაში დაეხმაროთ მათ“.
 
„სხვა ადამიანებსაც იცნობთ თქვენი სოფლიდან?“
 
„არა. მხოლოდ თქვენ გიცნობთ“.
 
„კარგი. როგორი ურთიერთობა გვაქვს?“
 
„ძალიან კარგი. თქვენ ძალიან კეთილი ხართ. მიყვარს, როცა უბრალოდ თქვენთან ერთად ვზივარ. ეს ძალიან მამშვიდებს... თქვენ დდაგვეხმარეთ. ჩემს დებს დაეხმარეთ...“
 
„თუმცა დგება მომენტი, როცა უნდა დაგტოვოთ, რადგან მოხუცი ვარ“. 
 
„არა, - ის არ იყო მზად, რომ ჩემი სიკვდილი განეხილა. - მე პურს ვხედავ. ძალიან ბრტყელ და თხელ პურს“.
 
„ადამიანები ამ პურს ჭამენ?“
 
„დიახ, მამაჩემი, ჩემი ქმარი და მე. და სხვა ადამიანებიც სოფელში“.
 
„რასთან დაკავშირებით?“
 
„სოფელში... დღესასწაულია“. 
 
„მამათქვენი იქაა?“
 
„დიახ“. 
 
„თქვენი ბავშვიც იქაა?“
 
„დიახ, მაგრამ ჩემთან არაა, ჩემს დასთანაა“. 
 
„ყურადღებით დააკვირდით თქვენს დას“, - იმედი მქონდა, რომ იცნობდა ვინმეს, ვინც კატერინას ამჟამინდელ ცხოვრებაში ასრულებდა მნიშვნელოვან როლს. 
 
„დიახ... მაგრამ არ ვიცნობ მას“. 
 
„საკუთარ მამას ცნობთ?“
 
„დიახ, დიახ... ედვარდი. აქ ფინიკებია, ფინიკები და ზეთისხილი... და წითელი ხილი. თხელი პური. მათ ცხვარი დაკლეს. - ხანგრძლივი პაუზა დადგა. - რაღაც თეთრს ვხედავ... - მან კვლავ წინ გადაინაცვლა დროში. - ეს თეთრი... ყუთია. აქ ადამიანებს სიკვდილის შემდგომ ათავსებენ.
 
„ვიღაც მოკვდა?“
 
„დიახ, მამაჩემი. არ მინდა მისი ყურება. არ მინდა მისი დანახვა“.
 
„ვალდებული ხართ უყუროთ?“
 
„დიახ, მიჰყავთ, რომ დაასაფლავონ. ძალიან ვდარდობ“.
 
„დიახ, ვიცი. რამდენი ბავშვი გყავთ?“ - მკვლევარი ჩემში დარდის საშუალებას არ აძლევდა მას. 
 
„სამი: ორი ბიჭი და ერთი გოგო“. მითხრა და კვლავ თავის დარდს მიუბრუნდა: „რაღაც გადააფარეს მის სხეულს...“ - კატერინა ძალიან სევდიანად გამოიყურებოდა. 
 
„ამ დროისთვის მე უკვე გარდაცვლილი ვარ?“
 
„არა. ჩვენ ღვინოს ვსვამთ თასით“
 
„ახლა როგორ გამოვიყურები?“
 
„ძალიან, ძალიან დაბერებული ხართ“.
 
„ახლა უკეთ ხართ?“
 
„არა, როცა მოკვდებით, მარტო დავრჩები“.
 
„თქვნი შვილები იზრუნებენ თქვენზე“.
 
„კი, მაგრამ თქვენ იმდენი რამ იცით“ - კატერინა პატარა გოგონასავით საუბრობდა.
 
„ყველაფერი გაივლის. თქვენც ბევრი რამ იცით. უსაფრთხოდ იქნებით“. - ვარწმუნებდი მე, და თანდათან დამშვიდდა. 
 
„დამშვიდდით? ახლა სად ხართ?“
 
„არ ვიცი“. იგი როგორც ჩანს სულიერ მდგომარეობაში გადავიდა, თუმც კი არ განუცდია თავისი სიკვდილი იმ ცხოვრებაში. ამ კვირაში დაწვრილებით შევისწავლეთ მისი ორი ცხოვრება. მე მასწავლებლების გამოჩენას ველოდი, მაგრამ კატერინა დასვენებას განაგრძობდა. რამდენიმე წუთში ვკითხე, შეეძლო თუ არა მასწავლებლებთან საუბარი. 
 
„მე ჯერ ამ მიმიღწევია ამ პლანისთვის, - ახსნა კატერინამ. - ამიტომ არ შემიძლია საუბარი“.
 
ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ჰიპნოზური ტრანსიდან გამოვიყვანე. 

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff